ოქტომბერი 2021

ტრანსგენდერი კაცის ახალი ცხოვრება ესპანეთში – ანტონ შადურის ისტორია

ტრანსგენდერი კაცის ახალი ცხოვრება ესპანეთში – ანტონ შადურის ისტორია

მოწყვეტილი ვარსკვლავი და ცხოვრება აუხდენელ სურვილებთან ერთად 

თვითგამორკვევის პროცესი არასდროს მქონია, თითქოს ყოველთვის ვიცოდი, რომ მდედრობით სქესს არ ვეკუთვნოდი, მაგრამ მახსოვს, როდის გამაჩუმეს და მითხრეს, რომ არ უნდა მელაპარაკა, არ უნდა გამომეხატა საკუთარი თავი, უნდა წამეშალა საკუთარი მე და დავმორჩილებოდი ოჯახის წევრების მითითებებს, ჩამეცვა კაბა, მოვქცეულიყავი გოგოსავით, ამიტომ ყოველთვის ძალას ვატანდი საკუთარ თავს და ვცდილობდი, მეტად ქალური ვყოფილიყავი. ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი გარეგნობა უნდა შეცვლილიყო, ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა, ვიცხოვრებდი იმ სხეულში, რომელ სხეულშიც უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ხუმრობა მქონდა ასეთი – ვარსკვლავი რომ მოწყდება, ჩაიფიქრე და აუცილებლად აგიხდება ნატვრა, მეც ყოველთვის ვნატრობდი, რომ ჩემი ცხოვრება და სხეული შეცვლილიყო.

მაშინ მეგონა, რომ ჩემს სხეულში არ ვცხოვრობდი, ვიღაც სხვა ადამიანის სხეულში ვიყავი და სხვა ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი. დღეს, რომ ვფიქრობ, ცოტა ვნანობ, ამდენი წელი საკუთარი თავის უარყოფაში რომ გავატარე, ხშირად მიფიქრია, რომ არა ამდენი გაბატონებული აზრი ქალურობასა და კაცურობაზე, რომ აუცილებლად მკერდი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ქალი იყო, რომ აუცილებლად კუნთები უნდა გქონდეს იმისთვის, რომ კაცი იყო, შეიძლება, ამდენი წინააღმდეგობის გაწევა არ დამჭირვებოდა. არც ვარსკლავების ლოდინი, როდის მოწყდებოდნენ ციდან ჩემი ოცნებების ასახდენად.

„შოკისმომგვრელი აზია“ და მოციმციმე ეკრანზე ნაპოვნი საკუთარი იდენტობა

დავიბადე 1980 წელს, ადრეული ბავშვობა დაემთხვა საბჭოთა კავშირის ,,პერესტროიკას”, მოზარდობა და გარდატეხის ასაკი კი, საბჭოთა კავშირის ნგრევასა და ბნელ და ცივ 90-იან წლებს, არანაირი ინფორმაცია მაშინ ჩვენს რეალობაში ტრანსგენდერ ადამიანებზე, ტრანზიციის პროცესზე არ არსებობდა. ძალიან ბევრი წელი თავი უნიკალური მოვლენა მეგონა, ვთვლიდი, რომ რაც მე „მჭირდა“, სხვას არავის სჭირდა და ერთადერთი ვიყავი.

მერე ინტერნეტი და კომპიუტერებიც გამოჩნდა, რუსული წყაროებიდან ვიღებდი ინფორმაციებს, მაგრამ ვერ ვაიგივებდი საკუთარ თავს ვერც გეებთან, ვერც ლესბოსელებთან, ვიცოდი, რომ ქალთან რომანტიკული ურთიერთობა არ იყო ჩემი მთავარი მიზანი და ვგრძნობდი, რომ კიდევ რაღაც იყო, რაც შინაგანად არ მასვენებდა.

ერთხელაც, ტელევიზორში შემთხვევით ვნახე დოკუმენტური ფილმი „შოკისმომგვრელი აზია“, რომლის მერეც გამიჩნდა იმედი და ვამბობდი, რომ გავიზრდები, წავალ ინდოეთში, გავიკეთებ ოპერაციებს და შევიცვლი სქესს, ფილმი ტრანსგენდერ ტაილანდელ ქალებზეა, მართალია, დიდად ვერ გავაიგივე მაშინ მათთან თავი,  რახან ტრანსგენდერი ქალები იყვნენ, მაგრამ დაახლოებით მაინც მივხვდი, რომ მეც მსგავსი ოპერაციები მჭირდებოდა.

რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი 

საქართველოდან ესპანეთში 26 წლის ასაკში, 2006 წელს წავედი, სამშობლოში ყოფნის დროს არ მახსოვს ერთი წუთიც კი, როცა ჩემს სხეულში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, სიცოცხლის და ბედნიერების ხარისხი ძალიან დაბალი იყო – სიხარულის დროსაც და ტკივილის დროსაც, ყოველთვის მახსოვდა, რომ მე მე არ ვიყავი, ჩემი სხეული სადღაც სხვაგან, გარეთ იყო და ჯერ კიდევ არ მქონდა ნაპოვნი. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო რთული ხდებოდა. რაც ასაკი მემატებოდა, ეს ყველაფერი უფრო რთულდებოდა, რადგან ემატებოდა სხვა ასაკობრივი სირთულეები და გამოწვევები, რომელიც უფრო ართულებდა ამ პროცესს.

დაშვებას ვაკეთებდი, რომ შეიძლება ქვეყანა არ დამეტოვებინა და საქართველოში მეცხოვრა ყოველთვის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საქართველოში დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი, მაქსიმუმ, 40 წლამდე მიმეღწია, თავს არ მოვიკლავდი, მაგრამ აუცილებლად მომკლავდა დარდი და მალვა. ვიცოდი, რომ უღიმღამო ცხოვრება მექნებოდა.  ქამინგაუთსა და ტრანზიციაზე საქართველოში არც მიფიქრია. 26 წელი ისე ვიცხოვრე, რომ ქამინგაუთი არავისთან გამიკეთებია, არავინ ფიქრობდა, რომ რაღაც ისეთი იყო ჩემს თავს, რასაც ვმალავდი და ვერ ვამბობდი, ყველა თვლიდა, რომ უცნაური ვიყავი, ცოტა მოჰიპო და პროგრესული, განსხვავებული უმრავლესობისგან.

2006 წელს უცებ ისე მოხდა, რომ ქვეყნის დატოვება მომიწია, საცხოვრებლად ესპანეთში გადავედი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, დავტოვებდი ჩემს სამშობლოს და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდოდი, აქ ვნახე პირველად ტრანსგენდერი ადამიანი და მივხვდი, რომ ტრანსფორმაციის პროცესი ახლოვდებოდა.

ტრანსფორმაციის ისტორია, მენტალური ჯანმრთელობა და ცვლილებები

ადრე, როცა მე დავიწყე ტრანზიციის პროცესი, ესპანეთში აუცილებელი იყო ფსიქიატრის დასკვნა, დღეს ეს პროცესიც გამარტივებულია, აღარავინ ითხოვს ფსიქიატრის დასკვნას, რომ შენ ნამდვილად ტრანსგენდერი ადამიანი ხარ. სავალდებულოა ენდოკრინოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევა, რომ შენი ორგანიზმი მზად არის, დაიწყოს ტრანზიციის პროცესი, რომ ჰორმონების მიღებას არანაირი უკუჩვენება არ ექნება, ამასთან ერთად, სასურველია, თუმცა არა სავალდებულო, გაიარო თერაპიის კურსი ფსიქოლოგთან, რომელიც იზრუნებს შენს მენტალურ მდგომარეობაზე და შეგამზადებს დიდი ცვლილებებისთვის.

სავალდებულო ენდოკრინოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ წელში დავიწყე ჰორმონების თერაპია, თავიდან უფრო ინტენსიური იყო ეს თერაპია, შემდეგ უფრო შემცირდა, ტესტესტერონების შემდეგ გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოჭრის ოპერაცია.

ტესტესტერონი რთული ჰორმონია და ახლავს ბევრი სირთულე, სხეული განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, შემეცვალა კუნთის მასა, ვგრძნობდი, რომ იცვლებოდა ძვლები, ძალიან გამხდარი ვიყავი და მოვიმატე წონაში, შემეცვალა თავის ფორმა, გამეზარდა ცხვირი, ყურები. მეუბნებოდნენ, რომ ჰორმონების თერაპია იწვევდა ხასიათის ცვლილებებს, შეიძლებოდა, უფრო უხეში გავმხდარიყავი, არადა ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა, მეც და გარშემომყოფებიც ვამჩნევდით, რომ უფრო მშვიდი გავხდი.

ცხოვრება ტრანსფორმაციის შემდეგ

 

ხშირად მომისმენია და დაუსვამთ ჩვენთვის, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კითხვები: ქალი იყავი და კაცი ხარ? რო აღარ მოგინდეს? რო გადაიფიქრო? დარწმუნებული ხარ? ჯიბრზე ხომ არ აკეთებ? ის იყავი და ის ხდები? ყველაზე მეტად ეს კითხვები მაღიზიანებს, თითქოს ვიღაც სხვა ვიყავი და ახლა სხვა ვარ, ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ არაფერი ძირეული არ შეცვლილა ჩემს პიროვნებაში ამ პროცესებით, ყოველთვის ის ვიყავი, ვინც ახლა ვარ, უბრალოდ, თქვენ ახლა დაიწყეთ ამ ყველაფრის შემჩნევა, რისი ჩვენების საშუალებასაც მრავალი წელი არ მაძლევდით.

მე როგორც წარმომედგინა საბოლოო შედეგი, იმას გადააჭარბა, რაც მივიღე, ყველა ნაბიჯში ვგრძნობდი, რომ არამარტო ჩემი სხეული იცვლებოდა, არამედ იცვლებოდა ჩემი მენტალური მდგომარეობაც და უკეთესი ადამიანი ვხდებოდი, უფრო მშვიდი და უფრო კმაყოფილი ცხოვრებით, მახსოვს, გარშემომყოფი ადამიანებიც ატყობდნენ ამას და მეუბნებოდნენ, რომ ახლა გასაგები იყო, რატომ ვიყავი ასეთი გულჩათხრობილი.

საქართველოში 2019 წელს დავბრუნდი, სახელის შეცვლა მინდოდა პასპორტში და არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია, იუსტიციის თანამშრომელს ცოტა კი გაუკვირდა, დაბადებით ქალი რომ ვიყავი, მაგრამ გართულება არ მოჰყოლია ამ პროცესს,  საერთოდ, ყველაზე მეტი მიმღებლობა ლგბტ+ საზოგადოებიდან აქვს ტრანსგენდერ ჰეტეროსექსუალ კაცს, რადგან ემსგავსები ჰეტეროსექსუალ კაცს და, როგორც წესი, ყველაზე მეტი პრივილეგიით ჰეტეროსექსუალი კაცი სარგებლობს. სქესის შეცვლის მერე მივხვდი, რამდენად გაადვილდა ჩემი ცხოვრება, გამოხედვებში ვგრძნობ, რამდენად სხვანაირად მიყურებენ, როცა ვლაპარაკობ, სხვანაირად მისმენენ, რაც ცოტათი მიკვირს, რადგან იგივეს ვლაპარაკობ, თუმცა მათთვის უკვე კაცი ვარ და სხვანაირ პატივისცემას ვიმსახურებ.

განსხვავება ესპანურ და ქართულ საზოგადოებაში და სახელმწიფო სერვისებში, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანები იღებენ: 

ესპანური ლგბტ საზოგადოება ძალიან ბევრი ნაბიჯით წინ არის ქართულ ლგბტ საზოგადოებასთან შედარებით, ისინი უკვე მიღებულები და უფრო თამამები არიან, ცხოვრების მთავარი მიზანი აქ უკვე აღარ არის უფლებების მოპოვება, მათი მთავარი მიზანი ცხოვრება და ბედნიერებაა, გადარჩენაზე აქ არავინ ფიქრობს, იციან, რომ შეზღუდვები არ აქვთ და დაცულები არიან, აქაც არის ჰომოფობია, თუმცა სახელმწიფოს და საზოგადოების რეაქციები ძალიან მკაცრია ჰომოფობიის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, კანონი მოქმედებს და ჰომოფობი დაუსჯელი არ დარჩება. აქ არ მოქმედებს ქართული მიდგომა, რომ თითქოს ლგბტ ადამიანებმა რაღაცები უნდა დავთმოთ და გავითვალისწინოთ უმრავლესობის ნება. აქ ყველა ადამიანის უფლება დაცულია და არავინ არაფერს თმობს.

დღესდღეობით, ესპანეთში საუბარია სქესის პოლიტიკის გადახედვაზე, არაბინარული ადამიანების მიღებასა და მესამე სქესის დაშვებაზე, აქტივისტები ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ გაჩნდეს მესამე სქესის აღმნიშვნელი არტიკლები და ენა უფრო მეტად იყოს მორგებული თანამედროვე გამოწვევებს. ესპანეთში არსებობს თანასწორობის სამინისტრო, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს ლგბტ საკითხებზე, მისი მინისტრი ქალი კი ძალიან ცდილობს, მიიღოს კანონი, რომელიც უფრო მეტად გაამარტივებს ტრანზიციის პროცესს, სქესის მარკის შეცვლის პროცესს და ა.შ.

და რაც ყველაზე მთავარია, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ტრანსგენდერი ადამიანები ვერ ახერხებენ, მივიდნენ ექიმთან სანამ ტრანზიციის პროცესს დაიწყებენ და ხშირ შემთხვევაში, თვითონ ინიშნავენ ჰორმონებს გამოკვლევებისა და სპეციალისტების ჩარევის გარეშე, ესპანეთში მოქმედებს ძალიან ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მორგებულია ლგბტ ადამიანების საჭიროებებს. სქესის შეცვლის პროცედურები ესპანეთის თითქმის ყველა რეგიონში უფასოა, დაზღვევა ვრცელდება როგორც ესპანეთის მოქალაქეებზე, ასევე იმ ადამიანებზეც, ვისაც უბრალოდ ბინადრობის უფლება აქვთ ან ამ უფლების გარეშე ცხოვრობენ ესპანეთის მიწაზე.

რჩევები ტრანსგენდერი ადამიანების მშობლებს 

ცოტა ხნის წინ, აქ იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როცა 6 წლის ტრანსგენდერი გოგოს მშობელმა გადადგა განათლების სისტემა და შეაწუხა ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ მისი შვილის სახელი შეცვლილიყო სასკოლო ჟურნალში, ასეთი თავდადება და შვილის დაცვა საქართველოში არ მინახავს, არა მარტო ტრანსგენდერი ადამიანების მშობლებისგან, არც ჰეტეროსექსუალი ადამიანების მშობლების მხრიდან.

მშობლის პირველი ინტერესი უნდა იყოს შვილის ბედნიერება და ამაზე პასუხები არ უნდა ეძებონ სოციუმში, სამეზობლოსა და სანათესაოში, ბავშვმა თვითონ იცის, როდის არის ბედნიერი და რა უნდა, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შვილებს და გავიგოთ, როგორ წარმოუდგენიათ მათ საკუთარი ბედნიერება, ბავშვი არ არის პროექტი, რომ წინასწარ გაუწერო, რა და როგორ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, ასეთ პროექტებს ყოველთვის ჩაფლავება ელოდება, ვერასოდეს იქნება ის ადამიანი ბედნიერი, რომლის ცხოვრებაც მშობლებმა გაწერეს შვილთან კომუნიკაციისა და შვილის საჭიროებების გათვალისწინების გარეშე. ის იქნება უბედური შვილი.

ისედაც ძალიან რთულია ჩვენი ცხოვრება და თქვენი უარყოფა ორჯერ და ოცჯერ უფრო ართულებს ყველაფერს, თერაპია ძალიან დამეხმარა იმაში, რომ გადამელახა უამრავი სირთულე და ერთ-ერთი სირთულე იყო ის, რომ ჩემს მშობლებთან დღემდე არ მაქვს ურთიერთობა. არ არის ადამიანის ცხოვრება სრულყოფილი, რომელსაც არა აქვს ოჯახის მხარდაჭერა, ოჯახის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა დაგიპირისპირდეს და ვინც არ უნდა გაქციოს ზურგი, ოჯახის სიყვარული მაინც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ბედნიერად იგრძნო თავი, ნუ მოაკლებთ შვილებს ამ მხარდაჭერას. ჩვენ, ადამიანებს, აღიარება პირველ რიგში ჩვენი ოჯახისა და ახლობელი ადამიანებისგან გვჭირდება, თუ ამას ვერ მივიღებთ, აზრი არ აქვს არანაირ თერაპიებსა და ფსიქოლოგების დახმარებას, ჩვენი ცხოვრება სრულყოფილი მაინც ვერ იქნება.

ტექსტი და ვიზუალური გაფორმება: ზურა აბაშიძე

ფოტო: ანტონ შადურის პირადი ალბომი

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ლგბტი უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციასთან – ილგა-ევროპასთან ერთად, წერილობითი მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და ლგბტი ადამიანების ძირითადი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სიახლეები წარადგინა.

ანგარიში მიზნად ისახავს საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.

საქმე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ შეეხება 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვისა და ეფექტური გამოძიების ვალდებულების შეუსრულებლობას. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2015 წელს გამოაქვეყნა და დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) და  მე-11 მუხლის (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა).

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

2012 წლის 17 მაისს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ლგბტი აქტივისტების აქციის დარბევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მინისტრთა კომიტეტს ამ დრომდე არ დაუხურავს და ის ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ლგბტი ადამიანებისთვის შეკრების თავისუფლებისა და ძალადობისგან დაცვის მდგომარეობასა და რეფორმებს ქვეყანაში. აღნიშნული საქმის აღსრულება მინისტრთა კომიტეტის მხრიდან გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშაა და სახელმწიფოს ევალება კომიტეტისთვის გადაწყვეტილების აღსრულების ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის პერიოდული წარდგენა.

ფოტო: ნეტგაზეთი

ანგარიში კრიტიკულად აღწერს სახელმწიფოს მიერ ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ლეგიტიმაციასა და განსაკუთრებით მძიმე და გახმაურებული ჰომო/ტრანსფობიური დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების მანკიერ პრაქტიკას, რაც ქმნის საზოგადოებაში ამგვარი დანაშაულების შეწყნარებისა და დაუსჯელობის განცდას. კომუნიკაციაში მიმოხილულია ის ინსტიტუციური ხარვეზები, რომლებიც აფერხებს ლგბტი ჯგუფების უფლებების ეფექტურ რეალიზებას. კომუნიკაციაში მიეთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სპეციალიზებული საგამოძიებო უწყების შექმნის საჭიროებაზე, რომელიც უშუალოდ იმუშავებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.

,,სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ლგბტი ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფას, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა 2021 წლის 5-6 ივლისს ღირსების მარშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირები და ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების ლიდერები ღიად გამოთქვამდნენ 5 ივლისს ღირსების მარშის, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლის განზრახვას, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ძალადობის რისკების დროული პრევენცია და ლგბტი აქტივისტების შეკრების უფლების დაცვა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს 5-6 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ლგბტი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების აღკვეთა. გარდა ამისა, ამ დრომდე სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩა სასულიერო პირებისა და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების ლიდერების აშკარა ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველივე ეს კი ქმნის სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული უმოქმედობისა და ლგბტი აქტივისტების პოლიტიკური მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზების შთაბეჭდილებას.” – წერია სოციალური სამართლიანობის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რეალურ ამბავზე გადაღებული 15 ქვიარ ფილმი

მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვიარ კინოკულტურა განსაკუთრებით განვითარდა და ამ წლების განმავლობაში რეალური მოვლენები არაერთი ფილმის ინსპირაციის წყარო გახდა. ამ სტატიაში სწორედ რეალურ ამბავზე დაფუძნებულ 15 ფილმზე მოგიყვებით, რომელთა ნახვაც თავისუფალ დროს შეგიძლიათ.

Prayers for Bobby (2009) – ლოცვა ბობისთვის

,,ლოცვა ბობისთვის’’ 2009 წლის ფილმია, რომელიც 1980-იანი წლების ამერიკაში, ახალგაზრდა ბიჭის, ბობი გრიფიტის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მას შემდეგ, რაც ბობის ოჯახი მისი ქვიარობის შესახებ გაიგებს, ურთიერთობები განსაკუთრებით იძაბება და ბობის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევს. ფილმში საკვანძო მნიშვნელობა ბობის დედის, მერი გრიფიტის პერსონაჟს აქვს, რომლის როლსაც სიგურნი უივერი შესანიშნავად ასრულებს.

ტრეილერი

Boys Don’y Cry (1999) – ბიჭები არ ტირიან

1999 წელს გადაღებული ოსკაროსანი ფილმი, ,,ბიჭები არ ტირიან’’, 1990-იან წლებში, ნებრასკაში, ბრენდონ ტინას ცხოვრების გარშემო ვითარდება. ახალ ქალაქში, ახალ სივრცესა და ხალხში, 21 წლის ბრენდონი თავს მარტივად იმკვიდრებს, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ტრანს იდენტობის შესახებ გარშემომყოფები გაიგებენ, ბრენდონს ღიად აგრესიულ ჰომოფობიურ გარემოსთან გამკლავება უწევს. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და მთავარ როლებს ჰილარი სვონკი და ქლოი სევინი ასრულებენ.

ტრეილერი

Reaching for the Moon (2013) – მთვარემდე მიღწევა

,,მთვარემდე მიღწევა’’ 2013 წელს გამოსული ბრაზილიური ფილმია (გადაღებულია ინგლისურ ენაზე), რომელშიც მთავარ როლებს მირანდა ოტო და გლორია პირესი ასრულებენ. ფილმი ამერიკელი პოეტის, ელიზაბეთ ბიშოპისა და ბრაზილიელი არქიტექტორის, ლოტა სოარესის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და დინამიკური ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

ტრეილერი

Pride (2014) – პრაიდი

,,პრაიდი’’ 2014 წლის ბრიტანული ფილმია, რომელიც 1980-იან წელს მომხდარ მოვლენებზეა დაფუძნებული. 1984 წელს დიდ ბრიტანეთში მეშახტეები გაიფიცნენ, ლონდონში მცხოვრებმა ქვიარ აქტივისტებმა იმისთვის, რომ მეშახტეების ოჯახებს ფინანსურად დახმარებოდნენ, სპეციალური კამპანია – LGSP (Lesbians and Gays Supporting Miners – ლესბოსელები და გეები მეშახტეების მხარდასაჭერად) წამოიწყეს. ფილმში კარგად ჩანს ის კონსერვატიული და ჰომოფობიური დამოკიდებულება, რომელიც 1980-იანი წლების დიდ ბრიტანეთში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

ტრეილერი

Freeheld (2014) – მემკვიდრეობის უფლება

ქვიარ ურთიერთობების არაოფიციალურობა უდიდესი პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე აქტუალურია. ,,მემკვიდრეობის უფლება’’ სწორედ ამ პრობლემაზე კონცენტრირდება და ამერიკელი წყვილის, ლორელისა და სტეისის გარშემო ვითარდება. მას შემდეგ, რაც ლორელს სიმსივნური დაავადება დაუდგინდება, წყვილი ცდილობს, მემკვიდრეობის უფლება მოიპოვოს და ამისთვის ქვიარ აქტივისტებთან ერთად სასამართლოში იბრძვიან. ფილმში მთავარ როლებს ჯულიანა მური და ელიოტ პეიჯი ასრულებენ. 2007 წელს გადაღებულია იმავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმიც.

ტრეილერი

Milk (2008) – მილქი

,,მილქი’’ 2008 წელს გადაღებული ფილმია, ის პირველი ღიად ქვიარ პოლიტიკოსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1978 წელს სან-ფრანცისკოს ზედამხედველთა საბჭოს წევრად აირჩიეს. ჰარვი მილქი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო ქვიარ მოძრაობაში. ფილმში მის როლს ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი ასრულებს. ჰარვის ცხოვრების შესახებ 1984 წელს გადაღებულია დოკუმენტური ფილმიც – The Times of Harvey Milk.

ტრეილერი

Batte of the Sexes (2017) – სქესთა ბრძოლა

ემა სტოუნისა და სტივ კარელის მონაწილეობით, 2017 წელს კომედიური დრამა, ,,სქესთა ბრძოლა’’ გადაიღეს. ფილმი 1973 წელს, ჩოგბურთის ისტორიული მატჩის გარშემო ვითარდება, რომელიც ბობი რიგსისა და ბილი ჯინ კინგს შორის გაიმართა. მატჩის გარდა, ფილმი 1970-იან წლებში ბილი ჯინის ქვიარ სასიყვარულო ურთიერთობის შესახებაც მოგვითხრობს.

ტრეილერი

Bohemian Rhapsody (2018) – ბოჰემური რაფსოდია

,,ბოჰემური რაფსოდია’’ 2018 წლის ოსკაროსანი ფილმია, რომელსაც გამოსვლისთანავე განსაკუთრებული ყურადღება და წარმატება ხვდა წილად. ფილმი ლეგენდარული ქვიარ მუსიკოსის, ფრედი მერკურის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლს კი ცნობილი მსახიობი, რამი მალეკი ასრულებს.

ტრეილერი

The Secret Diaries of Miss Anne Lister (2010) – ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები

2010 წელს გადაღებული ეს ძალიან საინტერესო ფილმი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში, მიწათმფლობელისა და ცნობილი დღიურის ავტორის, ენ ლისტერის ცხოვრების გარკვეული ეტაპის გარშემო ვითარდება. თავად ენი ქვიარ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ტრეილერი

Colette (2018) – კოლეტი

,,კოლეტი’’ 2018 წელს გადაღებული ბიოგრაფიული ფილმია ფრანგი მწერლის, გაბრიელ-სიდონი კოლეტის შესახებ, რომელიც წიგნებს ქმრის, უილის სახელით აქვეყნებდა. ფილმი, გარკვეულწილად, კოლეტის ცხოვრების ქვიარ ასპექტებსა და მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ფრანგულ ქვიარ კულტურაზეც კონცენტრირდება. კოლეტის როლს ცნობილი ინგლისელი მსახიობი კირა ნაითლი ასრულებს.

ტრეილერი

ავტორი: ანამარია

მე ვარ ფეხბურთელი და მე ვარ გეი – ავსტრალიელი ფეხბურთელის ქამინგაუთი

Adelaide United-ის ფეხბურთელმა ჯოშ კავალომ ქამინგაუთი გააკეთა და ის ამჟამად მსოფლიოში ერთადერთი უმაღლესი დონის პროფესიონალი ფეხბურთელია, ვინც ეს ხმამაღლა თქვა.

21 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად იყო, ესაუბრა რაღაც პირადზე. ,,მე ვარ ფეხბურთელი და მე ვარ გეი, ერთადერთი, რაც მინდა გავაკეთო, არის ფეხბურთის თამაში და მინდა, თანასწორი ვიყო”, – თქვა ნახევარმცველმა თანდართულ ვიდეოში.

,,ექვსი წელი ვებრძოდი ჩემს სექსუალურ იდენტობას და მიხარია, რომ ახლა ამის შეწყვეტა შემიძლია. დავიღალე თავის მოჩვენების მცდელობებით, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება ძალიან დამღლელია.”- ამბობს ჯოშ კავალო.

ჯოშის თქმით, ამან მისი მენტალური ჯანმრთელობაც დააზარალა და ამის შედეგად, ის ,,წყვდიადისკენ” მიდიოდა – ,,მე უბრალოდ მინდოდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს ფეხბურთზე დიდია, ეს ჩემი ცხოვრებაა. სახლში მივდიოდი და ბედნიერი არ ვიყავი. ეს ნელ-ნელა გჭამს და არის ის, რასაც არავის ვუსურვებ.”

ჯოშ კავალოს ქამინგაუთს ცნობილი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოეხმაურა, მან კავალოს მიმართა: ,,შენ ჩემპიონი ხარ! ფეხბურთი ყველასთვისაა. პატივისცემას გამოვხატავ შენ მიმართ.”

საზოგადოებას არ უნდა პოლიტიკაში ის, ვინც ზიზღით ლაპარაკობს – თამარ კორძაია

/

როდესაც საუბარი ქვიარ თემსა და მათი უფლებების დაცვას ეხება, ქართველი პოლიტიკოსებიდან, ერთ-ერთი პირველი თამარ კორძაია გვახსენდება. წინასაარჩევნოდ, ,,ქვიარი” დაუკავშირდა მას და ვკითხეთ, რას ფიქრობს ეთიკისა და გენდერულ საბჭოებზე, სექსუალურ შევიწროებასა და ქვიარ თემის პრობლემების მოგვარების გზებზე.

,,ლგბტ თემის ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებაში უცხოობიისა და შიშის დაძლევაა. თუ უცხოობის შიში დაიძლევა, მგონი, მერე აღარ იქნება ასეთი პრობლემები, თუმცა ამისი დაძლევა ძალიან ძნელია. ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ მათი საზოგადოებაში თავისუფლად ყოფნა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის ნახვა არ უნდათ იმიტომ, რომ ამ სტერეოტიპებს ამყარებს ყალბი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, საზოგადოების ამ შიშით კვებავენ, ამის საწინააღმდეგო მექნიზმები კი სუსტია. ზოგი პოლიტიკური პარტია ახლა ხვდება, რომ უკვე საჭიროა ნაბიჯის გადადგმა და ხმების ტყვედ არ უნდა ჩავარდე. მე მახსოვს, ნიკა მელია ძალიან სწორად მოიქცა, გამოვიდა და თქვა, რომ მას არ უნდოდა მჩაგვრელის ხმა.

ეთიკის საბჭო, პრაქტიკულად, უმოქმედოა, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, საქმე ბევრი აქვს ამ პარლამენტის პირობებში. პირადად მეც შევიტანე ეთიკის საბჭოს წევრობაზე განაცხადი. რაც შეეხება გენდერული თანასწორობის საბჭოს, გენდერული თანასწორობის საბჭო წერს გეგმებს და თითქოს ასრულებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს გეგმებიც შაბლონურია. ეს გეგმებიც იწერება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი კეთდება. როდესაც გენდერული თანასწორობის საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მისი თანამშრომელი მამაკაცი თავის თანამშრომელ ქალს ხელით ეხება და ამ კაცს ამართლებს, შეუძლებელია, ჰქონდეს გენდერული მგრძნობელობა. პარლამეტში არის მანდატური ქალი. რატომ? იმიტომ, რომ ქალი თუ მოიქცევა უსამართლოდ ან წესს დაარღვევს, მანდატური ქალი უნდა მივიდეს მასთან და არა მანდატური კაცი. შესაბამისად, ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება რომ არ აქვს და პირიქით, თვლის, რომ ქალი არასწორად მოიქცა, მე არ მჯერა იმ გენდერული საბჭოს რეფორმების.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ბევრი ცვლილება გვაქვს კანონმდებლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრს მუშაობენ ამ კანონების გაუმჯობესებისთვის. კანონში შევიდა ცვლილებები სექსუალური შევიწროების შესახებ, რეალურად კი, არაფერი ხდება იმისათვის, რომ შეიქმნას ინსტიტუციური მექანიზმები საჯარო დაწესებულებებში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირებისთვის. მექანიზმი ეფექტიანი მხოლოდ მაშინაა, როცა შენ შეგიძლია, მასზე საჯაროდ ისაუბრო და სამსახური არ დაკარგო. შიდა მექანიზმი ორ ორგანიზაციას აქვს მიღებული – საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მანდაც არის ხარვეზები, მაგრამ მთავარია, რომ ორმა უწყებამ მაინც გამოხატა ნება.

სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ პარლამენტში არ გვაქვს ასეთი მექანიზმები, მათთვის პარლამეტშიც კი არ არსებობს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპით, სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე სამართლებლივი რეაგირების შესაძლებლობა ექნებათ. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ გენდერული თანასწორობის ან ეთიკის საბჭოს არსებობა. მაგალითად, ეთიკის საბჭო ეხება პარლამენტის წევრის ქმედებას, მაგრამ პარლამენტში უამრავი თანამდებობაა, რომლებზეც ადამიანები მუშაობენ. ხომ შეიძლება, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ ამის ინიცირება მაინც მოახდინოს პარლამენტში, შექმნას სამაგალითო და სანიმუშო ინსტრუმენტი სექსუალურ შევიწროებაზე. სამსახურში თუ გამწარდება ადამიანი, ცხოვრება დაენგრევა და მერე ამოიღებს ხმას, ეს არ არის ეფექტური მექანიზმების შემუშავება სახელმწიფოში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. მთავარი მიზანი არ არის, რომ შემვიწროვებელი დაისაჯოს სანიმუშოდ და რაღაც ჯარიმები დავაკისროთ. მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანს შეეძლოს მისი უფლებების დაცვა ისე, რომ მერე აღდგენა არ დასჭირდეს.

ყველა თვითმმართველი ორგანო ვალდებულია, ჰყავდეს მოხელე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს და ყველა საკითხი გაივლის ამ ადამიანის ექსპერტიზას გენდერული თანასწორობის ჭრილში. როცა გადავხედე და დავიწყე ამის შესწავლა, არაეფექტიანი მექანიზმი ხშირად არ მუშაობდა და არც ესმით ამ მექანიზმის. გენდერული თანასწორობის საბჭოს ხმა არ ამოუღია, როდესაც საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები. ერთადერთი, საკონსტიტუციო სასამართლოს იმედზე უნდა ვიყოთ, რომელმაც თქვა, რომ 3-იდან 1 განსხვავებული სქესის უნდა იყოს კენჭისყრისას. ყველაფერი ეს განაპირობს იმას, რომ ამ მიმართულებით არ გვაქვს წინსვლა, იგივე მდგომარეობა გვაქვს რაც გვქონდა მაშინ, მაგალითად, 2015 წელს.

ჩემთვის სანიმუშოა, როდესაც ნინო ბოლქვაძემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში – გამოვიდა და თქვა, ვინ იყო და რისი გაკეთება უნდოდა. აღმოჩნდა, რომ ბევრზე ჭკვიანი და კვალიფიციურია, ეთიკურია, თავდასხმას ზომიერად იღებს და არ ბრაზდება, ის მზად იყო სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით. მართალია, შედეგი ვერ დადო, მაგრამ სხვებმაც ვერ დადეს შედეგი, ვინც ჰომოფობიური ტექსტებით მოდიოდა პოლიტიკაში.

მაგალითად, უკანასკნელი იყო ვატო შაქარაშვილი. საზოგადოებას არ უნდა პოლიტიკაში ის, ვინც ზიზღით ლაპარაკობს. თუ პოლიტიკაში მოდიხარ პროგრესისთვის, მშენებლობისთვის უნდა მოხვიდე და როდესაც მოდიხარ სიძულვილითა და ნგრევით, თუნდაც, ერთი ადამიანის ცხოვრების ნგრევით, თუ ამბობ, რომ ვიღაც სახლში უნდა იჯდეს და არ უნდა გამოვიდეს, იმ ვიღაცის ცხოვრებას ანგრევ. ამიტომ შინაგანად საზოგადოებას ეს არ უნდა, ეს ჩანს და დასტურება.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

შეერთებულმა შტატებმა პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გასცა

შეერთებულმა შტატებმა პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გასცა.

განმცხადებლებს საშუალება ეძლევათ, თავად აირჩიონ სქესი და აღარ მოეთხოვებათ სამედიცინო სერტიფიკატის წარდგენა, თუ მათი სქესი არ ემთხვევა სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მითითებულ სქესს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა არ გაასაჯაროვა პასპორტის მიმღების ვინაობა, მაგრამ კოლორადოს შტატში, ფორტ კოლინზში მცხოვრებმა დანა ზიმმა, Associated Press-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ ეს მისი პასპორტი იყო.

ზიმი, რომელიც გენდერულად ნეიტრალურ ნაცვალსახელს იყენებს, 2015 წლიდან იბრძოდა, რომ გენდერულად ნეიტრალური პასპორტი მიეღო. ის ამბობს, რომ ამით ინტერსექსი ადამიანების მომავალ თაობას დაეხმარება, მოიპოვონ აღიარება, როგორც სრულუფლებიანმა მოქალაქეებმა.

გენდერის სამართლებრივი აღიარების პრობლემა და გამოწვევები

ავტორი: თამარ ავალიანი

საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების, ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებისა და სახელმწიფოს არამგრძნობიარე, ხშირად, დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგად, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი აწყდება უფლებების ხელყოფას და პრობლემებს სასამართლოსადმი მიმართვის კუთხით.

ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან პრობლემებს გენდერის სამართლებრივი აღიარების არაგანჭვრეტადი და დისკრიმინაციული პროცედურების გამო, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს როგორც სოციალური, ისე სასამართლო ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გენდერის აღიარებისთვის აუცილებელ ეფექტიან პროცედურებს, რაც ტრანსგენდერი ადამიანისთვის შესაძლებელს გახდიდა, სასურველი გენდერი პირად საიდენტფიკაციო დოკუმენტებში აესახა.

კანონი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ ადგენს გენდერის სამართლებრივი აღიარების არაგანჭვრეტად და არაჰუმანურ პროცედურებს, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს. სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ტრანსგენდერ პირებს დიდი პრობლემები ექმნებათ. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონით, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთ საფუძველს სქესის შეცვლა წარმოადგენს. კანონში არ არის განმარტებული, თუ რა მოიაზრება სქესის შეცვლაში, არ არის გაწერილი სქესის შესახებ ჩანაწერი რა პროცედურით იცვლება, რაც კანონს კიდევ უფრო ბუნდოვანს და არაგანჭვრეტადს ხდის. ამგვარი წესის არარსებობა, შესაძლებლობას ართმევს ტრანსგენდერ ადამიანებს, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი შეცვალონ სწრაფი და ხელმისაწვდომი გზით.

საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარება სამედიცინო პროცედურებს უკავშირდება. რეალობაში არ არსებობს რამე სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს დეტალურად დაარეგულირებდა და შექმნიდა ადეკვატურ სამართლებრივ შესაძლებლობებს იმ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ, შეცვალონ სქესის შესახებ ჩანაწერი თავიანთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში.

მიუხედავად საკანონმდებლო რეგულირების არარსებობისა, სახელმწიფო უწყებები და საერთო სასამართლოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების საფუძვლად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოითხოვენ, რაც დაუძლევლად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. საქართველოში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია, მისი ყველა კომპონენტის ჩათვლით, ჯერ არ გაკეთებულა. მითითებული ქირურგიული ოპერაცია სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ის იწვევს სამუდამო სტერილიზაციას და ჯანმრთელობის შეუქცევად პრობლემებს.

ტრანსგენდერ ადამიანებს უწევთ, არჩევანი გააკეთონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ქირურგიულ ჩარევასა და გენდერის სამართლებრივ აღიარებას შორის. საქართველოში შემუშავებული არ არის ტრანსსპეციფიკური კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები, რაც ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფდა. ასევე, არ არსებობს ტრანსსპეციფიკური ქირურგიული პროცედურებიის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამები. სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ხარჯებს არც დაზღვევა ანაზღაურებს. სქესის კორექციის შეუსაბამოდ ძვირი ფასის გამო, ვერც ერთი საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ამ ოპერაციას ვერ გაიკეთებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Schlumpf v. Switzerland განმარტა, რომ ოპერაციის შემდეგ მდგომარეობაში მყოფი ტრანსგენდერი ქალისთვის, ასაკიდან გამომდინარე, ქირურგიულ ოპერაციაზე უარი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად მიიჩნია, რადგან სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბალანსი სადაზღვევო კომპანიასა და განმცხადებლის ინტერესებს შორის.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო აიძულებს ტრანს ადამიანებს, ჩაიტარონ სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურები ისე, რომ არ არის განსაზღვრული აღნიშნული პროცედურების სტანდარტები და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმი, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს ეკისრება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის რეზოლუციაში 2048 (2015) შეშფოთებას გამოხატავს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სქესის კვლავმინიჭების პროცედურების ხელმისაწვდომობისას ფინანსური ბარიერების არსებობის გამო და მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ სქესის კვლავმინიჭების პროცედურები ხელმისაწვდომი იყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის; უზრუნველყონ, რომ აღნიშნული პროცედურები ანაზღაურდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადაზღვევო სქემიდან, ხოლო ანაზღაურებასთან დაკავშირებული ლიმიტაციები უნდა იყოს კანონიერი, ობიექტური და პროპორციული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ICD-11 კლასიფიკატორით, „გენდერული იდენტობის დარღვევები“ ჩანაცვლებულია ტერმინით – „გენდერული შეუსაბამობა“ (Gender incongruence). საქართველოს სამედიცინო სისტემა ტრანსგენდერობას სრულად მედიკალიზების და პათოლოგიზების კუთხით განიხილავს და ტრანსგენდერობის ფართო სპექტრს არ ითვალისწინებს.

პერსონალური სტრესის გარდა, ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულ სქესსა და პირის გენდერულ თვითგამოხატვას შორის წინააღმდეგობა ხშირად ხდება ტრანსგენდერი პირების დისკრიმინაციის საფუძველი შრომით ურთიერთობებში, საჯარო და კერძო დაწესებულებებში, სადაც პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარდგენაა საჭირო. 2014 წელს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) იმსჯელა ამ საკითხზე და მოუწოდა საქართველოს სახელმწიფოს გააუქმოს ტრანსგენდერი პირების მიმართ მოქმედი შეზღუდვები საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მიღებაზე.”

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – A.P. GARÇON AND NICOT v. FRANCE განმარტა, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა. სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან მიმართებით, იოგიაკარტას პრინციპები განმარტავს, რომ ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს ადამიანის უფლებებით სოგი-ს საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. კანონი უნდა კრძალავდეს ნებისმიერ დისკრიმინაციას და უზრუნველყოფდეს ყველასთვის უფლებათა თანასწორად დაცვის გარანტირებას. CEDAW-ს #28 ზოგადი რეკომენდაცია ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ სათანადო ზომები გენდერული და სქესის ნიშნით დისკრიმინაციია აღმოფხვრის კუთხით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec (2010)5 სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის ელიმინაციის თაობაზე, დეტალურად აწესრიგებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის სახელმწიფოს გასატარებელ ზომებს და მას ეფექტიანი სამართლებრივი ინსტრუმენტის შექმნისკენ მოუწოდებს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი თავის დასკვნით შენიშვნებში აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეფექტიანი ზომები ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობის ან ტრანსგენდერობის სოციალური სტიგმატიზაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, ასევე, სიძულვილის ენის, სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე პირთა დისკრიმინაციის ან ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.”

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ICD-11 კლასიფიკატორთან (Gender incongruence) და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლა გენდერული დისფორიის დიაგნოზის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე განახორციელოს და არ მოითხოვოს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობა. მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს აქტი, რომელიც პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლის ჰუმანურ და ადამიანის ღირსების დაცვაზე ორიენტირებულ პროცედურას გაწერს.

ნიკოლო ღვინიაშვილის საქმე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარებით, ნიკოლო ღვინიაშვილმა საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საჩივარი ეხებოდა სახელმწიფო ორგანოების უარს ნიკოლო ღვინიაშვილის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში  სასურველი გენდერის ასახვაზე.

ნიკოლო ღვინიაშვილი არის საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. ნიკოლო ღვინიაშვილის გარეგნობასა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მითითებულ სქესს შორის არსებული შეუსაბამობის გამო, ნიკოლო არაერთხელ გამხდარა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი და შექმნია პრობლემა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობის დროს.

ნიკოლო ღვინიაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სთხოვს, საქართველოს მიმრათ დაადგინოს ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა.

წყაროები:

ლგბტი პირთა უფლებები საქართველოში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2016

დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში

2020 წლის ანგარიში, კოალიცია თანასწორობისთვის; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში

ლგბტი პირთა უფლებები საქართველოში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2016

https://icd.who.int/browse11/l-m/en#http%3a%2f%2fid.who.int%2ficd%2fentity%2f411470068

ნათია გვიანიშვილი, ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში, საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი, WISG, 2015, გვ. 33

საქართველო, კოალიციური ანგარიში ქალთა უფლებების შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა(მე-2 ციკლი, 23-ე სესია, 2015), არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: კავშირი საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), „ალტერნატივა ჯორჯია”

CEDAW/C/GEO/CO/4-5, concluding observations on the combined fourth and fifth periodic report of Georgia, პარა. 34(e), 35(e)

იოგიაკარტას პრინციპები, http://yogyakartaprinciples.org/principles-en/

ლბტ და სექს-მუშაკ ქალთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მიმოხილვა GYLA, ,,თანადგომა“, 2017, 15

General recommendation No. 28 on the core obligations of States parties under article 2 of the Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women (16.12.2010)

ადამიანის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი შენიშვნები საქართველოს მეოთხე პერიოდულ ანგარიშზე, CCPR/C/GEO/CO/4, პუნქტი 8.

https://gyla.ge/ge/post/transgenderi-mamakacis-genderis-samartlebriv-aghiarebaze-saqartvelos-uari-saiam-adamianis-uflebata-evropul-sasamartloshi-gaasachivra?fbclid=IwAR1FcDrdaUM9v_AcEMdS2-Wcpemm6_DQucdwjtOkL5UgJjAyFZVDxHJiJIU#sthash.kMk2dREN.dpbs

https://gyla.ge/ge/post/transgenderi-mamakacis-genderis-samartlebriv-aghiarebaze-saqartvelos-uari-saiam-adamianis-uflebata-evropul-sasamartloshi-gaasachivra?fbclid=IwAR1FcDrdaUM9v_AcEMdS2-Wcpemm6_DQucdwjtOkL5UgJjAyFZVDxHJiJIU#sthash.kMk2dREN.dpbs

https://gyla.ge/ge/post/transgenderi-mamakacis-genderis-samartlebriv-aghiarebaze-saqartvelos-uari-saiam-adamianis-uflebata-evropul-sasamartloshi-gaasachivra?fbclid=IwAR1FcDrdaUM9v_AcEMdS2-Wcpemm6_DQucdwjtOkL5UgJjAyFZVDxHJiJIU#sthash.kMk2dREN.dpbs

როგორ შეიძლება მოგვარდეს ქვიარ თემის პრობლემები საქართველოში – პოლიტიკოსების კომენტარები

/

30 ოქტომბერს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. პოლიტიკოსები 24/7-ზე მუშაობენ ამომრჩევლების დასარწმუნებლად.

ჩვენ კვლავ შევეხმიანეთ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და დავუსვით მხოლოდ ორი კითხვა – რა იციან LGBTQ+ თემის პრობლემებზე და როგორ ესახებათ ამ პრობლემების მოგვარება. ჩემი, როგორც ქვიარ თემებზე მომუშავე ჟურნალისტის მიზანია, რომ ამ საკითხებზე არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსებმა ისაუბრონ, ვისაც ხშირად მიმართავენ ჟურნალისტები – ზოგადად, ყველამ. ფაქტი ერთია, პოლიტიკოსები მეტ-ნაკლებად შეცვლილები არიან და თვლიან, რომ ქვიარ თემის პრობლემები სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.

გიორგი კანდელაკი – ევროპული საქართველო

,,საქართველოში LGBTQ თემი მძიმე უფლებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ქვიარ ადამიანები ყოველდღიურად დგანან სიცოცხლისა და უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და წართმეული აქვთ კონსტიტუციური უფლებები – მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ტრანს თემისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში.

საქართველოს ხელისუფლება ჰომოფობიური, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წამხალისებელია – როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითა და დამნაშავეების დაუსჯელობით. ის წლების განმავლობაში ქმნის და ახალისებს ძალადობრივ, მარბიელ ჯგუფებს, რომლებიც ქვიარ ადამიანებზე ნადირობენ. ამავე დროს, მთავრობა ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზაციას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში აკეთებს ამას პუტინის რეჟიმი – ქვეყნის ცივილიზებული დასავლური გზით განვითარების დისკრედიტაციის მიზნით. ამიტომ, ეს საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანისა და უმცირესობების უფლებებით, ეს ეროვნული უსაფრთხოების თემაცაა. ამ ყველაფრის ტრაგიკული ილუსტრაცია იყო 5 ივლისი, როცა მთავრობა ღია და დაუფარავ ალიანსში შევიდა ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ძალადობრივ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან და მათ დაუსჯელობის გარანტია მისცა.

ამავე დროს, ამ ყველაფერში საპატრიარქოც არცთუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობს. საპატრიარქოს სწორედ იმ ფიგურების აქტიურობა, რომლებიც პოლიტიკური და ანტიდასავლური გეოპოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევიან, გვაფიქრებინებს, რომ მათ არა თეოლოგიური, არამედ სრულიად სხვა რამ ამოძრავებთ – მათი სულისკვეთება ეწინააღმდეგება ტოლერანტურ და არსით ევროპულ მსოფლმხედველობას, რომელსაც ტოტალიტარული რეჟიმების მიერ განადგურებული ისეთი ლიდერები ატარებდნენ, როგორებიც ამბროსი ხელაია და გრიგოლ ფერაძე იყვნენ.

ჯამში, ქვიარ თემის მდგომარეობა, სიმძიმის თვალსაზრისით, შეიძლება შეფასდეს მეტაფორით – ჯოჯოხეთური. ამ პრობლემების გადაჭრის მთავარი გასაღები იმგვარ ხელისუფლებაშია, რომელიც უზრუნველყოფს ყველას უსაფრთხოებას და სპეციალურ საჭიროებებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც სათანადოდ ვერ იცავს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღმოფხვრას სჭირდება მტკიცე ნება, დემოკრატიული და თავისუფლების იდეალების რწმენა და კანონის წინაშე თანასწორი გარემოს უზრუნველსაყოფად გადადგმული მრავალი ნაბიჯი.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გაჩნდეს იმის აღქმა, რომ კანონით უზრუნველყოფილ უფლებებზე ერთი რომელიმე ჯგუფისთვის უარის თქმა ანგრევს მთლიანად სახელმწიფო კონსტრუქციას და ახეირებს მათ, ვინც საქართველოს თავისუფალი სამყაროს ნაწილად გახდომას ეწინააღმდეგება.”

ზურა გირჩი ჯაფარიძე- ,,გირჩი – მეტი თავისუფლება”

,,მთავარი პრობლემა ადამიანების ტვინებშია, მოსახლეობის ნაწილს ტვინში აქვს გამჯდარი ჰომოფობია და ქსენოფობია. დანარჩენი პრობლემებიც სწორედ აქედან იღებს სათავეს. საბოლოოდ, გამოსავალი არის განათლება და ისევ განათლება. წარმოდგენების შეცვლა ძალიან რთულია, განსაკუთრებით, უფროს თაობაში. მინდა, გითხრათ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ პრობლემების მოგვარება რთულია.

ჩემი აზრით, აქედან გამოსავალი არის ეკონომიკური განვითარება და განათლება. მე არ მჯერა, რომ ჩვენი ტიპის საზოგადოებაში შეიძლება ჩაერიო და რაღაც შეცვალო. ჰომოფობია ხომ არ არის ერთი ან ორი ადამიანის პრობლემა, ჰომოფობია არის სახელისუფლებო სტრუქტურებში, ძალოვან უწყებებში, ყველგან… ამიტომ, მე ნაკლებად მჯერა, რომ რომელიღაც კოდექსში შეიძლება რაღაც ჩაასწორო და ამან რამეს უშველოს. მე მჯერა იმისი, რომ ამას სჭირდება ეკონომიკური განვითარება, ადამიანების აზროვნების შეცვლა და ნელ-ნელა მოიხსნება ეს პრობლემა. ზოგადად, ბევრი და საჯაროდ ამ პრობლემებზე საუბარი – ეს არის გამოსავალი.

პოლიტიკური სპექტრი ცდილობს, არ გაანაწყენოს მოსახლეობა და თუ თვლის, რომ მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა არის ჰომოფობიური, ცხადია, ერიდებიან საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას. არის რაღაც, სადაც მე მაქვს განსხვავებული აზრი ლგბტ ჯგუფების მოთხოვნებზე, მაგრამ მათი უფლებები რომ უნდა იყოს დაცული და ძალადობის მსხვერპლი არ უნდა იყვნენ, მაგ ნაწილში მაქვს სრული თანხვედრა. პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, იმას უყურებენ, თუ რა იქნება მათთვის ელექტორალურად მომგებიანი. იმის გამო, რომ მე ყოველთვის ღიად ვიცავ ლგბტქ+ თემის უფლებებს და ამას ღიად ვაფიქსირებ, ჩემი ოპონენტები, განსაკუთრებით რეგიონებში, დადიან ხალხში და ჩემზე ამბობენ, რომ აი, ეს არის ,,პიდარასტი.”

მე რომ მიწევს რთული კონცეფციის ახსნა, თუ როგორ უნდა გამოვიყვანო ქვეყანა ეკონომიკური პრობლემებიდან და ა.შ. ისინი ამ მარტივი მესიჯით მოძრაობენ. იმ ნაწილშიც, რომ მე მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ვარ, ამბობენ ჩემზე, რომ აი, ნარკომანია. აი, ასე ხდება ამ საზოგადოებაში, ასეთი მესიჯბოქსები მუშაობს.”

ოთო ზაკალაშვილი – გირჩი

,,ზოგადად, არავის უფლებები არ არის დაცული ქვეყანაში და მათ შორის, არც ქვიარ თემის. ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. მე ვთვლი, რომ ადამიანს აქვს უფლება, იყოს ჰომოფობი, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, როდესაც ის არ აზიანებს სხვას და არ ძალადობს, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმები ჰომოფობებს.

მე არაერთხელ გამიგონია, რომ ტრანსგენდერ ადამიანებზე მომხდარა ძალადობა და ეს ყოველთვის დამიგმია.ზოგადად, ჰომოფობიურ საზოგადოებაში რაც უნდა არაჰომოფობიურად იყო წარმოდგენილი, მაინც რთულია ეს სოციუმის გამო. აი, მაგალითად, ზოგი ვერ აქირავებს თემის წევრზე ბინას იმის გამო, რომ ეს მის რეპუტაციაზე იმოქმედებს ცუდად. ამ ადამიანებისაც მესმის, უჭირთ საზოგადოების წინააღმდეგ ღიად წასვლა.

მიმაჩნია, რომ პრობლემების მოსაგვარებლად, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ქვიარ თემზე, თემის პრობლემებზე. თუნდაც იმაზე, რომ ჰომოფობია სირცხვილია. ადამიანის უფლებების ჭრილში რომ ვისაუბროთ, ქვიარ თემისთვის და არა მარტო ქვიარ თემისთვის, გვჭირდება სასამართლო რეფორმა. მხოლოდ ასე შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები. ჩვენ თუ ამას არ მოვაგვარებთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, მუდამ დავრჩებით პრობლემების ამარა იმიტომ, რომ არ გვექნება სამართლიანი სასამართლო და ჰომოფობიური განწყობის მქონე ხალხი ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც უნდათ.”

სერგო ჩიხლაძე – სტრატეგია აღმაშენებელი

,,ბევრი პრობლემაა და პირადადაც მიმუშავია ამაზე – ჯანმრთელობის, სამედიცინო სერვისების მიუწვდომლობა და ა.შ. სხვადასხვა კვლევებშიც ჩანს, რომ მარტო სამედიცინო პრობლემები არ არის, თემს ასევე აქვს იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. მაგრამ მე, როგორც სპეციალისტი, აქცენტს სამედიცინო სერვისებზე ვაკეთებ.

ბოლო 15 წელს რომ გადავხედოთ, იმ სტიგმისა და დისკრიმინაციის მხრივ, რაც თემის მიმართ არსებობს, თითქოს რაღაც პრობლემები შემცირებულია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის პრობლემები, პირიქით. ჩემი აზრით, გამოსავალია საზოგადოების განათლების გაზრდა, მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომ რაღაც მითებითა და სტერეოტიპებით არ იაზროვნოს. ზოგადად, არა მხოლოდ ლგბტქ+ თემს, ყველას აწუხებს სოციალური პრობლემები, მაგრამ თემის შემთხვევაში, ეს ორმაგად რთულია. სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი კონსტიტუციის, კონსტიტუციაში კი გარკვევით წერია, რომ ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება.

ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს არ უნდა ახალისებდნენ. აი, გავიხსენოთ 5 ივლისი – თუ წახალისება არ იქნება სახელმწიფოსგან, ასეთი ჯგუფები მსგავს ღია ქმედებებს ვერ გაბედავენ. ერთი მიმართულებაა სახელმწიფოს სწორი ქმედებები, მტკიცე და მკაცრი პოზიცია, რომ ქვიარ თემის უფლებები უნდა იყოს დაცული და ყველა ძალადობრივი შემთხვევა სათანადოდ იყოს გამოძიებულ-დასჯილი. მეორე ხაზი – ესაა საზოგადოების განათლება, ინფორმირება, რასაც აკეთებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტების ფარგლებში. მაგრამ ესაა ზღვაში წვეთი, ამაში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.

ჩვენ არ ვართ ტოლერანტულები განსხვავებული პოზიციების მიმართ, განსხვავებული აზრისადმი. ზოგადად, აგრესიასაც სწორედ ჩაგრული ჯგუფების მიმართ გამოვხატავთ. ცალკეული ორგანიზაციებისა თუ მედიასაშუალებების მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს შეუძლებელია. სახელმწიფოსთან ერთად ამ ორგანიზაციებთან კოორდინაციით, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგი მივიღოთ.”

ანა წითლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

,,მე ბევრი რამ ვიცი ქვიარ თემის პრობლემებზე და პირადადაც ხშირად დავხმარებივარ. მაგალითად, დაახლოებით ერთი წლის წინ მქონდა შემთხვევა,როცა საცხოვრებლის პრობლემა ჰქონდა თემის წარმომადგენელს. ზოგადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა ჰქონდა და მე უბრალოდ ჩართული ვიყავი ამ ამბავში, ვეხმარებოდი საცხოვრებლის მოძიებაში, პრობლემების მოგვარებაში. თქვენც იცით, რომ რეგიონში განსაკუთრებულად პრობლემურია ასეთი საკითხების მოგვარება. პირადად მქონია ჩემს გარემოცვაში, მიმუშავია იმაზე, რომ საცხოვრებელი ჰქონოდათ, საზოგადოებისგან წნეხის ქვეშ არ ყოფილიყვნენ და თავი კომფორტულად ეგრძნოთ.

მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს როლი – ის უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ამ ადამიანების უფლებები იქნება დაცული, მან უნდა შეძლოს თავისი მოქალაქეების დაცვა. ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია მაშინ იქნება, როდესაც პოლიტიკაში განათლებული პირები იქნებიან, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ლგბტქ თემის წევრებს ჰქონდეთ უფლება, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ და სახელმწიფომ უნდა მისცეს ამის საშუალება.

უბრალოდ, მთავარია, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს საჯარო განცხადებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.”

ვატო სურგულაძე – ლელო

,,ეს ძალიან კომპლექსური საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაკლია განათლება და პატივისცემა სხვების მიმართ. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და მისი გამოხატვის უფლება. უნდა ისწავლებოდეს ადამიანის აზრის მიღება, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არ გაწუხებს და არ აგებს შენზე პასუხს.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ტოლერანტული ერი ვართ. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ახსნით. ჩვენ რაც უფრო მეტს ავუხსნით მათ და დავანახებთ, რომ დისკრიმინაცია და ჰომოფობია ცუდია, მეტი ტრენინგით, მეტი განათლებით, ასე მესახება ამის მოგვარება.

ამისთვის დიდი გზის გავლა მოგვიწევს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხელშეწყობით. თუმცა, მოგეხსენებათ, როგორ ნეგატიურ როლს თამაშობს სახელმწიფო ამ ამბავში, მხოლოდ 17 მაისი და 5 ივლისი კმარა გასახსენებლად. მართლაც რომ ყოველდღიურ ჩაგვრას განიცდიან თემის წევრები და ამის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო არაფერს აკეთებს.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

ინტერსექსი ადამიანების დროშის მნიშვნელობა და მისი შექმნის ისტორია

ინტერსექსი ადამიანების დროშაზე ყვითელი ფონი და ცენტრში მეწამული წრეა გამოსახული. დროშის კონცეფცია თავად ინტერსექსმა ადამიანმა შექმნა 2013 წელს. ავტორმა, მორგან კარპენტერმა, ის შემდეგნაირად ახსნა:

“დროშა შედგება ყვითელი ველისაგან, მეწამული წრის ემბლემით. ფერები და წრე სრულად იცილებს ისეთი სიმბოლოების გამოყენებას, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ გენდერთან. მაგალითად, ტრანს დროშაზე ლურჯი და ვარდისფერი ბინარულობაზე ხაზგასმაა. წრე უწყვეტი და ორნამენტირებულია, ის სიმბოლურად გამოხატავს მთლიანობას, სისრულესა და ჩვენს შესაძლებლობებს. ჩვენ კვლავ ვიბრძვით სხეულის ავტონომიისა და გენიტალური მთლიანობისთვის და ეს სიმბოლურად განასახიერებს უფლებას, ვიყოთ ის, ვინც გვინდა, რომ ვიყოთ”.

ინტერსექსი ადამიანებს ხშირად აქვთ ისეთი გამოცდილებები, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ მათ ადრეული ასაკიდან აქვთ ჩამორთმეული საკუთარი სხეულის ავტონომია და კონფიდენციალურობა, იმის ნაცვლად, რომ გადაწყვეტილებები მათთვის ადეკვატურ ასაკში თავად უნდა მიეღოთ.

სიტყვა “ინტერსექსი” ყველაზე ხშირად გამოიყენება ადამიანის აღსაწერად, რომელიც დაიბადა სქესის მახასიათებლების ვარიაციებით, როგორიცაა ქრომოსომა, სასქესო ორგანოები, სასქესო ჯირკვლები ან სასქესო ჰორმონები. ამგვარად, ინტერსექსი ადამიანი შეიძლება დაიბადოს ან განვითარდეს იმ ანატომიური მახასიათებლებით, რომლებსაც ჩვენ მამრობითი და მდედრობითი სქესის ანატომიას ვუკავშირებთ. რადგან ანატომიური განსხვავებები არსებითად არ შეესაბამება გენდერს ან სექსუალურ იდენტობას, ინტერსექსი შეიძლება იყოს ქალი, კაცი, არაბინარული ადამიანი, ტრანსგენდერი ადამიანი ან ნებისმიერი სხვა გენდერული იდენტობის მატარებელი. აქედან გამომდინარე, ინტერსექს ადამიანებს ასევე შეუძლიათ, იდენტიფიცირდებოდნენ როგორც ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, გეი, ქვიარი, ასექსუალი და სხვა.

ლელა ლაშხი – ეს სამყარო ყველას ერთნაირად ეკუთვნის

როგორ აღვწერ საკუთარ თავს სამი სიტყვით? – გულწრფელი, სამართლიანი, ანარქისტი.

როლური მოდელი ქალები, ლიტერატურა და მუსიკა

ჩემს ცხოვრებაში სამი როლური მოდელი ქალია: პირველი, დედაჩემი – რომელიც ღირსებისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლოა ჩემთვის. იტალიელი მომღერალი იოლანდა ჯილიოტი, იგივე დალიდა – მისი საოცრად ტრაგიკული და უსამართლო ცხოვრება ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა, რომ არავისთვის მიმეცა უფლება, გამოვეყენებინე, არ ამერია ერთმანეთში პირადი ცხოვრება და კარიერა და მეფიქრა, რომ სუიციდის ადგილი ცხოვრებაში არაა. მისი მუსიკა შთამაგონებდა ძალიან დიდხანს და დღემდე ასეა. ჟანა-დარკი – მგონი, არ სჭირდება ახსნა, რა შეიძლება მომწონდეს ამ ქალში, უფრო სწორად, პატარა გოგოში. ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, სიმონ დე ბოვუარი, ფრანგი მოქანდაკე, კამილ კლოდელი და ფრანგი მწერალი – იზაბელ-სიდონი კოლეტი. დედაჩემისა და კამილ კლოდელის გარდა, სამივე ძლიერი, დამოუკიდებელი, ფუნდამენტური ღირებულებებითა და რაციონალური იდეებით სავსე ქალია. ანალიზის საოცარი უნარებით. ქალში ყველაზე მეტად ეს მხიბლავს.

ჩემი პირველი წიგნი „პატარა უფლისწული“ იყო, რომელსაც დღემდე, წელიწადში ერთხელ ვკითხულობ. ვაჟა-ფშაველა იყო ჩემთვის ლიტერატურული საზომი. მერე შექსპირი, სარტრი, ბოვუარი, ფოლკნერი, ნიცშე, კაფკა, ჯოისი, ბულგაკოვი… სია იმხელაა, ალბათ, ხვალამდე მომიწევს წერა. თითოეული ავტორის თითოეული ნაწარმოები, რასაკვირველია, ემოციურია და გინდა, არ გინდა, გავლენას ახდენს განწყობაზე. ცხოვრების მიმართ სხვანაირად ხარ განწყობილი, როცა ბევრს და მაქსიმალურად სხვადასხვა ჟანრის, ფორმის, ზომისა და ღირებულების მქონე ისტორიებს კითხულობ.

ჩემი დღისა და ღამის განუყოფელი ნაწილია კლასიკური მუსიკა – ჩაიკოვსკი, შოპენი. ჯაზი მიყვარს. ელექტრონულ მუსიკასაც ვუსმენ, ალტერნატიულსაც. რეპის გარდა, ყველაფერში შემიძლია განწყობა ვიპოვო, მაგრამ ფრანგული მუსიკა მაინც უალტერნატივოა ჩემთვის – ის, რაც 80-იანი წლებიდან დღემდე იქმნება.

,,ადამიანის უფლებები, მაგრამ არა ქალებისთვის”

რა არის თავისუფლება, ასე მარტივად ვერაფრით განავრცობ. ყველას თავისებურად ესმის და გამოხატავს. თუმცა, შეიძლება, როცა ის გაქვს, რაც გინდა, ესეც იყოს თავისუფლება. როცა იქ ხარ, სადაც თავს კარგად გრძნობ. როცა არსად გეჩქარება, ესეც. ჰამაკში წოლაც – პირში რომ ტკბილი ბალახი გიდევს და ატრიალებ.

რამდენი, სადაც და როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ თანასწორობაზე, ქალის უფლებებზე, თანამედროვე მსოფლიო დღემდე არაა მზად ამის ბოლომდე მისაღებად და აღიარებისთვის. აი, მაგალითად, საფრანგეთი ხომ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ადამიანის უფლებების კუთხით, ხშირად მოისმენთ, რომ – droit de l’homme, mais pas pour les femmes (ადამიანის უფლებები, მაგრამ არა ქალებისთვის). მაგალითად, დღემდე ეკითხება მოსამართლე გაუპატიურებულ ქალს სასამართლო პროცესის მსვლელობისას, განიცადა თუ არა მან ორგაზმი აქტის დროს… საერთოდ რაზეა ლაპარაკი?!

განსხვავებები

ყველაფრის მიუხედავად, მართლა არ მიმაჩნია, რომ ვინმესგან რამით განვსხვავდები, რადგან ასეთი დავიბადე. ეს იმის პრობლემაა, ვისაც ამაში რამე უცნაური ჰგონია. არასოდეს მხიბლავდა გეი ბარები სწორედ ამის გამო და ძალიან ჩვეულებრივად დავდივარ ჩემს შეყვარებულთან ერთად იქ, სადაც ყველა, რადგან გაცილებით დისკრიმინირებულად მიგრძვნია თავი, როცა ასეთ ადგილას მოვხვედრილვარ დაუგეგმავად. თითქოს რაღაცას, ვიღაცას ემალები და რაღაცნაირ თავშეყრას ჰგავს, აკრძალულს. ეს არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს, პირიქით, მზღუდავს და მაბრაზებს.

მდგომარეობრივი თვალსაზრისით, ორი ადამიანის ყოფა არ შეიძლება ერთნაირი იყოს, მათი ინტერესების, ინტელექტუალური შესაძლებლობების, მენტალობის, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გამო. ჰეტერო იქნება თუ გეი, ჩემი აზრით, ბევრს არაფერს წყვეტს.

წინააღმდეგობა და თავდაცვა

ადამიანების იმ კატეგორიასთან, რომლებიც მაქსიმალურად მიგითითებენ, გაიძულებენ, ან რამენაირი ფორმით გამოხატავენ მათთვის მისაღებ სტანდარტებში მოექცე, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, რადგან ეს იზრდება დაპირისპირებასა და საშინელ უსიამოვნებაში. ამიტომ სჯობს, ამ კლასის საზოგადოებასთან უბრალოდ არაფერი გაკავშირებდეს.

ჩვენ სულ გვიწევს თავის ან სხვისი დაცვა, ნებისმიერ დროსა და სივრცეში. გამკლავება ყველას არ შეუძლია და აუცილებლად ვიჩენ ხოლმე ინიციატივას. ფიზიკურადაც გამიწევია კაცზე, რომელიც საკუთარ ცოლს აყენებდა საშინელ სიტყვიერ შეურაცხყოფას ქუჩაში, როცა ჩავერიე, გამოიწია და ადეკვატურად ვუპასუხე. ერთი შემთხვევა მახსენდება – სახელმწიფო უნივერსიტეტის უკან ეზოში პატარა ეკლესია იყო. მეორე კურსზე ვიყავი. იქ დამხვდა ორი მუტრუკი და ფიზიკურად გამისწორდა. თავის დაცვას ვერანაირად შევძლებდი, რადგან ერთი უკნიდან მომეპარა და კეფაში რაღაც ჩამარტყა, გონება დავკარგე. მაშინ ჩემგან სათანადო პასუხი მიიღეს და იმაზე გაცილებით მკაცრი, ვიდრე საჭირო იყო. ამ პერიოდის გახსენება არ მიყვარს. ამის შემდეგ რეფლექსები მაქვს და გამორიცხულია, ვინმე შეუმჩნევლად მომიახლოვდეს, მინიმუმ, ხუთი მეტრის რადიუსში.

გამიწევია წინააღმდეგობა სიტყვიერად, ფიზიკურად, მაგრამ არსებობენ მასები, სადაც ეს სრულიად შეუძლებელი და უშედეგოა. ამიტომ, უნდა გაერიდო და შეეცადო, მათთან აღარასოდეს გადაიკვეთო, თუნდაც, ეს საკუთარ ოჯახის წევრებს ეხებოდეს. ასეთებიც მყავს და მათი არსებობა იმდენად დავიწყებული მაქვს, თითქოს არც კი დაბადებულან.

ცხოვრება გრძელდება და რაც დრო გადის, უფრო საინტერესოა მასში მონაწილეობა

ჰომოფობიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას ფინანსურად დიდად არასდროს შეუშლია ხელი ჩემთვის, რადგან შემოსავლის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა წლების წინ, ერთ ძალიან ცნობილ დაწესებულებაში ვმუშაობდი, სადაც მას შემდეგ, რაც ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ შეიტყვეს, პირდაპირი გაგებით დამაკლეს ხელფასი და მერე სულ მომიხსნეს.

ყველაზე მწარედ რაც მახსენდება და ვერასოდეს მოვინელებ, პირდაპირი გაგებით, გამრიყა მთელმა მეექვსე კორპუსმა, როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს ამბავი კვლავ მაწუხებს და უსიამოვნო ემოციებს აღმიძრავს. ერთმა მატყუარა გოგომ, რომელიც გულწრფელად მიყვარდა, გადაწყვიტა, ჩემზე შური ეძია იმის გამო, რაც არ ჩამიდენია. მართლა არაფერი ჩამიდენია. უახლოესი მეგობრები განმიდგნენ. ზურგს უკან დამცინოდნენ. ჩემს გასაგონად საშინელ რამეებს ამბობდნენ ჩემზე. მაქსიმალურად მაჩვენებდნენ, რომ ჩემი სექსუალური შეხედულებების გამო მსჯიდნენ. წლების მერე, ბევრისგან მოვისმინე ბოდიში, მაგრამ მაინც იმ ადამიანებად დარჩნენ ჩემს თვალში, ვინც უსამართლოდ გამრიყა და დამამცირა ჰომოფობიურ ნიადაგზე. კი, გატეხილ ლარნაკს შეაწებებ, მაგრამ პირვანდელი ფორმა ვეღარ ექნება. დროთა განმავლობაში ორი ყურისა და გულგრილობის უნარი განმივითარდა. შვილის ნორმალურ სივრცეში გაზრდის გამო, საცხოვრებელი ქვეყანა შევიცვალე, საქართველოში ეს მაშინაც შეუძლებელი იყო და ახლა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ სასოწარკვეთილი, უიმედო, მოტყუებული, შეურაცხყოფილი და ქცევის კონტროლიდან გამოსული, მუდმივად ვაიძულებდი საკუთარ თავს, დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი. უაზრო თვითგვემის ნაცვლად, გადავრთულიყავი და გავნიავებულიყავი, რადგან ცხოვრება გრძელდება და რაც დრო გადის, უფრო საინტერესოა მასში მონაწილეობა.

ეს სამყარო ყველას ერთნაირად ეკუთვნის

ვფიქრობ, რომ მიზოგინიის, ჰომოფობიის, ბიფობიის, ტრანსფობიისა და, ზოგადად, ფობიების დაძლევა, შესაძლებელია სწორი ინფორმაციის მიღებითა და განათლებით. მტრულ გარემოში მცხოვრებ ქალებს კი ვეტყვი, რომ არასდროს დანებდნენ.

პირველ რიგში, უნდა მოხდეს განათლების სისტემის სრული რეფორმა და ადრეული ასაკიდან, ყველა ტიპის დაწესებულებაში, ასაკობრივი განვითარების შესაბამისად მიეწოდებოდეს ინფორმაცია ახალ თაობას, რომ ადამიანები იბადებიან ისეთები, როგორებიც იბადებიან და მათი ადგილი ჩვენ გვერდითაა, რომ ეს სამყარო ერთნაირად ეკუთვნის ყველას. დანარჩენი ასაკთან ერთად მოდის. ადამიანს, მისი ყოველი ემოციური და გააზრებული ნაბიჯი აძლიერებს. მთავარია მიზანი და იქამდე მისასვლელ გზას აუცილებლად იპოვნი.

როგორ გადავრჩეთ? – არასოდეს მივატოვოთ საკუთარი თავი.

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით