/

რას ფიქრობენ ომბუდსმენობის კანდიდატები ლგბტქი უფლებებზე

საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას 2022 წლის 8 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება და პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი 1 დეკემბრამდე, კენჭისყრის გზით უნდა შეარჩიოს. 

სახალხო დამცველობის კანდიდატების სია 19 ადამიანისგან შედგება, რომელთა შორის სამი ადამიანი — ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. 

ქვიარმა გადაწყვიტა, ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველობის კანდიდატების ხედვა და შეფასებები გაეგო, ამიტომ თითოეულ კანდიდატს ერთი და იმავე კითხვებით მივმართეთ. 19 კანდიდატიდან ორმა, ქეთევან ჩაჩავამ და თინათინ ერქვანიამ ჩვენს შეკითხვებს წერილობით უპასუხეს, 16-თან სატელეფონო ინტერვიუები შედგა. ერთ-ერთ კანდიდატს, ნიკოლოზ ნიკოლაძეს ქვიარი მთელი კვირის განმავლობაში ეკონტაქტებოდა, თუმცა ინტერვიუს არაერთხელ გადადების შემდეგ, ნიკოლაძემ გვითხრა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასაუბრებას ვერ შეძლებდა და ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა, ამიტომ მის პასუხები სტატიაში არ ასახულა. გარდა ამისა, სტატიაზე მუშაობის პერიოდში კიდევ ერთმა კანდიდატმა, ჯემალ ნათელაშვილმა საკუთარი კანდიდატის მოხსნა მოითხოვა, ამიტომ მისი პასუხები მასალაში ასევე არ აისახა.


მითითება: სტატიაში გაჟღერებული ჰომოფობიური, ტრანსფობიური, სექსისტური, სტერეოტიპული შეხედულებები არ გამოხატავს ქვიარის პოზიციას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საკითხებზე სახალხო დამცველობის კანდიდატების აზრი არის საჯარო ინტერესის საგანი, მათ უცვლელად გთავაზობთ.


ქვიარის პირველი შეკითხვა შეეხებოდა ლგბტქი უფლებების შელახვას საქართველოში. გვაინტერესებდა კანდიდატების ზოგადი შეფასება. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანასი ლგბტქი ადამიანების უფლებები ილახება. იაგო ხვიჩიამ კი აღნიშნა, რომ „მგონი საქართველოში არ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, იქნება ეს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ასაკობრივი ჯგუფი, ეთნიკური თუ გინდა სხვანაირი ჯიშის დაყოფა, სადაც ვიტყვით, რომ ამ ჯგუფის ადამიანები არასდროს არ იჩაგრებიან“. 

სოფიო დემეტრაშვილმა კი კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისი „სუბიექტური მოსაზრებით, ყველა თანასწორია კანონის წინაშე“ და მისივე თქმით, „არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სექსუალური მსოფლმხედველობა აქვს ინდივიდს”, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ეს უფლებები. 

ევგენია თავაძის თქმით, „ინდივიდუალური ჩაგვრის შემთხვევები, რა თქმა უნდა, იქნება. მანიფესტაციის უფლებაც აქვთ, სიტყვით გამოსვლის საშუალებაც არის. გარკვეულ საზღვრებში აქვთ მათ თავისი თავისუფლება მიცემული, გარკვეულ არეალში“. 

ლევან კოკორაშვილმა აღნიშნა, რომ ლგბტქი უფლებების შელახვა „გარკვეულწილად ხდება“ და განაცხადა, რომ „ძალიან ბევრ რამეს“ არ ეთანხმება. 

გიორგი მარიამიძემ და სერგო მახარაძემ უფლებების შელახვის ფაქტი არც დაადასტურეს და არც უარყვეს. გიორგი მარიამიძემ აღნიშნა, რომ საადვოკატო საქმიანობის პერიოდში „ამ თემს მიკუთვნებულ“ არცერთ ადამიანს არ მიუმართავს და ამ კუთხით უფლებების შელახვაზე ინფორმაცია არ აქვს. სერგო მახარაძის თქმით კი, „როცა რაღაცას ვაცხადებთ, შესაბამისად უნდა შევისწავლოთ საკითხი და უკვე მერე უნდა გავცეთ პასუხი, ირღვევა თუ არა”. მან ქვიარს სთხოვა კონკრეტული “შემთხვევის” შესახებ ინფორმაციის მიწოდება და თქვა, რომ შეისწავლის, შემდეგ კი გვიპასუხებს.

სახალხო დამცველობის კანდიდატ მაკა მინდიაშვილის თქმით, არაფერი ისეთი აღარ ხდება, რაც ხდებოდა. 

„ელგებეტე ადამიანების უფლებები?! დარღვევაში რას გულისხმობთ? მე მგონი არაფერი ისეთი ანუ რაც ხდებოდა, მგონი საზოგადოებამ შეიცვალა აზრი, ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ჩემი პასუხი ეს არის, ეხლა არ ირღვევა იმდენად, როგორც ირღვეოდა, ხო თუ არა, ესე როგორ გიპასუხოთ ეხლა. ხო ხვდებით, რას ვგულისხმობ, ადრე ვიღაცებს აღიზიანებდა, ეხლა უკვე შეჩვეულია ხალხი, მიდგომა შეიცვალა საზოგადოების ასეთი ადამიანების მიმართ“, — აღნიშნა მაკა მინდიაშვილმა. 

შესავალი კითხვის შემდეგ, ქვიარმა სახალხო დამცველობის კანდიდატებს ლგბტქი უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საბაზისო საკითხებზე დაუსვა კითხვები, რომლებზე პასუხსაც უცვლელად გთავაზობთ. 

თუ სახალხო დამცველი გახდებით, როგორი იქნება თქვენი ხედვა ლგბტქი უფლებების განმტკიცების მიმართულებით? 

ანა აბაშიძე: მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს, თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება და ამაზე გამიზნული მუშაობაა, ყველა იმ რესურსით, რომელიც სახალხო დამცველს მანდატის ფარგლებში გააჩნია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სპეციფიკაა, რომელიც პირველ რიგში, სახალხო დამცველმა უნდა იცოდეს, მუშაობდეს თემთან ძალიან ახლოს და გაითვალისწინოს მათი ხედვები და წარმოდგენები, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია. გარდა ამისა, სახალხო დამცველი უნდა იყოს ყოველთვის მკაფიო, არაორაზროვანი, არ უნდა მოერიდოს სხვადასხვა სენტიმენტებისა თუ წნეხის გამო თემაზე პირდაპირ და ძალიან ხაზგასმით საუბარს და რეალურად ყველა პლატფორმაზე, სადაც ის ისაუბრებს ადამიანის უფლებებზე, ერთ-ერთი წამყვანი თემა უნდა იყოს ლგბტქი ადამიანების უფლებები. რეკომენდაციები, რომლებზეც სახალხო დამცველი იმუშავებს, უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და ხანდახან მკვახეც, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. აქ არის პრობლემა ის, რომ არა ზოგადად ადამიანის უფლებების სტანდარტის განვითარება კარგია, ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანების ღირსების პატივისცემაზე და ხანდახან, სამწუხაროდ, მათი სიცოცხლის გადარჩენაზეც კი. 

მარიკა არევაძე: აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დღეს არ არსებობს და ამ კუთხით, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, სიძულვილის ენის დაძლევის მიმართულებით არის სამუშაო. 

გიორგი ბურჯანაძე: ორი მთავარი მიმართულება მგონია მნიშვნელოვანი. პირველი ცნობიერების ამაღლებაა, საზოგადოების ტოლერანტობისკენ მოწოდება ნებისმიერ სივრცეში და მეორეა უფლებადარღვევის შემთხვევებში პასუხისმგებელ პირთათვის პასუხისმგებლობის მოთხოვნა. ალბათ ეს არის ის, რაც, ასე ვთქვათ, აქტიურად უნდა განხორციელდეს და ამ ორის მიღმაც არსებობს საჭიროებები, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმებას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით, სასამართლოში შესაბამისი მოსაზრებების წარდგენას, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას. მთელი სპექტრი, პალიტრაა, რაც სახალხო დამცველის მანდატს აქვს და ალბათ ყველა მათგანის გამოყენება შეიძლება. 

ლელა გაფრინდაშვილი: პირველი, რასაც გავაკეთებ, მე, რა თქმა უნდა, გენდერის მკვლევარი ვარ და ამ დისციპლინას ვასწავლი წლებია უნივერსიტეტში, მაგრამ ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველს რაიმე მნიშვნელოვნის გაკეთების თვალსაზრისით სჭირდება უფრო მეტი კომპეტენცია, ვიდრე თეორიული, მას სჭირდება პრაქტიკულად დე ფაქტო რეალობაში რა პრობლემები აქვთ ამ ადამიანებს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება არა თეორიები, არამედ რეალობა და ამ რეალობის ამსახველი სრული სურათი იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. 

სოფიო დემეტრაშვილი: იყო საუბარი, რომ კანონმდებლობით მოხდეს გამოყოფაო. ამის წინააღმდეგი ვარ, არ უნდა მოხდეს გამოყოფა, გამორიცხულია, დაუშვებელია, მაშინ უნდა დაიყოს ყველა სექსუალური მსოფლმხედველობა და ყველას გარკვეული უფლება უნდა მიანიჭო ან უფლება უნდა შეუზღუდო. რა თქმა უნდა, ეს ყოვლად დაუშვებელია, ამიტომაც ვამბობ, მე თუ ვიქნები სახალხო დამცველი, ყველას სახალხო დამცველი ვიქნები, განურჩევლად მსოფლმხედველობისა, ნებისმიერი ნიშნისა. თუ იქნება დღის წესრიგში საჭიროება, რომ მათ სურთ აზრის გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, თუნდაც საჯარო გამოსვლები, თუნდაც ღონისძიების ჩატარება, ანალოგიური აი, იმ ულამაზესი ღონისძიების ჩატარება, რაც სხვა ქვეყანაში ტარდება, რა თქმა უნდა, არავითარი წინააღმდეგი არ ვიქნები და პირიქით, თუ ვინმე ამის წინააღმდეგი იქნება, მაქსიმალურად დავიცავ ყველას უფლებას, მათ შორის, იმისას, ვინც წინააღმდეგი იქნება და მაქსიმალურად ვეცდები, რომ თუნდაც საჯაროდ ავუხსნა, რომ ყველანი ვართ თანასწორები და ყველა მოვიაზრებით კონცეფციაში “ადამიანი”, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. 

თინათინ ერქვანია: ბოლო წლებია არ ვარ საქართველოში და გარკვეული დოზით ავცდი სოციალურ პრაქტიკას. თუმცა, ვადევნებ თვალყურს აქტიურად მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობ, მქონდეს დაწვრილებითი ინფორმაცია ამ ტიპის უმცირესობების უფლებრივი სტატუსის თუ მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ… ზოგადად, მაქსიმალურად ვეცდები მოქმედი კანონმდებლობა დაიხვეწოს იმ ხარისხით, რომ სექსუალური უმცირესობები თავს ჩაგრულ სოციალურ ჯგუფად არ აღიქვამდნენ… და ამავდროულად, იმ ფორმით, რომ ყოველივე ეს იყოს შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა სამართლის თანამედროვე მიღწევებთან. საერთოდ, უმცირესობების თემა ხშირად არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და სწორედ ამას ბოლო უნდა მოეღოს. და რა ფორმით? სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებრივი სტატუსის სრულფასოვნად განსაზღვრით და იმ მანკიერ სოციალურ პრაქტიკასთან ბრძოლით, რომელიც საქართველოშია. 

ევგენია თავაძე: მე ჩემი მხრივ ვეცდები, რომ უმცირესობების უფლებები დაცული იყოს იმ მხრივ, რომ უხეში ჩარევა არ იყოს. ყურადღებას გავამახვილებდი მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე, ადამიანის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე, თუ უხეშად ირღვევა, ამაზე გავამახვილებდი. სხვა მხრივ, ომბუდსმენს არა აქვს უფლება ჩაერიოს ინდივიდის ნებელობაში და ნებაყოფლობით ქმედებებში, თუ ის არ სცდება კანონს. 

ალექსანდრე კობაიძე: საზოგადოების შეკრება არის მნიშვნელოვანი. სახელმწიფომ მეტი უნდა იმუშაოს, რომ ადამიანები არ განვსხვავდებოდეთ შეხედულებისამებრ. მე შევასრულებ მედიატორის როლს. 

ლევან კოკორაშვილი: ჩემი მანდატის ფარგლებში, მაქსიმალურად გამოვიყენებ ყველა მოცემულ საშუალებასა და რესურსს, რათა დაცული იქნას სწორედ მაგ ჯგუფის უფლებები მაქსიმალურ, საკანონმდებლო დონეზე. მე ყველაფერს ვიზამ, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს საკუთარი უფლებების რეალიზება. მე ვარ კანდიდატი, რომელიც ბევრს ფიქრობს მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, ელგებეტე საზოგადოებაზე. ისინი საზოგადოებაა, ადამიანები, ხალხი არიან, არ შეიძლება მათი შევიწროება, მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და ა.შ. 

ნუგზარ კოხრეიძე: მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველმა თავის ბოლო ანგარიშშიც ასახა გარკვეული რეკომენდაციები, რასაც ვეთანხმები და ვთვლი, რომ ძირითადი მიმართულება ამ კუთხით უნდა შენარჩუნდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებასთან მუშაობა, ინფორმირებულობის გაზრდა, შიშებთან, მითებთან, არასწორ წარმოდგენებთან დაკავშირებით მუშაობა უნდა განვაგრძოთ, რათა გავზარდოთ მიმღებლობა. ამასთან, უნდა ვიმუშავოთ ლგბტქი თემის დაცვის მიმართულებით. ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვის, საცხოვრისის თვალსაზრისით მათი უფლებები არ არის დაცული და ამ ყველაფერს სჭირდება მუშაობა. პანდემიამაც გაამწვავა არსებული მდგომარეობა და ამ კუთხით გვჭირდება გაძლიერება. მე ვფიქრობ, რომ უკვე არსებული მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელია არ არის საკმარისი, უნდა ამუშავდეს რეალურად. მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ დავიწყოთ დიალოგი. აუცილებელია მუდმივი დიალოგის, განმარტების რეჟიმი. ჩვენ ერთობლივად ვქმნით საზოგადოებას და უნდა მოვნახოთ შეხების წერტილები, რომ შევამციროთ აგრესია, ზეწოლა, მიუღებლობა და ადამიანებს მივცეთ მეტი თავისუფლება. 

გიორგი მარიამიძე: ბევრ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აი, მართლმადიდებლობაა ყველაზე დიდი ბოროტება, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობამ მოაწყო ის დარბევა. გეთანხმებით, ფაქტი მოხდა და ძალიან ცუდი, მაგრამ ამას მართლმადიდებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ რწმენას, სიყვარულს ქადაგებს. თვითონ მაცხოვარი გვანახებს, რომ ქალის ჩასაქოლად რომ მივიდა მთელი სოფელი, პირველი იმათმა ესროლეთ, ვინც ნაკლები ცოდვილიაო. რა მაგალითი მისცა ქრისტემ? კი ბატონო, ამ ქალმა თქვენი წესები დაარღვია, ცუდად მოიქცა, მეძავია, კი ბატონო, მაგრამ შენ არ იქცევი ცუდად, რომ იტყუები, ვიღაცას ლანძღავ, საჩკაობ? ვინ ხართ უკეთესი? ჩვენ კიდევ ვებრძვით ამ ორგანიზაციას. ისინი სხვას კი არაფერს ამბობენ, ჩვენ გვიყვარხართ თქვენ და მოდი, თქვენ ნუ გვაიძულებთ, რომ აგრესიულები ვიყოთ. მე მქონია მოძღვრებთან საუბარი და უთქვამთ, რომ კაცო, ჩვენ მრევლში გვყავს ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, ასეთი გრძნობები აქვთ, ეს ადამიანები დადიან ეკლესიაში, ზოგი თვლის, რომ არ ვიცი, მაინც უნდა ეკლესიაში და სჭირდება სულიერი ხსნა და დადის და აცხადებს, რომ ასეთია და თუ მას სულიერი დახმარება სჭირდება, მოძღვარი უწევს ამ დახმარებას, თუ არის ისეთი, რომ არ სჭირდება, არ დადის. ეგრე ჰეტეროსექსუალების უმრავლესობაც არ დადის იქ. ვინ სადაც ჰპოვებს სულიერ სიმშვიდეს, იქ დადის. რომ ამბობენ, რომ ამათ სძულთ ასეთი ადამიანები, არ არის ასე. მე ვესაუბრე ამ ადამიანებს. უფრო ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ეს მცირე ჯგუფი ავლენს სიძულვილს. მე შეიძლება ჩემს უბანში არ ვუყვარვარ ბევრს, ვაკეში მით უმეტეს ან ვერაზე შეიძლება უფრო მეტს არ ვუყვარვარ, რადგან მე ნაძალადევის რაიონში ვცხოვრობ. რა ვქნა ახლა მე, გავიდე ვაკეში და დავიწერო, ვაკელებო, თქვენი დედაც, რატომ არ გიყვარვართ? არ იქნება სწორი. მე რომ, მაგალითად, შევდიოდი ციხეებში და პატიმრებს ვნახულობდი დალეწილს და დამტვრეულს და ყბაჩამოგდებულს და თვალდალურჯებულს რომ ვნახავდი, რომ მეკითხებოდა პატიმარი, რა ვქნათო, ვეუბნებოდი: რომ გავასაჩივროთ, ანუ უკიდურეს ზომას მივმართოთ და გავასაჩივროთ, ხვალ და ზეგ რომ მოვალ, შენ შეიძლება უკვე, ასე ვთქვათ, აქედან მორგში გატანილი გნახო, ხო? იმიტომ, რომ უარესად დაგლეწავენ, ამიტომ, მოდი სხვა მოვიფიქროთ რაღაც, ხო? უფლებისთვის ბრძოლისთვის თუ თავი დაკარგე, არაფერი გამოვა. მთავარი უფლება კი არა, ადამიანია, ჯერ ის არის დასაცავი. ანუ ბრძოლა გამოხატვისთვის, ეს არ მესმის. ბრძოლა ადამიანისთვის. სახალხო დამცველი უნდა ეცადოს, რომ მოუსმინოს ძალიან ბევრ ადამიანს, პოლიტიკურ ჯგუფს, აქტორს, რომელიც უფლებადაცვითი მიმართულებით არის და მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფოს. მაქსიმალური კომუნიკაცია ერთმანეთთან. პრობლემების მოგვარება ხელის დატკაცუნებით არ მოხდება, ევროპული ღირებულებებით ცხოვრება თუ გვინდა, რატომ ველოდებით, რომ მიგვიღონ ევროკავშირში, ახლავე დავიწყოთ ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. ჩვენ უნდა გავცვალოთ ინფორმაცია, მივხედოთ ერთმანეთს და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ყველა პრობლემაზე. მე ახლა, სამწუხაროდ, ლოკალურად, მომართვის საფუძველზე ვიცნობ ბევრ შემთხვევას, მაგრამ სახალხო დამცველი თუ გავხდები, ბევრად მეტი შესაძლებლობა მექნება, რომ მეტი ინფორმაცია მივიღო. 

სერგო მახარაძე: ჩემი უპირატესობა ისაა, რომ არჩევის შემთხვევაში ვაპირებ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობას, მათი გასაჭირის მოსმენას და ყველა გადაწყვეტილების მიღებას სათანადო გამოკვლევის საფუძველზე და არა, ვთქვათ, ცალმხრივად ან სადღაც მოსმენილის საფუძველზე და ასე შემდეგ. მხოლოდ და მხოლოდ გარემოებების სათანადო კვლევის საფუძველზე. 

მაკა მინდიაშვილი: სახალხო დამცველი ძირითადად ორიენტირებულია, ნუ ასე იყო, საჩივრების თემაზე, ხომ ასეა? საჩივრები რომ შედის მასთან, უნდა მიაქციოს ყურადღება. აი, ზუსტად ის საჩივრები საიდანაც წამოვა, იმ წრეში, იმ საზოგადოებრივ ჯგუფში არის პრობლემები, ხომ? საჩივრები ისე არ შემოვა, რასაკვირველია. აი, მაგ შემთხვევაში შეიძლება მონიტორინგის ჩატარება, პირადად საუბრები, პრობლემებზე საუბარი და აი, იმ პრობლემების პრევენცია უნდა მოხდეს, რადგან ზედაპირულად რაღაცების მოგვარება არის შეუძლებელი. 

ქეთევან ჩაჩავა: სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ვეცდები საზოგადოების წინაშე და განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებული სოციალური და ეკონომიკური თუ სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაში ჩემი წვლილის შეტანას პირველ რიგში ამ ჯგუფებთან მჭიდრო მუშაობით, მაქსიმალური ჩართულობითა და მუდმივი უკუკავშირით. მოგეხსენებათ, სახალხო დამცველის მნიშვნელოვან ფუნქციებს წარმოადგენს ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ვინაიდან ამისთვის საჭირო იქნება საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. 

გიორგი ცობეხია: როცა უფლებების განმტკიცებაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველის როლზე ვსაუბრობთ, უნდა ვიმსჯელოთ იმ სამი ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში, რა მიმართულებითაც სახალხო დამცველს შეუძლია იყოს პროაქტიული და აქტიური ზოგადად. პირველი საკონსტიტუციო სარჩელებია. ამ მიმართულებით ამჟამინდელი სახალხო დამცველის ადმინისტრაცია იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რადგან ყველაზე მეტი სარჩელი აქვს გაგზავნილი საკონსტიტუციო სასამართლოში ანუ გამოყენებული აქვს სახალხო დამცველის ის უფლებამოსილება, რომელიც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ და საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონით არის განმტკიცებული. მეორე — აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულ იმ უფლებებზე, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი განიხილავს საჩივრებს და ამავე დროს არამხოლოდ ამ საჩივრებს განიხილავს, არამედ პროაქტიულად აქვს უფლება, თუ მისთვის ცნობილი გახდება რაიმე შემთხვევა, ამ საკითხზე რეაგირება მოახდინოს. და თუ ამ შემთხვევის მოკვლევისას სისხლის სამართლის გარემოებები გამოიკვეთება, მიმართოს შესაბამის ორგანოებს და მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება. ამ მხრივ სახალხო დამცველის უფლებამოსილება კანონში მარტივად არის გაწერილი და ვიტყოდი, რომ არცთუ ისე ცუდად, მთავარია, როგორ ასრულდება. რაც შეეხება მესამე ნაწილს, უფლებამოსილების ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი უფლება, რაც სახალხო დამცველს გააჩნია, უფლება კი არა უკვე ვალდებულება ერთი მხრივ, ეს არის ადამიანის უფლებების შესახებ მისი ზედამხედველობითი საქმიანობის ფარგლებში წარადგინოს ანგარიში საქართველოს პარლამენტის წინაშე და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები შესაბამის საკითხებთან მიმართებაში, როცა ის აღმოაჩენს ადამიანის უფლებების მკვეთრ დარღვევას. ოღონდ, მესამე ნაწილში გვაქვს პრობლემა — ერთი, როგორც ბოლო ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია, ოფიციალური სტატისტიკა არსებობს და დათვლილია, სახალხო დამცველის რეკომენდაციების მხოლოდ დაახლოებით 65% სრულდება. აღსრულების მიმართულებით პრობლემები სერიოზულია, ეს პრობლემები თავს იჩენს იმ მიმართულებითაც, რომ სახალხო დამცველი გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს ხარვეზები აქ და ახლა, ხელისუფლებას ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შესთავაზა, რომ აგერ აქ გვაქვს პრობლემა და ვიძლევი რეკომენდაციას, რომ გამოსწორდეს, ეს ცვლილება განხორციელდეს, ესაა გასაკეთებელი, მაგრამ პოლიტიკური ნების არქონის გამო, რაღაც საკითხებზე რეკომენდაციები გაზიარებული არ იქნა. პრობლემა არის ის, რომ რეკომენდაციასთან, არაპირდაპირ იურიდიულ ძალასთან გვაქვს საქმე. ამ მხრივ, რა შეიძლება, რომ მოვიმოქმედოთ? ბუნებრივია, ჩვენ სახალხო დამცველის რეკომენდაციას იმპერატიულ ხასიათს ვერ მივანიჭებთ, ეს ასე ვერ იქნება, ასე არ არის მოწყობილი არცერთი სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელსაც სამყარო იცნობს. ასეთ მოცემულობაში, ჩვენ გვაქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ სახალხო დამცველის როლის წარმოჩენა საზოგადოებაში ისე მოხდეს, მისი მნიშვნელობა იმდენად გაიზარდოს, რომ რეკომენდაციის არშესრულება ნიშნავდეს გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდას საკანონმდებლო ორგანოს წევრებისათვის. აუცილებელია იმ ინსტიტუტის მეტად ინტეგრირება საზოგადოებაში, რომელიც მათ ინტერესებს აპრიორი დაიცავს. ჩემი აზრით, სახალხო დამცველის როლის გაზრდას დაეხმარება ერთი — ყველა დამეთანხმება, რომ 500 და 1000-გვერდიანი ანგარიშების წარდგენა, რომელშიც რეკომენდაციები არის რამდენიმე წინადადება, შეიძლება პროფესიულად დაინტერესებული ადამიანისთვის საინტერესო იყოს, მაგრამ ფორმაც კი ამ ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენის არის არასწორი. ამიტომ საჭიროა რაიმე ფორმატის მოფიქრება. ახლანდელი მდგომარეობით, სახალხო დამცველი ანგარიშვალდებულია პარლამენტთან, რაც არაპირდაპირი გზით ხალხთან ანგარიშვალდებულებას კი გულისხმობს, რადგან პარლამენტის შემადგენლობაც ემყარება ხალხს, მაგრამ საჭიროა შევქმნათ ხალხთან ანგარიშვალდებულების ერთგვარი პირდაპირი ფორმა. მაგალითად, პოლონეთს აქვს საინტერესო მექანიზმი — სახალხო დამცველი კვარტალში ერთხელ გამოდის ტელევიზიით და ხალხს წარუდგენს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს. ჩვენ შეგვიძლია ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებად ვაქციოთ, რომ გააშუქოს სახალხო დამცველის ანგარიში და მეორეს მხრივ სახალხო დამცველის შესახებ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ ის ვალდებულია კვარტალში ერთხელ, წელიწადში 4-ჯერ ქვეყნის წინაშე წარადგინოს ანგარიში. ეს შესაძლებლობას შექმნის, რომ ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია თუ სახალხო დამცველის ვალდებულებები ხალხისთვის მეტად ნათელი გახდეს. ამასთან, რეკომენდაციები იქნება ყველასთვის გასაგები და მათი შესრულების შესაძლებლობაც გაიზრდება. სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჯერაც განვითარების პროცესშია და აუცილებელია, რომ მისი საზოგადოებრივი გავლენის გაფართოება მოხდეს. ჩემი მიზანი სწორედ ამ ინიციატივების წარდგენაა, რომელიც სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააძლიერებს. კომისიამ საკმაოდ დაბალი შეფასება მომცა პოლიტიკური აქტივობების გამო, რაც ჩემთვის სასაცილოა, რადგან სახალხო დამცველს აქვს დიდი პოლიტიკური გავლენა და პოლიტიკური ელემენტებიც ცალსახაა. 

იაგო ხვიჩია: სახალხო დამცველის კომპეტენცია არის სახელმწიფო სტრუქტურებსა და ადამიანს შორის არსებულ კონფლიქტებში ჩარევა და იმის კონტროლი, რომელიმე უწყება ადამიანის უფლებებს ხომ არ არღვევს. ჩემი აზრით, ადამიანებს შორის კონფლიქტების გარკვევა არ არის სახალხო დამცველის საქმე, ამისთვის არსებობს სხვა დაწესებულებები, რომელთაც ეს ევალებათ. შეიძლება სახალხო დამცველმაც შეამოწმოს რაღაცნაირად, მაგრამ არა ის, რომ მეზობლებმა, ვიღაცებმა იჩხუბეს და გადაწყვიტოს მტყუან-მართალი. პირველ რიგში, ვაპირებ, რომ ვთქვა ღიად, მე ვარ პარლამენტის წარმომადგენელი, ვმოქმედებ მათი სახელით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევას დავინახავ. ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობის ის ტიპი, რომელიც ეხება ადამიანის თავისუფლების აღკვეთას, საპატიმრო დაწესებულებაში მათ მოხვედრას და ასე შემდეგ. მგონია, რომ ამ ადგილას არის მოქალაქისა და სახელმწიფოს შემხებლობა ყველაზე ცალსახა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოება დამაჯერებლად დავარწმუნოთ, რომ უფლებადარღვევებთან გვაქვს საქმე, როგორც პრაქტიკულ, ისე ნორმატიულ დონეზე ძირითადად ძალოვანი უწყებებისგან და იმ უწყებებისგან, რომელთა საქმიანობა ადამიანის თავისუფლების აღკვეთას უკავშირდება. ინდივიდუალურად შევისწავლით ყველა საქმეს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. 

ნაზი ჯანეზაშვილი: ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად სწორი კამპანიის გზით უნდა ვისაუბროთ არსებულ პრობლემებზე და არამხოლოდ ორგანიზაციებმა, ზოგადად, რათა საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გზა, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. სახალხო დამცველს რაც შეეხება, მან უნდა დაიცვას ყველა ის ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებით არიან საფრთხის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ვაცხადებ ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იქნება მართლმსაჯულება, რომელიც ვრცელდება ყველაზე იქნება ეს ლგბტქი ადამიანი თუ ნებისმიერი სხვა, რომელსაც სამეზობლო დავა აქვს სასამართლოში, ჭიანურდება პროცესი და მისი უფლებები ამ მხრივ ილახება. მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი არამხოლოდ სწორად უნდა რეაგირებდეს და იცავდეს ამ ღირებულებებს არადისკრიმინაციულობის ნაწილში და ამ პოლიტიკას უჭერდეს მხარეს, არამედ, ვფიქრობ, რომ მან ყველასთან, თითოეულ ადამიანთან უნდა შეძლოს მუშაობა, რათა საზოგადოების განწყობები, დამოკიდებულებები ამ საკითხებთან დაკავშირებით იყოს შესაბამისი, რაციონალური, არადისკრიმინაციული. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნებოდა უმცირესობების უფლებები, რადგან ამ ინსტიტუტის არსი ისაა, რომ ამ საკითხებს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, უნდა იყოს პრიორიტეტი, თუმცა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ეს. 

რას ფიქრობთ შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობის შესახებ და სახელმწიფომ როგორ უნდა იზრუნოს, რომ ამ უფლებით სარგებლობა მოხდეს?

ანა აბაშიძე: მანდატიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის პირველი ფუნქცია არის, რომ ძალიან ფხიზლად იყოს და დააკვირდეს ადამიანის უფლებების რეალიზების მდგომარეობას საქართველოში და დააკვირდეს იმ უწყებების მუშაობას, რომლებიც ვალდებულნი არიან იმოქმედონ, რომ ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში მისცენ საშუალება, უფლებით ისარგებლონ. ზედამხედველობითი ნაწილი არის სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ მეორე ის არის, რომ სახალხო დამცველი პროაქტიულად ხვდებოდეს ადამიანებს, პროფესიონალებს, სხვადასხვა პროფესიის, თემის წარმომადგენლებს და უზიარებდეს მის დამოკიდებულებას, მის წუხილებს და ეხმარებოდეს საზოგადოებას იმაში, რომ ჩაგვრითი ცხოვრების წესი ნელ-ნელა ჩაბარდეს წარსულს. რაც შეეხება სტანდარტს ადამიანის უფლებების, ყოველგვარი მაგრამების და ა.შ, ყველა ადამიანს აქვს ზუსტად ერთნაირი უფლება თვითგამოხატვის — რას ჩაიცვამს, როგორ გამოიყურება, რა იდენტობა აქვს და ასე შემდეგ, მათ შორის ისიც, ამას გააკეთებს საჯაროდ, შეიკრიბება სხვებთან ერთად, ტრანსპარანტებით, რომელ ქუჩაზე იქნება, სად იქნება, ეს უფლება ყველას მიემართება თანაბრად და არცერთი წინასწარგანწყობა, სტერეოტიპები, მასის მიუღებლობა და ა.შ. არ არის ის გამართლება, რომელიც ადამიანის უფლების შეზღუდვისას ვინმემ უნდა მოიხსენიოს. ამაზე უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ცალსახა ნებისმიერი ოფისი. 

მარიკა არევაძე: კანონით გარანტირებულია აზრის გამოხატვისა და შეკრების უფლება, თუმცა აღსრულების მიმართულებით გვხვდება პრობლემა, ამიტომ უმთავრესია, რომ შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მერე გეგმაზომიერად შესრულდება და ყველა ჯგუფს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, რომ მისთვის მინიჭებული უფლებით ისარგებლოს. 

გიორგი ბურჯანაძე: სახალხო დამცველის მთავარი როლია, ნებისმიერი თანამდებობის პირს შეახსენოს, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი შეკრება, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის, დაცულია და ბუნებრივია, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გამოთქვას აზრი, გამოვიდეს ქუჩაში, გამოხატვა უნდა იყოს დაცული. სახალხო დამცველის როლი კი შეხსენებაა, წინა წლის მაგალითი რომ გავიხსენო, გარკვეულ ჯგუფებთან მოლაპარაკებების წარმოება და ასევე, თუ ვინმე დაარღვევს, პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნა. 5 ივლისის საშინელი მოვლენები რომ გავიხსენოთ, ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორთა პასუხისგებაში მიცემას ვითხოვთ და პროკურატურას მივმართეთ წინადადებით, რომ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს ორი კონკრეტული პირის მიმართ, რომელთა მიმართაც არსებობს სტანდარტი საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერების შესაბამისად. 

ლელა გაფრინდაშვილი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა და არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოში არანაირი ჯგუფი, რომელსაც ეს უფლება ეზღუდება. სახელმწიფო ყველანაირად უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხოებას იმ მომენტში, როდესაც რომელიმე ჯგუფი ამ უფლებით სარგებლობს. 

სოფიო დემეტრაშვილი: მე არც გამოსვლის წინააღმდეგი ვარ, ან რა უფლება მაქვს, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიყო, მათ შორის, აქციას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ხდება, მგონი ჩვენთანაც არ უნდა იყოს მსგავსი პრობლემა. შესაბამისად ჩემთვის ყველა იდენტურია, განურჩევლად ყოველნაირი ნიშნისა. უპრობლემოდ, სწორედ მაგას ვამბობ, ჩემო კარგო, უპრობლემოდ, რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ავიღოთ აშშ თუნდაც, იქ გამოსვლები სრულიად ღიად, სრულიად საჯაროდ, ერთი სრული დღე ეთმობა მთლიანად, უზარმაზარი და ულამაზესი ღონისძიებაა, ალბათ გინახავთ, მგონი ტელევიზორში ყველას უნახავს. არანაირი წინააღმდეგობა არ გამაჩნია, ყველასთვის ღია ვარ. 

თინათინ ერქვანია: ძალიან მარტივია. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სოციალური ჯგუფის წევრი, ფლობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, გამართონ დემონსტრაცია საჯაროდ საკუთარი უფლებების დასაცავად. უბრალოდ, აუცილებელია დემონსტრანტების დაცვა ძლიერი საპოლიციო კორდონის მეშვეობით, საიმისოდ, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ექსცესი. ამასთან, რელიგიურ ფუნდამენტალისტებს, რომლებიც საერთოდ ყველა ქვეყანაში არიან და ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, როგორღაც ასევე უნდა ავუხსნათ სამართლებრივ ენაზე, რომ არღვევენ სხვათა ძირითად უფლებებს და რომ ეს საერთოდ არ არის შესაბამისობაში ქრისტიანობასთან. და ამავდროულად, ხელისუფლება უმკაცრესად უნდა მოეპყროს ყველა პირს, რომელიც შეეცდება ძალადობის პროვოცირებას სექსუალური უმცირესობების მისამართით! მე თვითონ მართლმადიდებელი ვარ და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია სექსუალური უმცირესობების ჩაგვრა, ისევე, როგორც რელიგიით „ახსნილი“ ძალადობა და რელიგიური ფუნდამენტალიზმი. თეოლოგიით ვარ დაინტერესებული ბავშვობიდან და არსად, არცერთ კომპონენტში ჩაგვრას, დევნას და ძალადობას გამართლება არ აქვს. ჩვენ უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქე თავს იგრძნობს დაცულად. ქრისტიანობით სექსუალური უმცირესობების ჩაგვრის გამართლება  ანტიქრისტიანობაა. ქრისტიანულ სოციალურ ეთიკაზე სტატიას ვწერ ეს დღეებია და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რელიგიური თუ პოლიტიკური განათლება და ზოგადად, განათლება ძალიან მოისაკლისებს საქართველოში. 

ევგენია თავაძე: სახელმწიფომ რა უნდა უზრუნველყოს?! თავისუფალი შეხვედრები ელჯიბიტის უმცირესობებში ისედაც არის გარანტირებული. მე ვამბობ, რომ თუ ელჯიბიტის შეეზღუდება, დავუშვათ, შრომითი უფლება, სამუშაო ადგილზე ჩაგვრაა, მაშინ მე ვიტყვი, რომ ესეთ ადამიანს ნამდვილად უნდა ჩარევა და უფლებების დაცვა. სხვა, მე ვფიქრობ, რომ არანაირი შეზღუდვა ელჯიბიტის არა აქვს. თავისუფლად გავლა, შეკრება და რაღაც ტერიტორიაზე მანიფესტაცია, რაღაც არეალში, ორგანიზებულად, არავის არაფერს არ ავნებს და მგონი მათ აქვთ ეს თავისუფლება მიცემული. [ჟურნალისტის მიერ წარსული გამოცდილებების, მათ შორის, 5 ივლისის მოვლენების აღნიშვნისა და იმაზე ყურადღების გამახვილების შემდეგ, რომ საჯარო სივრცეში შეკრება და მანიფესტაციას კონსტიტუცია იცავს] რა თქმა უნდა, ომბუდსმენი უნდა იყოს ყურადღებით და უნდა ეყრდნობოდეს, უხეში ჩარევა არ უნდა მოხდეს და უნდა ეყრდნობოდეს კანონმდებლობას, იმას მკაცრად უნდა ასრულებდეს. სხვა მხრივ, ინდივიდუალურ ჩაგვრას უნდა მიექცეს ყურადღება, ასევე, უნდა მიექცეს ყურადღება შრომითი უფლებების შელახვას. რა ხდება? თუ ინდივიდუალურად ამ ადამიანს აქვს უფლების შელახვა, ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. სხვა მხრივ, ის რომ თავისუფლად გაიაროს, შეიკრიბოს, აზრი გამოხატოს, ეს თავისუფლება აქვთ მათ. ის, რომ უზრუნველყოს, არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მოაგროვოს მანიფესტანტები მის ირგვლივ. მე ვხვდები, რასაც მეუბნებით, თქვენ გინდათ, რომ სახელმწიფომ მოაგროვოს მანიფესტანტები, უზრუნველყოს, რომ ფაქტობრივად მათი პროცენტული შემადგენლობა გაიზარდოს. [ჟურნალისტი აზუსტებს, რომ საჭირო დაცვის ბერკეტებზეა საუბარი და არა “მანიფესტანტების მოგროვებაზე”] ხომ არსებობს რაღაც პედაგოგიური დაჯგუფება, რომელიც ავრცელებს, რომ მე მინდა თქვენზე გავავრცელო, სხვა მხრივ, თავისუფლება აქვთ. 

ალექსანდრე კობაიძე: რაც შეეხება თავისუფალი აზრის გამოხატვას, როდესაც სახელმწიფო გისმენს და არაერთი დადასტურებული საქმეა, რომ გისმენს, პირველ რიგში სახელმწიფომ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ შენ, როგორც მოქალაქეს, არ გისმენდნენ. მე ვფიქრობ, რომ მოსმენები პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის თავისუფლებასთან, აზრის გამოხატვასთან, იმიტომ, რომ თუ სახელმწიფო არ მოგისმენს, გამოხატვის მეტი შესაძლებლობა იქნება. ადამიანს როცა განცდა აქვს, რომ სახელმწიფო უსმენს, ის გინდა-არ გინდა აღარ არის თავისუფალი. პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას. საჯარო შეკრებასთან დაკავშირებით, არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომელთა ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, ეს პირდაპირ არის შსს-ის პრეროგატივა. 

ლევან კოკორაშვილი: კონსტიტუციით გარანტირებული აქვს ყველას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც უნდა იქნას დაცული სახელმწიფოს მიერ. ყველა მონაწილე პირის უფლებები და უსაფრთხოება უნდა დაიცვას და უნდა მიეცეს ყველას თავისუფალ გარემოში თავისი თავი გამოხატოს და აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების მიზნით შეიკრიბოს, რა თქმა უნდა. 

ნუგზარ კოხრეიძე: საჯარო შეკრებისა და გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს, უნდა ისაუბროს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, რომ წინასწარი სამუშაოები ჩატარდეს, უზრუნველყოფილი იყოს პროცესები, რათა ამ ადამიანების გამოხატვის უფლების რეალიზება განხორციელდეს, მათ შორის, შესაბამის ჯგუფებთან, ადამიანებთან ურთიერთობაა აუცილებელი, რომლებიც ხელს უშლიან თვითგამოხატვის უფლებას. ხელისუფლებას კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა განხორციელდეს. 

გიორგი მარიამიძე: ნებისმიერი უფლების განხორციელება უნდა ემსახურებოდეს რაიმე მიზანს, თუ, მაგალითად, შეკრება ემსახურება ამ თემის უფლებების დაცვას და ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ დაცული იყოს უფლებები, კი ბატონო, მაგრამ განიხილება თუ არა სხვა საშუალებები იმისათვის, რომ შეკრება არ იყოს საჭირო. რადგან საზოგადოებაში ეს იწვევს მღელვარებას და ძალიან ბევრ საფრთხეს უკავშირებენ აი, ამ კონკრეტულ შეკრებას, ხომ არ არის მიზანშეწონილი, რომ რაიმე სხვა ფორმები მოინახოს უფლებების დასაცავად და რატომ მივმართავთ რადიკალურ ფორმას. საზოგადოებაში, ხალხში ვტრიალებ და ადამიანების არგუმენტია ასეთი, რა საჭიროა პრაიდის ჩატარება, მოდი, მოვნახოთ სხვა საშუალებები. საზოგადოების წევრები უნდა ვთანხმდებოდეთ ერთ რაღაცაზე, რომ ვიკრიბები უბრალოდ შეკრებისთვის, რადგან ასე მინდა თუ ეს შეკრება რამეს ემსახურება. თუ რაიმე კონკრეტული მიზანი მაქვს, ჩემი უფლებები ირღვევა და მე სხვა ნებისმიერი ფორმით ვერ ვიცავ, კი ბატონო, მაგრამ მოდი, ჯერ ვცადოთ სხვა საშუალებები და არ დავთესოთ შუღლი, რადგან რაღაც ნაწილი საზოგადოების თვლის, რომ თემი ზეიმობს გამარჯვებას რაღაცაზე, საზოგადოების მეორე წევრზე. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოების არცერთ ჯგუფს არა აქვს მორალური უფლება იმის, რომ იზეიმოს რაიმე გამარჯვება საზოგადოებასთან მიმართებაში, ასე გამოვა, რომ ერთიანი კი არა, მტრული საზოგადოება გვექნება, რაც ადრე თუ გვიან მივა ძალადობამდე. მე, მაგალითად, სამწუხაროდ არასდროს არ მქონია შეხება ამ თემის წარმომადგენელთან, უბრალოდ მესაუბრა, ხომ არ არსებობს რაიმე სხვა საშუალება, რომ დაცული იყოს უფლებები. ერთმა მხარემაც და მეორემაც რაღაც უნდა დათმოს, რომ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, რადიკალური მიდგომა არავის არგებს. ასეთი აზროვნება არცერთ მხარეს არგებს, რადგან მეორე მხარემ რომ ასე იაზროვნა, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ — გამოკიდებები, ცემა-ტყეპა და ასე შემდეგ, რის გამოც ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული. ახლა წარმოიდგინეთ, მე, როგორც სახალხო დამცველმა, ერთი მხრივ, უნდა ვთქვა, რომ ცემა-ტყეპა ამ ადამიანების ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ციხეში დაკავებულ ადამიანები უნდა მოვინახულო და მათ უფლებებზე ვიზრუნო. ასე რომ, თქვენც რომ არ იყოთ დასაცავი და არც ისინი, იქნებ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, იქნებ არსებობს სხვა საშუალებები. 

სერგო მახარაძე: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა ადამიანისთვის თანაბრად და, მათ შორის, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმდევრობის არის ადამიანი და რა სოციალური კუთვნილების. თანაბრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა უფლება. 

მაკა მინდიაშვილი: თქვენ გულისხმობთ პრაიდის თემას ალბათ, ხო? [ჟურნალისტი აკონკრეტებს, რომ საუბარი არ არის მხოლოდ პრაიდზე და იგულისხმება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება] ჩემი აზრი და ჩემი შეხედულება ცოტა კრიტიკული იქნება ამასთან დაკავშირებით, გეტყვით რატომაც. ახლა, ხვალ მაქვს მოსმენა და კითხვა იქნება, ეკუთვნის თუ არა ადამიანს საკუთარი სხეული? [ავტორის მითითება: აღნიშნულ კითხვას გირჩის წევრები სახალხო დამცველობის კანდიდატებს საპარლამენტო მოსმენისას უსვამდნენ] რა თქმა უნდა, ეკუთვნის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების აზრი, მათი მიდგომები და შეხედულებები, რომელ სოციუმშიც ვცხოვრობთ, ხომ ასეა?! თუ, დავუშვათ, ელგებეტე წარმომადგენელი პრაიდს აწყობს იმიტომ, რომ გამოხატოს ეს, თითქოს თავის თავისუფლებად მიაჩნია ხომ, თითქოს თავისუფლება და თავისი დამოკიდებულება, მაშინ, მოდი ხო, შენ რატომ მირღვევ თავისუფლებას მე, სწორი ორიენტაციის ვარ, მიმაჩნია ასე ხომ, რომ მე ვარ სწორი ორიენტაციის და, დავუშვათ, მიმაჩნია, რომ ელგებეტე არ არის სწორი ორიენტაციის ადამიანი, ხომ ასეა? იმას პირიქით მივაჩნივარ, ხო? დამოკიდებულება გვაქვს სხვადასხვა და მოდით, პროპაგანდას ნუ გავუწევთ ნურც ერთ დამოკიდებულებას. ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ამ შემთხვევაში პრაიდი არც სწორი ორიენტაციის ხალხისთვის არის საჭირო და არც არანაირი ორიენტაციის ადამიანისთვის. მე პრაიდს პირადად არ მივესალმები. 

ქეთევან ჩაჩავა: ყველა ჯგუფის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ისევე, როგორც გამოხატვის თავისუფლება სამართლებრივ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში უნდა იყოს დაცული. ეს არის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვადასხვა საერთაშორისო აქტებით დაცული უფლებები. ცალსახად, ამ უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს. კონკრეტულად, სამართალდამცავი უწყებების ფუნქციაა ამ უფლებების განსახორციელებლად უზრუნველყოს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. აქვე აღსანიშნავია სახელმწიფოს როლი ცნობიერების ამაღლების ნაწილშიც — სახელმწიფო აქტიურად უნდა მუშაობდეს საზოგადოებასთან ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური განწყობების გასაქარწყლებლად, რაც ასევე ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას. 

გიორგი ცობეხია: შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით გამოსავალი არის კონსტიტუცია. თუ ვამბობთ, რომ უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია, უნდა ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციით, რომ არ გამოვარჩიოთ ადამიანები ამა თუ იმ ნიშნით. ამ მიმართულებით კანონის ჩანაწერის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა პრობლემაა კანონის აღსრულება. სახელმწიფომაც და სახალხო დამცველმაც უნდა იხელმძღვანელოს კანონითა და კონსტიტუციით. 

იაგო ხვიჩია: ადამიანს აქვს უფლება ილაპარაკოს ის, რაც სწორად მიაჩნია. ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება. ამ უფლებას მე ვიცავდი ყოველთვის, ყველა პოზიციიდან, რითაც შემეძლო, როგორც სახალხო დამცველიც ამ პოზიციას დავაფიქსირებ და ვეცდები, რომ ის, რისიც მჯერა, პრაქტიკაში არ დავუშვა — დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან. დანარჩენი, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლება საკანონმდებლო დონეზე ჯერ-ჯერობით საკმაოდ დაცულია, ასევე, ვეცდები, რომ ამას ნაკლები საფრთხეები შეექმნას, რადგან პარლამენტშიც მიდის ხოლმე საუბარი სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ ახალ-ახალ კანონებზე. მე ვეცდები, რომ ამას წინააღმდეგობა გავუწიო. დავიცავ ყველა უფლებას, რომელსაც სახელმწიფო უნდა აზღვევდეს, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მტკივნეულ თემებს, მაგრამ თუ მეკითხებით, ვემხრობი თუ არა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრებას, რა თქმა უნდა, ვემხრობი და მეც ბევრჯერ მისარგებლია ამ უფლებით. 

ნაზი ჯანეზაშვილი: მახსოვს პერიოდები, როდესაც შეკრებები იმართებოდა, მაგალითად, პოლიციის თანდასწრებით, ჩუმად, ისე, რომ ფართო საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონდა იმ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რაც წარსულში უკვე გამოვცადეთ. ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, რადგან თავისუფლად შეკრებისა და გამოხატვის უფლება ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი მუშაობა. ეს, ჩემი აზრით, არ არის ერთდღიანი აქტი, ამას სჭირდება ხანგრძლივი, მუდმივი მუშაობა საზოგადოებასთან, ინფორმაციის მიწოდება, ისეთი კამპანიის დაგეგმვა, რომელიც საზოგადოებას უფრო მგრძნობიარეს გახდის იმ საკითხის მიმართ, რომ ადამიანები რეალურად არიან ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება სახალხო დამცველის მხრიდან, უნდა იყოს ფართო ჩართულობით, რომელშიც პირველ რიგში იქნება თემი ჩართული და საზოგადოებაც და ამ გზით, ერთობლივი ჩართულობით უნდა მოხდეს. შეიძლება ლამაზ ფერებში ვხატავ ახლა, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი იქნება მიღწევადი. 

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

სახალხო დამცველობის კანდიდატებს დამატებით ვკითხეთ, მათი აზრით, რამდენად ეფექტიანად ხდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მოკვლევა და ამ მიმართულებით რა ხარვეზები არსებობს.

ანა აბაშიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი და ნებისმიერი ადამიანი, ვისი მოვალეობაც არის, პირველ რიგში უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ადამიანებში სიძულვილის დონე მაქსიმალურ მინიმუმამდე დავიდეს. ასევე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კონკრეტული შემთხვევები შეისწავლონ და დამნაშავეები შესაბამისად დაისაჯონ. 

მარიკა არევაძის თქმით, ამ თემებზე სიღრმისეულად არ უმუშავია და დეტალების წარმოდგენა გაუჭირდება, თუმცა სახალხო დამცველად გახდომის შემთხვევაში ამ მიმართულებით ყველა კომპონენტს შეისწავლის. მსგავსი კომენტარი გააკეთა ლელა გაფრინდაშვილმაც და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იქნება “უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანებთან საუბარი და მათი ინფორმაციის გაზიარება”.

გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ “უნდა არსებობდეს სპეციალიზებული საგამოძიებო ორგანო, რომელიც მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი”. მისი თქმით, შსს-ში არის დეპარტამენტი, რომელიც მსგავსი საქმეების გამოძიებას მონიტორინგს უწევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სპეციალიზებული დანაყოფი არსებობდეს.

სოფიო დემეტრაშვილმა აღნიშნა, რომ „მთავარი პრობლემა, საიდანაც ყველა სხვა პრობლემა მომდინარეობს, არის განათლება, ინფორმირებულობა. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვების განათლება ამ მიმართულებით“.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შემცირების გზად სისხლის სამართლის მიმართულების გაძლიერება ესახება თინათინ ერქვანიას.

ევგენია თავაძემ კი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დანაშაულების სათანადოდ გამოძიება ვერ მოხდება, თუ დაზარალებული სათქმელს ბოლომდე ვერ აყალიბებს, აანალიზებს და “ადამიანს, სჭირდება ძალისხმევა”. 

ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, „გამოძიება არის ტენდენციური ანუ ვიღაცას სჯის კანონი, ვიღაცას არა”, რაც ასე არ უნდა იყოს, რადგან ასე ხდება დანაშაული წახალისება.

ლევან კოკორაშვილის თქმით, არის მოკვლევის გაჭიანურების შემთხვევები და სახალხო დამცველი თუ გახდება, ამ მიმართულებით აქტიურ მონიტორინგს აპირებს. მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა ნუგზარ კოხრეიძემ, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ როცა საქმე ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებს ეხება, საგამოძიებო უწყებები პრაქტიკულად არ იძიებენ მსგავს შემთხვევებს. მისი აზრით, “ეს დასახვეწია, გასაუმჯობესებელიც, თავად საგამოძიებო სისტემაში უნდა ჩატარდეს საინფორმაციო, საგანმანათლებლო გადამზადება, რათა განმასხვავებელი ნიშნების გამოვლენა შეძლონ”.

გიორგი მარიამიძე კი აცხადებს, რომ ძალადობის მოტივს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და სისხლის სამართალში მოტივს არ აქვს დიდი დატვირთვა: “მე ადამიანის ჩაცმულობა არ მომეწონა, ტუჩსაცხი, თმის ფერი არ მომეწონა, რა მნიშვნელობა აქვს, თუ კაცი მოდის კაბაში და ის არის მომეტებული საფრთხის მქონე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია ან რაღაცა სხვანაირი მიხვრა-მოხვრა აქვს და არა მამაკაცისთვის დამახასიათებელი და ასე შემდეგ და ამის გამო ვინმე ესხმის თავს, ეს კონკრეტული შემთხვევები ჩემთვის უცნობია”.

გიორგი მარიამიძის მსგავსად, მოტივი უგულებელყო იაგო ხვიჩიამაც და განაცხადა, რომ “სიძულვილით მოტივირებული მკვდარი და სიყვარულით მოტივირებული მკვდარი, ორივე მკვდარია და ორივე მკვლელობაა. და არ მესმის ლოგიკა, რომ ეს ორი განსხვავებულად უნდა განვიხილოთ”.

სერგო მახარაძემ გვითხრა, რომ სათანადო მოკვლევის გარეშე პასუხის გაცემა გაუჭირდებოდა, გიორგი ცობეხიამ კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია სახალხო დამცველის მანდატის ეფექტიანად გამოყენება.

მაკა მინდიაშვილმა კითხვის დასმის შემდეგ ზოგადად საზოგადოებაში არსებულ სიძულვილზე დაიწყო საუბარი: „ანუ ნებისმიერ დანაშაულზეა საუბარი? [ჟურნალისტი აკონკრეტებს, რომ საუბარია სიძულვილის მოტივზე] სიძულვილი. ჰმმ… კი, სიძულვილი ძალიან ბევრმა რაღაცამ გამოიწვია დღეს. ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ადამიანებს ერთმანეთი გვეზიზღება, არ ვიცი რატომ მოხდა ეს, რამ განაპირობა, არ ვიცი ფსიქიკური პრობლემები გვაქვს თუ რა“, — ჟურნალისტმა კანდიდატს განუმარტა, რას ნიშნავს სიძულვილის მოტივი, რის შემდეგაც მინდიაშვილმა ჰომოფობიური კომენტარები გააჟღერა — „მონიტორინგი აუცილებლად ჩატარდება ამასთან დაკავშირებით, ტრენინგი ჩატარდება სკოლებში განსაკუთრებით. არ შეიძლება ასეთი ადამიანების არც სიძულვილი და პირიქით, გვერდში უნდა ამოვუდგეთ, იქნებ რამ განაპირობა მისი ასეთი ქმედება, ხომ? ანუ ასეთი ცხოვრების წესი, დავუშვათ, რაღაცა ფაქტორებმა განაპირობეს და ჩვენ შეგვიძლია ასეთ ადამიანებს მხარში ამოვუდგეთ, ჩემი აზრი ასეთია“.

ქეთევან ჩაჩავამ აღნიშნა, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება გამოწვევაა და აუცილებელია, „ვიხილოთ აქამდე ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი მართლმსაჯულება”. მან მაგალითად მოიყვანა 5 ივლისის მოვლენები და თქვა, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ ორგანიზატორებიც.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებაში ერთ-ერთი პრობლემა არის მოსამართლეთა არაპროფესიონალიზმი და საჭიროა სასამართლოში, სამართალდამცავ უწყებებში დასაქმებული ადამიანების გადამზადება.

წინა

თბილისი პრაიდი და GDI აქტივისტურ სკოლას გამართავენ

შემდეგი

ომბუდსმენობის კანდიდატების ხედვა: ფემიციდი და უსახლკარობის პრობლემა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების