ნოემბერი 2021

ქვიარ კონტენტის გამო რუსეთის მთავრობა ნეტფლიქსის აკრძალვას გეგმავს

რუსეთის პოლიციამ საქმის გამოძიება ნეტფლიქსის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა ონლაინ სტრიმინგ სერვისის მისამართით და ქვეყანაში გეი პროპაგანდის ხელშეწყობაში დასდო ბრალი.

ოჯახის დაცვის საკითხში რუსეთის სახალხო კომისარი ამტკიცებს, რომ ნეტფლიქსი არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას ეწევა არასრულწლოვნებში, რადგან საიტზე განთავსებულია ქვიარ კონტენტი, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა 16 წლიდან აქვს.

Reuters-ის ინფორმაციით, საჩივარს კრემლის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და შესაძლოა სტრიმინგ სერვისს რუსეთში მომსახურების შეჩერება ან 1 მილიონი რუბლის გადახდა მოუწიოს.

ჯერჯერობით ამერიკული კომპანია ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა როგორც ერთ-ერთი რუსული გამოცემა ირწმუნება, კომპანიამ გადაამოწმა და არცერთი ლგბტ+ შოუ საიტზე 16+ ასაკობრივი კატეგორიით არ არის განთავსებული. ამავე გამოცემაში წერია, რომ რუსეთი არ უჩივის კონკრეტულ შოუს და მისი საჩივარი ეხება ლგბტ პერსონაჟებს რეალით შოუში Queer Eye და ანიმაციურ სერიალში – Steven Universe. 

რუსეთმა ანტი-ლგბტ+ პროპაგანდის კანონი 2013 წელს მიიღო და ის არა ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო. 2017 წლის კვლევის თანახმად, კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში ჰომოფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა გაიზარდა.

წყარო: Reuters

ქვიარ საშობაო ფილმები, რომლებიც საახალწლო განწყობას აგიმაღლებს

ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, მალე ქუჩები ისევ აჭრელდება საახალწლო განათებებით, საზოგადოების თავშეყრის ადგილები კი საახალწლო სიმღერებით გამხიარულდება. მოლები და მაღაზიები გაივსება მოფუსფუსე ადამიანებით, რომლებიც ახლობლებისთვის საჩუქრებს არჩევენ.

თუ აქამდე ქვიარ საშობაო ფილმების ნაკლებობა იყო, ბოლო წლებში ეს პრობლემაც მოგვარდა და სულ უფრო და უფრო მეტი ფილმი გამოვიდა, სადაც ნაჩვენებია, როგორ ხვდებიან შობას და ახალ წელს ლგბტ+ ადამიანები.

გთავაზობთ ქვიარ საახალწლო ფილმებს, რომლებიც აუცილებლად აგიმაღლებთ საშობაო განწყობას.

ყველაზე ბედნიერი სეზონი (2020)

„ყველაზე ბედნიერი სეზონი“ (Happiest Season) 2020 წლის რომანტიკული კომედიაა, რომელშიც მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს. ფილმი ლესბოსელი წყვილის, ებისა და ჰარპერის შესახებ გვიყვება. ჰარპერს დაგეგმილი აქვს, რომ ახალ წელს მშობლების სახლში თავის შეყვარებულ გოგონასთან ერთად შეხვდეს, თუმცა ყველაფერი მაშინ რთულდება, როცა ვიგებთ, რომ ჰარპერს ქამინგაუთი კონსერვატორ მშობლებთან ჯერ კიდევ არ გაუკეთებია…

Make the Yuletide Gay (2009)

„Make the Yuletide Gay“ 2009 წლის საშობაო კომედიაა, სადაც მოთხრობილია კოლეჯის სტუდენტის, ოლაფის ისტორია. ოლაფი გეი ბიჭია, რომელიც კოლეჯში თავის ორიენტაციას არ მალავს და საკუთარ თავს თამამად გამოხატავს, თუმცა როცა შობა დგება და მშობლებთან დაბრუნება უწევს, ოლაფი იძულებულია, შეცვალოს თავისი ქცევები, მანერები და ითამაშოს, რომ ჰეტეროსექსუალია. თუმცა ერთ შობასაც ყველაფერი იცვლება…

კეროლი (2015)

„კეროლი“ რომანტიკული დრამაა, რომელიც პატრიცია ჰაგსმიტის 1952 წელს გამოცემულ რომანს, „მარილის საფასურს“ ეფუძნება. ფილმში მოქმედება 50-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება და გვიამბობს ორი ქალის ისტორიას. ქეროლი (ქეით ბლანშეტი), რომელიც ახლახანს გაშორდა ქმარს, ახალი წლის პერიოდში შემთხვევით გაიცნობს ახალგაზრდა ფოტოგრაფ ტერეზს (რუნი მარა). ქალებს შორის რომანტიკული ურთიერთობა ვითარდება, თუმცა ყველაფერს 50-იანი წლების ტაბუები ამძიმებს.

სტოუნების ოჯახი (2005)

„სტოუნების ოჯახი“ 2005 წლის რომანტიკული კომედიაა, რომლის ცენტრალურ გმირადაც ნიუ-იორკში მცხოვრები მერედიტი (სარა ჯესიკა პარკერი) გვევლინება. მერედიტს ახალი წლის გატარება ბოიფრენდის, ევერეტის დიდ და ლიბერალურ ოჯახში აქვს გადაწყვეტილი, შეიძლება ყველაფერს კარგად ჩაევლო, რომ არა მერედიტის კომენტარი ევერეტის გეი ძმის მიმართ, რომელიც საახალწლო სუფრაზე ოჯახს გაუმხელს, რომ ბავშვის აყვანას აპირებს.

საშობაო ზღაპარი (2008)

„საშობაო ზღაპარი“ ფრანგი რეჟისორის, არნო დესპლეშენის 2008 წლის კომედიაა, სადაც მთავარ როლში ლეგენდარული კატრინ დენევი გვევლინება. ფილმი მრავალრიცხოვანი ოჯახის საშობაო ისტორიას გვიამბობს. ოჯახის მატრიარქი, ჯუნონი, მთელი ოჯახის საშობაოდ შეკრებას გადაწყვეტს, რათა ოჯახის წევრებს უთხრას, რომ ლეიკემია აქვს. ფილმში ოსტატურად არის გადმოცემული ოჯახური ურთიერთობების სირთულეები და გავლენები ადამიანის ცხოვრებაზე.

ანა და აპოკალიფსი (2018)

„ანა და აპოკალიფსი“ საახალწლო მიუზიკლია, რომლის მოქმედებაც ზომბი აპოკალიფსის დროს მიმდინარეობს. ანა ერთ დღესაც გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ზომბი აპოკალიფსი დაიწყო, თუმცა გოგონას ეს არ შეაშინებს და თავის მეგობართან, ჯონათანთან და ლესბოსელ სტეფთან ერთად მეგობრების გადარჩენას გადაწყვეტს.

თოვს და ითოვოს (2019)

 “თოვს და ითოვოს” Netflix-ის 2019 წლის საშობაო ფილმია, რომელიც ჯონ გრინის წიგნს ეფუძნება. ფილმში მოქმედება პატარა, მიყრუებულ ქალაქში ვითარდება და გვაჩვენებს, როგორ დააკავშირებს შობის ღამე უცნობი ადამიანების ცხოვრებას. გამოგონილ ქალაქ ვაფლთაუნში შობის წინ დიდი ქარბუქი ამოვარდება, მოსახლეობა სახლშია ჩაკეტილი და გარეთ ვერ გადის, მხოლოდ ერთი გოგონა გაბედავს სახლის დატოვებას და ჯადოსნური ამბებიც იწყება…

გაბედული დეკემბერი (2020)

“გაბედული დეკემბერი” (Dashing in December) 2020 წლის საახალწლო რომანტიკული კომედიაა, რომელიც გეი ვიატის ისტორიას გვიამბობს. ვიატი ბურვოლი საშობაოდ მშობლიურ სახლში ბრუნდება, რათა დედა და დები დაარწმუნოს, რომ კოლორადოს რანჩო გაყიდონ. თუმცა ყველაფერი დრამატულად იცვლება, როცა ვიატს გრძნობები უჩნდება რანჩოს ახალ დამხმარე ჰით რამოსის მიმართ. წყვილს შორის გაჩენილი რომანტიკული გრძნობები ახალ წელს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის.

საშობაო გამოწვევა (2020)

„საშობაო გამოწვევა“ კიდევ ერთი რომანტიკული კომედიაა, რომელიც გვიამბობს ახალგაზრდა მოსამართლის, ჰიუგოს ისტორიას. ჰიუგო შობის გატარებას მშობლიურ სახლში გადაწყვეტს, სადაც ის სკოლის დროინდელ ქრაშს, პატრიკს შეხვდება, წყვილს შორის რომანტიკული გრძნობები გაჩნდება, თუმცა პატრიკმა არჩევანი უნდა გააკეთოს, სამსახურში დაწინაურება და ლონდონში გადაცხოვრება თუ სიყვარული…

გაანარინჯისფრე მსოფლიო! – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია

ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებს შორის. ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობა დღესაც ხშირად რჩება დაუსჯელი დუმილის, სტიგმისა და სირცხვილის გამო.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება, რომელიც 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. კამპანიის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

ვინ არიან დები მირავალები?

ქალთა უფლებების აქტივისტები 25 ნოემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ 1981 წლიდან აღნიშნავენ. ეს თარიღი დები მირავალების, სამი პოლიტიკური აქტივისტი ქალის პატივსაცემად შეირჩა. დები – პატრია, მინერვა და მარია ტერეზა, დომინიკის რესპუბლიკაში რაფაელ ტრუჰიოს დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რასაც 1960 წლის 25 ნოემბერს, სამივეს სიცოცხლე შეეწირა.

დებ მირავალებს ,,პეპლებს” (“Las Mariposas”) ეძახდნენ. ისინი დომინიკელთა რესპუბლიკის ერთ-ერთი პროვინციიდან – სალსედოდან იყვნენ, მიღებული ჰქონდათ საუნივერსიტეტო განათლება, ჰქონდათ კარიერა, იყვნენ დაქორწინებული და ჰყავდათ შვილები. გარდაცვალებამდე დებმა 10 წელი გაატარეს ტრუჰიოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ორი მათგანი, მინერვა და მარია ტერეზა, რამდენჯერმე ციხეშიც კი მოხვდნენ აქტივიზმის გამო.

„თუ მომკლავენ, ხელს საფლავიდან ამოვყოფ და უფრო ძლიერი ვიქნები“ – ამ სიტყვებით პასუხობდა მინერვა მირავალი ყველას, ვინც მას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. 1960 წლის 25 ნოემბერს, მისი ცხედარი იპოვეს ხევში, ჯიპში, მის ორ დასთან, პატრიასა და მარია ტერეზასთან ერთად. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, მინერვას დაპირება შესრულდა – დების სიკვდილი განიხილება, როგორც ძირითადი ფაქტორი, რამაც ტრუჰიოს რეჟიმის დაცემა გამოიწვია, დების მირავალების სახელი კი ქალთა ბრძოლის გლობალურ სიმბოლოდ იქცა.

რა არის ქალთა მიმართ ძალადობა?

1993 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გამოცემული დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ, ქალთა მიმართ ძალადობას განსაზღვრავს, როგორც „გენდერული ძალადობის ნებისმიერ აქტს, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ზიანი ან ტანჯვა, მათ შორისაა, მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა საჯარო თუ პირად ცხოვრებაში.”

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებს ან სიკვდილს;

ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;

სექსუალური ძალადობა – სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

იძულება – ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება–სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში სამიდან ერთ ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც განუცდია ძალადობის რომელიმე ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქალი, ნებისმიერ ადგილას, ზოგიერთი ქალი და გოგო განსაკუთრებით დაუცველია. ესენი არიან ახალგაზრდა გოგონები, ხანდაზმული ქალები, ქალები, რომლებიც იდენტიფიცირდებიან, როგორც ლესბოსელები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები ან ინტერსექსები, მიგრანტები და ლტოლვილები, ისინი, ვინც წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს და ქალები, რომლებიც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობებით.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის სლოგანი, მსოფლიოს მასშტაბით, წელს შემდეგია: „გაანარინჯისფრე მსოფლიო! დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლავე!“. ნარინჯისფერი ქალებისა და გოგონების ნათელი, ძალადობის გარეშე მომავლის სიმბოლოა.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოში უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება: ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია ,,საფარმა” გამართა კონფერენცია – “სქესობრივი დანაშაულები: გამოწვევები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში”, რომლის მიმდინარეობის დროსაც განიხილებოდა როგორც სქესობრივი დანაშაულების გამოძიებასა და დევნაში პრაქტიკაში არსებულ პრობლემები, ასევე თემები, რომელიც სქესობრივი დანაშაულების თავში საკანონმდებლო ცვლილებებს ეხებოდა.

26 ნოემბერს გაიმართა ონლაინ პლატფორმა ,,ფემინა+”-ის პრეზენტაცია, რომელიც ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფემინამ” შექმნა. პლატფორმის მიზანია, მულტიმედიური კონტენტის მეშვეობით, ცნობიერების ამაღლება იმ პრობლემების და აქტუალური საკითხების შესახებ, რასაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან: უფლებები და თავისუფლებები, დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის სხვადასხვა ფორმები, გენდერული სტერეოტიპები, შუშის ჭერი, სახელფასო სხვაობა ეგრეთ წოდებული Pay Gap, რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობა, ეკოფემინიზმი, გენდერი, მშვიდობა და უსაფრთხოება და სხვა.

დღეს, 29 ნოემბერს კი, გაიმართება კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეცხრე დაჯილდოება.

Sense 8-ის ტრანსგენდერი მსახიობი Hellraiser-ის ახალ ეკრანიზაციაში მთავარი ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს

მალე ეკრანებზე 1987 წლის საკულტო ჰორორის ჟანრის, Hellraiser-ის (ჯოჯოხეთიდან აღმდგარი) ახალი ეკრანიზაცია გამოვა, რომელშიც მთავარ როლს ტრანსგენდერი მსახიობი ჯემი კლეიტონი შეასრულებს.

ფილმი, რომელიც 35 წლის წინ გამოვიდა ეკრანებზე, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის და ფანტასტიკის ჟანრებს განეკუთვნება და კლაივ ბარკერის რომანების სერიას ეფუძნება. ფილმის მიხედვით დღემდე 10 გაგრძელება გადაიღეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფიქციური ბოროტმოქმედის როლს ქალი მსახიობი შეასრულებს. ჯეფმი კლეიტონს მაყურებლები დები ვაჩოვსკების გახმაურებული სერიალიდან, Sense 8-დან იცნობს, სერიალში ჯემი ნომი მარკსის როლს ასრულებს და ერთ-ერთია იმ რვა ადამიანიდან, რომლებიც ერთმანეთთან სუპერნატურალური ძალებით არიან დაკავშირებულები.

ამასთან ერთად, მსახიობი ერთ-ერთ როლს ასრულებს გახმაურებული ქვიარ სერიალის, The L World-ის რიმეიქში, The L World: Generation Q, რომელიც ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქვიარ ადამიანების ცხოვრებას გვაჩვენებს.

Hellraiser-ის რიმეიქის გადაღებები უკვე მიმდინარეობს და ონლაინ სტრიმინგ სერვისს Hulu-ზე 2022 წელს გამოჩნდება.

ნეტფლიქსი ქამინგაუთის ისტორიაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს

ონლაინ სტრიმინგ სერვისზე ახალი დოკუმენტური სერიალი გამოჩნდება, რომელიც კოლტონ ანდერვუდის ქამინგაუთის ისტორიას მოგვიყვება.

კოლტონ ანდერვუდი ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშე და სატელევიზიო სახეა, რომელიც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, სატელევიზიო შოუში, The Bachelorette-ში იღებდა მონაწილეობას. რეალითი შოუ მრავალი წლის განმავლობაში გადის ეთერში, თითოეულ სეზონში ერთი მარტოხელა მამაკაცი (The Bachelor) ცდილობს შეარჩიოს თავისთვის შესაფერისი ქალი.

კოლტონ ანდერვუდი, რომელმაც გასულ წელს გააკეთა ქამინგაუთი, ამბობს, რომ კორონავირუსმა და მასობრივმა ლოქდაუნებმა დააჩქარა მისი ქამინგაუთის ისტორია და გადაწყვიტა, რომ მეტი დრო ტყუილისთვის და მალვისთვის აღარ ჰქონდა.

დოკუმენტური სერიალი, რომელიც გიგანტურ სტრიმინგ სერვისზე 3 დეკემბერს გამოჩნდება, სულ 6 ეპიზოდისგან შედგება და თითოეული ეპიზოდი გვიამბობს, რა გზის გამოვლა მოუწია კოლტონ ანდერვუდს, როგორ მიიღო მისი ქამინგაუთი ოჯახმა და საზოგადოებამ, რომელიც მას მრავალი წლის განმავლობაში ჰეტეროსექსუალ მამაკაცად იცნობდა..

სერიალს Coming Out Colton ერქმევა და როგორც ყოფილი ფეხბურთელი ამბობს, ამ სერიალით მას სურს, რომ თავი დააღწიოს ჰეტეროსექსუალის გამოგონილ ცხოვრებას, რომელმაც არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინა ცხოვრებაში.

ასეთ ქვეყანაში ტოლერანტობის დღის მილოცვა რთულია – ტარიელ ნაკაიძე

/

პარლამენტის ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე, ტოლერანტობის დღეს გამოეხმაურა.

„დღეს 16 ნოემბერია, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. წესით, ჩემი გამოსვლა მოლოცვით უნდა იწყებოდეს, თუმცა, როცა ქვეყანაში საფრთხეა, განსხვავებული რწმენის, ორიენტაციის, აზრის მქონე ადამიანს თავს დაესხან ქუჩაში; როცა ქვეყანაში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ პროფესიული მოვალეობის შესრულება; როცა გავეშებული ბრბო თავს ესხმის, კლავს და ამ სისასტიკის ორგანიზატორები კი არ ისჯებიან, წახალისებულები არიან; როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ისარგებლოს, მინიმუმ, სრულყოფილი მკურნალობის უფლებით, აღარ ვსაუბრობ სასამართლო უფლებაზე; როცა სადისტურად ხელიდან გართმევენ თავისუფალი არჩევნების უფლებას და გიყალბებენ შედეგებს; როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მოქცეულია დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის გავლენის ქვეშ და ვერ ან არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას; როცა ქვეყნის მთავარსარდალი თვალს ხუჭავს წინამორბედის სიკვდილზე; როცა ქვეყნის პრემიერი ამბობს, ადამიანს კანონით აქვს თვითმკვლელობის უფლებაო, ასეთ ქვეყანაში ტოლერანტობის დღის მილოცვა რთულია.”

ტოლერანტობის დღეს ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე მისალოცი განცხადება გაავრცელა.

როცა ,,მებრძოლი დემოკრატია“ გარდაუვალია

//

ავტორი: თამარ ავალიანი

,,მებრძოლი დემოკრატიის“ იდეა (militant democracy)

კონცეფტი – ,,Militant democracy,’’ კარლ ლევენშტაინს ეკუთვნის, რომელმაც ის 1937 წელს შეიმუშავა და ევროპაში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა. ,,მებრძოლი დემოკრატიის“ კონცეფტის მიზანია კონსტიტუციური დემოკრატიის დაცვა პოლიტიკური უფლებების კუთხით შემზღუდველი მეთოდების გამოყენებით.

,,მებრძოლი დემოკრატიის“ პრინციპი წარმოადგენს სამართლებრივად ავტორიზებულ საგამონაკლისო შეზღუდვას გარკვეული პოლიტიკური უფლებებისა იმისთვის, რათა შენარჩუნებულ იქნას ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები. ,,მებრძოლი დემოკრატიის“ მიზანი ფაშისტური და ქსენოფობიური გამოვლინებების მარგინალიზება და კანონგარეშედ გამოცხადებაა. ,,მებრძოლი დემოკრატიის“ ამოცანაა, რეპრესიული ზომების გამოყენებით ებრძოლოს იმ საფრთხეებს, რომელებიც სახელმწიფოს დემოკრატიულ მომავალს ემუქრება.

,,მებრძოლი დემოკრატიის“ გამოვლინებას წარმოადგენს სიძულვილის ენის კანონმდებლობით რეგულირება, ფაშისტური და ქსენოფობიური ხასიათის, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიის შექმნის აკრძალვა და სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების კრიმინალიზება.

,,მებრძოლი დემოკრატიის“ პრინციპების გამოყენება ექსტრემისტული და ძალადობრივი დღის წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ,,მებრძოლი დემოკრატია“ (militant democracy) დემოკრატიის თვითდაცვის იდეას ეფუძნება.

პარტიის რეგისტრაციის აკრძალვის საფუძვლები

საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტრუმენტები პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აკრძალვის პრაქტიკას საგამონაკლისო და მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში ითვალისწინებენ. პარტიის შექმნის აკრძალვა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას უნდა ემსახურებოდეს. პარტიის ამკრძალავი ზომები, ყველა შემთხვევაში, უნდა იყოს ობიექტური და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებით, პარტიის შექმნის პრევენციული აკრძალვა უკიდურესად საგამონაკლისო ზომას წარმოადგენს. იგი შეიძლება განხორციელდეს მაშინ, როდესაც პარტია ეფუძნება ძალადობრივ მიზანს, რითაც ემუქრება საზოგადოებრივ მშვიდობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში.

ვენეციის კომისიის შეფასებით, შესაძლებელია, აიკრძალოს ისეთი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემქმნელია, ბაზისურ დემოკრატიულ წესრიგს აყენებს საფრთხეს, იყენებს ძალადობას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღვივებს ეთნიკურ, სოციალურ ან რელიგიურ სიძულვილს. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, რომელიც ახალისებს რასიზმს, ქსენოფობიას და არატოლერანტობას.

როგორც უნივერსალური, ისე რეგიონალური სამართლებრივი ინსტრუმენტები, პარტიის შექმნის აკრძალვის ან გაუქმების ვალიდურ საფუძვლად საჯარო წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, მორალის და ეროვნული უსაფრთხოების (ანტიტერორისტული და ანტიექსტრემისტული მიზნები) და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ლეგიტუმურ მიზანს მიიჩნევენ.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია გამართებულ იქნას თუ პარტიის პოლიტიკური მიზანი ძალადობის ადვოკატირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა. მხოლოდ ის, რომ პოლიტიკური პარტია ითხოვს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას, არ არის საკმარისი საფუძველი პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის.

პოლიტიკური პარტიის შექმნაზე უარი კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებების დაცვით უნდა განხორციელდეს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აკრძალვა მხოლოდ მცირე ადმინისტრაციული გადაცდომების შემთხვევაში. ასევე, დაუშვებელია, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე უარი, თუ მისი პოლიტიკური შეხედულებები ვინმეს არ მოსწონს. პარტიის რეგისტრაციაზე უარი უნდა უკავშირდებოდეს მასობრივ ძალადობას, სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას და სახელმწიფოს დემოკრატიული წესწყობილების ხელყოფას. პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მნიშვნელოვანია, თავად პოლიტიკური პარტიის ლიდერები პარტიასთან ან საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებულ ძალადობის პროვოცირებას, ორგანიზებას ახდენდნენ ან/და თავადაც მონაწილეობდნენ ამგვარი ძალადობაში. პოლიტიკური გაერთიანება შეიძლება აიკრძალოს, თუ მისი საქმიანობა და მიზანი სისხლის სამართლის კანონს და ხალხთა შორის ურთიერთგაგების იდეას ეწინააღმდეგება.

სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციები პოლიტიკური გაერთიანებების პრევენციულ (პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აკრძალვა) და რეპრესიულ (მოქმედი პარტიის აკრძალვა) შემთხვევებს იცნობენ. პარტიის პრევენციული აკრძალვა აპრობირებული მექანიზმია ევროპულ ქვეყნებში:

გერმანიის ძირითადი კანონის 21-ე მუხლი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად დემოკრატიული ფასეულობებისა და კონსტიტუციური წესრიგისათვის საფრთხის შექმნას მიიჩნევს. პორტუგალიის კონსტიტუცია კრძალავს რასისტული და ფაშისტური პარტიების შექმნას, სლოვაკეთის კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად დანაშაულის თავიდან აცილების და ადამიანის უფლებების დაცვის მიზანს უთითებს. ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პარტია შეიძლება აიკრძალოს, თუ ორგანიზაცია კრიმინალურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანი დანაშაულის ჩადენა და სიძულვილის გაღვივებაა. ალბანეთის კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, რომლის მიზანი და ქმედებები ანტიდემოკრატიულ და ტოტალიტარულ ხასიათს ატარებს და პოლიტიკის კეთებისთვის ანტიდემოკრატიულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ჩეხეთის კონსტიტუცია პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად გაერთიანების მიერ მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფას მიიჩნევს. საფრანგეთისკონსტიტუცია პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, პატივი სცენ დემოკრატიულ ფასეულობებს. საფრანგეთის კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად ადამიანთა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გავრცელებას და დისკრიმინაციულ მოპყრობას მიიჩნევს. ბულგარეთის კონსტიტუცია პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად პოლიტიკური პარტიის მიერ ფაშისტური და რასისტული იდეების პოპულარიზაციას განსაზღვრავს. ლიხტენშტაინის კონსტიტუცია კრძალავს ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნას, რომლის მიზნები და საქმიანობის მეთოდები სახელმწიფოსთვის სახიფათოა, იგივე დანაწესს განსაზღვრავს შვეიცარიის კონსტიტუციაც.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ კანონმდებლობა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის აკრძალვის კუთხით, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზნად ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მიიჩნევს.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით“.  პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივება მიზნით და აშკარა ქმედებით განპირობებული ქცევა უნდა იყოს. სიტყვები „ეწევა” და „აღვივებს” უშუალო მოქმედებაზე მიუთითებს და არა მხოლოდ ამ მოქმედების მიზანზე.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული, ჰომოფობიური შინაარსისა და ძალადობრივი განცხადებებით ცნობილი გაერთიანებაა. ამ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5 ივლისის  მასობრივი ძალადობრივი ქმედებების შემოქმედები და შემსრულებლები, რაც საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ალტ-ინფოს წარმომადგენლები ეწეოდნენ არა მარტო ძალადობრივ პროპაგანდას, არამედ გეგმავდნენ და აღასრულებდნენ მასობრივ ძალადობას ლგბტიქ ადამიანების მიმართ და მათ ფიზიკურ განადგურებაზე საუბრობდნენ. ამ პარტიის თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე, არის სწორედ ის პირი, რომელმაც ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მისით დღემდე საგამოძიებო ორგანოები არ ინტერესდებიან. შესაბამისად, ,,ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებითა და საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლებიდან გამომდინარე, ალტ-ინფოს ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია სახელმწიფომ არ უნდა გაატაროს რეგისტრაციაში. იუსტიციის სამინისტროს მიერ მისი დარეგისტრირების შემთხვევაში, მიზანშეწონილია, ამოქმედდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით მიმართვის პროცედურა.

ქვიარ კაცები პოლაროიდის ფოტოებში – კლიფტონ მუნის შემოქმედება

/

კლიფტონ მუნი ამერიკელი ქვიარ არტისტია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. ფოტოგრაფმა ლოქდაუნის დროს გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო პოლაროიდისთვის და აღებეჭდა ქვიარ მამაკაცების სხეული.

 

დამწყები არტისტის სოლო გამოფენა 2021 წლის 20 მაისს გაიმართა და მას შემდეგ მისი ფოტოები ისეთ გამოცემებში დაიბეჭდა, როგორებიცაა: The Advocate, Interview Magazine,  Pineaple, Analog Forever Magazine და ცნობილი ვენესუელელი დიზაინერის, კაროლინა ჰერერას 2021 წლის Art-book-ში.

 

კლიფტონ მუნი: „პოლაროიდის ფოტოებით დიდი ხანია ვარ გატაცებული, არც კი მახსოვს, როდის დავიწყე ფოტოების გადაღება. ყველაზე ამაღელვებელი, მოულოდნელობის ეფექტია, როცა არ იცი, რა გამოვა პოლაროიდის აპარატიდან. მგონია, რომ პოლაროიდი ნამდვილი ფოტოგრაფიაა.

ციფრული ინსტრუმენტების და ფოტოშოპის ეპოქაში, პოლაროიდი უფრო და უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის. „ნეგატივი“ უკვე არის პროდუქტი. მომწონს, რომ დროის აღბეჭდვა მარტივად შემიძლია და არ მჭირდება დრო იმისთვის, რომ საბოლოო ფოტო მივიღო“.

წყარო: cliftonmooney.com

ფოტო: კლიფტონ მუნი

10 საუკეთესო ქვიარ პოდკასტი

ბოლო რამდენიმე წელია პოდკასტების პოპულარობა იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უსმენს თავის სმარტფონში სხვადასხვა თემატიკაზე ჩაწერილ აუდიო გადაცემებს:

გთავაზობთ 10 საუკეთესო ქვიარ პოდკასტს, რომელიც ლგბტ საზოგადოებას და ქვიარ ისტორიას, უფლებებს, გართობას და კულტურას საინტერესოდ წარმოაჩენს:

Getting Curious with Jonathan Van Ness

Getting Curious პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანის, აქტივისტისა და მსახიობის, ჯონათან ვან ნესის პოდკასტია, რომელსაც არ გააჩნია შეზღუდული თემატიკა. Queer Eye-ის წამყვანი სხვადასხვა სტუმართან ერთად, კვირაში ერთხელ, საინტერესო და აქტუალურ თემებზე საუბრობს. შესაძლოა, ერთი გადაცემა მთლიანად დაეთმოს  ცრემლსადენ იარაღებს, ხოლო მეორე კვირას წამყვანმა ბიონსეს შემოქმედებაზე ისაუბრობს.

პოდკასტი Spotify-ზე 

პოდკასტი Apple-ზე 

Making Gay History

Making Gay History ძალიან ცნობილი და პოპულარული პოდკასტია, რომელიც ლგბტ+ ისტორიას გვაცნობს. პოდკასტის ავტორი ერიკ მარკუსია, რომელიც მაყურებელს 2016 წლიდან ყოველკვირეულად აცნობს მნიშვნელოვან ფიგურებს ლგბტ+ უფლებებისთვის ბრძოლაში. პოდკასტი შეიცავს უნიკალურ, იშვიათ მასალებს, რომელშიც ასახულია მრავალწლიანი ბრძოლა, სტოუნვოლის აჯანყების მონაწილეების ზეპირი ისტორიები და ა.შ.

პოდკასტი Spotify-ზე

პოდკასტი Apple-ზე

Las Culturistas

Las Culturistas კომედიური ჟანრის პოდკასტია, რომლის ძირითადი თემატიკაც პოპ-კულტურაა. შოუ მსმენელებს 2016 წლიდან ყოველკვირეულად სთავაზობს ძალიან სასაცილო და დასამახსოვრებელ ეპიზოდებს, მისი წამყვანები კი ბოვენ იანგი და მეტ როჯერსი არიან. შოუს ყველაზე სასაცილო მომენტი, უდავოდ სპეციალური რუბრიკაა, რომელსაც I Don’t Think So Honey ჰქვია და რომლის ფარგლებშიც, წამყვანები და მოწვეული სტუმრები, საუბრობენ, რა ეზიზღებათ ყველაზე მეტად.

პოდკასტი Spotify-ზე

პოდკასტი Apple-ზე

Nancy

Nancy კიდევ ერთი ქვიარ პოდკასტია, რომელიც 2017-2020 წლებში მიმდინარეობდა, მისი წამყვანები არიან ქეითი თუ და ტობინ ლოუი. პოდკასტი მთლიანად ეთმობა ლგბტ+ ადამიანების გამოცდილებას, როგორია ქამინგაუთი, რას ნიშნავს ქვიარი, გააჩნია თუ არა ტანსაცმელს სქესი, გადაცემის სტუმრები ლგბტ+ ადამიანები, აქტივისტები, ავტორები, მსახიობები და სხვა პროფესიის ადამიანები არიან, რომელთა გამოცდილებაც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მსმენელისთვის. მართალია, პოდკასტი 2020 წელს მორჩა, თუმცა ის მაინც არ კარგავს აქტუალობას.

პოდკასტი Spotify-ზე

პოდკასტი Apple-ზე

Queery

Queery ამერიკელი კომედიანტის, კამერონ ესპოსიტოს პოდკასტია, რომელიც გულწრფელ და ემოციურ ინტერვიუებს გვთავაზობს ლგბტ+ ადამიანებთან. წამყვანი პოდკასტში არ ერიდება, ერთნაირად წარმოაჩინოს როგორც ლგბტ+ საზოგადოების წარმატების ისტორიები, ასევე, ის ბნელი დროებიც, რომლის გამოვლაც თემის მრავალ წევრს უწევს.

პოდკასტი Spotify-ზე

პოდკასტი Apple-ზე

For the Girls

For the Girls კომედიური ჟანრის ქვიარ პოდკასტია, რომლის წამყვანებიც – ჯეისონ ბლექი და ნიკ უესტრეიტი, მსმენელებს ყველა ეპიზოდში უზიარებენ იმ ქალების ისტორიას, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით, კარიერით, ნიჭითა და მხარდაჭერით მოახერხეს გეი ადამიანების Icon-ის სტატუსი მოპოვება. პოდკასტში ისეთ ქალებს შეხვდებით, როგორებიც არიან მადონა, უიტნი ჰიუსტონი, არიანა გრანდე და სხვა მრავალი.

 

პოდკასტი Spotify-ზე

პოდკასტი Apple-ზე

Keep It!

Keep it პოპკულტურაზე დაფუძნებული პოდკასტია, რომელსაც სამი წამყვანი ჰყავს და ისინი ყოველკვირეულად სხვადასხვა სტუმრის – პოლიტიკოსების, მომღერლების, მსახიობების, ჟურნალისტების და აქტივისტების დახმარებით, განიხილავენ, თუ როგორ აისახება ლგბტ+ უფლებები პოპულარულ კულტურაში, როგორ და რანაირად ხდება ლგბტ+ ადამიანების რეპრეზენტაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან ნამუშევარში თუ კულტურულ ღონისძიებაზე.

პოდკასტი Spotify-ზე

პოდკასტი Apple-ზე

One from the Vaults

One From the Vaults ისტორიული და პოლიტიკური პოდკასტია, რომელიც მთლიანად ტრანსგენდერი ადამიანების ისტორიაზე კონცენტრირდება. პოდკასტი ჟურნალისტურ გამოძიებებს ეფუძნება და გვიამბობს, საიდან იწყება ტრანს უფლებებისთვის ბრძოლა, როგორი იყო ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრება გასულ საუკუნეებში და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრება შეცვალეს.

პოდკასტი Apple-ზე

LGBTQ&A

LGBTQ&A ყოველთვიური ლგბტ ჟურნალის, The Advocate-ის პოდკასტია, რომელიც ყოველკვირეულად გვთავაზობს ინტერვიუებს გავლენიან ლგბტ+ ადამიანებთან, რომლებიც ცვლიან ისტორიას და თავიანთი ცხოვრებით სხვებსაც უმარტივებენ გზის გაკვალვას. სტუმრები გადაცემაში სხვადასხვა თემაზე საუბრობენ და გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.

 

პოდკასტი Spotify-ზე

პოდკასტი Apple-ზე

The Read

The Read ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ქვიარ პოდკასტია, რომლის წამყვანებიც Crissle West და Kid Fury არიან. შოუ, რომლის დრამატურგიაც მთლიანად წამყვანებზე არის აწყობილი, ძირითადად ქვიარ პოპკულტურასა და მის შემოქმედებზე გვიამბობს, თუმცა ფონად ორი წამყვანის ისტორია გასდევს, რომლებიც ცდილობენ, გზა გაიკვალონ ზრდასრულთა სამყაროში და ერთად გაუმკლავდნენ დიდი ადამიანების გამოწვევებს.

პოდკასტი Spotify-ზე

პოდკასტი Apple-ზე

Lil Nas X-ის სიმღერამ გეი სექსზე 3 გრემის ნომინაცია მოიპოვა

23 ნოემბერს ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გრემის 2022 წლის ნომინანტები დაასახელა. ნომინანტებს შორის ლიდერობს ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი Lil Nas X, რომელმაც 5 ნომინაცია მიიღო, მათ შორის, სამი ნომინაცია სიმღერისთვის, Montero (Call Me by your Name), რომელიც ქვიარ სექსზე გვიამბობს.

 

22 წლის არტისტის სადებიუტო სტუდიური ალბომი Montero, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გამოვიდა გრემის ყველა ძირითად კატეგორიაში (Record of the Year, Song of the Year, Album of the Year) მოხვდა.

 

ამასთან ერთად, არტისტმა „საუკეთესო მუსიკალური კლიპის“ და „საუკეთესო მელოდიური რეპ-პერფორმანსის“  ნომინაცია მიიღო.

 

ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი თვითერის ექაუნთით გამოეხმაურა თავის წარმატებას:

ეს ქვიარ თემატიკაზე დაწერილი სიმღერის ყველაზე დიდი წარმატებაა გრემის ისტორიაში. სიმღერა 2017 წლის გახმაურებულ ქვიარ ფილმს და წიგნს, „შენი სახელით დამიძახე“ ეფუძნება.

გრემის 2022 წლის დაჯილდოების ცერემონია 31 იანვარს გაიმართება