ქვიარ მონარქები, მმართველები და ლიდერები – ნაწილი I

გასულ წელს ჰოლანდიის პრემიერმინსტრმა განაცხადა, რომ ჰოლანდიის სამეფო ოჯახის წევრს შეუძლია დაქორწინდეს იმ სქესის ადამიანზე, რომელზეც მოესურვება და ამის გამო ტახტის დათმობა არ მოუწევს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მონარქს ქვიარ ქორწინებაში ყოფნა შეუძლია.

საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის სათავეში არაერთი ქვიარი იყო, რომელთა სექსუალურ იდენტობაზე ისტორიის წიგნებში ვერაფერს წაიკითხავთ, ისინი მართავდნენ ქვეყნებს, აშენებდნენ ქალაქებს, ატარებდნენ ახალ რეფორმებს, თუმცა ისტორიკოსები მათ სექსუალობაზე დუმდნენ.

გთავაზობთ მონარქების ისტორიებს, რომლებსაც ისტორიის სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ:

ხანის იმპერატორი აი (ქ.შ 27 – 1) 

იმპერატორი აი ხანის დინასტიის ერთ-ერთი შთამომავალია. მისი გვარი ჩინეთს ძველი წელთაღრიცხვით 206 წლიდან – ახალი წელთაღრიცხვით 202 წლამდე განაგებდა. იმპერატორი აი 20 წლის ასაკში გამეფდა და 6 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, როგორც ისტორიის წიგნებში ვკითხულობთ, იმპერატორს რომანტიკული გრძნობები აკავშირებდა თავის ერთ-ერთ მინისტრ მამაკაცთან.

„ხანის წიგნში“ იმპერატორისა და მინისტრის სიყვარული მოხსენებულია, როგორც „მოჭრილი სახელოს ვნება“, ისტორიის თანახმად, შეყვარებულ წყვილს ერთად ჩასძინებია და გაღვიძებისას აიმ საიმპერატორო ტანისამოსიდან სახელური მოიჭრა, რათა მძინარე მინისტრი არ გაეღვიძებინა. ტერმინი „მოჭრილი სახელო“ ევფემიზმად იქცა და საუკუნეების განმავლობაში ჩინეთში ქვიარ სიყვარულს აღნიშნავდა.

რომის იმპერატორი ადრიანე ( 76 – 138 წ.) 

კიდევ ერთი იმპერატორი, რომლის სიყვარულის ისტორიაც სამუდამოდ შემორჩა ისტორიას, რომის იმპერატორი ადრიანეა. ადრიანე ჰუმანისტ იმპერატორადაა ცნობილი და „ხუთ კეთილ იმპერატორთაგან“ ერთ-ერთია, რომელიც გარიგებით დაქორწინდა, თუმცა მთელი ცხოვრების განმავლობაში ბერძენ ანტინოეზე იყო შეყვარებული.

რომის იმპერიაში იმპერატორებისთვის მამაკაცებთან სექსუალური ურთიერთობები ნორმად ითვლებოდა, სწორედ ასეთ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადრიანე ანტინოესთან. ანტინოე მდინარე ნილოსში დაიხრჩო, რის შემდეგაც სასოწარკვეთილმა შეყვარებულმა მამაკაცმა 2000-ზე მეტი ქანდაკება დაამზადებინა რომის ყველაზე გავლენიან მოქანდაკეებს, შეყვარებული მამაკაცი ღვთაებად შერაცხა და მდინარე ნილოსთან ახლოს ქალაქი ააშენა, რომელსაც ანტინოეს სახელი დაარქვა.

კორდოვის ხალიფა ალ-ჰაქიმ II (915 – 976) 

ალ-ჰაქიმ II ფეოდალური სახელმწიფოს, კორდოვის ხალიფა იყო, რომელიც პირენეს ნახევარკუნძულზე, დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ხალიფა ცნობილი იყო თავისი მშვიდი მმართველობის წლებით და შემეცნებისადმი განსაკუთრებული სწრაფვით. როგორც ცნობილია, ხალიფას პირადი ბიბლიოთეკა 400 000-ზე მეტ წიგნს მოიცავდა და განსაკუთრებით მოწყალე იყო მწერლებისა და ფილოსოფოსების მიმართ.

მკვლევარები დღემდე ვერ თანხმდებიან, ნამდვილად დაინტერესებული იყო  ხალიფა მამაკაცებით თუ არა, თუმცა ისტორიულ წყაროებში მრავლად ვხვდებით ეპითეტებს, სადაც აღნიშნულია, რომ ლეგენდარული მმართველი მამაკაცებს ამჯობინებდა და მამაკაცების ჰარემი ჰქონდა. ამასთან ერთად, ცნობილია, რომ მმართველს ჰყავდა ცოლი, რომელსაც ხალიფამ სახელი გადაარქვა და ჯაფარს ეძახდა.  ხალიფას ყურადღების მიქცევის მიზნით, ქალი მოკლე, მამაკაცურ ვარცხნილობასა და მამაკაცის ტანისამოსს ატარებდა.

ინგლისის მეფე ედუარდ II (1284-1327) 

ინგლისის და უელსის მეფე ედუარდ II 1307-1327 წლებში მოღვაწეობდა, მისი მმართველობის წლებში მეფე შოტლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული გახდა, შოტლანდიის დამოუკიდებლობა ეცნო, რის შემდეგაც მეფეს, დედოფალი იზაბელას თაოსნობით, ბარონები აუჯანყდნენ და ტახტიდან ჩამოაგდეს.

თუმცა, ამასთან ერთად, როგორც მრავალი ისტორიკოსი და მკვლევარი წერს, მეფე რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ინგლისელ დიდგვაროვან პიერ გავესტონთან, რომელიც ახალგაზრდა უფლისწულმა კორონაციამდე გაიცნო და მათი ურთიერთობა მაშინვე გადაიზარდა უფრო დიდში, ვიდრე მეგობრობაა. სამეფო კარზე პიერ გავესტონს მეორე მეფედაც მოიხსენიებდნენ, რის გამოც არაერთხელ გააძევეს ქვეყნიდან დედოფალი იზაბელას ინიციატივით. მეფისა და გავესტონის ბურუსით მოცულ ურთიერთობაზე ინგლისელმა კლასიკოსმა, ქრისტოფერ მარლოუმ პიესა „ედუარდ II“ დაწერა.

ნდონგოს დედოფალი ანა ძინგა (1583 – 1663) 

დღევანდელი ანგოლას ერთ-ერთი ძლევამოსილი მმართველი ანა ძინგა ტახტზე თავისი ძმის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. მისი მიზანი იყო, ქვეყანა ევროპის, კერძოდ კი, პორტუგალიის კლანჭებისგან გაეთავისუფლებინა, რის გამოც მრავალი წელი აწარმოებდა ომებს და საბოლოოდ დასახულ მიზანსაც მიაღწია.

ანგოლის ეროვნულ გმირად შერაცხული ანა ძინგა ცნობილი იყო თავისი პარტიზანული პოლიტიკითა და მმართველისთვის საჭირო იმ უნარებით, რომლითაც მრავალი მამაკაციც მმართველიც ვერ დაიკვეხნიდა. როგორც ისტორიკოსები წერენ, ქალი სამეფო რიტუალების შესრულებისას ყოველთვის მამაკაცის ტანსაცმლით იმოსებოდა და ჰყავდა მამაკაცებისგან შემდგარი ჰარემი, მათ ქალის სამოსს აცმევდა და თავის ცოლებად მოიხსენიებდა. მისი ტიტული ,,ნგოლა” ნიგერიულად მეფეს ნიშნავს.

ინგლისის მეფე ჯეიმს I (1566-1625) 

შოტლანდიის დედოფლის, მარიამ სტიუარტის შვილი, მეფე ჯეიმს I, კიდევ ერთი მონარქია, რომელიც მრავალი ისტორიკოსის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფიგურა იყო თავისი ქვიარ ურთიერთობების დამსახურებით. როგორც ცნობილია, სტიუარტების დინასტიის პირველ წარმომადგენელს რომანტიკული გრძნობები აკავშირებდა ჯერ ჯორჯ ვილიერსთან, რომელსაც გრაფის ტიტულიც მიანიჭა.

ამასთან ერთად, ცნობილია მეფის კიდევ ერთი სასიყვარულო ურთიერთობა ბუკინგემის ჰერცოგთან. რაც ყველაზე უჩვეულოა, მეფე არ მალავდა თავის ურთიერთობებს მამაკაცებთან და ისტორიკოსები ხშირად აღნიშნავნდენ, რომ ელიზაბეტი იყო მეფე, ხოლო ჯეიმსი – დედოფალი. აპეტორპის სასახლის რესტავრაციისას, 2000 წელს აღმოაჩინეს საიდუმლო გასასვლელი მეფისა და ჰერცოგის საძინებლებს შორის.

შვედეთის დედოფალი კრისტინა (1626-1689) 

როცა საქმე შვედეთის დედოფალ კრისტინაზე მიდგება, გამოგონილი ფაქტების რეალობისგან განცალკევება რთულია. დედოფალმა კრისტინამ, რომელიც ვაზას დინასტიას მიეკუთვნებოდა, სამეფო ტახტი 6 წლის ასაკში დაიკავა და ის თავისი განსაკუთრებული განსწავლულობით იყო ცნობილი. დედოფალი თავისი მმართველობის დროს ხელს უწყობდა რელიგიის, ფილოსოფიის, მათემატიკისა და ალქიმიის განვითარებას, რის გამოც იმ პერიოდის სტოკჰოლმს „ჩრდილოეთის ათენსაც“ კი ადარებდნენ.

იეზუიტი მღვდლის 1653 წლის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ დედოფალში არაფერი იყო ქალური, მისი ხმა, მისი საუბრის მანერა, მისი სიარული, მისი სტილი იყო მკვეთრად მასკულინური. კიდევ ერთი იმდროინდელი მკვლევარი წერდა, რომ ბუნება შეცდა დედოფლის შემთხვევაში.

დედოფალი ბავშვობის წლებიდანვე შეყვარებული იყო გრაფინია ებბა სპარრეზე, რომელსაც ,,თავისი საწოლის ადამიანად” წარადგენდა საზოგადოებასთან. „რა ბედნიერი ვიქნებოდი, მხოლოდ შენი ნახვა რომ შემეძლოს, მშვენიერო!” – სწერდა ის კრისტინა სპარეს 1656 წელს. „მაგრამ მე ბედისწერამ მიღალატა და უნდა მიყვარდე ისე, რომ ვერ გნახო. სრულყოფილი არასდროს იქნება ბედნიერება, თუ შენ ჩენგან შორს იქნები.”

დედოფალი კრისტინა მემუარებში წერს, რომ იგი ზიზღს გრძნობს ქორწინებისა და იმ ყველაფრის მიმართ ,,რაზეც ქალები საუბრობენ და აკეთებენ”. სწორედ ამიტომ, დედოფალმა უარი თქვა ქორწინებასა და ტახტის მემკვიდრის გაჩენაზე, ამის ნაცვლად, სამეფო ტახტი თავის ნათესავს გადასცა.

წინა

6 ლგბტ+ პოდკასტი – შემეცნება & გართობა

შემდეგი

საბერძნეთში გეი და ბისექსუალი კაცები სისხლის დონაციას შეზღუდვის გარეშე შეძლებენ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების