ფოტოგრაფია

/

LONELY BOYS PARADISE – ბუთუ ბილიხოძის ქვიარ ფოტოების სერია

თანამედროვე ქართული ხელოვნება აღარ უშინდება ჰომოფობიურ გარემოს, ბოლო წლებში უამრავი ქვიარ არტისტი გააქტიურდა, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით LGBT+ ადამიანების წარმოჩენას და გაძლიერებას ცდილობენ. ხელოვნებამ ჰომოფობიის დამარცხებაში ძალიან დიდი როლი შეიძლება ითამაშოს და ხელი

/

დაუმორჩილებელი სულის ზეიმი – ქროს-დრესერების საიდუმლო ისტორია

გერმანელი და ფრანგი ჯარისკაცები ომის ტყვეობაში, მეოცე საუკუნის საიდუმლო ამერიკული ქროსდრესერების საზოგადოება, გლამურული პარიზელი კაბარეს მოცეკვავეები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ გენდერის საზღვრებს – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც სებასტიან ლიფშითზის ფოტოკოლექციაში შეხვდებით, ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობდნენ, თუმცა საერთო ბევრი

უსახელო გალერეა „ქვიარ ქრონიკების“ გამოფენას მასპინძლობს

/

უსახელო გალერეა „ქვიარ ქრონიკების” გამოფენას მასპინძლობს. „ქვიარ ქრონიკები“ 4 არტისტის 4 ინსტალაციას აერთიანებს. ინსტალაციები რეალური და პირობითი დროებისა და ფიზიკური და ციფრული სივრცეების გადაკვეთაზე,

ქვიარ კაცები პოლაროიდის ფოტოებში – კლიფტონ მუნის შემოქმედება

/

კლიფტონ მუნი ამერიკელი ქვიარ არტისტია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. ფოტოგრაფმა ლოქდაუნის დროს გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო პოლაროიდისთვის და აღებეჭდა ქვიარ მამაკაცების სხეული.   დამწყები არტისტის

ქვიარ ადამიანების ვინტაჟური ფოტოები, რომელიც დროში გამოგზაურებთ

//

ქვიარ ადამიანები აღბეჭდილი არიან ფოტოებზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ლგბტქი უფლებები იქნებოდა ლეგალური, აღიარებული და დაცული. სტატიაში თავმოყრილია ისტორიული ფოტოები, რომელიც არა ხმოლოდ დროში გამოგზაურებთ, არამედ მრავალ ემოციასაც მოგგვრით.

ქალების ეს მშვენიერი ფოტო გადაღებულია 1880-1890 წლის შუალედში. ვფიქრობ, მათი სხეულის ენა ყველაფერს ამბობს.

წყვილის ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ამ პერიოდისთვის გეი ქორწინება არ იყო ლეგალური

ეს იღბლიანი წყვილი ტკბება მომენტით, რომელიც მათ ყოვედღიურობას აღწერს. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია.

შეუძლებელია გულგრილად ჩაუარო ამ ღიმილიან ფოტოს

კოცნა საჯარო ადგილას, როცა ჯერ კიდევ არალეგალურია ქვიარ ურთიერთობები

წყვილის ფოტო 1920 წელს არის გადაღებული

ეს ფოტო 1922 წლის ფესტივალზეა გადაღებული. წყვილი ბედნიერი ჩანს, ისევე როგორც გარშემო მყოფები

ახალდაქორწინებული წყვილის ფოტოს თარიღი უცნობია, თუმცა იმედი გვაქვს, ერთად ბედნიერად იცხოვრეს

ფოტო 40-ან წლებშია გადაღებული და ქალები მშვენივრად გრძნობენ თავს

ეს შესანიშნავი ქალები არიან ქითი ელი და ელენ ემერი. ფოტო 1886 წელს არის გადაღებული.

ამ ისტორიული ფოტოს თარიღი უცნობია, მაგრამ ვფიქრობ, ამას არ აქვს მნიშვნელობა

ქალების წყვილების ფოტო 1910 წლით არის დათარიღებული

ამ ფოტოს ყველაზე კარგად ერთი სიტყვა აღწერს -შესანიშნავი!

ფოტო 1950 წელს არის გადაღებული, როდესაც ზოგიერთ წყვილს შეეძლო მსგავსად პოზიორობა

ქალების ამ ფოტოს გადაღების სავარაუდო თარიღი გვიანი 1800-იანი წლებია.

გადაღების თარიღი უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორი, თეთრ კაბაში ჩაცმული წყვილი ქორწილს აღნიშნავს.

1972 წელს გადაღებული წყვილის ფოტო

ფოტოზე აღბეჭდილი არიან “სტელა და ფრენი”. მათი რეალური სახელებია ერნესტ ბოლტონი და ფრედერიკ პარკი. ისინი ქალის ფორმაში ჩაცმულები გასართობ ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას.  ფოტო 1871 წელს არის გადაღებული.

ამ ქალების გამოხედვა მგონი, ყველაფერს ამბობს. ფოტო 1890-იან წლებშია გადაღებული

“Love”

ფოტოს სავარაუდო თარიღი 70-იანი ან 80-იანი წლებია, როდესაც კაცები მოკლე მაისურებებს ატარებდნენ.

 

 

 

 

 

 

წყარო: https://shorturl.at/alQSZ

 

 

 

ლესბოსური სიყვარული ჯოან ბირენის ფოტოგრაფიაში

//

ჯოან ბირენი (Joan E. Biren) ფოტოგრაფი და ლგბტქი აქტივისტია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ფოტოგრაფიაში, ისე აქტივიზმში. მან ხელოვნებისა და ქვიარ უფლებების ადვოკატირების შერწყმით შეძლო სასიკეთო ცვლილებები მოეხდინა ქვიარ მოძრაობაში.

1970-იან წლებში, როცა ლგბტქი ადამიანების ხმები ჯერ კიდევ სუსტად ისმოდა, მისმა ფოტოგამოცემამ ” Eye to Eye: Portraits of Lesbians” ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. მის ფოტოებში აღწერილია ლესბოსური ცხოვრების ღია, თავისუფალი და შეულამაზებელი კადრები. იმ პერიოდის ამერიკაში მსგავსი ფოტოები ჰეტერონორმატიულობის წესრიგსა და მიღებულ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.

ბირენის ფოტოები აღწერს ადრეული პრაიდის კადრებსაც. მათ შორის, ლგბტქი პროტესტს, წინააღმდეგობასა და ქალების ერთიანობას. ფოტოგრაფი ცდილობდა ფირზე აღებეჭდა ის ადამიანები, რომლებიც ვერასდროს ხვდებოდნენ მედიაში, მათ არ აშუქებდნენ.

ჯოან ბირენი 79 წლის არის და ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ის ბევრისთვის რჩება ინსპირაციის წყაროდ. მისი ნამუშევრები კი ქვიარ ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

 

ქვიარ კაცები პოლაროიდის ფოტოებში – კლიფტონ მუნის შემოქმედება

/

კლიფტონ მუნი ამერიკელი ქვიარ არტისტია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. ფოტოგრაფმა ლოქდაუნის დროს გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო პოლაროიდისთვის და აღებეჭდა ქვიარ მამაკაცების სხეული.

 

დამწყები არტისტის სოლო გამოფენა 2021 წლის 20 მაისს გაიმართა და მას შემდეგ მისი ფოტოები ისეთ გამოცემებში დაიბეჭდა, როგორებიცაა: The Advocate, Interview Magazine,  Pineaple, Analog Forever Magazine და ცნობილი ვენესუელელი დიზაინერის, კაროლინა ჰერერას 2021 წლის Art-book-ში.

 

კლიფტონ მუნი: „პოლაროიდის ფოტოებით დიდი ხანია ვარ გატაცებული, არც კი მახსოვს, როდის დავიწყე ფოტოების გადაღება. ყველაზე ამაღელვებელი, მოულოდნელობის ეფექტია, როცა არ იცი, რა გამოვა პოლაროიდის აპარატიდან. მგონია, რომ პოლაროიდი ნამდვილი ფოტოგრაფიაა.

ციფრული ინსტრუმენტების და ფოტოშოპის ეპოქაში, პოლაროიდი უფრო და უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის. „ნეგატივი“ უკვე არის პროდუქტი. მომწონს, რომ დროის აღბეჭდვა მარტივად შემიძლია და არ მჭირდება დრო იმისთვის, რომ საბოლოო ფოტო მივიღო“.

წყარო: cliftonmooney.com

ფოტო: კლიფტონ მუნი

ლაგოსის ქუჩები სტივენ ტაიოს ფოტოებში

/

სტივენ ტაიო თანამედროვე ნიგერიელი ფოტოგრაფია, რომელმაც პოპულარობა ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოებით მოიპოვა. ფოტოგრაფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად აქვეყნებს ლაგოსელი ადამიანების ქუჩის ფოტოებს.

ტაიოს ფოტოები ასახავს არტისტის ყოველდღიურობას და გვაჩვენებს ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო ცხოვრობენ და ქმნიან მრავალფეროვან საზოგადოებას. ტაიო უარს ამბობს ტრადიციულ დასავლურ გავლენებზე და აფრიკული კულტურისგან იღებს შთაგონებას.

როგორც არტისტი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრობს, მას სურს, რომ მისმა ფოტოებმა გააჩინოს დიალოგის საჭიროება და ადამიანები დაფიქრდნენ სხვადასხვა თემაზე. მათ შორის, გენდერსა და სექსუალობაზე.

სტივენ ტაიო ლაგოსში დაიბადა და მას სურდა, რომ შეესწავლა ანთროპოლოგია, თუმცა იმის გამო, რომ ლაგოსის უნივერსიტეტში ეს კურსი არ იყო, ფილოსოფიის სწავლა გადაწყვიტა. მას ყოველთვის სურდა, რომ მეტი გაეგო ადამიანებზე და მათ ბუნებაზე, ამ ინტერესმა და ფილოსოფიის შესწავლამ კი ფოტოგრაფიამდე მიიყვანა.

ფოტოების გადაღება არტისტმა iPhone 5-ით დაიწყო და დღეს ის ისეთ ცნობილ გამოცემებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა; Vogue; The New York Times; Vice; Interview Magazine და Dazed.

მისი ბოლო ფოტოსერია What If? (რა იქნება თუ)  ლაგოსელი დრაგ არტისტების ძალიან საინტერესო ფოტოებს გვთავაზობს. არტისტი ფოტოების სერიით, ცდილობს ამოხსნას, როგორი იქნებოდა სამყარო, რომ არ არსებობდეს სოციალური და გენდერული მოლოდინები და  შეზღუდვები, რა იქნებოდა დრაგ კულტურის მიმართ უფრო მეტი მიმღებლობა რომ ჰქონოდა საზოგადოებას.

დაუმორჩილებელი სულის ზეიმი – ქროს-დრესერების საიდუმლო ისტორია

/

გერმანელი და ფრანგი ჯარისკაცები ომის ტყვეობაში, მეოცე საუკუნის საიდუმლო ამერიკული ქროსდრესერების საზოგადოება, გლამურული პარიზელი კაბარეს მოცეკვავეები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ გენდერის საზღვრებს – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც სებასტიან ლიფშითზის ფოტოკოლექციაში შეხვდებით, ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობდნენ, თუმცა საერთო ბევრი ჰქონდათ, ისინი მტრულად განწყობილ საზოგადოებაში ცდილობდნენ გამოეხატათ თავიანთი თავი.

სებასტიან ლიფშითზი ქროსდრესერებისა და დრაგ ქვინების ფოტოებს 25 წლის განმავლობაში აგროვებდა. ფოტოების შეგროვება ფრანგმა კინემატოგრაფმა და აქტივისტმა თინეიჯერობის წლებში დაიწყო, მას სურდა გაეგო, როგორ ცხოვრობდნენ ქვიარ ადამიანები წარსულში. დაკარგულ, გაქრობისთვის განწირულ ფოტოებში ეპოვა ქვიარ ისტორია და ახალი თაობის ქვიარ ადამიანებისთვის ეჩვენებინა, საიდან დაიწყო ბრძოლა სექსუალური თავისუფლებისთვის და რისი გადატანა უწევდათ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ დროში, როცა ქვიარობა სიცოცხლის მოსპობას ნიშნავდა.

რატომ დაიწყე ამ ფოტოების შეგროვება? 

სებასტიან ლიფშითზი: თინეიჯერობის წლებში ხშირად დავდიოდი ძველმანების ბაზრობებზე, სადაც მხვდებოდა დაკარგული ფოტოები, რომელთა ბედითაც არავინ ინტერესდებოდა. რადგანაც ხელოვნებას ვსწავლობდი და ფოტოგრაფია მიყვარდა, ძალიან მახარებდა ასეთი აღმოჩენების გაკეთება. ამიტომ დავიწყე მათი შეძენა და ძალიან ბევრი დამიგროვდა. ამ ფოტოებს არ გააჩნდათ გამყიდველისთვის არანაირი ღირებულება, მათ ძალიან დაბალ ფასად ვყიდულობდი.

ანონიმურობა ფოტოებს მიღმა გასაოცარია

სებასტიან ლიფშითზი: ეს ფოტოები არ იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ კედლებზე მოხვედრილიყო, იმ დროში საზოგადოება ძალიან მტრულად იყო განწყობილი ქვიარ ადამიანების მიმართ, ამიტომ ეს ფოტოები საშიშროებას წარმოადგენდა. წარმოგიდგენიათ, ეს ფოტოები ისეთი ადამიანის ხელში ჩავარდნილიყო, ვისაც ცუდი ზრახვები აქვს? ეს ერთი ადამიანი აუცილებლად გაანადგურებდა ამ ადამიანების ცხოვრებას. ამიტომ გაოცებული ვიყავი, როცა ამ ფოტოებს ვპოულობდი და ვყიდულობდი.

დღესდღეობით ქვიარ კულტურა ძალიან პოპულარულია მედიაში და ხალხი ფიქრობს, რომ ეს რაღაც ახალია, რომელსაც არა აქვს წარსული და ისტორია. რაც ძალიან არასწორია. ეს ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და ჩემი ფოტოებიც ქროსდრესერებისა და დრაგ ქვინების ისტორიას გვიამბობს, მინდა, ამ ფოტოებით ადამიანებს ვაჩვენო, რომ ამ გაბედულ საქციელს აქვს წარსული და ის დიდი ხნის წინაც არსებობდა.

ეს ფოტოები  მრავლისმომცველია – ის ჰყვება ქროსდრესერების და დრაგ ქვინების ძალიან გრძელ ისტორიას სხვადასხვა დროსა და სივრცეში. როგორ დააკავშირე ეს ფოტოები ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთს? 

სებასტიან ლიფშითზი: ფოტოები ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდანაა. და, ხშირად, მათ ვპოულობდი თითო-თითოდ. არ მქონდა ამ ფოტოებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია, მაგრამ წლებთან ერთად ვაკეთებდი კვლევებს, რის შედეგადაც, გამოჩნდა ძალიან საინტერესო კავშირები ფოტოებს შორის. მაგალითად: „პატიმრების ბანაკის“, „იმიტირებული ქორწილის“ და „კაბარეს“ შორის არსებობდა კავშირი. ასევე „ვაშინგტონის საზოგადოების“ ფოტოები შევიძინე ერთად და მალევე მივხვდი, რომ ისინი ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ საიდუმლო ჯგუფი, რომლებიც ხშირად ხვდებოდნენ ფარულად ერთმანეთს და აწყობდნენ წვეულებებს, სადაც ისინი იცვამდნენ და თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ. ამერიკა ძალიან მკაცრი იყო ქროსდრესერების და ლგბტ+ ადამიანების მიმართ ომამდე, ასე რომ, წარმოგიდგენია, რა რისკების გაწევა უწევდათ მათ?!

ამ ფოტოებში ძალიან ბევრი ქროსდრესერია, ამიტომ ეს ფოტოები არ არის მხოლოდ ქროსდრესინგზე, ეს ფოტოები არის იდენტობებზე, ეს არის თამაშებზე, რომელსაც ადამიანები თამაშობენ, ეს არის ჩვენი წარსულის პოლიტიკა და ხანდახან ამ ფოტოებში შეხვდებით ძალიან პირადულს. არ მინდა, რომ ფოტოების ნახვისას ერთი კონკრეტული განცდა ჰქონდეს ფოტოგრაფიით და ქვიარ კულტურით დაინტერესებულ ადამიანს. ეს ფოტოები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გართობა და საპირისპირო სქესის ადამიანების ტანსაცმელების მორგება.

 

რამ მოგცა ბიძგი, გამოგეფინა ეს ფოტოები? 

სებასტიან ლიფშითზი: შეგროვებას არანაირი ღირებულება არ გააჩნია, თუ მას სხვებს არ გაუზიარებ. მე ვეცადე, რომ შემექნა ისტორიები, დიდი ისტორიები სხვადასხვა ნაწილებით და ეს იყო ძალიან სასიამოვნო პროცესი ჩემთვის. ეს ადამიანები ამ ფოტოებზე ჩემთვის არიან პრე-პანკები, მარგინალიზებული და მეამბოხე ადამიანები, რომლებსაც ეყოთ სიმამაცე და მტრულ გარემოშიც მოახერხეს საკუთარი თავის გამოხატვა. ამის გამო მიყვარს ეს ფოტოები, ადამიანებს სწამთ, რომ წარსული უფრო მეტად კონსერვატიულია, უფრო მკაცრი და სწორი, მაგრამ ეს ასე არ არის. მეამბოხე სული არსებობდა ყოველთვის და ამ ფოტოებშიც ეს ჩანს – მეამბოხე ცხოვრების სტილის ზეიმი.

ზოგიერთი ფოტო ძალიან ძველია და მე მოხიბლული ვარ ლიბერალური ქმედებებით, რომელიც ხდებოდა მეცხრამეტე საუკუნეში. როგორ ფიქრობ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო გენდერული მრავალფეროვნების მიღებას?

სებასტიან ლიფშითზი: უამრავ ადამიანს წლების განმავლობაში ეზიზღებოდა ქროსდრესერები, ეს ასეა დღესაც. გეი ადამიანებსაც კი არა აქვთ მიმღებლობა ქროსდრესერების მიმართ, ომის შემდეგ, გეი საზოგადოებას სურდა, შეექმნათ გეი მამაკაცების განსხვავებული იმიჯი და მას მოარგეს მაჩოს ელემენტები… ყველაზე სექსუალური მამაკაცის იარლიყი. გეი საზოგადოებას არ სურდა მათი დაკავშირება მომხდარიყო ქროსდრესერებთან. ეს სირცხვილად ითვლებოდა.

ძალიან საინტერესოა „დრაგ ჯარისკაცების“ ფოტოების სერიაა, რომელშიც ასახულია პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის და გერმანიის სამხედრო ბანაკებში მცხოვრები ქროსდრესერი ჯარისკაცები. როგორ ფიქრობ, რატომ იყენებენ ადამიანები გათავისუფლებისთვის გენდერულ იდენტობას?

სებასტიან ლიფშითზი: სამხედრო ბანაკებში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, ამიტომ ბანაკის თეატრში ქალი პერსონაჟის განსახიერებისთვის მამაკაცებს სჭირდებოდათ ქალის ტანსაცმლის მორგება. სხვა არჩევანი არ არსებობდა. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. ყველაზე სასაცილო ფაქტი ის არის, რომ ზოგი მამაკაცი ძალიან პოპულარული იყო ბანაკში ქალის ტანსაცმელის ჩაცმის გამო და ამასთან ერთად, ეს ჯარისკაცები არ ცდილობდნენ გაეზვიადებინათ გენდერული წარმოდგენები, მათი შესრულებული როლები და კოსტუმები ძალიან რეალისტური იყო, რაც ძალიან გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ გარემოებებს, რომელიც ძალიან რთული და რეპრესიული იყო.

 

შენს ფოტოებში შეხვდები ლეგენდარული ქროსდრესერის, ბემბის ფოტოებსა და ისტორიას, როგორ გადაიქცა პატარა ბიჭი ძლიერ ქალად. 

სებასტიან ლიფშითზი: ბემბი ძალიან ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. როცა მას შევხვდი, მე არაფერი ვიცოდი მასზე, ვიცოდი მხოლოდ მისი სახელი. ერთ დღესაც მან მომიყვა თავისი ისტორია და ჩვენ ერთად წავედით ბემბის სამშობლოში, ალჟირში. ბემბის ისტორიაში ყველაზე მეტად მხიბლავს მისი უნარი, თუ რამდენჯერ მოახერხა თავიდან დაეწერა საკუთარი ისტორია.

მოგვიყევით მეტი ბემბის შესახებ.

სებასტიან ლიფშითზი: ბემბი 1935 წელს ალჟირის პატარა, ჩაკეტილ სოფელში დაიბადა. იმ დროისთვის შეუძლებელი იყო გესაუბრა სექსზე, იდენტობაზე და მსგავს თემებზე. წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება იმ დროში, იმ სოფელში 6 წლის ბიჭუნასთვის, რომელსაც ეგონა, რომ პატარა გოგო იყო? ბემბის დედა მცირეწლოვან შვილს საშუალებას აძლევდა ისე ჩაეცვა, როგორც ბიჭუნას სურდა, მისი თმა იყო გრძელი, მაგრამ 6 წლის ასაკში, როცა სკოლაში წასვლის დრო მოვიდა, დედამ უთხრა „კარგი, ახლა თმა უნდა შევიჭრათ და კაბების ჩაცმა შევწყვიტოთ, დამთავრდა, დაივიწყე“ ბემბი მხოლოდ ამ დროს მიხვდა, რომ ის ბიოლოგიურად ბიჭი იყო – მას ყოველთვის ეგონა, რომ გოგონა იყო.

მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მას უწევდა ეცხოვრა, როგორც პატარა ბიჭს, მაგრამ გულის სიღრმეში ის გრძნობდა, რომ გოგო იყო. ერთ დღესაც, როცა ბემბი 15 წლის გახდა, ქალაქს ფრანგული კაბარეს მოცეკვავეები ეწვივნენ და მათი შესრულების ნახვისას, ბემბი მიხვდა, რომ შესაძლოა, გქონდეს ღირსეული ცხოვრება და თან არ დაკარგო საკუთარი იდენტობა. ეს ერთგვარი თავიდან დაბადება იყო, ამის შემდეგ ის სწრაფადვე გაემგზავრა პარიზში და შეუერთდა ქროსდრესერების საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ფრანგული საზოგადოება ჯერ კიდევ მტრულად იყო განწყობილი ქროსდრესერების მიმართ, ეს მას არ აინტერესებდა, ბემბი არ აპირებდა შეთანხმების დადებას ჰომოფობიურ საზოგადოებასთან.

რა დაემართა ბემბის ამის შემდეგ? 

სებასტიან ლიფშითზი: 30 წლის ასაკში, ბემბი მიხვდა, რომ კაბარეში ცეკვას ვეღარ გააგრძელებდა. ამიტომ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა სწავლა, აეღო დიპლომი და გამხდარიყო ფრანგულის მასწავლებელი უცნაურ ფრანგულ ქალაქში. მას უნდოდა გამხარიყო ანონიმური ქალი. ანონიმურობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მას სურდა, ყოფილიყო ჩვეულებრივი ქალი ყოველდღიური ცხოვრებით. ახლა ის ელეგანტური ხნიერი ქალია.

ძალიან შთამაგონებელია ბემბის ისტორიის მოსმენა, როგორ წავიდა კაბარეში და როგორ გადაწყვიტა, სრულყოფილი გაეხადა თავისი ცხოვრება. რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ისტორიის შესწავლისას ახალმა თაობამ, რომელიც საკუთარი იდენტობის ძიებაშია?

სებასტიან ლიფშითზი: საზოგადოება იმაზე კომპლექსური და ჩახლართულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არსებობს ტრადიციული, მზა მოდელები, რომელსაც უნდა მოერგო, თუ გინდა, რომ ქალი იყო, აუცილებლად უნდა გამოიყურებოდე ქალივით, თუ გინდა, რომ იყო მამაკაცი, აუცილებელია იყო გამოიყურებოდე მამაკაცივით, სქესებს შორის დაყოფა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. შეხედეთ პატარა ბავშვების სათამაშოებს, გასაოცარია, როგორ აიძულებს სათამაშო პატარა ადამიანს, რომ მოერგოს აწ უკვე არსებულ მოდელებს. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, არ მიყვარს და არ ვეთანხმები, რადგან როგორც ზემოთ ვთქვი, ადამიანები უფრო კომპლექსურები ვართ. იდენტობების სპექტრი ძალიან მრავალფეროვანი და მასიურია, ადამიანებს სჭირდებათ გამოხატონ საკუთარი თავი ისე, როგორც მათ ეს სურთ და როგორც ისინი გრძნობენ შინაგანად თავს, სამწუხაროდ, ხშირად არ ემთხვევა, როგორც ჩვენ მათ ვხედავთ.

წყარო: DAZED

ფოტო: სებასტიან ლიფშითზი

თარგმანი:: ზურა აბაშიძე

ქვიარ ცხოვრება სტოუნვოლის აჯანყების შემდეგ – სამოთხე 70-იანი წლების ნიუ-იორკში

/

1981 წლის 18 მაისს ნიუ-იორკის ერთადერთ გეი გაზეთში – The New York Native-ში, გამოქვეყნდა სტატია სასიკვდილო დაავადებაზე, რომელსაც შემდგომში შიდსის სახელი დაერქვა. ამ სტატიამ მთლიანად შეცვლა ნიუ-იორკელი ქვიარ საზოგადოების ცხოვრება და დაიწყო მრავალწლიანი ბრძოლა დაავადებასთან, რომელმაც არაერთი ქვიარ ადამიანი იმსხვერპლა. არადა ვირუსის გავრცელებამდე რამდენიმე წლით ადრე, 1969 წლის სტოუნვოლის აჯანყებამ ნიუ-იორკის ქუჩები ნამდვილ სამოთხეს დაამსგავსა, ახალი თაობის ქვიარ ადამიანები ტკბებოდნენ თავისუფლებით, საჭირო აღარ იყო ჩრდილში ცხოვრება და მუდმივი მალვა.

სტოუნვოლის აჯანყებამ არა მარტო ქვიარ საზოგადოებაზე, ხელოვნებაზეც დადებითი გავლენა იქონია, ნიუ-იორკი ხელოვნების, კულტურის და კრეატიულობის  მექად იქცა. ქუჩები გაივსო ბედნიერი და ლაღი ადამიანებით, რომლებიც ქმნიდნენ ხელოვნების ახალ მიმდინარეობებს, ჰყვებოდნენ ამბებს ახალი ინტერპრეტაციებით. ბარები, კლუბები და პარკები ჰიპ-ჰოპის, პანკის და დისკოს ჟღერადობით გაივსო. არტისტული დაჯგუფებები ითვისებდნენ მიტოვებულ შენობებს და ხელოვნების გალერეებად აქცევდნენ. ცხოვრება, ხელოვნების შექმნა და თავის გადარჩენა უფრო მარტივი იყო, ჰაერიც სხვანაირად იყო დამუხტული. ახალი თაობის არტისტებმა ხელოვნება დაიხსნეს ტყვეობიდან და თეთრი გალერეებიდან ქუჩებში გამოიტანეს, სადაც ყველას შეეძლო მისით ტკბობა.

სტენლი სტელარის ფოტოობიექტივს ამ წლების უნიკალური კადრები შემორჩა და ამასთან ერთად, ბრუკლინში დაბადებულ არტისტს კარგად ახსოვს თავისი ბავშვობა, ქვიარ ადამიანების ცხოვრება სტოუნვოლის აჯანყებამდე 1950-იან-1960-იან წლებში. ახსოვს ბნელი ჩრდილი, რომელიც ყველა ქვიარ ადამიანის თავზე იყო, „10 წლის ასაკში მედია მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი საშინელება და თავი იღბლიანად უნდა მეგრძნო, თუ ვინმე გადაწყვეტდა, არ მოვეკალი, მას შემდეგ, რაც ჩემს ორიენტაციას გაიგებდა. ჩვენ თითქმის არ ვარსებობდით“. ქამინგაუთის შემდეგ სტელარმა ნიუ-იორკის კარგად შესწავლა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ ქვიარ ადამიანების ადგილი ქალაქში თითქმის არსად იყო, ყველაფერი კი 1970-იან წლებში შეიცვალა, ახსოვს ის დღეც, როცა ეს იგრძნო. ქუჩაში ასაკით უფროს მამაკაცთან ერთად მიდიოდა, სამყარო სავსე იყო სიყვარულითა და რომანტიკით და მიხვდა, რომ ბოლოს და ბოლოს ბნელი დრო წარსულს ჩაბარდა.

ბნელმა დროებამ და მტრულად განწყობილმა საზოგადოებამ სტენლი სტელარს ბევრი რამ წაართვა, თუმცა მისცა ყველაზე ძვირფასი – ფოტოგრაფიით გატაცება. პირველი ფოტოკამერა არტისტმა 1976 წელს შეიძინა, „ზოგი ადამიანი სპორტით კავდება, ზოგი მუსიკას აკეთებს, მე ფოტოების კეთება მინდოდა“, მას სურდა თავისი ფოტოებით მოეძებნა კითხვებზე პასუხი, რას ნიშნავს გეი ცხოვრება და სად არის ეს გეი ცხოვრება.

1970-იანი წლებში, ლგბტ+ ადამიანების გადაღებისას ხვდებოდა, რომ მართლაც საოცარ დროში ცხოვრობდა. „ქრისტოფერის ქუჩა სამოთხე იყო,“ – ამბობს ის, „უცებ გავიაზრე, რომ დიდი ისტორიის ნაწილი ვიყავი, სამყაროში ჩვენი ადგილიც გამოჩნდა, შუადღით მდინარის პირას ვიკრიბებოდით მეგობრები და თავს ადამიანებად ვგრძნობით, ქვიარობა აღარ ნიშნავდა ბნელ კუთხეებში სექსით დაკავებას. როგორც კი ფოტოების გადაღება დავიწყე, მივხვდი, რომ ჩემს ფოტოფირზე ქვიარ ისტორიის ყველაზე გამორჩეულ დროს ვინახავდი.”

სტელარი, ძირითადად, West Village-ში მცხოვრები ქვიარ ადამიანების ცხოვრებას აღბეჭდავდა, ამ პერიოდს ედემის პერიოდადაც მოიხსენიებენ, თავისუფლების წლები – როცა ნიუ-იორკში ყველას ჰქონდა საშუალება, ისე წარემართა თავისი ცხოვრება, როგორც სურდა. „მე მყავდა მეგობარი, რომელმაც მაღაზია გახსნა ნიუ-იორკში და დაარქვა „ახლა“, როცა მაღაზიაში მივედი და ვნახე ცარიელი ოთახი, გამიკვირდა, მაგრამ ჯონს ეს დიდად არ ანაღვლებდა.

მაღაზიას დიდი ხანი არ უმუშავია, მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი იყო, რომ ისტორიაში პირველად ვგრძნობდით, რომ შეგვეძლო, ამაყები ვყოფილიყავით, შეგვეძლო, შუქი აგვენთო და ადამიანებისთვის გვეთქვა – მობრძანდით! მე ძალიან გამიმართლა, რომ თავისუფლებას ამ ხარისხით ვეზიარე, ბედნიერი ვარ, რომ იმ დროში ვიცხოვრე. ჩვენ არ ვართ ალექსანდრე მაკედონელები, არც მიქელანჯელოები არც როკ ჰადსონები, ჩვენ ჩვეულებრივი ბავშვები ვიყავით, რომლებიც ყოველ დღე მეტროს ვაგონებში სხდებოდნენ თავისუფლების, სიყვარულის, მეგობრობის და ადამიანების საპოვნელად.

წყარო: Dazed

ფოტო: სტენლი სტელარი

თარგმანი: ზურა აბაშიძე

არტისტი ჩაგრულების მხარეს – დაიან არბუსის შემოქმედება

/

დაიან არბუსი (1923 – 1971) ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც  წლების განმავლობაში ფოტოფირზე ასახავდა ნიუ-იორკში მცხოვრებ ჩაგრულ და მარგინალიზებულ ადამიანებს. ის იღებდა სტრიპტიზის მოცეკვავეებს, ცირკის მსახიობებს, ნუდისტებს, შშმ პირებს, ლგბტ ადამიანებს, ქალებს, რომლებიც მარტო ზრდიდნენ შვილებს, გაჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ მცირეწლოვნებს, ხნიერ ადამიანებსა და საშუალო კლასის ოჯახებს.

დაიან არბუსი 1923 წელს მანჰეტენზე, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები შეძლებული ემიგრანტები იყვნენ საბჭოთა კავშირიდან, რომლებიც მეხუთე ავენიუზე უნივერმაღს ფლობდნენ. 18 წლის ასაკში დაიანმა თავის ბავშვობის მეგობარზე, ალან არბუსზე იქორწინა, რომელმაც ქალს პირველი ფოტოკამერა აჩუქა და ფოტოგრაფიის შესწავლაში ხელი შეუწყო. თავისი შემოქმედების განმავლობაში, დაიანს სერიოზული წარმატება არ ჰქონია, არტისტის ნამუშევრები რთულად იყიდებოდა და ხშირად, თავის სარჩენად, არასასურველ, კომერციულ პროექტებზე მუშაობა უწევდა. არტისტს ასევე აწუხებდა დეპრესია, რომელმაც, საბოლოოდ, ქალი 48 წლის ასაკში თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

დაიან არბუსი ცდილობდა, არა მარტო მარგინალიზებული ჯგუფები აღებეჭდა, არამედ ეჩვენებინა ადამიანებისთვის, სად ცხოვრობენ ისინი, სად მუშაობენ, როგორია ქუჩები, სადაც ისინი ყოველდღე გადაადგილდებიან. მისი ფოტოები იბეჭდებოდა ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა  –  Esquire, Harper’s Bazaar, Sunday Times Magazines და Artforum. დაიან არბუსი პირველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც ვენეციის ბიენალეზე მოხვდა, ხოლო მისი პერსონალური გამოფენა, ფოტოგრაფის სუიციდის შემდეგ, ყველაზე ხალხმრავალ გამოფენად ითვლება MoMA-ს (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის) ისტორიაში.

გთავაზობთ დაიან არბუსის გამორჩეულ ნამუშევრებს:

უსახელო გალერეა „ქვიარ ქრონიკების“ გამოფენას მასპინძლობს

/

უსახელო გალერეა „ქვიარ ქრონიკების” გამოფენას მასპინძლობს.

„ქვიარ ქრონიკები“ 4 არტისტის 4 ინსტალაციას აერთიანებს. ინსტალაციები რეალური და პირობითი დროებისა და ფიზიკური და ციფრული სივრცეების გადაკვეთაზე, სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით შეიქმნა და ეხმიანება ქვიარ იდენტობების შექმნის, გარდაქმნისა და გაქრობის საკითხებს.

გამოფენაში ოთხი არტისტი, დავით აფაქიძე, მარი მღებრიშვილი, Paolannder და აღაბაბა ბაგიროვი მონაწილეობს.

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, დავით აფაქიძე QUEER.GE-სთან ამბობს, რომ მისთვის ორმაგად საინტერესო იყო ამ გამოფენისთვის ინსტალაციის შექმნა და ვორქშოფში მონაწილეობა, რადგან ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა პანდემიისა და კოვიდ რეგულაციების გამო, ადამიანებმა დაკარგეს სივრცეები. მის ნამუშევარში ასახულია, როგორ ინგრევა და ქრება სივრცეები ქვიარ ადამიანებისთვის.

ხელოვნების ისტორიკოსი და პროექტ Fungus-ის დამფუძნებელი ქართულ ქვიარ კულტურას ოპტიმიზმით უყურებს და ამბობს, რომ ქართველი ქვიარ არტისტები, განსხვავებით ჰეტეროსექსუალი არტისტებისგან, არ კარგავენ ბმებს ქართულ კულტურასთან და ტრადიციებთან, მათ ნამუშევრებში უფრო იგრძნობა სიახლე და წარსულის საინტერესო გადააზრება, ვიდრე ჰეტეროსექსუალ არტისტებისთან, რომლებიც ნაკლებად რეპრესირებულები არიან და რომელთა შემოქმედებაც ევროპული კულტურის გავლენებითაა ნასაზრდოები. ამის საილუსტრაციოდ კი, ცნობილი Horoom Night მოჰყავს, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვიარ არტისტებისთვის და, ზოგადად, ლგბტ+ თემისთვის.

„ქვიარ ქრონიკები“ მომზადდა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის, უსახელო გალერეას, სალამ სინემასა [ბაქო] და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით, ბერლინში დაფუძნებული ,,პოლიგონალის” მიერ ჩატარებული 4-დღიანი პრაქტიკული ვორქშოპის – “ქვიარ სივრცეების წარმოების შესახებ LGBTQIA+ თემებში”, შედეგად.

გამოფენა 16 ოქტომბერს გაიხსნა და მისი დათვალიერება დაინტერესებულ პირებს 8 დღის განმავლობაში, 24 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

ავტორი: ზურა აბაშიძე

ქვიარ ქალები 1970-იან წლებში – ბარბარა ჰამერის ფოტოები

/

ბარბარა ჰამერი ამერიკელი ქვიარ არტისტი და კინორეჟისორია, რომელიც სამოცდაათიანი წლების დასაწყისში სან-ფრანცისკოში სწავლობდა კინორეჟისურას. სწავლის დამთავრების შემდეგ, არტისტმა გადაწყვიტა, ქამინგაუთი გაეკეთებინა, გაშორებოდა ქმარს და ექსპერიმენტული ფილმების გადაღება დაეწყო თავის პერსონალურ გამოცდილებაზე.

კინორეჟისორისა და ფოტოგრაფის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Dyketactics, რომელიც 1974 წელს გამოვიდა, პირველ ლესბოსურ ფილმად მიიჩნევა. ქვიარ არტისტი 50 წლის განმავლობაში იღებდა ფილმებს და ცდილობდა, დაენგრია ლესბოსელი ქალებისა და, ზოგადად, ქალების გარშემო არსებული ტაბუები და ნორმები, ამასთან ერთად, სათქმელის გადმოსაცემად არტისტი ყოველთვის ეძებდა სხვადასხვა გზას, პიონერ კინორეჟისორს ეკუთვნის სხვადასხვა არტისტული ინსტალაცია, პერფორმანსი, ფოტოების სერია, ნახატები და კოლაჟები.

2019 წელს გარდაცვლილი არტისტის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ქალების ცხოვრება მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში, ჰომოსექსუალი წყვილების გამოცდილება, სიბერე, სიყვარული და სიკვდილი. კინორეჟისორის ფილმოგრაფია 80-მდე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმს იტევს, მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით – Nitrate Kisses, 1992 წელს გამოვიდა.

გთავაზობთ ბარბარა ჰამერის ფოტოებს, რომელიც 1970-იან წლებში არის გადაღებული და შესანიშნავად ასახავს ქალების სიყვარულს, სამყაროს, რომელიც დაცლილია სიძულვილისგან, მალვისა და შიშისგან:

ბარბარა ჰამერი 1970-იან წლებში

CARIOCA, NEGRO & QUEER – ბრაზილიელი არტისტის ქვიარ ფოტოები

/

როდრიგო როდი ოლივეირა ბრაზილიელი ფოტოგრაფია, რომელიც რიო დე ჟანეიროში ცხოვრობს და წლებია აღბეჭდავს ბრაზილიელი ქვიარ საზოგადოების ყოველდღიურობას.

ფოტოგრაფი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ გარეუბანში გაიზარდა და ვერასდროს იფიქრებდა, რომ მისი ნამუშევრებით ვინმე დაინტერესდებოდა. ქვიარ არტისტი ფოტოგრაფიას ყოველთვის ჰობად განიხილავდა და მას ძალიან გრძელი გზის გავლა მოუწია, სანამ მის ნამუშევრებს კრეატიული სტუდია – Rocket Sciene შენიშნავდა.

ფოტოგრაფი ბრაზილიაში მცხოვრები ქვიარებით და ფერადკანიანი საზოგადოებით არის დაინტერესებული, ჯგუფით, რომელიც ყველაზე მეტად არის მარგინალიზებული და რომელიც ყველაზე მეტად განიცდის დამცირებას, ჩაგვრას და რეპრესიას არტისტისტის სამშობლოში.

არტისტი ამბობს, რომ მისი ქვეყანა არ არის უსაფრთხო ქვიარ ადამიანებისთვის და მათ სხვადასხვანაირ ჩაგვრასთან უწევთ გამკვლავება, თუმცა ამის მიუხედავად, წინააღმდეგობა მაინც დიდია და სწორედ ამ წინააღმდეგობაში ხედავს არტისტი ყველაზე დიდ თავისუფლებას და სწორედ ეს წარმოადგენს მის მთავარ ინსპირაციას.

არტისტი რამდენიმე ფოტოპროექტის ავტორია, გთავაზობთ როდრიგო როდი ოლივეირას გამორჩეულ ფოტოებს: