Heckin Unicorn
/

2022 წლის მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები საქართველოში

2022 წელი ლგბტქი უფლებების მიმართულებით გამოწვევებით იყო სავსე. მსოფლიოში არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა, თუმცა ამის საპირწონედ, მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერება და უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების შემთხვევებიც ვიხილეთ.


მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები 2022 წელს


იმავეს თქმა შეიძლება საქართველოზეც — ერთი მხრივ, გაუმჯობესდა სიტუაცია ლგბტქი მიმღებლობის მიმართულებით, თუმცა, მეორე მხრივ, საშიში პროცესის მომსწრეები ვართ, როცა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ლგბტქი უფლებების სრული უარყოფა ხდება.

აღნიშნულ სტატიაში იმ მნიშვნელოვან ლგბტქი მოვლენებს გადაავლებთ თვალს, რომლებიც 2022 წელს, საქართველოში მოხდა.

დროებითი ლგბტქი საცხოვრისის გახსნა

Temida

2022 წლის დასაწყისში თემიდამ ლგბტქი თემის წევრებისთვის დროებითი საცხოვრისის სერვისი დანერგა, რაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვიარ ადამიანებისთვის, რომელთაც საცხოვრისი დაკარგეს, უმნიშვნელოვანესია. 

თემიდას დროებითი ქვიარ საცხოვრისი ადამიანების გაძლიერებაზე ზრუნავს და გამოწვევებთან გამკლავებისთვის დროს აძლევს. ამასთან, საცხოვრისის მულტიფუნქციური გუნდი მუდმივად ცდილობს, თემის წევრებს მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმაროს და დასაქმების შესაძლებლობებზე წვდომა გაუადვილოს, რათა დროებითი საცხოვრისის დატოვების შემდეგ, საკუთარ თავზე ზრუნვა მეტი შემართებით შეძლონ. 

მაშინ, როცა სახელმწიფოს არ აქვს საცხოვრისის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის გამოწვევებს გაითვალისწინებდა და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მხარდამჭერის შესაძლებლობას შექმნიდა, თემიდას საცხოვრისი ის წამოწყებაა, რომელიც ქვიარ ადამიანების რეალობას ცვლის.

დრეგ სცენის განვითარება

ქართული დრეგ სცენა მრავალ წელს ითვლის. დრეგი, ერთი მხრივ, ქვიარ ხელოვნების განვითარებას უწყობს ხელს და თემის არაერთი წევრისთვის შემოსავლის წყაროა, მეორე მხრივ, ქვიარ ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს. ამიტომ, საინიციატივო ჯგუფისა და თბილისი პრაიდის დრეგ მეჯლისი, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო, დრეგ ხელოვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. 

დრეგ მეჯლისი შემსრულებელთა ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს, ახალ-ახალ ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი ამ მიმართულებით განავითარონ. აღსანიშნავია ყოველკვირეული დრეგ ღონისძიებები ქვიარ და ქვიარ მეგობრულ სივრცეებში, რაც დრეგის მზარდ პოპულარობაზე და მუდმივად განვითარებად ხარისხზე მიანიშნებს. 

დრეგ ხელოვნების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, დრეგ კოლექტივ KOSA-ს ღონისძიებებია, რომლებიც წარმატებით იმართება ქართულ ქვიარ სივრცეებში და მეტიც, პროგრამა სომხეთშიც წარადგინეს. 

პრაიდ ფესტივალი შედგა

ტატა შოშიაშვილი / OC Media

Tbilisi Pride-მა 2022 წლის ზაფხულში პრაიდ ფესტივალი გამართა, რომელიც რეგიონულ კონფერენციას, ქართულ ქვიარ ფილმ სველი ქვიშის პრემიერასა და მუსიკალურ ფესტივალს მოიცავდა. 2022 წლის პრაიდ ფესტივალი 3 სხვადასხვა დახურულ ღონისძიებას აერთიანებდა და წლევანდელი წელი გაძლიერების, გაერთიანების წელი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ჯგუფების მუქარა გარკვეულ რისკებს ქმნიდა, ფესტივალი მშვიდ გარემოში მაინც შედგა და ათასობით ადამიანი უსაფრთხო სივრცეში გააერთიანა. 

გენდერის მარკერის ცვლილებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

MIGUEL SOTOMAYOR

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი. 

საიას განცხადების მიხედვით, “სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა”. 

აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, რადგან ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს არ აქვს გამჭვირვალე, მოქალაქეზე მორგებული გენდერის მარკერის ცვლილების სამართლებრივი მექანიზმი და შესაძლოა ტრანს* უფლებებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს.

პოლიტიკური, ინსტიტუციური ჰომოფობიისა და ტრანსფობიის სახიფათო პროცესი

აღნიშნულ ქვეთავში არა ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, არამედ იმ სახიფათო პროცესებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 2022 წელს ხდებოდა. 

როგორც ყოველ წელს, საჯარო, გადაწყვეტილების მიმღები პირები პირდაპირ თუ ირიბ ჰომოფობიურ განცხადებებს წელსაც აკეთებდნენ, მათ შორის, გამორჩეული ქვეყნის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზა იყო, რომელმაც კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით სარგებლობის მცდელობას “ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა. 

გარდა ამისა, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაში შევიდა ჩასწორება და გაჩნდა ჩანაწერი, რომ „კონცეფციის ყველა დებულებაში გენდერის ნიშნით თანასწორობის/გენდერული თანასწორობის შინაარსი განიმარტება იმგვარად, რომ ის მოიცავს ქალსა და კაცს შორის თანასწორობას“. მოცემული ფორმით გენდერული თანასწორობის კონცეფცია სრულად გამორიცხავს ტრანსგენდერ ქალებს თუ ადამიანებს, რომლებიც გენდერული თვითაღქმის არაბინარულ სპექტრზე იმყოფებიან. 

კიდევ ერთი სახიფათო პროცესი, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების საფუძველი შეიძლება გახდეს, ადამიანის უფლებების სტრატეგიის სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ლგბტქი უფლებების გაუმჯობესების ხედვას არ ითვალისწინებს, მეტიც, ლგბტქი თემი საერთოდ არ არის ნახსენები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სტრატეგიას სამოქმედო გეგმა უნდა დაეფუძნოს, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება დღის წესრიგიდან ლგბტქი ადამიანების უფლებების სრულად გაქრობას ცდილობს. ეს საშიში პროცესი ადამიანის უფლებების აშკარა რეგრესს, პოლიტიკურ, ინსტიტუციურ ჰომოფობიასა და ტრანსფობიას ცხადყოფს.

სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებული პროცესები

2022 წლის დეკემბერში, საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა ამოიწურა. 

რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველობის კანდიდატების დასახელების პროცესი დაიწყო. სულ 19 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 3-ს — ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერდნენ მხარს. სახალხო დამცველობის კანდიდატების სამუშაო ჯგუფმა კანდიდატები შეაფასეს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მაღალი ქულებიც მიანიჭეს. ამავდროულად, საპარლამენტო მოსმენების პროცესმა ცხადყო, რომ,  კანდიდატების დიდ ნაწილს არ გააჩნდა ადამიანის უფლებათა განმტკიცების ხედვა და ბევრი მათგანი მოსმენებისას აკეთებდა ჰომოფობიურ კომენტარებს. გარდა ამისა, ქვიარი ესაუბრა სახალხო დამცველობის ჯანდიდატებს, რომლებმაც ჩვენთან არაერთი საზიანო მოსაზრება გააჟღერეს ქვიარ და ქალთა უფლებების შესახებ. 

ამასთან, პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ. საბოლოოდ, ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის არ არსებობის გამო ჩავარდა და განახლება მომავალი წლიდან იგეგმება. 

დაფუძნდა შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი

Creative Collective Spectrum / Facebook

2022 წელს არტისტების, მკვლევრებისა და პუბლიცისტების შემოქმედებითი გაერთიანება, სპექტრი ჩამოყალიბდა, რომელმაც მიზნად დაისახა „ქვიარ სექსუალობის, ემოციების პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების გარშემო მიმდინარე მოვლენების გამოკვლევა, შესწავლა, ანალიზი და მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით ღია დისკუსიების გახსნა ისეთ საკითხებზე, რომელიც დომინანტური, რეპრესიული, ჰეტერონორმატიული კულტურის რადარებს მიღმა იმალება“. 

სპექტრმა ქვიარ არტისტების ცნობადობის გასაზრდელად არაერთი ღონისძიება დაგეგმა, ასევე, ტრანსგენდერი აქტივისტის, ნატა ტალიკიშვილის ქვიარ-იუმორისტული მონოლოგების სერია წამოიწყო, ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებით ღონისძიებები გამართა, რაც ქართული ქვიარ ხელოვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. 

2022 წლის მნიშვნელოვანი კვლევები

Civil.ge

2022 წელს, საზოგადოებრივ განწყობებთან და ქვეყანაში ლგბტქი უფლებების განმტკიცებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი განწყობები უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ეს სამართლებრივ, პოლიტიკურ დონეზე არ აისახება. 

მაგალითისთვის, WISG-ის კვლევის მიხედვით, 25%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა აეკრძალოთ და 53%-ს შეადგენს. გამოკითხულთა 38,6% კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით (სოგი) დანაშაულებზე სათანადოდ არ რეაგირებს. 

იმედისმომცემი შედეგი აჩვენა NDI-ის კვლევამაც — მონაცემების მიხედვით, 2015 წლიდან დღემდე 17%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. შედეგად, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 

უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ განწყობების გაუმჯობესებისა და სახელმწიფოს მიდგომების შეუსაბამობა აისახა ILGA-Europe-ის ყოველწლიურ უფლებრივ რუკაში. ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა, რაც 2021 წლის იგივე მაჩვენებელს 2 საფეხურით ჩამორჩება. 

5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირები და მართლმსაჯულება

Reuters

2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებული 27 პირიდან 19-ს პატიმრობა შეეფარდა. გაჭიანურებული პროცესი საბოლოოდ ძალადობრივად განწყობილი პირებისთვის თავისუფლების აღკვეთით დასრულდა. 

ამასთან, თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრაში ბრალდებული 3 პირი 5000-5000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და სასამართლომ ორგანიზებული დანაშაულის ნიშანი გამორიცხა. 

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლო იმსჯელებს, სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას ადგილი ჰქონდა თუ — არა. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მოწოდებების მიუხედავად, 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 

საქართველოში პირველი ქვიარ-ფემინისტური პარტია დაფუძნდა

2022 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ღიად ქვიარ-ფემინისტური მწვანეთა პარტიის შექმნაც უნდა აღინიშნოს. სტატიაში არაერთხელ ნახსენები სახიფათო პოლიტიკური პროცესების პირობებში პოლიტიკურ დღის წესრიგში ქვიარ და ფემინისტური საკითხების შემოტანა აუცილებელია. ეს ხელს უწყობს საზოგადოების ყურადღების მიმართვას ლგბტქი უფლებრივი მდგომარეობისკენ და შესაძლოა სხვა პარტიების ყურადღებაც მიმართოს იმისკენ, რამდენად არიან ინკლუზიურები და პასუხობენ თუ არა ყველა სოციალური ჯგუფის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

პარტია ახალი დაფუძნებულია და ჯერ-ჯერობით მათი საქმიანობის შეფასება ნაადრევი იქნებოდა, თუმცა 2023 წელს შესაძლებლობა გვექნება, მათ აქტივობებს უკეთ მივადევნოთ თვალი.

წინა

2022 წლის 10 საუკეთესო ქვიარ ფილმი

შემდეგი

Stranger Things-ის მსახიობი, ნოა შნაპი დაქამინგაუთდა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების