ნოემბერი 2023 - Page 2

მარტის აქციებზე დაზარალებული პოლიციელები მიმართავენ პრეზიდენტს, არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი

/

ლაზარე გრიგორიადისის დედა შვილის ციხიდან დახსნის გზად პრეზიდენტის შეწყალებას მიიჩნევს და ამბობს, რომ “ამხელა სისტემა ებრძვის 21 წლის ახალგაზრდა ბიჭს.” პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, არ შეიწყალოს მათზე ძალადობაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი.

“დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება”, – წერია შსს-ს განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ “შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური”.

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს იმის მიუხედავად, თუ რა ბრალდებითაა იგი გასამართლებული.

ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიულ დოკუმენტებში ლგბტქი თემი გათვალისწინებული არ არის

//

2023 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის.

2023 წლის 31 ოქტომბრისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტმა დაასრულა მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ გეგმაზეც.

აღნიშნული სამართლებრივი აქტები, ფორმალურად, შემდეგ მიზნებს ემსახურება:

  • სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების სათანადო აღიარებას;
  • ადამიანის უფლებების დაცვას პრიორიტეტულ საკითხად ქცევას;
  • ქვეყანაში ადამიანის უფლებების მუდმივ განვითარებას, გაუმჯობესებას;
  • თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების დღის წესრიგთან მიერთებას;
  • საქართველოს კონსტიტუციით განსაზრული ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფას ყველა მოქალაქისთვის;
  • კანონის უზენაესობის დაცვას;
  • სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას;
  • გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და
  • უმცირესობების უფლებების დაცვას.

დოკუმენტები მოიცავენ სხვადასხვა უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გარანტიებს და ამისთვის განსახორციელებელ კონკრეტულ და დეტალურ ქმედებებს.

მითითებული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულია შემდეგი უმცირესობები და ჯგუფები:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა;
  • საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა;
  • ბრალდებული და მსჯავრდებული პირები;
  • ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები;
  • პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები;
  • რელიგიური უმცირესობები;
  • დედები და მცირეწლოვანი ბავშვები;
  • ტუბეკულიოზისა და C ჰეპატიტით დაავადებული პირები;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახები;
  • სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები;
  • ქუჩაში მცხოვრები ბავშვები;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრუწლოვნები;
  • ეთნიკური უმცირესობები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • ქალები და გოგონები;
  • საქართველოში თავშესაფრის მაძიებლები, მიგრანტები, ეკომიგრანტები.

მიუხედავად სამოქალაქო ორგანიზაციების ძალისხმევისა, საქართველოს მთვრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის არც სტრატეგიაში და არც სამოქმედო გეგმაში საჭიროდ არ მიიჩნია ლგბტქი თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის გარანტიების გათვალისწინება. უფრო მეტიც წინა წლების იგივე დოკუმენტებში ლგბტქი თემის საკითხები არა სრულად, მაგრამ გარკვეულწილად ასაული იყო. ახლა კი ისინი უბრალოდ ამოშალეს. 

საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში მიმოიხილავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების  დაცვის სტანდარტებს ისეთი სფეროების ჭრილში, როგორიცაა:

  • სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა;
  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • განათლების უფლების უზრუნველყოფა;
  • დასაქმების უფლება;
  • ჯანმრთელობის უფლება
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა;

სწორედ ამ სფეროებში ქვიარ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები, რომელთა გადაჭრა მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა ესაჭიროებათ იმისთვის, რომ მათი ყველაზე ფუნდამენტური უფლებები – სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, ღირსების, დასაქმების უფლებები დაცული იყოს სხვებთან თანასწორად.

საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის კიდევ ერთი ანგარიში ეხება საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივ მდგომარეობას, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით:

  • ლგბტ+ ადამიანთა მიმართ კვლავ არსებობს ნეგატიური წინასწარგანწყობები, რაც ხშირად გამოიხატება დისკრიმინაციასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში, რომელიც ლგბტ+ ადამიანებს მუდმივი საფრთხის წინაშე ამყოფებს და შედეგობრივად, მათ სოციალურ და ეკონომიკურ გარიყულობასაც განაპირობებს.

 

  • 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან, ათიდან შვიდი რესპონდენტი ერთხელ მაინც გამხდარა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ბოლო 2 წლის განმავლობაში (N=155, 73.5%). მათ შორის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლი გამხდარა ყოველი მესამე (N=147, 30.3%), 68.7% (N=145) კი – ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი .(აღდგომელაშვილი და სხვები)

 

  • ტრანსგენდერ ადამიანთა გენდერის აღიარების პროცედურების არარსებობა მათ დისკრიმინაციის მუდმივ მსხვერპლებად აქცევს ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, დასაქმებაში, საბინაო პოლიტიკასა და სოციალურ დაცვაში, რაც ასევე იწვევს მათ სოციალურ ექსკლუზიასა და ძალადობას, და ასევე ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასაც.

 

  • ოჯახში ძალადობის კუთხით, ლგბტ+ თემი საქართველოში ერთ-ერთი რისკ ჯგუფია. როგორც კვლევები აჩვენებს, „ლგბტ თემის წევრების მიმართ არსებული ინსტიტუციური ჰეტეროსექსიზმი, ჰომოფობიის მაღალი ხარისხი და სოციალური გარიყულობა, რომელსაც ისინი ოჯახს გარეთ განიცდიან, მათ მეტად მოწყვლადს ხდის ოჯახში ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ და ძალადობის განგრძობით ციკლში ამყოფებს. (ჯალაღანია და ჩუთლაშვილი)

 

  • სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის საფუძველზე ბულინგისა და პედაგოგთა მხრიდან მოსწავლეთა მიმართ დისკრიმინაციული ქცევის წახალისების პრაქტიკის შესახებ სიღრმისეული კვლევები საქართველოში არ არის ჩატარებული, თუმცა სხვადასხვა დროს გაკეთებული მცირე მოკვლევები, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში, აჩვენებს, რომ ამგვარი პრაქტიკისგან საქართველოს საჯარო სკოლები თავისუფალი არ არის, მეტიც, ხშირად, სტერეოტიპების გაძლიერებისა და დისკრიმინაციული ქცევის წახალისება სწორედ პედაგოგთა მხრიდან შეიმჩნევა. (თანასწორობის მოძრაობა, ქვიარ ბულინგი)

 

  • საუნივერსიტეტო სივრცეები ასევე არ არის თავისუფალი სტერეოტიპული და დისკრიმინაციული პრაქტიკისგან, სტუდენტების ნამუშევრების შეფასებისას, ასევე ლექციების და სასწავლო მასალის შინაარსიდან გამომდინარე.

 

  • 2018 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა 28,2% მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული გამოხატვის გამო დაექვემდებარა დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე. (აღდგომელაშვილი)

 

  • კვლევის მონაწილე ლგბტქი ადამიანების შემოსავლის მედიანა 450 ლარს შეადგენს. (აღდგომელაშვილი და სხვები)

 

  • 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 4%-მა (N=46) აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სერვისის მიღებისას გამხდარან დისკრიმინაციის მსხვერპლები, თუმცა დისკრიმინაციული ფაქტის შესატყობინებლად, რესპონდენტთა 78.3%-ს არავისთვის მიუმართავს. (ჯალაღანია)

დასკვნა

ცხადია, ლგბტქი თემის წინაშე არსებული გამოწვევების ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია ვიდრე მოცემული პუბლიკაციით არის აღწერილი. მაგალითად, აქ არ არის ნახსენები ქვიარებისთვის წართმეული საჯაროდ შეკრების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული დარღვევები, რაც საჯაროდ ცნობილია. სტატიის მთავარი ფოკუსია საქართველოს მთავრობის მხრიდან ლგბტქი თემის წევრების დარღვეული უფლებების სრული იგნორირება, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არსებულ, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სამართლებრივ აქტებში.

ამ ვითარების სისასტიკე იმაშიც გამოიხატება რომ სახელმწიფო არა თუ არ აპირებს ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ იმაში რომ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს სხვა ჯგუფებისგან განცალკევებით, კანონის დაცვის მიღმა ტოვებს. ამით ის პრაქტიკულად თავად ახდენს ლგბტქი თემის სტიგმატიზებას და ხელს უწყობს ამ თემის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას.

 

 

 

 

 

ფეხბურთის ქვიარ გულშემატკივრები იმედგაცრუებული არიან 2034 წლის ჩემპიონატის გამო

//

2034 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება, რაც იმედგაცრუებისა და შეშფოთების საბაბი გახდა ქვიარ გულშემატკივრებისთვის.

საუდის არაბეთში ჰომოსექსუალობა კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს სიკვიდლით დასჯას. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არის დაცული ადამიანის უფელები, გამოხატვის თავისუფლება და გამუდმებით ხდება აქტივისტების საქმიანობის ხელშეშლა-შევიწროვება. 2018  წელს მოკლული ჟურნალისტის – ჯამალ ხაშოგის საქმემ კიდევ ერთხელ შეარყია საუდის არაბეთის საერთაშორისო იმიჯი და მხარდაჭერა.

2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ BBC-ის ლგბტქი სპორტული პოდკასტის ჟურნალისტმა, ჯეკ მარლიმ  2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატები გაიხსენა, რომლებიც რუსეთსა და კატარში ჩატარდა და ირონიულადაც იხუმრა: “მიხარია, ფეხბურთი სწორი მიმართლებით რომ ვითარდება”. ბევრმა აქტივისტმა ფიფა ინკლუზიურობისა და ადამიანების უფლებების იგნორირებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, ძალაუფლებისა და ფულის იდეამ გადაწონა ადამიანის უფლებები.

 

 

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/10/31/saudi-arabia-world-cup-2034-lgbtq/

კალიფორნიის სენატის ლიდერი ლესბოსელი ქალი გუბერნატორის პოსტისთვის იბრძოლებს

/

 

ტონი ატკინსი (Toni Atkins) შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდეს, ახლა უკვე როგორც კალიფორნიის შტატის გუბერნატორი.

ატკინსს კალიფორნიის გუბერნატორის მოვალეობების შესრულება 2014 წლიდან რამდენჯერმე მოუხდა. ამ როლში ატკინსმა რამდენიმე კანონპროექტს მოაწერა ხელი და იხუმრა კიდეც რომ მოხარულია გუბერნატორის ადგილი დაიკავოს თუმცა უკეთესი ვარიენტებიც გააჩნია.

Associated Press-თან ინტერვიუში ატიკნსმა განაცხადა, რომ მისთვის საინტერესოა ასეთი შესაძლებლობის განხილვა.

ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკური განვითარების მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით მე-5 ადგილზე მყოფ შტატში გუბერნატორის პოსტისთვის ბრძოლა არ იქნება მარტივი. კალიფორნიის ამომრჩევლებს აქამდე გუბერნატორის პოსტზე არ აურჩევიათ ქალი და ღიად ლგბტქი ადამიანი. ამასთან დემოკრატიული პარტიიდან საკმაოდ  ბევრი კანდიდატი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, ატკინსს საკუთარი გამოცდილების იმედი აქვს. ის წარსულში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქალაქის სან-დიეგოს მერის მოვალეობებსაც ასრულებდა.

 

 

 

 

 

 

Aikāne – ახალი ქვიარ ანიმაციური ფილმი

//

Aikāne ჰავაიურ ენაზე ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის სიყვარულს ნიშნავს. სწორედ ჰავაიში მოგაზურობისას გაუჩნდათ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გადაღების იდეა ქვიარ წყვილს, დინ ჰამერსა და ჯო ვილსონს. ფილმი ორი კაცის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მამაცი მეომარი და მისი ნდობით აღჭურვილი მრჩეველი იბრძვიან დამპყრობელი კოლონიალისტების წინააღმდეგ. მოქმედება ძირითადად წყლალქვეშა სამყაროში მიმდინარეობს. ფილმში ასახულია ჰავაის ისტორია, რომელიც მოიცავს სპირიტუალურ და მისტიურ  ტრადიციებს.

ანიმაციურმა ფილმმა უკვე მოიპოვა  New Hampshire Film Festival და  Hawaiian International Film Festival ფესტივალების ჯილდო. იდეის ავტორების თქმით, ქვიარ ანიმაციური ფილმი კარგი დასასრულით მნიშვნელოვანი განაცხადია და მათი ერთ-ერთი მიზანია, ქვიარ სიყვარულისა და დადებითი გზავნილების მიტანა მაყურებლამდე.

 

ლელუკა ლაშხის ახალი წიგნი „ნეირონი“ მალე გამოვა

//

ლელუკა ლაშხი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალია. მასთან ინტერვიუ ქვიარმა 2 წლის წინ ჩაწერა. მიმდინარე პერიოდში ლელუკამ ახალ რომანზე მუშაობა დაასრულა და მის რიგით მეხუთე წიგნთან დაკავშირებით კომენტარიც მოგვცა.

ლელუკა ლაშხი:

„ნეირონი“ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული რომანია, ფანტასტიკის ელემენტებით. ჩვენი ფიქრები ხშირად გაცილებით რეალურია, ვიდრე ის ყოფა, რომელშიც ვართ, ხოლო ჩვენი პიროვნების სხვადასხვა „მე“-ები ქვეცნობიერში რეალობის პარალელურად მიმდინარე ამბებზე არიან კონცენტრირებულები. პრაქტიკულად ამაზეა ეს რომანი.

თინა ქართველი ქალია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა გაგრაში. ის მშობლიური სახლიდან რუსეთის რეჟიმმა გამოაძევა. ქუთაისში ჩასვლის შემდეგ თინა მოიტაცეს, იძულებით დააქორწინეს. მას საკუთარი ამბის გახსენება ძალიან გაუჭირდა. ის წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, ქმარი აუპატიურებდა.  ამჟამად თინა საფრანგეთში ცხოვრობს. მე მის ამბავს ლიტერატურული ფორმა მივეცი, ზუსტი სიტყვების შერჩევაში, ამბის გადმოცემაში დავეხმარე.

ძალადობაზე ხმამაღლა, საჯაროდ საუბარი სხვა ჩაგრულ ქალებს ეხმარება, მოტივაციას აძლევს. როცა ერთი ქალი ამბობს, − „ეს მე გადამხდა“, მეორე დაფიქრდება, − „მგონი მეც ცუდად ვარ“, მესამე იტყვის, − „მე თქვენზე ცუდად ვარ“. ამის შემდეგ იწყებენ იმ მიზეზების ძებნას, თუ რატომ არიან ცუდად. როცა იპოვიან, შემდეგ უჩნდებათ სურვილი, რომ ეს მოიშორონ, აქედან, ამ მოცემულობიდან გავიდნენ. ეს გასვლა ხმაურს იწვევს. ჩრდილში მყოფი ქალებიც ფიქრობენ, − „მგონი, ჯობია, ამაზე ვილაპარაკოთ“.

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, საზოგადოება მიჰყვება ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებსა და ტენდენციებს. აი, რას ვგულისხმობ, ზედაპირული საუბრები, რაც ვერაფერს ცვლის, უხარისხოდ და უგულოდ გაკეთებული საქმე, თუნდაც ძალიან კარგი მიზნები იყოს გაცხადებული. ასევე ვგულისხმობ პოლიტიკურ და სამოქალაქო სექტორის ლიდერების მხრიდან პოპულისტურ განცხადებებს. ხარისხიანი განათლება ძალიან გვაკლია.

ქალებს ვუსურვებდი, იპოვონ საკუთარი მიზნები. ყველაფერში, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, გვჭირდება მიზანი. როცა ვიღვიძებ, რისთვის უნდა ავდგე საწოლიდან, ხომ მჭირდება მიზანი. ჩვენი ცხოვრება ხომ ასეთი პატარა დეტალებისგან შედგება. მიზანია ყოველი გააზრებული ნაბიჯი. ამავდროულად, ჩემთვის მიზანი არ ამართლებს საშუალებას. არ შემიძლია ისეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, ვინც ამ თვალსაზრისით თანმიმდევრული არ არის. ასევე ჩემი მოტივაცია სიყვარულის გარეშე არ არსებობს. ჯერ არის სიყვარული და მერე სხვა დანარჩენი.

წიგნში განვითარებულ ქვიარ ისტორიას რაც შეეხება არც ეს ამბავია გამოგონილი. შეიძლება ვინმეს პროვოკაციულიც მოეჩვენოს. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ბისექსუალია, რადგან ყველას შეუძლია სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერი სქესის ადამიანთან. სექსუალური ორიენტაცია ხომ ჩვენს თავშია. პირადად მე არ მინდა რაიმე ჩარჩოთი ვიყო შემოსაზღვრული. ვერ ვიტან საზღვრებს.

რომანის სახელწოდებაა „ნეირონი“ და სწორედ ეს არის ფანტასტიკის ელემენტი. გარკვეულ ექსპერიმენტს აქვს ადგილი, რომელშიც მოხალისეები მონაწილეობენ. ექსპერიმენტის მიზანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა.

წიგნი უკვე დაიბეჭდა გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიერ და მალე ხელმისაწვდომი იქნება წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ ქსელში.

 

 

 

საქართველოს დაცვის 9 პუნქტიანი აქტი ლელოსგან

/

 

ლელო აპირებს მიმართოს პარლამეტს „საქართველოს დაცვის აქტის“ 9 პუნქტიანი გეგმით, რომელიც, მამუკა ხაზარაძის თქმით, უზრუნველყოფს ქვეყნის და მოქალქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში.

აღნიშნული აქტის მიხედვით, ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთების გარდა აუცილებელია შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:

  1. დაწესდეს სავიზო რეგულაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის.
  2. დაცულ იქნას დასაქმების ბაზარი, შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემა.
  3. შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვა.
  4. აიკრძალოს რუსული სანომრე ნიშნიანი ავტომობილები ქვეყნის ტერიტორიაზე.
  5. აეკრძალოს რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.
  6. დაწესდეს რუსული ბიზნესებისთვის საოკუპაციო მოსაკრებელი, რომელიც შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებებს მოხმარდება.
  7. აიკრძალოს რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები.
  8. აიკრძალოს საქართველოში რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა.
  9. აიკრძალოს საქართველოში რუსული ფონდების საქმაინობა, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან.

3 ძირითადი შიშის დაძლევა ეპიკურის მიხედვით

 

ბერძენი ფილოსოფოსი ეპიკური ფილოსოფიის დანიშნულებად ადამიანისთვის ყოველდღიური ყოფის შემსუბუქებას და ბედნიერებისკენ გზის გაკვალვას მიიჩნევდა.

ის აღწერს ოთხ ძირითად წესს – ოთხი ნაწილისგან შემდგარ მკურნალობას Tetrapharmakos (τετραφάρμακος), რომელიც ადამიანს შფოთვისგან ათავისუფლებს და ამით „ატარაქსიის“, სიმშვიდის მდგომარეობის და „აპონეის“ ტკივილისგან თავისუფლების მიღწევაში ეხმარება.

ტეტრაფარმაკოსის ოთხი წესია:

არ უნდა გეშინოდეს ღმერთის

არ უნდა გეშინოდეს სიკვდილის

ყველაფერი კარგი ადვილად მისაღწევია

ყველაფერი საშინელი ადვილად გადასატანია

Don’t fear god,

Don’t worry about death;

What is good is easy to get,

What is terrible is easy to endure

Ἄφοβον ὁ θεός,

ἀνύποπτον ὁ θάνατος

καὶ τἀγαθὸν μὲν εὔκτητον,

τὸ δὲ δεινὸν εὐεκκαρτέρητον

ის ამტკიცებს, რომ თუ ღმერთი არსებობს და ყველაფერი მისი ნებაა, მაშინ ჩვენზე არაფერია დამოკიდებული, ხოლო თუ ღმერთი არ არსებობს მაშინ შიშის მიზეზიც არ არსებობს.

სიკვდილის შიშის დაძლევაც მისი სწავლების ერთ-ერთი საკვანძო ცნებაა. ეპიკური ამბობს „სადაც მე ვარ იქ სიკვდილი არ არსებობს, ხოლო სადაც სიკვდილია იქ მერ არ ვარსებობ.“ თუ გარდაცვალების შემდეგ რაღაც სხვა გვემართება, რისი გადატანაც შეგვიძლია, მაშინ ჩვენც ვარსებობთ, რა ფორმითაც არ უნდა ვარსებობდეთ. თუ გარდაცვალების შემდეგ არაფერი გვემახსოვრება და ვიგრძნობთ, მაშინ გადასატანიც არაფერია და პრობლემაც არ იარსებებს.

ეპიკურის მტკიცებით „სიკეთეები“-ს მიღწევა არ არის რთული. როდესაც გშია – მიირთმევ საკვებს, როდესაც გეძინება იძინებ, როდესაც ადამიანებთან ურთიერთობა გსურს გადიხარ გარეთ და ესაუბრები ხალხს. თუ დაკმაყოფილდები და მაინც გააგრძელებ „სიკეთეების“ მიღებას უსიამოვნოდ იგრძნობ თავს, რადგან ზედმეტი მოგივა – „ზედმეტი საკვების გამო მუცელი აგტკივდება, ზედმეტი ძილის გამო იქნები მოდუნებული და მოთენთილი, საუბარი დაგღლის და უინტერესო გახდება.“ სხვა „სიკეთეები“, როგორიცაა ძალაუფლება, დამსახურება, პატივისცემა და ა. შ. ვერასოდეს იქნება რეალიზებული და შესაბამისად საერთოდ არ აქვს აზრი ამ მიმართულებით ისრწაფოდე.

„ყველაფერი საშინელი ადვილად გადასატანია“ – ყველაფერი სრულდება, მათ შორის ტანჯვაც. იმ შემთხვევაშიც კი თუ ტანჯვას ჩვენი მოკვლა შეუძლია, მისი არ უნდა გვეშინოდეს, რადგან როგორც გავარკვიეთ არც სიკვდილის უნდა გვეშინოდეს.

ეპიკური მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა ათავისუფლებს ადამიანს შფოთვისგან და აძლევს შესაძლებლობას დატკბეს ცხოვრებით და მიიღოს მრავალფეროვანი გამოცდილება.

ეპიკური დაიბადა ძვ. წ. 341 წელს კუნძულ სამოსზე. ათენში დააარსა საკუთარი სკოლა, რომელიც ღია იყო ქალებისთვის და მონებისთვის. დაწერა 300-მდე წიგნი, მათ შორის – „ბუნებაზე“, „სიცოცხლის გზაზე“, „ატომებზე და სიცარიელეზე“.

ეპიკურს, ისევე როგორს არისტოტელეს სჯერა, რომ გრძნობები ცოდნის ერთადერთი სანდო წყაროა. მას ასევე სჯერა, რომ სხეულები ატომებისგან შედგება და რომ სხეულებში ყველა ცვლილება ატომების მოძრაობის გამო ხდება. ატომების რაოდენობა უსასრულოა, შესაბამისად სამყაროც უსასრულოა. ღმერთები კი ამ სამყაროში არსებობენ და არა მის გარეთ.

ეპიკურის სწავლებამ პოპულარობის მწვერვალს მიაღწია რომის რესპუბლიკის გვიანდელ ხანაში, ხოლო გადაშენდა ანტიკურ ხანაში ადრეული ქრისტიანობის მხრიდან მტრული დამოკიდებულების გამო.

ეპიკურის სწავლება ფართოდ ცნობილი გახდა მე-XV საუკუნეში, ხოლო მისი იდეები მეტად პოპულარული გახდა მე-XVII საუკუნიდან, როდესაც ფრანგმა მოძღვარმა პიერ გასენდიმ ააღორძინა მათი ადაპტირებული ვერსია. ეპიკურის გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა განმანათლებელთა ეპოქაში და გავლენა მოახდინა ისეთ ფილოსოფოსებზე, როგორისაა ჯონ ლოკი, თომას ჯეფერსონი, კარლ მარქსი, იერემია ბენტამი.

ტაივანში პრაიდ მარში ჩატარდა

/

180 000-მდე ადამიანი გამოვიდა ტაიპეის ქუჩებში, პრაიდ მარშზე, რომელსაც ტაივანის ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა. აღნიშნული პრაიდ შეფასდა, როგოც აზიის ყველაზე ფართომასშტაბიანი პრაიდ მარში.

მარში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო თავისი კოსტიუმებითა და დრეგ შოუებით. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი მარშის თემა იყო თითოეული ადამიანის მრავალფეროვნების აღიარება, განსხვავებული გენდერული იდენტობის მიღება და პატივისცემა. “ტაივანი მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ხანდახან ჩვენი მიდგომა მხოლოდ ქალსა და კაცს ცნობს და აღიარებს, ასეთ დიქოტომიას შეუძლია სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების მარგინალიზება მოახდინოს და მათ მიმართ მტრულად განაწყოს სხვები” – ამბობს ტაივანის პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბრაიან კრეიგანი.

პრაიდ მარშს ესწრებოდნენ ტაივანის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

ლესბოსური სიყვარული ჯოან ბირენის ფოტოგრაფიაში

//

ჯოან ბირენი (Joan E. Biren) ფოტოგრაფი და ლგბტქი აქტივისტია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ფოტოგრაფიაში, ისე აქტივიზმში. მან ხელოვნებისა და ქვიარ უფლებების ადვოკატირების შერწყმით შეძლო სასიკეთო ცვლილებები მოეხდინა ქვიარ მოძრაობაში.

1970-იან წლებში, როცა ლგბტქი ადამიანების ხმები ჯერ კიდევ სუსტად ისმოდა, მისმა ფოტოგამოცემამ ” Eye to Eye: Portraits of Lesbians” ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. მის ფოტოებში აღწერილია ლესბოსური ცხოვრების ღია, თავისუფალი და შეულამაზებელი კადრები. იმ პერიოდის ამერიკაში მსგავსი ფოტოები ჰეტერონორმატიულობის წესრიგსა და მიღებულ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.

ბირენის ფოტოები აღწერს ადრეული პრაიდის კადრებსაც. მათ შორის, ლგბტქი პროტესტს, წინააღმდეგობასა და ქალების ერთიანობას. ფოტოგრაფი ცდილობდა ფირზე აღებეჭდა ის ადამიანები, რომლებიც ვერასდროს ხვდებოდნენ მედიაში, მათ არ აშუქებდნენ.

ჯოან ბირენი 79 წლის არის და ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ის ბევრისთვის რჩება ინსპირაციის წყაროდ. მისი ნამუშევრები კი ქვიარ ისტორიის განუყოფელი ნაწილია.