ოქტომბერი 2021 - Page 5

CARIOCA, NEGRO & QUEER – ბრაზილიელი არტისტის ქვიარ ფოტოები

/

როდრიგო როდი ოლივეირა ბრაზილიელი ფოტოგრაფია, რომელიც რიო დე ჟანეიროში ცხოვრობს და წლებია აღბეჭდავს ბრაზილიელი ქვიარ საზოგადოების ყოველდღიურობას.

ფოტოგრაფი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ გარეუბანში გაიზარდა და ვერასდროს იფიქრებდა, რომ მისი ნამუშევრებით ვინმე დაინტერესდებოდა. ქვიარ არტისტი ფოტოგრაფიას ყოველთვის ჰობად განიხილავდა და მას ძალიან გრძელი გზის გავლა მოუწია, სანამ მის ნამუშევრებს კრეატიული სტუდია – Rocket Sciene შენიშნავდა.

ფოტოგრაფი ბრაზილიაში მცხოვრები ქვიარებით და ფერადკანიანი საზოგადოებით არის დაინტერესებული, ჯგუფით, რომელიც ყველაზე მეტად არის მარგინალიზებული და რომელიც ყველაზე მეტად განიცდის დამცირებას, ჩაგვრას და რეპრესიას არტისტისტის სამშობლოში.

არტისტი ამბობს, რომ მისი ქვეყანა არ არის უსაფრთხო ქვიარ ადამიანებისთვის და მათ სხვადასხვანაირ ჩაგვრასთან უწევთ გამკვლავება, თუმცა ამის მიუხედავად, წინააღმდეგობა მაინც დიდია და სწორედ ამ წინააღმდეგობაში ხედავს არტისტი ყველაზე დიდ თავისუფლებას და სწორედ ეს წარმოადგენს მის მთავარ ინსპირაციას.

არტისტი რამდენიმე ფოტოპროექტის ავტორია, გთავაზობთ როდრიგო როდი ოლივეირას გამორჩეულ ფოტოებს:

ვალიტა გორელჩანიკი – უძლიერესი ქალი საქართველოში

მე ვარ ვალიტა გორელჩანიკი, ფიტნეს ინსტრუქტორი და პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი საქართველოში. გარდა ამისა, ვახორციელებ საგანმანათლებლო პროექტს პენიტენციურ დაწესებულებაში – მსჯავრდებულებს ვეხმარები, მიიღონ პროფესიული განათლება ფიტნესის მიმართულებით და როცა ციხიდან გამოვლენ, მათაც ჰქონდეთ პროფესია, რომელსაც რესოციალიზაციის პროცესში გამოიყენებენ.

ბავშვობიდან უარყოფილი კლასიკური ქალის მოდელი

ჩემი გვარი უკრაინულია და ეს ხალხს ხშირად აბნევს. ეს არის მამობილის გვარი, მე დედითაც და მამითაც ქართველი ვარ. რუსეთში დავიბადე, რვა წელი იქ ვიცხოვრე და მერე საქართველოში დავბრუნდით. ძალიან კონტრასტული ბავშვობა მქონდა და რუსეთში გატარებული წლებიც კარგად მახსენდება, აქ რომ ჩამოვედი, ქართული ენაც არ ვიცოდი, მოსმენით ვისწავლე. ბოლო დროა, ვცდილობ, გრამატიკულად დავხვეწო.

მახსოვს, ჩემი საყვარელი ნაწარმოები იყო ,,ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე” – დოსტოევსკის პატარა და საკმაოდ მძიმე მოთხრობა, რომელშიც აღწერილია სოციალური უთანასწორობა, ის, თუ როგორი დაუცველია ბავშვი და როგორ სჭირდება მას ზრუნვა. ბავშვობიდან ნეგატიური პერსონაჟები მომწონდა, უფრო მეტად განვიცდიდი მათ მდგომარეობას. ასეთი იყო თოვლის დედოფალი – ქალი, რომელიც არ ჰგავდა კლასიკური ქალის მოდელს. კლასიკური ქალის მოდელი ჩემთვის ყოველთვის იმდენად უბრალო იყო, რომ სულ რაღაც განსაკუთრებულს ვეძებდი და ამ შემთხვევაში, ასეთი განსაკუთრებული ეს პერსონაჟი აღმოჩნდა.

სექსუალობა

სულ იმ შეგრძნებით ვცხოვრობდი, რომ არაფერი ახალი საკუთარ თავზე არ გამიგია. ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალურია, იყო ისეთი, როგორიც მე ვარ, როგორიც დავიბადე. სულ ასეთი ვიყავი, როგორიც დღეს ვარ და კონკრეტული გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, არ რაიმეს გააზრების პროცესი, არც მახსოვს. შესაბამისად, საკუთარი თავის მიღების პრობლემაც არ მქონია.

არც ჩემი სექსუალობის დამალვაზე მიფიქრია. არ ყოფილა ისე, რომ რაღაც აღმოვაჩინე, იდენტიფიცირება მოვახდინე და მერე ვიფიქრე, რომ ამას შეიძლება ხელი შეეშალა ჩემთვის ცხოვრებაში, ან რაღაცნაირად ვნებდა გარემოცვას, ვინმეს… ქამინგაუთი არც დამჭირვებია, უბრალოდ, გოგოებთან მეგობრობა დავიწყე და გაჩნდა კითხვები სხვებისგან, ხომ არ მოგწონს და ა.შ. მაშინ ვთქვი, რომ კი, და ეს ნორმაა ჩემთვის.

თუმცა რაღაც მომენტში იმასაც მივხვდი, რომ, თურმე, ეს, რაც ჩემთვის ნორმალურია, ყველასთვის ნორმალური არ არის – მაგალითად, დედაჩემისთვის, რომელიც, ზოგადად, ყოველთვის ძალიან ჰომოფობიურად იყო განწყობილი. ახლა, წლების მერე, მისი ეს აქტიური ჰომოფობია პასიურში გადავიდა და ამ ეტაპზე, ჩემთვის ესეც მისაღებია. ვფიქრობ, რომ ეს მისი არჩევანის თავისუფლების ამბავია – როგორც მე მაქვს თავისუფლება, ვიყო ასეთი როგორიც ვარ, იგივე თავისუფლება აქვს სხვა ადამიანს, მოვწონდე, ან არ მოვწონდე, მიმიღოს, ან არ მიმიღოს. როგორც ჩემი თავისუფლების დარღვევის უფლებას არავის ვაძლევ, ასევე, არ მინდა, სხვისი თავისუფლება დავარღვიო და ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან თხელი ყინულია.

უძლიერესი ქალის ტიტული და პროექტი მსჯავრდებული ქალებისთვის

პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავი, კარიერა 2016 წელს დავასრულე. სპორტის პირველი სახეობა, რომელშიც საერთაშორისო წარმატება მოვიპოვე, იყო ე.წ. Powerlifting – ძალისმიერი სახეობა, ქართულად ,,სამჭიდი” და გავხდი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი. შემდეგ ამ სპორტიდან წამოვედი და წავედი Mas Wrestling-ში, ეს არის ფიცარნაგზე ჭიდაობა მოწინააღმდეგესთან და აქაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. 2016 წელს ტრავმა მივიღე და სპორტს თავი დავანებე, რადგან ტრავმის აღდგენას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა და უკვე ასაკიც აღარ მიწყობდა ხელს. თან, პარალელურად, სხვა საქმესაც ვაკეთებდი და სპორტმა ნაკლებად პრიორიტეტულ ადგილზე გადაინაცვლა.

როცა ძალისმიერი ფიტნესის ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ საქართველოში უძლიერესი ქალის სტატუსი მომანიჭეს, გამიჩნდა იდეა, რომ ეს სტატუსი სწორი მიმართულებით გამომეყენებინა, ძალიან მინდოდა, შევსულიყავი პენიტენციურ დაწესებულებაში და ჩამეტარებინა Fitday, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. როცა შევედით და ჩავატარეთ, ისეთი კარგი ფიდბექი გვქონდა და გოგოებსაც ისე მოეწონათ, რომ მახსოვს, ტაქსიში ჩავსხედით და ჩემს პარტნიორს ვუთხარი, მგონი, ამ გოგოებს უფრო მეტი სჭირდებათ, ვიდრე ეს ერთდღიანი შესვლა და უფრო გრძელვადიანი პროექტია საჭირო-მეთქი. დავიწყე ფიქრი გრძელვადიან პროექტზე და მივხვდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაკავშირებული პროფესიულ განათლებასთან, უნდა ყოფილიყო ინტერაქტიული და არა ონალაინ სწავლება. პანდემია დამატებითი სირთულე იყო, მაგრამ პენიტენციური სამსახურის ჩართულობითა და თანადგომით , რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, ყველაფერი გამოვიდა.

ჩემთვის ეს პროექტი ახალი გამოცდილებაა. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ არსებობს სუბორდინაცია და პატიმრებთან ურთიერთობის კონკრეტული ფორმატი, თუმცა, საბოლოოდ, იქამდე მივედით, რომ სწავლის გარდა, ერთმანეთს ყველანაირად ვახალისებთ. ჯგუფში 20 გოგო გვყავს, თვითონაც მაქსიმალურად არიან ჩართული, ძალიან კარგად სწავლობენ და შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. უკვე ოთხი თვეა, რაც პროექტი მიმდინარეობს და კიდევ ორი თვეა დარჩენილი. ამ ნაკადს რომ მოვრჩებით, გვინდა, კიდევ გავაგრძელოთ, თუ ამის რესურსი გვექნება.

პროტესტი უთანასწორობის მიმართ

სპორტში როცა ვიყავი, როგორც ქალს, არასდროს მიგრძვნია დისკრიმინაცია ჩემი თანაგუნდელების ან საქართველოს ნაკრების მხრიდან. მაგრამ ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ყირგიზეთში ვიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 30-მდე ქვეყანის წარმომადგენელი იყო ერთ ბაზაზე ცხოვრობდა (სპორტული ბაზა ყოველთვის ნეიტრალურ ტერიტორიად ითვლება, სადაც ბევრი სხვა და სხვა ქვეყნის, რწმენისა და კულტურის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობს). ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა და ჩვეულებრივი მოკლე სპორტული მაისური მეცვა, ვიდექი და ჩვენი გუნდის წევრებს ვგულშემატკივრობდი. ჩემთან ყირგიზი ბიჭი მოვიდა და მითხრა, ვფიქრობ, ქალს ასე არ უნდა ეცვას და ტატუები უნდა დაფაროო. ამან ჩემში საშინელი წინააღმდეგობა და უსამართლობის გრძნობა გამოიწვია, შევუტრიალდი და ვუთხარი – მე თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე ვარ, როგორც მინდა, ისე მაცვია, მით უმეტეს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვიმყოფები-მეთქი. მე არც ყირგიზი ვარ, არც მუსლიმანი, ამხელა მასშტაბის ჩემპიონატზე ვარ ჩამოსული, მოდიხარ და მთხოვ, რომ გრძელმკლავიანი ზედა ჩავიცვა აი, ეს ერთი მომენტი იყო დისკრიმინაციის, უფრო სწორად, მცდელობის, რომლის საშუალებაც არ მივეცი.

ასევე, მახსენდება შემთხვევა, როცა ჩემი დის ქორწილში ვიყავი თიანეთში და ჩემთვის შოკი იყო ის, რომ ორი სუფრა ჰქონდათ გაშლილი, კაცებისთვის ცალკე და ქალებისთვის – ცალკე. ამაზე ვთქვი, რომ სადაც მინდოდა, იქ დავჯდებოდი და იმ სუფრასთან დავჯექი, სადაც კაცები ისხნდნენ. ასეთი იყო ჩემი პროტესტი, საკმაოდ პოზიტიური – ყველას ვუღიმოდი, არავის მიმართ გამომიჩენია აგრესია, მაგრამ ჩემი პოზიცია ასე დავაფიქსირე.

ზოგადად, მგონია, რომ პრობლემა ქართველი ქალის არაამბიციური ხასიათიცაა. საქართველოში, ხშირად, ქალები ფინანსურად დამოკიდებული არიან კაცებზე. მერე რა, რომ გათხოვდი, მაინც ისწავლე, იმუშავე… ეს არის მენტალობის პრობლემა, ადათ-წესების, ოჯახის, აღზრდის. ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი – რამდენჯერ გამიგია, რომ ქმარი ცოლს ათი წელია ურტყამს, მაგრამ მას წასასვლელი არ აქვს, რადგან არ აქვს რესურსი ცალკე საცხოვრებლად. ეს აბსოლუტური ფინანსური დამოკიდებულება, როცა შენ მარტოს არაფერი შეგიძლია, პირველ რიგში, არღვევს შენს უფლებას და შენ არღვევ შენს უფლებას, როცა ამბიცია არ გაქვს, შედგე, როგორც პიროვნება.

ჩვენ საკუთარი თავისთვის უნდა გავხდეთ ნორმალურები

ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ქვიარ ადამიანებს ქორწინების საშუალებას არ აძლევს, პირადად ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, პრობლემა არაა, რადგან დაქორწინებაზე არასდროს მიფიქრია. ჩემთვის არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულ სამართლებრივ კავშირში ვიყო ჩემს პარტნიორთან იმისთვის, რომ მას გარკვეული ქონება დავუტოვო, ამის მოგვარება ძალიან მარტივად შემიძლია – მივდივარ და ვუფორმებ ამ ყველაფერს. თუმცა მე რომ ეს არ მსურს, იმას არ ნიშნავს, რომ სხვებს არ აწყობთ ან არ უნდათ. ვფიქრობ, სახელმწიფომ ამის ალტერნატივაზე უნდა იფიქროს, თუმცა ეს საქართველოში რამდენად ახლო პერსპექტივაა, ვერ გეტყვით. კონკრეტულად გეი ქორწინება ხვდებათ ყურში, რადგან ფიქრობენ, რომ ორმა ქალმა/კაცმა ერთად არ უნდა იცხოვროს, ისინი ბავშვს ვერ გაზრდიან და ა.შ. ბევრი ნატურალური ოჯახი ვიცი, სადაც ბავშვი ჯანსაღ გარემოში არ იზრდება – ბევრჯერ მინახავს, როგორ ურტყამს დედა შვილს, ეს არ არის ნორმა. ამ დროს, შეიძლება, მას ქმარიც ჰყავდეს და მის ოჯახს კარგი ოჯახი ერქვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ჯანსაღი გარემოა.

თუ ადამიანებს აქვთ ურთიერთობა და ერთად ცხოვრობენ, მათ უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებების ერთად მიღების უფლება და მხოლოდ ქაღალდი არ უნდა მიწყვეტდეს ამას. მქონდა ასეთი სიტუაცია, როდესაც ჩემი პარტნიორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ვიცოდი, რომ არ შემიშვებდნენ და ვთქვი, რომ ჩემი და იწვა და უნდა შევსულიყავი. ამის შემდეგ, ჩვეულებრივად შევედი და გამოვედი, მაგრამ ეს არ არის ნორმალური, ძალიან არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, რადგან ტყუილის თქმა მომიწია.

რაც შეეხება სხვა არასამართლებრივ ასპექტს, ამაზე ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, მშვენიერი რეზიუმე მქონდა და სამსახურს ვეძებდი. ერთ-ერთმა კლუბმა პირდაპირ მითხრა, რომ არ ვიყავი ვიზუალურად საკმარისად მიმზიდველი და ბიჭს ვგავდი, მათ კი ისეთი გოგო სჭირდებოდათ, ვინც ტოპს ჩაიცვამდა და კაცების ყურადღებას მიიქცევდა. ამაზე ვკითხე – ,,და პროფესიონალიზმი?” სამწუხაროდ, ეს საქართველოსთვის ჩვეულებრივი ამბავია, უამრავი კომპანიაა ისეთი, სადაც ვიზუალით აყვანილი კადრები ჰყავთ და მერე ეს კადრები მომხმარებლის მოთხოვნებსა და იმედებს ვერ ამართლებენ. მე მომხმარებლისგან არასდროს მიგრძვნია რამე ნეგატიური, რადგან საკუთარი თავისთვის ვარ ნორმალური და შესაბამისად, მესიჯიც ასეთი მაქვს.

ჩვენ საკუთარი თავისთვის უნდა გავხდეთ ნორმალურები, სანამ ვიმალებით საკუთარ თავშიც კი, არაფერი შეიცვლება.

ყველაზე თავისუფალი ადამიანი

მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თვითონ ირჩევს პარტნიორს, ვირჩევ ჩემთვის მისაღებ ფორმას შინაგანი თუ გარეგანი გამოხატულებებისთვის, იმას – ვისთან ვიყო, როგორ ვიყო, როგორ მოვიქცე… მთავარია, არ ვარღვევ საზოგადოებრივ ნორმებს, დანარჩენი კი ჩემი პირადი საქმე და ჩემი თავისუფლებაა, რომელიც არავის ეხება.

ვთვლი რომ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, რადგან ადამიანი დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე – თავის ინსტიქტებზე, ახლო ადამიანებზე, გარემოზე, პოლიტიკაზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ა.შ. ჩემ გარშემო, ძირითადად, არიან ადამიანები, რომლებსაც გარესამყაროს ადეკვატური აღქმა აქვთ, გარკვეულწილად, ჩემს ,,ბაბლშიც” ვარ. როცა ვხედავ, რომ გარემო ჩემზე ზეწოლას ცდილობს, მე იმ გარემოს ვიცვლი, არასდროს ვრჩები გამანადგურებელ გარემოში იმის გამო, რომ მე ეს რამედ მიღირს. არ ვრჩები იქ, სადაც მზღუდავენ, სადაც ვერ ან არ მიგებენ.

არ შეიძლება, ადამიანი დარჩეს მტრულ გარემოში და ის იყოს ბედნიერი, ეს გამორიცხულია.

ჩვენ ვარსებობთ და ჩვენ ქართველები ვართ!

პრაიდი საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ პრაიდი უნდა ჩატარდეს იმ ფორმით, რომელიც ამ ეტაპზე იქნება მისაღები ჩვენი საზოგადოებისათვის. მეტი ხილვადობის პოლიტიკაც ამას ემსახურება, მაგრამ საზოგადოებაც უნდა მოვამზადოთ ამისთვის. თუმცა, თუ პრაიდი ტარდება თუნდაც ისეთ გარემოში, როგორიც საქართველოშია, არავის აქვს უფლება, ის გააკეთოს, რაც 17 მაისსა და 5 ივლისს მოხდა.

მეც მიწევს ხოლმე, ვიყო ტოლერანტული ჰომოფობებთან იმის გამო, რომ, ხშირად, ამ ადამიანებმა არ იციან, რატომ არ მოვწონვარ, არ შეუძლიათ საკუთარი ზიზღისა და ემოციის იდენტიფიცირება ჩემ მიმართ, არ მიცნობენ და უკვე ვეზიზღები. როდესაც ამაზე ვფიქრობ, ვამბობ, რომ ეს არის კონკრეტული გარემოს ზემოქმედება და მისი ვიწრო მსოფლმხედველობის ბრალი, თუმცა, რაც 5 ივლისს ხდებოდა, ეს ჩემთვის ამაზრზენი იყო. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ აქვთ ვიწრო მსოფლმხედველობა, მაგრამ აქეზებდნენ სხვებს, რომ წასულიყვნენ და დაერტყათ – ეს ხალხი მოსული იყო იქ, რომ ვინმე ეცემა. როდესაც გინდა, რომ გეის თავი გაუხეთქო, ან პატარა ბავშვებს დასდევ, რომლებსაც გრძელი თმა აქვთ და ურტყამ, ეს უბრალოდ აგრესიის ამოღებაა. მე ამ პრობლემას უფრო სიღრმისეულად ვუყურებ და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ ჰომოფობიას, ბიფობიას ან ტრანსფობიას უკავშირდება, პრობლემა ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამდენ ადამიანს აქვს უკიდურესი სიძულვილისა და ზიზღის განცდა – აი, ეს მაშინებს.

ჩვენთან არ არსებობს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვის კულტურა, ხალხი არ მიმართავს ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს… ჩვენ არ გვაქვს ამ აგრესიასთან კორექტული ბრძოლის საშუალება. ამის წინააღმდეგ რომ იმუშაო, ადამიანური და ფინანსური რესურსია საჭირო – ფსიქოლოგთან დადის ის, ვისაც კარგი შემოსავალი აქვს, რადგან მათი მომსახურება საკმაოდ ძვირია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლება ამ კუთხით. საჭიროა ამაზე იზრუნოს სახელმწიფომ, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება.

მახსოვს, ერთმა ტაქსისტმა მითხრა ასეთი ფრაზა – ,,საქართველოში ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ!” მე ვკითხე – რატომ, თქვენ ჩემზე მეტი ქართველი ხართ, ჩემზე მეტად გიყვართ ეს ქვეყანა, ჩემზე მეტს აკეთებთ ამ ქვეყნისთვის, მე თქვენზე ნაკლები ქართველი ვარ იმის გამო, რომ მე სხვა ორიენტაცია მაქვს-მეთქი? ამაზე პასუხი იყო ის, რომ ქართველს ,,არ ეკადრება ასეთი საქციელი.” იცით, რაშია საქმე? ორიენტაცია და საქციელი მათთვის ერთი და იგივეა, სოციალური ფსიქოლოგიის ცოდნაც არ აქვთ, არანაირი იდენტიფიცირება არ შეუძლიათ და თვლიან, რომ რადგან გეი ხარ, სულ ცუდად იქცევი, ამაზრზენი ხარ, გარყვნილი ხარ… რთულია, ყველას ოპონირება გაუწიო, მე რომ ყველას კამათი დავუწყო, სისულელეა და მეორე – ვერ აუხსნი, აქ მასშტაბური მიდგომაა საჭირო.

ასევე, დიდი პრობლემაა კომუნიკაციის არქონა ქვიარ თემის წარმომადგენლებთან და რატომ – საქართველოში ქამინგაუთს არავინ აკეთებს და ამ ხალხთან კომუნიკაცია არ ხდება, როგორც გეისთან. მათთან კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას მალავენ. ყოველთვის ვამბობ, რომ თუ შენ თვითონ მალავ და გრცხვენია რაღაცის, ან რაღაც მიზეზები გაქვს, რომ ეს არ გამოაჩინო, შესაბამისად, არ მოხდება ეს კომუნიკაცია და საზოგადოება ვერასდროს მიხვდება, რომ გეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული. არსებობს ასეთი ფარდა, რომ ქართველი გეი არ არსებობს და ჩვენ ამ ფარდის უკან ვართ. რისი უნდა მეშინოდეს მე, ზრდასრულ ადამიანს, რომელიც შემდგარია – ოჯახის დაკარგვის? ოჯახს, რომელიც მე დამკარგავს იმის გამო, რომ მე პარტნიორად ვირჩევ იმ სქესს, რომელიც მე მომწონს, რანაირად შევხედო ამ ოჯახს, როგორც ახლო ადამიანების წრეს? საუბარი მაქვს იმ ხალხზე, ვინც შედგა, რომელსაც აქვს საშუალება, გამოვიდეს და თქვას, რომ, კი, ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ შევდექით და უამრავ რამეს ვაკეთებთ. არ ვამბობ, რომ უნდა გამოვიდნენ და სულ ამაზე იყვირონ – გამოდი ერთხელ, გააკეთე ქამინგაუთი და მხარი დაუჭირე ადამიანებს, რომლებსაც იმ მომენტში არ აქვთ საშუალება, შედგნენ. უთხარი მათ, რომ, აი, მე ყველაფერი კარგად მაქვს და თქვენც აუცილებლად კარგად იქნებით.

არ უნდა ენიჭებოდეს ორიენტაციას ისეთი ტრაგიკული მნიშვნელობა, რომ ამის გამო ვინმემ დაგაშინოს, დაგაბულინგოს, დაგსტრესოს. საქართველოში ძალიან ეშინიათ განსჯის, ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, რას იტყვიან სხვები, ვიდრე ეს რეალურად არის პრობლემა. ვცდილობთ, ყველას მოვერგოთ და ასე არ გამოვა – ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ბედნიერები და ვიცხოვროთ ჩვენი ბედნიერებისთვის.

მტრული გარემოს შეცვლა, საკუთარი თავის მიღება და მუდმივი თვითგანვითარება

მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს განვითარების რესურსი. საწყენი ის არის, რომ ჩვენ ამ რესურსს ვერ და არ ვიყენებთ. პოზიტიურად ფიქრის საფუძველს ის მოზარდები მაძლევენ, რომლებშიც ვხედავ ამ პოტენციალს, მაგრამ მათ არ აქვთ გარემო, სადაც მივლენ და ისწავლიან, სადაც საჭირო ინფორმაციას მოისმენენ, სადაც უფრო გააფართოვებენ თავიანთ მსოფლმხედველობას. მეტი უფასო საგანმანათლებლო ცენტრი უნდა შეიქმნას, საჭიროა მეტი პროფესიონალი, რომლებიც მათ თუნდაც ქვიარ თემაზე მიაწვდიან ინფორმაციას.

ამ პროცესში, ჩვენც შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ – მაგალითად, მე ვარ ფიტნეს ექსპერტი-ლექტორი და შემიძლია, მივცე განათლება ადამიანს ფიტნესის მიმართულებით, ჩემი პარტნიორი ფსიქოლოგია, მას შეუძლია, თავისი პროფესიიდან მიუდგეს ადამიანებს და ა.შ. ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ჩვენი ძალები და რესურსები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მოზარდებს მაინც. შეიძლება, ჩვენ ვერ მოვახდინოთ გავლენა ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებსაც უკვე თავიანთი რკინის ჩარჩოები აქვთ, მაგრამ მომავალ თაობასთან გვაქვს საშუალება, სწორი ხედვები ჩამოუყალიბდეთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც უდიდესი როლი აქვს ამ პროცესში.

რომ გადავრჩეთ, მგონია, რომ აუცილებელია თვითგანვითარება, სანამ ჩვენ ვინმეზე ვიქნებით დამოკიდებული, სულ დათმობაზე მოგვიწევს წასვლა და ეს დათმობა მერე გვანადგურებს, რადგან საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე უარს ვამბობთ. აუცილებელია სამი რამე – მტრული გარემოს შეცვლა, საკუთარი თავის მიღება და მუდმივი თვითგანვითარება. უნდა ვვითარდებოდეთ და ვავითარებდეთ სხვასაც – განვითარდი? მიხვედი რაღაც ეტაპამდე? ახლა, ადექი და სხვას დაეხმარე.

როცა შენ გაქვს რესურსი, წახვალ და სხვასაც დაეხმარები. აი, ეს არის მნიშვნელოვანი.

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

ავტორი: ნინო ურუშაძე

ფოტოები: ვახო ქარელი

10 ყველაზე ცნობილი LGBT წყვილი

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ლგბტ ადამიანი გამოვიდა კარადიდან და ხმამაღლა დაიწყეს საუბარი თავიანთ სურვილებზე, ოცნებებზე და მიზნებზე. ადამიანები აღარ უშინდებიან სექსუალურ იდენტობებზე საჯაროდ საუბარს.

გთავაზობთ 10 ცნობილ LGBT წყვილს, რომლებიც არ მალავენ თავიანთ სიყვარულს და უამრავ ადამიანს აძლევენ იმედს, რომ ლგბტ ადამიანების მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ:

Elton John & David Furnish

ლეგენდარულმა მომღერალმა ელტონ ჯონმა, თავისი მეუღლე, კანადელი რეჟისორი დეივიდ ფურნიში, 1993 წელს გაიცნო. მომღერალმა გადაწყვიტა, რომ შეეცვალა ცხოვრების წესი, თავი დაენებებინა ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისთვის, გაეცნო ახალი ადამიანები და სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა დეივიდ ფურნიშის გაცნობა, ბედნიერი მრავალწლიანი ქორწინება და ორი შვილი.

 

Rupaul & Georges LeBar

Rupaul-ის დრეგ ქვინების შოუს ლეგენდარული წამყვანი RuPaul-ი თავის ქმარს 1994 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბის დენს ფლორზე შეხვდა, წყვილმა 2017 წელს იქორწინა და როგორც სხვადასხვა ამერიკულ გამოცემასთან ამბობს, მათ ღია ურთიერთობა აქვთ, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს წყვილის გრძელვადიან და მშვიდ თანაცხოვრებას.

 

Ellen DeGeneres & Portia De Rossi 

ამერიკელი ტელეწამყვანი თავის პარტნიორს, პორტია დე როსს, 2004 წელს შეხვდა, თავიდან პორტიას საჯარო ქამინგაუთი არ ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ეს მალევე შეიცვალა და წყვილმა 2008 წელს ოფიციალურად გააფორმა  პარტნიორობა.

Lilly Tomlin & Jane Wagner 

 

ლილი ტომლინი ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, მწერალი, კომედიანტი და პროდიუსერია, რომლის კარიერაც გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო. მსახიობი თავის ამჟამინდელ ცოლს, სცენარისტ ჯეინ უაგნერს 70-იან წლებში შეხვდა და მას შემდეგ ერთად არიან.

 

Neil Patrick Harris & David Burtka 

 

ნილ პატრიკ ჰარისი თავის მომავალ ქმარს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდა და იფიქრა, რომ დეივიდ ბურტკა ჰეტეროსექსუალი იყო, თუმცა მსახიობი შეცდა. რამდენიმე წლის შემდეგ, დეივიდ ბურტკამ იმავე ქუჩაზე თხოვა ხელი ნილ პატრიკ ჰარისს. წყვილს დღეს ტყუპი შვილი ჰყავს.

 

Cynthia Nixon & Christine Marinoni 

 

„სექსი დიდ ქალაქში“-ის  მსახიობი სინტია ნიქსონი თავის მომავალ მეუღლეს, ქრისტინე მარინონის 2004 წელს შეხვდა, მანამადე სინტიას არასდროს ჰქონია ქალთან რომანტიკული ურთიერთობა და შიშობდა, რომ ეს ცუდად იმოქმედებდა მის კარიერაზე. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და დღეს წყვილი ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება.

Sarah Paulson & Holland Taylor 

ამერიკელი მსახიობი და სატელევიზიო ეკრანების ვარსკლავი სარა პაულსონი თავის ამჟამინდელ პარტნიორ ჰოლანდ ტეილორს 2005 წელს შეხვდა, თუმცა იმ დროს ორივე ურთიერთობაში იმყოფებოდა. წყვილს, 10 წლის შემდეგ, 2015 წელს ისევ მოუწია ერთად მუშაობა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა შედგა. მათ შორის 32-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

 

Jodie Foster & Alexandra Hedison 

 

ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი და „კრავთა დუმილის“ ვარსკლავი ჯოდი ფოსტერი თავის ამჟამინდელ ცოლს, ფოტოგრაფ და მსახიობ ალექსანდრა ჰედისონს 2013 წელს შეხვდა და წყვილმა 1 წლის შემდეგ იქროწინა. მსახიობი ძალიან უფრთხილდება თავის პირად ცხოვრებას და ცდილობს, არ გაასაჯაროვოს ყველა დეტალი თავისი ქორწინებიდან.

 

Billy Porter & Adam Smith 

Pose-ის მსახიობი ბილი პორტერი თავის მეუღლეს, ადამ სმიტს პირველად 2009 წელს შეხვდა და 5-წლიანი ერთგული მეგობრობის შემდეგ, მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. წყვილმა 2017 წლის ივნისში იქორწინს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობს.

 

Ricki Martin & Jwan Yosef 

 

რიკი მარტინის სექსუალური ორიენტაციის შესახებ მრავალი წლის განმავლობაში საუბრობდა ყვითელი პრესა, მსახიობმა ჭორები ოფიციალურად 2010 წელს დაადასტურა. მომღერალი თავის მომავალ ქმარს 2016 წელს შეხვდა და მომდევნო წელს, ელენ დეჯენერესის შოუში თქვა, რომ ისინი დაქორწინებას აპირებენ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.

 

გიგა ბოკერია საქართველოში LGBT თემის მდგომარეობის შესახებ

/

ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, რომელიც LGBTQ თემის პრობლემების გაშუქებაზე მუშაობს, ყოველთვის სასურველი და საინტერესო რესპონდენტები არიან პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” წევრები – არასდროს უთქვამთ, რომ ქალი სპიკერებისგან ამეღო კომენტარი, კონკრეტულ თემაზე პასუხისგან თავის არიდების გამო.

არჩევნების წინა დღეს გიგა ბოკერიას დავუკავშირდი.მიუხედავად პოლიტიკურად დაძაბული და რთული დღეებისა, მან ვრცლად და ამომწურად უპასუხა ჩემ მიერ დასმულ ყველა კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესახება ლგბტქ+ პრობლემების მოგვარება საქართველოში.

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე

,,მთავრობის უმთავრესი ვალდებულება იმ კანონის ეფექტურად გამოყენებაა, რომელიც წლების წინ იყო მიღებული (თუ არ ვცდები, 2011 წელს), მაგრამ, ფაქტობრივად, არ ამოქმედებულა. ეს არის კანონი, როდესაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის ბევრად უფრო მძიმედ ისჯები, ვიდრე ჩვეულებრივი კრიმინალური მოტივით ჩადენილი დანაშაულისას. ჩვენ ვხედავთ, რომ წლებია, ეს საქართველოში არ გამოიყენება, რაც ძალიან სიმპტომატური ამბავია. კლიმატს ქვეყანაში განსაზღვრავს ის, თუ როგორ ექცევა მთავრობა იმ ხალხს, რომელიც მიდრეკლია ძალადობისკენ, ზოგადად, ძალადობს და განსაკუთრებით, სიძულვილის მოტივით უმცირესობების ჯგუფების მიმართ, ასეთ სასჯელს აქვს შემაკავებელი ეფექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი სამაგალითოდ დასჯა.

მე სკეპტიკურად ვუყურებ და მეტიც – სახიფათოდ მეჩვენება მთავრობის მხრიდან საზოგადოების „აღზრდის“ მცდელობა, თუნდაც ცოდნის ამაღლების მოტივით, მგონია, რომ ეს საზოგადოებამ თავად უნდა გააკეთოს. თუმცა ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ – პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც ძალაუფლება აქვს იმ მომენტში – უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ. პოლიტიკოსების რიტორიკა და პოზიცია ამ საკითხებზე, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ასევე, წინააღმდეგი ვარ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, მათ შორის, ჩემთვის სრულიად მიუღებელი სიძულვილის ჯგუფებისაც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძალადობისკენ მოწოდება ხდება, რომელიც აშკარა და მყისიერ საფრთხეს ქმნის. მე ეს პრინციპულად არასწორი მგონია და დამატებით სახიფათოდ მიმაჩნია, თუ მთავრობას ვაძლევთ შინაარსში „შესვლის“ უფლებას, რაც, როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, უმცირესობების წინააღმდეგ გამოიყენება ხოლმე. ამის მაგალითია „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ კრიმინალაზაციის მოთხოვნა შავრაზმული ჯგუფების მხრიდან. მათი სიტყვის თავისუფლება კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ მორალურ იზოლაციაში უნდა მოვახვედროთ ყველა, ვინც უმცირესობების მიმართ სიძულვილს ქადაგებს.

რომ შევაჯამო: პირველი, ძალადობის აღკვეთა და მოძალადეების სამაგალითოდ დასჯა; მეორე – სიძულვილის მქადაგებელთა მორალური იზოლაცია. ეს ორი არის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც ვითარებას შეცვლის. და მესამე – მიუხედავად იმისა, რომ კერძო შრომით ურთიერთობებში მთავრობის ჩარევის წინააღმდეგი ვარ, არის გამონაკლისები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სამედიცინო პროფესია. აქ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს დემონიზებული უმცირესობებისთვის დისკრიმინაციის აღკვეთა. სახელმწიფოს ასევე პოზიტიური ვალდებულება აქვს, თავშესაფრით უზრუნველყოს უმცირესობისადმი კუთვნილების გამო დევნილი ადამიანები მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია მათი ფუნდამენტური ნეგატიური უფლებების დასაცავად და ეს ყველაზე უფრო ხშირად ასეა ლგბტქ+ უმცირესობისთვის.

რაც შეეხება ქორწინების საკითხს, მე ვთვლი, რომ აქ სწორი გზა არა ქორწინების დეფინიციის გაფართოებაა, არამედ საერთოდ რეგულაციის მოხსნა. მთავრობისა და ბიუროკრატიის საქმე არ არის იმის მონიტორინგი, თუ ვინ დაქორწინდა, ვისთვის რას ნიშნავს ქორწინება და ოჯახი. ვისაც კონკრეტული რელიგიური მრწამსი ან შეხედულებები გააჩნია და სურს, რომ მაგალითად, ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯვარი დაიწეროს, იქ, ბუნებრივია, ჯვრისწერა მოხდება ქალსა და კაცს შორის იმიტომ, რომ ასეთია ამ კონფესიის მრწამსი და ვისაც სურს, რომ უბრალოდ სამოქალაქო ურთიერთობები გააფორმონ ერთმანეთთან, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყვნენ, ამის სრული უფლება უნდა ქონდეთ. ადამიანებს სრული უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ თავიანთი გენდერი და იდენტობა და ჩვენ ამ უფლებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც, მაგალითად, სქესი ან ასაკია, ადამიანს შეუძლია, საზოგადოება ან მთავრობა დაავალდებულოს, რომ მისი თვითაღქმა იქნას გაზიარებული ოფიციალურ დოკუმენტებში.

ზოგადად, ჯერჯერობით ჩვენთან კატასტროფული ვითარებაა ლგბტქ ადამიანების სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლების დაცვის საკთხში. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელისუფლების ბრალი არ არის, საქართველოს საზოგადოებაში (არა მარტო საქართველოს საზოგადოებაში) ღრმა სტიგმა არსებობს ლგბტქ უმცირესობების წინააღმდეგ. ეს სერიოზული ფაქტორია, მარამ ამას ზემოდან ემატება ჯერ გავლენის მქონე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების როლი, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილის (საბედნიეროდ, არა ყველასი) როლი, რომლებიც წლებია ამ სიძულვილს აღვივებენ. პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც ამ ნიშნით ოპონენტების დემონიზებას, ამ საკითხზე საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამოყენებას ცდილობენ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელისუფლება, რომელმაც 5 ივლისს განსაკუთრებით სასტიკად და უტიფრად გვაჩვენა არა მხოლოდ დაუსჯელობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ძალადობისკენ და აორგანიზებდნენ მას, არამედ, პრაქტიკულად, მათთან ერთად დაგეგმა და განახორციელა ძალადობა.

ეს ალიანსი უკვე წლებია გრძელდება. იგივე ადამიანებს, 5 ივლისის ორგანიზატორებს, იქამდეც არაერთხელ დაუორგანიზებიათ საჯაროდ ძალადობრივი ქმედებები სხვადასხვა უმცირესობების წინააღმდეგ და მათ ჰქონდათ და აქვთ დაუსჯელობის გარანტია ხელისუფლებისგან. ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს აქტიურობდნენ, რამოდენიმე წლის წინ საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგონას ჯგუფური გაუპატიურებით და მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობდნენ.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

რუსეთი ლგბტქ+ ჯგუფებისთვის “ექსტრემისტების” იარლიყის მიკერებას აპირებს

/

რუსეთი გეგმავს, რომ ლგბტქ+ თემი, რადიკალი ფემინისტები და ის ჯგუფები, რომლებიც შვილების ყოლას არ ემხრობიან, აღიარებული იქნან, როგორც “ექსტრემისტები”.

”ლგბტ იდეოლოგია, რადიკალური ფემინიზმი და ის მოძრაობები, რომლებიც ბავშვის ყოლას არ ემხრობიან, უნდა იქნას აღიარებული, როგორც ექსტრემიზმი ან/და ექსტრემისტული იდეოლოგია,” – თქვა ანდრეი ციგანოვმა, ,,როსკომნაძორის’’ (საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) ბავშვთა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.

როგორც Moscow Times იუწყება, როგორც ციგანოვი ამტკიცებდა, შემოთავაზებული შეზღუდვები დაიცავს რუს ბავშვებს იმისგან, რაც, მისი აზრით, დესტრუქციული შინაარსის მატარებელია. ციგანოვის ინიციატივა დაემთხვა იმ დღეს, როდესაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “ივანოვოს ცენტრს” “უცხოელი აგენტის” იარლიყი მიაკერა. “ივანოვოს ცენტრი” არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მიმართულია გენდერულ კვლევებსა და განათლების საკითხებზე მუშაობს.

რუსეთში პროგრესული და ლიბერალური მოძრაობები ბოლო 10 წლის განმავლობაში ფართომასშტაბიანი რეპრესიებისა და შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კონსერვატიული მთავრობითაა განპირობებული, მისი მმართველობა გულისხმობს, რომ რუსეთის მოსახლეობა ტრადიციულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.

2013 წელს ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია რუსეთში გეი შინაარსის ინფორმაციის აკრძალვამ. მას შემდეგ, მმართველი პარტია – „ერთიანი რუსეთი” გამოვიდა წინადადებით, რომ ქვეყანაში შეიზღუდოს პოლიამორიისა და ბისექსუალობის პროპაგანდა.

წყარო: gaytimes.co.uk

იცავს თუ არა გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელი შეურაცხმყოფელ გამოხატვას

//

ავტორი: თამარ ავალიანი

უფლებადამცველი გიორგი თაბაგარის საქმე

უფლებადამცველ გიორგი თაბაგარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას ან პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ედავება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. სასამართლოზე პოლიციელებმა გიორგი თაბაგარისთვის 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვეს.

სამართალდამცავი უწყება გიორგი თაბაგარს ედავება 5 ივლისს, სატელეფონო საუბრისას, პოლიციელის გინებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც 5 ივლისს ხელისუფლების წახალისებით, ფაშისტურმა და ქსენოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს თბილისი პრადის ოფისი და აქტივისტებს ფიზიკური განადგურების მუქარით დასდევდნენ. პოლიცია ამ დროს არ ასრულებდა თავის პოზიტიურ ვალდებულებას და არ იცავდა აქტივისტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქართველოს კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას, თვალსაზრისობრივად, ნეიტრალური სახით ითვალისწინებს პირისპირ შეურაცხყოფისას, რასაც 5 ივლისს ადგილი არ ჰქონია (პოლიციელსა და გიორგი თაბაგარს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა). გიორგი თაბაგარის მიერ განხორციელებულ სატელეფონო შეურაცხმყოფელ გამოხატვას არ გამოუწვევია უკანონო ქმედების აშკარა და მყისიერი საფრთხე და არ არსებობდა ამგვარი ქმედების განხორციელების მაღალი ალბათობა. შესაბამისად, პოლიციელის მიმართ გიორგი თაბაგარის გამოხატვა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების დაცვის სფეროში და წარმოადგენს მის შეფასებით მსჯელობას პოლიციელის მიმართ.

ჰენდისაიდის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაცულია არა მარტო „ინფორმაცია“ ან „იდეები“, რომლებიც კეთილმოსურნეა, ან აღიქმება როგორც უწყინარი ან ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, თუ მას საჯარო დებატებში კონტრიბუციის შეტანის ფუნქცია გააჩნია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი არ იცავს ისეთ გამოხატვას, თუ იგი ,,ბოროტგანზრახულ დამდაბლებას“ უთანაბრდება და მისი ერთადერთი მიზანი ადამიანის ღირსების შელახვაა.

გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელი გამოხატვის შეზღუდვის თვალსაზრისობრივად ნეიტრალურ საფუძველზეა ორიენტირებული. საქართველოს კონსტიტუცია იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, თუ მისი ერთადერთი მიზანი ადამიანის ღირსების დამცირება არ არის და მას საზოგადოებრივ დისკუსიაში წვლილის შეტანის ფუნქცია გააჩნია. გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელი აშშ-ს მოდელის გავლენას განიცდის და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე მაღალ სტანდარტს აწესებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი გამოხატვის შინაარსობრივად და თვალსაზრისობრივად ნეიტრალურ მოდელზეა, ორიენტირებული და შეურაცხმყოფელ გამოხატვას იცავს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, მოსაზრება, შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული და გამორიცხავს პასუხისმგებლობას აზრის გამოხატვის გამო, თუნდაც იგი შეურაცხმყოფელი იყოს.

გამოხატვის თავისუფლების ქართული კონსტიტუციური მოდელი ,,ბრანდენბურგის საქმეზე“ განვითარებულ სტანდარტს იზიარებს. საქმეში -„ბრანდერბურგი ოჰაიოს წინააღმდეგ“, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „გამოხატვა არ შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სახეზე გვაქვს უკანონო ქმედების მყისიერი გამოწვევა და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკანონო შედეგი დადგება.“ გამოხატვის თავისუფლების აშშ-ს მოდელით თუ ნათლად არ იკვეთება ,,ბრანდენბურგის ტესტით“ გათვალისწინებული ნიშნები, სიძულვილის ქადაგებაც დაცულია აშშ-ს პირველი შესწორებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე იზიარებს ჰენდისაიდის საქმეზე განვითარებულ მსჯელობას და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ავითარებს. 2016 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე – ,,საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ , განმარტა, რომ „იმავდროულად, თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასათვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. ასეთია ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „ზოგადად, სიტყვის მართლმსაჯულების ობიექტად ქცევა უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია. არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების გზით მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით, გვეშინია, გვძულს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მორალისა თუ ტრადიციების შეუსაბამოა. გამოხატვის თავისუფლების და, მაშასადამე, დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ ასეთი ნეგატიური განწყობებისა თუ დამოკიდებულებების განმაპირობებელი მოსაზრებების მიმართ სამართლის დამოკიდებულებას მართებს. გამოხატვის თავისუფლების დაბალანსების საუკეთესო გზა ისევ გამოხატვაა – რადგან ნებისმიერი მოსაზრება, გამონათქვამი, რომელსაც არ ეთანხმები, არ მოგწონს ან, შენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიძლება უარყო საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და იდეებით, რომელთაც იზიარებ, მოგწონს ან სწორად მიგაჩნია.“

წყაროები:

ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Handyside v. United Kingdom), 1976 წლის 7 დეკემბერი, 49-ე პუნქტი.

სემკადიენის შპს ლიეტუვის წინააღმდეგ (Sekmadienis Ltd. V. Lithuania), 2018 წლის 30 იანვარი, 77-ე−81-ე პუნქტები.

 მაგიარ ტარტალომსზულგარტატოკ ეგუისულეტე და ინდექს.ჰუ ცრტ უნგრეთის წინააღმდეგ (MAGYAR TARTALOMSZOLGÁLTATÓK EGYESÜLETE AND INDEX.HU ZRT v. HUNGARY), 2016 წლის 2 თებერვალი, 76-ე პუნქტი; სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ (Skalka v. Poland), 2003 წლის 27 მაისი, 34-ე პუნქტი; სავა ტერენტიევი რუსეთის წინააღმდეგ (Savva Terentyev v. Russia), 2018 წლის 28 აგვისტო, 68-ე პუნქტი.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; მე-4 მუხლი.

 ბრანდენბურგი ოჰაიოს წინააღმდეგ (Brandenburg v. Ohio), 1969 წელი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/6/561,568, 30.09. 2016. იქვე, 50-ე-51-ე პუნქტები.

ფოტოები:

tabula.ge

mythdetector.ge

lithub.com

theguardian.com

ვის უჭერენ მხარს ქვიარები – არჩევნები 2021

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომლის შედეგებიც უმნიშვნელოვანესი იქნება ქვეყნისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ქვეყანაში უამრავი დამკვირვებელია ჩამოსული.

რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო არჩევნები გერმანიაშიც ჩატარდა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, ბუნდესტაგის წევრებად ორი ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაშიც ვნახავთ ღიად ლგბტქ+ თემის წევრებს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში წამყვან პოზიციებზე.

მაისში, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი. სამწუხაროდ, ხელმომწერ პარტიებს შორის არ იყო მმართველი პარტია. არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ LGBTQ+ თემის წევრებს ვკითხეთ, ვინ არის მათი რჩეული პოლიტიკური პარტია თუ მერობის კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ დაუსახელებიათ, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს უჭერენ მხარს, ერთი რამ ცხადია – არც ერთი მათგანი არაა სახელისუფლებო გუნდის მომხრე. თემის წევრები მხარს უჭერენ ცვლილებებს და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მათი უფლებები უკეთ იყოს დაცული.

,,ქვიარმა” თემის წევრებს ჰკითხა:

  • რომელი პარტიის კანდიდატს აძლევთ ხმას ამ არჩევნებზე და რატომ?
  • რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც ლგბტქი თემს აქვს?
  • როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? რა სტრატეგიებითა და რომელი აქტორების ჩართულობით?

მიკო: ,,მე მხარს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების პარტიებს ვუჭერ, იმ პარტიებს, რომლებიც სოციალურ საკითხებს არ ეხებიან, ხმას არ მივცემ. ასევე, ვითვალისწინებ იმას, აქვს თუ არა პარტიას პარლამენტში მოხვედრის შანსი და ხმას იმას ვაძლევ, ვისაც ამის შანსი მეტ-ნაკლებად აქვს.

მგონია, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც თემის წევრებს აქვთ, უსახლკარობა და უმუშევრობაა, ოღონდ უმუშევრობა უნარების ნაკლებობითაა გამოწვეული და მათთვის მეტი სასწავლო პროგრამა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს პროგრამები უნდა იყოს ძალიან დაბალი ფასის, ან სრულიად უფასო და ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. ეს პრობლემა მრავალმხრივია, 1-2 წელიწადში ვერ მოგვარდება და ის ყველა დაჩაგრულ სოციალურ ფენას ეხება, განათლების სისტემა და მოქალაქეების ცნობიერება უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს დამახინჯებული მენტალიტეტი, რომელიც უკვე იდენტობად იქცა. ამის მოგვარებაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს, მათ უნდა ჰქონდეთ გაწერილი ხანგრძლივვადიანი პროგრამა, რომლებიც არ იქნება პარტიული და იქნება ორიენტირებული სახელმწიფოს განვითარებაზე.”

ფოტო – გურამ მურადოვი

აია ბერაია: ,,ღიად არ ვამბობ, რომელ პარტიას ვუჭერ მხარს, თუმცა ვაპირებ, ხმა ოპოზიციურ კანდიდატებს მივცე.

რაც შეეხება პრობლემებსა და ლგბტქ თემს – ჩემი აზრით, ყველაზე მწვავე პრობლემა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებია, რაც სპეციფიკურ ჩაგვრასთან და დისკრიმინაციასთან არის დაკავშირებული. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია შეკრების თავისუფლების რეალიზაცია.

ამ პრობლემებზე ლგბტ ორგანიზაციის წარმომადგენლები მუშაობენ და სასურველია, პოლიტიკოსებსაც ჰქონდეთ არადისკრიმინაციული დამოკიდებულება. მათი მიზანი უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფომ მოახერხოს ამ პრობლემების მოგვარება.”

კრისტი: ,,ხმას ოპოზიციას ვაძლევ, აუცილებლად უნდა შეიცვალოს მთავრობა და მმართველობა.

რაც შეეხება პრობლემას, მგონია, რომ, ზოგადად, სიღარიბე არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. ლგბტ თემის პრობლემა დისკრიმინაციაცაა. .

რასაც ვაკვირდები, 25 წლამდე თემის წევრებს ოჯახებთან აქვთ პრობლემები, ამ ადამიანებისთვის უნდა არსებობდეს როგორც ფინანსური დახმარება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რადგან, ხშირად, უსახლკაროდ რჩებიან და არც სამუშაო ადგილებია, რომ დასაქმდნენ.

ასევე, არ უნდა იყვნენ გამოყოფილი საზოგადოებისგან.”

ალექსი ბაღდასაროვი: ,,ახლა პარტიულად აქტიური ვარ, ლეიბორისტულ პარტიაში ვარ, მიხეილ ქუმსიშვილის ვუჭერ მხარს და პროპორციულში – ბადიროვს. მანამდეც ვყოფილვარ სხვა პარტიებში, მაგ: ევროპულ საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩავერთე მათ კამპანიაში. ამ პარტიაში პირველიდე დღიდანვე ყველამ იცოდა ჩემი ორიენტაციის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ პარტიის ლიდერი, რომელიც უფრო კონსერვატორია (გულისხმობს შალვა ნათელაშვილს), არავის არასდროს ჰქონია ჩემს ორიენტაციაზე პრობლემა. მე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვარ, ვარ ეთნიკურად სომეხი და ზოგ არჩევნებზე ვარ ახალქალაქში, ამჟამად, ახალქალაქში სიის პირველი ნომერი ვარ ლეიბორისტული პარტიიდან.

ეს ჩემი პირადი არჩევანი იყო იმიტომ, რომ მე იქაურ მოსახლეობას კარგად ვიცნობ და პარტიის მხრიდანაც დიდი მხარდამჭერა იყო – ჩემზე ზეწოლის საშიშროება იქნებოდა და კონკურეციაც დიდია ამ ქალაქში. ჩემზე ჰქონდათ ჰომოფობიური ზეწოლა ორი წლის წინ, თუმცა აღარ გაგრძელდა, მაგრამ ვიცი, რომ სხვებს აქვთ. ჩემთვის ეს სენსიტიური საკითხია.

სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ლგბტქ თემის პრობლემები, ჩამოყალიბებული მაქვს. პირველ რიგში, ქვიარ თემს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ჩაატარონ მშვიდობიანი მსვლელობა. ეს არის პირველი რამ, რაც ჯერ უნდა მოგვარდეს.”

როგორ ესახებათ პოლიტიკოსებს ლგბტქ+ ადამიანების პრობლემების მოგვარება

/

,,მოგესალმებით, თამარი გიკავშირდებათ ონლაინ პლატფორმა queer.ge-დან” – წინასაარჩევნოდ, ყველაზე კულმინაციურ პერიოდში, ასე ვიწყებდი საუბარს ქართველ პოლიტიკოსებთან. პატარა ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩავატარე და ზოგ ისეთ პოლიტიკოსს დავურეკე, რომლებსაც ნაკლებად მიმართავენ ამ თემებზე სასაუბროდ. რაღაც მხრივ, ჩემმა ექსპერიმენტმა გაამართლა, თუმცა, მასალის მომზადების დროს, შემხვდნენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც პირდაპირ მათი პარტიის ქალ სპიკერებთან მამისამართებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია შეცვლილია, ჩვენს პოლიტიკოსებს მაინც უჭირთ ლგბტქ ტერმინოლოგიის გამოყენება თავიანთ ინტერვიუებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოგვეხმაურნენ. ჩვენს რესპოდენტებს დავუსვით კითხვა, როგორ ესახებათ ლგბტქ+ პრობლემების მოგვარება.

გიორგი ბარამიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

,,ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე. ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული, მიუხედავად მისი კანის ფერისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა და ა.შ. ეს არის მთავარი, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩადებული და ეს ევროპული სტანდარტი არის ყველა ცივილურ ქვეყანაში – ყველა ადამიანი არის თანასწორი კანონის წინაშე და ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული.

რაც შეეხება ეთიკის საბჭოს, ფაქტობრივად, არ მუშაობს. პრაქტიკულად, ამ ქვეყანაში არავინაა დაცული. ყველა თანაბრად უნდა იყოს დაცული, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაშიც, კანონმდებლობაშიც, ადამიანურიც და სწორედ ეს არის საღი აზრიც. ყველა უნდა ვსარგებლობდეთ თანაბარი უფლებებითა და თანაბარი შესაძლებლობებით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ხშირად ასე არ ხდება საქართველოში.”

ნიკა მაჭუტაძე – მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის”

,,რაც შეეხება 5 ივლისს, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მკაფიო და ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს. ეს არ ეხება კონკრეტულ თემს, ეს ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე, იმ ზოგად დემოკრატიულ ფონს, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს ქვეყანაში. რაც შეეხება დისკრიმინაციას, რომელსაც თემის წევრები განიცდიან, არცერთი მოქალაქე არ უნდა იყოს დისკრედიტირებული. ეთიკის საბჭო, სამწუხაროდ, არის ფორმალური საბჭო, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. აუცილებელად უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხები. ამისთვის გაცილებით მეტი შრომაა გასაწევი, რომ შეიქმნას ცივილიზებული სისტემა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, თავიანთი უფლებებისა და ცხოვრების დაცვა. საერთოდ, საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი, ასაკობრივი თუ სოციალური ჯგუფი უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, თუ ეს უნდა ეხებოდეს სკოლას, უნივერსიტეტს, ეს უნდა გამოიხატებოდეს საზოგადოებრივ აქტივობაში – საზოგადოებაში ამის გავრცელება სპეციალისტების საქმეა.

უპირველესი არის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა – საქართველოში ამ მხრივ უმძიმესი ვითარებაა. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ამ უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, რადგან სხვადასხვა ჯგუფებს ამის პირდაპირი საფრთხე უდგათ. პირველ რიგში, ჩემი აზრით, ქვეყანაში ესაა მოსაგვარებელი და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვა ეტაპებზეც შეიძლება საუბარი.”

ნონა მამულაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

,,მე ვფიქრობ, რომ, ზოგადად, ტოლერანტობის პოლიტიკა დასახვეწია საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ LGBT-ს მიმართ ზიზღი და აუტანლობა, ეს გვახასიათებს ეთნიკური უმცირესობის მიმართაც და ყველა განსხვავებული ადამიანის მიმართ, ტოლერანტობა, როგორც ასეთი, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ამას რაც უფრო ადრე ვიზამთ, მით უკეთესი.

სამწუხაროდ, ამ თემის გამოყენება ხშირად ხდება საარჩევნო პერიოდში, მანიპულაცია ქართული ტრადიციებით თემით, რომელიც, სინამდვილეში, არც ტრადიციაა და არც ქართულ იდენტობას წარმოადგენს – ეს არის რუსეთიდან წამოსული პროპაგანდა, რომელიც კარგად არის გამჯდარი მედიასაშუალებებსა და საზოგადოებაში. საზოგადოებაში ამხელა ზიზღი იმიტომაა, რომ არ იციან, არ იცნობენ, უბრალოდ, უთხრეს, რომ ასე უნდა მოიქცნენ. პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს ყველა ადამიანმა. თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ შენ შეურაცხყოფა მიაყენო ვიღაცას და, მით უმეტეს, გამოიყენო იმისთვის, რომ მოუწოდო ძალადობისკენ. ვნახეთ, რომ ამისთანა შემთხვევები საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში.

უამრავი დასავლური ტაქტიკა არსებობს, როგორ შეიძლება ამასთან გამკლავება. მგონია, რომ შეიძლება ანალოგიური პრაქტიკა საქართველოშიც დავნერგოთ ძალიან წარმატებულად. უბრალოდ, ამას სჭირდება შესაბამისი ხელისუფლება და პოლიტიკური ნება.

დისკრიმინაციას რაც შეეხება, უნდა მოხდეს დისკრიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში. არ ხდება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან ბრძოლა და ეფექტური გამოძიება, სათანადო დასჯა – 5 ივლისი ამის მაგალითია. ისევ იმას ვუბრუნდებით, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და მერე ამ პოლიტიკური ნების განხორციელება. ამ შემთხვევაში, მოგვიწევს ძალიან სერიოზული საგანმანათლებლო პროექტების დანერგვა.

როდესაც ცხოვრობ ძალადობრივ სახელმწიფოში, სამწუხაროდ, არა გვაქვს არანაირი გარანტია იმისი, რომ ვიღაც დაგვიცავს. მით უმეტეს, სახელმწიფო არ იცავს და სხვებსაც ძალადობისკენ მოუწოდებს. როდესაც გვეყოლება სათანადო პოლიტიკური კლასი, ეს პრობლემაც ადვილად მოგვარდება. მე მესმის, რომ არის უამრავი პრობლებაა და ამის მოგვარება შეიძლება საკმაოდ მარტივად, თუ პოლიტიკური ნება იქნება. არანაირ პრობლემას არ ვხედავ იმაში, რომ თუნდაც პასპორტში სქესის შეცვლის პროცედურა გამარტივდეს, ეს არის ძალიან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლება.”

თეონა აქუბარდია – ,,სტრატეგია აღმაშენებელი”

,,მთავარი პრობლემა დღეს რაც ქვეყანაშია, არის ის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. 5 ივლისი ამის გამოხატულება იყო, დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ფუნდამენტური უფლებები დაცული იყოს. ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობის მეთაური მხარს უჭერდა აგრესიულ რიტორიკას, იმ ბრბოს, რომელიც უპირისპირდებოდა 5 ივლისის კონტრაქციას და გამოხატვის უფლებას. შესაბამისად, მიმაჩნია ცნობიერების ამაღლება არის მთავარი ელემენტი, პოლიტიკური მიმღებლობა პოლიტიკურ ძალებს შორის, არის მეორე ელემენტი.

ვფიქრობ, რომ 8 პარტიის ხელმოწერა არის წინგადადგმული ნაბიჯი. თუმცა არსებობს საკმაოდ სენსიტიური თემები, რაზეც, ვფიქრობ, რომ უნდა ვიმუშაოთ, მაგალითად, მიმღებლობა. თავშესაფრებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის დამატებითი პრობლემა ქვიარ ადამიანების. ამას სიღრმისეულად მე ვერ შევაფასებ, რადგან ჩემი სპეციალობა ეს არ არის.

მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი პრორუსული პროპაგანდაა, ღირებულებითი ომი, რომლის მიზანიც არის ანტი-დასავლურ კამპანიასთან დაპირისპირების წამორჩენა ქვეყანაში, რომელშიც რუსული ინტერესებია. ამის განეიტრალება მაშინ იქნება მოსახერხებელი, თუ ქვეყანაში მოვა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანიც იქნება ამ ქვეყანაში დემოკრატიის უზრუნველყოფა, რაც ნამდვილად არ გვაქვს. ამავდროულად, საჭიროა მეტი მიმღებლობა და ელემენტარული ცოდნა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. პოლიტიკური ლიდერშიფი და მართული ძალები ამ ყველაფერს უპირისპირდებიან და მე ვფიქრობ, რომ მთავარი მაინც პოლიტიკური ნებაა, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან უნდა მიმდინარეობდეს.

სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეთიკის კომისიის წევრი არ ვარ, მაგრამ ყველაფერი კეთდება პოლიტიკური ნებით. ქვეყანაში მოშლილია კანონის უზენაესობა, საყოველთაო უფლებები და რაც მთავარია, ეს უპირისპირდება იდენტობასაც. რასაც დღეს ვხედავთ, აბსოლუტურად არის რუსულ ნაროტივი. მე ამ ბრძოლას განვიხილავ ორ ჭრილში: ერთის მხრივ – რუსეთის ინტერესები, მეორე – უფლებების ნაწილი, სადაც ბევრი გამოწვევაა.

მე მყავდა სტუდენტი, რომლის ემოციებიც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმიტომ, რომ ის განიცდიდა ოჯახურ ძალადობას გარემოდან გამომდინარე. მადლობები მიხადა როგორც ლექტორს, რომ პრობლემები არ შევუქმენი, მე საკუთარი თვალით დავინახე მისი პრობლემები. შესაბამისად, მიმღებლობა მოდის ცოდნიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს სენსიტიური თემაა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არა წინააღმდეგობა, არამედ მხარდამჭერა გავუწიოთ. ამასაც, გარკვეულწილად, სჭირდება დამუშავებული პოლიტიკა.

8 პარტიას გვაქვს ხელმოწერილი მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანი განაცხადია. ვფიქრობ, ამას ხშირად იყენებენ, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ წინააღმდეგ პოლიტიკურად, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ერთ-ერთ პოლიტიკური პარტია, რომლის წინააღმდეგაც არ იყენებენ, არის „ქართული ოცნება“, რითიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებენ ყველა ადამიანის უფლებების დაცვას ამ ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ 8 პარტია ხელს აწერს ამას, ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.

მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ყველა ადამიანს გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ. ჩაგვრაზე რამდენი ტრენინგია ჩატარებული, მაგრამ პოლიტიკური ნება თუ არ არსებობს, არა მგონია, ამას რამე ტრენინგმა უშველოს, პოლიტიკური ნების გარეშე სხვა გეგმები ვერ შესრულდება.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

ფოტო მთავარზე: ანა ზურაბიშვილი-წურწუმია