ნოემბერი 2023 - Page 4

უნგრეთში ქვიარ ფოტოგამოფენის გამო მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

/

უნგრეთის ნაციონალური მუზეუმი ფოტოგამოფენას 22 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე  მასპინძლობდა (World Press Photo exhibition).  გამოფენის ფარგლებში რიგ ფოტოებზე აღბეჭდილი იყო ასაკოვანი ქვიარ ადამიანების პორტრეტები. მათ შორის 2023 წელს ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოებიც.

ნაციონალური მუზეუმის დირექტორი, რომელიც 2021 წლიდან ხელმძღვანელობს მუზეუმს, “ბავშვთა დაცვის 2021 წლის აქტის” დარღვევის მოტივით თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. აღნიშნული კანონი არასრულწლოვანთათვის ლგბტქი+ შინაარსის გამოსახულებების ჩვენებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს და ვრცელდება ნებისმიერ მედია თუ საგანმამათლებლო შინაარსის მქონე მასალაზე. კანონი ულტრა-მემარჯვენე პარტიის ინიცირებით იქნა მიღებული.

მუზეუმის დირექტორი მის განთავისუფლებას ცალსახად უსამართლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ არც ის და არც ნაციონალური მუზეუმი საფრთხეს არ წარმოადგენს არავისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის.

World Press Photo Foundation-ის დირექტორი კი აცხადებს, რომ შოკირებულია უნგრეთის გადაწყვეტილებით და იმ ფაქტით, რომ მსგავსი ჰომოფობიიით მოტივირებული გადაწყვეტილებები კვლავ დღის წესრიგშია ევროპის ტერიტორიაზე.

  

გამოყენებული მასალა: https://www.them.us/story/hungary-national-museum-photo-censorship

დანიკა როემი – ვირჯინიის შტატის პირველი ტრანსგენდერი ქალი სენატორი

/

სენატში ადგილის მოპოვების შემდეგ, დანიკა როემმა კიდევ ერთხელ დაწერა პოლიტიკური ისტორია. ის გახდა პირველი სენატორი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც აირჩიეს ვირჯინიის ზედა პალატაში და მეორე ტრანსგენდერი სენატორი ქალი აშშ-ს სენატში, სარა მაკბრაიდის შემდეგ (2020).

დანიკა როემი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. მან არჩევნებში 3%-ით დაამარცხა რესპუბლიკელი ოპონენტი – ბილ ვულფი.

როემი 39 წლის არის, პროფესიით ჟურნალისტი. 6 წლის წინ ის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს. არჩევნები ტრანსფობიური ნარატივის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა როემმა შეძლო ღირსეული გამარჯვება. ვირჯინიის შტატში მცხოვრები ქვიარები, განსაკუთრებით კი, ტრანსგენდერი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იმედით უყურებენ დანიკა როემის სენატორად არჩევას. აქტივისტები კი მიიჩნევენ, რომ ტრანსგენდერი ქალის გამარჯვება ნიშნავს ანტი-ლგბტქი პოლიტიკის დასუსტებას.

მიმდინარე კვირის განმავლობაში როემის გარდა ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოში კიდევ რვა ქვიარ კანდიდატი იქნა არჩეული.

 

 

გამოყენებული მასალა: https://www.nbcnews.com/nbc-out/out-politics-and-policy/danica-roem-become-virginias-1st-transgender-state-senator-rcna124175

 

რომის პაპის განცხადებით, ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ მოინათლონ, იყვნენ ნათლია ან მეჯვარე

/

8 ნოემბერს ვატიკანში განაცხადეს, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ მოინათლონ. ასევე, იყვნენ ნათლია ან მეჯვარე რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში.

აღნიშნულ განცხადებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ლგბტქი ადამიანებსა და აქტივისტებს შორის.

მედია მონიტორინგის ორგანიზაცია GLAAD-ის პრეზიდენტი და CEO, სარა ქეით ელისი ამბობს, რომ პაპის განცხადება ტრანსგენდერი ადამიანების მონათვლსათან დაკავშირებით არის ცალსახა გზავნილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ მთელ მსოფლიოში, რათა შეწყდეს ტრანსგენდერი ადამიანების დევნა და იზოლაცია. ასევე, კათოლიკურმა ეკლესიამ გახსნას კარები ქვიარ ადამიანებისთვის.

ფრენსის დებერნარდო – კათოლიკური ორგანიზაციის New Ways Ministry-ის ლიდერი ამბობს, რომ მიესალმება პაპის განცხადებას და ელოდება მეტ ცვლილებებს ქვიარ ადამიანების სასარგებლოდ, მათ შორის, იმ ქვიარ წყვილებისთვის, ვისაც სურს ბავშვის მონათვლა.

 

 

 

გამოყენებული ამასალა:  https://glaad.org/releases/glaad-statement-on-pope-francis-support-for-including-transgender-people-in-the-church/

სქაილერ ბეილარი – სპორტსმენი, ავტორი, თანასწორ-განმანათლებელი და ლგბტქი ადვოკატი

სქაილერ ბეილარი (Schuyler Bailar) დაიბადა 1996 წელს, ნიუ იორკში. 10 წლის ასაკში ბავშვთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობდა, როგორც მოცურავე. 15 წლის უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ოყო ბრასით მოცურავეთა შორის, აშშ-ში.

სკოლის პერიოდში მას უჭირდა საკუთარი სხეულის აღქმა და მიღება. ჰქონდა დაბალი თვითშეფასება, კვებითი პრობლემები და თვითდაზიანების მცდელობები. ერთწლიანი ფსიქოთერაპიის ფარგლებში სქაილერმა აღმოაჩინა,  რომ მთავარი საკითხი, რაც იწვევდა ყველა ჩამოთვლილ პრობლემას, გენდერული იდენტობის მიღებას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ სპორტსმენი არჩევანის წინაშე დადგა: მას ან უნდა გაეგრძელებინა ცურვაში შეჯიბრი როგორც ქალს, ან ჩართულიყო ტრანზიციის პროცესში, გაევლო მნიშვნელოვანი და არცთუ ისე მარტვი გზა საკუთარი თავის მიღებისკენ.

სქაილერმა ტრანზიციის პროცესი დაიწყო. მისი ტრანზიციის გზა პოპულარული გახდა არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ფართო საზოგადოებაში. სქაილერს სხვადასხვა გადაცემაში იწვევდნენ და ნამდვილი ინსპირაციის წყარო გახდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. მან ჩააბარა ჰარვარდის უნივესიტეტში, კოგნიტური ნეირომეცნიერებისა და ევოლუციური ფსიქოლოგიის სპეციალობაზე და ასევე, განაგრძობდა ცურვას.

https://www.pinkmantaray.com/

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის ერთ-ერთი პოპულარული საჯარო გამომსვლელია. ადვოკატირებს ლგბტქი უფლებებს ინკლუზიურობისა და თანასწორობისთვის. ასევე, არის ათლეტი და არაერთი ბესთსელერის ავტორი. მისი გამოსვლები ქვიარ საკითხებთან ერთად ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის საკუთარი სხეულის მიღება, მენტალური ჯანმრთელობისა და კვების საკითხები.

 

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

/

 

ევროკომისიამ ევროპის საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, თუმცა გარკეული დათქმებით. ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოვოს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა საქართველოში გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.

 

 

 

 

 

 

„არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები!“ – პარლამენტთან აქცია ჩატარდა

/

 

თბილისში, პარლამენტთან ჩატარდა აქცია სახელწოდებით – „არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები!“, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და თამაზ გინტურის ფოტოებს სანთლები დაუნთეს.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამას გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დათიაშვილი გაიტაცეს.

აზიის სპორტული თამაშები ლბგტქი ინკლუზიურობისთვის

ჰონგ-კონგი ქვიარ სპორტულ თამაშებს მასპინძლობს. 9 დღიან ღონისძიებაზე 2400 მონაწილე სპორტსმენს ელოდებიან 40 ქვეყნიდან.

სოკერის მოთამაშე, ქვიარ სპორტსმენი, აქტივისტი და ენთუზიასტი – ჯინა ბენჯამინი არა მხოლოდ სპორტული გამარჯვებისთვის, არამედ ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეფორმებისთვის აპირებს ბრძოლას.

სპორტსმენი 2016 წელს ბრიტანეთიდან ჰონგ-კონგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაიცნო მისი ამჟამინდელი პარტნიორი. ადგილობრივი კანონდებლობა მხოლოდ ქალსა და კაცს შორის ქორწინებას აღიარებს, ამიტომ, წყვილი იძულებული იყო ვიეტნამში არსებული, ბრიტანეთის საელჩოს ტერიტორიაზე ექორწინათ. ჯინა ბენჯამინი მიიჩნევს, რომ სპორტული ღონისძიებების გამართვა და მასში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვიარ ადამიანების მიმართ ცნობიერების ამაღლებას აზიაში, და შემდგომშიც აპირებს გააგრძელოს  ბრძოლა ლგბტქი უფლებებისთვის.

მიმდინარე წელს პირველად, აზია უმასპინცლებს სხვადასხვა სპორტულ თამაშებს ქვიარ ადამიანების მონაწილეობით. აღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა და ხელს შეუწყობს რეგიონში ლგბტქი ცნობიერებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ღონისძიება რამდენიმე წლის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. ღონისძიების ორგანიზების პროცესში ადგილი ჰქონდა ჰონგ-კონგის მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობასა და ხარვეზიან თანამშრომლობას, თუმცა ორგანიზატორები და აქტივისტები იმედოვნებენ, რომ ღონისძიება წარმატებით ჩატარდება და მიაღწევს დასახულ მიზმებს.

 

გამოყენებული მასალა: https://www.facebook.com/NBCOUT/posts/pfbid02KCseNwfSugPeYqFrpsjpQjfxkhiAJRD21faUydtCEFmuHXMas7E3UZwiW7Pa1v69l

ლელა კურტანიძე ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

/

გუშინ სოციალური ქცელით გავრცელდა ლელა კურტანიძის პოსტი, რომლითაც ის ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამავდროულად ლელა სთხოვდა მედია გამოცემაბს მისი ამბის გაჟღერებას. გთავაზობთ ლელასთან ჩაწერილ ინტერვიუს.

ეს იყო ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის დროს, თუ სწორად მასხოვს 2010 ან 2011 წელი იყო, როდესაც ერთი ჯგუფი ვიყავით კარვებით დაბანაკებული სოფელ ასფარაში. ეს ექსპედიცია, როგორც ვიცი, იყო მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მხარდაჭერით ორგანიზებული. იმ პერიოდში სტუდენტებთან ერთად იყო პერიუდულად ასევე მამა თანდილი, ერთი ძალიან კეთილსინდისიერი მოძღვარი და დადებითი ადამიანი და მიტროპოლიტი ნიკოლოზიც იყო.

არ ვიცი, ზედამხედველებად იყვნენ სტუდენტებთან, ყურადღების მიმქცევებად, თუ რა მიზნით. მე მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანისტიკაზე ვსწავლობდი. ექსპედიცია ძალიან დადებით მიზანს ისახავდა. მოგეხსენებათ, რომ ჯავახეთი დასახლებულია ძირითადად სომხური მოსახლეობით, ეთნიკური უმცირესობით და ექსპედიცია მიზნად ისახავდა ქართველების და სომხების ინტეგრაცია მომხდარიყო ერთმანეთში, გაგვეცნო ერთმანეთი, დადებით გამოცდილებები დაგვეგროვებინა ერთად და ასევე, მოგვევლო ეს კულტურული ადგილები, დავხმარებოდით მონასტრებს, იქ დედათა მონასტერიცაა და მამათა მონასტერიც არის, დასუფთავების ღონისძიებებში ვიღებდით მონაწილეობას ტაძრების და ექსკურსიები გვქონდა, ვერთობოდით, კულტურული საღამოები იყო.

იმ წელს კარვებით ვიყავით ფარავნის ტბის პირას. ეს მიტროპოლიტი ნიკოლოზი იყო ჩვენთან ერთად, მაშინ აღვიქვამდით რომ იყო ძალიან საპატივსაცემო, განათლებული პიროვნება, რიდს რომ იწვევდა და თან რომ გვემეგობრებოდა ახალგაზრდებს და ჩვენ ძალიან გვიხაროდა როდესაც მოდიოდა. თან ყოველთვის სადღაც დავყავდით მანქანით, ბევრი რაღაცა დაგვათვალიერებინა. ცნობილი იყო იმით, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობდა, იყო მთამსვლელი და კარგად ცურავდა. გაგვაოცებდა ხოლმე, როდესაც დილაობით ფარავნის ტბაზე გადიოდა და ძალიან შორს შეცურავდა ხოლმე. ერთ დღეს ყველანი ერთად რომ ვიყავით, ვახსენე, რომ ცურვა არ ვიცოდი. რაღაც ისე პოზიტიურად შემომთავაზა – „არ გინდა ცურვას გასწავლიო?“ ამ იდეამ აღმაფრთოვანა, ვიფიქრე რომ როგორი უბრალო ადამიანი იყო, წარმოიდგინეთ მიტროპოლიტი და მე, ჩვეულებრივ ახალგაზრდას ცურვას მასწავლის. ფარავნის ტბაზე დილით ადრე გასვლაც ძალაინ საკრალურად მომეჩვენა და დავთანხმდი.

ჩვენ კი ვიყავით ფარავნის ტბასთან ახლოს კარვებით, მაგრამ საცურაო ადგილი ცოტა მოშორებით იყო და მანქანით მივდიოდით. ცურვას რომ მასწავლიდა და მე საერთოდ არ ვიცოდი ცურვა, ხელით ხომ უნდა დავეჭირე რომ არ ჩავძირულიყავი. რაღაც მომენტში მისი ხელები სხეულის ნეიტრალურ ზონებს გასცდა. წარმოიდგინეთ ახლა მთელი შენი რწმენა, შეხედულება დაფუძნებულია იმაზე, რომ ეს არის ძალიან პატივსაცემი ადამიანი, რომელსაც სრულად ენდობი. ჩემი მშობლებიც ძალიან მშვიდად იყვნენ, რომ მე საიმედო ხელში ვიყავი. ამ რწმენით ხარ და მეორე მხრივ სხეული გეუბნება რომ რაღაცა ისე არ არის. შევიშმუშნე, მეგონა ხელი მოუხვდა, გავიწიე და ამ დროს წყალში ჩავვარდი. ამ დროს მითხრა – „რას შვები, წყალში გასწორდი“, ანუ თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრძნობინა თავი, ისე თითქოს ჩემი რეაქციები არ იყო ადეკვაური. ამ დროს მკერდზე შეხებაც იყო და გენიტალიებზეც.

მერე იყო მანქანაში ისეთი ტიპის ჩახუტება, რომელიც სცილდება მეგობრულ ჩახუტებას.

მე ამ დროს 19-20 წლის ვიქნებოდი და ასე მგონია ძალიან გვიან გავიზარდე. ძალიან მოწყვლადი ვიყავი, უღარიბესი ოჯახიდან. კარგად ვსწავლობდი, მინდოდა გამეგო ყველაფერი, ჯავახეთშიც იმიტომ წავედი. ძალიან საინტერესოდ ჟღერდა ჩემთვის ახალი რაღაცების, ადგილების გაცნობა. ამის მერე კი ძალიან ავირიე, ერთი მხრივ მე მომენიჭა ასეთი პრივილეგია, რომ მე წამიყვანა და მე მასწავლიდა ცურვას, ასეთმა დიდმა ადამიანმა მე გამომარჩია და მეორე მხრივ რაღაც სწორად არ მოხდა. მეც გადავედი თავის მოტყუების ისეთ რეჟიმში, რომ თითქოს მართლა არაფერი მომხდარა. ამ დროს შიგნიდან ემოციურად თითქოს რაღაცა მჭამდა. იყო კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც აღვნიშნავ. საცურაო კოსტუმი არ მქონდა, არც ცურვა ვიცოდი და აქედან გამომდინარე არც კოსტუმი მქონდა თან. კაბით შევდიოდი საცურაოდ. კაბის გახდა და ტრუსით ყოფნა შემომთავაზა, იმ მოტივით რომ კაბას ცურვაში ხელი არ შეეშალა, რაზეც არ დავთანხმდი.

ეს სიტუაცია კონფლიქტით არ დასრულებულა, მე მისთვის არაფერი მითქვამს და საერთდ არავისთვის მითქვამს მაშინ.

ძალიან დიდი გაურკვევლობა წამოვიღე მე იქიდან და მერე დავივიწყე საერთოდ. დავივიწყე ისე, რომ ეს ადამიანი უარყოფითად არ დამრჩენია აღქმაში, იმიტომ რომ უარყოფითად რომ დამრჩენოდა, მაშინ მომიწევდა საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ რაღაც ძალიან საშინელი მოხდა ჩემს თავს. მაშინ ამდენი ინფორმაცია საზოგადოებაში ჯერ არ იყო სექსუალურ შევიწროვებაზე. მომხდარზე საუბარი მხოლოდ სამი კვირის წინ შევძელი ფსიქოთერაპიის სეანსზე. მანამდე როდესაც სექსუალურ შვიწროვებაზე მესმოდა, ისე ვუჭერდი სხვა ქალებს მხარს, თითქოს მეც შემემთხვა, მაგრამ არაფერი ისეთი, თითქოს მე არ ვყოფილვარ მსხვერპლი. გონებით ვიცოდი ის რაც შემემთხვა, მაგრამ ემოციური კავშირი არანაირი არ მქონდა ამ ამბავთან.

3 კვირის წინ მძიმე მოვლენები მოხდა ჩემ ცხოვრებაში, მიმდინარე მოვლენების  სტრესი თითქოს დააწვა იმას რაც აქამდე გამოუთქმელი იყო, ბრაზმა იფეთქა და დავპოსტე ის, რაც მოხდა. ვფიქრობ თერაპიაც დამეხმარა, კონტაქტი შევძელი ამ გამოცდილებასთან, რომ ეს მართლა მე შემემთხვა. ვიტირე, ვიტირე ძალიან ბევრი.

ამას იმიტომ არ ვამბობ ხმამაღლა რომ ვუჩივლო, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პრობლემა აქვს.

მე ვცხოვრობდი ეკლესიური ცხოვრებით, წირვას ვესწრებოდი, ვეზიარებოდი, დილა საღამოს ლოცვებს ვკითხულობდი. თბილისში რომ ვსწავლობდი ყველაზე ახლო ეს ვაკის ტაძარი იყო. მივედი მამაო თეიმურაზ ბარაბაძესთან. მადლიერიც ვიყავი მისი. ახლაღა ხდება იმის გაცნობიერება, რომ მისი მხრიდან საკმაო წნეხს განვიცდიდი, რომელიც ჩემი თვითშეფასების და თავდაჯერებულობის შემცირებაზე იყო მიმართული. ამას სისტემატურად აკეთებდა საუბრების სახით, რომელიც თითქოს ჩემ დახმარებაზე იყო მიმართული, მაშინ მე ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, ფინანსურიც მათ შორის. თუმცა ამ საუბრების შემდეგ სულ დანაშაულის განცდით მოვდიოდი ხოლმე.

შევიწროვების ფაქტს რაც ეხება, იქ არის აღსარებისთვის ოთახი და იქ ვიყავით შესულები. აღსარებას ვაბარებ და ვხვდები, რომ ცოტა უცნაურად მიყურებს და სუნთქავს. მე საუბარს ვაგრძელებ. შემდეგ თვითონ მითხრა – ჩამეხუტე თუ თვითონ ჩამეხუტა არ მახსოვს, მაგრამ ჩახუტების დროს რაღაც ხმებს გამოსცემდა. დამრჩა შთაბეჭდილება რომ ორგაზმი ჰქონდა, ამ ხმების გათვალისწინებით. განადგურებული წამოვედი.

ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა რწმენა ღმერთის მიმართ. წიგნების კითხვით მოვიდა ეს ჩემთან. ეკლესიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. იმ ეკლესიაშიც მივედი იმის შემდეგ და მამაოსაც ვაპატიე. ოღონდ მერე მივხვდი, რომ ეს პატიება ძალიან გულუბრყვილობით მომივიდა. ბრაზი ვერ შევძელი, მე უფრო ნგრევა განვიცადე მაშინ. მე დავიშალე. რწმენა, შეხედულებები ჩამომენგრა.

ფსიქოთერაპია დამჭირდა, დეპრესიის დიაგნოზით ვმკურნალობ. ფსიქიატრის დახმარებაც დამჭირდა. ახლაც კი მიჭირს ბოლომდე აღვიქვა თუ რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემზე და რა ზიანიც მივიღე.

ქალებს და გოგონებს ვინც სექსუალურ შევიწროვებას დაექვემდებარა, წრფელი გულით ვეტყოდი და ვთხოვდი, რომ თავი არ დაადანაშაულონ არაფერში. ასევე ვეტყოდი, რომ მათი შეგრძნებები არ იტყუება და როგორც კი რაიმე უსიამოვნოს იგრძნობენ ეგრევე გაეცალონ. ასევე ვეტყოდი, რომ მხარდამჭერი, სანდო ადამიანები მოძებნონ და ითხოვონ დახმარება. და ასევე, თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი, მეც ყოველთვის მოვუსმენ.

12 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს

/

2011 წელს დაბაედბული გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს. შემთხვევა ქარელის  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებული 22 წლის კაცი დაკავებულია.

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პოლიციას ოჯახის ახლობელმა აცნობა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო. დაკავებულს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სასამართომ კვლავ არ მიიღო ლაზარე გრიგორიადისის სარჩელი კობახიძე-ღარიბაშვილის წინააღმდეგ

/

თბილისის საქალაქო სასამართლომ მესამედ დაახარვეზა ლაზარე გრიგორიადისის სარჩელი, რომლის მიხედვით ლაზარეს ადვოკატები მორალური ზიანის ანაზღაურებას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძისგან.  მორალური ზიანის ოდენობა სიმბულორ თანხას – 15 ლარს წარმოადგენს.

საქმე ეხება კობახიძისა და ღარიბაშვილის მხრიდან გრიგორიადისის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელშიც ლაზარეს ისინი  მოიხსენიებენ, როგორც “სატანისტს”, “გზას აცდენილს” და “ყველანაირ ორიენტაციაარეულს”.

მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტის ადვოკატებმა პირველად დახარვეზებული სარჩელი მოსამართლის მითითების მიხედვით გამოასწორეს, სასამართლოსგან საქმის განხილვაზე კვლავ უარი მიიღეს.

ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).

საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა 17 ნოემბერს მთავრდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ დროის განმავლობაში, სანამ სასამართლო მარტის აქციებისას მის ბრალეულობას განიხილავს, სასამართლომ 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას ორი წლის წინანდელ ოჯახური ძალადობის საქმეზე.