თებერვალი 2022 - Page 2

რუსეთს იმ უკრაინელების სია აქვს, რომელთა მოკვლას ან ბანაკში გაგზავნას აპირებს – აშშ-ის ელჩი გაეროში

აშშ-მა გაეროს ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც, ოფიციალური მოსკოვი იმ უკრაინელების სიებს ადგენს, რომლებიც „სამხედრო ოკუპაციის შემდეგ უნდა მოკლან ან ბანაკში გაგზავნონ“. აშშ-ის მტკიცებით, გაეროსთვის გაგზავნილ წერილში მოცემული ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვთ მოპოვებული.

წერილში ნათქვამია, რომ რუსეთი ოკუპაციის სცენარის განვითარების შემდეგ ადამიანთა წამებას, გატაცებას, დასჯას აპირებს. 

ახალი გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია კვირების განმავლობაში აჟღერებდა მოსაზრებას, რომ პუტინის განზრახვა უკრაინის დაპყრობაა. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა წერილში ნახსენები ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ „ეს აბსოლუტური ტყუილია, გამონაგონი. მსგავსი სიები არ არსებობს, სიყალბეა“.

წერილის ავტორი ბათშება კროკერია, აშშ-ის ელჩი გაეროში და ჟენევაში მდებარე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. კროკერი წერს: „მინდა, თქვენი ყურადღება მივმართო შემაშფოთებელი ინფორმაციისკენ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ახლახან აღმოაჩინა და მომავალი შეჭრის შემდეგ დაგეგმილ ადამიანის უფლებათა დარღვევებს ეხება. ეს ქმედებები, რისთვისაც რუსეთს ადრეც მიუმართავს, მათ შორის, მკვლელობა, ადამიანთა გატაცება, უსაფუძვლო დაკავებები, წამება იმ ადამიანების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რომლებიც რუსეთის ქმედებებს წინააღმდეგობას გაუწევენ“.

კროკერის თქმით, რუსული ჯარის სამიზნე იქნებიან რუსი და ბელორუსი დისიდენტებიც, რომლებიც თავს უკრაინას აფარებენ, ჟურნალისტები, ანტისაოკუპაციო აქტივისტები, მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც რელიგიური, ეთნიკური უმცირესობები და ლგბტქი ადამიანები არიან“.

„უფრო კონკრეტულად, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ რუსული ძალები ქმნიან უკრაინელების სიებს, რომლებიც ოკუპაციის შემდეგ უნდა დახოცონ ან ბანაკებში გაგზავნონ“, – ვკითხულობთ წერილში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს ინფორმაცია, რომ რუსული მხარე „მომაკვდინებელი ზომების“ მიღებას აპირებს, რათა პროტესტი ჩაახშოს. 

გუშინ, პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა და რუსულ შეიარაღებულ ძალებს აღნიშნულ ტერიტორიებზე მშვიდობის უზრუნველყოფა დაავალა. მიუხედავად ამისა, პუტინი უკრაინაში შეჭრის გეგმებს დღემდე უარყოფს და აშშ-ს და დასავლურ ძალებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

წყარო: The Washington Post

9  ქვიარ ფოტოგრაფი ინსტაგრამზე

ქვიარ ადამიანები ყოველთვის ხელოვნების წინა ფრონტზე იდგნენ. მათი წვლილი მუსიკის, კინოს, მხატვრობის, თუ ხელოვნების სხვა მიმართულების განვითარებაში ფასდაუდებელია, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვიარ არტისტები მაინც მარგინალიზებულები არიან.

გაიცანით 9 ქვიარ ფოტოგრაფი, რომლებიც თავიანთი ნამუშევრებით ცდილობენ, ასახონ ქვიარ გამოცდილება და ისაუბრონ ისეთ თემებზე, როგორიც სხეულის პოლიტიკა, გენდერი, სექსუალობა და იდენტობაა.

 

ჰიზერ გლაზარდი

https://www.instagram.com/p/CRHBOYBtQxl/?utm_source=ig_embed&ig_rid=75034632-0fbb-4d38-9992-0972a252f736

ჩრდილოეთ ინგლისში დაბადებული და გაზრდილი კრეატიული დირექტორი და ფოტოგრაფი, ჰეზერ გლაზარდი, დღესდღეობით, ლონდონში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები კი აერთიანებს მოდას, ფეტიშებს და ფილმის ფოტოგრაფიას, არტისტი სხვადასხვა მედიუმის საშუალებით, ცდილობს, წარმოაჩინოს ტრანს და ქვიარ საზოგადოება. მისი ნამუშევრებით სხვადასხვა დროს ისეთი გავლენიანი გამოცემები დაინტერესებულან, როგორებიც არიან: Vice; Vogue; Hunger; Dazed და i-D. ამას გარდა, არტისტს ეკუთვნის არაერთი პროექტი ურთიერთობებისა და იდენტობების თემების გარშემო.

 

ემილ ლომბარდო

https://www.instagram.com/p/CH-00YMAg4D/?utm_source=ig_embed&ig_rid=4a17d9d0-112c-46cd-a6c3-ec5091245b6c

ემილ ლომბარდო წარმოშობით არგენტინელი ფოტოგრაფია, რომელიც დღეს ლონდონში ცხოვრობს. ის თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომელიც, ძირითადად, პორტრეტებს იღებს. დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე, არტისტი პარიზში, პიერ და მარი კიურის უნივერსიტეტში კომპიუტერულ გრაფიკას სწავლობდა. ემილის შემოქმედება სხეულის პოლიტიკის და გენდერის თემებს უკავშირდება. იგი დაინტერესებულია დისიდენტური იდენტობებით. ფოტოების გადაღებისას არტისტი ცდილობს, კავშირი დაამყაროს ადამიანებთან, რომლებსაც იღებს. ფოტოგრაფია ემილ ლომბარდოსთვის ერთგვარი საშუალებაა, აღმოაჩინოს და შეისწავლოს საკუთარი გენდერული იდენტობა.

 

ლორენს ფილომენი  

https://www.instagram.com/p/CAyjjXWh6bm/

ლოურენს ფილომენი კანადელი ფოტოგრაფია, რომელიც ფოტოგრაფიის საშუალებით ექსპერიმენტებს ატარებს და იდენტობის და გენდერის თემების უკეთ შესწავლას ცდილობს. არაბინარული იდენტობის მქონე არტისტი და ფოტოგრაფი ამჟამად კანადაში საქმიანობს, მის შემოქმედებაში ასევე დიდი ადგილი ეთმობა ტრანს გამოცდილებას. სხვადასხვა დროს ლოურენს ფილომენს უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: Apple, Netflix, Converse და VSCO.

სარა ჰინი

https://www.instagram.com/p/CMC2T6EHQIC/

სარა ჰინი კიდევ ერთი კანადაში მცხოვრები არტისტია, რომელიც ცდილობს, თავისი თამამი, ძლიერი და ამასთანავე ნაზი კადრებით ასახოს მრავალფეროვნების იდეა. სარას მიზანია, მისი ფოტოები ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდეს, რომ საზოგადოებამ დაიწყოს საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე. მას სჯერა, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი სხეული და სექსუალობა. სარა ერთ-ერთი ავტორია პროექტისა – The Womanhood Project, რომელიც სხვადასხვა არტისტის ფოტოებს აერთიანებს ქალების პრობლემებისა და ტაბუების გარშემო. პროექტის შესახებ ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა დაწერეს, როგორებიც Vogue Italy, Elle Quebec და iD-Vice-ია.

 

ქრის ფილიპსი

https://www.instagram.com/p/CaAhsEKs4_h/?utm_source=ig_embed&ig_rid=a2c6795d-bca6-4155-97ae-8d7ead4d5139

კრის ფილიპსი ბერლინში მცხოვრები ფოტოგრაფია, რომელიც ინტიმური ავტოპორტრეტების გადაღებითაა დაინტერესებული, ამასთან ერთად, სწავლობს მამაკაცის სხეულის ფორმებს, როგორც სტუდიაში, ასევე ბუნებაში. მისი შემოქმედება ხშირად აქრობს ზღვარს მამაკაცურსა და ქალურს შორის. იგი აქტიურადაა ჩართული ერთგვარ არტისტულ მოძრაობა – Pornceptual-ში, რომელიც კრისთან ერთად სხვა არტისტებსაც აერთიანებს და მათი საერთო მიზანი ალტერნატიული nude art-ის შექმნაა. კრისი მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ ბერლინურ მუსიკალურ ფესტივალში – Whole, სადაც თვითგამოხატვა უმთავრესია.

 

რობ ვუდკოქსი

https://www.instagram.com/p/COBJ793hdoW/?utm_source=ig_embed&ig_rid=7036b213-a18c-49b1-a369-e365b9b332ac

სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიისა და კინორეჟისურის დახმარებით, რობ ვუდკოქსი ცდილობს, საუბარი წამოიწყოს ისეთ მწვავე თემებზე, როგორიც ამერიკის მინდობით აღზრდის სისტემა, ქვიარ იდენტობა, სხეულის ნეიტრალიტეტი, რასობრივი თანასწორობა და გარემოსდაცვითი სამართლიანობაა. რობი ამერიკასა და მექსიკაში ცხოვრობს და ფოტოგრაფობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2013 წელს ქამინგაუთი გააკეთა. ის იმედოვნებს, რომ მისი შემოქმედების და აქტივიზმის საშუალებით, ადამიანებს უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის და მათი მიმღებლობა გაიზრდება. მისი ნამუშევრები სხვადასხვა გამოცემებშია დაბეჭდილი, 2020 წელს გამოსცა წიგნი –  “სინათლის სხეულები”.

 

 

 

ემა ვონდრა

https://www.instagram.com/p/CY9pO9Lv9MT/

ემა ვონდრა კიდევ ერთი არაბინარული იდენტობის ქვიარ ფოტოგრაფია, რომელიც პორტლენდში ცხოვრობს. ხშირად იღებს ქვიარ ადამიანებს საძინებელში და ცდილობს, ამ გზით გადმოსცეს მათი დაუცველი და გულწრფელი მხარე. ემა ვონდრას ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით კინკის და ბედუარის ესთეტიკას, მისი ფოტოები გადატვირთულია სარკეებით, სახლის მცენარებიით, სანთლებითა და ფარდებით. ქვიარ არტისტის ნამუშევრები დაბეჭდილა იტალიურ ვოგში, GirlGaze-ში, და ჟურნალ Marie Claire-ში.

 

ვიკ ლენტაინი

https://www.instagram.com/p/CON5pO2gEEP/

ვიკ ლენტაინი ფოტოგრაფიით 14 წლიდან არის გატაცებული და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, მას გაუმართლა, რადგან თინეიჯერობიდან წვდომა ჰქონდა დარქრუმთან, სადაც ფოტოების გამჟღავნებას და შემოქმედებით ზრდას შეძლებდა. ლონდონში მცხოვრები არტისტი თავის ფოტოებში ასახავს ქვიარ ადამიანების სილამაზეს, ძალასა და ემოციებს. სხვადასხვა დროს ვიკს უთანამშრომლია ისეთ გავლენიან ბრენდებთან, როგორებიცაა: ლუი ვიტონი, Hunger Magazine და Dickies.

ლუკას ვაიარი

https://www.instagram.com/p/CQBLI01BMdA/

„ფოტოგრაფიით გატაცება მაშინ დავიწყე, როცა ქვიარ საზოგადოების წევრი გავხდი, ეს ლონდონში მოხდა 2018 წელს. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იმ ადამიანებზე დაკვირვებამ, რომლებიც ძალიან მარტივად გამოხატავდნენ საკუთარ თავს, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ეს გავლენა ფოტოგრაფიით გატაცებაში გადაიზარდა, ეს იყო ჩემი პასუხი იმ ყველაფერზე, რასაც ვხედავდი. ჩემთვის ქვიარობა არის ერთმანეთის დახმარება და საკუთარი თავის საზოგადოების ნაწილად აღქმა, ამ ყველაფრის აღბეჭდვა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ხშირად ვუყურებ ფოტოებს წარსულიდან, სადაც ქვიარ ადამიანები არიან ასახულები, ეს მიქმნის მიკუთვნებულობის განცდას იმ ადამიანებთან, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ გაბატონებულ ნორმებს. მინდა, რომ ჩემმა ფოტოებმა მომავალში იგივე ემოცია აღძრას სხვა ადამიანებში.“ – ლუკას ვაიარი.

 

ოდრე ლორდი – შავკანიანი ლესბოსელი ქალი მნიშვნელოვანი ცვლილებების სათავეში

ამერიკელი პოეტი, ესეისტი, სამოქალაქო აქტივისტი და ფემინისტი ოდრე ჯერალდინ ლორდი 1934 წლის 18 თებერვალს, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი მშობლები ინდოელი ემიგრანტები იყვნენ. სამი დიდან ყველაზე უმცროსი ოდრე მანჰეტენში გაიზარდა. ჰანტერის საშუალო სკოლის დამთავრებამდე სხვადასხვა კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჟურნალ Seventeen-ში გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი.

Keep Reading

მედიისთვის უმთავრესი ძალადობაგამოვლილი პირის დაცვა უნდა იყოს – თამარ რუხაძე სასულიერო პირზე ძალადობის შესახებ

20 თებერვალს, სოციალური ქსელების საშუალებით, საეკლესიო პირზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომლის მიხედვითაც თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ვიდეო სხვადასხვა მედიასაშუალებამ ეთიკური სტანდარტების დარღვევებით გაავრცელა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გააკეთა და მედიის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციები გააჟღერა.

ქვიარი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარეს, თამარ რუხაძეს ესაუბრა და ძალადობის ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელი რეკომენდაციების შესახებ ჰკითხა. თამარ რუხაძის თქმით, მედიისთვის უმთავრესი ძალადობის მსხვერპლის ინტერესების დაცვა და რისკების მაქსიმალურად შემცირება უნდა იყოს.

„დილით ქარტიის საბჭომ ერთი განცხადება უკვე გაავრცელა, იმ დროისთვის ღია ინტერვიუ ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული, მაგრამ სოციალურ მედიაში უკვე ვრცელდებოდა ძალადობის ამსახველი ვიდეო. სხვადასხვა სახის დარღვევასთან გვქონდა საქმე, იყო შემთხვევები, როცა ძალადობის მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები იყვნენ, მაგრამ იმ ვიდეოების ნაწილშიც კი, რომლებშიც სახეები დაფარული იყო, სახელები და გვარები ისმოდა. მსგავს შემთხვევებში არც ადამიანის ვიზუალური იდენტიფიცირება არის მართებული და არც მისი ვინაობის გაჟღერება. მსგავსი შემთხვევების სწორად გაშუქება განსაკუთრებით საფრთხილო სოციალური მედიის ეპოქაშია, როცა ადამიანის სახელის და გვარის დასახელებაც კი რისკების შემცველია, რადგან ინტერნეტში მასალა ხელახლა ვრცელდება და ადამიანს ტრავმა უახლდება, დამატებითი საფრთხეები ექმნება.

ძალადობის მსხვერპლი მედიამ ერთმნიშვნელოვნად უნდა დაიცვას, ეს არაერთ სახელმძღვანელოშიც არის მოცემული და თითქოს იმის გააზრებაც უნდა მომხდარიყო, რომ ძალადობის მსხვერპლს უნდა ვიცავდეთ, მაგრამ მაინც, ისევ დარღვევებთან გვაქვს საქმე. 

არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და გენდერს, როცა ძალადობაგამოვლილ ადამიანთან ვსაუბრობთ, მისი ინტერესები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ და რისკები სწორად შევაფასოთ.“ – აღნიშნა თამარ რუხაძემ.

მოგვიანებით, მედიასაშუალებებმა ძალადობაგამოვლილ ადამიანთან ინტერვიუც გაავრცელეს, რომელშიც რესპონდენტი იდენტიფიცირებულია. ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის შეფასებით, ჰომოფობიური განცხადებების პირდაპირი გავრცელება განსაკუთრებით საფრთხის შემცველი იმ სიტუაციაშია, როცა ქვეყანაში ჰომოფობიური გარემოა და, შესაძლოა, არასწორი გაშუქებით სტიგმის გამყარებას ხელი შევუწყოთ.

„ვიდეოში ისმის ჰომოფობიური მოწოდებები და ფრაზებიც, რაც ასევე უნდა დაიფაროს, რადგან იმ პირობებში, როცა ჰომოფობიური გარემოა, კიდევ უფრო დიდი საფრთხეების წინაშე ვართ. არასწორი გაშუქება აძლიერებს სტერეოტიპებს, იწვევს სტიგმას. მედიის მხრიდან ადამიანის კომენტარის „მძიმე აღიარებად“ შეფასება საფრთხის წინაშე აყენებს ლგბტქი თემს.

ეკლესიაში მიმდინარე პროცესები და პრობლემები აუცილებლად უნდა გაშუქდეს, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, შეიძლება თუ არა, ამბავი მოვყვეთ ისე, რომ მსხვერპლის ინტერესები არ დავაზიანოთ. 

თავიდან, ვიდეო რომ გავრცელდა, კონტექსტი, ძალადობის დეტალები, მათ შორის, ინციდენტის დრო, შინაარსი გათვალისწინებული არ ყოფილა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მედიას არც უცდია დეტალები უკეთ გაერკვია. ამბის გადამოწმების, დეტალების უკეთ გარკვევის, დამატებითი ინფორმაციის მოძიების და განმარტებების გარეშე, სოციალურ მედიაში გავრცელებული მასალის პირდაპირ გამოქვეყნება დაუშვებელია. 

მოგვიანებით გავრცელებული ღია ვიდეო, რომელშიც ძალადობაგამოვლილი ადამიანი საუბრობს, ცალკე პრობლემების შემცველია. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ რესპონდენტი სრულწლოვანია, მედია უნდა დაფიქრდეს, ადამიანს ცხადად ესმის თუ – არა, გააზრებული თუ აქვს შედეგები, რომელიც შესაძლოა ინტერვიუმ მოიტანოს. რესპონდენტს უნდა ავუხსნათ ის მასშტაბი, რაც ტელევიზიის საშუალებით ვიდეოს გავრცელებას აქვს. რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაშიც, შეიძლებოდა ამ ამბის პირის იდენტიფიცირების, რისკების მაქსიმალურად შემცირებით გაშუქება. 

ამ შემთხვევაში, საზოგადოებას რესპონდენტის გარეგნობის, მისი სახელისა და გვარის გაგება, არავითარ დამატებით ინფორმაციას არ აძლევს. 

ამ ამბის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გარცელებული განცხადებებისას ბალანსის დაცვაა, როცა საჯარო პირების კომენტარს, მოსაზრებას ვავრცელებთ, რომელიც სიძულვილის ენას, დისკრიმინაციის ნიშნებს, დაუზუსტებელ ინფორმაციას შეიცავს, მედია ვალდებულია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, შეფასება გააკეთოს და არ გახდეს სიძულვილის ენის გამტარი“.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, საქართველოში ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საგანგაშო მოვლენები ვითარდება – მარიამ კვარაცხელია

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებაა. 

მიატოვიჩი სამოქალაქო საზოგადოებასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სახელმწიფო უწყებებთან დიალოგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას შეაჯამებს და ანგარიშს მოამზადებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები, რომლებიც სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვისთვის უნდა გაითვალისწინოს.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, Tbilisi Pride-ის წარმომადგენლებთან გამართა.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორს, მარიამ კვარაცხელიას შეხვედრის დეტალებზე ვესაუბრეთ. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

„დუნია მიატოვიჩმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისთვის ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისი შეფასებით, ქვეყანაში ამ მიმართულებით საგანგაშო მოვლენები ვითარდება. შეხვედრაზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები, განათლების, ჯანდაცვის, ლგბქტი ადამიანების ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის საკითხები, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, ასევე, შრომით ურთიერთობებში ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციის საკითხები განვიხილეთ“, – აღნიშნა მარიამ კვარაცხელიამ.

მარიამის თქმით, CRRC-ისა და ევროპის საბჭოს ბოლო კვლევის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით საზოგადოების განწყობები პოზიტიურად იცვლება, „სახელმწიფო პოლიტიკა უცვლელია, განწყობების ქმედებებში, კანონმდებლობაში ასახვა და აღსრულება არ ხდება“, რაც შეხვედრაზეც განიხილეს.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორმა გვითხრა, რომ ბოლო დროს არაპროგრესული, ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერების ფონზე, ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

„ბოლო დროს დასავლური ინსტიტუტები სულ უფრო ხშირად ხდებიან თავდასხმის სამიზნე, ხდება ძალადობრივი, არაპროგრესული ძალების გაძლიერება და, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობა, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის გარანტიებზე ფიქრი, უფლებადაცვითი ორგანიზაციების გაძლიერება, გამოცდილებების მიმოცვლა და ნაყოფიერი დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს შეხვედრაც ამას ემსახურება. ევროსაბჭო აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დარღვევების აღმოფხვრისთვის შესასრულებელი საჭირო რეკომენდაციების შემუშავებისთვის. იმედი გვაქვს, კომისრის საბოლოო ანგარიშში ასახული იქნება შეხვედრაზე განხილული თემები და შესაბამისი რეკომენდაციებიც გათვალისწინებული იქნება.“ – გვითხრა საუბრის დასასრულს მარიამ კვარაცხელიამ.

ელიოტ პეიჯი ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს

მსახიობი და აქტივისტი ელიოტ პეიჯი მემუარებს წერს. წიგნი, რომლის სახელწოდებაც Pageboy იქნება, მომდევნო წელს გამოვა წიგნის მაღაზიებში.

მემუარების წიგნი ელიოტის გამოცდილებაზე იქნება და მსახიობის ტრანზიციის ისტორიას მოგვიყვება, წიგნში ელიოტ პეიჯი მენტალური ჯანმრთელობის, სექსუალური შევიწროების და ჰოლივუდში გაბატონებული უთანასწორობის თემებსაც შეეხება.

34 წლის ელიოტ პეიჯი ცნობილია თავისი შესრულებული როლებით ფილმებში: ჯუნო, დასაწყისი,  X-men და ნეტფლიქსის გახმაურებული სერიალი – აკადემია ამბრელა.

მსახიობმა საჯარო ქამინგაუთი, როგორც ტრანსგენდერმა მამაკაცმა, 2020 წელს ინსტაგრამის პოსტის საშუალებით გააკეთა და თავის გულშემატკივრებს უთხრა, რომ ის ტრანსგენდერი მამაკაცია და მისი სახელი არა ელენი, არამედ ელიოტია.

მსახიობმა პოსტში ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად პრივილეგიებისა, ის მაინც შეშინებულია ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რადგან ბოლომდე იაზრებს იმ საფრთხეებს, ტრანსგენდერი ადამიანების გარშემო დღემდე რომ არსებობს.

გარდა მსახიობობისა, ელიოტ პეიჯი აქტიურად არის დაკავებული აქტივიზმით. მიმდინარე წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა პრემიერა იტალიური დოკუმენტური ფილმისა Nel Mio (ჩემი სახელით), სადაც ოთხი ტრანსგენდერი მამაკაცის ისტორიაა მოთხრობილი. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ელიოტ პეიჯია.

გასულ წელს ელიოტ პეიჯი Time-ის გარეკანზეც გამოჩნდა, ის პირველი ტრანსმასკულინი ადამიანია, რომელიც გავლენიანი ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა. ჟურნალთან ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ აცნობიერებს თავის პრივილეგიებს და ცდილობს, ტრანსგენდერი ადამიანების სასიკეთოდ გამოიყენოს თავისი სახელი და წარმატება.

ლგბტქი პერსონაჟების სატელევიზიო რეპრეზენტაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – GLAAD

GLAAD-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სატელევიზიო სივრცეში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ პერსონაჟების რეპრეზენტაციას ეხება, ლგბტქი პერსონაჟების გამოცდილებების ასახვამ რეკორდულ ნიშნულს (11.9%) მიაღწია. კვლევის შედეგები „პრაიმტაიმ“ (საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე საეთერო დრო) შოუების შესწავლას ეყრდნობა.

ამასთან, 2021-2022 წლების სატელევიზიო ეთერში შოუების ძირითად შემადგენლობაში ლესბოსელ პერსონაჟებს (40%) ხშირად ვხვდებით, რაც ტელევიზიის ისტორიაში პირველად აღემატება გეი პერსონაჟების ოდენობას. 42-მდე გაიზარდა ტრანსგენდერი პერსონაჟების რიცხვი, რაც წინა კვლევის მონაცემებს 13-ით აღემატება. 637 ლგბტქი პერსონაჟიდან 183 ბისექსუალია.

GLAAD-ის ბოლო კვლევა ბევრად მასშტაბურია და ფარავს Amazon-ს, Hulu-ს, Netflix-ს, Apple TV+-ს, Disney+-ს, HBO Max-ს, Paramount+-ს, Peacock-ს, სხვა სტრიმინგ პლატფორმებსა და სატელევიზიო არხებს. კვლევის მიხედვით, ლგბტქი პერსონაჟების რეპრეზენტაციით სატელევიზიო არხებიდან CW (17,1%) ლიდერობს, მეორე ადგილზე Fox-ია (13,3%), მესამეზე კი ABC (12,5%). 

სტრიმინგ სერვისებზე რეპრეზენტაციით ისევ გეი პერსონაჟები ლიდერობენ 33%-ით, ამას ბი+ პერსონაჟები მოსდევენ – 32%-ით და ლესბოსელი პერსონჟები – 27%-ით. სტრიმინგ პლატფორმებიდან ლგბტქი პერსონაჟები ყველაზე მრავლად Netflix-ის შოუებში გვხვდებიან, მომდევნო კი HBO Max-ია, რომელსაც  Amazon და Hulu მოჰყვებიან.

სატელევიზიო არხების 775 ძირითადი როლის შემსრულებლების მეოთხედი შავკანიანია, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ლათინოამერიკელი პერსონაჟები კი 8%-ს შეადგენენ, აზიელი პერსონაჟების რიცხვი სულ რაღაც 7%-ია.

კვლევამ შშმ პირების რეპრეზენტაციაც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ რეგულარული პერსონჟების მხოლოდ 2,8%-ია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეალური პოპულაციის მაჩვენებელს. მიმდინარე სატელევიზიო სეზონში მხოლოდ 2 აივ-დადებითი პერსონაჟი გვხვდება.

წყარო: TVLine

გეი წყვილმა ერთი ოჯახიდან ექვსივე ბავშვი იშვილა

სტივ და რობ ანდერსონ-მაქლინებმა, გეი წყვილმა პენსილვანიიდან, 2019 წლის 23 მაისს შვილად ექვსი დედმამიშვილი აიყვანა, რათა ისინი ერთმანეთისგან არ დაეშორებინათ.

Keep Reading

მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები სამოქალაქო ჯგუფები — სირცხვილია, დროა, დემოკრატიის მცველები, შეცვალე და ოპოზიციური პარტიები იყვნენ.

rhdr

აქციის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას, რომლის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის მზარდი აგრესია სამხედრო დაპირისპირების მოლოდინს ქმნის. შეკრებილებმა და სიტყვით გამომსვლელებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, საქართველოს ხელისუფლების დუმილი და აღნიშნეს, რომ უკრაინის საზღვართან მიმდინარე პროცესი საქართველოს სუვერენიტეტს პირდაპირ საფრთხეს უქმნის და რეგიონში მშვიდობის გარანტიებს ზიანს აყენებს.

უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია მარიამ გეგუჩაძის ორგანიზებით, ხვალ, კიევში გაიმართება, აქციაზე უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას გამოუცხადებენ.

 

თანასწორობის მოძრაობა „ქვიარ აკადემიის“ კურსზე მიღებას აცხადებს

თანასწორობის მოძრაობა „ქვიარ აკადემიის“ ლექციების კურსზე განცხადებების მიღებას იწყებს.

აკადემიის მიზანს წარმოადგენს ქვიარ პერსპექტივიდან სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის განხილვა და ჩვენი ადგილის მოძიება არსებულ დომინანტურ თუ არადომინანტურ იდეოლოგიებში. ამავე დროს, აკადემიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, სადისკუსიო ველის გახსნა და ქვიარ მოძრაობის დღის წესრიგისა და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვა.

„ქვიარ აკადემიის” სილაბუსი და დისკუსიებისა თუ ლექციების სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  ბმულზე.

„ქვიარ აკადემიის” კურსდამთავრებულები მიიღებენ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ასევე, აკადემიის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეები განახორციელონ “თანასწორობის მოძრაობის” მცირე გრანტების ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში ლექციები და დისკუსიები ჩატარდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით დისტანციურად (zoom-ის მეშვეობით) ან ფიზიკურ სივრცეში

ფიზიკურ სივრცეში ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირებს.

„ქვიარ აკადემიაში” მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 2 მარტისა

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თანასწორობის მოძრაობის ვებ-გვერდს