თებერვალი 2022 - Page 4

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ოქრო კიდევ ერთმა ლგბტქი სპორტსმენმა მოიპოვა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ოქრო კიდევ ერთმა ლგბტქი სპორტსმენმა, გიომ სეზერონმა მოიგო. გაბრიელა პაპადაკისის და სეზერონის წყვილმა მოკლე პროგრამის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და საფრანგეთს ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

წყვილმა პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობას „შურისძიების რბოლა“ უწოდა, რადგან 4 წლის წინ, სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე, ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.

სეზერონმა საჯაროდ 2020 წელს განაცხადა, რომ გეია. მან ინსტაგრამზე შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს საკუთარი ორიენტაციის შესახებ გაუმხილა.

გასულ კვირას, ჩქაროსნულმა მოციგურავე აირინ ვუსტმა მე-6 ოლიმპიური ოქრო მოიგო და ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტსმენი გახდა, მისივე ანგარიშზეა ლგბტქი სპორტსმენების მიერ პეკინში მოგებული პირველი მედალი.

წლევანდელ პეკინის ოლიმპიადაზე 36 ღიად ლგბტქი სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის მედლის მფლობელები სეზერონი და ვუსტი გახდნენ.

წყარო: OutSports

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს, 18 საათზე, პარლამენტის შენობასთან, მოქალაქეების მიერ ორგანიზებული უკრაინის მხარდასაჭერი აქცია – #GeorgiaSupportsUkraine გაიმართა.

შეკრების მიზანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისგან თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა იყო.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ დავით გელაშვილის თქმით, საქართველოს ფრონტის ხაზი უკრაინაზე გადის, რადგან რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, ნატოში გაწევრიანება კი ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. 

„რუსეთის აგრესია საქართველოს პირდაპირ საფრთხეს უქმნის, რადგან რუსეთს გაცხადებული აქვს, რომ არ სურს უკრაინისა და რუსეთის ნატოში გაწევრიანება, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებთან. დღეს საქართველოს ფრონტის ხაზიც უკრაინაში გადის და ეს საქართველოს ომიცაა.“ – აღნიშნა დავით გელაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილი დასავლელი პარტნიორების მოლოდინებს არ პასუხობს, რაც საყვედურის მიზეზად იქცა და სამომავლოდ ჩვენს ინტერესებზე საზიანოდ აისახება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია 1 თებერვალს მიიღო, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. 

19 თებერვალს, უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ქცია იგეგმება, რომლის ორგანიზატორებიც აქტივისტური ჯგუფები და ოპოზიციური ლიდერები არიან.

 

საქართველოს მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია

/

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დღეს წარმოადგინა 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ შედეგები და კვლევის „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“ ძირითადი მიგნებები, რომელიც  ასევე მოიცავს მრავალფეროვნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებებს ბოლო სამი წლის განმავლობაში.

კვლევის ანგარიშში წარმოდგენილია საზოგადოების აღქმისა და ინფორმირებულობის შეფასება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა; სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათი ეფექტიანობა; აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.

კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის დონე და ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2018-2021 წლამდე პერიოდში გაზრდილია. 2018 წელთან შედარებით, საზოგადოება უფრო მეტად გათვითცნობიერებულია და მეტი მიმღებლობა აქვს უმცირესობების უფლებების მიმართ. 2018 წელს 33 %-დან 2021 წელს 47 %-მდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ლგბტქი თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ასევე, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თვლიდა, რომ ლგბტქი უფლებების დაცვა უმნიშვნელო იყო, შემცირდა 44%-დან 2018 წელს 29%-მდე 2021 წელს.

გამოკითხვა უმცირესობათა კონკრეტული ჯგუფების მიმართ დამოკიდებულებასაც იკვლევდა. ამასთან დაკავშირებით დასმული იყო კითხვა, მოუწონებდა თუ არა რესპონდენტი მისნაირ ადამიანს საქმიან ურთიერთობას კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთან. საერთო ჯამში, მონაცემები ამ დონეზე მიმღებლობასთან დაკავშირებით დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. მონაცემების მიხედვით, ამ ინდიკატორით 2018 წლიდან ტოლერანტობა 10%-ით გაიზარდა ლგბტქი ადამიანების მიმართ. რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, ვის არ ისურვებდნენ მეზობლად. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის წილი, რომელიც ყველაზე მეტად ლგბტქი თემის წარმომადგენლებთან მეზობლობას არ ისურვებდა, 7%-ით შემცირდა.

კვლევა ასევე მოიცავდა შეხედულებებს ლგბტქი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ. გამოკითხვების შედეგების მიხედვით, დამოკიდებულებებში შედარებით მცირე ცვლილება შეინიშნება. გამონაკლისია იმ რესპონდენტთა წილის კლება (8%-ით), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლგბტქი ადამიანებს საქართველოში პრობლემები არ აქვთ. კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს ცალკეული ჯგუფების შესახებ, თუ რამდენად ხშირად იყენებენ მათ მიმართ სიძულვილის ენას საქართველოში. მონაცემები მიუთითებს, რომ, მოსახლეობის აღქმით, სიძულვილის ენის სამიზნეები ყველაზე ხშირად ლგბტქი ადამიანები ხდებიან. რესპონდენტთა თქმით, საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლებიც ყველაზე ხშირად ლგბტქი ადამიანები არიან. ზოგადად, ამ მხრივ მონაცემები არსებითად არ შეცვლილა.

,,მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მრავალფეროვნების მიმართ სულ უფრო პოზიტიური ხდება, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობის ინფორმირებულობის კუთხით მცირე თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება. ასევე უცვლელი რჩება რეაგირების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ ინფორმირებულობა და შეხედულებები.” – ვკითხულობთ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კვლევის სრული ანგარიში „სიძულვილის ენა, სიძულვილის დანაშაულები და დისკრიმინაცია საქართველოში: დამოკიდებულებები და ცნობიერება 2021 წელს“ ხელმისაწვდომია აქ ინგლისურ და ქართულ ენებზე.

 

 

წყარო: ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში 

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

 

 

23 სექტემბერი – ბისექსუალობის სიამაყის დღე

ბისექსუალობის პრაიდის დღე 23 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე პირველად 1999 წელს აღინიშნა და მისი დაწესება სამი ამერიკელი ბისექსუალი აქტივისტის – ვენდი კარის (Wendy Curry), მაიკლ პეიჯის  (Michael Page) და ჯიჯი რეივენ უილბურის (Gigi Raven Wilbur) დამსახურებაა.

ბოლო წლებია ბისექსუალების თემი, ისევე როგორც ლესბოსელების და გეების თემი, გაძლიერდა, თუმცა ბისექსუალები მაინც მეტად უხილავები არიან და მათ მიმართ თავად ქვიარ თემშიც კი ჯერ გავრცელებულია ბიფობიური დამოკიდებულება, რომ უნდა ჩამოყალიბდნენ არიან ისინი ჰომოსექსუალები თუ ჰეტეროსექსუალები. პირველად ეს დღე აღინიშნა გეების და ლესბოსელების საერთაშორისო ასოციაციის (ILGA) მხარდაჭერით.

წელს მსოფლიო მასშტაბით 17 ქვეყანაში 100-ზე მეტი ღონისძიებაა ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში. შტატებში ბისექსუალთა დროშის ფერებში განათდა Lowry Bridge, Capella Tower, Target Headquarters; ინგლისში სხვა მრავალ ივენთან ერთად ფილმის, Dear Mom ჩვენებაა,  ასევე, დაგეგმილია ვებინარები, ფორუმები, მსვლელობები და სხვა ივენთები.

 

სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

2023

10 საუკეთესო ლგბტქი მუზეუმი მსოფლიოში

მოგზაურობის და ახალი ქალაქების დათვალიერების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი მუზეუმებისა და კულტურული ადგილების დათვალიერებაა. მართალია, ლგბტქი არტისტების ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ მუზეუმშია წარმოდგენილი, თუმცა, ამასთან ერთად, არსებობს ისეთი მუზეუმებიც, რომლებიც მთლიანად ლგბტ+ ისტორიისა და კულტურის წარმოჩენაზეა ორიენტირებული.

ამ სტატიაში მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული ლგბტქი მუზეუმების შესახებ მოგიყვებით.

ლესლი+ლოჰმანის გეი და ლესბოსური ხელოვნების მუზეუმი – ნიუ იორკი, აშშ

ლესლი+ლოჰმანის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ლგბტქი მუზეუმია ამერიკაში. მუზეუმის ფუძემდებლები ჩარლზ ლესლი და ფრითზ ლოჰმანი არიან, ნიუ-იორკელი გეი წყვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვიარ კულტურის პოპულარიზაციაში. ისინი 1969 წლიდან თავიანთ ბინაში აწყობდნენ ქვიარ არტისტების გამოფენებს და წლების განმავლობაში აგროვებდნენ მათ ნამუშევრებს.

მუზეუმი, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს, გასული სამი საუკუნის 30 000-მდე ნამუშევარს ინახავს. მუზეუმის შენობაში ასევე არის წიგნების მაღაზია და სივრცე საჯარო თუ დახურული შეხვედრებისთვის.

შვულეს მუზეუმი – ბერლინი, გერმანია

მიიჩნევა, რომ შვულეს მუზეუმი ერთ-ერთი პირველი ლგბტქი მუზეუმია მთელს მსოფლიოში. 1984 წელს, ბერლინის მუზეუმში გაკეთებული პატარა გამოფენის წარმატების შემდეგ, ოთხმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახალი მუზეუმი დაეარსებინათ, სადაც მხოლოდ ქვიარ არტისტების ნამუშევრები იქნებოდა წარმოდგენილი.

მუზეუმი 2013 წლიდან Tiergarten-ის უბანში მდებარეობს და მისი შენობა აერთიანებს ოთხ საგამოფენო დარბაზს, სამუშაო ოთახებს, კაფეს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს.

ენდი ვორჰოლის მუზეუმი – პიტსბურგი, აშშ

ენდი ვორჰოლმა დიდი კვალი დატოვა, როგორც, ზოგადად, ხელოვნებაზე, ასევე, ქვიარ კულტურაზე. პიტსბურგი კი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ქალაქი აღმოჩნდა ამერიკაში, რომელიც ლეგენდარული ენდი ვორჰოლის 900 ნახატს, 2 000  ფურცელზე ნამუშევარს, 1 000 უნიკალურ პრინტს, 77 სკულპტურას, 4 000 ფოტოს და 4 350 ვიდეოჩანაწერს ინახავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია მთელს მსოფლიოში, სადაც მხოლოდ ერთი არტისტის ნამუშევრებია შენახული.

ONE ეროვნული გეი და ლესბოსური არქივი – ლოს-ანჯელესი, აშშ

ONE კიდევ ერთი სივრცეა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს და ლგბტქი საკითხების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა. არქივში შენახულია პერიოდული ლგბტქი გამოცემები, ფილმები, ფოტოგრაფია, აუდიოჩანაწერები და პერსონალური ქაღალდები. ამასთან ერთად, არქივი პერიოდულად მასპინძლობს გამოფენებს, სადაც ისეთ ხელოვნების ნიმუშებს ან ისტორიულ არტეფაქტებს შეხვდებით, რომელთა ნახვაც სხვაგან შეუძლებელია.

GLBT ისტორიული საზოგადოება და მუზეუმი – სან ფრანცისკო, აშშ

GLBT ისტორიული საზოგადოება და მუზეუმი კიდევ ერთი უნიკალური სივრცეა სან-ფრანცისკოში, რომელიც ისტორიულ არტეფაქტებს და ამერიკის ქვიარ კულტურის ნამდვილ საგანძურს ინახავს. მუზეუმი კასტროს უბანში მდებარეობს, რომელიც სან-ფრანცისკოს გეი მექად არის აღიარებული. GLBT მუზეუმის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, სან-ფრანცისკოს და, ზოგადად, კალიფორნიის ქვიარ ლეგენდების და პოლიტიკური ფიგურების, მაგალითად, ჰარვი მილკის საარქივო მასალებს გაეცნონ. მუზეუმის შენობაში ხშირად იმართება გამოფენები, სადაც ქვიარ არტისტების ნამუშევრებია გამოფენილი.

სტოუნვოლის ნაციონალური მუზეუმი და არქივი – ფლორიდა, აშშ

მართალია, ფლორიდა არ არის ის შტატი, სადაც ცნობილი სტოუნვოლის აჯანყება მოხდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი, რომელიც ამ მოვლენის არტეფაქტებს ინახავს, ფლორიდაში მდებარეობს. მუზეუმი 1984 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ ბიბლიოთეკა იყო. მუზეუმის შენობაში დღეს 30.000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, ისტორიული არტეფაქტი და ჩანაწერი ინახება, რომელიც მთლიანად სტოუნვოლის აჯანყებას უკავშირდება. მუზეუმის შენობა ხშირად უმასპინძლდება გამოფენებს, ფილმის ჩვენებებს, საჯარო კითხვას და საქველმოქმედო საღამოებს.

გეი და ლესბოსური სპორტის ეროვნული დიდების დარბაზი – ჩიკაგო, აშშ 

გეი და ლესბოსური სპორტის ეროვნული დიდების დარბაზი ნამდვილი სამოთხეა სპორტით დაინტერესებული ქვიარ ადამიანებისთვის. მუზეუმის მიზანია, პატივი მიაგონ იმ სპორტსმენებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ამასთან ერთად, არ შეუშინდნენ საზოგადოების წნეხს და ქამინგაუთი გააკეთეს.

The ArQuives – ტორონტო, კანადა

The arQuives კიდევ ერთი ქვიარ არქივია, რომელიც კანადაში მდებარეობს და 1973 წლიდან ფუნქციონირებს. არქივს შექმნის დღიდან მხარს უჭერს კანადის მთავრობა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუციად. არქივის შენობაში შეხვდებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და მრავალფეროვან მასალებს ლგბტქი კანადის ისტორიიდან. არქივის შენობა ასევე მასპინძლობს ტურებს ქალაქში, სეზონურ გამოფენებსა და პრეზენტაციებს.

ავსტრალიის ლესბოსური და გეი არქივი – მელბურნი, ავსტრალია

ავსტრალიის ლესბოსური და გეი არქივი 40 წლის წინ შეიქმნა და მთელი ამ დროის განმავლობაში მოხალისეები მართავდნენ. არქივის შენობაში შეხვდებით 150 000 ლგბტქი არტეფაქტს ავსტრალიის დასაბამიდან დღემდე. მუზეუმის შენობა დამთვალიერებლებს ასევე სთავაზობს აკადემიურ კონფერენციებს, თემატურ და ისტორიულ ტურებს. მუზეუმი ხშირად თანამშრომლობს ქვეყნის სხვა, უფრო მსხვილ მუზეუმებთან და გამოფენებთან.

IHLIA LGBT მემკვიდრეობა – ამსტერდამი, ჰოლანდია

IHLIA LGBT მემკვიდრეობა კიდევ ერთი კულტურული სივრცეა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გეი-მეგობრულ ქალაქში, ამსტერდამში მდებარეობს. მუზეუმის შენობა, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია თავისი კოლექციით მთელს ევროპაში. მუზეუმში დაცულია 113 000 საარქივო მასალა და ხელოვნების ნიმუში.

5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები და მოქმედი პირები სათანადოდ უნდა დაისაჯონ – კალიურანდი

/

10 თებერვალს ევროპისა და საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა საქართველოს საგარეო კურსი, განხორციელებული რეფორმები და იმ დამატებითი ძალისხმევის აუცილებლობა განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გააჟღერა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც საქართველოს დაევალა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად გასამართლება.

„საქართველოში დისკრიმინაციის ყოველგვარ გამოვლინებას კანონი კრძალავს, მაგრამ მაინც, ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა კვლავაც გამოწვევებით არის სავსე, რაც გასული წლის ტრაგიკულ მოვლენებშიც აისახა, როცა 50-ზე მეტი ჟურნალისტი და მშვიდობიანი დემონსტრანტი იქცა თავდასხმის სამიზნედ, რასაც შედეგად 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის ჩაშლა მოჰყვა. ველით, რომ ძალადობრივი ქმედებების ყველა ორგანიზატორსა და მოქმედი პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.’’ – აღნიშნა კალიურანდმა.

კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტი მოხარულია, რომ ევროინტეგრაციას ქართველი ხალხი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს და მიესალმებიან გენდერული კვოტირებისა და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით გაწეულ შრომას, თუმცა რიგ საკითხებში კვლავ მეტი სამუშაოა.

„უკეთესობისკენ ცვლილება კვლავაც გამოწვევაა რიგ საკითხებში, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებების პასუხისმგებლობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ 2020 და 2021 წლების არჩევნებისას გამოვლენილ დარღვევებზეც, მოსამართლეთა არჩევის პროცესის გამჭვირვალობის საჭიროებაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და საკონსტიტუციო რეფორმის გაჭიანურებულ პროგრესზე, ასევე, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მოქალაქეთა მოსმენის, მათ შორის, ევროკავშირის ელჩების მოსმენის შემთხვევებს. სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ პოლიტიკური ველი კვლავაც პოლარიზებულია და მედიის თავისუფლებაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც დემოკრატიის შენების პროცესს აზიანებს.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბ ნარატივებთან ბრძოლის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ამ ძნელბედობის ჟამს.

შეხვედრის დასასრულს ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, რუსეთის უკრაინისკენ მიმართული მზარდი დაძაბულობის ჟამს, კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დასავლეთის მეგობარი სახელმწიფოების ევროატლანტიკური კურსი არავის წინააღმდეგ არის მიმართული და ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო კურსი.

 

მწერლები სიყვარულის შესახებ

სიყვარული სიყვარულია – ყოველთვის და ყველგან. განიცდიდე სიყვარულს, სულაც არ ნიშნავს, იყო პრივილეგირებული. გვიყვარდეს და ვუყვარდეთ, ადამიანების ფუნდამენტალური საჭიროებაა, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა. სიყვარულის ენა ყველასთვის გასაგებია, ვინც ოდესმე შეყვარებული ყოფილა.

Keep Reading

ყველაფერი პრეპის პროგრამის შესახებ – თანასწორობის მოძრაობა

აივ/შიდსთან წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად, შესაძლოა, პრეპი (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) მივიჩნიოთ, რომელიც 2012 წელს გამოჩნდა მსოფლიოში და მალევე მიიიღო ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) დასტური.

პრეპი ყოველდღიური აბია მათთვის, ვისაც აივ/შიდსით დაავადების მაღალი რისკი აქვს. 2020 წლის მონაცემებით, პრეპის პროგრამაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 928 750 ადამიანია ჩართული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. პრეპის პროგრამის ამოქმედებას საქართველოში „თანასწორობის მოძრაობა“ უდგას სათავეში და ის უპასუხებს ჩვენს კითხვებს, თუ რა არის პრეპის პროგრამა, როგორ ამოქმედდა ის საქართველოში და ვის შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა:

რა არის პრეპ პროგრამა

პრეპი- (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) აივ ინფექციის პრევენციის ძალზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა მათთვის, ვისაც დაავადებით ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვს. პრეპში გამოიყენება აივ ინფექციის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელიც, დანიშნულებისამებრ მიღების შემთხვევაში, 99%-მდე ამცირებს ინფექციის გადაცემის რისკს.

პრეპის პროგრამა მოიცავს ექიმის რეგულარულ (3 თვეში ერთხელ) კონსულტაციას, ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და პრეპ მედიკამენტის გაცემას სრულიად უფასოდ და ანონიმურად. პროგრამაში ჩართული ადამიანი რეგულარულად, სრულიად უფასოდ იტარებს გამოკვლევებს სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებაზე (სიფილისი, C, B ჰეპატიტი, აივ ინფექცია), ასევე, ზოგად გამოკვლევებს : სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზს და სხვა.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში უფასოდ ვთავაზობთ ვაქცინაციას B ჰეპატიტსა და სეზონურ გრიპზე. რეგულარული გამოკვლევები, ერთის მხრივ, გვეხმარება, მაქსიმალურად შევამციროთ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, მეორეს მხრივ, ეხმარება თავად პაციენტს, საკუთარი ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრეპ პროგრამა სქესობრივი ჯანმრთელობის სრული პაკეტია მათთვის, ვისაც აქტიური სქესობრივი ცხოვრება აქვს.

როდის და როგორ ამოქმედდა პროგრამა საქართველოში?

„თანასწორობის მოძრაობამ“, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან“ ერთად, პრეპის საპილოტე პროგრამა 2017 წელს დაიწყო და დღემდე აგრძელდებს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოეთ არაერთი კამპანია პრეპის შესახებ, რომელმაც სამიზნე პოპულაციის უდიდესი ნაწილი მოიცვა. თავდაპირველად პროგრამა მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, დღეს კი  ხელმისაწვდომია ბათუმსა და ქუთაისშიც. 2020 წელს პროგრამა გაფართოვდა და ახლა უკვე მოიცავს ქალებსა და სხვა ჯგუფებს – ყველას, ვისაც აივ/შიდსით დაინფიცირების მაღალი რისკი აქვს.

ვის შეუძლია პრეპის პროგრამაში ჩართვა და რა საფეხურები უნდა გაიაროს პროგრამაში ჩართვის მსურველმა?

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა იმ ადამიანს, ვისაც აივ ინფექციით ინფიცირების მომატებული რისკი აქვს. (ვიზიტის დაჯავშნა)

პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა მოვიდეს ,,თანასწორობის მოძრაობის” ოფისში, გაიაროს პირველადი კონსულტირება და ტესტირება. ამასთან ერთად,

პროგრამაში ჩასართავად ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს:

1. უნდა იყოს აივ-ნეგატიური;

2. უნდა ჰქონდეს აივ ინფექციის იმჟამინდელი ან სამომავლო მომატებული რისკი;

3. უნდა აკმაყოფილებდეს სხვა, დამატებით სამედიცინო კრიტერიუმებს. მედიკამენტის დანიშვნამდე ტარდება შემდეგი გამოკვლევები: ტესტირება B ჰეპატიტზე, ტესტირება C ჰეპატიტზე (Anti HCV) ტესტირება სიფილისზე , ტესტირება აივ ინფექციაზე, სისხლის საერთო და ბოიქიმიური ანალიზი. თუკი ყველა სამედიცინო პარამეტრი ნორმაშია, პირს შეუძლია პროგრამაში ჩართვა.

რა განსხვავებაა პრეპ რეჟიმებს შორის?

პრეპ მედიკამენტის მიღების ორი რეჟიმი არსებიბს: ყოველდღიური და სიტუაციური.

ორივე მეთოდი ძალზე ეფექტურია პრევენციის თვალსაზრისით, ხოლო მათ შორის განსხვავება დოზირებასა და მედიკამენტის მიღების დროებშია. კერძოდ:

ყოველდღიური პრეპი განკუთვნილია ყველასთვის და გულისხმობს პრეპარატის ყოველდღიურ (დღეში 1 აბი) მიღებას, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

მედიკამენტის მიღების სიტუაციური რეჟიმი რეკომენდებულია მხოლოდ მამაკაცებისთვის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან. სიტუაციური პრეპი რეკომენდებულია მაშინ, თუკი თქვენი სქესობრივი კავშირის სიხშირე არ აღემატება 2 საათს კვირაში და შესაძლებელია მისი წინასწარ პროგნოზირება. მიღების ეს რეჟიმი გულისხმობს მედიკამენტის მიღებას სექსამდე და სექსის შემდგომ (სქემით 2-1-1).

მედიკამენტის მიღება იწყება სექსობრივ აქტამდე, მინიმუმ 2, იდეალურ შემთხვევაში, 24 საათით ადრე:

• მიიღე 2 ტაბლეტი (გაორმაგებული დოზა) სექსამდე 2-24 საათით ადრე;

• მიიღე 1 ტაბლეტი პირველი ორი ტაბლეტის მიღებიდან 24 საათში;

• მიიღე 1 ტაბლეტი მესამე ტაბლეტის მიღებიდან 24 საათში. სიტუაციური პრეპი მოითხოვს მედიკამენტის დროულად მიღებასა და მის სწორ დოზირებას.

რამდენი ადამიანია ჩართული პრეპის პროგრამაში?

ამჟამად პროგრამაში ჩართულია 800-ზე მეტი ადამიანი და მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროგრამის დაწყების დღიდან დღემდე კარგი დამყოლობის არცერთ პაციენტში აივ ინფექციით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

პრეპის მოკლევადიანი და გრძელვადიანი უკუჩვენებები

ტენოფოვირ/ემტრიციტაბინი (TDF/FTC), რომელიც პრეპის ფარგლებში გამოიყენება, ძალზე უსაფრხო მედიკამენტია და მას წლებია მოიხმარენ როგორც აივ-დადებითი, ასევე აივ-უარყოფითი ადამიანები. უამრავი ადამიანი, რომელიც ამჟამად იღებს პრეპს, ამბობს, რომ მათ შემთხვევაში არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა როგორც სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, პრეპსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.

მოკლევადიანი გვერდითი ეფექტები: იმ ადამიანების დაახლოებით 10%-ში, ვინც პრეპს იღებს, თავს იჩენს დიარეა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ა.შ თუმცა, როგორც წესი, ეს გვერდითი მოვლენები მაქსიმუმ 2-3 კვირაში ქრება.

გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები: იმ ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობას, ვინც პრეპს იღებს, შესაძლოა გამოულინდეს ცვლილებები თირკმლის ფუნქციებში. თუმცა ამ გვერდითი ეფექტის განვითარების ალბათობა ძალზე მცირეა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. პრეპის პროგრამა მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას და საჭირო ანალიზების გაკეთებას აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით.

პრეპის შეწყვეტა

პრეპი შესაძლებელია შეწყდეს რამდენიმე მიზეზით:

1. პაციენტის პირადი გადაწყვეტილება;

2. შეცვლილი ქცევა (როდესაც ადამიანს აღარ აქვს მომატებული რისკები)

3. ქრონიკულად დაბალი დამყოლობა;

4. გვერდითი ეფექტებით გამოწვეული ტოქსიკურობის აუტანლობა;

5. აივ ინფექციით ინფიცირება.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის შეწყვეტის შემდგომ, თუკი ადამიანს სურს მისი კვლავ მიღება, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და ექიმთან ვიზიტი. დაუშვებელია მედიკამენტის თვითნებურად მიღება დიდხნიანი წყვეტის შემდგომ.

მედიკამენტი არ იწვევს დამოკიდებულებას. შესაბამისად, მისი შეწყვეტა ან/და დაწყება არ წარმოადგენს პრობლემას.

რა არის „თანასწორობის მოძრაობის“ სამომავლო გეგმები PrEP-ის პროგრამასთან დაკავშირებით?

სამომავლოდ, ვგეგმავთ პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის დანერგვას და ამაზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. რაც შეეხება პრეპ პროგრამას, მომავალში პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება.

 

როგორ აღვნიშნოთ ვალენტინობა პანდემიის პირობებში

მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინის დღე, იგივე სიყვარულის დღე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, უმეტეს ადგილას ის არც საერო და არც ეკლესიური დღესასწაულია. ამ დღის აღნიშვნის ისტორია V საუკუნის რომში დაიწყო. დღესდღეობით, 14 თებერვალს, როგორც ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში, ხოლო დანარჩენებისთვის ის უბრალოდ სიყვარულის დღეა.

Keep Reading

„გლამურული ბიჭები“ — ბრიტანელი გმირები, რომლებიც ქვეყანას ჰიტლერის შესახებ აფრთხილებდნენ

2020 წელს ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, კრის ბრაიანის დოკუმენტური ნაწარმოები – გლამურული ბიჭები გამოიცა, რომელიც 1930-იანი წლების ბრიტანული პარლამენტის წევრების ამბავს ჰყვება. ჯეკ მაკნამარა, რონი კარტლანდი, ვიქტორ კაზალეტი და რობერტ ბერნესი ჰიტლერის წინააღმდეგ ამხედრებული გეი ან ბისექსუალი კაცები იყვნენ, რომლებიც ბრიტანელებს მოახლოებული საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ იმ დროს აფრთხილებდნენ, როცა ადოლფ ჰიტლერს ქარიზმატულ პოლიტიკოსად თვლიდნენ. 

The Glamour Boys: the Secret Story of the Rebels who Fought for Britain to Defeat Hitler by Chris Bryant review | Evening Standard
Phil Warren / Bloomsbury

იმ პერიოდის გმირების ამბავი, როცა ბრიტანეთი ნაცისტურ გერმანიასთან გარიგებას ცდილობდა და კონფრონტაციას თავს არიდებდა სულ ახლახან გამომზეურდა, იქამდე კი „გლამურული ბიჭების“ ამბავი ფაქტობრივად დაკარგული იყო.

ჰიტლერმა ხელისუფლებაში მოსვლისას გერმანიის გაძლიერება დაიწყო, რამაც ბრიტანეთს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგების სურვილი გაუჩინა. 1934 წლამდე, როცა გრძელი დანების ღამე მოეწყო (1934 წლის პოლიტიკური წმენდა, რომლის მიზანი ჰიტლერის ძალაუფლების განმტკიცება იყო) სხვა ქვეყნები გერმანიაში მიმდინარე პროცესების ავისმომასწავებელ ხასიათს ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ.

ბირტანეთში გეი ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია 1967 წელს მოხდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა კაცები 21-ს გადაცილებულნი იყვნენ. იქამდე კაცებს შორის ურთიერთობა კრიმინალიზებული იყო, იგივე მიდგომა გერმანიაშიც არსებობდა. 1871 წელს, გერმანიის გაერთიანებასთან ერთად კანონმდებლობაში 175-ე პარაგრაფი შევიდა, რომლითაც „არაბუნებრივ მისწრაფებებში“ შემჩნეული კაცებისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი შეიქმნა, თუმცა აღნიშნულმა პარაგრაფმა გეი კაცები კიდევ უფრო გააძლიერა და დისკუსიის შესაძლებლობაც კი გაჩნდა. 21-ე საუკუნის 30-იან წლებამდე გერმანიაში კაცების შეკრების არაერთი წერტილი არსებობდა, რომლებიც გაცნობის, სოციალური კავშირების დამყარებისა და გართობის კარგი შესაძლებლობა იყო. გერმანია გეი და ბისექსუალ კაცებს ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც იზიდავდა, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებიდან, რომელთაც განსაკუთრებით მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდათ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ხელოვნების, ლიტერატურის, ჰედონიზმის კერად იქცა, რომელსაც ევროპის არაერთი სახელმწიფოდან სტუმრობდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ჩაგვრის ობიექტები იყვნენ.

კრის ბრაიანტი „გლამურული ბიჭების“ შესახებ ამბობს, რომ ისინი გეი ან ბისექსუალი ბიჭები იყვნენ, რომლებიც იმ დროს, როცა ინგლისში სქესობრივი კავშირის ქონა შეუძლებლად, არალეგალურად ესახებოდათ გერმანიას სტუმრობდნენ, რადგან ის ბევრად ლიბერალურ ქვეყნად ითვლებოდა“.

LGBT+ history month: remembering the 'Glamour Boys' – the gay MPs who warned 1930s Britain about Nazism
Shutterstock

1930-იან წლების დასაწყისის გერმანიაში სტუმრად მყოფმა გეი პოლიტიკოსებმა მალევე შეამჩნიეს, რომ ლიბერალური მიდგომები ნელ-ნელა იცვლებოდა, მიმდინარე ამბები კი კარგს არაფერს მოასწავებდა. უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ჰიტლერი ერთპიროვნული ძალაუფლების მოპოვებას ცდილობდა, ნელ-ნელა ძლიერდებოდა ანტისემიტური განწყობები, რომელიც კიდევ უფრო ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა.

„ანტისემიტიზმი გავრცელდა. ხალხი მაღაზიების ფანჯრებს ამსხვრევდა და  სინაგოგებში ღორის თავებს ყრიდნენ. ბირტანელი გეი პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ჩაგვრის მომსწრეები იყვნენ განსაკუთრებული სიცხადით ხვდებოდნენ, რომ ებრაელთა წინააღმდეგ მზარდი აგრესია არაჰუმანური, მეტიც, დიდი დანაშაული იყო. მათ ბევრად უკეთ ესმოდათ გერმანიაში დევნილი ხალხის, არ ჰქონდა მნიშვნელობა ამის მიზეზი ებრაელობა იყო თუ ჰომოსექსუალობა“, – წერს კრის ბრაიანტი.

1933 წელს, მას შემდეგ,რაც ჰიტლერი კანცლერი გახდა, ინგლისის ნაციონალ-ლიბერალური პარტიის წევრმა,  რობ ბარნესმა ნაცისტური პარტიის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელთან, ედმუნდ ჰაინსთან ერთად გერმანიის სხვადასხვა ლოკაცია, მათ შორის, საკონცენტრაციო ბანაკები მოინახულა.

„არაადამიანური მოპყრობის პირდაპირი მტკიცებულება არ გვინახავს, მაგრამ მაინც, არ გვასვენებდა სულისშემძვრელი განცდა, რომ ბანაკში რაღაც რთულად ამოსაცნობი ბოროტება იმალებოდა. რა საზარლობას მალავდა ის ეკლიანი მავთულები?“, – წერდა ბერნესი მოგვიანებით და იხსენებდა მუშათა პარტიის გამოფენაზე სტუმრობასაც: „შენობა გადავსებული იყო რასობრივი უპირატესობის გზავნილებით, ფოტოებით, რომლებზეც ებრაელი და შერეული რასის ბავშვების დამახინჯებული გამოსახულებებს ნახავდით“.

ბერნესმა ნაცისტური იდეოლოგიის დამანგრეველი ძალა დაინახა და საქმიან წრეებში თუ სხვადასხვა გაზეთებში ნაცისტური პარტიის კრიტიკა დაიწყო. ის ღიად ამბობდა, რომ გერმანიაში სამხედრო ძალების საწვრთნელი ოპერაციები მიმდინარეობდა. იმავეს ამტკიცებდა მაკნამარაც და ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ მზად ყოფილიყვნენ იმ ბოროტებისთვის, რომელიც სულ უფრო მძლავრი ხდებოდა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ნევილ ჩემბერლენი განცხადებებს ყურადღებას არ აქცევდა, პარლამენტის წევრთა კომენტარებს არც ხალხი ეკიდებოდა სერიოზულად, რადგან იმ პერიოდში ანტისემიტური და ჰომოფობიური განწყობები ბრიტანეთშიც მძლავრი იყო, პარლამენტის გეი წევრების ორიენტაციასთან დაკავშირებული ჭორები კი სულ უფრო აქტიურად ვრცელდებოდა.

გეი პოლიტიკოსები თავდასხმის სამიზნედ იქცნენ, რეალური საშიშროება გაჩნდა, რომ მათი რეპუტაცია სამუდამოდ შეილახებოდა და ამ ადამიანების პოლიტიკური კარიერა დასრულდებოდა, თუმცა ამ რისკებმა გლამურული ბიჭები ვერ შეაჩერა, რათა სახელმწიფოსთვის მოეწოდებინათ, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ადამიანთა კეთილდღეობის გარანტიების შესაქმნელად აუცილებელი ქმედებები იყო საჭირო.

აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის თანახმად, ჰოლოკოსტს 17 მილიონი ადამიანის კეთილდღეობა შეეწირა, რომელთა შორის 6 მილიონი ებრაელი და 11 მილიონი სხვა ჯგუფის ადამიანი იყო: 5,5 მილიონი საბჭოთა მოქალაქე, პოლონელები, სერბები, შშმ პირები, რუმინელები და ათასობით გეი.

გერმანიის დანაშაულებზე ხალხი აქტიურად საუბრობს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ, მაგალითად, ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები მთელი ევროპის მასშტაბით ხდებოდა. კრის ბრაიანტი აღნიშნავს, რომ „1930-იანი წლების ბრიტანეთში ყოველწლიურად ასობით გეი იგზავნებოდა საპატიმროში და მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდათ“. ხალხი იმასაც ამბობდა, რომ „გამოვლენილი სისასტიკე ებრაელების ბრალი იყო. შოკისმომგვრელი რეალობა და სიძულვილის ენა გავრცელდა იმ ქვეყნებშიც, რომლებმაც ნაცისტურ გერმანიას ბრძოლა გამოუცხადეს.

Neville Chamberlain, left, and Hitler sealing the Munich pact in September 1938.
Associated Press

ჩემბერლენმა მაქსიმალურად დიდხანს სცადა მშვიდი ურთიერთობა შეენარჩუნებინა ჰიტლერის გერმანიასთან, მისივე ინიციატივით „მორიგების პოლიტიკის“ ფარგლებში გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გრძელდებოდა, რომლის უზრუნველსაყოფად „გლამურული ბიჭების“ განცხადებების უარყოფა და დაგმობა დაიწყო.

კრისის მტკიცებით: „ პრემიერ მინისტრმა ოპერაცია წამოიწყო, რომლის საყრდენად გეი კაცი, ჯოზეფ ბოლი იქცა, მან პარლამენტის გეი წევრების მოსმენა და თვალთვალი ითავა, ქვეყნდებოდა ღირსებისშემლახავი სტატიები, რომელთა მიზანი კრიტიკულად განწყობილი პარლამენტარების დისკრედიტაცია იყო. ამ პერიოდს უკავშირდება მეტსახელი, რომელიც ჩემბერლენმა გეი პარლამენტარებს უწოდა – „გლამურული ბიჭები“, რაც ირონიული სახელი იყო, რათა მათ სექსუალურ ორიენტაციაზე მიენიშნებინა.

პარლამენტარებმა გერმანიაში მზარდ ავისმომასწავებელ ქმედებებზე საუბარი მაინც არ შეწყვიტეს. უკვე 1939 წელს, როცა გერმანიამ პოლონეთი დაიპყრო, ჩემბერლენმა დაგვიანებით განაცხადა, რომ ბრიტანეთი ომში ერთვებოდა.

გლამურული ბიჭები, რომლებიც წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ ქვეყანას ქმედებისკენ ომში ჩაერთნენ და ბოროტებს რეალურად დაუპირისპირდნენ.

რობ ბერნესი 1944 წლის ზამთარში იტალიაში მდებარე ბირტანულ დანაყოფს სტუმრობს. Mondadori Portfolio / Mondadori / Getty Images

ბერნესი, მაკნამარა, კარტლანდი და კაზალეტი ომს შეეწირნენ. კრისმა პარლამენტარების საგმირო ქმედებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები არქივებში მოიძია და აღნიშნავდა, რომ „არ არსებობს იმაზე დიდი მსხვერპლი, ვიდრე რონი კატლანდმა და ჯეკ მაკნამარამ გაიღეს, მათ ერთადერთ მიზნად გერმანიასთან ბრძოლა გამოაცხადეს“ და მიუხედავად წლების განმავლობაში მათი დისკრედიტაციის მცდელობისა არ შეუწყვეტიათ საუბარი იმ აუცილებელ ქმედებებსა და წინააღმდეგობაზე, რომელიც ბოროტების მალე გასანეიტრალებლად იყო საჭირო.

არაერთი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ ბრაიანტის წიგნის მთავარი ნაკლოვანება გეი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების არასათანადო შესწავლა და არგუმენტებია, რასაც ნაწარმოების ავტორიც ეთანხმება.

„გეი კაცების პირადი ცხოვრების შესახებ ცნობები 30-იანი წლების მასალებში თითქმის არ არსებობს – ამ ადამიანთა ოჯახები ყველა მტკიცებულებას ანადგურებდნენ, თავიდან იშორებდნენ. მაგალითად, ჯეკ მაკნამარას ძმამ ჯეკის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეობაზე უარი თქვა, რადგან ის გეი იყო. ვეცადე, სიფრთხილით მოვკიდებოდი ყველა ფაქტს, რადგან არ მინდოდა რაიმე გადამემლაშებინა, ისეთ თემებზე დამეწყო საუბარი, რომელთა შესახებ საკმარისი მტკიცებულებები არ მქონდა. ვიმედოვნებ, ჩემი წიგნი დისკუსიას წაახალისებ და შედგება ერთგვარი ეროვნული თანხმობა, რათა გადაიხედოს ამბები, რომელთაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ფაქტებად მოვიხსენიებთ“, – აღნიშნავს ბრაიანტი.

დაკარგული, დამტვერილ არქივებში მიმალული ქვიარ ისტორია ნელ-ნელა აშკარავდება. ლგბტქი ადამიანების თავდადება, ღვაწლი, კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის გაღებული მსხვერპლი ბევრად მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი და ქვიარ ადამიანების წინაშე ჩადენილ ბოროტებასაც საბოლოოდ ერქმევა სახელი, რისი მაგალითიც 2020 წელს დავიწყებას გადარჩენილი „გლამურული ბიჭები“ არიან. ვინ იცის, კიდევ რამდენ უცნობ ამბავს ინახავს სხვადასხვა ქვეყნის არქივებში დაცული მასალა, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია.