ოქტომბერი 2023 - Page 4

თოლია, რომელმაც ფრენა შეძლო – ინტერვიუ ეკა ტყემალაძესთან 

/

ბავშვობის წლები

უკრაინაში, ქალაქ ოდესაში დავიბადე, 1983 წელს, 15 დეკემბერს. გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე, იმ პერიოდში ებრაელებს ავიწროებდნენ და სამსახურის შოვნა ჭირდა, ბებია მათემატიკოსი იყო და სამსახურში არ იღებდნენ. ეს, რასაც ვყვები, გადმოცემით ვიცი. ჩემი თავი დაახლოებით 3-4 წლიდან მახსოვს. მახსოვს ჩემი სახლი ოდესაში, ერთი ოთახი ბნელი და მტვრიანი ნათურით და ძველი რემონტით. იტალიურ ეზოში, მეორე სართულზე. ეზოში ქვიშა დაყრილი, მქონდა მოკლედ შეჭრილი თმა და მყავდა დიდი ნაცრისფერი კატა, რომელსაც ვიხუტებდი ხოლმე. აი, ეს დეტალები მახსოვს, სხვა არაფერი – არც დედა, არც მამა, არც ძმა, გვიან გავიგე საერთოდ რომ ძმა მყავდა. ჩემზე სამი წლით უფროსი ძმა მყავდა. ჩვენ სხვადასხვა მამა გვყავდა და ჩემმა მამამ, როცა დედას ორსულობა გაიგო, მიგვატოვა. დედას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, როცა ფსიქიატრიულში მოხვდა. დედა თურმე ძალიან კარგად ფლობდა ინგლისურს და ძალიან ლამაზი ქალი იყო, ან არც, არ ვიცი, იმიტომ რომ დღემდე ვეძებ დედას. 26 წლისამ ვიპოვე მთელი ჩემი სანათესავო, მაგრამ დედაჩემი ვერა. 

ძალიან ცხადად მახსოვს, ერთ დღესაც, ქვიშაში ვთამაშობდი და ეზოში შემოვარდა ლურჯი ფერის მანქანა, მახსოვს მრგვალი ფარები და ფორმაში ჩაცმული მამაკაცები იყვნენ. ორნი იყვნენ და დამინახეს თუ არა, ერთმანეთს ჩაულაპარაკეს „это она“. არც დედასთან ავიდნენ, ჩემი მანქანაში ჩასმა უნდოდათ, მე შემეშინდა და ყვირილი დავიწყე. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს, არის თუ როგორ გამოვარდა დედა სახლიდან თეთრ პერანგში და ჩემი დაცვა სცადა. შვილს სახელმწიფო ასე ადვილად ვერ წაგართმევდა, თუ ხელს არ მოაწერდი რაღაცას. შეიძლება დედამ მოაწერა კიდევ ხელი იმას, რომ ჩემთვის უკეთესი მომავალი შეექმნა, თუმცა დრო როცა მოვიდა, ალბათ მზად არ იყო.

ამის შემდეგ ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი, იქ დიდხანს ვიყავი. მახსოვს სულ დედას ველოდებოდი, ვერ ვხვდებოდი აქ საიდან გავჩნდი. სხვათაშორის, ბავშვთა სახლში არავინ მომაკითხა. ეს ყველაფერი უკრაინაში, ხუთ წლამდე ხდებოდა, ჩემი დაბადების სახელია ლუდმილა ვაინშტეინი-ნიკალაევნა. ერთხელაც დამიძახეს და ორ ქალბატონი გამაცნეს, ჩემი მომავალი დედა, ქართველი და მისი მეგობარი, მზია. დამათვალიერეს, დამელაპარაკნენ, მოვეწონე. ცოტახანში მეორედაც ჩამოვიდნენ და საქართველოში წამომიყვანეს. საქართველოში ჩამოსვლამდე კიდევ ერთი მომენტი მახსოვს, ბავშვთა სახლში ერთად გვეძინა ხოლმე და ჩემს გვერდით ერთი ბიჭი იწვა და იმან მითხრა: ლუდა, შენ ახლა საქართველოში წახვალ, იქ ყველაზე დიდი მთებია, მთაზე ალუბლის ხეა, კიბეც იქნება, ახვალ და ბალს შეჭამო. მახსოვს თავიდან ძალიან გაბრაზებული ვიყავი, არ მინდოდა ჩემი მეგობრების მიტოვება, დედაჩემის მეგობარმა ხელში ამიყვანა, შოკოლადებს მაძლევდა და მე უარი ვუთხარი. თბილისში ღამე ჩამოვედით და ჩემს მომავალ დეიდასთან მივედით. აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრება საქართველოში. აქ ჩემი ასაკის დეიდაშვილი დამხვდა, ვეკა, დღეს დასავით არის ჩემთვის. შემდეგ დედამ მუხიანში წამიყვანა და იქ დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. დედაჩემი ძალიან კარგი ქალი იყო. ვფიქრობ, თავიდან ცოტა უჭირდა ჩემთან კონტაქტში შემოსვლა, არ იცოდა რაზე უნდა ესაუბრა, ჩვენ შორის სხვაობა ხომ ორმოცდაათი წელი იყო. თავიდან დედას ვერ ვეძახდი და ერთხელაც მითხრა, დედა უნდა დამიძახოო და მეც ნელა-ნელა დავიწყე და შევეგუე იმ ფაქტს, რომ ახლა ამ ოჯახში უნდა გავზრდილიყავი. 

კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა დედასთან? 

დედასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა მაინც ყოველთვის იყო, განსაკუთრებით მოზარდობაში – მეგობრებთან დარჩენა, სადმე წასვლა, რომ მინდოდა ხოლმე, არ მიშვებდა. ეშინოდა და გასაგებიცაა, საქართველოში ყველა მშობელს უნდა ეშინოდეს. 

თავიდან დედას არ ეძახდი, მაგრამ ნათელი მოგონებები როდის გაჩნდა? 

შეგუების პროცესში, პატარაობისას, ვცდიდი დედაჩემს, მაინტერესებდა როგორი ხასიათის იყო, როგორი იქნებოდა გაბრაზებული. ის კი, ძალიან თავშეკავებული ქალი იყო, ხელი არასდროს აუწევია. სკოლის პერიოდში ფეხით ძალიან ბევრს დავდიოდით ხოლმე ერთად, მუხიანიდან საბურთალოზე დავდიოდი სკოლაში და მახსოვს, პირველ კლასში დედაჩემი როგორ მაცილებდა ხოლმე დილაობით. ეს პერიოდი თბილად მახსოვს, მაგრამ დედაჩემის ეს გამოცდის პერიოდი ძალიან გამიგრძელდა და ერთი თვით მის დასთან სოფელში გამიშვა. ამხელა სიშორე არასდროს გვქონია, სულ ერთად ვიყავით. თუმცა, ძალიანაც კარგი ქნა, იმიტომ რომ იქ დასვენებისას, პირველად მომენატრა, თანაც ძალიან. ამ დროის განმავლობაში ალბათ სპეციალურად არ ჩამოდიოდა და ერთი თვის შემდეგ, როცა ჩამოვიდა, კამფეტები ჩამომიტანა, ავხტი, ჩავეხუტე, ჩავკოცნე. ეს იყო დედაშვილური სიყვარულის პირველი, ყველაზე ნამდვილი გამოვლინება. ამის შემდეგ სხვანაირი სითბო გამიჩნდა დედაჩემის მიმართ. სითბოს გაჩენა ხომ შეკვეთით არ ხდება, რაღაც, ბიძგი გჭირდება და ჩემთვის ეს იყო ბიძგი. დედაჩემის ხათრით, სტომატოლოგიური კოლეჯიც კი დავამთავრე. 

შენი სურვილი არ იყო? 

არა, მე ბავშვობაშივე ვხატავდი. პირველ კლასში ასეთი დავალება მოგვცეს, დაგვეხატა ვაშლები. მე დავხატე ორი ვაშლი ჩემი ჩრდილებით, შენახულიც მაქვს, სკოლაში წლობით ეკიდა. ახლაც ასე ვხატავ, თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, სად რა და როგორი ფერის უნდა იყოს ჩემი ნახატი. ალბათ ეს თანდაყოლი ნიჭია, იმიტომ რომ მასწავლებელთან არასდროს მივლია. 

დედა თვითონ რა პროფესიის იყო, რას საქმიანობდა? 

დედამ ორმოცდახუთი წელი თბილისის გამწვანებაში იმუშავა, აგრონომი იყო. მისი დაბალი შემოსავლით ვცხოვრობდით, იმიტომ რომ მაშინ, ისევე როგორც ახლა, ხელფასები ძალიან დაბალი იყო. მახსოვს დამატებითი შემოსავალი რომ გვქონოდა, თბილისიდან სოფლებში დავდიოდით და პურს ვყიდდით. მაშინ შვიდი წლის ვიყავი. დილის ხუთ საათზე ვდგებოდით, ყველაზე მძიმედ ზამთრები მახსოვს, ჩამტვრეული მინები მატარებელში და ჩვენ კი, ფეხით დავდიოდით და დაგვქონდა პური, ვყიდიდით ან ვცვლიდით ყველში, ლობიოში, მჭადის ფქვილში. დედაჩემი მარტოხელა დედა იყო და სხვა გზა არც გვქონია. 

შენი პირველი სამსახური რა იყო? 

სტომატოლოგიის განხრით კოლეჯის დამთავრების შემდეგ, დიპლომიც ავიღე. სხვათაშორის კარგად ვსწავლობდი ანატომია-ფიზიოლოგიას, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, ლალი ახალაია. ჩემი მეგობარიც იყო, კოლეჯის მერე ვსეირნობდით ხოლმე და ერთადერთი თბილი მასწავლებელი იყო. მაშინ მე თხუთმეტი წლის ვიყავი, ის ოცდარვის, ყურადღებით მისმენდა, აინტერესებდა ჩემ შესახებ და მეც მსიამოვნებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა, მისი დამსახურებაა, რომ კარგად ვსწავლობდი ამ საგანს. უკვე დრო იყო მემუშავა და ჩემი პირველი სამსახური ჩვიდმეტი წლის ასაკში დავიწყე, რესტორანში მიმტანად. ლაღი ბავშვობა არ მქონია, არც არავინ მეგობრობდა ჩემთან. 

ეთნიკური ნიშნით თუ გრძნობდი რაიმე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გარშემომყოფთა მხრიდან? 

სხვათაშორის, ბიჭებთან ცუდი ურთიერთობა არ მქონდა, ვმეგობრობდით, ჩემი ჩაცმულობის გამო გოგოებისგან უფრო ვგრძნობდი დისკრიმინაციას. არ მემეგობრებოდნენ, შეიძლება ქართულ-რუსული აქცენტიც მქონდა, კარგად ვერ ვლაპარაკობდი, თან ასაკოვანი დედა მყავდა, ზოგი ბებიასაც ეძახდა, ბებიაშენი მოვიდაო წამომაძახებდნენ ხოლმე და მეც, რა თქმა უნდა, მწყინდა, მაგრამ ისეთი ჩაკეტილი და მშვიდი ვიყავი, თავის დაცვის საშუალება არასდროს მქონია. მხოლოდ ერთი გოგო, მზია, მემეგობრებოდა, სკოლის შემდეგ თბილ მილზე ვისხედით ხოლმე და ვსაუბრობდით. 

რა იყო ხოლმე შენი თავშესაქცევი სკოლის მერე, რაც გაძლიერებდა, კარგ ხასიათზე გაყენებდა, გართობდა? 

ძალიან მინდოდა მეგობრები მყოლოდა, მათ დანაკლისს აშკარად ვგრძნობდი. ეზოში ბავშვები კი ვთამაშობდით ხოლმე, მაგრამ იმ კლასელ გოგოსთან ოცნებებზე ვლაპარაკობდით და მეც მომწონდა მასთან საერთო ინტერესი და ღრმა ურთიერთობა რომ მქონდა. თუ ვინმე არასწორად მექცეოდა, ეს სკოლის მასწავლებლები იყვნენ, რუსული უკვე დავიწყებული მქონდა და როცა ერთხელ დავალებაში შეცდომა დავუშვი, მასწავლებელმა ამაყენა და მთელი კლასის თანდასწრებით რუსულად მითხრა, ტყემალაძე, რა დეგენრატი ხარო! რადგან შორს ვცხოვრობდი, დედაჩემი ბევრ საჭმელს მატანდა ხოლმე და ერთხელ რვეული გამიცხიმიანდა, მასწავლებელმა აიღო და მთელს კლასს ანახა, ნახეთ როგორი აქვს ეკასო, ძალიან შემრცხვა. აი, ეს იყო დისკრიმინაცია, ასე მოქცევა ბავშვებთან არ შეიძლება, საერთო ენის გამონახვა უნდა სცადო. ამიტომაც მიჭირდა სკოლაში სწავლა. 

სკოლის პერიოდში ხატვა მიყვარდა, სახლში სულ ვხატავდი. ასევე, მქონდა ძველი მაგნიტაფონი, მაშინ ხომ კასეტები იყო, და ვისწავლე ფილტრების ადეკალონით გაწმენდა. აქედან დაიწყო ჩემი ჩხირკედელაობაც, თან სპირალიანი „პლიტები“ გვქონდა და რომ გაწყდებოდა, ბედნიერი შევაკეთებდი ხოლმე. ახლა ყველა მეძახის ხოლმე ონკანის ან სხვა რამის გასაკეთებლად, ყველაფერი შემიძლია, მეგობრები „ყველაფერშიკს“ მეძახიან. 

ყველაზე რთული რა ტიპის სამუშაო გაგიკეთებია?

ელექტროობა მართლა არასდროს მისწავლია, მაგრამ სახლში მე თვითონ გამოვცვალე. ამ სახლში ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. ჩემს დეიდაშვილსაც მე გავუკარი შპალიერი და ასე. 

რომელ თვისებებს გამოყოფდი, რომელიც, შენი აზრით, დედისგან გერგო? 

სიკეთე, დედაჩემი ძალიან კეთილი ქალი იყო. კი არ იჯდა და მასწავლიდა სიკეთეს, საკუთარ მაგალითზე მაჩვენებდა. მთელი ბავშვობა დედაჩემის სამსახურში, გამწვანებაში, გავატარე. დედაჩემი ქუჩაში იყო და დიდუბეში „კანტორა“ ჰქონდათ. დღისით მასთან ერთად ვიყავი, დედაჩემის მუშებთან ერთად, ასაკოვანი ხალხი იყო და დედაჩემი სულ ეუბნებოდა, მოდი დაგასვენებ, ოღონდ ხელფასიდან არ გამოგაკლდება, არ ინერვიულოო. ერთხელ მახსოვს, ღამის სამ საათზე მშიერი მეზობლის გამო სხვა მეზობელი შეაწუხა, რომელიც პურის ქარხანაში მუშაობდა და პური გამოართვა, რადგან მაშინ პური არც ჩვენ გვქონდა. დედაჩემი ძალიან მეგობრული იყო. ნარდის და ბანქოს თამაში უყვარდა და დღემდე მიყვარს მეც. ისრაელში, პირველად, ჩამოვედი, 2012 წელს. ემიგრაციაში ხუთი წელი ვიცხოვრე, შემდეგ წავედი გერმანიაში ორი წელი, მერე ისევ საქართველოში დავბრუნდი, რადგან დედაჩემი ასაკში იყო და არ მინდოდა მარტო ყოფილიყო. დედა გარდაიცვალა ოთხმოცდათორმეტი წლის. დედაჩემმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდაი, ვისთან და როგორ. ბედნიერი ვარ, რომ დედაჩემის შვილი ვარ.

შემოქმედება

სტომატოლოგიური განათლების მიღების შემდეგ, სამხატვრო, ან მსგავს სასწავლებელში ხომ არ გისწავლია? 

მასწავლებელი არასდროს მყოლია, არც სამხატვრო სასწავლებელში მივლია. ცოდნის გასაღრმავებლად ფერწერას ინტერნეტით ვეუფლებოდი. თვითნასწავლი ვარ, არამარტო ხატვაში, არამედ ზოგადად, ბევრ რამეში. დავჯექი, გავხსენი იუთუბი, დავძებნე როგორ იხატება ზეთით, მაგალითად, როცა ბუნებას ხატავ, პირველი რა უნდა გააკეთო, თუნდაც კონტური როგორ მოხაზო, რა რა ზომის უნდა იყოს, მერე დავიწყე ფერების სწავლაც, რომელ ფერზე რა მიდის, რა რას დაადო და ასეთ რაღაცებს ვსწალობდი, წიგნებსაც ვკითხულობდი. ასე დავიწყე სწავლა და კიდევ უამრავი რამ მაქვს სასწავლი.

რამ გიბიძგა, რამ გააღვიძა შენში ხატვის სურვილი? 

რაც ზდასრულ ცხოვრებაში შევედი და 17 წლიდან მუშაობაც დავიწყე, ეს ჩემი ნახატები და ფუნჯები დიდი ხნით, წლებით გადავდე გვერდზე. ქვეცნობიერი სულ იმას მეუბნებოდა, ხატე, როდის დაიწყებ ხატვასო და 31 წლიდან მართლაც დავიწყე . 

ისრაელში ცხოვრებისას, არაერთხელ მქონდა პერიოდი, როცა დილით ვიღვიძებდი და ვერ ვხვდებოდი რისთვის ვცხოვრობდი საერთოდ. კაი წავედი სამსახურში, და რა მერე?! არ გამაჩნდა არანაირი საზრისი და ღერძი. უკვე 2015 წელს, ერთხელ სამსახურში ჩეხოვის „თოლიას“ ვუსმენდი. ვუსმენდი როგორ უნდა პატარა თოლიას რომ ძალიან მალე გაფრინდეს, ყოველი წუთი ენანება რომელსაც ფრენის გარეშე ატარებს, ცდილობს და ცდილობს და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვარდება, მაინც ბოლოს გაფრინდება. ორჯერ მოვუსმინე ამ წიგნს, სწორედ ეს წიგნი გახდა ჩემთვის ნაპერწკალი იმისა, რომ ყველაფერი დამეყარა და იმ საღამოსვე ვიყიდე მოლბერტი, გუაშები, ტილო და ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, მზის ჩასვლა დავხატე. ცოტა ხანში მეგობრები მესტუმრნენ და მოეწონათ. ნახატებში სამი სტილი შევიცვალე, დავხატე ორი შავ-თეთრი ნახატი, ერთი სპაგეტი იყო, მეორე კი, კვერცხი და „დაბადება“ ერქვა. მეორე თუ მესამე დღეს ისრაელში ჯგუფურ გამოფენაში მიმიწვიეს. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა ისრაელში და შემდეგ ამავე გალერიამ, unity art, რამოდენიმე თვესა თუ ერთ წელიწადში, უკვე პერსონალური გამოფენის გასამართად დამიკავშირდნენ.

რამდენი ნამუშევარი გქონდა ამ დროისთვის და სად იყო ეს პერსონალური გამოფენა? 

ისეთი დაუჯერებელი იყო ჩემთვის პირველი გამოფენა, ჩემი თავი ვიპოვე, ჩემი საყრდენი და ღერძი, აღვფრთოვანდი და ყოველდღე ვხატავდი, სადაც შემეძლო იქ ვხატავდი, არამარტო ტილოზე.  გამოფენა აქ, ისრაელში, თელავივში, ყველაზე ცნობილ უბანში იყო. დიდი ვიტრაჟები იყო და ჩემი ნახატები ვიტრაჟებთან მოლბერტებზე იდგა. ჩემი მაშინდელი კურატორი მეუბნება, ეკა ყველა იმიტომ შემოდის, რომ ვიტრაჟებში შენს ნახატებს ხედავსო, მახსოვს, ძალიან მესიამოვნა. 

მსოფლმხედველობა

მე შენ ნახატებით გაგიცანი, რომლებიც ნამდვილად სულისშემძვრელი და ბევრისმთქმელია, სოციალური თემატიკის, რაც ძალიან ნატიფი ხერხითაა მოწოდებული. მითხარი რის თქმას ცდილობს ამ ნახატის პერსონაჟი? 

იქიდან დავიწყებ, რომ 15 წლის ასაკიდან აქციებზე ვარ. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანის, როგორც ქვეყნის მოქალაქის, ვალდებულებაა ქვეყანის უკეთესობისკენ შესაცვლელად მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველო ჩემთვის არის სახლი, სწორედ ამიტომ ვარ მთელი ცხოვრებაა აქციებზე. 

ჩემს ნახატს რაც შეეხება, „გულისრევას“. მთელი ბავშვობა, უცნობი თუ ნაცნობი ყველა ჭკუას გვასწავლის, იმას კი ვერ ხვდებიან ადამიანები, რომ ადამიანები დამოუკიდებლები ვართ. „გათხოვდი, შვილები გააჩინე“, „ნუ დადიხარ ბიჭივით“, „თმა რატომ გაქვს მოკლე“, „რატომ გასუქდი“ – აი ეს ყველაფერი, რასაც ვისმენ ზუსტადაა ასახული გულისრევაში და კოპლებიან კაბაში. ისე დავიღალე საზოგადოების ჭკუის სწავლებისგან. განა არ მომწონს ვინმე რამეს როცა მასწავლის, უბრალოდ სწავლას ხო გააჩნია, ეთიკის ნორმები ხომ უნდა იყოს დაცული. 39 წლის ვარ და მინდა მწვანედ მექნება თმა და მინდა წითლად. 

ანუ არის რაღაც საზღვრები, რომლებიც ადამიანებმა უნდა დაიცვან და არ გადალახონ, ხომ ასეა? 

იმის თქმა მინდა, რომ ძალიან პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრნენ. ეს გოგონა, ჩემი ავტოპორტრეტია, რომელსაც კოპლებიანი კაბა აცვია და კოპლებიან კაბაზე გული ერევა ხალხის ყველა უაზრო რეპლიკაზე.

საზოგადოება

შენი 5-წლიანი ცხოვრების შემდეგ, თან ახლაც ისრაელში ხარ, გვითხარი, რა მსგავსება და განსხვავებაა აქაურ და იქაურ საზოგადოებას შორის? 

ჩემი თანატოლები საქართველოში ძალიან ვართ დაყოფილები კატეგორიებად, არ აქვს მნიშვნელობა რეგიონზე გვაქვს საუბარი, თუ დედაქალაქში. ისრაელში ბევრი საქმიანი ხალხია, უფრო მეტი თავისუფლებაა. საქართველოში გერმანიიდან მწვანე თმითა და პირსინგით ჩამოვედი, ერთი შემხვდა და მკითხა უი, ზელიონკა გაქვს თავზე, მეორე შემხვდა, გადაიღებე, ბაყაყი ხომ არ ხარ. მესამე შემხვდა, პირსინგი რატომ გაქვს, ძროხა ხარ? პირდაპირ ასე მეუბნებოდნენ და გავგიჟდი. ისრაელში ქუჩაში უფრო უსაფრთხოდ დადიხარ, დაძაბული არ ხარ რომ ვიღაც მოგვარდება ან მოგაშტერდება შენი გარეგნობის გამო. ზოგადად ძალიან ღია და მეგობრული ხალხია და რაც უფრო ფერადი ხარ, მით უფრო საინტერესო ხარ მათთვის და ისრაელში უფრო დამოუკიდებელიც ხარ, როგორც სოციალურად, ისე ფინანსურად. 

მაგრამ საქართველო მაინც გენატრება?

კი, თან ძალიან. მე ძალიან მიყვარს საქართველო. სად არ ვყოფილვარ და ასეთი სილამაზე არ მინახავს, ქართული ბუნების სილამაზე, აქ, ისრაელში, ძალიან მაკლია. მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ იქ ცხოვრებას, მაშინვე შფოთვა და უარყოფა მეწყება. არ არსებობს არანაირი სტაბილურობა, რაც ძალიან სამწუხაროა. თან ვგრძნობ რომ ამ ქვეყანაში ვიკარგები, ვერ ვახერხებ რეალიზებას.

გამოფენა თბილისშიც ხომ გქონია?

კი, ეს იყო 2016 წელს, ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა საქართველში იყო „ფაბრიკაში“, შემდგომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ორივე სივრცე უსასყიდლოდ გადმომცეს და ორგანიზებაში ჩემი მეგობრები დამეხმარნენ. ჩემი მეგობრები ყოველთვის მიდგანან გვერდში და მათგან ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას, ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ. 

და ბოლოს, რას ეტყოდი „ქვიარის“ მკითხველს, ახალგაზრდა ქვიარებს, თუნდაც რეგიონებიდან, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი პრივილეგიებზე?

აუცილებლად აკეთეთ თქვენი საქმე, არ გაჩერდეთ და განვითარებას ყოველთვის შეძლებთ, თუნდაც ერთ პატარა ოთახში. ნუ გაუშვებთ ხელიდან თუნდაც ელემენტარულ შანსსა და შესაძლებლობას თქვენს საქმეში და ნუ შეუშინდებით სირთულეებს, ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი.

 

ინტერვიუს ავტორი: ნინო ბოლქვაძე

რედაქტორი: მარიამ პაიჭაძე

 

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი მოკლეს – სარდაფში ნაპოვნი ცხედრის საქმე

/

პროკურატურის ინფორმაციით თბილისში, დადიანის ქუჩაზე სარდაფში ნაპოვნი ცხედრის საქმეზე დაკავებულ პირს  ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. კერძოდ, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის „ე და კ” ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული და მოკლული ერთად ცხოვრობდნენ. ბრალდებულს სექსუალურ ნიადაგზე უთანხმოება და შელაპარაკება ჰქონდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობართან, რის გამოც მძინარე დაზარალებულს ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული 5 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პარლამენტმა მიიღო კანონი კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების შესახებ

/

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

“კათოლიკე მღვდლებს შეუძლიათ აკურთხონ ერთნაირსქესიანი წყვილები” – რომის პაპი

//

ორშაბათს, რომის პაპმა პასუხი გასცა კარდინალების კითხვას, რომელიც კათოლიკური ეკლესიის პროტოკოლს ეხებოდა. კერძოდ, შეუძლიათ თუ არა მღვდლებს აკურთხონ ერთნაირსქესიანი წყვილები.

პაპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია აღიარებს კაცსა და ქალს შორის ქორწინებას, რომლებიც “მზად და ღია არიან შთამომავლობისთვის,” თუმცა დაამატა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებსაც უნდა ჰქონდეთ კურთხევის შესძლებლობა, რაც უნდა განისაზღვროს მღვდელის მიერ “ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად” და იმ შემთხვევაში, თუ წყვილი “ქორწინების მცდარ შეხედულებებს” არ ავრცელებს.

ფრანცისკეს აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ვატიკანის კონგრეგაციის წესდებას, სადაც ნათქვამია, რომ არ შეიძლება ერთნაირსქესიანთა წყვილების დალოცვა, რადგან “ღმერთს არ შეუძლია ცოდვილთა კურთხევა”. იმავდროულად, გერმანიის ეკლესიამ მიმდინარე წელს კურთხევა მისცა მღვდლებს, დაელოცათ რამდენიმე ერთნაირსქესიანი კავშირი. ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს გერმანული ეკლესიის რეფორმები მას შემდეგ, რაც მრევლის რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა ეკლესია.

ბევრმა საერთაშორისო ქვიარ ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა პაპის ბოლო განცხადება და აღნიშნა, რომ ეს  წინ გადადგმული ნაბიჯია ქვიარ ადამიანების სასიკეთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვატიკანი შორს არის პროგრესული და ღია ცვლილებების განსახორციელებლად, თავად ფრანცისკე კი, ხშირად აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ქვიარ ადამიანებთან დაკავშირებით.

 

 

წყარო: https://www.them.us/story/pope-catholic-church-same-sex-unions

“ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი” – 5 ოქტომბერს პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა

/

5 ოქტომბერს, 14:00 საათზე აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა ტალღის, ჯიუტის, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრები არიან.

“ქართული ოცნების” შვიდმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა ახალი რუსული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც დღეს მოქმედ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში აპირებენ ცვლილებების შეტანას.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ “დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია “კანონდამრღვევის” ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე “სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია”.
კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში 5 ოქტომბერს იგეგმება.
ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 14;00 საათზე, მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი. რუსულ მთავრობას არ გავატანინოთ მორიგი რუსული კანონი”, – ნათქვამია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური სასადილო – ჩვენი კარი ყველასათვის ღიაა

/

მე ვარ მიშა, დემოკრატიული განვითარების და ინიციატივების ცენტრის წარმომადგენელი. ჩვენი ორგანიზაცია, უკვე 12 წელია, ძირითადად სოციალურ პროექტებზე მუშაობს. ამ ეტაპზე, მიმდინარე პროექტია სოციალური სასადილო – „სოციალური სახლი“, რომელიც პანდემიის პერიოდში – 2020 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა.

მიშა დოლიძე, ორგანიზაცია “დემოკრატიული განვითარების და ინიციატივების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი

პროექტი დაიწყო ერთჯერადი აქციით, პანდემიის პერიოდში უნდა დაგვერიგებინა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტები. ამ დროს ბევრი ისეთი შემთხვევა შეგვხვდა, როდესაც გამოუყენებელი იქნებოდა ეს პროდუქტები, მაგალითად გაყინული ქათამი და სხვა, რადგან ბევრს არ ჰქონდა საკვების ფიზიკურად მომზადების შესაძლებლობა. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დროებით გაგვეხსნა სასადილო პანდემიის პერიოდისთვის. პირველად სასადილო გაიხსნა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 140 ბენეფიციარს ვემსახურებოდით. მოგეხსენებათ საქმეში რომ შედიხარ და უღრმავდები, ბევრი პრობლემის შესახებ იგებ, გიწევს სხვა საკითხებში გარკვევა და დახმარებაც, რადგან მარტო კვება ხომ არ არის. მაგალითად ბავშვებისთვის უფასო წრეები გავაკეთეთ, ვიშუამდგომლეთ ხატვის წრეებთან, სადაც ბავშვები მიიღეს. ზეიმებს ვმართავდით ბავშვებისთვის საახალწლოდ, პირველ ივნისს. შარშან კერძო კომპანიებს დავუკავშირდით და საახალწლო საჩუქრები მოუტანეს ბავშვებს სასადილოში, დიდი ზეიმი ჰქონდათ – ერთი ბავშვი არ დარჩენილა უსაჩუქროდ.

ახლა კომპანიები უკვე გვიცნობენ სოციალური ქსელებიდან და თავად გვიკავშირდებიან ხოლმე. გვაქვს ფეისბუკ ჯგუფი „სოციალური სახლი“-ს სახელით, სადაც იდება ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებებზე და სხვა ინფორმაცია. თავიდან გვეგონა რომ მხოლოდ პანდემიის პერიოდში გავუწევდით კვებით მხარდაჭერას სოციალურად დაუცველ ჯგუფს, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი საქმეა, რომელიც ბევრ დროს და სხვა რესურსსაც საჭიროებს. თუმცა ისე მოხდა, რომ ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე,  ვერ შევწყვიტეთ ამ საქმის კეთება.

პანდემიის შემდეგ ბენეფიციარების რაოდენობა კლების მაგივრად გაიზარდა, რადგან მოძრაობაც აღდგა ქალაქში. თუმცა პანდემიის დროსაც კი ქალაქის გარეუბნებიდანაც მოდიოდნენ. პანდემია რომ დასრულდა მცირე კრიზისი გვქონდა სასადილოს ფართთან დაკავშირებით, რადგან ძალიან გაძვირდა იჯარა და მოგვიწია სხვა ფართში გადასვლა.  ახლა ვართ პავლე ინგოროყვას ქუჩის 24 ნომერში, მეტრო თავისუფლების ზედა მხრიდან, მთავრობის კანცელარიასთან ახლოს.

ყოველდღე ვმუშაობთ, ორშაბათის გარდა. შაბათ-კვირას, არცერთი სხვა სასადილო არ მუშაობს, ჩვენ გარდა. ქალაქში კრიზისია ამ თვალსაზრისით შაბათ-კვირას. ამ დღეებში სხვა სასადილოების ბენეფიციარებიც კი ჩვენთან მოდიან. სასადილო ღიაა 12:00-დან 16:00 საათამდე. ვთანამშრომლობთ უკრაინულ ორგანიზაციასთან „ვოლონტიორ თბილისი“, სასადილოსაც მათთან ერთად ვუძღვებით. გვყავს უკრაინელი ბენეფიციარებიც, სადღაც ბენეფიციართა 10%.

კვება დღეში ერთჯერადია, სამ კომპონენტიანი, მოიცავს პირველ კერძს აუცილებლად წვნიანს, მეორე კერძს და ტკბილეულს, მაგალითად ვაშლის ღვეზელის სახით და ხილის კომპოტს. საკვები კეთდება ისე როგორც ოჯახში, ვთქვათ გვაქვს წვნიანი ხარჩო ხორცით ან მაწვნის სუპი, გემრიელად შეზავებული ლობიო და სხვა კერძები.

ჩვენ ყველა ბენეფიციარს უკვე კარგად ვიცნობთ, ყველას საკუთარი ისტორია აქვს. მათი უმეტესობა პენსიონერებია. სამწუხაროდ, ხშირად შვილების მხრიდან მიტოვებული ადამიანები არიან. ზოგს საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერაც ჰქონია და ცნობილიც ყოფილა. მაგალითად ცნობილი რეჟისორიც გვყავს, რომელსაც ცხოვრებაში დიდი ტრაგედიის გადატანა მოუწია. ისე მოხდა რომ მოთხოვნადი აღარ არის და ყველამ მიატოვა. ყოფილი ლექტორებიც არიან.

ამ სასადილომ რაც დამანახა ესაა, რომ არ არის აუცილებელი მარტოხელა იყო, ამ სახელმწიფოში არავინაა დაცული უკიდურესი სიღარიბისგან, მიუხედავად  იმისა ჰყავს თუ არა ოჯახი, შვილები ან რა უკეთებია და რა დამსახურება აქვს საზოგაოდების წინაშე.

ყველაზე გულსატკენია  შვილების უპასუხისმგებლობა მშობლების მიმართ. მე ეს უფრო დიდი ტრაგედია მგონია, ვიდრე ის რომ მარტოხელა ხარ და არავინ გყავს. ისეთი სამწუხარო შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც შვილები ყიდიან ბინას, მიდიან საზღვარგარეთ და იქიდან არც ინტერესდებიან მშობლით, რომელიც აქ უსახლკაროდ და მშიერი რჩება. თუმცა ახალგაზრდებიც გვყავს, მაგალითად ყველაზე პატარა 19 წლის ბენეფიციარია, რომელსაც მშობლები არ ჰყავს. ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უხდის ბინის ქირას, 220 ლარის ოდენობით, რაც ცხადია არაფერში ყოფნის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია და სამუშაოს პოვნაც უჭირს. მრავალშვილიანი დედებიც არიან, ბავშვებთან ერთად მოდიან და ბავშვების მენიუც გვაქვს.

ბენეფიციარების უმეტესობა ყოველდღე მოდის, თუმცა ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და შეიძლება ვერ მოვიდეს. ასეთ დროს ვურეკავთ, ვეკითხებით როგორაა რამე ხომ არ სჭირდება. კვების გარდა ხშირად ტანსაცმელიც სჭირდებათ, ფეხსაცმელი, მედიკამენტები, თუმცა მედიკამენტების შემთხვევაში ძალაინ ფრთხილად ვართ, დანიშნულების გარეშე რომ არ დალიონ. უსახლკაროებიც გვყავს, ძირითადად არ არიან თბილისში რეგისტირებულები და არ იციან კანონი, რომ თბილიში რეგისტრაციის გარეშე სახელმწიფო თავშესაფრითაც ვერ ისარგებლებენ. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, თავშესაფარში ერთ წელს თავისუფალი ადგილები დარჩათ 15 ადამიანისთვის და ბენეფიციარები მაინც არ მიიღეს, რადგან რეგისტრაცია არ ჰქონდათ თბილისში გავლილი. ჩვენთან ერთადერთი წესია, როდესაც შეიძლება არ მივიღოთ ბენეფიციარი, თუ იმ წუთას ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ არის და სხვებს დისკომფორტს უქმნის, თორემ ისე ყველას ვიღებთ.

სასადილოს თანამშრომლები მოხალისეები არიან, ძირითადი დახმარება გვჭირდება ჭურჭლის გარეცხვაში, საკვების გაცემაში, დალაგებაში, ბოსტნეულის გათლაში. დაფინანსებას ვიღებთ კერძო, მეგობარი კომპანიებისგან. ხშირია მოქალაქეები მოდიან და მოაქვთ სხვადასხვა პროდუქტები – ასე ვთქვათ რაც აქვთ თავად იმას უზიარებენ ჩვენ ბენეფიციარებს. ყველაზე დიდი გამოწვევაა კომუნალური გადასახადები, იჯარის ყოველთვიური გადასახადი. სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნა არც გვიცდია, რადგან სახელმწიფოს აქვს თავისი პროგრამა, რომლის ფარგლებში ფუნქციონირებს უფასო სასადილო. ამიტომ მათი პასუხი წინასწარ ვიცით, რომ უკვე არსებობს სახელმწიფო სერვისი. თუმცა ფაქტია, რომ ხალხი მოდის ჩვენთან ესეეგი საჭიროება არსებობს. ძალიან ბევრი მომლოდინეა ყველა სასადილოში, რომელიც ელოდება პროგრამაში ჩართვას, იმიტომ რომ ადგილები არ ყოფნით. ეს მოლოდინიც ისეთია, ან ვინმე უნდა გარდაიცვალოს ან ვინმეს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რომ ახალი ადგილი გაჩნდეს, მუნიციპალურ სასადილოში მოხვედრის სხვა გზა, სამწუხაროდ, არ არსებობს.

ჩვენთვის თვითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება კარტოფილის, ხორცის, მაკარონის სახით პროდუქტები მოგვაწოდონ, მაგრამ მომზადება ხომ უნდა, შესაბამისად დენის, გაზის, წყლის გადასახადების გადახდა ხომ უნდა. ასევე ყოველდღიურად პურის ყიდვაც. ყოველდღიური ხარჯი გვაქვს მაინც. ამიტომ თუნდაც ერთი ლარი ჩვენთვის უკვე დიდი მხარდაჭერაა. მოხალისეობრივი ჩართულობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გუნდში ყველას მიმართ თანასწორი დამოკიდებულებაა, თვეების წინ ტრანსგენდერი უკრაინელი ქალი გვეხმარებოდა საკვების გაცემაზე. ასე რომ ჩვენი კარი ყველასათვის ღიაა.

 

შემოწირულობის გაკეთების მსურველებისთვის ვაქვეყნებთ სასადილოს  საბანკო რეკვიზიტებს GE58TB7828136020100005

მიმღები: დემოკრატიული განვითარების და ინიციატივების ცენტრი

აქტივისტ სამირა ბაირამოვას სახლის კედელზე რუსეთის დროშა და კარებზე ჯვარი დაუხატეს

“არ ვიცი რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება, დილით ადრე სავარჭიშოდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად მძინარე ჯერ ვერ მივხდი რა არის და ასეთი ამბები დამხდა. თქვენ იდიოტებო გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ არა კულთურობაა და არაჰუმანირობა რელიიგის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მშლის არც ერთი რელიგიური სიმბოლიკა.
შინ ევროპისკენის და ქალთა ძალის სიმბოლიკა მქონდა კარზე, შეღებეს. დროშის ადგილზე კი “ გახსოვდეს აგვისტოს ომი” ლოგო. ეს მოიპარეს თუ რა ქნეს არ ვიცი. არადა მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების მხრივ გადმოვედი, სახლი ჩემთვის იყო ერთად ერთი ადგილი სადაც დაცულად და მშვენიურად ვგრძნობდი თავს.
ასე მომილოცეს ჩემი 35-ე დაბადების დღეს!” – წერს თავის ფეისბუქ გვერდზე სამირა ბაირამოვა.

ბედნიერების გასაგნება

/

ბედნიერების ზოგადი კონოტაციები

ბედნიერების კონცეპტი ძალიან აქტუალურია თანამედროვე დისკურსში – იქნება ეს კინო, სოციალური მედია, მხატვრული ტექსტები, პოლიტიკური მონოლოგები თუ სხვა. ბედნიერება, რასაკვირველია, პერსონალურია და ყველა ადამიანი მას განსხვავებულად აღიქვამს, ან უბრალოდ განსხვავებულად აიდენტიფიცირებს, თუმცა ამ სტატიაში ბედნიერებას როგორც საგანს, ისე განვიხილავთ. როცა ვამბობთ „საგანი“ ვგულისხმობთ არამხოლოდ საუბრის საგანს, არამედ ნივთს, იმას, რაც შეიძლება ხელშესახები, მარტივად მოხელთებადი და მოსაზღვრადი იყოს. სარა აჰმედი თავის არაჩვეულებრივ სტატიაში „ბედნიერი საგნები“ საუბრობს ბედნიერების მსაზღვრელობით მნიშვნელობაზე. იგი წერს: „იყო ბედნიერი რაიმეთი გულისხმობს იმის აღიარებას, რომ ბედნიერება სადღაციდან იწყება, იმ სუბიექტის გარეთ, რომელიც ამ სიტყვას სიტუაციის აღსაწერად იყენებს“ (Ahmed 29). ამ ციტატის მიღმა იგულისხმება ის, რომ იყო რაიმეთი ბედნიერი, აპრიორულად გულისხმობს სხვა საგნის არსებობას სუბიექტის გარეთ, რომელიც მას გააბედნიერებს.

ბედნიერება, აჰმედის მიხედვით, სხვადასხვაგვარად შეიძლება გავიაზროთ. ის ბედნიერების სამ განსხვავებულ შრეს გვთავაზობს: 1. გაბედნიერდე რაიმეთი (გავლენა, მაგალითად, იყო ბედნიერი გემრიელი საკვებით); 2. იყო ბედნიერი რაიმეს გამო (გამიზნულობა, მაგალითად, იყო ბედნიერი პარტნიორის გამო); 3. იყო ბედნიერი რაიმეს გამო, ამა თუ იმ საგანს კარგად/დადებითად აქცევს (განსჯა). ამ სტატიაში, აჰმედის მსგავსად, ბედნიერებას განვიხილავთ, როგორც დაპირებას – დაპირებას რომელიც კონკრეტული საგნებისკენ ინერციით გვიზიდავს, ეს საგნები კი, თავის მხრივ, სოციალური სიკეთეები არიან. ამგვარად, ვეცდებით, შემოგთავაზოთ ბედნიერების სოციალური განმარტება და მოვნიშნოთ ის საგნები, რომლებიც სოციალურ სიკეთეებად დაიდენტიფიცირების შემდეგ ბედნიერებას გვპირდებიან.

უპირველესად, უნდა ითქვას ის, რომ ბედნიერების დადებით ემოციებთან გაიგივება ძალიან მოდერნული მოვლენაა. პრემოდერნულ პერიოდში ბედნიერება ასოცირებული იყო ძალიან კონკრეტულ სოციალურ მოდელებთან, რაც გულისხმობდა, სარფიან ქორწინებას, სასურველ სოციალურ წრეში დარჩენასა თუ სოციალური კლასის ამაღლებას და ასე შემდეგ. გავიხსენოთ, მაგალითისთვის, ჯეინ ოსტინის რომანები, რომლების მთავარი ხაზიც ყოველთვის არის ოჯახის შექმნა სასურველ სოციალურ წრეში და ამით არამხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური კაპიტალის განმტკიცება. ამგვარად, პრემოდერნულ ევროპაში შეგრძნებებსა თუ ემოციებს ბედნიერების კონცეპტში დიდი როლი არ ენიჭებოდა. დღესდღეობით, ამის საპირისპიროდ, როდესაც ბედნიერებაზე ვფიქრობთ, ვგულისხმობთ არა აუცილებლად სოციალურ მოდელებს, არამედ პერსონალურ ემოციებს, შეგრძნებებს – ბედნიერად ყოფნას, ბედნიერად თავის გრძნობას.

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე დასავლურ აზროვნებაში ბედნიერება ინდივიდუალიზდა და დამოკიდებული გახდა ადამიანის პირად სურვილსა თუ მოტივაციასთან. იყო ბედნიერი რაიმეთი გულისხმობს, განიცდიდე სიხარულს, კმაყოფილებას და შემდეგ ცნობიერი განსჯით იმ საგანს, რაც გაბედნიერებს, ანიჭებდე დადებითის, კეთილის, პოზიტიურის იარლიყს და შემდეგ ცდილობდე, მაქსიმალურად ახლოს – როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად – გქონდეს/გყავდეს საკუთარ თავთან. გარდა პირდაპირი საგნებისა, ყველაფერი, რაც ახლოს არის ბედნიერების წყაროსთან ავტომატურად იტვირთება დადებითი კონოტაციებით. მაგალითად, თუ საჩუქარს ვიღებთ ჩვენი პარტნიორისგან, საგანიც იძენს გამაბედნიერებლის სტატუსსა თუ ფუნქციას. ამასთან ერთად, არსებობს ბედნიერების განუსაზღვრელი განცდაც, როცა განვიცდით უმიზეზო ბედნიერებას და შემდეგ ინერციით მივაწერთ მას რაიმე სუბიექტს. აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ ბედნიერება გამიზნულია, ან უფრო ზუსტად, წარმოადგენს კიდეც ქმედებების მიზანს. ვგულისხმობთ იმას, რაზეც არისტოტელე საუბრობს „ნიკომაქეს ეთიკაში“, რომ ბედნიერება არის წინაპირობა ყველა მოქმედებისთვის, უფრო სწორად კი ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რაღაც ფორმით გულისხმობს ბედნიერების პოტენციალს – სასიკეთოდ აღიქმება ჩვენ მიერ. ეს აზროვნების ფორმა პარადოქსულია, რადგან ხშირად ობიექტურად ნეგატიურ საგნებს ენიჭებათ გამაბედნიერებლის სტატუსი.

სოციალური ბედნიერება

სარა აჰმედის მიხედვით: „ზოგიერთი საგანი / ნივთი დადებითი აფექტით კავშირდება სიკეთესთან“ (34), ამგვარად, არსებობს სოციალური ბედნიერების კონცეპტიც, რომელიც გვპირდება კონკრეტული გზის მიყოლით მიღწევად ბედნიერებას. აჰმედის აზრით, იმის გამო, რომ ზოგიერთი საგანი ბედნიერებასთან ასოცირდება, მათ ბედნიერი საგნების სტატუსი ენიჭებათ და შემდეგ ინერციით მოძრაობენ / ვრცელდებიან საზოგადოებაში – ბედნიერი საგნის ფლობა ყველას თანაბრად უნდა, რადგან იგი ბედნიერების დაპირებასაც გვთავაზობს. თუმცა ბედნიერი საგნის ფლობა აპრიორულად არ გულისხმობს ბედნიერად თავის გრძნობასაც.

ბედნიერი საგნის არაჩვეულებრივი მაგალითია ჰეტეროსექსუალური ოჯახის იდეა. ეს იდეა საუკუნეების მანძილზე გვთავაზობდა წარმოსახვით მოდელს, რომლის მიხედვითაც მისი ფლობა უთანაბრდება სოციალური წარმატებულობის განცდას – კმაყოფილებას იმით, რომ ოჯახი გვაქვს. ამის პარალელურადვე მოლეკულური ჰეტეროსექსუალური ოჯახი ხშირად წარმოადგენდა და წარმოადგენს ქალებზე ძალადობის პირველად წყაროს – ფემიციდის სტატისტიკა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ქალებს ყველაზე ხშირად თავიანთი პარტნიორები კლავენ. როლების პატრიარქალური გადანაწილება ოჯახში ავტომატურ პრივილეგიას ანიჭებს ერთ მხარეს, მეორეს კი შინაშრომის გაუთავებელი პოტენციალით ავიწროებს თუ ახშობს. ხშირად ეს მოდელი იმიტომაც აღიქმება სოციალური წარმატებულობის გარანტიად, რომ იგი პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ სტაბილურობასაც. მაგალითად, მარქსი „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ წერს: „ბურჟუაზიამ ოჯახურ ურთიერთობას მისი მგრძნობიერ-სენტიმენტალური საბურველი ჩამოაფხრიწა და იგი მარტოოდენ ფულად ურთიერთობად აქცია“ (მარქსი 41). რასაკვირველია, შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე რამდენად მიესადაგება მარქსის ეს მოსაზრება ყველა ინდივიდუალურ ოჯახს და, ცხადია, უარყოფით პასუხს მივიღებთ, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ კაპიტალისტური ურთიერთობები მთლიანად მოლეკულურ ოჯახზე დგას, რომელიც ისტორიულად წარმოადგენდა და უმეტესად დღემდეც წარმოადგენს ჰეტეროსექსუალურ ოჯახს.

ჯეინ ოსტინის რომანებს რომ დავუბრუნდეთ, რომლებიც პრე-კაპიტალისტურ პერიოდში იწერება, ვნახავთ სურვილს სოციალური და ეკონომიკური კაპიტალის გაზრდისა ისევ და ისევ ოჯახის შექმნით (თუმცა ეკონომიკური დინამიკა ამ პერიოდის პერსონაჟებს შორის სრულიად განსხვავებულია მოდერნულთან შედარებით). ამგვარად, ჰეტეროსექსუალური ოჯახი ხშირად წარმოადგენს სტაბილურობასთან გაიგივებულ სოციალური თანაცხოვრების მოდელს, მის ლეგალურობასა თუ ვალიდურობას უამრავი სხვადასხვა კულტურა თუ პოლიტიკური წყობა გვკარნახობს და სწორედ ამის გამო, ამგვარი ოჯახის შექმნა ავტომატურად გულისხმობს ბედნიერების დაპირებასაც – როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური წარმატების გარანტიას.

ბედნიერი საგნების გამოწვევები

რაკი მაგალითად ჰეტეროსექსუალური ოჯახი მოვიხმეთ, რა თქმა უნდა, უნდა დავსვათ კითხვაც იმის შესახებ, თუ რა მიმართებაშია ინდივიდუალური ქვიარ ადამიანი ამგვარი ოჯახის იდეალთან. ლორენ ბერლანი წიგნში „სასტიკი ოპტიმიზმი“ წერს: „სასტიკი ოპტიმიზმის მიმართება არსებობს მაშინ, როცა რაღაც, რაც გვსურს, ჩვენი მოხელთების მიღმაა. ეს შეიძლება მოიაზრებდეს საკვებს, ან სიყვარულის რაიმე ფორმას; ეს შესაძლოა იყოს ფანტაზია კარგი ცხოვრების შესახებ ან სულაც, პოლიტიკური პროექტი. იგი შესაძლოა, უფრო მარტივ რამესაც გულისხმობდეს, მაგალითად, ისეთი ახალი ჩვევის დასწავლას, რომელიც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ასეთი ოპტიმისტური მიმართებები არსობრივად სასტიკი არ არის. ისინი სასტიკებად იქცევიან მხოლოდ მაშინ, როცა საგანი, რომელიც იწვევს ჩვენს მიჯაჭვულობას, აქტიურად აფერხებს იმ მიზანს, რომელმაც, უპირველესად, მიგვიყვანა კიდეც ამ საგნამდე.“ (Berlant 1) მთავარი, რასაც ბერლანი ამ ციტატაში გულისხმობს არის ის, რომ საგანი (ამ შემთხვევაში, კვლავ განვიხილოთ ჰეტეროსექსუალური ოჯახი), რომელიც ჩვენს მენტალურ მიჯაჭვულობას იწვევს (მაგალითად, ბედნიერების მითს, რომელიც გვეუბნება, რომ მისი მოხელთებით ბედნიერებასაც მოვიხელთებთ), აფერხებს თავდაპირველ მიზანს (ბედნიერებას), თავისივე არსიდან გამომდინარე (ჰეტეროსექსუალური). უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „ბედნიერი საგნები“ მომენტალურად გამორიცხავენ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს თავიანთი გავლენის სფეროდან და მათ „სხვებად“ მონიშნავენ (ქვიარ ადამიანები, რომელთაც ჰეტეროსექსუალური ოჯახის იდეალზე, რომელიც ეკონომიკურად და სოციალურად აღიარებულია, როგორც ბედნიერი, ხელი არ მიუწვდებათ) მაშინ, როცა დანარჩენები ძალისხმევის გარეშე ახერხებენ ამ ბედნიერი საგნების მოხელთებას. ამით, კითხვის მიღმა რჩება „სხვა“ ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ბედნიერების მოხელთებაც, ვინაიდან იგი, უპირველესად, იმ საგანთან არის დაკავშირებული, რომელიც შესაძლებლის მიღმაა.

ახლა, როცა ვისაუბრეთ, იმაზე, თუ რა ნეგატიურ გავლენას შეიძლება ახდენდეს ბედნიერი საგნის უდრეკი მითი ინდივიდუალურ ადამიანზე, უნდა დავსვათ კითხვაც იმის შესახებ, თუ რა უქმნით ამავე საგნებს საფრთხეს? კონკრეტულად, რა უქმნის საფრთხეს ჰეტეროსექსუალურ ოჯახს, როგორც ბედნიერ საგანს? პირველ საფრთხეს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებიც ამგვარი ოჯახის ინსტიტუტის პატრიარქალურობას უსვამენ ხაზს. სარა აჰმედი მათ ფემინისტ სიხარულის მკვლელებს უწოდებს, ამ სტატიის კონტექსტში კი შეგვიძლია მათ ბედნიერების მკვლელების სახელიც დავარქვათ. ფემინისტების მიერ ჰეტეროსექსუალური ოჯახის მარეპრესირებელი ფუნქციის მუდმივი ხაზგასმა ეჭვქვეშ აყენებს მის კავშრს ბედნიერების იდეალთან. მორიგ საფრთხეს ოჯახის ჰეტეროსექსუალური ინსტიტუტისთვის წარმოადგენენ ქვიარ ადამიანები, არამხოლოდ პოტენციური პროტესტით, არამედ არსებობითაც გვაეჭვებენ ბედნიერების უნივერსალურობასა თუ გარდაუვალობაში.

აჰმედი თავის სტატიაში ბედნიერი საგნების შესახებ, არ გვთავაზობს გადაჭრის გზებს და არც იმას გვეუბნება, უნდა ვეცადოთ თუ არა ბედნიერი (და მანკიერი) საგნების მითის დამხობას. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, მრავალმხრივი შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯის გადადგმაა – ფიქრი იმაზე, რამდენად რეალისტური ან სასიკეთოა ფანტაზია ამა თუ იმ ბედნიერი საგნის შესახებ და ნამდვილად შეუძლიათ თუ არა მათ ჩვენი, როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური გაბედნიერება.

 

ბიბლიოგრაფია

Ahmed, Sara. Happy Objects. Jan. 2010. read.dukeupress.edu, https://doi.org/10.1215/9780822393047-001.

Aristotle. The Nicomachean Ethics. https://www.gutenberg.org/files/8438/8438-h/8438-h.htm.

Berlant, Lauren. Cruel Optimism. Duke University Press, 2011, https://www.dukeupress.edu/cruel-optimism.

Engels, Friedrich, and Karl Marx. “The Communist Manifesto.” Https://Www.Gutenberg.Org/Files/61/61-h/61-h.Htm, https://www.gutenberg.org/ebooks/61/pg61-images.html.utf8.

 

სტატიის ავტორი: მეგი თედორაძე