/

დაუმორჩილებელი სულის ზეიმი – ქროს-დრესერების საიდუმლო ისტორია

გერმანელი და ფრანგი ჯარისკაცები ომის ტყვეობაში, მეოცე საუკუნის საიდუმლო ამერიკული ქროსდრესერების საზოგადოება, გლამურული პარიზელი კაბარეს მოცეკვავეები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ გენდერის საზღვრებს – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც სებასტიან ლიფშითზის ფოტოკოლექციაში შეხვდებით, ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობდნენ, თუმცა საერთო ბევრი ჰქონდათ, ისინი მტრულად განწყობილ საზოგადოებაში ცდილობდნენ გამოეხატათ თავიანთი თავი.

სებასტიან ლიფშითზი ქროსდრესერებისა და დრაგ ქვინების ფოტოებს 25 წლის განმავლობაში აგროვებდა. ფოტოების შეგროვება ფრანგმა კინემატოგრაფმა და აქტივისტმა თინეიჯერობის წლებში დაიწყო, მას სურდა გაეგო, როგორ ცხოვრობდნენ ქვიარ ადამიანები წარსულში. დაკარგულ, გაქრობისთვის განწირულ ფოტოებში ეპოვა ქვიარ ისტორია და ახალი თაობის ქვიარ ადამიანებისთვის ეჩვენებინა, საიდან დაიწყო ბრძოლა სექსუალური თავისუფლებისთვის და რისი გადატანა უწევდათ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ დროში, როცა ქვიარობა სიცოცხლის მოსპობას ნიშნავდა.

რატომ დაიწყე ამ ფოტოების შეგროვება? 

სებასტიან ლიფშითზი: თინეიჯერობის წლებში ხშირად დავდიოდი ძველმანების ბაზრობებზე, სადაც მხვდებოდა დაკარგული ფოტოები, რომელთა ბედითაც არავინ ინტერესდებოდა. რადგანაც ხელოვნებას ვსწავლობდი და ფოტოგრაფია მიყვარდა, ძალიან მახარებდა ასეთი აღმოჩენების გაკეთება. ამიტომ დავიწყე მათი შეძენა და ძალიან ბევრი დამიგროვდა. ამ ფოტოებს არ გააჩნდათ გამყიდველისთვის არანაირი ღირებულება, მათ ძალიან დაბალ ფასად ვყიდულობდი.

ანონიმურობა ფოტოებს მიღმა გასაოცარია

სებასტიან ლიფშითზი: ეს ფოტოები არ იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ კედლებზე მოხვედრილიყო, იმ დროში საზოგადოება ძალიან მტრულად იყო განწყობილი ქვიარ ადამიანების მიმართ, ამიტომ ეს ფოტოები საშიშროებას წარმოადგენდა. წარმოგიდგენიათ, ეს ფოტოები ისეთი ადამიანის ხელში ჩავარდნილიყო, ვისაც ცუდი ზრახვები აქვს? ეს ერთი ადამიანი აუცილებლად გაანადგურებდა ამ ადამიანების ცხოვრებას. ამიტომ გაოცებული ვიყავი, როცა ამ ფოტოებს ვპოულობდი და ვყიდულობდი.

დღესდღეობით ქვიარ კულტურა ძალიან პოპულარულია მედიაში და ხალხი ფიქრობს, რომ ეს რაღაც ახალია, რომელსაც არა აქვს წარსული და ისტორია. რაც ძალიან არასწორია. ეს ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და ჩემი ფოტოებიც ქროსდრესერებისა და დრაგ ქვინების ისტორიას გვიამბობს, მინდა, ამ ფოტოებით ადამიანებს ვაჩვენო, რომ ამ გაბედულ საქციელს აქვს წარსული და ის დიდი ხნის წინაც არსებობდა.

ეს ფოტოები  მრავლისმომცველია – ის ჰყვება ქროსდრესერების და დრაგ ქვინების ძალიან გრძელ ისტორიას სხვადასხვა დროსა და სივრცეში. როგორ დააკავშირე ეს ფოტოები ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთს? 

სებასტიან ლიფშითზი: ფოტოები ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდანაა. და, ხშირად, მათ ვპოულობდი თითო-თითოდ. არ მქონდა ამ ფოტოებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია, მაგრამ წლებთან ერთად ვაკეთებდი კვლევებს, რის შედეგადაც, გამოჩნდა ძალიან საინტერესო კავშირები ფოტოებს შორის. მაგალითად: „პატიმრების ბანაკის“, „იმიტირებული ქორწილის“ და „კაბარეს“ შორის არსებობდა კავშირი. ასევე „ვაშინგტონის საზოგადოების“ ფოტოები შევიძინე ერთად და მალევე მივხვდი, რომ ისინი ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ საიდუმლო ჯგუფი, რომლებიც ხშირად ხვდებოდნენ ფარულად ერთმანეთს და აწყობდნენ წვეულებებს, სადაც ისინი იცვამდნენ და თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ. ამერიკა ძალიან მკაცრი იყო ქროსდრესერების და ლგბტ+ ადამიანების მიმართ ომამდე, ასე რომ, წარმოგიდგენია, რა რისკების გაწევა უწევდათ მათ?!

ამ ფოტოებში ძალიან ბევრი ქროსდრესერია, ამიტომ ეს ფოტოები არ არის მხოლოდ ქროსდრესინგზე, ეს ფოტოები არის იდენტობებზე, ეს არის თამაშებზე, რომელსაც ადამიანები თამაშობენ, ეს არის ჩვენი წარსულის პოლიტიკა და ხანდახან ამ ფოტოებში შეხვდებით ძალიან პირადულს. არ მინდა, რომ ფოტოების ნახვისას ერთი კონკრეტული განცდა ჰქონდეს ფოტოგრაფიით და ქვიარ კულტურით დაინტერესებულ ადამიანს. ეს ფოტოები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გართობა და საპირისპირო სქესის ადამიანების ტანსაცმელების მორგება.

 

რამ მოგცა ბიძგი, გამოგეფინა ეს ფოტოები? 

სებასტიან ლიფშითზი: შეგროვებას არანაირი ღირებულება არ გააჩნია, თუ მას სხვებს არ გაუზიარებ. მე ვეცადე, რომ შემექნა ისტორიები, დიდი ისტორიები სხვადასხვა ნაწილებით და ეს იყო ძალიან სასიამოვნო პროცესი ჩემთვის. ეს ადამიანები ამ ფოტოებზე ჩემთვის არიან პრე-პანკები, მარგინალიზებული და მეამბოხე ადამიანები, რომლებსაც ეყოთ სიმამაცე და მტრულ გარემოშიც მოახერხეს საკუთარი თავის გამოხატვა. ამის გამო მიყვარს ეს ფოტოები, ადამიანებს სწამთ, რომ წარსული უფრო მეტად კონსერვატიულია, უფრო მკაცრი და სწორი, მაგრამ ეს ასე არ არის. მეამბოხე სული არსებობდა ყოველთვის და ამ ფოტოებშიც ეს ჩანს – მეამბოხე ცხოვრების სტილის ზეიმი.

ზოგიერთი ფოტო ძალიან ძველია და მე მოხიბლული ვარ ლიბერალური ქმედებებით, რომელიც ხდებოდა მეცხრამეტე საუკუნეში. როგორ ფიქრობ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო გენდერული მრავალფეროვნების მიღებას?

სებასტიან ლიფშითზი: უამრავ ადამიანს წლების განმავლობაში ეზიზღებოდა ქროსდრესერები, ეს ასეა დღესაც. გეი ადამიანებსაც კი არა აქვთ მიმღებლობა ქროსდრესერების მიმართ, ომის შემდეგ, გეი საზოგადოებას სურდა, შეექმნათ გეი მამაკაცების განსხვავებული იმიჯი და მას მოარგეს მაჩოს ელემენტები… ყველაზე სექსუალური მამაკაცის იარლიყი. გეი საზოგადოებას არ სურდა მათი დაკავშირება მომხდარიყო ქროსდრესერებთან. ეს სირცხვილად ითვლებოდა.

ძალიან საინტერესოა „დრაგ ჯარისკაცების“ ფოტოების სერიაა, რომელშიც ასახულია პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის და გერმანიის სამხედრო ბანაკებში მცხოვრები ქროსდრესერი ჯარისკაცები. როგორ ფიქრობ, რატომ იყენებენ ადამიანები გათავისუფლებისთვის გენდერულ იდენტობას?

სებასტიან ლიფშითზი: სამხედრო ბანაკებში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, ამიტომ ბანაკის თეატრში ქალი პერსონაჟის განსახიერებისთვის მამაკაცებს სჭირდებოდათ ქალის ტანსაცმლის მორგება. სხვა არჩევანი არ არსებობდა. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. ყველაზე სასაცილო ფაქტი ის არის, რომ ზოგი მამაკაცი ძალიან პოპულარული იყო ბანაკში ქალის ტანსაცმელის ჩაცმის გამო და ამასთან ერთად, ეს ჯარისკაცები არ ცდილობდნენ გაეზვიადებინათ გენდერული წარმოდგენები, მათი შესრულებული როლები და კოსტუმები ძალიან რეალისტური იყო, რაც ძალიან გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ გარემოებებს, რომელიც ძალიან რთული და რეპრესიული იყო.

 

შენს ფოტოებში შეხვდები ლეგენდარული ქროსდრესერის, ბემბის ფოტოებსა და ისტორიას, როგორ გადაიქცა პატარა ბიჭი ძლიერ ქალად. 

სებასტიან ლიფშითზი: ბემბი ძალიან ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. როცა მას შევხვდი, მე არაფერი ვიცოდი მასზე, ვიცოდი მხოლოდ მისი სახელი. ერთ დღესაც მან მომიყვა თავისი ისტორია და ჩვენ ერთად წავედით ბემბის სამშობლოში, ალჟირში. ბემბის ისტორიაში ყველაზე მეტად მხიბლავს მისი უნარი, თუ რამდენჯერ მოახერხა თავიდან დაეწერა საკუთარი ისტორია.

მოგვიყევით მეტი ბემბის შესახებ.

სებასტიან ლიფშითზი: ბემბი 1935 წელს ალჟირის პატარა, ჩაკეტილ სოფელში დაიბადა. იმ დროისთვის შეუძლებელი იყო გესაუბრა სექსზე, იდენტობაზე და მსგავს თემებზე. წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება იმ დროში, იმ სოფელში 6 წლის ბიჭუნასთვის, რომელსაც ეგონა, რომ პატარა გოგო იყო? ბემბის დედა მცირეწლოვან შვილს საშუალებას აძლევდა ისე ჩაეცვა, როგორც ბიჭუნას სურდა, მისი თმა იყო გრძელი, მაგრამ 6 წლის ასაკში, როცა სკოლაში წასვლის დრო მოვიდა, დედამ უთხრა „კარგი, ახლა თმა უნდა შევიჭრათ და კაბების ჩაცმა შევწყვიტოთ, დამთავრდა, დაივიწყე“ ბემბი მხოლოდ ამ დროს მიხვდა, რომ ის ბიოლოგიურად ბიჭი იყო – მას ყოველთვის ეგონა, რომ გოგონა იყო.

მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მას უწევდა ეცხოვრა, როგორც პატარა ბიჭს, მაგრამ გულის სიღრმეში ის გრძნობდა, რომ გოგო იყო. ერთ დღესაც, როცა ბემბი 15 წლის გახდა, ქალაქს ფრანგული კაბარეს მოცეკვავეები ეწვივნენ და მათი შესრულების ნახვისას, ბემბი მიხვდა, რომ შესაძლოა, გქონდეს ღირსეული ცხოვრება და თან არ დაკარგო საკუთარი იდენტობა. ეს ერთგვარი თავიდან დაბადება იყო, ამის შემდეგ ის სწრაფადვე გაემგზავრა პარიზში და შეუერთდა ქროსდრესერების საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ფრანგული საზოგადოება ჯერ კიდევ მტრულად იყო განწყობილი ქროსდრესერების მიმართ, ეს მას არ აინტერესებდა, ბემბი არ აპირებდა შეთანხმების დადებას ჰომოფობიურ საზოგადოებასთან.

რა დაემართა ბემბის ამის შემდეგ? 

სებასტიან ლიფშითზი: 30 წლის ასაკში, ბემბი მიხვდა, რომ კაბარეში ცეკვას ვეღარ გააგრძელებდა. ამიტომ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა სწავლა, აეღო დიპლომი და გამხდარიყო ფრანგულის მასწავლებელი უცნაურ ფრანგულ ქალაქში. მას უნდოდა გამხარიყო ანონიმური ქალი. ანონიმურობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მას სურდა, ყოფილიყო ჩვეულებრივი ქალი ყოველდღიური ცხოვრებით. ახლა ის ელეგანტური ხნიერი ქალია.

ძალიან შთამაგონებელია ბემბის ისტორიის მოსმენა, როგორ წავიდა კაბარეში და როგორ გადაწყვიტა, სრულყოფილი გაეხადა თავისი ცხოვრება. რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ისტორიის შესწავლისას ახალმა თაობამ, რომელიც საკუთარი იდენტობის ძიებაშია?

სებასტიან ლიფშითზი: საზოგადოება იმაზე კომპლექსური და ჩახლართულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არსებობს ტრადიციული, მზა მოდელები, რომელსაც უნდა მოერგო, თუ გინდა, რომ ქალი იყო, აუცილებლად უნდა გამოიყურებოდე ქალივით, თუ გინდა, რომ იყო მამაკაცი, აუცილებელია იყო გამოიყურებოდე მამაკაცივით, სქესებს შორის დაყოფა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. შეხედეთ პატარა ბავშვების სათამაშოებს, გასაოცარია, როგორ აიძულებს სათამაშო პატარა ადამიანს, რომ მოერგოს აწ უკვე არსებულ მოდელებს. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, არ მიყვარს და არ ვეთანხმები, რადგან როგორც ზემოთ ვთქვი, ადამიანები უფრო კომპლექსურები ვართ. იდენტობების სპექტრი ძალიან მრავალფეროვანი და მასიურია, ადამიანებს სჭირდებათ გამოხატონ საკუთარი თავი ისე, როგორც მათ ეს სურთ და როგორც ისინი გრძნობენ შინაგანად თავს, სამწუხაროდ, ხშირად არ ემთხვევა, როგორც ჩვენ მათ ვხედავთ.

წყარო: DAZED

ფოტო: სებასტიან ლიფშითზი

თარგმანი:: ზურა აბაშიძე

წინა

ჰარი სტაილსი ჟურნალი DAZED-ის გარეკანზე

შემდეგი

ღვინო, დუდუკი, ქალები – პოდკასტი ქვიარ ქალებისთვის

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების