ოქტომბერი 2023 - Page 2

გირჩის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კანონმდებლობიდან სიტყვა “გენდერის” ამოღებას ისახავს მიზნად

/

26 ოქტომბერს 14:00-ზე პარლამენტში განიხილება პოლიტიკური პარტია გირჩის ინიციატივა, რომელიც ქართული კანონებიდან სიტყვა “გენდერის” ამოღებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივას პილიტიკური პარტია, რომლის სათათბირო ორგანოს 15 კაცი შეადგენს, ასაბუთებს არგუმენტით, რომლის მიხედვით სიტყვა “გენდერი” საქართველოს კანონებში “სქესის” მნიშვნელობით არის გამოყენებული. პარტიში სწუხან ამაზე და განმარტავენ, ბიოლოგიური სქესი მხოლოდ ორია, ხოლო გენდერი 107.

23-29 ოქტომბერი – ასექსუალი ადამიანების ხილვადობის კვირა

ასექსუალობა ფართო გაგებით ნიშნავს ადამიანის მხრიდან სექსუალური მიზიდულობის არ ქონას, ან მისი უმნიშვნელოდ განცდას. ასექსუალთა თემის უკეთესი გაგებისთვის, მნიშვნელოვანია შემდეგი ტერმინების ცოდნა:

ასექსუალი Asexual, შემოკლებით ACE – ადამიანი, რომელსაც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა ნაწილობრივ ან საერთოდ არ აქვს.

ალოსექსუალი Allosexual – ასექსუალის საპირისპირო ტერმინია და აღნიშნავს ადამიანს, რომელიც განიცდის სექსუალურ მიზიდულობას.

ნაცრისფერი ასექსუალი Gray asexual – ადამიანი, რომელიც იმყოფება „ნაცრისფერ ზონაში“ ასექსუალობასა და ალოსექსუალობას შორის. ამ ტიპის ასექსუალები განიცდიან სექსუალურ მიზიდულობას იშვიათად ან მხოლოდ განსაზღვრულ გარემოებებში.

დემისექსუალი Demisexual – ასექსულობის სპექტრს მიეკუთვნება, როდესაც ადამიანი განიცდის სექსუალურ მიზიდულობას მხოლოდ მაშინ, როდესაც მჭიდრო ემოციურ კავშირშია პარტნიორთან.

2021 წელს HRC (Human Rights Campaign) -ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ასექსუალების 82%-მა განაცხადა, რომ მათი ყველაზე პრიორიტეტული საზრუნავი საკითხია საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება, მათ შორის დეპრესიისა და შფოთვის სახით. აღნიშნული პრობლემების სათავეა ასექსუალობის მიმართ არსებული მითები და დამაკნინებელი დამოკიდებულება. მათ ხშირად ეუბნებიან, რომ უბრალოდ ჯერ არ შეხვედრიათ შესაბამისი ადამიანი, სთავაზობენ სექსს „გამოჯანმრთელების“ მიზნით.

სინამდვილეში ასექსუალობა – ერთ-ერთი იდენტობაა. სექსუალური მიზიდულობის არ არსებობა არ უშლის ადამიანს ხელს დატკბეს ცხოვრებით, მიიღოს სიამოვნება, კმაყოფილება ადამიანებთან ურიერთობებით.

ასექსუალი ადამიანების კიდევ ერთი პრობლემაა ის რომ თემი ძალიან უხილავია ან/და ნეგატიურად არის  წარმოჩენილი მედიაში, ძირითადად საკუთარ თავში დაურწუმენებელი ადამიანების სახით.  შედეგად ასექსუალ ადამიანს შეიძლება დაუქვეითდეს თვითშეფასება და თავდაჯერებულობა, განიცადოს ქრონიკული სტრესი.

23-29 ოქტომბერი ასექსუალი ადამიანების ხილვადობის კვირაა, რა დროსაც სხვადასხვა მედიები ასექსუალ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

წყარო: https://www.hrc.org/resources/understanding-the-asexual-community

NHL-ის მოთამაშეებს მისცეს უფლება გამოიყენონ პრაიდის ლენტები თამაშის დროს

/

NHL-ის მოთამაშეებს მისცეს უფლება გამოიყენონ პრაიდის ლენტები თამაშის დროს. ჰოკეის ეროვნული ლიგა (National Hockey League), მოთამაშეთა კავშირი და ინკლუზიის კომიტეტი შეთანხმდნენ, რომ ცისარტყელის ფერებიანი ლენტის აკრძალვა თამაშის დროს უნდა გაუქმდეს, მას შემდეგ რაც აკრძალვამ სპორტის სფეროში ლგბტქი აქტივისტების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. ამიერიდან მოთამაშეებს ექნებათ უფლება გამოიყენონ პრაიდის ფერებიანი ლენტი სათამაშო ჯოხებზე.

„ყველას ვუხდით დიდ მადლობას, ვისაც სჯერა, რომ ჰოკეი უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და კეთილგანწყობილი სივრცე ყველასთვის,“  – განაცხადეს  Pride Tape-ის შემქმნელებმა სოციალური მედიაში. „ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოთამაშეებს ახლა ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოხალისეობრივად ჩაერთონ სოციალურ ინიციატივებში მთელი სეზონის განმავლობაში.“

წყარო: nbcnews.app.link/9JQ1JQfnaEb

გორის ქალთა კამერული გუნდი ევროპალიის ფესტივალში მონაწილეობს

//

საერთაშორისო ფესტივლაზე EUROPALIA, რომელიც ბელგიაში მიმდინარეობს, მონაწილეობას იღებს გორის ქალთა კამერული გუნდი ანსამბლ „ბასიანთან“ და სახელმწიფო გუნდთან ერთად, სადაც 25, 26 და 28 ოქტომბერს სამ კონცერტს გამართავს.

29 ოქტომბერს კი წარსდგება ორგანყოფილებიანი სოლო-კონცერტით ბრიუსელში, სადაც შესრულებული იქნება როგორც ქართველი  კომპოზიტორების ნაწარმოებები (მ. გაგნიძე, გ. ჩლაიძე, ი. კეჭაყმაძე, ჯ. ბეგლარიშვილი), ასევე ქართული ხალხური სიმღერების ურთულესი ნიმუშები ვოლჰორნის ტაძარში.

https://www.obf.be/de/component/jem/event/317-gorichoir?Itemid=145

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ WHO აღაიარა Outsport მეთოდი

/

Outsport – პირველი ევროპული ინიციატივაა, რომელიც მიმართულია სპორტში ჰომოფობიური და ტრანსფობიური შემთხვევების გამოვლენასა და აღკვეთაზე. ინიციატივა საკმაოდ ამბიციურია და მიზნად ისახავს სპორტული აქტივობები არა მხოლოდ ვარჯიშის, არამედ დისკრიმინაციასთან დაპირისპირების ინსტრუმენტად იქცეს. პროექტი ხორციელდება ინოვაციური, საგანმანათლებლო ღონისძიებების მეშვეობით, ხოლო ინიციატორი ქვეყნები არიან იტალია, შოტლანდია, გერმანია, ავსტრია და უნგრეთი. ინიციატივას აფინანსებს ევროპული კომისია და ერასმუს პლიუსის პროგრამა.

Outsport პროექტი ასევე მხარდაჭერილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ World Health Organization, რომელიც პირველად ისტორიაში აცხადებს, რომ ლგბტქი ადამიანების ინკლუზია, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს სპორტში ჯანმრთელობის საკითხების პოპულარიზებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს Outsport პროგრამას საკუთარ სახელმძღვანელოში Outsport Method.

Outsport -ის პროექტის მიზნებია:

  • სპორტში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება კამპანიების მეშვეობით.
  • სპორტის სფეროში ორგანიზაციების მართვის გაუმჯობესება, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციასთან  დაკავშირებით.
  • შესაძლებლობების ზრდა და განათლება შეუწყნარებლობის და დისკრიმიაციის ირგვლივ. ტრენერებისთვის და სპორტული ორგანიზაციების სხვა თანამშრომლებისთვის სასწავლო გზამკვლევის შემუშავება, სპორტში, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთან  ბრძოლისთვის.
  • თავად სპორტის პოპულარიზება და მისი ბულინგის, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ინსტრუმენტად ქცევა.
  • სოციალური ინკლუზიის და თანასწორი შესაძლებლობების წახალისება, სპორტული ორგანიზაციების მხარდაჭერა ევროკავშირის სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში.
  • ახალი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებით ევროკავშირის სამოქმედო გაგმისთვის სპორტში (EU Work Plan for Sport), რომელიც დაეფუძნება ევროკავშირის გენდერული თანასწორიბის სტრატეგიას და ევროკავშირის სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს.

გამოყენებული წყარო: https://www.out-sport.eu/

სემ სმიტისა და ჩარლი XCX-ის დუეტი უკვე ჰიტი გახდა

/

ინგლისელმა პოპ ვარსკლვავმა ჩარლი XCX-მა გრემის ჯილდოს მფლობელთან, სემ სმიტთან ერთად ახალი სინგლი – „In the City” ჩაწერა.

სინგლის გამოსვლამდე, აგვისტოში, ორივე მომღერალმა გამოუშვა სიმღერის თიზერი და აღნიშნული კოლაბორაცია დაანონსა, რასაც  სოციალურ ქსელში ბევრი სიძულვილის შემცველი კომენტარი მოჰყვა, რომელიც  სემ სმიტს მიემართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ  ჩარლი XCX-ის თქმით, მას აქამდე არასდროს ენახა მსგავსი სიძულვილის ნიაღვარი, იგი მხარს უჭერს ქვიარ ადამიანებს, არ აპირებს უკან დახევას და აღფრთოვანებულია სემ სმიტის სიძლიერით. „მიყვარხარ, სემ, მიყვარს ჩვენი ერთობლივი ნამღერი და გაოცებული ვარ შენი სიძლიერით“ – ამბობს ჩარლი XCX.

 

 

გამოყენებული მასალა: https://www.thepinknews.com/2023/10/20/sam-smith-charli-xcx-in-the-city-fan-reaction/

 

 

16 წლის არმიტა გარავანდ “მორალის პოლიციის” მხრიდან ცემის შედეგად გარდაიცვალა

/

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს არმიტა გარავანდ და მისი ორი მეგობარი გოგო დაექვემდებარა ფიზიკურ თავდასხმას „მორალის პოლიციის“ მხრიდან, სავალდებულო ჰიჯაბის არ ტარების გამო. პოლიციის ოფიცრების მხრიდან ცემის შედეგად არმიტამ დაკარგა გონება, ხოლო მოგვიანებით თავის ტვინში სისხლის გაჟონვის შედეგად ჩავარდა კომაში.

22 ოქტომბერს არმიტა 16 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირანის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულია ასევე არმიტას დედა.

ირანის მთავრობის წარმომადგენლები ახდენენ ზეწოლას არმიტას სკოლის მოსწავლეებზე, რათა მათ არ გაავრცელონ არმიტას მკვლელოვის ფაქტი მედია საშუალებებით.

წყარო: https://www.rferl.org/a/iran-teenager-morality-police-assault-brain-dead/32648971.html

“იყავით ჩვენი ხმა, გთხოვთ” – ქვიარების გაუსაძლისი მდგომარეობა აზერბაიჯანში

/

„იყავით ჩვენი ხმა, გთხოვთ“ – მოგვწერა ახალგაზრდა ქვიარ აქტივისმა, არტისმა და ავტორმა აზერბაიჯანიდან Alex Shah-მა და როდესაც ვკითხეთ თუ რა ინფორმაციის გაზიარება სურდა გააგრძელა:

„ლგბტქი თემის მდგომარეობა აზერბაიჯანში კრიტიკულია. ტრანსგენდერ ადამიანებს კლავენ, წვავენ, ქვიარ აქტივისტებს აპატიმრებენ და აწამებენ, ჟურნალისტებს, ვინც ცდილობს ამ ამბების გაშუქებას აკავებენ.

ჩვენ მუდმივად ვისმენთ სიძულვილით სავსე ჰომოფობიურ გამონათქვამებს მთავრობისა და ოპოზიციის ოფიციალური წარმომადგენლებისგან. ქვიარ აქტივისტები ძალიან ცოტანი არიან და ყველას ეშინია გააპროტესტოს ის რაც ხდება. ქვიარები სამართალდარღვევების გასაჩივრებისგან თავს იკავებენ. განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანები, რადგან ისინი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას პოლიციის წარმომადგენლების მხრიდანაც აწყდებიან.

დისკრიმინაცია, ძალადობა, წამება აზერბაიჯანში მცხოვრები ქვიარების ყოველდღიურობაა რომელსაც ისინი ეჯახებიან პირველ რიგში ოჯახებში, შემდეგ განათლების და ჯანდაცვის სისტემებში. მათ სცემენ, ართმევენ დასაქმების შესაძლებლობას, თუნდაც ბარებსა თუ რესტორნებში. ტრანსგენდერი ადამიანები, სექს-მუშაკები, განსაკუთრებით ჯგუფებში, ექვემდებარებიან ფიზიკურ დევნას და დაპატიმრებას.

პირადად მეც ვიყავი სკოლაში ჰომოფობიური ბულინგის და წამების მსხვერპლი წლების განმავლობაში. ერთხელაც როდესაც მოსწავლეების ჯგუფი ფიზიკურად გამისწორდა, ვცადე ამ მოპყრობის გასაჩივრება სკოლის ადმინისტრაციასთან და პასუხად ჰომოფობიური გამონათქვამები მივიღე. ამ დღიდან საერთოდ დავკარგე სწავლის შესაძლებლობა და მომიხდა სკოლის მიტოვება. პოლიციის თანამშრომლებმა დახმარების ნაცვლად მიმანიშნეს, რომ თუ გავაგრძელებდი საკუთარ იდენტობაზე საჯაროდ საუბარს ჩემ სიცოცხლეს დაემუქრებოდა საფრთხე.“

ქვიარის განმეორებით კითხვაზე, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო რესპონდენტისთვის დამატებით, პასუხად ისევ მივიღეთ თხოვნა, რომ ჩვენი პლატფორმა გამოგვეყენებინა აზერბაიჯანში ლგბტქი თემის დევნის გასაშუქებლად.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით:

2017 წელს ორგანიზაცია Free (Azad) LGBT group-ის ღიად გეი თავმჯდომარემ, ისა შაჰმარლიმ თავი მოიკლა. იმავე წელს პოლიციამ აზერბაიჯანში დაიწყო ძალადობრივი კამპანია გეი, ბისექსუალი კაცებისა და ტრანსგენდერი ქალების დაპატიმრებების და წამების სახით.

               ისა შახმარლი – ღიად გეი კაცი, რომლის სიცოცხლე შეეწირა აზერბაიჯანში არსებულმა ჰომოფობიამ

Human Rights Watch -თან, აღნიშნული კამპანიის დროს დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ ადამიანებთან და  მათ ადვოკატებთან ინტერვიუს შედეგად გახდა ცნობილი, რომ ბაქოში 2017 წლის სექტემბრის თვეში დააკავეს ათობით ადამიანი საეჭვი ბრალდებებით, გამოიყენეს მათ მიმართ ცემა და ელეკტროშოკი, ითხოვნდენენ ფულად თანხებს ქრთამის სახით და ინფორმაციას სხვა გეების შესახებ. მთავრობამ არ უარყო რეპრესიები და გაამართლა ისინი მორალის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყალბი მოსაზრებებით.

იმავე წლის ოქტომბრის თვეში პოლიციამ რეიდების ფარგლებში დააკავა კიდევ 83 ადამიანი. Human Rights Watch – ის იურისტებმა დაადასტურეს 45 გეი, ბისექსუალი კაცისა და ტრანსგენდერი ქალის ვინაობა, ვისაც მიუსაჯეს ადმინისტრაციული სახდელი 30 დღით თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე 10 ადამიანის ვინაობა, ვინც დააჯარიმეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დაპატიმრებების ოდენობა მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ არსებობს ბევრი მსგავსი შემთხვევა, რომლის დოკუმენტირებას და განხილვას ისინი ვერ ახერხებენ. მედიაში გაჟღერებული, დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით საუბარი იყო 100-მდე დაკავებულზე.  Human Rights Watch – ის მიერ გამოკითხულთაგან ორი ადამიანი აცხადებდა, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყო წამება, ხოლო 34 დაკავებული სასამართლო სხდომებზე განმარტავდა, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყო სასტიკო მოპყრობა, მათ შორის ცემა, ცრუ ჩვენებების ხელმოწერის იძულება. ადვოკატები ასევე აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ტრანსგენდერ ქალებს გადაპარსა თავები.

საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA – Europe – ის ანგარიშის მიხედვით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები ლგბტქი თემის წევრების მიმართ 2022 წლის განმავლობაშიც წარმოადგენდნენ გამოწვევას. 2022 წლის მაისი-ივნისის თვეში ფიზიკური თავდასხმები განხორციელდა ბაქოში ტრანსგენდერი ქალების, გეი კაცების და გეი წყვილების მიმართ. პოლიციაში წარდგენილ იქნა ათამდე განცხადება, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. აგვისტოს თვეში ბაქოში სასტიკად მოკლული იყო ტრანსგენდერი ქალი. კიდევ ერთ ტრნასგენდერ ქალზე თავდასხმა განხორციელდა ნოემბრის თვეში. ამავე წელს აზერბაიჯანში რამდენიმე ახალგაზრდა ქალმა დაასრულა სიცოცხლე სუიციდით. მათგან ერთ-ერთმა 20 წლის ხევილ ატაკიშიევმა თებერვლის თვეში მოიკლა თავი, მას შემდეგ რაც დაექვემდებარა დაცინვებსა და მუქარებს საკუთარი ოჯახის მხრიდან, ვინაიდან სურდა საზღვარგარეთ სწავლა და გაასაჯაროვა მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო.

იმავე წლის იანვარში აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ტახირ კერიმლიმ განაცხადა: „ვიდრე მე ვიქნები დეპუტატი, ყოველთვის გავაპროტესტებ ამ საკითხს და წინ აღვუდგები სექსუალურ უმცირესობებს. ამის მოთმენა არ შეიძლება. საჭიროა ამ ტენდენციის ჩახშობა ჩანასახშივე.“

ILGA – Europe -ის 2023 წლის მონაცემების მიხედვით Rainbow Europe რუკაზე, რომელიც ქვეყნებში ლგბტქი თემის უფლებრივ მდგომარეობას  ყოველწლიურად ზომავს, აზერბაიჯანი კვლავ ბოლო ადგილზეა.

 

გამოყენებული წყაროები:

https://minorityaze.org/en/1321-queer-student-was-beaten-at-school?fbclid=IwAR1rBGb9OlzzBv1ReCCySaL-K9t0EiuXFAl_JvuZNLnMNheERKGHyemSZEg

https://www.hrw.org/news/2017/10/03/azerbaijan-anti-gay-crackdown

https://www.ilga-europe.org/files/uploads/2022/06/AZERBAIJAN.pdf

https://www.ilga-europe.org/report/rainbow-europe-2023/

 

 

 

 

 

ჯეიმი ლი კერტისი წლის ადვოკატად არის აღიარებული

//

ჯეიმი ლი კერტისის აზრით, ცხოვრება ორი არჩევანის წინაშე გვაყენებს: მივიღოთ თუ უარყვყოთ. უარყოფა დაკავშირებულია სიძულვილთან, მიღება სიყვარულთან. ის ირჩევს სიყვარულს და თავის ტრანსგენდერ შვილს, რუბის ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს.

2023 წლის ოქტომბერში, მსახიობს ცნობილმა ჟურნალმა „ადვოკატი“ წლის ადვოკატის ტიტული მიანიჭა.

ჯეიმი ლი კერტისი, ამერიკელი მსახიობი და მწერალი, დაიბადა 1958 წელს. 20 წლის ასაკში, მსახიობის როლში მიიღო მონაწილეობა ფილმი „ჰელოუინის“ გადაღებაში. ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რასაც მოჰყვა საშინელებათა ჟანრის სხვა ცნობილ ფილმებში გადაღება და „ყვირილის დედოფლის“ ტიტულის მიღებაც. შემდეგ კი სხვა ცნობილ ფილმებში მონაწილეობისთვის ოსკარის, ოქროს გლობუსის და BAFTA-ს ჯილდოს მიღებაც.

მსახიობი ცნობილია აივის ეპედემიასთან ბრძოლაში აქტიური მონაწილეობით, ბავშვთა სამედიცინო კლინიკების მხარდაჭერით. ის ასევე სხვადასხვა დროს ეხმარებოდა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე ქალთა სარეაბილიტაციო 12 ნაბიჯის პროგრამებს.

ჯეიმიმ და მისმა მეუღლემ, კომპოზიტორმა კრისტოფერ გესტმა იშვილეს ორი გოგონა ენი გესტი და რუბი გესტი. 2020 წელს რუბი გესტმა გააკეთა საჯარო ქამინგაუთი, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა. ამის შემდგომ ჯეიმი საჯაროდ ძლიერად უჭერს მხარს რუბის და ჩართულია ლგბტქი თემის უფლებების ადვოკატირების პროცესშიც.

წყარო: https://www.advocate.com/exclusives/jamie-lee-curtis-is-our-advocate-of-the-year?fbclid=IwAR0-UgmPJtMEw4Sn7h41ZDBYOgThaP2l4MWoXXDKkDT7miPmmAps1XzfmM0

 

უკრაინამ შესაძლოა ახლო მომავალში სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონი მიიღოს

/

გასული კვირის ბოლოს, ქვიარს დაუკავშირდა ანასტასია ალექსეევა, სცენარისტი და პროდიუსერი უკრაინიდან. ის წარმოადგენს საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც, ევროკავშირის მხარდაჭერით, გადაიღო დოკუმეტური ფილმი ქორწინების თანასწორობაზე უკრაინაში. ფილმში მონაწილეობენ ლგბტქი წყვილები, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები.

სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტი უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა 2023 წლის მარტში. კანონპროექტმა მიიღო უმაღლესი რადას პირველი კომიტეტის მხარდაჭერა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან წარდგენილი იყო არგუმენტი, რომლის მიხედვით კანონპროექტი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის კონსტიტუციის 51-ე მუხლს, რომლის თანახმად ქორწინება ეფუძნება ქალისა და კაცის თავისუფალ ნებას. თუმცა რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის და იუსტიციის სამინისტრომაც დაუჭირა მხარი კანონპროექტს. კანონპროექტის მიღებისთვის საჭიროა უმაღლესმა რადამ დაუჭიროს ინიციატივას მხარი პირველი მოსმენის დროს.

სამოქალაქო (რეგისტრირებული) პარტნიორობა – ადამიანებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის, და აქედან გამომდინარე, უფლებებისა და ვალდებულებების აღიარების ფორმაა. პარტნიორული ურთიერთობების რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ქვიარ, ასევე ჰეტერო წყვილებს (რედ.).

“ცხადია, ჩვენთვის მეტად მისაღები იქნებოდა თანასწორი ქორწინების შემოღება, თუმცა უკრაინის კონსტიტუციაში მითითებულია რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა და შესაბამისად, ამ ეტაპზე უფრო მარტივი და სწრაფი იქნება სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონის მიღება” – განმარტავს ანასტასია.

მისივე თქმით, მიმდინარე მომენტში, დაახლოებით 10 000 ლგბტქი ადამიანი უკრაინის სამხედრო სამსახურშია. ბევრ მათგანს ჰყავს პარტნიორი. „ხალხი იღუპება, არიან მძიმედ დაჭრილები, საჭიროა სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება, ასევე პარტნიორების მონახულება საავადმყოფოებში, ადამიანების დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ამ მწვავე საჭიროებებს პასუხებს ინიცირებული კანონპროექტი. ჩვენ ვიცით, რომ მას ძალიან მალე მიიღებენ. საზოგადოებაში რაიმე მძაფრი პროტესტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, ულტრამემარჯვენე რადიკალების მხრიდან იშვიათი გამოსვლებია და ისიც სოციალური ქსელების დონეზე.

რა თქმა უნდა ძალიან საწყენია, რომ კანონპროექტი არ იძლევა ბავშვზე მეურვეობის მინიჭების შესაძლებლობას და ეს საშინელებაა. წარმოიდგინეთ, ადამიანები იღუპებიან, ხოლო მათი შვილები ხანდახან ჰომოფობიურად განწყობილ ნათესავებთან ან სულაც სახელმწიფო ზრუნვაში რჩებიან იმის მაგივრად, რომ მათზე ზრუნვა მშობელმა გააგრძელოს, რომელმაც გაზარდა.

მიუხედავად, ამისა, მაინც პოზიტიურად ვუყურებ ამ პირველ ნაბიჯს და დიდი იმედი მაქვს სამომავლოდ ეს კანონიც დაიხვეწება.“

 

დამატებით გამოყენებული წყარო:

https://visitukraine.today/blog/2780/draft-law-on-civil-partnerships-what-it-is-and-what-it-will-regulate#:~:text=The%20draft%20law%20on%20civil%20partnerships%20was%20registered%20in%20the,not%20want%20to%20get%20married.

https://panoramic-gorgonzola-700.notion.site/THE-STRUGGLE-FOR-MARRIAGE-EQUALITY-IN-UKRAINE-EXPLORED-IN-NEW-DOCUMENTARY-SHOT-BY-UKRAINIAN-LGBTQ-A-661acd72facb4984ac872fe86e065a08