ოქტომბერი 2021 - Page 3

დევიდ გაში – ქორწინების აღთქმის შესახებ

დევიდ გაში – სხვაგვარად ვფიქრობთ

გიგა ბერიაშვილის თარგმანი

ახალი ეონის ბიბლიოთეკა

თავი მეთექვსმეტე

ქორწინების აღთქმის შესახებ

ამჯერად ვცადოთ და გამოვარკვიოთ, თუ რა ადგილი უჭირავს აღთქმას ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკაში.

მრავალი ქრისტიანული კოლეჯი და სემინარია ლაპარაკობს ლგბტქ საკითხებზე. გასული ოცი წლის განმავლობაში, როდესაც მათთან სტუმრობისას დაგეგმილიც კი არ მქონია ამაზე საუბარი, საბოლოოდ, დიალოგი მაინც ამ თემებისკენ მიდიოდა. მახსოვს, ერთხელ, ერთი ღრმად კონსერვატორი კოლეჯისთვის მოხსენებას ვკითხულობდი. ჩვენი საუბარი ამ თემისკენ წარიმართა და მაშინ, ფილოსოფიის სტუდენტებს ვუთხარი: „პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვამბობთ – ჰომოსექსუალობა პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით მისი პრობლემურობის მიზეზი.“

ფილოსოფოსებმა მშვენივრად იციან, რომ თუკი შენი მოსაზრების განმტკიცებისთვის მყარ არგუმენტს არ მოიყვან, სათაკილო სიტუაციაში აღმოჩნდები. ფილოსოფოსების გარდა, მშობლებმაც იციან ამის შესახებ. მახსოვს, ერთხელ ღრმად კონსერვატორი ევანგელური ქრისტიანი მშობლების ნამუშევარი დავიხმარე მოხსენებაზე მუშაობის პროცესში. ყველაზე მეტად, რაც ამ ნამუშევარში მომეწონა, ავტორის აქცენტი იყო მშობლების მიმართ, რომ თავიანთი შვილებისთვის მკაფიოდ აეხსნათ იმ კანონების არსი, რომელსაც უწესებდნენ.

მოკლედ, კონსერვატორების აზრით, ჰომოსექსუალებმა რომანტიკული ურთიერთობა არ უნდა დაამყარონ, მაგრამ… მაგრამ… და მაინც, რატომ? რა მიზეზით? რატომ უნდა იყოს მსგავსი ურთიერთობები ცოდვილი? ჯეიმს ბრაუნსონის სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მორალი და ლოგიკა დევს ამ აკრძალვაში? ბიბლია ასე ამბობსო. კარგი, მაგრამ უფრო ზუსტად ამის შესახებ მაინც რომელი მუხლები საუბრობს?

• დაბადება 19, მსაჯულთა 19: მაგრამ ამ ტექსტებში საუბარია ამბავზე, რაოდენ საზარელია ჯგუფური გაუპატიურება ადამიანებისა (ანგელოზებისაც). სამწუხაროდ, სოდომი არასწორად ტრანსფორმირდა „სოდომიად“ ათასობით წლის მანძილზე.

• ლევიანთა 18-20: ამ ტექსტში კი საუბარია, რომ კაცის კაცთან დაწოლა ისე, როგორც ქალი წვება კაცთან საზიზღრობაა, მაგრამ მკვლევარები დიდი ხანია ცალსახად ასახელებენ ამ აკრძალვის რეალურ მიზეზს. მთელი ერთი თავი მაქვს ებრაული საღმრთო წერილიდან ამ და სხვა საკითხების განხილვისათვის.

• პირველი კორინთელთა 6, პირველი ტიმოთე 1: ამ ტექსტებში ორი სიტყვაა მოცემული, რომლებიც არასწორად ითარგმნა და მათი ზუსტი განმარტებით ამ მუხლების საზრისი აბსოლუტურად იცვლება.

• დაბადება 1-2, მათე 19, რომაელთა 1 (აგრეთვე ლევიანთა 18-20, პირველი კორინთელთა 6, პირველი ტიმოთე 1): აღნიშნული ტექსტები ამბობენ, რომ ერთნაირსქესიანი ურთიერთობები ღმრთის განზრახვას, რომელიც შესაქმეში გამოვლინდა, ეწინააღმდეგება. წინა თავში სამი მაგალითი მოვიყვანე, რომელიც ეპასუხება კონსერვატორების წამოყენებულ მოსაზრებებს, თუ რატომ არ ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთობები ღმრთის ნებას (უფრო ადრე კი განვიხილე კულტურული ფაქტორები, რომელიც პავლეს დამოკიდებულებებს ცხადად ხსნის).

კონსერვატორები ზოგჯერ გაოგნებას ვერ მალავენ, როგორ შეუძლია რომელიმე ქრისტიანს, თავისი დამოკიდებულება ლგბტქ საკითხებზე ასე ერთბაშად შეიცვალოსო. არადა პასუხი მარტივია, რადგან მთელი საქრისტიანოს დამოკიდებულება აღნიშნულ თემებზე, ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთპარტნიორობასა და მათ რომანტიულ-სექსუალურ ურთიერთობებზე, განპირობებულია ებრაული საღმრთო წერილის ზოგიერთ მუხლსა და ახალი აღთქმის რამდენიმე ებრაული საღმრთო წერილის ექოსა და ალუზიაზე.

წმინდა წერილის ტრადიციული კითხვა და მისი ამგვარი ინტერპრეტაცია თავისთავად განპირობებულია გლობალურად გავრცელებული ხედვებისგან და თავადაც განაპირობებს მის ძალაუფლებას, თუმცა მისი ახლებური გააზრება ქრისტიანულ აზროვნებაში ინერციას იწვევს და ჩვენი ლგბტქ და-ძმების ჩვენს სამრევლოებში უპრობლემოდ მიღების ამინდს ქმნის. ნუ დაგავიწყდებათ, ხშირად, მათ თავიანთი ოჯახებიც კი წირავენ. სისტემატიური ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური ძალადობისა და სტრესის ქვეშ იმყოფებიან, არც ისე მცირე ნაწილი თვითდაზიანებასა და სუიციდს მიმართავს. ლგბტქ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იდევნებიან საზოგადოების უმრავლესობის მიერ, დღესდღეობით, მათი დევნა შედარებით შემსუბუქებულია და აწ უკვე მათ გვერდით ქრისტიანებიც დგანან, რომლებიც თავს არ ზოგავენ ამდენხნიანი უსამართლობის წარსულში დატოვებისთვის.

მას შემდეგ, რაც ამ თემაზე დაწერილ სხვადასხვა ტექსტს ყურადღებით გავეცანი, გავაცნობიერე, რომ ის ყველაფერი, რასაც ბიბლიური ტექსტები და ქრისტიანული ეკლესიები ლგბტქ ადამიანებისა და მათი ურთიერთობების მარგინალიზებისათვის იყენებდნენ, სრულიად უსაფუძვლოა, აზრგამოცლილია და სრულებითაც არ წარმოადგენს კამათის საგანს. სინამდვილეში, ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი დამოკიდებულებაა, როგორც თეოლოგიური საკითხების, ისე ჩვენ ირგვლივ მყოფი ლგბტქ ადამიანების მიმართ, რომელთა არც ისე მცირე ნაწილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგი, რაზედაც ამდენი ხანია ვწერ, საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას და გარდაუვალიც კია დასხდომა და ზემოთ აღწერილი თემების განხილვა.

მოდით, ჩავთვალოთ, რომ ლგბტქ ადამიანები გარესკნელის წყვიადიდან ამოვიყვანეთ და ქრისტიანულ საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრირება მოხდა. კონსერვატორები ამბობენ, რომ ეს მაინც არ გადაჭრის საკითხს, რა უნდა უყონ თავიანთ სექსუალურ და რომანტიკულ მისწრაფებებს. დავუშვათ, აკრძალვები მოვუხსენით, მერე რა იქნება?

დასავლური კულტურა და ღირებულებები ამბობს: ერთადერთი ღირებული მორალური განჩინება, რომელიც სექსუალურ ეთიკას უკავშირდება, სექსუალური ურთიერთობების დაშვებაა იმ შემთხვევაში, თუკი შენი სექსუალური მისწრაფებები ვინმეს ზიანს არ აყენებს. ყველაფერი დაშვებულია, თუკი ადამიანები მის დაშვება თანხმდებიან. ამას ურთიერთშეთანხმების მორალს ვუწოდებ.

შედარებით უფრო განსხვავებული, ერთგვარი ამაღლებული ხედვაც არსებობს, რომელსაც სიყვარულის მორალი ჰქვია: ყველაზე სწორია და მორალურად გამართლებული, იპოვო ადამიანი, რომელიც გეყვარება და მხოლოდ მასთან გექნება სექსუალური ურთიერთობებიც.

ქრისტიანობა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ამბობს: ღმერთმა განაჩინა, რომ კაცმა და ქალმა ერთმანეთზე იქორწინონ ეკლესიაში და მხოლოდ ქორწინებაში იყოს დაშვებული სექსუალური ურთიერთობა (ან ეკლესიის ნაცვლად ცივილური წესებით, სამოქალაქო ქორწინებაში შევიდნენ ერთმანეთთან), მანამდე, სანამ ერთმანეთს სიკვდილი არ დააშორებთ. მოდით, ამას აღთქმის ქვეშ მყოფი მორალური განჩინება ვუწოდოთ, რომელიც კრძალავს ცოლ-ქმრულ ღალატსა და გაყრას.

ეს სამი მაგალითი ერთმანეთისგან ქვეტექსტითაც განსხვავდება და ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიებსაც მიემართება. ის, რაც ამ სამს აერთიანებს, ადამიანის სექსუალური სურვილებისა და სექსუალური ურთიერთობისკენ სწრაფვის აღიარება და შეთანხმებაა, რომ ძალადობა და ტკივილის მიყენება დაუშვებელია. ეს წესები ჩვენს კულტურაში ღრმადაა გამჯდარი. ეს ის წესებია, რასაც ჩვენი კოლეჯების კამპუსებში უნდა ასწავლიდნენ, რადგან სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ აქაა.

სასიყვარულო ურთიერთობის მორალური წესები ადამიანის სექსუალური ცხოვრების საჭიროებას აღიარებს, მაგრამ მას ადამიანურ სიყვარულსაც უმატებს და ამგვარად, ადამიანებს შორის კავშირის არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას. ურთიერთობის ამგვარი მონოგამიური გაგება, ხანგრძლივი თანაცხოვრების საფუძვლად მიიჩნევა.

ქრისტიანული გაგება ურთიერთობისა, სექსუალური სწრაფვებისა და სიყვარულისა, თითქმის იდენტურია, უბრალოდ, ამათ შორის ის განსხვავებაა, რომ ასეთ ურთიერთობას იგი ქორწინების ფარგლებში უშვებს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მან მთელი ცხოვრება უნდა გასტანოს (ზოგჯერ ძალიან მცირე გამონაკლისებს უშვებს). ამგვარად, ქრისტიანობის მიზანია, რომ ადამიანი თავის გაუხედნავ იმპულსებთან, მანკიერ ადამიანურ ბუნებასთან მარტო არ დატოვოს და ირგვლივ მორალური, ეთიკური, საზოგადოებრივი და საეკლესიო სიმტკიცეები შემოარტყას. ეს არის ის, რასაც ქრისტიანული ეკლესია ადამიანებს შორის დადებულ აღთქმაზე გვასწავლის.

დაახლოებით მე-20 საუკუნიდან, ქრისტიანობაში არსებულმა ურთიერთ აღთქმამ თავისი მნიშვნელობა ნელ-ნელა დაკარგა. თაობიდან თაობამდე სულ უფრო და უფრო ცხადად ვხედავთ ამას. ჩემი მშობლები 53 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები, ბოლოს მამა დაქვრივდა. ახალ თაობაში ამდენწლიან ქორწინებაში მყოფი წყვილების რაოდენობა თანდათანობით უფრო მცირდება. მე მგონია, რომ 1960-იანი წლებიდან იწყება შეთანხმებული ურთიერთობების მიერ აღთქმადადებული, ქორწინებაში მყოფი წყვილების ურთიერთობების ჩანაცვლება და სწორედ ამ მიზეზის გამო განიცდის მონოგამია კრახს. ქორწინება არ არის ქორწინება, თუკი საქმე იძულებით მონოგამიასთან გვაქვს. ზოგადად, ერთგულების ვალდებულებამ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთ ადამიანთან ყოფნის იდეამ, დღევანდელობაში ქორწინებისა და მისი საფუძვლების შესუსტება გამოიწვია. ქორწინების კოლაფსი ჩვენი დროის ერთ-ერთი არანაკლებ პრობლემური საკითხია და აუცილებლად საჭიროებს განხილვას, რადგან კულტურული ბზარების გარდა, დანგრეულ ქორწინებაში ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.

თანამედროვე ქრისტიანობისთვის, ქორწინების მთავარი მიზანი შვილების გაჩენაა. დღევანდელი ცხოვრების შემხედვარეს, შეიძლება გეგონოს, რომ 1960-იან წლებში სექსისა და გამრავლების შესახებ არაფერი იცოდნენ. ადრეც და ახლაც ზრდასრულ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, მასთან ჰქონდეთ სექსი, ვისთანაც უნდათ, რადგან კონდომები და აბები თავის საქმეს მშვენივრად აკეთებენ, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკაში დაბადებული დაახლოებით 40% ბავშვისა, შემთხვევით ჩაისახა. განქორწინებამ ან წყვილის დაშორებამ სწორედ ამ ბავშვებზე გადაიარა. ამერიკასა და მთელ მსოფლიოში უამრავი ბავშვია, რომლებმაც თავიანთი მშობლების ქაოტური სექსუალური ცხოვრების გამო სათანადო მზრუნველობა ვერ მიიღეს.

მე ქორწინების მომხრე ვარ. ნებისმიერი ვინმე, ვისაც ჩემი რომელიმე ნაშრომი წაუკითხავს ამ თემაზე, ცალსახად დამეთანხმება. მგონია, ეს მორალური დამოკიდებულება ჩემს ხედვებში წმინდა წერილის შემდეგი წიგნებიდან გამომდინარე აისახა: მალაქია 2, მათე 19, მარკოზი 10 და ეფესელთა 5. ურთიერთშეთანხმების ეთიკას რაც შეეხება, მისი რადიკალური წინააღმდეგი ვარ, მძულს ამგვარი ურთიერთობა, რადგან დამანგრეველად მიმაჩნია. აგრეთვე, სიყვარულის მორალიც ნგრევისთვისაა განწირული.

წმინდა წერილიცა და ჩვენი თვალებით ნანახი ცოცხალი მტკიცებულებებიც ცალსახად ამბობს, რომ საქორწინო აღთქმა ერთადერთია, რაც წლებს უძლებს. რაც შემეხება მე, ჩემი მშობლების დადებული აღთქმის მადლი გადმოვიბარე და 30 წელია, ქრისტიანულ ქორწინებაში ვიმყოფები. ამდენმა ძიებამ და კვლევამ ჩემი ეს აღთქმა ოდნავად ვერ შეარყია. მკაცრად და მტკიცე მოთმინებით ვუდგები იმას, რაც მე საკუთარ თავს დავაკისრე ჩემი ეკლესიის წიაღში და ამავეს ვითხოვ სხვა ეკლესიებისგანაც. მათმა ზნეობრივმა სისუსტემ, არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ ურთიერთობებისადმი, არანაკლები ზიანი მიაყენა ამ საკითხში კონსერვატორ ქრისტიან ლგბტქ წყვილებსაც.

ძალიან ბევრი ლიბერალი ლგბტქ ადამიანია, რომლებიც ჩემგან და მრავალი სხვა პასტორისგან კურთხევას ითხოვენ ნებისმიერი ტიპის სექსუალური ურთიერთობისთვის. ამას ჩემგან ვერასოდეს მიიღებენ.

სამაგიეროდ, აგრეთვე ძალიან ბევრი ლგბტქ ადამიანია, რომლებიც კურთხევას ითხოვენ ტრადიციული, ქრისტიანული მორალის ქვეშ მყოფი ურთიერთობისთვის. ისინი მთელ თავიანთ ცხოვრებას ერთ ადამიანს აღუთქვამენ, როგორც ყველა ღირსეული ქრისტიანი და მათ თანადგომა სჭირდებათ, როგორც სასულიერო პირებისგან, ასევე მრევლისგან, რასაც აუცილებლად მიიღებენ.

რა საოცარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია გამუდმებით დევნიდა და უარყოფდა მათ, ლგბტქ ადამიანებს შორის ძალიან ბევრი წყვილია ისეთი, რომელმაც თავიანთ ცხოვრებაში ის ღირებულებები გაატარეს, რასაც ქრისტიანობა ქადაგებდა. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ღირსეულ ადგილს ეკლესიაში.

ბრიტანეთის ავიახაზები ტრადიციულ მისალმებას გენდერულად ნეიტრალური მისალმებით ჩაანაცვლებს

British Airways გეგმავს, მისალმება ,,ქალბატონებო და ბატონებო” ამოიღოს და ის უფრო ინკლუზიური ფრაზით  ჩაანაცვლოს.

British Airways-ის სპიკერმა თქვა, რომ ცვლილება გამიზნულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მგზავრები, რომლებიც თავს არაბინარულად მიიჩნევენ,  არ გრძნობდნენ თავს გაუცხოებულად – ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას და ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ყველა ჩვენი მომხმარებელი გრძნობდეს იმას, რომ მგზავრობისას ის ჩვენთვის სასურველი ადამიანია.”

გენდერულად ნეიტრალურ ენას იყენებენ სხვა ავიაკომპანიებიც: Japan AirlinesAir New ZealandLufthansa, and Air Malta.

ამერიკაში, 2019 წელს, ავიაკომპანიებმა და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) მოუწოდა კომპანიებს, გამგზავრებამდე მგზავრებს ნება დართონ, აირჩიონ ისეთი გენდერული პარამეტრები, როგორიცაა ,,დაუზუსტებელი” ან ,,დაუდგენელი”. რამდენიმე ქვეყანა უკვე იძლევა ნებართვას, მესამე სქესი პასპორტებში აღინიშნოს, ამ ქვეყნების სიშია ავსტრალია, კანადა, დანია, ინდოეთი, ნეპალი და პაკისტანი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადო, რომ არაბინარული პასპორტი 2021 წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო: them.us

პეტრა დე სატერი – პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ბელგიის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე

ბელგია მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას ზეიმობს – ბელგიის ვიცე-პრემიერის თანამდებობა ტრანსგენდერმა ქალმა, პეტრა დე სატერმა დაიკავა.

პეტრა დე სატერი გინეკოლოგი და ლგბტქ+ აქტივისიტია, რომელიც გასული წლიდან ფლამანდიის მწვანე პარტიის წარმომადგენელია ევროპარლამენტში, ასევე, არის პროფესორი გენტის უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. 57 წლის პოლიტიკოსი ახალ თანამდებობაზე ექვს სხვა მოადგილესთან ერთად იმუშავებს, მანამდე ის ბელგიის პარლამენტის პირველი ტრანსგენდერი წევრი იყო.

პეტრა დე სატერი ამჟამად ევროპაში ყველაზე მაღალი რანგის ტრანსი პოლიტიკოსია. თავის პირად გვერდზე დე სატერი წერს – ,,ახლა მე შემიძლია, გავაკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ვიმუშაო ამ მთავრობასთან ერთად ბელგიელებისთვის.”

ILGA–ს Rainbow Europe-ის ანგარიშის მიხედვით, ბელგია მეორე ყველაზე ლგბტქ+ მეგობრული ქვეყანაა ევროპაში მალტის შემდეგ. ბელგიაში ლგბტქ+ ადამიანები სრულად არიან დაცული კანონით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება კი დაშვებულია 2003 წლიდან – ის იყო მეორე ქვეყანა ისტორიაში, რომელმაც ჰოლანდიის შემდეგ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას სრული იურიდიული აღიარება მიანიჭა.

სატერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი, როგორც ტრანსგენდერი ქალის მთავრობაში ყოფნა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ლგბტქ+ საზოგადოებისთვის. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის იყრიდა კენჭს ტრანსით ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში, რადგან მათ არ გააჩნიათ პრივილეგია, მსოფლიომ მიიღოს ისინი ისეთებად, როგორებიც არიან.

წყარო: them.us

ქვიარ ქალები 1970-იან წლებში – ბარბარა ჰამერის ფოტოები

/

ბარბარა ჰამერი ამერიკელი ქვიარ არტისტი და კინორეჟისორია, რომელიც სამოცდაათიანი წლების დასაწყისში სან-ფრანცისკოში სწავლობდა კინორეჟისურას. სწავლის დამთავრების შემდეგ, არტისტმა გადაწყვიტა, ქამინგაუთი გაეკეთებინა, გაშორებოდა ქმარს და ექსპერიმენტული ფილმების გადაღება დაეწყო თავის პერსონალურ გამოცდილებაზე.

კინორეჟისორისა და ფოტოგრაფის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Dyketactics, რომელიც 1974 წელს გამოვიდა, პირველ ლესბოსურ ფილმად მიიჩნევა. ქვიარ არტისტი 50 წლის განმავლობაში იღებდა ფილმებს და ცდილობდა, დაენგრია ლესბოსელი ქალებისა და, ზოგადად, ქალების გარშემო არსებული ტაბუები და ნორმები, ამასთან ერთად, სათქმელის გადმოსაცემად არტისტი ყოველთვის ეძებდა სხვადასხვა გზას, პიონერ კინორეჟისორს ეკუთვნის სხვადასხვა არტისტული ინსტალაცია, პერფორმანსი, ფოტოების სერია, ნახატები და კოლაჟები.

2019 წელს გარდაცვლილი არტისტის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ქალების ცხოვრება მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში, ჰომოსექსუალი წყვილების გამოცდილება, სიბერე, სიყვარული და სიკვდილი. კინორეჟისორის ფილმოგრაფია 80-მდე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმს იტევს, მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით – Nitrate Kisses, 1992 წელს გამოვიდა.

გთავაზობთ ბარბარა ჰამერის ფოტოებს, რომელიც 1970-იან წლებში არის გადაღებული და შესანიშნავად ასახავს ქალების სიყვარულს, სამყაროს, რომელიც დაცლილია სიძულვილისგან, მალვისა და შიშისგან:

ბარბარა ჰამერი 1970-იან წლებში

არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ ხდებოდა – გიორგი თაბაგარის განცხადება

წუხელ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

,,საქსეს ბარის გახსნა იყო გუშინ და ძალიან კარგი საღამო გვქონდა. ორწლიანი შესვენების შემდეგ, თავი ადამიანებად ვიგრძენით, სულ რამდენიმე საათით. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლოთ ბარში შესვლა და ამას მკაცრად აკონტროლებდნენ შესასვლელში. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა, იმიტომ რომ ჩვენ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფი ვართ!

მოკლედ, ბარი დაიხურა 11-ზე და ორი წლის უნახავი ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს ვესაუბრებოდით ქუჩაში. დაახლოებით 23:10-ზე მოვიდნენ პოლიციელები და რამდენიმე წუთის განმავლობაში არკვევდნენ სიტუაციას. მეც ვესაუბრე და ყველაფერი მშვიდად იყო. არ უთქვამთ რომ დაიშალეთ და სახლებში წადით, ან რამე მსგავსი. არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ ხდებოდა.

ალბათ ჩვენი საუბრიდან 3-4 წუთის შემდეგ ვხედავ რომ პოლიციელები მიათრევენ ჩვენს მეგობარს და თანამშრომელს. უსახლკარო ადამიანს (!), რომელსაც სწორედ პოლიციის უმაქნისობის გამო, ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა და ექმნება ამ ქვეყანაში..

ათამდე პოლიციელი იყო ალბათ. გამოვესარჩლეთ, ვეკითხებოდით სათითაოდ თუ რატომ აკავებდნენ ამ ადამიანს. არც ერთმა პასუხი არ გაგვცა! უსამართლობა ხდებოდა და შევეწინააღმდეგეთ. ამ ძიძგილაობაში მეც გამათრიეს, ჯერ კინაღამ დამახრჩო პოლიციელმა, შემდეგ ჩამტენეს მანქანაში ბორკილებით. ჯამში, საათნახევარზე მეტი გავატარე ალბათ ამ მანქანაში. წყალიც ძლივს მომიტანეს ნახევარსაათიანი ხვეწნის შემდეგ. რისთვის, რატომ?! რა საჭირო იყო ეს ძალის დემონსტრირება და სრულიად უადგილო ძიძგილაობა? ამ დროს კრიმინალი ყვავის ქვეყანაში და რაზე ხარჯავენ დროს და რესურსს..

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ვიკითხოთ თუ სად იყვნენ ეს პოლიციელები 5 ივლისს ოფისს რომ გვირბევდნენ იმავე ქუჩაზე?! სად იყვნენ როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მათი დახმარება, მოსაკლავად რომ მოგვსდევდნენ?! ასე უკუღმა როგორ არის ყველაფერი მოწყობილი მართლა ვერ ვხვდები. 5 ივლისის გამტარებელი პოლიცია, ზურა მახარაძეს და მორგოშიას ამდენი მტკიცებულების მიუხედავად რომ არ აკავებს, სამაგიეროდ რაღაც აბსურდული მეთოდებით ჩვენ გვიპირისპირდება, აშკარად აცდენილია სამართლიანობის პრინციპებს!

ძალიან გულსატკენი იყო ამ ყველაფრის ყურება, რამდენჯერმე ვიტირე უსამართლობის შეგრძნების გამო. ცისფერი მთები გახდა ეს ქვეყანა და რთულია ამ ყველაფერს მშვიდად უყურო. არადა ძალიან გვინდა მშვიდად ცხოვრება. ბევრს ვითხოვთ?!

აქვე მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გამხნევებისთვის!”

წუხელ, ბარ ,,საქსესთან” პოლიციამ სამი პირი დააკავა, მათ შორის, გიორგი თაბაგარი. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166 და 173 მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოგვიანებით, სამივე მათგანი გაათავისუფლეს.

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

/

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

ასეთი პოლიტიკა, ერთის მხრივ, ხელს უწყობს ლგბტ თემის გაძლიერებას, ხოლო მეორეს მხრივ, ეხმარება სხვადასხვა ქალაქს ტურისტების მოზიდვასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში, ჯერ კიდევ არ არის მოგზაურობა ისეთი მარტივი, როგორც აქამდე იყო, გთავაზობთ იმ ქალაქების ჩამონათვალს, რომელიც სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (ლგბტ კულტურული და გასართობი ღონისძიებების რაოდენობა, პრაიდების მასშტაბები, მოსახლეობის მიმღებლობა, ლგბტ საზოგადოების მრავალრიცხოვნობა), შეგვიძლია, ყველაზე მეგობრულ ქალაქებად მივიჩნიოთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის:

თელ-ავივი – ისრაელი 

შუა აღმოსავლეთში მდებარე ეს ქალაქი მსოფლიოში ცნობილია ყველაზე შემწყნარებლური ლგბტ პოლიტიკით და ლგბტ მოსახლეობის მრავალრიცხოვნობით. ამასთან ერთად, თელ-ავივი ყოველწლიურად მასპინძლობს მასშტაბურ ლგბტ ღონისძიებებს, ლგბტ გამოფენებს, ლგბტ თეატრალურ და კინო ფესტივალს და მსოფლიოში ყველაზე ფერად და მხიარულ ღირსების მარშს.

ბერლინი – გერმანია 

გასული საუკუნის 20-იან წლებში ბერლინი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო მთელს მსოფლიოში, სადაც ლგბტ ადამიანებს მშვიდად შეეძლოთ ცხოვრება და საკუთარი თავის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტური ძალების აღორძინებამ და მეორე მსოფლიო ომმა ვითარება შეცვალა, დღესდღეობით ბერლინი მაინც არის ლგბტ ადამიანების თავშესაფარი მთელი მსოფლიოდან.

ნიუ-იორკი – ამერიკის შეერთებული შტატები 

ნიუ-იორკი კიდევ ერთი ქალაქია, სადაც ლგბტ ცხოვრება დუღს და სხვადასხვა სექსუალური იდენტობის თუ ორიენტაციის ადამიანები ბედნიერად თანაცხოვრობენ. ეს გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავიხსენებთ გასული საუკუნის ბობოქარ 60-იან წლებს, სტოუნვოლის აჯანყებას, რომელმაც ლგბტ უფლებებსა და ღირსების მარშის აღნიშვნას დაუდო სათავე.

სან ფრანცისკო – ამერიკის შეერთებული შტატები 

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გადაჭიმულ ქალაქ სან-ფრანცისკოს თამამად შეგვიძლია ქვიარ დისნეილენდი ვუწოდოთ. ამერიკაში რიგით მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში გვხვდება პირველი გეი უბანი და თუ კვლევებს დავუჯერებთ, ღამის ცხოვრებით განთქმული ქალაქის მოსახლეობის 15% საკუთარ თავს ლგბტ ოჯახს მიაკუთვნებს.

ბარსელონა – ესპანეთი 

2014 წელს ბარსელონამ ანტი-ჰომოფობიური კანონი მიიღო, რის მიხედვითაც ლგბტ პირების ფიზიკური თუ მორალური შევიწროვება 140.000 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს. ბარსელონაში ყველა ლგბტ ადამიანი იპოვის სათავისო თავშესაქცევს, ქალაქში ყოველწლიურად იმართება გეი კინო-ფესტივალები, LGBT ლიტერატურული ღონისძიებები და რაც მთავარია, Circuit Festival –  ყველაზე დიდი მუსიკალური გეი ფესტივალი მთელს ევროპაში.

ამსტერდამი – ნიდერლანდები

„იცხოვრე და მიეცი საშუალება იცხოვრონ“ – ეს ყველაზე ცნობილი გამოთქმაა ამსტერდამში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამჯდარია ქალაქის მაცხოვრებლების ცნობიერებაში. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი წელია, როგორი პოლიტიკური ამინდი დგას სამყაროში, ამსტერდამელები ყოველთვის ღია არიან სხვადასხვა ცხოვრების წესისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიმართ, რაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური ყოველწლიური ღირსების მარში მეტყველებს.

ლონდონი – დიდი ბრიტანეთი

ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, მულტიკულტურული და ღია ქალაქია, რომელიც პატივს სცემს ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად სქესისა, ორიენტაციისა და სექსუალური პრეფერენციებისა. ამასთან ერთად, გამორჩეულია დაუვიწყარი ღამის ცხოვრებით და კულტურული ღონისძიებებით, რომელიც მთელი მსოფლიოდან მილიონობით ლგბტ ადამიანს იზიდავს.

სან-პაულუ – ბრაზილია

ბრაზილიის ქალაქი სან-პაულუ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს მთლიანად ქვეყნისთვის და ეს დიდადაა დამოკიდებულია იმაზე, რომ ქალაქი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის. მართლაც, ქალაქში პირველი პრაიდის ფესტივალი 1997 წელს ჩატარდა და მას 2000-მდე ადამიანი დაესწრო, დღესდღეობით კი, სან-პაულუს პრაიდი ცნობილია თავისი მასშტაბურობით – პრაიდს სან-პაულუში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება.

ტორონტო – კანადა 

სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით, ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ლგბტ ადამიანებისთვის კანადაა, მისი ყველაზე დიდი ქალაქი ტორონტო კი უამრავი გეი დასახლებებით, ლგბტ-მეგობრული ბარებით, რესტორნებით, კლუბებით, რეკრეაციული ადგილებით და კულტურული ღონისძიებებით, დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ ლგბტ საზოგადოებას, ასევე ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ონლაინ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ონლაინ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, ჩემპიონატი „ჭადრაკი მშვიდობისთვის“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა.

ონლაინ ჩემპიონატში 2021 წლის 13-14 ოქტომბერს, 31 ქვეყნის 43 მსჯავრდებულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის განცხადებით, მან სრულად დააფინანსა საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა შიდა ტურნირებისა და ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპები, პრიზიორებისთვის, ფონდს დაწესებული აქვს სპეციალური ჯილდოები.

აღსანიშნავია, რომ ფონდის დაფინანსებით ჭადრაკის ინვენტარით აღიჭურვა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება.

წყარო: სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მსოფლიო ფონდი

ილუსტრაცია: https://dribbble.com/shots/4148603-Chess-illustration

დევიდ გაში – სხვაგვარად ვფიქრობთ

გიგა ბერიაშვილის თარგმანი

ახალი ეონის ბიბლიოთეკა

 

თავი მეცამეტე

ორი სიტყვის შესახებ

ორი სიტყვა, რომლის არაზუსტმა თარგმანმა ლგბტქ საკითხებთან მიმართებაში არსებული პრობლემა გააღრმავა

პავლე მოციქული (ან მეორე და საკმაოდ დამაჯერებელი ვარიანტით, ის, ვინც პავლე მოციქულის სახელით წერს) პირველი კორინთელთა 6:9-სა და პირველი ტიმოთეს 1:10-ში, ჩამოწერს იმ საქმეებს, რომელიც ბერძნულ-რომაულ საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული და რაც ქრისტიანობისთვის ცოდვასთანაა გაიგივებული. მკვლევარები ამბობენ, რომ პირველი კორინთელთა ტექსტის მეშვეობით, პავლე მოციქული თავის ჯერ კიდევ მოსეს რჯულის არმქონე მრევლს ესაუბრება, რომელთაგან მრავალი მორალურად დაცემულია, მათ შორის, სექსუალურ ასპექტებში. პავლეს წერის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ დაანახოს ადამიანებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უმარტივესი მორალური წესების დაცვის გარეშე, ადამიანები ღვთის წყალობას ვერ მოიხვეჭენ. შემდეგ კი ჩამოთვლის 10 ტიპის ადამიანს, რომლებიც „სათავისოდ ალაგს ვერ ჰპოვებენ სასუფეველში“. პირველი ტიმოთეს 1-ში ეს სია ბევრად გაზრდილია და საუბარი უმეტესად მიმართულია მოსეს რჯულის იუდაისტური გაგებისკენ, სადაც პავლე ამბობს, რომ რჯული უღმერთოსთვისაა დადგენილი და უღმერთოების შვიდი მაგალითის ჩამოთვლას იწყებს.

ორივე სიაში გამოყენებულია ერთი ბერძნული სიტყვა „არსენოკოიტაი“, რომლის წინ დასმულია სიტყვა „მალაკოი“. მთელი კვლევებია ჩატარებული ამ ორი პატარა სიტყვის გასაანალიზებლად. განვიხილოთ „მალაკოი“. თარგმანში ეს სიტყვა „მეძავს“, „გარყვნილს“, „ავხორცს“, „ფემინურ კაცს“, „კაცს, რომელსაც კაცთან აქვს სექსი“ ნიშნავს. „მალაკოისა“ და „არსენოკოიტაის“ ერთად დასმით ვიღებთ „მეძავ მამაკაცს“, „ჰომოსექსუალს“. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს სიტყვა „რბილს“ ნიშნავს და ახალ აღთქმაში მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი ადამიანების შესამოსელის ქსოვილის დასახასიათებლადაა გამოყენებული (მათე 11:8; ლუკა 7:25).

უილიამ ლოდერი ამბობს, რომ ეს სიტყვა „რბილს“ ნიშნავს და თუკი კაცს მიემართება, მაშინ ხაზი მისი მასკულინურობის სირბილეს ესმება. დეილ მარტინი ამბობს, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა, შესაძლოა, მიმართულ იყოს იმ კაცების დასაცინად, რომლებიც სექსუალურ დაკმაყოფილებას ეძიებენ მიმღების პოზიციაში. ასევე აღნიშნავს, რომ „რბილი“ შეიძლება სექსუალობაში მის ხასიათზეც მიანიშნებდეს და სექსუალურად მარტივ საცდუნებელ, ადვილად დამყოლ, დისციპლინის არმქონე ადამიანს აღნიშნავდეს. მეორეს მხრივ, რობერტ გაგნონი ამ სიტყვას უსადაგებს იმ კაცს, რომელიც კაცთან სექსის დროს პასიურ როლშია და ეს არ გულისხმობს მხოლოდ მეძავ კაცს.

„არსენოკოიტაიც“ მხოლოდ ორჯერ გვხვდება ახალ აღთქმაში: პირველი კორინთელთა 6:9 და პირველი ტიმოთესი 1:10. პავლეს შემდგომ ტექსტებში ეს სიტყვა აღარსად გვხვდება. „არსენოკოიტაი“ რთული სიტყვაა, ორი ისეთი სიტყვისგან შედგება, რომელიც ბერძნულ ლიტერატურაში პავლემდე არსად გვხვდება.

არაერთი კონსერვატორი მკვლევარი, და მათი რიცხვი საკმაოდ ბევრია, თვლის, რომ პავლე ებრაული საღმრთო წერილის ორიგინალს კი არ გასცნობია, არამედ სეპტუაგინტას1. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ამ ეპისტოლეებში, პავლე ახალ რჯულს კი არ აყალიბებს, არამედ სექსუალობის მიმათ ტრადიციულ ებრაულ დამოკიდებულებას ახსენებს თავის მოწაფეებს, ვინაიდან ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ქრისტიანობას სჭირდება მორალურ-ეთიკური დამოკიდებულება სექსუალობის მიმართ. 1 სეპტუაგინტა: პტოლემე მეორეს ინიციატივით ქრ.შ.-მდე 250 წელს დაწყებული და 150 წელს დასრულებული პირველი ბერძნული თარგმანი ებრაული საღმრთო წერილისა. მთარგმნელის შენიშვნა.

სეპტუაგინტაში თარგმნილ ლევიანთა 18:22 და 20:13-ში, ორივე მუხლში, ის სიტყვებია გამოყენებული, რომელიც პავლემ ეპისტოლეებში გამოიყენა: „არსენოს“ და „კოიტენ“. ლევიანთა 20:13 განსაკუთრებით საგულისხმოა, რადგან ამ მუხლში ეს ორი სიტყვა პირველადაა რთული ფორმით მოცემული. ლინგვისტური პარალელი და კავშირი პავლეს ეპისტოლეებსა და სეპტუაგინტას შორის, თვალსაჩინო მაგალითია. მარტი ნიზინი მთელ ამ მოსაზრებებს აჯამებს და ამბობს: „ხედავთ, როგორი რთულია განსაზღვრო ამ სიტყვის განსაზღვრება? რადგან ყველა კონტექსტში იგი აბსოლუტურად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს.“

ვინაიდან ინგლისურენოვანი ქრისტიანები ბიბლიის წიგნებს ინგლისურ ენაზე დიდი ხანია კითხულობენ, დროთა განმავლობაში ეს სიტყვაც სხვადასხვანაირად ითარგმნა. გთავაზობთ 425 წლის განმავლობაში თარგმნილ „არსენოკოიტაის“ ვარიანტებს:

• ჟენევის ბიბლია (1587): „ზნეწამხდარნი“.

• მეფე ჯეიმსის ბიბლია (1607): „კაცობრიობისა და თავიანთი თავის წარმწყმედელნი“.

• მეისის ახალი აღთქმა (1729): “ამაზრზენნი“.

• უესლის ახალი აღთქმა (1755): „სოდომიტები“.

• სტანდარტული შესწორებული ვარიანტი (1946): „ჰომოსექსუ-ალები“.

• ფილიპსის ბიბლია (1958): „გარყვნილები“.

• ინგლისში მიღებული თანამედროვე ვარიანტი (1966): „გარყვნილი ჰომოსექსუალები“.

• ახალი საერთაშორისო სტანდარტებით თარგმნილი ვარიანტი (1973): „ავადმყოფი ჰომოსექსუალები“.

• ახალი ამერიკული თარგმანი (1987): „ის ჰომოსექსუალები, რომლებსაც ერთმანეთთან სექსი აქვთ“.

იყენებენ რა აღნიშნულ თარგმანებს, ინგლისურენოვანი ქრისტიანები და მქადაგებლები კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ მოსაზრებას, რომ პავლე მოციქული აღნიშნულ მუხლებში განურჩევლად ყველა ჰომოსექსუალს ან ადამიანს გულისხმობს, რომელიც ერთნაირსქესიან ურთიერთობაშია. პირველი კორინთელთა 6:9-ზე დაყრდნობით, ზოგიერთი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ადამიანები სრულიად მოწყვეტილნი არიან სამოთხეს და მათთვის ჯოჯოხეთში ადგილია გამოთავისუფლებული. მიუხედავად ამისა, ახალი აღთქმის სხვა ტექსტები, რომლებიც საუბრობენ მარადიულ ცხოვრებაზე, ხაზს უსვამენ იმას, რომ ღვთის წყალობის მოხვეჭა ცოდვილთაც შეუძლიათ (იოანე 3:16). აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოურიდებლად გაიძახიან ჰომოსექსუალები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, რადგან ცოდვილ საქმეს ეწევიანო და ამას კორინთელთა 6:9-ით ამოწმებენ, არასოდეს საუბრობენ, მაგალითად, მემთვრალეებზე, რომლებიც ამავე ეპისტოლეს მიხედვით აგრეთვე ჯოჯოხეთში მიმავალთა სიაში წერიან.

ქრისტიანთა უმეტესობას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ „არსენოკოიტაი“ სიტყვაა, რომლის მნიშვნელობა ყოველთვის კონტექსტუალურია. ალბათ, მათ ასევე არ ეცოდინებათ ებრაულ საღმრთო წერილისა და ახალი აღთქმის მკვლევარებს შორის არსებული იდეური ჯახის შესახებ, რადგან ისინი ვერ თანხმდებიან პავლეს მოციქულის ბერძნულ-რომაულ სამყაროში არსებულ ერთნაირსქესიან ურთიერთობების მიმართ არსებულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. და მაინც, რას გულისხმობდა პავლე: ზრდასრულთა შორის შეთანხმებულ, ნებაყოფლობით სექსუალურ აქტს? ზრდასრული კაცის მიერ პატარა ბიჭის სექსუალურად გარყვნას? პროსტიტუციას? გაუპატიურებას? მონების სექსუალურ შევიწროვებას? ალბათ, არც მაიკლ უეისის იმ იდეებს იცნობენ, სადაც იგი რომის იმპერიაში არსებულ ერთნაირსქესიან სექსუალურ ცხოვრებას იკვლევდა და ამბობს, რომ „მთელი მათი ცხოვრების წესი, კერპთაყვანისმცემლობა, მონობა, სექსუალური თავისუფლება, განპირობებული იყო სოციალურ იერარქიაში დომინირების ნებისგან… ძლიერის სხეული სძლევდა სუსტს.“ როდესაც დღეს ვამბობთ სიტყვა „ჰომოსექსუალს“, განა, ისევ ამას ვგულისხმობთ? და თუკი ამას ვგულისხმობთ, დღეს „ჰომოსექსუალის“ ასე გაგება რამდენად ადეკვატურია?

ალბათ, არც ახალი აღთქმის მკვლევარის დეილ მარტინის მოსაზრებები ეცოდინებათ, რომლის მიხედვითაც ტერმინი „არსენოკოიტაი“ მხოლოდ ოთხჯერაა გამოყენებული ბერძნულ ლიტერატურაში და ოთხივე შემთხვევაში საუბარია ეკონომიკურ ექსპლოატაციაზე, ძალაუფლების მქონეს მიერ გავლენის ობიექტის ჩაგვრაზე და არა ერთნაირსქესიან ურთიერთობასა და ქცევაზე; თუ სექსუალურ ქცევასთან მიმართებასაც გავითვალისწინებთ, ამ ტერმინით აშკარად უნდა იგულისხმებოდეს სექსუალური ხასიათის ექსპლუატაცია, სექს-საქმიანობაში იძულებითი ჩართვა და პროსტიტუცია.

თუ ეს ასეა, მაშინ ახალი აღთქმის მკვლევარი ჯეიმს ბრაუნსონი რატომღა ამახვილებს ყურადღებას პირველი ტიმოთეს 1:10-ს, რომლის მიხედვითაც ამბობს, რომ „აღნიშნული მუხლი სამ ურთიერთდაკავშირებულ ტერმინს შეიცავს, რომელიც ორი კაცის ეროტიული ქმედების ასახავს“? ამაზე იგი ამბობს, რომ ამ მუხლებში, სიტყვების ანალიზისა და იმ დროის გათვალისწინებით, სადაც ეს ითქვა, საუბარია მონათვაჭრობაზე, ბიჭების სექსუალურ ექსპლუატაციასა და იძულებით პროსტიტუციაზე.

ახლა ყველაფერი ცხადია?

წარმოიდგინეთ, ლგბტქ ადამიანების მიმართ როგორი განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდათ ქრისტიანებს დღესდღეობით, ტერმინი „არსენოკოიტაი“ „მამათმავლებად“ კი არა „სექსუალურ ექსპლუატატორებად“, „მოძალადეებად“, „სექსუალობით მოვაჭრეებად“ რომ ეთარგმნათ.

კარგი იქნება თუკი ბიბლიის ახალ თარგმანებს სქოლიოში მაინც თუ მიუწერენ „არსენოკოიტაისა“ და „მალაკოის“ გაუგებარი თარგმანის შესახებ.

მაგრამ, ვაი, რომ თანამედროვე თარგმანებს ისევე ხშირად არ კითხულობენ, როგორი სიხშირითაც ჰომოსექსუალებს ჯოჯოხეთში მიერეკებიან. თარგმანის ქვეშ მიწერილი და ახსნილი განმარტება ამ სიტყვებისა, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ, ლგბტქ ადამიანებს სიცოცხლეს ჩრდილიდან გამოიყვანდა, ძალიან ბევრ გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანს თავიანთი დედები, მამები, პასტორები თუ მრევლი არც გარიყავდა და არც იმ გარყვნილებად ჩათვლიდა, რომლებიც უცილობლად ჯოჯოხეთში წარწყდებიან.

ამ ორი ბერძნული სიტყვის გაუგებარი თარგმანის გამოსწორების გამო, რისი მიზეზიც კულტურული და ლინგვისტური განსხვავებებია ადამიანებს შორის, ლგბტქ საკითხებთან მიმართებაში არსებული კითხვები პასუხგაცემულია.

მთელი გულით ვწუხვარ იმ განუსაზღვრელი ზიანის გამო, რაც ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს, ბიბლიის ეგოისტური, უგულო, სასტიკი და დამამცირებელი თარგმანების გამო მიადგათ.

1 სეპტუაგინტა: პტოლემე მეორეს ინიციატივით ქრ.შ.-მდე 250 წელს დაწყებული და 150 წელს დასრულებული პირველი ბერძნული თარგმანი ებრაული საღმრთო წერილისა. მთარგმნელის შენიშვნა.

ტრანსი მოდელი, მომღერალი და აქტივისტი, რომელმაც ჰოლივუდი აალაპარაკა

2014 წელს, როდესაც ლეიტ ეშლიმ ინსტაგრამზე უბრალოდ თავისი ფოტოები გამოაქვეყნა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ 2 წლის შემდეგ, ნიუ-იორკის მოდის სამყაროს დაიპყრობდა.

მოდელი, მსახიობი და აქტივისტი გახდა Pit Crew-ს პირველი ტრანსგენდერი წევრი RuPaul’s Drag Race-ში. ის ასევე იყო Barneys-ისა და Diesel -ის მთავარი მოდელი რამდენიმე დეფილეზე, ახლა კი ეშლი სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად ჰოლივუდში მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე მიიპყრო რეჟისორების ყურადღება ისეთი შოუების შემდეგ, როგორიცაა POSE და Strut,  ეშლი პირველ მთავარ როლს მხატვრულ კომედია – My Divorce Party-ში ითამაშებს.

ეშლისთვის, მისი მასკულინური გარეგნობის გამო, კაცის როლის თამაში იოლია, თუმცა მას უჭირს ტრანსის როლების მოპოვება. ,,გასართობი ინდუსტრია ცდილობს, უფრო მეტად მიიღოს ტრანსი ადამიანები, მაგრამ ამისთვის ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, ისინი არ ცდილობენ, გაიგონ ქვიარ ადამიანების, ისინი უბრალოდ ითხოვენ მრავალფეროვნებას მეტი მაყურებლის მოზიდვისთვისა და ფინანსებისთვის.”

ეშლი ასევე აღიარებს, რომ ეს ინდუსტრია ზოგჯერ იმდენად ტრანსფობიურია, კასტინგის პროცესიც კი შეიძლება დეჰუმანიზებული იყოს ტრანს ადამიანებისთვის.

მიუხედავად ამისა, ეშლი ამბობს, რომ მადლიერია იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მას აქვს და თვლის, რომ რაც უფრო მეტი ტრანს ადამიანი იქნება ეკრანსა და კულისებში, მით უკეთესი იქნება ყველასთვის, ამისთვის კი საჭიროა ამ ინდუსტრიის გაუმჯობესება კონკრეტული საკითხების მიმართ.

წყარო: advocate.com

რუსეთი ,,გეი პროპაგანდის’’ შესახებ დისკრიმინაციული აკრძალვის გაუქმებას არ აპირებს

/

6 ოქტომბერს, რუსეთის ელჩმა, ივან სოლტანოვსკიმ, უარყო ევროპის საბჭოს მოწოდებები, გააუქმდეს 2013 წლის მიღებული კანონი, რომელიც არასრულწლოვნებში კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების შესახებ“ ინფორმაციის გავრცელებას. მისი თქმით, ევროკომისიამ „გადააჭარბა უფლებამოსილებას“, როცა რუსეთს სექსუალური უმცირესობების დაცვისკენ მოუწოდა. ,,ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩარევა რუსეთის შიდა საქმეებში,” – ამბობს სოლტანოვსკი.

სოლტანოვსკიმ დაამატა, რომ რუსეთის მთავრობის ლიდერები ,,ევროპის საბჭოს იურისდიქციის ქვეშ ყოფნის ვალდებულებას არ გრძნობენ”. ევროპის საბჭო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად დაარსდა, 47 წევრ სახელმწიფოს ითვლის, მათ შორის, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოს.

,,ჩვენ გავაგრძელებთ ECRI-სთან თანამშრომლობას იმ პირობით, რომ ევროპის საბჭო მომავალში თავს შეიკავებს ე.წ. ,,წითელი ხაზების’’ გადაკვეთისგან,”- თქვა სოლტანოვსკიმ. მან დამატებით ევოპის საბჭოს ისეთ საკითხებზე ორიენტირება ,,შესთავაზა”, როგორიცაა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ,,ქრისტიანოფობია” და შეზღუდვები გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე.

რუსეთის შეუწყნარებლობა სულაც არ იყო მოულოდნელი იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლებმა წინა თვეებში რუსეთის პარლამენტს ქვეყანაში  ანტი-LGBTQ+ კანონების გააქტიურება შესთავაზეს. მარტში, მმართველმა პარტიამ – „ერთიანმა რუსეთმა“, გამოთქვა სურვილი ბისექსუალობისა და პოლიამორიის გამოსახულებების აკრძალვის შესახებ, რასაც, სავარაუდოდ, ამავე კანონის ფარგლებში მოაქცევენ.

გასულ თვეში, კრემლის ლიდერმა ანდრეი ციგანოვმა წამოაყენა იდეა, რომ ლგბტქ+ და ფემინისტური ჯგუფები „ექსტრემისტებად“ იქნან აღიარებული, რათა ამით მაქსიმალურად შეიზღუდოს  მსავსი ჯგუფების აქტივიზმი და უფლებები.

ცხადია, რომ რუსეთის დაპირისპირება ევროპის საბჭოსთან მისი ჰომოფობიური პოლიტიკით აიხსნება. სამწუხაროა, რომ რუსეთთან ერთად რამდენიმე ევროპული ქვეყანაც იზიარებს  ამ ჰომოფობიურ იდეოლოგიას. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკომისიამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში პოლონეთისა  და უნგრეთის წინააღმდეგ – დავის საგანი ლგბტქ+ უფლებების დარღვევაა. მიუხედავად რუსეთის უარისა ევროკომისიის რეკომენდაციებზე, ევროკავშირს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პროცესებზე, პოლონეთმა და უნგრეთმა უკვე დაიწყეს პოზიციების დათმობა და ევროპის საბჭოს გადაწვეტილებების შესრულება.

თავის მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ შეტანილია რამდენიმე სარჩელი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ – 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პუტინის მთავრობა 42,500 ევროთი დააჯარიმა, დავა ეხებოდა ლგბტქ+ ჯგუფებისთვის ორგანიზაციებად რეგისტრაციაზე უარს.

წყარო: them.us