თებერვალი 2022 - Page 3

პოლონეთსა და უნგრეთს ანტი-ლგბტქი კანონებისთვის ჯარიმები ემუქრებათ

/

ევროკავშირის ლიბერალური ღირებულებების დაცვაზე უარის თქმის გამო, შესაძლოა, უნგრეთმა და პოლონეთმა მილიარდობით სუბსიდია დაკარგონ. ევროკავშირის შიდა ერთიანობასა და გეოპოლიტიკურ პოზიციას საფრთხე ემუქრება.

სამშაბათს, 15 თებერვალს, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც პოლონეთმა და უნგრეთმა ეროვნულ საკითხებზე ევროკავშირის კანონის უზენაესობის გაუქმების მიზნით შეიტანეს. შესაძლოა, ამ ფაქტმა ევროკომისიას მისცეს უფლება, ამ ქვეყნებისთვის დაფინანსება შეამციროს.

უნგრეთის პოზიცია განსაკუთრებით პრინციპულია. როგორც უნგრეთი, პოლონეთიც ევროკავშირს ლიბერალური ტოლერანტობის ღირებულებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რაც ორი ერის კონსერვატიული და კათოლიკური ღირებულებებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა, ჯუდიტ ვარგამ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრიუსელი ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას უნგრეთის წინააღმდეგ და ევროკავშირის სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო ბავშვთა დაცვის აქტთან მიმართებაში, რომელიც კრძალავს ,,ლგბტქი პროპაგანდას” არასრულწლოვანთა შორის. კერძოდ, კანონი ადგენს, რომ სკოლის გაკვეთილებმა არ უნდა შეუწყოს ხელი სქესის შეცვლას და ლგბტქი პროპაგანდას, ხოლო სახელმწიფომ ამ კუთხით უნდა დაიცვას ბავშვთა უფლებები.

ოთხშაბათს გამართულ კონფერენციაზე ვარგამ განაცხადა, რომ მთავრობამ ბრიუსელიდან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ უნგრეთი ვალდებულია, შეცვალოს ბავშვთა დაცვის კანონი, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ეს უნგრეთის ეროვნულ დონეზე გადასაწყვეტი საკითხია. უნგრეთის პრემიერმინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უნგრეთს ევროკავშირიდან გასვლა შეუძლია, თუ ბრიუსელი უნგრელი ხალხის აზრს უგულებელყოფს.

რაც შეეხება პოლონეთს, ევროკავშირი პოლონეთის სასამართლო რეფორმით შეშფოთებულია, რომლის მიხედვითაც, მთავრობას მოსამართლეების ქვემდგომი სასამართლოებიდან ზემდგომ სასამართლოებში გადაყვანის უფლება აქვს, ასევე, მათი ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლება შეუძლია. შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ პოლონეთი რამდენიმე ქალაქში ლგბტქი იდეოლოგიისგან თავისუფალი ზონების გამოცხადებას აპირებს. პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, სებასტიან კალეტამ განაცხადა, რომ შესაძლოა, პოლონეთმა ევროპის ბიუჯეტში შენატანზე უარი თქვას.

ოქტომბერში, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სასამართლო რეფორმის შესახებ კანონის გაუქმებისა და კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, პოლონეთს დღიურად ერთი მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.

36 მილიარდი ევრო, რომელიც პოლონეთისთვის იყო განკუთვნილი და 7 მილიარდი ევრო – უნგრეთისთვის, უკვე გაყინულია. გარდა ამისა, შესაძლოა, სუბსიდიები შემცირდეს, რაც 100 მილიარდ ევროზე მეტია პოლონეთისათვის, ხოლო 50 მილიარდზე მეტი უნგრეთისთვის. დაფინანსების შემცირების პროცესის ოფიციალურად დასაწყებად ევროკავშირს გარკვეული დრო დასჭირდება.

როგორც ექსპერტმა, ვლადიმერ ოლენჩეკომ განაცხადა, თუ უნგრეთის სუვერენიტეტი და კანონები დაირღვევა, ბუდაპეშტი ევროკავშირიდან გასვლასაც განიხილოს. რაც შეეხება პოლონეთს, მისი აზრით, ქვეყანა ევროკავშირს არ დატოვებს, რადგან პოლონეთი ევროკავშირის სუბსიდიების მთავარი მიმღებია და მათი სოფლის მეურნეობა, პირველ რიგში, ამ სუბსიდიების წყალობით ვითარდება.

ქვიარ სიუჟეტის გამო ჩინეთში სერიალი Friends დააცენზურეს

/

ჩინეთის ერთ-ერთ სტრიმინგ სერვისზე ამერიკული სიტკომის, Friends-ის განთავსების შემდეგ, ფანებმა შენიშნეს, რომ სერიალიდან ქვიარ სცენები ამოჭრილი იყო.

სერიალი, რომელიც პირველად 1994 წელს გამოვიდა ეკრანებზე, გვიამბობს ექვსი მეგობრის ისტორიას 90-იანი წლების ნიუ-იორკში, ერთ-ერთი პერსონაჟის, როსის ცოლი კი ლესბოსელია და რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფება ქალთან.

ფანების თქმით, სწორედ ეს სიუჟეტური ხაზია ამოღებული სერიალიდან ჩინეთის მთავრობის მიერ და ამასთან, ბევრი დიალოგია შეცვლილი, სადაც ლგბტქი თემატიკაზეა საუბარი.

სერიალის სტრიმინგ პლატფორმაზე განთავსების შემდეგ მილიონობით ჰეშტეგი და კომენტარი გაჩნდა ჩინურ ვებგვერდ Weibo-ზე. ვებგვერდის მომხმარებლების უმეტესობა ჩინეთის მთავრობის მიერ ბოლო დროს ცენზურის გააქტიურებას აპროტესტებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდენტი სი ძინპინის მთავრობა ჩინეთში ცენზურის მანქანის ამოქმედებას ცდილობს. როგორც The Guardians წერს, ცენზურის მანქანა გახმაურებული ამერიკულ ფილმს, „მებრძოლთა კლუბსაც“ შეეხო, როცა მაყურებელმა ფილმის დასასრულს იხილა, როგორ დააპატიმრეს კრიმინალები.

The Guardians-ის მონაცემებით, ჩინეთი ასევე უარს ამბობს ბოლო პერიოდის პოპულარული ამერიკული ბლოკბასტერების კინოთეატრებში გაშვებაზე, რადგან ფილმების სიუჟეტი ჩინეთის მთავრობის იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.

China Gag

გაიცანი უფლებადამცველი: ხელი ხელს – სახლი, რომელიც მაია შიშნიაშვილმა ააგო

სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია ხელი ხელს, 2011 წელს, მაია შიშნიაშვილის ინიციატივით დაარსდა. 18 წელს გადაცილებული მენტალური (ფსიქიკური და ინტელექტუალური) დარღვევის მქონე ადამიანებისთვის გახსნილი მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებლები სოციალური ინოვაციიდან წარმატებულ პრაქტიკად იქცა. 2016 წლიდან კი პერსონალური ასისტირების სერვისის დანერგვაც დაიწყეს. ორგანიზაციის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თემში დამოუკიდებლად და ღირსეულად ცხოვრების ხელშეწყობა და ინკლუზიის მხარდაჭერაა. დეინსტიტუციონალიზაციისთვის ბრძოლა, შშმ პირთა თემზე დაფუძნებული საოჯახო ტიპის საცხოვრისის მომსახურებითა და პერსონალური ასისტირებით უზრუნველყოფა, მათი გაძლიერება და ამ გზით დეინსტიტუციონალიზაციისთვის ბრძოლა, ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ მიმართულებებად იქცა.

შვილის საჭიროებებზე ფიქრიდან დაწყებული უფლებადაცვითი საქმიანობა

Ami Vitale / ხელი ხელს / Open Society Foundations

„გვინდოდა, ბენეფიციარებს თავი ეგრძნოთ სახლში, ბუნებრივ გარემოში, სოციუმში და არა – იზოლირებულად, როგორც ეს იქამდე იყო გავრცელებული“. – მაია შიშნიაშვილი.

მაია შიშნიაშვილი შშმ პირების უფლებადაცვით საქმიანობამდე შვილის საჭიროებებზე ფიქრმა მიიყვანა. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შვილის მომავალზე ფიქრმა და იმის გაცნობიერებამ, რომ მრავალ გამოწვევაზე საპასუხოდ სერვისები არ არსებობდა, ცვლილებების აუცილებლობაში დაარწმუნა.

„შშმ პირების საჭიროებით მას შემდეგ დავინტერესდი,რაც შვილი მეყოლა. 1-2 წლის იყო, როცა გარკვეული ნიშნები გამოუვლინდა და 3 წლის იყო, როცა საბოლოოდ დაუსვეს დიაგნოზი, რომელმაც მისი მდგომარეობა ახსნა. მაშინ მივხვდი, რომ ის მთელი ცხოვრება შშმ პირი იქნებოდა და მხარდაჭერა დასჭირდებოდა, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, როცა შეზღუდულ შესაძლებლობებზე ფიქრი და მოკვლევა დავიწყე. მაინტერესებდა, რა პროგრამები არსებობდა არამხოლოდ არასრულწლოვანებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც. ყველას გვაწუხებს კითხვა – რა იქნება მაშინ, როცა შვილებს გვერდით აღარ ვეყოლებით?

ბავშვობის პერიოდზე იმდენი არ მიფიქრია, მაშინვე მომავალზე დავიწყე ფიქრი, როცა ჩემთვის ვიპოვე გამოსავალი, ეს იყო ჩვენი ორგანიზაციის დასაფუძნებლად მუშაობის დაწყების წერტილი. ყველაფერი მალე არ გამოსულა, დაახლოებით 5 წლის იყო ლევანჩო, როცა უკვე ვიცოდი, რა მინდოდა გამეკეთებინა და როგორ უნდა შევხიდებოდი ჩემი შვილის მომავალს. მინდოდა, ლევანჩოს ჰქონოდა ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც სახლში. 2010 წლისთვის თანამოაზრეებმა დავაფუძნეთ ორგანიზაცია და მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა საცხოვრისის ისეთი მოდელი, რომელიც ადამიანის უფლებებზე იქნებოდა დაფუძნებული და ღირსეულ მომსახურებას გაუწევდა შშმ პირებს, რომელთაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. გვინდოდა, ბენეფიციარებს თავი ეგრძნოთ სახლში, ბუნებრივ გარემოში, სოციუმში და არა – იზოლირებულად, როგორც ეს იქამდე იყო გავრცელებული“.

ხელი ხელს – ორგანიზაციის პირველი ნაბიჯები

No photo description available.
ხელი ხელს

„ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისას დამოუკიდებლობის ქონა, პასუხისმგებლობის აღებაა და თუ რაიმე მიზნის მისაღწევად მხარდაჭერა გჭირდება, შეგიძლია, მომსახურება გამოიყენო, რომელიც არ გიკარნახებს, როგორი უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება.“ – მაია შიშნიაშვილი.

ორგანიზაციამ დაარსების დღიდან დღემდე ბევრი გამოწვევა გაიარა. ხელი ხელს ნოვატორია რეგიონში, რომელმაც ბალტიისპირეთის  ქვეყნების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პირველმა დანერგა საოჯახო ტიპის მომსახურება, სერვისი, სიახლე, ამიტომ ორგანიზაციის გუნდს ყოველდღიურად უწევდათ ბრძოლა ბენეფიციარების ინტერესებისთვის, მათი უფლებების რეალიზებისთვის. გამოწვევა იყო ისეთ ბაზისური უფლებებით სარგებლობა, როგორიც საკუთარი პენსიის განკარგვის, შვილებთან ახლოს ყოფნის, ოჯახის შექმნის, დასაქმების თუ ჯანმრთელობის უფლებაა. სერვისის მდგრადობისთვის განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა სახლების მცხოვრებლებისთვის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი მომსახურების შეუსაბამო დაფინანსება, მის გასაზრდელად კი მუდმივი საადვოკაციო მუშაობა იყო საჭირო. 

„2011 წელს, პირველი სახლი გავხსენით 18 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომელთაც სერვისებით სარგებლობა უკვე სჭირდებოდათ. ბენეფიციარები უკვე არსებული ისეთი ინსტიტუციებიდან გადმოვიყვანეთ, რომლებიც დამოუკიდებლობას არ აძლევდნენ შშმ პირებს. ჩვენი წამოწყება იყო ინოვაცია, რადგან პირველები ვიყავით, ვინც თქვა, რომ ადამიანები გამოყოფილი არ უნდა იყვნენ, აუცილებელია, ცხოვრობდნენ თემში და წვდომა ჰქონდეთ საოჯახო ტიპის მომსახურებაზე. 

ეს იყო დიდი გამოწვევა, რადგან არავინ ფიქრობდა, რომ შშმ პირებს დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად ცხოვრება, საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება შეეძლოთ, რასაც ხელს შევუწყობდით ადეკვატური მხარდაჭერით, რომელიც არც გადამეტებული იქნებოდა და არც ნაკლოვანი. 

იმ დროისთვის, ხალხის დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, როცა მოდიოდნენ, გვეკითხებოდნენ, გვყავდა თუ არა მზარეული, ექიმი, ფსიქოლოგი, რადგან ვერ წარმოედგინათ, როგორ უნდა ეცხოვრათ შშმ პირებს მსგავსი მხარდაჭერის გარეშე. სტერეოტიპული მიდგომებით ხელმძღვანელობდნენ, რადგან დიდ ინსტიტუციებში ამას იყვნენ მიჩვეული. ჩვენ შევძელით დაგვესაბუთებინა, რომ ეს შესაძლებელია და ამის მიღწევა მცირე მხარდაჭერითაც არის მიღწევადი. მთავარია, გადაწყვეტილებას იღებდეს ადამიანი, ვისთვისაც სერვისი შევქმენით. ხშირად ჩვენი მოდელი წარმოედგინათ როგორც მხოლოდ ფიზიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისას დამოუკიდებლობის ქონა, პასუხისმგებლობის აღებაა და თუ რაიმე მიზნის მისაღწევად მხარდაჭერა გჭირდება, შეგიძლია, მომსახურება გამოიყენო, რომელიც არ გიკარნახებს, როგორი უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება.“ – იხსენებს მაია შიშნიაშვილი.

დაფინანსების გაზრდისთვის წლების განმავლობაში მიმდინარე მუშაობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. ბათუმის და სენაკი მუნიციპალიტეტები თანადაფინანსებაში არიან ჩართული, რაც აუცილებელი პირობაა ახალი სახლების გახსნისა და, შესაბამისად, მეტი ადამიანის გამოთავისუფლებისთვის ინსტიტუციებიდან. რაც შეეხება პერსონალურ ასისტირებას, წელს სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, შემუშავდა სერვისის სტანდარტები. ეს სტანდარტები საშუალებას შექმნის, რომ ყველა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესაფერისი მომსახურება გახდეს შესაძლებელი. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა, მაია შიშნიაშვილი ორგანიზაციის პირველ ნაბიჯებზე გვიყვება და საოჯახო ტიპის საცხოვრისის პირველ ბენეფიციარებთან ურთიერთობას იხსენებს, რასაც ინსტიტუციების თანამშრომლების, მცხოვრებლების თუ სხვა ადამიანების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა:

დეინსტიტუციონალიზაციის სირთულე

გიორგი, ორგანიზაციის – ხელი ხელს – ბენეფიციარი. Ami Vitale / ხელი ხელს / Open Society Foundations

„როცა ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ინსტიტუციიდან ჩვენთან გამოსვლა სურდა, მისი გარემოცვა, ინსტიტუციის მხარდამჭერები თუ თანამცხოვრებნი იწყებდნენ დარწმუნებას, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ფაქტობრივად, ადამიანს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდა.“ – მაია შიშნიაშვილი.

„თავიდან სახელმწიფოსთან თუ სხვადასხვა სოციალური მომსახურების ჯგუფთან ურთიერთობაც რთული იყო, როცა ყოველდღიურ რეჟიმში დავიწყეთ გამოწვევებზე ზრუნვა, აღმოჩნდა, რომ სერიოზული ბარიერები არსებობს. მაგალითად, როცა ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ინსტიტუციიდან ჩვენთან გამოსვლა სურდა, მისი გარემოცვა, ინსტიტუციის მხარდამჭერები თუ თანამცხოვრებნი იწყებდნენ დარწმუნებას, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ფაქტობრივად, ადამიანს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდა. მთელი მანქანა ამუშავდებოდა ხოლმე ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვიწევდა, რომ მომავალი ბენეფიციარებისთვის ემოციური თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაგვეწია, რათა მას მიზნის მიღწევის შესაძლებლობა ჰქონოდა, ვეხმარებოდით სოციალურ მუშაკთან, ინსტიტუციის თანამშრომლებთან, თანამცხოვრებებთან ურთიერთობაში, რათა დაეცვა საკუთარი უფლება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის. ეს მარტივი არ ყოფილა, რადგან რიგი პრობლემების ერთდროულად გადალახვა გვიწევდა. მერე უკვე, როცა ჩვენთან მოდიოდნენ მონიტორინგზე, ხშირად კითხულობდნენ მზარეულის შესახებ, რაზეც ვპასუხობდით, რომ მზარეული სახლში უმეტესობას არ გვყავს და ეს საჭიროება არც ჩვენს ბენეფიციარებს აქვთ. მათ ჰყავთ ასისტენტები, რომლებიც ეხმარებიან დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში. ასევე ითხოვდნენ, რომ ბენეფიციარებისთვის მკაცრად გაწერილი დღის წესრიგი უნდა გვქონოდა, რაც ისევ და ისევ მცდარია, რადგან ჩვენ უმეტესწილად წინასწარგაწერილი დღისწესრიგით არ ვცხოვრობთ.’’

ახლებური, ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული სერვისების სათანადოდ დანერგვისთვის შესაბამისი ცოდნა წლების წინ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ ასისტენტები ამერიკელი და ხორვატი ტრენერების მიერ მომზადდნენ, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერასა და პიროვნული გაძლიერების წარმართვაში სწორად ჩართვა შესძლებოდათ. ორგანიზაციამ შეძლო განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შემოტანა, სახელმწიფო პროგრამაში ასახვა და დანერგვა საქართველოში. ამასთან, ორგანიზაცია უკვე ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამაში და ზრუნავს არა მხოლოდ მომსახურების მიწოდებაზე, არამედ საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში აპრობირების გზით ქმნის პროფესიულ, მეთოდურ და ცოდნის რესურსს, რომელსაც ავრცელებს და უზიარებს ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას. ორგანიზაციამ შექმნა მომსახურების მოდელი და პერსონალის მოსამზადებელი სატრენინგო პაკეტი, რაც ქმნის შესაძლებლობას, მოხდეს საქართველოში მისი შემდგომი განვითარება და გავრცობა. აქტიურად არიან ჩართული დეინსტიტუციონალიზაციისა (დიდი ინსტიტუციებიდან შშმ პირთა საზოგადოებაში დაბრუნება) და შშმ პირების უფლებების ადვოკატირების პროცესში, ორგანიზაციის კიდევ ერთი მიმართულება შვილების შშმ მშობლებთან ერთად ცხოვრების მხარდაჭერაა.

ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საზოგადოების აუცილებლობა

„ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ადამიანი ცალკე არ უნდა ცხოვრობდეს. საზოგადოებაში ყველა ადამიანის ადგილი თანაბრად არის და საზოგადოება სწორედ ინდივიდის უფლებების დასაცავად, მათი საჭიროებების დასანახად, პატივისცემაზე დაფუძნებით უნდა იყოს მოწყობილი.“ – მაია შიშნიაშვილი.

მაია შიშნიაშვილის თქმით, მიუხედავად უკვე მიღწეული ცვლილებებისა, ბრძოლა ისევ გრძელდება და უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როცა დიდი ინსტიტუციების საჭიროება აღარ იქნება.

„საბრძოლი ყოველთვის გვექნება, მაგრამ რაღაც წერტილიდან ხომ უნდა დაიწყო. დღეს უკვე გვაქვს გამართული სერვისი, რომელიც ინსტიტუციური და სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაშიც გათვალისწინებულია. ყველაფერი გაწერილი და დალაგებული გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო გავრცობა სჭირდება. თუმცა, სანამ სეგრეგაციის წერტილები იქნება, მდგომარეობა საბოლოოდ ვერ დალაგდება, რადგან ადამიანი მარტივად ფიქრობს, რომ თუ არსებობს მარტივი გამოსავალი, სხვა გზას არ ირჩევს, ზრუნვის აუცილებლობას ვეღარ ხედავს. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ადამიანი ცალკე არ უნდა ცხოვრობდეს. საზოგადოებაში ყველა ადამიანის ადგილი თანაბრად არის და საზოგადოება სწორედ ინდივიდის უფლებების დასაცავად, მათი საჭიროებების დასანახად, პატივისცემაზე დაფუძნებით უნდა იყოს მოწყობილი. თუ ადამიანი ინდივიდუალური  საჭიროებების პრიზმიდან დაინახავს ცხოვრებას, ყველა მოწყვლადი ჯგუფის წინაშე არსებულ გამოწვევებს უკეთ გაიგებს, გადააფასებს. უნდა ავაშენოთ საზოგადოება, რომელშიც ყველა ადამიანს ექნება თანაბარი პირობები და ამის მისაღწევად მეტი მხარდაჭერა სჭირდება, სხვას ნაკლები. 

სერვისი ადამიანების ჩვეულ დღის რეტინას რეჟიმით არ უნდა ანაცვლებდეს, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ადამიანისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს სავალდებულო არ უნდა იყოს. დიდ ინსტიტუციებში ბენეფიციარები საერთო დღის წესრიგს ემორჩილებიან, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ბიოლოგიური რიტმი, შესაბამისად, სერვისი ამას უნდა ითვალისწინებდეს და ინდივიდუალური მხარდაჭერის მომსახურებას სთავაზობდეს ბენეფიციარებს. 

ინსტიტუციური მოდელი არაერთ ქვეყანაში დღემდე მთავარი დასაყრდენია და ისეთ სათემო სერვისებს, როგორიც ჩვენია, რატომღაც ალტერნატივას უწოდებენ. ეს დამოკიდებულება ფართოდ არის გავრცელებული, რადგან სერვისების ნაკლებობაა, რომელსაც ადამიანი სურვილის შემთხვევაში გამოიყენებს. მე ვფიქრობ, რომ სათემო სერვისები არის საბაზისო მომსახურება, რომელიც ალტერნატივა კი არაა, მხარდაჭერის მთავარი ნაწილი უნდა იყოს. უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როცა დიდი ინსტიტუციების საჭიროება აღარ იქნება და ამისთვის სათემო სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა რეგიონში.

ჯერ კიდევ მხოლოდ გარემოს ფიზიკური ადაპტაციის დონეზე ვართ და ვერაფრით გავცდით ამ მდგომარეობას, რადგან არც ეს ნაწილი დაგვიფარავს სათანადოდ. სახელმწიფო ხედავს ერთიან მასას, მაგრამ პრობლემა უნდა დავავიწროოთ ინდივიდამდე და ეს ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის, რომ გადაჭრის ეფექტური გზები გამოინახოს, რესურსის სწორად გამოყენება მოხდეს.’’

ყოველდღიური მაგალითებით დამსხვრეული სტერეოტიპები

ნათია მინდიაშვილი – ხელი ხელს ბენეფიციარი / ნათელა გრიგალაშვილი

„სტიგმას რაღაცის არცოდნა იწვევს, როცა რაღაც უცხოა, სწორი მიდგომის ჩამოყალიბება რთულია, ხოლო, როცა ნაცნობობა, საერთო გამოცდილებების გაზიარება ხდება, სტერეოტიპები იმსხვრევა. ახლა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ჩართულობაც აღარაა საჭირო – ჩვენი მაცხოვრებლები მათ მიმართ არსებულ არასწორ წარმოდგენებს თვითონ ცვლიან.’’ – მაია შიშნიაშვილი.

ამ დროისთვის, ორგანიზაციას 7 საოჯახო ტიპის სახლი აქვს, სადაც 33 ადამიანი ცხოვრობს. 2 სახლი აქვთ თბილისში, 4 გურჯაანში და 1 ბათუმში. თებერვლის თვეში კიდევ ერთ სახლის გახსნა სენაკში იგეგმება, რომელშიც 5 ადამიანი დაიწყებს ღირსეულ ცხოვრებას. ორგანიზაციაში მაცხოვრებლები თვითონ გეგმავენ, როგორი იქნება მათი დღე და რას გააკეთებენ. მაგალითად, თვითონ ადგენენ კვების დროებს, ასევე, დღის ან კვირის მენიუს, სათითაოდ ირგებენ თავის თავზე; თავის ფულს პრიორიტეტების მიხედვით განკარგავენ.  ასევე, ნებისმიერი სხვა აქტივობა ხორციელდება მხოლოდ მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, მათი სურვილებიდან გამომდინარე.

ორგანიზაციაში მომუშავე გუნდი კი ერთმანეთთან შეთანხმებით, მაცხოვრებლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს. სახლებს ჰყავთ მენეჯერი, რომელიც კოორდინატორის დახმარებით აძლიერებს ასისტენტებს სწორი ხედვითა და მიდგომებით მუშაობაში. ხოლო ასისტენტები მომსახურების მთავარი საყრდენები არიან – ისინი მაცხოვრებელთა ყოველდღიური დამხმარეები არიან. ორგანიზაციის წარმატებული მუშაობის მთავარი გასაღები შეკრული და ძლიერი გუნდია. 

მაია შიშნიაშვილისთვის შშმ პირების უფლებებისთვის ბრძოლა ამით არ სრულდება. გვეუბნება, რომ ყოველი ახალი ნაბიჯი ახვედრებს, რომ კიდევ მრავალი დეტალია შესაცვლელი და სიახლეების ძიებამდე ყოველდღიური დაკვირვებებით მიდის.

„ჩემთვის შშმ პირების უფლებებისთვის მუშაობა უსამართლობის განცდიდან დაიწყო. ხშირად ვფიქრობდი, რომ თუ სხვა ბავშვები დადიოდნენ სკოლაში, კაფეში, სარგებლობდნენ სხვადასხვა სერვისებით, ჩემს შვილს იგივე გამოცდილებები რატომ არ უნდა ჰქონოდა. ჩემი და ჩემი შვილის გამოცდილებების შედარებით ვხვდებოდი, რა გამოსავალი უნდა მომენახა. მე თუ მქონდა რაიმე სურვილი და ამის მიღწევა დაბრკოლების გარეშე შემეძლო და ჩემს შვილს იგივე არ შეეძლო, საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდი – რა უნდა გავაკეთო, რომ ეს შევცვალო? და ამ მიდგომით მივდიოდი გამოსავლის მოძებნამდე. ჩემს შვილს სკოლაში მისვლასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და მივხვდი, რომ ამ გამოწვევას პერსონალური ასისტენტი გადაჭრიდა, ამიტომ აღნიშნული სერვისი შევქმენით, კიდევ ერთი ასეთი მაგალითი სამსახურის ძიებისას არსებული სირთულეები იყო. ინსტიტუციაში გამოკეტილ ადამიანს სამსახურის ძიების უნარ-ჩვევები არ ჰქონდა, რადგან მას არასდროს ჰქონია ეს გამოცდილება, არ უცხოვრია საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენს სერვისს ეს კომპონენტიც დავამატეთ. 

მოგვიანებით, მივხვდი, რომ თუ ჩემი შვილის თანატოლები არ იქნებიან მეტად გარკვეული, მეტად მონდომებული და გახსნილი ურთიერთობისთვის, როცა დავბერდები, ჩემი თაობა ვერ იქნება მხარდამჭერი, ასე მივედი მისი თანატოლებიც ცნობიერების შეცვლის აუცილებლობამდე. მომავალზე ფიქრმა მიბიძგა ჩემი შვილის თანატოლების მშობლების, ჩემზე ახალგაზრდა მშობლების გაძლიერების აუცილებლობისკენ, რათა მათ აღარ გაიარონ ის წინააღმდეგობები, რაც მე გავიარე. ისინი აღარ იყვნენ ჩემს ასაკში ბრძოლით ისე დაღლილები, როგორც მე ვარ.’’

ჯერ კიდევ არსებობს ნეგატიურად განწყობილი ადამიანების ნაწილი, რომლებიც სამეზობლოში შშმ პირებისთვის მოწყობილ საცხოვრისებს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ორგანიზაციის ბენეფიციარები, რომლებიც დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, დასაქმებული ადამიანები არიან, თვითონვე ცვლიან გარშემომყოფთა დამოკიდებულებებს. ისინი უფლებადამცველებად იქცნენ და  ყოველდღიური მაგალითებით ამსხვრევენ სტერეოტიპებს.

„სტიგმის აღმოფხვრის ვალდებულება, პირველ რიგში, სახელმწიფოს აქვს, მან უნდა შეძლოს და შექმნას შესაძლებლობა, რომ შშმ პირებმა თემში ცხოვრება, სხვა ადამიანების გვერდით თანაბარ პირობებში არსებობა შეძლონ. საცხოვრისის ტიპის მოდელების დაფინანსება თუ მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს. მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი. სტიგმას რაღაცის არცოდნა იწვევს, როცა რაღაც უცხოა, სწორი მიდგომის ჩამოყალიბება რთულია, ხოლო, როცა ნაცნობობა, საერთო გამოცდილებების გაზიარება ხდება, სტერეოტიპები იმსხვრევა. ახლა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ჩართულობაც აღარაა საჭირო – ჩვენი მაცხოვრებლები მათ მიმართ არსებულ არასწორ წარმოდგენებს თვითონ ცვლიან.’’ -გვეუბნება საუბრის დასასრულს მაია შიშნიაშვილი.

საოჯახო ტიპის მომსახურებით საქართველო რეგიონში მოწინავედ იქცა. ორგანიზაციის მომსახურება კი – საჩვენებელ მოდელად ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები არიან. 2021 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის რეკომენდაციების ტექნიკური პაკეტი გამოაქვეყნა – 6 მიმართულებიდან ერთ-ერთი, საცხოვრისს ეხება და ორგანიზაციის – ხელი ხელს – მიერ ორგანიზებული სერვისი სანიმუშოდაა მოხსენიებული, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ მაია შიშნიაშვილის მიერ წლების წინ დაწყებული საქმიანობა სწორი მიმართულებით ვითარდება.

“ხანდახან საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა”

სამწუხაროდ, ჩემს ვინაობას ვერ გავამხელ. 24 წლის ლესბოსელი გოგო ვარ. 15 წლის ასაკიდან დაიწყო ჩემი გააზრებული ცხოვრება, როდესაც პირველად მომეწონა გოგო და დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ლესბოსელი ვიყავი.

Keep Reading

ახალ ზელანდიაში „გარდაქმნის თერაპია“ აიკრძალა

ახალი ზელანდიის პარლამენტმა „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო. კანონდამრღვევებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„ეს ახალი ზელანდიის ლგბტქი თემისთვის შესანიშნავი დღეა. გარდაქმნის თერაპიის ადგილი თანამედროვე ახალ ზელანდიაში არ არის.“ – აღნიშნა კრის ფაფოიმ, ახალი ზელანდიის იუსტიციის მინისტრმა.

ახალი კანონის შესაბამისად,  ყველა არასრულწლოვანი ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართული „გარდაქმნის თერაპია“ იკრძალება, ასევე, განურჩევლად ასაკისა, აღნიშნული პრაქტიკის გამოყენება 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება იმ შემთხვევებში, როცა ქმედებებს ადამიანის ჯანმრთელობის გართულებები მოჰყვა.

„გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვის დაპირება ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა მეორე ვადით არჩევის შემდეგ, შარშან მიიღო.

წყარო: Reuters

ისრაელში სამედიცინო მუშაკებს „გარდაქმნის თერაპიაში“ მონაწილეობა აეკრძალებათ

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, ნიცან ჰოროვიცის გადაწყვეტილებით, სამედიცინო მუშაკებს „გარდაქმნის თერაპიასთან“ დაკავშირებულ პრაქტიკაში მონაწილეობა აეკრძალებათ, რაც იმ პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა, რომელიც „სულს ანადგურებს“. შესაძლოა, კანონდამრღვევებს ლიცენზიის გაუქმება და პატიმრობაც კი დაემუქროთ.

„მკურნალობა ის ქმედებაა, რომელიც ადამიანს უნდა ეხმარებოდეს, გარდაქმნის თერაპია მკურნალობა კი არ არის – ბოროტებაა. მსგავსი პრაქტიკა სულს ანადგურებს და სიცოცხლის მოსპობასაც კი იწვევს.“ – აღნიშნა ჰოროვიცმა და გადაწყვეტილებას „გამარჯვება“ უწოდა.

 

აივ-ინფიცირების ახალი შემთხვევები ჰეტეროსექსუალებში უფრო ხშირია, ვიდრე გეი და ბისექსუალ კაცებში

დიდ ბრიტანეთში აივ-ინფიცირების ახალი შემთხვევების 49% ჰეტეროსექსუალებზე მოდის, გეი და ბისექსუალ კაცებში კი ეს მაჩვენებელი 45%-ზეა. გასულ ათწლეულში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინფიცირების მაჩვენებელი ჰეტეროსექსუალებში უფრო მაღალია, ვიდრე გეი და ბისექსუალ კაცებში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ვირუსის გავრცელების მახასიათებლები იცვლება. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დაუღალავი ძალისხმევით 2030 წლისთვის ახალი შემთხვევების შეჩერებას შეძლებს.

აღნიშნული მონაცემების მიზეზი ის კი არ არის, რომ ჰეტეროსექსუალებში აივ-ინფექციის გავრცელება მომატებულია, არამედ ის, რომ გეი და ბისექსუალ კაცებში ახალი შემთხვევების მკვეთრ კლებასთან გვაქვს საქმე. 2014 წლიდან დღემდე გეი და ბისექსუალ კაცებში ახალი შემთხვევების გამოვლენა 71%-ით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიახლე პანდემიური რეალობის გავლენას არ მიეწერება, რამაც სქესობრივი კავშირების და ტესტირების მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია. 2020 წლიდან დღემდე გეი და ბისექსუალ კაცებში ტესტირების მაჩვენებელი სულ რაღაც 7%-ით არის შემცირებული, ჰეტეროსექსუალებში კი პანდემიამდე არსებული მაჩვენებლის მესამედამდე დაეცა.

ბრიტანეთში არსებული საიმედო ცვლილებები იმ ძალისხმევის შედეგია, რომლის მსგავსიც საქართველოშიც არსებობს, მაგალითად, ტესტირების სახლიდან გაუსვლელად ჩატარების შესაძლებლობა, რაც სრულიად უფასოა, ასევე პრეპ პროგრამა, რაც ვირუსის გავრცელებას 99%-ით ამცირებს.

ასევე ნახეთ: ყველაფერი პრეპის პროგრამის შესახებ – თანასწორობის მოძრაობა

უკვე დიდი ხანია, აივ-ინფექცია მართვადი მდგომარეობაა და მედიკამენტების მიღების შედეგად, ვირუსის შემცველობა სისხლში ნულის დონემდე დადის, რაც ვირუსის დროულად აღმოჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი.

აივ-სტატუსს იმუნური სისტემის დაზიანების შემდეგ ქალების 51%, ჰეტერო კაცების 55% და 65 წელს გადაცილებული ადამიანების 66% იგებს, აღნიშნული მაჩვენებელი გეი და ბისექსუალ კაცებში სულ რაღაც 29%-ია.

აივ-ინფექციასთან დაკავშირებით მთავარ გამოწვევად სტიგმა რჩება, რაც 80-იანი წლების გავლენის ბრალია. თუმცა, ბოლო წლებში მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ გეი და ბისექსუალი კაცები აივ-ტესტირებას ბევრად აქტიურად მიმართავენ, პრეპ პროგრამაში ერთვებიან და აღნიშნული ცვლილებებიც ამის მანიშნებელია. 

წყარო: The Guardian

ეპისკოპალური-ანგლიკანური ეკლესია საქართველოში – ადგილი, სადაც ყველა თანასწორია

24 წლის თომა ლიპარტიანი ეპისკოპალური-ანგლიკანური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერია და მსახურებას თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ეპისკოპალურ მისიონში აღასრულებს. დაიბადა ქუთაისში. სკოლის დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სწავლა დაიწყო. ახლა თეოლოგიას სწავლობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომელიც რომის კათოლიკე ეკლესიის დაარსებულია.

Keep Reading

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 32-ე ადგილზეა

ლგბტქი უფლებების ადვოკატირების საერთაშორისო გაერთიანების ევროპის ფილიალმა (ILGA Europe) 2021 წლის ლგბტქი უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით ევროპის რეგიონში 32-ე ადგილზეა და 17 ქვეყანას უსწრებს.

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით არსებული კოეფიციენტი 27%-ს შეადგენს – საუკეთესო მდგომარეობა თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს (56%) კუთხით გვაქვს, ყველაზე დიდი სამუშაო კი ლგბტქი თავშესაფრის (0%), გენდერის სამართლებრივად აღიარების (5%) და ოჯახში მიმღებლობის (13%) კუთხით გვაქვს.

ILGA Europe-ის ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს სიძულვილის ენის გამოყენებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შემთხვევებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ ივლისში დაგეგმილი ღირსების მარშის კვირეულისას, ხელისუფლებამ მშვიდობიანი შეკრების დაცვა ვერ შეძლო და მეტიც, ძალადობრივი ქმედებების წამხალისებლად იქცა, რის მაგალითადაც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვაა მოყვანილი, რომელშიც პრემიერმინისტრმა მარშის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ანგარიშში განხილულია ლგბტქი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი სხვა დანაშაულებიც, მათ შორის, აპრილში, ივნისსა და სექტემბერში ტრანსფობიურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის, აპრილში, ლესბოსელი ქალებისა და წყვილების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და სხვა შემთხვევები, რომელთა ძირითად ნაწილთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს დანაშაულის ჩადენის მოტივად დისკრიმინაციული საფუძველი არ განუხილავთ.

ანგარიშში პანდემიური რეალობის ლგბტქი ადამიანზე საზიანო გავლენაზეც არის საუბარი, რომელიც WISG-ის კვლევას ეყრდნობა: აღმოჩნდა, რომ ლგბტქი ადამიანების თითქმის ნახევარს პანდემიის პერიოდში დაბალანსებულ კვებაზე წვდომის პრობლემა შეექმნა; კვლევისას გამოკითხული რესპონდენტების 13%-ს პანდემიის პერიოდში საცხოვრებლის პრობლემა შეექმნა, გამოკითხულთა მესამედს კი ქირის გადახდასთან დაკავშირებით ჰქონდა გართულებები, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას საცხოვრებლის პრობლემის გადასაჭრელად გონივრული გეგმა კვლავაც არ შეუმუშავებია.

ანგარიშში განხილული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გენდერის სამართლებრივად აღიარების ნაწილია, რომელშიც გენდერის სამართლებრივი ცვლილების პირველ პრეცედენტზეა საუბარი, თუმცა ნათქვამია, რომ ოფიციალურ უწყებებს არ აქვთ სამართლებრივი და ადმინისტრაციული წესდება, რომლის საფუძველზეც გენდერის სამართლებრივად აღიარება შესაძლებელი გახდებოდა, გენდერის მარკერის შეცვლა კი მხოლოდ ქირურგიული ჩარევის მტკიცებულებით არის შესაძლებელი.

მალე ეკრანებზე RuPaul-ის კიდევ ერთ რეალითი შოუს ვიხილავთ

/

სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს ეკრანებზე RuPaul-ის კიდევ ერთ რეალითი შოუს ვიხილავთ.

მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, დრეგ ქვინი, სატელევიზიო სენსაცია და ემის არაერთგზის მფლობელი რუპოლი, მიმდინარე წელს ახალ გეიმ შოუს შესთავაზებს მაყურებელს.

თამაში, რომელიც წლის ბოლომდე გამოვა ეკრანებზე, 1987 წლის პოპულარული ბრიტანული შოუს, Lingo-ს რიმეიქია, სადაც მონაწილეები ფაზლის ამოხსნას, ასოების გამოცნობასა და წინადადების შედგენას ცდილობენ.

ჯერჯერობით ახალი შოუს გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ შოუ ამერიკულ საკაბელო არხ CBS-ზე გავა.

2017 წელს ასევე ცნობილი გახდა, რომ ეკრანებზე გამოვა სერიალი Queen, რომელიც მთლიანად 80-იან წლებზე, დრეგ კულტურის აღორძინებასა და რუპოლის გზაზე იქნება. ამასთან ერთად, მიმდინარე წელს დაგეგმილია არაერთი პროექტი რუპოლის მონაწილეობით, მათ შორის: RuPaul’s Drag Race, RuPaul’s Drag Race: All Star, RuPaul’s Drag Race Down Under, RuPaul’s Drag Race: UK VS World, RuPaul’s Drag Race U.K.

რუპოლ ჩარლზი ამერიკელი დრეგ ქვინი, სატელევიზიო სახე და მოდელია, რომელიც ცნობილია თავისი სატელევიზიო რეალითი შოუთი – RuPaul’s Drag Race. მისი კარიერული წინსვლა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როცა დრეგ ქვინმა გამოუშვა სინგლი, სახელწოდებით – Supermodel (You Better Work). დღესდღეობით, რუპოლ ჩარლზი ყველაზე წარმატებული დრეგ ქვინია მთელს მსოფლიოში, რომელსაც არაერთი სატელევიზიო რეალითი შოუ, ემის ნომინაცია და გინესის რეკორდი ეკუთვნის.