“ხანდახან საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა”

სამწუხაროდ, ჩემს ვინაობას ვერ გავამხელ. 24 წლის ლესბოსელი გოგო ვარ. 15 წლის ასაკიდან დაიწყო ჩემი გააზრებული ცხოვრება, როდესაც პირველად მომეწონა გოგო და დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ლესბოსელი ვიყავი.

სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პრობლემები. სამწუხაროდ, ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც ყოველდღიურად მიწევდა ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა. ამის ფონზე რა მოვთხოვო სოციუმს? მეგობრებს, რომლებმაც ვერ, ან არ მიმიღეს იმის გამო, რომ მათგან განსხვავებული ვიყავი.

რამდენიმე შემთხვევის გახსენება შემიძლია. პირველი ჩემი გულისტკივილი, რაც ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, არის ის, რომ ფეხბურთის თამაშს მიკრძალავდნენ, რადგან გოგოს თოჯინებით უნდა ეთამაშა (აქვე, მინდა პატივისცემა გამოვხატო „საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის“ მიმართ). ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი პრობლემები უფრო გაიზარდა და უფრო მტკივნეული გახდა, ვიდრე ფეხბურთის თამაშის აკრძალვა. მაგალითად, პრობლემა იყო ჩემი ჩაცმულობა, სტილი, მანერები. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ჰორმონალური პრობლემები მქონდა და მკურნალობა მჭირდებოდა. მონასტერში უნდოდათ ჩემი გაშვება და საკუთარი დედაც კი თავს იკატუნებდა, თითქოს, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. რაც შეეხება მეგობრებსა და, ზოგადად, საზოგადოებას, დროთა განმავლობაში ბევრი მათგანი დავკარგე, რადგან მათთვისაც უცნაური და მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ჩემივე სქესის ადამიანები მომწონდა.

რეალური და გადამწყვეტი პრობლემა მაშინ შემექმნა, როდესაც შემიყვარდა. მათთვის ცხადი გახდა, რომ ვერ მიმკურნალებდნენ, არაფერი მჭირდა სამკურნალო და გააცნობიერეს, რომ ლესბოსელი ვიყავი. ოჯახისთვის სირცხვილი ვიყავი და ჩემი ადგილი მათ ცხოვრებაში არ იყო. ამის შემდეგ, უბრალოდ, სახლიდან გამომაგდეს. ამას დაემთხვა ისიც, რომ სამსახურიდან გამიშვეს და ბონუსად დააყოლეს – აქ გეი ბარი არ არისო. დავრჩი უსამსახუროდ, უსახლკაროდ და უიმედოდ.

მე და ჩემი შეყვარებული აქ ვერასოდეს ვიცხოვრებდით ბედნიერად, თავისუფლად და ვერასდროს მივაღწევდით რამეს. ამიტომ ქვეყნიდან გამოვიქეცით და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მოვითხოვეთ თავშესაფარი, სადაც დღემდე ვართ და ჩვენმა ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არ იციან. ამის გამო თავს შევიკავებ ქვეყნის სახელისა და სხვა წვრილმანების დაკონკრეტებისგან.

ცხოვრებაში პირველად ვარ ისეთ გარემოში, სადაც ჩვეულებრივ ადამიანად ვგრძნობ თავს, როგორც დანარჩენები – არავინ მიყურებს, არავინ დამცინის ან მემუქრება. არც ჩემს შეყვარებულს ემუქრებიან. არ გვიწევს კუნთჩლუნგი ადამიანების მოგერიება და მუდმივ სტრესში ყოფნა. არ ვფიქრობთ სიკვდილზე და გვაქვს ოჯახის შექმნისა და საზოგადოებაში ნორმალურად ცხოვრების რეალური შანსი. იმას არ აქვს მნიშვნელობა, გვაქვს თუ არა სახსრები, უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვისუნთქო და თავისუფლება ვიგრძნო.

მაქვს მომავლის იმედი, მწამს, რომ ყველაფერს ნულიდან დავიწყებთ და მიუხედავად იმისა, რომ სტრესის მერე ბევრი ნევროლოგიური დაავადება დამრჩა, შევძლებ ოჯახის შექმნას და საკუთარი შვილის ჯანსაღ სოციუმში გაზრდას, სადაც მას აზრადაც არ მოუვა, რომ მე, ან ჩემი სიყვარული რაღაც უცნაური მოვლენაა. სიყვარული ხომ სიყვარულია.

რთული გადმოსაცემია ყველა ტკვილი, დარდი და დამცირება. ხანდახან საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა. ფეხზე უნდა დავდგე და ყველას დავუმტკიცო, რომ ძლიერი ვარ. პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის გავაგრძელო ცხოვრება.

ევროპის საბჭოს კვლევის სტატისტიკას გავეცანი და როგორ შეიძლება, დავეთანხმო იმ ყველაფრის მერე, რაც გამოვიარე?! ჩემ გარშემო მხოლოდ აგრესია იყო. ყოველი მეორე ადამიანი იმას ცდილობდა, შეურაცხყოფა მოეყენებინა. ეს მხოლოდ მე არ მეხება, ჩემს მეგობრებსაც იგივე პრობლემები აქვთ – მზად არიან, დატოვონ ქვეყანა და წავიდნენ სრულიად უცხო ადგილას, სადაც, რეალურად, არავინ ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლად ამოისუნთქონ.

არ მგონია, ახლო მომავალში საქართველოში ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ლგბტქი საზოგადოებამ თავისუფლად ცხოვრება შეძლოს. პირადად მე, საქართველოში არასდროს დავბრუნდები. ჩემი გადაწყვეტილება დიდ ტკივილს უკავშირდება, თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, ეს ყოველივე თავიდან განვიცადო.

წინა

ახალ ზელანდიაში „გარდაქმნის თერაპია“ აიკრძალა

შემდეგი

გაიცანი უფლებადამცველი: ხელი ხელს – სახლი, რომელიც მაია შიშნიაშვილმა ააგო

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების