იანვარი 2022

ანჯელა დეივისი – ჩაგრულთა უფლებებისთვის მებრძოლი ქვიარ რევოლუციონერი

„ისე უნდა მოიქცე თითქოს მსოფლიო რადიკალური ცვლილებებისთვის მზადაა და მუდამ ამ პრინციპით იმოქმედო“, – ეს 78 წლის ანჯელა დეივისის სიტყვებია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი რევოლუციონერის. დეივისი ბირმინგჰემში, ალაბამაში დაიბადა, რასიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილში. მეზობელ რეგიონებში ქალაქს „დინამიტის გორაკად“ მოიხსენიებდნენ, რადგან შავკანიან მოქალაქეებზე თეთრკანიანების თავდასხმის მუდმივი კერა იყო. ძალმომრეობის გარემოში გაზრდილი დეივისი ანტი-რასისტული და რადიკალური ფემინიზმის გამორჩეულ ფიგურად იქცა, რომლის მოღვაწეობა ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლასაც მოიცავდა.

რადიკალური მიდგომებით გამორჩეულმა პოლიტიკურმა აქტივისტმა პოპულარობა 60-იან და 70-იან წლებში მოიპოვა, როგორც შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლმა ლიდერმა, შავკანიანთა და ფემინისტური გამათავისუფლებელი მოძრაობების აქტიურმა წევრმა.

„აღარ ვეგუები იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია. მე ვცვლი ყოველივეს, რასაც ვეღარ შევეგუები“, – ამბობდა დეივისი, რომელიც დღემდე ცვლილებებისთვის იბრძვის. 60 წლის წინ, როცა ბრანდის უნივერსიტეტში ჩააბარა, 3 შავკანიანი სტუდენტიდან ერთ-ერთი იყო, სწავლის დასრულების შემდეგ ბერლინში, ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფოს ჰერბერტ მარკუზთან სწავლობდა, მოგვიანებით იხსენებდა: „მარკუზმა მასწავლა, რომ ერთდროულად შეიძლება იყო პროფესორი, აქტივისტი, მკვლევარი და რევოლუციონერი“.

1969 წელს, უკვე აქტივიზმში იყო ჩართული, როცა კალიფორნიის უნივერსიტეტის ფილოსოფიური დეპარტამენტის პროფესორის თანამდებობა ჩამოართვეს, კომუნისტური საქმიანობისა და პროვოკაციული სწავლების მიზეზით. დეივისი იმ დროისთვის შავი პანტერების წევრიც იყო და თავს რადიკალურ ფემინისტად თვლიდა. დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, რონალდ რეიგანის ინიციატივითა და ხელშეწყობით დეივისის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს.

მომდევნო წელს, დეივისი FBI-ს ყველაზე მოთხოვნად დამნაშავეთა შორის მოხვდა, და ძებნილთა სიაში პირველი შავკანიანი ქალი იყო. მასზე ნადირობა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მის სახელზე შეძენილი იარაღი 1970 წელს მასობრივი სროლისას გამოიყენეს, შემთხვევა ძმებ სოლედადებთან იყო დაკავშირებული, რომელთაც დეივისი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდა.

FBI-ს პოსტერი, რომლითაც ანჯელა დეივისის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ [Collection of the Smithsonian National Museum of African American History and Culture]

დეივისი რამდენიმე თვეში დააკავეს და რიჩარდ ნიქსონმა „საშიში ტერორისტის, ანჯელა დეივისი დაკავება“ FBI-ს პირადად მიულოცა, მაგრამ დეივისი ტერორისტი არ იყო და 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ ყველა ბრალდება მოუხსნეს.

პატიმრობა დეივისისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა, სწორედ ამ დროს წამოიწყო საპატიმროების აბოლიციონიზმის მოძრაობა, რაც მისი პოლიტიკური აქტივიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. დეივისის პატიმრობის პერიოდში შავკანიანმა მწერლებმა კომიტეტი დააარსეს, სახელწოდებით შავკანიანი ხალხი ანჯელა დეივისის დასაცავად, რომლის ხელმომწერებიც 70-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ. ჯონ ლენონმა და იოკო ონომ კი აქტივისტის მხარდასაჭერად სიმღერა – ანჯელა დაწერეს.

დეივისი კომუნისტური პარტიის წევრი მართლაც იყო, თუმცა, მოგვიანებით პარტიას გამოეყო და ბოლო წლებში ობამას, ჰილარი კლინტონი და ჯო ბაიდენის მხარდამჭერად მოგვევლინა, რაც მეტწილად რესპუბლიკურ პარტიასთან წინააღმდეგობით იყო განპირობებული.

დეივისი აქტიურად წერს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემის ნაკლოვანებებზე, რომელიც რასიზმის და ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის თავშესაფრად იქცა. მისი სიტყვებით, „საპატიმროები სოციალური პრობლემების გადაჭრაზე არაა ორიენტირებული, მეტიც, ციხეში ადამიანის სრული დამცრობა ხდება. უსახლკარობის, უმუშევრობის, ნარკოდამოკიდებულების, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებისა და გაუნათლებლობის პრობლემებისკენ საზოგადოებრივი აზრის მიმართვა იმ ადამიანების უბრალოდ დაპატიმრებით არის ჩანაცვლებული, რომლებიც ამ პრობლემებს აწყდებიან“.

ფოტო: AAIHS

„აბოლიციონისტური მიდგომა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის ახალი გზების ძიების აუცილებლობისკენ მიმართავს ყურადღებას. წარსულში უმეტესობა ვთვლიდით, რომ უსაფრთხოების დაცვა პოლიციას ევალებოდა და საზოგადოებისთვის საზიანო გამოწვევებზე პასუხი ციხე იყო, მაგრამ იქნებ ზიანის შემცირების, დაცვისა და უსაფრთხოების განსხვავებულ მოდელზე უნდა ვიფიქროთ?“,- აღნიშნა დეივისმა 2020 წლის ინტერვიუში პოლიციის მხრიდან ძალმომრეობაზე საუბრისას და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებსა და სტოუნვოლის ჯანყს შორის პარალელი გაავლო.

ათწლეულების მანძილზე, სანამ ღიად იტყოდა, რომ ლესბოსელია, დეივისი ლგბტქი აქტივისტებსა და აქტივიზმს მხარს უჭერდა და ჰეტერო-პატრიარქატის საზიანო გავლენაზე საუბრობდა, ის დღემდე აქტიურად უჭერს მხარს ლესბოსელ და ქვიარ ქალებს, რომლებიც აქტივიზმში აქტიურად არიან ჩართული. დეივისის აზრით, აქტივიზმის სხვადასხვა ფორმა ურთიერთდაკავშირებულია და ახალი შესაძლებლობები ამ კავშირების გარეშე არ ჩნდება. მისი თქმით, შავკანიანთა მოძრაობამ მეორე ტალღის ფემინიზმისთვის და ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ინიციატივებისთვის საფუძველი შექმნა.

2019 წელს, დეივისს ამერიკის ქალთა დიდების ხეივანში მიაგეს პატივი, 2020 წელს კი ჟურნალ – Time-ის ვერსიით გასული საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის მოხვდა.

„ჩვენი ამბები იზოლაციაში არ აშკარავდება. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რა არის ჩვენი ამბავი თუ სხვისი არ გავიგეთ. ხშირად კი ვხვდებით, რომ სხვათა პირადი გამოცდილებები ჩვენივე საკუთრის იდენტურია“, – ვკითხულობთ დეივისის 2015 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში – თავისუფლება მუდმივი გამოწვევაა, რაც დეივისის ცხოვრების გზას საუკეთესოდ ხსნის – მუდამ ცდილობდა ჩაგრული ადამიანების ისტორიებისკენ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო, რათა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ყველა ადამიანის ისტორია ერთამენთზეა გადაჯაჭვული.

წყარო: Philadephia Gay News

მთავარი ფოტო: Nonviolence International

მიმღებლობა ლგბტქი ახალგაზრდებში სუიციდის რისკს ამცირებს – კვლევა

The Trevor Project-ის ახალმა კვლევამ ლგბტქი ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და სუიციდის რისკების კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ის გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც ქვიარ ახალგაზრდებს უწევთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებისა და სუიციდის რისკს ზრდის. ექსპერტების აზრით, ახალი კვლევა პოზიტიური ნაბიჯია იმ კავშირის დანახვისკენ, რაც ნარკოტიკების მოხმარებასა და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების შორის არის. მიღებული მონაცემები, შესაძლოა, გარშემომყოფებზე ზრუნვასა და მეტი სიფრთხილის გამოჩენაში დაგვეხმაროს.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსა და ქვიარ ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის კავშირი აქამდე ჩატარებული კვლევებითაც დადგინდა, მაგრამ ინფორმაცია ძირითადად ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი ახალგაზრდების გამოკითხვას ემყარებოდა და არ ფარავდა გენდერული იდენტობის საკითხებს, რაც პრობლემის საფუძვლიან შესწავლას ართულებდა. 2021 წლის გამოკითხვა, რომელმაც ამერიკელი ლგბტქი ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობის საკითხები შეისწავლა, ბევრად ინკლუზიურია.

„როცა ლგბტქი ახალგაზრდების გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებისა და გამოცდილებების შესწავლის ბევრად მრავალფეროვანი ასახვაა მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე ხდებოდა. კერძოდ, ტრანსგენდერი და არაბინარული იდენტობის მქონე ახალგაზრდების გამოკითხვა აჩვენებს, რომ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული გამოწვევები სუიციდის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სისგენდერ – გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ქვიარ ადამიანებთან შედარებით ბევრად კომპლექსურ გამოწვევებთან ბრძოლის ბრალია“, – აღნიშნა ჯონა დეჩანტმა, The Trevor Project-ის მკვლევარმა.

კვლევის ფარგლებში 34,759 ლგბტქი ახალგაზრდა გამოიკითხა. ახალგაზრდების 56% ალკოჰოლს მოიხმარს და ამ ადამიანების 47% 21 წელზე ნაკლების არის, რაც აშშ-ში ალკოჰოლის ლეგალური მოხმარების ასაკია. გამოკითხულთა მესამედი მარიხუანას მოიხმარს, მათ შორის, 29% 21 წელს მიღწეული არაა. ახალგაზრდების 11% კი რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს დანიშნულების გარეშე მოიხმარს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 11% ალკოჰოლსა და მარიხუანას რეგულარულად მოიხმარს.

არაბინარული იდენტობის მქონე ახალგაზრდები, რომელთაც დაბადებისას „მამრობითი“ გენდერი მიანიჭეს, მარიხუანას რეგულარული მოხმარების ბევრად მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. შეისწავლეს ისიც, გარე ფაქტორები და ზეწოლა ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელზე როგორ აისახება. გარდაქმნის თერაპიაში მონაწილე ახალგაზრდები და ლგბტქი ადამიანები, რომელთაც ფიზიკური ჩაგვრა გამოუცდიათ, ნივთიერებებს ბევრად აქტიურად მოიხმარენ.

ის ახალგაზრდები, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებთან გამკლავების სირთულის გამო რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს მოიხმარენ, სუიციდის მცდელობის სამჯერ მაღალი რისკის წინაშე არიან, ალკოჰოლის მომხმარებლები – 50%-ით მაღალი რისკის წინაშე, ასევე, ბევრად მაღალი რისკის წინაშე არიან მარიხუანას მომხმარებლებიც.

წყარო: Healthline

ილუსტრაცია: The Daily Beast

ბენ უიშოუ საკუთარი თავის მიღების, ქამინგაუთისა და ლგბტქი როლების შესახებ

პადინგტონის ფილმების სერიის, Fargo-სა და London Spy-ს ბრიტანელმა ვარსკვლავმა, ბენ უიშოუმ, Guardian-თან ინტერვიუში ქამინგაუთის, საკუთარი თავის მიღებისა და ჰეტერო მსახიობების მიერ ლგბტქი როლების შესრულებაზე ისაუბრა.

მსახიობმა პირველად ისაუბრა საკუთარი სექსუალური იდენტობის მიღების სირთულეზე და აღნიშნა, რომ მეგობრებთან და ოჯახთან ქამინგაუთი 26-27 წლამდე დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა, არც საკუთარ თავთან გამოტყდომა ყოფილა ადვილი.

Elliott Morgan / The Guardian

„მახსოვს, საკუთარი სექსუალობა ტვირთად მაწვა. ყველაფერი ზედმეტად ჩახლართული იყო. საინტერესოა, რა ხდება, როცა იზრდები იმის შეგრძნებით, რომ შენს თავს რაღაც არასწორი ხდება, რადგან მიზიდულობას განიცდი რაიმე კონკრეტულის მიმართ. დიდი დრო და მიმღებლობა სჭირდება ყველაფრის გადალახვას და სხვებთან ღიად საუბარი, გახსნა საკუთარი თავის გაგების ერთადერთ წყაროდ ვერ იქცევა. დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ჰომოსექსუალობის და სისუსტის ერთმანეთთან გათანაბრების საფუძველი არ არსებობს. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ იდეაზე საბოლოო გამარჯვებას ახლაღა ვიწყებ. მაოცებს ჩვენში არსებული მასკულინური და ფემინური ენერგიის ნაზავი, მაგრამ წლების განმავლობაში ვთვლიდი, რომ რაიმეს უარყოფა მჭირდებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ეს „რაღაც“ იმ სამყაროში, რომელშიც გავიზარდე, სისუსტედ ითვლებოდა. მაშინაც კი, როცა ეს „რაღაც“ თავს კარგად მაგრძნობინებდა“, – აღნიშნა მსახიობმა.

2008 წელს, ბენ უიშოუ ჯეინ კემპიონის Bright Star-ში ჯონ კიტსის როლს ასრულებდა, როცა ავსტრალიელ კომპოზიტორ მარკ ბრედშოუსთან ურთიერთობა დაიწყო. 2012 წელს წყვილმა სამოქალაქო ქორწინება გააფორმა, თუმცა უიშოუს საჯარო ქამინგაუთი კიდევ ერთი წელი არ გაუკეთებია და მერეც მცირე განცხადება გაავრცელა პუბლიცისტის დახმარებით. ინტერვიუებში ბრედშოუზე საუბარს ერიდებოდა. დღეს კი კითხვაზე – „რა ისწავლა 10-წლიანი ურთიერთობისას?“ უბრალოდ ამბობს, რომ „ბევრი რამ“.

8 თებერვალს, BBC One-ზე სერიალი This Is Going to Hurt იწყება, რომელშიც მთავარ როლს უიშოუ ასრულებს. სერიალის სიუჟეტი 2006 წელს ვითარდება და მსახიობის თქმით, ფილმზე მუშაობისას მიხვდა, რამდენად არ ჰქონდა ხალხს მიმტევებლობა სულ რაღაც 15 წლის წინ, როცა საქმე ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სინაზის გამოვლინებებს ეხებოდა.

„საკუთარი გამოცდილებაც რომ გავიხსენო, გეი პარტნიორებთან გახსნა ბევრად მიჭირდა. მაოცებს, როგორ შეიძლება კაცებს შორის სინაზის ნიშნები ვინმესთვის იმდენად გამაღიზიანებელი იყოს, რომ ნივთების სროლაც კი დაიწყონ ან პირდაპირ მომმართონ: „დაწყევლილი ოთახი მონახეთ!“ მსგავსი დამოკიდებულება ზოგჯერ საშიშია, მაგრამ არ მახსოვს, ოდესმე გავბრაზებულიყავი. ალბათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ გეი ადამიანებთან პრობლემა გაქვს, საკუთარ თავში ჯერ კიდევ არ გადაგილახავს ძირეული პრობლემები“, – თქვა უიშოუმ.

Elliott Morgan / The Guardian

მსახიობმა Danish Girl-ზე მუშაობის პერიოდიც გაიხსენა, რომელშიც ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს ასრულებს. რედმეინმა როლზე დათანხმებამდე ბევრი იფიქრა და სულ ცოტა ხნის წინ ისიც თქვა, რომ როლის შესრულება შეცდომა იყო, რადგან სჯობდა, ის ტრანსგენდერ ადამიანს შეესრულებინა. უიშოუს აზრით, რედმეინმა როლი შესანიშნავად შეასრულა, თუმცა სამომავლოდ, სჯობს, ლგბტქი როლები იმ მსახიობებს მისცენ, რომელთაც გამოცდილება უკეთ ესმით.

„ედიმ საქმეს თავი შესანიშნავად გაართვა და ეს ამბავი წარსულს ჩაჰბარდა. სამომავლოდ მეტი როლი იქნება, რომლებსაც ისეთ მსახიობებს მისცემენ, პერსონაჟის გამოცდილებასთან მეტი საერთო რომ აქვთ. რატომ არ უნდა ერგოს როლი მას, ვინც უკეთ იცის, როგორია პერსონაჟის განცდები? რა თქმა უნდა, ამას მხარს ვუჭერ. ზოგჯერ, როცა ჰეტერო მსახიობები გეი როლებს ასრულებენ, ბევრად კრიტიკული ვარ, თუ ვთვლი, რომ შესრულება ჩემს სუბიექტურ გამოცდილებას არ ერგება. შეიძლება, ისიც ვიფიქრო – „შენი არ მჯერა“ და მცირე გაუმართავმა მომენტმაც კი მომწყვიტოს ისტორიას. ამიტომ სხვების კრიტიკული კითხვები და ეჭვები გასაგებია“, თქვა მსახიობმა და დაამატა, რომ „დროა, შავზე და თეთრზე დავა შევწყვიტოთ, ყოველივეს პოლარიზებას შევეშვათ, რადგან ეს ასე არ უნდა იყოს. დისკუსია კარგია, უთანხმოებაც კარგია, საკითხის სხვადასხვა რაკურსიდან დანახვა – მნიშვნელოვანი!“.

უიშოუმ საუბრის დასასრულს ისიც აღნიშნა, რომ მიტევებისა და ერთმანეთის მოსმენის მხარეს დგას: „ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცები მიზიდავს, მრავალგვარი ინტერპრეტაცია. თუ საკუთარ თავში ჩავიხედავთ, ამისთვის დროს გამოვნახავთ, გავაანალიზებთ, რატომ და როგორ ვფიქრობთ სხვადასხვა თემაზე, ყველა შეუსაბამობას უკეთ აღმოვაჩენთ. ამიტომ ერთმანეთის მოსმენის, მიტევების მხარეს ვდგავარ. სჯობს, მოსმენის და მიტევების ძალა ვირწმუნოთ – არ მეთანხმებით?“.

წყარო: The Guardian

 

მოდერნამ აივ-ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

მოდერნამ აივ-ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველი ეტაპი დაიწყო და მონაწილეებს საცდელი დოზები გაუკეთა. ვაქცინა ინფორმაციული რნმ-ის ტექნოლოგიას ემყარება, რომლითაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით შეიქმნა.

კომპანია აივ-ვაქცინის საინიციატივო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან გაერთიანდა და აივ-უარყოფით 56 ადამიანს 6 თვის განმავლობაში დააკვირდებიან. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ვაქცინა ანტიგენების გამომუშავებას შეუწყობს ხელს, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ იმუნურ რეაქციას უზრუნველყოფს.

კვლევის 48 მონაწილე ვაქცინის სულ მცირე ერთ დოზას მიიღებს, მათ შორის 32 კი ბუსტერ დოზასაც. დარჩენილი 8 ადამიანი კი მხოლოდ ბუსტერ დოზას მიიღებს.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კვლევის ახალ ეტაპზე გადავედით და აივ-ვაქცინა მოდერნას ინფორმაციული რნმ-ის პლატფორმაზე დავაშენეთ. ვაქცინის ძიების პროცესი ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსე იყო, მაგრამ ახალმა პლატფორმამ პროცესის დაჩქარების შესაძლებლობა მოგვცა“, – აღნიშნა მარკ ფაინბერგმა აივ-ვაქცინის საინიციატივო ორგანიზაციის დირექტორმა.

აივ-ინფექცია დიდი ხანია მართვადი დაავადებაა, თუმცა საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და აქამდე არსებული არაერთი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც ანტიბიოტიკებზე მაღალი რეზისტენტობა აქვს

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტომ მოქალაქეებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადების, შიგელას შესახებ შეახსენა, რომელსაც ანტიბიოტიკების მიმართ მზარდი რეზისტენტობა აქვს. დიდ ბრიტანეთში ბოლო ოთხ თვეში დაავადების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბევრად აღემატება ადრინდელ შემთხვევებს, თანაც, ანტიბიოტიკების მიმართ მაღალი რეზისტენტობა აქვს.

შიგელა ნაწლავური ინფექციაა და დიარეას (ზოგჯერ სისხლნარევს), მუცლის მოვლით ტკივილს, ღებინებას და სიცხეს იწვევს. გამომწვევი მიზეზი ფეკალიებში ნაპოვნი ბაქტერიაა. განსაკუთრებით უნდა იფრთხილონ მათ, ვისაც დაუცველი ანალური სექსი, შესაძლოა, ორალური სექსი აქვს, ასევე დაუბანელი ხელი თუ თეთრეულის დაბინძურება შეიძლება იყოს სარისკო.

შიგელა ვერ გადაგედება: კოცნით ან ჩახუტებით, საერთო ჭურჭლის გაზიარებით, ყოველდღიური ურთიერთობისას (სამსახურში თუ საჯარო ადგილებში)

სიმპტომები ხშირად სქესობრივი აქტიდან 1-3 დღის შემდეგ ვლინდება და ერთ კვირამდე გრძელდება, მაგრამ დაინფიცირებულ ადამიანთან სექსი შეიძლება 1 თვის განმავლობაში სარისკო იყოს. შიგელაზე ტესტირება ფეკალიების გამოკვლევით ხდება, ვირუსის სექსის შედეგად გადადების შემთხვევაში, ექიმები სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე ტესტირების რეკომენდაციას გასცემენ. აუცილებელია სექსუალური პარტნიორის გაფრთხილებაც, გაიკეთოს ტესტი. ანტიბიოტიკებს, როგორც წესი, ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით ნიშნავენ, შიგელას ზოგიერთ ფორმას მკურნალობაც არ სჭირდება, მაგრამ შედარებით მძიმე ფორმებისას მკურნალობა აუცილებელია.

შიგელასგან თავის დასაცავად, სექსის დროს: დაიბანე ხელები და ტანი სექსამდე და სექსის შემდეგ, რიმინგს მოერიდე, ანალური და ორალური სექსის დროს სხვადასხვა პრეზერვატივი გამოიყენე, არ გაცვალო სექს-სათამაშოები

ინფიცირებული ადამიანი უნდა მოერიდოს სხვისი პირსახოცის ან თეთრეულის გამოყენებას, სარეცხი რაც შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს. რეგულარულად დაიბანეთ ხელები ცხელი წყლით და საპნით.

ფოტო: CDC

ნეტფლიქსის არაბულენოვანი ფილმის რეჟისორებს გარყვნილების შემცველი მასალის გავრცელებაში ადანაშაულებენ

Netflix-ის პირველმა არაბულენოვანმა ფილმმა ეგვიპტეში გარყვნილებისა და ტრადიციული ღირებულებების შელახვის გამო დიდი კამათი გამოიწვია.

Keep Reading

სფფ-ის რეგულაციები ქალი ფეხბურთელების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას არ ითვალისწინებს – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საქმის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) რეკომენდაციით მიმართა, რომელიც პროფესიონალი ქალი ფეხბურთელების მიმართვის საფუძველზე გამოიცა. ქალი ფეხბურთელების ინტერესებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) წარმოადგენდა.

WISG-მა სახალხო დამცველის წინაშე რამდენიმე პრობლემური საკითხი დააყენა, მათ შორის, ის, რომ კაცებისგან განსხვავებით, ფეხბურთელი ქალები ვერ სარგებლობენ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით, არ აქვთ თანაბარი წვდომა რესურსებზე, შედეგად, უზიანდებათ ჯანმრთელობა და მცირდება მათი ცხოვრების ხარისხი. ასევე, ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული საჭიროებები სფფ-ის არსებულ რეგულაციებში გათვალისწინებული არ არის.

WISG-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ქალი ფეხბურთელების ნახევარზე მეტს ჯანმრთელობის შემოწმების პროცედურები არ უტარდება, ამასთან, 82.8% ჯანმრთელობის დაზღვევით ვერ სარგებლობს.

„სადაზღვევო პაკეტი არ არის მორგებული ფეხბურთელის საჭიროებებს და იმდენად მწირ სამედიცინო სერვისს ფარავს, რომ საყოველთაო დაზღვევისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. მე მაგალითად, ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ყოველ 6 თვეში ერთხელ მესაჭიროება საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომლის ანაზღაურებაზეც სადაზღვევო კომპანიამ უარი მითხრა. პირადი სახსრებით, მით უფრო დაბალი ანაზღაურების პირობებში, წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მოვახერხო ამ ხარჯის დაფარვა. ასევე, ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ყველა მიღწევა და პოზიტიური ცვლილება პირდაპირ უნდა აისახებოდეს გოგოების პროფესიულ ცხოვრებაზე მათი წარმატების, ცნობადობის, კლუბის სტატუსის თუ სხვა ნიშნის მიუხედავად. ის ფაქტი, რომ ცალკეულ კლუბებს ჯანმრთელობის დაცვის ან დაზღვევის კუთხით უკეთესი მდგომარეობა აქვთ, არ ცვლის ზოგად, საგანგაშო სურათს“, — აღნიშნა კლუბ „მართვეს“ ფეხბურთელმა, ლანა გორგაძემ WISG-თან საუბრისას.

ტრავმის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის შემთხვევაში, ფეხბურთელი ქალებისთვის სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო ანაზღაურების მიღების ერთადერთ გზად კვლავ ადმინისტრაციულ პერსონალთან კომუნიკაცია რჩება, თუმცა, როგორც ფეხბურთელების ყოველდღიური გამოცდილება აჩვენებს, ადმინისტრაციის მხრიდან უგულებელყოფას ან არასათანადო, დაგვიანებულ და არასრულ დახმარებას კვლავ სისტემატური ხასიათი აქვს.

საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციებში არ არის გათვალისწინებული ქალების სპეციალური საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით, კერძოდ: ლიცენზირებას დაქვემდებარებული გუნდების ექიმების სავალდებულო ტრენინგებში არ არის შეტანილი ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები; ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტექსტიდან გამომდინარე, არ არის მიღებული სახელმძღვანელო დოკუმენტი (სტანდარტები) ქალი ფეხბურთელების ორსულობისა და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის ფიზიკური დატვირთვის თაობაზე; ასევე, არასათანადოდაა უზრუნველყოფილი ქალი ფეხბურთელების, როგორც დასაქმებულების, დედობის დაცვის უფლებაც.

13 იანვარს, სფფ-მ სახალხო დამცველს წერილით უპასუხა და აღნიშნა, რომ მზადაა ლიცენზირებას დაქვემდებარებული გუნდების ექიმებისთვის დაგეგმილ ტრენინგებში გაითვალისწინოს ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, ასევე, ქალი ფეხბურთელების ორსულობისა და შემდგომი პერიოდის ფიზიკური დატვირთვის თაობაზე შესაბამისი სახელმძღვანელოს შემუშავების თაობაზე სახალხო დამცველისგან შუამდგომლობა ითხოვა, რადგან ამის კომპეტენცია ფედერაციას არ აქვს.

ფოტო: GFF

მოქალაქეების 43% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.

7-13 დეკემბერს ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, მათ შორის, 43% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 21%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ამასთან, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა.

მოსახლეობისთვის სამი მთავარი გამოწვევა ეკონომიკურ სიდუხჭირესთან არის კავშირში: გამოკითხულთა 32% მთავარ გამოწვევად სიღარიბეს და ფასების ზრდას / ინფლაციას ასახელებს, მესამე ადგილს კი 29%-ით სამუშაო ადგილების პრობლემა იკავებს. ამასთან, მოსახლეობის აზრით, სიღარიბესთან (75%), კრიმინალთან (58%), ტერიტორიულ მთლიანობასთან (53%), განათლებასთან (51%) და კორუფციასთან (44%) დაკავშირებული სიტუაცია ბოლო წლებში გაუარესდა.

მოსახლეობამ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობაც შეაფასა, გამოკითხულთა ნახევარი თვლის, რომ ამჟამად საქართველოში დემოკრატია არ არის, 34% კი მიიჩნევს, რომ საქართველო მეზობლებისთვის დემოკრატიის მაგალითი იყო, მაგრამ ახლა აღარ არის. კვლავ უცვლელია ევორკავშირში (83%) და ნატოში (77%) გაწევრიანების სურვილი, მაგრამ უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც ქართული ოცნება (51%) და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები (53%) ფიქრობენ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. 

კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს ინტერესებთან ყველაზე ახლოს? 41%-ის პასუხია – არცერთი პარტია, 80% კი პარტიებს შორის თანამშრომლობას მხარს უჭერს.

NDI-ს კვლევა პანდემიის საკითხებსაც მოიცავდა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 73% ჯანდაცვის სისტემას სრულად ან ნაწილობრივ ენდობა, თუმცა 42% ამბობს, რომ აცრის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, რადგან 38% ვაქცინის ხარისხს არ ენდობა, 20% კი მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. 

NDI-ს კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა და 2099 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.

რომის პაპი მშობლებს ქვიარ შვილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვიარ მოზარდების მშობლებმა, შვილებზე უარის თქმის ნაცვლად, მათ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ. „არასოდეს დაგმოთ ისინი“, – თქვა მან.

რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ეს განცხადება ყოველკვირეულ აუდიენციაზე გააკეთა. მან ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებსაც მშობლები შვილების აღზრდის პროცესში ხშირად ხვდებიან.

Keep Reading

ვარდისფერი სამკუთხედი – ნაცისტური დევნის სიმბოლო, რომელიც ქვიარ აქტივიზმის ნაწილად იქცა

ვარდისფერი სამკუთხედი ქვიარ აქტივიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა, რომლის გამოყენებაც ქვიარ უფლებებისთვის მებრძოლმა ადამიანებმა 70-იან წლებში დაიწყეს, მაგრამ ამ ფერად სიმბოლოს ბევრად ხანგრძლივი და სამწუხარო ისტორია აქვს. ნაცისტებმა ებრაელებს დავითის ყვითელი ვარსკვლავის, გეი ადამიანებს კი ვარდისფერი სამკუთხედის ტარება აიძულეს. ვარდისფერი სამკუთხედი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილ ადამიანს იერარქიის ბოლო საფეხურზე აყენებდა.

ნაცისტების ქვიარ ადამიანებისკენ მიმართულ აგრესიას კიდევ უფრო ღრმა ფესვები აქვს. 1871 წელს, გერმანიის გაერთიანებასთან ერთად, კანონმდებლობაში 175-ე პარაგრაფი შევიდა. ჩანაწერი, რომელიც „არაბუნებრივი მისწრაფებების“ მსგავს ქმედებებში შემჩნეულ კაცებს საპატიმროშიც კი აგზავნიდა. 1877 წელს, პარაგრაფი კიდევ უფრო დაკონკრეტდა და გაჩნდა მითითება, რომ „არაბუნებრივი მისწრაფებები“ სექსს ან სექსუალურ ქცევას გულისხმობდა. 175-ე პარაგრაფი ეფექტურად ვერ მუშაობდა, რადგან გეი ურთიერთობები ტაბუ იყო და ადამიანის ამ ნიშნით გასამართლება – თითქმის შეუძლებელი. ხშირად, ბრალის წარდგენის ერთადერთი საშუალება, აღიარებითი ჩვენება იყო, ამიტომ პოლიცია გეი კაცების შეკრების ადგილებს უთვალთვალებდა. პარაგრაფის ძალაში შესვლამ ქვიარ ადამიანები უფრო კიდევ უფრო გააძლიერა. ისტორიკოს რობერტ ბიჩის თქმით, ირონიულია, მაგრამ კანონმა სექსუალური ინტერესების შესახებ სამეცნიერო დაინტერესება გაზარდა, რაც მოგვიანებით გეი უფლებებისთვის ბრძოლის საფუძველი გახდა.

ფოტო: Auschwitz Exibition

აშშ-ს ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის  (USHMM) თანახმად, 1930-იან წლებში, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარაგრაფი ძალმომრეობის ბევრად ეფექტურ საშუალებად იქცა. ჰიტლერი გეი კაცებს გერმანიის ბატონობის მიღწევის დამაბრკოლებელ ფაქტორად თვლიდა, რადგან არიული რასის გამრავლებას ხელს ვერ შეუწყობდნენ. ამ დროს დაიწყო გეი-მეგობრული ბარების თუ თავშეყრის ადგილების დახურვა, განადგურდა წიგნები, რომლებიც სექსუალობის კვლევას შეეხებოდა, ასევე, გაუქმდა გეი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაციები. 1934 წელს, იმ ნაცისტი ლიდერების დაკავების ოპერაცია (გრძელი დანების ღამე) მოეწყო, რომელთაც ჰიტლერის ძალაუფლების დამხობის მცდელობა ედებოდათ ბრალად. აღნიშნული ოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ლიდერის, ერნსტ რემის დაკავების ერთ-ერთ გამამართლებელ საბაბად ნაცისტური რეჟიმი მის სექსუალურ ორიენტაციას ასახელებდა.

1871 წლის პარაგრაფის შესწორებული ნაცისტური ვერსია ძალაში 1935 წელს შევიდა, რომლის საფუძველზეც უკანონოდ ჩაითვალა კაცებს შორის გაცვლილი მზერა თუ შეხება, რომელიც სექსუალური ხასიათის იყო. შესწორებამ რეჟიმს კაცების ჭორის საფუძველზე დაკავების შესაძლებლობაც კი მისცა, თუმცა პარაგრაფი ლესბოსურ ურთიერთობებს არ ითვალისწინებდა. გესტაპო პარაგრაფის დამრღვევთა „ვარდისფერ სიებს“ აწარმოებდა. 1933-1945 წლებში დაახლოებით 100 ათასი კაცი დააკავეს 175-ე პარაგრაფის დარღვევისთვის, რომელთა ნახევარი საპატიმროში გაგზავნეს. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 5-დან 15 ათას ადამიანამდე საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, თუმცა გარდაცვლილთა სავარაუდო რაოდენობა უცნობია, რაც არასათანადო დოკუმენტაციის და გადარჩენილთა დუმილის ბრალია. 175-ე პარაგრაფი მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც ეფექტური იყო, რის გამოც არაერთი გადარჩენილი შიშსა და სირცხვილს განიცდიდა.

რამდენიმე გადარჩენილისა და ზედამხედველის მონათხრობის თანახმად, ვარდისფერ სამკუთხედიან ადამიანებს აცალკევებდნენ, რადგან მათ სექსუალურ სურვილებს გადამდებად მიიჩნევდნენ. არაერთი კაცი დაასაჭურისეს, ზოგიერთს ტიფის დასამარცხებლად და ჰომოსექსუალობისგან განკურნებისთვის მიმდინარე სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ. გეი კაცებს „გამოსწორების“ მიზნით, ტესტოსტერონის ინექციებს უკეთებდნენ. ამავდროულად, ზოგიერთი ზედამხედველი საკვებისა და მძიმე სამუშაოს არიდების სანაცვლოდ, სამკუთხედის მატარებელი კაცებისგან სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას ითხოვდა და მათ „თოჯინა ბიჭებად“ მოიხსენიებდა.

და მაინც, ომის დასრულებისას დაპატიმრების შიში არ გამქრალა, ნაცისტების მიერ ჩასწორებული პარაგრაფი 1969 წლამდე გამოიყენებოდა. 1969 წლიდან კი გეი ურთიერთობები 21 წელს გადაცილებულ კაცებს შორის დეკრიმინალიზებული გახდა. USHMM-ის ერთ-ერთი კურატორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირე ძალები გერმანიის ნაცისტური ნარჩენებისგან გაწმენდას ცდილობდნენ, აღნიშნული პარაგრაფი მაინც დარჩა, ალბათ, იმიტომ, რომ მათაც ისეთივე ანტი-გეი კანონები ჰქონდათ, როგორიც გერმანიას. 175-ე პარაგრაფის სრული ანულირება 1994 წელს მოხდა. 70-80-იანი წლებში, ამერიკაში გეი გამათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად, ჰოლოკოსტის დროს გეი კაცების დევნის ფაქტებზე ცნობადობა ბევრად გაიზარდა და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტის გასაჯაროებაც დაიწყო.

ყოფილი „თოჯინა ბიჭის“ ჰაინც ჰეგერის 1972 წლის მემუარები – კაცი ვარდისფერი სამკუთხედით ბანაკის ზედამხედველთა მხრიდან პატიმართა წამების ფაქტებზე ჰყვებოდა. ჰეგერის თქმით, ზედამხედველები სათესლე ჯირკვლებს ცხელ წყალში აყოფინებდნენ და ცოცხით აუპატიურებდნენ. ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ უფრო ცხადი ინფორმაცია 1977 წელს გამოქვეყნდა, როცა ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორმა, სოციოლოგმა რუდიგერ ლატმანმა სტატისტიკური ანალიზი გაავრცელა, რომელიც ამტკიცებდა, რომ, შესაძლოა, ბანაკებში მოხვედრილი გეი კაცების 60%-მდე გარდაცვლილიყო. ვარდისფერი სამკუთხედი ქვიარ უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების სიმბოლოდ იმავე წელს მოიხსენიეს. TIME-ში სტატია გამოქვეყნდა გეი უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტებზე, რომლებმაც ერთ-ერთი პროტესტისას ტანსაცმელზე ვარდისფერი სამკუთხედები დაიმაგრეს. მასალაში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული სიმბოლო ნაცისტური გერმანიის დროინდელი დავითის ყვითელ ვარსკვლავზე აკეთებდა მინიშნებას, თუმცა ერთ-ერთმა მკითხველმა გამოცემას მისწერა, რომ ეს მინიშნება კი არა, წარსულში არსებული სიმბოლოს ხელახალი გამოყენება იყო და აღნიშნავდა, რომ „გეი ადამიანები ვარდისფერ სამკუთხედს ატარებენ, რათა წარსული გაიხსენონ და პირობა დადონ, რომ ისტორია აღარასდროს განმეორდება“.

1979 წელს, მარტინ შერმანის ჰეგერის მემუარებით შთაგონებული პიესა – Bent, ბროდვეიზე წარმატებით დაიდგა. შერმანმა მოგვიანებით თქვა, რომ პიესა ჰოლოკოსტის მკვლევარ, რიჩარდ პლანტის კვლევასაც ეფუძნებოდა, რომელიც გამოქვეყნებული იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო, რადგან ტაბუდადებულ თემას ეხებოდა. კვლევა წიგნად გარკვეული დროის შემდეგ გამოქვეყნდა, სახელწოდებით – ვარდისფერი სამკუთხედი: ნაცისტების ომი ჰომოსექსუალების წინააღმდეგ.

იმ დროისთვის ქვიარ თემი სხვა საფრთხეს ებრძოდა – აივ-ინფექციას და შიდსს. აქტივისტებმა, რომელთაც ჯანდაცვის სისტემის კრიზისის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად ორგანიზაცია ACT-UP (იმოქმედე) დააარსეს, ვარდისფერი სამკუთხედი აირჩიეს კამპანიის სიმბოლოდ და მანიფესტში აღნიშნეს, რომ „გეი ადამიანების ჩაგვრის ფაქტებსა და განადგურების მცდელობაზე ისეთივე დუმილი, როგორიც უწინ, უნდა შეწყდეს, რათა გადარჩენა შევძლოთ.’’

„იმ დროს საჯარო დისკუსია იყო გაჩაღებული, რომელიც ფაქტობრივად გეი კაცების ბანაკებში გაგზავნაზე მიანიშნებდა, რათა ეპიდემია შემწყდარიყო“, – ამბობდა კამპანიის სიმბოლოს დიზაინერი ავრამ ფინკენშტაინი, რომელმაც ჩათვალა, რომ მსგავს რადიკალურ განცხადებებზე საპასუხოდ რადიკალური ქმედებები იყო საჭირო, ამიტომ სამკუთხედი კიდევ უფრო მკვეთრი ვარდისფერი გახდა და ორგანიზაციის მთავარი პოსტერის – დუმილი=სიკვდილი – შუაგულში მოექცა.

ვარდისფერი სამკუთხედი ჩეჩნეთში გეი კაცების ჩაგვრის საპროტესტო დემონსტრაციებისასაც აქტიურად გამოიყენებოდა, მაგალითად, 2017 წელს, ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობაზე პროტესტის მონაწილეებმა ვარდისფერი სამკუთხედი გამოსახეს წარწერით – „დახურეთ სიკვდილის ბანაკები“. 3 თვის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ ჰოლოკოსტისას ჰომოსექსუალობის გამო დევნილ კაცებს კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში და გადარჩენილი კაცებისთვის ბანაკში გატარებულ ყოველ წელზე 1 500 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო. ეს გადაწყვეტილება ოფიციალური ბოდიშის მოხდიდან 15 წლის და ჰოლოკოსტის გეი მსხვერპლებისთვის მემორიალის დადგმიდან 10 წლის შემდეგ მიიღეს. კიდევ ერთი ცნობილი მემორიალი სან ფრანცისკოში მდებარე ვარდისფერი სამკუთხედის პარკია.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბანაკში მყოფი ბოლო გადარჩენილი, რომლის შესახებაც დადასტურებით ვიცით, რუდოლფ ბრაზდა იყო. ის 2011 წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქვიარ აქტივისიტების სიმბოლოდ ქცეული ვარდისფერი სამკუთხედი თანასწორობისთვის ბრძოლის ნიშანი კიდევ დიდხანს იქნება, მუდამ გაგვახსენებს წარსულის მძიმე გამოცდილებას და ადამიანებს, რომლებიც ჩაგვრის, დევნისა და სიძულვილის ობიექტებად იქცნენ.

სტატიის თარგმანი: Olivia B. Waxman / Time

მთავარი ფოტო: Corbis / Getty Images