ნოემბერი 2021 - Page 6

ქვიარ ვარსკვლავი კრისტენ სტიუარტი დაინიშნა

,ჩვენ ვქორწინდებით, მართლა ვქორწინდებით”, – თქვა 2 ნოემბერს კრისტენ სტიუარტმა და თავის შეყვარებულზე, უკვე საცოლეზე მიანიშნა, რომელსაც ბოლო 2 წელია ხვდება.

სტიუარტმა 2019 წლის ნოემბრის ინტერვიუშიც თქვა, რომ მოუთმენლად ელოდა იმ მომენტს, როცა მეიერს ხელს სთხოვდა. ,,ზოგჯერ ერთი შეხედვით იცი, რაც გინდა”,- თქვა მან იმ დროს.

წყვილმა, რვა წლის წინ, გადასაღებ მოედანზე გაიცნო ერთმანეთი, თუმცა ექვსი წელი დასჭირდათ, სანამ შეხვედრას დაიწყებდნენ. კრისტენი იხსენებს: „მეიერი პირველად მეგობრის დაბადების დღეზე ვნახე, შევხედე და უცებ საკუთარ თავს ვკითხე – სად ვიყავი ამდენ ხანს და როგორ არ ვიცნობდი აქამდე?“ ზუსტად ორ კვირის შემდეგ, უკვე შეყვარებულების სტატუსით გამოჩნდნენ. მას შემდეგ, საზოგადოებაში ყოველთვის ერთად ჩნდებოდნენ. ამბობენ, რომ მეიერი და კრისტენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქვიარ წყვილია, ხელჩაკიდებული და ანთებული თვალებით.

როდის უნდა ველოდოთ ქორწილს, კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.

წყარო: them.us

ქვიარ დოკუმენტური ფილმები

ქვიარ ისტორიის კინოდოკუმენტალისტიკა 1960-იანი წლებიდან, ჯერ კიდევ სტოუნვოლის ჯანყამდე იწყება და დღესაც საკმაოდ აქტუალურია. მათთვის, ვისაც ქვიარ ისტორია აინტერესებს, ასევე, დოკუმენტური ფილმების მოყვარულებისთვის, ქვიარ დოკუმენტური ფილმები ნამდვილად მისწრებაა. ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე ფილმს, რომლებსაც თავისუფალ დროს შეგიძლიათ, უყუროთ:

Pride (2021) — პრაიდი

პრაიდი სულ ახალი დოკუმენტური სერიალია, რომლის პრემიერაც 2021 წლის მაისში შედგა და მთლიანობაში ექვს ეპიზოდს მოიცავს. სერიალი სხვადასხვა რეჟისორის კოლაბორაციას წარმოადგენს — თითოეული ეპიზოდი ქვიარ ისტორიის კონკრეტულ პერიოდს ეხება და 1950-იანი წლებიდან დღემდე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების გარშემო ვითარდება. სერიალში განხილულია როგორც 1969 წლის სტოუნვლის აჯანყება და შიდსის პანდემია 1980-იან წლებში, ასევე, ხშირად მივიწყებული, სტოუნვოლამდელი ქვიარ ისტორია, ადრეული დრეგ კულტურა, ქვიარ თემის ურთიერთობა მეორე ტალღის ფემინისტურ მოძრაობასთან და 1990-იან წლებში დაწყებული ერთგვარი “კულტურული ომი”, რომელიც ქვიარ კულტურის საზოგადოებაში წინ წამოწევამ გამოიწვია. სერიალი დატვირთულია განხილული პროცესების უშუალო მონაწილეების ინტერვიუებითა და დოკუმენტური მასალით, რაც ქვიარ ისტორიით დაინტერესებული მაყურებლისთვის ნამდვილად საინტერესო იქნება.

სერიალის ტრეილერი იხილეთ აქ.

A Secret Love (2020) — საიდუმლო სიყვარული

საიდუმლო სიყვარული, რომელიც Netflix-მა შარშან, აპრილში გამოუშვა, უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ქვიარ დოკუმენტური ფილმია. სიუჟეტი ტერისა და პეტის გარშემო ვითარდება, რომლებმაც ერთად 72 წელი გაატარეს. ფილმი ერთდროულად ბევრ საკითხს მოიცავს — პირველ რიგში, პეტისა და ტერის ულამაზესი სიყვარულის ამბავს და ურთიერთობას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მათი ოჯახის წევრებისგან საიდუმლოდ არსებობდა. ღიად ქვიარობა ადამიანებისთვის გასული საუკუნის ბოლომდე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. 1950-60-იან წლებში პოლიცია რეგულარულად არბევდა იმ ბარებს, სადაც ქვიარ ადამიანები იკრიბებოდნენ. ბარში მყოფთა უმეტესობას აპატიმრებდნენ, სახელებსა და მონაცემებს კი საჯაროდ აქვეყნებდნენ. ეს ძალიან რთული წლები ტერიმ და პეტმა ერთად გამოიარეს ისე, რომ მათმა ოჯახებმა ურთიერთობის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი იცოდნენ. გარდა ამისა, ფილმში კარგად ჩანს ის პრობლემები, რომლებსაც ხანდაზმული წყვილები აწყდებიან მას შემდეგ, რაც ყოველდღიურობაში სხვა ადამიან(ებ)ის დახმარება სჭირდებათ. სცენარის ავტორი და რეჟისორი, კრის ბოლანი, ტერის ნათესავია, რომელმაც ტერისა და პეტის სიყვარულის ისტორის შესახებ ერთ-ერთ ოჯახურ შეკრებაზე გაიგო და ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ძველი სურათები, ჩანაწერები, წერილები და უშუალო კადრები მაყურებელს ტერისა და პეტთან ერთგვარი ემოციური კავშირის დამყარების საშუალებას აძლევს, რაც ამ ფილმს სხვა, შედარებით მშრალი და უემოციო, დოკუმენტური ფილმებისგან ძალიან განასხვავებს.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

Welcome to Chechnya (2020) — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში HBO-ს 2020 წლის ნამუშევარია, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქართულად ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა შეგიძლიათ, ინგლისურ და რუსულ ენებზე უყუროთ. ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი რესპუბლიკაა, რომელიც კონსერვატიული, რელიგიურ-ექსტრემისტული ტრადიციებითა და შეხედულებებით გამოირჩევა და სხვა რესპუბლიკებისგან თვალშისაცემად იზოლირებულია. გვიან 2010-იან წლებში, რესპუბლიკაში დაწყებული “ანტი-გეი წმენდა” მსოფლიოსთვის მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველია — ეს საშინელი პროცესი ქვიარ ადამიანების დაპატიმრებას, არაადამიანურ წამებას და ზოგჯერ, მკვლელობასაც გულისხმობს. ასეთი “საკონცენტრაციო ბანაკები”, როგორც თვითმხილველები ამ ადგილს უწოდებენ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის აზრით, საერთოდ არ არსებობს. მეტიც, ის ფიქრობს, რომ ჩეჩნეთში ქვიარ ადამიანები არ არიან და რომც იყვნენ, მათივე ოჯახები მოკლავდნენ. სწორედ ამიტომ, ქვიარ აქტივისტებმა საფრთხეში მყოფი ადამიანების რუსეთიდან ჩუმად გაყვანა გადაწყვიტეს. ისინი ჯერ მოსკოვში ან სანკტ-პეტერბურგში, გასაიდუმლოებულ თავშესაფარში, შემდეგ კი საზღვარგარეთ უსაფრთხო ლოკაციაზე გადაჰყავდათ. დოკუმენტური ფილმი აქტივისტების ნაბიჯებს მიჰყვება — კადრების უმეტესობა გადაღებულია საიდუმლო კამერებით, მობილური ტელეფონებით და ისეთი საშუალებებით, რაც ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის საეჭვო არ იქნებოდა. ფილმში მონაწილე ადამიანების უმრავლესობის ვინაობა დამალულია, ისინი იყენებენ ზედმეტსახელებს, მათი სახე და ხმა ციფრულადაა შენიღბული. გარდა ამისა, გამოყენებულია წამების ამსახველი რეალური, მძიმე კადრებიც, ამიტომ კარგი იქნება, თუ ფილმის ნახვამდე საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად შეამზადებთ. აქვე, გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს, რომელშიც რეჟისორი და აქტივისტები ფილმზე მუშაობის პროცესზე უფრო დეტალურად საუბრობენ.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

Prejudice and Pride (2021) — ცრურწმენა და სიამაყე

2021 წლის 1-5 ივლისს თბილისში პრაიდ კვირეული უნდა ჩატარებულიყო, რომელიც კვირეული სამ ღონისძიებას გულისხმობდა – დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, მუსიკალურ ფესტივალსა და ღირსების მარშს. წინააღმდეგობების მიუხედავად, ფილმის ჩვენებისა და ფესტივალის ჩატარება მოხერხდა. 5 ივლისს, ღირსების მარშის ჩატარებამდე, თბილისში მობილიზდნენ ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. გამომსვლელთა უსაფრთხოების მიზნით, თბილისი პრაიდმა 15:00 საათისთვის ღირსების მარში გააუქმა. ცრურწმენა და სიამაყე რადიო თავისუფლების ფილმია, რომელიც 2021 წლის ივლისის ბოლოს გამოვიდა. ფილმი პრაიდ კვირეულის დაგეგმვასა და მიმდინარეობის პროცესს ასახავს და გვაჩვენებს 1-5 ივლისს მიმდინარე მოვლენებს ქვიარ აქტივისტების პერსპექტივიდან.

ფილმს შეგიძლიათ, უყუროთ აქ.

THE DEATH AND LIFE OF MARSHA P. JOHNSON (2017) — მარშა პ. ჯონსონის სიკვდილი და ცხოვრება

ქვიარ მოძრაობის ისტორიაში ტრანს თემი ყოველთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი იყო. დევიდ ფრენსის 2017 წლის ნამუშევარიც, მარშა პ. ჯონსონის სიკვდილი და ცხოვრება სწორედ ამ პრობლემას ეხება. ტრანსგენდერი ქალების მკვლელობა და დამნაშავეების არაადეკვატური გასამართლება თანამედროვე ამერიკის საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამერიკელი ქვიარ აქტივისტი 90-იანი წლების ბოლოდან, ვიქტორია კრუზი, თანამედროვე საქმეების პარალელურად, 1992 წელს საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი მარშა პ. ჯონსონის საქმის გამოძიებას იწყებს. მარშა ერთ-ერთი იყო იმ მამაც აქტივისტებს შორის, რომლებიც 1969 წელს სტოუნვოლის ცნობილ აჯანყებას ლიდერობდნენ. 1992 წელს, 4 ივლისის მარშის შემდეგ გაუჩინარებული მარშა 6 ივლისს ჰუდსონის მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ სიკვდილის მიზეზად სუიციდი დაასახელა, რასაც ქვიარ თემისგან საპასუხო რეაქცია მაშინვე მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. 25 წლის შემდეგ ვიქტორია კრუზი ცდილობს, გაარკვიოს მარშას გარდაცვალების რეალური მიზეზი. გამოძიების პარალელურად, ფილმში ნახავთ კიდევ ერთი ქვიარ აქტივისტის, სილვია რივერას ცხოვრების საინტერესო მომენტებს. ფილმის ნახვის შემდეგ კი, შეგიძლიათ, მოუსმინოთ ამ ძალიან საინტერესო პოდკასტს მარშა პ. ჯონსონის შესახებ.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

Paris is burning (1990) — პარიზი იწვის

პარიზი იწვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვიარ დოკუმენტური ფილმია. ფილმი 1980-იან წლების ნიუ-იორკში ballroom სუბკულტურის გარშემო ვითარდება და რაიმე ტიპის ჩარევისა თუ “შელამაზების” გარეშე აჩვენებს იმ რეალობას, რომელიც იყო 1980-იანი წლების ნიუ-იორკში. ცალკეულ ინტერვიუებში ძალიან საინტერესოდ არის გააზრებული ballroom-ის, როგორც ერთგვარი უსაფრთხო სივრცის მნიშვნელობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კონკრეტული იარლიყის გამო ჰეტერონორმატიულ და რასისტულ “გარე” სამყაროში თავს ვერ იმკვიდრებენ. ფილმი ძირითადად ballroom შოუების კადრებისა და ინტერვიუების ერთობლიობაა — მიმდინარე პროცესების ერთგვარი შეფასება. ეს შეფასებები თანამედროვე გადმოსახედიდან საკამათოც კი შეიძლება იყოს, რაც ფილმს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რადგან ამ კონტრასტში იკვეთება გზა, რომელიც ქვიარ თემმა ბოლო ათწლეულებში გამოიარა.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

ავტორი: ანამარია

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვიარ თემისთვის კანონი არ მუშაობს – ელენე ხოშტარია

/

,,ახლა ამის დრო არ არის” – ფრაზა, რომელიც ხშირად მესმოდა, როდესაც ქვიარ თემის პრობლემებზე პოლიტიკოსებთან საუბარი დავიწყე. ელენე ხოშტარიასაც პირველი კითხვა იმ პოლიტიკოსების შესახებ დავუსვი, რომლებიც ქვიარ თემაზე საუბარს თავს არიდებენ.

ელენე ხოშტარია – ,,დროა”

,,მე, რა თქმა უნდა, მორალს ვერავის წავუკითხავ, როდის და რაზე ილაპარაკოს, თუმცა, ესაა საფუძველი იმის, რაზეც მერე ამ ჯგუფების ჩაგვრა დგას. ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ საჯარო პირი რომ რაღაც კონიუნქტურის გამო თავს იკავებს მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან, არასწორია.

პრობლემა ზედაპირზე დევს – მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვიარ თემისთვის კანონი არ მუშაობს. გავამახვილებდი ყურადღებას იმაზეც, თუ რამდენად რთულია ფსიქოლოგიურად თემის წევრებისთვის იმის გაცნობიერება, რომ დღევანდელ საქართველოში შენ ვიღაცებისთვის არასრულფასოვანი ხარ. კანონი შენზე არ ვრცელდება – გეუბნებიან, რომ სახლში რაც გინდა, ის აკეთო.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისასტიკეა ის, როგორ ანადგურებს უმრავლესობის გულგრილობა ამ ადამიანებს. ამის მაგალითად მახსენდება ისტორიები, როგორ რეაგირებენ პირველ ქამინგაუთზე ქვიარ თემის ოჯახის წევრები. მზაფრავს იმის წარმოდგენა, თუ რამხელა სტრესის გამოვლა უწევთ თემის წევრებს. რატომ ვუსვამ ხაზს ამას – ვიღაცა იკითხავს, რატომ უნდა ჩატარდეს პრაიდი ან რატომ უნდა გამოვიდნენ გარეთ. ამ ყველაფრის მიღმა დგას ადამიანთა ცხოვრება, მათი დანგრეული ფსიქიკა, ძალიან ბევრი ტანჯვა და ტკივილი.

თემის პრობლემების მოგვარებას სჭირდება ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევა, ის, რომ პოლიცია ასრულებდეს თავის მოვალეობას, მთავრობა ასრულებდეს თავის მოვალეობას…

ცალკე აღებულ პოლიტიკოსებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ კონკრეტული მაგალითით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკურად ვიქნები მათ გვერდით და მათ უფლებებს დავიცავ. პოლიტიკოსები თემის ღიად დაცვას და მათ პრობლემებზე ლაპარაკს ხშირად ერიდებიან, ესეც ცვლის სიტუაციას. მე ვამბობ, რომ არ არსებობს კონიუნქტურა და სიტუაცია, როდესაც ჩემთვის თემის პრობლემა არ იქნება ყველაზე პრიორიტეტული საკითხი.”

 

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

დამწყები ქართველი ქალი ავტორები და მათი წიგნები

/

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიამ ლიტერატურული პროცესები უფრო მეტად შეანელა, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მომრავლდნენ ახალი ქალი ავტორები, რომლებიც უფრო აჯანსაღებენ ლიტერატურულ პროცესებს და სრულიად ახლებურ გამოცდილებას სთავაზობენ ქართველ და არამარტო ქართველ მკითხველებს.

გაიცანით დებიუტანტი ავტორები, რომლებიც სულ ახლახანს გამოჩნდნენ ქართულ ლიტერატურაში და ჯერ კიდევ ელოდებიან მკითხველთან შეხვედრას.

ნანა აბულაძე – აკუმი 

„ნანა აბულაძის “აკუმი” არის წიგნი საკუთარი თავის ძიების შესახებ და იმის შესახებ, როგორ არ გვყოფნის ადამიანების უმეტესობას სიმამაცე იმისთვის, რათა გავუგოთ ჩვენს თავს. ამ წიგნში დევიაცია ზეიმობს,  ჰიბრიდულობა კი მითოსად იქცევა. ყველაფერ ამას დებიუტანტი ავტორი გოეთესეული თხზვის ხალისითა  და სრულიად მოულოდნელი ინტელექტუალური განსჯით ახერხებს. მგონია, რომ ლიტერატურული დებიუტი თავისი ინოვაციურობით, ინტელექტუალური სიღრმითა და აქტუალურობით სწორედ ასეთი უნდა იყოს“.

ლევან ცაგარელი – ლიტერატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 

ანოტაცია: „გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო, ჰო, ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევითაა დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან  დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. როგორ უნდა მოჰყვე ამ ყველაფრის შესახებ? ერთი ტექსტით? ერთ ტექსტში კიდევ სხვა ტექსტების შემოყვანით? თუ ასეც და ისეც? „აკუმი“ სწორედ ამგვარი რომანია.“

ნანა აბულაძე: წიგნის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა იოსებ ისიქასტის წერილებს ვკითხულობდი სულიერი შვილებისადმი, წიგნში ავტორი წერს, მე ისე გარიგებთ თქვენ, როგორც ჩემს ძმებს ვარიგებ – სქესი მხოლოდ გამრავლებისთვის არსებობს, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და არ არის არანაირი „ქალის სული“ ან „კაცის სული“, სული სულიაო. გამიკვირდა, ეს რომ წავიკითხე და ვიფიქრე, რა იქნებოდა, ადამიანი უსქესოდ რომ დაიბადოს-მეთქი. ვიცოდი, რომანის იდეა რომ იყო, მაგრამ იქამდე ჯერ სამედიცინო პრობლემა იყო – თანდაყოლილ ანომალიაზე ვწერდი. ამიტომ ჯერ ის უნდა გამერკვია, ნორმალურ შემთხვევაში, ადამიანის ნაყოფი როგორ ვითარდება, მერე კი ის, არსებობს თუ არა ასეთი ანომალია. თუ არ არსებობს, უნდა გამომეგონებინა.

როცა მოქმედების სივრცე და პერსონაჟები დავინახე, ყველაფერი დავტოვე, სამსახურიდან წამოვედი, სოფელში წავედი და იქ დავწერე პირველი ოცი გვერდი. ასე წარმომიდგენია, რომ ჩემი მკითხველი ინტელექტუალი, ლიტერატურის მოყვარული მკითხველია, მაგრამ „აკუმი“ დიდი ხანია, გასცდა მკითხველთა მაგ კატეგორიას. ეს კი ძალიან მახარებს. გულისგულში ვნატრობდი, ისეთ ადამიანებს წაეკითხათ, სამყაროს მრავალფეროვნება რომ აშინებთ და დამოკიდებულება შესცვლოდათ.

მარიამ გურგენიშვილი – მარგალიტები  

„გულწრფელობის და სილაღის ხარისხი, მოურიდებელი პირდაპირობა – დებიუტანტი ავტორისთვის შესაშური სიმწყობრე და გამართულობა. ეს და კიდევ სრულიად განმაიარაღებელი ემოციურობა, იუმორის გრძნობა – არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რის გამოც მარიამ გურგენიშვილის წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხე და ყველას ვურჩევ, თუ ვინმე დამეკითხება“.

დავით გაბუნია – მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგი

ანოტაცია: “15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს – უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან… მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს – ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს… და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის… დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის რომანი 1990-­იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. ”

მარიამ გურგენიშვილი: წერა მას შემდეგ გადავწყვიტე, როცა ცამეტი წლის ასაკში „ანა ფრანკის დღიური“, „გრძელფეხება მამილო“ და „პატარა ქალები“ წავიკითხე ერთმანეთის მიყოლებით, ზუსტად ამ თანმიმდევრობით. მაშინ მეც პატარა ვიყავი და ამ წიგნის გმირებიც, და თან ოთხივეს – ანას, ჯუდის, ჯოს და მე – ძალიან, ძალიან გვინდოდა, მწერლები გამოვსულიყავით. ჯერ კიდევ მაშინ ამეკვიატა აბეზარ ფიქრად, ასეთი წიგნები რატომ ქართველებს არ გვაქვს-მეთქი. ასეთი, ანუ გოგოებზე და გოგოებისთვის დაწერილი.

ანა ფრანკის დღიურების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ არ მქონდა უფლება, ჩემი ოცნებებისთვის არ მებრძოლა. „მარგალიტები“, ვფიქრობ, ამ ბრძოლის შედეგია; შეიქმნა, ალბათ, როგორც ერთგვარი ნუგეში გოგოებისთვის, როგორც დასტური, რომ მარტო არ არიან და მათი ეჭვები, გულისტკივილი, ან თუნდაც არასრულფასოვნებისა და ნაკლოვანების შეგრძნება სხვებსაც გაუვლიათ და გადაულახავთ კიდეც.

მაია ცირამუა – მშვიდობით ძია გერშვინ 

“რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი? – ამ კითხვაზე, მე, როგორც მკითხველს, მაქვს პასუხი – იმიტომ, რომ ეს წიგნი არა იმდენად სიყვარულზე, არამედ სიცოცხლისთვის ბრძოლაზე, მის ბოლო წვეთებზე ჩაბღაუჭებასა და გადარჩენაზეა. იმაზე, რაც დიდი ხანია მიგვავიწყდა პატარა, უბედური ქვეყნის ყოველდღიურ ორომტრიალში – რომ ამქვეყნად არსებობს რაღაცები, რისთვისაც სიცოცხლე და ბრძოლა ღირს, რისთვისაც თავგანწირვაც არ დაგენანება. სულის სიღრმემდე შემძრა სიმძაფრემ, რომლითაც აღწერილია ბრძოლა ადამიანურ სურვილებსა და „კარგ ადამიანად“ დარჩენას შორის – ისეთად, როგორიც წარმოუდგენიხარ, როგორსაც შენგან ელიან; რა მწარეა ზოგჯერ ხარკი, რომელსაც რიგიანი, სწორი საქციელისთვის გავიღებთ ხოლმე; რა მძიმეა შეგრძნება, რომ ცხოვრება რაღაც ამაოში, რაღაც ჩირის ფასის მქონეში გალიე და ამ დროს უმნიშნელოვანესმა და ძვირფასმა, შეიძლება, გვერდით ჩაგიარა”.

მარი კონითელი – გამომცემელი, მთარგმნელი 

ანოტაცია: „მაია ცირამუას რომანი – ,,მშვიდობით, ძია გერშვინ!” – ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანშიშესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა.“

მაია ცირამუა: წიგნი არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ძალიან დეპრესიულ პერიოდში, 2000 წელს დაიწერა. ეს იყო ერთგვარი მცდელობა, თავი დამეღწია დიასახლისობის დამქანცველ რუტინას და მეპოვა მედიტაციური საშუალება, რათა ცოტა ხნით მაინც გავქცეოდი ყოველდღიურ პრობლემებს. წერის დასრულების შემდეგ, წიგნს 20 წლის შემდეგ მივუბრუნდი და ვიფიქრე, რატომაც არა, იქნებ დღევანდელ დღესაც აქტუალური იყოს ეს პრობლემები, ძალიან ცოტა რამ შევცვალე რომანში და გადავწყვიტე, გამომცემლობაში გამეგზავნა. ჩვენ, ქალებს, პატარაობიდანვე გვასწავლიან, რომ ყველაფერი უნდა დავმალოთ, საკუთარი ცოდნა გარეთ არ უნდა გამოვიტანოთ და ეს წიგნი იყო ზუსტად ამ სირცხვილის გადალახვის საშუალება ჩემთვის და ამიტომაც, განსაკუთრებით მინდა ისეთი ადამიანების ხელში აღმოჩნდეს, ვისაც დღემდე ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და აშინებს ექსპერიმენტები, მინდა, ასეთმა გაუბედავმა და საკუთარ თავთან გაუცხოებულმა ადამიანებმა წაიკითხონ.

მართა ურუშაძე – მეხამრიდი 

„მართა ურუშაძის “მეხამრიდი” ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, ამბის თხრობა კი ძალიან საინტერესო და ორიგინალურია. ნაწარმოებში ნათლად იკვეთება მიზანი, ამბის სიმძაფრე, კულმინაცია და დასასრული. თუ გსურთ ახალი სახეების, ახალი ავტორების აღმოჩენა, “მეხამრიდი” აუცილებლად უნდა წაიკითხოთ“.

ნინია მაჭარაშვილი – “თბილისი-იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დირექტორი

ანოტაცია: „წიგნის სიუჟეტი თბილისში ვითარდება. მთავარი გმირი დეა კვაშილავაა – გოგო, რომელიც სინამდვილეს ყველასგან განსხვავებულად აღიქვამს. დეას ძმა, გიო, ხუთი წლის წინ, უკვალოდ გაუჩინარდა. გოგო დაგვიანებით აღმოაჩენს, რომ გიოს ფარული და საინტერესო ცხოვრება ჰქონია და ერთხელაც გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ბიჭი იპოვოს. დეა მზად არის, ყველაფერს ხელი გაუშვას და საკუთარი თავიც კი დაკარგოს სიმათლის გასაგებად. ამ ძიებისას, სადაც მისტიკა და რეალობა ერთმანეთშია გადახლართული, მას საოცარი ამბები გადახდება. მთავარმა გმირმა იცის, რომ ყოველდღიურობას ჩრდილად უხილავი სამყარო გასდევს, რომელიც მისი შეკითხვების პასუხებსაც მალავს. დეას წინაშე მთავარი დილემა დგება – კომფორტული ცხოვრება თუ ცნობიერების ახალ საფეხურზე გადასვლა“…

მართა ურუშაძე: „მეხამრიდს“ ოთხი-ხუთი წელი ვწერდი და ყველაზე მეტად მინდა, იმ ადამიანებმა წაიკითხონ, ვისაც ფენტეზი უყვარს, განსაკუთრებით Spiritual Fantasy, რაც ქართულად ალბათ „სულიერ ფენტეზიდ“ ითარგმნება. „მეხამრიდი“გაუცხოებაზეა – რეალობისგან, საკუთარი თავისგან, ყოველდღიურობისგან… ამიტომ წიგნი ასევე მათთვისაა, ვისაც ეს პრობლემები აწუხებს.

 ელენე ჯაფარიძე – დამალობანა 

„ელენე ჯაფარიძის “დამალობანა”  კარგი პირველი ნაბიჯია ლიტერატურაში. ესაა სადად და გულწრფელად დაწერილი ამბავი ქალზე, რომელმაც ბევრი ტკივილი გამოიარა. ასეთი ამბავი უამრავი წაგვიკითხავს, მაგრამ  ყველაზე საინტერესო იყო, ჩემი, როგორც მკითხველის მოგზაურობა დროში და ამბებში. ელენე ახერხებს მძიმე ეპიზოდებიც კი მსუბუქად გადაგატანინოს, თითქოს გიფრთხილდება, რომ არ დაზიანდე. აქ მოთხრობილი ყოველი ეპიზოდი, თითქოს სხეულზეც კი  გეხება, მაგრამ რაღაც ძალასაც გაძლევს. მარტო არც შენ რჩები და არც ანიკო, კიდევ უფრო ძლიერად ჩასჭიდებ ხელს მთავარ გმირს და ასე სუნქვაშეკრულები გადაივლით უღელტეხილებზე სევდიან ფინალამდე, რომელიც წიგნის პირველ ფურცლებთან მიგაბრუნებს, რომ შვებით ამოისუნთქო. და კიდევ,  ძალიან შემიყვარდა გუ, რომელიც ჩემი თაობის  იმ ბიჭებს მაგონებს, რთული ცხოვრების ლაბირინთებში რომ ჩაიკარგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალაც ერჩოდათ, გულიც სუფთა ჰქონდათ და საოცარი სიყვარულიც შეეძლოთ“.

მაია ცირამუა – მწერალი, ფსიქოლოგი 

ანოტაცია: „ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით.

ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?“

ელენე ჯაფარიძე:  ძალიან მახარებს მკითხველის უკუკავშირი, როდესაც მწერენ ახალგაზრდა თუ ასაკოვანი ადამიანები თავის შთაბეჭდილებებს. ყველაზე მეტად სოხუმიდან მოსულმა უკუკავშირმა გამახარა, ძალიანდიდი სურვილი მაქვს, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმა მოახერხონ ამ წიგნის წაკითხვა. ჩემთვის ეს წიგნი არ არის მხოლოდ აფხაზეთზე ან ჭუბერზე. ჩემთვის ეს წიგნი იმაზეა, თუ რამდენად დიდია ომის, სამშობლოს დაკარგვის ტრამვა და ამ ტრამვას როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ჩვენი ფსიქიკა. რა თამაშს შეიძლება გვეთამაშოს, რომ უსაზღვროდ ძლიერ ტკივილს გადავურჩეთ და შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება.

ავტორი – ზურა აბაშიძე

,,გრეის ანატომიაში’’ პირველი არაბინარული პერსონაჟი გამოჩნდა

სერიალი ,,გრეის ანატომია’’ უფრო და უფრო ორიენტირებული ხდება ქვიარ თემატიკაზე.

გასართობი გამოცემა Variety-ის ცნობით, მსახიობი E.R. Fightmaster სერიალის ისტორიაში პირველი არაბინარული ექიმის როლს შეასრულებს. მას ჯერჯერობით ეპიზოდური როლი ჰქონდა, თუმცა მე-18 სეზონის მომდევნო სერიებში ისევ დაბრუნდება.

არაბინალური პერსონაჟი, კაი, სერიალში პირველად როგორც მინესოტას კვლევითი ჯგუფის წევრი, ისე გამოჩნდა. ის მერედიტ გრეისა (ელენ პომპეო) და ამელია შეფარდს (კატერინა სკორსონი) მოუწოდებდა, შეერთებოდნენ მათ პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. ამავე სერიაში ჩანს კაისა და ამელიას ურთიერთობა,  რომლებიც პანდემიის დროს, Zoom-ის მეშვეობით, ფლირტს იწყებენ.

Variety-მ დაადასტურა, რომ ამელიასა და კაიას შესაძლოა უბრალო თანამშრომლობაზე მეტი აკავშირებდეთ.

,,გრეის ანატომია”, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, ქვიარ პერსონაჟების ნაკლებობას არ უჩივის.

ამ მხრივ ყველაზე დასამახსოვრებელი მსახიობი სარა რამირესი იყო, რომელმაც შოუში კალი ტორესის როლი შეასრულა. კალის პერსონაჟი ბისექსუალი ქალი იყო, რომელსაც ურთიერთობა არიზონა რობინსთან ჰქონდა.

წყვილი მაყურებლისთვის დიდი ხნის მანძილზე იყო პოპულარული და საყვარელი.

წყარო: them.us

მეტი დაინტერესება, მეტი ჩართულობა, მეტი კომუნიკაცია – მიხეილ სარჯველაძე

/

ამჯერად ,,ქვიარმა” LGBTQ+ თემის პრობლემებზე სასაუბროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, ის ,,ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია.

მიხეილ სარჯველაძე – “ქართული ოცნება”, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე

,,ზოგადად, პრობლემების მთელი კომპლექსია და მხოლოდ ერთ ან ორ პრობლემას ვერ გამოვყოფ. ამ თემზე ღიად საუბარი, როგორც საქართველოში, ისე გლობალურადაც ახალი დაწყებულია. ეს ნიშნავს, რომ პრობლემები, რომელიც LGBTQ+ საზოგადოებას აქვს, საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს – დაწყებული ეკონომიკური, დამთავრებული მორალური კუთხით. რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა გამიჭირდება.

წინაღობები მუდმივად აქვს ქვიარ თემს, როგორც ზოგადი, ისე პრაქტიკული. მათ შორის არის სოციალური მიმართულებაც, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ასევე, გარემოს გათვალისწინება, სადაც მათ უწევთ ცხოვრება.

აქაც, პრობლემების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ერთიანი მიდგომა რამის გადაჭრის, ვფიქრობ, არ არსებობს, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ამ პრობლემატიკით მეტი დაინტერესება, მეტი ჩართულობა, მეტი კომუნიკაცია იქნება მთავარი ინსტრუმენტი, რომ დაიწყოს ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა. ამ წუთისთვის, ყველაზე აქტუალური რაც მგონია, ეს არის მიდგომების შემუშავების საჭიროება. ინსტიტუციური განვითარება არის მთავარი, საიდანაც უნდა დაიწყოს საუბარი ამ პრობლემებზე და შემდგომ უკვე ერთად მოიძებნოს მათი გადაჭრის გზები.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

არ მოგწონთ ქვიარ სუპერგმირები? თქვენ წარსულში ხართ დარჩენილი – კრისტენ სტიუარტი

მსახიობი კრისტენ სტიუარტი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ლგბტქ+ სუპერგმირებს აპროტესტებენ, წარსულში ცხოვრობენ და შეუძლიათ, იქ დარჩნენ. „თუ თქვენ უფრო ბედნიერი ხართ და კომფორტულად იყურებით უკანა ხედვის სარკეში, მაშინ სწორედ იქ დაგტოვებთ“, – უთხრა სტიუარტმა Variety-ს.

Variety-ის ვიდეო გადაცემაში The Take, წამყვანმა კლეიტონ დევისმა Marvel-ის მომავალი ფილმი – Eternals ახსენა, რომელშიც გეი სუპერგმირის, ფასტოსის როლს ბრაიან ტაირი ჰენრი თამაშობს. სტიუარტმა თქვა, რომ ფილმის სიუჟეტის შესახებ ბევრი არაფერი იცის, თუმცა უხარია, რომ მასში გეი ხალხია.

ტრეილერი

დევისმა ახალი სუპერმენი, ჯონ კენტიც ახსენა, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ პერსონაჟი ბისექსუალია.

წლების წინ კრისტენ სტიუარტი დაქამინგაუთდა, როგორც ქვიარი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ჰოლივუდში ზეწოლას ახდენდნენ, რომ გაჩუმებულიყო. 2015 წელს მან თქვა: „დამგუგლეთ, მე ამას არ ვმალავ.”

სტიუარტის კარიერა აღმავლობის გზაზეა – წელს მას პრინცესა დიანა სპენსერის როლში ვიხილავთ, ფილმი დიანას ცხოვრების იმ პერიოდს ასახავს, როდესაც ის პრინც ჩარლზთან განქორწინების გადაწყვეტილებას იღებს. ფილმის პრემიერა 5 ნოემბერს შედგება.

Queerbaiting – შეფარული ქვიარ კონტექსტი

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვიარ პოპ-კულტურის განვითარება შედარებით უფრო ღიად დაიწყო, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ქვიარ ხილვადობის გაზრდაზე. დაახლოებით 10 წლის წინ, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ტერმინი Queerbaiting, რომელიც ერთგვარ მარკეტინგულ ხრიკს – ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ თუ სხვა ტიპის ნამუშევარში არა ღიად, არამედ შეფარულად შექმნილ ქვიარ კონტექსტს გულისხმობს. Queerbaiting-ის მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვაგვარად ხდება – მაგალითისთვის, ამ მოვლენას ცნობილი ამერიკული ჟურნალი ,,როლინგ სტოუნზი’’ სტატიაში ცალსახად უარყოფითად აფასებს, განსხვავებით BBC-ის სტატიისგან, რომელშიც ავტორი შედარებით ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. ცალკეული მოსაზრებების მიუხედავად, Queerbaiting-ის კონკრეტული შემთხვევების გასააზრებლად, კონტექსტის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლო პერიოდში Queerbaiting-ის ახალი შემთხვევა მაყურებელმა Pixar-ის ახალ ანიმაციაში Luca იპოვა. ამ მოსაზრებას ანიმაციის შემქმნელები უარყოფენ. ანიმაციის სიუჟეტი კი უდავოდ ძალიან საინტერესოა: იტალიაში, ზღვისპირა ქალაქში, წყლის ქვეშ ადამიანის მსგავსი არსებები ცხოვრობენ, რომლებსაც ხმელეთზე ამოსვლა და ადამიანად გარდასახვა შეუძლიათ, თუმცა მათ მიმართ სასტიკი დამოკიდებულების გამო, მუდმივად წყალში ყოფნას არჩევენ. ახალგაზრდა ცნობისმოყვარე ბიჭი, ლუკა, ადამიანების ცხოვრებით ინტერესდება, წყლიდან ამოდის და შეხვდება ალბერტოს, რომელიც ასევე წყლის არსებაა, თუმცა ხმელეთზე შედარებით დიდი დრო აქვს გატარებული. ლუკა და ალბერტო ადამიანებთან ურთიერთობას იწყებენ და კლასიკურ, დისნეის ანიმაციებისთვის დამახასიათებელ თავგადასავლებში ეხვევიან.

Pixar Animation Studios

მაყურებლის გარკვეულმა ნაწილმა ანიმაციის სიუჟეტი ანდრე ასიმანის ცნობილი რომანის Call Me by Your Name 2017 წლის ეკრანიზაციასთან დააკავშირა და ლუკასა და ალბერტოს მეგობრობის მიღმა, ერთგვარი სასიყვარულო ურთიერთობა დაინახა, რაც ანიმაციის შემქმნელებმა კატეგორიულად უარყვეს. ამის მიუხედავად, ქვიარ ინტერპრეტრირების საშუალებას ანიმაციაში არამხოლოდ ლუკასა და ალბერტოს ურთიერთობა, არამედ გარდასახვისა და შენიღბვის იდეა იძლევა. ხმელეთზე ამოსული წყლის არსებები ზღვას, წვიმას, შადრევნებს მაქსიმალურად ერიდებიან, რადგან მათი სხეული დასველებისას ძველ იერსახეს იბრუნებს (დიახ, ჩვენი თაობისთვის ცნობილი სერიალის H2O: Just Add Water პერსონაჟების მსგავსად). ამ გარდასახვების, ლუკას ოჯახის გარე სამყაროსადმი განწყობის, ,,რეალური სახის’’ გამუდმებული მალვისა და ადამიანების სრულიად უსაფუძვლო უარყოფით დამოკიდებულებების ერთობლიობა ქვიარ ინტერპრეტირებისთვის საკმაოდ დიდ სივრცეს ქმნის. SPOILER ALERT: განსაკუთრებით ანიმაციის ბოლოს, როდესაც ლუკას და ალბერტოს ნამდვილი სახის გამოაშკარავების შემდეგ, ადამიანებში მცხოვრები ,,მალული’’ ზღვის არსებებიც იწყებენ გამოჩენას, რაც ქამინგაუთის ერთგვარ სიმბოლოდ შეგვიძლია დავინახოთ.

Pixar Animation Studios

Queerbaiting-ის ყველაზე ცნობილი შემთხვევაა 2010 წლის ბრიტანული სერიალის Sherlock სიუჟეტური ხაზი და მთავარი პერსონაჟების, შერლოკ ჰოლმსისა და ჯონ უოტსონის ურთიერთობა. აქვე, მნიშვნელოვანია, Queerbaiting და თავისუფალი ქვიარ ინტერპრეტაცია ერთმანეთში არ აგვერიოს. Queerbaiting-ის მთავარი მახასიათებელი საკმაოდ მკაფიო მინიშნებებია, რომლებიც მაყურებელს/მკითხველს/მსმენელს ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს, თუმცა რეალურ ქვიარ რეპრეზენტაციას არასდროს ქმნის, რაც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული. პირველ რიგში, Queerbaiting-ს ჰომოფობია და ჰომოფობიასთან გადაჯაჭვული კაპიტალისტური მისწრაფებები განაპირობებს – ღიად ქვიარ ფილმების/სერიალების/წიგნების დაფინანსება ნაკლებად შესაძლებელია, ნაკლებად წაკითხვადი და ყურებადია. ამ მარკეტინგული ხრიკით კი ქვიარ კონტექსტით დაინტერესებულ ადამიანებს მიიზიდავენ, თუმცა სიუჟეტური ხაზი ამ ზედაპირულ მინიშნებებს არასდროს გაცდება. იგივე შემთხვევაა ზემოთ აღნიშნულ სერიალშიც, რომელშიც შერლოკისა და ჯონის ურთიერთობის ქვიარ კონტექსტზე მინიშნება არაერთხელ, ხშირად ერთგვარი იუმორით ხდება, თუმცა ამ კუთხით არასდროს ვითარდება.

BBC

ქვიარ რეპრეზენტაციის არსებობა უმნიშვნელოვანესია და პოპ-კულტურაში არსებული ჰომოფობიაც (რომელიც, დიახ, ისევ არსებობს) იმხელა დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, რომ კინემატოგრაფიაში, ლიტერატურასა თუ სხვა სფეროებში Queerbaiting-ის საჭიროება გაჩნდეს.

კიდევ ერთ ძალიან საინტერესო შემთხვევას წარმოადგენს ამერიკელი მწერლის, ფენი ფლაგის 1987 წლის რომანი ,,შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე უისელ სტოპში’’, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქართულ ენაზეც ითარგმნა. იჯისა და რუთის ურთიერთობა, რომელსაც მეგობრობად მხოლოდ ძალიან ჰეტერონორმატიული თვალებით მკითხველი თუ მონათლავს, რომანში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიუჟეტური ხაზია. 1994 წელს რომანის ეკრანიზაციაც, ნოველის მსგავსად, იჯისა და რუთის ქვიარ ურთიერთობაზე პირდაპირ ყურადღებას არ ამახვილებს. ერთი მხრივ, ნოველაც და ეკრანიზაციაც Queerbaiting-ის აშკარა შემთხვევებია, თუმცა კრიტიკისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი – გასული საუკუნის 80-იანი და 90-იანი წლები ნამდვილად არ ყოფილა უსაფრთხო სივრცე ღიად ქვიარ ლიტერატურისა და კინემატოგრაფიისთვის.

ქვიარ მინიშნებების ძიება და ინტერპრეტირება ნამდვილად ძალიან საინტერესო და ზოგჯერ სახალისოც კია, თუმცა მნიშვნელოვანია, სწორი რეპრეზენტაციისთვის, მაყურებელმაც შეძლოს განსხვავების დანახვა Queerbaiting-ისა და პოზიტიურ/რელევანტურ რეპრეზენტაციას შორის.

ავტორი: ანამარია

კენდალ ჯენერი, Lil Nas X და ჰეილი ბიბერი: როგორ აღნიშნეს ვარსკვლავებმა ჰელოუინი

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 31 ოქტომბერს ჰელოუინი იზეიმეს. წელიწადის ყველაზე საშიშ დღეს მოუთმენლად ელოდებიან პატარები და ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ სხვადასხვა პერსონაჟისა თუ მითიური გმირის როლის მორგება, სპეციალურ ტანისამოსში გამოწყობა და დემონების გათავისუფლება.

გთავაზობთ წლევანდელი ჰელოუინის გამორჩეულ კოსტიუმებს:

ჰეილი ბიბერი 

ჰეილი ბიბერმა წელს ბრიტნი სპირსობა გადაწყვიტა და ლეგენდარული პოპშემსრულებლის ორი მუსიკალური კლიპი, Hit Me Baby One More Time და Oops, I did it Again! გააცოცხლა.

კენდალ ჯენერი 

კენდალ ჯენერი წლევანდელ ჰელოუინს 1996 წელს გადაღებული კომედიური ფილმის, Mar Attack-ის ერთ-ერთი გმირის კოსტუმში შეხვდა.

ჰარი სტაილსი

27 წლის ჰარი სტაილსი ამჟამად საკონცერტო ტურნეში იმყოფება და გასულ ღამეს თავის მსმენელს ნიუ-იორკში გამართულ კონცერტზე „ოზის ჯადოქრის“ ერთ-ერთი გმირის, დოროთის ფორმაში გამოწყობილი შეხვდა.

კორტნი კარდაშიანი და ტრეივის ბარკერი 

კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, კორტნი, რამდენიმე კვირის წინ Blink 182-ის სოლისტ, ტრეივის ბეიკერზე დაინიშნა. წყვილმა ჰელოუინზე ჯგუფ Sex Pistols-ის სოლისტის, სიდ ვიშესის და მისი შეყვარებულის, ნენსი სპანჯენის როლი მოირგეს.

 

Cardi B 

ამერიკელი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი Cardi B წლევანდელ ჰელოუინზე მორტიშა ადამსის როლში მოგვევლინა.

Lizzo 

Lizzo-მ წლევანდელ ჰელოუინზე Baby Yoda-ს როლი მოირგო „ვარსკლავური ომებიდან“

ქერი ვეშინგტონი 

 

წლევანდელ ჰელოუინზე განსაკუთრებით პოპულარული იყო Netflix-ის ახალი სერიალის, Squid Game-ის კოსტუმები.

 

არიანა გრანდე 

არიანა გრანდეს წლევანდელი კოსტუმი გასული საუკუნის 50-იანი წლების საშინელებათა ჟანრის ფილმის – Creature from the Black Lagoon-ის ინსპირაციით შეიქმნა.

 

Lil Nas X 

 

ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, რომელმაც ახლახანს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Montero, წლევანდელ ჰელოუინზე Nickelodeon-ის ერთ-ერთი სერიალის გმირის როლი მოირგო

 

პერის ჰილტონი 

 

ლეგენდარული პერის ჰილტონი, რომელიც მსოფლიოში პირველ ინფლუენსერად არის მიჩნეული, წლევანდელ ჰელოუინზე კონკიას კაბაში გამოეწყო.

 

ჩარლი დამელიო 

ჩარლი დამელიომ წლევანდელ ჰელოუინზე ლუის კეროლის და უოლტ დისნეის „ელისი საოცრებათა ქვეყანაშის“ გაცოცხლება გადაწყვიტა.

რიზ ვიზერსპუნი 

ოსკაროსანი მსახიობი რიზ ვიზერსპუნი წლევანდელ ჰელოუინზე ლეგენდარული კინორეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ერთ-ერთ გმირს განასახიერებს ფილმიდან „ჩიტები“