ოქტომბერი 2023

მუსიკალური თერაპია

მუსიკა ბევრი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანები იყენებენ მუსიკას, როგორც გართობის, რელაქსაციის, ყურადღების გადატანის საშუალებას, ასევე საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, ბევრი იყენებს მუსიკას საკუთარი მიზნების მიღწევის და ყოველიური საქმეების შესრულების მოტივაციის ამაღლებისთვისაც.

მუსიკას ნამდვილად აქვს შესაძლებლობა მსმენელში სხვადასხვა ემოციური მდგომარეობები გამოიწვიოს, შემატოს ენერგია, გააბედნიეროს ან პირიქით დაასევდიანოს ის. მუსიკა შეიძლება იყოს თერაპიულიც. მუსიკალური თერაპია აძლიერებს ძირითადი მკურნალობის ეფექტს და აუმჯობესებს თერაპიულ შედეგებს.

მუსიკალური თერაპიის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი თერაპიისას – იქნება ეს სტაციონარული, ამბულატორიული თუ ჯგუფური თერაპია. მისუკალური თერაპიის გამოყენება შესაძლებელია ნივთიერებების მოხმარების აშლილობისას (substance use disorders). შედეგად პაციენტებს უმსუბუქდებათ სტრესი, ისინი მეტად კონცენტრირდებიან გამოჯანმრთელებაზე, უფრო ადვილად აღწევენ თერაპიულ მიზნებს. ამასთან არ არის აუცილებელი გაიარაო მუსიკალური თერაპიის სპეციალურად შედგენილი პროგრამა იმისთვის რომ მუსიკის მოსმენისგან სარგებელი მიიღო, საკმარისია ისეთი მუსიკის შერჩევა, რომელიც ხელს უწყობს კარგ გუნებაგანწყობილებას, თუ რელაქსაციას.

მუსიკალური თერაპიის მიზნები შესაძლოა მოიცავდნენ:

  • პაციენტის ემოციური ადაპტაციის გაძლიერებას;
  • სტრესის შემცირების საშუალებით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას;
  • ისეთი უნარების გაუმჯობესებას, როგორიცაა საკომუნიკაციო უნარები, ყურადღება, მეხსიერება;
  • მსგავსი მუსიკალური ინტერესების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციაში ჩართულობის ხელსწყობას;

ნივთიერებათა მოხმარების აშლილობისას მუსიკალურ თერაპიის მეშვეობით შესაძლებელია:

  • ნარკოტიკული საშუალებების მიმართ ლტოლვის შემცირება, ტრიგერებთან გამკლავება;
  • ნეგატიური ემოციების – დანაშაულის განცდის, სირცხვილის, დეპრესიის, შფოთვის, ბრაზის მეტად ადვილად დაძლევა;
  • სტრესული სიტუაციების, სირთულეების დაძლევის პოზიტიური სტრატეგიების დასწავლა;
  • შინაგანი განცდების გამოხატვა;
  • კარგი განწყობის, თავდაჯერებულობის შენარჩუნება.

გამოყენებული ლიტერატურა: Music Therapy & Substance Abuse Treatment, American Addiction Center

იოჰანესბურგის პრაიდ მარში უგანდას ლგბტქი თემს მიეძღვნა, რომლის წინააღმდეგ სიკვდილით დასჯა შემოიღეს

/

 

იოჰანესბურგში, გასულ შაბათს, ჩატარდა პრაიდ მარში, რომელშიც 20 000 -ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ცეკვითა და სიმღერით უცხადებდნენ მხარდაჭერას აფრიკაში მცხოვრები ლგბტქი თემის ყველა წევრს, რომელსაც უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა არ აქვს.

პრაიდ-მარშის პირველ რიგებს მიუძღვებოდა უგანდადან დევნილი 25 წლის გეი ბიჭი -მანდელა სვალი Mandela Swali, რომელიც 2021 წელს დაპატიმრებული იყო ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში ყოფნის გამო. „ეს არის ის ოჯახი, რომელსაც მე ვიმსახურებ, და რომელთანაც ერთადაც მე კარგად ვარ“ – მიუთითეა მანდელა სვალიმ პრაიდ მარშის მონაწილეებზე.

მიმდინარე წლის მაისის თვეში უგანდამ მიიღო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კანონი ქვიარ თემის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს სიკვდილით დასჯას „ჰომოსექსუალობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში“. ერთნაირსქესიან წყვილებში ურთიერთობები კრიმინალიზებულია უგადნაში, ისევე, როგორ აფრიკის 30-ზე მეტ ქვეყანაში.

 

წყარო: https://rb.gy/80bp7

 

 

ირანში დააპატიმრეს აქტივისტი, რომელიც მოკლული არმიტა გარავანდის დაკრძალვაზე იმყოფებოდა

/

არმიტა გარავანდი 29 ოქტომბერს დაკრძალეს. ჟურნალისტების განცხადებით, რომლებიც დაკრძალვის გაშუქებას ცდილობდნენ, აცხადებენ, რომ დაკრძალვის ცერემონიის პარალელურად ირანის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა სცემეს და დააკავეს აქტივისტები, რომლებიც არმიტა გარავანდის მკვლელობას აპროტესტებდნენ. დაკავებულებს შორის არის უფლებადამცველი, იურისტი და აქტივისტი – ნასრინ სოტუდე.

არმიტას გარდაცვალების შემდეგ არ წყდებოდა პროტესტი, რომელიც რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა. 16 წლის გოგო სასიკვდილოდ დაშავდა თეირანის მეტროში, სადაც მას მორალის პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, რადგან ჰიჯაბის გარეშე იყო.

დაკრძალვის შემდეგ ირანის მასწავლებელთა ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო არმიტას სასტიკი მკვლელობა. “არმიტა და სხვა ქალები გახდნენ ჰიჯაბის აკრძალვის სამიზნე, რადგან თავიანთი სიმამაცით წინ აღუდგნენ ავტორიტარულ რეჟიმსა და იდეოლოგიას” – ნათქვამია განცხადებაში.

 

გამოყენებული მასალა: https://www.theguardian.com/world/2023/oct/30/iran-arrests-top-rights-lawyer-at-funeral-of-teenage-girl-who-died-after-metro-incident 

 

ღიად პრორუსულ, ძალადობრივ დაჯგუფებას თელავის სახელმწიფო თეატრმა სივრცე დაუთმო

/

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, „ღიად პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება. მას შეხვედრისთვის სივრცეს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიუილ პირებიც უთმობენ.“

„კონსერვატუილი მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელებმა საქართველოს რეგიონებში ვიზიტები მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დაიწყეს. შეხვედრები ჩატარდა თელავში, გორში, რუსთავსა და მცხეთაში. თელავში შეხვედრა ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა. შეხვედრისას, ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა „ანტიმაიდნის“ მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს.

წყარო: https://www.democracyresearch.org/geo/1329/

 

ILGA Europe-ის ყოველწლიური კონფერენცია წელს სლოვენიაში ტარდება

/

 

ILGA Europe-ის ყოველწლიური კონფერენცია წელს სლოვენიის დედაქალაქში, ლიუბლანაში ტარდება. კონფერენციას ესწრებიან მონაწილეები ევროპისა და ცენტრალური აზიის 54 ქვეყნიდან. ღონისძიების ფარგლებში ლგბტქი აქტივისტები მსჯელობენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ქვიარ მოძრაობის მდგრადობაზე, ტარდება სემინარები და ასევე სხვა სახალისო სოციალური ღონისძიებები.

ILGA Europe-ის აღმასრულებელი გამგეობა წელს დაკომპლექტდა ახალი წევრებით. წევრებს შორის არიან ქვიარ აქტივისტები – ნათია გვიანიშვილი საქართველოდან და მამიკონ ოვსეპიანი სომხეთიდან.

ყველამ თავად უნდა ვიპოვოთ თუ სად არის ჩვენი ბედნიერება – ინტერვიუ დაჩი შოშიტაშვილთან

/

დავიბადე თბილისში. პროფესიით ვარ ეკოლოგი, ჩემი ვიწრო მიმართულებით ორნითოლოგი. გარკვეული პერიოდი მივყვებოდი ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებსა და დოგმებს, რომ სკოლის შემდეგ უნდა ჩააბარო უნივერსიტეტში, შემდეგ მნიშვნელოვანია აიწყო კარიერა, რაც მუდმივ მუშაობასთან არის დაკავშირებული. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ოფისში სრული დატვირთვით მუშაობა ჩემთვის წარმატებას არ ნიშნავდა და არ ვიყავი ამით ბედნიერი, რომ ეს არ იყო ის ცხოვრება, რომელიც მინდოდა რომ მქონოდა. ამის შემდეგ გადავედი მუშაობის ისეთ სტილზე, როდესაც ვარ ფრილანსერი, აღარასდროს ვმუშაობ სრულ განაკვეთზე, უკვე 4-5 წელია. ჩემი საქმეა ველზე მუშაობა, ეს მაბედნიერებს და მიყვარს ყველაზე ძალაინ. ამავდროულად, მაქვს შესაძლებლობა, რომ გამოთავისუფლებული დრო გავატარო საკუთარ თავთან ჰარმონიაში, ვაკეთო ის რაც მომწონს.

ასეთი საქმიანობა აღმოვაჩინე აქ თეთრიწყაროში, სადაც ბავშვობიდან დავდიოდი არდადეგებზე და სადაც პანდემიის პერიოდში ოჯახთან ერთად ჩამოვედი ცოტა უფრო გრძელვადიანი პერიოდით. ამ დროს ჩემ ცხოვრებაში მოხდა გარდამტეხი ცვლილება. მთელი ოჯახი წავედით სოფელში, რაღაცა ხომ უნდა მეკეთებინა ეს პერიოდი, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ სოფელში გვაქვს, იყო  მოუვლელი, გამინდვრებული. დავიწყე იმით, რომ ნაკვეთი შემოვღობე, მერე დავამუშავე, მერე რაღაცა დავთესე. შედეგი მომეწონა, მეორედ ვცადე და უკეთ გამომივიდა. გამოცდილება დიდად არ მქონდა, რაც არ ვიცოდი იმაზე ვკითხულობდი. ინტერნეტში ყველანაირი რესურსი ხელმისაწვდომია ამ კუთხით. ინტერნეტით იღებ საბაზისო რჩევებს, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება ძალიან ინდივიდუალურია – ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუ რა ადგილას ცხოვრობ, როგორი კლიმატია, რა პროდუქტი მოგყავს და ა. შ. მაგალითად, რომელი მცენარე როდის უნდა დათესო, ამას უფრო შენი პრაქტიკით იგებ, ვიდრე წაკითხულით.

თავიდან, როგორც არის მიღებული, მავნებლებთან საბრძოლველად მეც ვიყენებდი ქიმიკატებს. შემდეგ ნელ-ნელა მივედი იმისა გააზრებამდე, რომ ეს არც ისე სასარგებლოა და წელს პირველი წელია, როდესაც არანაირი წამალი არ გამოვიყენე. კი, ამის გამო დანაკარგიც მქონდა, ბევრი რაღაცა შემიჭამეს მწერებმა, მაგრამ ის რაც გადარჩა არის სუფთა ბიოპროდუქტი, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით არის მოყვანილი.  მაგალითისთვის რომ ავიღოთ – კარტოფილს უჩნდება ისეთი მწერი, როგორიც არის კოლორადოს ხოჭო, რომლის მოშორება საკმაოდ რთულია და მას შეუძლია პრაქტიკულად გაანადგუროს მცენარე. თუმცა საწამლავი, რომელსაც ამ მწერის წინააღმდეგ იყენებენ არის ძალიან ტოქსიკური, მოწამლული ხოჭო შეიძლება მიირთვას შემდეგ მფრინველმა, ის ასევე ვრცელდება ირგვლივ ნიადაგში და კლავს ყველაფერს ცოცხალს. ასე რომ წელს მომიწია კოლორადოს ხოჭოს ხელით მოგროვება და ისე მოშორება. თუმცა ეს ამად ღირდა და არც დანაკარგი იყო იმდენად დიდი.  წელს მოვიყვანე: რამდენიმენაირი ჯიშის ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ბროკოლი, ჩვეულებრივი წიწაკა, ბულგარული წიწაკა, ათი სხვადასხვა ჯიშის პომიდორი, კიტრი, გოგრა ყაბაყი, მუხუდო, ბარდა, პრაქტიკულად ყველანაირი ბოსტნეული. ბადრიჯანი ვერ მოვიყვანე ერთადერთი.

რაც ბოსტნეულის მოყვანა დავიწყე, მას შემდეგ გავიგე თუ რა გემო უნდა ჰქონდეს ბოსტნეულს რეალურად, თუნდაც ჩვეულებრივ სტაფილოს. მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანელი არ ვარ, მაინც ძირითადად ბოსტნეულით ვიკვებები. მიყვარს ბოსტნეულისგან კერძების მომზადება. ძალიან კარგი ემოციაა, როდესაც შედიხარ ბოსტანში და იქ გხვდება შენი მოყვანილი პროდუქტი, ის რაც იქნება შენი საუზმეც, სადილიც და ვახშამიც. ძალიან კარგია ეს მომენტი, ამავდროულად მიწასთან მუშაობა დიდ შრომასაც მოითხოვს. ამის კეთება უნდა გიყვარდეს, სხვა შემთხვევაში გაგიჭირდება. როდესაც გიყვარს, მაშინ დაღლა მეორეხარისხოვანი ხდება, იმდენად დიდ სიამოვნებას იღებ პროცესიდან, დაწყებული დათესვით, შემდეგ მცენარის ზრდის ყველა ეტაპზე დაკვირვებით და ხელშესახები შედეგით დამთვრებული, მოსავლის მიღების სახით.

აქვე უნდა ითქვას, რომ ძალაინ მიყვარს მფრინველები, მათ შორის ქათმებიც. მიყვარს მრავალფეროვნება. ჩემი ყველა ქათამი ერთმანეთისგან განსხვავდება ფერებით – ორ ერთნაირს ვერ ნახავთ. დილაობით პირველ რიგში მათ ვუყრი საჭმელს და შემდეგ ცოტა ხანი ვზივარ და ვუყურებ, ვტკბები. ნათელი ფერების მიმართ ჩემი სიყვარული ასევე აისახება თუნდაც იმაში, რომ 10 ჯიშის პომიდორი დავთესე წელს. დიდ ენერგიას ვიღებ ამ მრავალფეროვნების ყურებით. სამყაროც ხომ ძალიან მრავალფეროვანია.

რაც შეეხება ბოსტნეულის მოყვანის პროცესს, ადრე ჩემს ბავშვობაში პაპა ბარავდა ხოლმე მიწას. ეს არის ძალიან მძიმე სამუშაო, რომელსაც ახლა ტრაქტორი აკეთებს. პატარა ადგილების დაბარვა მიყვარს, მაგრამ დიდ მონაკვეთს ფიზიკურად ვერ დაამუშავებ. მთელ ნაკვეთს ვხნავ ხოლმე შემოდგომაზე. ამის შემდეგ დამუშავებულ მიწას ყინული რომ მოარტყამს და მოყინავს, მიწა ძალიან ფხვიერი ხდება. გაზაფხულზე უკვე გაქვს ფქვილივით ნიადაგი, რომლის დამუშავებაც ადვილია. შემდეგ იწყებ დაგეგმვას, წელს როგორ უნდა გქონდეს გადანაწილებული შენი ნაკვეთი, მოსაყვანი კულტურების მიხედვით. მე ასე მაქვს – ერთ ადგილას ონკანთან ახლოს ვთესავ ისეთ მცენარეებს, რომლებსაც წყალი უყვარს. ესენია მაგალითად მწვანილი, ყაბაყი, კომბოსტო, წიწაკა, კიტრი, პომიდორი და ყველა სხვა შედარებით ფაქიზი მცენარე. შესაბამისად, გვალვაამტან მცენარეებს წყლისგან ცოტა მოშორებით ვთესავ.  თავიდან თეთრიწყაროში უკვირდათ, რომ თბილისიდან ჩამოსულ ადამიანს შეეძლო ასე მიწასთან მუშაობა. თავიდან სკეპტიკურადაც კი მიყურებდნენ. ბევრ აქაურ მაცხოვრებელს არ მოჰყავს თავისთვის ბოსტნეული და ყიდულობს. შემდეგ შეეჩვივნენ.

მიწასთან სამუშაოდ და ისედაც საკმაოდ ადრე ვიღვიძებ ხოლმე, ასე მირჩევნია დილით ადრე თუ ვიღვიძებ, შემდეგ ღამეც ადვილად მეძინება და კარგად მძინავს. დილის 7-8 საათიდან ვიწყებ მუშაობას და სადღაც 11-12 საათამდე ვმუშაობ, ვიდრე ძალიან დაცხება. გაზაფხულზე ძირითადად თესვით ხარ დაკავებული, გამარგვლა სულ გჭირდება -სარეველა ბალახების მოცილება. ამ სარეველა ბალახებსაც კი იყენებ შემდგომ, ერთია ამ ბალახებს ჭამენ ჩემი მფრინველები და კიდევ მულჩად ვაფენ მიწას. როდესაც მიწას მზის პირდაპირი სხივები ხვდება ნიადაგი ძალიან ადვილად შრება და ბევრი წყალი სჭირდება, ასე კი წყლის ეკონომიაც გამოდის და ქარიც სასარგებლო ნივთიერებებისგან ვერ ფიტავს მიწას. შუადღისით შეიძლება დაისვენო, ხოლო საღამოც ისეთი პერიოდია, რომელიც აქტიურად უნდა გამოიყენო. როცა განსაკუთრებით ბევრია სამუშაო ჩემი სამეგობროც ჩამომყავს ხოლმე თბილისიდან და ოჯახის წევრების მეხმარებიან.

ხანდახან მეკითხებიან, ხომ არ ვიწყენ სოფელში. ვპასუხობ, რომ არასდროს. ჩემი სოფელი ჩემთვის ის ადგილია, რომელზეც ძილის წინ ფიქრობ, როგორც სანატრელ ადგილზე, სადაც გინდა რომ აღმოჩნდე. ბავშვობიდან ასეთი იყო ჩემთვის თეთრიწყარო. წარმოიდგინეთ რომ შეიძლება თბილისიდან რაღაც ერთი საათის სავალზე ისეთ ადგილას აღმოჩნდე, სადაც არანაირი ხმა არ გესმის. ზიხარ და უბრალოდ სრული სიჩუმეა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ადამიანი ვარ, მეც ხანდახან მიჩნდება სურვილი განვმარტოვდე და უბრალოდ ვუსმინო სიჩუმის ხმას, უბრალოდ ვიყო ჩემთვის და არაფერზე ვიფიქრო. თბილისში სადაც არ უნდა იყო გამუდმებით გესმის ზუზუნი, რაც შეუმჩნეველია, მაგრამ საკმაოდ სტრესული.

ერთადერთი პერიოდი, როდესაც მიჭირს ყურადღება მივაქციო ჩემ მეურნეობას ესაა მაისის თვე, როდესაც ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე გასვლითი ტურები მაქვს და შეიძლება ერთი თვის განმავლობაში არ ვიყო სახლში. ასეთ დროს ჩემი ოჯახი, ყველაზე მეტად მამიდა მეხმარება და კიდევ ერთი მეზობელი, ხანშიშესული ქალი. ამ პერიოდში ვმუშაობ, ვარ მფრინველებზე დამკვირვებლების გიდი საქართველოში და სომხეთში. მფრინველებზე დამკვირვებლები საქართველოში ძირითადად დასავლეთი ევროპიდან ჩამოდიან. ჩვენ ვთავაზობთ თუ რა მფრინველების ჩვენება შეგვიძლია კავკასიის რეგიონში.

კავკასიის რეგიონი მდიდარია ბიომრავალფეროვნების მხრივ, მათ შორის მფრინველების მხრივაც. ამ სფეროში ინტერესი საქართველოს მიმართ და ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ტურისტები ჩამოდიან ძირითადად დასავლეთი ევრპიდან, ხანდახან ამერიკიდან და ავსტრალიიდანაც. გვაქვს შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სეზონური მარშრუტები. გაზაფხულის სეზონის მარშუტია ყაზბეგი, ვაშლოვანი, ჭაჭუნა, კუმისი, ჯანდარის ტბა, დავით გარეჯი და პრაქტიკულად მთელი სომხეთი.

შემოდგომაზე ბათუმი ხდება აქტუალური. ზოგადად ბათუმი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გადამფრენი, მტაცებელი მფრინველების რაოდენობით. 35  სახეობის მილიონნახევარზე მეტი მტაცებელი გადაუფრებს სახალვაშოს. ამ ადგილს კიდევ უწოდებენ „ბოთლის ყელს“. ჩრდილოეთიდან წამოსულ, მტაცებელ მფრინველებს აქ ხვდებათ კავკასიონის მთები, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლიან, რადგან ერთი მხრიდან შავი ზღვაა, მეორე მხრიდან კასპიის ზღვა. კავკასიონში შემოფრინდებიან, ცოტა დაბლა რომ წამოვლენ სამხრეთისკენ, ერთ მხარეს ისევ შავი ზღვაა, მეორე მხარეს მცირე კავკასიონის მთები,  უკვე დაღლილები არიან მთებზე ფრენით და ისევ მთებზე არ გადადიან, ზღვაზეც არ გადადიან, ცდილობენ ზღვის თავზე არ იფრინონ და ასე ვიწრო დერეფნის საშუალებით ყველა გადაუფრენს ბათუმს.

დაკვირვება ხდება მთის სოფლებიდან – სახალვაშოდან და შუა მთიდან. მთის წვერებზე გაკეთებულია სადამკვირვებლო პოსტები. სახალვაშოში ინფრასტრუქტურაც უკვე საკმაოდ განვითარებულია ამ მხრივ. სეზონზე რომ ჩახვიდე ძალიან ბევრ ტურისტს დაინახავ. ადგილობრივებიც ყველანი დაკავებულები არიან, საოჯახო ტიპის სასტუმროებს ამუშავებენ.

სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცი არ აქვს. ადამიანი, რომელიც ერთხელ ჩაიხედება ტელესკოპში, დაინახავს საოცარ სილამაზეს, მრავალფეროვნებას,  ბუნებით აღტაცებას, აღფრთოვანებას განიცდის, გამორიცხულია მას ხელახლა არ გაუჩნდეს ამის გამეორების სურვილი. შორიდან მფრინველებზე დაკვირვებას აზრი არ აქვს, მოშორებით შავი წერტილების სახით რაღაც რომ მოჩანს, ბუნებრივია ის ინტერესსაც არ იწვევს. სულ სხვაა, როდესაც ტელესკოპში ჩაიხედები. მფრინველების მიმართ ინტერესი  ბავშვობიდან  უნდა გაღვივდეს.

ფოტო/batumibirdfest.com

ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობ – „ბუნების კონსერვაცია საქართველოში“ მუშაობს სკოლებშიც. ბავშვები ძირითადად კუმისის ტბასთან მიგვყავს, რადგან თბილისთან ახლოსაა, იქ სხვადასხვა სახეობის იხვებია. ჩემი აზრით, იგივენაირად ბავშვობიდან შეიძლება დააინტერესო ადამიანი მიწასთან მუშაობით. ბავშვს უნდა დავანახოთ რომ ამ საქმიანობას, ბევრნაირ ჭრილში, პოზიტიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაზე და ყოფაზე.

ქვიარის მკითხველს ვეტყოდი, რომ არ მიჰყვეს იმ ხისტ წესებს, რასაც საზოგადოება თავს ახვევს, იმისთვის რომ იყოს ბედნიერი და წარმატებული. ჩვენ ყველამ თავად უნდა ვიპოვოთ თუ სად არის ჩვენი ბედნიერება.

 

 

 

 

ნატალია ვაწაძე: „მოძრაობა“ არის ყველას მოძრაობა ვინც თანასწორობის, სამართლიანობის და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს იზიარებს

/

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახლი ინიციატივა – „მოძრაობა“, რომლის ორგანიზატორებმა ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნეს შემდეგი განცხადება:

„ჩვენ, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ვერთიანდებით ერთმანეთისთვის,უსამართლობის, ცენზურის, არაპროფესიონალიზმის, რეპრესიების, და დიქტატის წინააღმდეგ!

ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი სიტყვის, შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებას.

ჩვენ ვიზიარებთ თავისუფალი შემოქმედების, თანასწორობის და სამართლიანობის ფასეულობებს.

ჩვენ ვიცავთ და ვქმნით ჩვენი ქვეყნის იდენტობას, და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი იდენტობით, შესაბამისად ჩვენი კულტურით!

ეს არის – თავისუფალ შემოქმედთა თავისუფალი პლატფორმა!“

1 ნოემბერს 16:00 საათზე „მოძრაობა“, საქართველოს პარლამენტთან, გეგმავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით „პროტესტი“. აქცია წარმოადგენს ჯგუფ ბულიონის ტრილოგიის „სოციალური აერობიკის“ მეორე ნაწილს, რომელშიც მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.

ჯგუფი ბულიონის და გაერთიანებული სახელოვნებო სექტეორის მოძრაობის „მოძრაობა“ წევრმა  ნატალია ვაწაძემ ქვიართან კომენტარი გააკეთა, დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით:

„ეს არის ჩვენი პერფორმანსი, რომელიც გვინდა გავაკეთოთ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. შეუძლია შემოგვიერთდეს ყველა, ვისაც აქვს სათქმელი და არ უსმენენ. ვინც წინააღმდეგობაშია უსამართლობასთან.

„მოძრაობა“ სახელოვნებო სფეროში დასაქმებული , ხელოვნების გულშემატკივარი ადამიანების გაერთიანებაა. მოძრაობა არის ყველას მოძრაობა ვინც თანასწორობის, სამართლიანობის და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს იზიარებს.“

 

 

 

ORLANDO, MY POLITICAL BIOGRAPHY – კინოჩვენება ამირანში

///

30 ოქტომბერს 19:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” პოლ ბ. პრესიადოს სადებიუტო ფილმის ORLANDO, MY POLITICAL BIOGRAPHY-ს ჩვენება გაიმართება. აღნიშნული ღონისძიებით დასრულდება DOCA 𝓕𝓲𝓵𝓶 𝓒𝓵𝓾𝓫-ის პირველი თემატური პროგრამა “რა გაანათებს ღამეს?”.

ფილმის 20-ზე მეტი პერსონაჟი გენდერული ტრანზიციის ამბავს ყვება. ფილმი, შეიძლება ითქვას, რომ ვირჯინია ვულფის იმავე სახელწოდების გახმაურებულ რომანზე „ორლანდოზე“ თამამი და მხიარული რეფლექსიაა. ფილმის ავტორი გვთვაზობს აღნიშნული რომანის კრიტიკურ გადააზრებას, თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით. ის ასევე გვაცნობს ახალ პერსონაჟებს, ვინც დღემდე უხილავი იყო.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ტრანს-აქტივისტთან ნატა ტალიკიშვილთან, რომელსაც მოდერაციას გაუწევს მკვლევარი ნატალია მჭედლიშვილი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე https://tkt.ge/show/15004/doca-film-club 

მეტი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/georgia.doca/posts/pfbid02iobgQvSYFUMrFdSYHq44VZ3AxPfDFztEKR2em3JGhbXdEz4gf2xzvKfaA2Qt83tEl 

 

Belgrade Pride-ის მოთხოვნები სერბეთის მთავრობის მიმართ უცვლელია

/

2023  წლის ბელგრად პრაიდმა Belgrade Pride წარმატებით ჩაიარა. პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება, მათ შორის პრაიდ-მარში, შედგა რაიმე შეფერხების გარეშე. მსვლელობაში მონაწილეობა დაახლოებით 10 000-მა ადმიანმა მიიღო.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ კიდევ ერთხელ საჯაროდ დავუჭირეთ მხარი ლგბტქი თემის უფლებებს. ჩვენ ვამაყობთ ადამიანების რაოდენობით, ვინც შემოგვიერთდა პრაიდზე და ამით დამაჯერებელი გზავნილი გააჟღერა რომ ბელგრადი მხარს უჭერს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას. ჩვენ გავაგრძელებთ სიყვარულისთვის და თანასწორობისთვის ბრძოლას ვიდრე ბელგრად პრაიდის ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.“ – ნათქვაია ორგანიზაცია ბელგრად პრაიდის განცხადებაში.

ბელგრად პრაიდის მოთხოვნები სერბეთის ხელისუფლების მიმართ შემდეგია:

ერთიდაიგივე სქესის ადამიანების სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონის მიღება Law on Same-Sex Partnerships;

გენდერული იდენტობის შესახებ კანონის მიღება Gender Identity Law და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება ტრანსგენდერი ადამიანებისთვის;

ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პასუხის გაცემა მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ გამონათქვამებზე, ასევე ლგბტქი ადამიანების მიმართ ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე;

სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება – ლგბტქი საკითხებზე ახალგაზრდების განათლება;

აივის ეფექტური პროფილაქტიკა პრე-ექსპოზიციური და პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის სახით (PrEP and PEP);

ასევე, ბოდიშის მოხდა სერბეთში 1994 წლამდე საკანონმდებლო დონეზე ადამიანების დევნისთვის მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძვლით;

 

წყარო: https://prajd.rs/en/

“ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ” – ინტერვიუ გეშტალტთერაპევტთან ნესტან ზურაბიშვილთან

მოცემული ინტერვიუ პასუხობს კითხვებს: თუ რა მიდგომით მუშაობს გეშტალტთერაპია, როგორ შეიძლება ვლინდებოდეს ადამიანში ფსიქოლოგიური ტრავმა და რით შეიძლება დაეხმაროს მას გეშტალტთერაპევტი ამ ტრავმის მოსაშუშებლად, ასევე რა სპეციფიურ პრობლემებს განიცდიან ქალები ოჯახში ძალადობის შედეგად და რას ნიშნავს კოლექტიური ტრავმა.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში სულ უფრო ხშირად გამოიყენება გეშტალტთერაპია. რას გვთავაზობს თერაპიის აღნიშნული მეთოდი? 

გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიული ერთ-ერთი მიმართულებაა, როგორც ფსიქოანალიზი, როგორც არტთერაპია, მიდგომაა – თერაპიული პროცესის მეთოდოლოგია. ფსიქოთერაპევტები ზოგადად ირჩევენ თუ რა მიდგომით იმუშავებენ კლიენტებთან, პაციენტებთან. გეშტალტთერაპიას აქვს საკუთარი მსოფლმხედველობა და აქცენტები,   ჰუმანისტურ ღირებულებებზეა დაფუძნებული, კლიენტზე, მის საჭიროებებზე ცენტრირებულია.

ეს მიდგომა აღიარებს რომ კლიენტი არის საკუთარი სიტუაციის ექსპერტი. უკვე აქედან გამომდინარეობს ურთიერთობის ფორმაც, რომლის მიხედვით კლიენტი და თერაპიევტი თანასწორ, თანამშრომლობით ურთიერთობაში არიან. ეს არის ორი ადამიანის შეხვედრა – თუ თერაპევტმა იცის როგორ დასვას კითხვა, როგორ წარმართოს პროცესი, სამაგიეროდ კლიენტმა იცის თავისი სიტუაცია და ის არის უნიკალური უნარების მქონე ადამიანი, რომელიც უმკლავდება იმ სირთულეებს რაშიც ცხოვრობს, ისე როგორც ახერხებს. ამის აღიარებაზე, მიმღებლობასა და პატივისცემაზე დგას თერაპევტის დამოკიდებულება. 

 

თერაპიული მიზნების დასახვა როგორ ხდება პრაქტიკაში? 

როდესაც ადამიანი ფსიქოთერაპიაზე მიდის ის რაღაცას უჩივის, რაღაცას ვერ ახერხებს ისე როგორც უნდა რომ ახერხებდეს. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მოდიან ადამიანები ფსიქოთერაპევტთან. ცხოვრების ხარისხში შეიძლება სხვადასხვა რამ ვიგულისხმოთ, მაგრამ ერთი არის ის რომ ადამიანმა უკეთ შეძლოს სიტუაციებთან გამკლავება და საკუთარ საჭიროებებზე მეტი ზრუნვით იცხოვროს. განზრახ არ ვამბობ რომ ბედნიერი იყოს ან წარმატებული იყოს, შეიძლება ადამიანი რაღაცით არ იყოს ბედნიერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მისი სიცოცხლის ხარისხი დაბალია. რომ დავუბრუნდეთ კითხვას თერაპიის მიზნათან დაკავშირებით, როგორც წესი, ადამიანი თავად გეუბნება რისთვის მოვიდა. რამდენად ნათლად ხედავს საკუთარ მიმდინარე საჭიროებას და ახერხებს ჩამაყალიბოს ეს სხვა საკითხია და რა საჭიროებებს ხედავს თერაპევტი ეს კიდევ სხვა შეიძლება იყოს. მაგალითად მოდის პაციენტი და გეუბნება რომ თავის მეწყვილესთან სურს ურთიერთობების დალაგება, შენ კი ხედავ სხვა პროცესებს, რაც მიმდინარეობს პიროვნებაში, რის გამოც შეიძლება ზედაპირზე გამოიხატებოდეს პარტნიორთან პრობლემაში.  ნებისმიერ შემთხვევაში გეშტალტთერაპევტი იწყებს იმ მიზანზე მუშაობას, რასაც კლიენტი აჟღერებს, ელემენტარულია რადგან ეს მისი სურვილია. ამასთან გეშტალტთერაპიის მიდგომით ფსიქოთერაპევტის ნებისმიერი ჰოპითეზა კლიენტის საჭიროებებთან დაკავშირებით მაინც  მხოლოდ ჰიპოთეზაა. ის რა თქმა უნდა ღირებულია და ფსიქოთერაპევტი ვალდებულიცაა გააანალიზოს კლიენტის სიტუაიცია და დასკვნებიც გამოიტანოს, თუმცა ეს ყოველივე ფრთხილად უნდა გადამოწმდეს კლიენტთან, რამდენად ეს მისთვის ღირებულია, რამდენად შეესაბამება რეალობას. ამ გადამოწმებაში, დაშვებაში, რომ შენ შეიძლება ცდებოდე ისევ და ისევ ტივტივდება კლიენტის ექსპტერტობის საკითხი, რადგან მან უკეთ იცის. 

 

გეშტალტთერაპიის დროს რამდენად აუცილებელია ადამიანის ტრავმებზე მიდიოდეს მუშაობა? 

როგორც ანტუან დე სენტ ეგზუპერიმ თქვა – ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ის რაც ბავშვობაში დაირღვევა, დიდობაშიც გამოხმაურებას ჰპოვებს ხოლმე და როგორც არ უნდა ვიაროთ ყველა გზას ბავშვობამდე მივყავართ. თუმცა გეშტალტის სპეციფიკა ის არის რომ ცდილობს ყველაფერი აღიქვას მთლიანობაში. თერაპია შრეებს მიყვება ნელ-ნელა. შეუძლებელია ასე მარტივად დაასკვნა, რომ თუ ადამაინს აქვს რაიმე პრობლემა პარტნიორთან ეს ბავშვობაში მამასთან ურთიერთბების სირთულემ განაპირობა. გეშტალტთერაპევტი აკვირდება ყველა იმ საკითხს, რომელიც კლიენტისთვის აქტუალურია, არ ჩქარობს გააკეთოს დასკვნები. მოსმენილ იყო და გაგებულ იყო ეს ძალიან აკლია ყველა ადამიანს. კლიენტის მხრიდან ნდობა ეფუძნება მოსმენას და მიმღებლობას. მას შემდეგ რაც ადამიანი მოგენდობა, მას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი ჩაყვეს იმ სიღრმეებს, რომელიც მისთვის მტკივნეულია და ასე ადვილი გასაცნობიერებელი არ არის.  

 

თქვენი დაკვირვებით, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის რამდენად აქტუალურია ფსიქოლოგიურ ტრავმებზე მუშაობა? 

გეშტალტთერაპია აკვირდება იმას რაც შენ გაწუხებს, ეს შეიძლება იყოს გუშინდელ დღესთან ბმაში ან დღევანდელ დღესთან ბმაში. მაგრამ დღეს ადამიანს შეაწუხებს ყველა ჭრილობა, რომელიც არ არის მოშუშებული. შეიძლება ეს ჭრილობა შენ გუშინ მიიღე, ან გუშინწინ ან ათი წლის წინ, მაგრამ ის მტკივნეულია, რადგან არ შეხორცდა. კითხვას რომ დავუბრუნდე, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ტრამვირებულია. ამას არაერთი სპეციალისტი ადასტურებს და ჩემი გამოცდილებაც ამას ამბობს. ტრავმის გადამუშავებას პირველ რიგში მისი გაცნობიერება სჭირდება, შემდეგ რესურსები, რომ ის გადაამუშაო და შემდეგ, როგორც ჭრილობა, მოაშუშო და დატოვო ნაიარევად. აქ ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის სიტყვებს გავიმვიეორებ

ნუ გერიდებათ თქვენი ტრავმების, ეს მხოლოდ საამაყოა ვინაიდან ნებისმიერი მებრძოლი ადრე თავისი იარებით ამაყობდა. 

ჩვენ როგორც წესი ტრამვის განცდაში მარტონი ვართ. ამასთან, ბევრი სხვა ემოცია გვეფინება სირცხვილის, შიშის, მარტოობის, არასწორობის –  თითქოს ჩვენ რაღაცნაირად განვსხვავდებით, შეიძლება ვფიქრობდეთ რომ ის რაც შეგვემთხვა ჩვენი ბრალია. ანუ ტრამვის მატარებელი ადამიანი ძალიან ბევრი ემოციით არის დახუნძლული, ტრავმა მხოლოდ ტკივილი არ არის. ამ მეცნიერმა კი ერთი ფრაზით ტრავმის ლეგიტიმაცია მოახდინა, რომ კი შეიძლება მე ვიყო ტრამვირებული, მაგრამ შეიძლება ვიამაყო კიდევაც იმით რომ გადავრჩი. საკუთარი გამოცდილებით, მე ამას ასე ვხედავ, ვიდრე ჭრილობა გაქვს ვერ ამაყობ, რადგან ის გაწუხებს, აი როცა მოგიშუშდება და დაგრჩება ნაიარევი მაშინ შეგიძლია იამაყო, რადგან გაიარე გრძელი გზა გამთლიანებისკენ, ჭრილობის მოსაშუშებლად რესურსი გაიღე, თუნდაც ინტელექტუალური, ემოციური თუ სხვა. 

 

ტრავმას რაიმე დანიშნულება ხომ არ აქვს, მაგალითად ჩვენ შეგვახსენოს რაღაც მნიშვნელოვანი? 

კი, უდავოდ, უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს გამოცდილებაში გადავიტანეთ თუ კვლავ ემოციურად ცოცხალია. თუ ჩვენ ამ ფაქტის ასიმილაცია მოვახდინეთ, გავიაზრეთ და ჩვენი გამოცდილებაა უკვე, მაშინ მე ამით ვმდიდრდები და ვიზრდები. 

აქვე ვიტყვი რომ ტრამვმული გამოცდილების შედეგად ჩვენი ცნობიერება ადვილად ტრიგერდება და უნარი აქვს წაგვიღოს ისევ იმ ტრავმაში. ცნობიერება ხისტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერში შეიძლება დაინახოს მოუშუშებელი ტრამვის ტრიგერები. მაგალითად ვიღაცას ბევრჯერ მოუტყუებია ჩემთვის და შედეგად მე უკვე ძალიან ყურადღებით ვარ და სულ ვაკვირდები ხომ არ ცდილობს სხვა ადამიანი ჩემ მოტყუებას – აი ცოტა უზუსტობა მითხრა და გამიზნულად ხომ არ აკეთებს ამას, ხომ არ იტყუება და ა. შ.  

 

როგორ შეიძლება ამოვიცნოთ დაუმუშავებელი ტრავმები, რაზეც სამუშაო გვაქვს?

გეშტალტი ყველაფერს დღვანდელი გადმოსახედიდან უყურებს. შეიძლება წარსულში მე რაღაც შემემთხვა, მაგრამ მე თუ ის გადავხარშე, მოვინელე, ჩემმა რესურსმა ან გვერდით მყოფი ადამიანის რესურსმა ეს გადამატანინა და უკვე გამოცდილებაშია გადასული, მე ის არ მტკივა და იმის გამოკვლევა აღარ არის საჭირო.  თუ მატრავმირებელი სიტუაცია მე დღესაც მახსენდება ცოცხლად, მახსენებს თავს და იწვევს ჩემში ინტენსიურ ნეგატიურ ემოციებს, თუ ჩემი ფიქრები იმ მოვლენებთან ადვილად ბრუნდება – შესაძლოა სამუშაო მქონდეს. 

ჩემი პირადი დაკვირვებით, ძილის წინ ვართ ძალიან მოწყვლადი, როდესაც ვდუნდებით და მოშვებულია ის რაც დღის განმავლობაში ჩვენ ყოჩაღად ყოფნას, თავდაცვის უნარებს განაპირობებს. სხვათაშორის ცოტა შფოთვიან ადამიანებს ამიტომ უჭირთ ჩაძინება, რადგან ძილის წინ დამცავი მექანიზმები დუნდება, ამოდის აზრები, რომლებიც ფორიაქს და უსიამოვნო განცდას იწვევენ. შემდეგ უსიამოვნო განცდებს გავურბივართ ტელევიზორს ან სერიალს ვუყურებთ, ან ვსქროლავთ, ან გაგვახსენდება რომ მაცივარში რაღაც ტკბილი გვიდევს. თუ ჩვენი აზრები, ჩვენი ემოციები უბრუნდება იმ ამბებს, ბევრ რამეში ვხედავთ იმის გამოხმაურებას, გვესიზმრება. 

ჩვენი გონება არასოდეს ჩერდება, ღამე ის ამუშავებს ყველა ინფორმაციას რაც გაგვაჩნია და ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიზმარი არის ის ინფორმაცია, რომელიც არ არის ბოლომდე გადამუშავებული და ის გვამახსოვრდება. თუ ტვინმა ინფორმაცია გადაამუშავა, ასიმილაცია გაუკეთა, ასე ვთქვათ შეირგო, დაალაგა თარეობზე და კმაყოფილია, მაშინ ის სიზმარი დაგვავიწყდება. ეს არ არის აქსიომა, თუმცა ერთ-ერთი თეორია ამას ამტკიცებს – თუ სიზმარი გახსოვს, ესეეგი შენ ტვინს ბოლომდე მოგვარებული ეს რაღაცა არ აქვს. ძილში ჩვენი ტვინი თავისუფალია ყოველგვარი წესების გარეშე წარმოსახვის მეშვეობით დაამუშავოს ის რაც მას აწუხებს და რაც სჭირდება. 

 

ბოლო წლები მეტად აქტიურად ისმის კიდევ ერთი ტერმინი – კოლექტიური ტრავმა, რა მოვლენაა ეს და რაც მოიცავს?

მოდი სულ თავიდან განვმარტოთ თუ რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა. როგორც წესი ფსიქოლოგიური ტრავმა ასოცირდება ისეთ დრამატულ მოვლენებთან, როგორიცაა ომი, ახლობლის დაკარგვა, გარდაცვალება. სინამდვილეში, ტრავმა არის ყველაფერი ის რასაც ადამიანი ვერ გაუმკლავდება საკუთარი ძალებით თუ სხვისი დახმარებით.  დედაშვილურ ურთიერთობებში შეიძლება იყოს შვილისგან ასეთი რამ “გახსოვს შენ რომ დამიყვირე”, დედას შეიძლება არც ახსოვდეს ეს ინცინდენტი და შვილისთვის შეიძლება მატრავმირებელი იყოს თუნდაც ეს ერთი დაყვირება, თუნდაც ერთი მიუღებლობა. შეიძლება ნახატი დახატოს ბავშვმა და მშობელმა უთხრას რომ ახლა შენი დრო არ არის. ეს შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, შეიძლება ჩვენ დავინახოთ რომ ბავშვებს ძალიან ადვილად შეიძლება მივაყენოთ ტრავმა, თუმცა მეორე მხრივ, საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ამის მოშუშებაც. მთავარია ურთიერთობაში ვიყოთ ადამიანებთან, ამ შემთხვევაში ბავშვებთან და დავინახოთ მათი იმპულსები. თუ ჩვენ ამ მტკივნეულ მომენტებს შემდგომში ლეგიტიმურობას ვანიჭებთ,  ვთქვათ ბავშვმა იტირა, იჩხუბა, ყველა გამოხატავს უკმაყოფილებას ან სურვილს ამა თუ იმ ფორმით, ნუ ვეტყვით რომ “ნუ ტირი”, “არ არის ამაში არაფერი სატირალი”, “რა გაჩხუბებს, რა უმადური ხარ, მე ხომ იმდენს გიკეთებ”, “ნუ ბრაზობ” და ა. შ.  მივანიჭოთ ლეგიტიმაცია მათ უარყოფით ემოციებს, მოვუსმენთ. შეიძლება მე ასი კარგი რამ გავაკეთე, როგორც მშობელმა, მაგრამ ის ერთი ბავშვს თუ ეტიკნა და მე მხარს დავუჭერ ის უკვე ამას ადვილად გადაიტანს. 

 

ზოგ ოჯახში მიიჩნევა, რომ ბავშვისთვის სასარგებლოა ცოტა უხეში მოპყრობაც კი, რომელიც რთულ რეალობას აჩვევს. ყველას გვსმენია ქართული ანდაზა “შვილი მტრად გაზარდე მოყვარედ გამოგადგებაო”. რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა?

უფრო მეტსაც ვიტყოდი, რომ არა თუ ზოგ ოჯახს, არამედ ზოგ თაობას ახასიათებს გარკვეული სიხისტე. ქართულ კულტურაშიც შენ უნდა გამოიწრთო, ბავშვობიდან გადალახო ყველანაირი სირთულე, ივარჯიშო სირთულეების გადალახვაში. წლების მანძილზე ბევრი დარჩა ასეთი მიდგომით ტრამვირებული, აღზრდის ეს მეთოდი არ გამოდგა მასიურად ბევრ შემთხვევაში. ბევრი ასეთი ადამიანი იწყებს თვითდახმარების, თვითრეაბილიტაციის გზების ძიებას. 

ტრავმა შეიძლება იყოს გამოწვეული ერთი დიდი მოვლენით ან განმეორებადი მრავალჯერადი მოვლენებით. ცალკე აღებული მოვლენა შეიძლება ადამიანმა გადაიტანოს, მაგრამ როდესაც ის ყოველდღიურად მეორდება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვეღარ მოერიოს. მაგალითად, როდესაც ადამიანის შესაძლებლობებში მუდმივად შეაქვთ ეჭვი ამით აზიანებენ მის თავდაჯერებულობას, თვითშეფასებას. ასეთი რამ ხდება ქალების მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან, ფსიქოლოგიური ძალადობის სახით. ქალს საკუთარ შესაძლებლობებში შეაქვს ეჭვი და მეტად ეყრდნობა მოძალადეს, რადგან მასთან ყოფნაში. მასზე დაყრდნობაში ხედავს გამოსავალს. როგორც წყლის ერთი წვეთი ვერაფერს უშვება ქვას, ხოლო თუ მუდმივათ წვეთავს ქვის გახვრეტაც შეუძლია, აქაც ასეა ერთჯერად მოვლენას რაც არ შეუძლია სამაგიეროდ მრავალჯერადად განმეორებად მოვლენას საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. მაგალითად ბავშვის მიმართ მუდმივად კრიტიკული გამონათქვამების გამოყენება მშობლების მხრიდან ან მასწავლებელი ერთ-ერთი მოსწავლის   იგნორირებას ახდენს მუდმივად. 

რაც შეეხება კოლექტიურ ტრავმას, ეს უკვე გლობალურ მასშტაბებს ეხება, რაც საზოგადოებისთვის საერთო მოვლენა იყო. მაგალითად საქართველოში სამოქალაქო ომი ან  90-იან წლებში საკვების დეფიციტი, უშუქობა, გაზის და გათბობის საშუალების არქონა და ა. შ.  ერთი მოვლენა, რომელიც ყველას შეეხო, მართალია ყველას ინდივიდუალურად, თუმცა მაინც საზოგადოების მასშტაბით იქონია გავლენა. მე მგონია, რომ გენეტიკური მეხსიერება აგროვებს რაღაც გამოცდილებებს, რაღაცა ტკივილებს და შემდეგ გინდა არ გინდა საზოგადოება იწყებს დაგროვებული პრობლემების მოგვარებას. ასეთმა ადამიანებმა მოგვიანებით ბევრ ჩემ კოლეგას მიმართეს დახმარებისთვის და მეც ბევრ ტრავმირებულ ადამიანთან მიმუშავია. სამწუხაროა ის რისი გადატანაც ამ ადამიანებს დასჭირდათ. 

 

როგორ ეხმარება გეშტალტთერაპია ადიქციის მქონე ადამიანებს? როგორ წარიმართება თერაპიული პროცესი? ამ პროცესში როგორ აღწევს ადიქციის მქონე ადამიანი წარმატებას? 

უნდა ვთქვა, რომ ძალიან ინდივიდუალურად. იმდენ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული რომ ძალიან რთულია რაიმე საერთო ორიენტირები გამოკვეთო. მნიშვნელობა აქვს იმას ადიქცია თუ რამდენად მძიმედ არის წარმოდგენილი, რამდენად მძიმე ტრავმებს აქვს ადგილი – ასე ვთქვათ რამდენად ძლიერია ის მოტივაცია რომ ადამაინი გაექცეს რეალობას ან რამდენად მოტივირებულია ახლა რომ სხვანაირად იცხოვროს, რამდენად მზად არის პრიორიტეტად აქციოს ადიქციის დაძლევა მიმდინარე მომენტში, ითანამშრომლოს – საკუთარი წვლილი შეიტანოს შედეგისთვის. ერთი რისი თქმაც შემიძლია რომ ეს გაკეთებადია. არ არის ადვილი პროცესი. ის არა მხოლოდ დროის არამედ ემოციურ რესურსსაც მოითხოვს. ტრავმა სადღაც ფონზე არსებობს, როგორც წესი მიყუჩებულია. ამის გადმოტანა, თვალის გასწორება გარკვეულ გაბედულებას, ძალისხმევას და სიყოჩაღეს მოითხოვს.  თუმცა ამ პროცესში მარტო არ ხარ, თერაპევტი დაგეხმარება, შეგაძლებინებს, შენ გვერდით იქნება. თავიდან თერაპია შეიძლება მტკივნეული პროცესიც იყოს, მაგრამ თუ ადამიანს ნამდვილად უნდა საკუთარი თავის ხელშეწყობა, შრომობს ამისთვის, ის მალევე ხედავს შედეგს. თერაპიას აქვს უნარი ჩაკეტილი წრე გაარღვიოს. ამ წრეში, მაგალითად, მოიხმარ ძლიერ ფსიქოაქტიურ საშუალებებს იმიტომ რომ ცუდად ხარ, ხოლო როცა მოიხმარ შემდეგ უკვე ამის გამო ხარ ცუდად. თერაპიის დაწყებისთანავე შეიძლება საბოლოო შედეგს ეგრევე ვერ მიაღწიო, მაგრამ მდგომარეობის შემსუბუქება და შვების შეგრძნება მალევე ხდება. 

ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებისგან თავშეკავების ერთი ეპიზოდიც კი ადამიანში პოზიტიურ ცვლილებას იწვევს, მის თავდაჯერებულობას ზრდის, საკუთარი ძალების იმედს უბრუნებს. შემდეგ რაც უფრო მეტია ასეთი შემთხვევა, მით უფრო სწრაფად მიდის თერაპული პროცესი და დგება დასახული მიზანი. შესაძლოა თერაპია დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ შენ უკვე დღეს და ხვალ გიჭირავს ხელშესახები შედეგი ხელში, თუნდაც სიფხილზლის ორი დღე, თუნდაც საკუთარი თავით კმაყოფილების ერთი აზრი. ეს უკვე პატარა საფეხურს გაძლევს, რომ შემდეგ საფეხურზე გადახვიდე. კიდე ერთი მეტაფორა მახსენდება ახლა თითქოს წვეთი ჩააგდო ცარიელ ჭიქაში ხომ ძალიან ცოტაა, თითქოს რამდენი წვეთი უნდა ჩააგდო ჭიქაში, რომ აავსო, მაგრამ თერაპია ასე არ მუშაობს. თვითოეული თერაპიული შეხვედრა აორმაგებს იმას რაც უკვე მიიღწა. თუ ერთ შეხვედრაზე ერთი წვეთი გაორმაგდება, რომელიღაც შეხვედრაზე ნახევარი ჭიქა უცებ აივსება.