მატასი ვაშაკიძის ბრძოლა ბედნიერებისთვის

მე ვარ მატასი ვაშაკიძე, 32 წლის, მზრუნველი, სამართლიანი და კონფლიქტების არამოყვარული ადამიანი.

საკუთარი თავის მიუღებლობა

ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. კი, ბნელი 90-იანი წლები იყო, ცუდი პერიოდი ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება – ზაფხულობით, ჩემს დასთან და დეიდაშვილთან ერთად, მთელი დღეები გარეთ ვიყავი, ვთამაშობდით…

იმის გააზრება, რომ ჰეტერო ქალი არ ვიყავი, ყველაზე მეტად მე გამიჭირდა. მგონი, ჩემ გარდა ამას ყველა მიხვდა, მე ვიყავი ყველაზე ბოლო, რადგან იმდენად ჩაკეტილი მქონდა ტვინი და ეს ყველაფერი იმდენად მიუღებლად მიმაჩნდა, საკუთარ თავთანაც კი არაფრით ვაღიარებდი. პირველად გოგო რომ მომეწონა, სკოლაში ვიყავი. განცდების დონეზე, უცნაურად არ მომეჩვენა და ჩავთვალე, რომ ეს უბრალოდ მეგობრობა იყო. 19-20 წლის ასაკამდე საკუთარი თავისთვისაც კი არ მითქვამს, რომ გოგოები მომწონდა. ბიჭებს არ ვხვდებოდი და თითქმის არასდროს ვსაუბრობდი მათ შესახებ, თითქმის კი არა, საერთოდ არ ვლაპარაკობდი. ურთიერთობის გამოცდილებაც მხოლოდ იმიტომ მქონდა, რომ ყველას ჰყავდა შეყვარებული და მეც ჩავთვალე, რადგან ყველას ჰყავდა, მეც უნდა მყოლოდა.

საქართველოში ცხოვრების დროს, არცერთ თემის წევრთან, არცერთ ორგანიზაციასთან არ მქონდა ურთიერთობა, არავის ვიცნობდი. ალბათ, ეგეც ჩემი შიშების ბრალი იყო. არც ჩაგვრა გამომიცდია ჩემი ორიენტაციის გამო, არავინ იცოდა და იმიტომ.

საქართველოდან წასვლა და ქამინგაუთი

უკვე 4 წელია, საქართველოდან წასული ვარ და ესპანეთში ვცხოვრობ. მთავარი მიზეზი, რის გამოც წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, ჰომოფობია იყო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცხოვრების პერიოდში ქამინგაუთიც არ მქონია და საერთოდ არავისთვის მითქვამს ჩემ შესახებ. მეშინოდა ქამინგაუთის – მეშინოდა, რომ ოჯახი გამრიყავდა, სამსახურს დავკარგავდი… თან, ჩემი სამსახური უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული, უნივერსიტეტში ვმუშაობდი და ეს გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ,,ახალგაზრდებს რყვნიან” და ა.შ. პრობლემებს შემიქმნიდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია.

ქამინგაუთის დროს ყველაზე დიდი შიში რაა? ალბათ, ის, რომ გეტყვიან – ,,ვწუხვარ, მაგრამ შენთან ურთიერთობა აღარ მინდა”- ადამიანების დაკარგვის შიში. სწორედ ამიტომაა ეს პროცესი ასეთი სტრესული. ელოდები, ვარიანტად მაინც გაქვს, რომ ამას გეტყვიან. შეიძლება, უარესი პასუხიც მიიღო.

ესპანეთში ჩამოსვლიდან ერთი წლის მერე, დავიწყე ქამინგაუთი და ახლა თითქმის ყველასთან მაქვს გაკეთებული. ძალიან გამიჭირდა, თითქმის ყოველდღე მქონდა სხვადასხვა ადამიანთან და ეს ძალიან სტრესული იყო ჩემთვის, ემოციებით ვიყავი სავსე. მაგალითად, დედას მივწერე – გამბედაობა არ მეყო, რომ დამერეკა და ისე მეთქვა. თავიდან, რამდენიმე წამი არაფერი მოუწერია, მერე ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნიდა, შენ არ ინერვიულო, დედა, ჩამოდი და ყველაფერს მოვაგვარებთო. ჩათვალა, რომ რაღაც მჭირდა, თუმცა ფსიქოლოგთან წასვლა არ შემოუთავაზებია. დაბნეული იყო, ძალიან გაუჭირდა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მაგრამ დროის გასვლამ უშველა. დღეს ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს დედასთან და, ზოგადად, ოჯახთან.

რეაქციები განსხვავებული იყო – მეგობრებიდან, ზოგმა მითხრა, რომ ისედაც ხვდებოდნენ. იყო უარყოფითი რეაქციებიც, დავკარგე რამდენიმე ნათესავი – პირდაპირ მითხრეს, რომ ,,საქართველოში საზოგადოება არ არის მზად ამისთვის და რას ვიზამთ.” მეგობარიც დავკარგე, მისთვის ეს იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ უცებ გადაუსვა ხაზი ყველაფერს, ყველაფერი უმნიშვნელო გახდა ამ ადამიანისთვის, რაც მანამდე ხდებოდა, ისე გამოვიდა, რომ თითქოს ადამიანი მხოლოდ სექსუალური ორიენტაციაა. ისეთი შემთხვევებიც მქონდა, როცა მითხრეს, რომ კი, ტოლერანტობა, რაღაც, რაღაც…. და მეორე დღეს, ფეისბუქზე აზიარებდნენ შეთქმულებებს პრაიდის შესახებ, რატომ არ უნდა დაუშვან პრაიდი და ა.შ. ვცდილობ, ასეთი ადამიანები ჩამოვიშორო, არაფერში მჭირდებიან. ჩემ გვერდით ისეთი ადამიანი ვერ იქნება, რომელიც თვლის, რომ ჩემზე უკეთესია, თუ, მაგალითად, ბიჭები მოსწონს.

ჩემი მაშინდელი ემოციები რომ მახსენდება, გული მწყდებოდა. თურმე, როგორც ადამიანი, მათთვის არ ვარსებობდი, ჩემი თვისებები, დადებითი თუ უარყოფითი, არაფერს ნიშნავდა და ერთადერთი მნიშვნელობა მხოლოდ იმას ჰქონდა, რომ გოგოები მომწონდა.

ცხოვრება ესპანეთში და ქორწინება

ესპანეთი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა ლგბტ თემის მიმართ, კანონმდებლობაც ყველაზე ნაკლებად დისკრიმინაციულია. არ ვამბობ, რომ დისკრიმინაციული არ არის, რადგან მაინც არის განსხვავება რაღაც საკითხებში, მაგალითად, როცა გინდა, რომ ბავშვი გყავდეს და აპირებ კლინიკის დახმარებით, ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინო, ჰეტერო წყვილის შემთხვევაში, დაქორწინებას არ ითხოვენ იმისთვის, რომ ორივე მშობელი მშობლად დარეგისტრირდეს, ჩვენს შემთხვევაში – კი. ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაშვებულია. ხალხის დამოკიდებულება ქვიარ ადამიანების მიმართ, ძირითადად, ძალიან ჩვეულებრივია, არავის აინტერესებს, არავის ანაღვლებს, არავის საქმე არ არის – არც არავინ შეგიძულებს ამის გამო და არც არავის შეუყვარდები.

მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სამი წლის წინ, ერთ-ერთ გაცნობის საიტზე გავიცანით, მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა და მალე ერთად საცხოვრებლადაც გადავედით. ორი წლის მერე გადავწყვიტეთ, რომ დავქორწინებულიყავით ზუსტად ბავშვის გამო, გვინდოდა, შვილი გვყოლოდა და ეს ყველაფერი ფორმალური კუთხით უფრო მარტივი რომ ყოფილიყო.

დავქორწინდით, მერე კლინიკაშიც დავიწყეთ სიარული, რამდენიმე უშედეგო ცდა გვქონდა, მაგრამ მეცნიერების წყალობით, მალე პატარა გვეყოლება. საქართველოშიც ვიყავით ერთად და მას ჩემი ოჯახიც იცნობს, ნორმალურად მიიღეს. ახლა დედაჩემიც მოუთმენლად ელოდება შვილიშვილს.

,,საქართველოში დადგება დღე, როცა პრაიდს უპრობლემოდ ჩავატარებთ”

რაც უფრო მეტად ვეცნობი ესპანეთის ისტორიას ამ კუთხით, მაქვს იმედი, რომ საქართველოშიც იგივე მოხდება. დაახლოებით 50 წლის წინ, აქაც ისეთივე მდგომარეობა იყო სამართლებრივი კუთხით, ადამიანების მენტალიტეტის მხრივ, მაგრამ შეიცვალა და რადგან აქ შეიცვალა, მგონია, რომ ნელ-ნელა ეს საქართველოშიც შესაძლებელი გახდება.

ვფიქრობ, ამაში ყველაზე დიდი როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, პირველ რიგში, კანონმა უნდა მოგვცეს თანასწორობა. აუცილებელია სქესობრივი განათლება სკოლებში, არ შეიძლება, ბავშვებს წარმოდგენა არ ჰქონდეთ ამაზე და სქესობრივ განათლებაში ძალიან მარტივია ლგბტ საკითხებზე საუბარიც, იმაზე, რომ ქვიარ ადამიანების ურთიერთობა ნორმალურია, მათაც შეიძლება ჰქონდეთ სექსი, სექსი არ არის ხიხია და მარტო ქალსა და კაცს შორის არ ხდება.

მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრაიდების ჩატარება – დაინახოს საზოგადოებამ, რომ ვარსებობთ, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ძალიან ხშირად სტერეოტიპების მსხვერპლი ვხდებით. ჰგონიათ, შემოგზავნილები ვართ, უცხოპლანეტელები, არ ვართ ქართველები… ასევე, მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ დაინახოს, რომ მარტო არ არიან. მე ვიცი, რამდენად რთულია, როცა თემის წევრებიდან არავის იცნობ, თავი ძალიან მარტო გგონია და ყველასგან გარიყული ხარ.

პრაიდი ეხმარება საზოგადოების აზრის ნელ-ნელა შეცვლას. ჩვენ თუ დაველოდებით, როდის შეიცვლის საზოგადოება აზრს, ეს თავისით არ მოხდება, ეს უნდა მოხდეს ასეთი ღონისძიებებით, მიეჩვევიან და აღარ გაღიზიანდებიან. ერთხელაც, დარწმუნებული ვარ, დადგება ისეთი დღე საქართველოში, როცა უპრობლემოდ შევძლებთ ქუჩაში პრაიდის ჩატარებას – პრაიდია და აღვნიშნავთ. მორჩა.

ქვიარ ქალების დაბრკოლებები

თანასწორობის კუთხით, საქართველო ძალიან ცუდ დღეშია. თუნდაც იმ მხრივ, რომ ქალისა და კაცის ხელფასი განსხვავდება ერთსა და იმავე პოზიციებზე. მე თვითონაც მქონია განცდა, რომ კარიერულად გაცილებით წინ წავიდოდი, კაცი რომ ვყოფილიყავი – ვხედავდი ბიჭებს, რომლებიც თითქმის არაფერს აკეთებდნენ და უფრო მაღალ პოზიციებზე მუშაობდნენ.

რაც შეეხება ქვიარ ქალების პრობლემებს, მაგალითად, ახლა მაქვს ასეთი დაბრკოლება – საქართველოში როცა ჩამოვალ, საქართველო ჩემს ქორწინებას არ აღიარებს, მალე ბავშვი გვეყოლება და არ ვიცი, დედად ვის ჩათვლიან, მე თუ ჩემს მეუღლეს. დაბადების მოწმობაში ორივე მშობლად კი ვეწერებით, მაგრამ მე დედად არ ჩამთვლის მაქაური კანონმდებლობა, რადგან მე არ ვაჩენ ბავშვს. გამოდის, რომ ჩემი მშობლებიც არ ითვლებიან ბებია-ბაბუად. ანუ საქართველოში მარტომ რომ ჩამოვიყვანო ბავშვი და რაღაც პრობლემა შეიქმნას, შეიძლება საავადმყოფოშიც არ შემიშვან.

ასევე, საქართველოში მცხოვრებ ქვიარ ქალებს უსაფრთხოების პრობლემაც აქვთ, ბოლოდროინდელი მოვლენების მერე, ჰომოფობია აღზევების ხანაშია და ამის გათვალისწინებით, ალბათ, მე ძალიან შემეშინდებოდა.

ზიანი

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, თუ თავისუფლება არ გაქვს, როცა ვერ ხარ ის, ვინც ხარ, მკვდარივით ხარ. ახლა მირჩევნია, მომკლან, თუნდაც პრაიდის დამარბევლებმა, ვიდრე მოვიტყუო, აღარ შემიძლია. რადგან იქიდან გამოვედი, უკან აღარასოდეს დავბრუნდები. ეს მართლა ტანჯვა და წამებაა.

ჩემს დასთან ქამინგაუთი რომ გავაკეთე, რაღაც პერიოდის მერე მითხრა, მეგონა, უჟმური იყავი და თურმე, დეპრესია გქონიაო, იმდენად ვიყავი ჩაკეტილი საკუთარ თავში. წარმოიდგინეთ, ჩემს დას, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, უჟმური ვეგონე. ძალიან რთულია, როცა ყველასთან თამაშობ, არაფერი მახარებდა, ვაცნობიერებდი, რომ ტყუილში ვცხოვრობდი და ორმაგ ცხოვრებას ვეწეოდი. აქ რომ ჩამოვედი, იმდენად დასტრესილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი და ვიცოდი, რომ აქ ხალხს პრობლემა არ ჰქონდა ამაზე, მაინც ვერ ვახერხებდი ქამინგაუთს. აქაც მეშინოდა და არაფერს ვამბობდი. სადღაც ერთი წელი დამჭირდა, მდგომარეობიდან რომ გამოვსულიყავი.

არასდროს დაკარგოთ იმედი

მინდა, ქვიარებს ვუთხრა, რომ იმედი არ დაკარგონ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ქამინგაუთის გაკეთებას თუ შევძლებდი, მაგრამ შევძელი და ვიგრძენი, რა არის ადამიანური ცხოვრება. აუცილებლად უნდა ეძებონ გზები, როგორ შეძლებენ გათავისუფლებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან იყო ჰარმონიაში, თუ საკუთარ თავსაც ატყუებენ, ძალიან გაუჭირდებათ, ბედნიერები იყვნენ.

ზოგი საქართველოში დარჩენას ირჩევს და ეს ძალიან დიდი გამბედაობა და სიმამაცეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქამინგაუთი აქვთ გაკეთებული – საფრთხის ქვეშ არიან, მაინც არ ნებდებიან და რჩებიან. ქვიარ ადამიანს ყველგან უწევს ბრძოლა, განსხვავება იმაშია, რომ ზოგან ეს ბრძოლა პირდაპირ გადარჩენისთვისაა, როგორც, მაგალითად, საქართველოში და ზოგან – თანასწორობისთვის.

პირველ რიგში, გარემო უნდა შეიცვალონ ცოტა ხნით მაინც, ნახონ, რამხელა განსხვავებაა ნორმალურ გარემოსა და იმას შორის, რაც აქვთ. თუ ამას შეძლებენ, მგონია, რომ უკან ვეღარავინ დააბრუნებთ. ,,უკან დაბრუნებაში” საქართველოში დაბრუნებას არ ვგულისხმობ, იმავე მდგომარეობაში დაბრუნებას ვგულისხმობ, სადაც მანამდე იყვნენ.

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

 

ავტორი: ნინო ურუშაძე

წინა

ჰარი სთაილსი ფანს ქამინგაუთში დაეხმარა

შემდეგი

წარსულის შეცვლა რომ შემეძლოს, 21 წლის ნაცვლად, ქამინგაუთს 16-17 წლის ასაკში გავაკეთებდი – იუვალ ნოახ ჰარარი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების