ლგბტქი უფლებები - Page 3

რა არის ჰომოფობია?

ლგბტქი ადამიანებს უამრავი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდათ თავიანთი უფლებების მოსაპოვებლად და განსახორციელებლად. თემის წევრები და მათი მხარდამჭერები დღემდე იბრძვიან, რათა ლგბტქი ადამიანებმა, როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრებმა, ღირსეული ცხოვრება შეძლონ. მიუხედავად განუწყვეტელი ბრძოლისა,

როგორ ამოიღეს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამერიკაში — ისტორია

დაახლოებით 50 წლის წინ, ამერიკელმა ლგბტქი აქტივისტებმა მიაღწიეს იმას, რასაც იმდროინდელი “ყველაზე დიდი გეი გამარჯვება” ეწოდა — მათ შეძლეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ეიძულებინათ, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების ოფიციალური კლასიფიკაციიდან და ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოეღოთ. ჰომოსექსუალობის, როგორც ფსიქიკური

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 34-ე ადგილზეა

ILGA-Europe-ის განახლებული რუკის მიხედვით, რომელიც ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით ევროპაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა. 2021 წლის რუკაზე

გაიცანი უფლებადამცველი: ჯავიდ ნაბიევის ბრძოლა აზერბაიჯანელი ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის

Rainbow Europe-ის 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანი ევროპაში ბოლო, 49-ე ადგილზეა. გენდერის მარკერის სამართლებრივი ცვლილების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და სიძულვილის

ლგბტქი ორგანიზაციების გაერთიანება ევროპრაიდის მარშის გაუქმებას გმობს

დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში მოქმედი ლგბტქი თანასწორუფლებიანობის ასოციაცია, ERA, რომელიც 80 ლგბტქი ორგანიზაციისგან შემდგარი ქსელია, სერბეთის მთავრობის მიერ 17 სექტემბერს დაგეგმილი ევროპრაიდის მარშის აკრძალვას ეხმაურება და ხელისუფლებას მსვლელობის დაცვისკენ მოუწოდებს.

“ვგმობთ სერბეთის მთავრობის მიერ 17 სექტემბერს დაგეგმილი ევროპრაიდის მსვლელობის ოფიციალურ აკრძალვას. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც უზრუნველყოფილი და დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ. მოვუწოდებთ სახელმწიფო მოხელეებს, არ დაარღვიონ ადამიანის ის ძირითადი უფლებები, რომლებიც გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და უზრუნველყონ ევროპრაიდის მსვლელობის დაცვა. ლგბტქი ადამიანები სერბეთსა და რეგიონში ისტორიულად ჩაგრულნი და გარიყულნი არიან საჯარო სივრცეებიდან. პრაიდ მარშის აკრძალვა პრობლემური გზავნილია, თითქოს ლგბტქი თემი არ არის მისასალმებელი, მიღებული ან უსაფრთხო საჯარო სივრცეში, რაც ხელს უწყობს მარგინალიზაციას და ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და სიძულვილის ზრდას”, — აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში, რომელიც ევროპრაიდის ფარგლებში გუშინ გამართულ ადამიანის უფლებათა კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებსაც შეეხება.

ასოციაცია მხარს უჭერს, აქტივისტებს, რომლებიც ღონისძიებაზე მისულ სერბეთის პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩს საპროტესტო შეძახილებით შეეგებნენ და ღირსების მარშის აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპრაიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში წელს პირველად იმართება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრორუსი ულტრამემარჯვენე ჯგუფების საპროტესტო აქციები მოჰყვა. კვირეულის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ევროპრაიდის გაუქმება დააანონსა, თუმცა დაგეგმილი ღონისძიება მაინც დაიწყო.

ევროპრაიდის ისტორია მოკლედ — ლონდონიდან ბელგრადამდე

2022 წლის 12-18 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ლგბტქი ღონისძიებას, ევროპრაიდს მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც არც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია და პრაიდის ჩაშლის მცდელობა მოჰყვა, თუმცა ევროპრაიდი მაინც დაიწყო. 

30-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიებამ დიდ ბრიტანეთში დაბადებული იდეიდან ევროპელი ლგბტქი ადამიანების საზეიმო, პოლიტიკურ, სოციალურად მნიშვნელოვან პროცესში გაერთიანების ხანგრძლივი, გამოწვევებით აღსავსე გზა გაიარა.

გასული საუკუნის 90-იანი წლები მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იყო. საბჭოთა კავშირი დაიშალა და ცივი ომი დასრულდა, მსოფლიო ახალ წესრიგზე გადაწყობის გზას გადიოდა, ლგბტქი უფლებების მიმართულებით კი მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯერ კიდევ გადასაჭრელი იყო. 80-იანი წლების აივ-შიდსის ეპიდემიის შოკმა, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების არასათანადო, არაეფექტურმა რეაგირებამ ლგბტქი ადამიანების მიმართ წარმოდგენები მკვეთრად გააუარესა, ამიტომ საჭირო იყო საპირწონე ნაბიჯები, რომლებიც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლიდა.

რა არის პრაიდი

Getty Images

პრაიდი ლგბტქი ღირსების, ხილვადობის, თანასწორობის მხარდამჭერი მსვლელობა ან ღონისძიებათა სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჩაგრული, მარგინალიზებული ადამიანების უფლებების დაცვის აუცილებლობისკენ ყურადღების მიმართვას, მათ მიერ საჯარო სივრცეზე არსებული უფლებით სარგებლობის გზით.

პირველი პრაიდ ღონისძიება 1970 წელს, სტოუნვოლის აჯანყების ერთი წლის თავზე გაიმართა და დღეისთვის, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში ყოველწლიური ხასიათი აქვს.

ევროპრაიდის იდეის დაბადება

90-იან წლებში, ევროპაში მძლავრი შემაკავშირებელი ბერკეტების შექმნაზე დაიწყეს ფიქრი, რომელიც ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. სწორედ ამის გააზრებიდან დაიბადა ევროკავშირის ჩამოყალიბების იდეა. თუმცა ახალი კავშირის განვითარებაზე ფიქრმა გარკვეული რისკებიც მოიტანა, განსაკუთრებით ევროკავშირს მიღმა, მჩაგვრელი ხელისუფლების მქონე ქვეყანაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანებისთვის, რომლებიც შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში ევროპის ქვეყნებში შესვლას ბევრად რთულად შეძლებდნენ.

ლონდონის პრაიდის ორგანიზატორები — გეი და ლესბოსელი ადამიანების პრაიდის ორგანიზების კომიტეტი (LAGPOC) შეშფოთებული იყო დიდი ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა მცხოვრები ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ არსებული დისკრიმინაციით, ამიტომ 1991 წლის მიწურულს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო წლის პრაიდ ღონისძიებისთვის ევროპრაიდი ეწოდებინათ, რითაც დიდ ბრიტანეთში და მის მიღმა, მათ შორის, თანამეგობრობისა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერას შეძლებდნენ.

LAGPOC-ის ისტორიული შეხვედრის მომდევნო თვეებში, ორგანიზატორები აქტიურად ემზადებოდნენ ლონდონის პრაიდისთვის და პარალელურად უკავშირდებოდნენ, უგზავნიდნენ პოსტერებსა თუ პამფლეტებს ევროპის სხვა ქალაქებს, რომლებშიც პრაიდის ღონისძიებები იმართებოდა, მათ შორის, პარიზს, ბერლინსა და ამსტერდამს. იმ დროისთვის საერთაშორისო დონეზე კავშირის დამყარება, ღონისძიების ორგანიზების პროცესში მრავალი ქვეყნის ჩართვა ბევრად რთული იყო, თუმცა პრესრელიზები გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნის ლგბტქი მედიასაშუალებებში და მალევე სტატიები გავრცელდა ნორვეგიაში, გერმანიაში, იტალიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

საკამათოა, ვისი იდეა იყო ღონისძიების სახელი, ევროპრაიდი, თუმცა ბევრი აქტივისტის თქმით, აღნიშნული ტერმინი LAGPOC-ის წევრს, ვილი მილტონს ეკუთვნის, რომელიც შიდსით გამოწვეული გართულებებით საერთო ევროპულ მარშამდე 2 თვით ადრე გარდაიცვალა.

პირველ ევროპრაიდს 100 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა — ლგბტქი ადამიანებმა და მხარდამჭერებმა ლონდონის ცენტრალური ქუჩები დაიკავეს, რასაც ბროკველის პარკში გამართული კონცერტი მოჰყვა. ლონდონის “გეი სცენის” ბარებმა პარკში საკუთარი სტენდები გახსნეს, ღონისძიებას აივ და სექსუალური ჯანმრთელობის ორგანიზაციები ესწრებოდნენ და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ, ადგილზე წარმოდგენილნი იყვნენ ქვიარ ბიზნესები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რასის ადამიანებს საინფორმაციო კარვები ჰქონდათ გახსნილი, რაც იმ დროისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლებოდა.

პირველ ევროპრაიდს დაესწრნენ ადამიანები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და ესპანეთიდან. ღონისძიების დღეების შესახებ გადაღებულ ვიდეოში პოლიტიკური თემების ღიად განხილვას ნახავთ — ნორვეგიელმა ვიზიტორებმა ლგბტქი თანასწორობის კუთხით არასათანადო ქმედებებისთვის ღიად გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ჯონ მეიჯორი, თუმცა თითქმის მთელი ათწლეული გავიდა, სანამ ბრიტანეთის ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებზე ფიქრს დაიწყებდა.

1992 წლის ევროპრაიდის შემდგომ სპეციალური ჟურნალის ნომერიც გამოიცა, რომელშიც ევროპაში ლგბტქი უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე დისკურსს ნახავდით. კაცებს შორის ჰომოსექსუალური კავშირი ჯერ კიდევ არალეგალური იყო კვიპროსში, ესტონეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რუმინეთი კი ქალებს შორის სქესობრივ კავშირსაც კრძალავდა.

ლონდონიდან ბერლინამდე და ამსტერდამამდე

მაშინ, როცა LAGPOC პირველი ევროპრაიდისთვის ემზადებოდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაიდ მოძრაობების წარმომადგენლები გეი და ლესბოსელი ადამიანების ასოციაციის (ILGA World) ყოველწლიურ კონფერენციაზე შეხვდნენ. ILGA ევროპრაიდით დაინტერესდა და მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც ზოგადად პრაიდი ჩატარებას, ასევე, ლონდონის შემდეგ, ამ ღონისძიების 1993 წელს ბერლინში გამართვას.

გერმანიაში პრაიდის ტიპის ღონისძიებები კრისტოფერ სთრითის დღედ (CSD) მოიხსენიება, რაც იმ სახელია, რომელზეც ბარი სტოუნვოლი მდებარეობს. CSD-ის ორგანიზატორები 1992 წლის ევროპრაიდს დაესწრნენ და მომდევნო ღონისძიების ბერლინში ჩატარების გამოწვევასაც სიხარულით შეხვდნენ. მართალია, ბერლინში გამართულ ევროპრაიდს უფრო ნაკლები, 30 ათასი ადამიანი დაესწრო, მაგრამ ეს წინა წლის ბერლინის პრაიდის მასშტაბს მაინც სამჯერ აღემატებოდა.

ევროპრაიდის მომდევნო მასპინძელი ამსტერდამ პრაიდი იყო, თუმცა იმავე პერიოდში დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ ევროპრაიდი მხოლოდ იმ ქალაქებში არ უნდა ჩატარებულიყო, სადაც ლგბტქი უფლებების თვალსაზრისით ნაკლებად მწვავე ვითარება იყო. 1994 წელს, ILGA-ს კონფერენციაზე ევროპრაიდის ორგანიზატორების ასოციაცია (EPOA) ჩამოყალიბდა. ასევე, დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მძლავრ ბერკეტად უნდა ექციათ და ამასთან, ადამიანები საზეიმო ვითარებაში შეეკრიბათ.

ევროპრაიდი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, ამიტომ პირველი სამი მასპინძელი ქვეყნის პრაიდ ორგანიზაციებმა არსებობის გაგრძელება ვერ შეძლეს, თუმცა მალევე ახალი ორგანიზაციები დაფუძნდა. ევროპრაიდი კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 1996 წელს კოპენჰაგენში, 1997 წელს პარიზში, ხოლო 1998 წელს სტოკჰოლმში გაიმართა.

ევროპრაიდი 21-ე საუკუნეში

EPOA-ს ხელმძღვანელობით ევროპრაიდი სულ უფრო იზრდებოდა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაიდ ორგანიზაციებს იკრებდა. რომის პრაიდ ორგანიზაციამ კონფერენციაზე იდეა გააჟღერა, რომ ევროპრაიდი გლობალურ ფენომენად ექციათ და მსოფლიო პრაიდი დაეფუძნებინათ. EPOA-მ იდეა მოიწონა და ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო პრაიდ ქსელის კონფერენციაზე წარადგინა. 2000 წელს რომმა პირველ მსოფლიო პრაიდს უმასპინძლა.

მსოფლიო პრაიდის პარალელურად, ევროპრაიდმა არსებობა განაგრძო და ჩატარდა ვენაში, კიოლნში, მანჩესტერში, ჰამბურგში, ოსლოში, მადრიდში ციურიხში, განმეორებით გაიმართა ლონდონსა და სტოკჰოლმში. ცვლილება მოხდა 2005 წელს, როცა თანასწორობის მარშის ორგანიზატორებს პოლონეთმა, კერძოდ კი ვარშავის მერმა მსვლელობის მოწყობაზე უარი უთხრა.

მარშის ორგანიზატორმა, ტომაშ ბაჩკოვსკიმ პოლონეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. აკრძალვიდან 2 წელში სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, აკრძალვა ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა სასამართლომ დაადგინა, რომ პრაიდში მონაწილეობა ფუნდამენტური უფლებაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას EPOA დღემდე მიმართავს, როცა რომელიმე ხელისუფლება ღონისძიების აკრძალვას ცდილობს.

2010 წელს, ევროპრაიდი პირველად ჩატარდა ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, პოლონეთში. 2015 წელს კი ლატვია გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ევროპრაიდს უმასპინძლა. რიგაში და ვარშავაში ჩატარებულმა ევროპრაიდებმა ეროვნულ მარშებზე ბევრად მეტი ვიზიტორი მოიზიდა, რამაც ვარშავის პრაიდისა და რიგის პრაიდის ყოველწლიური დამსწრეების რიცხვზე პოზიტიურად იმოქმედა.

მომდევნო წლებში ევროპრაიდი ბევრად უსაფრთხო ქალაქებში — მარსელში, ისევ ოსლოში, ლონდონში, ამსტერდამსა და ვენაში ჩატარდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შედარებით დაცულ გარემოში ღონისძიების ჩატარება მძლავრი გზავნილების, ეფექტური კამპანიის დაგეგმვის შესაძლებლობას ამცირებს. ევროპრაიდი მუდამ ცდილობდა, მიეზიდა მაქსიმალურად მრავალფეროვანი აუდიტორია, აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, პოლიტიკოსები, მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურები და აქტივიზმისა და საზეიმო მსვლელობის ერთგვარი ნაზავი მოეწყო.

2019 წელს, ბილბაოში გამართულ კონფერენციაზე 2022 წლის ევროპრაიდის მასპინძლობის სურვილი ოთხმა ქალაქმა: ბარსელონამ, ბელგრადმა, დუბლინმა, ლისაბონმა და პორტომ კი ერთობლივად გამოთქვეს. ოთხივე კანდიდატმა საკუთარი არგუმენტები, გეგმა და კულტურულ ღონისძიებათა იდეები წარადგინა, რომლითაც ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიების ჩატარებას, ხელშეწყობას გეგმავდნენ.

საბოლოოდ, ბელგრად პრაიდის კანდიდატურამ აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა და EPOA-ს წევრების 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ეს სიტუაცია გასაკვირი არაა, თუ ბელგრად პრაიდის ისტორიას გავითვალისწინებთ — დაახლოებით 20 წლის წინ, თანმდევი პროტესტის მიუხედავად ჩატარებულ ღონისძიებებს ბოლო წლებში ბევრად მშვიდობიანი აქტივობები ჩაენაცვლა. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ძვრებისა, ლგბტქი უფლებები სერბეთში ჯერაც არ არის სახარბიელო — ევროპის ადამიანის უფლებათა რუკაზე სერბეთს ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტი უსწრებს და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს ჯერაც გრძელი გზა აქვს გასავლელი.

2022 წლის ევროპრაიდი ღონისძიების მიერ განვლილი გზის ერთგვარი სიმბოლური გამოხატულებაა — 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლისა და სერბეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების პერიოდში, ლონდონში დაწყებული მოძრაობა დღეს უკვე ახალ, თანასწორობის გზაზე მდგომ ქვეყანაში იმართება.

ევროპრაიდმა ხანგრძლივი გზა გაიარა და პარალელურად იცვლებოდა ევროპაში ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. წინ კიდევ გრძელი გზაა, რომელმაც საბოლოოდ თანასწორობის მაქსიმალურ დაცვამდე უნდა მიგვიყვანოს, ეს კი ერთიანი ძალებით უფრო მარტივად წარმოსადგენია.

წყარო: European Pride

დედოფალი ელიზაბეტი და ლგბტქი უფლებები

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბეტ II 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ისტორიაში შევიდა, როგორც მონარქი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად იყო ტახტზე და დედოფლობის 70 წლის იუბილეც აღნიშნა. ელიზაბეტი 1952 წელს, მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე.

ბოლო წლების განმავლობაში დედოფალი განიხილავდა ლგბტქი უფლებებს და მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. გავიხსენოთ ამ თემასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი.

ლგბტქი ადამიანების თანასწორობის მხარდაჭერა

2013 წელს, ელიზაბეტ მეორემ, ერთა თანამეგობრობისთვის, რომელშიც 50-ზე მეტი ერი შედის, მათ შორის, ყოფილი ბრიტანეთის კოლონიები და გაერთიანებული სამეფო და რომლის სიმბოლური ხელმძღვანელიც გაერთიანებული სამეფოს მონარქია, ახალი წესდება დაამტკიცა.

წესდებაში ვკითხულობთ:

“უდავოდ ვეწინააღმდეგებით ყველა სახის დისკრიმინაციას, სქესის, რასის, კანის ფერის, სარწმუნოების, პოლიტიკური რწმენის მიუხედავად”.

დედოფლის მხარდაჭერა ადამიანების ნაწილმა მოიწონა და პროგრესულ სვლად შეაფასა, მაგრამ ზოგიერთ აქტივისტს ეჭვები გაუჩინა, რადგან ტექსტი ისე იყო ფორმულირებული, რომ კონკრეტულად ლგბტქი ადამიანებს არ მოიცავდა.

დედოფლის კურთხევა ქორწინების თანასწორობისთვის

2013 წელს, ელიზაბეტ მეორემ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები დალოცა, რომლებიც ინგლისსა და უელსში ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინებას აკანონებდა. მოგვიანებით, 3 წლის შემდეგ, გაზეთმა Daily Mail გამოქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, დედოფალს არ სურდა თანხმობის გაცემა. ბუკინგემის სასახლემ ამ ისტორიას “ყალბი და დაუსაბუთებელი” უწოდა.

ლგბტქი უფლებების მომდევნო საჯარო მხარდაჭერა

2017 წელს, პარლამენტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, დედოფალმა ელიზაბეტმა მთავრობას გაერთიანებული სამეფოს გეი მოქალაქეებისა და სხვადასხვა ჯგუფის დისკრიმინაციისგან დაცვისკენ მოუწოდა.

“ჩემი მთავრობა მიაღწევს პროგრესს ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ადამიანების დისკრიმინაციის დასაძლევად, მათი რასის, რწმენის, სქესის, შეზღუდული შესაძლობლის თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად”, — განაცხადა დედოფალმა.

ამ სიტყვებმა, ლგბტქი აქტივისტებისგან როგორც მოწონება, ასევე კრიტიკა დაიმსახურა.

“მოხარული ვართ, რადგან მოვისმინეთ აღიარება, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში დისკრიმინაციის სხვა ფორმებთან ერთად, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის დასაძლევად მეტის გაკეთებაა საჭირო. ამავდროულად, გვაშფოთებს ის, რომ არაფერი იყო ნახსენები გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე”, — ნათქვამია ლგბტქი უფლებათა ჯგუფის, Stonewall-ის განცხადებაში.

პირველი ღიად გეი თანამშრომელი სამეფო კარზე

ოლი რობერტსი სამეფო კარზე 2018 წლამდე მუშაობდა. მისი ევალებოდა დედოფლის თანხლება ოფიციალურ შეხვედრებზე, ძაღლების გასეირნება და ფოსტის შეგროვება. გავრცელებული ინფორმაციით, რობერტსი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც “საკუთარი თანამდებობის მეშვეობით ცნობადობის მოპოვება მოინდომა”. აქტივისტებით თქმით, ოლი რობერტსი არ ყოფილა საჯაროობის მაძიებელი და მისი თანამდებობიდან გადადგომა ბუკინგემის სასახლეში არსებულ ჰომოფობიაზე მიუთითებდა. ამასთან დაკავშირებით სამეფო ოჯახს კომენტარი არ გაუკეთებია.

გარდაქმნის თერაპიის წინააღმდეგ

2021 წლის პარლამენტის გახსნისას დედოფალმა მთავრობას დაავალა, აეკრძალა გარდაქმნის თერაპია – მავნე პრაქტიკა, რომელიც ლგბტქი ადამიანების “გამოსწორებას” ისახავს მიზნად.

“გატარდება რეფორმები რასობრივი და ეთნიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გარდაქმნის თერაპიის ასაკრძალად”, — განაცხადა მან.

დღესდღეობით, ბრიტანეთში გარდაქმნის თერაპია იკრძალება არასრულწლოვნებისთვის და იმ ზრდასრულებისთვის, რომლებსაც კლიენტის “ინფორმირებული თანხმობა” არ აქვთ. აკრძალვა მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციას ეხება და მასში არ მოიაზრება გენდერული იდენტობა.

როგორ ამოიღეს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამერიკაში — ისტორია

დაახლოებით 50 წლის წინ, ამერიკელმა ლგბტქი აქტივისტებმა მიაღწიეს იმას, რასაც იმდროინდელი “ყველაზე დიდი გეი გამარჯვება” ეწოდა — მათ შეძლეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ეიძულებინათ, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების ოფიციალური კლასიფიკაციიდან და ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოეღოთ.

ჰომოსექსუალობის, როგორც ფსიქიკური დაავადების მოხსენიებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია და მისი წევრები ლგბტქი ადამიანების სტიგმატიზაციას ახდენდნენ და ჩრდილს აყენებდნენ მათ სექსუალობასა და გენდერულ გამოხატვას. დეკლასიფიკაციამ, რომელსაც მრავალწლიანი ძალისხმევა დასჭირდა, კულმინაციას 1973 წლის მაისში მიაღწია, როდესაც ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე ლგბტქი აქტივისტებმა ხმა აიმაღლეს.

მოგვიანებით, ასოციაციის სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა ჰომოსექსუალობის ფსიქიკურ აშლილობათა სიიდან ამოღებას. ამ ცვლილებამ ყველას მიანიშნა, რომ ფსიქიკურ დაავადებასა და ჰომოსექსუალობას შორის თანდაყოლილი კავშირი არ არსებობდა.

მოვლენები, რომელიც ჰომოსექსუალობის დაავადებათა სიიდან ამოღებას უძღოდა წინ

ბევრისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, რამდენად დიდი პროგრესია მიღწეული ლგბტქი ადამიანების სოციოკულტურული მიმღებლობის მიმართულებით — ამერიკულ სამართლებრივ სისტემაში ჰომოსექსუალური ქცევა კრიმინალიზებული იყო; ფედერალურ და შტატის მთავრობებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შემუშავებული და მოწესრიგებული კანონმდებლობა იმ ლგბტქი ადამიანებისთვის, რომლებიც სამუშაოსა და საცხოვრებელს ეძებდნენ; ჰეტერონორმატიულობაზე დაჟინებით აკეთებდნენ აქცენტს და ამის გამო ყველას სტიგმატიზაცია ხდებოდა, ვინც ამ ჩარჩოში არ ექცეოდა.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დაარსება

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია 1844 წელს, აშშ-ის დაწესებულებების 13 ზედამხედველის მიერ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის დაარსდა. ორგანიზაციამ წევრების მიღება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო, სავარაუდოდ, იმ კანონპროექტის გამო, რომელიც ათასობით ახალგაზრდა კაცს (ძირითადად თეთრკანიანებს) კოლეჯში სწავლის საშუალებას აძლევდა. დეკლასიფიკაციის მცდელობის პერიოდში ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ძირითადად კაცების მიერ დომინირებულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რადგან მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე აშშ-ის უნივერსიტეტების უმეტესობა ქალებს თავიანთ რიგებში არ იღებდა.

ფსიქიკური აშლილობების პირველი დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო

ფსიქიკური აშლილობების პირველი დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო 1952 წელს შეიქმნა. გზამკვლევმა სექსუალური “გადახრების” იერარქია ჩამოაყალიბა, რითაც ჰეტეროსექსუალობა და ჰეტეროსექსუალური ქცევა ამერიკულ კულტურაში იდეალიზებულ ადგილას დააყენა. ჰეტეროსექსუალობის “ნორმად” მიღებისას, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა აქცია მიუღებლად, “სხვად”. ასოციაციის ოფიციალური პირები დაჟინებით მოითხოვდნენ “ბუნებრივი” ან “ჯანსაღი” ქცევის კოდიფიკაციას და მის დიფერენცირებას “არაბუნებრივისგან”, რაც “არაჯანსაღ” ქცევასთან იყო ასოცირებული. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ არაპროკრეაციული სექსი არაბუნებრივი იყო, რადგან არ შეიძლებოდა დასრულებულიყო ბავშვის გაჩენით.

მრავალწლიანი დაპირისპირება ლგბტქი აქტივისტებსა და ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციას შორის

ჰომოსექსუალობის, როგორც დიაგნოზის ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოღების კამპანიას 1960-იან წლებში სერიოზული სახე მიეცა, რომელსაც მხარს უჭერდნენ სამოქალაქო, ქალთა და ლგბტქი უფლებადამცველი მოძრაობები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“ჰომოფილურ” მოძრაობად წოდებულმა გეებისა და ლესბოსელების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო და ფილადელფია, არჩეულ ოფიციალურ პირებთან დაპირისპირება და ლგბტქი ხილვადობისა და უფლებებისათვის საჯარო კამპანიების გამართვა დაიწყეს. გეი უფლებებისთვის ბრძოლა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარეობდა და ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დეკლასიფიკაციის მცდელობა თანასწორობისა და მიმღებლობის გასაზრდელად ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

მრავალწლიანი პროტესტის შემდეგ, აქტივისტებმა ძალისხმევის გააძლიერეს. მათ გადაწყვიტეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის კონფერენციებზე ევლოთ, რომელშიც პრაქტიკოსები ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის პანელებსა და დისკუსიებს ესწრებოდნენ. ისინი მსგავს შეხვედრებზე შეძლებდნენ ჰომოსექსუალობის დეკლასიფიცირების მოთხოვნას.

ლესბოსელი აქტივისტი, კარლა ჯეი მონაწილეობას იღებდა პანელურ დისკუსიაში “სექსის პრობლემებზე”, რომელიც ჰომოსექსუალობის “განკურნების” მიზნით შოკურ მკურნალობას უჭერდა მხარს. კარლას თქმით, აქტივისტებმა ასოციაციის წევრებს ყვირილი დაუწყეს, რათა დაეტოვებინათ საკუთარი სკამები და ქუჩაში გამოსულიყვნენ.

ლესბოსელი აქტივისტი კარლა ჯეი

მიუხედავად შეუჩერებელი წინააღმდეგობისა, აქტივისტებს მრავალი დაბრკოლების წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა. იყო იმის საშიშროებაც, რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციას იარლიყი “ფსიქიკურად დაავადებული” ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ გამოეყენებინა, რათა მათთვის საკუთარ გამოცდილებებზე ხელისუფლებასთან საუბარი არალეგიტიმური გაეხადათ. მათი მოწოდებები არანაირ ეთიკურ ჩარჩოში არ ჯდებოდა.

“სან-ფრანცისკოში ჩატარებული კონფერენციის წევრებმა აქციის მონაწილეები მანიაკებად და შიზოფრენიით დაავადებულებად შერაცხეს”, — წერს მეცნიერი აბრაამ ჯ. ლუისი ჟურნალში სექსუალობის ისტორიის შესახებ.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციაზე გამარჯვებისთვის, აქტივისტებს ორგანიზაციის წევრების სენსიტიურობა უნდა გამოეყენებინათ. მათი მიზანი ასოციაციის წევრების დამოკიდებულების შეცვლა იყო. 1972 წელს, დალასში ჩატარებულ პირველ კონფერენციაზე, რომელზეც ჰომოსექსუალობის შესახებ დისკუსია გაიმართა და რომელსაც ასოციაციაში მყოფი ლგბტქი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, გეი პრაქტიკოსმა, ჯონ ფრაიერმა დეკლასიფიკაციის კამპანიის სახელით განცხადება გააკეთა. გეი ფსიქიატრად იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ფრაიერმა თავი წარმოადგინა, როგორც “ექიმი ჰენრი ანონიმი”, საკუთარი ვინაობა კი ნიღბითა და ხმის შემცვლელი მიკროფონის საშუალებით დამალა.

გეი აქტივისტები ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის 1972 წლის კონფერენციაზე

“გამოაჩინეთ გამბედაობა და აღმოაჩინეთ გზები, რომლითაც თქვენ, ჰომოსექსუალ ფსიქიატრებს შეგიძლიათ მოძრაობებში ჩართვა, რომლებიც ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულის შეცვლას ცდილობენ. ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაც დასაკარგი”, — განაცხადა კონფერენციაზე ფრაიერმა.

მისი ჩვენება ასოციაციის წევრებისათვის დამარწმუნებელი არ აღმოჩნდა, ამიტომ კლასიფიკაცია იმ წელს არ შეუცვლიათ. ამის მიუხედავად, ამ ინციდენტმა მნიშვნელოვან ცვლილებას ჩაუყარა საძირკველი.

ლგბტქი აქტივისტების საბოლოო პროტესტი, რომელმაც შედეგი გამოიღო

1973 წელს ლგბტქი აქტივისტებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს. წინა წლების მსგავსად, მათ ჩაშალეს დაგეგმილი კონფერენციები და სიტყვით გამოვიდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა 1973 წლის მაისის კონფერენციაზე, ჰონოლულუში შედგა. გეი აქტივისტი, რონალდ გოლდი სიტყვით გამოვიდა და ასოციაციის წევრებს მიმართა:

„შეწყვიტეთ, თქვენ მაავადებთ!“

ეს სიტყვები ორაზროვანი იყო: ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ამტკიცებდნენ, რომ გოლდი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო ავად იყო, რაც გულისხმობდა, რომ “მედიცინის პროფესიონალები” თავად ქმნიდნენ ავადმყოფობას, რომელიც არ არსებობდა, ასევე, სტიგმატიზაციით ასოციაცია ხელს უწყობდა იმ მძიმე სოციალური პირობების გაღრმავებას, რომელიც გოლდის მსგავს ადამიანებს აზიანებდა.

გარდა იმისა, რომ აქტივისტებმა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის არგუმენტებში არსებული ხარვეზების ჩვენება შეძლეს, ასევე დაამტკიცეს, რომ საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ. მათი აზრით, იმის დემონსტრირებით, რომ ხელსაყრელი სამსახურის პოვნა, ურთიერთობების შენარჩუნება და ჰეტერონორმატიულ კულტურაში ასიმილირება შეეძლოთ, დაამტკიცებდნენ ჰომოსექსუალობის ბუნებრიობას — იმას, რომ მასში დამამცირებელი და არანორმალური არაფერია.

ლგბტქი აქტივისტთა ბანერები კონფერენციაზე

1973 წლის დეკლარაციის კენჭისყრიდან რამდენიმე დღეში, The New York Times-თან ინტერვიუში, ნომენკლატურის კომიტეტის წევრმა, რობერტ ლ. სპიცერმა თქვა, რომ ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ის, რაც იწვევს დისტრესს ან არღვევს სოციალურ ფუნქციონირებას, როგორც სამსახურის ან ურთიერთობის დაწყება და შენარჩუნება.

“ცხადია, რომ ჰომოსექსუალობა ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ბევრი ჰომოსექსუალი არ ავლენს განზოგადებულ დაქვეითებას და კმაყოფილია საკუთარი სექსუალური ორიენტაციით”, — განაცხადა სპიცერმა.

მოგვიანებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში სპიცერის სიტყვებიც გამოჩნდა:

“ჰომოსექსუალობა არ გულისხმობს განსჯის, სტაბილურობის, სანდოობისა ან ზოგადად, სოციალური ან პროფესიული შესაძლებლობების დარღვევას”.

დეკლასიფიკაციის კამპანიის შედეგები

იმ დროს ბევრი ლგბტქი ადამიანისთვის ფსიქიკური კლასიფიკაციის შეცვლა ძალიან გვიანი აღმოჩნდა. ჰომოსექსუალობა აღარ ითვლებოდა ავადმყოფობად, მაგრამ სტიგმა კვლავ რჩებოდა. თუმცა, დაავადებათა სიიდან ამოღება მეცნიერებისთვის ამ თემის შესწავლის სტიმული გახდა.

“თუ ჰომოსექსუალობა არ აკმაყოფილებს ფსიქიკური აშლილობის კრიტერიუმებს, მაშინ რა არის ის?” — კითხულობდა სპიცერი.

მისი აზრით, აღწერილობით ის შეიძლებოდა სექსუალური ქცევის ერთ-ერთ ფორმად ჩაგვეთვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობას ფსიქიკურ აშლილობად აღარ განიხილავდნენ, სპიცერს არ შეეძლო იმის თქმა, რომ ეს “ნორმალური”, ან ისეთივე ღირებული იყო, როგორც ჰეტეროსექსუალობა.

ლგბტქი აქტივისტების კამპანია წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მას გაუთვალისწინებელი შედეგებიც მოჰყვა. საკუთარი მიზნის მიღწევის დროს, აქტივისტები დისტანცირდებოდნენ იმ პირებისგან, რომლებსაც ფსიქიკური დაავადებები ჰქონდათ, რაც აძლიერებდა სტიგმას არანეიროტიპული ქცევისა და მახასიათებლების შესახებ. უფრო მეტიც — ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ, ფსიქიკური დაავადების განსაზღვრის მიზნით, ზეწოლას უფრო მეტი პოტენციური დიაგნოზის შექმნით უპასუხა. საბოლოოდ, დეკლასიფიკაციის კამპანიამ ხელი შეუწყო იმ ავტორიტეტების ძალაუფლების გაძლიერებას, რომლებსაც თავდაპირველად გეი აქტივისტები აკრიტიკებდნენ.


მოგვიანებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის შემდეგ, 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც (WHO) ამოიღო საერთაშორისო დაავადებათა კლასიფიკაციიდან. ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2004 წლიდან ყოველ 17 მაისს სწორედ ამიტომ აღინიშნება.

ლგბტქი აქტივისტური საქმიანობის გამო ირანში 2 ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

„ისლამური რევოლუციის სასამართლომ“ ორი ირანელი ქალის წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა, რადგან ისინი ლგბტქი აქტივისტურ საქმიანობას ეწეოდნენ.

ზაჰრა ჰამადანისა და ელჰამ ჩუბდარის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესახებ ინფორმაცია 5 სექტემბერს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ქსელმა მიიღო ცნობა, რომ დაკავებულებს გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე შეატყობინეს.

“ისლამური რევოლუციის მცველებმა” ზაჰრა ჰამადანი და ელჰამ ჩუბდარი ჰომოსექსუალობის, აზარტული თამაშების, თაღლითობის, ასევე, უკანონო სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდასა და ინტერნეტში გამოქვეყნებში დაადანაშაულა.

ადამიანის უფლებათა ირანული ქსელის თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ორივე დამნაშავეა და მათ განაჩენი გამოუტანა ქმედებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის სოციალურ და პოლიტიკურ კეთილდღეობას (corruption on Earth – ამ ტერმინით განიმარტება დანაშაულთა ფართო სპექტრი, “ისლამური მორალის” უგულებელყოფის ჩათვლით), „ქრისტიანობის პროპაგანდისა“ და ასევე „ისლამურ ხელისუფლებასთან წინააღმდეგობაში მყოფ მედიასთან კავშირებისთვის“.

ბრიტანელი ლგბტქი უფლებადამცველის, პეტერ ტეტჩელის შეფასებით, ამ ბრალდებას რეჟიმის კრიტიკოსების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ.

ზაჰრა ჰამადანი წარსულშიც გახდა ოფიციალური უწყებების სამიზნე, რადგან ლგბტქი უფლებებზე მუშაობდა — 2021 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლგბტქი უფლებების დაცვის მხარდამჭერი პოსტების გამო მცირე ხნით დააკავეს. ერთი თვის შემდეგ კი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, როცა ქვეყნიდან გაღწევას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ ჰამადანის ადვოკატის აყვანის უფლებაც არ მისცეს.

ირანში ლგბტქი ადამიანები იძულებულნი არიან დამალონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, რადგან ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება. ირანული ლესბოსელთა და ტრანსგენდერთა ქსელის 2020 წლის მონაცემებით, ლგბტქი ირანელთა 62%-ს ოჯახისგან რაიმე ფორმით ძალადობა გამოუცდიათ. 77%-მა კი სექსუალური ორიენტაციის გამო ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადა.

წყარო: Radio Free Europe

რუსეთი „LGBT პროპაგანდისთვის“ ჯარიმის გაორმაგებას განიხილავს

რუსეთი არასრულწლოვანებში „ლგბტ პროპაგანდის“ გავრცელებისთვის ჯარიმის გაორმაგებას განიხილავს, ხოლო ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ლგბტქი საკითხების შესახებ იქნება, ადმინისტრაციულ გადაცდომად ჩაითვლება.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ორგანიზაციების მიერ „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ არასრულწლოვნებისთვის წარდგენისთვის ჯარიმა 2 მილიონი რუბლი (92 000 ლარი) გახდება, ხოლო ონლაინ და მედიით გავრცელებული მასალებისთვის ჯარიმა 5 მილიონ რუბლს მიაღწევს.

„ლგბტ პროპაგანდის“ ინდივიდუალური შემთხვევებისთვის ჯარიმა 400 ათას რუბლამდე იქნება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, ქვეყნიდან დეპორტაცია დაემუქროთ.

რუსი კანონმდებლები „გეი პროპაგანდის“ არამხოლოდ არასრულწლოვნებს შორის, არამედ ზრდასრულებს შორის გავრცელებაზე ჯარიმის დაწესების შესახებაც საუბრობენ.

„ამჟამად ლგბტ პროპაგანდა მხოლოდ არასრულწლოვნებს შორის არის აკრძალული. ჩემი კოლეგები და მე ვფიქრობთ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების გავრცელება ასაკის მიუხედავად უნდა შეიზღუდოს“, — აღნიშნავს ალექსანდრ ხინშტეინი ახალ ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც დუმას საშემოდგომო სესიების დაწყებისას უნდა განიხილონ.

რუსეთის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ ისინი დასავლეთის ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ, მორალურ წესრიგს იცავენ, ადამიანის უფლებათა დამცველები კი აღნიშნავენ, რომ კანონი რუსი ლგბტქი ადამიანებისა და ორგანიზაციების შესაშინებელი ბერკეტია.

Reuters-ის ცნობით, სამშაბათს, რუსეთმა ვიდეო-პლატფორმა ტიკტოკი „ლგბტ თემატიკის ვიდეოების“ გავრცელებისთვის 4 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის შესახებ გააფრთხილა.  ქვეყნის მედიის მარეგულირებელმა კი საგამომცემლო სახლების გაერთიანებას ყველა იმ წიგნის გაყიდვიდან ამოღების შესახებ მოუწოდა, რომლებიც „ლგბტ პროპაგანდას“ ავრცელებენ.

ოფიციალურ უწყებებს ეს კანონი ღირსების მარშის აკრძალვისა და გეი უფლებადამცველების დაკავებისთვის არაერთხელ გამოუყენებიათ, მაგრამ თუ ახალი ინიციატივები რეალობად იქცევა, წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება.

რუსეთმა „ლგბტ პროპაგანდის“ კანონი 2013 წელს მიიღო, რომელსაც ლგბტქი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ — რუსული ეკლესიის პატრიარქმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნებით ახსნა, სახელმწიფომ კი ლგბტქი აქტივისტების დიდი ნაწილი „უცხო ქვეყნის ჯაშუშთა“ სიაში შეიყვანა და მათი დევნა, ორგანიზაციების დარბევა ბევრად აქტიურად დაიწყო. ILGA-Europe-ის ლგბტქი უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით, რუსეთი ლგბტქი მეგობრული ევროპის ქვეყნების სიაში ბოლოდან მე-3 ადგილზეა.

წყარო: Reuters

60-იანი წლების ქვიარ წინააღმდეგობები — მოვლენები, რომელთა კულმინაციად სტოუნვოლი იქცა

1969 წლის 28 ივნისს, გამთენიისას, პოლიციამ Stonewall Inn-ის, ნიუ-იორკში მდებარე გეი ბარის დარბევა დაიწყო, რასაც ადგილზე მყოფი ქვიარ ადამიანების წინააღმდეგობა მოჰყვა. ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიის ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი მომენტი ერთგვარი შემობრუნების წერტილია, რომელმაც გავლენა იქონია არამხოლოდ გასული საუკუნის აშშ-ის ლგბტქი გამათავისუფლებელ მოძრაობაზე ან მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე, არამედ საერთოდ შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა ქვიარ ადამიანების ყოველდღიურობა დღეს, რომ არა სტოუნვოლის აჯანყება თუ წინააღმდეგობა.

JUSTIN J WEE / THE NEW YORK TIMES/REDUX

ხშირად, მშვიდობიანი პროტესტით დაწყებულ ამ აჯანყებას სპონტანურ შემთხვევას უწოდებენ, რომელმაც აშშ-ში გეი უფლებებისთვის ბრძოლის მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. გარდა იმისა, რომ  ეს მოსაზრება ფაქტობრივად არასწორია, ამის მტკიცება 1969 წლამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული წინააღმდეგობების, ქვიარ ადამიანების პროტესტის, მოძრაობების უგულებელყოფაც არის. 

მსგავსი დარბევა პოლიციის სისასტიკისა და დამამცირებელი მოპყრობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და არც ეს იყო ქვიარ წინააღმდეგობის საწყისი. სტოუნვოლის აჯანყება, ასე ვთქვათ, კულმინაციაა, რომელსაც ლგბტქი ადამიანების ხანგრძლივი, შეთანხმებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპონტანური ამბოხი უძღოდა წინ. 

ლგბტქი მოძრაობების ისტორია მე-19 საუკუნის მიწურულიდან იწყება, თუმცა ქვიარ წინააღმდეგობის ჩანასახოვან ეტაპზე თვალის მიდევნება საკმაოდ რთულია. ერთი კი ცალსახაა — აშშ-ში სტოუნვოლამდე განვლილი ათწლეული მზარდი შეუგუებლობის, ბრაზის მომწიფების, სულ უფრო ხილული ბრძოლის პერიოდია, რომელიც მუდმივი ჩაგვრის, დამცირების, სიცოცხლისთვის საშიში მოპყრობის დაგმობის აუცილებლობამ განაპირობა. 

Cooper Do-nuts — პირველი თანამედროვე აჯანყება აშშ-ის ისტორიაში 

კადრი კენტ მაკენზის ფილმიდან — The Exiles (1961)

Cooper Do-nuts ლოს ანჯელესში, გეი ბარებს შორის მოქცეული სადონატე იყო, რომელსაც ტრანსგენდერი ქალები, დრეგ ქვინები, ლესბოსელი ქალები თუ გეი კაცები ხშირად სტუმრობდნენ. ინკლუზიური ადგილი ქვიარების, სექს-მუშაკებისა და ფერადკანიანი ტრანსგენდერი ადამიანების თავშეყრის ადგილი იყო. ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე შეკრებილებს გამუდმებით შეურაცხმყოფლად ექცეოდნენ, უსაფუძვლოდ აჩერებდნენ და ოფიციალურ დოკუმენტებს უმოწმებდნენ, რათა საბუთებში აღნიშნული გენდერის და ვიზუალური მახასიათებლების თანხვედრა გადაემოწმებინათ. 

1959 წელს, მწერალი ჯონ რეჩი და მისი მეგობრები პოლიციამ გააჩერა, დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა და უსაფუძვლოდ დააკავა. ადგილზე მყოფებმა პროტესტი წამოიწყეს და პოლიციას დონატები და ყავის ფინჯნები დაუნიშნეს. პოლიციამ დამხმარე ძალა გამოიძახა და ამბოხის არაერთი მონაწილე დააკავა. აღნიშნული ისტორია მეტწილად ჯონ რეჩის მონათხრობს ეყრდნობა — მწერალმა ჯერ 1963 წლის ნაწარმოებში – „ღამის ქალაქი“ გააკეთა მინიშნება რამდენიმე წლით ადრე მომხდარ აჯანყებაზე, 2005 წელს კი ინტერვიუში უფრო მეტი დეტალი გაიხსენა. ისტორიკოსთა ნაწილი Cooper Do-nuts-ის აჯანყების შესახებ არსებული ფაქტების სიმწირისა და რეჩის მიერ მოთხრობილი ფაქტების უზუსტობათა გამო მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, იმ პერიოდში წინააღმდეგობას მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა 46 წლის დაგვიანებით მოყოლილ ამბის ნდობა ბოლომდე არ შეიძლება. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით კი, აღნიშნული მოვლენა აშშ-ის ლგბტქი ისტორიაში პირველი თანამედროვე აჯანყებაა. 

დაპირისპირება გეი ბარში — The Black Nite

Wisconsin LGBT History Project

გეი ბარი Black Nite ქვიარ ადამიანების თავშეყრის ადგილად 1959 წელს, მას შემდეგ იქცა, რაც მისი მართვა მილოუკიში მცხოვრებმა ფინანსისტმა, ჰარი კამინსკიმ დაიწყო. ამ ადგილას არსებული ტავერნის მეპატრონე მეზობელი გართობის ადგილებიდან ქვიარ მომხმარებლების შემოდინების წინააღმდეგი იყო, მაგრამ კამინსკი იმ ადამიანებისთვის მომსახურების შეთავაზების ფინანსურმა სარგებელმა მოხიბლა, რომელთაც წასასვლელი არსად ჰქონდათ, ამიტომ ტავერნის მფლობელს განუცხადა — „თუ ვერ დავამარცხებთ, შევუერთდეთ“. ამ დღიდან ტავერნა ქვიარ ადამიანების თავისუფალი გამოხატვის სივრცედ იქცა — ეწყობოდა დრეგ შოუები, კარი ღია იყო ნებისმიერი სექსუალური და გენდერული გამოხატვის ადამიანისთვის. 

1961 წელს, 5 აგვისტოს ღამეს, მეზობელი ბარიდან გამოსულმა საზღვაო ფლოტის მსახურმა ოთხმა კაცმა გეი ბარში შესვლა გადაწყვიტა, რაზეც უარი მიიღო. ფლოტის მსახურები დრეგ შემსრულებლის, ჯოსი კარტერის ქმარს ლუდის ბოთლებით დაესხნენ თავს. კარტერმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, შედეგად თავდამსხმელთაგან 2 კაცი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მალევე ადგილზე საზღვაო ფლოტის სხვა ჯარისკაცებიც მოვიდნენ, რასაც საპასუხო შეტევა მოჰყვა. 70-ზე მეტი ლგბტქი ადამიანი მოძალადეების წინააღმდეგ გამოვიდა. ბარის ინტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა, სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ადგილზე მყოფი ლგბტქი ადამიანები არ დააკავა, რაც იმდროინდელი სამართალდამცავების მხრიდან იშვიათობა იყო და საპატიმროში მხოლოდ ბარზე თავდამსხმელები გადაიყვანა. 1961 წლის 5 აგვისტო — დღე, როცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ვიხილეთ ლგბტქი ისტორიაში, Black Nite-ის აურზაურით არის ცნობილი. 

60-იანი წლების პიკეტირებები

Kay Tobin Lahusen / NYPL

60-იან წლებში, უფრო ზუსტად კი 1964 წლიდან, ოფიციალური უწყებების, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების პიკეტირებების პერიოდი იწყება. ორგანიზებული წინააღმდეგობა, რომელიც მეტწილად ახალგაზრდებისგან შედგებოდა, ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელისუფლების პოზიციას აპროტესტებდა.

1964 წელს, აქტივისტმა რენდი უიკერმა აშშ-ის სამხედრო ძალების მხრიდან გეი ადამიანების მიმართ უთანასწორო მოპყრობის გასაპროტესტებლად ვაითჰოლ სთრითზე მდებარე ახალწვეულთა ცენტრის პიკეტირების ორგანიზება გადაწყვიტა. ეს მომენტი აშშ-ში გეი უფლებების დაცვის პირველ დემონსტრაციად ითვლება. იმავე წლის დეკემბერში აქტივისტებმა ფსიქოანალიტიკოსის ლექცია ჩაშალეს, რომელიც ჰომოსექსუალობას განიხილავდა, როგორც მენტალურ აშლილობას. 1965 წელს კი თეთრი სახლისა და გაეროს შენობების პიკეტირება მოხდა — აქტივისტები კუბაში ჰომოსექსუალების შრომით ბანაკებში გაგზავნას აპროტესტებდნენ. 

1965 წელს დაიწყო ECHO-ს მიერ ორგანიზებული პიკეტების სერია. აქტივისტები ლგბტქი უფლებრივი უთანასწორობის გასაპროტესტებლად სახელმწიფო უწყებებს აქცევდნენ ალყაში. პიკეტირებების სერია 1969 წლამდე გაგრძელდა. 

The Mattachine Society-ის პროტესტი ალკოჰოლის მოთხოვნით

Fred W. McDarrah / Getty Images

The Mattachine Society-ის, აშშ-ის ერთ-ერთი პირველი ლგბტქი უფლებადაცვითი ჯგუფის წევრები დიკ ლიჩი, კრეიგ როდველი და ჯონ ტიმონსი ნიუ იორკის რეგულაციას ეწინააღმდეგებოდნენ, რომლის მიხედვითაც, გაცხადებული ჰომოსექსუალებისთვის ალკოჰოლის მიყიდვა იკრძალებოდა. ამიტომ, აქტივისტებმა ბარების შემოვლა, საკუთარი ორიენტაციის გაჟღერება და ალკოჰოლის მოთხოვნა გადაწყვიტეს. 

The Mattachine Society-ის წევრებს ბარ Julius-ში მომსახურებაზე უარი უთხრეს. ლიჩმა ადგილობრივ ალკოჰოლის კონტროლის სამსახურს საჩივარი გაუგზავნა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა დიდი გამარჯვება იყო ქალაქის ადამიანის უფლებათა კომისიის განკარგულება, რომლის თანახმადაც, მსგავსი დისკრიმინაცია დაუშვებელია და არ უნდა გაგრძელდეს.

ღირსების მარში მოტოების კოლონით

Feature Shoot

1970 წლის 28 ივნისს, სტოუნვოლის აჯანყებიდან ერთი წლის თავზე, ლოს ანჯელესში და ჩიკაგოში მსვლელობა, კრისტოფერ სთრითის გამათავისუფლებელი დღე მოეწყო და ეს თარიღი პირველ ლგბტქი ღირსების მარშად ითვლება. ამ გარდამტეხ დღემდე 4 წლით ადრე, 1966 წელს, ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაციების კოალიციამ შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ერთდროული დემონსტრაცია დაგეგმა. ლოს ანჯელესის ჯგუფმა მოტოების კოლონით ჩამოიარა, სხვა ქალაქებში კი პიკეტირებები მოეწყო. მცირე მასშტაბის დემონსტრაცია, შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში პირველ ქვიარ მარშად ჩაითვალოს. 

კომპტონის კაფეტერიის ამბოხი

გასული საუკუნის სამოციან წლებში, აშშ-ში „ქალის განსახიერებისთვის“ დაპატიმრებები გავრცელებული იყო. ხშირად, კაფეებისა და ბარების მეპატრონეები ქვიარ მომხმარებლების თავიდან მოშორების მიზნით პოლიციას ურეკავდნენ და „მართლსაწინააღმდეგო ქმედების“ შესახებ ატყობინებდნენ. 

1966 წელს, კომპტონის კაფეტერიის თანამშრომელმა პოლიციაში დარეკა და დაწესებულებაში მყოფი ტრანსგენდერი ქალის მხრიდან წესრიგის დარღვევის შესახებ განაცხადა. ადგილზე მისულმა პოლიციელმა ტრანსგენდერი ქალის დაპატიმრება სცადა. ქალმა პოლიციელს ყავის ფინჯანი ესროლა. მოწმეების მონათხრობის მიხედვით, ადგილზე შეკრებილები ფანჯრებსა და პოლიციელებს ჭურჭელს ესროდნენ, მაგიდებს აყირავებდნენ. პოლიციელებმა დამხმარე ძალის გამოძახება სცადეს, რასაც ქუჩაში დაპირისპირება მოჰყვა. აჯანყებულებმა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის საპასუხოდ პოლიციის მანქანა დააზიანეს და ახალი ამბების ჯიხურს ცეცხლი წაუკიდეს. 

მომდევნო დღეს პროტესტს კიდევ უფრო მეტი ტრანსგენდერი ადამიანი, სექს-მუშაკი, ქუჩის მაცხოვრებელი შეუერთდა. მათ კომპტონის კაფეტერია ალყაში მოაქციეს. ახლა ეს ადგილი სან ფრანცისკოელი ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგობის საწყის წერტილად ითვლება. 

The Black Cat-ის აჯანყება 

ONE National Gay and Lesbian Archives / USC Libraries

1966 წელს, ლოს ანჯელესში The Black Cat ტავერნა გაიხსნა და თავიდანვე ქვიარ ადამიანების სოციალიზაციის ადგილად ითვლებოდა, რაც, უკვე ნახსენები წინააღმდეგობების ისტორიას თუ გავიხსენებთ, უსაფრთხო არ იყო. იმავე წელს, ახალი წლის წინა დღეს, პოლიციელები ბარში ფორმის გარეშე შეიპარნენ, შუაღამემდე მოიცადეს და დამხმარე ძალები დაწესებულებას თავს დაესხნენ. უამრავი ქვიარ ადამიანი სასტიკად სცემეს. დაპირისპირება და ძალადობა მეზობელ ბარებშიც გაგრძელდა, რაც სიახლე არ იყო. 

თუმცა, ახალი წლის ღამეს დაწყებული წინააღმდეგობა ბევრად მძლავრი აღმოჩნდა – ბარის ერთგულმა სტუმრებმა, ახალდაარსებული ჯგუფის, PRIDE-ის წევრებმა, 1967 წლის თებერვალში საპროტესტო ტალღა წამოიწყეს, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა. მიზანი „პოლიციის უკანონობის“ დაგმობა იყო. მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ პოლიციის შეიარაღებული ოფიცრების ბატალიონი გამოვიდა. წინააღმდეგობამ მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ 2 კაცი საჯარო სივრცეში კოცნისთვის დააპატიმრეს.


ლგბტქი ისტორიაზე ერთი თვალის გადავლებით მხოლოდ განსაკუთრებით მძლავრი, გარდამტეხი მომენტების მოხელთება შეგვიძლია, მაგრამ ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ნებისმიერი ქვაკუთხედი მრავალწლიანი წინააღმდეგობის, ორგანიზებული პროტესტის — თუნდაც იმ სოციალურ სივრცეებზე უფლების ჩამორთმევის საპასუხოდ არდანებების შედეგია, რაც საბოლოოდ ბევრად ძლიერი მოძრაობების ფორმირებას უწყობს ხელს.

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახის ცნება ქვიარ წყვილებსაც მოიცავს

ინდური მედიის ცნობით, ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ოჯახი აუცილებლად ქალისა და კაცის ტრადიციული წყვილისგან“ არ შედგება და მოიცავს წყვილებს, რომელთაც ქორწინების გარეშე პარტნიორობა აქვთ გაფორმებული, ასევე ქვიარ ურთიერთობებს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ქვეყანაში ოჯახთან დაკავშირებულ ცნებას აფართოებს და ლგბტქი წყვილების შვილად აყვანისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

„ოჯახური ურთიერთობები ერთად ცხოვრებას, ქორწინების გარეშე პარტნიორობასა და ქვიარ ურთიერთობებსაც მოიცავს“, — აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.

2014 წელს, ინდოეთმა ტრანსგენდერი ადამიანები მესამე გენდერის წარმომადგენლებად აღიარა, 2018 წელს კი კაცებს შორის სქესობრივი კავშირის დეკრიმინალიზება მოხდა. ოჯახის ცნებასთან დაკავშირებული სიახლე კი ქორწინების თანასწორობისკენ გადადგმული ნაბიჯია, რასთან დაკავშირებითაც საქმის განხილვა ინდოეთის ქვედა პალატის სასამართლოში სამომავლოდ შედგება.

ვიეტნამმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის

ვიეტნამის ხელისუფლების განცხადებით, ჰომოსექსუალობა დაავადებად არ უნდა ითვლებოდეს და მისი მკურნალობა დაუშვებელია. აღნიშნული ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული საკვანძო სიახლეა, რომელიც ქვეყანაში მოხდა.

ჯანმრთელობის მინისტრის თქმით, სამედიცინო მუშაკები ლგბტქი ადამიანებს პატივისცემით უნდა მოეპყრონ და გარანტიები შექმნან, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდეს.

პროვინციებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გაგზავნილ ანონსში და ხელისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ლგბტქი ქოლგა „ავადობას“ არ გულისხმობს და შესაბამისად, მისი „განკურნების“ საჭიროება არ არსებობს, არც ადამიანების „მოქცევაა“ (მოქცევის თერაპია სასტიკი სამედიცინო პრაქტიკაა, რომელიც ლგბტქი ადამიანების სექსუალური ორიენტაციის “შეცვლას” ისახავს მიზნად და ქვიარ ადამიანების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ანგრევს) შესაძლებელი.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ სამედიცინო პერსონალმა „არ უნდა განახორციელოს ან აიძულოს“ ლგბტქი პაციენტები, რომ მკურნალობაში ჩაერთონ.

ჯანმრთელობის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მხოლოდ ფსიქოლოგთან და იმ ადამიანებთან გასაუბრებაა დასაშვები, რომელთაც სექსუალურ იდენტობაზე ცოდნა აქვთ“.

აღნიშნული მიღწევა ლგბტქი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მრავალწლიანი შრომის შედეგია. გასული წლის ნოემბერში საზოგადოებრივი, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სწავლების ინსტიტუტის კამპანიის, Live with Pride-ის ფარგლებში პეტიცია გავრცელდა, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოუწოდეს, ოფიციალური ვიეტნამისთვის მიემართათ და აეხსნათ, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის. გავრცელებულ კამპანიურ ვიდეოში ისმის კითხვა — თუ ქვიარობა დაავადებაა, ვიეტნამელ ლგბტქი ადამიანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების გამოყენება რატომ არ უნდა შეეძლოთ? 

აპრილში, ჯანმოს წარმომადგენელმა ვიეტნამში, კიდონგ პარკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ლგბტქი ადამიანების სექსუალური ორიენტაციის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა „სამედიცინო საფუძველს მოკლებული და მიუღებელია“.

„გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ცვლილება უმნიშვნელოვანესია. დამოკიდებულებები ერთ დღეში არ იცვლება, მაგრამ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიეტნამის ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო უწყების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება სოციალურ წარმოდგენებზე უზარმაზარ გავლენას იქონიებს“, — აღნიშნა კაილ ნაითმა, Human Rights Watch-ის უფროსმა მკვლევარმა ჯანმრთელობისა და ლგბტქი უფლებების საკითხებში.

ორ მოსკოველ ბიჭს „გეი პროპაგანდის“ კანონით ბრალი წაუყენეს — მათ 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ორ მოსკოველ ბიჭს “გეი პროპაგანდის” მუხლით ბრალი წაუყენეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობელ სახლში მცხოვრები ბავშვების თქმით, სავარაუდოდ, წყვილი ღია ფანჯრიდან სქესობრივი აქტის დროს შენიშნეს. დაკავებული ბიჭები ამას უარყოფენ. ინფორმაციას ტელეგრამ არხი ბაზა ავრცელებს.

ბაზას ცნობით, ბავშვების დედამ პოლიციას მიმართა. შედეგად, 21 წლის ტიმური და 22 წლის დანიილი მოსკოვის პოლიციამ დააკავა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციელებმა ბინაშივე აიყვანეს, ხოლო მეორე თავად მივიდა განყოფილებაში.

დაკითხვისას ერთ-ერთმა დაკავებულმა აღნიშნა, რომ ბავშვებს რაღაც მოეჩვენათ. ის ამტკიცებს, რომ მეგობრებმა სააბაზანოში გაფუჭებული მილის შესაკეთებლად გაიხადეს, რადგან დასველება არ სურდათ. ერთ-ერთი მათგანის დედა ამბობს, რომ მის შვილს გოგო შეყვარებული ჰყავს. ტიმურიც და დანიილიც აცხადებენ, რომ ჰეტეროსექსუალები არიან.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თავად ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, რომ ორივე ბიჭი მათთვის “ადეკვატური და კარგი ჩანდა”. ბაზას ცნობით, მშობლები განცხადების გატანას და სიტუაციის შემსუბუქებას ცდილობენ.

„მუხლის ნაწილი, რომლითაც მათ ბრალი ედებათ, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ეხება, რის გამოც წყვილს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, — წერს ბაზა.

ამჟამად, ისინი 2 თვის ვადით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 2013 წელს „არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდა“ აიკრძალა. კანონი ლგბტქი ადამიანების დევნის მიზნით გამოიყენება და შედეგად, რუსეთში გაიზარდა მტრული დამოკიდებულება თემის წევრების მიმართ, რომლებიც ისედაც დიდი ხნის განმავლობაში წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. Human Rights Watch-ის შეფასებით, ეს კანონი პოლიტიკური ჰომოფობიის კლასიკური მაგალითია.

„ეროვნულ კანონმდებლობაში დისკრიმინაციის განმტკიცებით, რუსეთის „გეი პროპაგანდის“ კანონი ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. საერთაშორისო ორგანოებმა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ამ მიზეზით კანონი მკაცრად დაგმეს“, — აცხადებს Human Rights Watch.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ივლისში, დუმას საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტის შემუშავება დაიწყო, რომელიც ასაკის მიუხედავად, კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას“. კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ ასეთი აკრძალვა დღეს მხოლოდ ბავშვებს ეხებათ, რაც საკმარისად არ მიაჩნია.

კანონს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე განიხილავენ.