ლგბტქი უფლებები

ქვიარის ჟურნალისტს ახმეტელის მეტროსთან თავს დაესხნენ

6 აპრილს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიარის ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით, ფიზიკურად იძალადეს.

ტრანსგენდერმა ქალებმა ქალთა სპორტში არ უნდა იასპარეზონ — ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ მას მიუღებლად მიაჩნია ტრანსგენდერი ქალების ქალთა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 34-ე ადგილზეა

ILGA-Europe-ის განახლებული რუკის მიხედვით, რომელიც ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით ევროპაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა. 2021 წლის რუკაზე

გაიცანი უფლებადამცველი: ჯავიდ ნაბიევის ბრძოლა აზერბაიჯანელი ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის

Rainbow Europe-ის 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანი ევროპაში ბოლო, 49-ე ადგილზეა. გენდერის მარკერის სამართლებრივი ცვლილების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და სიძულვილის

ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა

ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა. 77 ათასი მოქალაქით დასახლებულმა სახელმწიფომ ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლება ფარული კენჭისყრის შედეგად მიანიჭა.

„დღეს კანონის თანასწორობას ვაძლევთ ხმას, რომელიც ყველას გვაერთიანებს, თანამედროვე ქვეყნის კანონს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს — ოჯახს შეეხება და მის მრავალფეროვნებას ითვალისწინებს“, — აღნიშნა კარლს ენსენატმა, დემოკრატიული საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა.

ანოდრაში ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის ფორმირება 2014 წლიდან შეეძლოთ, ქორწინების თანასწორობის საკანონმდებლო ინიციატივა კი პარლამენტმა პირველად 2020 წელს განიხილა, თუმცა კანონის მიღებას ათი უშედეგო მცდელობა უძღოდა წინ.

ახალი კანონის მიხედვით სამოქალაქო პარტნიორობასა და ქორწინებას შორის განსხვავება აღარ აღმოიფხვრება და ორი სხვადასხვა ცნების ნაცვლად სამოქალაქო ქორწინება იარსებებს.

გარდა ამისა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ტრანსგენდერი ადამიანები ოფიციალურ დოკუმენტებში სახელისა და გენდერის მარკერის შეცვლას სამედიცინო პროცედურების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შეძლებენ.

წყარო: LGBTQ Nation

ლიბანის ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მარგინალიზებულ ჯგუფებს ესხმის თავს

ნურს ლიბანში თავი ბოლომდე დაცულად არასდროს უგრძნია, მაგრამ გასულ რამდენიმე წელში, 25 წლის აფთიაქარმა ბეირუთიდან თავდაცვის მდგომარეობა მცირედით უკან მოიტოვა და ლგბტქი-მეგობრულ სივრცეებში მეგობრებთან შეხვედრა დაიწყო, მეტიც, დრეგ შოუებზე გამოსვლაც გადაწყვიტა.

ახლა სახლში დარჩენას ამჯობინებს, რადგან უსაფრთხოება ისეთი სათუო გახდა, როგორც არასდროს. ამის მიზეზი გასულ თვეს ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომ ჩაეშალა ყველა ღონისძიება, რომელიც „სექსუალური გადახრის პროპაგანდას“ ეწეოდა, რასაც სიძულვილის ენის გაბატონება მოჰყვა.

აღნიშნული ქმედება ბევრად მასშტაბური წინააღმდეგობის ნაწილია, რომელიც მარგინალიზებული ადამიანებისკენ არის მიმართული და აქტივისტების თქმით, მიზნად ისახავს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის თემებისგან ყურადღების გადატანას, რამაც პოპულაციის ¾ სიღარიბემდე მიიყვანა.

ერთ დროს საშუალო შემოსავლის ქვეყანაში მცხოვრები მილიონობით ადამიანი ინფლაციით მოტანილ გამოწვევებს, ელექტროენერგიის მუდმივ გათიშვას, სამედიცინო საშუალებების დანაკლისს უმკლავდება, ათიათასობით ადამიანმა კი ქვეყანა უკეთესი მომავლის იმედით დატოვა.

„თითქოს უნდოდათ, ადამიანების ყურადღება გადაეტანათ ყველა მიმდინარე ამბისგან და მათი ფოკუსი ამ პოპულისტური იდეისკენ მიემართათ“, — ამბობს ნური, რომელიც მეტსახელის გამოყენებას ამჯობინებს, რადგან ოჯახმა მისი ორიენტაციის შესახებ არ იცის.

სახელმწიფო უსაფრთხოების დანაყოფებმა ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებულ არაერთ ღონისძიებაზე მიიტანეს იერიში და ორგანიზატორები იძულებული გახადეს, რომ დაგეგმილი აქტივობები გაეუქმებინათ. ისინი Helem-ს, ქვეყნის პირველ ადვოკატირების ჯგუფსაც ეწვივნენ და სარეგისტრაციო დოკუმენტები და სხვა სახის დოკუმენტები მოითხოვეს.

ხელისუფლების ლგბტქი მოქალაქეებზე მიტანილ იერიშს რელიგიური წრის წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი ლგბტქი ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ისინი არღვევენ საზოგადოების წარმოდგენებსა და ტრადიციებს და წინააღმდეგობაში არიან რელიგიურ სწავლებასთან“.

Helem-ის დირექტორის ტარეკ ზიდანის თქმით, ხელისუფლების ქმედებები „ლიბანელების ერთმანეთთან დაპირისპირებას იწვევს. ნათელია, რომ ამ გზით მორალური პანიკის დათესვა უნდოდათ, რათა ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური კატასტროფისგან ყურადღება გადაეტანათ“.

ლიბანში ეკონომიკური კრიზისი 2019 წლიდან მწვავდება და მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეს ყველაზე უარესია მათ შორის, რაც მსოფლიოს მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან უნახავს. ლიბანური ვალუტის ღირებულება დოლართან მიმართებით 90%-ით გაუარესდა, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს საწვავზე, გაზზე, ჯანდაცვის სერვისებზე და საკვებზე ხელმისაწვდომობის ფასად დაუჯდა.

მოქალაქეები და ექსპერტები კრიზისს ცუდ ფინანსურ მენეჯმენტსა და კორუფციას აბრალებენ, რასაც ლიბანის მმართველი ელიტის ბრალეულობად მიიჩნევენ.

მაისში, როცა ახლადარჩეულმა კანონმდებლებმა და ადვოკაციის ჯგუფებმა სამოქალაქო ქორწინების შესახებ აქტიურად საუბარი დაიწყეს, რელიგიურმა ლიდერებმა რელიგიურ წესრიგთან შეუსაბამობის გამო პროტესტი წამოიწყეს.

ლიბანში მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, ჯერ კიდევ კორონავირუსის ლოქდაუნისას კომიკოსი, შადენ ფაკი სამხედრო სასამართლოს წინაშე წარსდგა მას შემდეგ, რაც მან სკეტჩში ქვეყნის პოლიცია გააკრიტიკა, რადგან ჰიგიენური საფენების შესაძენად გარეთ გასვლის უფლება არ მისცეს.

ივლისის დასაწყისში კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაც მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის ქვეყანაში მიბრუნების რისკებს ქმნის.

„ხელისუფლება ყურს იყრუებს კორუფციის, წამების, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე და ამის საპირწონედ რელიგიური ჯგუფებისა და ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების მხრიდან მარგინალიზებულ ჯგუფებზე თავდასხმას დაუყოვნებლივ მხარს უჭერს“, — აღნიშნავს აია მაჯუბი, Human Rights Watch-ის მკვლევარი ლიბანიდან.

მწვავდება დაპირისპირება მოქალაქეების ნაწილსა და რელიგიურ ჯგუფებს შორისაც.

ერთ-ერთ რეგიონში, სადაც რელიგიური წესრიგი განსაკუთრებით ხელშესახებია, პრაიდის თვის მხარდამჭერი ბილბორდები ჩამოხიეს. სხვა რეგიონში ძალადობრივად დაგმეს ლგბტქი ღონისძიებები, რელიგიურმა ლიდერებმა კი ბულინგისა და ძალადობის მიუხედავად აგრესიული ჯგუფებს მხარი დაუჭირეს.

დისკრიმინაციასთან და შეურაცხყოფებთან მუდმივი ბრძოლის მიუხედავად, ლიბანი ლგბტქი თემი არაბულ სამყაროში ყველაზე ძლიერი და ხილვადია. ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, მაგრამ მაინც მუშაობს არაერთი ლგბტქი ორგანიზაცია, ბარები და კლუბები კი უსაფრთხო სივრცეების შექმნას ცდილობენ.

ამჟამად ნური და მისი მეგობრები ჩვეულ ადგილებში შეხვედრას თავს არიდებენ, რადგან რეიდების რისკი მაღალია.

„WhatsApp-ის ჯგუფი გვაქვს და როცა რომელიმე ჩვენგანი გარეთ გადის ერთმანეთს ვატყობინებთ, ვეუბნებით იმასაც, დაახლოებით რა დროს ვაპირებთ სახლში დაბრუნებას“, — ამბობს ნური.

ლიბანის ეკონომიკური კრიზისი კვლავ უარესდება, აქტივისტები კი შიშობენ, რომ ეს მარგინალიზებულ ჯგუფებზე იერიშს კიდევ უფრო გაამწვავებს.

„სრულმასშტაბიანი თავდასხმის მომსწრეები ვართ, რადგან მმართველ რეჟიმს კონტროლის დაკარგვის შიში გაუჩნდა. ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ, რომ ისინი თითოეულ ჩვენგანს საფრთხეს უქმნიან. თავდაპირველად ლტოლვილები იქცნენ სამიზნედ და არავის ადარდებდა. ახლა ქვიარებს ესხმიან თავს და არც ეს აინტერესებს ვინმეს“, — აღნიშნავს ზიდანი.

წყარო: AP

უნგრეთი დისკრიმინაციული კანონის გამო ევროპის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგება

უნგრეთი ლგბტქი საკითხებისა და მედიის თავისუფლების ამკრძალავი კანონის გამო ევროპის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ევროკავშირი უკვე ერთი წელია აქტიურად მუშაობს, რათა უნგრეთმა შეცვალოს ისეთი მასალების აკრძალვის შესახებ კანონი, რომელიც ჰომოსექსუალობის საკითხებს ასახავს. ევროკომისიის თქმით, აღნიშნული მიდგომა „ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა“.

„კომისია მიიჩნევს, რომ კანონი შიდა ბაზრის წესებსა და ინდივიდის (კონკრეტულად კი ლგბტქი ადამიანების) ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების ბოლო ეპიზოდია, რომელშიც ოფიციალური ბრიუსელის თქმით, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შეგნებულად გადაუხვია დასავლური დემოკრატიის ღირებულებებს, უნგრეთის ლიდერი კი თვლის, რომ ევროკომისიის მიდგომა, რომლითაც საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებისას ხელმძღვანელობს ზედმეტად ლიბერალურია.

გასულ წელს, უნგრეთის მემარჯვენე მმართველმა ძალამ მედიით ჰომოსექსუალობისა და სქესის კვლავ მინიჭების საკითხების გაჟღერება აკრძალა, აღნიშნული ცვლილების სამიზნე 18 წლამდე მოზარდები იყვნენ. გარდა ამისა, ჰომოსექსუალობის შესახებ ინფორმაცია სასკოლო სქესობრივი განათლების პროგრამიდან და იმ ფილმებიდან თუ რეკლამებიდანაც ამოიღეს, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომია.

ახალ კანონს ქვეყნის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. უფლებადაცვითი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ცვლილება ლგბტქი ადამიანების საზიანოდ სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანონს დაუყოვნებლივ უწოდა — „სამარცხვინო“ და პრაიდის თვეში განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლებრივ პასუხს გასცემდნენ.

წყარო: NBC News

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა — თურქი აქტივისტები პრაიდის მონაწილეთა დაკავებას გმობენ

26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი დააკავა.

ჯერ კიდევ მარშის დაწყებამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 52 ადამიანი დააკავა.თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლგბტქი უფლებების მხარდამჭერი ჯგუფის, KaosGL-ის ცნობით, პოლიციამ სულ 373 ადამიანი დააკავა და საპატიმროში გატარებული ღამის შემდეგ გაათავისუფლა.

Levent Pişkin

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიზუალურ მასალაში ჩანს, რომ პოლიცია მძიმედ არის შეიარაღებული და მეტალის ჯებირებით ბლოკავენ ტაქსიმის მოედნამდე მისასვლელ გზებს, ასევე მეტროც დაკეტეს, რათა პრაიდზე დასწრების მსურველებს, გადაადგილება არ შეძლებოდათ.

ლგბტქი უფლებადამცველებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გმობენ პოლიციის სისასტიკეს და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას.

„ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ერდოღანის მიერ მართული თურქული პოლიციის სისასტიკეს და ღირსების მარშის დღეს 373 ლგბტქი ადამიანის, უფლებადამცველისა და ჟურნალისტის დაკავებას — უპრეცენდენტოდ მაღალი ციფრი, რაც თურქეთში გამართული ნებისმიერი საჯარო დემონსტრაციების ისტორიაში გვახსოვს. თურქეთი არღვევს არაერთ უმნიშვნელოვანეს, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის პრინციპს და ამისთვის პასუხი უნდა აგონ. სახელმწიფოს მიერ მართული სისასტიკე და ძალადობა, რომელიც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მარტივია მოპოვებული უფლებებისა და თავისუფლებების დაკარგვა. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა და ახლა, როგორც არასდროს, ერთმანეთის გვერდით დგომა და სოლიდარული, ერთიანი ბრძოლა მოგვეთხოვება“, — აღნიშნა ბილჯანა გინოვამ, ERA-ს, დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთის ლგბტქი თანასწორუფლებიანობის დაცვის ასოციაციის ადვოკატირების მენეჯერმა.

სტამბულში ღირსების მარში 2015 წლიდან იკრძალება, მაგრამ ყოველწლიური სისასტიკის, რეზინის ტყვიებისა და წიწაკის სპრეის მიუხედავად აქტივისტები და მხარდამჭერები ლგბტქი უფლებების დასაცავად იკრიბებიან. თურქეთში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის სქესობრივი აქტი დაშვებულია, თუმცა არ არსებობს კანონი, რომელიც ლგბტქი ადამიანებს დისკრიმინაციისგან იცავს.

გასულ წელს, თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გასულიყო სტამბულის შეთანხმებიდან — ქალთა და ლგბტქი ადამიანების ძალადობისგან დაცვისთვის შემუშავებული საერთაშორისო ინიციატივა. ეს დამატებითი წნეხია, რომელიც ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებულ სიძულვილსა და ჩაგვრას ემატება. ხელისუფლების წარმომადგენლები არც კი ერიდებიან და ლგბტქი ადამიანებს საჯაროდ მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი ტერმინებით.

„თურქეთის ლგბტქი მოძრაობას ჩაგვრის წინააღმდეგ უფრო აქტიური რეგიონული და საერთაშორისო სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდება. ეს შეიძლება იმ რესურსებით დახმარებასაც მოიცავდეს, რაც ლგბტქი უფლებადამცველებს სამართლებრივი ბრძოლის წარმართვაში დაეხმარება, სერვისულ ორგანიზაციებს კი უწყვეტი დახმარების გაგრძელებაში. ამასთან, აუცილებელია შევქმნათ და შევინარჩუნოთ უსაფრთხო ადგილები, სადაც აქტივისტები თემის წევრებთან მუშაობენ მაშინ, როცა ხელისუფლება მათ თავს ესხმის“, — აღნიშნავს გინოვა და ამატებს — „მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისოდ გავრცელდეს ხელისუფლების მხრიდან ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები, მხარი დაუჭირეთ თურქეთის ლგბტქი მოძრაობას, დაგმეთ და მოითხოვეთ, რომ მჩაგვრელ ხელისუფლებას სანქციები დაეკისროს“.

წყარო: DAZED

ავსტრია სისხლის დონაციაზე ლგბტქი ადამიანებისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ მიდგომას აუქმებს

ავსტრია სისხლის დონაციაზე ლგბტქი ადამიანებისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ მიდგომას აუქმებს. შემოდგომიდან, სისხლის გაცემაზე აკრძალვის დაწესების საფუძველი ინდივიდუალური სარისკო ქცევა იქნება.

„მოძველებულ დისკრიმინაციულ მიდგომას ვაუქმებთ. თუ ვინმეს სისხლის გაცემა სურს, არ არსებობს მიზეზი, რომ უარი ეთქვათ, მხოლოდ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიზეზით“, — განაცხადა იოჰანეს რაუჩმა, ავსტრიის სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის მინისტრმა.

2019 წელს, ავსტრიამ დისკრიმინაციული მიდგომა, რომლითაც ქვიარ ადამიანებს სისხლის დონაციაზე უფლება სრულად აკრძალული ჰქონდათ, შეარბილა და სისხლის გაცემამდე 12-თვიანი სექსუალური ურთიერთობის არქონის საფუძველი შემოიღო. ეს ცვლილება დე ფაქტო იყო, რადგან 12-თვიანი შუალედი, ფაქტობრივად, სპობდა სისხლის გაცემის შესაძლებლობას.

დისკრიმინაციული მიდგომა ახლა საერთოდ უქმდება და აკრძალვას უწესებს ყველას, ვისაც ბოლო 3 თვის განმავლობაში 3 პარტნიორზე მეტთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. ამჯერად, ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებსაც შეეძლებათ სისხლის გაცემა, აქამდე გეი და ბისექსუალ კაცებს სექსის არქონის შემთხვევაში შეეძლოთ, თუმცა არა აღნიშნულ ჯგუფებს.

„სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ვცდილობთ, საზოგადოების ყურადღება მიგვემართა იმისკენ, რომ სისხლის დონაციაზე შეზღუდვა ინდივიდუალურ სარისკო ქცევაზე დაყრდნობით უნდა დაწესებულიყო და არა სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის გამო“, — აღნიშნა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ანდრეა ბრუნერმა, AIDS Help Vienna-ს დირექტორმა.

HOSI Vienna, ავსტრიის უძველესი ლგბტქი ადვოკატირების ორგანიზაცია, ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კანონის გვერდის ავლით დისკრიმინაციულ მიდგომას ყურადღება მიაქციონ და დონაციის ცენტრებს მკაცრი ზედამხედველობა დაუწესონ.

მოსალოდნელია, რომ ჩასწორებული კანონი ძალაში შემოდგომაზე შევა და მის მიღებას წინააღმდეგობა არ შეხვდება, რადგან პარლამენტის დიდი მხარდაჭერაც აქვს.

ცნობისთვის, სისხლის დონაციაზე შეზღუდვების ტალღა გასული საუკუნის 80-იან წლებში, აივ-ინფექციის გავრცელებისას დაიწყო და ბევრ ქვეყანაში დღემდე მოძველებულ დისკრიმინაციულ მიდგომას იყენებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 30-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნული მიდგომა შეიცვალა და სისხლის გაცემა ინდივიდუალური სარისკო ქცევის იდენტიფიცირების მიხედვით ხდება.

წყარო: Xtra Magazine

არაინკლუზიური სასწავლო გარემო და დისკრიმინაციული კანონის არაეფექტური აღსრულება — IGLYO-ს ანგარიშის მიგნებები

ლგბტქი ახალგაზრდებისა და მოსწავლეთა საერთაშორისო ორგანიზაცია — IGLYO-მ, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ლგბტქი ინკლუზიური განათლების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც ასახავს.

კვლევის თანახმად, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს ინკლუზიური მიდგომა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტური აღსრულებაც არ ხდება. 

 „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი კრძალავს დისკრიმინაციას, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით და სოგის საფუძველსაც ითვალისწინებს, თუმცა სქესობრივი მახასიათებლები გათვალისწინებული არაა. ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონიც კრძალავს დისკრიმინაციას, მაგრამ არ ითვალისწინებს SOGIGESC [სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, გენდერული გამოხატვა და სქესობრივი მახასიათებლები] საფუძველს. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის იმპლემენტაცია ეფექტურად არ ხდება“, — ვკითხულობთ IGLYO-ს ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს ანტი-ლგბტქი ბულინგთან ბრძოლისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობის ეროვნული პოლიტიკა ან სამოქმედო გეგმა, ამასთან, „SOGIGESC საკითხები სასწავლო კურიკულუმის ნაწილი არაა და როცა მათი ჩართვა ხდება, ძირითადად, ნეგატიური კუთხით განიხილება. მაგალითისთვის, 2020 წელს, სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს იმ სახელმძღვანელოების ჩანაცვლების რეკომენდაცია მისცა, რომლებიც ლგბტქი ადამიანებს ნეგატიურ, მასტიგმატიზებელ ჭრილში მოიხსენიებდა. უნივერსიტეტი დათანხმდა, იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვიარ თეორიის სალექციო კურსი შემოიღეს. საქართველოში ისევ არ არის სავალდებულო სქესობრივი განათლება, სამოქალაქო განათლება და ადამიანის უფლებათა კურიკულუმი, რომელიც SOGIGESC საკითხებს ფარავს. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ანგარიშში ჯერ კიდევ 2019 წელს ისაუბრა. ბოლო წლებში SOGIGESC საკითხების კურიკულუმში ასახვაზე დისკუსია გააქტიურდა, რასაც ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ეწინააღმდეგებიან და სიძულვილის ენას ავრცელებენ”.

ანგარიში მასწავლებელთათვის ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით სავალდებულო ტრენინგების არარსებობაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნულია ისიც, რომ „მასწავლებლებისა და ლგბტქი მუშაკებისთვის შესაბამისი გზამკვლევი არ არსებობს. ზოგიერთმა სკოლამ, შესაძლოა, თემისა და ახალგაზრდული აქტივობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა ეს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ლგბტქი საკითხების შემცველი საინფორმაციო ბროშურები და პოსტერები სკოლის ტერიტორიაზე დაუშვებელია“. 

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ანტი-ლგბტქი ბულინგის შესახებ სტატისტიკას არ აწარმოებს, მეტიც, „2018 წელს, თანასწორობის მოძრაობას უნდოდა, რომ მასწავლებელთა ლგბტქი ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შესახებ კვლევა მოემზადებინა, თუმცა სკოლებმა და განათლების სამინისტრომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს“.  ასევე, მხარდაჭერის სისტემებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ სკოლებს პირდაპირი მხარდაჭერის სისტემა კი აქვთ, თუმცა „არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ისინი SOGIGESC საკითხებზე სპეციფიკურ ტრენინგს არ გადიან. ადგილობრივი უწყებები მოსწავლეებს არაპირდაპირი მხარდაჭერის სისტემით არ უზრუნველყოფენ“.

საქართველოში ინკლუზიური სასკოლო გარემოს ნაწილში ანგარიში დისკრიმინაციისა და ძალადობის ფესვგადგმულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს და დისკრიმინაციის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვისას WISG-ის 2016 წლის კვლევას იშველიებს. 

„დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში კვლავ გავრცელებულია. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები დაუსჯელები რჩებიან. WISG-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა 16%-ს სკოლაში დისკრიმინაცია გამოუცდია, რისი მიზეზიც ხშირად იმგვარი გენდერული გამოხატვა იყო, რაც სოციალურ ნორმებთან თანხვედრაში არაა. კურიკულუმის გარდა დამატებითი აქტივობები სკოლაში არაა და ლგბტქი ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებს სკოლის ტერიტორიაზე შეხვედრის ჩატარების უფლება არ ეძლევათ“, — ნათქვამია ანგარიშში.

IGLYO-ს კვლევის სრულად ნახვა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.

პარლამენტში ქალთა მიმართ ძალადობასა და ჰომოფობიურ სიძულვილზე ისაუბრეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებმა, მათ შორის, ხათუნა სამნიძემ, მიხეილ სარჯველაძემ და ბექა ლილუაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, საკუთარ გამოსვლაში 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ეს დღე ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ კარგად გააცნობიეროს, არ შეიძლება, სძულდეთ ადამიანები, მით უმეტეს, გამოხატავდნენ ამ სიძულვილს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ გემოვნებას არ შეესაბამებიან და ისიც იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან. მით უფრო მიუღებელია, გვიწევდეს ამ ადამიანების უფლებების არსებობის მტკიცება და მათი ვანდალიზმისგან დაცვის საჭიროებაზე საუბარი“.

სარჯველაძემ 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალის სიცოცხლის მოსპობის და 23 მაისს, გაჩერებაზე ქალის დაჭრის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ასეთი საზარელი და მხეცური ფაქტები უნდა გვაფიქრებდეს იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვეძლო და ვერ შევძელით, რათა ასეთი ფაქტები თავიდან აგვეცილებინა… უნდა გაათმაგდეს ჩვენი ძალისხმევა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი ამოიძირკვოს ჩვენი საზოგადოებიდან, სადაც მას ფესვები მკვიდრად აქვს გადგმული“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ იმ ომს, რომელსაც ქართული ოცნება ყურადღებას არ აქცევს, ბოლო დღეებში 2 ქალის სიცოცხლე შეეწირა.

„ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა. ბოლო სტატისტიკით, შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა და სასამართლო გაცემულ ორდერებს აუქმებს. ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ უმძიმესი ტრაგედია იხილა. ქალთა მიმართ ძალადობა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა და ეს ომი არ სრულდება. იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პირებმა სპეციალური ზომები მიიღონ, განცხადება მაინც გააკეთონ, ხელისუფლება გადართულია იმ პროპაგანდაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი თურმე ოპოზიციის ბრალია. ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, ეს ომი არის მუდმივი, ამ ქვეყანაში ქალები კვდებიან. ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია და უნდა არსებობდეს სპეციალური ზომები, პროგრამები ცნობიერების ამაღლებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა“,  — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა, ბექა ლილუაშვილმაც, რომელმაც პანდემიის პერიოდში ქალთა უსაფრთხოების დაცვის გართულებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა, ყველა პოლიტიკური პლატფორმა და მხარდაჭერა გამოიყენონ, რათა ქალთა მიმართ ძალადობა შემცირდეს.

შოტლანდიის ეკლესიამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირა

შოტლანდიის ეკლესიის საერთო ყრილობაზე მხარი დაუჭირეს საეკლესიო კანონის ცვლილებას, რაც ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლებას მიანიჭებს. Keep Reading

ყველას უფლებები თანაბარია — ევროკავშირის ელჩი სომხეთში

ერევანში მიმდინარე დემოკრატიის ფორუმის მონაწილეებისთვის სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას.

მისი თქმით, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული და ეს ურთიერთკავშირი ერთიმეორეს აძლიერებს. დემოკრატია არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური მუშაობის შედეგი და მნიშვნელოვანია, მასში ყველამ მიიღოს მონაწილეობა. მან განმარტა, რომ დემოკრატია არის გარემო, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს თანაბარი უფლებებით, გამოხატოს თავისუფალი ნება, ჰქონდეს გადაწყვეტილებებში ხმის მიცემის შესაძლებლობა და შეძლოს, პასუხისმგებლობა დააკისროს ხმის მიმღებ პირებს. დემოკრატია ნიშნავს ხელისუფლების საქმიანობაში აქტიურ ჩართულობას კანონის უზენაესობის შესაბამისად. ელჩმა განაცხადა, რომ ამის მიღწევა ერთბაშად არ არის შესაძლებელი და გრძელვადიან ძალისხმევას მოითხოვს.

ვიქტორინის თქმით, არსებობს გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ დემოკრატიაზე მთელს მსოფლიოში. ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე სომხეთიც დადგა, მაგალითად, როგორიცაა, კოვიდ-პანდემია, 44-დღიანი ომი, ომის შემდგომი ვითარება და ბოლო დროს რუსეთის ომის გავლენა უკრაინაში. მან აღნიშნა, რომ არ არსებობს მშვიდობა და უსაფრთხოება დემოკრატიის გარეშე. ამ გამოწვევებს მნიშვნელოვანი სოციალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური შედეგები მოაქვს, ხოლო მათი დაძლევა ადამიანის უფლებების დაცვისას რთულია. ელჩმა უმნიშვნელოვანეს მიღწევად 2021 წელს ჩატარებული გამჭვირვალე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება დაასახელა, მიუხედავად მოკლე წინასაარჩევნო დროისა და პანდემიისა.

ვიქტორინმა აღნიშნა, რომ არჩევნები ასახავს ხალხის ნებას ქვეყანამ დემოკრატიული გზისა და რეფორმებისკენ გააგრძელოს სვლა, რაშიც დიდია თავისუფალი მედიის როლი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, როგორც თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს და ღია და თავისუფალი დებატების ფორუმს.

სომხეთს სჭირდება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თქვა ვიქტორინმა. პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. მან აღნიშნა, რომ უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქალებისა და ბავშვების უფლებებს იცავენ, ოჯახში ძალადობას ებრძვიან და მხარს უჭერენ ლგბტქი თემს, კრიტიკისა და სიძულვილის სამიზნეები გახდნენ. ელჩმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია არ არის შერჩევითი, ყველას უფლებები თანაბარია, განურჩევლად ადამიანის რასის, ეროვნების, რელიგიის, გენდერული იდენტობის თუ სექსუალური ორიენტაციისა.

ვიქტორინმა პოზიტიურ ნაბიჯად მოიხსენია 2020 წელს პარლამენტის მიერ ძალადობის კრიმინალიზაცია და განმარტა, რომ სომხეთ-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობის თანახმად, ევროკავშირი სომხეთს დემოკრატიის გაძლიერებაში, კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნაში ეხმარება.

 

 

პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დასავლური კურსი განიხილეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ერთმანეთს შეხვდნენ და ქვეყნის დასავლური კურსი — მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მეცოლამ და ღარიბაშვილმა ტვიტერზე გამოაქვეყნეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან საქართველოს ევროკავშირის წევრობის საკითხი განიხილა და ,,გეოპოლიტიკური ცვლილებებისას ევროკავშირის კითხვარის შევსება ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის კიდევ ერთი დადასტურებაა”, თუმცა არაფერი უთქვამს იმ საკითხებზე, რომლებიც შეხვედრაზე განიხილეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კი საკუთარ ტვიტერზე აღნიშნა, რომ ,,საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის” და ,,მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ლგბტქი და ადამიანთა უფლებების დაცვა ქვეყნის ევროპულ გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა”.

მეცოლამ ასევე აღნიშნა, რომ ,,ერთსულოვანნი არიან უკრაინის მხარდაჭერაში”.