ნოემბერი 2021 - Page 5

აქტივიზმი და მოდის ინდუსტრია Gucci-ის არსებობის 100 წლისთავის აღსანიშნავ შოუზე

ლოს ანჯელესში, Gucci-იმ, არსებობის 100 წლის აღსანიშნავად, ფეშენ შოუ ,,სიყვარულის აღლუმი” წარადგინა. ჰოლივუდის ბულვარზე გამართული დეფილე Gucci-ის კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს დედას ეძღვნებოდა, რომელიც კინოინდუსტრიაში მუშაობდა და მიკელის თქმით, მას „სილამაზის თაყვანისცემას“ ასწავლიდა.

შოუსთვის, ჰოლივუდის კლასიკური სამყაროსადმი სიყვარულის პარალელურად, მიკელემ ბულვარს ბერძნული ტაძრის ელფერი შესძინა, სადაც ცნობილი სახეები მითოლოგიურ გმირებად და თანამედროვე კერპებად მოგვევლინნენ. მათ შორის იყვნენ – ჯარედ ლეტო, მაკოლეი კალკინი, ფიბი ბრიჯერსი და კანადელი წარმოშობის აქტივისტი ჯანაია ფიუჩერ ხანი.

ჯარედ ლეტო

მაკოლეი კალკინი

ფიბი ბრიჯერსი

ხანი, რომელიც გენდერულად არაკონფორმულია, Black Lives Matter Toronto-ს თანადამფუძნებელია და მოდაში მეტი თანასწორობის მისაღწევ კამპანიას ადვოკატირებდა, შოუების მრავალფეროვნების გასაზრდელად, პარტნიორობდა გუჩის მსგავს ბრენდებთან.

კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობის მატარებლი იყო დეფილეზე ბაინდერით (მკერდზე შემოკრული სარტყელით) გამოსვლა, მან თქვა – ,,ეს არ არის მხოლოდ მოდის ინდუსტრიაზე გავლენა, ეს არის გავლენა მსოფლიოზე. ეს ის მასშტაბია, რომლისთვისაც ყველანი უნდა ვიბრძოდეთ. ზოგადად, რასაც სოციალური მედია და მოდა აკეთებს, დასრულებული პროექტია. ტრანს ადამიანებისთვის ბაინდერების ყიდვა და მათი დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება, ტრანზიციის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროცესს. ასე რომ, ვფიქრობ, მართლაც მშვენიერია, მოდის ერთ-ერთ უმაღლეს მასშტაბებზე წარმოადგინო ნაკლებად ხილვადი კატეგორია.”

დღესდღეობით, მოდა, თანდათან უფრო აკეთებს აქცენტს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე. ჩვენ ახლახან ვიხილეთ ელიოტ პეიჯი Balenciaga-ს 2022 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე, დომენიკ ჯექსონი – Mugler-ის დეფილეზე და არიელ ნიკოლსონი, პირველი ტრანს ქალი, რომელიც ამერიკული Vogue-ის გარეკანზე მოხვდა.

ელიოტ პეიჯი

დომენიკ ჯექსონი

არიელ ნიკოლსონი

რუსული Rupaul’s Drag Race LGBTQ+ თემების გარეშე

რამდენიმე კვირის წინ რუსულ სატელევიზიო სივრცეში Rupaul’s Drag Race-ის ანალოგიური შოუ გაჩნდა. შოუს სახელია „სამეფო კობრები“ და განსხვავებით სხვა მრავალი ქვეყნისგან, სადაც კონკურსანტები, შოუს წამყვანი, მენტორები და ჟიურის წევრები საუბრობენ LGBT+ საზოგადოების პრობლემებზე და გამოწვევებზე, რუსული ანალოგი უარს ამბობს, ილაპარაკოს მათზე, ვინც შექმნა რუპოლის გადაცემა და, ზოგადად, დრაგ კულტურა.

რუსულ ანალოგში ამერიკული Rupaul’s Drag Race-ის მსგავსად, შეხვდებით Lip Sync შეჯიბრებებს, კომედიურ სკეტჩებს და მოდურ, ფანტასტიკურ ლუქებს, თუმცა შოუს შემქნელმა გადაწყვიტა, ზურგი აქციოს რუსი ლგბტ+ ადამიანების წარმოჩენას და მათი პრობლემების გაჟღერებას.

შოუს შემქნელი ბლოგერი და ინსტაგრამ ინფლუენსერი ნასტია ივლევაა, რომელიც ასევე წამყვანის როლში გვევლინება შოუში. გადაცემაში 36 დრაგ ქვინი მონაწილეობს, შოუ 7 ეპიზოდისგან შედგება და თითო სერიაში 6 დრაგ ქვინი ეჯიბრება ერთმანეთს, მათგან გამარჯვებული 1 დრაგ ქვინი კი ფინალურ ეპიზოდში გადადის და გამარჯვებისთვის აგრძელებს ბრძოლას. შოუს გამარჯვებული დრაგ ქვინი 1 000 000 რუბლს მიიღებს. შოუს პირველი ეპიზოდის შესავალში წერია, რომ „შოუ არ არის მიმართული არატრადიციული სექსუალური დამოკიდებულებების პოპულარიზაციაზე“

The Moscow Times-თან მიცემულ ინტერვიუში ლგბტ+ აქტივისტი ნიკიტა ანდრიანოვი ამბობს, რომ რუპოლის დრაგ რეისის რუსული ანალოგი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გააძლიეროს ლგბტ+ ადამიანები, რადგან შოუში არსად არ არის ნახსენები, რომ დრაგ კულტურა და მსგავსი შოუსები ლგბტ+ ადამიანების მიერაა შექმნილი.

კრიტიკა გაჩნდა ასევე შოუს შემქმნელის, ნასტია ივლეევას გარშემო, რომელიც არის ჰეტეროსექსუალი და რომლის გარშემოც არის შოუს დრამატურგია აწყობილი. ბლოგერი, მოდელი და ინფლუენსერი Nikita Hi ერთ-ერთ რუსულ პუბლიკაციასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ივლევა დიდი ხანია მუშაობს რუს დრაგ ქვინებთან, ეს მაინც არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ შოუში ცენტრალური ფიგურა ნასტიაა და ჟიური დაკომპლექტებულია ჰეტეროსექსუალებისგან, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია შეაფასონ დრაგ ქვინების ნამუშევრები.

აქტივისტის შეფასებით, შოუში ზედაპირულად არის წარმოჩენილი დრაგ კულტურა და ჰეტეროსექსუალი ადამიანები ცდილობენ, მიიტაცონ ის, რაზეც მრავალი წელი შრომობენ ქვიარ ადამაინები.

Rupaul’s Drag Race ამერიკული რეალითი შოუა, რომლის შემქნელი და წამყვანია რუპოლი. შოუში თითოეულ სეზონში 15-მდე დრაგ ქვინი მონაწილეობს, მონაწილეები თითოეულ ეპიზოდში სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობენ, მაყურებელმა დღემდე შოუს 13 სეზონი იხილა. რეალითი შოუს ანალოგიური შოუ შეიქმნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ტაილანდში, ჰოლანდიაში, ახალმა ზელანდიაში, ესპანეთში, იტალიაში და ბრაზილიაში. შოუს ძალიან დიდი როლი აქვს ქვიარ საზოგადოების გაძლიერებაში და დრეგ კულტურის განვითარებაში.

უყურეთ რუსული „სამეფო კობრების“ პირველ ეპიზოდს:

თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალის“ მიხედვით ფილმს გადაიღებენ

თამთა მელაშვილის რომანის – „შაშვი, შაშვი მაყვალის“ მიხედვით, ფილმს გადაიღებენ, ინფორმაციას ყოველკვირეული ამერიკული ჟუნრალი Variety ავრცელებს.

ფილმზე ქართველი რეჟისორი, ელენე ნავერიანი იმუშავებს, რომელსაც ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი „სველი ქვიშა“ და „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“ ეკუთვნის. მის სცენარზე კი, ელენე ნავერიანთან ერთად, ნიკოლოზ მდივანმა იმუშავა.

როგორც ელენე ნავერიანი Variety-სთან საუბარში ჰყვება, თამთა მელაშვილის წიგნის წაკითხვის შემდეგ, ის მიხვდა, რამდენად ძლიერი იქნებოდა წიგნის ნახვა ეკრანზე. რეჟისორი ასევე ამბობს, რომ „ეთერო თავის სხეულში ატარებს რევოლუციურ მესიჯს, რომ ყველა სხეული იმსახურებს სიყვარულს და არის ლამაზი, როგორიც არ უნდა იყოს ის… ეთერო თავისებურად ფემინისტია, ისე რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის“.

თამთა მელაშვილის მესამე რომანი 2021 წელს გამოიცა და მის ანოტაციაში ვკითხულობთ: „შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა“.

 

თამთა მელაშვილი თანამედროვე ქართველი ავტორია, რომელსაც ეკუთვნის სამი რომანი, „გათვლა“, „აღმოსავლეთი“ და „შაშვი შაშვი მაყვალი“. მისი წიგნები თარგმნილია გერმანულ, რუსულ, ხორვატიულ, ალბანურ და მაკედონიურ ენებზე.

 

Marvel-ისა და DC-ის 10 ქვიარ სუპერგმირი

რამდენიმე კვირის წინ, მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ახალი სუპერმენის ბისექსუალობაზე, ლუის ლეინისა და Kal-El-ის შვილის ქვიარობამ ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფანებში და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად არის მზად სამყარო, ყველაზე ძლიერის როლში დაინახოს ქვიარ ადამიანი, რომელიც მრავალი წელია, მიიჩნევა, როგორც ჩაგრული და მოწყვლადი.

კომიქსი Superman:  Son of Kal-EL ნოემბერში გამოვა გაყიდვაში და მასში მოთხრობილი იქნება სუპერმენის შვილის, ჯონათან კენტის ამბავი, რომელიც ქალაქ გოთემის დაცვასთან ერთად, რომანტიკულ ურთიერთობას გააბამს მამაკაცთან,

გთავაზობთ 10 გმირს მარველისა და DC-ის სამყაროდან, რომელიც ასევე ლგბტ+ ოჯახს მიეკუთვნება.

Tom Drake/Robyn

სუპერმენის შვილი არ არის ერთადერთი ქვიარ პერსონაჟი DC-ის სამყაროში, სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ლეგენდარული რობინი ასევე ქვიარია. ბეტმენის პროტეჟეს ქვიარობაზე ფანები დიდი ხანია საუბრობენ, მისი სცენები კომიქსებიდან და ადაპტაციებიდან ყოველთვის ატარებდა დაფარულ ქვიარ ქვეტექსტებს და დადგა ის დროც, როცა ეკრანზე კიდევ ერთ ქვიარ სუპერგმირულ ისტორიას ვიხილავთ.

Iceman

Iceman X-men-ების ერთ-ერთი პოპულარული და მთავარი პერსონაჟია, ეჭვგარეშეა, რომ ის მანამდე იქნება მარველის სამყაროში, სანამ მარველი იარსებებს. მართალია, კომიქსებში Iceman-ის ქამინგაუთის შემდეგ ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა X-Men-ების მორიგი სერია, თუმცა უახლოეს წლებში აუცილებლად ვიხილავთ სერიალს.

Poison Ivy და Harley Quinn 

Harley Quinn და Poison Ivy ერთ-ერთ პირველ ქვიარ წყვილად ითვლება კომიქსების ისტორიაში. გოთემში მცხოვრები ჯოკერის ყოფილი შეყვარებული Harley Quinn და ბეტმენის დაუძინებელი მტერი – Poison Ivy, ათწლეულებია, იდეალურ მეგზურობას უწევენ ერთმანეთს, მათი მეგობრობა კი 2017 წელს კოცნით დაგვირგვინდა. მართლაც, უკეთესს ვერ ვინატრებით, Harley Quinn-ისთვის, რომელიც მრავალი წელია ტოქსიკურ ურთიერთობაში იმყოფება.

Wiccan

მარველის სამყაროს გაზრდასთან ერთად, ქვიარ პერსონაჟების რაოდენობაც იზრდება. 2020 წლის WandaVision-ში ვანდა ქმნის სამყაროს, სადაც აჩენს ტყუპ ბიჭებს, ტყუპებიდან ერთ-ერთი, ბილი, რომელიც კომიქსებში იზრდება და Wiccan-ის სახელითაც ვიცნობთ, კიდევ ერთი ქვიარ პერსონაჟია, რომელიც შეყვარებულია კრიის უცხოპლანეტელ Hulkling-ზე.

წყვილი ახალგაზრდა Avengers-ის ჯგუფშია და როგორც მარველი ამბობს, სწორედ ისინი ჩაანაცვლებენ მთავარ Avengers-ებს.

Apollo და Midnighter 

Apollo და Midnighter DC-ის სუპერგმირები არიან, დაქორწინებული წყვილი The Authority-ში გამოჩნდა 1990-იან წლებში და არაერთი დაუვიწყარი ისტორია შემოგვთავაზა, მათგან ყველაზე გამორჩეული კი, 2016-2017 წლის კომიქსების სერიაა, რომელიც მთლიანად წყვილის რომანტიკულ ურთიერთობებზე კონცენტრირდება და რომელშიც Midnighter-ი  მოგზაურობს ჯოჯოხეთში, რათა იხსნას თავისი მიჯნურის სული.

Batwoman

Batwoman კიდევ ერთი ლესბოსელი პერსონაჟია DC-ის სამყაროდან, რომელიც 1956 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ამ პერსონაჟმა უამრავი სახეცვლილება განიცადა. აღსანიშნავია, რომ გარდა ქვიარობისა, Batwoman გადამწყვეტ როლს ასრულებს DC-ის სამყაროში და ბეტმენის ისტორიებში.

John Constantine: Hellblazer 

ჯონ კონსტანტინი, კიდევ ერთი ბისექსუალი პერსონაჟი, 1990-იან წლებში გამოჩნდა, ის სუპერნატურალური ძალებით დაჯილდოებული დეტექტივია, რომელიც Vertigo-ს კომიქსებში გვხვდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც DC-მ შეიძინა ჯონ Hellblazer-ის გამომცემლობა, ქვიარ პერსონაჟი DC-ის ოჯახს შეუერთდა. პერსონაჟს ვხვდებით CW-ის სერიალში Legends of Tomorrow.

Mystique

Marvel-ის და X-men-ების კიდევ ერთი ქვიარ პერსონაჟი გარდასახვების დიდოსტატი Mystique არის, რომელსაც, როგორც კომიქსებიდან ვიგებთ, რომანტიკული გრძნობები აქვს ირენ ადლერის მიმართ, სამწუხაროდ, ეს X-men-ების ფილმებში არ ჩანს, თუმცა არავინ იცის, რას გვიმზადებს მომავალი.

Valkyrie

Thor-ის კინოადაპტაციაში Valkyrie-ის როლის შემსრულებელმა, ტესა ტომპსონმა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მას სურდა, კინოს შემქმნელები მიჰყოლოდნენ კომიქსებს და Valkyrie-ს ქვიარობა წარმოეჩინათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. სკანდინავიურ მითოლოგიაზე დაფუძნებული გმირი ერთ-ერთი გამორჩეული ქვიარ სახეა მარველის სამყაროში.

Northstar

როცა ვსაუბრობთ ქვიარ კომიქსებზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ Northstar, რომელიც პირველი გეი პერსონაჟია მარველის ისტორიაში, მან ქამინგაუთი კომიქსებში 1992 წელს გააკეთა.

ამის შემდეგ, მუტანტმა სუპერგმირმა არაერთი დაუვიწყარი თავგადასავლი გვაჩუქა, რაც ყველაზე მთავარია, 2012 წელს კიდევ ერთხელ შეცვლა მარველის ისტორია და მკითხველმა კომიქსებში მისი ქორწილი იხილა.

ქვიარ სიყვარული, საკლუბო სცენა და ევთანაზია – 10 ახალი ფილმი ლგბტ+ თემატიკაზე

/

2020 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დამოუკიდებელი კინოსთვის, კოვიდ პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, მივიღეთ უამრავი დახურული კინოთეატრი, შეჩერებული წარმოება და ონლაინ სტრიმინგ სერვისების აღზევება.

თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავი ახალი ფილმი გამოვიდა, რომელშიც ასახულია ქვიარ თემატიკა. გაეცანით 10 ახალ ფილმს, რომელშიც სხვადასხვა ლგბტ საკითხია წამოჭრილი:

Maschile singolare (2021) იტალია 

Maschile singolare იტალიელი რეჟისორების, ალესანდრო გუიდას და მატეო პილატის 2021 წლის ფილმია, რომელიც ახალგაზრდა გეი მამაკაცის, ანტონიოს ისტორიას გვიამბობს, რომელიც ქმართან, ლორენცოსთან დაშორების შემდეგ, ახალი ცხოვრების დაწყებას გადაწყვეტს.

ფილმი ძალიან კარგად აღწერს ურთიერთობების სირთულეებს და კიდევ ერთხელ სვამს კითხვას – სწორია ურთიერთობის და ქორწინების გამო საკუთარ მომავალსა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმა?

Firebird (2020) ესტონეთი, UK  

Firebird კიდევ ერთი ქვიარ ფილმია, რომელიც გაზაფხულზე გამოვიდა კინოეკრანებზე და აკრძალული სიყვარულის ისტორიას გვიყვება. სერგეი და რომანი, ორივე საბჭოთა კავშირის ჯარში მსახურობენ ცივი ომის დროს და გრძნობები უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ.

მელოდრამაში მთავარ როლში ტომ პრიორი გვევლინება, რომელიც დაუვიწყარ სცენებს გვთავაზობს. ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო კინოკრიტიკოსებისგან.

My First Summer (2020) ავსტრალია 

„ჩემი პირველი ზაფხული“ 2020 წლის ფილმია, რომელიც coming of age-ის ჟანრს მიეკუთვნება და ორი მოზარდი გოგონას სიყვარულის ისტორიას გვიამბობს. 16 წლის კლაუდიას, რომელიც გარესამყაროსგან მოშორებით იზრდება, რთული პერიოდი უდგას, გოგონას დედა გარდაეცვალა და ცდილობს, გაუმკლავდეს ამ დანაკლისს. ყველაფერი კი მას შემდეგ იცვლება, რაც მის ცხოვრებაში გრეისი ჩნდება.

Well Rounded (2020) კანადა 

Well Rounded 61-წუთიანი დოკუმენტური ფილმია, რომლის შექმნელიც და რეჟისორიც კანადელი კომედიანტი ქენდი პალმატერია. დოკუმენტური ფილმი გვიამბობს ლგბტ+ ადამიანებზე, რომლებიც გარდა ჰომოფობიისა, ცდილობენ, გაუმკლავდნენ რასიზმს და ჭარბი წონისადმი აგრესიულ დამოკიდებულებას. დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილი ისტორიები, ერთი შეხედვით, შემზარავია, თუმცა ამასთან ერთად ამ ისტორიების ხმამაღლა მოყოლა არის რევოლუციური, განმათავისუფლებელი, რადიკალური და აუცილებლად დადებით შედეგებს მოიტანს მომავალში.

Cured (2021) ამერიკა

1950-იანი-1960-იანი წლები ამერიკელი და არამარტო ამერიკელი ქვიარ საზოგადოებისთვის ძალიან რთული ათწლეულები იყო. ამ პერიოდში ლგბტ+ საზოგადოების წევრობა ნიშნავდა, რომ ადამიანს შეიძლება დაეკარგა სამსახური, მოკვეთილიყო საზოგადოებისგან და ყველაზე შემზარავი – შეიძლება ელექტროშოკური თერაპია გაევლო.

Cured დოკუმენტური ფილმია, რომელშიც გენდერის მკვლევრები, აქტივისტები და ისტორიკოსები მსჯელობენ ამ ათწლეულების შესახებ. გარდა ამისა, ფილმში წარმოდგენილია უნიკალური მასალები, რომლებიც აქამდე ფართო მასებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი და ზეპირი ისტორიები იმ ადამიანებისა, რომლებიც რამდენიმე ათწლეულის წინ იბრძოდნენ ქვიარ საზოგადოების გათავისუფლებისთვის.

Cowboys (2021) ამერიკა 

Cowboys კიდევ ერთი ქვიარ ფილმია, რომლის რეჟისორიც ანა კერიგანია, ფილმი გვიამბობს ერთი ამერიკული ოჯახის ისტორიას, სადაც მამა ცდილობს, დაიცვას თავისი ტრანსგენდერი შვილი როგორც სამყაროსგან, რომელიც ჯერ კიდევ არამეგობრულია ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, ასევე, საკუთარი დედისგან, რომელსაც უჭირს პატარა ბიჭუნას მიღება.

კლიშეებისგან დაცლილ ფილმში, გარდა შესანიშნავი სამსახიობო შესრულებისა, ვხვდებით მონტანას ულამაზეს ლანდშაფტებს და ისეთ თემებს, როგორიცაა: მენტალური ჯანმრთელობა; მცირეწლოვანი ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემები და ოჯახში მიმღებლობა.

Where Love Lives (2021) UK 

Where Love Lives კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმია, რომელიც გვიამბობს ლეგენდარული კლუბის Glitterbox-ის ისტორიაზე, საცეკვაო სცენის და იმ ქვიარ ადგილების მნიშვნელობაზე, რომელიც უსაფრთხო სივრცეს ქმნის ლგბტ+ ადამიანებისთვის.

ფილმში საცეკვაო სცენის პიონერები და დიჯეები, Honey Dijon, TeTe Bang, Lucy Fizz da Jellybean გვიამბობენ თავიანთ გამოცდილებაზე. ფილმში ასევე შეხვდებით Pose-ის მსახიობს, ბილი პორტერს, რომელიც ამბობს, რომ ერთადერთი, რამაც სიცოცხლე შეუნარჩუნა, საცეკვაო მოედანი იყო.

The Dose (La Daosis) (2020) ესპანეთი 

The Dose არგენტინული თრილერია, რომელიც 2020 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ფილმში მოქმედება პალიატიურ განყოფილებაში ვითარდება და მთავარ როლში გვევლინება მარკოსი, ღამის ცვლის მომვლელი, რომელიც დაავადებულ პაციენტებს ფარულად ეხმარება ევთანაზიაში. ჰომოეროტიკულ მისტიკურ თრილერში მოქმედება მას შემდეგ იძაბება, როცა კლინიკაში მუშაობას იწყებს ახალგაზრდა გაბრიელი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ევთანაზიის და რომლის მიმართაც ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები უჩნდება მარკოსს.

Kiss Me Before It Blows Up (Kiss Me Kosher) (2020) გერმანია, ისრაელი  

Kiss Me Before It Blows Up ისრაელი რეჟისორის, შირელ პელეგის 2020 წლის ფილმია, რომელიც გენდერის, რელიგიის, რასისა და ქვიარ სიყვარულის საინტერესო გადააზრებას გვთავაზობს. ფილმში მოქმედება თელ-ავივში მიმდინარეობს, ბარის მეპატრონე შირა გადაწყვეტს, რომ თავის ებრაულ ოჯახს გააცნოს გერმანელი საცოლე, მარია, რაც ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტს იწვევს და ქორწინების მართებულობას ეჭვქვეშ აყენებს.

Sweetheart (2021) UK 

გლაზგოს კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი Sweetheart coming of age კომედიური ფილმია, რომელიც გვიამბობს 17 წლის AJ ისტორიას, რომელსაც არ სურს თავის ოჯახთან ერთად არდადეგების გატარება სანაპირო პარკში, სადაც არც Wi-Fi-ია და არც არანაირი გასართობი 17 წლის უცნაური AJ-სთვის.

AJ განწირულია, რომ მოსაწყენი დღეები გაატაროს ოჯახთან ერთად, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, როცა გოგონა გაიცნობს Isla-ს და მის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაუჩნდება.

წარსულის შეცვლა რომ შემეძლოს, 21 წლის ნაცვლად, ქამინგაუთს 16-17 წლის ასაკში გავაკეთებდი – იუვალ ნოახ ჰარარი

/

45 წლის ჰარარიმ, რომელიც ისრაელშია დაბადებული, დოქტორის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ის ავტორია ბესტსელერების: საპიენსი – კაცობრიობის მოკლე ისტორია; ჰომო დეუსი – ხვალინდელობის მოკლე ისტორია; 21 გაკვეთილი XXI საუკუნისთვის; საპიენსი – გრაფიკული ისტორია, ტომი I. მომავალ კვირაში მისი მომდევნო წიგნი, საპიენსი – გრაფიკული ისტორია ტომი II, ცივილიზაციების საყრდენები გამოდის. ჰარარი თავის ქმართან ერთად თელ-ავივთან ახლოს ცხოვრობს და ისტორიის ლექციებს კითხულობს იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში.

Photograph: Jonas Holthaus/Laif/Camera Press

როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

ახლა. ჩემი მოლოდინები უფროა მორგებული რეალობას, ვიდრე 20 ან 10 წლის წინ.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში?

ისე გავანადგურებთ კაცობრიობას, რომ ვერც კი გავიაზრებთ, რა დავკარგეთ.

რა არის თქვენი ყველაზე ადრეული მოგონება?

ჩემი ყველაზე ადრეული მოგონება, რომელიც ისტორიას უკავშირდება, ლიბანის პირველი ომი და ფოლკლენდის ომია. მაშინ ექვსი წლის ვიყავი. მახსოვს, გემის –HMS Sheffield-ის ჩაძირვას ტელევიზორში ვუყურებდი, ამან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

რომელი ცოცხალი ადამიანი აღგაფრთოვანებთ და რატომ?

პერსონალურ დონეზე, ჩემი მეგობარი, რომელიც მარტოხელა დედაა და ორ შვილს ზრდის ამ კოვიდის ერაში – ის ნამდვილი გმირია. ისტორიული პერსონებიდან, მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც, ვფიქრობ, მესამე მსოფლიო ომისგან გადაარჩინა მსოფლიო.

ხასიათის ის თვისება, რომელიც საკუთარ თავში არ მოგწონთ.

ყველა თვისებას აქვს პოზიტიური და ნეგატიური პოტენციალი, მთავარია, ისწავლო, როგორ გამოიყენო ის. მაგალითად, ბრაზი და სამართლიანობა ერთი და იგივეა – გაბრაზდები ან სამართალს მოძებნი.

ყველაზე ძვირფასს რას ფლობთ?

ჩემს სხეულს.

სამი სიტყვით აღწერეთ საკუთარი თავი.

ვფიქრობ, ვერავის აღწერ სამი სიტყვით.

რა იქნებოდა თქვენი სუპერძალა?

საგნების ისე დანახვა შემეძლოს, როგორიც სინამდვილეშია.

თქვენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

მიჭირს გაღიმება, მით უმეტეს, თუ მთხოვენ. ყველა ფოტოში ცოტა მოღუშული ვარ.

რომელიმე გამქრალი ნივთის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რომელს აირჩევდით?

მარჯნის რიფებს გადავარჩენდი, ჯერ არ გამქრალა, თუმცა ამ გზას ადგას.

რა არის თქვენი ყველაზე ცუდი ჩვევა?

მგონია, რომ საკმარის მადლიერებას არ გამოვხატავ ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ, თუმცა, ვფიქრობ, ისედაც იციან, როგორ ვაფასებ მათ.

რა გაშინებთ სიბერეში?

გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვა.

წიგნი, რომელიც არ წაგიკითხავთ და გრცხვენიათ.

არცერთი. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე წიგნი აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული.

ვინ გინდოდათ გამოსულიყავი, როცა გაიზრდებოდით?

ის, ვინც უყვართ.

ყველაზე ცუდი რამე, რაც თქვენთვის უთქვამთ.

წლები გავატარე მედიტაციში, ასეთი რაღაცებისთვის თავი რომ დამეღწია. ვფიქრობ, წარმატებით მოვახერხე.

რა არის ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობთ?

სიამონების გამო თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ.

მშობლების წინაშე რა ვალი გაქვთ?

დიდი მადლიერება. ისინი ყოველთვის ჩემთან იყვნენ. ზოგჯერ მათ არ იცოდნენ, როგორ დამხმარებოდნენ, ან რა გაეკეთებინათ, მაგრამ ყოველთვის  მაქსიმუმს აკეთებდნენ, მაშინაც კი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და მათ წინაშე ბევრ სისულელეს ჩავდიოდი.

რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული?

ჩემი ქმარი, იტციკი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ისრაელის ერთი პატარა ქალაქიდან ვართ, ერთმანეთს, 20 წლის წინ, გაცნობის ერთ-ერთ საიტზე შევხვდით. 2010 წელს ტორონტოში დავქორწინდით.

თქვენი ყველაზე ცუდი სამსახური.

როდესაც 16 წლის ვიყავი, ზაფხულის არდადეგებზე ქარხანაში ვმუშაობდი, სადაც სამრეწველო სარქველებს ამზადებდნენ. ისტორიკოსზე ბევრად უარესი სამრეწველო სარქველების მწარმოებელი ვიყავი.

ყველაზე დიდი იმედგაცრუება.

ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა არის ცხოვრება. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ისეთ ადამიანს მაინც ვიპოვიდი, ვინც ამას მიხვდა. უკვე 45 წლის ვარ და დიდი შანსია, რომ ასეთ ადამიანს ვერასდროს შევხვდე.

წარსულის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

ქამინგაუთს 16-17 წლის ასაკში გავაკეთებდი და არა – 21.

ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

რამდენიმე წლის წინ, ჩემი ძაღლი რომ მოკვდა. ჩვენ საბერძნეთში ვისვენებდით, ის კი მეგობართან გვყავდა დატოვებული და გველმა დაკბინა. უკან დავბრუნდით, თუმცა დაგვაგვიანდა.

ბოლოს როდის შეიცვალეთ აზრი რამე ძალიან მნიშვნელოვანზე?

წელს, კოვიდის დროს. ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით, მე მჯერა, გლობალური თანამშრომლობის აუცილებლობის, გასულ წელს მსოფლიოს ყურებამ მიმახვედრა, რომ ეს ბევრად, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მეგონა. შესაძლოა, შეუძლებელიც კი.

როდის იყავით სიკვდილთან ყველაზე ახლოს?

13 წლის ვიყავი, როცა ავტობუსმა კინაღამ გამიტანა. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის დროსაც, ერაყული რაკეტა ჩემს სახლთან ახლოს ჩამოვარდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ გასწავლათ.

რომ ყველაფერი იცვლება, ადამიანები არასოდეს არიან კმაყოფილი და ყველა იდენტობა ფიქციაა.

რა ხდება, როცა ვკვდებით?

ამაზე საკმაოდ ბევრი დავწერე. მე ვფიქრობ, რომ ცნობიერება არ არის მყარი რამ, მაგრამ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ის იგივეა, რაც ერთი წუთის წინ, ერთი დღის ან ერთი წლის წინ იყო, მაგრამ სინამდვილეში, საერთოდ არაა ნათელი, რა აკავშირებს ამ წუთის ცნობიერებას მომავლის ცნობიერებასთან. ჩვენ რომ ამის გაგება შეგვეძლოს, იმასაც გავიგებდით, რა ხდება მაშინ, როცა ვკვდებით. რა თქმა უნდა, ეს მე არ მესმის, ამიტომ, არ ვიცი.

გვითხარით, საიდუმლო…

ადამიანებს, რომლებიც მართავენ მსოფლიოს, ეს არ ესმით.

წყარო: theguardian.com

ფოტო მთავარზე: Photograph: Antonio Olmos for the Observer New Review

მატასი ვაშაკიძის ბრძოლა ბედნიერებისთვის

მე ვარ მატასი ვაშაკიძე, 32 წლის, მზრუნველი, სამართლიანი და კონფლიქტების არამოყვარული ადამიანი.

საკუთარი თავის მიუღებლობა

ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. კი, ბნელი 90-იანი წლები იყო, ცუდი პერიოდი ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება – ზაფხულობით, ჩემს დასთან და დეიდაშვილთან ერთად, მთელი დღეები გარეთ ვიყავი, ვთამაშობდით…

იმის გააზრება, რომ ჰეტერო ქალი არ ვიყავი, ყველაზე მეტად მე გამიჭირდა. მგონი, ჩემ გარდა ამას ყველა მიხვდა, მე ვიყავი ყველაზე ბოლო, რადგან იმდენად ჩაკეტილი მქონდა ტვინი და ეს ყველაფერი იმდენად მიუღებლად მიმაჩნდა, საკუთარ თავთანაც კი არაფრით ვაღიარებდი. პირველად გოგო რომ მომეწონა, სკოლაში ვიყავი. განცდების დონეზე, უცნაურად არ მომეჩვენა და ჩავთვალე, რომ ეს უბრალოდ მეგობრობა იყო. 19-20 წლის ასაკამდე საკუთარი თავისთვისაც კი არ მითქვამს, რომ გოგოები მომწონდა. ბიჭებს არ ვხვდებოდი და თითქმის არასდროს ვსაუბრობდი მათ შესახებ, თითქმის კი არა, საერთოდ არ ვლაპარაკობდი. ურთიერთობის გამოცდილებაც მხოლოდ იმიტომ მქონდა, რომ ყველას ჰყავდა შეყვარებული და მეც ჩავთვალე, რადგან ყველას ჰყავდა, მეც უნდა მყოლოდა.

საქართველოში ცხოვრების დროს, არცერთ თემის წევრთან, არცერთ ორგანიზაციასთან არ მქონდა ურთიერთობა, არავის ვიცნობდი. ალბათ, ეგეც ჩემი შიშების ბრალი იყო. არც ჩაგვრა გამომიცდია ჩემი ორიენტაციის გამო, არავინ იცოდა და იმიტომ.

საქართველოდან წასვლა და ქამინგაუთი

უკვე 4 წელია, საქართველოდან წასული ვარ და ესპანეთში ვცხოვრობ. მთავარი მიზეზი, რის გამოც წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, ჰომოფობია იყო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცხოვრების პერიოდში ქამინგაუთიც არ მქონია და საერთოდ არავისთვის მითქვამს ჩემ შესახებ. მეშინოდა ქამინგაუთის – მეშინოდა, რომ ოჯახი გამრიყავდა, სამსახურს დავკარგავდი… თან, ჩემი სამსახური უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული, უნივერსიტეტში ვმუშაობდი და ეს გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ,,ახალგაზრდებს რყვნიან” და ა.შ. პრობლემებს შემიქმნიდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია.

ქამინგაუთის დროს ყველაზე დიდი შიში რაა? ალბათ, ის, რომ გეტყვიან – ,,ვწუხვარ, მაგრამ შენთან ურთიერთობა აღარ მინდა”- ადამიანების დაკარგვის შიში. სწორედ ამიტომაა ეს პროცესი ასეთი სტრესული. ელოდები, ვარიანტად მაინც გაქვს, რომ ამას გეტყვიან. შეიძლება, უარესი პასუხიც მიიღო.

ესპანეთში ჩამოსვლიდან ერთი წლის მერე, დავიწყე ქამინგაუთი და ახლა თითქმის ყველასთან მაქვს გაკეთებული. ძალიან გამიჭირდა, თითქმის ყოველდღე მქონდა სხვადასხვა ადამიანთან და ეს ძალიან სტრესული იყო ჩემთვის, ემოციებით ვიყავი სავსე. მაგალითად, დედას მივწერე – გამბედაობა არ მეყო, რომ დამერეკა და ისე მეთქვა. თავიდან, რამდენიმე წამი არაფერი მოუწერია, მერე ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნიდა, შენ არ ინერვიულო, დედა, ჩამოდი და ყველაფერს მოვაგვარებთო. ჩათვალა, რომ რაღაც მჭირდა, თუმცა ფსიქოლოგთან წასვლა არ შემოუთავაზებია. დაბნეული იყო, ძალიან გაუჭირდა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მაგრამ დროის გასვლამ უშველა. დღეს ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს დედასთან და, ზოგადად, ოჯახთან.

რეაქციები განსხვავებული იყო – მეგობრებიდან, ზოგმა მითხრა, რომ ისედაც ხვდებოდნენ. იყო უარყოფითი რეაქციებიც, დავკარგე რამდენიმე ნათესავი – პირდაპირ მითხრეს, რომ ,,საქართველოში საზოგადოება არ არის მზად ამისთვის და რას ვიზამთ.” მეგობარიც დავკარგე, მისთვის ეს იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ უცებ გადაუსვა ხაზი ყველაფერს, ყველაფერი უმნიშვნელო გახდა ამ ადამიანისთვის, რაც მანამდე ხდებოდა, ისე გამოვიდა, რომ თითქოს ადამიანი მხოლოდ სექსუალური ორიენტაციაა. ისეთი შემთხვევებიც მქონდა, როცა მითხრეს, რომ კი, ტოლერანტობა, რაღაც, რაღაც…. და მეორე დღეს, ფეისბუქზე აზიარებდნენ შეთქმულებებს პრაიდის შესახებ, რატომ არ უნდა დაუშვან პრაიდი და ა.შ. ვცდილობ, ასეთი ადამიანები ჩამოვიშორო, არაფერში მჭირდებიან. ჩემ გვერდით ისეთი ადამიანი ვერ იქნება, რომელიც თვლის, რომ ჩემზე უკეთესია, თუ, მაგალითად, ბიჭები მოსწონს.

ჩემი მაშინდელი ემოციები რომ მახსენდება, გული მწყდებოდა. თურმე, როგორც ადამიანი, მათთვის არ ვარსებობდი, ჩემი თვისებები, დადებითი თუ უარყოფითი, არაფერს ნიშნავდა და ერთადერთი მნიშვნელობა მხოლოდ იმას ჰქონდა, რომ გოგოები მომწონდა.

ცხოვრება ესპანეთში და ქორწინება

ესპანეთი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა ლგბტ თემის მიმართ, კანონმდებლობაც ყველაზე ნაკლებად დისკრიმინაციულია. არ ვამბობ, რომ დისკრიმინაციული არ არის, რადგან მაინც არის განსხვავება რაღაც საკითხებში, მაგალითად, როცა გინდა, რომ ბავშვი გყავდეს და აპირებ კლინიკის დახმარებით, ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინო, ჰეტერო წყვილის შემთხვევაში, დაქორწინებას არ ითხოვენ იმისთვის, რომ ორივე მშობელი მშობლად დარეგისტრირდეს, ჩვენს შემთხვევაში – კი. ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაშვებულია. ხალხის დამოკიდებულება ქვიარ ადამიანების მიმართ, ძირითადად, ძალიან ჩვეულებრივია, არავის აინტერესებს, არავის ანაღვლებს, არავის საქმე არ არის – არც არავინ შეგიძულებს ამის გამო და არც არავის შეუყვარდები.

მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სამი წლის წინ, ერთ-ერთ გაცნობის საიტზე გავიცანით, მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა და მალე ერთად საცხოვრებლადაც გადავედით. ორი წლის მერე გადავწყვიტეთ, რომ დავქორწინებულიყავით ზუსტად ბავშვის გამო, გვინდოდა, შვილი გვყოლოდა და ეს ყველაფერი ფორმალური კუთხით უფრო მარტივი რომ ყოფილიყო.

დავქორწინდით, მერე კლინიკაშიც დავიწყეთ სიარული, რამდენიმე უშედეგო ცდა გვქონდა, მაგრამ მეცნიერების წყალობით, მალე პატარა გვეყოლება. საქართველოშიც ვიყავით ერთად და მას ჩემი ოჯახიც იცნობს, ნორმალურად მიიღეს. ახლა დედაჩემიც მოუთმენლად ელოდება შვილიშვილს.

,,საქართველოში დადგება დღე, როცა პრაიდს უპრობლემოდ ჩავატარებთ”

რაც უფრო მეტად ვეცნობი ესპანეთის ისტორიას ამ კუთხით, მაქვს იმედი, რომ საქართველოშიც იგივე მოხდება. დაახლოებით 50 წლის წინ, აქაც ისეთივე მდგომარეობა იყო სამართლებრივი კუთხით, ადამიანების მენტალიტეტის მხრივ, მაგრამ შეიცვალა და რადგან აქ შეიცვალა, მგონია, რომ ნელ-ნელა ეს საქართველოშიც შესაძლებელი გახდება.

ვფიქრობ, ამაში ყველაზე დიდი როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, პირველ რიგში, კანონმა უნდა მოგვცეს თანასწორობა. აუცილებელია სქესობრივი განათლება სკოლებში, არ შეიძლება, ბავშვებს წარმოდგენა არ ჰქონდეთ ამაზე და სქესობრივ განათლებაში ძალიან მარტივია ლგბტ საკითხებზე საუბარიც, იმაზე, რომ ქვიარ ადამიანების ურთიერთობა ნორმალურია, მათაც შეიძლება ჰქონდეთ სექსი, სექსი არ არის ხიხია და მარტო ქალსა და კაცს შორის არ ხდება.

მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრაიდების ჩატარება – დაინახოს საზოგადოებამ, რომ ვარსებობთ, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ძალიან ხშირად სტერეოტიპების მსხვერპლი ვხდებით. ჰგონიათ, შემოგზავნილები ვართ, უცხოპლანეტელები, არ ვართ ქართველები… ასევე, მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ დაინახოს, რომ მარტო არ არიან. მე ვიცი, რამდენად რთულია, როცა თემის წევრებიდან არავის იცნობ, თავი ძალიან მარტო გგონია და ყველასგან გარიყული ხარ.

პრაიდი ეხმარება საზოგადოების აზრის ნელ-ნელა შეცვლას. ჩვენ თუ დაველოდებით, როდის შეიცვლის საზოგადოება აზრს, ეს თავისით არ მოხდება, ეს უნდა მოხდეს ასეთი ღონისძიებებით, მიეჩვევიან და აღარ გაღიზიანდებიან. ერთხელაც, დარწმუნებული ვარ, დადგება ისეთი დღე საქართველოში, როცა უპრობლემოდ შევძლებთ ქუჩაში პრაიდის ჩატარებას – პრაიდია და აღვნიშნავთ. მორჩა.

ქვიარ ქალების დაბრკოლებები

თანასწორობის კუთხით, საქართველო ძალიან ცუდ დღეშია. თუნდაც იმ მხრივ, რომ ქალისა და კაცის ხელფასი განსხვავდება ერთსა და იმავე პოზიციებზე. მე თვითონაც მქონია განცდა, რომ კარიერულად გაცილებით წინ წავიდოდი, კაცი რომ ვყოფილიყავი – ვხედავდი ბიჭებს, რომლებიც თითქმის არაფერს აკეთებდნენ და უფრო მაღალ პოზიციებზე მუშაობდნენ.

რაც შეეხება ქვიარ ქალების პრობლემებს, მაგალითად, ახლა მაქვს ასეთი დაბრკოლება – საქართველოში როცა ჩამოვალ, საქართველო ჩემს ქორწინებას არ აღიარებს, მალე ბავშვი გვეყოლება და არ ვიცი, დედად ვის ჩათვლიან, მე თუ ჩემს მეუღლეს. დაბადების მოწმობაში ორივე მშობლად კი ვეწერებით, მაგრამ მე დედად არ ჩამთვლის მაქაური კანონმდებლობა, რადგან მე არ ვაჩენ ბავშვს. გამოდის, რომ ჩემი მშობლებიც არ ითვლებიან ბებია-ბაბუად. ანუ საქართველოში მარტომ რომ ჩამოვიყვანო ბავშვი და რაღაც პრობლემა შეიქმნას, შეიძლება საავადმყოფოშიც არ შემიშვან.

ასევე, საქართველოში მცხოვრებ ქვიარ ქალებს უსაფრთხოების პრობლემაც აქვთ, ბოლოდროინდელი მოვლენების მერე, ჰომოფობია აღზევების ხანაშია და ამის გათვალისწინებით, ალბათ, მე ძალიან შემეშინდებოდა.

ზიანი

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, თუ თავისუფლება არ გაქვს, როცა ვერ ხარ ის, ვინც ხარ, მკვდარივით ხარ. ახლა მირჩევნია, მომკლან, თუნდაც პრაიდის დამარბევლებმა, ვიდრე მოვიტყუო, აღარ შემიძლია. რადგან იქიდან გამოვედი, უკან აღარასოდეს დავბრუნდები. ეს მართლა ტანჯვა და წამებაა.

ჩემს დასთან ქამინგაუთი რომ გავაკეთე, რაღაც პერიოდის მერე მითხრა, მეგონა, უჟმური იყავი და თურმე, დეპრესია გქონიაო, იმდენად ვიყავი ჩაკეტილი საკუთარ თავში. წარმოიდგინეთ, ჩემს დას, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, უჟმური ვეგონე. ძალიან რთულია, როცა ყველასთან თამაშობ, არაფერი მახარებდა, ვაცნობიერებდი, რომ ტყუილში ვცხოვრობდი და ორმაგ ცხოვრებას ვეწეოდი. აქ რომ ჩამოვედი, იმდენად დასტრესილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი და ვიცოდი, რომ აქ ხალხს პრობლემა არ ჰქონდა ამაზე, მაინც ვერ ვახერხებდი ქამინგაუთს. აქაც მეშინოდა და არაფერს ვამბობდი. სადღაც ერთი წელი დამჭირდა, მდგომარეობიდან რომ გამოვსულიყავი.

არასდროს დაკარგოთ იმედი

მინდა, ქვიარებს ვუთხრა, რომ იმედი არ დაკარგონ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ქამინგაუთის გაკეთებას თუ შევძლებდი, მაგრამ შევძელი და ვიგრძენი, რა არის ადამიანური ცხოვრება. აუცილებლად უნდა ეძებონ გზები, როგორ შეძლებენ გათავისუფლებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან იყო ჰარმონიაში, თუ საკუთარ თავსაც ატყუებენ, ძალიან გაუჭირდებათ, ბედნიერები იყვნენ.

ზოგი საქართველოში დარჩენას ირჩევს და ეს ძალიან დიდი გამბედაობა და სიმამაცეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქამინგაუთი აქვთ გაკეთებული – საფრთხის ქვეშ არიან, მაინც არ ნებდებიან და რჩებიან. ქვიარ ადამიანს ყველგან უწევს ბრძოლა, განსხვავება იმაშია, რომ ზოგან ეს ბრძოლა პირდაპირ გადარჩენისთვისაა, როგორც, მაგალითად, საქართველოში და ზოგან – თანასწორობისთვის.

პირველ რიგში, გარემო უნდა შეიცვალონ ცოტა ხნით მაინც, ნახონ, რამხელა განსხვავებაა ნორმალურ გარემოსა და იმას შორის, რაც აქვთ. თუ ამას შეძლებენ, მგონია, რომ უკან ვეღარავინ დააბრუნებთ. ,,უკან დაბრუნებაში” საქართველოში დაბრუნებას არ ვგულისხმობ, იმავე მდგომარეობაში დაბრუნებას ვგულისხმობ, სადაც მანამდე იყვნენ.

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

 

ავტორი: ნინო ურუშაძე

ჰარი სთაილსი ფანს ქამინგაუთში დაეხმარა

ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი და ჯგუფ One Direction-ის ერთ-ერთი წევრი, ჰარი სთაილსი, ფანს ქამინგაუთში დაეხმარა.

შემთხვევა 3 ნოემბერს, მომღერლის საკონცერტო ტურის Love on Tour-ის ფარგლებში, ვისკონსინის შტატში მოხდა, მომღერალმა ერთ-ერთი სიმღერის შესრულების დროს, გოგონას პლაკატი დაინახა, რომელზეც ეწერა „დამეხმარე ქამინგაუთის გაკეთებაში, დედაჩემი 201-ე სექციაში იმყოფება“.

პოსტერის დანახვის შემდეგ, გრემის მფლობელი 27 წლის ვარსკლავი გოგონასთან მივიდა, მიკროფონი გადასცა და საშუალება მისცა, თავად გაეკეთებინა განცხადება, გოგონა ბევრმა ხალხმა შეაშინა და ვერ გაბედა ქამინგაუთის გაკეთება, თუმცა ჰარი სთაილსმა მას შესთავაზა, რომ თვითონ გააჟღერებდა მიკროფონში და მალევე მიმართა დედას: „ლიზა, ის გეია“.

შოუს დამთავრების შემდეგ, გოგონამ თვითერზე მადლობა გადაუხადა ჰარი სთაილს უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის და თქვა, რომ მას ეს დღე არასდროს დაავიწყდება.

ახალგაზრდა ბრიტანელი ვარსკლავი თავისი უკანასკნელი საკონცერტო ტურის განმავლობაში ხშირად უცხადებს ლგბტ+ ადამიანებს მხარდაჭერას.

არტისტი ჩაგრულების მხარეს – დაიან არბუსის შემოქმედება

/

დაიან არბუსი (1923 – 1971) ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც  წლების განმავლობაში ფოტოფირზე ასახავდა ნიუ-იორკში მცხოვრებ ჩაგრულ და მარგინალიზებულ ადამიანებს. ის იღებდა სტრიპტიზის მოცეკვავეებს, ცირკის მსახიობებს, ნუდისტებს, შშმ პირებს, ლგბტ ადამიანებს, ქალებს, რომლებიც მარტო ზრდიდნენ შვილებს, გაჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ მცირეწლოვნებს, ხნიერ ადამიანებსა და საშუალო კლასის ოჯახებს.

დაიან არბუსი 1923 წელს მანჰეტენზე, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები შეძლებული ემიგრანტები იყვნენ საბჭოთა კავშირიდან, რომლებიც მეხუთე ავენიუზე უნივერმაღს ფლობდნენ. 18 წლის ასაკში დაიანმა თავის ბავშვობის მეგობარზე, ალან არბუსზე იქორწინა, რომელმაც ქალს პირველი ფოტოკამერა აჩუქა და ფოტოგრაფიის შესწავლაში ხელი შეუწყო. თავისი შემოქმედების განმავლობაში, დაიანს სერიოზული წარმატება არ ჰქონია, არტისტის ნამუშევრები რთულად იყიდებოდა და ხშირად, თავის სარჩენად, არასასურველ, კომერციულ პროექტებზე მუშაობა უწევდა. არტისტს ასევე აწუხებდა დეპრესია, რომელმაც, საბოლოოდ, ქალი 48 წლის ასაკში თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

დაიან არბუსი ცდილობდა, არა მარტო მარგინალიზებული ჯგუფები აღებეჭდა, არამედ ეჩვენებინა ადამიანებისთვის, სად ცხოვრობენ ისინი, სად მუშაობენ, როგორია ქუჩები, სადაც ისინი ყოველდღე გადაადგილდებიან. მისი ფოტოები იბეჭდებოდა ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა  –  Esquire, Harper’s Bazaar, Sunday Times Magazines და Artforum. დაიან არბუსი პირველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც ვენეციის ბიენალეზე მოხვდა, ხოლო მისი პერსონალური გამოფენა, ფოტოგრაფის სუიციდის შემდეგ, ყველაზე ხალხმრავალ გამოფენად ითვლება MoMA-ს (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის) ისტორიაში.

გთავაზობთ დაიან არბუსის გამორჩეულ ნამუშევრებს:

აივ/შიდსისგან განკურნების ინოვაციური მეთოდი მალე ადამიანებზე დაიტესტება

აივ/შიდსისგან განკურნების ინოვაციურ მეთოდს, რომელმაც შესაძლოა, უამრავი აივ დადებითი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს, მალე გამოცდიან ადამიანებზე. FDA-მ (ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ) მხარი დაუჭირა აივ/შიდსის წამალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინოვაციური მეთოდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, ახალ ფაზაზე გადადის და სულ მალე დატესტავენ ადამიანებზე.

ვირუსის გაქრობის პოტენციურ სამკურნალო საშუალებას სამეცნიერო საზოგადოება EBT-101-ის სახელით იცნობს და მასზე ფილადელფიის უნივერსიტეტის მკვლევრები წლების განმავლობაში მუშაობენ. როგორც Excision Biotherapeutics-ის პრესრელიზში ვკითხულობთ, ახალი მეთოდით EBT-101 ინფიცირებული ადამიანის უჯრედიდან ჭრის ინფიცირებული აივ-გენომის მრავალ ნაწილს იმისთვის, რომ მას სხეულში მუტაცია არ შეეძლოს.

როგორც კომპანიის CEO, დანიელ დორნბაში, ამბობს, განსხვავებით აქამდე არსებული ანტირეტროვირუსული მკურნალობის მეთოდისგან, რომლითაც მილიონობით ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს და რომელიც აივ დადებითი ადამიანის ცხოვრების განმავლობაში ყოველდღიურად რამდენიმე აბის მიღებას ითვალისწინებს, ახალი მეთოდით მკურნალობა ერთჯერადად მოხდება, ადრეული ცდების შედეგად გამოიკვეთა, რომ მკურნალობის შემდეგ ადამიანის განკურნება სრულიად არ მოხდება, თუმცა საჭირო აღარ იქნება ყოველდღე მედიკამენტების მიღება, ვირუსის დონეც მინიმუმადე შემცირდება და აივ დადებითი ადამიანი აღარ იქნება გადამდები.

აივ/შიდსი ეპიდემია 80-იან წლებში დაიწყო და დღემდე 36 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 346 ადამიანი გახდა აივ დადებითი, ხოლო 5629 პაციენტი მკურნალობს ანტირეტროვირუსული მეთოდით.

ამავე თემაზე: ფოტოქრონიკა: აივ/შიდსის ეპიდემია (1981-2021)