თებერვალი 2022 - Page 7

სელენა ბუხაიძე – არ გავქცეულვარ, სიცოცხლე გადავირჩინე

მე ვარ სელენა, 31 წლის ტრანსგენდერი ქალი. მიზანდასახული, შრომისუნარიანი. ქალი, რომელიც არ უშინდება პრობლემებს. ხასიათი არც მძიმე მაქვს, არც მსუბუქი, უბრალოდ, პირდაპირი ვარ, რაც შეიძლება, ბევრს არ მოსწონდეს.

ბავშვობა დეტალურად არ მახსოვს. ქუთაისში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. დედას ხშირად ვაბრაზებდი ხოლმე, წყნარი და მშვიდი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. ძალადობაც გამოვიარე, რომელზეც პირველად ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრე, მაგრამ საკმაოდ მძიმე თემაა და დეტალების გახსენება არ მინდა. Keep Reading

UK vs the World – დრეგ შეჯიბრის საერთაშორისო სეზონი დაიწყო

/

BBC-ზე RuPaul’s Drag Race UK vs The World-ის პრემიერა დღეს შედგა. ახალი საერთაშორისო დრეგ შეჯიბრი შოუს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებს გააერთიანებს, რომელთაც შოუს განმავლობაში სხვადასხვა ნიჭის გამოვლენა, დასამახსოვრებელი სამოსის სცენაზე წარდგენა და ლიფ სინქ ბრძოლებში მონაწილეობა მოუწევთ.

საერთაშორისო დრეგ შეჯიბრის პირველი სეზონის მასპინძელი დიდი ბრიტანეთია, რომელსაც ბაგა ჩიფზი, შეროლ ჰოული და ბლუ ჰაიდრენჯა წარადგენენ, გარდა ამისა, შოუში იხილავთ მო ჰართსა და შეჯიბრის არაერთგზის მონაწილე ჯუჯუბის აშშ-დან, ჯიმბოს და ლემონს კანადიდან, ჯანეი ჯაკეის ნიდერლანდებიდან და დრეგ რეის ტაილანდის ჟიურის წევრს, ფენჯაინა ჰილსს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო სეზონის მასპინძელი სხვა ქვეყანა იქნება და შოუს ევროვიზიის ფორმატი ექნება, რაც იმას გულისხმობს, რომ მიმდინარე სეზონის გამარჯვებული ქვეყანა მომდევნო მასპინძელის როლში მოგვევლინება.

შოუს ჟიურის წევრებიც ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები იქნებიან: რუპოლი, მიშელ ვისაჟი, ალან კარი და გრეემ ნორტონი, თუმცა ქვინების ბედს კონკრეტული ეპიზოდის საუკეთესო დრეგ შემსრულებელი მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც საუკეთესო შედეგის მქონე ორ ქვინს შორის ლიფ სინქ შეჯიბრი მოეწყობა.

ფოტო: BBC

სალი მილერ გეარჰარტი – ლესბოსელი აქტივისტი და ლგბტქი უფლებების დამცველი

ამერიკელი მასწავლებელი, ფემინისტი, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი სალი მილერ გეარჰარტი 1931 წლის 15 აპრილს დაიბადა სარა მილერ გეარჰარტისა და კაილ მონტეგი გეარჰარტის ოჯახში.

Keep Reading

ბისექსუალი კუ ჯონათანი მსოფლიოში ყველაზე ხნიერი არსებაა

„გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით, კუ ჯონათანი 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე ხნიერი არსების ტიტულს მიიღებს.

 

კუ ჯონათანი, რომელსაც 2022 წელს 190 წელი შეუსრულდება ყველაზე ხნიერი არსებაა ჩვენს მიწაზე. აქამდე ამ ტიტულს კუ ტუ’ი მალილა ფლობდა, რომელიც 188 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კუ ჯონათანი ატლანტის ოკეანეში მდებარე წმინდა ელენეს კუნძულზე 1882 წლიდან ცხოვრობს. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ 1882 წელს, როცა ის წმინდა ელენეს კუნძულზე იპოვეს, დაახლოებით 50 წლის იყო.

ჯონათანის მომვლელის თქმით, გიგანტურ კუს თავისი ასაკის გამო უკვე მთლიანად დაკარგული აქვს მხედველობა და ყნოსვის უნარი თუმცა ამის მიუხედავად, მის საყვარელ  აქტივობაში მაინც შედის ჭამა, ძილი და სექსი.

 

კუნძულზე ჯონათანთან ერთად კიდევ სამი გიგანტური კუ, ფრედერიკი, ემა და დეივიდი ბინადრობენ.

31 წლის კუ ფრედერიკი ჯონათანის სექსუალური პარტნიორია, რომელსაც 2017 წლამდე ფრედერიკას სახელით იცნობდნენ, თუმცა ნიჟარის დაზიანების შემდეგ ვეტერინარმა აღმოაჩინა, რომ ფრედერიკა სინამდვილეში მამრობითი სქესის იყო.

 

ფრედერიკი არ არის ჯონათანის ერთადერთი სექსუალური პარტნიორი, როგორც კუნძულ ელენას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ჯონათანი პოლიგამიურ ურთიერთობაში იმყოფებოდა კუნძულზე მცხოვრებ მესამე გიგანტურ კუ ელენასთან.

 

 

 

 

ემჯეი როდრიგესი – ოქროს გლობუსის მფლობელი პირველი ტრანსგენდერი ქალი

9 იანვარს კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოება გაიმართა. ისტორიაში პირველად, ოქროს გლობუსი სატელევიზიო შოუში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ტრანსგენდერ მსახიობ, ემჯეი როდრიგესს გადაეცა.

 

ემჯეი როდრიგესს ოქროს გლობუსი რაიან მერფის გახმაურებულ სერიალ Pose-ში შესრულებული როლისთვის გადაეცა. სერიალში 31 წლის მსახიობი ექთანი ბლანკას როლს ასრულებს, რომელიც აივ/შიდსის ეპიდემიის დროს ინფიცირებულ პაციენტებს უწევს დახმარებას.

ისტორიულ გამარჯვებას მსახიობი ინსტაგრამის პოსტით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამარჯვება ერთგვარი კარია, რომელიც დღეიდან უკვე მრავალი ნიჭიერი ადამიანისთვისაა ღია – „ისინი დაინახავენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ისინი დაინახავენ, რომ ახალგაზრდა ფერადკანიანი ლათინო გოგონა ნიუ ჯერსიდან, რომელიც ოცნებობდა, შეეცვალა ადამიანების გონება, შეცვლის მას სიყვარულით. სიყვარული იმარჯვებს. ეს გამარჯვება ყველა ლგბტ+ ადამიანს ეძღვნება. ჩვენ აქ ვართ, კარი ღიაა, მიწვდით ვარსკლავებს!!!!”

 

ემჯეი როდრიგესთან ერთად, ოქროს გლობუსისთვის იბრძოდნენ: უზო ადუბა, ჯენიფერ ენისტონი, ქრისტინ ბარანსკი და ელიზაბეტ მოსი.

 

ამასთან ერთად, ემჯეი როდრიგესი პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მსახიობია, რომელიც გასულ წელს Emmy-იზე იყო ნომინირებული.

გახმაურებული სერიალი Pose 2018 წელს გამოვიდა ეკრანებზე და 80-იან წლებში ნიუ-იორკში მცხოვრები ტრანსგენდერი და ლგბტ+ ადამიანების ცხოვრებაზე გვიამბობს. სერიალში დიდი ადგილი ეთმობა ბოლრუმის კულტურასა და აივ/შიდსის ეპიდემიას.

 

 

 

ლონდონში მსოფლიოში პირველი ნაციონალური ლგბტქ+ მუზეუმი გაიხსნება

/

ლონდონში პირველი ნაციონალური ლგბტქ+ მუზეუმი გაიხსნება. ინფორმაცია საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქვიარ ბრიტანეთმა“ სულ ახლახანს გაავრცელა. მუზეუმი კინგ ქროსის რაიონში აშენდება და ის მსოფლიოში პირველი ლგბტქ+ ნაციონალური მუზეუმიც იქნება.

 

მუზეუმი იქნება ერთგვარი პატივის მიგება ისტორიების, ადგილებისა და ადამიანების, რომლებმაც ფუნდამენტალური წვლილი შეიტანეს დიდი ბრიტანეთის ქვიარ საზოგადოების მხარდაჭერასა და გაძლიერებაში.



ამასთან ერთად, ეს იქნება უსაფრთხო სივრცე, სადაც არტისტებს, განურჩევლად გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის, თავიანთი წვლილის შეტანა შეეძლებათ, ხოლო მუზეუმის დამთვალიერებლებს – ქვიარ კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობა.

 

მუზეუმის სივრცეში იქნება ოთხი გალერეა, სახელოსნო, საგანმანათლებლო სივრცეები, საჩუქრების მაღაზია და საოფისე სივრცეები მუზეუმის თანამშრომლებისთვის. ამასთან ერთად, მუზეუმი მორგებული იქნება შშმ პირების საჭიროებებს.

მუზეუმის გახსნაზე მუშაობა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქვიარ ბრიტანეთმა“ 2018 წელს დაიწყო. მათ სურდათ შეექმნათ სივრცე, რომელიც პატივს მიაგებდა ყველა თაობის ქვიარ ადამიანის შრომას და დამსახურებას.

იდეის განხორციელებაში „ქვიარ ბრიტანეთს“ Art Fund დაეხმარა, რომელიც 1903 წლიდან ეწევა ქველმოქმედებას. მუზეუმის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა განცხადებაში წერია, რომ მუზეუმის დათვალიერება სტუმრებს უფასოდ შეეძლებათ.

 

ვოგის ყოფილი რედაქტორი ანდრე ლეონ ტალი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

18 იანვარს ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოდის სამყაროს გავლენიანი პირი, ანდრე ლეონ ტალი გარდაიცვალა.

 

73 წლის მოდის კრიტიკოსი და ვოგის ყოფილი რედაქტორი ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა და ბავშვობიდან მოდით იყო დაინტერესებული. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბრაუნის უნივერსიტეტში, ფრანგული ლიტერატურის მიმართულებით ჩააბარა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ლეონ ტალიმ სტაჟირება ვოგის ასევე ლეგენდარულ დირექტორთან, დაიანა ვრილანდთან დაიწყო MoMA-ში. მუზეუმის შემდეგ მოდის ახალგაზრდა კრიტიკოსმა ენდი ვორჰოლის ჟურნალში გადაინაცვლა, შემდეგ კი Women’s Wear Daily-ში. მას შემდეგ, რაც სამუშაო გამოცდილება დააგროვა, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი კარიერა მოდის ისეთ გავლენიან დიზაინერებს დაუკავშირდა, როგორებიც Karl Lagerfeld და Yves Saint Laurent არიან.

 

მის კარიერაში გარდამტეხი 80-იანი წლების მიწურული იყო, როცა ის ანა ვინტურთან ერთად უძღვებოდა ყოველთვიურ ჟურნალ Vogue-ს. მოდის ისტორიკოსების შეფასებით, ეს საუკეთესო წლები იყო ჟურნალის ისტორიაში.

ანდრე ლეონ ტალიმ ერთი წელი Numero Russia-ს რედაქტორადაც იმუშავა, თუმცა რუსეთის ანტი-ლგბტ კანონის გამო, მან საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

 

ანდრე ლეონ ტალიმ სიცოცხლეში ორი მემუარი დაწერა, რომელშიც მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებს. ის მიშელ და ბარაკ ობამების პირად სტილისტადაც მუშაობდა.

 

 

დელევინის თქმით, ბავშვობაში ქვიარობის გამო თავს იზოლირებულად გრძნობდა

კარა დელევინი ბოლო წლებში საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე ღიად საუბრობს და პანსექსუალად იდენტიფიცირდება. მოდელი, მსახიობი და აქტივისტი 2020 წელს, Variety-სთან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ ბავშვობას იხსენებდა და ამბობდა – „სიამაყე ის გრძნობაა, რომელიც ბავშვობაში საერთოდ არ მქონდა“.

ახლახან The Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ქვიარ ადამიანისთვის, ბავშვობა რთული იყო.

„მოზარდობაში თავს იზოლირებულად ვგრძნობდი, რადგან ქვიარი ვიყავი, ხშირად საკუთარ გრძნობებში გარკვევა მიჭირდა. ჩემი დები მუდამ მხარს მიჭერდნენ, მაგრამ თვითშეცნობა ის პროცესი იყო, რომელიც მარტოს უნდა გამევლო. ისევ ამ მოგზაურობაში ვარ და მთელი ცხოვრება ასე გავაგრძელებ“, – გაიხსენა მოზარდობა მოდელმა და მსახიობმა.

დელევინი თავს მეამბოხედ მიიჩნევს და ადრინდელისგან განსხვავებით, როცა აღნიშნა, რომ სამოდელო ინდუსტრიაში მუშაობისას ნაკლები მიმღებლობა და მოძველებული მორალი ჰქონდა, ახლა თავს ბევრად გახსნილად თვლის.

„პირველ რიგში, ყოველთვის მეამბოხე ვიყავი, რომელიც წესებს არღვევდა და მათ ყოველთვის კრიტიკულად უდგებოდა. სიტყვა „თავხედი“ მიყვარს, რადგან ჩემთვის ადამიანს აღნიშნავს, რომელიც ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. როგორც მოდელი, ვფიქრობდი, რომ როლს ვასრულებდი, რაღაც სტანდარტებზე მორგებას ვცდილობდი, მაგრამ სამსახიობო კარიერამ ემოციებთან გამკლავების უნარი მომანიჭა“, – აღნიშნა საუბრის დასასრულს კარამ.

წყარო: L’officiel

ფოტო: Beau Grealy / Vogue

KITZ – ნეტფლიქსის ახალი ქვიარ სერიალი

ნეტფლიქსის პლატფორმაზე ახალი გერმანულენოვანი სერიალი KITZ დაემატა.

სერიალი ტრილერის ჟანრისაა და მოქმედება ავსტრიის სათხილამურო კურორტ Kitzbühel-ზე ხდება. სერიალის მთავარი გმირი 19 წლის მიმტანი ლიზია, რომელიც ძმის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, გადაწყვეტს, ინსტაგრამის მდიდარ მოდელს, ვანესას დაუმეგობრდეს, რათა მისი ძმის გარდაცვალების მიზეზი გაარკვიოს.

როგორც სერიალის ტრეილერიდან ვიგებთ, ის გლამურული წვეულებებით, საიდუმლოებით, ინტრიგებითა და შურისძიებითაა სავსე.

ამასთან ერთად, სერიალი ძალიან ჩამოჰგავს ლეგენდარულ „ჭორიკანას“ და ბოლო დროის გახმაურებულ „ელიტას“.

სერიალში ქვიარ პერსონაჟებსაც შევხვდებით – ჰანსი, ლიზის საუკეთესო მეგობარი, გეი ფერმერია. ის ლიზის შურისძიებასა და მდიდარი თინეიჯერების დამარცხებაში ეხმარება, თუმცა, როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, შესაძლოა, მას ერთ-ერთი თინეიჯერის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაუჩნდეს.

ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა სერიალი, თუმცა პირველი სეზონის 6 სერია უკვე ხელმისაწვდომია ნეტფლიქსის პლატფორმაზე.