პროზა/პოეზია

/

წიგნები, რომლებიც იდეალური საჩუქარი შეიძლება აღმოჩნდეს ქვიარ ადამიანებისთვის (და არა მარტო)

ახალი წელი საუკეთესო დროა საყვარელი ადამიანის გასახარებლად, ოქროსფერი ბანტებით შეფუთული ყუთები კი ახალი წლის განუყრელი ნაწილია. პროცესი უფრო სასიამოვნოა, თუ საჩუქარი წიგნია, რომელიც არაერთ სასიამოვნო თავგადასავალს უმზადებს მკითხველს. გთავაზოთ 8 წიგნს ქვიარ

/

გერტრუდ სტაინის ქვიარ ქალების სამი სიცოცხლე

ქვიარ ლიტერატურის ნაკლებობას, ქართველი ავტორებისა თუ თარგმანების წყალობით, ქართველი მკითხველი ნამდვილად არ განიცდის, რაც, ალბათ, უკვე კარგის ნიშანია. თუმცა, ამ ტექსტებზე ნაკლებად მსჯელობენ და ნაკლებად განიხილავენ ქვიარ კონტექსტში. გერტრუდ სტაინის ”სამი სიცოცხლე” წლევანდელ წიგნის ფესტივალზე ერთ-ერთ უახლეს თარგმანად იყო წარმოდგენილი

დამწყები ქართველი ქალი ავტორები და მათი წიგნები

/

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიამ ლიტერატურული პროცესები უფრო მეტად შეანელა, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მომრავლდნენ ახალი ქალი ავტორები, რომლებიც უფრო აჯანსაღებენ ლიტერატურულ პროცესებს და

5 ქალი ავტორის შემოდგომაზე საკითხავი წიგნები

/

მართალია, ზაფხული და ზაფხულის არდადეგები დასრულდა, თუმცა წიგნის საკითხავად და ახალი ავტორების აღმოსაჩენად, შემოდგომა უკეთესიც შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, ნუ შეუშინდებით შემოდგომის წვიმიან ამინდებს,

ლელუკა ლაშხის ახალი წიგნი „ნეირონი“ მალე გამოვა

//

ლელუკა ლაშხი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალია. მასთან ინტერვიუ ქვიარმა 2 წლის წინ ჩაწერა. მიმდინარე პერიოდში ლელუკამ ახალ რომანზე მუშაობა დაასრულა და მის რიგით მეხუთე წიგნთან დაკავშირებით კომენტარიც მოგვცა.

ლელუკა ლაშხი:

„ნეირონი“ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული რომანია, ფანტასტიკის ელემენტებით. ჩვენი ფიქრები ხშირად გაცილებით რეალურია, ვიდრე ის ყოფა, რომელშიც ვართ, ხოლო ჩვენი პიროვნების სხვადასხვა „მე“-ები ქვეცნობიერში რეალობის პარალელურად მიმდინარე ამბებზე არიან კონცენტრირებულები. პრაქტიკულად ამაზეა ეს რომანი.

თინა ქართველი ქალია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა გაგრაში. ის მშობლიური სახლიდან რუსეთის რეჟიმმა გამოაძევა. ქუთაისში ჩასვლის შემდეგ თინა მოიტაცეს, იძულებით დააქორწინეს. მას საკუთარი ამბის გახსენება ძალიან გაუჭირდა. ის წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, ქმარი აუპატიურებდა.  ამჟამად თინა საფრანგეთში ცხოვრობს. მე მის ამბავს ლიტერატურული ფორმა მივეცი, ზუსტი სიტყვების შერჩევაში, ამბის გადმოცემაში დავეხმარე.

ძალადობაზე ხმამაღლა, საჯაროდ საუბარი სხვა ჩაგრულ ქალებს ეხმარება, მოტივაციას აძლევს. როცა ერთი ქალი ამბობს, − „ეს მე გადამხდა“, მეორე დაფიქრდება, − „მგონი მეც ცუდად ვარ“, მესამე იტყვის, − „მე თქვენზე ცუდად ვარ“. ამის შემდეგ იწყებენ იმ მიზეზების ძებნას, თუ რატომ არიან ცუდად. როცა იპოვიან, შემდეგ უჩნდებათ სურვილი, რომ ეს მოიშორონ, აქედან, ამ მოცემულობიდან გავიდნენ. ეს გასვლა ხმაურს იწვევს. ჩრდილში მყოფი ქალებიც ფიქრობენ, − „მგონი, ჯობია, ამაზე ვილაპარაკოთ“.

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, საზოგადოება მიჰყვება ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებსა და ტენდენციებს. აი, რას ვგულისხმობ, ზედაპირული საუბრები, რაც ვერაფერს ცვლის, უხარისხოდ და უგულოდ გაკეთებული საქმე, თუნდაც ძალიან კარგი მიზნები იყოს გაცხადებული. ასევე ვგულისხმობ პოლიტიკურ და სამოქალაქო სექტორის ლიდერების მხრიდან პოპულისტურ განცხადებებს. ხარისხიანი განათლება ძალიან გვაკლია.

ქალებს ვუსურვებდი, იპოვონ საკუთარი მიზნები. ყველაფერში, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, გვჭირდება მიზანი. როცა ვიღვიძებ, რისთვის უნდა ავდგე საწოლიდან, ხომ მჭირდება მიზანი. ჩვენი ცხოვრება ხომ ასეთი პატარა დეტალებისგან შედგება. მიზანია ყოველი გააზრებული ნაბიჯი. ამავდროულად, ჩემთვის მიზანი არ ამართლებს საშუალებას. არ შემიძლია ისეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, ვინც ამ თვალსაზრისით თანმიმდევრული არ არის. ასევე ჩემი მოტივაცია სიყვარულის გარეშე არ არსებობს. ჯერ არის სიყვარული და მერე სხვა დანარჩენი.

წიგნში განვითარებულ ქვიარ ისტორიას რაც შეეხება არც ეს ამბავია გამოგონილი. შეიძლება ვინმეს პროვოკაციულიც მოეჩვენოს. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ბისექსუალია, რადგან ყველას შეუძლია სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერი სქესის ადამიანთან. სექსუალური ორიენტაცია ხომ ჩვენს თავშია. პირადად მე არ მინდა რაიმე ჩარჩოთი ვიყო შემოსაზღვრული. ვერ ვიტან საზღვრებს.

რომანის სახელწოდებაა „ნეირონი“ და სწორედ ეს არის ფანტასტიკის ელემენტი. გარკვეულ ექსპერიმენტს აქვს ადგილი, რომელშიც მოხალისეები მონაწილეობენ. ექსპერიმენტის მიზანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა.

წიგნი უკვე დაიბეჭდა გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიერ და მალე ხელმისაწვდომი იქნება წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ ქსელში.

 

 

 

5 ქვიარ წიგნი, რომელიც შემოდგომით გამოვა

//

2023 წელი უკვე საინტერესოდ დაიწყო ქვიარ წიგნების მოყვარულებისთვის. მიუხედავად იმისა რომელი ჟანრი გიყვართ შემოდგომით იმედგაცრუებულები არ დარჩებით, რადგან ძალიან ბევრი ახალი ქვიარ წიგნი გამოდის. სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

Inverse Cowgirl by Alicia Roth Weigel — 19 სექტემბერი

ალისია როტ ვეიგელი არის ადამიანის უფლებათა კომისარი ქალაქ ოსტინში და ინტერსქესი უფლებების აქტივისტი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ორ პროცენტზე მეტი ინტერსქესუალური თვისებებით იბადება, ინტერსქესის საკითხების ძირითადი ცნობიერება პრაქტიკულად არ არსებობს. ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრი ადამიანი, ვინც იბადება ინტერსქესი, ექვემდებარება არასაჭირო და არაკონსენსუალურ ოპერაციებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ აიძულონ მათი სხეული მკაცრი მამრობითი ან მდედრობითი სქესის ორობითობას მოერგონ. ესეების სერიის საშუალებით ვეიგელი გვიზიარებს მძაფრ, ძლიერ და ხშირად სასაცილო ისტორიებს ცხოვრებისა და სხვისი უფლებებისთვის ბრძოლის შესახებ.

Kween by Vichet Chum – 3 ოქტომბერი

Kween-ში, კამბოჯელი ამერიკელი დრამატურგის ვიშეტ ჩუმის სადებიუტო რომანში, ტინეიჯერ გმირ სომას ბევრი რამ აქვს გასაბრაზებელი. წიგნში მხოლოდ სომა და მისი და დარჩნენ შეერთებულ შტატებში. მაშინ, როცა სომას და უნდა ზრუნავდეს მასზე, ის ზედმეტად დაკავებულია ქორწილის დაგეგმვით, რომ სომას პრობლემებზე ზრუნავდეს.

როგორ უმკლავდება სომა სიბრაზის და მარტოობის გრძნობებს? მისი სლემის პოეზიით. სომას მეგობრები და მასწავლებლები მოუწოდებენ, უფრო შორს წაიყვანოს წერა Spoken Word-ის კონკურსში მონაწილეობით. მაგრამ სომა არ არის დარწმუნებული, რომ მზად არის თავისი ოჯახის საკითხები ყველამ ნახოს. ეს რომანი არის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც აღნიშნავს უცნაურობას, ქმერულ იდენტობას და გამოხატავს ყველაზე ავთენტურ მეს.

Being Ace edited by Madeline Dyer — 10 ოქტომბერი

ასექსუალური ისტორიები, განსაკუთრებით ასექსუალური სიყვარულის ისტორიები, ხშირად არასწორად არის გაგებული და წარმოდგენილი. Being Ace არის ასექსუალური სიყვარულის ისტორიების უსაზღვრო შესაძლებლობებზე. წიგნში ერთიანდება რამდენიმე ასექსუალი მწერლის დაწერილი ისტორიები, რომლებიც რომანისტმა და პოეტმა მადლინ დაიერმა დაარედაქტირა.

ეს ანთოლოგია უდასტურებს მკითხველს, რომ ასექსუალური გამოცდილება მრავალფეროვანი და რთულია. თოთხმეტი მოთხრობის გმირების ყველა ისტორია ღირებულია, მიუხედავად იმისა რა გარემოში არიან და რას აკეთებენ. ყველა პერსონაჟი სიყვარულის ღირსია.

10 Things That Never Happened by Alexis Hall — 17 ოქტომბერი

წიგნის მთავარი გმირია საცალო ვაჭრობის მენეჯერი სემ ბეკერი. სამსახურის დაკარგვის შიშით სემი იტყუება, რომ ამნეზია აქვს და ყველაფერი დაავიწყდა, მათ შორის ის დაგეგმილი საუბარიც, რომელიც უფროსთან ჰქონდა. სემმა იცოდა, რომ ამ საუბრის დროს უფროსი ჯონათან ფორესტი სამსახურიდან გაათავისუფლებდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ სემმა არ იცის რამდენ ხანს შეუძლია იცხოვროს უფროსის მოტყუების დანაშაულით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯონათანი ასეთი საყვარელი აღმოჩნდა.

Pritty by Keith F. Miller Jr — 14 ნოემბერი

კეიტ ფ. მილერის სადებიუტო რომანი Pritty არის შავკანიანი ქვიარ სიყვარულის ძლიერი ისტორიაა. ჯეი მუდმივად ცხოვრობს უფროსი ძმის ჩრდილში, რომელიც უფრო მასკულინური და ათლეტურია, ვიდრე ჯეი ოდესმე იმედოვნებდა. ჯეისთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ვინმეს მოეწონოს, განსაკუთრებით მის ძმასთან შედარებით. თუმცა ლეროი ხედავს მას.

ჯეისა და ლეროის სიყვარულის ისტორია გართულებულია მათი ოჯახური დინამიკით და სავანას უბნების ომით. ვიღაც ცდილობს გაანადგუროს „შავი ბრილიანტები“, რომლებმაც თავიანთ საქმედ აქციეს შავკანიანი საზოგადოების დაცვა. ძალადობა არ შეჩერდება, სანამ ჯეი და ლეროი არ აღმოაჩენენ ვინ არის ის. ლეროის უიმედოდ სურს ჯეის დაცვა და მან იცის, რომ ერთადერთმა გამოსავალმა შეიძლება მათი ურთიერთობა დაასრულოს.

 

© Emily Martin/Them

„მწერალი ქალი რომ ხარ, ეს ბევრ რამეს განსაზღვრავს“ — ნანა აბულაძე თავისი წიგნების ფემინისტურ თემატიკაზე

//

ნანა აბულაძის სადებიუტო რომანი „აკუმი“, რომელსაც როგორც “საბას”, ისე “თავისუფალი ლიტერას” პრემია მიენიჭა, არის ამბავი ადამიანზე, რომელიც სქესის გარეშე დაიბადა. რომანის ცხრა მთავარი პერსონაჟი  კი ისტორიებს იდენტობის, გენდერის, სექსუალობისა და სურვილების შესახებ ჰყვებიან.

წელს მწერალი მეორედ არის წარდგენილი პრემია „საბაზე“ თავისი წიგნით „ორივე სქესი“ ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაზე. პრემიის ფინალისტი წიგნი მსახიობისა და მწერლის, მარიამ თათეიშვილის, იგივე მარიამ გარიყულის ისტორიას გვიყვება, ფსევდონიმი „გარიყული“ მწერალმა თეატრიდან წასვლის შემდეგ შეარჩია, როცა ლიტერატურულ საქმიანობას შეუდგა.

მარიამ გარიყულის „ქალებო შევერთდეთ!“

“მოგიწოდებთ ქალებო ქალთა საკითხის გარშემო, ვისაც დაჰკოდია გული თვისის უუფლებობით, არა მარტო პარლამენტის სკამზე დაუჯდომლობით, არამედ უფრო ახლოს გეტყვით: ვისაც დაჰკოდია გული თქვენივე ოჯახში, ქმარისაგან, მამისაგან, ძმისაგან. ვისაც თვის საკუთარ ნაწილ-გულევ ნაამაგარ ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, თავისუფალი კუნჭული გადმოგეღვარა ცრემლი, თვის საკუთარ, დედაკაცის უბედურებით სავსე ხვედრის ჭირ-ვარამზე, მოგიწოდებთ ყველას შეუერთდეთ ქალთა სწორუფლებიანობის დროშას…“

მარიამ გარიყულის შემოქმედება 60-იანი წლების შემდეგ აღარ დაბეჭდილა. ნანა აბულაძე თავისი წიგნით ლიტერატურულ სივრცეში აცოცხლებს მის სახელს:

„უკვე მეორედ ვარ „საბას“ ფინალისტი, ამჯერად, სხვა განცდები მაქვს. „ახალი აღქმა“ მხატვრული არ არის, ფემინისტური ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების კრიტიკაა და მეგონა, რომ უფრო მეტი ბრძოლა და დრო დამჭირდებოდა, რომ ეს მეთოდი ტექსტის წაკითხვის მეთოდად ეღიარებინათ“. 

ნანა აბულაძის შემოქმედებაში აშკარა კანონზომიერება შეიმჩნევა: ფემინიზმი. მისი თქმით, ტექსტის თემატიკაზე გაცნობიერებული გადაწყვეტილება არასდროს მიუღია: „მგონია, უბრალოდ იმაზე წერ, რაც გაწუხებს“. თუმცა, წერისთვის შთაგონების წყარო, დიდწილად, ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ გახდა: 

„მახსოვს, რომ ვკითხულობდი და ვფიქრობდი: მართალია, მართალია, მართალია“.

„აი, მაშინ პირველად დავფიქრდი, რომ მწერალი ქალი რომ ხარ, ეს ბევრ რამეს განსაზღვრავს“.

ფემინისტური კრიტიკის ეს ფუნდამენტური ნაწარმოები მწერალს სამყაროს უსამართლობის სხვა კუთხით დანახვაში დაეხმარა.

საკუთარ ნამუშევრებში ფემინისტური იდეოლოგიების შერწყმით, ნანა აბულაძე არა მხოლოდ ასახავს გენდერული უთანასწორობის რეალობას, არამედ ხელს უწყობს სოციალური ნარატივების შეცვლას:

„ვცდილობ, რომ ჩემი ტექსტები ეხმიანებოდეს იმ  პოლიტიკურ, სოციალურ კულტურულ ვითარებას რომელშიც ვართ და არ იყოს მხოლოდ „წერილი წერილის გულისთვის“.

ნანა აბულაძე სტატიებს ლიტერატურაზე, პირად გმოცდილებაზე და საერთოდ ყველაფერზე, რასაც ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს მასწავლებელი.ჯი-სთვისაც წერს. ავტორის სტატიას მცირერიცხვოვანი ენების პრობლემებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნანა აბულაძე ფიქრობს, რომ ის პრობლემა, რომ ქართულად ცოტა ადამიანი ლაპარაკობს, უცხოეთში ჩასულ მწერლებს სხვანაირ პასუხისმგებლობას აკისრებს.

21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ქალების მიერ დაწერილი ტექსტების რაოდენობა. ქალები ჰყვებიან ამბებს დაუფარავად და ეს ხმა, ენობრივი თავისებურებები, თხრობის ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი ნელ-ნელა ავსებს სიცარიელეს, რომელიც გასულმა საუკუნეებმა დატოვა. ქალთა უუფლებობის პერიოდმა მსოფლიოში დაფარა არაერთი ხმა, რომელსაც ბევრი სათქმელი, მოსაყოლი ჰქონდა. ნანა აბულაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქალის ხმა ქართულ ლიტერატურულ სამყაროში მრავალფეროვანი და გაბედულია:

„ჩვენც ტოლს არ ვუდებთ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს, ქართველი ქალი მწერლების ტექსტების თარგმნა თავისუფლად შეგვიძლია სხვადასხვა ენაზე ისე, რომ უცხოელი მკითხველიც ენობრივი თუ სხვა თვალსაზრისით დაინტერესდეს“.

პანელური დისკუსია – ქართული ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურა

///

15 ივნისს კაფე გალერიში თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსია გაიმართა ქართველ ქალ მწერლებთან. მოწვეულ მწერლებს შორის იყვნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, ნანა აბულაძე, მაგდა კალანდაძე, ლელა კურტანიძე და მაია ცირამუა. დისკუსიის თემა კი ქართული ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურა იყო.

შეხვედრის განმავლობაში მწერლებმა განიხილეს ის გზა, რომელიც ქართულმა ლიტერატურამ დღემდე გაიარა ქალებისა და ქვიარების სათქმელის დასაფიქსირებლად.

ფოტოგრაფი: მაშიკო გიორგობიანი

პანელმა დააფიქსირა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ლიტერატურის დრო ყოველთვის არის.

“მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ლიტერატურის დრო ყოველთვის არის, თუმცა ლიტერატურასა და სააგიტაციო პლაკატს შორის განსხვავება უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთვევაში, ლიტერატურის ბოროტულად გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მხარეს”, – ამბობს ანა კორძაია სამადაშვილი

მწერლებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებებზე, როგორია, იყო ქალი მწერალი საქართველოში და ეხმიანებოდე თემებს, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ჯერ კიდევ მარგინალურია.

ამის შესახებ თამთა მელაშვილი ამბობს: “თუ მწერალი არის ქალი და ეკუთვნის რომელიმე არადომინანტურ ჯგუფს, მისი ტექსტი არის ფემინისტური მნიშვნელობით პოლიტიკური. სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია”.

შეხვედრის ბოლოს, თბილისი პრიაიდის წარმომადგენლებმა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დააანონსეს.

სიყვარულია სიყვარული

/

დოდო მაშინ დარწმუნდა, რომ კაცობა უნდოდა, როდესაც მამამისის კოსტიუმი ჩაიცვა, თავზე ბაბუამისის ცილინდრი დაიხურა და სარკეში ჩაიხედა. ის მალევე გამოუტყდა საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში კაცი უნდა ყოფილიყო. საკუთარი კლასელი გოგოები მოსწონდა, ჩუმად უთვალთვალებდა მათ, ათვალიერებდა მათ სხეულებს. თვითონ დიდხანს არ განუვითარდა მეორადი სასქესო ნიშნები და საკუთარი კლასელი გოგონების მაგალითზე აკვირდებოდა, თუ როგორ ყალიბდებოდა ქალი. ერთხელ ინგლისურის გაკვეთილზე მის გვერდით მჯდომ კლასელ გოგონას გახედა გვერდიდან, გოგონა ხელს იწევდა და უსახელო მაისურიდან მკერდი გამოუჩნდა, დოდომ გაიფიქრა, რომ ეს ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ იქვე მიხვდა, რომ მას არასოდეს ენდომებოდა ჰქონოდა მკერდი.

ცოტა ხანში დოდოს სხეულმაც დაიწყო გარდაქმნა, ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ამოებურცა ძუძუები, რომლებმაც მალევე შეწყვიტეს ზრდა, მაგრამ დოდოს მაინც არ მოსწონდა ის მცირე ამობურცულობები, რომლებიც ჰქონდა, არ მოსწონდა და ყოველთვის ცდილობდა მათ დამალვას, ხან თხელი აბრეშუმის შარფებით იკრავდა ისე, ხან სპეციალურად დიდი ზომის მაისურებსა და პერანგებს იცვამდა, რომ მკერდი არ დასტყობოდა. გარდატეხის ასაკშივე ტუჩის ზემოთ შავი ბუსუსები გაუჩნდა, თავიდან მოეწონა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ამისთვის ჯერ ადრე იყო, დაქალების რჩევა გაითვალისწინა და ეპილაციით მოიშორა.

კაბებს თითქმის არასოდეს იცვამდა და ამიტომ ფეხების ეპილაცია არ სჭირდებოდა, აუზებზე არ დადიოდა, ზღვაში დღისით არ შედიოდა, ღამით გადიოდა ხოლმე სანაპიროზე, მაშინ როცა სექსით დაკავებული წყვილების გარდა იქ არავინ იყო და ზღვაში მაისურით ცურავდა. სკოლა რომ დაამთავრა, მოჰავკი (მოჰიკანი, იროკეზი) გაიკეთა და ასე ნახევრად თავგადაპარსული მოძრაობდა. ბევრი მეგობარი ჰყავდა, ბიჭიც და გოგოც. ყველას უყვარდა, ჯიგარი ქალაბიჭას როლი კარგად მოირგო და არც ბიჭები აწუხებდნენ დიდად, უფრო რჩევების საკითხავად მიმართავდნენ ხოლმე და ისიც დაუნანებლად გასცემდა რჩევა-დარიგებებს.

უნივერსიტეტში რამდენიმე გოგო მოსწონდა, მაგრამ ვერ უბედავდა გრძნობებში გამოტყდომას. უნივერსიტეტის დამთავრების და მუშაობის დაწყების შემდეგ ღამის კლუბებში დაიწყო აქტიურად სიარული და ურთიერთობებიც გაუმარტივდა. აღმოაჩინა, რომ ბევრ გოგოს მასავით გოგოები მოსწონდა, ზოგს მხოლოდ გოგოები, ზოგს გოგოებიც და ბიჭებიც, ასეთი გოგოების ამოცნობაც ისწავლა და რამდენიმე ხანმოკლე ურთიერთობაც დაამყარა. ყველაფერი კარგად იწყებოდა ხოლმე, მოწონებით, ერთად გართობით, თავგადასავლებით სავსე ღამეებით, მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გრძელდებოდა, რატომღაც თავადაც სწრაფად ბეზრდებოდა და მის პარტნიორებსაც. ამაზეც დიდად არ ღელავდა, დაასკვნა, რომ პოლიგამი იყო, ზოგჯერ პარალელური ურთიერთობებიც ჰქონდა და კარგადაც ამენეჯმენტებდა (როგორც თავად ამბობდა), ანუ მართავდა ამ ყველაფერს. ახალი სახელის მოფიქრება არ დასჭირვებია, დოდო ხომ კაცის სახელიც იყო და ამიტომ, ამ თემაზე ბევრი არც უფიქრია.

ძირითად დროს ოფისში ატარებდა, ბევრს მუშაობდა, ბევრსაც შოულობდა ბიზნესის ადმინისტრირებით, მანქანებსაც ხშირად იცვლიდა და საანაბრო ანგარიშზე თანხასაც აგროვებდა კიდეც. ხანდახან ოპერაციაზეც ეფიქრებოდა, მაგრამ ეს იყო ის იშვიათი რამ, რისიც ეშინოდა და სწრაფადვე წყვეტდა ამაზე ფიქრს, თუმცა ხანდახან თავს მაინც უტყდებოდა, რომ თანხას სწორედ ამისთვის აგროვებდა.

სოსო მაშინ დარწმუნდა, რომ ქალობა უნდოდა, როდესაც დედის ლამაზი და ბრჭყვიალა საღამოს კაბა ჩაიცვა, თავზე ბებიის პარიკი დაიხურა და სარკეში ჩაიხედა. მას შემდეგ სოსო დიდხანს არ უტყდებოდა საკუთარ თავს იმაში, რომ ბიჭი არ იყო. თავიდან ცდილობდა, საერთოდ არ ეფიქრა ამაზე, მერე ნელ-ნელა ფანტაზირება დაიწყო, წარმოიდგენდა, როგორ იღებავდა სახეს, ივარცხნიდა გრძელ თმას, იცვამდა ლამაზ კაბებს და როგორ აღტაცებით უყურებდნენ გარშემო მყოფი კაცები. პირველად მაშინ მიხვდა, რომ ბიჭი არ უნდა ყოფილიყო, როცა ერთხელ სკოლაში ბიჭების ტუალეტში შევიდა და შერცხვა სხვა ბიჭის (რომელიც გაფაციცებით უყურებდა და აშკარად უნდოდა, დაეტოლებინა) თანდასწრებით მოშარდვა. მას შემდეგ ცდილობდა, სკოლაში წასვლამდე დაეცალა შარდის ბუშტი და სკოლაში თუ მოუნდებოდა ტუალეტში შესვლა, თავს იკავებდა სახლში მისვლამდე. ხანდახან ფიქრობდა ხოლმე, რა იქნებოდა ქალებისა და კაცების ტუალეტები საერთო რომ ყოფილიყო, ოღონდ ინდივიდუალური და თან პისუარები საერთოდ არ ყოფილიყო არც ერთ ტუალეტში.

გარდატეხის ასაკში სხეულზე თმა ამოუვიდა და ძალიან შეწუხდა. საშინლად არ მოსწონდა ის, რომ ხელებს, ფეხებს, გულ-მკერდს თმა უფარავდა, მაგრამ ყველაზე მეტად ულვაშები აგიჟებდა. ჯერ პინცეტით ცდილობდა სახეზე თმის მოშორებას, მაგრამ ის მატულობდა და ბოლოს პარსვა დაიწყო. ეუბნებოდნენ, მეტი ამოგივაო, მაგრამ რა უნდა ექნა, ვერ იტანდა სახეზე გაჩენილ უამრავ ყვითელ წერტილს. პარსვამ ვერ უშველა, თმამ იმატა და ყოველდღე, ხან დღეში რამდენჯერმე იპარსავდა და იპარსავდა წვერს. იპარსავდა ტანს, ხელებს, ფეხებს, მკერდს, ბოქვენს, საჯდომს, ყველაფერს იპარსავდა, ამაზე ძალიან ბევრი დრო ეხარჯებოდა და ეს აგიჟებდა მანამ, სანამ ეპილაციის შესაძლებლობა არ გაჩნდა. მაშინ კი დაისვენა, რამდენიმე კვირით ინარჩუნებდა უთმო სხეულს. ბოლოს იმდენი ქნა, თმა მინიმუმამდე დაიყვანა და ეპილაციაც მხოლოდ განსაკუთრებით პრობლემურ ადგილებში სჭირდებოდა. სამაგიეროდ თავზე ყოველთვის უნდოდა, რომ გრძელი თმა ჰქონოდა. გარდატეხის ასაკშივე, როგორც კი საშუალება მიეცა, თავზე თმა მოუშვა და გრძელი ქერა თმით მოძრაობდა. ბევრ პრობლემას ხვდებოდა ისედაც და მხოლოდ გრძელი თმის გამოც. ეკითხებოდნენ ბიჭი ხარ თუ გოგოო, დასცინოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ უძლებდა და ატარებდა გრძელ ქერა თმას. საგანგებოდ უვლიდა, უფრთხილდებოდა, უკან შეკრულით დადიოდა ძირითადად და ერთი სული ჰქონდა, როდის დარჩებოდა მარტო, როდის გაიშლიდა თმას, ჩაიხედავდა სარკეში და დაინახავდა საკუთარ თავს ისეთს, როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო.

უკვე საკმაოდ დიდი იყო, როდესაც მიხვდა, რომ უნდოდა მკერდი ჰქონოდა, დიდი არა, საშუალო ზომის, მაგრამ ისეთი, როგორიც ქალებს აქვთ, ძუძუები, ლამაზი, ზეაწეული, კერტებით, დვრილებით, მთრთოლარე და მგრძნობიარე. მოუნდა და გადაწყვიტა, რომ ფული შეეგროვებინა და ოდესმე ოპერაცია გაეკეთებინა. ვერავისთან მეგობრობდა, ბიჭები თავისიანად არ აღიქვამდნენ, აბუჩად იგდებდნენ, ამცირებდნენ, რიყავდნენ, გოგოებიც არ იღებდნენ თავისიანად, არ მოსწონდათ, არ ემეგობრებოდნენ. სოსოც არ ინდომებდა დიდად, იცოდა, რომ არც ბიჭებთან და არც გოგოებთან ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო. იცოდა, რომ განსაკუთრებული იყო და ხშირად რცხვენოდა ამის, მაგრამ იყო მომენტებიც, როცა დაფიქრდებოდა და ხვდებოდა, რომ უნდა ეამაყა იმით, რომ ყველასგან განსხვავდებოდა, იმით, რომ არ ჰგავდა სხვებს, იმით, რომ განსაკუთრებული იყო.

მშობლებმა გვიან შეამჩნიეს განსხვავებულობა, არ ეცალათ მისთვის, ლუკმა-პურის შოვნაში ატარებდნენ მთელ დროს და როცა შენიშნეს და გააცნობიერეს, საშინელი რეაქცია ჰქონდათ. მამამ გრძელ თმაში მოჰკიდა ხელი და სამზარეულოს იატაკზე ათრია, დედა კი ზემოდან დაჰკიოდა და წყევლიდა. ორი კაბა, ერთი ბიუსტჰალტერი და ქალის სამი ქვედა საცვალი უპოვეს ოთახში და გადაუყარეს, თმის შეჭრა მოსთხოვეს, უარი მიიღეს და თავად სცადეს ამის გაკეთება, მაგრამ სოსომ არ დაანება, მამის მიერ ხელებგაკავებულმა მაინც დაიძვრინა თავი და დედას არ მისცა მისი გრძელი და ლამაზი თმის მოჭრის საშუალება.

ოჯახში ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, მშობლები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ სოსოსთვის, რომ ის კაცი იყო და გაეღვიძებინათ მასში მამაკაცური ღირსება, მაგრამ სოსო კიდევ უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ კაცად არასწორად დაიბადა და სინამდვილეში ის ქალი უნდა ყოფილიყო. სახელიც მოიფიქრა, სესო. ასე უნდოდა, ყოველთვის მოსწონდა ეს სახელი და გადაწყვიტა, რომ ასე რქმეოდა. ბოლოს მშობლებიც შეეგუვნენ იმას, რომ მათი ერთადერთი სოსო სინამდვილეში სესო იყო, რა ექნათ, უყვარდათ შვილი. სესომ მუშაობა ადრევე დაიწყო, ხან მიმტანად მუშაობდა, ხან კურიერად, ბიჭის ტანსაცმლით დადიოდა, თმას უკან იკრავდა, ხმას იბოხებდა, სესოს ნიღბავდა და ასე შოულობდა სამხატვრო აკადემიაში დიზაინის სწავლისა და ჯიბის ფულს.

ერთმანეთი ბარ „წარმატებაში“ გაიცნეს. სესომ თანამშრომლებისგან გაიგო, რომ ამ ბარს ქვიარ ადამიანები სტუმრობდნენ, მოიკრიბა გამბედაობა, ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა, მაღალ ქუსლებზე შედგა, სახეზე მკვეთრი მეიქაფი გაიკეთა, თმა გაიშალა და ბარში ტაქსით მივიდა. სანამ ტაქსის გააჩერებდა, რამდენიმე მანქანამ გაუჩერა, სექსმუშაკი ეგონათ მოკლე კაბის გამო, მაგრამ აბეზარი კაცები ადვილად მოიშორა კაცის ხმით პასუხით. დოდო მეგობრებთან ერთად სხვა კლუბიდან წამოვიდა საკმაოდ ნასვამი და ბარში შესულმა თვალი ვეღარ მოსწყვიტა სესოს, რომელიც ბართან იჯდა და კოქტეილს სვამდა. დოდოს ბევრი არ უფიქრია, პირდაპირ მივიდა და სასმელზე დაპატიჟება შესთავაზა. სესო თავიდან ვერ მიხვდა, ქალი რატომ პატიჟებდა და უარი უთხრა, მაგრამ მანერებს რომ დააკვირდა, მიხვდა, რომ სინამდვილეში კაცთან ჰქონდა საქმე და სიამოვნებით დასთანხმდა. სამ-სამი „ორგაზმი კივილით“ დალიეს, სესო საკმაოდ შეზარხოშდა, დოდო კი ძალიან დათვრა, ფეხზე ძლივს იდგა, სკამზე წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა. სესო ედგა გვერდით და აკავებდა, რომ არ წაქცეულიყო.

დოდო და სესო დოდოს მეგობრებმა წაიყვანეს სახლში, გზაში დოდომ სესოს სთხოვა, მარტო ვარ დღეს, თან ძალიან მთვრალი  და გეხვეწები, ცოტა ხნით ამომყევი, სანამ ცოტათი აზრზე მოვალო. სესო დასთანხმდა. დოდოს მეგობრებმა დოდო და სესო დოდოს სახლთან დატოვეს და თვითონ წავიდნენ. კიბეებზე ძლივს ავიდნენ. სესომ დოდოს ხელი მხარზე გადაიხვია და ისე მიიყვანა  ლიფტამდე. ლიფტშიც ასე იყვნენ და დოდოს ბინაშიც ასე შევიდნენ. დოდო დივანზე წამოწვა, სესოს სთხოვა, მაცივარში ცივი წვენია და დამალევინეო. დაუსხა და მიუტანა, დალია დოდომ, სესოსაც სწყუროდა და მანაც დალია იმავე ჭიქიდან. დოდომ მადლობა გადაუხადა, დივანზე დაეშვა და ჩაეძინა. სესო იჯდა დივანზე და დაჰყურებდა მძინარე დოდოს, ლამაზ სახეს მამაკაცური იერი დაჰკრავდა, ძლიერი მხრები ჰქონდა, თითქმის შეუმჩნეველი მკერდი არც ეტყობოდა განიერ შავ მაისურზე. დოდოს შავი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, თითქმის გადაპარსული, ლამაზი თავი ჰქონდა და სესოს მოუნდა ხელით შეხებოდა დოდოს თავის ლამაზ ფორმას. დიდხანს იფიქრა, ერიდებოდა, მაგრამ ბოლოს ფრთხილად გადაუსვა. ხელის გულში შეერჭო დოდოს უხეში თმა, ჟრუანტელმა დაუარა, კიდევ ერთხელ გადაუსვა, დოდოს სახეზე სიამოვნება გამოესახა და სესომ მოფერება განაგრძო.

გვიან გაეღვიძათ, მზე უკვე მაღლა ასულიყო და იქიდან ცდილობდა ზამთრით და უიმედობით გაციებული ქალაქის გათბობას. პირველმა დოდომ გაიღვიძა და მის გვერდით მიწოლილი სესო რომ დაინახა, ძალიან ესიამოვნა. უნდოდა, შეუმჩნევლად ამდგარიყო და სესოსთვის ყავა გაეკეთებინა, მაგრამ როგორც კი გამოძრავდა, სესომაც ააციმციმა წამწამები, შეცბუნდა, რაღაცნაირად მოერიდა და დოდოს ვერც კი გაუსწორა თვალი. დოდომ ჰკითხა, რამე ხომ არ მომხდარაო, არაო დარცხვენილმა უპასუხა სესომ.

დოდოს ნაბახუსევს თავი სტკიოდა, სესომ უთხრა, შენ იწექი, მე მოგიმზადებ ყავას და საუზმესო, სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში უკან ყავითა და სენდვიჩებით დაბრუნდა. ისაუზმეს, ისაუბრეს, მოკლედ მოუყვნენ ერთმანეთზე ერთმანეთს. შაბათი იყო და არსად ეჩქარებოდათ, მზის მიუხედავად გარეთ ციოდა და გადაწყვიტეს სახლში ყოფილიყვნენ, „მატრიცას“ უყურეს ერთად, მერე „მატრიცა: გადატვირთულს“, მერე „მატრიცა: რევოლუციებს“, შუალედებში საუბრობდნენ, პიცა გამოიძახეს, საღამოს რომის მარტივი კოქტეილები მოამზადეს და დალიეს, ბოლოს გაიხადეს და ერთად დაწვნენ დოდოს საწოლში. დიდხანს ეფერნენ ერთმანეთს, დიდხანს კოცნეს, დიდხანს ისიამოვნეს და ასიამოვნეს, ბოლოს სესომ დოდოს მხარზე დაადო თავი და მშვიდად დაიძინეს.

14 თებერვალს მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, დოდომ მიაკითხა სესოს სახლთან. სესო ძალიან ღელავდა და ძალიან უხაროდა, დოდოსაც უხაროდა, მაგრამ არ ღელავდა, სესოს მანქანაში მისი საყვარელი სუნამო აჩუქა. კინოში წავიდნენ, რაღაც მელოდრამას უყურეს, მთელი სეანსის განმავლობაში ერთმანეთის ხელები ეჭირათ, სესო დოდოს პოპკორნს უდებდა პირში და დოდოც მორჩილად მიირთმევდა ბატიბუტს. კინოდან გამოსულებს შესცივდათ, მანქანისკენ გაიქცნენ, გზაში გახურდნენ და როდესაც მანქანასთან აქოშინებულებმა მიირბინეს, გოგომ სესო თავისკენ შეატრიალა და ქოშინით უთხრა, რომ უყვარდა. სესოს სიხარულით სახე გაებადრა, შემდეგ დაიმორცხვა და ცხოვრებაში პირველად დოდოს უთხრა, რომ მასაც უყვარდა. დოდომ სესოს წელზე ხელი მოჰხვია, თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად აკოცა, მერე მანქანაში ჩასხდნენ და დოდოს სახლისკენ წავიდნენ. ის ღამეც სიამოვნებაში გაატარეს.

თებერვალი სიყვარულში გაილია, მარტში პანდემიამ მოიცვა მსოფლიო, მთავრობამ, როგორც იურისტები ამბობდნენ, ანტიკონსტიტუციური შეზღუდვები მიიღო, კომენდანტის საათი გამოაცხადა და ჩაკეტა ქალაქი. ერთმანეთისგან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ და მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა და ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, ძალიან გაუჭირდათ. ხან დოდო აკითხავდა სესოს, ხან სესო დოდოს. ძალიან გაწვალდნენ, თუმცა დღითიდღე რწმუნდებოდნენ თავიანთი გრძნობების სიწრფელესა და სისწორეში.

მაისში უაზრო შეზღუდვები შერბილდა, იუსტიციის სახლმა მოქალაქეების მიღება განაახლა და დოდომ სესოს დაქორწინება შესთავაზა. სესო დაიბნა, გაუხარდა, დაფიქრდა, ვერაფერი მოიფიქრა და დოდოს უთხრა, რომ იფიქრებდა ამაზე. რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ სესო დასთანხმდა დოდოს შეთავაზებას და კაბაზე ფიქრი დაიწყო. გაიკითხა და საქორწილო კაბების მკერავს სადა თეთრი მაქმანებიანი კაბა შეუკვეთა, აი ისეთი, ბოლომდე საქორწილო რომ არ არის, მაგრამ რომ ეტყობა, რომ რაღაც განსაკუთრებულის აღსანიშნავად აცვია ადამიანს. დოდომ ახალი კოსტიუმი იყიდა საყვარელ მაღაზიაში, თეთრი ჰალსტუხიც დაამატა ვარდისფერი და ცისფერი ზოლებით, ბევრი ეძება, მაგრამ ბოლოს იპოვა ერთგან.

17 მაისს სესო და დოდო იუსტიციის სახლთან დოდოს მანქანით მივიდნენ. მანქანა დააყენეს და იუსტიციის სახლის შესასვლელისკენ გაემართნენ. ლურჯ ცაზე მზე ანათებდა და სესო და დოდოც ანათებდნენ. საგანგებოდ გამოწყობილები ღიმილით ამაყად მიაბიჯებდნენ ქვის ფილებზე. როდესაც პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალთან ჩაიარეს, იქვე ჩაცუცქული მოძველბიჭო ელემენტი წამოუხტა და ყვირილით გამოეკიდა მათ. სად მიდიხართ, მოდით აქ, თქვე ქათმებოო, ეძახდა. დაეწია და სესოს მივარდა, ხელი ჰკრა, სესო წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა, ამასობაში დოდომ თავდამსხმელს მუშტი მოუქნია და ყბაში მოადო. ის ტიპი სულ გადაირია, ახლა დოდოსკენ გაიწია, სესომ ჩანთიდან წიწაკის სპრეი ამოიღო და თვალებში შეასხა. თავდამსხმელმა საშინლად იღრიალა, აეწვა თვალები, ვერაფერს ხედავდა, დაიბნა, ხელების ცეცებას მოჰყვა აქეთ-იქით, მაგრამ არ ჩერდებოდა, ახლა კიდევ უფრო გავეშებული მიიწევდა წყვილისკენ. ისევ სესოს მიადგა შემთხვევით და ის იყო ხელი მოუქნია, რომ დოდომ ფეხი ჩაარტყა მკერდში. თავდამსხმელი შებარბაცდა, უკან-უკან წავიდა, კიბეებზე დაგორდა და ტალახიან გუბეში ჩავარდა, იქიდან მაინც ღრიალებდა „თქვე პიდარასტებოო“, თუმცა ძალადობის სურვილი აშკარად დაკარგული ჰქონდა. სესომ და დოდომ გზა გააგრძელეს და შევიდნენ იუსტიციის სახლში.

რიგის ნომერი აიღეს და მერვე სივრცეში დასხდნენ საკუთარი რიგის მოლოდინში. მალევე აინთო მათი ნომერი 175. მაგიდასთან ახალგაზრდა გოგონა დახვდათ. ქორწინების რეგისტრაცია გვინდაო უთხრეს. გოგონამ აათვალიერ-ჩაათვალიერა და უპასუხა, ერთსქესიანთა ქორწინება არ არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობითო. სესომ უთხრა, ჯერ ერთი, ერთსქესიანთა კი არა, ერთნაირსქესიანთა და მეორეც, ჩვენ სხვადასხვა სქესის ვართ, ქორწინება კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის მიხედვით ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირიაო. ოპერატორი გოგონა შეცბა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოართვა, დიდხანს უყურა ჯერ საბუთებს, შემდეგ კომპიუტერის დისპლეის, შიგადაშიგ წყვილისკენაც აპარებდა თვალს. მერე გავიდა. სესომ დოდოს უთხრა, მაშინ, როდესაც იუსტიციის სახლში სახელისა და სქესის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ განცხადება შევიტანე და დამიკმაყოფილეს, სქესის ცვლილების რეგისტრაციაზე უარი მითხრეს და ეს რომ არა, ახლა ვერ შევძლებდით დაქორწინებასო. ზოგი ჭირი მარგებელიაო, უპასუხა დოდომ და თვალი ჩაუკრა.

ოპერატორი გოგონა ცოტა ხანში სივრცის უფროსთან ერთად დაბრუნდა. ახლა იმან დაიწყო იმის ახსნა, რომ ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება არ არის დაშვებული საქართველოს კონსტიტუციით. ახლა მას განუმარტა ამჯერად დოდომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას და ის და სესო იყვნენ ქალი და მამაკაცი, რომლებსაც სურდათ ოჯახის შექმნა. ოპერატორმა გოგომ და სივრცის უფროსმა კიდევ დიდხანს ითათბირეს ერთმანეთთან, ისტერიკულად რეკავდნენ სადღაც და მერე ისევ ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. ბოლოს სივრცის უფროსი წავიდა, ოპერატორი გოგო კი დაუბრუნდა სამუშაო ადგილს, სესოს და დოდოს ქორწინება დაარეგისტრირა და ქორწინების მოწმობაც გადასცა წყვილს.

სესომ და დოდომ ბეჭდები გაუკეთეს ერთმანეთს, ოპერატორი გოგონას თანდასწრებით დემონსტრაციულად და ენებით აკოცეს ერთმანეთს, სურათებიც გადააღებინეს ხან დოდოს, ხან სესოს ტელეფონით და ბედნიერებმა დატოვეს ჯერ მერვე სივრცე და შემდეგ იუსტიციის სახლი. მტკვრის მხარეს გავიდნენ უკანა კარიდან, სანაპიროზე ჩავიდნენ, კარგი ამინდი იყო და მტკვარს გახედეს. იცინოდნენ, ბედნიერები კოცნიდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს. ციდან ზუზუნი მოესმათ, აიხედეს და დაინახეს დრონი, რომელსაც ცისარტყელას დროშა ჰქონდა მიმაგრებული, მიხვდნენ, რომ მეგობრები ახლოს იყვნენ. და მაშინ, როცა სესოს და დოდოს უბრალოდ უყვარდათ ერთმანეთი, ერი და უფრო მეტად ბერი ოჯახის სიწმინდის დღეს ზეიმობდა, ლგბტქია+ თემი კი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის (ანუ ლგბტქია+ დისკრიმინაციის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, ოღონდ ონლაინ.

 

მოთხრობის ავტორი: ამირანი

 

ილუსტრაციების ავტორი: კოკა ქიტიაშვილი 

 

პუბლიკაციის შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს ონლაინ გამოცემა ქვიარის ხედვას ლგბტქი საკითხებისადმი.  

 

უილიამ შექსპირი უდავოდ ბისექსუალი იყო

/

იყო თუ არა ლეგენდარული დრამატურგი ქვიარი, ამაზე დაობენ მისი გარდაცვალებიდან 400 წლის შემდეგაც. უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების დღე 23 აპრილია. 

პროფესორმა სტენლი უელსმა და მისმა კოლეგამ პოლ ედმონდსონმა შეისწავლეს შექსპირის 182 სონეტი და აღმოაჩინეს, რომ აქედან ქალებს ეძღვნებოდა 10 სონეტი ხოლო 27 კაცებს.

“ზოგიერთ სონეტში სექსუალობის ენა ძალიან ცხადად მიმართულია მამაკაცისკენ, რაც უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შექსპირი ბისექსუალი იყო” – განაცხადა ედმონსონმა გამოცემა ტელეგრაფთან ინტერვიუში.  

უელსის და ედმონსონის მიგნებები გამოქვეყნებულია მათ მიერ გამოცემულ წიგნში  “All the sonnets of Shakespeare”.

გამოყენებული წყარო: https://www.thepinknews.com/2021/04/23/william-shakespeare-bisexual-love-sonnets-gay-sexuality/

წიგნები, რომლებიც იდეალური საჩუქარი შეიძლება აღმოჩნდეს ქვიარ ადამიანებისთვის (და არა მარტო)

/

ახალი წელი საუკეთესო დროა საყვარელი ადამიანის გასახარებლად, ოქროსფერი ბანტებით შეფუთული ყუთები კი ახალი წლის განუყრელი ნაწილია. პროცესი უფრო სასიამოვნოა, თუ საჩუქარი წიგნია, რომელიც არაერთ სასიამოვნო თავგადასავალს უმზადებს მკითხველს.

გთავაზოთ 8 წიგნს ქვიარ თემატიკაზე, რომელიც იდეალური საჩუქარი შეიძლება აღმოჩნდეს ქვიარ და არამარტო ქვიარ ადამიანებისთვის:

ორლანდო — ვირჯინია ვულფი

მთარგმნელი — ლელა დუმბაძე 

„ორლანდო“ კლასიკოსი ბრიტანელი ავტორის, ვირჯინია ვულფის საკულტო ნაწარმოებია, რომელშიც ახალგაზრდა დიდგვაროვანი მამაკაცის, ორლანდოს ისტორიაა, რომელიც ელიზაბეტის დროინდელ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. 30 წლის ასაკში ორლანდო დიპლომატიური მიზნით მიემგზავრება კონსტანტინოპოლში, სადაც ის სქესს შეიცვლის და ქალი გახდება. ფანტასმაგორიულ წიგნში ორლანდო არ ბერდება და 300 წლის განმავლობაში ცხოვრობს. ამ 300 წლის განმავლობაში კი ვულფი ჟამთაამღწერლის როლს ირგებს და გვიყვება, როგორია ქალების ცხოვრება.

მიდლსექსი — ორ სქესს შორის — ჯეფრი იუჯინიდისი

მთარგმნელი — რამაზ ხატიაშვილი

პულიცერის პრემიის მფლობელი წიგნი „მიდლსექსი“ ბერძნული წარმოშობის ამერიკელ ავტორ, ჯეფრი იუჯინიდის ეკუთვნის. „მიდლსექსი“ ძალიან მრავალფეროვანი რომანია, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ინტერსექსი ადამიანის ცხოვრების აღწერით და გვიყვება უხერხულობამდე გულწრფელ ისტორიას ბერძნულ-ამერიკული ოჯახისა და ამასთან ერთად, იდეალურად აღწერს მეოცე საუკუნის ამერიკის ძირეულ პოლიტიკურ თუ სოციალურ ცვლილებებს.

დაშლა — დავით გაბუნია

დავით გაბუნია თანამედროვე ქართველი დრამატურგი, მწერალი და მთარგმნელია, რომლის პიესებში მრავლად შეხვდებით ქვიარ თემატიკას და ფემინისტურ საკითხებს. რომანი „დაშლა“ რამდენიმე წლის წინ გამოიცა და გვიამბობს ერთი ოჯახის ისტორიას. თინას და ზურას ოჯახი ერთი შეხედვით იდეალურიც შეიძლება გეჩვენოთ, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც ზურა მეზობელი გეი მამაკაცის თვალთვალს დაიწყებს.

ქვიარ გრძნობები

(თარგმანების კრებული). მთარგმნელები — სალომე ქინქლაძე, ნარგიზა არჯევანიძე, ნუკრი ტაბიძე, ლაშა ქავთარაძე, ანა ილურიძე, მარიამ ქაჯაია

„ქვიარ გრძნობები“ თარგმანების კრებულია, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით გამოიცა. წიგნი აერთიანებს ქვიარ და ფემინისტი  ავტორების (ივ კოსოვსკი სეჯვიკს, ოდრი ლორდი, ხოსე ესტებან მუნოზი, ენ ცვეტკოვიჩი, სარა აჰმედი, ლორენ ბერლანტი, დინ სპეიდის) ესეებს. ესეების კრებული კრიტიკულ კითხვებს სვამს და მკითხველთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს, რა არის ქვიარ თეორია, როგორ სახეს იღებს გეი და ლესბოსური მოძრაობები დღეს, რას მოიაზრებს ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა და ა.შ.

წყვდიადის მარცხენა ხელი — ურსულა ლე გუინი

მთარგმნელი — ნიკა სამუშია

„წყვდიადის მარცხენა ხელი“ კანადელი ავტორის, ურსულა ლე გუინის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანია, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოიცა და დიდი გარდატეხა მოახდინა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. რომანში მოქმედება გამოგონილ პლანეტა გეთენზე მიმდინარეობს. თოვლით დაფარულ პლანეტაზე, რომელზეც არ არსებობს ქალისა და მამაკაცის მარტივი განსზაღვრება, მეფე ორსულდება და ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც, შეიძლება ითქვას, რომ სქესი არ გააჩნიათ.

საათები — მაიკლ კანინგემი

მთარგმნელი — დავით აკრიანი   

„საათები“ მაიკლ კანინგემის 21-ე საუკუნის რომანია, სადაც აღწერილია სამ სხვადასხვა დროში, ქალაქსა და სოციალურ წყობაში მცხოვრები ქალების ისტორია. პირველი გმირი,  ვირჯინია ვულფია, რომელიც მენტალურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს. მეორე გმირი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, გვიან 40-იან წლებში მცხოვრები ვირჯინია ვულფის მკითხველია, რომელიც ტრადიციულ, უსახურ ქორწინებაში იმყოფება. მესამე გმირი კი თანამედროვე დროში მცხოვრები კლარისაა. ქვიარ ქალების ისტორია იდეალურად ასახავს ქალის როლს სამ სხვადასხვა დროში და მკითხველს ქვიარ და ფემინისტური საკითხების საინტერესო გადააზრებას სთავაზობს.

განსაწმენდელი — ანდრო დადიანი

„განსაწმენდელი“ თანამედროვე ქართველი ქვიარ ავტორისა და ხელოვანის, ანდრო დადიანის პოეტური კრებულია, რომელშიც ავტორი თავისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით გვიყვება ქვიარ ადამიანად დაბადების სირთულეებზე, ტკივილებზე, რომლებიც ანგრევს ადამიანების ცხოვრებას, საზოგადოებაზე, რომელიც არ სცნობს უმცირესობების უფლებებს და კლავს ტრანსგენდერ ადამიანებს. ანდრო დადიანს ქართული საზოგადოება პერფორმანსებით იცნობს, რომლითაც ხელოვანი სხვადასხვა აქტუალურ და მტკივნეულ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებს ეხმიანება. თუმცა მისი პოეზია იმაზე მეტია, ვიდრე მორიგი რეფლექსია.

შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ — ფენი ფლეგი

მთარგმნელი — ნინო მიქაშავიძე

„შემწვარი მწვანდე პომიდვრები“ ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს ამერიკული ლიტერატურისთვის და იდეალურად ასახავს გასული საუკუნის ამერიკის ყველაზე რთულ, დიდი დეპრესიის წლებს. სევდითა და ადამიანური ისტორიებით სავსე რომანში, იდეალურად არის აღწერილი, რა გზის გავლა მოუწიათ უმცირესობებს, როგორი იყო მათი ცხოვრება გასულ საუკუნეში და როგორ დაიწყო ამერიკული საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდა ქვიარ და არა მარტო ქვიარ საკითხების მიმართ.

შენი სახელი დამიძახე — ანდრე ასიმანი

მთარგმნელი გურამ ღონღაძე

„შენი სახელი დამიძახე“ ანდრე ასიმანის წიგნია, სადაც აღწერილია 17 წლის ელიოს ისტორია. რომანში მოქმედება 1980-იან წლებში, იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ვითარდება. უნივერსიტეტის პროფესორების ოჯახში სტუმრად 24 წლის ოლივერი ჩამოდის, რომლის მიმართაც ელიოს გრძნობები უჩნდება. ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიის კინოეკრანიზაციაც იხილა მაყურებელმა, სადაც მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს.

წარსულის შეცვლა რომ შემეძლოს, 21 წლის ნაცვლად, ქამინგაუთს 16-17 წლის ასაკში გავაკეთებდი – იუვალ ნოახ ჰარარი

/

45 წლის ჰარარიმ, რომელიც ისრაელშია დაბადებული, დოქტორის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ის ავტორია ბესტსელერების: საპიენსი – კაცობრიობის მოკლე ისტორია; ჰომო დეუსი – ხვალინდელობის მოკლე ისტორია; 21 გაკვეთილი XXI საუკუნისთვის; საპიენსი – გრაფიკული ისტორია, ტომი I. მომავალ კვირაში მისი მომდევნო წიგნი, საპიენსი – გრაფიკული ისტორია ტომი II, ცივილიზაციების საყრდენები გამოდის. ჰარარი თავის ქმართან ერთად თელ-ავივთან ახლოს ცხოვრობს და ისტორიის ლექციებს კითხულობს იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში.

Photograph: Jonas Holthaus/Laif/Camera Press

როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

ახლა. ჩემი მოლოდინები უფროა მორგებული რეალობას, ვიდრე 20 ან 10 წლის წინ.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში?

ისე გავანადგურებთ კაცობრიობას, რომ ვერც კი გავიაზრებთ, რა დავკარგეთ.

რა არის თქვენი ყველაზე ადრეული მოგონება?

ჩემი ყველაზე ადრეული მოგონება, რომელიც ისტორიას უკავშირდება, ლიბანის პირველი ომი და ფოლკლენდის ომია. მაშინ ექვსი წლის ვიყავი. მახსოვს, გემის –HMS Sheffield-ის ჩაძირვას ტელევიზორში ვუყურებდი, ამან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

რომელი ცოცხალი ადამიანი აღგაფრთოვანებთ და რატომ?

პერსონალურ დონეზე, ჩემი მეგობარი, რომელიც მარტოხელა დედაა და ორ შვილს ზრდის ამ კოვიდის ერაში – ის ნამდვილი გმირია. ისტორიული პერსონებიდან, მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც, ვფიქრობ, მესამე მსოფლიო ომისგან გადაარჩინა მსოფლიო.

ხასიათის ის თვისება, რომელიც საკუთარ თავში არ მოგწონთ.

ყველა თვისებას აქვს პოზიტიური და ნეგატიური პოტენციალი, მთავარია, ისწავლო, როგორ გამოიყენო ის. მაგალითად, ბრაზი და სამართლიანობა ერთი და იგივეა – გაბრაზდები ან სამართალს მოძებნი.

ყველაზე ძვირფასს რას ფლობთ?

ჩემს სხეულს.

სამი სიტყვით აღწერეთ საკუთარი თავი.

ვფიქრობ, ვერავის აღწერ სამი სიტყვით.

რა იქნებოდა თქვენი სუპერძალა?

საგნების ისე დანახვა შემეძლოს, როგორიც სინამდვილეშია.

თქვენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

მიჭირს გაღიმება, მით უმეტეს, თუ მთხოვენ. ყველა ფოტოში ცოტა მოღუშული ვარ.

რომელიმე გამქრალი ნივთის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რომელს აირჩევდით?

მარჯნის რიფებს გადავარჩენდი, ჯერ არ გამქრალა, თუმცა ამ გზას ადგას.

რა არის თქვენი ყველაზე ცუდი ჩვევა?

მგონია, რომ საკმარის მადლიერებას არ გამოვხატავ ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ, თუმცა, ვფიქრობ, ისედაც იციან, როგორ ვაფასებ მათ.

რა გაშინებთ სიბერეში?

გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვა.

წიგნი, რომელიც არ წაგიკითხავთ და გრცხვენიათ.

არცერთი. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე წიგნი აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული.

ვინ გინდოდათ გამოსულიყავი, როცა გაიზრდებოდით?

ის, ვინც უყვართ.

ყველაზე ცუდი რამე, რაც თქვენთვის უთქვამთ.

წლები გავატარე მედიტაციში, ასეთი რაღაცებისთვის თავი რომ დამეღწია. ვფიქრობ, წარმატებით მოვახერხე.

რა არის ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობთ?

სიამონების გამო თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ.

მშობლების წინაშე რა ვალი გაქვთ?

დიდი მადლიერება. ისინი ყოველთვის ჩემთან იყვნენ. ზოგჯერ მათ არ იცოდნენ, როგორ დამხმარებოდნენ, ან რა გაეკეთებინათ, მაგრამ ყოველთვის  მაქსიმუმს აკეთებდნენ, მაშინაც კი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და მათ წინაშე ბევრ სისულელეს ჩავდიოდი.

რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული?

ჩემი ქმარი, იტციკი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ისრაელის ერთი პატარა ქალაქიდან ვართ, ერთმანეთს, 20 წლის წინ, გაცნობის ერთ-ერთ საიტზე შევხვდით. 2010 წელს ტორონტოში დავქორწინდით.

თქვენი ყველაზე ცუდი სამსახური.

როდესაც 16 წლის ვიყავი, ზაფხულის არდადეგებზე ქარხანაში ვმუშაობდი, სადაც სამრეწველო სარქველებს ამზადებდნენ. ისტორიკოსზე ბევრად უარესი სამრეწველო სარქველების მწარმოებელი ვიყავი.

ყველაზე დიდი იმედგაცრუება.

ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა არის ცხოვრება. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ისეთ ადამიანს მაინც ვიპოვიდი, ვინც ამას მიხვდა. უკვე 45 წლის ვარ და დიდი შანსია, რომ ასეთ ადამიანს ვერასდროს შევხვდე.

წარსულის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

ქამინგაუთს 16-17 წლის ასაკში გავაკეთებდი და არა – 21.

ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

რამდენიმე წლის წინ, ჩემი ძაღლი რომ მოკვდა. ჩვენ საბერძნეთში ვისვენებდით, ის კი მეგობართან გვყავდა დატოვებული და გველმა დაკბინა. უკან დავბრუნდით, თუმცა დაგვაგვიანდა.

ბოლოს როდის შეიცვალეთ აზრი რამე ძალიან მნიშვნელოვანზე?

წელს, კოვიდის დროს. ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით, მე მჯერა, გლობალური თანამშრომლობის აუცილებლობის, გასულ წელს მსოფლიოს ყურებამ მიმახვედრა, რომ ეს ბევრად, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მეგონა. შესაძლოა, შეუძლებელიც კი.

როდის იყავით სიკვდილთან ყველაზე ახლოს?

13 წლის ვიყავი, როცა ავტობუსმა კინაღამ გამიტანა. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის დროსაც, ერაყული რაკეტა ჩემს სახლთან ახლოს ჩამოვარდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ გასწავლათ.

რომ ყველაფერი იცვლება, ადამიანები არასოდეს არიან კმაყოფილი და ყველა იდენტობა ფიქციაა.

რა ხდება, როცა ვკვდებით?

ამაზე საკმაოდ ბევრი დავწერე. მე ვფიქრობ, რომ ცნობიერება არ არის მყარი რამ, მაგრამ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ის იგივეა, რაც ერთი წუთის წინ, ერთი დღის ან ერთი წლის წინ იყო, მაგრამ სინამდვილეში, საერთოდ არაა ნათელი, რა აკავშირებს ამ წუთის ცნობიერებას მომავლის ცნობიერებასთან. ჩვენ რომ ამის გაგება შეგვეძლოს, იმასაც გავიგებდით, რა ხდება მაშინ, როცა ვკვდებით. რა თქმა უნდა, ეს მე არ მესმის, ამიტომ, არ ვიცი.

გვითხარით, საიდუმლო…

ადამიანებს, რომლებიც მართავენ მსოფლიოს, ეს არ ესმით.

წყარო: theguardian.com

ფოტო მთავარზე: Photograph: Antonio Olmos for the Observer New Review

დამწყები ქართველი ქალი ავტორები და მათი წიგნები

/

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიამ ლიტერატურული პროცესები უფრო მეტად შეანელა, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მომრავლდნენ ახალი ქალი ავტორები, რომლებიც უფრო აჯანსაღებენ ლიტერატურულ პროცესებს და სრულიად ახლებურ გამოცდილებას სთავაზობენ ქართველ და არამარტო ქართველ მკითხველებს.

გაიცანით დებიუტანტი ავტორები, რომლებიც სულ ახლახანს გამოჩნდნენ ქართულ ლიტერატურაში და ჯერ კიდევ ელოდებიან მკითხველთან შეხვედრას.

ნანა აბულაძე – აკუმი 

„ნანა აბულაძის “აკუმი” არის წიგნი საკუთარი თავის ძიების შესახებ და იმის შესახებ, როგორ არ გვყოფნის ადამიანების უმეტესობას სიმამაცე იმისთვის, რათა გავუგოთ ჩვენს თავს. ამ წიგნში დევიაცია ზეიმობს,  ჰიბრიდულობა კი მითოსად იქცევა. ყველაფერ ამას დებიუტანტი ავტორი გოეთესეული თხზვის ხალისითა  და სრულიად მოულოდნელი ინტელექტუალური განსჯით ახერხებს. მგონია, რომ ლიტერატურული დებიუტი თავისი ინოვაციურობით, ინტელექტუალური სიღრმითა და აქტუალურობით სწორედ ასეთი უნდა იყოს“.

ლევან ცაგარელი – ლიტერატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 

ანოტაცია: „გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო, ჰო, ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევითაა დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან  დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. როგორ უნდა მოჰყვე ამ ყველაფრის შესახებ? ერთი ტექსტით? ერთ ტექსტში კიდევ სხვა ტექსტების შემოყვანით? თუ ასეც და ისეც? „აკუმი“ სწორედ ამგვარი რომანია.“

ნანა აბულაძე: წიგნის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა იოსებ ისიქასტის წერილებს ვკითხულობდი სულიერი შვილებისადმი, წიგნში ავტორი წერს, მე ისე გარიგებთ თქვენ, როგორც ჩემს ძმებს ვარიგებ – სქესი მხოლოდ გამრავლებისთვის არსებობს, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და არ არის არანაირი „ქალის სული“ ან „კაცის სული“, სული სულიაო. გამიკვირდა, ეს რომ წავიკითხე და ვიფიქრე, რა იქნებოდა, ადამიანი უსქესოდ რომ დაიბადოს-მეთქი. ვიცოდი, რომანის იდეა რომ იყო, მაგრამ იქამდე ჯერ სამედიცინო პრობლემა იყო – თანდაყოლილ ანომალიაზე ვწერდი. ამიტომ ჯერ ის უნდა გამერკვია, ნორმალურ შემთხვევაში, ადამიანის ნაყოფი როგორ ვითარდება, მერე კი ის, არსებობს თუ არა ასეთი ანომალია. თუ არ არსებობს, უნდა გამომეგონებინა.

როცა მოქმედების სივრცე და პერსონაჟები დავინახე, ყველაფერი დავტოვე, სამსახურიდან წამოვედი, სოფელში წავედი და იქ დავწერე პირველი ოცი გვერდი. ასე წარმომიდგენია, რომ ჩემი მკითხველი ინტელექტუალი, ლიტერატურის მოყვარული მკითხველია, მაგრამ „აკუმი“ დიდი ხანია, გასცდა მკითხველთა მაგ კატეგორიას. ეს კი ძალიან მახარებს. გულისგულში ვნატრობდი, ისეთ ადამიანებს წაეკითხათ, სამყაროს მრავალფეროვნება რომ აშინებთ და დამოკიდებულება შესცვლოდათ.

მარიამ გურგენიშვილი – მარგალიტები  

„გულწრფელობის და სილაღის ხარისხი, მოურიდებელი პირდაპირობა – დებიუტანტი ავტორისთვის შესაშური სიმწყობრე და გამართულობა. ეს და კიდევ სრულიად განმაიარაღებელი ემოციურობა, იუმორის გრძნობა – არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რის გამოც მარიამ გურგენიშვილის წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხე და ყველას ვურჩევ, თუ ვინმე დამეკითხება“.

დავით გაბუნია – მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგი

ანოტაცია: “15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს – უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან… მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს – ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს… და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის… დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის რომანი 1990-­იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. ”

მარიამ გურგენიშვილი: წერა მას შემდეგ გადავწყვიტე, როცა ცამეტი წლის ასაკში „ანა ფრანკის დღიური“, „გრძელფეხება მამილო“ და „პატარა ქალები“ წავიკითხე ერთმანეთის მიყოლებით, ზუსტად ამ თანმიმდევრობით. მაშინ მეც პატარა ვიყავი და ამ წიგნის გმირებიც, და თან ოთხივეს – ანას, ჯუდის, ჯოს და მე – ძალიან, ძალიან გვინდოდა, მწერლები გამოვსულიყავით. ჯერ კიდევ მაშინ ამეკვიატა აბეზარ ფიქრად, ასეთი წიგნები რატომ ქართველებს არ გვაქვს-მეთქი. ასეთი, ანუ გოგოებზე და გოგოებისთვის დაწერილი.

ანა ფრანკის დღიურების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ არ მქონდა უფლება, ჩემი ოცნებებისთვის არ მებრძოლა. „მარგალიტები“, ვფიქრობ, ამ ბრძოლის შედეგია; შეიქმნა, ალბათ, როგორც ერთგვარი ნუგეში გოგოებისთვის, როგორც დასტური, რომ მარტო არ არიან და მათი ეჭვები, გულისტკივილი, ან თუნდაც არასრულფასოვნებისა და ნაკლოვანების შეგრძნება სხვებსაც გაუვლიათ და გადაულახავთ კიდეც.

მაია ცირამუა – მშვიდობით ძია გერშვინ 

“რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი? – ამ კითხვაზე, მე, როგორც მკითხველს, მაქვს პასუხი – იმიტომ, რომ ეს წიგნი არა იმდენად სიყვარულზე, არამედ სიცოცხლისთვის ბრძოლაზე, მის ბოლო წვეთებზე ჩაბღაუჭებასა და გადარჩენაზეა. იმაზე, რაც დიდი ხანია მიგვავიწყდა პატარა, უბედური ქვეყნის ყოველდღიურ ორომტრიალში – რომ ამქვეყნად არსებობს რაღაცები, რისთვისაც სიცოცხლე და ბრძოლა ღირს, რისთვისაც თავგანწირვაც არ დაგენანება. სულის სიღრმემდე შემძრა სიმძაფრემ, რომლითაც აღწერილია ბრძოლა ადამიანურ სურვილებსა და „კარგ ადამიანად“ დარჩენას შორის – ისეთად, როგორიც წარმოუდგენიხარ, როგორსაც შენგან ელიან; რა მწარეა ზოგჯერ ხარკი, რომელსაც რიგიანი, სწორი საქციელისთვის გავიღებთ ხოლმე; რა მძიმეა შეგრძნება, რომ ცხოვრება რაღაც ამაოში, რაღაც ჩირის ფასის მქონეში გალიე და ამ დროს უმნიშნელოვანესმა და ძვირფასმა, შეიძლება, გვერდით ჩაგიარა”.

მარი კონითელი – გამომცემელი, მთარგმნელი 

ანოტაცია: „მაია ცირამუას რომანი – ,,მშვიდობით, ძია გერშვინ!” – ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანშიშესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა.“

მაია ცირამუა: წიგნი არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ძალიან დეპრესიულ პერიოდში, 2000 წელს დაიწერა. ეს იყო ერთგვარი მცდელობა, თავი დამეღწია დიასახლისობის დამქანცველ რუტინას და მეპოვა მედიტაციური საშუალება, რათა ცოტა ხნით მაინც გავქცეოდი ყოველდღიურ პრობლემებს. წერის დასრულების შემდეგ, წიგნს 20 წლის შემდეგ მივუბრუნდი და ვიფიქრე, რატომაც არა, იქნებ დღევანდელ დღესაც აქტუალური იყოს ეს პრობლემები, ძალიან ცოტა რამ შევცვალე რომანში და გადავწყვიტე, გამომცემლობაში გამეგზავნა. ჩვენ, ქალებს, პატარაობიდანვე გვასწავლიან, რომ ყველაფერი უნდა დავმალოთ, საკუთარი ცოდნა გარეთ არ უნდა გამოვიტანოთ და ეს წიგნი იყო ზუსტად ამ სირცხვილის გადალახვის საშუალება ჩემთვის და ამიტომაც, განსაკუთრებით მინდა ისეთი ადამიანების ხელში აღმოჩნდეს, ვისაც დღემდე ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და აშინებს ექსპერიმენტები, მინდა, ასეთმა გაუბედავმა და საკუთარ თავთან გაუცხოებულმა ადამიანებმა წაიკითხონ.

მართა ურუშაძე – მეხამრიდი 

„მართა ურუშაძის “მეხამრიდი” ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, ამბის თხრობა კი ძალიან საინტერესო და ორიგინალურია. ნაწარმოებში ნათლად იკვეთება მიზანი, ამბის სიმძაფრე, კულმინაცია და დასასრული. თუ გსურთ ახალი სახეების, ახალი ავტორების აღმოჩენა, “მეხამრიდი” აუცილებლად უნდა წაიკითხოთ“.

ნინია მაჭარაშვილი – “თბილისი-იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დირექტორი

ანოტაცია: „წიგნის სიუჟეტი თბილისში ვითარდება. მთავარი გმირი დეა კვაშილავაა – გოგო, რომელიც სინამდვილეს ყველასგან განსხვავებულად აღიქვამს. დეას ძმა, გიო, ხუთი წლის წინ, უკვალოდ გაუჩინარდა. გოგო დაგვიანებით აღმოაჩენს, რომ გიოს ფარული და საინტერესო ცხოვრება ჰქონია და ერთხელაც გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ბიჭი იპოვოს. დეა მზად არის, ყველაფერს ხელი გაუშვას და საკუთარი თავიც კი დაკარგოს სიმათლის გასაგებად. ამ ძიებისას, სადაც მისტიკა და რეალობა ერთმანეთშია გადახლართული, მას საოცარი ამბები გადახდება. მთავარმა გმირმა იცის, რომ ყოველდღიურობას ჩრდილად უხილავი სამყარო გასდევს, რომელიც მისი შეკითხვების პასუხებსაც მალავს. დეას წინაშე მთავარი დილემა დგება – კომფორტული ცხოვრება თუ ცნობიერების ახალ საფეხურზე გადასვლა“…

მართა ურუშაძე: „მეხამრიდს“ ოთხი-ხუთი წელი ვწერდი და ყველაზე მეტად მინდა, იმ ადამიანებმა წაიკითხონ, ვისაც ფენტეზი უყვარს, განსაკუთრებით Spiritual Fantasy, რაც ქართულად ალბათ „სულიერ ფენტეზიდ“ ითარგმნება. „მეხამრიდი“გაუცხოებაზეა – რეალობისგან, საკუთარი თავისგან, ყოველდღიურობისგან… ამიტომ წიგნი ასევე მათთვისაა, ვისაც ეს პრობლემები აწუხებს.

 ელენე ჯაფარიძე – დამალობანა 

„ელენე ჯაფარიძის “დამალობანა”  კარგი პირველი ნაბიჯია ლიტერატურაში. ესაა სადად და გულწრფელად დაწერილი ამბავი ქალზე, რომელმაც ბევრი ტკივილი გამოიარა. ასეთი ამბავი უამრავი წაგვიკითხავს, მაგრამ  ყველაზე საინტერესო იყო, ჩემი, როგორც მკითხველის მოგზაურობა დროში და ამბებში. ელენე ახერხებს მძიმე ეპიზოდებიც კი მსუბუქად გადაგატანინოს, თითქოს გიფრთხილდება, რომ არ დაზიანდე. აქ მოთხრობილი ყოველი ეპიზოდი, თითქოს სხეულზეც კი  გეხება, მაგრამ რაღაც ძალასაც გაძლევს. მარტო არც შენ რჩები და არც ანიკო, კიდევ უფრო ძლიერად ჩასჭიდებ ხელს მთავარ გმირს და ასე სუნქვაშეკრულები გადაივლით უღელტეხილებზე სევდიან ფინალამდე, რომელიც წიგნის პირველ ფურცლებთან მიგაბრუნებს, რომ შვებით ამოისუნთქო. და კიდევ,  ძალიან შემიყვარდა გუ, რომელიც ჩემი თაობის  იმ ბიჭებს მაგონებს, რთული ცხოვრების ლაბირინთებში რომ ჩაიკარგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალაც ერჩოდათ, გულიც სუფთა ჰქონდათ და საოცარი სიყვარულიც შეეძლოთ“.

მაია ცირამუა – მწერალი, ფსიქოლოგი 

ანოტაცია: „ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით.

ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?“

ელენე ჯაფარიძე:  ძალიან მახარებს მკითხველის უკუკავშირი, როდესაც მწერენ ახალგაზრდა თუ ასაკოვანი ადამიანები თავის შთაბეჭდილებებს. ყველაზე მეტად სოხუმიდან მოსულმა უკუკავშირმა გამახარა, ძალიანდიდი სურვილი მაქვს, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმა მოახერხონ ამ წიგნის წაკითხვა. ჩემთვის ეს წიგნი არ არის მხოლოდ აფხაზეთზე ან ჭუბერზე. ჩემთვის ეს წიგნი იმაზეა, თუ რამდენად დიდია ომის, სამშობლოს დაკარგვის ტრამვა და ამ ტრამვას როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ჩვენი ფსიქიკა. რა თამაშს შეიძლება გვეთამაშოს, რომ უსაზღვროდ ძლიერ ტკივილს გადავურჩეთ და შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება.

ავტორი – ზურა აბაშიძე

5 ქალი ავტორის შემოდგომაზე საკითხავი წიგნები

/

მართალია, ზაფხული და ზაფხულის არდადეგები დასრულდა, თუმცა წიგნის საკითხავად და ახალი ავტორების აღმოსაჩენად, შემოდგომა უკეთესიც შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, ნუ შეუშინდებით შემოდგომის წვიმიან ამინდებს, მოიმარაგეთ ახალი წიგნები და გაეცანით ფემინისტურ ლიტერატურას.

გთავაზობთ ხუთი ქალი ავტორის წიგნს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიცა ქართულ ენაზე და ჯერ კიდევ ელოდება ქართველ მკითხველთან შეხვედრას:

ნატალია გინძბურგი – ოჯახური ლექსიკა  

გამომცემლობა ,,დიოგენე”

მთარგმნელი: მადონა ბოკუჩავა

ნატალია გინძბურგი მეოცე საუკუნის იტალიელი ავტორია, რომელსაც მრავალი რომანი, მოთხრობების კრებული და პიესა ეკუთვნის. მწერალი 1916 წელს დაიბადა პალერმოში და მისი ლიტერატურული კარიერა ფაშიზმის აღორძინებასთან ერთად დაიწყო.

 

მწერლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი, ავტობიოგრაფიული რომანი –  „ოჯახური ლექსიკა“- იტალიური პრემია „სტრეგას“ მფლობელია და გვიამბობს ავტორის ადრეულ წლებსა და მის ოჯახზე. სენტიმენტალურობისგან დაცლილი რომანი ძალიან კარგად აღწერს იტალიური ოჯახების თავისებურებებს, ფაშიზმის დაბადებას და მის შემოსვლას ადამიანების ყოველდღიურობაში.

 

ერთი შეხედვით ყოფითი, ადამიანურ ურთიერთობებზე აგებული რომანი საუკეთესოდ აღწერს მეოცე საუკუნის პოლიტიკურ ძვრებს, ადამიანების სახეცვლილებებს და მკითხველს უნახავს იტალიური ოჯახის ისტორიას. წიგნი ერთდროულად სასაცილოც და სევდიანიცაა და თანაბრად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა მკითხველისთვის.

ალი სმითი – შემოდგომა

,,სულაკაურის გამომცემლობა”

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ელის მანრო – ძვირფასი სიცოცხლე 

გამომცემლობა ,,დიოგენე”

მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე

ალი სმითის „შემოდგომა“ მას შემდეგ გამოჩნდა მაღაზიის დახლებზე, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა და ადამიანები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. მრავალი კრიტიკოსი, მკითხველი და ლიტერატურის მიმომხილველი ამ ფაქტს ხშირად უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ალი სმითის „შემოდგომა“ იდეალურად ასახავს თანამედროვე სამყაროს, ბრიტანეთს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ახალი დროის ადამიანებს უჩნდებათ.

 

„შემოდგომა“ 2016 წელს გამოიცა და გვიამბობს 101 წლის მამაკაცზე, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება და რომელსაც რეგულარულად სტუმრობს 32 წლის ქალი. რომანის სტრუქტურა ხნიერი მამაკაცის გონებასავით ფრაგმენტული და არეულია, მოგონებები მოგონებებს ენაცვლება და მალევე ვიგებთ, რომ ისინი ერთმანეთს დიდი ხანი იცნობენ, თუმცა მათ მეგობრობას ხელს ელიზაბეტის დედა უშლიდა, რომელიც თვლიდა, რომ მამაკაცი ჰომოსექსუალი იყო და ცუდ გავლენას მოახდენდა პატარა გოგონაზე.

 

„შემოდგომა“ სეზონური სერიის პირველი წიგნია, მას მოჰყვება „ზამთარი“, „გაზაფხული“ და „ზაფხული“, წიგნი ბუკერის პრემიის მოკლე სიაშიც მოხვდა 2017 წელს და მიიჩნევა, რომ საუკეთესოდ აღწერს თანამედროვე სამყაროს და ამ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც ხშირად არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ახალ დროს, სად ეძებონ შვება და როგორ გადარჩნენ.

ელენა ფერანტე – მარტოობის დღეები 

გამომცემლობა ,,ზოლიანი კატა” 

მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე

ელენა ფერანტე ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი მისტიკური ავტორია, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცით. მწერალი 1995 წელს გამოჩნდა და მისი თქმით, მნიშვნელოვანი არა ავტორი, არამედ მისი ტექსტებია, სწორედ ამიტომ არჩევს, დარჩეს ანონიმურად და მკითხველებს მხოლოდ ლიტერატურა გაუზიაროს. მწერალს ათზე მეტი რომანი ეკუთვნის და ყველაზე ცნობილი ნეაპოლიტანური წიგნების სერიითა.

 

2017 წელს, პადუას უნივერსიტეტის მკლევარებმა, კომპიუტერულმა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და ფილოლოგებმა გაშიფრეს 40 ავტორის 150 რომანი, რათა დაედგინათ, ვინ დგას თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფსევდონიმის, ელენე ფერანტეს უკან და საბოლოოდ, კვლევის სახით წარმოადგინეს დასკვნა, სადაც ამბობენ, რომ მწერლის უკან არა ანიტა რაჯა, არამედ მისი ქმარი, დომენიკო სტარნონე დგას, თუმცა ავტორი და ავტორის გამომცემელი მაინც არ ადასტურებენ ამ ვარაუდს.

 

ქართულ ენაზე პირველად სულ რამდენიმე წლის წინ ავტორის მეორე რომანი „მარტოობის დღეები“ გამოიცა, წიგნი ახალგაზრდა ქალის, ოლგას განცდების შესახებ გვიამბობს მას შემდეგ, რაც მას ბედნიერი ქორწინება დაენგრევა და ქმარი მიატოვებს. ერთი შეხედვით ბანალური თემა, ავტორის ოსტატობის დამსახურებით, სრულიად ახლებურ გადააზრებას გვთავაზობს და იდეალურად აღწერს ურთიერთობების თავისებურებებს, მარტოობის მომაკვდინებელ განცდებს და იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც ვეღარ უძლებს ტკივილს და ნელ-ნელა განადგურებისკენ მიექანება.

ელის მანრო – ძვირფასი სიცოცხლე 

გამომცემლობა ,,დიოგენე”

მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე

2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მეცამეტე ქალ ავტორს, ელის მანროს გადაეცა, ნობელის პრემიის კომიტეტმა ავტორი თანამედროვე მოთხრობის დიდოსტატად მონათლა და ამით ერთგვარად პატივი მიაგო როგორც ქალ ავტორებს, ასევე, მოთხრობების ჟანრს.

 

90 წლის კანადელ მწერალს მოთხრობების ჟანრისთვის არასდროს უღალატია, მისი მოთხრობები ადამიანის ბუნებისა და სამყაროს ძალიან საინტერესო გადააზრებას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ მწერლის პერსონაჟები, ძირითადად, სამხრეთ-დასავლეთ ონტარიოში მცხოვრები უბრალო ადამიანები არიან, ამ პერსონაჟებთან და მათ ცხოვრებასთან პარალელებს ნებისმიერი მკითხველი გაავლებს. ალბათ, სწორედ ამიტომ  უწოდებენ მას ჩვენი დროის ჩეხოვს.

 

„ძვირფასი სიცოცხლე“ 14 მოთხრობას აერთიანებს და გვიყვება იმ ამბებზე, რომლებიც ცვლიან ცხოვრების მიმართულებას, გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ, იპოვონ თავიანთი ბედი, დანიშნულება, გვიყვება ცხოვრებაზე, რომელიც ხშირად არის უცნაური, შემზარავი, საშიში და ამ ყველაფერთან ერთად, მაინც ძვირფასი და საინტერესო.

 

დელია ოუენსი – იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან 

,,ქარჩხაძის გამომცემლობა”

მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე

დელია ოუენსი კიდევ ერთი თანამედროვე ამერიკელი მწერალი, ზოოლოგი და ბუნების დამცველია. ქალი მრავალი წლის განმავლობაში შეისწავლიდა ველურ ბუნებას, ცხოველებს და აფრიკის კონტინენტს. მწერალი ჯორჯიის შტატში დაიბადა და ქმართან შეხვედრის შემდეგ საცხოვრებლად კალაჰარის უდაბნოში გადავიდა, საიდანაც მალე გამოაძევეს, რადგან ცოლ-ქმარი ცხოველების სასტიკ მოპყრობას აპროტესტებდნენ.

 

კალაჰარის უდაბნოს გამოცდილებაზე ავტორმა მალევე დოკუმენტური ჟანრის წიგნიც გამოსცა, რასაც მალევე მოჰყვა მეორე წიგნი – „სპილოს თვალი“, „სავანას საიდუმლოებები“ და პირველი მხატვრული ტექსტი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“, რომელიც 2019 წლიდან, 32 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიაში. გამოსვლიდან ერთ წელში კი წიგნის 5 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა.

ოუენსის ნახევრად დეტექტიურ რომანში მოქმედება მეთევზეთა ქალაქში, კაია კლარკის გარშემო ვითარდება, პატარა გოგონა მშობლებმა მიატოვეს და მისი აღზრდა ბუნებამ ითავა, ყველაფერი კი მას შემდეგ იძაბება, როცა გოგონას მკვლელობაში დასდებენ ბრალს. დედამიწის ჰიმნად აღიარებულ რომანში მრავალ საინტერესო თემას შევხვდებით, მათ შორის ოჯახში ძალადობის მწვავე თემებს, ქალთა პრობლემებს, პატარა, პროვინციული ქალაქების ცხოვრების სირთულეებს და რაც მთავარია, მიუხედავად ამდენი თემისა, წიგნი მაინც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და იდეალური თავშესაქცევია ნებისმიერი გემოვნების მკითხველისთვის.

ავტორი – ზურა აბაშიძე