ნოემბერი 2023 - Page 3

ჯენა ორტეგა კინოინდუსტრიის მიერ სილამაზის სტანდარტების გაფეტიშებაზე საუბრობს

მსახიობმა ჯენა ორტეგამ Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში ისაუბრა, როგორ უჭირდა როლების მიღება იმის გამო, რომ არ შეესაბამებოდა ჰოლივუდში დამკვიდრებულ სილამაზის სტანდარტებს. მისი სამსახიობო კარიერა პატარა ასაკიდან დაიწყო და მსახიობის თქმით, ჰოლივუდში ბევრი არჩევანი არ ჰქონდა. ან კინოგმირის შვილის, ან მისი ბავშვობის როლი უნდა შეესრულებინა. ლათინური წარმოშობის მსახობისთვს კი ეს ორი არჩევანიც შეზღუდული იყო.

მიუხედავად ჯენა ორტეგას ამჟამინდელი პოპულარობისა, მსახიობი ამბობს, რომ ბავშვობიდან დღემდე სამსახიობო კარიერის შექმნაში ბევრი შრომა დასჭირდა და ამ გზაზე მენტალური ჯანმრთრელობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა უწევდა. ასევე თვლის, რომ არაფერს შეცვლიდა მის გარეგნობაში მხოლოდ იმიტომ, რომ მეტად ადვილად დაემტკიცებინათ ამათუიმ როლზე, ჰოლივუდში. “არ მინდა ახალგაზრდა გოგოებმა ფილმის ყურებისას იფიქრონ, რომ საჭიროა მათ გარეგნობაში ცვლილება, რათა თავი ლამაზად ან ღირებულად იგრძნონ”- ამბობს მსახიობი.

 

გამოყენებული წყარო:

https://www.thepinknews.com/2023/11/15/jenna-ortega-hollywood-beauty-standards/

ვიდეო თამაში – როგორია ტრანსგენდერი შვილის გაზრდა ტექსასში

/

ტექსასის მმართველი პარტიის მხრიდან გატარებული ტრანსფობიური პოლიტიკის შედეგად, არც ქვიარებს და არც მათ ოჯახის წევრებს სათამაშო განწყობა არ აქვთ, თუმცა ახალი ვიდეო თამაში შესაძლებლობას მოგცემთ, დააყენოთ საკუთარი თავი ტრანსგენდერი ადამიანების მშობლების ადგილას და იგრძნოთ, როგორია ცხოვრება ტრანსფობიურ გარემოში.

თამაშის ვიზუალური მხარე შემუშავებულია სტუდია Lookout Drive Games-ის მიერ, ხოლო შინაარსზე და იდეაზე იმუშავეს ქვიარ ადამიანების გუნდმა. თამაშის მთავარი გმირია 14 წლის სოფია, ტრანსგენდერი გოგონა. თამაშში აღწერილია გოგონას ქამიგ აუთის გამოცდილება და სხვადასხვა ისტორია. მოთამაშეები ირგებენ სოფიას მხარდამჭერი და გულშემატკივარი მშობლების როლს, რომლებიც აგროვებენ “უსაფრთხოების მასალებს” მტკიცებულებების სახით, რადგან შესაძლოა მათ მიმართ დაიწყოს გამოძიება. თამაში ეხმიანება ცოტა ხნის წინ ტექსასის გუბერნატორის მიერ გაკეთებულ განცხადებას. გრეგ ებოტმა დაავალა შესაბამის ჩინოვნიკებს, დაიწყონ გამოძიება ტრანსგენდერი მშობლებისა თუ სამედიცინო პერსონალის საქმეზე, რომელთა ოჯახის წევრი ან პაციენტი ჩართულია ჰორმონალურ ან სხვა სამედიცინო თერაპიაში.

ტექსასში მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროინდელი ჰომოფობიური და ტრანსფობიური გარემოს შექმნის გამო, ქვიარების ცხოვრება საფრთხის შემცველია. განსაკუთრებით, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომელთა მშობლებს უწევთ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება.

 

 

 

გამოყენებულოი წყარო: https://www.them.us/story/portrait-of-a-texas-family-video-game-trans-kids

UNITED BY MUSIC  – ევროვიზიის ახალი სლოგანი

//

 

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2024 წლიდან გამოიყენებს ერთსა და იმავე სლოგანს „UNITED BY MUSIC“ ყოველი შემდგომი წლისთვის.

ღონისძიების აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მარტინ ოსტერდალმა, ამასთან დაკავშირებით, განაცხადა:

„20 წლის განმავლობაში სხვადასხვა სლოგანების გამოყენების შემდეგ, ასევე ჩვენი 70 წლის იუბილეს მოახლოვებასთან ერთად, ჩვენ ვგრძნობთ რომ ვიპოვეთ ის სლოგანი, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ჩვენს ბრენდს.

აღნიშნული სლოგანის დამკვირდებით, ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულები ჩვენს გზავნილში იმის შესახებ რომ მუსიკა ყველას გვაერთიანებს.

ეს არის იდეალური სლოგანი ჩვენი ღირებულებების – მუსიკის მეშვეობით ინკლუზიურობის, თანასწორობის, უნივერსალურობისა და მრავალფეროვნების აღსანიშნავად.

ვინაიდან კონკურსის პოპულარობა იზრდება მთელს მსოფლიოში, ჩვენ ვთვლით, რომ ერთი და იგივე სლოგანის გამოყენება დაეხმარება ჩვენს ბრენდს კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში.“

 

 

წყარო: https://www.bbc.com/news/entertainment-arts-67419354

უმეტესობა არ ნანობს მასტექტომიას – ახალი კვლევა

საკუთარ სხეულის მიღება და მასთან ერთად კომფორტულად ცხოვრება ბაზისური საჭიროებაა. გენდერული იდენტობის მიღების გზაზე არაერთი ქვიარი მიმართავს ჰორმონალურ თერაპიას ან ქირურგიულ ოპერაციას. ბოლო კვლევით აღმოჩნდა, რომ მასტექტომია გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს პაციენტების კარგად ყოფნას (well-being) და ცხოვრებით კმაყოფილებას, სხვა სამედიცინო და არსამედიცინო პროცედურებთან შედარებით.

ხშირად ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები და ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები აპელირებენ იმაზე, რომ ადამიანები მომავალში ინანებენ საკუთარ სხეულზე ჩატარებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს და ბევრი ახალგაზრდა ქვიარი გარკვეული დროის შემდეგ, ისევ ჰეტეროსექსუალად აიდენტიფიცირებს თავს(!). თუმცა, ემპირიული მონაცემები სხვა რამეს გვეუბნება.

მასტექტომიასთან დაკავშირებით ჩატარებული ბოლო კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 139-მა ადამიანმა, მოიცავს 1990 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს, რომლის განმავლობაში კვლევის მონაწილეებმა გაიკეთეს მასტექტომია. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტებს შორის ოპერაციით კმაყოფილების საშუალო ქულა შეადგენდა 5 ქულას, 1-დან 5 ქულამდე სკალაზე, სადაც 5 აღნიშნავდა ძალიან დიდ კმაყოფილებას ოპერაციის შედეგად. ხოლო სინანულის მაჩვენებლის საშუალო ქულა იყო 0, 100 ქულიან სკალაზე. კვლევის შედეგად რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო მასტექტომიით კმაყოფილი და კარგად გრძნობდა თავს.

 

გამოყენებული მასალა:  https://www.them.us/story/top-surgery-satisfaction-low-regret

“ქვიარი” – ტერმინის ისტორია

 

ინგლისურ ენაში მე-16 საუკუნეში გაჩენილი სიტყვა ქვიარი (queer) „უცნაურს“, „თავისებურს“, „ექსცენტრულს“ ნიშნავდა და  ხშირად შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოიყენებოდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც რომანტიკულ სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა იგივე სქესის მქონე ადამიანთან თუ ადამიანებთან.

ამ სიტყვის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენების დამადასტურებელი პირველი ჩანაწერი  1894 წელს გაჩნდა, როდესაც ჯონ დუგლას ქუინსბერიმ საჯარო სასამართლო პროცესის მსვლელობისას საკუთარ შვილს – ალფრედ დუგლასს და მის სავარაუდო რომანტიკულ პარტნიორს ოსკარ უაილდს, „სნობი-ქვიარები“ უწოდა. ამის შემდეგ სიტყვა ქვიარის გამოყენება ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებშიც დაიწყეს, ძირითადად გეი კაცების შეურაცხმყოფელ ან დამცინავ კონტექსტში აღსანიშნავად. მალე ტერმინი გავრცელდა და ლგბტქი+ თემის სხვა ქვეჯგუფების აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა.

ლონდონის ნაციონალურ არქივში 1934 წელს აღმოჩენილია წერილი, რომელიც პოლიციამ ამოიღო კლუბ „ქარავანში“ ჩატარებული რეიდის შემდეგ (სექსმუშაკი კაცების კლუბი). წერილში სირილ კერ დე ლეონი Cyril Coeur de Leon იყენებს სიტყვა ქვიარს, საკუთარი სექსუალური მიზიდულობის აღსაწერად. კაცი წერს კლუბ „ქარავანი“- ს მეპატრონეს ბილს: „ქვიარი გავხდი მას შემდეგ რაც ორი წლის წინ ჩამოვედი ლონდონში, მანამდე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, რადგან, როგორც გითხარი მყავს მეუღლე და პატარა გოგონა. მე ჯერ კიდევ მიზიდავენ გოგოები და ძალიან ცოტა ბიჭია, ვისთანაც მაქვს რომანის ქონის სურვილი.“

Letter written by Cyril Coeur de Leon to ‘My Dear Billy’, 1934. Catalogue ref: MEPO 3/758

სირილის მხრიდან სიტყვა „ქვიარის“ გამოეყენბა, საკუთარი სექსუალობის აღსაწერად უცნაურია, რადგან ამ სიტყვის გამოეყენბა საკუთარი სექსუალობის თუ გენდერის აღსანიშნავად ლგბტქი თემის წევრებმა გაცილებით გვიან დაიწყეს – მე-20 საუკუნის ბოლოსკენ და 21-ე საუკინის დასაწყისში.

ტერმინის პოზიტიური კონოტაცია

1960-იანი წლებში ნიუ-იორკში, “სტოუნვოლის აჯანყების” სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ, ლგბტქი+ მოძრაობის ორგანიზატორებმა დაიწყეს მსჯელობა, თუ რომელი ტერმინები უკეთ მიესადაგებოდა თემის საერთო გამოცდილებას. არჩევანი „ქვიარი“-ს სასარგებლოდ გაკეთდა, რადგან ლგბტქი+ ჯგუფის ყველა წარმომადგენელს, მათი მრავალფეროვნების მიუხედავად, ჰეტერონორმატიული საზოგადოება უყურებდა როგორც „ქვიარს“. ასე გაჩნდა ნიუ-იორკში ორგანიზაცია Queer Nation, ტერმინი „ქვიარის“ გამოყენება კი დაიწყეს ლგბტქი+თემის ერთობის აღსანიშნად.

სიტყვა „ქვიარის“ მნიშვნელობა დროთა განმავლობაში შეიცვალა და საერთაშორისო დონეზე იქცა ქოლგა ტერმინად, რომელიც აერთიანებს ლგბტქი+ ადამიანებს, ყველაზე ფართო სპექტრის მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

საინტერესოა, რომ საქართველოში ამ ტერმინმა კიდევ უფრო ფართო გაგება შეიძინა – ქვიარებად ხშირად იდენტიფიცირდებიან ლგბტქი+ თემის მხარდამჭერები, ასევე ადამიანები, ვისაც უბრალოდ არ სურს იყოს ჰეტერონორმატიული წესრიგის ნაწილი ან და განსაზღვროს საკუთარი სექსუალური ორიენტაცია, გენდერი, სქესი, ამ მიმართულებით დაიწესოს რაიმე ხისტი ჩარჩო, მოირგოს და შეასრულოს მკაცრად განსაზღვრული, ვიწრო სოციალური როლი.

 

გამოყენებული წყარო: https://blog.nationalarchives.gov.uk/queer-history-a-history-of-queer/

წამალი დაიდო!

//

გუშინ საღამოს გახდა ცნობილი რომ აქონდროპლაციის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის წამალი უკვე საქართველოშია.  წამლის მოთხოვნით გამართული საპროტესრო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკუნა გოჩიაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს:

“რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ.”

„ვოსორიდიტი“ VOXZOGO სამედიცინო პრეპარატია, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის დადასტურებულია ევროპის წამლის სააგენტოს EMA და ასევე აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს FDA  მიერ.

„დედების პროტესტად“ ცნობილი უწყვეტი საჯარო აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ დედებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მიმდინარე წლის 19 აპრილს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა, თუმცა პრეპარატზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობა არ მისცა, ხოლო შეხვედრის შემდეგ  ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანაში მედიკამენტი “ვოზორიტიდის” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება არ ხდება.

კვირების და თვეების განმავლობაში, ხანგრძლივი სამოქალაქო პროტესტის, პერმანენტული აქციების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და პირველ რიგში დედების შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, სახელმწიფომ შეასრულა საკუთარი მოქალაქეების მიმართ პოზიტიური ვალდებულება იზრუნოს მათ ჯანმრთელობის უფლებაზე სათანადოდ – შექმნა მკურნალობის პროტოკოლი და შეისყიდა პრეპარატი.

მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია – ინტერვიუ Pink Armenia-ს კომუნიკაციების დირექტორთან მამიკონ ოვსეპიანთან

 

ბავშვობა და მოზარდობა

ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი. და-ძმა არ მყავდა და უმეტესწილად ჩემთვის წყნარად ვთამაშობდი. ბავშვობის ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება ველოსიპედს უკავშირდება. ძალიან ცუდი მჭამელი ვიყავი და ბაბუას მივყავდი ხოლმე პარკში, სადაც ველოსიპედით ერთ წრეს რომ შემოვუვლიდი იქაურობას, შემდეგ ერთი ლუკმა უნდა მეჭამა. ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, ყველაფრის შესწავლა მინდოდა, რომ გამეგო რა როგორ მუშაობს. არასოდეს ვაფუჭები და ვამტვრევდი სათამაშოებს იმის გასაგებად, თუ როგორია ის შიგნიდან, ვათვალიერებდი და ისე ვიკვლევდი. მამა მშენებელი ინჟინერია, დედა პოლიტექნიკუმის ლაბორატორიის მუშაკი. ორივე საკუთარი პროფესიით მუშაობდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და წარმატებულადაც.

90-იანი წლები ჩვენთვის ცივი და ბნელი იყო, როგორც სხვებისთვის, იმიტომ რომ არც შუქი იყო, არც გაზი, სკოლაში სანთლის დ ნავთის ნათურით ვმეცადინეობდით. მახსოვს, მშობლებმა იყიდეს უზარმაზარი აკუმულატორი, რომელსაც ვტენიდით, როცა შუქი მოდიოდა ერთი ან ორი საათით. ასევე გვქონდა პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი, რომელსაც შემდეგ აკუმულატორის საშუალებით ვრთავდით და ვუყურებდით ბრაზილიურ სერიალებს.

მეზობლებიც იკრებებოდნენ ჩვენთან სერიალის საყურებლად და ეს იყო ჩვნეთვის მოვლენა, ძალიან ველოდებოდით ამ ერთ საათს. ამ სერიალებში ლამაზი ბიჭებიც იყვნენ და გეი პერსონაჟებიც, გეი წვყლებიც კი იყვნენ. საკმაოდ დადებითი პერსონაჟები იყვნენ და არავინ აკეთებდა რაიმე ნეგატიურ კომენტარებს მათი მისამართით. ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო ამ ყველაფრის დანახვა. ვუყურებდი იმას რაც მე აშკარად მომწონდა, თუმცა იმ პერიოდში ჩემი გეი იდენტობა ჯერ აღქმული არ მქონდა და არც ის მესმოდა, თუ რატომ მაინტერესებდა ასე ძალიან და მინდოდა იმის გაგება რაც იქ ხდებოდა.

არ ვიცი რამ მიმაღებინა ჩემი თავი. როდესაც 14-15 წლის ვიყავი მაშინღა მივხვდი, რომ ჩემს თავს რაღაც განსხვავებული ხდებოდა, არა ის, რასაც ჩემგან ჩემი მშობლები, ჩემი მეზობლები, ჩემი თემი ელოდა. დაახლოებით 16 წლის ასაკისთვის უკვე მივიღე ჩემი გეი იდენტობა. შესაძლოა საკუთარი თავის მიღებაში რაღაც როლი ითამაშა რუსულმა ჟურნალებმა, როგორიც იყო, მაგალითად, „Спид – Инфо“, სადაც აქა-იქ ჩნდებოდა პუბლიკაციები ჰომოსექსუალობაზე. პირველი ადამიანები, ვისთანაც ქამინგ აუთი მქონდა ჩემი კურსელები იყვნენ, უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მშობლები მყავს, მეტი თავისუფლება მინდოდა და ამიტომაც ერევანში გადმოვედი სწავლისთვის და ისედაც. პირველად ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომელთან ერთადაც ვსწავლობდით, შემდეგ ორ მეგობარ გოგოს ვუთხარი და ამ ადამიანებთან ვმეგობრობდი შემდგომშიც.

 

ურთიერთობა ოჯახთან

ოჯახთან ახლაც მშვენიერი ურთიერთობები მაქვს. 18 წლის ასაკში მშობლებთანაც მქონდა ქამინგ აუთი. რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო, მაგრამ მათ გამიგეს და ნელ-ნელა, წლების განმავლობაში მიმიღეს კიდეც. მე ვფიქრობ, რომ მათ დღემდე აწუხებთ ეს კითხვა – „რატომ დაგვემართა ეს ჩვენ?“, ასევე ის რომ მათი ოცნებები, გეგმები ჩემთან დაკავშირებით არ შესრულდა – დაოჯახებასთან და შვილიშვილებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა და იმის გათვალისწინებით რომ მე ასე ღიად ვსაუბრობ ჩემს ორიენტაციაზე, ჩვენ მაინც ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ნათესავებმაც იციან და წაიკითხეს ჩემ შესახებ, თუმცა არ საუბრობენ ამ თემაზე და ჩვენ ოჯახთან ურთიერთობასაც აგრძელებენ.

Mamikon Hovsepyan and James Adomian at GALAS  20-th anniversary

საქმიანობის სფერო

პოლიტექნიკუმში სოციოლოგიის და ეკონომიკის  შესწავლით ვიყავი დაკავებული. ორივე ეს მიმართულება ძალიან გამომადგა შემდგომ საქმიანობაში – ადამიანის უფლებების სფეროში კვლევების კეთებისას, მონიტორინგის პროცესში. ორგანიზაცია, სადაც ვმუშაობ ხშირად უკვეთავს კვლევებს, აკეთებს ინფორმაციის ანალიზს, ადგენს შესაბამის ანგარიშებს და ამ ყველაფერში ჩემი ცოდნა ძალიან მეხმარება.

რაც შეეხება სომხეთში ლგბტქი მოძრაობის განვითარებას, აქ ძალიან დიდი როლი ითამაშა ერთ-ერთმა კლუბმა, სახელწოდებით „Monte-Cristo“. 2000-იანების დასაწყისში ამ კლუბში პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები იკრიბებოდნენ, მათ შორის ბევრი ლგბტქი ადამიანებიც. პარასკევობით ლესბოსელი ქალების საღამო იყო ხოლმე, ხუთშაბათობით გეების, შაბათს მიქსი იყო და ძალიან ბევრი ჰეტეროსექსუალი ადამიანიც მოდიოდა. მაშინ არანაირი პროექტები არ არსებობდა, უბრალოდ ხალხი იკრიბებოდა სოციალიზაციისთვის, რეკრეაციისთვის. ამგვარად ძალიან ბევრი კარგი ნაცნობი და მეგობარი შევიძინე იმ პერიოდში ქვიარ თემიდან. დღემდე ერთად მოვდივართ.

 

პირველი ქვიარ ჯგუფი და პირველი ქვიარ ბარი

დახურული ჯგუფიც სახელწოდებით Gay Lesbian Armenian Group (GLAG) აქედან მოდის. დახურული იმიტომ, რომ ჩვენთან, სომხეთში, ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებული იყო 2003 წლამდე. ღიად ვერაფერს ვაკეთებდით. მახსოვს რამდენჯერმე პოლიციელებმა რეიდი მოაწყეს ამ კლუბთან. მათ იცოდნენ თუ რა ჯგუფი იკრიბებოდა ბარში და ამიტომ შანტაჟის საშუალებით ცდილობდნენ ფულადი თანხების მიღებას ბარის სტუმრებისგან. „ამდენი გადაგვიხადე, თუ არ გინდა რომ შენმა მშობლებმა გაიგონ, რომ გეი ხარ“ და მსგავსი მუქარები იყო. დახურულ ჯგუფში დავიწყეთ მსჯელობა იმაზე, რომ რაღაცა უნდა გაგვეკეთებინა საკუთარი უფლებების წინ წამოსაწევად, ასევე რომ ორგანიზებული სახე უნდა მიგვეცა ჩვენი აქტივობებისთვის.

„Monte-Cristo“-ს გარდა კიდევ ერთი ბარი იყო –  „Melines“, სადაც ჯერ ბარმენად ვმუშაობდი, შემდეგ ბარის მეპატრონეც გავხდი. ეს ბარი 2007 წლამდე მუშაობდა, შემდეგ სხვა გეი ბარებიც გაიხსნა. ამას ქვიარ თემის წევრების ერთმანეთთან გაცნობა მოყვა, სოციალური კავშირების გამყარება და ასე გრძელდებოდა 2012 წლამდე, ვიდრე მოლოტოვის კოკტეილებით არ დაესხნენ თავს ერთ-ერთ ბარს. შემდეგ გაგრძელდა პოლიციელების რეიდები სხვა ბარებთან, ადამიანების დაკავებები. მეც რამდენჯერმე დამაკავეს.

 

ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების გააქტიურება

ამ დროიდან ზოგადად იცვლება სომხეთში სიტუაცია, ულტრა-მემარჯვენე დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა გამოავლინეს საკუთარი თავი. ლგბტქი მოძრაობის განვითარების პარალელურად სომხეთში გამოჩნდენ რუსული ანტი-ლგბტ პროპაგანდისტური ჯგუფები, რომელთა დღის წესრიგი აშკარად კრემლიდან იმართებოდა. თუმცა ამ დროისთვის უკვე იყო ლგბტქი საკითხებზ მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა სერვისებს აწვდიდა ქვიარებს.

 

Pink Armenia

2007 წლიდან ჩვენ ძალიან ღიად ვმუშაობდით, ამ პერიოდში დავარეგისტრირეთ  ორგანიზაცია Pink Armenia. ჩვენი მისამართიც საჯაროდ გვეწერა, ორგანიზაციის აბრაც შენობის ფასადს ამშვენებდა ქუჩის მხრიდან, ხოლო 2012 წლიდან ეს ყველაფერი შეიცვალა. როდესაც ორგანიზაციას ვაფუძნებდით, ოთხი მეგობარი, ვფიქრობდით, რომ რთული იქნებოდა სომხეთში ქვიარ საკითხებზე მუშაობა და ამავდროულად საინტერესოც, თუმცა მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამდენად რთული იქნებოდა.  ბევრნაირი ღონისძიებები, რასაც ადრე ვაკეთებდით, ახლა ვეღარ ვაკეთებთ, ძალიან ბევრი რისკია.

2012 წელს 8 მაისს იყო თავდასხმა კლუბ მონტე-კრისტოზე, იმავე წლის 21 მაისს სიძულვილის ჯგუფები თავს დაესხნენ მრავალფეროვნების მარშს ენერვანში. როგორც მახსოვს, თბილისშიც იმ წელს 17 მაისს  იყო თავდასხმა მარშის მონაწილეებზე. ჩვენ დროშების გარეშე ვიყავით, მხოლოდ პოსტერები გვქონდა ნებისმიერი მრავალფეროვნების მხარდამჭერი წარწერებით. იმ პერიოდში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, განსაკუთრებით ქალთა ორგანიზაციების მხრიდან. ქალთა რესურსულ ცენტრთან ერთად დავგეგმეთ მრავალფეროვნების მარში. ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერდა მხარს, თუმცა ეს ადამიანები ახლა პრორუსული კურსის მხარდამჭერები გახდნენ.

 

რუსეთის გავლენა

ახლა რომ ვუყურებ ძველ ვიდეოებს, ვხედავ იგივე ადამიანებს, თუ როგორ აკეთბდნენ ჩვენ მხარდამჭერ განცხადებებს. ახლა კი, ცხოვრებამ ისინი შეცვალა, შვილები ჰყავთ გასაზრდელი და, როგორც ჩანს, ღირებულებებს კარგი ცხოვრება ურჩევნიათ. სამოქალაქო სექტორში ხელფასები საკმაოდ დაბალია. ამ სფეროში მუშაობით გამდიდრება ცხადია გამორიცხულია, თუ პატიოსნად მუშაობ.

ჩემი ზარით, კრემლიდან მოხდა სამოქალაქო სექტორიდან იმ ადამიანების „დავერბოვკება“, ვინც აქტიური იყო და ჩანდა. აშკარაა, რომ მათ გაცილებით მეტი ფული მისცეს, ვიდრე ამ სფეროში როდესმე გამოიმუშვებდნენ. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც პატარა შვილი ჰყავდა იმ პერიოდისთვის, პირდაპირ მითხრა, რომ იძულებული იყო ასე მოქცეული მისი შვილის ინტერესებიდან მომდინარე, რომ ვერ გაზრდიდა შვილს სამოქალაქო სექტორში განსაზღვრული, დაბალი ხელფასით.

სამწუხაროდ რუსეთის მიერ „დავერბოვკებული“ ლგბტქი ადამიანებიც არიან. მე მათ საკმაოდ ხშირად ვხედავ ამა თუ იმ ღონისძიებებზე.  მე მათ ვესაუბრები და ვეუბნები, რომ „თუ რუსეთი მოახერხებს და ქვეყანაში საკუთარ ძალებს მოიყვანს ხელისუფლებაში, ეს ძალები, პირველ რიგში ლგბტქი აქტივისტებს მოკლავენ, შემდეგ აკრძალავენ სამოქალაქო ორგანიზაციებს. როგორ შეიძლება მხარს უჭერდე მაგალითად სომხეთის მეორე პრეზიდენტს, რომელიც ღიად ეთანამშრომლება კრემლს?“ ამაზე ისინი მპასუხობენ, რომ ჩვენ დავიღალეთ ამ ყველაფრით, ჩვენ გვინდა ეკონომიკური ცვლილებები. მე ვეუბნები, რომ ეს არ არის ცვლილებების მომტანი კურსი, არამედ პირიქით მხოლოდ უარესობისკენ მიმაველი კურსია.

ასევე რუსეთის კაგებე „ავერბოვკებს“ ადამიანებს ქვიარ ორგანიზაციებში ჩასანერგად. მაგალითად, ჩვენ ორგანიზაციაშიც მუშაობდა ერთი ადამიანი, რომელიც კგბ-მ „დაავერკობკა“ და ეს მოგვიანებით გახდა ცნობილი. როგორც მე ვხვდები, ეს სამკაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, ჩემ მეგობართანაც მივიდა კგბ-ს თანამშრომელი „დავერბოვკების“ მიზნით და ჩემმა მეგობარმა ჩაიწერა მათ შორის საუბარი და გამოაქვეყნა კიდეც. ჩემთან იყვნენ მოსულები ორგანზიაციიდან, რომელსაც ოლიგარქები აფინანსებენ და მთხოვდნენ მათთან მემუშავა, სამმაგ ანაზღაურებას მთავაზობდნენ ვიდრე მაქვს, მაგრამ ცხადია უარი ვუთხარი. ამის შემდეგ, ჩვენი ორგანიზაციიდან კიდევ ერთ თანამშრომელთან იგივე წინადადებით მივიდნენ.

 

რთულ პირობებში მუშაობა

ძალიან რთულია ასეთ პირობებში მუშაობა, მაგრამ Pink Armenia ახერხებს და წლიდან წლამდე ინარჩუნებს ქვიარებისთვის საჭირო სერვისებს. სამი, ოთხი ფსიქოთერაპევტი გვყავს ხოლმე ერთდროულად, ძალიან ბევრს მუშაობენ, ძალიან დიდი მოთხოვნაა მათ კონსულტაციებზე. სოციალური მუშაკებიც გვყავს, იურისტებიც. იურისტებთანაც ძალიან ხშირი მომართვიანობაა. ძალიან რთულია სერვისების შენარჩუნება, რადგან დონორ ორგანიზაციებს ხშირად თავიანთი ხედვა აქვთ ჩვენ საჭიროებებზე, განსხვავებული პრიორიტეტები ან უბრალოდ არ ესმით ადგილობრივი კონტექსტი. გვიწევს ახსნა, რომ ჩვენ უკეთ ვიცით თუ რა გვჭირდება და იმის მაგივრად გვასწავლიდნენ მუშაობას, ჯობია დაგვეხმარონ ჩვენი სტრატეგიის განხორციელებაში. მაგალითად, ჩვენ გვჭირდება გავიგოთ, თუ რა გზებით შეიძლება მივაწოდოთ მოსახლეობას ლგბტქი საკითხებზე ინფორმაცია, რა იმუშავებს ყველაზე კარგად. ამ მიზნით ვატარებთ კვლევებს.

 

საზოგადოების დამოკიდებულება ქვიარების მიმართ

მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მოსახლეობას მეტად მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, ჩვენ საზოგადოებაში ადამიანებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ ერთმანეთზე.

შესაძლოა ადამიანს ესმოდეს ეს საკითხები და მიმღებლობაც ჰქონდეს, მაგრამ ჯგუფში მაინც სხვა ჰომოფობიურ დამოკიდებულებას და ქცევას ამჟღავნებს, რათა ჯგუფთან კავშირი არ დაკარგოს.

ამასთან ომის დაწყების შემდეგ (იგულისხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარეღებული კონფლიქტი) ლგბტქი საკითხებმა საერთოდ დაკარგა თითქოს აქტუალობა. სოციალურ და უსაფრთხოების საკითხებს ძალაინ დიდი გავლენა აქვს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზეც ქვეყანაში. ცხდია პარტნიორი ორგანიზაციებიც გვყავს, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, ესენია ლბქ ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა სახლი, დისკრიმინაციასთან ბრძოლის ქსელში შემავალი ორგანიზაციები.

გამოწვევები

პრობლემური საკითხებიდან გამოვყოფდი, სერვისების შენარჩუნების სირთულეს რაც დაფინანსების მიღების სირთულეებთან არის დაკავშირებული და ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, რადგან სომხეთში ეს კანონი ჯერ მიღებული არ გვაქვს. ასევე გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ კანონის მიღების საჭიროებას აღვნიშნავდი. ტრანსგენდერ ადამიანებს ამ წუთას საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა არ აქვთ, ისინი თითქოს არც არსებობენ.

სრულიად ლგბტქი თემის მიმართ ყველაზე ხშირია ოჯახში ძალადობის ფაქტები, რაც დაკავშირებულია იმასთან რომ მშობლები იგებენ, რომ მათი შვილი ქვიარია. ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმა ქუჩაში. შარშან ტრანსგენდერი ქალი ადრიანა მოკლეს, მაგალითად. ასევე სამსახურში დისკრიმინაცია, როდესაც ადამაინის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შესახებ იგებენ. პოლიციისადმი მიმართვაც რთულია, იმიტომ რომ პოლიციელებიც ჰომოფობები და ტრანსფობები არიან. ხშირად ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მალე დახურონ საქმე და არ გამოიძიონ. შეიძლება განმცხადებელი ორმაგ დისკრიმინაციასაც დაექვემდებაროს პოლიციაში, დახმარების მაგივრად მიიღოს დაცინვა და ა. შ. თუმცა როდესაც ჩვენ იურისტებთან ერთად მიდიან ადამიანები, პოლიციელები გაცილებით მეტად იკავებენ თავს.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში სიარული, მე პირადად, შემიძლია, ყოველთვის უნდა მქონდეს უსაფრთხოების რაღაცა სტრატეგია. ვიღაცამ შეიძლება მიცნოს, ვიღაცას არ მოეწონება ჩემი საყურე და ეს შეიძლება ფიზიკური თავდასხმის საფუძველი გახდეს. ხშირად ჩემზე ფიქრობენ, რომ უცხო ქვეყნიდან ვარ და ამ შემთხვევაში ყურადღებას არ მაქცევენ. მაგრამ ადგილობრივი გეების მიმართ აქაურები გაცილებით სასტიკები არიან. ამ ქვეყანაში მცხოვრებ ქვიარებს, ყველას უნდა ჰქონდეს რაღაც სტრატეგია. მე, მაგალითად, ყველგან ვერ წავალ, არის ადგილები სადაც ჯობია არ მიხვიდე. მაგალითად, რაღაც კონკრეტული რესტორანი შეიძლება იყოს ასეთი ადგილი. ვთქვათ, ერევნის ცენტრში მეტი მრავალფეროვნებაა და იქ უფრო მშვიდად ხარ.

მედიებთან ურთიერთობისას სიფრთხილეა საჭირო, ბევრი მათგანი სკანდალის შექმნაზეა მხოლოდ ორიენტირებული. ბოლო დრო ასეთი მედიები არც მოდიან ჩვენთან, არამედ თავად ქმნიან ფეიკ ინფორმაციებს ლგბტქი თემებზე. საქართველოს მსგავსადაა ეს ამბავი და ისევ რუსეთის ერთნაირი ხელწერა იგრძნობა ამაშიც. საინტერესო ისიცაა, რომ ყველაზე ქვიარმეგობრული ჟურნალისტებიც კი დღეს აღარ წერენ ლგბტქი საკითხებზე. ომის ფონზე ამ საკითხების გაშუქება, როგორც ჩანს, არაპოპულარული გახდა ხალხში და ამიტომაც თავს იკავებენ.

 

ქვიარის მკითხველებისადმი მიმართვა

ქვიარის მკითხველებს ვეტყოდი, რომ უფროსების შეცდომები არ გაიმეორონ, რადგან ჩვენ საზოგადოებებში ბევრი სიძულვილია დაგროვებული – სექსუალობის, ეროვნული, რელიგიური მიკუთვნებულობის და სხვა ნიშნების მიხედვით. ვუსურვებ, რომ ეს ყველაფერი ჩამოიცილონ, იმიტომ რომ ლგბტქი თემშიც ხშირია სხვადასხვა საფუძვლით ადამიანების მიუღებლობა, დისკრიმინაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ იმის კარგი მაგალითი, რომ შესაძლებელია დისკრიმინაციის, სიძუვილის გარეშე ცხოვრება და მშვიდობანი ცის ქვეს მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ECOM-ის ექსპერტები განმარტავენ ტრანსგენდერობასთან დაკავშირებულ ტერმინებს

/

 

რას ნიშნავს ტრანსგენდერობა და რატომ არის საჭირო ამაზე საუბარი? გვიხსნიან ექსპერტები ECOM -იდან – ევრაზიის ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების  კოალიცია.

ვიყენებთ სწორ განსაზღვრებებს:

ტრანს* ადამიანები – არიან ადამიანები, რომელთა გენდერული იდენტობა განსხვავდება მათთვის დაბადების დროს მინიჭებული სქესისგან.

კორექტული ტერმინებია: ტრანს* ადამიანები, ტრანს* კაცი, ტრანს* ქალი, ასევე ტრანსგენდერი ადამიანები.

სქესი – დასკვნა, რომელიც ეფუძნება ადამიანის ბიოლოგიური სქესის ნიშნებს (გარეგნულ სასქესო ორგანოებს, ჯირკვლებს, ქრომოსომურ ნაკრებსა და ჰორმონებს).

გენდერი – სოციალურკულტურული მოლოდინებისა და მოთხოვნების ნაკრები, რომელიც განაპირობებს „კაცების“ და „ქალების“ როლსა და ქცევას და რომელიც გამყარებულია საზოგადოების, სახელმწიფოს და  თავად ადამიანების მიერ.

გენდერული მარკერის/ნიშნის ცვლილება – სწორედ ასეა კორექტული ტრანსზიციის შედეგის აღნიშვნა.

მოძველებული ტერმინი „სქესის შეცვლა“ მოიცავს მიდგომას, რომლის გათვალისწინებით აუცილებელია სამედიცინო ჩარევა, ხოლო ტრანსგენდერი პიროვნების ჰარმონიზაციის პროცესები შეზღუდულია წინასწარ განსაზღვრული ვარიანტებით. ეს ტერმინი ასევე ეწინააღმდეგება ტრანს* მოძრაობის და  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პოზიციას, რომელიც აღბეჭდილია დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-11 გადახედვაში, სადაც ტრანსგენდერობა ამორიცხულია მენტალური აშლილობების სიიდან 2022 წლის 1 იანვრიდან.

რას ნიშნავს „ტრანსგენდერული გადასხვლა“: პერიოდი, რომლის განმავლობაში ადამიანები დაბადებით მინიჭებულ სქესთან დაკავშირებული ერთი გენდერული როლიდან გადადიან სხვა გენდერულ როლზე. ეს შეიძლება იყოს იმის დასწავლა თუ როგორ იცხოვრო საზოგადოებაში სხვა გენდერული როლის გათვალისწინებით, ან ადამიანისთვის ყველაზე კომფორტული თვითგამოხატვის ძიების პროცესი. გადასვლა შეიძლება მოიცავდეს სხეულის ფემინიზაციას ან მასკულინიზაციას ჰორმონების ან/და სხვა სამედიცინო პროცედურების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს პროცედურა არ არის სავალდებულო. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს გენიტალიების სავალდებულო კორექციას.

საკუთარი გენდერული იდენტობის გააზრება შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ ასაკში. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის (რუსეთის გამოკლებით, სადაც დღეის მდგომარეობით ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით ტრანს* ადამიანების უფლებები შეზღუდულია) გენდერის ნიშნის იურიდიული ცვლილება შესაძლებელია სრულწლოვნების მიღწევის მომენტიდან. ზოგიერთ ქვეყნებს, მაგალითად კაზახეთში, გენდერის ნიშნის იურიდიული ცვლილვება შესაძლებელია მხოლოდ 21 წლიდან.

მნიშნველოვანია გვესმოდეს, რომ ტრანს* ადამიანები – აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. ეს ეხება გენდერის ნიშნის ცვლილების მარეგულირებელი  კანონმდებლობის არსებობას, ასევე სამედიცინო პროტოკოლებს, რაც განსაზღვრავს ჰორმონალური პრეპერატების დანიშნვას. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, თუ ტრანს* ადამიანებს აქვთ აივ-დადებითი სტატუსი. მაგალითად ARV თერაპიაზე უარი ხშირად განპიროებულია ჰორმონალური პრეპარატებისა და ARV თერაპიით გათვალისწინებული სამედიცინო პრეპარატების ერთობლივი მიღებით გამოწვეული გვერდითი ეფექტებით. ნაციონალური პროტოკოლების არ არსებობის და ექიმების უცოდინრობის პირობებში ტრანს* ადამიანები იძულებულები არიან იყოდონ და მიიღონ ჰორმონალური პრეპარატები დამოუკიდებლად.

„ტრანს* ადამიანები – ეს პირველი რიგში ადამიანებია, ვისაც იგივე უფლებები და ვალდებულებები აქვთ, როგორს სხვებს. მათ პრობლემებზე საუბარი და მათი ხილვადობის ამაღლება – ეს არის  ამ ადამაინების უფლებების დაცვისკენ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯი“, – ამბობს ამირ მუკამბეტოვი, ECOM-ის ადვოკატირების კოორდინატორი.

Transgender Awareness Month  ტრანსგენდერი ადამიანები საკითხებზე ცნობიერების ამაღლების თვე პირველად აღნიშნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2017 წელს. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ტრანს* ადამიანების პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობის და ტრანს* საზოგადოების მრავალფეროვნების აღნიშვნის. 20 ნოემბერს ასევე აღინიშნება ტრანს* ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღე.

ტრანს* ადამიანებისთვის სასარგებლო ბმულები:

აღმოსავლეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ტრანს* ადამიანებისთვის არსებული სერვისები https://ecom.ngo/trans-services

იურიდიული დახმარება https://ecom.ngo/legal-services

აივ ტრანს* ადამიანბს შორის https://ecom.ngo/hiv-trans-eeca

ქვეყნების რუკა, სადაც მუშაობს ECOM და სადაც მოგროვებულია ანალიტიკური მონაცემები: ჯანმრთელობის სერივსებზე ხელმისაწვდომობა, კანონმდებლობა, აივ-თან დაკავშირებით უწყვეტი დახმარების მიწოდება https://ecom.ngo/country-maps

ECOM მუშაობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. კოალიცია აერთაინებს 20 ქვეყანაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს. 2022 წელს ECOM-ის მიერ, ზემოაღიშნულ რეგიონებში ტრანს* ადამაინების უფლებების დარღვევის 99 შემთხვევაა რეგისტრირებული.

 

 

 

 

ლატვიის პარლამენტმა აღიარა ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანების სამოქალაქო პარტნიორობა

/

 

ლატვიის პარლამენტმა 9 ნოემბერს ხმა მისცა კანონს, რომელიც აღიარებს ერთი და იგივე სქესის მქონე პარტნიორების სამოქალაქო კავშირს. თუმცა აღნიშნული კანონით აღიარებული უფლებების პაკეტი შეზღუდულია ჰეტეროსექსუალთა ქორწინებით გათვალისწინებულ უფლებებთან შედარებით.

ლგბტქი საკითხები ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობას იწვევენ ლატვიაში. 2005 წელს ლატვიის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება, რომლის მიხედვით ქორწინება განისაზღვრა, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირი.

ახალი კანონდებლობა ძალაში შედის 2024 წლის შუა პერიოდიდან და იძლევა შესაძლებლობას ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანებმა დაარეგისტრირონ  სამოქალაქო პარტნიორობა ნოტარიუსთან.

კიევ პრაიდის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა

/

კიევ პრაიდის ორგანიზებით დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. 5 ნომინაციაში წარდგენილი იყო არაერთი ორგანიზაცია, ადამიანი თუ კომპანია. ხმის მიცემის პროცესში უკრაინელი ქვიარები იღებდნენ მონაწილეობას, შედეგად კი გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

  • წლის ლგბტქი+ მოხალისე – Jully Sirous
  • წლის ლგბტქი+ ბლოგერი – Sashko Dragli
  • წლის ლგბტქი+ მეგობრული ბიზნესი – Видавництво «Видавництво»
  • წლის ლგბტქი+ ორგანიზაცია – Військові ЛГБТ+
  • საერთაშორისო ალიანსი – European Pride Organisers Association

წლის სპეციალური ჯილდო გადაეცა Munich Kyiv Queer-ს, მიუნხენის ქვიარ ორგანიზაციას, რომელიც გვერდში უდგას კიევ პრაიდს მისი დაარსებიდან დღემდე. მათ შორის ომის პერიოდში.

ყველა ქვიარ ადამიანს, რომელიც იბრძვის ომში და იცავს უკრაინას რუსეთის წინაააღმდეგ, გადაეცა ჯილდო. „მადლობა თქვენი თავდადებისა და აქტივიზმისთვის“ – ნათქვამია კიევ პრაიდის განცხადებაში.

 

 

გამოყენებული მასალა: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid03s2sw1BTBbrG8m2jLHFySLxKuHWuv2DLWL5A7QR8V2Hb3N8rua5XDJxiFUoFBXt2l&id=100070216514572&mibextid=Nif5oz