თებერვალი 2022 - Page 5

რუსეთის ხელისუფლებამ ლგბტქი უფლებებისთვის მებრძოლი წამყვანი ორგანიზაციის დახურვა სცადა

რუსეთის ხელისუფლების მიერ მომზადებული სარჩელი რუსული ლგბტქი ორგანიზაციის ბედს ეჭვქვეშ აყენებს, რადგან, ადვოკატების აზრით, აღნიშნული მცდელობა მხოლოდ „პირველი ნაბიჯია“.

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ყველაზე დიდი და გავლენიანი ლგბტქი უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაციის შეჩერება წარუმატებლად სცადა, მაგრამ უფლებადამცველთა აზრით, ხელისუფლება მცდელობას არ შეწყვეტს.

პეტერბურგის სასამართლომ რუსეთის იუსტიციის  სამინისტროს მიერ მომზადებული სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. სარჩელი რუსულ ლგბტქი ორგანიზაციას ქვიარ მოსაზრებების გავრცელებაში სდებდა ბრალს, რომლებიც „ტრადიციულ ღირებულებებს“ ეწინააღმდეგება. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ იმ გაერთიანების „ლიკვიდაცია“ სურდათ, რომელიც ლგბტქი ორგანიზაციის მართავს.

ტანია ლოკშინამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნაა მოსალოდნელი.

„ახლო მომავლის პერსპექტივაში ეს სიახლე კარგია. მათი პირველი ნაბიჯი კრახით დასრულდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შეჩერდებიან. აღნიშნული შემთხვევა რუსეთში მიმდინარე პროცესებს ასახავს, რაც დამოუკიდებელი, თავისუფალი ხმის ჩახშობის მცდელობებს გულისხმობს.” – აღნიშნა ლოკშინამ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ლოკშინას თქმით, ჟურნალისტები და ლგბტქი აქტივისტები რუსეთის ხელისუფლების მთავარი სამიზნე არიან, რომელთაც რუსული საზოგადოების დასუსტებისა და დესტაბილიზაციის მიზნით გარედან მოსულ „უცხოპლანეტელებად“ აღიქვამენ. ლოკშინამ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ლგბტქი ქსელი და მისი მმართველი ჯგუფი – Sphere Foundation, რუსეთში უცხო ქვეყნის ჯაშუშებად არიან შერაცხული.

„თუ გეი ხარ და მალავ, ხმას არ იღებ… მისაღებია, მაგრამ თუ საუბარს გადაწყვეტ… ეს სერიოზულ პრობლემად იქცევა. რუსეთის ხელისუფლება ტოლერანტული დადუმებული გეი ადამიანების მიმართაა.” – აღნიშნა ლოკშინამ.

რუსული ლგბტქი ქსელი ქვეყნის ანტი-ლგბტქი ქმედებებისა და კანონმდებლობის წინააღმდეგ მოქმედი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ისეთ ქმედებებს აპროტესტებდა, როგორიც, მაგალითად, ანტი-გეი დანაშაულებია ჩეჩნეთში.

„რუსეთის ხელისუფლების ხედვით, ჩვენი ქმედებები ტრადიციული ღირებულებების იდეას ეწინააღმდეგება, მაგრამ მიუხედავად პოლიტიკური კლიმატისა, ლგბტქი ადამიანები არსებობენ. დანებებას არ ვაპირებთ, ხელისუფლება ვერ შეგვაჩერებს. არ ვეთანხმებით ხელისუფლების მტკიცებას, რომ ლგბტქი ადამიანების დახმარების მცდელობა, “ქველმოქმედების” ჩარჩოს სცდება. ლგბტქი ადამიანები ამ ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ყველა დანარჩენი და თანასწორ უფლებებსა და თავისუფლებებს იმსახურებენ.” – აღნიშნა დილია გაფუროვამ,  Sphere Foundation-ის სპიკერმა.

გაფუროვას თქმით, ხელისუფლების ბოლო მცდელობა უფრო მეტად ჰგავს ლგბტქი აქტივიზმის ტაბუდ გამოცხადების სურვილს.

წყარო: NBC News

ნატა მაჭარაშვილი – რთულია, იცხოვრო იქ, სადაც ჰომოფობია მძვინვარებს

რთულია, იყო ტრანსგენდერი, მით უმეტეს, საქართველოში. ვერ შოულობ სამსახურს, ქუჩაში შენს ნებაზე ვერ გადაადგილდები, ელემენტარულად, მარკეტში არ შეგიძლია შესვლა. ტრანსპორტით საერთოდ ვერ მგზავრობ, მუდმივად ტაქსით სარგებლობა და ყოველ ჯერზე ორმაგი ფულის გადახდა გიწევს. მშვიდად ვერ იქნები, არ იცი, ვინ დაგესხმება თავს. რთულია, იცხოვრო იქ, სადაც ჰომოფობია მძვინვარებს.

მე ვარ ნატალია მაჭარაშვილი, 26 წლის ტრანსგენდერი ქალი. წარმოშობით იმერეთიდან ვარ, საჩხერის რაიონიდან. გავიზარდე ძალიან კარგ ოჯახში, მყავდა შესანიშნავი სამეზობლო. ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში მივხვდი, რომ არ ვიყავი მამაკაცი. პატარაობიდანვე მეტყობოდა, რომ სხვებისგან განვსხვავდებოდი. ამაზე გართულება არც ოჯახის წევრებს ჰქონდათ და არც ნაცნობებს, რადგან პატარა ვიყავი, ფიქრობდნენ, რომ ეს ბავშვური გატაცება იყო. ვცხოვრობდი ერთ პატარა, ძალიან ლამაზ სოფელში, კორბოულში, ჩემს დასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად. ბავშვობაში სირთულეები არ გამომივლია, ხანდახან თუ დამიძახებდნენ ხოლმე „ქეთინოს“, რაც ჩემში გაღიზიანებას იწვევდა. სხვათა შორის, არც სკოლაში გამომივლია რთული პერიოდი. შესანიშნავი პედაგოგები და კლასელები მყავდა. იშვიათად თუ გააკეთებდნენ კომენტარს ჩემს მანერებზე, რადგან ბიჭივით არ დავდიოდი, ქალური სიარული მქონდა.

6 წლის ასაკიდან დავიწყე საკუთარი თავის აღმოჩენა. ჩემი კლასელი მიყვარდა, რა თქმა უნდა, ბიჭი. ამ დროიდან მოყოლებული, უკვე ვიცოდი, რომ გოგოები არ მაინტერესებდა. სულიერად ვგრძნობდი, რომ ქალი ვიყავი და მხოლოდ გარეგნულად ვგავდი მამაკაცს. პატარა ვიყავი და მაშინ არ მქონდა იმის საშუალება, საკუთარი თავი ბოლომდე გამომეხატა. ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა მინდოდა, ან რისი გაკეთება მსურდა. სახლში მარტო ყოფნის დროს, ქალის ტანსაცმელებსა და ფეხსაცმელში გამოწყობა, მანიკურის წასმა და იმის კეთება შემეძლო, რაც სიამოვნებას მანიჭებდა.

როდესაც წამოვიზარდე და უკვე დამოუკიდებლად ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება შემეძლო, 14 წლის ვიყავი და თბილისში წამოვედი, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. გავხდი ტრანსგენდერი ქალი, რომლად ყოფნაც მსიამოვნებდა. დავიწყე ქალის ტანსაცმლის, სუნამოებისა და ყველანაირი ნივთის გამოყენება.

საჯარო ქამინგაუთი 16 წლის ასაკში გავაკეთე, ერთ-ერთ ქართულ გადაცემაში ვიყავი მისული და ამის საშუალებით, ყველამ გაიგო ჩემი იდენტობის შესახებ. ეს იყო პირველი დიდი ნაბიჯი – მინდოდა, ყველას გაეგო ვინ ვიყავი და აღარ მსურდა დამემალა ჩემი ცხოვრების შესახებ. ძნელი იყო, მაგრამ არც იმ ადამიანად ყოფნა მინდოდა, რომელიც რეალურად არ ვარ. რა თქმა უნდა, ამის გამო ჩემიანებს პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ, ორი წელიწადი არ მელაპარაკებოდნენ, მაგრამ დღესდღეობით, ნათესავების ჩათვლით და მამაჩემის გარდა, ყველასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს.

საქართველოდან წამოსვლას რაც შეეხება, საკმაოდ რთული იყო. განსაკუთრებით, უცხო გარემოსთან ადაპტაცია. რაღაც მომენტში ქუჩაში დარჩენაც მომიწია, რადგან ბინას ვერ ვქირაობდი. რთული დღეები გავიარე, მაგრამ შემდეგ გავიცანი ტრანსგენდერი ქალები, რომლებმაც ყველაფერში ხელი შემიწყვეს.

საქართველოში ცხოვრება ადამიანებს უჭირთ, ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ლგბტქი თემის წევრებზე ვსაუბრობთ თუ ჰეტეროსექსუალებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვიარებისთვის უფრო რთულია. მათ ბევრი დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა უწევთ. მაგალითისთვის, საავადმყოფო რომ ავიღოთ, სანამ გაიგებენ, რომ ტრანსგენდერი ქალი ხარ, ჩვეულებრივად გექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ გაგების შემდეგ დამოკიდებულება წამებში იცვლება, ყურადღებას აღარ გაქცევენ. იგივე სიტუაციაა პოლიციასთან მიმართებაშიც, მქონია შემთხვევა, როცა გამოძახებულ ეკიპაჟს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია მომხდარ დანაშაულზე. ვერ იხდი ქირას, ვერ მუშაობ. მქონდა შემთხვევა, მეპატრონემ ბინიდანაც გამომაგდო, როდესაც ჩემ შესახებ შეიტყო. გამომაგდო, რადგან ტრანსგენდერი ქალი ვიყავი. ზოგიერთს სექსმუშაკად უწევს მუშაობა, რომ საჭმლის ფული ჰქონდეს და არსებობა შეძლოს. აქ ცხოვრებაზე საერთოდ არ არის საუბარი, ცხოვრება კიდევ სულ სხვა რამეა. საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით კარგი არაფერი მახსენდება, ალბათ, რომ იყოს ასეთი ეპიზოდებიც, უცხო ქვეყანაში არ წამოვიდოდი. სულ ნერვიულობა მიწევდა ნებისმიერ საკითხზე, სულ რაღაცას განვიცდიდი.

საქართველოს დატოვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს  სამყარო გადატრიალდა. ემოციებს ვერ ვმალავ ისეთ კარგ ქვეყანაში მოვხვდი, ბელგიაში. აქ სიმშვიდეა. არავინ გირტყამს, არავინ გაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეალურად, არავის აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, მთავარია, ადამიანურად და ზრდილობიანად მოქცევა შეგეძლოს. შედარებაც არ არის საქართველოსთან. აქ სკოლაში დავდივარ, ვსწავლობ. ძალიან კარგი კლასელები მყავს, ასაკით დიდებიც არიან, 50 წლამდე და მშვენიერი პედაგოგები. ვცდილობ, კარგად ვისწავლო, არც სამუშაოს მხრივ არის პრობლემა. ხანდახან ქუჩაში გასვლისას, მავიწყდება ტრანსგენდერი ქალი რომ ვარ, უბრალოდ, ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავის საქმეებზეა გამოსული.

საქართველოში იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ ეკლესია მიიღებს ჩვენნაირ ადამიანებს და მხარს დაგვიჭერს, უარს იტყვის ძალადობაზე. რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში მირჩევნია ცხოვრება, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მთავარია, ამის შესაძლებლობა იყოს. საქართველო თუკი შეიცვლება, დაბრუნებაზე უარს არავინ იტყვის.

მინდა, პირველ რიგში,  მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ გაუკეთებიათ ქამინგაუთ – ნურაფრი შეეშინდებათ, საკუთარი თავი მიიღონ და უფრო კარგად იგრძნობენ თავს, ნუ იქნებიან ჩაკეტილები. რთული პერიოდის გავლა მოუწევთ, მაგრამ ყველაფერი გადალახვადია და ეს არ დაავიწყდეთ.

ქვიარ სერიალები, რომლებიც თებერვალში გამოვა ეკრანებზე

გთავაზობთ თებერვლის თვის ქვიარ სერიალებს, რომლებიც უკვე გამოვიდა ეკრანებზე ან თვის ბოლომდე გამოვა.

 

‘RuPaul’s Drag Race: UK Versus the World’ – 1 თებერვალი

რუპოლის დრეგ ქვინების შეჯიბრმა ახალი მასშტაბი შეიძინა. 1 თებერვალს ბრიტანულ ტელეარხ BBC-ზე ”UK Versus the World”-ის პრემიერა შედგა. შოუში სხვადასხვა ქვეყნის დრეგ ქვინები იღებენ მონაწილეობას. ისინი სახალისო დავალებების შესრულებით ფულადი პრემიის და მსოფლიოში საუკეთესო დრეგ ქვინის ტიტულის მოპოვებას ცდილობენ.

შოუში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის (ინგლისი, ირლანდია, ჰოლანდია, კანადა, ამერიკა, ტაილანდი) 9 დრეგ ქვინი იღებს და როგორც ცნობილია, შოუს შემდეგი სეზონი იმ ქვეყანაში გაიმართება, რომელი ქვეყანაც მიმდინარე სეზონში გაიმარჯვებს.

 

Pam & Tommy – 2 თებერვალი

Pam & Tommy კიდევ ერთი ახალი სერიალია, სადაც მოქმედება 1990-იან წლების ამერიკაში ვითარდება და პამელა ანდერსონის და მისი ქმრის, ტომი ლის, სექს სკანდალის შესახებ გვიამბობს. სერიალში ცენტრალურ ფიგურად ყოფილი პორნოვარსკლავი (სეთ როგენი) გვევლინება, რომელიც ცნობილი წყვილის თაფლობისთვის ვიდეოკასეტას მოიპარავს და გაავრცელებს.

სერიალის პირველი სამი სერია უკვე გამოვიდა მცირე ეკრანებზე და მასში მთავარ როლებს ლილი ჯეიმსი, სებასტიან სტანი და სეთ როგენი ასრულებენ.

 

Dollface – 11 თებერვალი

Dollface ამერიკული სერიალია, რომელიც ჯულს ვაილის და მისი სამი მეგობარი ქალის ისტორიას გვიამბობს. ხანგრძლივი ურთიერთობის დასრულების შემდეგ სერიალის მთავარი პერსონაჟი ჯულსი გადაწყვეტს, ახალი ცხოვრება დაიწყოს და აღადგინოს ურთიერთობები ძველ მეგობრებთან.

სერიალი, რომელიც ქალების მეგობრობის და ქალური სოლიდარობის უპირატესობებსა და სირთულეებზე გვიამბობს, მეორე სეზონით ბრუნდება და მასში მთავარ როლებს კეტ დენინგსი, ბრენდა სონგი და შეი მიჩელი ასრულებენ.

 

Inventing Anna – 11 თებერვალი

Inventing Anna ნეტფლიქსისა და შონდა რაიმსის კიდევ ერთი საერთო პროექტია, რომელიც ნამდვილ ამბებს ეფუძნება და ცნობილი თაღლითის, ანნა სოროკინას ამბავს გვიამბობს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იტყუებოდა, რომ მდიდარი მემკვიდრეა და ამ გზით ნიუ-იორკის ელიტარულ საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნას და თაღლითობას ცდილობდა.

სერიალი, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ტრანსგენდერი მსახიობი ლავერნ კოქსიც ასრულებს, 11 თებერვალს გამოვა ეკრანებზე.

 

The Marvelous Mrs. Maisel – 18 თებერვალი

გახმაურებული ამერიკული სერიალ The Marvelous Mrs. Maisel, რომლის პრემიერაც 2017 წელს შედგა, სულ მალე მეოთხე სეზონით დაბრუნდება ეკრანებზე. სერიალში მოქმედება გასული საუკუნის 50-იან 60-იან წლებში ვითარდება და გვიამბობს მირიამ მეისელის ისტორიას, რომელიც კომედიანტობას გადაწყვეტს.

ოქროს გლობუსის და ემის არაერთგზის მფლობელი სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 18 თებერვალს შედგება და ყოველკვირეულად ორი სერია განთავსდება Amazon Prime-ის ვებგვერდზე.

 

The Proud Family: Louder and Prouder – 23 თებერვალი

The Proud Family Disney Channel-ის 2001 წლის სერიალია, რომლის 2 სეზონიც უკვე იხილა მაყურებელმა. The Proud Family: Louder and Prouder ანიმაციური სერიალის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელშიც 16 წლის პენი პრაუდის და მისი ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი.

სერიალის გაგრძელებაში ახალ პერსონაჟებს, გეი მამაკაცების ოჯახსაც შევხვდებით, რომელთა როლსაც Pose-ის მსახიობი ბილი პორტერი და ზაქარი ქუინტო ახმოვანებენ.

 

Killing Eve – 27 თებერვალი

Killing Eve BBC გახმაურებული ამერიკული სერიალია, რომელიც სულ მალე დაბრუნდება უკანასკნელი, მეოთხე სეზონით. სერიალი დაქირავებული მკვლელის, ვილანელის და გამომძიებელი ევა პოლასტრის რთულ და კომპლექსურ ურთიერთობაზე გვიამბობს.

სერიალი, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი სატელევიზიო ჯილდო აქვს მოპოვებული, ლუკ ჯენინგსის ამავე სახელწოდების დეტექტიური ჟანრის წიგნს ეფუძნება.

 

Better Things – 28 თებერვალი

Better Things კიდევ ერთი სერიალია, რომელიც წელს უკანასკნელი სეზონით დაგვიბრუნდება. სერიალი მარტოხელა დედის, სემ ფოქსის და მისი სამი ქალიშვილის ისტორიას გვიამბობს, რომლებიც ლოს ანჯელესში ცხოვრობენ.

სერიალი შავი კომედიის და დრამის ჟანრს განეკუთვნება და მისი ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი სემის ნაბოლარა გოგონას გარშემო ვითარდება, რომელიც სეზონების განმავლობაში საკუთარ გენდერულ და სექსუალურ იდენტობაში გარკვევას ცდილობს.

შანტალ უონგი – პირველი აზიელ-ამერიკელი ლესბოსელი ქალი, რომელიც ელჩის პოზიციაზე დაინიშნა

/

შანტალ უონგი, რომელიც „აზიის განვითარების ბანკის“ დირექტორია, გახდა პირველი ლესბოსელი ქალი და, ზოგადად, ლგბტქი ადამიანი, რომელიც ქვეყანას ელჩის რანგში მოემსახურება.

Keep Reading

10 ქვიარ ფილმი, რომელიც ვალენტინობის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ

დღეს ვალენტინობაა და ალბათ, ყველანი ვფიქრობთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად, როგორ და სად გავატაროთ ეს დღე. ვალენტინობის სახლში აღნიშვნა ზოგისთვის არჩევანია და ზოგს ასე მოგვიწევს სავალდებულო იზოლაციისა თუ სხვა მიზეზების გამო. სახლში გატარებულ ვალეტინობას კი ერთი-ორი ქვიარ მელოდრამა ნამდვილად მოუხდებოდა.

ამიტომ წარმოგიდგენთ 10 ქვიარ ფილმს, რომელიც შეიძლება არ გინახავთ ან შეგიძლიათ, თავიდან უყუროთ.

 

Carol (2015) – ქეროლი (2015)

Carol - Movie Review - The Austin Chronicle

2015 წლის ცნობილი ფილმი “Carol ” ერთ-ერთ საკულტო ქვიარ ფილმად ითვლება და ამ სიაში მისი არყოფნა წარმოუდგენელიც კია. სიუჟეტი ქეროლისა და ტერეზის ურთიერთობის გარშემო 1950-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და ერთ-ერთი პირველი ქვიარ ავტორის, პატრისია ჰაისმიტის 1952 წლის რომანის – ,,მარილის ფასის’’ ეკრანიზაციაა. მელოდრამებისა და საინტერესო პლოტის მოყვარულებს ან უბრალოდ, ქეით ბლანშეტის ფანებს, თუ ფილმი ჯერ არ გინახავთ, ნამდვილად მოგეწონებათ. 

 

 

Tru Love (2013) – ნამდვილი სიყვარული (2013)

Tru Love (2013) - IMDb

Tru Love” 2013 წლის კანადური ფილმია, რომელიც თრუსა და ელისის ულამაზესი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს და კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ სიყვარული უსაზღვრო ცნებაა, რომელიც არანაირ ჩარჩოს, მათ შორის, ასაკობრივ განსხვავებას, არ ცნობს.

 

Maurice (1987) – მაურისი (1987)

Maurice (James Ivory, 1987)

Maurice” 1987 წლის ბრიტანული მელოდრამაა, რომელიც 1988 წელს კინოაკადემიის დაჯილდოებაზე იყო წარდგენილი. სიუჟეტი 1971 წლის ამავე სახელწოდების მოთხრობაზეა დაფუძნებული, მთავარ როლებს კი ცნობილი ბრიტანელი მსახიობები ჯეიმს უილბი და ჰიუ გრანტი ასრულებენ. ამიტომ თუ 80-იანი წლების ფილმები ან ინგლისური რომანტიკული დრამა გიზიდავთ, “Maurice” აუცილებლად მოგეწონებათ. 

 

კომეტები (2019) – Comets (2019)

Article main image

2019 წელს გამოსული თინათინ შავგულიძის ფილმი “კომეტები” ერთ-ერთი პირველი ქართული ქვიარ ფილმია. მთავარი როლის შემსრულებლებს, ნინო კასრაძესა და ქეთევან გეგეშიძეს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. სიუჟეტი სწორედ ამ ორი პერსონაჟის სიყვარულის გარშემო ვითარდება და ძალიან კარგი არჩევანია ვალენტინობის საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად.

 

Cloudburst (2011) – თავსხმა (2011)

Cloudburst (2011) - IMDb

“Cloudburst” 2011 წლის ულამაზესი ამერიკული ფილმია, რომელიც ორი ქალის, სტელასა და დოტის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და მაყურებელს მათთან ერთად ამოგზაურებს ამერიკა-კანადის გზაზე, სადაც წყვილი ქორწინების დაკანონებას ცდილობს. ულამაზესი კადრები, საუნდტრეკები და ამაღელვებელი სიყვარულის ამბავი ვალეტინობის საღამოს აუცილებლად სასიამოვნოდ გაგატარებინებთ და ვინ იცის, შეიძლება, ერთი-ორჯერ აგატიროთ კიდეც.

 

God’s Own Country (2017) – ღვთის მიწა (2017)

God's Own Country review – passion in the Pennines | Drama films | The Guardian

God’s Own Country კიდევ ერთი ბრიტანული მელოდრამაა, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. სიუჟეტი იორკშირელი ჯონისა და რუმინელი ემიგრანტის, გეორგეს ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს და ვალენტინობის საღამოს მშვიდად გატარებაში დაგეხმარებათ.

 

The Incredibly True Adventures of Two Girls in Love (1995) – ორი გოგონას ამაღელვებელი სიყვარულის ნამდვილი ამბავი (1995)

THE INCREDIBLY TRUE ADVENTURE OF TWO GIRLS IN LOVE - 2021 Outfest Los Angeles Film Festival

The Incredibly True Adventures of Two Girls in Love” ამერიკული ფილმია, რომელიც 1995 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ორი თინეიჯერის სიყვარულის გარშემო ვითარდება და კლასიკურ 90-იანების ფილმებს ბევრჯერ მოგაგონებთ.

 

Holding the Man (2015) – არ გაუშვა (2015)

Watch Holding the Man | Netflix

2015 წლის ავსტრიული მელოდრამა “Holding the Man” ავსტრიელი მსახიობისა და აქტივისტის, ტიმოთრი კონიგრეივის მემუარებზე არის დაფუძნებული. სიუჟეტი ტიმოთისა და ჯონის ურთიერთობის გარშემო ვითარდება და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, 1980-იანების აივ/შიდსის ეპიდემიას ეხება და საკმაოდ ემოციური საყურებელია, ამიტომ თუკი ცრემლების არ გეშინიათ, “Holding the Man” ველენტინობის საღამოსთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.

 

The Kids Are All Right (2010) – ბავშვები კარგად არიან (2010)

The Kids Are All Right

The Kids Are All Right ” 2010 წლის ოჯახური დრამაა, რომელშიც მთავარ როლებს ჯულიანა მური და ანეტ ბენინგი ასრულებენ. ფილმი იმ სირთულეებზე ფოკუსირდება, რომლებსაც ქვიარ ოჯახები აწყდებიან ხოლმე და პარალელურად ნიკოლისა და ჯულსის ულამაზეს და დაბრკოლებებით სავსე ურთოერთობაზეც გვიამბობს.

 

Imagine me and you (2015) – წარმოიდგინე ჩვენი თავი ერთად (2015)

Imagine me and you | Luce & Rachel | fan_olsentwins | Flickr

Imagine me and you” 2015 წლის ბრიტანული ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ლინა ჰედი და პაიპერ პერადო ასრულებენ. ფილმი რეიჩელისა და ლუსის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც წინ არაერთი სირთულე ხვდება. ვალენტინობის საღამოს მშვიდად და მსუბუქად გასატარებლად “Imagine me and you” ნამდვილად საუკეთესოა არჩვენია. 

 

 

ავტორი: ანამარია

The Sims 4-ის ახალი ვერსიის ტრეილერში ლესბოსელი წყვილის ისტორიაა ნაჩვენები

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, პოპულარული ვიდეო თამაშის, The Sims 4-ის ახალ ვერსია, My Wedding Stories გამოჩნდება

ვიდეო თამაშების კომპანია EA-მ (Electronic Arts) ინტერნეტში ახალი ტრეილერი გაავრცელა, რომელშიც ლესბოსელი წყვილის ქორწინების ისტორიაა მოთხრობილი.

მოქმედება სიმსურ სამყაროში ვითარდება და ფონად ეტა ჯეიმსის სიმღერის, At Last-ის სიმსური ვერსია ადევს. ტრეილერი ორი ქალის ისტორიას გვიამბობს, რომლებიც დაქორწინებას და ოჯახის შექმნას გადაწყვეტენ.

პოპულარული ვიდეო თამაშის ფანებს ეს ფაქტი არ გამორჩენიათ და ინტერნეტში უკვე გაჩნდა უამრავი კომენტარი.

ვიდეოთამაშის ახალ ვერსიაში გეიმერებს, განახლებული ფუნქციების საშუალებით, შეეძლებათ, შექმნან სიყვარულის დაუვიწყარი ისტორია, შეახვედრონ სიმსები ერთმანეთს, დაგეგმონ იდეალური ქორწილი და თაფლობისთვე.

როგორც EA-ს წარმომადგენელი ამბობს, კომპანიამ ძალიან ბევრი კონსულტაცია გაიარა სხვადასხვა ჯგუფთან და ეცადნენ, თამაშის ახალი ვერსია უფრო მეტად მორგებული ყოფილიყო მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

My Wedding Stories 17 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობისთვის. (PC, Mac, Xbox one, Xbox Series X,  PS4, PS5)

Sims სოციალური, სიმულაციური ვიდეოთამაშია, რომელიც პირველად 2000 წელს გამოვიდა და დღემდე თამაშის 200 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული. ვიდეოთამაშის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია, შექმნას სიმსი და აკონტროლოს მისი ცხოვრება ვირტუალურ სამყაროში.

ტიკტოკმა ტრანსფობიური და გარდაქმნის თერაპიის მხარდამჭერი მასალის აკრძალვისთვის წესდება შეიმუშავა

სოციალური მედიის პლატფორმა ტიკტოკი გენდერული ნაცვალსახელებისა და მიმართვის ფორმის არასწორი გამოყენების, ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენების, მიზოგინიის და ,,გარდაქმნის თერაპიის” მხარდამჭერი კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამისთვის საიტის წესდება განაახლა. ტიკტოკმა აღნიშნული გადაწყვეტილება გენდერული სამართლიანობის დაცვის ჯგუფ – UltraViolet-ისა და GLAAD-ის რეკომენდაციების შემდეგ მიიღო.

„სიძულვილის შემცველი, აკრძალული იდეოლოგიების წინააღმდეგ მეტად ცხადი წესდების შემოღება გადავწყვიტეთ, რაც ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენებას, გენდერული მიმართვის არასწორ გამოყენებას, მიზოგინიასა და „გარდაქმნის თერაპიის“ მხარდამჭერი მასალების აკრძალვას გულისხმობს. ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი იდეოლოგია ტიკტოკზე დიდი ხანია დაუშვებელია, თუმცა კონტენტის შემქმნელებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისგან გავიგეთ, რომ ამ ყველაფრის სამოქმედო წესდებაში გაწერა აუცილებელია. ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ უკვე ხელმისაწვდომი ფუნქცია, რომელიც ადამიანებს ნაცვალსახელის მითითების შესაძლებლობას აძლევს, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ინკლუზიურ დიალოგს ხელს უწყობს.“ – ვკითხულობთ ტიკტოკის განცხადებაში.

GLAAD-ის აღმასრულებელი დირექტორის, სარა ქეით ელისის თქმით, „ქსელში ტრანსფობიური კომენტარების გამოყენება ან „გარდაქმნის თერაპიის“ მხარდაჭერა რეალურ სივრცეებშიც საფრთხეს ქმნის. ტიკტოკის განახლებული წესდება ლგბტქი ადამიანების ონლაინ უსაფრთხოებას ბევრად გაზრდის, რაც სხვა სოციალური ქსელებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს“.

წყარო: GLAAD

ნახეთ 2022 წლის ოსკარის ნომინანტების სია, რომელთა შორისაც 12 ნომინაციით ქვიარ ვესტერნი ლიდერობს

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ნომინანტთა სრული სია დღეს გამოაქვეყნა. დაჯილდოება კი 27 მარტს, დოლბის თეატრში შედგება.

ოსკარის წლევანდელ ცერემონიაზე, ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია, ქვიარ გრძნობების შესახებ გადაღებულმა ვესტერნმა – The Power of the Dog-მა მოიპოვა, ფილმის რეჟისორი ჯეინ კემპიონი კი პირველი ქალი გახდა, რომელიც საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთის მეორედ იბრძოლებს.

What Even Is 'The Power of the Dog'?' - Netflix Tudum
Netflix

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილნი არიან: Belfast; CODA; Don’t Look Up; Drive My Car; Dune; King Richard; Licorice Pizza; Nightmare Alley; The Power of the Dog და West Side Story.

საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში კი ისეთ სახელოვან რეჟისორებთან ერთად, როგორიც სტივენ სპილბერგი და პოლ თომას ენდერსონი არიან, პირველად ნომინირებულ რეჟისორებსაც შევხვდებით.

საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის იბრძოლებენ: კენეტ ბრანა; რიუსუკე ჰამაგუჩი; პოლ თომას ენდერსონი; ჯეინ კემპიონი და სტივენ სპილბერგი.

მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინირებულები არიან: ხავიერ ბარდემი; ბენედიქტ კამბერბეჩი; ენდრიუ გარფილდი; უილ სმიტი და დენზელ უოშინგტონი.

In Spencer, Kristen Stewart shines as Princess Diana in the midst of the breakdown of her marriage to Prince Charles - ABC News
Roadshow

ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის უკვე ნომინირებულ მსახიობებთან ერთად ბისექსუალ მსახიობ კრისტენ სტიუარტსაც ვიხილავთ, რომლისთვისაც ეს პირველი ნომინაციაა, დანარჩენი ნომინანტები ჯესიკა ჩესტეინი, ოლივია კოლმანი, პენელოპე კრუზი და ნიკოლ კიდმანი არიან.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, იბრძოლებენ: კირიან ჰაინდსი, ტროი კაცორი, ჯეს პლემონსი, ჯ.კ. სიმონსი და კოდი სმიტ-მაკფი.

Facts About Ariana DeBose, Who Plays Anita in West Side Story | PEOPLE.com
20th Century Studios

პირველი ნომინაცია იქნება ღიად ქვიარი არიანა დებოსესთვისაც, რომელიც ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის არის წარდგენილი, სხვა ნომინანტები კი ჯესი ბაკლი, ჯუდი დენჩი, კირსტენ დანსტი და ანჟანუ ელისი არიან.

Flee (2021) | MUBI
Neon

ყველაზე მოულოდნელი ანიმაციური ფილმების კატეგორიაა, რომელშიც 3 ანიმაციური ფილმი ასახავს ქვიარ გამოცდილებებს, მათ შორის, ავღანელი ემიგრანტის შესახებ გადაღებული Flee, რომელიც საუკეთესო დოკუმენტური ფილმის და საუკეთესო საერთაშორისო ფილმისთვისაც არის წარდგენილი, სხვა ნომინანტები Encanto; Luca; The Mitchells vs. the Machines და Raya and the Last Dragon არიან.

ოსკარის ნომინანტთა სრული სიის ნახვას დაჯილდოების საიტზე შეძლებთ.

კიტ ჰარინგი – მეოცე საუკუნის გამორჩეული ხელოვანი

კიტ ჰარინგი გასული რამდენიმე ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი გრაფიკოსი და დიზაინერია, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ლგბტქი საზოგადოებასა და ხელოვნების სამყაროში.

Keep Reading

ჩვენ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული – ინტერვიუ 91 წლის ლამარა აბჟანდაძესთან

ლამარა აბჟანდაძე 91 წლის ბლოგერია, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება მწვავე სოციალურ თუ პოლიტიკურ თემებს.  კომპიუტერის შესწავლა 87 წლის ასაკში გადაწყვიტა, რადგან არ ქონდა პროტესტის გამოხატვის და აქციებზე ფიზიკურად დასწრების საშუალება. მას შემდეგ ის აქტიურად უჭერს მხარს უმცირესობების უფლებებს და თანასწორობის იდეას.

გთავაზობთ ინტერვიუს ლამარა აბჟანდაძესთან:

რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ჩვენი საზოგადოება და როგორ ფიქრობთ, რა არის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს?

დღეს ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას, პირველი დიდი პრობლემა არის ბრძოლა საკუთარი თავის გადარჩენისთვის – ეს არის მთავარი პრობლემა, შემდეგ მოდის ბრძოლა ნეპოტიზმის წინააღმდეგ, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ასევე შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში ადამიანები მარტოები არიან, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მთავრობა, რომ ამ პრობლემებზე იფიქრონ და შემოგვთავაზონ მათი გადაჭრის გზები. სხვა შემთხვევაში, უნდა მოვითხოვოთ იმ მთავრობის გადადგომა, რომელიც ჩვენი პრობლემის მოგვარებაზე არ ზრუნავს და არ ფიქრობს.

რატომ გადაწყვიტეთ სოციალურ ქსელში აქტიურობა და როგორ შეცვალა ამ ნაბიჯმა თქვენი ცხოვრება?

როცა კომპიუტერი შევისწავლე, ვიყავი 87 წლის, მაშინაც და დღესაც არ მაქვს ძალა აქციაზე გამოვიდე და სამართლიანობას მხარი დავუჭირო, მაგრამ ვხედავდი სხვა ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელებს იყენებდნენ თავიანთი პროტესტის გამოსახატად, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მიზანი დავისახე, მესწავლა კომპიუტერი და კომპიუტერის საშუალებით დამეფიქსირებინა ჩემი პროტესტი. დღეს ცხოვრება კომპიუტერის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

როგორი იყო ლგბტქი ადამიანების ცხოვრება საბჭოთა საქართველოში?

საბჭოთა საქართველოში ამ ადამიანებზე საუბარიც კი აკრძალული იყო, თითქოს ეს ადამიანები არ არსებობდნენ, ყველას უჭირდა ამ თემებზე საუბარი საჯარო სივრცეეებში, ყველაფერი ხდებოდა დაკეტილ ოთახში. პირველად ამ თემასთან შეხება ჩემი შვილიშვილების საშუალებით მქონდა. მათ ამიხსნეს, ვინ არიან ლგბტქი ადამიანები და რისთვის იბრძვიან ისინი, იმ დღის შემდეგ მეც მყარად ვდგავარ აზრზე, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის და არსებობის უფლება. ლგბტ+ ადამიანებიც საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრები არიან, როგორიც სხვა ყველა დანარჩენი.

თქვენ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ხართ უმცირესობების უფლებების და თანასწორობის იდეის, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს?

ჩემთვის ყველაზე მთავარი ადამიანია და ამდენწლიანმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, თუმცა ჩვენ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული. კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ის უნდა იცავდეს ჩვენს ღირსებასა და უფლებებს. არ შეიძლება, საზოგადოება დავყოთ და დავანაწევროთ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივიღოთ საზოგადოების ყველა წევრი და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რა სიკეთეებითაც დღეს უმრავლესობა სარგებლობს.

 საიდან მოდის ის სიძულვილი და აგრესია, რომელსაც ყოველდღიურად ხვდებით ჩვენს საზოგადოებაში?

ჩემი აზრით, აგრესია, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით საზოგადოებაში, პირველ რიგში, ჩვენი მთავრობისგან მოდის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც სხვადასხვა სატელევიზიო ჩართვის დროს არ ერიდებიან აგრესიის ღიად გამოხატვას ჟურნალისტების მიმართ, ოპოზიციური პარტიების მიმართ, ერთმანეთის მიმართ, ამ ადამიანების სიძულვილი გადმოდის ჩვენზე და მთელი ქვეყანა ცხოვრობს მერე ამ აგრესიითა და სიძულვილით.

როგორ შეიძლება, შეინარჩუნო საკუთარი თავი და ადამიანების მიმართ სიყვარული მიუხედავად იმისა, თუ რა დროში ან სისტემაში ცხოვრობ და ვისი მართულია შენი დღის წესრიგი? 

საკუთარი თავის შენარჩუნება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც თავისი თავის რწმენა და სიყვარული აქვს, შენ თუ შენი თავის რწმენა და სიყვარული არ გაქვს, სხვასაც ვერ შეიყვარებ. რა დროშიც არ უნდა ცხოვრობდე, რა მოცემულობაშიც, საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დაკარგო, არ უნდა გააქრო შენს თავში ადამიანების მიმართ სიყვარული და ნდობა. ყველა დროს აქვს თავისი გამოწვევა, ხოლო ადამიანის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არასდროს მოუსმინოს დროის ხმას და თვითონ მართოს თავისი დღის წესრიგი. ასე უფრო მარტივია განვითარება და საკუთარი თავის შენარჩუნება.

როგორ უმკლავდებით სოციალური ქსელიდან მიღებულ აგრესიას?

აგრესია, როგორც წესი, მოდის მაშინ, როცა ჩემს სტატუსებში უმცირესობების უფლებებზე ან თანასწორობის იდეაზე ვწერ, ბევრი ლანძღვა მინახავს კომენტარებში, გინებაც, რა თქმა უნდა, ვბრაზდები, თუმცა ვცდილობ, ამ ადამიანებს ავუხსნა, რომ უმცირესობების წარმომადგენლებს დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ დანარჩენი საზოგადოების მხარდაჭერა და მიმღებლობა. და ვისაც სიძულვილის ენა აქვს არჩეული, იმისგან უკვე აღარაფერი მწყინს. მე პირადად სიძულვილის ენა დიდი ხნის წინ დავტოვე, ჩემს ლექსიკაში ვერ შეხვდებით სიტყვებს – ,,მძულს”, ,,მეზიზღება” და დღეს გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს.

პოლიტიკური მდგომარეობიდან და კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებით გაზრდილია ახალგაზრდებში და არა მარტო ახალგაზრდებში უიმედობის განცდა, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას აზრი არა აქვს?

ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის ყოველთვის აქვს აზრი, მე როცა საბჭოთა ეპოქაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მასწავლებლად, ჩემებურად იქაც ვიბრძოდი, ყოველთვის ვუხვევდი საბჭოთა ნორმებს და ვცდილობდი, საგანი ისე მესწავლებინა მოსწავლეებისთვის, რომ ჩემი სწავლება დაცლილი ყოფილიყო საბჭოთა პროპაგანდისგან. ასეთი პატარა წინააღმდეგობები ძალიან ბევრი იყო მაშინ და სინამდვილეში ასეთმა ნაბიჯებმა დაშალა და დააქუცმაცა საბჭოთა კავშირი. დღესაც არ უნდა დავკარგოთ ამ წინააღმდეგობის ძალა და ყველა ახალგაზრდას უნდა სჯეროდეს, რომ მათი ნაბიჯები ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.