ოქტომბერი 2021 - Page 4

LEGO სათამაშოების ინდუსტრიაში სექსიზმის წინააღმდეგ იბრძვის

ახალი კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რომელიც ამბობს, რომ გენდერული სტერეოტიპები ბავშვების შემოქმედებით პოტენციალზე გავლენას ახდენს, LEGO თავის პროდუქტს სქესის მიხედვით აღარ დაყოფს.

კვლევა, რომელშიც 7000 მშობელი და ბავშვი მონაწილეობდა, LEGO-სა და Geena Davis-ის (მედიის გენდერული ინსტიტუტი) მიერ ჩატარდა. კვლევამ აჩვენა, რომ გოგონები გენდერულად ნაკლებად მიკერძოებული არიან თამაშის შერჩევისას, ვიდე ბიჭები. მაგალითად, 6-დან 14 წლამდე ბიჭების 74%-მა თქვა, რომ ზოგიერთი აქტივობა „მხოლოდ გოგონებისთვისაა განკუთვნილი“, ზოგი კი „მხოლოდ ბიჭებისთვის“. გოგონების მხოლოდ 62%-ს სჯეროდა ამის.

გამოკითხული გოგონების უმრავლესობა – 82%, ფიქრობდა, რომ გოგონებისათვის მისაღებია ფეხბურთის თამაში და ბიჭებისთვის მისაღებია ბალეტი. ბიჭების პროცენტული მაჩვენებელი ოდნავ დაბალი იყო და 71%-ს შეადგენდა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხეს მშობლები ჩინეთში, ჩეხეთში, იაპონიაში, პოლონეთში, რუსეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში, რომ გაეგოთ, იყვნენ თუ არა ისინი გენდერულად მიკერძოებული და როგორი გავლენა ჰქონდა ამას მათ შვილებზე. კვლევამ აჩვენა, რომ მშობლები უფრო მეტად წაახალისებდნენ გოგონებს შემეცნებით, მხატვრულ და შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ხოლო ბიჭებს – ფიზიკურ, მეცნიერულ, ტექნოლოგიურ და მათემატიკურ სფეროებში. პირველი მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ცეკვა, სამზარეულო და ცხობა, ხოლო მეორე – პროგრამირებას, სპორტს და ა.შ.

LEGO-ს გამოკითხვამ ისიც კი დაადგინა, რომ გენდერული სტერეოტიპები გავლენას ახდენს იმაზეც, თუ როგორ ურთიერთობენ ბავშვები LEGO-ს პროდუქტებთან – მშობლების 76%-მა თქვა, რომ ისინი მხოლოდ ბიჭებს ურჩევდნენ LEGO-ს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, LEGO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის იმუშავებს Geena Davis-ის ინსტიტუტთან და UNICEF-თან, რათა „უზრუნველყოს, რომ LEGO-ს პროდუქტები და მარკეტინგი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, გენდერული მიკერძოებისა და მავნე სტერეოტიპების გარეშე“.

”შემოქმედებითი თამაშის სარგებელი, როგორიცაა თავდაჯერებულობის ამაღლება, კრეატიულობა და კომუნიკაციის უნარი, ყველა ბავშვს აქვს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ განვიცდით უძველესი სტერეოტიპების გავლენას, თითქოს რომელიმე საქმიანობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სქესს შეესაბამება, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება” – ამბობს ჯულია გოლდენი, პროდუქტებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი LEGO-ს ჯგუფში.

ეს ნაბიჯები LEGO-ში მას შემდეგ გადადგა, რაც კალიფორნიაში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, მსხვილ საცალო ვაჭრებს უნდა ჰქონდეთ გენდერულად ნეიტრალური სათამაშოებისა და ბავშვების მოვლის სექციები. ეს კანონი შთაგონებულია სავაჭრო ქსელ Target-ის მიერ, რომელმაც 2015  წელს გენდერული ნიშნით კატეგორიზაცია გააუქმა მთელ ქსელში და ვარდისფერი  (გოგონების სექცია) და ლურჯი (ბიჭების სექცია) სრულად გააუქმა.

წყარო: them.us

კვებითი აშლილობა – რა იწვევს ჭარბ წონას და რა უნდა ვიცოდეთ სწორი კვების შესახებ

ავტორი: ანი ახმეტელი

თანამედროვე ადამიანი დღის მანძილზე ბევრ საქმიანობას ეწევა და მუდმივ მოძრაობაშია, რაც მისგან ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური რესურსის ხარჯვას მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში, მუდმივცვალებად და გადატვირთულ გარემოში ადაპტაციას ადამიანის ჯანმრთელობაც ეწირება, ვითარდება სხვადასხვა სახის ნევროზები, დამოკიდებულებები, ზედმეტი წონა ან პირიქით, სიგამხდრე და ა.შ.

დღეს თქვენს ყურადღებას ჭარბი წონის პრობლემას დავუთმობ, რაც საკმაოდ გავრცელებულია. განვიხილავ მისი წარმოშობის წინაპირობას, შედეგს, მისგან გათავისუფლებისა და პრევენციის საშუალებებს, რაც დაგეხმარებათ, გქონდეთ ავთენტური ინფორმაცია წონაში კლების იმ ძირითად ასპექტებზე, რომელთა გათვალისწინებითაც, შეძლებთ, მიხვიდეთ სასურველ შედეგამდე და მარტივად შეინარჩუნოთ ის.

ამ საკითხზე არსებული სხვა უამრავი ინფორმაციის ფონზე, მინდა, ეს სტატია განსხვავებული იყოს იმ მხრივ, რომ გაგაცნობთ მეტ პრაქტიკულ მაგალითს, თუ როგორ დაიკლოთ წონაში და შეძლოთ სასურველი შედეგის შენარჩუნება. გაგაცნობთ ყოფილი პაციენტებისა და ჩემს პირად გამოცდილებას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და აზროვნების შესახებ. თუმცა მანამდე მიმოვიხილოთ, რა ფაქტორები უწყობს ხელს ზედმეტ წონას.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს, ზედმეტი წონის ფუნდამენტური მიზეზი არის მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის ენერგეტიკული დისბალანსი (1), რომლის გამომწვევი მიზეზები ბიო-ფსიქო-სოციალურ ფაქტორებს მოიცავს. შესაძლოა, თითოეული ადამიანის შემთხვევაში ერთზე მეტი ფაქტორი იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი, შესაბამისად, მის მოსაგვარებლად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და სამივე ასპექტზე ზემოქმედება. კონკრეტული პიროვნების შემთხვევაში, აუცილებელია განისაზღვროს, რა ფაქტორებმა განაპირობა ზედმეტი წონის ჩამოყალიბება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შედგეს გეგმა სასურველ შედეგამდე მისაღწევად. რა თქმა უნდა, რეკომენდებულია, გამოირიცხოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (ცხადია, აქ არ იგულისხმება, ზედმეტი წონისგან წარმოქმნილი დაავადებები, ეს დაავადებები უკვე მეორად პრობლემად ითვლება), როგორიცაა ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსი, მედიკამენტოზური მკურნალობით გამოწვეული ზედმეტი კილოგრამები და სხვ. აღნიშნულ მდგომარეობას შესაბამისი სპეციალისტი – ენდოკრინოლოგი ადგენს პაციენტის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ.

პრაქტიკულ მაგალითებს თუკი განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ზოგიერთი ადამიანი არასწორად არჩევს ე.წ. ჯანსაღ რაციონს, რადგან შესაძლოა, დრო არ ჰქონდეს ან არ ფლობდეს საკმარის ინფორმაციას, თუ როგორ დაარეგულიროს საკუთარი კვება. ამასთან, მას ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც შეიძლება აღმოაჩნდეს და იკვებებოდეს მაშინ, როცა, დავუშვათ, გადაღლილია, ნერვიულობს, მოწყენილია და რაღაც გემრიელი სურს, ან, უბრალოდ, სართოდ არც უფიქრია და პრიორიტეტი არ ყოფილა მისთვის, ეზრუნა საკუთარ კვებაზე, იმაზე – რას მიირთმევს, სად და როდის. ესაა სწორედ ბიო-ფსიქო-სოციალური ასპექტები.

მეცნიერული კვლევები სტრესსა და კვებითი ქცევის დარღვევებს შორის კავშირს ადასტურებს. არის შემთხვევები, როდესაც ქრონიკული სტრესის ფონზე ზოგიერთ ადამიანს უძლიერდება საკვების მიღების მოთხოვნილება, რა დროსაც, უმეტესად, შაქრისა და ცხიმის შემცველ საკვებზე აკეთებს არჩევანს, ხოლო დანარჩენებს, პირიქით, უქვეითდებათ ჭამის მადა (2). ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, არის თუ არა ამ ადამიანის ცხოვრებაში ისეთი მოვლენები, რომელიც მის ემოციურ მდგომარეობაზე ძლიერ მოქმედებს, რის შედეგადაც, შესაძლოა, ის საკვებს იყენებდეს ყურადღების გადატანის, დაძაბულობის მოსახსნელად და მოიხმარდეს იმაზე მეტს, ვიდრე მის ორგანიზმს სჭირდება.

ამასთან, ვფიქრობ, აუცილებელია აღინიშნოს დღეს მსოფლიოში არსებული COVID-19 პანდემიის ფონზე წარმოქმნილი სტრესული ვითარება, რომელმაც ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე უმეტესად უარყოფითი გავლენა იქონია, მათ შორის, კვებით ქცევაზეც, რამაც გამოიწვია წონაში მატება არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ ბავშვებშიც.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ იზოლაციის პირობებში, ისინი უფრო ხშირად მოიხმარდნენ არაჯანსაღ საკვებს სტრესის დასაძლევად და შფოთვის ჩასახშობად. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახლში ყოფნის პერიოდში, დედების წონის ინდექსმა საგრძნობლად იმატა, რადგან ისინი ხშირად მოიხმარდნენ ე.წ. სასუსნაოებს და პარალელურად, ამან გავლენა იქონია ბავშვებში კვებითი ქცევის შეცვლაზეც (3).

ზედმეტი წონის კიდევ ერთი ხშირი მიზეზი ჰიპოდინამიაა. თანამედროვე ადამიანის სამუშაო გარემო უმეტესად მჯდომარე პოზიციას და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. ამ რეჟიმის ფონზე მიღებული საკვები ცხიმის სახით ლაგდება, რადგან შესაბამისად არ იხარჯება ფიზიკურ აქტივობაში, რაც თავისთავად ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. დროის დეფიციტის გარდა, ის, თუ რამდენად გამოყოფს დროს პიროვნება საკუთარ ცხოვრებაში ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობისთვის, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ოჯახში სპორტისა და ფიზიკური დატვირთვის მიმართ. აქ შეგვიძლია მოვიყვანოთ კვლევა, რომელიც ირანში, ჭარბწონიან ქალებში ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ჭარბწონიან ქალებში ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობაზე გავლენას ახდენს თვირეგულაციისა და თვითეფექტურობის ხარისხი და ასევე, მხარდაჭერა ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან (4). ამასთან, ჩემს პირად მაგალითსაც მოგიყვანთ, თუ როგორ ჩამომიყალიბდა ბავშვობიდან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისადმი სიყვარული და ჩემი ცხოვრების სტილის განუყოფელ ღირებულებად და შესაბამისად, ნაწილად იქცა. ამაში მამის დიდი წვლილია, რომელიც თავად სულ ვარჯიშით იყო დაკავებული და სიამოვნებით დავყავდით სავარჯიშოდ პარკში, ან უბრალოდ ბუნებაში სასეირნოდ.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, როდესაც ზედმეტი წონისგან სამუდამოდ გათავისუფლება გვსურს, აუცილებელია, პროცესი საკუთარი დამოკიდებულებებისა და ღირებულებების გადახედვით დავიწყოთ. როდესაც პრიორიტეტები ჯანსაღად იკვეთება, მაშინ ჯანსაღი კვების ახალი უნარ-ჩვევებიც უფრო სწრაფად და მარტივად ყალიბდება.

გარდა იმისა, რომ ზედმეტი წონა პრობლემაა, თვითონაც იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს, მაგალითად: გულსისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები და ა.შ. (5) ბავშვების შემთხვევაში, სუნთქვის პრობლემებს, შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნებასა და თანმდევ ფსიქოლოგიურ და ემოციურ დარღვევებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი კვებითი ქცევის ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებს ოჯახსა და კულტურაში არსებული თავისებურებები, რომელიც ავტომატურად, ყოველგვარი გაცნობიერების გარეშე გადაეცემა თაობებს და შესაბამისად, ისეთ კვებით ქცევებსაც აყალიბებს, რაც შესაძლოა საზიანო იყოს პიროვნების როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, საბოლოოდ კი, იწვევდეს ზედმეტ წონას. იმისათვის, რომ ადამიანი არ გახდეს ტოქსიკური/არაეფექტური კულტურული ან ოჯახში არსებული კვებითი ჩვევების მსხვერპლი, მნიშვნელოვანია, პიროვნებამ გააცნობიეროს საკუთარი კვებითი ქცევები და განსაზღვროს, ეს მისი პირადი არჩევანია თუ თავსმოხვეული, ავტომატურად დასწავლილი კვებითი ტრადიციები, რომელიც მის ცხოვრების სტილთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. მაგალითისთვის, განვიხილავ ერთ შემთხვევას – ადამიანს აწუხებდა ჭარბი წონა, ჭარბი წონა აწუხებდა მის მშობლებსა და ბებია-ბაბუასაც, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ. დიასახლისი, რომელიც სახლში საკვებს ამზადებდა, ჯერ ბებია, შემდეგ კი ამ ადამიანის დედა იყო, ისინი ზედმეტი წონის მიზეზად გენეტიკურ განპირობებულობას ასახელებდნენ და თითქოს შეეგუვნენ, რომ „განწირულნი“ იყვნენ ამისთვის. შესაბამისად, ამ რწმენის ზეგავლენით, მათი წონაში დაკლების მცდელობები ხანმოკლე იყო, რის შემდეგაც, მალევე ინაზღაურებდნენ დაკლებულ კილოგრამებს. ამ შემთხვევის მთავარი გმირი გარკვეული პერიოდით სასტუმროში აღმოჩნდა, სადაც საკვები განსაზღვრულ დროსა და განსაზღვრული ულუფით მიეწოდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავად ის არ საზღვრავდა, რამდენის მირთმევა შეეძლო. ალბათ, დაინტერესდით, რა შედეგით დასრულდა მისი ისტორია – სახლში დაბრუნებისას, რამდენიმე კილოგრამით ნაკლები იყო. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი? ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც წონაში კლებას უწყობს ხელს, საკვების რეგულარული მიღება და ინდივიდუალური, საკუთარი ულუფის მირთმევაა.

რეგულარული საკვების მიწოდება აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭში აქტიურდება შიმშილის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების სიგნალი, ორგანიზმში დახარჯული და მიღებული ენერგიის ბალანსი შენარჩუნებულია. შესაბამისად, მარაგის გადანახვის საჭიროება აღარ ჩნდება. ამასთან, ჩვენს გმირთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ ულუფა, რომელსაც ის ბავშვობიდან, წლების მანძილზე მიირთმევდა, იყო იმაზე მეტი, ვიდრე მის ორგანიზმს სჭირდებოდა და შესაბამისად, ორგანიზმი მარაგის სახით, ინახავდა ზედმეტ საკვებს. შედეგად ვიღებდით ჭარბწონიან ადამიანს. რაოდენობრივად, სახლში მიღებული ულუფა, სხვა რეალობაში ორ ადამიანზე ნაწილდებოდა. ამასთან, კიდევ ერთი ნიუანსი აღმოჩნდა, რომ სახლის პირობებში, ოჯახის წევრები მაშინ მიირთმევდნენ, როდესაც მოესურვებოდათ და კვებისთვის განსაზღვრული დროც, პრაქტიკულად, არ არსებობდა. დიასახლისებთან გასაუბრებისას, გაირკვა, რომ ისინი, საერთოდ ვერც აცნობიერებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრების ულუფა ასეთი დიდი იყო. მათი პასუხი იყო შემდეგი: „ჩვენ ყოველთვის ამ ულუფას ვჭამდით, ოჯახის დიდი და პატარა წევრებიც“.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კვებითი ტრადიციები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს კვებით ქცევას და ჩვენს დამოკიდებულებებს საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის მიმართ. თუმცა აქაც, როგორც ყველა მიზეზის შემთხვევაში, პრობლემა მოგვარებადია და მნიშვნელოვანია თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში არსებული მიზეზების დანახვა და ახალი ეფექტური უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მინდა, თქვენი ყურადღება საკვების ემოციურ მოთხოვნილებაზე გავამახვილო, რაც ზედმეტი წონის წარმოშობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. თუკი შეგიმჩნევიათ საკუთარი თავი, რომ რაღაც გემრიელი გინდათ, მაგალითად, საღამოს, კინოს ყურებისას, უბრალოდ, დროის გასაყვანად ან მუშაობისას, ყურადღების გადასატანად და დასასვენებლად, ან თუნდაც მაშინ, როდესაც თათბირიდან გამოხვედით და საშინელი მოთხოვნილება გაქვთ, რაღაც „გაძიძგნოთ“, ასეთ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ საკვებს თქვენი ემოციური მდგომარეობა ითხოვს და მიღებული პროდუქტი დამატებით ფუნქციას იძენს. ამ შემთხვევებში, თქვენი არჩევანიც უფრო გემრიელ, კალორიულ პროდუქტზე შეჩერდება (სასუსნაოები, ტკბილეული ან მარილიანი სასუსნაო და ა.შ.), ვიდრე ნოყიერ საკვებზე. შესაბამისად, როდესაც თქვენი ემოციური მდგომარეობა განაპირობებს თქვენს კვებით ქცევას, ამ დროს მიღებული საკვები იმაზე მეტი მიიღება, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, რადგან მიზანი სიამოვნების მიღება, ან კონკრეტული არასასიამოვნო ემოციის ჩახშობაა და არა შიმშილის დაკმაყოფილება. მაშინ, როდესაც ჩნდება ნამდვილი ფიზიოლოგიური შიმშილი, ორგანიზმი ითხოვს დახარჯული ენერგიის შევსებას ნოყიერი საკვებით, თქვენი ორგანიზმისთვის საკმარისი ულუფის ოდენობით და არა დიდი რაოდენობით.

ჩნდება კითხვა, როგორ გავარჩიო ერთმანეთისგან საკვების ემოციური მოთხოვნილება და ბუნებრივი ფიზიოლოგიური შიმშილი. ამისთვის არსებობს რამდენიმე ინდიკატორი და შეგიძლიათ გამოიყენოთ ფსიქოლოგიური ტექნიკა, დაუსვათ კითხვა საკუთარ თავს:

  1. რას ვგრძნობ ახლა, როცა ჭამა მომინდა?
  2. რა სიტუაცია უძღოდა წინ ჩემი ჭამის მოთხოვნილებას?
  3. რა სახის პროდუქტს ვირჩევ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად?

წარმოიდგინეთ, სწრაფი ნაბიჯით გამოდიხართ თათბირიდან/შეხვედრიდან და საკუთარ თავს ეუბნებით, რომ რაღაც გემრიელს შეჭამდით. აქ პასუხობთ კითხვებს – რა ხდებოდა შეხვედრაზე და რა ემოციურ მდგომარეობაში ვარ, რაღაცამ გამოიწვია ჩემი გაბრაზება თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვარ და შფოთვა მიპყრობს, თუ იმდენი ხანი გაგრძელდა შეხვედრა, გახსენდებათ, რომ დილიდან არაფერი გიჭამიათ. თუკი რეალური შიმშილის მოთხოვნილებაა, აუცილებლად შესვენებას მოიწყობთ და გემრიელ, ნოყიერ სადილს მიირთმევთ. მაგრამ თუკი ემოციური მოთხოვნილებაა, შეარჩევთ სასუსნავს და გემრიელად შეექცევით, რომ მოიხსნათ არასასიამოვნო ემოციებით გამოწვეული დაძაბულობა. თუმცა ასევე არსებობს მესამე ვარიანტიც, როდესაც მართლაც დილიდან არ გიჭამიათ და ამასთან, შეხვედრაც ინტენსიური ემოციებით იყო სავსე. ასეთ შემთხვევაში, დიდი შანსია, თქვენს ულუფაზე მეტი საკვები მიიღოთ სწრაფი ტემპით, რადგან ორგანიზმი გადაშიებულია. გახსოვდეთ, რომ ზედმეტს თქვენი ორგანიზმი ყოველთვის მარაგის სახით შეინახავს. თუ მსგავსი სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება და გრძნობთ, რომ წონაში იმატებთ, მაშინ დროულად სჯობს გააცნობიეროთ თქვენი კვებითი ქცევა დღის მანძილზე. მაგრამ თუკი ზემოხსენებული სიტუაცია იშვიათად ხდება, გამონაკლისის სახით, უმეტესად, დროულად მიირთმევთ ძირითად კვებებს (საუზმე, სამხარი, სადილი, ვახშამი) და ზედმეტი წონაც არ გაწუხებთ, მაშინ უბრალოდ პრევენციის სახით, შეგიძლიათ, დააკვირდეთ და გამოცადოთ კითხვების ტექნიკა საკუთარ თავზე.

ხშირად დასმულ კითხვებს შორის, ასევე გვხვდება, საკითხი – სად არის ზღვარი ცოტა ზედმეტსა და საკვებზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას შორის. პასუხი კი შემდეგია, თუკი ვგრძნობ, რომ ჩემი კვება ხშირ და თითქმის ყველა შემთხვევაში ჩემი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით არის განპირობებული, არც ვფიქრობ სხვაგვარად ჩემი პრობლემების მოგვარების გზების მოძიებას, მირჩევნია, წამიერად განვიმუხტო და დისკომფორტი მოვიშორო და ამის შედეგად, მაქვს ჭარბი წონა ან პირიქით, უკიდურესი სიგამხდრის პერსპექტივისკენ მივდივარ, დროა, დამოკიდებულება შეცვალოთ და გააცნობიეროთ, რა არის თქვენი არასასურველი მდგომარეობის მიზეზები და დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა ან მიმართოთ კვებითი ქცევის სპეციალისტს, რომელიც გაგიწევთ კონსულტირებას, დაგეხმარებათ საკვების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში და შესაბამისად, შეგირჩევთ თქვენზე მორგებულ, სასურველ წონამდე მისვლის გეგმას.

უნდა აღინიშნოს, რომ საკვებზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება სხვა დამოკიდებულებების (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, თამაშ-დამოკიდებულება) მსგავსად, სიამოვნების პრინციპით იმართება, ულუფა მუდმივად მზარდია და ტვინის იმ სტრუქტურებზე მოქმედებს, რომლებიც ალკოჰოლზე და სხვა დამოკიდებულებების შემთხვევაში გვხვდება. ამიტომ ფსიქოლოგიური ასპექტის ჩართულობისა და დამოკიდებულების შეცვლით იწყება ზედმეტი წონის მოგვარება და არა მხოლოდ საკვები პროდუქტების სწორი შერჩევით.

შემდეგი საკითხია უკვე ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებისთვის საჭირო საკვები პროდუქტებისა და რაოდენობის განსაზღვრა. თანამედროვე ტენდენციები საფუძველს უყრის ჯანსაღი კვების პროპაგანდას საზოგადოებაში, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად, სუბიექტურად არის გაგებული ეს ცნება და ძირითადად აღიქმება მხოლოდ დიეტების სახით, თუმცა სინამდვილეში, სრულიად სხვაგვარად არის საქმე. სხვადასხვა ტიპის მეთოდები, რომელთა ეფექტურად გამოყენების შესახებაც საკმარის ინფორმაციას შესაძლოა არ ფლობდეს ადამიანი, უფრო აზიანებს ორგანიზმს, რადგან ხშირ შემთხვევაში, დეფიციტის პრინციპის ხარჯზე მიიღწევა სასურველი შედეგი, რის შემდეგაც, უმეტესად, ისევ ხდება წონაში მატება. ეს კი უბრალოდ ფიზიკური ჯანმრთელობის საფრთხეს კი არ ქმნის, არამედ ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მის თვითშეფასებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, მოტივაციაზე და ა.შ. თუკი გვსურს, რომ ზედმეტი წონის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ან თავიდან ავიცილოთ, მისი წარმოქმნა, საკითხს ცოტა უფრო ფართოდ შევხედოთ. მხოლოდ სიმპტომზე ანუ ზედმეტი წონის მოშორებაზე მუშაობა ხანგრძლივ შედეგს არ მოგვცემს, თუ არ გავარკვიეთ, რამ გამოიწვია ეს პრობლემა კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში.

ცნობილია, რომ ახალი ქცევის ჩამოყალიბებას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და პირველ რიგში, დამოკიდებულების შეცვლა საკუთარი თავის, საკუთარი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის მიმართ. სიტყვა ჯანსაღი, გამოხატავს უფრო აზროვნების სტილს, ვიდრე უბრალოდ მენიუს შედგენას. როდესაც პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ ჯანმრთელობაზე, აცნობიერებ, რომ შენს ცხოვრებას შენ განაგებ და გაქვს უნარი, ხელი შეუწყო საკუთარ ორგანიზმს, დიდხანს და ჯანმრთელად გემსახუროს – შენი ქცევაც რადიკალურად იცვლება.

აღარ აბრალებ შენს პრობლემებს გარეშე ფაქტორებს, დატვირთულ სამუშაო გრაფიკს, სახელმწიფოს, ოჯახის წევრებსა თუ 20 წლის წინ გაჩენილ შვილს. შენ წყვეტ, გსურს თუ არა საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ცვლილებები შენს ცხოვრებაში, ბევრი ბარიერისა თუ პრობლემის მიუხედავად, საკუთარი თავის სიყვარულით იწყება, ცვლი დამოკიდებულებას საკუთრი თავის მიმართ, შეიგრძნობ სურვილს, რომ რაღაც უფრო მეტი გსურს შენი თავისთვის და შესაბამისად, ქცევაც იცვლება. იცავ ჯანსაღი კვების ძირითად პრინციპებს, აღწევ სასურველ შედეგს და ინარჩუნებ მას.

ხშირად სვამენ კითხვას, როგორ დავისწავლო ახალი სასარგებლო ქცევა ისე, რომ ის ჩვევაში გადავიდეს და აღარ საჭიროებდეს პიროვნების მხრიდან დიდ ძალისხმევას მის განსახორციელებლად. პასუხი მარტივია – ახალი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი უნდა იყოს აუცილებლად კომფორტული და სასიამოვნო ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე, ის მეთოდი, რომელსაც შეარჩევთ კვების მოსაწესრიგებლად, უნდა გსიამოვნებდეთ და არ უნდა იყოს ძალდატანებითი. თქვენ თავად უნდა იყოთ დაინტერესებული შედეგის მიღწევით და თქვენი თავისთვის უნდა გინდოდეთ. შესაბამისად, მიზნის დასახვასაც თავისი წილი გავლენა აქვს შედეგზე. შეეცადეთ, მიზნის დასახვისას, ისეთი მიზანი შეარჩიოთ, რომელიც მხოლოდ შედეგზე არ არის ორიენტირებული, არამედ ასევე მოიცავს სასიამოვნო პროცესს სასურველი შედეგის მისაღწევად.

გთავაზობთ 10 საკვანძო პრინციპს და რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი კვების დარეგულირებაში, როგორი დატვირთული რეჟიმიც არ უნდა გქონდეთ:

  • საკვების რეგულარული მიღება
  • მინიმუმ 4 -ჯერ ნოყიერი კვება
  • კვებებს შორის დროის ინტერვალი, მაქსიმუმ, 4 სთ
  • საკვების რაციონალური გადანაწილება
  • დღის მანძილზე მიღებული საკვების 100% გადაანაწილეთ ისე, რომ ძირითადი დატვირთვა საუზმესა და სადილზე მოდიოდეს, დანარჩენი კი სამხარსა და ვახშამზე
  • გემოს ყველა რეცეპტორი დაიკმაყოფილეთ მინიმუმ 3 კვებაზე
  • ხორცის ჩართვა რაციონში, ხოლო ვეგეტარიანელების შემთხვევაში, მცენარეული ცილის (ლობიო, ბარდა)
  • პრიორიტეტი ყოველთვის ნოყიერ კვებას მიანიჭეთ, რა დროსაც ორგანიზმი ენერგიას ხარჯავს, რომ გადაამუშაოს მიღებული საკვები
  • წყლის რეგულარული მიღება
  • საღამოს კვება დაძინებამდე 2 სთ -ით ადრე მიიღეთ მსუბუქად

წყაროები:

Reference:

  1. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/obesity-and-overweight?fbclid=IwAR00nMHDyQL7IlOl5XRbapc6oiQyEwEaKxllVpyaGxaPzeNQH53A08x6scs
  2. Torres, S. J., & Nowson, C. A. (2007). Relationship between stress, eating behavior, and obesity. Nutrition, 23(11-12), 887-894.
  3. Shirlene D. Wang., Shivali Devjani., Tyler B. Mason (August 2021). The COMET study: Examining the effects of COVID-19-related perceived stress on Los Angeles Mothers’ dysregulated eating behaviors, child feeding practices and body mass index. Appetite, vol.163., article 105209
  4. Nazari, L. N., Javazdzade, H., Tahmasebi, R., & Reisi, M. (2019). Predictors of physical activity-related energy expenditure among overweight and obese middle-aged women in south of Iran: An application of social cognitive theory. Obesity Medicine, 14, 100078.
  5. Mahmood S., Elankovan A., et. Al (August 2021). A systematic literature reviews on obesity. Understanding the causes, consequences of obesity and reviewing various machine learning approaches used to predict obesity. Computers in Biology and Medicine. Vol., 136.,104754

ილუსტრაციები:

https://www.everydayhealth.com/healthy-living/one-minute-tricks-boost-health/

https://www.nbcnews.com/think/opinion/covid-19-diet-memes-aren-t-funny-coronavirus-fat-shaming-ncna1191151

https://www.nytimes.com/2021/03/31/well/mind/covid-eating-disorders.html

https://www.happify.com/hd/3-beliefs-that-fuel-emotional-eating-and-how-to-counter-them/

https://www.istockphoto.com/vector/vector-man-looking-at-fridge-with-eat-food-choice-illustration-gm1090939916-292648960

https://www.freepik.com/free-vector/losing-weight-female-nutritionist-cartoon-character-slimming-weightloss-dieting-counting-calories-overweight-man-with-hamburger_12146081.htm#page=1&position=9&from_view=detail#&position=9&from_view=detail#position=9

საფრანგეთის დიდი ნაბიჯი კონვერსიული თერაპიის აკრძალვისკენ

ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის შედეგად, საფრანგეთმა გადადგა დიდი ნაბიჯი კონვერსიული თერაპიის დისკრედიტირებული პრაქტიკის აკრძალვისკენ.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, პარლამენტის ქვედა პალატამ, სამშაბათს ერთხმად დაუჭირა მხარი 673-ის კანონპროექტს, რომელიც კონვერსიული თერაპიით დაკავებულ მედიცინის მუშაკებს დააჯარიმებს.

კანონი ითვალისწინებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმის სახით 30,000 ევროს გადახდას. კანონმდებლობა განსაზღვრავს ამ მკურნალობას, როგორც “პრაქტიკას, ქცევებს ან სიტყვებს, რომელიც მიზნად ისახავს ,,პაციენტის” სექსუალური ორიენტაციის ან თვითმგამოხატვის შეცვლას ან დაკნინებას.” ეს კანონი კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს უწესებს თერაპევტებსა და სხვა პროვაიდერ კლინიკებს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშებს კონვერსიულ თერაპიას სთავაზობენ. სასჯელი მოიცავს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას 45,000 ევროს ოდენობით.

კანონმდებელმა ლორენს ვანსუნებროკმა ტვიტერზე დაწერა – ,,დღეს ნაციონალურ ასამბლეაზე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შვილების დაცვას”.

ადვოკატებმა და დეპუტატებმა სოციალურ მედიაში კენჭისყრის შედეგების აღსანიშნავად, ჰეშთეგი #RienÀGuérir გამოიყენეს, რაც ითარგმნება შემდეგნაირად – ,,არაფერია განსაკურნებელი” და მადლობა გადაუხადეს ვანსუნებროკს, რომელიც ამ კანონის ინიციატორია. საფრანგეთის სენატის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, კონვერსიული თერაპია 2022 წლის თებერვლიდან აიკრძალოს.

კონვერსიულ თერაპია ეწინააღმდეგებიან ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია და გაერო, რომლებმაც ამ პროცესს ,,წამების ტოლფასი” უწოდებს.

მიუხედავად კონვერსიული თერაპიის მავნებლობისგან გამოწვეული უზარმაზარი უკუშედეგისა, მას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა კრძალავს – გერმანია, რომელმაც აკრძალა ეს პრაქტიკა 2020 წელს, ასევე, აშშ-ს 20 შტატი. ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ ზომებს იღებენ ამ მეთოდის წინააღმდეგ, არიან: ტაივანი, მალტა და ეკვადორი.

წყარო: them.us

7 მსახიობი ქალი, რომელიც შესანიშნავად ითამაშებდა აგენტი 007-ის როლს

ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, სულ მალე კინოთეატრების ეკრანებზე ჯეიმს ბონდის მორიგ ეკრანიზაციას ვიხილავთ. როგორც ცნობილია, 2021 წლის სურათი „სიკვდილის დრო არ არის“ (No Time To Die) ბოლო ფილმია, სადაც აგენტი 007-ის როლში დენიელ კრეიგს ვიხილავთ.

იან ფლემინგის საკულტო რომანებზე დაფუძნებული ფილმების ფანები უკვე აქტიურად განიხილავენ, ვინ ჩაანაცვლებს 53 წლის მსახიობს ბონდის მორიგ ფილმში, გაჩნდა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, შემდეგ ფილმში ლეგენდარული გამომძიებლის როლში ისტორიაში პირველად ქალი მსახიობი ვიხილოთ.

გთავაზობთ 7 ვარსკვლავს, რომელიც მშვენივრად გაართმევდა თავს მოხერხებული გამომძიებლის როლს:

ჯოდი კომერი 

ოქროს გლობუსის სამ გზის ნომინანტ და ემის მფლობელ ჯოდი კომერს, მაყურებელი BBC-ის საკულტო სერიალიდან, Killin Eve-დან იცნობს. ბრიტანელი მსახიობი სერიალში ბოროტმოქმედი სუპერაგენტის, აქსანა ასტანკოვას, იგივე ვილანელის როლს ასრულებს. სერიალში 28 წლის მსახიობი ძალიან დასამახსოვრებელ სახეს ქმნის და მაყურებელს პირველივე სერიიდან ითრევს დაუვიწყარ თავგადასავალში, ასე რომ, რატომაც არა?! – ჯოდი კომერი შესანიშნავი აგენტი 007 იქნებოდა.

ჯენიფერ ლოურენსი 

როცა თანამედროვეობის გამორჩეულ მსახიობ ქალებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება „შიმშილის თამაშებიდან“, მეამბოხე კეტნის ევერდინის დაუვიწყარი როლით მიიღო. 31 წლის ვარსკლავი ერთნაირი წარმატებით ახერხებს ითამაშოს დარენ არანოვსკის შემზარავ ფსიქოლოგიურ ფილმში, აუჯანყდეს კაპიტოლიუმს, რეალური გმირის, გამომგონებელი ჯოი მონგანოს ტყავში შეძვრეს და ბოროტმოქმედის როლი მოირგოს მარველის სუპერგმირების სამყაროში, სწორედ ამიტომ, სულაც არ იქნება საკვირველი, თუ მომდევნო სუპერ აგენტად ჯენიფერ ლოურენსს ვიხილავთ.

ლუპიტა ნიონგ’ო 

ოსკაროსანი ლუპიტა ნიონგ’ო კიდევ ერთი მსახიობია, რომელიც შესანიშნავად გაართმევდა თავს სუპერაგენტის როლს. ოსკაროსანი მექსიკელ-კენიელი მსახიობი ფართო აუდიტორიამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ეკრანებზე „მონობის 12 წელიწადი გამოვიდა“. ფილმის გამოსვლის შემდეგ მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი როლი გვაჩუქა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა – „ვარსკვლავური ომები“, „შავი პანტერა“, „ჩვენ“ და „პატარა მონსტრი“.

ემილი ბლანტი 

ემილი ბლანტი კიდევ ერთი ბრიტანელი მსახიობია, რომელიც 20 წელზე მეტია, სხვადასხვა დასამახსოვრებელ როლებს გვთავაზობს. 38 წლის მსახიობს ერთნაირი წარმატებით შეუძლია შეასრულოს მირანდა პრისლის ასისტენტის, მერი პოპინსის, დედოფალი ვიქტორიასა და FBI-ის აგენტის როლი, ასე რომ, ემილი ბლანტის სამსახიობო მონაცემები და ქარიზმა ნამდვილად გაამდიდრებდა აგენტი 007-ის ფილმების სერიას.

გალ გადოტი 

Time-ის 2018 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი გალ გადოტი ნამდვილად შესანიშნავი კანდიდატია, თუ ფილმის შემქმნელები გადაწყვეტენ, რომ სუპერ აგენტის როლზე ქალი მსახიობი დაამტკიცონ. ებრაელი მოდელი მაყურებლისთვის DC-ის სამყაროში შესრულებული Wonder Woman-ის როლითაა ცნობილი. 36 წლის მსახიობს მართლაც აქვს გავლილი ისრაელში სამხედრო ძალებში წვრთნები, რაც მის შანსებს ერთი-ორად ზრდის.

მარგო რობი 

 

მიუხედავად იმისა, რომ I, Tonya-ს ვარსკლავი მარგო რობი მომდევნო რამდენიმე წელი უკვე დაკავებულია ჰარლი ქვინის 4 პროექტში, ,,ლა ლა ლენდის” რეჟისორის, დენიელ შზემის, გრეტა გერვიგის, დეივიდ ო. რასელის და ვეს ანდერსონის ფილმებისთვის, ფანები მაინც აქტიურად განიხილავენ მის კანდიდატს ლეგენდარული ჯეიმს ბონდის როლში. ავსტრალიელი მსახიობი მართლაც უნიკალურ შტრიხებს შეჰმატებდა სუპერ აგენტს, თუ გავითვალისწინებთ მის სამსახიობო შესაძლებლობებს მარტინ სკორსეზესა და კვენტინ ტარანტინოს ფილმებიდან.

ლუსი ლუ

როცა ლეგენდარულ მსახიობებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ ვახსენოთ „ჩარლის ანგელოზების“ ვარსკვლავი ლუსი ლუ, რომელიც უკვე მეოთხე ათწლეულია თვალს გვჭრის ეკრანებიდან და დაუვიწყარ თავგადასავლებს გვჩუქნის. 52 წლის ვარსკლავი თანაბრად ახერხებს მიუზიკლებში, სატელევიზიო სერიალებში, სათავგადასავლო ჟანრის ფილმებში, ჰორორებსა და კვენტინ ტარანტინოს სისხლიან ფილმებში წარმატებული სახეების შექმნას, ასე რომ, რატომაც არა?! – მეტი ლუსი ლუ ეკრანებზე!

ნობელის პრემიის მფლობელი ქალი მწერლები ლიტერატურის დარგში

/

ნობელის პრემია 1985 წელს, შვედი ქიმიკოსის, ინჟინრისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძით დაარსდა და 1901 წლიდან გაიცემა ქიმიაში, ფიზიკაში, მედიცინაში, ლიტერატურაში, მშვიდობისა და ეკონომიკის დარგში.

2017 წლის მონაცემებით, ნობელის პრემიის 116-წლიან ისტორიაში, ნობელის პრემია გადაეცა 923 ადამიანს და ორგანიზაციას. მათ შორის, 844 მამაკაცს, 48 ქალს და 24 ორგანიზაციას.

გაგაცნობთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ქალ ავტორებს, რომელთა შემოქმედებამაც ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მსოფლიო ლიტერატურაზე და მრავალ სასიკეთო პროცესს დაუდო სათავე:

სელმა ლაგერლოფი 

1909 – შვედეთი 

„მაღალი იდეალიზმის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისთვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“

სელმა ლაგერლოფი პირველი ნობელიანტი ქალი ავტორია, რომლის შემოქმედებაც მითებსა და ლეგენდებს ეფუძნება. მწერალი მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა, აქტიურად იყო ჩართული სუფრაჟისტულ მოძრაობაში და ცდილობდა, შვედ ქალებს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ნილსისა და გარეული ბატების მოგზაურობა“, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწერა, წიგნი ერთგვარი გეოგრაფიის სახელმძღვანელოა და გვიამბობს დაპატარავებული ნილსის ამბავს, რომელიც ბატებთან ერთად შვედეთის ცაზე მოგზაურობს.

გრაცია დელედა 

1926 – იტალია 

„მისი დიდი იდეალიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომელიც თვალსაჩინოდ აღწერს მის მამაშვილურ წარსულს და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება“

გრაცია დელედა კუნძულ სარდინიაზე დაიბადა და დიდ ოჯახში იზრდებოდა. მწერალმა მხოლოდ ოთხწლიანი სასკოლო განათლება მიიღო, თუმცა მის განათლებაზე კერძო მასწავლებელიც ზრუნავდა, რომელმაც გოგონას 13 წლის ასაკში უბიძგა გამოექვეყნებინა თავისი მოთხრობა ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში.

მწერლის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონიეს ოჯახის მეგობრებმა, რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ გრაცია დელედას სამზარეულოში და ჰყვებოდნენ ამბებს. გრაცია დელედა თავის ნაწარმოებებში ხშირად უტრიალებს სარდინიელი ხალხის ცხოვრებას, მათ ჩუმ ტანჯვას, ტრადიციებსა და წარმოდგენებს, თითქოს ბედისწერა განაგებს ჩვენს ცხოვრებას.

სიგრიდ უნსეტი 1928 

ნორვეგია/დანია

„უწინარეს ყოვლისა, შუა საუკუნეების ჩრდილოელთა (სკანდინავიელთა) ცხოვრების ცოცხლად და რეალურად აღწერისათვის“

სიგრიდ უნსეტი დანიაში დაიბადა და მის  შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია მამამ, რომელიც არქეოლოგიურ მუზეუმში მრავალი წელი მუშაობდა. მწერალს ყოველთვის სურდა, თავისი ცხოვრება ლიტერატურისთვის და ხელოვნებისთვის მიეძღვნა, თუმცა ეს იმ დროისთვის არც ისე მარტივი იყო, სწორედ ამიტომ კლერკად დაიწყო მუშაობა, რაც ავტორისთვის გაუსაძლისი იყო.

კლერკის მძიმე სამუშაოსგან გასაქცევად, მწერალი ლექსებს წერდა. მის ადრეულ შემოქმედებაში ქალთა ემანსიპაციის თემებს შევხვდებით. მწერლის ყველაზე ცნობილი რომანია „ქრისტინი, ლავრანსის ქალიშვილი“, რომელიც მკითხველს მეთხუთმეტე საუკუნის ნორვეგიაში ამოგზაურებს და იმდროინდელი ადამიანების მძიმე ყოფისა და მორალურ დილემების შესახებ გვიამბობს.

პერლ ბაკი 

1938 – ამერიკა

„მისი ბიოგრაფიული შედევრებისთვის და მდიდარი და ჭეშმარიტად ეპიკური შემოქმედებისთვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს”

პერლ ბაკი პირველი ამერიკელი  ნობელიანტი ავტორია, რომელიც მისიონერების ოჯახში დაიბადა. მწერალი დაბადებიდან ძალიან მალე ოჯახთან ერთად ჩინეთში გადავიდა საცხოვრებლად, რამაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. გარდა ნობელის პრემიისა, ავტორს 300-ზე მეტი ჰუმანიტარული ჯილდო აქვს მიღებული, იგი აქტიურად იბრძოდა რასიზმისა და სექსიზმის წინააღმდეგ, ცდილობდა, შეეცვალა უმცირესობების ბედი და დახმარებოდა ობოლ ბავშვებს.

პერლ ბაკის შემოქმედება ძალიან მდიდარია და მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ამერიკელების ცნობიერებაში ჩინელების დემითოლოგიზირებაში. მწერალი განსაკუთრებით ცნობილი თავისი ბიოგრაფიული რომანებითაა, სადაც იგი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს აღწერს. მათ შორის, თავის ამაღელვებელ ურთიერთობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალიშვილთან.

გაბრიელა მისტრალი 

1945 – ჩილე 

„ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკისათვის, რომელმაც პოეტის სახელი მთელ ლათინორამერიკულ სამყაროში იდეალური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“

გაბრიელა მისტრალი (ნამდვილი სახელი: ლუისა გოდოი ალკაიაგა )  პირველი ლათინოამერიკელი ნობელიანტი ქალია, რომელიც გარდა მწერლობისა, დიპლომატიური საქმიანობითაც იყო დაკავებული. მწერალი ლესბოსელი იყო და მისი პირველი პოეტური კრებული, „სიკვდილის სონეტები“, თავისი შეყვარებულის, რომელიო ურეტას გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

ჩილელი მწერალი თავის შემოქმედებაში ხშირად უტრიალებდა მორალის, რელიგიის, ბავშვების სიყვარულის, ბუნების, სიცოცხლისა და სიკვდილის თემებს. გარდა იმისა რომ გაბრიელა მისტრალი ცნობილი იყო თავისი შემოქმედებით, სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ პაბლო ნერუდას აღმოჩენას, რომელიც იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც ნობელიანტი ქალი ასწავლიდა.

ნელი ზაქსი 

1966 – გერმანია/შვედეთი

„მისი გამორჩეული ლირიკული და დრამატული ნაწარმოებებისათვის, რომელშიც ისრაელის სული ენამახვილური მკაფიოობით არის აღწერილი“

ნელი ზაქსი კიდევ ერთი ნობელიანტი ავტორია, რომელიც გერმანიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წარუშლელი კვალი დატოვა ნაციზმის აღზევებამ. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ნაცისტური გერმანიისგან საფრთხე ემუქრებოდა, სელმა ლაგერლოფის დახმარებით, შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად.

მწერლის შემოქმედება განსაკუთრებული ემოციითა და სიფაქიზით გვიამბობს იმ განცდებზე, რაც ებრაელ ადამიანებს გააჩნდათ. მისი შემოქმედება გაჯერებულია მუდმივი საფრთხისა და შიშის განცდით. თავის ლექსებში ავტორი ხშირად უტრიალებდა ქრისტიანობის, იუდაიზმის და ადრეული გერმანული რომანტიზმის თემებს.

ნადინ გორდიმერი

1991 – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

„მისი ეპიკური პოეზიისათვის, რომელმაც კაცობრიობას უდიდესი სარგებელი მოუტანა და ღრმა შორსმჭვრეტელობით აღწერა ისტორიული მოვლენები“

ნადირ გორდიმერი სამხრეთ აფრიკელი ავტორია, რომელიც თეთრკანიანთა ოჯახში დაიბადა და სეკულარულ გარემოში გაიზარდა. მწერალი რომანისა და მოთხრობების ჟანრში წერდა, გარდა ამისა, აქტიურად ეწეოდა აქტივისტურ საქმიანობას და ჩართული იყო აივ/შიდსით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერ უამრავ კამპანიაში.

მისი შემოქმედება, ძირითადად, სამხრეთ აფრიკულ სოციალურ სისტემას ეხება, აპართეიდს, რომელიც რასობრივ დანაწევრებას ითვალისწინებდა და შავკანიან მოსახლეობას ხმის მიცემის უფლებას ართმევდა. მწერალი განსაკუთრებული შეუვალობით, სენტიმენტების გარეშე აღწერდა რასობრივი სეგრეგაციის მანკიერ და გამანადგურებელ მხარეებს და მსოფლიოს ჯერ კიდევ მაშინ უგზავნიდა გაფრთხილებას, როცა რასობრივ პრობლემებზე მასობრივად არავინ საუბრობდა.

ტონი მორისონი 

1993 – ამერიკა

„ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე მისი ლიტერატურული წარმოდგენებისათვის, რომელიც გამოირჩევა საოცნებო ძალითა და პოეტური ლაკონურობით“

ტონი მორისონი პირველი აფროამერიკელი ნობელიანტი ქალი ავტორია, რომელიც 1931 წელს დაიბადა. მისი ოჯახი ამერიკის სამხრეთიდან ოჰაიოში გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა სამხრეთელებისგან დამამცირებელ მოპყრობასა და რასიზმს გაქცეოდა. მორისონის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ოჯახმა, რომელიც ხშირად უზიარებდა მცირეწლოვან ავტორს ამბება და ლეგენდებს ოჯახური თუ აფროამერიკული კულტურიდან.

მწერლის პირველი წიგნია „ყველაზე ლურჯი თვალები“, წიგნი გვიამბობს შავკანიან გოგონაზე, რომელიც ოცნებობს, რომ ჰქონდეს ლურჯი თვალები. მის მაგნუმ ოპუსად კი, შეგვიძლია, „საყვარელი“ მივიჩნიოთ, რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნება და გვიამბობს  შავკანიანი ქალის, ცინცინატში მცხოვრები სეთის ისტორიას, რომელიც გადაწყვეტს, მოკლას თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, რათა იგი მონობისგან იხსნას.

ვისლავა შიმბორსკა 

1996 – პოლონეთი

„მისი ნაწარმოებისათვის, რომელიც ირონიულად და ზუსტად წარმოაჩენს ადამიანური სინამდვილის ფრაგმენტებში ისტორიულ და ბიოლოგიურ დამოკიდებულებას“

ვისლავა შიმბორსკა პოლონელი პოეტია, რომელიც ქალაქ ბნინში (ახლანდელი კურნიკი) დაიბადა. პოეტის მამა პოლონელი ქველმოქმედის ვლადისლავ ზამოისკის სტიუარდი იყო. მწერალმა პირველი ლექსი – „ვეძებ სიტყვას“, 1948 წელს გამოაქვეყნა.

შიმბორსკა შემოქმედების ადრეულ ეტაპზე მხარს უჭერდა სოციალისტურ რეჟიმს და პოლონეთის ერთიანი მშრომელთა პარტიის წევრი იყო, თუმცა 60-იან წლებში მან მისი ადრეული კომუნისტური შემოქმედება უარყო და კომუნისტური პარტია დატოვა. მწერლის შემოქმედებაში დიდი როლი შეასრულა ჩესლავ მილოშმა. მისი შემოქმედება 350-მდე ლექსს მოიცავს.

ელფრიდე იელინეკი 

2004 – ავსტრია

„ხმათა მუსიკალური მდინარისათვის რომანებსა და პიესებში, რითაც უნიკალური ენობრივი გატაცებით აღწერს სოციალური სტერეოტიპების აბსურდულობასა და მათ ძლიერ ზეგავლენას საზოგადოებაზე“

ელფრიდე იელინეკი ავსტრიელი ფემინისტი მწერალია, რომელიც ჩეხი-ებრაელი მამისა და მდიდარი ვენელი დედის ოჯახში დაიბადა. მწერლის დედას სურდა, რომ ელფრიდე მუსიკოსი გამოსულიყო, რამაც მათი ურთიერთობა დაძაბა და მწერალი საბოლოოდ შფოთვით აშლილობადმე მიიყვანა. მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება მწერალმა თვითიზოლაციითა და წერის დაწყებით სცადა.

ელფრიდე იელინეკის წიგნები მწვავედ აკრიტიკებს კონსუმერულ და მიზოგენურ საზოგადოებას, ის განსაკუთრებული სისასტიკით აღწერს ქალის როლს თანამედროვე სამყაროში, რის გამოც, ხშირად, მკითხველები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „პიანისტი ქალი“, სადაც დედისა და ქალიშვილის წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობაა აღწერილი.

დორის ლესინგი 

2007 – ინგლისი  

„ქალური გამოცდილების მქონე ეპიკოსი, რომელმაც სკეპტიციზმით, გატაცებითა და წარმოსახვითი სიძლიერით გამოსაცდელად მოამზადა დანაკუწებული ცივილიზაცია“

დორის ლესინგი კიდევ ერთი ნობელიანტი ავტორია, რომელიც ირანში დაიბადა და მალევე ზიმბაბვეში გადასახლდა. 15 წლის ასაკში მწერალმა მიატოვა ოჯახი და ექიმად დაიწყო მუშაობა. მწერალს ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონია, რამაც უბიძგა იმისკენ, რომ წერა დაეწყო. მისი პირველი რომანის „ბალახი მღერის“ გამოცემის შემდეგ, მწერალი სამხრეთ აფრიკაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

დორის ლესინგის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი „ოქროს რვეულებია“, რომელიც 60-იან წლებში გამოიცა და ეპოქალური რომანი უწოდეს. წიგნში ავტორი დაუფარავად საუბრობს სექსზე, ჰომოსექსუალიზმზე, ქალებზე, რომლებიც არ უშინდებიან კაცების სამყაროს, პოლიტიკაზე, აფრიკელების ცხოვრებასა და სოციალიზმზე.

ჰერტა მიულერი 

2009 – გერმანია

„რომელიც პოეზიის გაძლიერებითა და პროზის ობიექტურობით გვიხატავს უსამშობლოობის სურათებს“

ჰერტა მიულერი 1953 წელს დაიბადა რუმინეთის გერმანულენოვან რეგიონში. მწერლის დედა გერმანელობის გამო დეპორტირებული იყო საბჭოთა კავშირის იძულებით ბანაკში. მწერალი რუმინეთის უნივერსიტეტში სწავლობდა და გაერთიანებული იყო პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ტოტალიტარული რუმინეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი პირველი მოთხრობების კრებული რუმინეთის მთავრობამ ცენზურას დაუქვემდებარა.

მწერლის შემოქმედება აქტიურად უპირისპირდება ჩაუშესკუს კომუნისტურ მმართველობას. მის პროზაში წამყვანი როლი მწერლის ადრეული ბავშვობის განცდებს, რუმინული სოფლების სიდუხჭირესა და ტოტალიტარული რეჟიმის დამანგრეველ შედეგებს უჭირავს.

ელის მანრო 

2013 – კანადა 

„თანამედროვე მოთხრობის დიდოსტატი“ 

ელის მანრო პირველი კანადელი ავტორია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. მწერალი მოთხრობების ჟანრში წერს და მას ხშირად ადარებენ თანამედროვე დროის ანტონ ჩეხოვს. მწერალმა მოთხრობების პირველი კრებული 1968 წელს გამოსცა და მას შემდეგ არაერთი კრებული შესთავაზა მკითხველს.

ელის მანროს მოთხრობებში იშვიათად ხდება რამე მნიშვნელოვანი, მის ტექსტებში სიუჟეტი მეორეხარისხოვანია, წინა პლანზე კი პერსონაჟების განცდები და ემოციებია. იგი აღწერს უბრალო ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ძირითად შემთხვევაში მის მშობლიურ მხარეში, ონტარიოში ცხოვრობენ. კანადელი მოთხობების დიდოსტატის გმირები ხშირად უპირისპირდებიან დროს და გვაჩვენებენ, რომ მის წინაშე ყველანი უძლურები ვართ.

სვეტლანა ალექსიევიჩი 

2015 – ბელარუსი

„მისი პოლიფონიური ნაწერებისთვის. ჩვენი დროის ტკივილისა და გამბედაობის მონუმენტი“ 

სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსი ნობელიანტი მწერალია, რომელმაც კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო. ავტორი საბჭოთა კავშირში დაიბადა და იგი მრავალი წელი იკვლევდა და აგროვებდა საბჭოთა ადამიანების რეალურ ისტორიებს. მას აინტერესებდა, როგორი იყო საბჭოთა ადამიანების ცხოვრება გვიანდელ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რეალობაში.

მწერალს არაერთი წიგნი ეკუთვნის, მათ შორის გამორჩეულია „ჩერნობილის ლოცვა“, სადაც ავტორი ზეპირი ისტორიების დახმარებით, აცოცხლებს უკრაინის ქალაქ პრიპიატში მომხდარ ტრაგედიას. მწერალს ასევე ეკუთვნის წიგნები ავღანეთის ომის თემატიკაზე, პოსტსაბჭოთა რეალობასა და მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქალების ისტორიებზე.

ოლგა ტოკარჩუკი 

2018 –  პოლონეთი 

„მხატვრული წარმოსახვისთვის, რომელიც ენციკლოპედიური ვნებით აღწერს საზღვრების კვეთას, როგორც სიცოცხლის ფორმას“

ოლგა ტოკარჩუკი მემარცხენე ფემინისტი ავტორია, რომელიც პოლონეთში, ინტელექტუალთა ოჯახში დაიბადა. მწერალი თავდაპირველად ფსიქოლოგიას სწავლობდა, დაინტერესებული იყო კარლ იუნგის შემოქმედებით და მუშაობდა კლინიკურ ფსიქოლოგად, თუმცა თავდაპირველ პროფესიაზე მალევე თქვა უარი და ლექსების კრებული გამოაქვეყნა.

მისი რომანებისთვის დამახასიათებელია რთული სიუჟეტური ქარგა, ავტორს აინტერესებს და იკვლევს სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიას, ისტორიასა და ლეგენდებს. ავტორს 9 რომანი და არაერთი მოთხრობების კრებული, პოეტური კრებული და დოკუმენტური წიგნი აქვს დაწერილი. გარდა ლიტერატურისა, მწერალი ბოლო წლებში აქტიურად აკრიტიკებს პოლონეთის მთავრობის ქმედებებს და ცდილობს, მხარდაჭერა გამოუცხადოს LGBT და ქალთა ჯგუფებს.

ლუის გლიუკი 

2020 – ამერიკა

,,მისი შეუცდომელი პოეტური ენისთვის, რომელიც უნივერსალურს ხდის ინდივიდუალურ ეგზისტენციას”

ლუის გლიკი ამერიკელი პოეტია, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა და ლონგ აილენდზე გაიზარდა. მწერლის მამა უნგრელი-ებრაელია, რომელიც გასულ საუკუნეში გადავიდა ამერიკაში. მწერალი ავტობიოგრაფიულ ჟანრში წერს და მისი ლექსები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მიუხედავად მრავალი ბარიერისა და განსხვავებისა, მაინც რამდენი საერთო აქვთ ადამიანებს ერთმანეთთან.

კრიტიკოსების შეფასებით, ლუის გლიკის ლექსები ლაკონურია, ენობრივად მდიდარია და მის ტონში იგრძნობა სიბნელე, რომელიც ხშირად შემზარავია. პოეტი არ ცნობს ლექსის წყობის ტრადიციულ მეთოდებს, მეტიც, იგი სრულიად უარყოფს ყველანაირ წესებსა და ნორმებს, რის გამოც მისი ხმა უფრო შთამბეჭდავია. ამერიკელ პოეტს 13 პოეტური კრებული ეკუთვნის.

ავტორი – ზურა აბაშიძე

ადიქცია ქვიარ ადამიანებში: დამოკიდებულების ზეგავლენა, შედეგები და დაძლევის გზები

ავტორი: ნინო ბექაია

ადიქცია ინგლისური სიტყვა ,,addiction”-დან მოდის და დამოკიდებულებას ნიშნავს. დამოკიდებულება შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ნივთიერებაზე, საშუალებასა და ქცევაზე, მაგალითად, ალკოჰოლზე, თამბაქოზე, საჭმელზე, კომპიუტერულ თამაშებზე, გამოიხატოს ნივთების ჭარბი დაგროვებით და ა.შ. ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება აბსტინენციის სინდრომის სახით, როდესაც ადამიანი განიცდის ფიზიკურ დისკომფორტს ნივთიერების შეწყვეტის შედეგად. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიხატება ძლიერ ლტოლვასა და სურვილში დამოკიდებულების ობიექტის მიმართ.

აღნიშნულ სტატიაში მიმოვიხილავ ადიქციას ქვიარ თემში და მის სპეციფიკას, რა მდგომარეობაა ადიქციების მხრივ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ძირითადად, შევეხები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას – როგორია დამოკიდებულების ზეგავლენა ადამიანზე და დაძლევის რა მექანიზმები არსებობს, ასევე, რა კონკრეტული ტექნიკები გამოიყენება პრაქტიკაში.

ადიქცია ქვიარ თემში

ისტორიულად ითვლებოდა, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება მაღალია ქვიარ ადამიანებში, რაც დასტურდება ემპირიული კვლევებით. ამერიკის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ეროვნული ცენტრის თანახმად, 18 წლის და ზევით ქვიარ ადამიანების მესამედზე მეტი (37,6%) აღნიშნავდა, რომ მოიხმარდა მარიხუანას. ასევე, მაღალია თამბაქოს ნაწარმის მოხმარება ლგბტ მოზარდებში ჰეტეროსექსუალ თანატოლებთან შედარებით. ამერიკის ადიქციის ცენტრის მონაცემებით, ქვიარ ადამიანები თამბაქოს 200%-ით მეტს მოიხმარენ, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ადამიანები.

20-დან 20%-მდე ქვიარ ადამიანს აქვს ალკოჰოლზე საშუალო და მძიმე დამოკიდებულება. გეი კაცები 3,5-ჯერ მეტად მოიხმარენ მარიხუანას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი კაცები და ქვიარები 12,2-ჯერ მეტად მოიხმარენ ამფეტამინებს ჰეტეროსექსუალ ადამიანებთან შედარებით.

ქვიარ ადამიანებში დამოკიდებულების მაღალ მაჩვენებლებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს:

  • დისკრიმინაცია და სოციალური სტიგმა

ბევრი ქვიარ ადამიანი განიცდის გარკვეული დონის სტიგმასა და ჰომოფობიას. შესაძლოა, მტრული დამოკიდებულება მოდიოდეს ნაცნობებისგან, მეზობლებისგან, კოლეგებისა და ოჯახის წევრებისგანაც კი. მუდმივი სტრესი, სამუშაოს დაკარგვის შიში ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მუდმივი საფრთხე, ხშირად განაპირობებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას.

  • ინტერნალიზებული ჰომოფობია

ჰომოფობია ნეგატიურად აისახება ადამიანებზე, განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება სიძულვილი ქვიარ ადამიანებსა და მათ თვითშეფასებაზე. ჰომოფობიურ გარემოში ზოგჯერ რთულია მიიღო საკუთარი იდენტობა. საზოგადოებაში არსებული ძლიერი სტიგმა აიძულებს ბევრ ჰომოსექსუალს, მიმართოს თავდაცვის გზებს, დაარწმუნოს თავი, რომ ის ჰეტეროსექსუალია და ავლენდეს აგრესიას ჰომოსექსუალების მიმართ. ზოგჯერ იქცევა როგორც ჰეტეროსექსუალი, ანუ რაც მიღებულია ,,ნორმალურ ქცევად”. ინტერნალიზებული ჰომოფობია ასევე ვლინდება იზოლაციაში, თვითდესტრუქციულ ქცევასა და აპათიაში, რასაც მივყავართ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის განადგურებამდე.

  • ფსიქიკური აშლილობები

კლინიკური დეპრესია, სტრესი და შფოთვითი აშლილობები ხშირია ლგბტქი წევრებს შორის ჰომოფობიური გარემოსა და სტიგმის გამო. ასევე, ხშირია კვებითი დარღვევებიც. ამას თან ერთვის ხშირად ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც. შედეგად, ქვიარ ადამიანები შვებას ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში ეძებენ.

  • მხარდაჭერის ნაკლებობა/არქონა

ბევრი ქვიარ ადამიანი მალავს საკუთარ იდენტობას დისკრიმინაციისგან თავის ასარიდებლად. დაფარულმა ცხოვრების წესმა, შესაძლოა, შექმნას მარტოობისა და შფოთვის განცდა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქვიარ ადამიანი გადაწყვეტს, აღარ დაიმალოს და გამომზეურდეს საჯაროდ, ხშირად ამას თან ერთვის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან მიუღებლობა. მუდმივი სტრესისგან თავის დასაღწევად კი, ხშირად იყენებენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

ასევე, პრობლემაა ქვიარ ადამიანების მიმართვიანობა ჯანდაცვის სპეციალისტებთან. იმის გამო, რომ ექიმის მხრიდან ხშირად ხდებიან განსჯის ან დისკრიმინაციის ობიექტები, ბევრი თავს იკავებს მედიკოსთან მისვლისგან, ბარიერს წარმოადგენს ფინანსური ხელმისაწვდომობაც. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზეგავლენა და მავნე შედეგები გამოიხატება როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, რომლის მკურნალობა დამოკიდებულია ადამიანის ფინანსებზე.

ადიქციების განვითარებას, ზოგადად, ხელს უწყობს გავრცელებული მითები და სტერეოტიპები. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა მიიჩნევს, რომ მარიხუანა ნარკოტიკი არ არის, სიგარეტის მოწევა მხოლოდ მავნე ჩვევაა და მწეველის არჩევანი, თამბაქო ეხმარება სტრესის დაძლევასა და დამშვიდებაში, კლუბური ნარკოტიკი არც ისე საშიშია და ა.შ. სიგარეტი, ალკოჰოლი და კლუბური ნარკოტიკიც ხშირად გამოიყენება ,,განტვირთვის” და გართობის მიზნით.

რა არის დამოკიდებულება და რა ზეგავლენას ახდენს ადამიანზე

სინამდვილეში, მარიხუანა, ნიკოტინი და კლუბური ნარკოტიკიც, ფსიქოატიური საშუალებებია და იწვევენ ცნობიერების მდგომარეობის ცვლილებას, რაც შემდეგ ზეგავლენას ახდენს მენტალურ პროცესებსა და ქცევაზე.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ჯგუფებია: ჰალუცინოგენები, ოპიატები, დეპრესანტები და სტიმულატორები.

ჰალუცინოგენების ჯგუფში შედის, მაგალითად, კანაფი (ჰაშიში, მარიხუანა) LSD და PCP. აღნიშნული ჰალუცინოგენები ცნობიერების ყველაზე ფუნდამენტურ ცვლილებას იწვევენ. ოპიატების ჯგუფში შედის, მაგალითად, ჰეროინი და მორფინი, მათში შემავალი ნივთიერებები იწვევს ნერვული რეცეპტორების ძლიერ სტიმულირებას და მოქმედებს ტვინის დოფამინურ ნაწილზე. დეპრესანტების ჯგუფში შედის ბარბიტურატები და ალკოჰოლი, რომლებიც თრგუნავენ გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული იმპულსების გადაცემის შეკავებით ან შემცირებით. დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ხანმოკლე პერიოდში იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის გადატვირთვას. სტიმულატორებს მიეკუთვნება ამფეტამინი, კოკაინი, ნიკოტინი და კოფეინი. აღნიშნული ნივთიერებები მოქმედებს დოფამინურ სისტემაზე და იწვევს ეიფორიასთან მიახლოებულ გუნება-განწყობილებას, მოჭარბებულ ენერგიასა და ჰიპერაქტიურობას. მაგალითად, ნიკოტინი იკავებს ბუნებრივი ნეირომედიატორების ადგილს ტყვინში და იწვევს ძლიერ მიჩვევას. ნიკოტინის უარყოფითი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე ხშირად აღემატება სხვა ნივთიერებების ზემოქმედებას, აღებულს ერთად.

დამოკიდებულების სხვადასხვა განმარტება არსებობს. ის განსხვავდება ემოციებისგან და კონკრეტული რწმენებისგან. დამოკიდებულება გლობალური შეფასებაა საგნებისა და მოვლენების, რომელიც ჩვენ მეხსიერებაში შედარებით მყარად არსებობის შედეგად წარმოიქმნება.

დამოკიდებულება ხშირად განიხილება, როგორც დამოკიდებულების ობიექტზე კოგნიტური, აფექტური და ქცევითი რეაქციების განხორციელებისადმი წინასწარი მზაობა. აღნიშნული სამკომპონენტიანი ხედვა ქმნის დამოკიდებულების ბაზისს.

  • აფექტური ანუ ემოციური კომპონენტი – მოიცავს იმ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც აქვს ინდივიდს დამოკიდებულების ობიექტის მიმართ. (დადებითი, სასამოვნო)
  • ქცევითი კომპონენტი – როგორც კი საშუალება აქვს დამოკიდებულ ადამიანს, მოიხმარს ნივთიერებას ან ახორციელებას იმ ქცევას, რაც წარმოადგენს დამოკიდებულების ობიექტს.
  • კოგნიტური კომპონენტი – ინდივიდის რწმენები და იდეები დამოკიდებულების ობიექტის მიმართ (პოზიტიური შეფასება დამოკიდებულების ობიექტს). მაგალითად, “მოწევა მამშვიდებს”, “ალკოჰოლი მეხმარება სტრესის დაძლევაში”.

ზიანი, რომელსაც ფსიქოატიური ნივთიერებები იწვევს, ვარირებს მსუბუქიდან ძლიერამდე, არის მოკლევადიანი და გრძევადიანი და ზემოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთლობაზე და ამძიმებს ადამიანების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას. მენტალური პრობლემებიდან, ყველაზე ხშირად ვლინდება დეპრესია, შფოთვა, პარანოია.

  • დეპრესია – არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კავშირს ფსიქოატიურ ნივთიერებების მოხმარებასა და დეპრესიას შორის. ნივთიერებების ზემოქმედება ტვინის გარკვეულ უბნებზე იმდენად დიდია, რომ მათი ავადმოხმარება იწვევს დეპრესიასა და სხვა აშლილობებს.
  • შფოთვა – ზოგიერთი მასტიმულირებელი ნივთიერებები, მაგალითად, კოკაინი და ნიკოტონი, იწვევს შფოთვით აშლილობებს და პანიკურ შეტევებსაც კი.
  • პარანოია – კოკაინის და მარიხუანას გრძელვადიანმა მოხმარებამ, შესაძლოა გამოიწვიოს პარანოია. ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ბევრი ნარკოტიკი არალეგალურია და მომხმარებელს აქვს მუდმივი შიში იმისა, რომ ერთ დღეს დაიჭერენ.

ფიზიკური ზიანი, რომელსაც განიცდის ადამიანი ფსიქოატიური ნივთიერებების შედეგად, ყველაზე ხშირად გამოიხატება შემდეგი სახით:

  • თირკმელები

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გრძელვადიანმა გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება – დეჰიდრატაცია, კუნთების ფუნციის მოშლა, სხეულის ტემპერატურის მატება ზიანს აყენებს თირკმელების მუშაობას, რომელიც დროთა განმავლობაში ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.

  • ღვიძლი

ცნობილია, რომ ალკოჰოლის ჭარბად და დიდხანს გამოყენება ზიანს აყენებს ღვიძლს. თუმცა, ოპიადებისა და სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებაც იგივენაირად ზემოქმედებს ღვიძლზე, როგორც ალკოჰოლი. ღვიძლი ზიანდება ნაწიბურების, ნეკროზებისა და ქრონიკული ანთების შედეგად.

  • გული

გულის ფუნქცინირებაზე ბევრი ფსიქოატიური ნივთიერება ზემოქმედებს. ზიანი მრავალნაირია, გულსცემისა და არტერიული წნევის მატებით დაწყებული, თრომბოზითა და ინსულტით დამთავრებული.

  • ფილტვები

ფილტვებს დიდ ზიანს აყენებს როგორც თამბაქოს ნაწარმის მოხმარება, ასევე, მარიხუანა და კოკაინი. გარდა პირდაპირი დაზიანებისა, ისეთი ნარკოტიკი, როგორიცაა ჰეროინი, რომელიც იწვევს სუნთქვის შენელებას, ასევე იწვევს ფილტვების სერიოზულ პრობლემებს.

  • ფსიქოატიური ნივთიერებები იწვევს მოკლევადიან ზიანსაც, რომელიც გამოიხატება თავბრუსხევაში, თავის ტკივილში და ა.შ. აქვეითებს იმუნიტეტს.

ქცევითი ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების შედეგად, შემდეგია:

  • დამოკიდებული ადამიანი იღებს მედიკამენტის იმაზე მეტ დოზას და მეტხანს, ვიდრე აქვს დანიშნული
  • დამოკიდებული ადამიანი ვერ ახერხებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შეწყვეტას მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი სურვილი აქვს შეწყვეტის
  • აქვს ნივთიერების გამოყენებისა და მოპოვების ძლიერი სურვილი
  • არ შეუძლია დავალებების/სამუშაოს შესრულება ნივთიერების ავადმოხმარების გამო
  • აგრძელებს ნივთიერების მოხმარების მიუხედავად ინტერპერსონალური ურთიერობების გაუარესებას
  • სახეზეა ნივთიერების მოხმარების გამო, სამსახურისა და სოციალური კავშირების შეწყვეტა
  • აგრძელებს ნივთიერების მოხმარებას მიუხედავად იმისა, რომ იცის და აცნობიერებს, როგორ აზიანებს ნარკოტიკი მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას

ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება, გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხარიხის გაუარესებისა, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ალკოჰოლისა და თამბაქოს შეძენაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეტად აღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი უჯდებათ ადამიანებს და სახელმწიფოსაც.

საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები საკმაოდ საგანგაშოა. მაგალითად, ალკოჰოლის გასინჯვის მინიმალური ასაკი 10 წელია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგადი მოსახლეობის ალკოჰოლის ავადმოხმარების გამო 1,6%-ს ესაჭიროება მიმართვა შესაბამის სამკურნალო სერვისებში. საქართველოში თამბაქოს მომხმარებელია მოსახლეობის 31%. თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური ასაკია კაცებში – 7, ხოლო ქალებში 9 წელი. რესპონდენტთა 15,9% აცხადებს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია მარიხუანა, მისი მოხმარების მინიმალური ასაკი კაცებში 9, ხოლო ქალებში 12 წელია. აზარტულ თამაშებში ჩართულობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღნიშნა რესპონდენტთა 31,3%-მა. აქვე უნდა აღინიშნოს პოზიტიური ფაქტიც, NCDC-ის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში მწეველთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა, ხოლო შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება 10%-მა, რაც, დიდწილად, ახალი კანონმდებლობის დანერგვამ განაპირობა.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება და სხვადასხვა დამოკიდებულებებთან ბრძოლა დღემდე გამოწვევად რჩება მსოფლიოში. დასავლეთის ქვეყნებში ადიქციებთან მუშაობის გამოცდილება დაგროვდა, რომელსაც, გარკვეულწილად, საქართველოც იზიარებს საკანონმდებლო დონეზე. (მაგალითად, საჯარო ადგილებში თამბაქოს ნაწარმის მოხმარების აკრძალვა, ტაქსებში და მანქანებში ბავშვის თანდასწრებით მოწევის აკრძალვა) ასევე, გაჩნდა დამოკიდებულებებთან მომუშავე სერვისები. რიგ ქვეყნებს საქართველოსთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, მაგალითად, პოლონეთის 2018 წლის მონაცემებით მწეველთა რაოდენობა 26%-ია, ბრიტანეთში 2020 წელს მილიონმა ადამიანმა შეწყვიტა მოწევა. თუმცა, მსოფლიოში დღემდე გამოწვევად რჩება მოზარდების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების პოპულაციის 8,4% 15 წლის და ზევით მოსახლეობა აცხადებდა, რომ იღებდა ალკოჰოლს ყოველ დღე. ადიქციების მიმართ ცნობიერების გაზრდა, რაც გულისხმობს მათ შორის მავნეობის შესახებ ინფორმაციას, დამოკიდებულებებთან მომუშავე სერვისების არსებობა, მოქნილი საკანონმდებლო პოლიტიკა – ეს არის იმ მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც მსოფლიოს სსვადასხვა ქვეყანაში მუშაობს ეფექტურად და რომლისკენაც უნდა მივილტვოდეთ.

რატომ ვიყენებთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს

ფსიქოაქტიური ნივთიერებებს ადამიანები უძველესი დროიდან მოყოლებული მოიხმარდნენ. რამდენი ხანიც არსებობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრობლემა, პარალელურად, არსებობს კითხვა – რატომ? რატომ მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს? ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. მეცნიერების სხვადასხვა დარგები და მიმდინარეობები გვთავაზობენ ჰიპოთეზებს და დაძლევის მექნიზმებს. თუმცა, სანამ განვავრცობ აღნიშნულ ჰიპოთეზებს, მინდა აღვნიშნო, რომ საჭიროა, გავმიჯნოთ ორი სხვადასხვა საკითხი:

1. რატომ იწყებს ადამიანი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას/გასინჯვას?

2. რატომ აგრძელებს ნივთიერების მოხმარებას?

მეორე კითხვაზე პასუხი დამოკიდებულების ბუნებაშია. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ფსიქოატიურ ნივთიერებას ახასიათებს მასზე როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ხშირად გვსმენია ადამიანებისგან – ,,ალკოჰოლი კარგ ხასიათზე მაყენებს, ვდუნდები”, ,,სიგარეტი მიყვარს, მომწონს მისი გემო”, ,,მინდა და ვეწევი, როცა აღარ მომინდება, შევწყვეტ მოწევას”.

სინამდვილეში, ფსიქოაქტიურ ნივთიერებების მოხმარება არც სიყვარულის ისტორიაა და არც რომანტიკასთან აქვს რაიმე საერთო. სამწუხაროდ, მარტო სურვილიც არ კმარა დამოკიდებულების დასაძლევად და პრაქტიკაში ,,როცა მოვინდომებ, მაშინ დავანებებ” ძალიან იშვიათად ხდება. ყველა ილუზორული აზრი, რომელიც ფსიქოატიურ ნივთიერებასთან მიმართებით არსებობს, სათავეს დამოკიდებულებისგან იღებს. ფიზიოლოგიური დამოკიდებულება არის ,,პროცესი, როდესაც ორგანიზმი ეჩვევა და დამოკიდებული ხდება მოცემულ ნივთიერებაზე მისი ქრონიკული გამოყენების შედეგად.” ფიზიოლოგიური დამოკიდებულების შედეგად იცვლება ტვინის ფუნქციონირება, დამოკიდებულება ზემოქმედებს აღქმაზე, მეხსიერებასა და ქცევაზე. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ეს არის ,,ქცევითი ტენდენცია, რომელიც უბიძგებს ადამიანს მოიხმაროს ნარკოტიკი”. ცხადია, დამოკიდებულების დროს ზედმეტია ისაუბრო საკუთარ არჩევანსა და დამოკიდებულების ობიექტის სიყვარულზე. ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ცვლის ადამიანის აზრებს, ფიქრებს/დამოკიდებულებას ობიექტის მიმართ და ცვლის შესაბამისად ქცევასაც. როდესაც დამოკიდებული ადამიანი ვერ იღებს ნივთიერებას, განიცდის ძლიერ დისკომფორტს და ყველა გზით ცდილობს, მოიპოვოს ის.

რომ მივუბრუნდეთ კითხვას – რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული? რატომ იწყებს ნივთიერების გასინჯვას? არსებობს სხვადასხვა თეორიები.

გამოვყოფ რამოდენიმე ფაქტორს:

ბიოლოგიური: ერთ-ერთი ჰიპოთეზა, თუ რატომ მოიხმარენ ნარკოტიკს ეფუძნება იმას, რომ ადამიანებს მემკვიდრეობით გადაეცემა ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების განწყობა. ოჯახებსა და იდენტურ ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგჯერ, ერთი ოჯახის რამოდენიმე წევრი ხდება დამოკიდებული ნივთიერებაზე, თუმცა აღნიშნული თეორია არ გამორიცხავს გარემოს ძლიერ ფაქტორს და მის ზემოქმედებას ინდივიდზე.

ფსიქოლოგიური: ქცევითი ანუ ბიჰევიორული ფსიქოლოგია ქცევას განიხილავს, როგორც რექაციას ამა თუ იმ სტიმულზე. თითქმის ყველა ქცევა დასწავლილია და დასწავლა ხორციელდება იმის მიხედვით, რას იღებს ადამიანი ქცევის შედეგად – დაჯილდოვებას თუ დასჯას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კონკრეტული ნივთიერების მიღებას მოყვა გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სავარაუდოა, რომ იზრდება ქცევის განმეორების ალბათობა.

კოგნიტური ფსიქოლოგია, რომელიც შემეცნებით პროცესებს (აღქმა, შეგრძნება, აზროვნება, მეხსიერება და ა.შ.) შეისწავლის, ამბობს, რომ ადამიანის აზრები/კოგნიციები საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ განაპირობებს, მათ შორის, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. მაგალითად, აზროვნების პატერნმა – ,,სიგარეტი მეტად თავდაჯერებულს გამხდის და ბევრი მეგობარი მეყოლება”, შესაძლოა, თამბაქოს დამოკიდებულებამდე მიიყვანოს ადამიანი.

პიროვნების ფსიქოლოგია ნივთიერებების ავადმოხმარებას ადამიანის პიროვნულ თვისებებს უკავშირებს. აიზენკი თვლიდა (Eysenck, 1997), რომ ფსიქოტიციზმი, ნევროტიციზმი და ექსტრავერსია დაკავშირებული იყო დამოკიდებულების განვითარებასთან. ფსიქოტიციზმს ახასიათებს აგრესია, ეგოცენტრულობა, იმპულსურობა. ნევროტიციზმი ხასიათდება უხასიათობით, შფოთვითა და გაღიზიანებით. ექსტრავერსია გულისხმობს დადებით ემოციებს, სოციალურიბას. ზოგიერთმა კვლევებმა დაადასტურა კორელაცია აღნიშნულ პიროვნულ თვისებებსა და დამოკიდებულებას შორის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ექსტრავერტი ადამიანი ცალსახად მიდრეკილია განუვითარდეს ესა თუ ის დამოკიდებულება. ასევე, არსებობს თეორია, რომლის მიხედვით, ადამიანი, რომელიც გაურბის არსებულ ყოფას, პასუხისმგებლობასა და სიმძიმეს, ვერ პოულობს საზრისს, ,,შვებას” ეძებს სხვადასხვა ნივთიერებაში.

კითხვაზე – რატომ იწყებს ადამიანი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას, ცალსახა პასუხი არ არსებობს. კონკრეტულ შემთხვევაში, გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ექსპერიმენტირება, გარემოსა და სოციუმის ზეგავლენა, ხელმისაწვდომობა ან სხვა ფაქტორი/ფაქტორები. ასევე, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ იმპულსურ და ეგოცენტრულ, ან შფოთვისკენ მიდრეკილ ადამიანს ცალსახად აქვს მაღალი პრედისპოზია ნარკოტიკების მოხმარებისადმი.

კითხვაზე – რატომ აგრძელებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებას ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ აცნობიერებს მის მავნე ზეგავლენას, პასუხი დამოკიდებულების ბუნებაშია. აგრძელებს მოხმარებას, რადგან დამოკიდებულია ადიქციის ობიექტზე ფსიქოლოგიურად და რიგ შემთხვევაში, ფიზიკურადაც. ფიზიკური დამოკიდებულება გამოიხატება აბსტინენციის სინდრომის (ე.წ. ,,ლომკის”) სახით. მაგალითად, სიგარეტის შეწყვეტის შემდეგ, ზოგჯერ ადამიანი გრძნობს გაღიზიანებას, თავბრუსხვევას, სისუსტეს, ხველებას და ა.შ. თუ სიგარეტის შემთხვევაში აბსტინენციის სინდრომის ფიზიკური გამოხატულება მაქსიმუმ 5 დღეში გაივლის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების შემთხვევაში გაცილებით რთულად მიმდინარეობს და აუცილებლად მოითხოვს სპეციალისტების ზედამხედველობას

ადიქციის დაძლევის მექანიზმები

დამოკიდებულების დაძლევისა და მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად, დღეს კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოლოგია ითვლება. აღნიშნული მიდგომა ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ადამიანის რწმენები და აზრები დიდ გავლენას ახდენს მის ქცევაზე, შესაბამისად, დამაზიანებელი ქცევის შეცვლისთვის საჭიროა შევცვალოთ მისი გამომწვევი დამაზიანებელი აზრები/რწმენები. მაგალითად, თამბაქოზე დამოკიდებულების შემთხვევაში, მკურნალობის ყველაზე ოპტიმალური გზა ფსიქოთერაპიისა და ფარმაკოთერაპიის კომბინაციაში გამოყენებაა. ფარმაკოთერაპია ზოგჯერ აორმაგებს დამოკიდებულების დაძლევის შანსებს. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემთხვევაში, გამოყოფენ მკურნალობის რამოდენიმე საშუალებას: დეტოქსიკაცია, ჩანაცვლებითი თერაპია (მეთადონითა და ბუპრენორფინით), ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. ფსიქოაქტიურ ნივთიერებების მკურნალობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თავად რეაბილიტაციის ხანგრძლივობა, რაც ზრდის რემისიის შანსებს. დამოკიდებულებას ახასიათებს რეციდივები, რაც შეიძლება გამოიხატოს ძლიერი სტრესით, დეპრესიით ან შფოთვით, ამიტომ ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დამოკიდებულების დასაძლევად ხშირად მიმართავენ ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ, გააზიარონ საკუთარი გამოცდილება. ასევე, სხვისი გამოცდილების გაზიარება იძლევა რეფლექსიის დამატებით საშუალებას და ეხმარება მკურნალობის პროცესში. ადიქციისგან განთავისუფლების შემდეგ, ხშირად თავადაც ერთვებიან ადამიანები სხვების დახმარების პროცესში, რაც სასარგებლოა თავად ყოფილი დამოკიდებულისთვის და პაციენტებისთვისაც.

ადიქციის დაძლევისთვის, საჭიროა თანმიმდევრული ეტაპების გავლა. მკურნალობა კი მრავალშრიანი და კომპლექსურია დამოკიდებულების ობიექტიდან და ადიქციის სიმძიმიდან გამომდინარე.

გთავაზობთ რამოდენიმე გზას, რომლებიც დაგეხმარებათ ადიქციის დაძლევაში:

გადაწყვეტილების მიღება – ნებისმიერი დამოკიდებულების დაძლევა იწყება გადაწყვეტილების მიღებით, რომელსაც წინ უსწრებს დამოკიდებულების დაძლევის სურვილი. გადაწყვეტილების მიღება თავად ასრულებს ერთ-ერთ ძლიერი მოტივატორის როლს დანებებისა და რეაბილიტაციის პროცესშიც. გადაწყვეტილება რაც უფრო მტკიცეა, მით მეტია მიზნის მიღწევის შანსი.

მოტივაციასანამ კონკრეტულ ნაბიჯებზე გადახვალთ, იმუშავეთ საკუთარ თავდაჯერებულობაზე. გაიხსენეთ წარსულში წარმატებული და შესრულებული მიზნები, როდესაც მაქსიმალური გააკეთეთ მათ მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებლად მიგაჩნდათ. საკუთარი მოტივატორების გაწერა მნიშვნელოვანია. ძლიერი მოტივაცია შესაძლებელია იყოს საკუთარი ჯანმრთელობა, ოჯახის წევრების კარგად ყოფნა და ა.შ. თუმცა, რაც უფრო დავაკონკრეტებთ მოტივაციას, მით უკეთესი. მაგალითად, “შევძლებ უკეთესად ვარჯიშს”, “დავიძინებ სრულფასოვნად და მშვიდად”, “არ შემაწუხებს ტკივილი” და ა.შ.

დამოკიდებულების შეწყვეტის დაგეგმვადაგეგმვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და მოიცავს როგორც ინფორმაციის მოძიებას საკუთარი დამოკიდებულების შესახებ (როგორ მოქმედებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანჰმრთელობაზე, რა სახის ზიანი მოაქვს კონკრეტულად), ასევე კონკრეტული თარიღის დათქმას (მაგალითად მოწევის შეწყვეტის შემთხვევაში) და საკუთარი დაძლევის საშუალებების შემუშავებას კონკრეტულ ტრიგერებზე. (აქ შეიძლება შედიოდეს სხვადასხვა სავარჯიშოები, სუნთქვითი ვარჯიში, მედიტაცია, სეირნობა და ა.შ.)

ვიზუალიზაცია წინასწარ წარმოიდგინეთ და დაინახეთ საკუთარი თავი, როგორც დამოკიდებულებისგან თავისუფალი ადამიანი. როგორ იქცევით კონკრეტულ სიტუაციაში? რას გრძნობთ? აუცილებელი პირობაა, წარმოიდგინოთ თავი, როგორც ბედნიერი/თავისუფალი. ხშირად ივარჯიშეთ მსგავს ვიზუალიზაციაზე.

შეცდომაში შემყვანი აზრების იდენტიფიცირებაწლების განმავლობაში ადიქციის ობიექტს იყენებდით გამკლავების მექანიზმად. სინამდვილეში, ის არ წარმოადგენს გამკლავების მექნიზმს და მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაშია, რომელიც განმტკიცებულია როგორც გარე ფაქტორებით (მაგალითად დამკვიდრებული აზრი, რომ სიგარეტი/ალკოჰოლი/სხვა ნივთიერება სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება) ასევე ჩვევის დონეზე. მოიძიეთ სანდო ინფორმაცია, დააკვირდით საკუთარ თავს, სხვა დამოკიდებულ ადამიანებს. ილუზორული აზრები ნაცვლდება ფაქტებზე დაყრდობით მოპოვებული ინფორმაციით.

თარიღის დათქმა და დათქმულ თარიღზე ფსიქოატიური ნივთიერების მოხმარების შეწყვეტაზოგისთვის დამოკიდებულების დაძლევა შედარებით მარტივია, ზოგისთვის კი ძალიან რთული. სიტუაციას ართულებს წარსული გამოცდილება და ჩავარდნილი მცდელობები. მნიშვნელოვანია, არ ჩავეჭიდოთ წარსულ მარცხს და ვცადოთ კიდევ და კიდევ, რადგან ყოველ შემდეგ ჯერზე გვაქვს მეტი გამოცდილება, ვართ მეტად ინფორმირებული და მტკიცე. მიიღეთ დახმარება, პროფესიონალური და ახლობელი ადამიანების. თუ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა შესაძლებელია საკუთარი ძალებითაც, მძიმე ნარკოტიკული ნივთიერების შემთხევაში აუცილებელია შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართვა.

რეაბილიტაციის პერიოდში ფხიზლად ყოფნა – ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის შემდგომ, შესაძლოა, თავი შეგახსენოთ ნეგატიურმა აზრებმა და ტრიგერებმა. ტრიგერი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: სტრესი, შფოთვა, სოციალიზაცია, სტრესული სიტუაციები, კონკრეტული ადამიანები და ა.შ. სურვილის შესახებ წამოსული აზრები უპირველეს ყოვლისა დააიდენტიფიცირეთ და დაუყოვნებლივ დაბლოკეთ. არ მისცეთ მათ ზემოქმედების საშუალება. ჩაანაცვლეთ ისინი პოზიტიური აზრებით. არსებობს უამრავი ბენეფიტები, რომელსაც დამოკიდებულების შეწყვეტის შედეგად მიიღებთ. შეგიძლიათ ჩამოწეროთ და ყოველთვის გახსოვდეთ ისინი, როდესაც ტრიგერი ან ნეგატიური აზრი შეგაწუხებთ.

დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება სპეციალისტებისა და ახლობლებისგან ხშირად აუცილებელი ხდება სპეციალისტების ჩართვა დამოკიდებულების დაძლევისთვის და ეს საჭიროებს ფინანსური და სხვა რესურსების მობილიზებას. ასევე, მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა. ხშირად ჩვენი ახლობლები ვერ ხვდებიან და არ იციან, როგორ დაგვეხმარონ და ჰგონიათ, რომ ფრაზები “დაანებე სიგარეტს თავი!” ან “გეყოს სმა!” დაეხმარება დამოკიდებულ ადამიანს. თუ ჩვენი ოჯახის წევრი დამოკიდებულია, მხარდაჭერა შეგვიძლია, გამოვხატოთ მსგავსი ფრაზებით: “ვიცი რომ რთულია, მაგრამ მე შენს გვერდით მიგულე”, “შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს”, “მე დაგეხმარები რითიც შემიძლია”. ხანდახან უბრალო მოსმენაც კი უადვილებს ყოფას ადამიანს. გულახდილად ესაუბრეთ თქვენ დამოკიდებულებაზე და ემოციებზე სანდო ადამიანებს და უთხარით, რა სახის მხარდაჭერა იქნებოდა თქვენთვის დამხმარე კონკრეტულ მომენტში.

დამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია, ამისთვის კი გარკვეული სამუშაოს გაწევა არის საჭირო. ფსიქოაქტიური ნივთიერებისგან გათავისუფლება არ არის ერთჯერადი აქტი, არამედ ეს არის პროცესი, სადაც თითოეულ ეტაპს გადის ადამიანი თანმიმდევრობით და იმდენჯერ, სანამ არ იქნება მიღწეული მიზანი.

ადიქციის პრევენცია

პრევენცია ინგლისური სიტყვა “prevention” მოდის და ითარგმნება, როგორც პრობლემის თავიდან აცილება. განასხვავებენ უნივერსალურ (პირველად), მიზანმიმართულ (მეორეულ) და შერჩევითი (სელექტიურ) პრევენციას.

პირველადი ანუ უნივერსალური პრევენცია გულისხმობს პრევენციას ზოგადად მოსახლეობისთვის, თემებისთვის და ა.შ. მაგალითად, სკოლაში ფსიქოატიური ნივთიერებების შესახებ სწავლება, მშობლის მიერ აღმზრდელობითი საქმიანობის გაწევა, რათა ბავშვმა არ დაიწყოს ნარკოტიკის გამოყენება. 10-12 წლიდან ბავშვებთან ნივთიერებების მავნეობაზე და რისკებზე შასაძლებელია საუბარი, მანამდე კი სწორი აღმზრდელობითი სამუშაოს შედეგად ნარკოტიკების მიმართ მდგრადობას უნდა ჩაეყაროს საფუძველი. მეორეული ანუ მიზანმიმართულიპრევენცია გულისხმობს ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენასა და ჩარევის განხორციელებას. იგულისხმება დამოკიდებულების მიზეზების დაიდენტიფიცირება და მათზე მუშაობა. შერჩევითი ანუ სელექტიური პრევენცია გულისხმობს წამალდამოკიდებულების მქონე მაღალი რისკის მქონე ჯგუფების შერჩევასა და მათთან მუშაობას. პრევენციაში ჩართული უნდა იყოს როგორც ოჯახი, ისე სკოლა, საზოგადოება და სახელმწიფო. თითოეული აღნიშული რგოლი ქმნის მნიშვნელოვან ერთობას პრევენციის სახით.

პრევენცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან მოზარდობაში გასინჯული ფსიქოატიური საშუალებები ხშირად ხელს უწყობს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ზრდასრულ ასაკში და ხშირად ცხოვრების ბოლომდე რჩებიან ამა თუ იმ ნივთიერებაზე დამოკიდებული. ადიქციის კომპლექსურიბიდან გამომდინარე, პრობლემის გადაწყვეტის გზებიც მრავალშრიანია. პრევენცია გულისხმობს როგორც ბავშვებში კონკრეტული უნარ-ჩვევების, ფასეულობებისა და რწმენების განვითარებას, ასევე პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას ადიქციიების კუთხით. ფსიქოაქტიური ნივთიერებების/ნაწარმის ხელმისაწვდომობის შემცირებასა და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვასა და კულტივირებას სკოლებში.

გამოყენებული მასალა:

  1. ბექაია ნ. (2021). ჰომოფობია – შიში, ზიზღი, მითები და რეალობა

https://queer.ge/Articles/Details/15

  1. გუგუშვილი ნ. (2016). ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ელექტრონული ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოძიებულია 29.09.2021 http://dictionary.css.ge/content/psychological-dependence
  2. ხეჩუაშვილი ლ. (2016). ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ელექტრონული ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოძიებულია 29.09.2021 http://dictionary.css.ge/content/psychoactive-drugs
  3. ხეჩუაშვილი ლ. (2016).დამოკიდებულება. ელექტრონული ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოძიებულია 29.09.2021 http://dictionary.css.ge/content/attitude
  4. ხეჩუაშვილი ლ. (2016). ფიზიოლოგიური დამოკიდებულება. ელექტრონული ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოძიებულია 29.09.2021 http://dictionary.css.ge/content/physiological-dependence
  5. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში. (2015). NCDC

https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=f44c364d-a2f4-462b-a82a-bc952a8e50b9

  1. ჯავახიშვილი ჯ. (2011). ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია.

https://www.researchgate.net/profile/Darejan-Javakhishvili/publication/303738751_Drug_Abuse_Prevention_Manual_for_School_Personnel_in_Georgian_language/links/5750251d08ae5c7e547a8af5/Drug-Abuse-Prevention-Manual-for-School-Personnel-in-Georgian-language.pdf

  1. Alcohol consumption statistics. 2019

https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Alcohol_consumption_statistics

  1. Maree Teesson et.al (2011). Theories of addiction: Causes and maintenance of addiction. Theories of addiction: Causes and maintenance of addiction.
  2. Long-term drug addiction effects. American Addiction Centers. https://drugabuse.com/addiction/long-term-effects/
  3. Substance Use and SUDs in LGBTQ* Populations. National InstiTute on Drug abuse. https://www.drugabuse.gov/drug-topics/substance-use-suds-in-lgbtq-populations

2019 National Survey on Drug Use and Health: Lesbian, Gay, & Bisexual (LGB) Adults. (2019). Substance Abuse and Mental Health Services Administration U.S. Department of Health and Human Services. https://www.samhsa.gov/data/sites/default/files/reports/rpt31104/2019NSDUH-LGB/LGB%202019%20NSDUH.pdf

ილუსტრაციები: http://nandasyavira.blogspot.com/2016/05/schizophrenia-spectrum.html

https://www.everydayhealth.com/addiction-pictures/the-8-most-surprising-addictions.aspx

https://www.statnews.com/2021/08/03/punishing-drug-use-heightens-the-stigma-of-addiction/

https://www.statnews.com/2021/05/03/people-recover-from-addiction-they-also-go-on-to-do-good-things/

https://online.alvernia.edu/articles/habit-vs-addiction/

https://www.additudemag.com/addictive-behaviors-adhd/

ევროსაბჭო: საქართველოს მთავრობამ უნდა დაიცვას ლგბტქ ადამიანები ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან

/

2021 წლის 1 ოქტომბერს ევროსაბჭომ გამოაქვეყნა დეკლარაცია ლგბტქ ადამიანების მიმართ სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ, მათი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის შესახებ. იგი ერთგვარი პასუხია სახელმწიფოსთვის 5 ივლისს დატრიალებულ მოვლენებზე. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კანონის ფარგლებში დასაჯოს (პასუხისგებაში მისცეს) მოძალადე ჯგუფები და დაიცვას ლგბტქ ადამიანების უფლებები, რომელიც კონსტიტუციით არის მინიჭებული. დეკლარაციას 26 ხელმომწერი ჰყავს.

 ,,ჩვენ, ხელმომწერი პირები ვაცხადებთ:

ლგბტქ ადამიანები საქართველოში ამ დრომდე აწყდებიან დისკრიმინაციასა და სტიგმას პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, ხშირია ძალადობის და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. კოვიდ-19-ის პანდემიამ ლგბტქ ადამიანების მოწყვლადობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამასთანავე, მზარდია ლგბტქ იდენტობების დელეგიტიმიზაციის მცდელობები, ხოლო ორგანიზებული სიძულვილის ჯგუფების მხრიდან დამამცირებელი ლექსიკა და ქმედებები ლგბტქ ადამიანებს საფრთხეში აგდებს. 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ, გაეუქმებინათ დაგეგმილი მსვლელობა, მას შემდეგ რაც სიძულვილით მოტივირებულმა ჯგუფებმა დაარბიეს ორგანიზაციების ოფისები და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. სიძულვილით მოტივირებული ჯგუფების დემონსტრაციები მთავრობის ყურადღების გარეშე ორგანიზდება. ხელისუფლების მხრიდან ძალადობაზე  სუსტი პასუხი მიუთითებს ქვეყნის წარუმატებლობაზე, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპები.

ჩვენ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ უნდა დაიცვან ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, და მოვუწოდებთ პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას ჟურნალისტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და რიგითი ადამიანები თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას. ”

ხელმომწერები:

LACROIX Christophe, Belgium, SOC

BACELAR DE VASCONCELOS Pedro, Portugal, SOC

BAYR Petra, Austria, SOC

BEN CHIKHA Fourat, Belgium, SOC

BILALLI ZENDELI Arta, North Macedonia, SOC

BOER Margreet, De, Netherlands, SOC

BUSTINDUY María Luisa, Spain, SOC

CEGONHO Pedro, Portugal, SOC

ESTRELA Edite, Portugal, SOC

FERNÁNDEZ María, Spain, SOC

FRIDEZ Pierre-Alain, Switzerland, SOC

GLASOVAC Sabina, Croatia, SOC

GONÇALVES Carlos Alberto, Portugal, EPP/CD

GUTIÉRREZ LIMONES Antonio, Spain, SOC

HAJDUKOVIĆ Domagoj, Croatia, SOC

KOSTADINOVSKA-STOJCHEVSKA Bisera, North Macedonia, SOC

LEITE RAMOS Luís, Portugal, EPP/CD

LOVOCHKINA Yuliya, Ukraine, SOC

MARIE Didier, France, SOC

MARILOTTI Gianni, Italy, SOC

MEIRELLES Isabel, Portugal, EPP/CD

MEREZHKO Oleksandr, Ukraine, SOC

MOUTQUIN Simon, Belgium, SOC

PISCO Paulo, Portugal, SOC

RAMPI Roberto, Italy, SOC

SCHENNACH Stefan, Austria, SOC

“მესამე გენდერი” — ქვიარ ისტორიის საწყისები

ადამიანების რწმენები და შეხედულებები, მეტწილად, გარემო ფაქტორებით არის განპირობებული. ჩვენი ფუნდამენტური წარმოდგენები ხშირად იმ საზოგადოების წარმოდგენებს ეყრდნობა/ემთხვევა, რომელშიც ვიზრდებით და ვცხოვრობთ. ვინაიდან, განსხვავებული ჯგუფების რწმენები და შეხედულებები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთისგან იზოლირებულად, სხვადასხვა გამოცდილების შედეგად ყალიბდებოდა, განსხვავდებოდა კულტურებიც. ეს მრავალფეროვნება გლობალიზაციის პროცესმა, შეიძლება ითქვას, გაანადგურა. დასავლური, ევროპული, წარმოდგენები “უპირატესი” გახდა, რამაც მსოფლიო აზროვნების მომავალზე დიდი გავლენა იქონია.

ამ პროცესებმა, რაღა თქმა უნდა, კვალი დატოვა ქვიარ ისტორიაზე. კერძოდ, თუ უძველეს კულტურებსა და მათ შეხედულებებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ არარეპრესირებული ქვიარ მრავალფეროვნება (რომელთაც “ქვიარს” თანამედროვე ტერმინებით ვუწოდებთ) ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არსებობდა. მეორე მხრივ, იუდაისტური წარმოშობის რელიგიები (ქრისტიანობა, ისლამი), რომლებიც ფართოდ გავრცელდა ევროპასა და აზიის გარკვეულ ნაწილში, განსაკუთრებით დოგმატური შეხედულებებით გამოირჩეოდა გენდერული ბინარულობის მიმართ. მათი წარმოდგენებით, ადამიანები ორ კატეგორიად: ქალებად და კაცებად იყოფიან და აქვთ მკაცრად განსაზღვრული გენდერული როლები. სწორედ ამიტომ, თუკი, თანამედროვე ტერმინით, ქვიარ კულტურების რუკას გადავხედავთ, ევროპასა და აზიის გარკვეულ ნაწილში, მსგავსი ტრადიციები თითქმის არ გვხვდება.

სხვა კულტურებში არსებული რწმენები კი, ხშირად, “მესამე გენდერის”, “მესამე სქესის” ცნებასთან იკვეთება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ კულტურებში “მესამე გენდერი” არ ნიშნავდა ადამიანებს, რომლებიც ბინარულ სისტემაში ტრანსფორმირდებოდნენ, არამედ ადამიანებს, რომლებიც თავს, თანამედროვე ტერმინებით, სისგენდერ* ქალად ან კაცად არ მიიჩნევდნენ, ამიტომ სხვა, მესამე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ, რაც კულტურულად და სოციალურად დაშვებულად მიიჩნეოდა. ზოგჯერ, “მესამე გენდერს” კონკრეტული სახელი არ ჰქონდა, თუმცა სოციალური როლის ტრანსფორმაციაში გამოიხატებოდა. “მესამე გენდერის” ცნება ჯერ კიდევ უძველეს მესოპოტამიაში, ეგვიპტესა და ადრეულ ევროპულ კულტურებში გვხვდება.

“მესამე გენდერი” მადაგასკარის კუნძულზე

მადაგასკარის კუნძულზე არსებობდა “მესამე გენდერის” ცნება, რომელსაც ადგილობრივ ენაზე “სეკრეტას” უწოდებდნენ. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც, ფემინური თვითგამოხატვისას თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ, მიმართავდნენ ქროსდრესინგს**, ატარებდნენ ქალის ტრადიციულ სამოსსა და სამკაულებს – თუმცა მათი იდენტობა გარშემომყოფებისგან უარყოფითად არასდროს აღიქმებოდა, პირიქით, ადგილობრივები მიიჩნევდნენ, რომ სეკრეტები მაგიური სულის მატარებლები იყვნენ. ისინი შემსრულებლებად, მოცეკვავეებად მუშაობდნენ და ზოგჯერ სექს-სამუშაოშიც ერთვებოდნენ.

 “დაჰომეელი ამაძონები” აფრიკაში

აფრიკაში, დაჰომეის სამეფოში (თანამედროვე ბენინი) არსებობდა სრულად ქალებისგან დაკომპლექტებული მებრძოლთა ჯგუფი მინო, რაც ადგილობრივ ენაზე “ჩვენს დედებს” ნიშნავს. მებრძოლი ქალები არ ქორწინდებოდნენ, არ ჰყავდათ შვილები და მასკულინური ქცევებითა და მახასიათებლებით გამოირჩეოდნენ. მოგვიანებით, ევროპელმა კოლონიზატორებმა ამ ჯგუფს “დაჰომეელი ამაძონები”/”დაჰომეელი ამორძალები” უწოდეს.

მინო – დოჰამეელი ამაძონები. პარიზი, 1891

ბურნეშები ალბანეთში

დაახლოებით ასეთივე ტრადიცია არსებობდა აღმოსავლეთ ევროპაში, ალბანეთში, ბურნეშების სახით. ბურნეშა ქალია, რომელიც მკაცრად პატრიარქალურ ალბანურ კულტურაში, კაცის სოციალურ როლსა და პრივილეგიებს ირგებს, თუმცა სანაცვლოდ პირობას დებს, არასდროს შექმნას ოჯახი. სწორედ ამიტომ, მათ “შეფიცულ ქალწულებს” უწოდებდნენ ხოლმე. ალბანური ტრადიციის მსგავსად, ისლამური მამლუქების სასულთნოშიც არსებობდა ტრადიცია, რომელიც მასკულინური თვისებების გოგოებს კაცის ლეგალურ და სოციალურ პრივილეგიებს სთავაზობდა.

ბურნეშა – “შეფიცული ქალწული”

“მეტისები” ნეპალში

ნეპალში, ჰიმალაურ კულტურაში, საუკუნეების წინ არსებობდნენ “მესამე გენდერის” მქონე ადამიანები, რომელთაც “მეტისებს” უწოდებდნენ. “მეტისები” მამრობითი სქესის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ფემინურად იცვამდნენ, ატარებდნენ ქალის ტრადიციულ სამოსს. უკანასკნელ წლებში ისინი ძირითადად სექს-სამუშაოში არიან ჩართულნი.

ჰიჯრები ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში

სამხრეთ აზიურ კულტურებში (თანამედროვე ინდოეთის, პაკისტანისა და ბანგლადეშის ტერიტორიებზე) ადრეული პერიოდიდანვე არსებობდა “მესამე გენდერი”, ჰიჯრების სახით. ჰიჯრები ინტერსექსი ან მამრობითი სქესის ადამიანები არიან, რომლებიც ქროსდრესინგს მიმართავენ, ფემინურად გამოიყურებიან და ატარებენ ქალის ტრადიციულ სამოსსა და სამკაულს. მათი ნაწილი, ქალღმერთ ბაჰუჩარა მატასთვის გენიტალიების შეწირვის მიზნით, კასტრირებას მიმართავს. ბრიტანული კოლონიზაციის პერიოდში ჰიჯრების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება და პოლიტიკა განსაკუთრებით გაიზარდა. მართალია, 1952 წლიდან პოლიტიკური მიდგომა შეიცვალა, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ არსებობს. ჰიჯრები ჯგუფებად ცხოვრობენ, ჰყავთ ლიდერი, შემოსავლის წყაროს კი, ძირითადად, სექს-სამუშაო წარმოადგენს.

თანამედროვე ინდოეთში, 2014 წლის მონაცემებით, 5 მილიონამდე ჰიჯრა ცხოვრობს

არავანები სამხრეთ ინდოეთში

სამხრეთ ინდოეთში არსებობს არავანების კულტურა, რომელიც სახელს ძველი ინდური პოემის, მაჰაბჰარატას პერსონაჟ არავანიდან იღებს. ჰიჯრების მსგავსად, არავანებიც მამრობითი სქესის ადამიანები არიან, ფემინური თვითგამოხატვითა და სოციალური როლებით. არავანის ლეგენდის მიხედვით, ახალგაზრდა პრინც არავანს მსხვერპლშეწირვის ცერემონიალში მონაწილეობა უნდა მიეღო, სიკვდილის წინ კი ერთადერთი სურვილის შესრულება მოითხოვა — ერთი ღამე ისე გაეტარებინა, როგორც დაქორწინებულ კაცს. შემდეგ დღეს დაქვრივების შიშით, არავანთან ქორწინება არავინ ისურვა, ამიტომ კრიშნა ქალად, მოჰინად, ტრანსფორმირდა და ღამე არავანთან გაატარა. ლეგენდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ ინდოეთში მცხოვრები არავანებისთვის, რომლებიც არავანისა და მოჰინას ქორწინებას ყოველწლიურად აღნიშნავენ.~

“ბაკლა” ფილიპინებში

“ბაკლა” ფილიპინებში არსებული ტერმინია, რომელიც ფემინური გარეგნობისა და სოციალური როლის მქონე მამრობითი სქესის ადამიანებთან ერთად, სხვა ბევრ იდენტობას აერთიანებს. ბაკლებს აქვთ საკუთარი ენა, რომელსაც ერთმანეთში საკომუნიკაციოდ იყენებენ და რომელიც ფილიპინური, ესპანური და ინგლისური ენების ერთგვარი ნაზავია.

ჰიჯრები არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ პაკისტანსა და ბანგლადეშშიც ცხოვრობენ

ხუთი გენდერი და ვარიები ინდონეზიაში

განსაკუთრებული ქვიარ კულტურით ინდონეზია გამოირჩევა, სადაც, ტრადიციულად, ხუთი გენდერი არსებობდა, განსხვავებული დასახელებებით. თანამედროვე ტერმინებით, სისგენდერ ქალებთან და კაცებთან ერთად, არსებობენ ქალაბაები (მამრობითი სქესის ადამიანები, რომლებიც თავს ქალად აიდენტიფიცირებენ), ქალალაები (მდედრობითი სქესის ადამიანები, რომლებიც თავს კაცად აიდენტიფიცირებენ) და ბისუები (ადამიანები, რომლებიც გენდერულ სპექტრს საერთოდ არ მიაკუთვნებდნენ თავს, ან ყველა გენდერთან იდენტიფიცირება შეეძლოთ). გარდა ამისა, ინდონეზიაში არსებული სხვა ჯგუფი, რომელიც ქროსდრესინგს მიმართავს, “ვარიების” სახელით არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ვარიები განსაკუთრებული ფლუიდურობით გამოირჩევიან — ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ თავიანთ ბიოლოგიურ სქესთან, თუმცა დროდადრო ქროსდრესინგს მიმართავენ, ვარიების ნაწილი კი ქალის სოციალურ როლსაც ითავსებს ხოლმე.

ე.წ. “და გოგოები” და “ძმა ბიჭები” ავსტრალიაში

ავსტრალიაში, აბორიგენულ კულტურებში, არსებობდნენ ჯგუფები ე.წ. “და გოგოები” (Sistergirl), ანუ მამრობითი სქესის ადამიანები, რომლებიც თავს ქალად აიდენტიფიცირებდნენ და “ძმა ბიჭები” (brotherboy) – მდედრობითი სქესის ადამიანები, რომლებიც თავს კაცად აიდენტიფიცირებდნენ. როგორც ბევრ სხვა კულტურაში, კოლონიზაციამდელ ავსტრალიაშიც გენდერულ მრავალფეროვნებასთან საზოგადოებას ბევრად ღია და ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდა.

დაგოგოებისა და ძმაბიჭებისადმი გაზრდილი ნეგატიური დამოკიდებულება, რაც ავსტრალიის კოლონიზაციამ გამოიწვია, ნელ-ნელა იცვლება

“მესამე გენდერი” ამერიკაში

რომელიმე ღმერთსა თუ ადამიანში ქალური და კაცური საწყისების ერთიანობაზე წარმოდგენები სხვადასხვა კულტურაში საკმაოდ პოპულარული იყო. ასეთი პერსონაჟები გვხვდება ბერძნულ მითოლოგიაშიც (ჰერმაფროდიტი) და თანამედროვე აშშ-ის ტერიტორიაზეც, კოლონიზაციამდელ პერიოდის კულტურებში. ამერიკის კონტინენტზე არსებულ “მესამე გენდერის” კულტურას, ხშირად, უკან ედგა რწმენა ორი სულის მქონე (two-spirit) ადამიანების შესახებ, რომლებიც საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდნენ.

კანადურ კოლონიზაციამდელ კულტურაში არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც ადგილობრივ ენაზე Ninauposkitzipxpe ერქვათ, რაც, უხეშად რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს “ქალს კაცის გულით”. ისინი მდედრობითი სქესის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ყოველთვის ქროსდრესინგს არ მიმართავდნენ და არც მასკულინურად გამოიყურებოდნენ, თუმცა სარგებლობდნენ საზოგადოებაში არსებული კაცის პრივილეგიებით.

კოლონიზაციამდელი ამერიკის ზოგიერთ ტომში ოთხი გენდერი არსებობდა

ნავაჰოს ენაზე ნადლეეჰი (Nadleehi) მამრობითი სქესის ადამიანებს მიემართებოდათ, რომლებიც ფემინური და მასკულინური მახასიათებლებით ერთნაირად გამოირჩეოდნენ, ხოლო დილბაა (Dilbaa) მდედრობითი სქესის ადამიანებს, რომლებსაც ასევე ფემინური და მასკულინური მახასიათებლები ჰქონდათ. მსგავსი ჯგუფები არსებობდნენ ინდიელების სხვა ტომებშიც, მაგალითად, ნადლეეჰებს ლაკოტას ენაზე “ვინკტეს” ეძახდნენ, რაც თარგმანში ნიშნავს “ის, ვისაც უნდა, ქალი იყოს”. ინდიელთა სხვა ტომის, ზუნის კულტურაში მამრობითი ნადლეჰეებს “ლჰამანებს” უწოდებდნენ. ლჰამალები მამრობითი სქესის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ქალისა და კაცის ტრადიციულ სამოსს ერთდროულად ატარებდნენ, აკეთებდნენ საოჯახო საქმესაც და ნადირობდნენ, ასრულებდნენ მნიშვნელოვან ფუნქციას რელიგიურ რიტუალებში. “მესამე გენდერის” ცნებას ვხვდებით ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკულ კულტურებშიც.

სხვა ინდიელ ტომებში არსებობდა ხალხის ოთხ ჯგუფად დაყოფის ტრადიცია, რომელიც სისგენდერ კაცებთან და ქალებთან ერთად, კაცად იდენტიფიცირებულ მდედრობითი სქესის (hwame) და ქალად იდენტიფიცირებულ მამრობითი სქესის (alyha) ადამიანებს გულისხმობდა.

კოლონიზაციის შემდეგ, ევროპელების მიერ ეს კულტურები ქრისტიანული ჭრილით შეფასდა, შესაბამისად ცოდვად, დევიაციად მოინათლა

“მესამე გენდერის” ცნება არსებობდა თანამედროვე დომინიკელთა რესპუბლიკაშიც, სპეციალურად ინტერსექსი ადამიანებისთვის. დაბადებისას, გენეტიკური დარღვევის შედეგად, პირველად სასქესო ნიშნები საკმარისად არ ვითარდება, ამიტომ ახალდაბადებულებს მდედრობით სქესად მიიჩნევდნენ ხოლმე, თუმცა გარდატეხის ასაკში მეორეული სასქესო ნიშნების გამოვლენის შემდეგ, საზოგადოებაში დაშვებულად მიიჩნეოდა ამ ადამიანების “მესამე გენდერის” კატეგორიაში მოქცევა. ეს ტრადიცია ნამდვილად განსხვავდება იმ რეპრესიული გამოცდილებისგან, რომელიც სხვა კულტურებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ და აქვთ ინტერსექსი ადამიანების მიმართ.

თანამედროვე პერუში, კოლონიზაციამდელ ინკების კულტურაში, არსებობდა ორსქესიანი ღმერთი, რომლის მიმართ შესრულებულ რიტუალებსაც “მესამე გენდერის” ადამიანები უძღვებოდნენ, ინკების ენაზე მათ Quariwarmi-ის უწოდებდნენ. ეს ადამიანები ფემინური და მასკულინური გარეგნობით გამოირჩეოდნენ და, ძირითადად, სარიტუალო საქმიანობაში იღებდნენ მონაწილეობას.

“მესამე გენდერი” ევროპაში

“მესამე გენდერი” ევროპაში აქტიურად მეცხრამეტე საუკუნის მწერლობაში ჩნდება — თავდაპირველად კარლ ჰაინრიხ ულრიხის ტექსტებში და ლოგიკური საფუძველი ხდება მოგვიანებით დაწყებული ქვიარ მოძრაობისთვის.

კარლ ჰაინრიხ ულრიხი ქვიარ უფლებებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი პირველი აქტივისტია

ამ პერიოდში “მესამე გენდერი” ხშირად გამოიყენებოდა, როგორც ქვიარ აქტივიზმთან, ისე ფემინიზმთან მიმართებით, თუმცა მეოცე საუკუნეში, 70-იანი წლებიდან, აქტუალობა მეტ-ნაკლებად დაკარგა. დღეისთვის “მესამე გენდერის” ცნებას იურიდიული მნიშვნელობა აქვს და თანამედროვე აქტივისტები მის ოფიციალურ აღიარებას ითხოვენ, რათა იმ ადამიანებმა, ვინც თავს ბინარულ სისტემაში კომფორტულად არ გრძნობს, გენდერული იდენტობის იურიდიული დაფიქსირება შეძლონ.


*სისგენდერი – ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მინიჭებულ სქესს.

**ქროსდრესინგი – ისეთი სამოსის ტარება, რომელიც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ნორმების გამო, საპირისპირო სქესისთვის დამახასიათებლად მიიჩნევა.

რესურსები:

WISG Feminist Videotheque | ფემინისტური ვიდეოთეკა

A Map of Gender-Diverse Cultures | Independent Lens

A Map of Gender-Diverse Cultures | Independent Lens

Third gender | LGBT Info | Fandom

ავტორი: ანამარია

ნეპალი დოკუმენტაციაში ,,მესამე გენდერის” შესახებ ჩანაწერს გააკეთებს

2021 წელს ნეპალმა ,,მესამე სქესის” კატეგორია შემოიღო, რაც ლგბტქ+ უფლებების ადვოკატორების შედეგია. პირველად ისტორიაში,  ნეპალელ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, თავიანთი სქესი აღნიშნონ ჩანაწერით – „სხვა“ და არა მხოლოდ მამაკაცით ან ქალით.

თეორიულად, მსგავსი ჩანაწერი ლგბტქ+ ადამიანებს საშუალებას მისცემს, ადვოკატირება გაუწიონ უკეთეს სამართლებრივ უფლებებს. ნეპალს აქვს  კვოტები სამუშაო ადგილებსა და საგანმანათლებლო გარემოში მოწყვლადი ჯგუფებისათვის და ასევე, შეღავათიან ჯანდაცვას სთავაზობს მათ, თუმცა ლგბტქ+ ადამიანები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ ამ შეღავათით, რადგან საშეღავათო აღწერისას,  მათი რიცხვი არ იყო გათვალისწინებული დოკუმენტაციის არქონის გამო.

ლგბტქ+ ადამიანების უფლებადამცველების შეფასებით, ნეპალის 30-მილიონიანი მოსახლეობიდან, დაახლოებით 900,000 არის ქვიარი ან ტრანსგენდერი.

მიუხედავად იმისა, რომ ნეპალმა 10 წლის წინ შეიტანა კანონმდებლობაში მესამე გენდერის დაშვება, მონაცემების შეგროვების პროცესს თან ახლდა პრობლემები, ამ გადაწყვეტილების გამო, მთავრობას აკრიტიკებდნენ.

ნეპალელემა აქტივისტმა რუქსანა კაპალიმ საჩივარი შეიტანა ნეპალის უზენაეს სასამართლოში ,,მესამე სქესის” მინიჭების მეთოდოლოგიის წინააღმდეგ. კაპალიმ ქვიარ ადამიანების აღწერას ,,პრობლემური” უწოდა და თქვა, რომ ,,ის ვერ ასახავს ნეპალში ლგბტქ თემის რეალურ მონაცემებს და განსხვავებული იდენტობების აღიარება ვერ ხერხდება ჩაგვრის, მარგინალიზაციის, გარიყულობის, დისკრიმინაციის, ძალადობის გამო და, რეალურად, ქვეყანაში ვერ ხდება ლგბტქ+ უფლებების გაცნობიერება.”

ლგბტქ+ ადამიანები ამბობენ, რომ ,,მესამე სქესის” დოკუმენტაციაში აღნიშვნა, სულაც არ ნიშნავს სოციალურ აღიარებას. ასოციაცია ,,პრესის” ცნობით, ლგბტქ+ საზოგადოების წევრები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მოლოდინი აქვთ, რომ კანონმდებლებლობა მაინც მოახენს ამის იგნორირებას.

მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, ნეპალი სამხრეთ აზიაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ პროგრესულ ქვეყანდ ითვლება. ჯერ კიდევ 2007 წელს, ქვეყანში აიკრძალა დისკრიმინაცია გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, 2013 წელს ტექნიკურად შესაძლებელი გახდა დოკუმენტებში გენდერული კატეგორიების დამატება, 2016 წელს კი, გაფართოვდა  ისეთი თემები, რომელიც დასაქმებისა და საცხოვრისის სფეროში დისკრიმინაციას კრძალავს.

წყარო: them.us

Marvel-ის პირველი ღიად გეი წყვილი Eternals-ის ტრეილერში

მარველის ახალი ფილმის Eternals-ის ტრეილერში გეი წყვილის პირველი კადრები გამოჩნდა. ფილმის პრეზენტაცია 5 ნოემბერს გაიმართება და ქვიარ ოჯახის პერსონაჟების შესახებ უფრო მეტს გავიგებთ.

ფასტოსის, მარველის ერთ-ერთი უკვდავი სუპერგმირის როლს, ბრაიან ტაირი ჰენრი თამაშობს. ფასტოსი, რომელიც კაცობრიობის გადასარჩენად იბრძვის და მარადისობის იარაღის შემქმნელია, ტრეილერიდან ჩანს, რომ მამაკაცზეა დაქორწინებული, წყვილს შვილიც ჰყავს.

მაყურებლები პირველად ვნახავთ მნიშვნელოვან ქვიარ სიუჟეტს მარველის ფილმში. მარველის ფილმებში მნიშვნელოვანი სუპერგმირის როლს თამაშობს ტესა ტომპსონი, რომელმაც 2018 წელს დაადასტურა, რომ ბისექსუალია. როგორც ცნობილია, მარველის მომდევნო ფილმებშიც მრავლად იქნება ქვიარ სცენარები.

ფასტოსი იქნება მარველის პირველი ღიად გეი პერსონაჟი. თავად მსახიობმა ამ როლის შესახებ თქვა, რომ ის შეეცდება, მაყურებელს აჩვენოს ლგბტქ+ ოჯახი და მისი მნიშვნელობა.

წყარო: them.us