იანვარი 2022 - Page 3

ბოთლცხვირა დელფინებს ლესბოსური სექსი აქვთ

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მდედრი ბოთლცხვირა დელფინების კლიტორი იმდენად არის განვითარებული, რომ სიამოვნების განცდა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, დელფინებს ლესბოსური სექსი მთელი წლის განმავლობაში აქვთ.

აკადემიურ გამოცემა – Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევა 11 მდედრი  ბოთლცხვირა დელფინის გენიტალიების შესწავლას ემყარება, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ მათი კლიტორის კავერნოზულ სხეულს ნერვული დაბოლოებები აქვს.

„აქამდეც ვიცოდით, რომ დელფინებს სექსი უწყვეტად აქვთ, არამხოლოდ გამრავლების მიზნით, არამედ სოციალური მიზეზებითაც. აღნიშნული კვლევა ამ ფაქტის უკეთ გაგებაში გვეხმარება, მათი ადამიანის მსგავსი კლიტორი ხომ სიამოვნების მიღების შესაძლებლობას იძლევა. მამრ დელფინებს კი გეი სექსი აქვთ. ბოთლცხვირა დელფინები ჰიპერსექსუალური არსებები არიან“, – აღნიშნა პატრისია ბრენანმა, კვლევის ავტორმა.

ბრენანის თქმით, ცხოველების სექსუალობა ნაკლებად არის შესწავლილი, არადა ეს ევოლუციის პროცესის უკეთ გასაგებად აუცილებელია.

მკვლევარი მომდევნო კვლევის ჩატარებას ალპაკებზე დაკვირვებით აპირებს, რადგან ამ ცხოველებს ჩლიქოსნებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ნახევარსაათიანი სქესობრივი აქტიც კი აქვთ.

წყარო: Advocate

საფრანგეთში გეი და ბი კაცები სისხლის დონაციას დისკრიმინაციის გარეშე შეძლებენ

16 მარტიდან გეი კაცები სისხლის დონაციისას იმავე პროცედურებს გაივლიან, რასაც ჰეტეროსექსუალები და სექსუალური ორიენტაციის დასახელება აღარ მოუწევთ. საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრის, ოლივიე ვერანის თქმით, აღნიშნული ცვლილება დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის მიიღეს.

2016 წლიდან, გეი ურთიერთობაში მყოფ კაცებს სისხლის დონაცია შეეძლოთ, თუმცა სისხლის გაღებამდე სქესობრივი კავშირი ერთი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონოდათ, ეს ვადა 2019 წელს 4 თვემდე შემცირდა, ახლა კი საბოლოო ცვლილება სისხლის დონაციისას თანასწორ მოპყრობას უზრუნველყოფს.

ერთი და იმავე სქესის მშობლები და მათი შვილები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ოჯახებად იქნებიან აღიარებული

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის მშობლები და მათი შვილები ოჯახად უნდა იყოს აღიარებული.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) განაცხადა, რომ თუ ერთი ქვეყანა აღიარებს ლგბტ მშობლებსა და მათ შვილებს ოჯახად, მაშინ ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო ვალდებულია, იგივე გააკეთოს, რათა ბავშვის თავისუფლად გადაადგილების უფლება იყოს უზრუნველყოფილი.

Keep Reading

ტრანსგენდერი მსახიობი ლავერნ კოქსი შონდა რაიმსის ახალ სერიალში ითამაშებს

/

ტრანსგენდერი მსახიობი ლავერნ კოქსი ნეტფლიქსის ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას.

 

სერიალი, რომლის ტრეილერიც ახლახანს გავრცელდა ინტერნეტში, ნამდვილ ისტორიას ეფუძნება და რუსი თაღლითის, ანა სოროკინას ისტორიას გვიამბობს.

ანა სოროკინა 1991 წელს დაიბადა რუსეთში და 2013 წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ახალ ქალაქში გადასვლიდან მალევე, ანა სოროკინამ ახალი იდენტობა შეიქმნა და ყველას მოატყუა, რომ ის მდიდარი გერმანელის მემკვიდრე იყო. ამ გზით, მან არაერთი საბანკო ოპერაცია განახორციელა, გამოიყენა სხვადასხვა სასტუმროს მდიდრული ნომრები და მოატყუა ნიუ-იორკის საზოგადოება.

ანა სოროკინას თაღლითური გეგმა 2019 წელს გამომჟღავნდა და 4-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სწორედ ეს ისტორია იქცა ახალ ინსპირაციად შონდა რაიმსისთვის, რომელიც სერიალის შემქმნელად გვევლინება.

 

ლავერნ კოქსი ახალ სერიალში ერთ-ერთ მთავარ, ცნობილი ადამიანების პერსონალური ტრენერის როლს ასრულებს.

 

ახალი სერიალი ნეტფლიქსის ეკრანებზე 11 თებერვალს გამოვა.

 

ლავერნ კოქსი ამერიკელი ტრანსგენდერი მსახიობია, რომელიც მაყურებელმა გახმაურებული სერიალიდან, Orange is the New Black-იდან გაიცნო, სერიალში შესრულებულმა როლმა მსახიობს ემის ნომინაციაც მოუტანა. ლავერნ კოქსი პირველი ტრანსგენდერი მსახიობია, რომელიც Emmy-ზე იყო ნომინირებული.

კითხვები, რომლებიც დაქამინგაუთებულ ადამიანს არ უნდა დავუსვათ

როგორ მოიქცევით, მეგობარმა თქვენთან დაქამინგაუთება თუ გადაწყვიტა? ჰკითხავთ, დარწმუნებული არის ამაში თუ, უბრალოდ, ეტყვით, რომ მისით ამაყობთ? სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი პირველ ვარიანტს აირჩევს, რადგან სათანადო ცოდნა არ აქვს ლგბტ+ საზოგადოების შესახებ.

შესაბამისად, თუ თქვენ გარშემო არის ადამიანი, რომელიც ახალი დაქამინგაუთებულია, ნაცვლად იმისა, რომ უამრავი კითხვა დაუსვათ, აჯობებს, ჯერ თავად ჩაატაროთ მცირე მოკვლევა.

ჩვენ გეტყვით, რა კითხვები არ უნდა დაუსვათ ლგბტ+ თემის წევრებს.

Keep Reading

ქვიარ გამოცდილებები ანტიკურ სამყაროში და ქრისტიანული სწავლება, რომელიც სიძულვილის დასაყრდენად იქცა

ანტიკური სამყაროს სხვადასხვა კულტურაში არ არსებობდა ისეთი ტერმინები, როგორიც LGBTQ+-ია, რადგან ჰომოსექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობას შორის აშკარა ზღვარი არ იყო გავლებული. გენდერული იდენტობა თუ სექსუალური ორიენტაცია ადამიანთა დაყოფის მიზეზი არ იყო და ვის შეიყვარებდა, მხოლოდ ინდივიდის საქმე იყო.

ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის ურთიერთობაში არსებული სტიგმა მხოლოდ კლასობრივ განსხვავებას ეფუძნებოდა. საბერძნეთში, რომში და სხვა ცივილიზაციებში არსებობდა მოსაზრება, რომ თავისუფალი მოქალაქე, რომელიც ურთიერთობაში საპირისპირო სქესის როლს ირგებდა, საკუთარ გენდერულ იდენტობას თმობდა, თუმცა არაფერი იყო ნათქვამი მსგავსი ურთიერთობის ბუნებაზე. ანტიკური ავტორები სექსუალური ორიენტაციის საკითხს განყენებულად არც კი განიხილავდნენ, მხოლოდ მაშინ, როცა ის კონკრეტულ მოვლენაზე ახდენდა გავლენას, რადგან სექსუალური იდენტობა სასაუბრო თემა არ იყო. „ცივილიზაციის აკვნად“ წოდებულ მესოპოტამიაში ერთი და იმავე სქესის ადამიანების კავშირი ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის თანასწორი იყო, რასაც შემორჩენილი ხელოვნების ნიმუშები და ლიტერატურაც მოწმობს.

ისტორიკოს ბრუს ლ. გერიგის მოსაზრებით: „სექსი ბუნებრივი მოცემულობა იყო და არა დამამცირებელი. ადამიანს შეეძლო, სექსი ჰქონოდა სასურველ ადამიანთან, თუ ეს გარეშე პირს არ ვნებდა ან ისეთ საკრალურ საკითხთან არ მოდიოდა წინააღმდეგობაში, როგორიც გარკვეულ რიტუალურ დღეებში სექსისგან თავშეკავების დათქმა ან ღმერთების ქურუმი ქალებისთვის დაწესებული აკრძალვები იყო. მეტიც, ისტორიკოსი უილიამ ნეფი აღნიშნავს, რომ ანტიკური ახლო აღმოსავლეთის გაკვირვებას იწვევდა, როგორ შეიძლებოდა ერთეულ კულტურებს ერთი და იმავე სქესის კავშირში მორალური საფრთხე დაენახათ, კულტურათა უმეტესობაში კაცებს შორის სექსი ნორმა იყო“.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად სხვა რელიგიებთან დაკავშირებული ნიშნები აკრძალვების, საზღვრების დაწესების სამიზნედ იქცა, ასე ნელ-ნელა აიკრძალა სექსუალური თვითშემეცნება და თანასწორი ურთიერთობები. ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა იმთავითვე დაგმობილი არ იყო, უბრალოდ, ქრისტიანობისთვის საფრთხედ იქცა ყველაფერი, რასაც არაქრისტიანული ქვეყნები ნორმად თვლიდნენ, უპირველესად, წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა და არაქრისტიანული რელიგიური ფესტივალები.

ანტიკურ ენებში ისეთი ტერმინებიც კი არ არსებობს, რაც 1869 წელს პირველად ნახსენებ ჰომოსექსუალს და ჰეტეროსექსუალს შეესაბამება. ბერძნული ტერმინი arsenokoites (ბიბლიის ინგლისურენოვან გამოცემაში ჰომოსექსუალად მხოლოდ 1946 წელს ითარგმნა, ქართულ გამოცემაში კი ტერმინი „მამათმავალი“ გვხვდება) იქამდე არ არსებობდა, სანამ პავლე მოციქულმა საკუთარ ეპისტოლეებში არ გამოიყენა. ეს შედგენილი სიტყვა „კაცს“ და „საწოლის გაყოფას“(სექსს) აერთიანებს, რაც ერთი და იმავე სექსის მქონე ადამიანთა შორის ურთიერთობაზე არ იძლევა მინიშნებას, არამედ არაქრისტიანულ სექსუალურ კავშირებზე (მათ შორის, პრივილეგირებული ფენის კაცების მიერ არასრულწლოვანებზე ძალადობა, სექსსამუშაო და სხვა.).

სექსუალურ იდენტობაზე მიმდინარე საუბარი და ტრადიცულ ღირებულებებთან მიბრუნებაზე გაკეთებული განცხადებები ირონიულია, რადგან ქრისტიანობის გავრცელებაზე ბევრად ადრე თანასწორი ურთიერთობები ტრადიციულად ითვლებოდა, დამამცირებელი არ იყო და ათასწლეულების განმავლობაში ნორმად ითვლებოდა.

შუამდინარეთი

ანტიკურ შუამდინარეთში ქალღმერთ ინანას (იგივე იშტარი) ქურუმი ქალები და კაცები ბისექსუალები და ტრანსგენდერები იყვნენ. მათი რწმენით, ქალღმერთს ადამიანთა ტრანსფორმაციის ძალა ჰქონდა და კაცის ქალად, ქალის კი კაცად გარდაქმნა შეეძლო. თქმულების მიხედვით, ქალღმერთის მამამ მესამე გენდერის მქონე ადამიანები შექმნა, რომლებიც ინანას მსახურები იყვნენ. არაბინარული იდენტობა ჯერ კიდევ 3 ათას წელზე მეტის წინ არსებობდა და ღვთიური ნების გამოვლინებად ითვლებოდა. თანასწორი ურთიერთობები ღმერთებისგან დალოცვილი იყო, რასაც ანტიკური ლიტერატურული წყარო შელოცვების ალმანახი ცხადყოფს. შუამდინარეთშიც და სხვა კულტურებშიც უბედურების მომტანად მხოლოდ სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებს შორის თუნდაც ნებაყოფლობითი სექსი ითვლებოდა.

ჩინეთი

„ქალი კაც საყვარლებს უთვალთვალებს“ – ავტორი უცნობია

ჩინეთში მაღალი სოციალური ფენის კაცებს იმავე სქესის საყვარლების ყოლა შეეძლოთ, თანაც, დაბალი ფენიდან. ითვლებოდა, რომ დიდგვაროვანის სიყვარულს სხვა სოციალური ფენის ადამიანის გაკეთილშობილებაც შეეძლო. კაცებს შორის ურთიერთობა ჩინურ წყაროებში სულ მცირე ძვ. წ. 600 წლის წინ გვხვდება, ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ლექსებში, ანეკდოტებში და სხვა ისტორიულ წყაროებში გვხვდებიან, რომლებიც ჰანის დინასტიის პერიოდს(ძვ.წ. 202 – ახ.წ.220) განეკუთვნება. ქალებს შორის ურთიერთობა ტაბუდადებული იყო, რაც გასაკვირი არაა, რადგან ქალები ისტორიკოსთა ყურადღების მიღმა რჩებოდნენ, თუმცა კაცებს შორის სასიყვარულო კავშირი ურთიერთგაკეთილშობილების შესაძლებლობად ითვლებოდა.

ისტორიკოსი ლუის კრომპტონი იმ წყაროების მიმოხილვისას, რომლებიც ერთი და იმავე სექსის ურთიერთობებზე ჰყვებიან, წერს: „ცალსახაა, რომ რიგითი ამბები ასახავენ ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა ურთიერთობის მიმღებლობას, რაც ჩინეთისთვის საუკუნეების ტრადიცია იყო. ეს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანობის შემზარავი წარმოდგენებისგან, რასაც სოდომში დატრიალებული ამბებიც მოწმობს. ჩინური ამბები სინაზით, ფაქიზი გრძნობებით არის განმსჭვალული, რაც ანტიკური საბერძნეთის მითებისგანაც განსხვავდება, რომლებიც საგმირო თავგანწირვის ისტორიებს გვიყვებიან“. 

ერთ-ერთი თქმულება, „მოჭრილი სახელო“ ხანის დინასტიის პერიოდის იმპერატორ აის ამბავს ჰყვება, რომლის ხალათის სახელოზეც მის საყვარელს მიეძინა. იმპერატორმა მისი გაღვიძების ნაცვლად ხალათს სახელო მოაჭრა. ფრაზა „მოჭრილი სახელო“ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის არსებული სინაზის მეტაფორად იქცა.

იაპონია

„წყვილები საროსკიპოში“ – სუზუკი ჰარუნობუ / Royal Ontario Museum – 2015

მეიძის იმპერიამდელ იაპონიაში(800-1868 წწ.) ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა გაკეთილშობილების საფუძველი და მეტიც, იმ დროის ბუდისტი ღმერთკაცის კობო დაიშის მიერ წახალისებულიც კი იყო, თუმცა კაცებს შორის ურთიერთობა მის სწავლებამდეც ნორმად ითვლებოდა. იაპონიაში ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს „მამაკაცების სიყვარულად“ ან „მამაკაცების ფერებად“ მოიხსენიებდნენ და არისტოკრატია თუ ლიტერატურული ელიტა ლეგიტიმურად მიიჩნევდა, რაც ჩინურ გავლენას უნდა უკავშირდებოდეს. იაპონელები რომანტიულ მიზიდულობასა და სექსს ცხოვრების ორგანულ ნაწილად თვლიდნენ, არ ჰქონდა მნიშვნელობა ურთიერთობა იმავე სქესის ადამიანთან გქონდა თუ საპირისპირო სქესთან.

მურასაკი შიკიბუს 1020 წელს დაწერილ ნაწარმოებში – ამბავი ბრწყინვალე უფლისწული გენჯისა – გვხვდება სცენა, რომელშიც ნაწარმოების გმირი ბიჭს აცდუნებს, თუმცა პერსონაჟის ბისექსუალობა დასაძრახ ქმედებად არ არის წარმოჩენილი, მეტიც, ამბავზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

ეგვიპტე

ეგვიპტის ისტორიაში გენდერფლუიდ ადამიანებს საუკუნეების წინ ვხვდებით, თუმცა იდენტობაზე მკვეთრი აქცენტები არ გვხვდება, თუ ამბავი გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე კაცის მიერ სექსში ქალის როლის მორგებას არ ეხება. ისტორიკოსი კოლინ სპენსერი აღნიშნავს, რომ „კაცისთვის ბისექსუალობა ბუნებრივი მოვლენა იყო, თუმცა სექსში პასიური როლის მორგება საკამათოდ ითვლებოდა. მეფისთვის ფემინური ნიშნების გამოვლენა არასახარბიელო იქნებოდა“.

სწორედ დიდგვაროვანი ადამიანის მიერ გამოვლენილი სისუსტე იყო პრობლემა და არა ჰომოსექსუალობა. ეგვიპტელებს ძლიერი ქალღმერთებიც ჰყავდათ, თუმცა მოკვდავი ქალი არასაიმედო დასაყრდენად ითვლებოდა (თუმცა ეს შეხედულებაც ისტორიული მაგალითებით ბათილდება). ჰომოსექსუალური კავშირი ნეგატიურ კონტექსტში მხოლოდ იმ შემთხვევაში გვხვდება, როცა სექსში ერთი კაცი მეორეს მასკულინურ ძალაუფლებას უთმობს, თუმცა არა ურთიერთობისას.

საბერძნეთი

ფრიგიული ღვთაება კიბელე და მისი ტრფობის ობიექტი ატისი ანტიკურ ბერძნულ მითებშიც გვხვდებიან. ქალღმერთის ქურუმი გალი კი ტრანსგენდერი იყო, რომელიც ქალად იდენტიფიცირდებოდა. მითი შესაძლოა ქალღმერთ ინანას გავლენით იყოს ნაწარმოები, თუმცა ჰომოსექსუალური ურთიერთობები საბერძნეთში იქამდეც გავრცელებული იყო.

პლატონი კაცებს შორის ურთიერთობას არაერთ დიალოგში ასხამს ხოტბას, თუმცა ეს მოსაზრება სიბერისას შექმნილ ნაშრომებში გადააფასა, რისი მიზეზიც მსგავსი ურთიერთობების თანმხლები დამანგრეველი ვნება შეიძლება იყოს. ჰომოსექსუალობა არისტოტელესაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ადარდებდა, როცა კაცი საკუთარ მასკულინობას თმობდა. სტოიციზმის ფუძემდებელი ზენონ კიტიონელი კი კაცებს შორის ურთიერთობას გამოწრთობის, გაკეთილშობილების წყაროდ თვლიდა.

სპარტაში ჯარისკაცებს შორის სექსს მისაღებად, მეტიც, სასარგებლოდ თვლიდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ჯარისკაცი საყვარელი ადამიანის დასაცავად ბევრად დიდი შემართებით იბრძოლებდა. ეს მოსაზრება თებეს 300 კაცისგან შემდგარი არმიით დასტურდება, რომელიც 150 გეი წყვილისგან შედგებოდა და ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დანაყოფი იყო, სანამ ბრძოლის ველზე ერთად არ დაეცნენ.

რომი

ადრიანე და ანტინოუსი

რომში ურთიერთობის უმთავრესი საფუძველი ურთიერთპატივისცემა და ჭეშმარიტი სიყვარული იყო, თუმცა დიდგვაროვანს ისევე როგორც სხვა კულტურებში, მასკულინობის დათმობა არ ეპატიებოდა, სამარცხვინოდ ითვლებოდა. მასკულინობის დათმობა ანალური სექსისას პასიურ როლში ყოფნას გულისხმობდა, თუმცა სხვა სექსუალური პოზიციების კრიტიკა არ დასტურდება. როგორც ცნობილია, იულიუს კეისარს ჰომოსექსუალური კავშირი ჰქონდა, რომლის დროსაც „მასკულინობა დათმო“, რამაც მის ავტორიტეტს ზიანი მიაყენა. რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი ურთიერთობა იმპერატორ ადრიანესა და ანტინოუსს ჰქონდათ. ადრიანემ შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ მისი კულტიც კი დააწესა.

გენდერული იდენტობა სხვა ანტიკურ კულტურებში

Pedro Ugarte/AFP/Getty Images

ანტიკური სამყაროს ქვეყნების უმეტესობაში უკვე განხილული მიდგომის მსგავსი ნარატივები არსებობდა. ტაილანდურ წყაროებში მესამე გენდერი (Kathoey) მე-14 საუკუნიდან ჩნდება, თუმცა დიდი ალბათობით იქამდეც აღიარებდნენ. ინდოეთში მესამე გენდერის მქონე ადამიანები (ჰიჯრა) ძვ.წ. 1250 წლიდან გვხვდება, თუმცა ისინი მარგინალიზებულნი არ იყვნენ, განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობისგან.

ადგილობრივი ამერიკელები მესამე გენდერს ასევე აღიარებდნენ. გენდერის შესატყვისი ანტიკური ტერმინი დაიკარგა, თუმცა თანამედროვე შესატყვისი ორი სულის მქონე დღესაც გამოიყენება. მესამე გენდერის მქონე ადამიანებს პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ისინი ღმერთებმა გარდასახეს. ჭაბუკი, რომელსაც ზრდასრულობაში უნდა შეებიჯებინა საკუთარი თავის შეცნობის მიზნით მოგზაურობას იწყებდა, რა დროსაც ღმერთი სტუმრობდა და იდენტობის შეცნობაში ეხმარებოდა. ზრდასრული ადამიანი ტომში ბრუნდებოდა და იმ საქმიანობაში ერთვებოდა, რაც ღმერთმა განუცხადა.

მესამე გენდერის ცნება აფრიკაშიც არსებობს, დღეს მარგინალიზებული ადამიანები ძველად სოციუმის თანასწორი წევრები იყვნენ, ტომის ცხოვრებაში მონაწილეობდნენ და ქორწინდებოდნენ კიდეც.

მიმღებლობის ნარატივი ქრისტიანობის გაძლიერებასთან ერთად შეიცვალა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ყოველივეს, რაც სხვა რელიგიას და სწავლებებს უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ქრისტიანული მოძღვრება ერთადერთ ჭეშმარიტებად გამოცხადდა, ყველა განსხვავებული ნარატივი ყურადღების მიღმა დარჩა. ბიბლია კი, რომლის თარგმანშიც მნიშვნელობები დამახინჯდა, არ გმობდა თანასწორ ურთიერთობებს და საერთოდ არ საუბრობდა მესამე გენდერზე. LGBTQ+ ადამიანების წინააღმდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა („არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლე“) იმავე იდეას უსვამს ხაზს, რასაც ძველი კულტურებიც მხარს უჭერდნენ – კაცმა სექსში მასკულინობა არ უნდა დათმოს. ეს ფრაზა არაფერს ამბობს თანასწორ ურთიერთობებზე.

სოდომ და გომორას ამბავსაც ხშირად იყენებენ ქვიარ ადამიანების დასაგმობად, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ქრისტიანი მოძღვარიც კი, როგორიც წმინდა ამბროსია თვლის, რომ ამ ქალაქების მცხოვრებთა დანაშაული სტუმარ-მასპინძლობის წესების დარღვევა იყო და არა სექსუალური იდენტობა. კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელსაც დამახინჯებულად აღიქვამენ (რომაელთა მიმართ), ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც წარმართულ რიტუალებში მონაწილეობენ, ასევე ორგიებში ცოდვას მიეცემიან და ღმერთი სასჯელს მოუვლენს, რაც უფრო იმ გამოცდილების დაგმობაა, რომელიც ზოგიერთი წარმართული ღმერთის თაყვანისცემისას გამართული ორგიებია და ერთმანეთის მიმართ ორგიებისას გამჟღავნებული სურვილი ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელად ჩაითვალა. ბიბლიის ეს პასაჟიც იმისკენ იყო მიმართული, რომ სხვა რწმენა-წარმოდგენები დაეგმო.

ქრისტიანობით დაწყებული არატოლერანტული სწავლება მოგვიანებით სხვა რელიგიებზეც გავრცელდა, მათ შორის ისლამში და ბუდისტურ სწავლებაზეც კი იქონია გავლენა, რომელიც იქამდე ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას დასაძრახად არ მიიჩნევდა. სიძულვილი, მიმღებლობის არარსებობა, რომელიც ღმერთის მსახურებისა და „ტრადიციული ღირებულებების“ სახელით არის გამართლებული, სრულად უარყოფს სიყვარულისა და პატივისცემის იდეას.

სპენსერის აზრით: „სექსუალობა ღრმა, კომპლექსური საკითხია და არ ექვემდებარება საზოგადოების კონტროლს. ზოგიერთი თვლის, რომ ჩვენში უზენაესის ნიშნები ვლინდება და განსხვავებულის შიში ბუნებრივია, ამიტომ მისი მართვა უნდა ვცადოთ, მაგრამ ხშირად ამის საჭიროება არ არსებობს. „უკონტროლო სექსს“ ბევრი ველურ წარმონაქმნად აღიქვამს, ცივილური მიდგომისგან გადახვევად. შესაძლოა, სექსზე დაწესებული ცენზურა სწორედ ამ მორალური ცენზურის გავლენა იყოს. რა იქნებოდა მორალური ღერძი ტოლერანტობაზე რომ იყოს დაფუძნებული და არა ორგაზმზე“.

ქვიარ ადამიანებს 2 ათასი წლის განმავლობაში დევნიდნენ, სანამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ადამიანებმა თავისუფლად ცხოვრების უფლებისთვის ბრძოლა არ დაიწყეს. 1969 წლის სტოუნვოლის ჯანყიდან ქვიარებმა უფლებრივი მდგომარეობა სულ უფრო განიმტკიცეს. ეს ტალღა, რომელიც ნიუ იორკში დაიწყო დღემდე მსოფლიოს არაერთ წერტილში იწვევს გამოძახილს, რომელიც თანასწორობისთვის ხმის ამაღლებით ვლინდება.

წყარო: World History Encyclopedia

ქვიარ სერიალები, რომლებიც იანვარში გამოვა ეკრანებზე

გთავაზობთ იანვრის თვის ქვიარ სერიალებს, რომლებიც უკვე გამოვიდა ეკრანებზე ან თვის ბოლომდე გამოვა.

 

სერიალების უმეტესობა ეკრანებს ახალი სეზონით უბრუნდება.

 

9-1-1: Lone Star – 3 იანვარი

რაიან მერფის კომედიური ჟანრის სერიალი მესამე სეზონით 3 იანვარს დაუბრუნდა ეკრანებს. სერიალი 9-1-1-ის სპინოფია და მეხანძრე ოუენ სტრანდის ისტორიას გვიამბობს, რომელიც მანჰეტენიდან ოსტინში, ტეხასში გადავა საცხოვრებლად.

 

კომედიური ჟანრის სერიალის მორიგ სეზონში ოუენმა უნდა სცადოს და იპოვოს ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. სერიალში ასევე მრავლად შეხვდებით ქვიარ პერსონაჟებს.

 

 

RuPaul’s Drag Race – 7 იანვარი

რუპოლის დრეგ შეჯიბრება ახალი, მეთოთხმეტე სეზონით დაბრუნდა და ამ შოუს ისტორიაში მასში პირველად გამოჩნდა სისგენდერი მამაკაცი დრეგ ქვინი.

 

შოუს ახალი სეზონის პრემიერა VH1-ზე 7 იანვარს შედგა და პრიზი კვლავაც უცვლელია, სეზონის გამარჯვებული 100 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს და „დრეგ შეჯიბრების“ ვარსკვლავი გახდება.

 

 

Search Party – 7 იანვარი

Search Party HBO Max-ის სერიალია, რომელიც 7 იანვარს ახალი და უკანასკნელი მეხუთე სეზონით დაუბრუნდა მცირე ეკრანებს. სერიალში მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდება და ოთხი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც დაკარგული მეგობრის პოვნას ცდილობენ.

 

სერიალი, რომელშიც ქვიარ თემებიც არის წარმოჩენილი, შავი კომედიის ჟანრს მიეკუთვნება. ის იმითაა გამორჩეული, რომ გარდა შავი კომედიისა, სერიალი სხვა ჟანრებსაც აერთიანებს და ექსპერიმენტებს არ ერიდება. ასე, მაგალითად – სერიალის პირველ სეზონში მაყურებელი დეტექტივის ელემენტებს ამოიცნობს, ხოლო მეორე სეზონი უკვე ფსიქოლოგიური ტრილერია. რაც შეეხება სერიალის მესამე სეზონს, მასში ყველაფერი რადიკალურად იცვლება და სასამართლო სხდომებს შეხვდებით.

 

Euphoria – 9 იანვარი

HBO-ს საკულტო სერიალი, რომელმაც 9 იანვარს ზენდეიას Emmy-ის პრიზი მოუტანა, 2-წლიანი შესვენების შემდეგ, ახალი, მეორე სეზონით დაბრუნდა ეკრანებს.

 

როგორც სერიალის შემქნელები და მსახიობები ამბობენ, მეორე სეზონი იმაზე უფრო ემოციური და დაძაბული იქნება, ვიდრე წინა სეზონი. ზენდეიამ სულ რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ სერიალი არასრულწლოვანი მაყურებლისთვის არ არის, რადგან მასში შეხვდებით ძალადობის სცენებს, სიშიშვლესა და ნარკოტიკების მოხმარებას.

 

Somebody Somewhere – 16 იანვარი

Somebody Somewhere HBO ახალი სერიალია, რომლის პრემიერაც 16 იანვარს შედგა. კომედიური ჟანრის სერიალი სემ მილერის ისტორიას გვიამბობს, რომელიც დის გარდაცვალების შემდეგ მშობლიურ კანზასში დაბრუნებას, ახალი ცხოვრების დაწყებას და ახალ ადამიანებთან ერთგვარი გაერთიანების ჩამოყალიბებას გადაწყვეტს.

 

მთავარ როლში კომედიანტი, მომღერალი და მსახიობი ბრიჯიტ ევერეტი გვევლინება, რომელსაც კომედიის მოყვარულები კარგად იცნობენ თავისი შთამბეჭდავი სასცენო შოუებით.

 

Single Drunk Female – 21 იანვარი

Single Drunk Female HULU-ს ახალი სერიალია, რომელიც 21 იანვარს გამოვა ეკრანებზე. სერიალი, 20 წელს გადაცილებული ალკოჰოლიკი გოგოს ისტორიას გვიამბობს, რომელიც მავნე ჩვევისგან გათავისუფლებას გადაწყვეტს და დედასთან ბრუნდება საცხოვრებლად.

 

სერიალის რეჟისორი სელსი ჰიდლანდია, რომელსაც ასევე წარმატებული სერიალი Russian Doll ეკუთვნის.

 

The Gilded Age – 24 იანვარი

„დაუნთაუნის სააბატოს“ შექმნელებისგან კიდევ ერთი ისტორიული ჟანრის სერიალი გამოვა HBO-ს ეკრანებზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ნიუ-იორკში გვამოგზაურებს და ახალგაზრდა გოგონას, მერიენ ბრუკის ისტორიას მოგვიყვება.

 

მამის გარდაცვალების შემდეგ მერიენს პენსილვანიიდან ნიუ-იორკში, მდიდარ დეიდასთან გადაცხოვრება მოუწევს. სერიალში მერიენის დეიდის როლს „სექსი დიდ ქალაქშის“ მსახიობი, სინტია ნიქსონი შეასრულებს.

 

ახალი სერიალის პრემიერა 24 იანვარს შედგება.

 

Getting Curious With Jonathan Van Ness – 27 იანვარი

Queer Eye-ს ერთ-ერთი წამყვანი ჯონათან ვან ნესი ნეტფლიქსის პლატფორმისთვის კიდევ ერთ სერიალს შემოგვთავაზებს, რომელიც წამყვანის ამავე სახელწოდების პოპულარულ პოდკასტს ეფუძნება.

 

პოდკასტებში პოპულარული წამყვანის თემები არ არის შეზღუდული, ჯონათან ვან ნესი სტუმრებთან ერთად წლების განმავლობაში სხვადასხვა თემას განიხილავს, მთავარ ფოკუსში კი გენდერი, სექსუალობა და იდენტობაა მოქცეული.

 

ადამიანებს არჩევანი ჰგონიათ, ჰეტეროსექსუალი იქნები თუ ჰომოსექსუალი

უკვე 29 წლის ქალი ვარ, რომელიც წარსულში გახედვისას, ვერ იჯერებს, რომ ეს გზა გაიარა. სულ ცოტა ხანია, რაც საკუთარ თავთან ქამინგაუთი შევძელი და ჯერ კიდევ მტკივნეულ პროცესებს გავდივარ. ძალიან ბევრი ვებრძოლე საკუთარ თავს, მაგრამ ვერ „ვუმკურნალე“ იმიტომ, რომ განსაკურნებელი არც არაფერია. ძალიან არ მინდოდა, მეც იმ რეალობის ნაწილი ვყოფილიყავი, რომელშიც მუდმივად კუს ჯავშანში უნდა იყო და საკუთარი იდენტობა დამალო, შენივე სიყვარული სათანადოდ ვერ გიხაროდეს და ამ სიყვარულთან დაკავშირებულ სიხარულებს ვერ უზიარებდე ოჯახს, მეგობრებს…

Keep Reading

WARP – ბარსელონას ქვიარ საზოგადოება ლეო ადეფის ფანტასმაგორიულ ფოტოებში

/

ლეო ადეფი არგენტინელი რეჟისორი და ფოტოგრაფია, რომელიც რამდენიმე წელია ბარსელონაში ცხოვრობს და ბარსელონაში მცხოვრები ქვიარ საზოგადოების ცხოვრებას ასახავს.

მისი ნამუშევრების მთავარი თემები იდენტობა, სექსუალობა, სიყვარული, ახალგაზრდობა და ურთიერთობებია. არტისტი ბარსელონას მიწისქვეშეთში ეძებს ინსპირაციას და ცდილობს, რეალობისა და ფანტასტიკის შერწყმით შექმნას ბარსელონას ქვიარ საზოგადოების დაუვიწყარი ფოტოები.

ბუენოს-აირესში დაბადებული ფოტოგრაფი და ვიზუალური არტისტი სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემასთან თანამშრომლობს და სულ ახლახანს გამოაქვეყნა პირველი წიგნი, სახელწოდებით – WARP, რომელიც ბარსელონას ქვიარ საზოგადოების 200-ზე მეტ ფოტოს აერთიანებს. როგორც არტისტი ამბობს, ფოტოებს 4 წლის განმავლობაში იღებდა, წიგნის გმირები არტისტის მეგობრები, საყვარლები, მუზები და არტისტები არიან, რომლებიც ამ 4 წლის განმავლობაში გზად ხვდებოდნენ.

 

მის ფოტოებში იგრძნობა სიზმრისეული განწყობები და ფანტასტიკური ელემენტები, წიგნის გმირებს შორის შეხვდებით მამაკაცებს, რომლებიც ბარსელონას კლუბების ტუალეტში ტესტესტერონის მორიგ დოზას იკეთებენ, დრეგქვინებს, რომლებიც წვეულებაზე ტელეფონებს სქროლავენ და ქვიარ მამაკაცებს, რომლებიც ქვიშიან სანაპიროზე მზეს არიან მიფიცხებულები.

არტისტის სურვილი ბავშვობიდან სამყაროს უკეთ გაცნობა იყო, მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება პირველმა მოგზაურობამ მოახდინა, როცა ბუენოს-აირესი დატოვა და სხვა კულტურას ეზიარა – მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ახალ-ახალი ადამიანების, ადგილებისა და ემოციების აღმოჩენა მისი მთავარი საზრუნავი გახდა.

გარდა იმისა, რომ წიგნი WARP ბარსელონას ქვიარ საზოგადოების ერთგვარი ილუსტრაციაა, ამასთან ერთად, ავტორის მცდელობაა, გაიმარჯვოს თავის ტკივილებზე. როგორც ერთ-ერთ გამოცემასთან ამბობს, ადამიანებმა, რომელთა ფოტოებიც წიგნშია თავმოყრილია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მის ცხოვრებაში. ფოტოგრაფი მრავალი წლის განმავლობაში დადიოდა ფოტოაპარატით სხვადასხვა წვეულებაზე, ხვდებოდა ადამიანებს და მათ გადაღებას სთავაზობდა, ამ პროცესში ის არაერთ საინტერესო ადამიანს შეხვდა, რომლებთან მუშაობის დროსაც მისი ცოდნა სექსუალობაზე, გენდერსა და სიყვარულზე მნიშნელოვნად გაიზარდა.

არტისტისთვის ყველაზე საინტერესო არა კადრები, არამედ იმ ადამიანების ისტორიებია, რომლებიც მისი წიგნის გმირები არიან, მას აინტერესებს, როგორ უმკლავდებიან ქვიარ ადამიანები დამცირებას, ჩაგვრას, უთანასწორობას და როგორ აისახება ეს მათ მომავალ ცხოვრებაზე, ამ დამცირების მიუხედავად, როგორ ქმნიან ისინი საკუთარ თავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ არტისტის ვებ-გვერდს ან ინსტაგრამის გვერდს

HRW: საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში რეგრესი განიცადა

Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2021 წლის მდგომარეობაა შეფასებული, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში რეგრესი განიცადა, მათ შორის, LGBTQI+ უფლებების დაცვის კუთხით. 

,,5 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ მარშის“ წინააღმდეგ ორგანიზებული ჰომოფობიური ძალადობის დროს, სიძულვილის ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის, სულ ცოტა, 53 თანამშრომელს… პოლიცია ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო”, – ვკითხულობთ HRW-ს განცხადებაში, რომელიც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდგომ პერიოდსაც მოიცავს – „[ალექსანდრე ლაშქარავას] გარდაცვალების მომდევნო დღეს, სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე, ხელისუფლებამ, მისივე თქმით, „ექსპერტიზის შუალედური დასკვნის“ საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების დროს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული“.

ანგარიშის ცალკე ქვეთავში, რომელშიც საუბარია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ და 5 ივლისის ძალადობრივი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებია აღწერილი, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ LGBTQI+ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა. 

,,უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანშეუწონლად“ გამოაცხადა საჯარო ადგილას იმ დემონსტრაციის გამართვა, რომელსაც „სამოქალაქო დაპირისპირება“ შეიძლება გამოეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ საჯარო ადგილას ასეთი მარში. მედიის უამრავი რეპორტაჟის თანახმად, პოლიციელთა მცირე ჯგუფები ადგილზე  იყვნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ინციდენტების ეფექტურად აღკვეთა. ძალადობის ამ ტალღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და სულ ცოტა, 27 ადამიანი დააკავა, რომელიც ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობდა. სახალხო დამცველმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ დაუსჯია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშში ტრანსგენდერი ადამიანის სქესის სამართლებრივი აღიარების პირველ შემთხვევაზეც არის საუბარი, თუმცა აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერი ადამიანების სქესის სამართლებრივად აღიარება მხოლოდ სქესის შეცვლის ოპერაციის შემთხვევაშია შესაძლებელი, რაც ,,სერიოზულ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იწვევს მათ მარგინალიზაციას და უმუშევრობისა და სიღარიბის რისკებს.” 

Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ,,გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის, პოლიციელების უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლების გამოხატვის დროს, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების მიმართ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა”.