იანვარი 2022 - Page 4

გერმანიაში LGBTQ+ უფლებების განმტკიცებისთვის პირველი კომისარი აირჩიეს

/

გერმანიაში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებზე სამუშაოდ კომისარი აირჩიეს. ახალი თანამდებობა მწვანეთა პარტიის წევრმა, სვენ ლეჰმანმა ჩაიბარა. ცენტრალური ხელისუფლების კომისარი სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავებს იმ საკითხებზე, რომლებიც  LGBTQ+ ადამიანების ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს. სვენ ლეჰმანი უხელმძღვანელებს კოალიციური მთავრობის სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას.

ფოტო: Wikipedia

თანამდებობაზე დანიშვნისას, ლეჰმანმა განაცხადა, რომ „ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად, დაცულად და თანასწორუფლებიანად ცხოვრება. ყველა ადამიანის უსაფრთხოება კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული, მიუხედავად მისი სექსუალური თუ გენდერული იდენტობისა. ტრანსგენდერი, ინტერსექსი და არაბინარული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, საჭიროა, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გამოვლინებებთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგიული ხედვა“.

2018 წელს, გერმანია იმ ქვეყნების მცირერიცხოვან სიას შეუერთდა, რომლებიც ორზე მეტ გენდერს აღიარებენ. ახლადარჩეულმა მთავრობამ კი პირობა დადო, რომ LGBTQ+ უფლებების დაცვის კუთხით რეფორმებს გაატარებდა, მათ შორის, გააუქმებდა გეი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე გაამარტივებდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის სამართლებრივად აღიარების პროცესს. ქვიარ უფლებებზე მომუშავე კომისარის თანამდებობის შექმნა, შესაძლოა, რეფორმების დასაწყისი იყოს.

წყარო: DW

ფოტო: Wikimedia

სამხრეთ კორეის სასამართლომ ერთი და იმავე სქესის წყვილი პარტნიორებად არ ცნო

სეულში, სამხრეთ კორეაში, ერთი და იმავე სქესის წყვილის მოთხოვნა მეუღლის ჯანმრთელობის დაზღვევის შეღავათებთან დაკავშირებით, სასამართლომ უარყო, რაც ქვეყანაში ქვიარ წყვილების სამართლებრივი უფლებების არარსებობას უსვამს ხაზს.

Keep Reading

ფეხბურთელისთვის ქამინგაუთი კარიერის დასასრულს ნიშნავს – პატრის ევრა

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მცველმა, პატრის ევრამ Le Parisien-თან ინტერვიუში საფეხბურთო სამყაროში არსებულ ჰომოფობიაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელის თქმით, კარიერის განმავლობაში კოლეგების მიმართ ჰომოფობიური თავდასხმის მოწმე არაერთხელ ყოფილა.

„როცა ინგლისში ვთამაშობდი, ერთ-ერთ შეხვედრაზე სპიკერი მოიყვანეს, რათა ჰომოსექსუალობაზე ესაუბრა. ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ დისკუსიისას აღნიშნა, რომ გასახდელში გეი ფეხბურთელის ყოფნა მის რელიგიას ეწინააღმდეგებოდა და უნდოდა, ჰომოსექსუალი ფეხბურთელი გუნდიდან გაეშვათ. მაშინ უბრალოდ ვუთხარი, მოეკეტა. იმ დროისთვის გეი ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, რომლებიც მხოლოდ პირადი საუბრისას იხსნებოდნენ, რადგან საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბრის ეშინოდათ. ნებისმიერ კლუბში არის 2 გეი ფეხბურთელი მაინც, მაგრამ ფეხბურთელისთვის ქამინგაუთი კარიერის დასასრულს ნიშნავს“, – აღნიშნა ევრამ.

საფეხბურთო სამყაროში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს ერთადერთი ღიად ჰომოსექსუალი პროფესიონალი ფეხბურთელის, ჯოშ კავალოს გამოცდილებაც მოწმობს. იანვრის დასაწყისში, ადელაიდ იუნაითედისა და მელბურნ ვიქტორის თამაშის მსვლელობისას ფეხბურთელი მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების თავდასხმის სამიზნე გახდა.

კავალომ ინსტაგრამზე დაწერა: „არ ვაპირებ გაჩუმებას და თავის მოტყუებას, თითქოს გუშინდელი თამაშისას ჰომოფობიურ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. ვერ გეტყვით, რამდენად იმედგაცრუებული ვარ. მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ და ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანებს პასუხი მოვთხოვოთ. არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას იმის გამო, რომ საკუთარი სიმართლით ვცხოვრობ და ღიად ვამბობ, ვინ ვარ“, – დაწერა კავალომ ინსტაგრამის პირად გვერდზე.

წყარო: Sport Bible

ფოტო: Getty Images

ფრიდა კალოს ლურჯი სახლი

სულ რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა ახალი წიგნი Frida Kahlo: Her Universe, რომელშიც ლეგენდარული მექსიკელი მხატვარის, ფრიდა კალოს, პერსონალური ნივთების ფოტოებია თავმოყრილი.

ცხოვრების განმავლობაში, ფრიდა კალოს სურდა, რომ სახლი, სადაც არტისტი დაიბადა და მთელი ცხოვრება გაატარა, მუზეუმად ექცია. „ლურჯ სახლად“ (La Casa Azul) ცნობილი ფრიდა კალოს საცხოვრებელი დღეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მექსიკაში. სახლს, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს, დიდი როლი ჰქონდა მხატვრის ცხოვრებაში და არტისტი მას თავის „ინტიმურ სამყაროს“ უწოდებდა.

სწორედ ამ სახლში არსებულ ნივთებს აერთიანებს ახალი წიგნი, სადაც ნახავთ იშვიათ ფოტოებს არტისტის ცხოვრებიდან, გაიცნობთ ფრიდა კალოს ოჯახის წევრებს, ნივთებს, რომლებსაც არტისტი წლების განმავლობაში აგროვებდა და ადამიანებს, რომლებიც მასპინძლის მიერვე შეღებილ „ლურჯ სახლს“ სტუმრობდნენ.

მუზეუმად ქცეულ „ლურჯ სახლში“ ოთახების უმრავლესობა დღესაც ზუსტად ისეთია, როგორიც არტისტის ცხოვრებაში იყო. ბაღი ჯერ კიდევ პრე-ესპანური სკულპტურებითაა გაფორმებული, რომლებსაც ცოლ-ქმარი მთელი სიცოცხლის განმავლობაში აგროვებდა.

ინტერიერში მინიმალური ცვლილებებია შეტანილი და ავეჯის უმრავლესობა თავად ფრიდა კალოს შერჩეულია. სამზარეულოში კვლავ შეხვდებით ყვითელ მაგიდას, რომელზეც ფრიდა და დიეგო ლევ ტროცკისთან ერთად საუზმობდნენ. ჭურჭელს, რომელსაც მხატვარი 1954 წლამდე იყენებდა.

საძინებელში ჯერ კიდევ არის ის ნივთები, რომლებიც მხატვარმა თავის ნახატებშიც გადაიტანა.

წიგნში ასევე შეხვდებით ფოტოებს ფრიდა კალოს ბიბლიოთეკიდან, სათამაშოებს, რომლებითაც ბავშვობაში თამაშობდა, პირად წერილებს, ტექსტურებს, სამკაულებს, პოსტერებს, ძველ გაზეთებს, ტრადიციულ მექსიკურ ტანისამოსს და, რაც მთავარია, მხატვრის იმ ნახატებს, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი არ არის.

სამოქალაქო აქტივისტი და პოეტი მაია ენჯელოუ მონეტაზე გამოსახეს

ცნობილი ამერიკელი პოეტი, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი მაია ენჯელოუ პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც აშშ-ს 25-ცენტიანზე გამოსახეს. მონეტა მიმოქცევაში 10 იანვარს შევიდა.

Keep Reading

თვითგადარჩენა, ემიგრაცია და პირველი სიყვარული — ლესბოსელი ქალის ისტორია

„37 წლის ასაკში პირველად ვარ დარწმუნებული, რომ ბედნიერი ვარ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მშობლების მოლოდინების არგამართლება, განქორწინება, საბოლოოდ ემიგრაცია და შვილის მარტო გაზრდა აქამდე მომიყვანდა, მაგრამ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, ან ბევრად უარესად“, – ამბობს ნათია, ლესბოსელი ქალი, რომელიც უკვე 16 წელია საბერძნეთში ცხოვრობს, იქამდე კი ოჯახური ძალადობის მძიმე გზა გაიარა და ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ თავიც უნდა გადაერჩინა და ერთადერთი შვილიც.

„15 წლის ვიყავი, როცა ბიჭმა, რომელსაც კარგად არც კი ვიცნობდი, დაქორწინება შემომთავაზა და მაშინვე დავთანხმდი. სახლში მამაჩემი იყო, რომელიც მეც და დედასაც ყველა დათრობაზე გვცემდა და ვიფიქრე, რატომაც არა, თავს გადავირჩენ-მეთქი. არც კი ვიცი, იმ დროს სხვა რა შეიძლებოდა მექნა. დაქორწინების შესახებ დედას ვუთხარი, ორივემ ვიტირეთ, მაგრამ ისიც ფიქრობდა, რომ უკეთესი იქნებოდა ოჯახს თუ გავეცლებოდი. როცა ბიჭის ოჯახი ხელის სათხოვნელად მოვიდა, მამაჩემმა სახლში არ შემოუშვა, ავდექით და გავიპარეთ. მამა სიკვდილამდე აღარ დამლაპარაკებია, მეტიც, დედაჩემთან ურთიერთობას მიკრძალავდა – ხან მეზობლებისგან ვიგებდი დედის ამბავს, ხან – ნათესავებისგან. 5-წლიანი ქორწინებისას, ალბათ, დედა სულ 2-3-ჯერ ვნახე“, – იხსენებს ნათია და ჰყვება, რომ მამისგან თავის დაღწევის სურვილმა ბევრად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა – „სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი, ეგ უკვე ვიცოდი, მაგრამ თავიდან არც მიფიქრია, რომ მაგის სურვილი მექნებოდა, ახლანდელი მოზარდები, თუნდაც ჩემი შვილი, 15 წლის ასაკში ბევრად წინდახედულები არიან, მაგრამ იმ დროს ვიღაცას იტაცებდნენ, ვიღაც თავისი ნებით თხოვდებოდა და ჩემ გარშემო ბევრს დედა, მამა ან ორივე ერთად სცემდა, არჩევანი დიდად არც გვქონია. ჩემი ქმარი და მამა ერთმანეთს როდის დავუკავშირე, არც მახსოვს, პირველად ორსულობისას დამარტყა ხელი, მაგრამ გინება იქამდეც ბევრჯერ ამიტანია. მეზობელთან თუ გავიდოდი ხოლმე, სულ სახლში ვიყავი, მაგრამ ყვირილის მიზეზი სულ იყო, თავიდან სულ იმას ვფიქრობდი, ასე უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება-მეთქი, მერე მიზეზების ძებნასაც შევეშვი. ვიცოდი, რომ არც სხვა გზა მქონდა და თან, რთულია იმის ახსნა, როგორ მივეჩვიე ყვირილსაც, ცემასაც, როგორ ვახერხებდი, რომ მორიგი დიდი ჩხუბის შემდეგ საჭმელს ვუკეთებდი, არც საპასუხოდ ვამბობდი რამეს.’’

„გავიდოდა სახლიდან და იმას ვფიქრობდი, იქნებ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდეს-მეთქი, ერთადერთი ეგ თუ შეცვლიდა რამეს. მოდიოდა, მოიყვანდა ძმაკაცებს და სუფრას ვშლიდი. ყველა დალურჯებისთვის ახალ-ახალ ტყუილს ვიგონებდი, მაგრამ სიმართლე ისედაც ყველამ იცოდა. ერთადერთი ნორმალური ადამიანი დედამთილი იყო, ჩხუბის მერე გამომართმევდა ბავშვს და დასამშვიდებლად დროს მაძლევდა, ერთი საყვედური არასდროს უთქვამს, მეტს ვერც ვთხოვდი“, – იხსენებს ნათია და გვიყვება მომენტზე, რომელმაც მიახვედრა, რომ თავი კიდევ ერთხელ უნდა გადაერჩინა – „ბავშვი 4 წლის იყო, როცა პირველად საცემად გაიწია, მაგ დროს პირველად შევეწინააღმდეგე და ჩხუბის მერე დანით გამომეკიდა. მეორე სართულიდან ბავშვით ხელში გადავხტი, მერე სულ იმაზე ვფიქრობდი, ფეხი რომ მომეტეხა ან მეზობლებს სახლში რომ არ შევეშვით, რა მოხდებოდა.“

„რუსთავში წავედი ნათესავთან, მაშინ გზის ფულიც კი არ მქონდა, ბაზარში ვმუშაობდი რამდენიმე წელი, შესარიგებლად მოვიდა, მაგრამ პირადად არ შევხვდი, დიდად არც უცდია ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ მაინც აღარ მივბრუნდებოდი. ბავშვს ხელი მოვკიდე და საბერძნეთში წავედი, ერთ-ერთ კუნძულზე დამაწყებინა ნაცნობმა მუშაობა. მძიმე სამუშაო იყო, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება, მაშინ ამოვისუნთქე, ყველაფერი უკეთ გავიაზრე, ბევრი ტრავმა გადავლახე და ვალების გასტუმრების შემდეგ, ფულის გადადება დავიწყე. წლები არ მიფიქრია არც ახალ ურთიერთობაზე, ვინმეს ნდობაც რთული იყო და სექსი ხომ საერთოდ არ მინდოდა“, – გვიყვება ნათია და პირველ სიყვარულს და ახალ აღმოჩენებზეც საუბრობს – „3 წლის წინ გავიცანი, უკვე ათენში ვიყავი და კვირაში ერთხელ ვნახულობდი, დავმეგობრდით, ყველაფრის მოყოლა პირველად მასთან შევძელი, ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყოლია, მასე დაიწყო და ნელ-ნელა მივხვდი, რომ მხოლოდ მეგობარი არ იყო, ისიც იგივეს იტყვის, საუბრებიდან კოცნამდე მივედით, მერე სექსამდე და არცერთ მომენტში მიფიქრია, რომ რამე არასწორს ვაკეთებდი, პირველ სექსზე ყოველთვის ის გამახსენდება. ჩვენი ურთიერთობის შესახებ რამდენიმე ახლო მეგობარმა იცის, თავიდან არავის ვეუბნებოდით, შვილს ვერ ვეტყოდი, მაგრამ ერთ დღეს პირდაპირ მოვიდა და მითხრა, რომ გოგოები მოსწონს და მეც ვეღარ დავუმალავდი.“

„საქართველოში 2021 წელს პირველად ჩამოვედი, ამდენი წლის შემდეგ დედა პირველად ვნახე, იმ წლებზე არც კი გვილაპარაკია, არც ურთიერთობაზე მითქვამს რამე, ვერ გაიგებს და მინდა სიბერე მშვიდად გაატაროს. ახლა ვფიქრობ, რომ ერთ დღეს საქართველოში მინდა ცხოვრება, წლების წინ ამას ვერც კი ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა გეგმებს მანდ ცხოვრებისთვის ვაწყობ. რამდენი წელი შევალიე იმის გამო ტანჯვას, რომ ცხოვრება დანის მუქარამდე მივიყვანე, მაგრამ, რაც მთავარია, ის ამბები მტკივნეული აღარ არის და ახლა ისე კარგად ვარ, როგორც არასდროს“, – გვეუბნება საუბრის დასასრულს ნათია.

ილუსტრაცია: NJ

საბერძნეთში გეი და ბისექსუალი კაცები სისხლის დონაციას შეზღუდვის გარეშე შეძლებენ

/

საბერძნეთში გეი და ბისექსუალი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდა.

10 იანვარს, საბერძნეთის ჯანმრთელობის მინისტრმა თანოს პლევრისმა განკარგულება გამოსცა, რომელიც სისხლის დონაციის მსურველი ადამიანების სარეგისტრაციო ფორმის განახლებას გულისხმობს. ახალ დოკუმენტში აღარ იქნება პუნქტი, რომელიც გეი ურთიერთობებს დონაციაზე შეზღუდვის დაწესების წინაპირობა იყო.

აღნიშნული ცვლილება 1977 წელს დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს და სტაბილურ ურთიერთობაში მყოფ გეი და ბისექსუალ კაცებს სისხლის დონაცია შეზღუდვის გარეშე შეეძლებათ. ცვლილებების მიღებამდე კაცებს სისხლის ჩაბარებამდე 3-თვიან პერიოდში სქესობრივი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ, ამიერიდან დონაციამდე ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციისა ერთი და იმავე შინაარსის ფორმას შეავსებს.

არაერთი ქვეყანა დღემდე იყენებს დრომოჭმულ აკრძალვებს, რომლებიც გეი და ბისექსუალ კაცებს 1980-იანი წლების აივ-ეპიდემიის გამო დაუწესეს.

წყარო: Mashable

ქვიარ მონარქები, მმართველები და ლიდერები – ნაწილი I

გასულ წელს ჰოლანდიის პრემიერმინსტრმა განაცხადა, რომ ჰოლანდიის სამეფო ოჯახის წევრს შეუძლია დაქორწინდეს იმ სქესის ადამიანზე, რომელზეც მოესურვება და ამის გამო ტახტის დათმობა არ მოუწევს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მონარქს ქვიარ ქორწინებაში ყოფნა შეუძლია.

საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის სათავეში არაერთი ქვიარი იყო, რომელთა სექსუალურ იდენტობაზე ისტორიის წიგნებში ვერაფერს წაიკითხავთ, ისინი მართავდნენ ქვეყნებს, აშენებდნენ ქალაქებს, ატარებდნენ ახალ რეფორმებს, თუმცა ისტორიკოსები მათ სექსუალობაზე დუმდნენ.

გთავაზობთ მონარქების ისტორიებს, რომლებსაც ისტორიის სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ:

ხანის იმპერატორი აი (ქ.შ 27 – 1) 

იმპერატორი აი ხანის დინასტიის ერთ-ერთი შთამომავალია. მისი გვარი ჩინეთს ძველი წელთაღრიცხვით 206 წლიდან – ახალი წელთაღრიცხვით 202 წლამდე განაგებდა. იმპერატორი აი 20 წლის ასაკში გამეფდა და 6 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, როგორც ისტორიის წიგნებში ვკითხულობთ, იმპერატორს რომანტიკული გრძნობები აკავშირებდა თავის ერთ-ერთ მინისტრ მამაკაცთან.

„ხანის წიგნში“ იმპერატორისა და მინისტრის სიყვარული მოხსენებულია, როგორც „მოჭრილი სახელოს ვნება“, ისტორიის თანახმად, შეყვარებულ წყვილს ერთად ჩასძინებია და გაღვიძებისას აიმ საიმპერატორო ტანისამოსიდან სახელური მოიჭრა, რათა მძინარე მინისტრი არ გაეღვიძებინა. ტერმინი „მოჭრილი სახელო“ ევფემიზმად იქცა და საუკუნეების განმავლობაში ჩინეთში ქვიარ სიყვარულს აღნიშნავდა.

რომის იმპერატორი ადრიანე ( 76 – 138 წ.) 

კიდევ ერთი იმპერატორი, რომლის სიყვარულის ისტორიაც სამუდამოდ შემორჩა ისტორიას, რომის იმპერატორი ადრიანეა. ადრიანე ჰუმანისტ იმპერატორადაა ცნობილი და „ხუთ კეთილ იმპერატორთაგან“ ერთ-ერთია, რომელიც გარიგებით დაქორწინდა, თუმცა მთელი ცხოვრების განმავლობაში ბერძენ ანტინოეზე იყო შეყვარებული.

რომის იმპერიაში იმპერატორებისთვის მამაკაცებთან სექსუალური ურთიერთობები ნორმად ითვლებოდა, სწორედ ასეთ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადრიანე ანტინოესთან. ანტინოე მდინარე ნილოსში დაიხრჩო, რის შემდეგაც სასოწარკვეთილმა შეყვარებულმა მამაკაცმა 2000-ზე მეტი ქანდაკება დაამზადებინა რომის ყველაზე გავლენიან მოქანდაკეებს, შეყვარებული მამაკაცი ღვთაებად შერაცხა და მდინარე ნილოსთან ახლოს ქალაქი ააშენა, რომელსაც ანტინოეს სახელი დაარქვა.

კორდოვის ხალიფა ალ-ჰაქიმ II (915 – 976) 

ალ-ჰაქიმ II ფეოდალური სახელმწიფოს, კორდოვის ხალიფა იყო, რომელიც პირენეს ნახევარკუნძულზე, დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ხალიფა ცნობილი იყო თავისი მშვიდი მმართველობის წლებით და შემეცნებისადმი განსაკუთრებული სწრაფვით. როგორც ცნობილია, ხალიფას პირადი ბიბლიოთეკა 400 000-ზე მეტ წიგნს მოიცავდა და განსაკუთრებით მოწყალე იყო მწერლებისა და ფილოსოფოსების მიმართ.

მკვლევარები დღემდე ვერ თანხმდებიან, ნამდვილად დაინტერესებული იყო  ხალიფა მამაკაცებით თუ არა, თუმცა ისტორიულ წყაროებში მრავლად ვხვდებით ეპითეტებს, სადაც აღნიშნულია, რომ ლეგენდარული მმართველი მამაკაცებს ამჯობინებდა და მამაკაცების ჰარემი ჰქონდა. ამასთან ერთად, ცნობილია, რომ მმართველს ჰყავდა ცოლი, რომელსაც ხალიფამ სახელი გადაარქვა და ჯაფარს ეძახდა.  ხალიფას ყურადღების მიქცევის მიზნით, ქალი მოკლე, მამაკაცურ ვარცხნილობასა და მამაკაცის ტანისამოსს ატარებდა.

ინგლისის მეფე ედუარდ II (1284-1327) 

ინგლისის და უელსის მეფე ედუარდ II 1307-1327 წლებში მოღვაწეობდა, მისი მმართველობის წლებში მეფე შოტლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული გახდა, შოტლანდიის დამოუკიდებლობა ეცნო, რის შემდეგაც მეფეს, დედოფალი იზაბელას თაოსნობით, ბარონები აუჯანყდნენ და ტახტიდან ჩამოაგდეს.

თუმცა, ამასთან ერთად, როგორც მრავალი ისტორიკოსი და მკვლევარი წერს, მეფე რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ინგლისელ დიდგვაროვან პიერ გავესტონთან, რომელიც ახალგაზრდა უფლისწულმა კორონაციამდე გაიცნო და მათი ურთიერთობა მაშინვე გადაიზარდა უფრო დიდში, ვიდრე მეგობრობაა. სამეფო კარზე პიერ გავესტონს მეორე მეფედაც მოიხსენიებდნენ, რის გამოც არაერთხელ გააძევეს ქვეყნიდან დედოფალი იზაბელას ინიციატივით. მეფისა და გავესტონის ბურუსით მოცულ ურთიერთობაზე ინგლისელმა კლასიკოსმა, ქრისტოფერ მარლოუმ პიესა „ედუარდ II“ დაწერა.

ნდონგოს დედოფალი ანა ძინგა (1583 – 1663) 

დღევანდელი ანგოლას ერთ-ერთი ძლევამოსილი მმართველი ანა ძინგა ტახტზე თავისი ძმის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. მისი მიზანი იყო, ქვეყანა ევროპის, კერძოდ კი, პორტუგალიის კლანჭებისგან გაეთავისუფლებინა, რის გამოც მრავალი წელი აწარმოებდა ომებს და საბოლოოდ დასახულ მიზანსაც მიაღწია.

ანგოლის ეროვნულ გმირად შერაცხული ანა ძინგა ცნობილი იყო თავისი პარტიზანული პოლიტიკითა და მმართველისთვის საჭირო იმ უნარებით, რომლითაც მრავალი მამაკაციც მმართველიც ვერ დაიკვეხნიდა. როგორც ისტორიკოსები წერენ, ქალი სამეფო რიტუალების შესრულებისას ყოველთვის მამაკაცის ტანსაცმლით იმოსებოდა და ჰყავდა მამაკაცებისგან შემდგარი ჰარემი, მათ ქალის სამოსს აცმევდა და თავის ცოლებად მოიხსენიებდა. მისი ტიტული ,,ნგოლა” ნიგერიულად მეფეს ნიშნავს.

ინგლისის მეფე ჯეიმს I (1566-1625) 

შოტლანდიის დედოფლის, მარიამ სტიუარტის შვილი, მეფე ჯეიმს I, კიდევ ერთი მონარქია, რომელიც მრავალი ისტორიკოსის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფიგურა იყო თავისი ქვიარ ურთიერთობების დამსახურებით. როგორც ცნობილია, სტიუარტების დინასტიის პირველ წარმომადგენელს რომანტიკული გრძნობები აკავშირებდა ჯერ ჯორჯ ვილიერსთან, რომელსაც გრაფის ტიტულიც მიანიჭა.

ამასთან ერთად, ცნობილია მეფის კიდევ ერთი სასიყვარულო ურთიერთობა ბუკინგემის ჰერცოგთან. რაც ყველაზე უჩვეულოა, მეფე არ მალავდა თავის ურთიერთობებს მამაკაცებთან და ისტორიკოსები ხშირად აღნიშნავნდენ, რომ ელიზაბეტი იყო მეფე, ხოლო ჯეიმსი – დედოფალი. აპეტორპის სასახლის რესტავრაციისას, 2000 წელს აღმოაჩინეს საიდუმლო გასასვლელი მეფისა და ჰერცოგის საძინებლებს შორის.

შვედეთის დედოფალი კრისტინა (1626-1689) 

როცა საქმე შვედეთის დედოფალ კრისტინაზე მიდგება, გამოგონილი ფაქტების რეალობისგან განცალკევება რთულია. დედოფალმა კრისტინამ, რომელიც ვაზას დინასტიას მიეკუთვნებოდა, სამეფო ტახტი 6 წლის ასაკში დაიკავა და ის თავისი განსაკუთრებული განსწავლულობით იყო ცნობილი. დედოფალი თავისი მმართველობის დროს ხელს უწყობდა რელიგიის, ფილოსოფიის, მათემატიკისა და ალქიმიის განვითარებას, რის გამოც იმ პერიოდის სტოკჰოლმს „ჩრდილოეთის ათენსაც“ კი ადარებდნენ.

იეზუიტი მღვდლის 1653 წლის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ დედოფალში არაფერი იყო ქალური, მისი ხმა, მისი საუბრის მანერა, მისი სიარული, მისი სტილი იყო მკვეთრად მასკულინური. კიდევ ერთი იმდროინდელი მკვლევარი წერდა, რომ ბუნება შეცდა დედოფლის შემთხვევაში.

დედოფალი ბავშვობის წლებიდანვე შეყვარებული იყო გრაფინია ებბა სპარრეზე, რომელსაც ,,თავისი საწოლის ადამიანად” წარადგენდა საზოგადოებასთან. „რა ბედნიერი ვიქნებოდი, მხოლოდ შენი ნახვა რომ შემეძლოს, მშვენიერო!” – სწერდა ის კრისტინა სპარეს 1656 წელს. „მაგრამ მე ბედისწერამ მიღალატა და უნდა მიყვარდე ისე, რომ ვერ გნახო. სრულყოფილი არასდროს იქნება ბედნიერება, თუ შენ ჩენგან შორს იქნები.”

დედოფალი კრისტინა მემუარებში წერს, რომ იგი ზიზღს გრძნობს ქორწინებისა და იმ ყველაფრის მიმართ ,,რაზეც ქალები საუბრობენ და აკეთებენ”. სწორედ ამიტომ, დედოფალმა უარი თქვა ქორწინებასა და ტახტის მემკვიდრის გაჩენაზე, ამის ნაცვლად, სამეფო ტახტი თავის ნათესავს გადასცა.

6 ლგბტ+ პოდკასტი – შემეცნება & გართობა

ქვიარ მედია დროთა განმავლობაში იზრდება და ეს პოდკასტების სამყაროზეც კარგად აისახა. ეს არის საშუალება, შევქმნათ და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი მრავალფეროვნებით, განსხვავებული თემებითა და სილამაზით გამორჩეული პლატფორმები.

თუკი თავისუფალ დროს ყურსასმენებით სეირნობა ან, უბრალოდ, საინტერესო ამბების მოსმენა და ამ სახით განტვირთვა შენი კომფორტის ზონაა, მაშინ არ გამოტოვო 6 საუკეთესო ლგბტ+ პოდკასტი, რომლის პოვნაც Spotify-ზე შეგიძლია.

Keep Reading

ემჯეი როდრიგესი – ოქროს გლობუსის მფლობელი პირველი ტრანსგენდერი ქალი

/

9 იანვარს კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოება გაიმართა. ისტორიაში პირველად, ოქროს გლობუსი სატელევიზიო შოუში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ტრანსგენდერ მსახიობ, ემჯეი როდრიგესს გადაეცა.

 

ემჯეი როდრიგესს ოქროს გლობუსი რაიან მერფის გახმაურებულ სერიალ Pose-ში შესრულებული როლისთვის გადაეცა. სერიალში 31 წლის მსახიობი ექთანი ბლანკას როლს ასრულებს, რომელიც აივ/შიდსის ეპიდემიის დროს ინფიცირებულ პაციენტებს უწევს დახმარებას.

ისტორიულ გამარჯვებას მსახიობი ინსტაგრამის პოსტით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამარჯვება ერთგვარი კარია, რომელიც დღეიდან უკვე მრავალი ნიჭიერი ადამიანისთვისაა ღია – „ისინი დაინახავენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ისინი დაინახავენ, რომ ახალგაზრდა ფერადკანიანი ლათინო გოგონა ნიუ ჯერსიდან, რომელიც ოცნებობდა, შეეცვალა ადამიანების გონება, შეცვლის მას სიყვარულით. სიყვარული იმარჯვებს. ეს გამარჯვება ყველა ლგბტ+ ადამიანს ეძღვნება. ჩვენ აქ ვართ, კარი ღიაა, მიწვდით ვარსკლავებს!!!!”

 

ემჯეი როდრიგესთან ერთად, ოქროს გლობუსისთვის იბრძოდნენ: უზო ადუბა, ჯენიფერ ენისტონი, ქრისტინ ბარანსკი და ელიზაბეტ მოსი.

 

ამასთან ერთად, ემჯეი როდრიგესი პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მსახიობია, რომელიც გასულ წელს Emmy-იზე იყო ნომინირებული.

გახმაურებული სერიალი Pose 2018 წელს გამოვიდა ეკრანებზე და 80-იან წლებში ნიუ-იორკში მცხოვრები ტრანსგენდერი და ლგბტ+ ადამიანების ცხოვრებაზე გვიამბობს. სერიალში დიდი ადგილი ეთმობა ბოლრუმის კულტურასა და აივ/შიდსის ეპიდემიას.