ოქტომბერი 2021 - Page 2

16 სიმღერა, რომელმაც ქვიარ ადამიანების ცხოვრება შეცვალა

სანამ სხვადასხვა ქვეყანა ლგბტ უფლებებზე დაიწყებდა საუბარს, ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლა იატაკქვეშეთში მიმდინარეობდა. არტისტები ქმნიდნენ ნამუშევრებს, ეხმიანებოდნენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და ცდილობდნენ, ამ გზით მაინც გაერღვიათ სიძულვილისა და შიშის დიდი ბარიერი.

გთავაზობთ 16 სიმღერას, რომელმაც დიდი გადატრიალება მოახდინა ქვიარ ადამიანების ცხოვრებაში და სამუდამო ადგილი დაიკავა pride ფესტივალების ფლეილისთებში:

Donna Summer – I Feel Love 

 

დონა სამერის 1977 წლის სინგლი ერთ-ერთი პირველი ჰიტია, რომელმაც განსხვავებული ჟღერადობა შეჰმატა 70-იანი წლების ამერიკულ და არამარტო ამერიკულ გეი ბარებს და მალევე შეიყვარეს ლგბტ+ თემის წევრებმა. ცნობილ სიმღერაზე იტალიელმა კომპოზიტორმა, ჯორჯო მოროდერმა იმუშავა.

Sylvester – You Make Me Feel (Mighty Real)

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებელი Sylvester, რომელიც „დისკოს დედოფლადაც“ არის ცნობილი, 1988 წელს, 41 წლის ასაკში, შიდსით გარდაიცვალა, თუმცა დაგვიტოვა არაერთი სიმღერა, რომელიც დღემდე პოპულარულია ქვიარ კულტურაში.

Diana Ross – I’m Coming Out 

ლეგენდარულმა ამერიკელმა ვარსკვლავმა, დაიანა როსმა, I’m Coming Out თავის ლგბტქ+ მსმენელებს მიუძღვნა და ძალიან დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი პროდიუსერები ამაზე დაეთანხებინა. მომღერალს აფრთხილებდნენ, რომ სიმღერა მის კარიერას დაანგრევდა და ადამიანები იფიქრებდნენ, რომ ის ლესბოსელია, თუმცა მომღერალმა მაინც ჩაწერა სიმღერა და დაუვიწყარი ჰანგები აჩუქა მსმენელს.

Elton John – Elton’s Song 

ელტონ ჯონის ეს ცნობილი ჰიტი მომღერლის შემოქმედების მწვერვალადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ცნობილია, რომ სიმღერა იმ პერიოდში დაიწერა, როცა მომღერალს ყველაზე რთული პერიოდი ედგა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, ჩაეწერა სიმღერა, რომელიც გაათავისუფლებდა მას წარსულის აჩრდილებისგან.

Madonna – Vogue 

ცნობილია, რომ მადონას ამ სიმღერის შესაქმნელად სულ რაღაც 5.000 ამერიკული დოლარი ჰქონდა და საერთოდ არ ელოდა მის ამხელა წარმატებას. თუმცა სიმღერამ მალევე მოიპოვა წარმატება და დღესდღეობით სიმღერა მსოფლიოს თითქმის ყველა Pride-ზე ისმის.

George Michael – Freedom 

ჯორჯ მაიკლის ეს ცნობილი სიმღერა მომღერლის ქამინგაუთამდე 8 წლით ადრე ჩაიწერა და ნამდვილ ჰიტად იქცა. სიმღერა მალევე აიტაცეს მთელს მსოფლიოში და ჯორჯ მაიკლი საბოლოოდ იქცა ნამდვილ სექს სიმბოლოდ, რომელიც მსოფლიოს თავის დაუვიწყარ მუსიკას ჩუქნიდა.

Melissa Etheridge – Come to My Window

 

მელისამ ეს ცნობილი სიმღერა ერთ-ერთ ტურნეში დაწერა, მომღერალი თავს მარტოსულად გრძნობდა და გადაწყვიტა, ახალი სიმღერა დაეწერა. სიმღერას მალევე მოჰყვა ალბომი Yes I Am, საჯარო ქამინგაუთი და დღესდღეობით სიმღერა, რომელშიც მომღერალი ამბობს: არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი, რას ამბობენ ისინი, რა იციან მათ ამ სიყვარულზე“ ნამდვილად არის გეი ჰიმნი!

Peaches – Fuck the Pain Away 

კანადელი შემსრულებელი Peaches მასწავლებელი იყო, სანამ რეპერობას გადაწყვეტდა და ჩაწერდა ცნობილ სინგლს Fuck the Pain Away. ერთ-ერთ ინტერვიუში ლეგენდარულმა მადონამ თქვა, რომ ის ყოველ დილით, ვარჯიშის პარალელურად უსმენს Fuck the Pain Away-ის.

Hedwig and the Angry Inch – Wig in a Box

ბროდვეის შოუსთვის დაწერილი სიმღერა „Wig in a Box“ კიდევ ერთი საყვარელი სიმღერაა ქვიარ საზოგადოებისთვის, რომელიც კომპოზიტორ სტივენ ტრასკს ეკუთვნის. ბროდვეის შოუს პრემიერა 1994 წელს შედგა, როგორც არტისტი იხსენებს, პრემიერა ნათლობას ჰგავდა და მას საბოლოოდ მიეცა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება.

Limp Wrist – I Love Hardcore Boys/I Love Boys Hardcore

ამერიკული ბენდი Limp Wrist 90-იანი წლებიდან ამაგრებდა ქვიარ სცენას, თუმცა ამის მიუხედავად, მისი სოლისტი მარტინ სორონდეგაი ორიათასიანებში დაქამინგაუთდა და მოჰყვა, რომ 90-იანი წლებში ის არ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ და ყოველთვის ნერვიულობდა იმ არტისტებზე, რომლებიც არ უშინდებოდნენ საზოგადოებას და საჯაროდ საუბრობდნენ თავიანთ იდენტობასა თუ სექსუალობაზე.

Scissor Sisters – Take Your Mama

Scissor Sisters ლეგენდარული ამერიკული ბენდია, რომელმაც Take Your Mama ქამინგაუთის თემას მიუძღვნეს და მსმენელებს ორიგინალური გზა შესთავაზეს მშობლებთან ქამინგაუთის გასაკეთებლად. ბენდის პოპულარობა სინგლის გამოსვლის შემდეგ მალევე გაიზარდა, ლეგენდარულმა არტისტმა ბონომ ის საუკეთესო პოპ ჯგუფად დაასახელა, ელტონ ჯონმა კი Scissor Sisters-თან ერთად ჩაწერა ცნობილი ჰიტი I Don’t feel like Dancin

Hercules and Love Affair – Blind

2008 წლის ცნობილი სინგლი Blind DJ ენდი ბატლერისა და ტრანსგენდერი არტისტის, Anohni კოლაბორაციაა. სიმღერა მალევე გაჟღერდა რადიო სადგურებში და გეი ბარებში მთელს მსოფლიოში. როგორც სიმღერის ტექსტის ავტორი ჰყვება, სიმღერა ქვიარ ადამიანების იმედგაცრუებასა და იმ ილუზიებზეა, თითქოს გავიზრდებით, ოჯახებს გავექცევით და ვიპოვით ბედნიერებას, თუმცა ჩაგვრისგან და რეპრესიისგან გაქცევა არც ისეთი მარტივია.

Robyn – Dancing on My Own

რობინის სიმღერა Dancing on My Own, რომელიც გასული ათწლეულის ნამდვილი ჰიტია, Lena Dunham-ს ეკუთვნის და მისი ჟღერადობა გულგრილს არავის ტოვებს. სიმღერა მარტოსულ, მიტოვებულ ქალზეა, რომელიც გადაწყვეტს, რომ არ დატოვოს დენსფლორი, არ წავიდეს სახლში და გააგრძელოს ცეკვა მარტომ.

Lady Gaga – Born This Way 

ლეიდი გაგას 2011 წლის სინგლი და ალბომი Born This Way ნამდვილად რევოლუციური იყო პოპის ისტორიაში. არტისტმა Rolling Stone-თან თქვა, რომ ეს სამი სიტყვა ძალიან შემთხვევით დაიბადა მის თავში და უცებ გაიაზრა, ეს ჯადოსნური სიტყვები პასუხი იყო ყველა იმ კითხვაზე, რაც წლების განმავლობაში არ ტოვებდა მას, ვინ ვართ ჩვენ, რატომ ვართ ასეთები.

Perfume Genius – Queen

მაიკლ ჰადრისი, იგივე Perfume Genius, კიდევ ერთი ქვიარ არტისტია, რომლის სინგლიც Queen ნამდვილად გარდამტეხი იყო მის შემოქმედებაში. The Guardians-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არტისტი ამბობს, რომ ამ კლიპით მას სურდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც სხვისთვის ისეთივე დისკომფორტი შეექმნა, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ მთელი ცხოვრება მის მიმართ. კლიპი, რომელიც სავსეა სიმბოლოებით, მართლაც ძალიან ზუსტად ასახავს იმ გარემოს, სადაც ქვიარ ადამიანებს უწევთ ცხოვრება.

Sia – Alive

2013 წელს ამერიკელმა არტისტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის ქვიარია, რამაც წერტილი დაუსვა მრავალ ჭორს, რომელიც მომღერლის პირადი ცხოვრების გარშემო არსებობდა. ამ ქამინგაუთის შემდეგ გამოჩნდა სიმღერა Alive, რომელზეც არტისტმა ბრიტანელ შემსრულებელთან, Adele-თან ერთად იმუშავა. სიმღერაში კარგად ჩანს Sia-ს ვოკალი და მთავარი მესიჯი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ კვლავ ცოცხლები ვართ.

დავიწყოთ ორშაბათიდან – აუცილებლად გამოგვივა!

ავტორი: ნინო ბექაია

,,ორშაბათიდან ვიწყებ დიეტას”, ,,ხვალიდან სიგარეტს არ გავეკარები”, ,,ამ ახალმა წელმაც ჩაიაროს და დავიწყებ ვარჯიშს”, ,,გავიდეს ეს ზაფხული და სიცხეები და მივხედავ ინგლისურ ენას, სერტიფიკატსაც ავიღებ” – ბევრისთვის ნაცნობი ფრაზებია.

რატომ ორშაბათს? ახალი წლის მერე ან ხვალ?

როგორც აღმოჩნდა, ადამიანები მეტად მოტივირებული არიან, განახორციელონ თავისი მიზნები კონკრეტულ თარიღებში. ასევე, წარსულში მრავალი ორშაბათისა და ახალი წლის ჩავლის შემდეგ, განუხორციელებელი მიზნების მარცხი შესაძლებელია წარსულშივე დატოვო და მიზნები ახალ თარიღებს დაუკავშირო იმ იმედით, რომ ამჯერად შესრულდება. დღესასწაულები და კვირის დასაწყისი ამის კარგი საშუალებაა.

რა ხდება ორშაბათს, ზაფხულის მერე ან ახალი წელი რომ გადაივლის? ორშაბათს ჩანიშნულმა გეგმამ გადაიწია მომავალ ორშაბათს, ახალი წელი გავიდა და კონკრეტული მიზანი ელოდება, როდის მოვა ზაფხული ან მეორე ახალი წელი იმ იმედით, რომ იქნებ, განხორციელდეს. ახალი წელიც გავიდა, მაგრამ ახლა პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ მზად ვიყავით, ამიტომ გაზაფხულს დაველოდოთ, ბარემ ესეც გადაივლის და მერე. გადის თვეები და წლები, ჩვენ კი ერთ წრეზე ვტრიალებთ და ჩვენი მიზნები ხან რომელ თარიღში ჩაინიშნებიან და ხან – რომელში.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მიერ ჩატარებულ კვლევებში, რესპონდენტები მნიშვნელოვანი ცვლილებების განუხორციელებლობას ნებისყოფის სიმცირით ხსნიდნენ და მას ნომერ პირველ მიზეზად ასახელებდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ძალისხმევაზე/ნებისყოფაზე და თუ თავს უნებისყოფოდ ვთვლი, ე.ი. ვარ სუსტი, ვერ ვაღწევ დასახულ მიზნებს. ეს ყველაფერი კი ჩემს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე აისახება. რამდენიმე მარცხით გამოწვეული იმედგაცრუების შედეგად, შესაძლოა, საერთოდ დავანებო თავი მიზნების დასახვას და მათ კონკტრეტულ თარიღებში ჩანიშვნასაც. გავაგრძელო სიგარეტის/ალკოჰოლის/ნარკოტიკის მიღება, დამაზიანებელი ქცევა, არ ვისწავლო ახალი ენა ან არ დავიწყო ჯანსაღი კვება და ვარჯიში. შედეგად კი, მივიღო გაუარესებული ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი.

ბოლო წლებში, მეცნიერები აქტიურად შეისწავლიან ნებისყოფის საკითხს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ნებისყოფა არ არის ის ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ვერ/არ ვაღწევთ დასახულ მიზნებს.

რა ძირითადი მახასიათებლები გააჩნია ნებისყოფას?

  1. წინააღმდეგობა – წინ აღუდგე, შეეწინააღმდეგო ძლიერ სურვილს.
  2. დროში განსაზღვრულობა – ნებისყოფა არის ლიმიტირებული. ის არ არის სტატიკური რამ, რაც მოგვეცა დაბადებიდან, თან, არა ყველას, არამედ რჩეულებს.

ნებისყოფა არ არის მუდმივი და მას აქვს ლიმიტი, თუნდაც, სტრესულ სიტუაციაში, რაც არ უნდა ძლიერი ნებისყოფა გვქონდეს, ის იწურება ან, მინიმუმ, ნიშნულს აღწევს. ჩვენ ვერ ვიქნებით მუდმივად იმის იმედზე, რაც ამოწურვადია, რადგან ეს არ იქნება თანაბარი ბრძოლა. წარმოიდგინეთ, როდესაც მთელი დღე ვარჯიშობთ, რაღაც მომენტში თქვენი კუნთები აუცილებლად დაიღლება და შეწყვეტს მუშაობს. ასევეა ნებისყოფაც, ის ვერ მუშაობს მუდმივად.

აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ნებისყოფა წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ძლიერი ნებისყოფა აქვს ადამიანს და თუ თქვენ მათ რიგებში ხართ, გილოცავთ. თუმცა, გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, მათ შორის, დამოკიდებულებების დასაძლევად, გადამწყვეტია არა მხოლოდ ნებისყოფა, არამედ პროცესის დაგეგმვაა, ცოდნა – როგორ ვიმოქმედო ან რა არ გავაკეთო კონკრეტულ შემთხვევაში.

მიზნების მიღწევა, ნებისყოფასთან ერთად, დაკავშირებულია დისციპლინასთანაც. დისციპლინა წარმოადგენს უნარებისა და ქცევების ერთობლიობის დასწავლას. ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესში, რეჟიმის დისციპლინირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მოიცავს ჭამის, ძილისა და სხვა ჩვევების დასწავლას სახლში და გარეთ. რადგან ბავშვი თავად ვერ მართავს და არ შეუძლია რეჟიმის გაწერა და, შესაბამისად – შესრულება დამოუკიდებლად, მშობელი გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვის დღის წესრიგისა და რეჟიმის განვითარება-შესრულებაში. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი არ/ვერ მიყვება დღის რუტინულ დისციპლინას? – ის ვერ იღებს საჭირო დროსა და რაოდენობის საკვებს, ვერ იღებს საჭირო რაოდენობის ძილს, ვერ ახერხებს თამაშსა და სრულყოფილ ფუნქციონირებას. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, მძიმე შედეგებამდეც მიიყვანოს ბავშვი. შესაძლებელია თუ არა, იგივე მოხდეს ზრდასრულის შემთხვევაში?

დღის რეჟიმისა და დისციპლინის არარსებობა ზეგავლენას ახდენს ზრდასრულზეც. არასრულფასოვანი/დაუბალანსებელი კვება, არეული ძილის რეჟიმი, უმოძრაობა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, ცხადია, უარყოფითად აისახება ყველაზე. დისციპლინა, ისევე როგორც ნებისყოფა, გამომუშავებადი და დასწავლადია, ის არ არის ვინმესთვის დაბადებიდან თანდაყოლილი და არავინ ვართ დისციპლინის ნიჭით დაჯილდოებული. დისციპლინის გამომუშავება ხდება ბავშვობიდან და გრძელდება ზრდასრულობის ასაკში. დასწავლის პროცესში დიდი როლს ასრულებს ოჯახი, სკოლა, საზოგადოება და ა.შ.

დისციპლინა წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ კუტურულ ღირებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური სისტემის ფუნქციონირებას და მჭიდრო კავშირშია საზოგადოების ცივილიზაციის დონესთან. საქართველოს მაგალითზე, დისციპლინის არსებობა, უფრო სწორად რომ ვთქვათ – არარსებობა, გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით და ეხება ყველა სფეროს – მაგალითად, გვიან დაძინება. აქ ვერ მოვიშველიებ ოფიციალურ სტატისტიკას საქართველოში გვიან დაძინებისა და ძილის დარღვევების შესახებ, მაგრამ, ალბათ, ბევრს გვახსენდება საცხოვრებელი ეზოდან გვიანობამდე ბავშვების ხმაური (ცხადია, მშობლებსაც გვიანობამდე ღვიძავთ და დილით სამსახურში მიდიან), დაგვიანება ყველგან და ყოველთვის, დედლაინების გადაცილება, ქაოსი პირად ცხოვრებაში და, ზოგადად, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება (აქ კი შემიძლია სტატისტიკის მოშველიება: მაგალითად, ალკოჰოლის გასინჯვის მინიმალური ასაკი 10 წელია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგადი მოსახლეობის ალკოჰოლის ავადმოხმარების გამო 1,6%-ს ესაჭიროება მიმართვა შესაბამის სამკურნალო სერვისებში. საქართველოში თამბაქოს მომხმარებელია მოსახლეობის 31%. თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური ასაკია კაცებში – 7, ხოლო ქალებში 9 წელი. რესპონდენტთა 15,9% აცხადებს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია მარიხუანა, მისი მოხმარების მინიმალური ასაკი კაცებში – 9, ხოლო ქალებში 12 წელია. აზარტულ თამაშებში ჩართულობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღნიშნა რესპონდენტთა 31,3%-მა).

ხშირად, მსმენია ნაცნობი ადამიანებისგან ,,რა კარგი იყო, იმ ქვეყანაში, არავინ მალოდინებდა”, ,,იქაური სისუფთავე და მანქანების წესრიგი მინდა საქართველოშიც” და ა.შ. მეც კი, როგორც მეტ-ნაკლებად დისციპლინირებული ადამიანი, თავს კომფორტულად ვგრძნობდი, მაგალითად, გერმანიაში, სადაც არ მიწევდა ლოდინი, ბრაზი დაგვიანების გამო. ვხედავდი დროზე დაძინებულ და გაღვიძებულ ბავშვებს, დილით ადრე სამსახურში მიმავალ ადამიანებს, რომლებიც 17:00 საათზე ამთავრებდნენ სამუშაო დღეს. შევნატროდი მოწესრიგებულ სატრანსპორტო სისტემას და უკეთესად მცხოვრებ ადამიანებს. თუმცა… იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ჩვენ განვსხვავდებით. განვსხვავდებით ადამიანები, ქვეყნები, კულტურები. ის, რაც საქართველოს ხდის უნიკალურს ლამაზ ბუნებასთან და გემრიელ საჭმელთან ერთად, ასევე არის შემოქმედებითი და თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ მკაცრი წესრიგი. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, მე ვიტყოდი, რომ პირიქით, ძალიანაც მომწონს სილაღე და თავისუფლება, თუმცა ბალანსი, როგორც ყოველთვის სადღაც შუაშია ჯარისკაცულ დისციპლინასა და უკიდურეს არაორგანიზებულობას შორის. უკეთესი ცხოვრების ხარისხისთვის და მეტად კეთილგანწყობილ და კომფორტულ გარემოში ცხოვრებისთვის, ჩვენივე კეთილდღეობისთვის დგება საჭიროება, გავხდეთ მეტად დისციპლინირებულები.

რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი ან შეგვაფერხოს მიზნის მიღწევაში:

  • წარსულმა გამოცდილებამ, როდესაც რამდენიმეჯერ ვცადე და ვერ მივაღწიე მიზანს, ან ბევრჯერ დავგეგმე, მაგრამ ყოველთვის გადავდე მომავალში. წარსულის მარცხებზე ბევრი ფიქრი მხოლოდ გვაფერხებს ამჟამად. გასულ წელს, ადრე და გუშინ სხვა მოცემულობა გვქონდა, სხვა გამოცდილება. ახლა, როდესაც ვგეგმავ და სხვაგვარად ვუდგები პროცესს, მიზნის მიღწევის შანსიც იზრდება.
  • შიშმა, რომ დავმარცხდები. შიში ბუნებრივია და ყველას გვეშინია ხოლმე. თუმცა მუდმივად შიში იმისა, რომ არ გამომივა, არაფერს მაძლევს. შიში არ მაძლევს საშუალებას, კიდევ ერთხელ ვცადო და გავზარდო ამოცანის განხორციელების შანსი. მარცხის შიში გადალახვადია ნაბიჯის გადადგმით. იყოს პატარა ნაბიჯი, მაგრამ უნდა გადაიდგას.
  • მძიმე ფსიქო-ემოციურმა მდგომარეობამ. თუ მაქვს, მაგალითად, დეპრესია და მიჭირს დილით ადგომა, თავის მოვლა და ფუნქციონირება, ასეთ სიტუაციაში ჭირს ახალი მიზნების დასახვა და მათი განხორციელება. როგორც უკვე აღვნიშნე, მიზნის მიღწევა სხვადასხვა რესურსს მოითხოვს. ასეთ დროს, პირველ ეტაპზე უნდა შევძლოთ დახმარების თხოვნა და მიღება, იქნება ეს ოჯახის წევრისგან, მეგობრისგან თუ სპეციალისტისგან.

ნებისყოფა და დისციპლინა ბევრისთვის დიდ სირთულესთან და შეუძლებელ მისიასთან ასოცირდება. სინამდვილეში, დისციპლინის გამომუშავება შესაძლებელია, არც ისე რთულია და არ მოითხოვს დიდ მსხვერპლს. იგი საჭიროებს სურვილს, გადაწყვეტილების მიღებას, ინფორმაციის მოძიებას, დაგეგმვასა და ძალისხმევას/რესურსის გაღებას. მე, როგორც ნიკოტინზე დამოკიდებულებასთან მომუშავე ფსიქოლოგმა, პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დასახული მიზნის მიღწევას კარგად ეხმარება კონკრეტული მიზნის დასახვა და მისი კარგად დანახვა/ვიზუალიზაცია. მაგალითად, თუ მინდა დავნერგო სისტემატიურად ვარჯიში (სირბილი) დილით – ძალიან კარგია და პირველი ნაბიჯია მიზნისკენ.

  • თავდაპირველად, დააიდენტიფიცირე, რას ემსახურება მიზანი? ვარჯიში როგორ აისახება ჩემზე, რისთვის მჭირდება ის? ფიზიკური აქტივობა გამხდის უფრო ჯანმრთელს, უფრო ლამაზს, მეტად პროდუქტიულს? ან იქნებ, ყველაფერი ერთად, რაც ჩამოვთვალე? როგორი ვარ სისტემატიურად მოვარჯიშე მე? როგორ გამოვიყურები? წარმოიდგინეთ დეტალებში, დაინახეთ ამ დროს რა გაცვიათ, სად ხართ, რას გრძნობთ.
  • შემდეგ მოვიძიოთ ინფორმაცია სირბილის თაობაზე. როგორვ ვიქცევით, როგორც დამწყები, ეგრევე უნდა ვირბინო თუ ჯერ სიარული დავიწყო? არსებობს თუ არა რისკები ან საშიშროება იმ შემთხვევაში, თუ იმაზე მეტი ვირბინე, ვიდრე შემიძლია.
  • მოვიძიოთ ინფორმაცია უსაფრთხოების ზომებსა და ეკიპირებაზე (მაგალითად, რა ფეხსაცმელი სჯობს მეცვას, რომ არ დავიზიანო მყესები ან კუნთი), რა ტიპის ტანსაცმლის ჩაცმა სჯობს და ა.შ.
  • დავუშვათ, თავდაპირველად ვიწყებთ 30 წუთი სწრაფი სიარულით, შემდეგ ვგეგმავთ დაწყების თარიღსა და დროს. ვანგარიშობთ დაახლოებით სახლიდან გასვლის, სიარულის/სირბილის დროს და უკან დაბრუნების დროსაც. თუ სამსახურს კონკრეტულ დროს ვიწყებ, რამდენი დამჭირდება სამსახურამდე მოსამზადებელ რუტინაში და ა.შ.
  • როდესაც ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე პასუხი გავეცით და მზად ვართ, დაგეგმილ დღეს გავდივართ გარეთ. ზუსტად ვიცი, რა დღეებში და რომელ საათზე ვიწყებთ ვარჯიშს, თუ უამინდობამ ან სხვა რამემ შეგვიშალა ხელი, როგორ ვიქცევით? გადავდებთ შემდეგ დღეს თუ ვვარჯიშობთ სახლში?
  • არის დღეები, როდესაც სიზარმაცე, მოუცლელობა ან კიდევ სხვა რამ გვაფიქრებინებს – ,,მოდი დღეს არ მინდა, მერე გავალ სავარჯიშოდ”. ზოგჯერ საჭიროა, თავს ძალა დაატანოთ და მაინც გახვიდეთ (თუ თავს შეუძლოდ არ გრძნობთ). სისტემატიურობა ახალი ჩვევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

აღნიშნული მაგალითი მოვიყვანე იმის საილუსტრაციოდ, რომ დაგეგმვა წინ უსწრებს მიზნის განხორციელებას და ის აუცილებელი კომპონენტია. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად გავალთ იმ გზაზე, რაც მიგვიყვანს მიზნის მიღწევამდე.

  • დაისახეთ ერთი მიზანი ერთ ჯერზე. თუ მინდა ძილის რეჟიმის მოწესრიგება და სიგარეტის მოწევის შეწყვეტა, ჯერ ვმუშაობ ერთ მიზანზე და შემდეგ – მეორეზე.
  • გეგმის გაწერა – ისეთი მიზნების დასახვა, რომელიც ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაშია.
  • იმუშავეთ მოტივაციაზე. მოტივაციის საკითხი მნიშვნელოვანია ახალი უნარების გამომუშავებისთვის. კარგად გავაცნობიეროთ მიზნის მიღწევის შინაგანი მიზეზები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანის გამო ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვცვლით ჩვენს ცხოვრებას პოზიტიური მიმართულებით. გირჩევთ, ფურცელზე ჩამოწეროთ ყველა მიზეზი. შეიძლება, ერთიც კი იყოს, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა.
  • იცოდე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. მათი დაიდენტიფიცირების შედეგად, თქვენ გექნებათ ძლიერი იარაღი მიზნის მიღწევის გზაზე.
  • ივარჯიშე ყოველდღე – აქ ვგულისხმობ არა ფიზიკურ ვარჯიშს (რაც ძალიან სასარგებლოა დისციპლინის გამომუშავებისთვის), არამედ ქცევის ყოველდღიურ გამეორებას პრაქტიკაში. მაგალითად, თუ მინდა მედიტაციის სწავლა, კვირაში რამდენიმეჯერ მაინც უნდა ავდგე და ვივარჯიშო. გამოვყო ამისთვის დრო, ხანდახან თავს ძალაც დავატანო, დროთა განმავლობაში კი, როცა ჩემი ტვინი აღნიშნულ ქცევას ჩვევის დონეზე დაისწავლის, მიზანიც მიღწეულია.
  • გაეცანით სხვის წარმატებულ გამოცდილებას. მოძებნეთ და მიიღეთ მათგან კონკრეტული გამოცდილებები/რჩევები, ვინც მსგავსი გზა უკვე გაიარა მიზნის მიღწევისთვის. ხშირად, ყველაზე მეტად ასეთი ადამიანები გვეხმარებიან თუნდაც პატარა წინადადებით ან გამხნევებით. ხოლო თუ თქვენი მიზანი სპეციალისტის ჩართვას გულისხმობს, საშუალების ქონის შემთხვევაში, ჩართეთ აუცილებლად.
  • მარცხის შემთხვევაში, მიიღეთ იგი, როგორც ჩვეულებრივი ამბავი და განაგრძეთ სვლა. წარმატებას აღწევენ ისინი, ვინც არ დანებდნენ და სცადეს ბევრჯერ.
  • წარმატებების აღნიშვნა – დიდი მიზნისკენ მიმავალი გზა პატარ-პატარა მიზნების განხორციელებისგან შედგება. ყოველი პატარა და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გვაახლოვებს მიზანს, აუცილებლად აღნიშნეთ/მონიშნეთ.
  • იპოვეთ თანამოაზრეები, გაიარეთ კონსულტაცია, მიიღეთ დახმარება და გაუზიარე გამოცდილება. არიან ადამიანები, ვისაც გარკვეული აქტივობის დაწყება მარტო ურჩევნია, მაგალითად, ვარჯიში. თუმცა უმეტესობას მოტივაციისთვის და მეტი ხალისისთვის, თანამოაზრეებს შემოიერთებს ხოლმე.
  • გააკეთე წარმატების ვიზუალიზაცია – ნათლად დაინახეთ საკუთარი თავი მიზანთან მიმართებაში. რას გრძნობ, როდესაც, მაგალითად, კვებითი რეჟიმი დაარეგულირე, როგორ აისახება ძილის რეჟიმის მოწესრიგება შენს პროდუქტიულობაზე, ხასიათზე ან გარეგნობაზე. როგორია სისტემატური ვარჯიშის შედეგი შენთვის და ა.შ.

უკეთესად ყოფნა და უკეთეს გარემოში ცხოვრება ყველას სურვილი და უფლებაა. ახალი უნარ-ჩვევის, მეტი დისციპლინისა და მიზნის მიღწევა შესაძლებელია, თუ ვიცით, როგორ. დისციპლინის გამომუშავება გვეხმარება, გვქონდეს უკეთესი ცხოვრების ხარისხი, ვიყოთ მეტად ჯანმრთელი, მეტად ბედნიერი და შევქმნათ კომფორტული გარემო სხვებისთვისაც.

გამოყენებული მასალა:

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში. 2015. NCDC

https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=f44c364d-a2f4-462b-a82a-bc952a8e50b9

https://www.psychologicalscience.org/news/minds-business/why-monday-is-the-best-day-for-setting-new-goals.html

https://www.apa.org/topics/personality/willpower

ილუსტრაციები:

https://www.istockphoto.com/search/2/image?mediatype=illustration&phrase=key+to+success

https://media.istockphoto.com/vectors/young-female-character-lying-with-a-smartphone-in-bed-social-media-vector-id1176670896?k=6&m=1176670896&s=612×612&w=0&h=KELCDRc-Q6PfbEY0Ml2k0zdPp0hck5ip6rYKQfe6KcY=

https://media.istockphoto.com/vectors/flat-illustration-i-can-and-i-will-lettering-vector-id1144684017?k=20&m=1144684017&s=612×612&w=0&h=AXUtQ-ZZXJJfvYLYOi5KIKNr5zmO9Qcj4QsZ3VCqO9g=

https://snworksceo.imgix.net/dpn-34s/ede6dfce-f2d1-4421-82de-8b9b7d42290f.sized-1000×1000.png?w=800

https://www.freepik.com/premium-vector/diary-cute-note-elements-hand-drawn-doodles-bullet-journal-banners_12331710.htm#page=1&position=0&from_view=detail#&position=0&from_view=detail#position=0

https://www.freepik.com/premium-vector/vector-colorful-cute-illustration-woman-hand-fills-out-paper-diary-makes-plans-wedding_18980172.htm#page=1&position=38&from_view=detail#&position=38&from_view=detail

https://img.freepik.com/free-vector/business-woman-check-calendar-planning-day-work-month-projects-planner-check-events-calendars-female-character-with-pencil-illustration-task-scheduling-organization-management_229548-21.jpg?size=626&ext=jpg

ჟურნალი Vogue – 13 საინტერესო ფაქტი

ჟურნალი Vogue ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პუბლიკაციაა მოდის სფეროში, რომელიც, დღესდღეობით, 18 ქვეყანაში გამოდის. ჟურნალი 129 წელს ითვლის და მას არაერთი გარდატეხა მოუხდენია მოდის ინდუსტრიაში, მის გარეკანზე კი არაერთი ლეგენდარული სახე გვინახავს.

თავდაპირველად, ჟურნალი ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი და მასში წიგნების, მუსიკისა და თეატრალური დადგმების რეცენზიები იბეჭდებოდა. ჟურნალმა პროფილი 1909 წელს შეიცვალა და მთლიანად მოდაზე კონცენტრირდა.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ჟურნალის მრავალწლიანი ისტორიიდან:

1892: ამერიკელმა ბიზნესმენმა, არტურ ბოლდუინ ტურნურმა დააარსა ყოველკვირეული ჟურნალი Vogue, ჟურნალის სახელი კი მის პირველ რედაქტორს, ჟოზეფინა რედინგს ეკუთვნის.

1933: პირველი მოდელი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ბისექსუალი ტოტო კუპმანია.

1939:  სანამ Vogue-ის გარეკანი მთლიანად ფოტოებით გაფორმდებოდა, მანამდე ცნობილი მხატვრები ქმნიდნენ ილუსტრაციებს სპეციალურად ჟურნალისთვის. ცნობილია, რომ ჟურნალის ყდაზე სამჯერ იმუშავა ლეგენდარულმა მხატვარმა, სალვადორ დალიმ.

1961: პირველი ვარსკვლავი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა,  სოფი ლორენი იყო. მან სათავე დაუდო ვოგის გარეკანზე ცნობილი ადამიანების აღბეჭდვას.

1966: Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა ლორენ ჰატონი, ლეგენდარული მოდელი, რომელიც ყველაზე მეტჯერ, 40-ჯერ დაიბეჭდა ჟურნალის გარეკანზე.

1988: ახალი მოდის ჟურნალის, Elle-ის გამოჩენის შემდეგ, ამერიკულ Vogue-ის კრიზისი დაუდგა და სწორედ ამიტომ, მთავარი რედაქტორის ფუნქცია გადაიბარა ლეგენდარულმა ანა ვინტურიმ. პირველი ნომერი ანა ვინტურის რედაქტორობით, რომელზეც ებრაელი  მოდელია გამოსახული, დიდი განსჯის საგანი გახდა და მას მოსაწყენი უწოდეს.

1989: მადონა პირველი ვარსკლავია, რომელიც არ არის მოდელი, მაგრამ მაინც გამოჩნდა Vogue-ის გარეკანზე.

1992: რიჩარდ გირი პირველი მამაკაცია, რომელიც ამერიკული Vogue-ის გარეკანზე სინდი კროუფორდთან ერთად გამოჩნდა. მას შემდეგ, კიდევ ცხრა მამაკაცი აღმოჩნდა ამერიკული ვოგის გარეკანზე (ჯორჯ კლუნი, ლებრონ ჯეიმსი, რაიან ლოხტი, კანიე ვესტი, ბენ სტილერი, ეშტონ იტონი, ზეინ მალიკი, ჯასტინ ბიბერი და ჰარი სტაილსი).

1997: 1997 წლის ოქტომბერში გამოცემული ნომერი, რომელიც დაიანა სპენსერის ხსოვნას მიეძღვნა, ყველაზე გაყიდვად ნომრადაა მიჩნეული დიდ ბრიტანეთში.

2012: ლეიდი გაგა Vogue-ის ყველაზე სქელტანიან გამოცემაზე გამოჩნდა – 2012 წლის სექტემბრის გამოცემა 916 გვერდისგან შედგება.

2018: ბიონსე თავად განკარგავს Vogue-ის გარეკანს და ქირაობს 23 წლის ფოტოგრაფს, რომელიც Vogue-ის 126-წლიან ისტორიაში პირველი აფროამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც ჟურნალის გარეკანზე იმუშავა.

2020: Vogue-ის ისტორიაში პირველად, გარეკანზე არ არის ქალი –  ჰარი სთაილსი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალის ყდას ქალის გარეშე ამშვენებს.

2021: ადელი პირველი ვარსკლავია, რომელიც ერთდროულად Vogue-ის ორ, ბრიტანული და ამერიკული გამოცემის ყდაზე მოხვდა.

დადჯენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ – 40 წელი ისტორიული გადაწყვეტილებიდან

დადჯენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ – ცნობილი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 1981 წელს, რომელმაც დაადგინა, რომ 1885 წელს სისხლის სამართლის კანონის მე-11 ნაწილში შესული შესწორება, რომელიც მამაკაცთა ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზებას ახდენდა ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

ეს საქმე პრეცენდენტული იყო შემდეგი გარემოებების გამო:

  • ეს იყო პირველი წარმატებული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას ეხებოდა;
  • ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიაში, ინგლისსა და უელსში კანონმდებლობა ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანეს;
  • საბოლოოდ, ევროპის საბჭომ მოითხოვა, რომ არცერთ წევრ სახელმწიფოში აღარ ყოფილიყო კაცის ან ქალის ჰომოსექსუალური ქცევა კრიმინალიზებული;

ჯეფ დადჯენი ახალგაზრდობაში. მან კამპანია ჰომოსექსუალური კანონების რეფორმისთვის 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც არცერთი არჩეული პოლიტიკოსი არ უჭერდა მხარს გეების უფლებებს ჩრდილოეთ ირლანდიაში

ჯეფ დადჯენი გადაზიდვების კლერკი და გეი აქტივისტი იყო ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, როდესაც მისი სექსუალური ურთიერთობების გამოძიება სამეფო პოლიციამ დაიწყო. 1975 წელს მან საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში, რომელმაც 1979 წელს, განხილვის შემდეგ, საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დასაშვებად სცნო. სასამართლო სხდომა 1981 წლის აპრილში გაიმართა და მას 19 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა.

1981 წლის 22 ოქტომბერს, სასამართლომ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის მიერ ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა იყო. აღნიშნული მუხლი ამბობს: „ყველას აქვს უფლება, პატივი სცეს საკუთარ პირად და ოჯახურ ცხოვრებას, საკუთარ სახლსა და მიმოწერას. საჯარო ხელისუფლების მიერ არ უნდა მოხდეს ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა, გარდა იმ ჩარევისა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად“.

გადაწყვეტილება ამ ასპექტზე დადჯენის სასარგებლოდ იქნა მიღებული – 15 ხმით 4-ის წინააღმდეგ.

ეს იყო პირველი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც გადაწყდა ლგბტ უფლებების სასარგებლოდ.

უსახელო გალერეა „ქვიარ ქრონიკების“ გამოფენას მასპინძლობს

/

უსახელო გალერეა „ქვიარ ქრონიკების” გამოფენას მასპინძლობს.

„ქვიარ ქრონიკები“ 4 არტისტის 4 ინსტალაციას აერთიანებს. ინსტალაციები რეალური და პირობითი დროებისა და ფიზიკური და ციფრული სივრცეების გადაკვეთაზე, სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით შეიქმნა და ეხმიანება ქვიარ იდენტობების შექმნის, გარდაქმნისა და გაქრობის საკითხებს.

გამოფენაში ოთხი არტისტი, დავით აფაქიძე, მარი მღებრიშვილი, Paolannder და აღაბაბა ბაგიროვი მონაწილეობს.

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, დავით აფაქიძე QUEER.GE-სთან ამბობს, რომ მისთვის ორმაგად საინტერესო იყო ამ გამოფენისთვის ინსტალაციის შექმნა და ვორქშოფში მონაწილეობა, რადგან ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა პანდემიისა და კოვიდ რეგულაციების გამო, ადამიანებმა დაკარგეს სივრცეები. მის ნამუშევარში ასახულია, როგორ ინგრევა და ქრება სივრცეები ქვიარ ადამიანებისთვის.

ხელოვნების ისტორიკოსი და პროექტ Fungus-ის დამფუძნებელი ქართულ ქვიარ კულტურას ოპტიმიზმით უყურებს და ამბობს, რომ ქართველი ქვიარ არტისტები, განსხვავებით ჰეტეროსექსუალი არტისტებისგან, არ კარგავენ ბმებს ქართულ კულტურასთან და ტრადიციებთან, მათ ნამუშევრებში უფრო იგრძნობა სიახლე და წარსულის საინტერესო გადააზრება, ვიდრე ჰეტეროსექსუალ არტისტებისთან, რომლებიც ნაკლებად რეპრესირებულები არიან და რომელთა შემოქმედებაც ევროპული კულტურის გავლენებითაა ნასაზრდოები. ამის საილუსტრაციოდ კი, ცნობილი Horoom Night მოჰყავს, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვიარ არტისტებისთვის და, ზოგადად, ლგბტ+ თემისთვის.

„ქვიარ ქრონიკები“ მომზადდა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის, უსახელო გალერეას, სალამ სინემასა [ბაქო] და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით, ბერლინში დაფუძნებული ,,პოლიგონალის” მიერ ჩატარებული 4-დღიანი პრაქტიკული ვორქშოპის – “ქვიარ სივრცეების წარმოების შესახებ LGBTQIA+ თემებში”, შედეგად.

გამოფენა 16 ოქტომბერს გაიხსნა და მისი დათვალიერება დაინტერესებულ პირებს 8 დღის განმავლობაში, 24 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

ავტორი: ზურა აბაშიძე

საქალაქო სასამართლოში დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში, სადაც 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული დავით კუტალაძის საქმეს განიხილავენ. ბრალდებულის ადვოკატი, სერგი ხურციძე გეგმავს, წამოაყენოს შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულ დათო კუტალაძეს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა 13 ივლისს შეეფარდა.

შეგახსენებთ,  რომ 5-6 ივლისს მოძალადე ჯგუფებმა დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი, თავს დაესხნენ თემის წევრებს,  დაშავდა ათობით ჟურნალისტი, ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა. არსებობს უამრავი კადრი, რომელიც ასახავს ამ ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ დავით კუტალაძის ადვოკატების თქმით: „პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც დავით კუტალაძის ბრალეულობას ფიზიკურ ძალადობაში დაადასტურებს“

პროცესი საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მოთხოვნის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებენ.

ფოტო: ტელეკომპანია ფორმულა

საქართველოში არსებული ქრისტიანული ეკლესიების დამოკიდებულება ლგბტქ ადამიანების მიმართ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია – დომინანტი რელიგიური ორგანიზაცია, რომლის წევრადაც ქვეყნის მოსახლეობის 83% აცხადებს თავს. ჰომოსექსუალობას (რასაც ხშირად „მამათმავლობად“ მოიხსენიებენ) განიხილავენ ცოდვად. ამ ეკლესიის შიგნით არსებული დაჯგუფებები, როგორიცაა, მაგალითად, „მმკ“ – მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, საზოგადოებას საჯაროდ, მანიფესტაციურად, ჰომოფობიური მიმართებებით მოუწოდებენ, დაგმონ როგორც ეს ადამიანები, ასევე მათი უფლებადამცველი ორგანიზაციები. მათ უკავშირდებათ სხვადასხვა კონტრაქცია, რომელიც 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გაიმართა. მათ მიერ ორგანიზდებოდა მანიფესტაციები რამდენიმე ორგანიზაციასთან, რომლებიც ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მუშაობენ. 2013 წლის 17 მაისს, ამ ეკლესიის ეპისკოპოსის, იაკობის (იაკობიშვილი) ორგანიზებითა და მოწოდებით, მრავალმა ათასმა ჰომოფობიურად განწყობილმა ადამიანმა არ მისცა საშუალება რამდენიმე უფლებადამცველსა და ლგბტქ თემის წარმომადგენელს, მშვიდობიანი შეკრება მოეწყოთ. ამ საზარელი აქტის შემდეგ, 2019 წელს, ეპისკოპოსი იაკობი არქიეპისკოპოსის რანგში იქნა აყვანილი. ბოლო წლების განმავლობაში, თავად ეკლესიის საჭეთმპყრობელი, წმინდა სინოდისა და სამღვდელოების არაერთი წარმომადგენელი ბრალდებულია „მამათმავლობაში“ (როგორც თავად მოიხსენიებენ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს) და არ შეინიშნება პოზიტიური პროგრესირების ტენდენციები.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია – ეპარქია სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ნაწილია, რომლის რწმენითაც, ქალისა და კაცის ქორწინებაში განხორციელებული სქესობრივი აქტის გარდა, ყველა სხვა სქესობრივი კავშირი ცოდვაა – განსაკუთრებით კი, ჰომოსექსუალური ურთიერთობები. ერევანში ჩატარებული მრავალფეროვნების მარშის მოწინააღმდეგეთა შორის, სომეხთა ეკლესიის სამღვდელოებაც იყო, რომლებმაც ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ „სომეხთა ეკლესია ჰომოსექსუალობის წინააღმდეგია“. საქართველოში ჩატარებული ანტი-ლგბტქ/ჰომოფობიური მანიფესტაციების დროს, არასდროს დაფიქსირებულა სომხური ეკლესიის ჩართულობა ან აქტიურობა.

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია – რომის კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ლათინი კათოლიკეებისათვის. რომის კათოლიკე ეკლესიის სწავლებით – ღმერთისათვის წმინდაა ქორწინებაში აღსრულებული ცოლ-ქმრული კავშირი. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს თანახმად, ჰომოსექსუალები მოწოდებულნი არიან სექსუალურად თავშეკავებული ცხოვრებისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესია მის წიაღში მყოფ მორწმუნე ჰომოსექსუალებს ცელიბატად (დაუქორწინებლობა კათოლიკურ სამღვდელოებაში) ცხოვრებისაკენ მოუწოდებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეკლესიის იერარქები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ლგბტქ ადამიანები მათი სამწყსოს შვილები არიან, რომლებიც ეკლესიისგან ზრუნვას საჭიროებენ. რომის კათოლიკე ეკლესიის ზოგიერთ ეპარქიაში (განსაკუთრებით: გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში) ფიქსირდება ერთნაირსქესიან წყვილთა საჯარო კურთხევები, თუმცა ეს ნაბიჯი თავად ეკლესიის შიგნითაც რევოლუციურ შინაარსს ატარებს. აშკარაა ლიბერალური ტენდენციების პროგრესირება. კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციამ დაგმო 2013 წელს მმართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების მიერ ორგანიზებული ჰომოფობიური მსვლელობა.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია – ორმოცდაათიანელთა ეკლესია საქართველოში, რომელიც ქვეყანაში არსებულ პროტესტანტულ ეკლესიათა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია. ჰომოსექსუალობას განიხილავს ცოდვად, ასეთი ადამიანები კი, მათი რწმენით, საჭიროებენ მონანიებას. არ მონაწილეობენ ჰომოფობიური ხასიათის მანიფესტაციებში და გმობენ ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია – ერთ-ერთი პირველი იყო იმ ეკლესიათა შორის, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ჰომოფობიურ გამოვლინებებს. ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი და ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ხშირად აკეთებენ ლგბტქ თემისადმი მხარდამჭერ განცხადებებს. ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი პირველი რელიგიური ლიდერი იყო, რომელმაც 2013 წელს ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც უპირისპირდებოდა სიძულვილის შემცველ ქმედებებს და ჩაგრულ ადამიანებს თანადგომას უცხადებდა. მანვე მოუწოდა სხვა რელიგიურ ლიდერებს, წინააღმდეგობა გაეწიათ ჰომოფობიისადმი. ეკლესია არ აღასრულებს ერთნაირსქესიან წყვილთა ჯვრისწერებსა და კურთხევებს, რადგან ღვთისმსახურთა და მორწმუნეთა ნაწილი ჰომოფობიური განწყობილებისაა, მიუხედავად ამისა, 17 მაისის ჰომოფობიის საწინააღმდეგო სულისკვეთებას ღვთისმსახურებით უერთდება ეკლესიის კათედრალი.

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში – გერმანელ კოლონისტთა შთამომავლების ბაზაზე დაარსებული ეკლესია, წარმოდგენილია 7 სამრევლოს სახით, ცენტრით თბილისში.ეკლესიამ დაგმო 2013 წელს თბილისში ჩატარებული ჰომოფობიური მსვლელობა. არ აქვს ოფიციალური და გამოკვეთილი პოზიცია ლგბტქ ადამიანთა შესახებ. უფრო მეტად შეინიშნება ტოლერანტული მიდგომები.

ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში – ანგლიკანური ეკლესია, რომელიც ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის ნაწილია. წარმოდგენილია თბილისის წმინდა ნინოს მისიის სახით, ასევე ლოცვითი ჯგუფებია ქუთაისში, რუსთავსა და ხობის რაიონში. ეს ქვეყანაში არსებული ერთადერთი ქრისტიანული ეკლესიაა, რომელსაც ლგბტქ ადამიანების სრული მიმღებლობა აქვს.

აღასრულებს ჯვრისწერის საიდუმლოებას ერთნაირსქესიან წყვილებზე. ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი – თომა ლიპარტიანი, ღიად უჭერს მხარს ლგბტქ ადამიანთა თანასწორობას. ეკლესიამ მხარი დაუჭრა 2021 წლის თბილისის ღირსების მარშს.

ავტორი: თომა ლიპარტიანი

სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ავტორი: თამარ ავალიანი

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული დისკრიმინაციულ და შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც თანასწორობის პრინციპს ხელყოფს და მოწყვლადი ჯგუფების გარიყვასა და სტიგმატიზებას ახდენს. არ არსებობს საერთო კონსენსუსი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საერთო განმარტებაზე, რაც მისი შინაარსის სპეციფიკურობით არის განპირობებული. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დეფინირებისას, დიდ როლს თამაშობს კულტურათა მრავალფეროვნება, ადგილობრივი სოციალური კონტექსტი და პოლიტიკური ინტერესები.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განმარტებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული არის „ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი, მათ შორის, ადამიანისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაული, სადაც მსხვერპლი, ობიექტი ან სამიზნე შერჩეულია მისი რეალური ან ნავარაუდევი კავშირით, მიკუთვნებით, მხარდაჭერით, აფილირებით ან წევრობით კონკრეტული ჯგუფის მიმართ“.

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) განმარტებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩადენილია შეუწყნარებლობის მოტივით, რაც რასის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიმართ არატოლერანტულ გამოხატვაში ვლინდება.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩადენილია იმის გამო, რომ მსხვერპლი სინამდვილეში ან სავარაუდოდ კონკრეტულ იდენტობას მიეკუთვნება. ,,სხვა დანაშაულებისგან განსახვავებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლები შეირჩევიან არა იმ ნიშნით, თუ ვინ არიან ისინი, არამედ იმ საფუძვლით, თუ რას წარმოადგენენ ისინი“. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული მსხვერპლის დამცირებასა და ვიქტიმიზაციას ახდენს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული გათვალისწინებულ უნდა იქნას სისხლის სამართლის კოდექსით და ჩადენილ უნდა იყოს მიკერძოებული და დისკრიმინაციული, წინასწარგანწყობითი საფუძვლით. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულით ყველაზე მეტად ზარალდება ადამიანების იდენტობის მყარი, ფუნდამენტური ასპექტი და თემის ფრაგმენტაცია ხდება. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული წარმოადგენს არა ცაკლეულ შემთხვევებს, არამედ საზოგადოების პოლიტიკური კულტურის და სოციალური განვითარების შედეგს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიზანს ფიზიკური ძალადობით და მუქარით, მტრული მოტივით, საზოგადოებაში გარკვეულწილად უკვე არსებული იერარქიების შენარჩუნება წარმოადგენს.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული საზოგადოებაში კონკრეტული გარიყული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობისა და მტრული მოტივით ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მაკვალიფიცირებელ ნიშანს მიკერძოებული და წინასწარი განწყობით დანაშაულის ჩადენა განეკუთვნება. მიკერძოებული წინასწარგანწყობა ყოველთვის მიემართება სტიგმატიზებული თემის წევრებს და გამოხატავს მიუღებლობას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ამა თუ იმ იდენტობას ეკუთვნიან. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩადენილია იმ თემის წევრების მიმართ, რომელთაც საზოგადოებაში ამცირებენ და არ აფასებს საზოგადოების დომინანტური ნაწილი. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სამიზნეა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც საერთო დაცული მახასიათებლები (რასა, რელიგია, ეთნიკურობა, ენა, სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა და შეზღუდული შესაძლებლობა) გააჩნიათ. მსხვერპლთა მიმართ სიძულვილის შემცველი გამოხატვა არადომინანტური ჯგუფების მიმართ ყოველთვის გარკვეული მესიჯის მატარებელია.

,,მტრობისა“ და ,,დისკრიმინაციული სელექციის“ მოდელები

,,მტრობის“ მოდელის მიხედვით, სავარაუდო დამნაშავის ქმედება ნაწილობრივ მაინც დაფუძნებულია მის ნეგატიურ წინასწარგანწყობაზე, შეუწყნარებლობასა თუ სიძულვილზე მსხვერპლის იდენტობის მიმართ. ,,მტრობის“ მოდელში, სამართალდამრღვევი ჩადის ქმედებას მტრობისა და სიძულვილის გამო, რომელიც ერთ-ერთ დაცულ მახასიათებელს ეფუძნება (რელიგია, რასა, ეთნიკურობა, სექსუალური ორიენტაცია და სხვა). როგორც წესი, კანონმდებლობა ,,მტრობას” არ განმარტავს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის რეგულირების ,,მტრობის“ მოდელი ოპერირებს ბელგიაში, კანადასა და უკრაინაში.

,,დისკრიმინაციული სელექციის“ მოდელის მიხედვით, მოძალადე მიზანმიმართულად ირჩევს მსხვერპლს კონკრეტულ თემთან მიკუთვნებადობის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის იდენტიფიცირებისთვის, არ არის აუცილებელი, ფაქტობრივად არსებობდეს მტრობის ან სიძულვილის ელემენტი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, დადგინდეს ქმედებასა და მსხვერპლის შერჩევის მიზეზს შორის კავშირი, დამნაშავის სიბუექტურ განწყობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

,,დისკრიმინაციული სელექციის“ მოდელის მიმდევარი ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ არ ახსენებს სიძულვილს ან მტრობას თავიანთ ეროვნულ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.

საქართველოს კანონმდებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლი ხაზგასმას შეუწყნარებლობის მოტივზე აკეთებს და ამ კუთხით ,,მტრობის“ მოდელის მნიშვნელოვან მახასიათებლებს მოიაზრებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ახდენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დეფინიციას, თუმცა, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ქმედებას სასჯელის და კონკრეტული დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. სსკ-ის 109-ე (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლების ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს განზრახ მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო ან/და გენდერის ნიშნით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დისკრიმინაციას განიხილავს, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და მის კრიმინალიზებას ახდენს.

სსკ-ის 142-ე მუხლი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს. ნორმაში ასევე მითითებულია პირის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, როგორც თანასწორუფლებიანობის დარღვევის საფუძველი.

სიძულვილის ენა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, “სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.”

სიძულვილის ენა განსხვავდება შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური გამონათქვამებისგან. სიძულვილის ენა უნდა იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ და ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა ყველა შეურაცხმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს სიძულვილის ენა.

სიძულვილის ენის სამართლებრივ რეგლმენტაციასთან დაკავშირებით, არ არსებობს უნიფიცირებული მიდგომა. ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობაში სიძულვილის ენა სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო აშშ-ში, სადაც გამოხატვის თავისუფლება გაცილებით მაღალი სტანდარტით, შინაარსობრივად ნეიტრალური მოდელით არის წარმოდგენილი, სიძულვილის ენა არ არის კრიმინალიზებული.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ იცავს სიძულვილის ენას და შესაძლებელია, მისი კრიმინალიზება კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მოახდინონ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Vona v. Hungary, არ მიიჩნია ნორვეგიის მიერ შეკრების თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვად გადაწყვეტილება, რომ ნორვეგიის მთავრობას არ დაეშვა ისეთი პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა, რომელთა მიზანსაც რასისტული მესიჯების გამოხატვა წარმოადგენდა.

ამერიკის შეერთებული შტატები სიძულვილის ენასთან და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაფასებლად იყენებს ,,ბრანდენბურგის სამწვეროვან ტესტს“, რომელიც ,,ნათელი და მყისიერი საფრთხის ტესტის“ სახელით არის ცნობილი. აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მიზნად ისახავს უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ასეთი ქმედება დადგება. შესაბამისად, თუ გამოხატვაში არ ვლინდება ბრანდენბურგის ტესტის შემადგენლობა, სიძულვილის ქადაგებაც დაცულია აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტით – „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გაივლის იქ, სადაც გამოხატვა კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს, კონსტიტუციით გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს შეუქმნის საფრთხეს. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონსტიტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად შეიძლება განხორციელდეს.“

წყაროები:

Hall, N., 2013. Hate Crime, second edition, p. 2-3.

OSCE/ODIHR annual report for 2006

https://www.fbi.gov/investigate/civil-rights/hate-crime

OSCE-ს ანგარიში: კანონმდებლობა სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის შესახებ. პრაქტიკული სახელმძღვანელო, 2009.

Petrosino, C., 2003. “Connecting the Past to the Future, Hate crime in America”, Perry B. “A Reader: Hate and Bias Crime”, Routledge, New York-London, გვ. 9-26

ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და პრევენციის შესახებ, 2017. EMC, გვ.34.

Understanding Hate Crimes, a Handbook for Ukraine, 2015. OSCE, ODIHR, p. 7

Allport, G., The Nature of Prejudice“, 1954.

Hall, N., Hate Crime, second edition., 2013. P. 2-3

Kellina. Craig, M., „Examining Hate-Motivated Aggression“, Perry, B. „A reader: Hate and Bias Crime“

Hate Crime Laws, A Practical Guide, 2009. OSCE, ODIHR, p. 47.

Article 377bis of the Penal Code of Belgium, https://www.legislationline.org/documents/section/criminal-codes/country/41/Belgium/show

Section 718.2(a) of Canada’s Criminal Code, http://www.criminal-code.ca/criminal-code-of-canada-section-718-2-other-sentencing-principles/index.html

Article 67(3) of Ukraine’s Criminal Code, https://www.legislationline.org/documents/section/criminal-codes/country/52/Ukraine/show

Hate Crime Laws, A Practical Guide, OSCE, ODIHR, 2009. P. 47.

ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და პრევენციის შესახებ, 2017. EMC, გვ. 45.

Article 162(2) of Bulgaria’s Criminal Code; Section 81(vi) of Denmark’s Criminal Code; Art. 132-76(1) of France’s Penal Code.

ევროპის საბჭო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის ენაზე No. R(97) 20., 1997

https://www.qartia.ge/ka/sakhelmdzghvanelo-tsesebi1/article/75684.

დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ილუსტრაციები:

https://211la.org/la-vs-hate

https://images.theconversation.com/files/344037/original/file-20200625-33519-qkuujm.jpg?ixlib=rb-1.1.0&q=45&auto=format&w=1200&h=1200.0&fit=crop

https://ec.europa.eu/migrant-integration/librarydoc/bulgaria-bias-motivated-crimes-report?lang=fr

https://xtown.la/wp-content/uploads/2021/06/Crosstown-BlackHateCrimes-Signed-1024×768.jpg

https://www.istockphoto.com/search/2/image?mediatype=illustration&phrase=hate+speech

https://www.behance.net/gallery/62604927/Hate-Speech

როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ქვიარ საკითხებზე

/

ახლოვდება 30 ოქტომბერი – დღე, როდესაც ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და მათ შორის, თბილისშიც, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პოლიტიკოსები ამ დროს განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობენ და ხშირად, ამ პერიოდში თავს არიდებენ არასასურველ თუ მათთვის არამომგებიან თემაზე კომენტარის გაკეთებას.

ნინო წილოსანი, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს, გამონაკლისი გამოდგა და ,,ქვიარისთვის” საინტერესო საკითხებს წერილობით უპასუხა.

წილოსანი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელია.

  • ლგბტ თემის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან (სკოლებში სასწავლო მოდული, საგანმანათლებლო კამპანიები და ა. შ.)

,,გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმით, გათვალისწინებულია დიალოგის გაღრმავება მცირედწარმოდგენილ ჯგუფებთან, მათ შორის, ლბგტ+ თემის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გაღრმავდება თანამშრომლობა საკონსულტაციო საბჭოებთან, საკონსულტაციო საბჭოებში ჩართულები არიან LGBTQI, შშმ, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა მცირედწარმოდგენილი ჯგუფების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები.

2021 წლის მაისში, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან შეიქმნა ელჩების საკონსულტაციო საბჭო (EDI) თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის, მათ შორის, ლგბტ+ თემის გამოწვევებისა და საჭიროებების საკითხებზე სამუშაოდ. საბჭოში შედიან ის საელჩოები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს გენდერული თანასწორობის პროცესებს ქვეყანაში. აღნიშნული ჯგუფი პროაქტიულად იღებს ინფორმაციას პარლამენტისგან თანასწორობის საკითხზე მიმდინარე საქმიანობის შესახებ, რასაც ამ მოწვევის პარლამენტი ახორციელებს და განახორციელებს მომდევნო წლების მანძილზე. მიმდინარე წლის ივლისის თვის ბოლოს გაიგზავნა პირველი კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი. წელიწადში ორჯერ დაგეგმილია ყოველწლიური შეხვედრები. აღნიშნულ პროცესებში მხარდამჭერი დონორია ორგანიზაცია NDI.

2021 წლის 17 მაისს, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. პოსტში, საბჭომ ცალსახად დაგმო დისკრიმინაცია, ჰომო/ტრანსფობიური თავდასხმები ლგბტ+ წარმომადგენლებზე და ხაზი გაუსვა COVID-19-ის პანდემიის მძიმე გავლენას ლგბტ+ თემზე. მიმდინარე პერიოდში საბჭოს ჰქონდა კომუნიკაცია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და NDI-სთან ლგბტ+ თემის საკითხებზე სისტემური მუშაობის დასაწყებად.”

  • პარლამენტარების მხრიდან ქვიარ თემის მიმართ სიძულვილის ენის გაკონტროლება და დისციპლინარული ზომების მიღება საპარლამენტო ეთიკის კომისიის მხრიდან

,,საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს რიგი ძირითადი პრინციპებით. მათ შორის, თანასწორობის პრინციპით, რომელიც განამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა სხვა პარლამენტის წევრებსა და მოქალაქეებს; იგი რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობის მიმართ არ იყენებს სიძულვილის ენას. საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება. პარლამენტის ეთიკის საბჭო შეისწავლის და მონიტორინგს უწევს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევებს. ზოგადად, ეთიკის საბჭოს მუშაობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საბჭოს საქმიანობაში ჰქონდა გარკვეული შეფერხებები, მათ შორის, სამწუხაროდ, არ ჰყავდა თავმჯდომარე. აუცილებელია, მალე აღმოიფხვრას საბჭოს ნორმალური ფუნქციონირების შემაფერხებელი გარემოებები, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდეს ხოლმე პარლამენტის წევრების მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევის ყველა სავარაუდო შემთხვევას.”

  • დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე კვალიფიკაციის ამაღლება სახელმწიფო ორგანოებში

,,გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მუშაობს პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის ინდიკატორის შემუშავებაზე, რომლის საფუძველზეც გამოჩნდება პარლამენტში შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის საჭიროებები, მათ შორის, დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარების საჭიროება.”

  • დისკრიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში

,,საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ – აღნიშნული კანონის პირველი მუხლით, აკრძალულია შემდეგი ნიშნების მიხედვით დისკრიმინაცია: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით.”

  • სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან ბრძოლა – ეფექტური გამოძიება და სათანადო სასჯელი, სოგის (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის) ნიშნით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ სტატისტიკის მოგროვება – რამდენი საქმე გამოიძიეს, რამდენი პირი დაისაჯა, რა სასჯელი შეუფარდეს დამნაშავეს, სოგის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა პენიტენციურ დაწესებულებებში

,,გენდერული თანასწორობის საბჭო რეგულარულად ისმენს ანგარიშებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების საქმიანობის შესახებ, მათ შორის, 2021 წლის პერიოდში საბჭომ მოისმინა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა შესაბამისი უწყებების ანგარიშები. გარდა ამისა, საბჭო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, რეგულარულად გამოითხოვს სტატისტიკურ ინფორმაციას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისაგან, აგრეთვე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისაგან. აღსანიშნავია, რომ 2022 წლისათვის, საბჭო გეგმავს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან ბრძოლის, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხზე თემატური მოკვლევის ჩატარებას.”

  • ლგბტქი თემისთვის ხელმისაწვდომი სერვისების კვლევა – რამდენად უზრუნველყოფილია საჭირო სერვისები და რამდენად ხარისხიანი სერვისების მიწოდება ხდება (აივ ტესტირება, სოციალური, სამედიცინო, იურიდიული, ფსიქოლოგიური მომსახურეობა და ა. შ.)

,,ამჟამად, საბჭო მუშაობს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლებაზე, რომელიც მოიცავს როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ასპექტებს. მათ შორის, (ამონარიდი კონცეფციის პროექტიდან): ,,სახელმწიფო ახდენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, სრული უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი ზომების მიღებას, მათ შორის სერვისების განვითარებითა და სათანადო დაფინანსებით, სერვისებზე ინფორმირებულობის გაზრდით, ჯანდაცვის პროვაიდერების გადამზადებისა და შესაბამისი აქტორების ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელის შეწყობით. სახელმწიფო განსაკუთრებულ ზომებს იღებს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების სექსუალური და რეპორდუქციული უფლებების დასაცავად და მათი წვდომის გასაზრდელად აღნიშნულ სერვისებზე, რომელთა შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, LGBTQI+ ადამიანები, პროსტიტუციაში ჩართული ქალები, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ქალები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები.“

  • ტრანსგენდერი პირებისთვის სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება; ტრანსგენდერი პირებისთვის საპასპორტო სქესის შეცვლის გაადვილება; ინტერსექსი პირების საჭიროებების კვლევა – საჭიროებების განსაზღვრა; უსახლკარო და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ლგბტქი თემის წევრებისთვის თავშესაფრის ორგანიზება; სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონის მიღება

,,აღნიშნული საკითხები სხვადასხვა მოკვლევებსა და ანგარიშებში აისახება, თუმცა, რადგან 2022-2024 წლის სამოქმედო გეგმა ახლა უნდა იქნას შემუშავებული, საბჭო გეგმავს, უფრო დეტალურად მოიკვლიოს LGBTQI თემის საჭიროებები. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით გამოვკვეთოთ ის პრიორიტეტული საკითხები, რაზეც საბჭომ განსაკუთრებულად უნდა იმუშაოს.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

ქვიარ ქალები ამერიკულ მონეტებზე

,,ამერიკის ქალთა მონეტების პროგრამა” 4-წლიანი პროგრამაა, რომელიც  ამერიკის განვითარების ისტორიაში ქალთა მიღწევებსა და წვლილს აღნიშნავს. ამ ქალებს 25-ცენტიან მონეტაზე გამოსახავენ, პროგრამა 2022-დან 2025 წლამდე გაგრძელდება და ამერიკის ზარაფხანა ყოველწლიურად გამოსცემს ხუთამდე ახალი დიზაინის მონეტას. ამერიკულ მონეტაზე ორი ქვიარ ქალიც გამოჩნდება: ასტრონავტი – სალი რაიდი და აქტივისტი – ნინა ოტერო-უორენი. ისინი იქნებიან პირველი ლგბტქ+ ადამიანები, რომლებსაც აშშ ვალუტაზე გამოსახავენ.

1983 წელს ასტრონავტი სალი რაიდი NASA-ს მეშვიდე კოსმოსური შატლის (Space Shuttle Challenger) მისიის ეკიპაჟის წევრი იყო. მან 1987 წელს ასტრონავტის კარიერა დაასრულდა და სიცოცხლე მეცნიერების შესწავლაში ბავშვების წახალისებას მიუძღვნა. 2001 წელს დააარსა Sally Ride Science, ახალგაზრდებზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაცია, სადაც 2012 წლამდე ფიზიკას ასწავლიდა, სანამ პანკრეასის კიბოთი არ გარდაიცვალა. ასევე, მან დაწერა 6 საბავშვო წიგნი, მათ შორის – ,,მისია: პლანეტა დედამიწა” და “მარსის საიდუმლო”, თავის ბიზნეს პარტნიორთან, ტამ ო’შონესთან ერთად. ტამ ო’შონე ბიზნეს პარტნიორად მოიხსენიებდნენ, თუმცა სალის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ 27 წელი ლესბოსურ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.

ამერიკის ზარაფხანის პრეს-რელიზის თანახმად, მონეტის ვიზუალური მხარე შთაგონებულია სალის ცნობილი ციტატით:  ,,როდესაც არ ვმუშაობდი, ჩვეულებრივ,  ფანჯარასთან ვიყავი და დედამიწას ვუყურებდი.”

სალი რაიდი

,,ამერიკის ქალთა მონეტების პროგრამის” მეორე ქვიარ ქალი ნინა ოტერო-უორენია. ის იყო ნიუ მექსიკოს სუფრაჟისტების მოძრაობის ლიდერი და სანტა ფეს საჯარო სკოლების პირველი ქალი ზედამხედველი. ასევე, ის იყო პირველი ესპანელი ქალი, რომელიც კონგრესში მოსახვედრად იყრიდა კენჭს.

ჯერ კიდევ არსებობს კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ოტერო-უორენი ლგბტქ+ ადამიანი. მან 1930-იან წლებში სანტაფეს გარეთ დააარსა საკარმიდამო სახლი მამი მეიდორთან ერთად, თვლიან რომ ის მისი პარტნიორი იყო. ოტერო-უორენმა და მეიდორმა რანჩოს ,,ლას დოს” უწოდეს, რაც ,,ორ ქალს” ნიშნავს. წყვილი ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა, მაგრამ მათი ურთიერთობის დეტალები უცნობია.

ოტერო-უორენის მონეტაზე გამოსახულია მისი პორტრეტი იუკას სამი ყვავილით, რომელიც ნიუ მექსიკოს სახელმწიფო ყვავილია, მონეტაზე დატანილია ფრაზა: ,,Voto Para la Mujer” – სუფრაჟეტის ლოზუნგის ესპანური ვერსია და ითარგმნება როგორც ,,ხმები ქალებისთვის”.

ნინა ოტერო-უორენი

წყარო: them.us