ნოემბერი 2021 - Page 4

ბრაიან მაიქელ სმიტი – პირველი ტრანსგენდერი მამაკაცი PEOPLE-ის „ყველაზე სექსუალური მამაკაცების“ სიაში

გასულ კვირას ჟურნალ People– ში გამოაქვეყნდა 2021 წლის „ყველაზე სექსუალური მამაკაცების“ სიები, სადაც ჰოლივუდის სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად, ტრანსგენდერ მსახიობ მამაკაცს, ბრაიან მაიქელ სმიტსაც შევხვდებით.

ბრაიან მაიქელ სმიტი მოხვდა სიაში „ყველაზე სექსუალური მამაკაცები სატელევიზიო ეკრანებზე“. ის პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც გავლენიანი ჟურნალის სიაში მოხვდა.

38 წლის მსახიობი მაყურებელმა აქამდე ლენა დანჰემის „გოგოებში“ და პოლიტიკურ დრამა Homeland-ში იხილა, ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტული კი რაიან მერფის სერიალ „9-1-1 – მარტოხელა ვარსკლავში“ შესრულებული როლისთვის დაიმსახურა.

„ძალიან ბევრი რამ დაუძახებიათ ჩემთვის, მაგრამ ეს პირველია. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ სიაში მოვხვდი“ – წერს მსახიობი თავის თვითერზე. ის ასევე პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც საკაბელო არხზე გასულ სერიალში მთავარ როლში გვევლინება.

ინტერნეტ-გამოცემა People-ის ,,ყველაზე სექსუალური მამაკაცის” გამოკითხვა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ჟურნალის ვებ-გვერდზე და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მკითხველს შეეძლო.

პირველი გეი საშობაო ფილმი Netflix-ზე – ნახეთ ტრეილერი

Netflix-მა სულ ახლახანს გაავრცელა ტრეილერი პირველი გეი საშობაო ფილმისა, რომელიც დეკემბერში გამოვა სტრიმინგ სერვისზე.

 

როგორც IMDB-ზე ვკითხულობთ, ფილმს Single all the Way ერქმევა და გვიამბობს ორი გეი მეგობრის საშობაო ისტორიას. პიტერი, რომლის ოჯახიც ძალიან ნერვიულობს პიტერის მარტოხელობის გამო, გადაწყვეტს, მშობლიურ სახლში, საშობაოდ, თავის მეგობარ ნიკთან ერთად ჩავიდეს და მოიტყუოს, თითქოს შეყვარებულები არიან.

 

მეგობრებმა ჯერ არ იციან, რომ პიტერის დედამ უკვე იფიქრა შვილზე და გადაწყვიტა, ბრმა პაემანი დაუნიშნოს სიმპატიურ ფიტნეს ინსტრუქტორ ჯეიმსთან.

 

ფილმში ასევე შევხვდებით დეიდა სენდის, რომლის როლსაც ყველასათვის საყვარელი ჯენიფერ კულიდჯი ასრულებს და ლეგენდარული ბრიტნი სპირსის საახალწლო სიმღერებს.

ფილმი Netflix-ის პლატფორმაზე 2 დეკემბერს გამოვა.

ბრიტნი სპირსი თავისუფალია

13 წლიანი მეურვეობის შემდეგ ლეგენდარული ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი, საბოლოოდ თავისუფალია!

გადაწყვეტილება ლოს ანჯელესის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ბრენდა ლენიმ, პარასკევს მიიღო. მისი გადაწყვეტილებით, მეურვეობა უნდა დასრულდეს ბრიტნი სპირსის მენტალური ჯანმრთელობის გადამოწმების გარეშე.

მეურვეობა, რომელიც 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, 2008 წელს დაიწყო, ბრიტნი იმ დროს 26 წლის იყო და მასზე მეურვეობა მისმა მამამ, ჯეიმი სპირსმა აიღო. მეურვეობა ითვალისწინებდა, როგორც ბრიტნის პირად ცხოვრებაზე, ასევე, მის ფინანსებზე სრულ კონტროლს.

მეურვეობის ქვეშ პოპვარსკვლავმა ოთხი ალბომი ჩაწერა, ორი საკონცერტო ტურნე გამართა და ამერიკული X-ფაქტორის ჟიურის წევრი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, პოპვარსკლავის ფინანსებზე, პერსონალურ ცხოვრებასა და კარიერაზე პასუხისმგებელი მთლიანად მომღერლის მამა, ჯეიმი სპირსი იყო, რომელიც ბოროტად იყენებდა დაკისრებულ ვალდებულებას.

ბრიტნის სპირსის მდგომარეობის გარშემო ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფანებმა 2019 წელს ამერიკაში წამოიწყეს კამპანია #FreeBritney, კამპანიას მალევე მოჰყვა დოკუმენტური ფილმი – Framing Britney Spears. შოკისმომგვრელმა ფილმმა ნათლად აჩვენა, რომ ბრიტნი სპირსის მდგომარეობა იყო საგანგაშო და სჭირდებოდა გათავისუფლება მამისგან.

39 წლის მომღერალმა 2021 წლის ივნისში სასამართლო მოსმენაზე დაადასტურა, რომ ის აღარ საჭიროებდა მეურვეს და რომ მამამისი არაკეთილსინდისიერად იყენებდა თავის მოვალეობებს.

MTV Europe Music Award 5 ლგბტ+ აქტივისტს დააჯილდოებს

2021 წლის MTV EMA-ს დაჯილდოება ახლოვდება და ახლახანს გახდა ცნობილი, რომ MTV დააჯილდოვებს 5 ლგბტ+ აქტივისტს სხვადასხვა ქვეყნიდან. პრიზი გადაეცემათ აქტივისტებს, რომლებიც არ ზოგავენ ძალებს იმისთვის, რომ ლგბტ+ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

საპატიო ტიტულის მფლობელები არიან: ამირ აშური, მეთიუ ბლაისი, სეიჯ დოლან-სანდრინო, ერიკა ჰილტონი და ვიქტორია რადვანი. დაჯილდოების ცერემონია, კვირას ღამე, უნგრეთში გაიმართება და პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანს შეეძლება მისი ხილვა. საპატიო ტიტულების მფლობელ აქტივისტებს საშუალება ექნებათ, აირჩიონ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც MTV გადასცემს ფულს.

გაიცანით წლევანდელი საპატიო ტიტულის მფლობელი აქტივისტები, რომლებიც თავს არ ზოგავენ ადვოკატირებაში და ემსახურებიან თავიანთ საზოგადოებას:

ამირ აშური (ერაყი) 

ამირ აშური ერაყელი აქტივისტია, რომელმაც დაარსა ორგანიზაცია iraQueer, ამირი ორგანიზაციაში ამჟამად ბორდის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. ის თანამშრომლობს ერაყისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეხმარება ლგბტ+ ადამიანებს, ქალებს, სექსმუშაკებს, ლტოლვილებსა და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებს. ამირი ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს.

მეთიუ ბლეისი (ნიგერია) 

არაბინარული და ღიად გეი აქტივსტი, მეთიუ ბლაისი,The Oasis Project-ის დამფუძნებელია. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ნიგერიელი ქვიარ ადამიანების რეპრეზენტაციასა და ჰუმანიზებას, ამასთან ერთად, აქტივისტი ცდილობს, გამოიყენოს სოციალური ქსელები და მედიაკამპანიები, რათა აჩვენოს ხალხს, რამდენად რთული და უსამართლოა ნიგერიელი ქვიარ ადამიანების ცხოვრება.

სეიჯ დოლან-სანდრინო – (ამერიკა)

სეიჯ დოლან-სანდრინო წარმოშობით აფრო-კუბელი ქვიარ ტრანს არტისტია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. მისი, როგორც არტისტისა და აქტივისტის მთავარი მიზანია, შექმნას ისეთი ნარატივები, სადაც შავკანიანები არ იქნებიან მხოლოდ ჩაგვრისა და რეპრესიის მსხვერპლები და სამყაროს აჩვენოს ცხოვრება ფერადკანიანი ადამიანების თვალიდან. დოლან-სანდრინო ასევე იყო ამბასადორი ობამას მმართველობის დროს თეთრ სახლში, პროგრამით – განათლების მაღალი ხარისხი აფრიკელი ამერიკელებისთვის.

ერიკა ჰილტონი – ბრაზილია 

ერიკა ჰილტონი პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც გაიმარჯვა სან პაულოს არჩევნებში და დღეს ის საკანონმდებლო ორგანოდან ეხმარება ლგბტ+ ადამიანებს, შავკანიანებს, სექსმუშაკებს და მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, მარგინალიზებულ ადამიანებად მიიჩნევენ ბრაზილიაში.

ვიქტორია რადვანი – უნგრეთი 

MTV EMA წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება, ქვეყანაში, სადაც წელს სკოლებიდან და საბავშვო ტელევიზიებიდან LGBTQ+ შინაარსის შემცველი მასალა ამოიღეს. ვიქტორია რადვანი უნგრელი აქტივისტია, ის ბუდაპეშტის პრაიდის ბორდის წევრია და მრავალი წლის განმავლობაში იბრძვის ლგბტ+ უფლებებზე და ცდილობს, ადამიანებს შეუქმნას გარემო, სადაც თავს დაცულად იგრძნობენ და არ შეეშინდებათ დისკრიმინაციის. ვიქტორია ღიად უპირისპირდება ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე ცვლილელებს და აკრიტიკებს უნგრეთის მთავრობას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი რიგით მესამე ქვიარ ფორუმს მართავს

2021 წლის 11-12 ნოემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი რიგით მესამე ქვიარ ფორუმს მართავს. წელს ქვიარ ფორუმის მთავარი თემაა – „კრიზისი, პოსტ-კრიზისი და ქვიარ ემანსიპაციის პერსპექტივები საქართველოში“. ქვიარ ფორუმის პირველი დღე – 11 ნოემბერს, ფიზიკურ სივრცეში ჩატარდა, ხოლო 12 ნოემბერს დამსწრეებს შეუძლიათ ღონისძიებას ZOOM-ის საშუალებით დაესწრონ.

,,წლევანდელი ქვიარ ფორუმი ემსახურება ქვიარ სხეულების ადგილის გააზრებას პოსტ-კრიზისულ საქართველოში, ქვიარ ჯგუფების საჯარო სივრციდან გაქრობისა და გაჩენის პოლიტიკურ მანიპულაციას, ქვიარ ჯგუფების ტრამვის მუდმივობასა და იმას თუ რად გარდაიქმნება და რად უნდა გარდაიქმნას ტრამვისა და ტკივილის მეხსიერება.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

პანეულურ დისკუსიებზე განხილული იქნება ქვიარ წინააღმდეგობის პრაქტიკების ბუნება და ფორმები – მათი სიკეთე და ზიანი, ისევე როგორც, მასთან დაპირისპირებაში მყოფი ძალადობრივი ჯგუფების მიზნები და მათი წარმოქმნის მიზეზები. აღნიშნული საკითხების განხილვამ ხელი უნდა შეუწყოს დომინანტური და დისციპლინირებული აქტივისტური პრაქტიკებისგან ალტერნატიული ხედვებისა და სტრატეგიების დასახვას.

ქვიარ ფორუმი წარმოადგენს აკადემიური და აქტივისტური სივრცის ჰიბრიდს, რომელიც ხსნის პლატფორმას კრიტიკულ საკითხებზე მსჯელობისა და მრავალმხრივი დისკუსიისთვის. ქვიარ ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნასა და აქტივისტური ჯგუფების მობილიზებას. შესაბამისად, კონფერენცია განსაკუთრებით ღირებული შეიძლება იყოს ქვიარ და ფემინისტურ პოლიტიკით, აქტივიზმითა და სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული ჯგუფებისა და ინდივიდებისთვის.

ქვიარ ფორუმის საჯარო ლექციათა 2 დღიან ციკლში მონაწილეობენ ფილოსოფიის, სოციალური მეცნიერებების და გენდერის კვლევების სფეროში მოღვაწე მომხსენებლები საქართველოდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

ბოჟან ბილიჩი მუშაობს პოსტ-იუგოსლავიის სივრცეში ლგბტქ აქტივიზმის, ლგბტქ-აფირმატიულ ფსიქოთერაპიაზე, არაჰეტეროსექსუალობასა და გენდერული ვარიაციის საკითხებზე. ბოჟაბ ბილიჩი არის ლაიზა მეიტნერის მეცნიერ-თანამშრომელი ვენის უნივერსიტეტის გენდერის კვლევების, ფილოსოფიისა და განათლების ფაკულტეტზე, ასევე, გენდერისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოციალური მოძრაობების პროფესორი ბოლონიის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლაში.

ანდრეა პეტო არის ისტორიკოსი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) გენდერის კვლევების დეპარტამენტის პროფესორი (ვენა, ავსტრია). ის არის CEU-ს დემოკრატიის ინსტიტუტის აფილირებული მკვლევარი ბუდაპეშტში და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი ნაშრომები გენდერზე, პოლიტიკაზე, ჰოლოკოსტსა და ომზე 23 ენაზე არის თარგმნილი. 2018 წელს მას მიენიჭა ALLEA-ს მადამ დე სტაელის პრემია კულტურული ღირებულებებისთვის. პეტო ასევე არის სოდერტორნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (სტოკჰოლმი, შვედეთი). მისი ბოლო ნაშრომებიდან აღსანიშნავია: The Women of the Arrow Cross Party. Invisible Hungarian Perpetrators in the Second World War. Palgrave, Macmillan, 2020. ასევე, Forgotten Massacre: Budapest 1944. DeGruyter, 2021.

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

დემნა გვასალია CFDA Awards-ის გამარჯვებულია

ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია, მოდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების, ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოების გამარჯვებულია. ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში – ქალის სამოსის წლის საერთაშორისო დიზაინერი.

CFDA-ის საბჭოს ტომ ფორდი ხელმძღვანელობდა და დემნასთან ერთად, ამ კატეგორიაში წარდგენილი იყვნენ: დანიელ ლი – Bottega Veneta, რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა – Prada, პიერპაოლო პიჩოლი – Valentino, სიმონ ჟაკმუსი –JACQUEMUS.

დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია და მან ეს ჯილდო პირველად 2017 წელს მიიღო.

7 ფაქტი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მაილი საირუსი LGBT+ საზოგადოების ნამდვილი მხარდამჭერია

7 სტუდიური ალბომის ავტორი, გინესის რეკორდის მფლობელი და ამერიკული ჩარტების ნამდვილი ლიდერი სამი ათწლეულის განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას და ფანების სიყვარულს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, შეიძლება მივიჩნიოთ მომღერლის მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების და ლგბტ+ საზოგადოების მიმართ.

მაილი საირუსი ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა ლგბტ+ თემებზე, როცა ამ თემებით მედია არ იყო დაინტერესებული და ვარსკლავიც ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი. თავისი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში, არტისტი ყოველთვის ცდილობს, თავისი გავლენები და მხარდამჭერთა არმია გამოიყენოს იმისთვის, რომ დაეხმაროს მათ, ვისაც ეს სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლია.

2009 წლის თვითი ჰომოფობიის წინაღმდეგ

 

მაილი საირუსი სულ რაღაც 11 წლის იყო, როცა დისნეის ცნობილ სერიალში, Hannah Montana-ში მთავარი როლი მიიღო, მას შემდეგ პატარა გოგონას ცხოვრება ძირეულად შეიცვალა და ამერიკელი მოზარდების საკულტო ვარსკვლავი გახდა. მიუხედავად უზარმაზარი წარმატებისა, თინეიჯერი ვარსკლავი 2009 წლიდან აქტიურად უჭერდა მხარს LGBT+ საზოგადოებას და მას შემდეგ, რაც 2009 წელს მის ამერიკას ერთ-ერთმა კონკურსანტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქორწინება მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს უნდა შეეძლოთ, 16 წლის პოპვარსკვლავმა თვითერზე პირველი მხარდამჭერი თვითი გამოაქვეყნა, სადაც თავის ახალგაზრდა ფანებს ეუბნებოდა, რომ ყველა იმსახურებს სიყვარულს.

ეს არ ყოფილა ვარსკვლავის ერთადერთი სოციალური გამოხმაურება, იგი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ფოტოებს და პოსტებს, სადაც ღიად უცხადებს მხარდაჭერას ლგბტ+ საზოგადოებას და უპირისპირდება იმ პოლიტიკოსებს თუ საჯარო პირებს, რომლებიც ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ.

ახალი იმიჯი, მეტი სექსუალობა და სითამამე, რომლისგანაც ყველამ ვისწავლეთ გაკვეთილი

 

2012-2013 წლებში, Hannah Montana-ს დასრულების შემდეგ ვარსკლავი ეცადა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ის აღარ იყო პატარა, დამჯერი დისნეის პროდუქტი, რომ გაზრდა გარდაუვალია და სამუდამოდ ვერ დარჩები American Sweetheart-ის როლში. მსახიობმა მოიხსნა ჰანა მონტანას ქერა პარიკი, მოკლედ შეიჭრა თმა და სააშკარაოზე გამოიტანა საკუთარი სექსუალობა, სითამამე და ქალურობა.

მსახიობის და მომღერლის ამ ნაბიჯებმა დიდი განხილვები გამოიწვია მედიაში და ვარსკლავი არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს, როგორც სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებმა, ასევე, ცნობილმა ადამიანებმა, თუმცა ამ ნაბიჯებმა ლგბტ+ ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სურვილებისთვის და მიზნებისთვის ბრძოლას, მიუხედავად იმისა, დაგიჭერენ ამაში მხარს თუ არა.

 

ბრძოლა აივ/შიდსთან

 

2014 წელს პოპულარობის მწვერვალზე მყოფმა 22 წლის ვარსკვლავმა ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი გადარიცხა ფონდში, რომელიც მიზნად ისახავს აივ/შიდსთან ბრძოლას.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ვარსკლავმა დონაცია გააკეთა. მაილი საირუსი ხშირად ატარებს საქველმოქმედო კონცერტებს, ყიდის თავის პირად ნივთებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეხმარება გლობალურ ორგანიზაციებს ინფორმაციის გავრცელებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია Happy Hippie

 

2014 წელს ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალის, ლილა ალკორნის თვიმთმკვლელობის შემდეგ, მაილი საირუსმა გადაწყვიტა, შეექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია Happy Hippie Foundation, რომელიც იმუშავებდა უსახლკარო ლგბტ+ ადამიანებზე და სხვადასხვა სერვისებს შესთავაზებდა მათ.

 

2015 წლიდან ორგანიზაცია სხვადასხვა სოციალურ კამპანიებს აწარმოებს და უსახლკარო ახალგაზრდებს სთვაზობს უფასო საცხოვრებელ ადგილს, საკვებს და ფსიქოლოგიურ დახმარებას. ამასთან ერთად, ორგანიზაციის სახელით მაილი საირუსმა ჩაწერა სიმღერა Inspired, რომელიც დღემდე ისმის ამერიკულ პრაიდებზე. რამდენიმე წლის წინ კი Instagram-ს შესთავაზა პარტნიორობა და ტრანსკვირეული წამოიწყო, რათა აემაღლებინა მიმღებლობა ტრანს თემის მიმართ.

 

ქამინგაუთი

 

 

 

2013 წელს ვარსკვლავის იმიჯის შეცვლის შემდეგ მედია ალაპარაკდა იმაზე, რომ მაილი საირუსი ლესბოსელია, ამ შეფასებას ახალგაზრდა ვარსკლავი არ შეუშინებია და პირიქით, ის ხშირად აღნიშნავდა, რომ მას მხოლოდ ახარებს, თუ მედია და ფანები მას ლგბტ+ ოჯახის წევრად აღიქვამს.

 

რამდენიმე წლის შემდეგ ვარსკლავი გასცდა ლგბტ+ მხარდამჭერის სტატუსს და ქამინგაუთი გააკეთა, მსახიობს არაერთ ინტერვიუში უსაუბრია, რომ ის პანსექსუალია და მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სქესს, როცა საქმე სიყვარულს და სექსუალურ პარტნიორს ეხება.

 

Rupaul-ის დრაგ ქვინების მეინსტრიმში გამოყვანა 

 

 

მანამ სანამ Rupaul-ის Drag Race და მასში მონაწილე დრაგ ქვინები ფართო მასებისთვის გახდებოდა ცნობილი, შოუ არც ისე წარმატებული იყო. შოუს პოპულარობის მოხვეჭისთვის დრო დასჭირდა, რაშიც თავისი წვლილი მაილიმაც შეიტანა. Wrecking Ball-ის ვარსკლავი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც MTV Video Music Awards-ის დაჯილდოვების სცენაზე რუპოლის დრაგ ქვინები გამოიყვანა და მათთან ერთად შეასრულა სიმღერა.

 

ამასთან ერთად ახალგაზრდა ვარსკლავი იყო Rupaul-ის ერთ-ერთი სეზონში მიწვეული ჟიურის წევრი.

 

 

ლეგენდარული Cher-ის ბრწყინვალე ქავერი

 

 

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საკმარისი არ არის, მაშინ აუცილებლად უყურეთ მაილის საირუსის 2021 წლის პრაიდის კვირეულისადმი მიძღვნილ კონცერტს, სადაც პოპ-ვარსკლავი ლეგენდარული Cher-ის სიმღერის, Believe-ის დაუვიწყარ შესრულებას გვთავაზობს.

 

ლეიდი გაგას House of Gucci-ში შესრულებული როლის გამო პანიკური შეტევები დაეწყო

სულ მალე ეკრანებზე რიდლი სკოტის ახალი ფილმი, House of Gucci გამოვა, რომელიც მოდის სახლ Gucci-ის დამფუძნებელ ოჯახზსა და გასული საუკუნის ერთ-ერთ სკანდალურ მკვლელობაზე გვიამბობს.

ფილმი, რომელიც ნოემბრის ბოლოს გამოვა ეკრანებზე, მთავარ როლებში ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ლეიდი გაგა, ადამ დრაივერი და ოსკაროსანი ჯარედ ლეტო მოგვევლინებიან.

გასულ კვირას ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში ლეიდი გაგამ თქვა, რომ მაურიციო გუჩის ცოლის, პატრიცია რეჯიანის როლის შესრულებისთვის 3 წელი ემზადებოდა, ამ სამი წლიდან 8 თვის განმავლობაში კი, როგორც გადასაღებ მოედანზე, ასევე – კადრს მიღმა მხოლოდ იტალიური აქცენტით საუბრობდა. მომღერალმა კონტაქტი გაწყვიტა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან და მთლიანად პატრიციას ცხოვრების და პიროვნების გამოკვლევით იყო დაკავებული.

მომღერალმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა, რომ როლში ზედმეტად შეჭრის გამო მას ფსიქოლოგიური სირთულეებიც დაეწყო,  „გადაღებების დასასრულს იტალიაში ფეხით გასეირნება გადავწყვიტე, ქუდი დავიხურე, გარეთ სასეირნოდ ორი თვე არ ვყოფილვარ და უცებ პანიკური შეტევა დამეწყო, თავი ისევ გადასაღებ მოედანზე მეგონა“.

მიუხედავად იმისა, რომ ოსკაროსან ვარსკლავის შესრულებულ როლს დიდ წარმატებას უსურვებენ კრიტიკოსები, მის მიმართ უკვე გაჩნდა კრიტიკა, 35 წლის ვარსკლავმა უარი განაცხადა პირადად შეხვედროდა მაურიციო გუჩის მკვლელს, რადგან მას სურდა სხვების დახმარების გარეშე (მათ შორის პატრიცია რეჯიანის) შეექმნა კინოროლი.  მსახიობის ამ ნაბიჯს გამაღიზიანებელი უწოდა მაურიციო გუჩის ცოლმა, რომელიც 18 წელი იხდიდა სასჯელს ყოფილი ქმრის მკვლელობის გამო.

ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 25 ნოემბერს გამოვა

ქვიარ ცხოვრება სტოუნვოლის აჯანყების შემდეგ – სამოთხე 70-იანი წლების ნიუ-იორკში

/

1981 წლის 18 მაისს ნიუ-იორკის ერთადერთ გეი გაზეთში – The New York Native-ში, გამოქვეყნდა სტატია სასიკვდილო დაავადებაზე, რომელსაც შემდგომში შიდსის სახელი დაერქვა. ამ სტატიამ მთლიანად შეცვლა ნიუ-იორკელი ქვიარ საზოგადოების ცხოვრება და დაიწყო მრავალწლიანი ბრძოლა დაავადებასთან, რომელმაც არაერთი ქვიარ ადამიანი იმსხვერპლა. არადა ვირუსის გავრცელებამდე რამდენიმე წლით ადრე, 1969 წლის სტოუნვოლის აჯანყებამ ნიუ-იორკის ქუჩები ნამდვილ სამოთხეს დაამსგავსა, ახალი თაობის ქვიარ ადამიანები ტკბებოდნენ თავისუფლებით, საჭირო აღარ იყო ჩრდილში ცხოვრება და მუდმივი მალვა.

სტოუნვოლის აჯანყებამ არა მარტო ქვიარ საზოგადოებაზე, ხელოვნებაზეც დადებითი გავლენა იქონია, ნიუ-იორკი ხელოვნების, კულტურის და კრეატიულობის  მექად იქცა. ქუჩები გაივსო ბედნიერი და ლაღი ადამიანებით, რომლებიც ქმნიდნენ ხელოვნების ახალ მიმდინარეობებს, ჰყვებოდნენ ამბებს ახალი ინტერპრეტაციებით. ბარები, კლუბები და პარკები ჰიპ-ჰოპის, პანკის და დისკოს ჟღერადობით გაივსო. არტისტული დაჯგუფებები ითვისებდნენ მიტოვებულ შენობებს და ხელოვნების გალერეებად აქცევდნენ. ცხოვრება, ხელოვნების შექმნა და თავის გადარჩენა უფრო მარტივი იყო, ჰაერიც სხვანაირად იყო დამუხტული. ახალი თაობის არტისტებმა ხელოვნება დაიხსნეს ტყვეობიდან და თეთრი გალერეებიდან ქუჩებში გამოიტანეს, სადაც ყველას შეეძლო მისით ტკბობა.

სტენლი სტელარის ფოტოობიექტივს ამ წლების უნიკალური კადრები შემორჩა და ამასთან ერთად, ბრუკლინში დაბადებულ არტისტს კარგად ახსოვს თავისი ბავშვობა, ქვიარ ადამიანების ცხოვრება სტოუნვოლის აჯანყებამდე 1950-იან-1960-იან წლებში. ახსოვს ბნელი ჩრდილი, რომელიც ყველა ქვიარ ადამიანის თავზე იყო, „10 წლის ასაკში მედია მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი საშინელება და თავი იღბლიანად უნდა მეგრძნო, თუ ვინმე გადაწყვეტდა, არ მოვეკალი, მას შემდეგ, რაც ჩემს ორიენტაციას გაიგებდა. ჩვენ თითქმის არ ვარსებობდით“. ქამინგაუთის შემდეგ სტელარმა ნიუ-იორკის კარგად შესწავლა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ ქვიარ ადამიანების ადგილი ქალაქში თითქმის არსად იყო, ყველაფერი კი 1970-იან წლებში შეიცვალა, ახსოვს ის დღეც, როცა ეს იგრძნო. ქუჩაში ასაკით უფროს მამაკაცთან ერთად მიდიოდა, სამყარო სავსე იყო სიყვარულითა და რომანტიკით და მიხვდა, რომ ბოლოს და ბოლოს ბნელი დრო წარსულს ჩაბარდა.

ბნელმა დროებამ და მტრულად განწყობილმა საზოგადოებამ სტენლი სტელარს ბევრი რამ წაართვა, თუმცა მისცა ყველაზე ძვირფასი – ფოტოგრაფიით გატაცება. პირველი ფოტოკამერა არტისტმა 1976 წელს შეიძინა, „ზოგი ადამიანი სპორტით კავდება, ზოგი მუსიკას აკეთებს, მე ფოტოების კეთება მინდოდა“, მას სურდა თავისი ფოტოებით მოეძებნა კითხვებზე პასუხი, რას ნიშნავს გეი ცხოვრება და სად არის ეს გეი ცხოვრება.

1970-იანი წლებში, ლგბტ+ ადამიანების გადაღებისას ხვდებოდა, რომ მართლაც საოცარ დროში ცხოვრობდა. „ქრისტოფერის ქუჩა სამოთხე იყო,“ – ამბობს ის, „უცებ გავიაზრე, რომ დიდი ისტორიის ნაწილი ვიყავი, სამყაროში ჩვენი ადგილიც გამოჩნდა, შუადღით მდინარის პირას ვიკრიბებოდით მეგობრები და თავს ადამიანებად ვგრძნობით, ქვიარობა აღარ ნიშნავდა ბნელ კუთხეებში სექსით დაკავებას. როგორც კი ფოტოების გადაღება დავიწყე, მივხვდი, რომ ჩემს ფოტოფირზე ქვიარ ისტორიის ყველაზე გამორჩეულ დროს ვინახავდი.”

სტელარი, ძირითადად, West Village-ში მცხოვრები ქვიარ ადამიანების ცხოვრებას აღბეჭდავდა, ამ პერიოდს ედემის პერიოდადაც მოიხსენიებენ, თავისუფლების წლები – როცა ნიუ-იორკში ყველას ჰქონდა საშუალება, ისე წარემართა თავისი ცხოვრება, როგორც სურდა. „მე მყავდა მეგობარი, რომელმაც მაღაზია გახსნა ნიუ-იორკში და დაარქვა „ახლა“, როცა მაღაზიაში მივედი და ვნახე ცარიელი ოთახი, გამიკვირდა, მაგრამ ჯონს ეს დიდად არ ანაღვლებდა.

მაღაზიას დიდი ხანი არ უმუშავია, მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი იყო, რომ ისტორიაში პირველად ვგრძნობდით, რომ შეგვეძლო, ამაყები ვყოფილიყავით, შეგვეძლო, შუქი აგვენთო და ადამიანებისთვის გვეთქვა – მობრძანდით! მე ძალიან გამიმართლა, რომ თავისუფლებას ამ ხარისხით ვეზიარე, ბედნიერი ვარ, რომ იმ დროში ვიცხოვრე. ჩვენ არ ვართ ალექსანდრე მაკედონელები, არც მიქელანჯელოები არც როკ ჰადსონები, ჩვენ ჩვეულებრივი ბავშვები ვიყავით, რომლებიც ყოველ დღე მეტროს ვაგონებში სხდებოდნენ თავისუფლების, სიყვარულის, მეგობრობის და ადამიანების საპოვნელად.

წყარო: Dazed

ფოტო: სტენლი სტელარი

თარგმანი: ზურა აბაშიძე

ჰარვი მილქი – გეი უფლებების აქტვისტის სახელობის გემი აშშ-ის საზღვაო ძალებში

აშშ-ს საზღვაო ფლოტმა გეი უფლებების აქტივისტის, ჰარვი მილქის სახელი დაარქვა საზღვაო გემს. 1950-იან წლებში, სექსუალობის გამო, მილქი იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

გემი Harvey Milk სან დიეგოს სანაპიროდან გავიდა. პროცესს საზღვაო ძალების მდივანი, კარლოს დელ ტორო და თავად ჰარვი მილქის ძმისშვილი, სტიუარტი, ესწრებოდნენ.

Harvey Milk ერთ-ერთია იმ ექვსი გემიდან, რომლებსაც აშშ-ის სამოქალაქო უფლებების დამცველების სახელი დაარქვეს. მათ შორის არიან ყოფილი მთავარი მოსამართლე – ერლ უორენი და მოკლული საპრეზიდენტო კანდიდატი, რობერტ კენედი.

ჰარვი მილქი სამაშველო გემზე მყვინთავი ოფიცერი და ლეიტენანტი იყო, მაგრამ 1955 წელს, მისი სექსუალობის შესახებ ორკვირიანი დაკითხვის შემდეგ, ის იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. მოგვიანებით კი, ის გახდა ამერიკის ერთ-ერთი პირველი ღიად გეი პოლიტიკოსი, რომელიც 1977 წელს სან-ფრანცისკოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1978 წელს ის დენ უაიტმა, ქალაქის ყოფილმა ზედამხედველმა, გასროლით მოკლა. მათ ხშირად ჰქონდა დაპირისპირება სხვადასხვა საკითხის გამო.

Harvey Milk-ის გაშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, დელ ტორომ თქვა, რომ არასწორი იყო, საზღვაო ძალებში ყოფნის დროს რომ მილქი იძულებული გახდა „დაემალა თავისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“.

,,ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მეზღვაურები, როგორიც ლეიტენანტი მილქი იყო, იძულებული იყვნენ, ჩრდილში დარჩენილიყვნენ. კიდევ უფრო უარესი, მათ აძევებდნენ საზღვაო ძალებიდან. ეს უსამართლობა ჩვენი საზღვაო ძალების ისტორიის ნაწილია, მაგრამ ასევე აღსანიშნავია ყველა იმ ადამიანის შეუპოვრობა, ვინც ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.” – თქვა დელ ტორომ.

წყარო: bbc.com