Grammarly
/

ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაში მთავრობამ ლგბტქი უფლებები გამოტოვა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელშიც ლგბტქი უფლებები გამოტოვა. დოკუმენტზე პარლამენტი, სავარაუდოდ, თებერვლიდან იმსჯელებს. 

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ის დოკუმენტია, რომელიც ერთიან ჩარჩოს ქმნის ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით იგეგმება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები და აუცილებელია, რომ იქ ასახული იყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის გამოწვევები და საჭიროებები. ახალ სტრატეგიაში კი ლგბტქი ადამიანები, როგორც ცალკე სოციალური ჯგუფი, ნახსენებიც კი არ არის.

„ადამიანის უფლებათა სტრატეგია ემსახურება საზოგადოების წინაშე კონსტიტუციითა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას სახელმწიფოს მიერ, ისევე, როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას“, — აღნიშნულია 2022-2030 წლების სტრატეგიაში და ნათქვამია, რომ ის პირველი ეროვნული სტრატეგიიდან (2014-2020 წწ.) გამომდინარეობს, მისი ლოგიკური გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების შემდგომ განმტკიცებას.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა დოკუმენტში ასახული ამოცანების ლოგიკური გაგრძელების შესახებ დათქმის მიუხედავად, ახალ სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა, არაფერია ნახსენები ლგბტქი უფლებადაცვითი მიმართულებით არსებული ხედვების შესახებ. მეტიც, დოკუმენტში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნებზე საუბარიც აღარ არის, რაც წინა სტრატეგიაში აღნიშნული იყო. 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიიდან ლგბტქი თემის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები უგულებელყოფილია.

არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და პოლიტიკოსების ნაწილი აღნიშნული ფორმით სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცებას გაუმართლებლად მიიჩნევენ და მისი ჩასწორების აუცილებლობაზე საუბრობენ.

თანასწორობის მოძრაობის პროექტების მენეჯერი, მარიამ გულიაშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესი გაუმჭვირვალე იყო, ამასთან, არ ითვალისწინებდა სათემო ორგანიზაციების ჩართულობას. მისი თქმით, უკუკავშირი არ მოჰყოლია ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მცდელობას, რომ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაჰკავშირებოდნენ.

„დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ, ლგბტქი სათემო ორგანიზაციებმა წერილითაც კი მივმართეთ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილს, თუმცა მისგან უკუკავშირი არ მიგვიღია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის მნიშვნელობის დოკუმენტების შემუშავების პროცესი საქართველოში ინკლუზიურობის პრინციპის დაცვისგან საკმაოდ შორს დგას. მსგავს საკითხებზე სამოქალაქო კონსენსუსის მისაღწევად ორგანიზაციებისგან მხოლოდ დოკუმენტთან დაკავშირებული წინადადებებისა და შენიშვნების შეგროვება საკმარისი არ არის. პროცესი მხარდაჭერილი უნდა იყოს საჯარო განხილვების, სამუშაო შეხვედრებისა და სიღრმისეული დისკუსიების გზით“, — ამბობს მარიამ გულიაშვილი.

თბილისი პრაიდის თანადირექტორის, ანა სუბელიანის თქმით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ადამიანის უფლებები არ არის უნივერსალური, რადგან ამან, შესაძლოა, უფლებადაცვითი მიმართულებით შეუქცევადი ზიანი მოიტანოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავიაზროთ, რომ თუ, ვთქვათ, დღეს ეს საკითხი დგას ლგბტქი ადამიანებთან მიმართებაში, ხვალ შეიძლება შეეხოს ნებისმიერ სხვა მოწყვლად ჯგუფს. დღეს უბრალოდ ამ ჯგუფის დევნა, იგნორირება მოჩანს უფრო მეტად ხელსაყრელი ხელისუფლებისთვის, მაგრამ თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ადამიანის უფლებები არ არის უნივერსალური, არ ეხება ყველას და გამოვრიცხავთ ლგბტქი ჯგუფს, ამან შეიძლება შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს და ისევ და ისევ, თანასწორობა ნამდვილად არის ის, რაც ყველას გვჭირდება და ყველას მოუტანს მხოლოდ და მხოლოდ სარგებელს. შესაბამისად, თანასწორობის ხელისშემშლელი, აი, ასეთი ნაბიჯების გადადგმა მთლიანად ჩვენი საზოგადოების ფუნქციონირებისთვის იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი“, — აღნიშნავს ანა სუბელიანი.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) იურისტის, ქეთი ბახტაძის აზრით კი, დოკუმენტში ნახსენები საკითხები, რომლებიც დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, მოიცავს ქვიარ ადამიანებსაც, რადგან ისინიც სარგებლობენ ქვეყანაში შექმნილი ამ დაცვის მექანიზმებით. თუმცა, ქეთი ბახტაძე ამბობს, რომ თემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რიგი საკითხები სტრატეგიაში გათვალისწინებული არ არის, რაც პრობლემაა.

„თემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრატეგიაში ისეთი კონკრეტული საკითხების ინტეგრირება, როგორიც არის გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არ არსებობა, ტრანს ჯანდაცვის მარეგულირებელი კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების არარსებობა, ინტერსექსი ბავშვების ჯანდაცვის საკითხები და სხვა. გარდა ამისა, ლგბტქი ადამიანების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ჰომო / ბი / ტრანსფობიის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლებში სექსუალური განათლება და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისების შექმნა. ამ პრობლემების მოგვარებით, ლგბტქი ჯგუფის გარდა, სხვა მრავალი დაუცველი ჯგუფი ისარგებლებს ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ სტრატეგიაში ეს საკითხები არ არის ინტეგრირებული, ნათელი დემონსტრაციაა, რომ ლგბტქი ადამიანების სახელმწიფო მხოლოდ დისკრიმინაციის ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლად ხედავს და არ აღიარებს მათ ისეთ საჭიროებებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ან დანაშაულის ჩადენის ერთგვარ პრევენციას მოახდენს“, — აღნიშნავს ქეთი ბახტაძე.

სამართლიანი არჩევნების დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, “როგორც ეს დოკუმენტი, ისე მასში ასახული ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI)  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მარი კაპანაძე კი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, აღნიშნულ დოკუმენტში ასახული იყოს ყველა იმ ჯგუფის საჭიროება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.

ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, აღიაროს და დაიცვას ლგბტქი ადამიანები, რაც, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, რომელსაც აქვს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულება, რომ დაიცვას თითოეული ჩაგრული ჯგუფის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, ლგბტქი ადამიანები“, — აღნიშნავს მარი კაპანაძე.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, სახელმწიფო არ აღიარებს ლგბტქი თემის პრობლემებს და ზურგი შეაქცია მათ, რაც მისი აზრით, „ეს არის დასტური, რომ სახელმწიფო, ეს ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს დემოკრატიაზე როგორც, მათ შორის, უმცირესობების უფლებების დაცვაზე“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სტრატეგიის დოკუმენტში ლგბტქი საკითხების გამოტოვება, პირველ რიგში, არის პოლიტიკის დონეზე ხაზგასმა, რომ ქვეყანაში ლგბტ ჯგუფის უფლებები არ იქნება დაცული.

“ამის დაშვება არის ყოვლად მიუღებელი და ეს უნდა შეიცვალოს. სტრატეგიაში უნდა გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც ყველა ჯგუფს და ყველა პირს მიემართება”, — ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

თბილისი პრაიდის თანადამფუძნებელი და Zinc Network-ის პროექტების მენეჯერი, გიორგი თაბაგარი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც სტრატეგიული დოკუმენტებში ლგბტქი ადამიანების გამოტოვეს მოსდევს. მისი თქმით, ეს ადამიანებს ნიჰილიზმით განაწყობს, რადგან სახელმწიფო ვერ ხედავს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.

“იმ პირობებში, როდესაც ისედაც ძალიან ხშირად ირღვევა ლგბტქი ადამიანების უფლებები, სტრატეგიაში ლგბტქი საკითხების არ არსებობა და საერთოდ თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ამ ადამიანებს აქვთ პრობლემები, გამოწვევები, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, არის დამღუპველი. ეს ადამიანებს ნიჰილიზმით განაწყობს და უბიძგებს, რომ დატოვონ ქვეყანა, წავიდნენ იქ, სადაც ექნებათ ელემენტარული წვდომა იმ სიკეთეებზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს“, — ამბობს გიორგი თაბაგარი.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის დირექტორი, ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ როცა დოკუმენტი, რომელიც უნდა ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციას, რიყავს რომელიმე ჯგუფს, ის თვითონ ხდება დისკრიმინაციის ინსტრუმენტი. ანას ამბობს იმასაც, რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესი ხარვეზიანი იყო, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კი — ფორმალური.

„ეს პროცესი წარიმართა საკმაოდ ფორმალურად, ანუ იმისთვის, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს სხვადასხვა ჯგუფი მონაწილეობდა. ფორმალურად მიაწოდეს დოკუმენტი კომენტარებისთვის, აზრის გამოსათქმელად, მაგრამ არავის ჰქონია დრო, რომ შეესწავლა დოკუმენტი და რეალური კომენტარები გაეკეთებინათ და ასახულიყო. არც მიცემული დრო იყო საკმარისი, არც ფორმატი იყო სწორი და არც შედეგი აღმოჩნდა გამართული. თუ მე მთავაზობ მონაწილეობას და არ ითვალისწინებ ჩემს აზრს, მაშინ მონაწილეობა აზრსმოკლებულია“, — აღნიშნავს ანა არგანაშვილი.

ქალები საერთო მომავლისთვის თანადირექტორი, იდა ბახტურიძე გენდერული თანასწორობის კონცეფციაზეც საუბრობს — დოკუმენტზე, რომელიც პარლამენტმა 2022 წლის ბოლოს მიიღო და მასში გენდერული თანასწორობა განმარტებულია, როგორც ქალისა და კაცის თანასწორობა, ხოლო სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები სრულად იგნორირებულია. იდა ბახტურიძის თქმით, ქართული ოცნების აღნიშნული მიდგომა წინასაარჩევნო სტრატეგიაა, რომელიც ქვიარფობიურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებას ისახავს მიზნად.

ეს არის ერთგვარი ელექტორალური სტრატეგია, როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ, 2024 წლისთვის სწორედ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ადამიანებისთვის არის, მხოლოდ გარკვეული სქესის ან გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს ეკუთვნით. პრობლემაა, როცა სახელმწიფო არათუ არაფერს აკეთებს ამის შესაცვლელად, არამედ ხელს უწყობს და ღია პოლიტიკითაც ამ პოზიციას აფიქსირებს“, — ამბობს იდა ბახტურიძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ სტრატეგიული დოკუმენტებიდან ლგბტქი საკითხების გაქრობა ერთგვარი ტენდენციაა, რაც ინსტიტუციურ ჰომოფობიაზე მიუთითებს. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ეს განდევნისა და ამორიცხვის გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, შეიძლება შეფასდეს, როგორც ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობია და დისკრიმინაცია ქვიარ ადამიანების მიმართ.

„ჩვენ წარსულში ვსაუბრობდით იმაზე, რომ სახელმწიფო კანონმდებლობისა და ინსტიტუციურ დონეზე აღიარებდა ლგბტქი უფლებებს, თუმცა ლგბტქი ადამიანებისთვის სოციალური რეალობა არ იცვლებოდა. დღეს კი ვხედავთ, რომ ინსტიტუციური პოლიტიკის დონეზეც ხდება ამ ადამიანების ამოშლა“, — ამბობს თამთა მიქელაძე.

ქართული ოცნების ხელისუფლების ჰომოფობიურ განწყობებზე და წინასაარჩევნო მიზნებზე საუბრობს საფარის დირექტორი, ბაია პატარაიაც.

„სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება, კერძოდ ქართული ოცნება, ყოველთვის გამოირჩეოდა ჰომოფობიით და სწორედ ჰომოფობიაზე აქცენტით ის ფიქრობს, რომ გააკეთებს საკუთარი პარტიის ამომრჩევლების მობილიზებას და ინსტრუმენტად იყენებს ჰომოფობიას. პოლიტიკაში ეს მათთვის არის იარაღი“, — აღნიშნავს ბაია პატარაია.

მწვანეების თანადამფუძნებლის, თამარ ჯაყელის თქმით, აღნიშნული პრობლემა ეხება ყველას, ვინც არის აქტიური მოქალაქე, ვინც დგას ამ ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლიანობის, თანასწორობის სადარაჯოზე, იქნება ეს აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი. 

“აუცილებელია საუბარი იმაზე, რომ ქვიარ ადამიანები ნელ-ნელა ვხვდებით სახელმწიფო ადამიანის უფლებების ჩარჩოს მიღმა. […] ეს ნიშნავს, რომ როდესაც ქვიარ ადამიანებს გვექნება ყოველდღიური საფრთხეები, ნაკლებად და ნაკლებად შეიძლება დაგვიცვას სახელმწიფომ.“, — აღნიშნავს თამარ ჯაყელი.

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას თანადამფუძნებლის, ნოდარ რუხაძის აზრით, თუ საზოგადოების მოთხოვნა იქნება, რომ ყველა ადამიანის უფლებები დაცული იყოს, ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩება.

„თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი იტყვის, რომ ქვიარ უფლებები უნდა დავიცვათ, ადამიანებს უნდა შეეძლოთ საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვა, მაშინ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებას არჩევანიც აღარ დარჩება და აღასრულებს საკუთარ მოვალეობას, დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. მაგრამ როცა უმრავლესობა ჰომოფობიურად არის განწყობილი, ხელისუფლება, როგორც ტრადიციული ავტორიტარი, როგორც პოპულისტური ხელისუფლება, პოპულისტური პარტია, დაკვეთას ასრულებს და აგრძელებს ქვიარ ადამიანების უფლებების სრულ იგნორირებას“, — ამბობს ნოდარ რუხაძე.

იურისტი, დემოკრატიის მცველების წარმომადგენელი, გიორგი მშვენიერაძე სტრატეგიის დოკუმენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ადამიანის უფლებების ხედვა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ნაწილი უნდა იყოს.

„მე საერთოდ ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებლობა სახელმწიფოში ყოველ ჯერზე რაღაც მთავრობის დაკომპლექტებასთან აცდენილი კალენდრით ხდებოდეს მსგავსი დოკუმენტების შემუშავება. ბევრად სწორად მიმაჩნია, რომ როცა მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება ხდება, სამთავრობო გეგმა, რომლის წარდგენის ვალდებულება პრემიერმინისტრობის კანდიდატს აკისრია, მოიცავდეს მის ხედვას ადამიანის უფლებების პოლიტიკასთან დაკავშირებით და სწორედ ამ გეგმაში იყოს ინტეგრირებული ეს საკითხები, რომელზეც პარლამენტს შეეძლება კონტროლის განხორციელება პერიოდული მოსმენების გზით“, — ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტმა უნდა განიხილოს. დოკუმენტი აღნიშნული ფორმით სრულად უგულებელყოფს ლგბტქი საკითხებს, რაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული სოციალური ჯგუფის მიმართ ინსტიტუციურ ქვიარფობიურ დამოკიდებულებას ცხადყოფს.

წინა

charlieissocoollike ტრანსგენდერ ქალად ქამინგაუთის შემდეგ YouTube-ზე ბრუნდება

შემდეგი

The Sims ტრანსინკლუზიური განახლებით ბაინდერებსა და მასტექტომიის იარებს დაამატებს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების