ლგბტქი უფლებები - Page 2

რა არის ჰომოფობია?

ლგბტქი ადამიანებს უამრავი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდათ თავიანთი უფლებების მოსაპოვებლად და განსახორციელებლად. თემის წევრები და მათი მხარდამჭერები დღემდე იბრძვიან, რათა ლგბტქი ადამიანებმა, როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრებმა, ღირსეული ცხოვრება შეძლონ. მიუხედავად განუწყვეტელი ბრძოლისა,

როგორ ამოიღეს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამერიკაში — ისტორია

დაახლოებით 50 წლის წინ, ამერიკელმა ლგბტქი აქტივისტებმა მიაღწიეს იმას, რასაც იმდროინდელი “ყველაზე დიდი გეი გამარჯვება” ეწოდა — მათ შეძლეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ეიძულებინათ, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების ოფიციალური კლასიფიკაციიდან და ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოეღოთ. ჰომოსექსუალობის, როგორც ფსიქიკური

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 34-ე ადგილზეა

ILGA-Europe-ის განახლებული რუკის მიხედვით, რომელიც ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით ევროპაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა. 2021 წლის რუკაზე

გაიცანი უფლებადამცველი: ჯავიდ ნაბიევის ბრძოლა აზერბაიჯანელი ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის

Rainbow Europe-ის 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანი ევროპაში ბოლო, 49-ე ადგილზეა. გენდერის მარკერის სამართლებრივი ცვლილების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და სიძულვილის

ომბუდსმენობის კანდიდატის, მაკა მინდიაშვილის ჰომოფობიური მოსაზრებები პარლამენტში

/

სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე ტარიელ ნაკაიძის კითხვის საპასუხოდ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.

პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ მაკა მინდიაშვილს ჰკითხა, უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის რა გახმაურებული ფაქტი ახსენდებოდა. სახალხო დამცველობის კანდიდატმა პასუხად სატელეფონო ზარი გაიხსენა, რომლის დროსაც იგივე კითხვა დაუსვეს და მისი თქმით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას დაიცავს, ოღონდ ერთი პირობით — პრაიდის მომხრე არაა.

„გუშინ იყო, სხვათა შორის, ზარი ჩემთან, ელგებეტეს წარმომადგენელმა დამირეკა და მეკითხება, მე დავიცავ თუ არა მათ უფლებებს, თუ გავხდი სახალხო დამცველი. რა თქმა უნდა, მე დავიცავ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის უფლებას, ოღონდ ერთი პირობით-თქო რა და რა არისო და პრაიდის მომხრე არ ვარ-თქო. მე არ მომწონს, როცა პროვოცირებას უ… ანუ პროპაგანდას უკეთებ იმას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები და მიზანშეწონილი“[სტილი დაცულია], — აღნიშნა მაკა მინდიაშვილმა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯაროდ შეკრების უფლებით სარგებლობის შესახებ საუბრისას.

სახალხო დამცველობის კანდიდატმა სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე ჰომოფობიური კომენტარებიც გააკეთა.

„კი ბატონო, იყავი როგორიც ხარ, მაგრამ შენ ნუ მოახვევ შენს ქმედებას დავუშვათ სხვას და ნუ ჩაითრევ იმ ქმედებაში, რაც თუნდაც შეგნებით არასწორად მიგაჩნია, მაგრამ შეიძლება რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, ეს გააკეთო, თუმცა ყოფილა შემთხვევა. ასეთ ტიპ ადამიანებს ორ ჯგუფად დავყოფდი, რომლებიც ანუ დაბადებიდანვე ესეთები არიან და მე მათ არც სამკურნალოებად მივიჩნევ და არც, დავუშვათ, რაღაც გადახრებით — არა, ისინი ბუნებამ დაბადა ასეთი და ასეთები არიან და მეორე ჯგუფია, რომლებიც ცხოვრებამ ანუ ეტაპობრივად გახდნენ ასეთები, იყვნენ ვაჟკაცურები, დავუშვათ, ან ქალი — პირიქით და გახდნენ, ცხოვრებამ გახადა ესეთი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე აუცილებლად დავიცავ მათ უფლებებს“ [სტილი დაცულია], — განაცხადა მაკა მინდიაშვილმა.

მაკა მინდიაშვილის კომენტარი სატელეფონო ზარის შესახებ შეიძლება შეეხებოდეს 31 ოქტომბერს, ქვიარის ჟურნალისტთან სატელეფონო ინტერვიუს, რომლის დროსაც სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლგბტქი ადამიანებისთვის საზიანო კომენტარები გააკეთა. მაკა მინდიაშვილის ხედვას ლგბტქი უფლებების შესახებ ქვიარის ვრცელ სტატიაში სულ მალე ნახავთ.  

მაკა მინდიაშვილი 2012 წელს გურჯაანის რაიონში გამგებლის კანდიდატი იყო, 2013 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, იმავე პარტიის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის წევრი იყო 2018 წელს, 2020 წელს კი კოორდინატორი სოფელ ახაშენში. 2013 წლის დეკემბრიდან გახდა თავისუფალი ზონის წევრი. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო, მის პარტიას შეუერთდა. პოლიტიკური პარტიის დატოვების შემდეგ, თავისუფალ ზონაში დაბრუნდა და მოგვიანებით საკუთარი ორგანიზაცია, ხალხის ხმა დააარსა. 2021 წელს გურჯაანის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

საფრანგეთმა ლგბტქი უფლებების განმტკიცებისთვის ქვეყნის ისტორიაში პირველი ელჩი დანიშნა

საფრანგეთმა ლგბტქი უფლებების განმტკიცებისთვის ქვეყნის ისტორიაში პირველი ელჩი დანიშნა. ჟან-მარკ ბერტონი ლგბტქი უფლებებს საერთაშორისო დონეზე დაიცავს.

„ის ჰომოსექსუალობის საყოველთაო დეკრიმინალიზაციას შეუწყობს ხელს“, — აღნიშნა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა ჯერ კიდევ აგვისტოში, როცა ახალი თანამდებობის შექმნა დააანონსა.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ლგბტქი გამოწვევებზე პასუხისმგებელმა პირმა, სებასტიენ ტულერმა ელჩის არჩევას სასიამოვნო სიახლე უწოდა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ „ახლა აუცილებელია რესურსების სწორად გადანაწილდეს და ამბიციურ სამოქმედო გეგმას გონივრულად მოხმარდეს“.

ჟან-მარკ ბერტონს „მოქცევის თერაპიის“ გაუქმებისთვის, თავშესაფრის მაძიებელ ლგბტქი ადამიანებთან და ინკლუზიური ადმინისტრაციული მოწყობისთვის მუშაობის გამოცდილება აქვს და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უფროსი მრჩეველი იყო ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

წყარო: Têtu

გეი აქტივისტი პიტერ ტეტჩელი კატარში დაგეგმილი პროტესტისას დააკავეს

ბრიტანელი გეი უფლებადამცველი, პიტერ ტეტჩელი კატარის პოლიციამ დააკავა, რადგან ლგბტქი ურთიერთობების კრიმინალიზების საპროტესტო აქციას გეგმავდა. კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე ეროვნულ მუზეუმთან დაგეგმილი პროტესტი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინმსწრები აქტივობაა და ხალხის ყურადღებას ქვეყანაში არსებული საშიში კანონმდებლობისკენ მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე 1,2 მილიონ ვიზიტორს ელოდებიან.

როიტერის ცნობით, ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამიანი შემთხვევის ადგილზე მივიდა, მათ ტეტჩელს ბანერი ჩამოართვეს და აქტივისტის და მისი თანმხლები პირების პასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს ფოტოები გადაუღეს.

ტეტჩელის თქმით, ის და მისი კოლეგა, საიმონ ჰარისი, რომელიც საპროტესტო აქტივობას იღებდა, პოლიციამ მცირე დროით დააკავა კიდეც.

„უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არამარკირებული მანქანით მოვიდნენ და ფოტოების გადაღება დაიწყეს. დაახლოებით 5 წუთში პოლიციაც გამოჩნდა, ბანერი ჩამომართვეს და ჩემი გამოკითხვა დაიწყეს. შენიშნეს, რომ ჩემი კოლეგა ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და ტელეფონი ჩამოართვეს, წაშალეს ფოტო-ვიდეო მასალა. ჩამოგვართვეს პასპორტები და თვითმფრინავის ბილეთები. ადგილის დატოვების ან პროტესტის გაგრძელების უფლებას არ გვაძლევდნენ. ძალადობრივ ან მუქარისშემცველ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ცხადად გვაგრძნობინეს, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა“, — აღნიშნა ტეტჩელმა.

პიტერ ტეტჩელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატარის ხელისუფლება უარყოფს.

„პიტერ ტეტჩელის ფონდის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ინდივიდი მოძრაობას აფერხებდა, ამიტომ პროფესიული წესების დაცვით მოსთხოვეს, რომ ტროტუარზე დამდგარიყო, დაკავებას ადგილი არ ჰქონია“, — განაცხადა კატარის ხელისუფლების პრესსამსახურმა.

კატარის კანონმდებლობა კრძალავს კაცებისა და ქალების ჰომოსექსუალურ კავშირებს, ზრდასრული ადამიანების ნებაყოფლობითი სექსი 1-დან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

„კატარი ლგბტქი ადამიანებს აპატიმრებს, საპყრობილეში კეტავს და მათ „მოქცევას“ ცდილობს. #კატარიანტიგეია“, — აღნიშნული იყო საპროტესტო ბანერზე, რომელიც, პიტერ ტეტჩელის ფონდის განცხადებით, კატარში ჩატარებული პირველი ლგბტქი პროტესტის ნაწილი იყო.

პიტერ ტეტჩელის საპროტესტო დემონსტრაციის ჩაშლა კატარის ხელისუფლების უფლებადაცვითი აქტივობების საწინააღმდეგო პოლიტიკასა და უთანასწორო მდგომარეობას ცხადყოფს.

„კატარის მოქალაქე ფეხბურთელმა ქამინგაუთი რომ გადაწყვიტოს, სავარაუდოდ, დააკავებენ და კატარის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას მოუსპობენ. ეს დისკრიმინაციაა, რაც ფიფას წესებთან წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ასოციაცია არაფერს აკეთებს“, — აღნიშნა ტეტჩელმა.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად არჩევას უფლებადამცველთა და ფეხბურთის ფანების კრიტიკა მოჰყვა. ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კატარის არაადამიანური პოლიტიკის ირიბი გამართლებაა.

წყარო: The Guardian

11 საუკეთესო ლგბტქი ეპიზოდი გრეის ანატომიაში

7 ოქტომბერს, ბევრისთვის საყვარელი სერიალი გრეის ანატომია მე-19 სეზონით დაბრუნდა. სანამ გულშემატკივრები ახალი სერიების სანახავად თბილად მოკალათდებით, მანამდე საუკეთესო ლგბტქი ეპიზოდები გავიხსენოთ, რომლის ნაკლებობასაც გრეის ანატომია არ განიცდის.

“Where The Boys Are” — სეზონი 3, ეპიზოდი 7

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გრეის ანატომიაში ტრანსგენდერი ადამიანი გამოჩნდა. მნიშვნელოვანია, როგორ ექცევიან ექიმები ტრანსგენდერ ადამიანებს საზოგადოებაში. ეს თემა აქტუალურია და ის ფაქტი, რომ დონას როლის შემსრულებელი ალექსანდრა ბილინგსი თავად ტრანსგენდერი ადამიანია, ამ როლს ნამდვილობას მატებს.

სერიაში ექიმი მერედით გრეი მარკ სლოუნს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციაში ეხმარება, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც სლოუნი აღმოაჩენს, რომ მის პაციენტს ძუძუს კიბო აქვს. დონას გული სწყდება, რომ თავისი ოცნების ასრულება, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. მარკი და მერედითი მის გამხნევებას ცდილობენ.

“The Becoming” — სეზონი 4, ეპიზოდი 14

 

ამ ეპიზოდში მერედითი ხაზს უსვამს იმ უსამართლობას, როდესაც შენი სიყვარულის დამალვა გიწევს. გეი ურთიერთობები კაცებს შორის და ემოციები, რომლებსაც ისინი სერიალში გამოხატავენ და აზიარებენ, გამამხნევებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მერედითი და დერეკი კლინიკურ კვლევას ატარებენ. მათი შემდეგი პაციენტი ჯარისკაცი დარენია. მისი მეგობარი ბიჭი ტოდი, ოპერაციის დაწყებამდე, საავადმყოფოში დარენის მოსანახულებლად მიდის. შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან, რასაც დარენის მამა დაინახავს.

“Life During Wartime” — სეზონი 5, ეპიზოდი 6

 

ქირურგი ერიკა ჰანი ამ ეპიზოდში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ფრაზას ამბობს. ის კალი ტორესს უყვება, რომ ლესბოსელობის გაცნობიერება იგივეა, რაც პირველად სათვალით სამყაროს დანახვა. მას და ტორესს სერიალში ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდათ, სანამ ერიკა მოულოდნელად დატოვებდა შოუს. მისმა წასვლამ ბევრ გულშემატკივარს გაუცრუა იმედი.

ერიკას გრძნობები არ შეესაბამება იმას, რასაც კალი განიცდის. კალისთვის ეს ერთგვარი კარის გახსნაა სექსუალობის შესასწავლად. მოგვიანებით, ის აცხადებს, რომ ბისექსუალია.

“Invasion” — სეზონი 6, ეპიზოდი 5

ტრავმატოლოგი კალი ტორესის მამა სიეტლ გრეისის ჰოსპიტალში ეკლესიის პასტორთან ერთად მიდის, რათა ქალიშვილი დაარწმუნოს, რომ გეი არ არის. ეპიზოდი აჩვენებს რეალურ ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოექცნენ ლგბტქი თემის წევრებს საყვარელი ადამიანები.

კალის მამა მისთვის ბიბლიის ჩანაწერების ციტირებას იწყებს, რაზეც კალის გული სწყდება. ის პარტნიორს, არიზონას ეუბნება, რომ არ სჭირდება ისეთი ოჯახი, რომელიც მას ვერ მიიღებს ისეთს, როგორიც არის.

არიზონა კალის მამასთან დალაპარაკებას გადაწყვეტს და ეტყვის, რომ საკუთარი მამისგანაც იგივე რეაქციას ელოდა, როდესაც გაიაზრა თავისი სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ ამის მაგივრად, მამამ ჰკითხა, იყო თუ არა იგივე ადამიანი, რომელიც მან აღზარდა, რადგან იცოდა, რომ მისი შვილი, რომელიც ასე ძლიერ უყვარს, სექსუალური ორიენტაციის გამო როგორც ადამიანი ვერ შეიცვლებოდა.

“Start Me Up” — სეზონი 7, ეპიზოდი 12

 

სამოქალაქო პარტნიორობის საბუთების შესატანად წასულ პაციენტს ცხენის ეტლი ფეხქვეშ თელავს. კაილი კალის უხსნის, რომ სურდა, ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო, რადგან ვაშინგტონის შტატმა გეი ქორწინება ნამდვილ ქორწინებად არ აღიარა და სიეტლში გადაწყვიტეს ჩამოსვლა.

მის მიერ წარმოთქმული სიტყვები გულსატკენია. კაილი ამბობს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს არ აქვთ ისეთივე აღიარება, როგორიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში გეი ქორწინება 2012 წელს, ამ ეპიზოდის ეთერში გასვლიდან ერთი წლის შემდეგ.

“White Wedding” — სეზონი 7, ეპიზოდი 20

ამ ეპიზოდში არიზონასა და კალის ქორწილის დღეა. მასში კარგად ჩანს ის რთული პერიოდი, რომელიც სერიალის ერთ-ერთმა საუკეთესო წყვილმა გამოიარა. ქორწილამდე ორივეს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, მათ შორის, მშობლების მხრიდან, რომლებსაც ამ ქორწინების აღიარება არ სურდათ.

ექიმი ბეილი კალის ამხნევებს და ეუბნება, რომ ეკლესია და დედამისი ჯერ კიდევ არ არიან მზად ამისთვის, მაგრამ ამან არ უნდა შეაჩეროს და უნდა დაქორწინდეს იმ ქალზე, რომელიც უყვარს. მაყურებელი ხედავს მკვეთრ კონტრასტს მერედითისა და დერეკის ოფიციალურ ქორწინებასა და კალისა და არიზონას წინააღმდეგობებით სავსე ქორწინებას შორის. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჰეტეროსექსუალი წყვილები პრივილეგიებით სარგებლობენ.

“The Face Of Change” — სეზონი 9, ეპიზოდი 14

გრეის ანატომიის ტრანსგენდერი პერსონაჟები ბრაიანი და ჯესი ტრანსგენდერ თინეიჯერებს ძლიერ მესიჯს უგზავნიან. ბრაიანი ოპერაციისთვის საავადმყოფოში მიდის. ბრაიანის მამა, მისტერ უესტონი არასწორ აზრს ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ ბრაიანი გარკვეულ ფაზას გადის და ეს დროებითია. ჯესი ცდილობს აუხსნას, რომ მან არ იცის, რას ნიშნავს სხვის სხეულში ყოფნა.

მოგვიანებით, ჯესი მისტერ უესტონს იმის შესახებ ესაუბრება, თუ როგორ უყვარს ბრაიანს მამამისი და სურს, მომავალში მისნაირი გახდეს.

“Sledgehammer”— სეზონი 12, ეპიზოდი 1

ეს ეპიზოდი ზიანისმომტან გარდაქმნის თერაპიას ეხება.

მას შემდეგ რაც მშობლებმა ჯესის უთხრეს, რომ გამოსასწორებელ ბანაკში აგზავნიდნენ, ორი თინეიჯერი გოგო მატარებლის ლიანდაგებს ჩაუვარდა, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ასე შეძლებდნენ ერთად ყოფნას. როდესაც კალი გოგოების ისტორიას გაიგებს, სურს ჯესის დაეხმაროს და ყველას გაუზიაროს საკუთარი აზრი გარდაქმნის თერაპიასთან და იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც შედეგად მოზარდს შეიძლება მიადგეს. ეპიზოდი პოზიტიურად სრულდება, რადგან ჯესის მამა ცოლს უპირისიპირდება და შვილის მხარეს გადადის.

Some Kind Of Tomorrow” — სეზონი 18, ეპიზოდი 2

მერედითს და ამელიას პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ მილიონობით დოლარს სთავაზობენ. დაწესებულებაში ყოფნისას, ისინი ხვდებიან ექიმ კაი ბარტლს, შთამბეჭდავ ნეირომეცნიერს, რომელიც უჯრედული კვლევებითაა ცნობილი და სერიალში პირველი არაბინარული პერსონაჟია. სერიალში ჩანს კაისა და ამელიას ურთიერთობა, რომლებიც პანდემიის დროს, Zoom-ის მეშვეობით, ფლირტს იწყებენ.

“Should I Stay or Should I Go” — სეზონი 18, ეპიზოდი 16

ამ ეპიზოდის დასაწყისში ოუენი და ტედი ბავშვებთან ერთად საავადმყოფოში შედიან. მათი შვილი, ლეო ფლანელის პერანგში და კოვბოის ქუდშია გამოწყობილი. ოუენი აღნიშნავს, რომ ის კოვბოის ჰგავს, მაგრამ ლეო ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ გოგოა. ტედი ცდილობს აუხსნას, რომ ის კოვბოის კოსტიუმში გამოწყობილი ბიჭია. საბოლოოდ, ლეო ეთანხმება.

ტედი ფიქრობს, რომ ლეო დაბნეულია საკუთარ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით და ამ თემის განსახილველად ოუენს თერაპევტთან კონსულტაციას სთავაზობს. ოუენი გაკვირვებული არ არის და ფიქრობს, რომ შესაძლოა, ლეო ტრანსგენდერი ადამიანი აღმოჩნდეს, მშობლების მოვალეობა კი, ნებისმიერ სიტუაციაში შვილის მხარდაჭერაა.

სერიაში ჩანს, რომ მათ საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვიტეს, როგორ მოეგვარებინათ ეს საკითხი, ამიტომ შეთანხმდნენ, სიტუაციაში გასარკვევად თავად მისულიყვნენ თერაპიაზე. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ლეოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები ახალ სეზონში.

გრეის ანატომიაში ეს პირველი ეპიზოდი არ არის, რომელშიც ტედი და ოუენი შვილს მხარს უჭერენ. ლეო სერიალში ანიმაციურ გმირ ელსას კოსტიუმითა და ბალერინას კაბითაც გვხვდება. “ელსა, მიყვარხარ”, — ასე მიმართავს ოუენი შვილს დამშვიდობებისას, ხოლო დედის კითხვაზე, რომელსაც აინტერესებს, რატომ აცვია ლეოს ბალერინას კაბა, ოუენი პასუხობს, რომ ლეოს მოსწონს ასეთი კაბები, რითაც ხაზს უსვამს, რომ ამაში უცნაური არაფერია.

“You Are the Blood” — სეზონი 18, ეპიზოდი 20

მე-18 სეზონის ფინალურმა, მე-20 სერიამ მაყურებლის ყურადღება კიდევ ერთხელ მიმართა იმ დისკრიმინაციულ მიდგომაზე, რომელიც არამხოლოდ ქვიარ ადამიანებისთვის არის საზიანო. ამჯერად სერიალი სისხლის დონაციაზე გეი და ბისექსუალი კაცებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

“ეს აბსურდული, საზიზღარი იდეა, რომ ჩემი სისხლი, ჩემი სექსუალურად აქტიური გეი სისხლი… ჩემი სისხლი ისეთივეა, როგორიც ყოველთვის იყო“, — ამბობს ჯეიკ ბორელის პერსონაჟი, როცა გამოუვალი მდგომარეობით აღელვებული  ქირურგიული განყოფილების უფროსს ესაუბრება.

სისხლის დონაციაზე დაწესებული აკრძალვა 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა აივ-პანდემიის შესახებ არც ცოდნა არსებობდა და არც შესაბამისად გამართული სამედიცინო აღჭურვილობა, რაც სისხლის ტესტირებას მარტივს გახდიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მეცნიერება მნიშვნელოვნად განვითარდა, აკრძალვა უამრავ ქვეყანაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ქვეყანამ სისხლის დონაციაზე შეზღუდვის გაუქმება ან შემსუბუქება სწორედ პანდემიისას დაიწყო, როცა სისხლის მარაგის პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტიურად დადგა.


გრეის ანატომია უფრო და უფრო ორიენტირებული ხდება ქვიარ თემატიკაზე. საინტერესოა, რა სიახლეები გველოდება სერიალის ახალ სეზონში, რომლის პირველი სერიაც უკვე გამოსულია.

სლოვენიაში თანასწორი ქორწინება და შვილად აყვანა დაკანონდა

სლოვენია აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება და შვილად აყვანის შესაძლებლობა დააკანონა.

სლოვენია, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა, ევროპის პირველი ყოფილი კომუნისტური ქვეყანაა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. სლოვენიის მეზობელი ქვეყნების დიდი ნაწილი სამოქალაქო პარტნიორობასა და ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას არ სცნობს.

ივლისში, სლოვენიის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი, რომელიც ქორწინების უფლებას მხოლოდ კაცსა და ქალს აძლევს, გეი და ლესბოსელი წყვილების მიმართ დისკრიმინირებულია.

სასამართლომ დაუყოვნებლივ შეწყვიტა სადავო პუნქტების განხილვა და პარლამენტს 6 თვის ვადაში კანონში ცვილებების შეტანა დაავალა.

“ამ ცვლილებით ვაღიარებთ ერთი და იმავე სქესის წყვილთა უფლებებს, რომლებიც მათ დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჰქონოდათ”, — განაცხადა სლოვენიის სახელმწიფო მდივანმა, სიმონ მალევაჩმა.

მთავარმა ოპოზიურმა ძალამ, სლოვენიის დემოკრატიულმა პარტიამ, სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ახალი კანონის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია მოაწყო.

“საუკეთესო მამა დედას ვერასდროს ჩაანაცვლებს და პირიქით”, — აღნიშნა დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ალენკა ჯერაჟმა.

პოლონელი მოზარდი ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერისთვის დააკავეს

პოლონელი მოზარდი, მალვინა ჩმარა, რომელიც ტროტუარზე ცარცით ლგბტქი თემის მხარდამჭერ სიტყვებს წერდა, დააკავეს. 17 წლის მალვინა პოლონეთის წვრილმან დანაშაულთა კოდექსის 63-ე მუხლის დარღვევაშია ბრალდებული, რომელიც “ადმინისტრატორის თანხმობის გარეშე საჯარო ადგილას რეკლამების, პლაკატების, ბუკლეტების, წარწერებისა ან ნახატების განთავსებას კრძალავს” და ჯარიმას ითვალისწინებს.

TVN24-ის ინფორმაციით, მოზარდი ამბობს, რომ ბაზრის მოედანზე დაინახა ადამიანები, რომლებსაც ხელში ლგბტქი თემის შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ და ქვიარებს პედოფილებს ადარებდნენ.

მალვინამ მავნე რიტორიკა გააპროტესტა და ეკლესიის გარეთ, ტროტუარზე ყვითელი ცარცით დაწერა “შეეშვით ლგბტქი ადამიანებს”, ასევე, ჩამოწერა იმ მღვდლების სახელები, რომლებიც პედოფილიაში არიან ბრალდებულები.

“პოლიციამ მომთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შემდეგ კი, მღვდლებთან შესახვედრად ეკლესიაში შევიდნენ. ნახევარი საათი ველოდი, სანამ პოლიცია ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებდა. აგრესიული არ ვყოფილვარ, არ ვცდილობდი პოლიციისგან თავის დაღწევას. მათ ხელბორკილები დამადეს და მანქანამდე მიმიყვანეს”, — აღნიშნავს მოზარდი.

მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და სხვებსაც მოუწოდა, არ შეეშინდეთ ლგბტქი უფლებების დაცვის.

“თუ გვინდა, რომ რამე შეიცვალოს, უნდა ავჯანყდეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია ამის შეჩერებას შეეცდება. ჯერ არ მსმენია სოციალური ცვლილებების შესახებ, რომლებიც საზოგადოების, პოლიციისა და მთავრობის სრული თანხმობით განხორციელდა“, — ნათქვამია ვიდეოში.

მალვინას დაკავებამ ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. პოლონელი ლგბტქი აქტივისტი, ბარტ სტაშევსკი აცხადებს, რომ პოლიციის ბანდიტური ქცევა იმის ნიშანია, თუ რამდენად შეიცვალა პოლონეთი მემარჯვენე ხელისუფლების მმართველობის პირობებში.

“პოლიცია არ იცავს მოქალაქეებს, მათ წინააღმდეგ დგას”, — განაცხადა მან და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ლგბტქი თემის მხარდაჭერას უფრო მეტი ახალგაზრდა აგრძელებს.

EuroPride 2022 შედგა — ფოტოები ბელგრადში გამართული მარშიდან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში EuroPride 2022 შედგა. ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების საპროტესტო გამოსვლების, ეკლესიის წინააღმდეგობისა და ხელისუფლების მხრიდან ევროპრაიდის მარშის აკრძალვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღონისძიებამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ნახეთ ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ევროპრაიდის მსვლელობას ასახავს.


წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მსვლელობა დაგეგმილ დროს, პოლიციის გაძლიერებული დაცვითა და სხვადასხვა ქვეყნის ლგბტქი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო.


მარშს წარმომადგენლები საქართველოდანაც ესწრებოდნენ, მათ შორის, Tbilisi Pride.


მსვლელობაში ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გერმანელი პარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, სვენ ლაჰმანი, ევროპარლამენტის ლგბტქი ჯგუფისა და მწვანეების თავმჯდომარე, ტერი რაინტკე და მისი პარტნიორი, ევროპელი მწვანეების წევრი, მელანი ვოგელი მონაწილეობდნენ.


მსვლელობის მონაწილეებს ლგბტქი და სხვადასხვა ქვეყნების დროშები და ბანერები ჰქონდათ გაშლილი — “მათ ვძულვართ, რადგან სიყვარულის სუნი აგვდის”.


მშვიდობიანი მსვლელობის პარალელურად ბელგრადის ქუჩაში ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები, მათ შორის მღვდელმსახურებიც იყვნენ გამოსულები, რომლებიც პოლიციას თავს ესხმოდნენ, მოლოტოვის კოქტეილებსა და ასაფეთქებელ საშუალებებს ისროდნენ.


უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მსვლელობა, თავდაპირველისგან განსხვავებული, შემცირებული მარშრუტით გაიმართა.


Stefan Strange

პანევროპული მარში საღამოს გამართული კონცერტით დასრულდა. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ კონცერტიდან მიმავალ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვრცელდება ინფორმაცია 7 ადამიანზე თავდასხმის შესახებ. რამდენიმე მათგანმა საავადმყოფოს მიმართა. მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს პოლიციას.


Isa Myzyraj

ევროპრაიდისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ თვეებში არაერთი სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ: ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტი, რომელთაც ეკლესია მფარველობს და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე ყურადსაღები ფაქტი — ევროპული ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში რუსული დროშების ხილვა. ამას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა, რა დროსაც ქვეყნის პირველმა პირმა ევროპრაიდის გაუქმება თვითნებურად, ორგანიზატორებთან დიალოგის გარეშე დააანონსა, თანაც, მაშინ, როცა აღნიშნული ღონისძიების ლობირება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ითავა.

ევროპრაიდის ორგანიზატორებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ერთადერთი, რასაც აუქმებდნენ, სიძულვილი იყო და 12 სექტემბერს კვირეული ლგბტქი დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. 13 სექტემბერს, პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა, რის მიზეზადაც პრორუსული ჯგუფების ძალადობრივი მუქარები დაასახელა. გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების, ევროპელი ლიდერების, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და პარლამენტარების, ასევე ლგბტქი ორგანიზაციებისგან ევროპრაიდის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, აკრძალვა გაუქმდა და მარში მშვიდობიანად ჩატარდა.


ასევე წაიკითხეთ:

სერბეთის ლგბტქი ისტორია ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზებიდან ევროპრაიდამდე

12 სექტემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპრაიდი დაიწყო. ეს იქცა იმ გარდამტეხ მომენტად, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრიც არ არის, ყველაზე მასშტაბური, პანევროპული ღონისძიება იმართება — 2019 წელს გამართულ კენჭისყრისას მასპინძლის სტატუსის მოპოვებას ორი ევროპული ქალაქი, ბარსელონა და ბელგრადი ცდილობდა. სერბეთზე არჩევანის შეჩერება, მათ შორის, ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად ლესბოსელი პოლიტიკური ლიდერის, პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩის დამსახურება იყო, რომელმაც პირობა დადო, რომ კვირეულის მშვიდობიანად ჩატარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებდა. ამ პროცესების შედეგად, ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციამ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და იმ ქვეყნის დედაქალაქი, რომელიც პროგრესისკენ მიმავალ გზაზე ეკლესიისა და პრორუსული ჯგუფების მუდმივ წინააღმდეგობას აწყდება, 2022 წლის მასპინძელ ქალაქად გამოაცხადა. თანაც, სერბეთის ლგბტქი უფლებადაცვითი ისტორია არაერთი, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან მომავალი ჩაგვრისა და შეზღუდვების ფაქტებით არის სავსე. 

დღეს სრულიად ევროპის ყურადღება სერბეთისკენ არის მიმართული, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პოზიტიური მიზეზების გამო.

ევროპრაიდისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ თვეებში არაერთი სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ: ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტი, რომელთაც ეკლესია მფარველობს და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე ყურადსაღები ფაქტი — ევროპული ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში რუსული დროშების ხილვა. ამას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა, რა დროსაც ქვეყნის პირველმა პირმა ევროპრაიდის გაუქმება თვითნებურად, ორგანიზატორებთან დიალოგის გარეშე დააანონსა, თანაც, მაშინ, როცა აღნიშნული ღონისძიების ლობირება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ითავა. 

ევროპრაიდის ორგანიზატორებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ერთადერთი, რასაც აუქმებდნენ, სიძულვილი იყო და 12 სექტემბერს კვირეული ლგბტქი დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. 13 სექტემბერს, პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა, რის მიზეზადაც პრორუსული ჯგუფების ძალადობრივი მუქარები დაასახელა. გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების, ევროპელი ლიდერების, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და პარლამენტარების, ასევე ლგბტქი ორგანიზაციებისგან ევროპრაიდის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, აკრძალვა გაუქმდა.

ევროპრაიდის მარში შეცვლილი, შემცირებული მარშრუტით ჩატარდება. პარალელურად, ულტრამემარჯვენე ჯგუფები პროტესტს გეგმავენ. ახლა ყველას გვაქვს ერთი კითხვა: სერბეთის ხელისუფლება შეძლებს თუ არა ღონისძიების სათანადოდ დაცვას. ამ კონტექსტში კი განსაკუთრებით საინტერესოა ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ყველა კრახი, რომელიც სერბეთის ხელისუფლებებმა მშვიდობიანი პროტესტების დაცვისას აქამდე განიცადეს. აღსანიშნავია, რომ ხშირად მოძალადის როლში სწორედ ოფიციალური უწყებები იყვნენ.

ბელგრადის პირველი ღირსების მარში — სივრცე, რომელიც ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

2001
Andrija Ilić / Blic

სერბეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 1994 წელს მოხდა, 2001 წლის 30 ივნისს კი ბელგრადში პირველი პრაიდი გაიმართა. ღონისძიების სლოგანი იყო — სივრცე ყველა ჩვენგანისთვის საკმარისია. მცირერიცხოვანი შეკრება რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო, რომელთაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები და სპორტის გულშემატკივრები დაესხნენ თავს. პოლიციამ მშვიდობიანი მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება სათანადოდ ვერ დაიცვა და ძალადობრივ მოვლენებზე ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ. 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ხელისუფლებასაც არ დაუფიქსირებია მკაფიო პოზიცია, რომლითაც ძალადობას გაემიჯნებოდა.

ვერშემდგარი პრაიდების ათწლეული

2004 წელს, აქტივისტების ჯგუფი პრაიდის ორგანიზების მიზნით შეიკრიბა. მოსამზადებელმა სამუშაოებმა რამდენიმე თვე გასტანა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურად მწვავე მოვლენების, მათ შორის, ბელგრადში მეჩეთების გადაწვის გამო, პროცესი შეწყდა და პრაიდი გაუქმდა.

ამის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში, ხილვადობის მიმართულებით არსებითი არაფერი მომხდარა. 2009 წელს, გეებისა და ჰეტეროსექსუალების ალიანსის პრესკონფერენცია აიკრძალა, რამაც ლგბტქი აქტივისტების სპონტანური პროტესტი გამოიწვია. 

იმავე წელს ლგბტქი უფლებადაცვით ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა — დიდი რელიგიური და პოლიტიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყანამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

იგეგმებოდა ღირსების მარშის ჩატარებაც სლოგანით — თანასწორობის დროა. ღონისძიებას ცნობილი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ხელისუფლების წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს. სპორტის გულშემატკივრებისა და რადიკალური ჯგუფების მხრიდან მომავალი საფრთხის, მუქარის გამო ოფიციალურმა უწყებებმა ორგანიზატორებს ღონისძიების უფრო დაცულ ადგილას, პარკში გადატანა ურჩიეს, მაგრამ შს მინისტრმა მარშის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ღონისძიება აკრძალა. აღნიშნულ აკრძალვა 2011 წელს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

ვერშემდგარი პრაიდების პარალელურად მიღწეული სამართლებრივი პროგრესი

2002 წელს, ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლითაც მედიასაშუალებებს სიძულვილის ენის გამოყენება აეკრძალათ.

2003 წელს, სერბეთმა საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონი მიიღო, რომლითაც, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება აიკრძალა.

2005 წელს, შრომის კანონში შევიდა ცვლილება, რომელმაც სამსახურებრივ გარემოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალა.

2006 წელს, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა ჩანაწერი, რომ განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მათ შორის, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა.

2007 წელს, სისხლის დონაციის ინსტიტუტმა შეცვალა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალური კავშირები განსაკუთრებით სარისკო ქცევად განისაზღვრებოდა.

2008 წელს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შევიდა ჩანაწერი, რომ, მათ შორის, პირადი სქესობრივი ცხოვრება განსაკუთრებით სენსიტიური ინფორმაციაა და მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მხოლოდ განსაკუთრებული სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება. იმავე წელს, სერბეთის სამედიცინო საზოგადოებამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

პირველი მარშიდან 9 წლის შემდეგ

Emil Vas / Beta

მნიშვნელოვანი სამართლებრივი ცვლილებების მიუხედავად, ხილვადობის პოლიტიკის მიმართულებით 2001-დან 2010 წლამდე პროგრესი არ მიღწეულა. ეს ცხადად გამოჩნდა განსაკუთრებით მძიმე ღირსების მარშის დროს, რომლის სლოგანი იყო — ერთად ამას შევძლებთ. 2010 წელს, მანიეჟ პარკში 500-ზე მეტი ლგბტქი ადამიანი და აქტივისტი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებების მხრიდან დაცვის გარანტიები გაიცა, განხორციელება სათანადო არ ყოფილა — პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის მასობრივი დაპირისპირებები მოხდა. სავარაუდო მონაცემებით, ბელგრადის ქუჩებში 6 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული და იმავე რაოდენობის რადიკალურად განწყობილი ადამიანი. შეტაკებებისას 132 პოლიციელი და 25 მოქალაქე დაშავდა, დაახლოებით 250 ადამიანი კი დააკავეს. იმავე წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველი პრაიდ კვირეული მოეწყო, რომელსაც უსაფრთხოების დაცვის კუთხით ხარვეზები არ ჰქონია.

„პრაიდი. ნორმა“ და აკრძალვა, როგორც ნორმა

Vesna Lalić

2011 წელი სერბი ლგბტქი ადამიანებისთვის თითქოს იმედისმომცემი მოვლენებით მიდიოდა — როგორც 2009 წლის მოვლენების კითხვისას გაიგეთ, ამ წელს პრაიდის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ჩაითვალა. გარდა ამის, პოლიტიკოს დრაგან მარკოვიჩ პალმას წინააღმდეგ სასამართლომ ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. ასევე,  სოციალური კეთილდღეობის კანონში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი შევიდა.

შესაბამისად, დაიწყო მზადება ღირსების მარშისთვის, რომლის სლოგანი იყო — პრაიდი. ნორმა. სახელმწიფომ გააჟღერა პოზიცია, რომ უსაფრთხოების გარანტიების გაცემა არ შეეძლოთ, ამიტომ ღონისძიება აკრძალეს. აქტივისტებმა საპასუხოდ  ბელგრადის მედია ცენტრში მოაწყვეს პრაიდი დახურულ სივრცეში, რომელმაც ბელგრადის მთავარ ქუჩაზე გადაინაცვლა. გზები ცისარტყელას ფერებით შეღებეს, მოძრაობა გადაკეტეს და ბანერები გაშალეს წარწერით — უბრალოდ სიყვარული. შედეგად, პრაიდმა მშვიდობიანად ჩაიარა და ქვეყნის შიგნით თუ სხვა ქვეყნების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. 

2012 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის მოტივი დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობა Obraz საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა — აღნიშნული ჯგუფის წევრები 2010 წლის მოვლენების მთავარი დამნაშავეები იყვნენ.

მაგრამ კიდევ ერთხელ აიკრძალა ბელგრად პრაიდი, რომლის სლოგანიც იყო — სიყვარული, რწმენა, იმედი. გადაწყვეტილების მიზეზად ისევ დაცვის გარანტიებზე პასუხისმგებლობის ვერ აღება დასახელდა. ამ წელს კიდევ ერთხელ ჩატარდა პრაიდი დახურულ სივრცეში, რომლის დროსაც მომდევნო წლის ბელგრად პრაიდის თარიღი ოფიციალურად გამოაცხადეს. პრაიდ კვირეული, მცირე პროტესტის მიუხედავად, მშვიდობიანად დასრულდა.

2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის პრაიდის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ამავე წლის პრაიდიც აკრძალა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აქტივისტებმა შუაღამის პრაიდი დაგეგმეს, რომელიც ეროვნული ასამბლეის შენობის წინ ჩატარდა. ღონისძიებას აქტივისტები, ლგბტქი ადამიანები და მხარდამჭერები მრავლად ესწრებოდნენ. საერთაშორისო მედიამ აღნიშნულ პრაიდს აღმოსავლეთ ევროპის სტოუნვოლი უწოდა.

ამავე წელს, ჯანმრთელობის დაზღვევის კანონში შევიდა ჩასწორება, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ქირურგიული ოპერაციის მინიმუმ 65% ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდიდან უნდა დაფინანსებულიყო.

შემდგარი პრაიდების პერიოდი

2014 წლის 28 სექტემბერს სერბეთის ისტორიაში ჩატარდა პირველი ბელგრად პრაიდი ინციდენტების გარეშე. ორგანიზებულ თავდასხმებს პოლიცია წარმატებით გაუმკლავდა. აღნიშნული პრაიდის სლოგანი იყო — პრაიდი ყველასთვის.

2015 წელს ბელგრად პრაიდი ისევ ჩატარდა, სლოგანით — ჩემი უფლებები, ჩემი მოთხოვნები. მარშმაც და კვირეულმაც მშვიდობიანად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ მარშის ჩატარებას მხარი პირველად დაუჭირა, ადგილზე კი შედარებით ნაკლები პოლიციელი იყო მობილიზებული. იმავე წელს, ბელგრად პრაიდი ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციისა და საერთაშორისო პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის წევრი გახდა. 

2016 წლის პრაიდი გაიმართა სლოგანით — სიყვარული მსოფლიოს ცვლის. კვირეულმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა და ღონისძიების დაცვისთვის წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლები პოლიციელის მობილიზება გახდა საჭირო. იმავე წელს, პრემიერმინისტრმა საზოგადოებას ამცნო, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი მინისტრი, ანა ბრნაბიჩი, ლესბოსელი იყო. 

2017 წელს, ანა ბრნაბიჩი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა. დაგიგეგმა პრაიდი სლოგანით — ცვლილებებისთვის. ამ წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებისგან ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის აღიარებას მოითხოვეს. ღირსების მარშს პირველად დაესწრო ქვეყნის პრემიერმინისტრი.

2018 წლის პრაიდი სლოგანით — თქვი, დიახ! დაიგეგმა და ორგანიზატორებმა ხელისუფლების მისამართით ორი მოთხოვნა გააჟღერეს: ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის აღიარება და გენდერული იდენტობის შესახებ კანონის მიღება. პრაიდ კვირეულმა და მარშმა ისევ უსაფრთხოდ ჩაიარა.

2019 წელს კანონით გარანტირებული გახდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის ცვლილების შესაძლებლობა ქირურგიული ჩარევის მიუხედავად. პრაიდის მსვლელობები დაიგეგმა სერბეთის სხვა ქალაქებში, სადაც ლგბტქი ხილვადობა ფაქტობრივად არ არსებობდა — 11 ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებიდან ორი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გაუქმდა.

პრაიდ ღონისძიებები არც კოვიდ პანდემიის დროს შეწყვეტილა, თუმცა შეიცვალა ფორმა. ამჯერად კვირეულის სლოგანი იყო — სოლიდარობა 4 კედელშიც კი. დაინტერესებულ ადამიანებს ლგბტქი ადამიანების გამოცდილებების გაგება, სხვადასხვა შემეცნებითი თუ სახელოვნებო მასალის ხილვა ონლაინ სივრცეში შეეძლოთ.

2021 წელს დასრულდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის შესახებ კანონის განხილვა, რომელშიც მრავალი ინსტიტუცია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. შეიმუშავეს შენიშვნები, შესწორებები, თუმცა პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მან ამის მიზეზადა ქორწინების შესახებ უკვე არსებულ კანონთან წინააღმდეგობა დაასახელა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ განხილვა შეწყდა და დაიწყო მუშაობა კანონპროექტის საბოლოო ჩასწორებებზე, რაც დღემდე არ არის დასრულებული.

2021 წელს, კიდევ ერთი ღირსების მარში ჩატარდა მშვიდობიანად, რომლის სლოგანი იყო — სიყვარული კანონია.

ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლაში გავლილი ათწლეულების შემდეგ, სერბეთი დღეს ისევ გამოცდის წინაშეა — შეძლებს თუ არა წარსულის სამწუხარო გამოცდილებების გადაფასებას და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

წყარო: Belgrad Prajd

დეპუტატმა თამარ კორძაიამ ევროპრაიდზე საქართველოში ლგბტქი უფლებებზე ისაუბრა

/

საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ ბელგრადში, ევროპრაიდის კონფერენციაზე საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

სერბეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპრაიდის ფარგლებში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მორიგი თემატური განხილვა მოეწყო, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებმა ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რაც ამ პროცესებს ახლავს თან.

თამარ კორძაიამ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ასევე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

“ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვქონდა და ტრადიციულად, კანონის მიღებას ე.წ. ნაციონალისტური ძალები, სიძულვილის ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებიც რუსულ ნარატივს აჟღერებდნენ, თითქოს ეს ნაციონალურ იდენტობას დაგვაკარგვინებდა. ამ წინააღმდეგობას მხარს უჭერდა მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც საქართველოში საკმაოდ ძლიერია და ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ჩვენ ვიყავით მძლავრი წინააღმდეგობის წინაშე, სადაც ნაციონალური იდენტობა ებრძოდა, პირობითად, გენდერულ იდენტობას, რადგან ამ ტერმინის ამოღებას ითხოვდნენ კანონიდან, რაც მას შინაარსს გამოაცლიდა”, — აღნიშნა თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, პრემიერმინისტრმა “სიტუაციის განსამუხტად” იდეა გააჟღერა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პარალელურად, კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომლითაც ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განისაზღვრებოდა.

“პრემიერმა საკუთარი პირობის შესრულება გადაწყვიტა და ამ პროცესებმა რესპუბლიკური პარტია დაანგრია. პარტიაში ძალიან მძლავრი დისკუსია იყო, უნდა მოგვეწერა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხელი. პარტიის შიგნით კენჭისყრით აპირებდნენ საკითხის გადაწყვეტას და ამის წინააღმდეგ გამოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ადამიანის უფლებები კენჭისყრის ნაწილი იყოს იმ პარტიის შიგნით, რომელიც ლიბერალური ღირებულებებით გამოდის საზოგადოების წინაშე. ჩემმა პოზიციამ გაიმარჯვა, მაგრამ ამის შემდეგ პარტიის წევრების ნახევარმა პარტია დატოვა. მე ვფიქრობ, ეს მაინც გამარჯვება იყო, რადგან პოზიციების მკაფიოობა ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია პარლამენტში ვერ მოხვდა”, — განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაიას აზრით, ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი რესპუბლიკური პარტიის სახელით საკრებულოს არჩევნებში ღიად ლესბოსელი აქტივისტის, ნინო ბოლქვაძის მონაწილეობა იყო.

“სამწუხაროდ, მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორებულა, თუმცა ამ საარჩევნო კამპანიის შემდეგ პოლიტიკოსების მხრიდან ღია თავდასხმა ლგბტქი თემის წარმომადგენლებზე სირცხვილია და ცუდი ტონია, ეს გარდატეხა მნიშვნელოვანი იყო. საქართველოში ზიზღზე აგებული პოლიტიკა არ მუშაობს, ყველა კანდიდატი, რომელიც თავის საარჩევნო კამპანიას აგებდა ლგბტ თემის წინააღმდეგ, იმაზე, რომ ეს ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ არის, ვერ იღებს ხმებს. მაგრამ, როგორც წესი, ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან ხელისუფლების მხარდაჭერილნი”, – თქვა კორძაიამ.

კორძაიას თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა გაიაზრონ — სიძულვილთან შეწინააღმდეგება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანი თავს ბედნიერად იგრძნობს, მათი ვალდებულებაა.

“ჩემი რწმენით, პოლიტიკაში მოდიხარ იმისთვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლებები. ყველაზე რთულია ბრძოლა შსს-სთან, უსაფრთხოების სამსახურებთან, რადგან ისინი, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების შეზღუდვას მუდმივად ცდილობენ. მგონია, ჩემი მისია ამ პარლამენტშიც ისაა, მათ გავაგებინო — არსებობს ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება არის მის სამსახურში; უსაფრთხოება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ თავისუფლები, ბედნიერები და თანასწორები. ეს არ არის მარტივი თანამედროვე სამყაროში, თანამედროვე გამოწვევების პირობებში, მაგრამ მე მაინც მჯერა და ალბათ ასე ვიქნები მუდამ, რომ პოლიტიკის საფუძველი არის ადამიანის უფლებების დაცვა”, — აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ევროპრაიდი 2022 სერბეთში, ბელგრადში მიმდინარეობს. ღონისძიებისთვის მზადებას არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა. ულტრამემარჯვენე, პრორუსულმა ჯგუფებმა ბელგრადში საპროტესტო აქცია გამართეს, რასაც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა — მან ევროპრაიდის გაუქმება დააანონსა. კვირეულის ორგანიზატორები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და 12 სექტემბერს ევროპრაიდი დაიწყო, თუმცა 13 სექტემბერს სერბულმა პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა. ბელგრად პრაიდმა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. ამასთან, ევროკავშირმაევროსაბჭომ, ევროპელმა ლიდერებმა და ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას მარშის მონაწილეთა დაცვისკენ მოუწოდეს, რაც საბოლოოდ ხელისუფლების მიერ მარშის მხარდაჭერით დასრულდა.

საქართველოში ლგბტქი უფლებების მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია — NDI-ის კვლევა

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან დღემდე 17%-ით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, რომელსაც ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნია. შედეგად, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ამასთან, 2015 წლიდან დღემდე 11%-ით შემცირდა იმ ადამიანთა წილი, რომელსაც აღნიშნული საკითხი უმნიშვნელოდ მიაჩნია და ასევე 38% შეადგინა. 18% ამ საკითხისადმი ნეიტრალურად არის განწყობილი.

გაიზარდა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მხარდამჭერთა რაოდენობაც და 81% შეადგინა, მცირედი გაუმჯობესებაა რელიგიური უმცირესობების დაცვის ნაწილშიც და 79%-ს შეადგენს.

სტაბილურად მაღალია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც შშმ პირების უფლებების უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ (92%).

აღსანიშნავია ისიც, რომ მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ადამიანების უფლებების დაცვას ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიიჩნევენ. ეს მაჩვენებელი 14%-ია. ამასთან, გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა, 37%-ის აზრით მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 22% ფიქრობს, რომ გაუმჯობესება შეიმჩნევა. 

გარდა ამისა, გამოკითხულთა 33%-ის აზრით, დემოკრატიული საზოგადოების 3 მთავარი ნიშნიდან ერთ-ერთი ადამიანის უფლებების დაცვაა. 

რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, 33% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, 34%-ის აზრით, მდგომარეობა არ შეცვლილა, 29% მდგომარეობას გაუარესებულად აფასებს.

NDI-ის კვლევა ევროინტეგრაციის საკითხებსაც მოიცავდა. 2019 წელთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობა უშლის ხელს და 25%-ს შეადგენს.

შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ცალსახად პროდასავლური კურსის მხარდამჭრთა რაოდენობა და 47% შეადგინა, ხოლო შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პროდასავლურ კურსს უჭერენ მხარს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურთ. ეს მაჩვნებელი ამჟამად 31%-ია. პრორუსულ კურსს გამოკითხულთა მხოლოდ 9% უჭერს მხარს.

სტაბილურად მაღალია ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა — აგვისტოს მონაცემებით, 69%-ისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაცხადებული მისწრაფება მისაღებია, მიუღებელი კი სულ რაღაც 16%-ისთვის არის.

გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით. რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმას კი სულ რაღაც 12% უჭერს მხარს. ბოლო თვეებში მცირედით შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა, თუმცა ისევ სტაბილურად მაღალია — აგვისტოს მონაცემებით, გამოკითხულთა 75%-ისთვის მისაღებია საქართველოს გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს და აღნიშნულ მისწრაფებას 14% ეწინააღმდეგება. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა 67% მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს, 32%-ის აზრით, სამუშაო ადგილებზე დადებითად აისახება და ქვეყანას მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 20%-ისთვის მოტივაცია დემოკრატიის გაძლიერებაა. 

აღსანიშნავია ის, რომ გამოკითხულთა 44%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 29%-ის აზრით — არ იცვლება, 23% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ 14 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით გააკეთა და 2 104 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2%-ია. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.