ოქტომბერი 2023 - Page 3

81%-ით გაიზარდა საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები

/

ევროკომიის მეექვსე ანგარიშში, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამოქყვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად:

  • 2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებმა 14 635 აპლიკაცია წარადგინეს თავშესაფრის მოთხოვნით;
  • 2022 წელს აპლიკაციების რაოდენობა 26 450-მდე გაიზარდა.

2021 წელს განაცხადების 5% დააკმაყოფილეს, 2022 წელს კი – 7%.

87%-ით არის გაზრდილი ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნის შემთხვევებიც.

ევროკავშირის ქვეყნებში შეშვებაზე უარის თქმის სტატისტიკაც გაზრდილია – 31%-ით:

  • 2021 წელს უარი საქართველოს 3030 მოქალაქეს უთხრეს;
  • 2022 წელს – 3970-ს.

იაპონიის სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსგენდერ მოსარჩელეს შეეძლება სამართლებრივი სქესის ცვლილება ქირურგიული ოპერაციის გარეშე

/

2004 წლიდან იაპონიაში ტრანსგენდერი ადამიანებისგან  კანონი ითხოვდა სტერილიზაციისა და გენიტალიებზე ქირურგიულ ოპერაციას იმ შემთხვევაში თუ მათ სურდათ გენდერის აღმნიშვნელი მარკერის შეცვლა იურიდიულ დოკუმენტებში. თუმცა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, იაპონიის სასამართლომ პირველად დაადგინა, რომ ტრანსგენდერ მოსარჩელეს არ დასჭირდება ასეთი ოპერაციის გაკეთება, საბუთებში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერის შესაცვლელად.

სარჩელი ჯენ სუძუკის მიერ წარდგენილ იქნა საოჯახო საქმეების განმხილველ სასამართლოში 2021 წელს. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო მას აიძულებდა გაეკეთებინა ოპერაცია მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. სასამართლომ დაუჭირა მხარი მოსარჩელეს და განმარტა, რომ ასეთ სამედიცინო პროცედურას აქვს მნიშვნელოვანი, შეუქცევადი შედეგები რეპროდუქციული ფუნქციის დაკარგვის სახით.

მიმდინარე პერიოდში, იაპონიის უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს, რომლის შედეგად შესაძლოა სტერილიზაციის მოთხოვნა ცნობილი იყოს არაკონსტიტუციურადაც. მოსარჩელე ტრანსგენდერი ქალია, რომელიც ამტკიცებს, რომ მიმდინარე კანონმდებლობა არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას აღიარებული იყოს მისი გენდერული იდენტობა. სასამართლო საქმის დასრულებას წლის ბოლოსკენ გეგმავს.

სხვა საქმეზე, მიმდინარე წლის ივლისში, იაპონიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია ტრანსგენდერი თანამშრომლის მიმართ, რომელსაც აუკრძალეს ქალის საპირფარეშოთი სარგებლობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება  ლგბტქი ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით.

წყარო: https://www.them.us/story/japan-gender-change-document-surgery-ruling

ბრიტნი სპირსი მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის

/

ბრიტნი სპირსმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს მისი მემუარების, “The woman in me”-ის გამოსვლის წინ.

15 ოქტომბერს მომღერალმა გამოქვეყნა ვიდეო თიზერი, სადაც მის მიერ დაწერილი წიგნიდან რამდენიმე ციტატა გააზიარა. მემუარებში მოხვდა ბრიტნის გულშემატკივართა სლოგანებიც კამპანიიდან #FreeBritney, იმ პერიორიდან როდესაც ბრიტნის რიგი თავისუფლებები უსამართლოდ იყო შეზღუდული ოჯახის წევრების მხრიდან.

“თქვენ მედექით მხარში და მამხნევებდით მაშინ, როცა მე არ შემეძლო საკუთარი თავის მხარდაჭერა. უღრმესი მადლობა ამისთვის.” – ამბობს მომღერალი.

ბრიტნის თაყვანისმცემლებს შორის უკვე მოჰყვა გამოხმაურება მომღერლის მადლიერების გამოხატვას – “ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს, ბრიტნი”, “ძალიან გვიყვარხარ, იცოდე, რომ მხარდაჭერილი ხარ” – წერენ ბრიტნის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.

 

 

პოლონეთის კონსერვატიულმა ანტი-ლგბტქი პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

//

პოლონეთის კონსერვატიული ანტი-ლგბტქი პარტიისთვის 15 ოქტომბრის არჩევნებით, როგორც ჩანს, სრულდება 8 წლიანი ყოფნა უმრავლესობაში.

ეგზიტპოლის შედეგებმა აჩვენა, რომ 2023 წლის არჩევნებში მოქალაქეთა რეკორდულმა მაჩვენებელმა მიიღო მონაწილეობა – 72,9%-მა. ეგზიტპოლის მიხედვით, სამი ოპოზიციური პარტია ლიდერობს: სამოქალაქო კოალიცია, მესამე გზა და მემარცხენეები, რომლებიც პარლამენტში ერთობლივად 248 ადგილს მოიპოვებენ. აღნიშნულ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა  „სამოქალაქო კოალიციამ“ მოიპოვა (31,6%), რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს. მან ეგზიტპოლების შედეგებს ცუდი დროის დასასრულიუწოდა. გაიმარჯვა პოლონეთმა, გაიმარჯვა დემოკრატიამ – ამბობს ტუსკი.

პოლონეთში კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართალი“ 2015 წლიდან მთავრობაში დღემდე უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. ამ პერიოდში მათ მიიღეს აბორტის საწინააღმდეგო კანონი, ასევე ანტი-ლგბტქი კანონი, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებდა ქვიართა უფლებებს. 2020-2023 წლებში ILGA-Europe-ის მიერ პოლონეთი დასახელდა, როგორც ყველაზე არასასურველი ქვეყანა ქვიარ ადამიანებსთვის, ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ქვეყნების შეფასება კეთდებოდა თანასწორობის, დისკრიმინაციის, გენდერის აღიარების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების, სიძულვილის ენისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით.

პოლონელი ქვიარ აქტივისტები ეგზიტპოლების შედეგებს გახარებული ხვდებიან და აფასებენ მას, როგორც კოშმარის დასასრულს.

წყარო: https://www.them.us/story/poland-law-and-justice-party-parliamentary-election?fbclid=IwAR2GkiuYwhDEAyQja1-WvmXNthmrRehTp8K-kbx2MDtZSZv6_8LkXaVMl2c

დაკარგული ბავშვობის ძიებაში – ინტერვიუ უტა ბექაიასთან

/

უტა ბექაია 1974 წელს, თბილისში დაიბადა. არის დიზაინერი და მულტიმედია არტისტი და ამჟამად, ერთდროულად მოღვაწეობს ნიუ-იორკსა და თბილისში. 

სხვადასხვა წლებში უტა ბექაიას ორასამდე სპექტაკლი, ასევე კინო პროექტი აქვს გაფორმებული. ხელოვანის მხატვრული კვლევის საგანია ისტორიული და კულტურული წარმომავლობა, გენეტიკა და სამყაროს ციკლურობის საკითხი. ის ქმნის კოსტიუმებს და ჩაცმად ქანდაკებებს მულტიმედია პერფორმანსებისა და ინსტალაციებისთვის, რომელთაც წარადგენს მოდის კვირეულებზე, სხვადასხვა არტ ივენთებზე ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბუენოს-აირესში, მაიამსა და თბილისში.  

კარიერის დასაწყისში უტა ბექაიამ მოდის კოსტუმების დიზაინერის გამოცდილება გამოიყენა მედიუმად, გარდაქმნა ის შინაარსად და ადამიანის სხეულთან ერთად შექმნა პერფორმანსი.

გთავაზობთ ინტერვიუს უტა ბექაიასთან:

ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება შენი გაცნობა და კარგი იქნება, თუ ბავშვობიდან დავიწყებთ. რა გახსენდება შენი ბავშვობიდან ყველაზე ნათელი, ტკბილი მოგონება?

ბავშვობასთან ძალიან ბევრი ნათელი მოგონება მაკავშირებს. ძალიან დაცულ ოჯახში გავიზარდე. ჩემი ოჯახის წევრები, დედაჩემი და მამაჩემი, ყოველთვის ცოტა „წაუდისიდენტებდნენ“, არსებულ სისტემაში არასდროს ჯდებოდნენ და მის მიღმა იყვნენ, ცოტა ხნის წინ ამის მიზეზებიც გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ ვერ დავასახელებ, გეტყვით რომ არსებობდა სპეციფიკური მიზეზები, რის გამოც ერთიცა და მეორეც, განსაკუთრებით კი, დედაჩემი არ იყო ამ ყველაფრის ნაწილი. დედაჩემი ძალიან ლმობიერი ადამიანი იყო და ცხოვრების ბოლომდე არ ჰქონია რაღაც ჩაპრესილი, სისტემური წნეხი, მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფებთან ჩვეულებრივ ურთიერთობდა. ორივე მშობელი ძალიან ღია ადამიანი იყო, თუმცა ბავშვობაში დედაჩემთან უფრო მქონდა ურთიერთობა. მეტიც, მთელი ცხოვრება სულ ქალებში გავიზარდე ჩემს ორ დასთან, დედაჩემთან და ბებიებთან ერთად, ერთადერთი კაცი მამაჩემი იყო. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დაცული ბავშვობა მქონდა, არასდროს არანაირი ცუდი ინფორმაცია ჩემამდე არ აღწევდა, ყველაფერი ყოველთვის ლამაზი და კომფორტული იყო. მუდმივად ყველა ცდილობდა ჩემთვის კომფორტის ზონა შეექმნა, რომელსაც დღესაც ვეძებ და ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, ჩემი ხელოვნებაც, იმ კომფორტის ზონის დაბრუნების მცდელობაა, რომელიც ბავშვობაში მქონდა. ბავშვობის ბედნიერი მოგონებები ძალიან ბევრი მაქვს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. 

ხომ არ გახსენდება რაიმე მოგონება, რომელიც თბილისის კონკრეტულ ადგილს უკავშირდება? ჩემთვის, მაგალითად, ასეთი ადგილი ფუნიკულიორია, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული საოცარი იყო ჩემთვის. 

ჩემთვის ასეთი ადგილი მაუდის ქარხანაა, აქვე, დიდუბეში. ეს იყო ერთი დიდი ქარხანა, რომელშიც შიგნით ვერ შევდიოდით და პატარები რომ ვიყავით, გარეთ ვთამაშობდით. ჩვენთვის ეს რაღაც საიდუმლო, ბურუსით მოცული ადგილი იყო, რომელის შიგნით რა ხდებოდა ჩვენთვის გამოცანად რჩებოდა. ასევე ბავშვობიდან რაც მუდამ მახსოვს, არის ყვავილები. ჩემი პირველი სიტყვა იყო „ლამაზი“, რომელიც გაცნობიერებულად ვთქვი იასამნის ყვავილზე. ისე იყო, რომ სულ ყვავილებს ვაგროვებდი, მახსოვს რომ ვგიჟდებოდი ყვავილებზე – ყველაზე მკაფიოდ ეს მახსოვს. კიდევ მახსოვს როგორ ვაკეთებდი სახლს ჩემს საწოლში და ბუდეებს გარეთ. 

უტა ბექაიას მიერ შექმნილი კოსტიუმი 2022 წლის თბილისობისთვის

ანუ, ხელით რაღაცების კეთება და ჩხირკედელაობა ბავშვობიდან გიყვარდა?

ყოველთვის სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებდი და ვცდილობდი ჩემ გარშემო პატარა სამყაროები შემექმნა, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლაც იმავეს ვაკეთებ. კომფორტის ზონაში პატარა ბუდეს ვიწყობდი, სადაც მერე ჩემს წარმოდგენებში ვცხოვრობდი და ბავშვობაში ეს ყველაფერი დაცული იყო რაღაც ბნელისგან, ყოველთვის ლამაზი, ვარდისფერი და ფუშფუშა იყო. ლამაზი იყო ჩემი ბავშვობა, ნუ, მაშინ ჩემს აღქმაში ლამაზად მეჩვენებოდა. ამასთანავე, სულ მოწყენილიც ვიყავი. ზედმიწევნით მახსოვს გრძნობა, სოფელში რომ მივდიოდით ხოლმე, იქ მარტო ვიყავი, ბავშვები არ იყვნენ და სულ მოწყენილი ვიყავი, ესეც რაღაც ტრავმა იყო ჩემთვის. აქამდე მომყვება ამ მოწყენილობის მოკვლისა და კომფორტის ზონის შექმნის სურვილი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არასდროს ამბობდნენ, ჩემი ოჯახის წევრები რაღაცნაირად თავისებურად ყოველთვის ცდილობდნენ ისე ეცხოვრათ, რომ საკუთარი თავი ზედმეტად არ გამოგვეჩინა, რაც ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ძალიან შესამჩნევი ბავშვი ვიყავი. 

ეს როდის გააცნობიერე?

სულ ახლახანს, სადღაც 5 წლისწინ ვფიქრობდი ამაზე. სულ მქონდა წნეხი, თუმცა, წნეხი ხმამაღალი სიტყვაა, მოდი ვთქვათ გრძნობა, რომ ზედმეტად არ უნდა გამოვჩენილიყავი და უბრალოებისკენ უნდა გადავხრილიყავი. მე კიდევ, ყოველთვის ამისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვიყავი, ასე იყო მაშინაც და არის ახლაც. მინიმალიზმი ჩემი არ არის,  ყველაფერი საპირისპირო მომწონს – დიდი და ფერადი. მაშინ, როდესაც კომუნიზმი დასრულდა და აქ ყველაფერი აირია, მაშინ გონებითაც და ფიზიკურადაც პატარა ბავშვი ვიყავი, ძალიან გვიან განვვითარდი. როცა აქ ეს არეულობა, ომი და გამოსვლები დაიწყო, მაგ დროს გავხდი ზრდასრული. თითქოს ეს დაცული ბავშვობა უცბად შემეცვალა მხედრიონის საქართველოთი, უცებ ომში ამოვყავი თავი. მერე კი, როცა გავიზარდე, გარდატეხასთან ერთად, საერთოდ ყველაფერი შემეცვალა.

მანამდე, სკოლის პერიოდში შენი ნიჭიერება რაიმე სახით ვლინდებოდა?  ალბათ დადიოდი სხვადასხვა გაკვეთილებსა და წრეებზე, ხომ ასეა? მაგალითად, ხატვაზე.

კი, ბავშვობიდან სულ ვხატავდი. სკოლაში ხატვის გარდა არაფერს ვაკეთებდი. მერე სამხატვრო სკოლაშიც მიმიყვანეს. რაც თავი მახსოვს ყოველთვის რაღაცებს ვხატავდი, ძირითადად ვხატავდი ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით პანკურად ეცვათ. ახლაც ძველ ნახატებს რომ ვუყურებ, აღმოვაჩენ ხოლმე რომ ყველა ნახატი არის ჩაცმულობაზე, უცნაურად ჩაცმული ადამიანების ფიზიკურ მანიფესტაციაზე. კიდევ, პლასტილინით ვაკეთებდი რაღაც ფიგურებსა და სახლებს. ძალიან მიყვარდა სხვა ხალხის ჩაცმაც, მეგობრებს სულ ვაცმევდი ხოლმე, ჩემი გატაცება ეს იყო. ფოტოებსაც ვიღებდი, ფირის ფოტოაპარატი და სახლში ჩემი წითელი თუ შავი ოთახი მქონდა, სადაც მამასთან ერთად ფირებს ვამჟღავნებდი ხოლმე, მაშინ ფოტოებს ვერ ვბეჭდავდით და ძალიან მიყვარდა ამის კეთება.

იყვნენ თუ არა მასწავლებლები ან ლექტორები, რომლებმაც შენზე დიდი გავლენა მოახდინეს აკადემიაში ჩაბარებამდე ან ჩაბარების შემდგომ? ლექტორები, უფროსი კურსელები ან კონკრეტული ხელოვანები და არტისტები? 

ძალიან უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხატვას უკვე ვსწავლობდი, მასწავლებელთან ჩემი პირველი გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა ვაბარებდი. ქართულის რეპეტიტორთან დავდიოდი, მხატვრობასთან საერთოდ არაფერ შუაში იყო, საგამოცდო თემების წერას გვასწავლიდა. მანამდე ვერც კი ვხვდებოდი, რომ ეს თემები  წინასწარ დაწერილი „შპარგალკით“ არ უნდა დაგეწერა. ამ ქალთან მივედი თუ არა, მითხრა რომ შპარგალკები არ არსებობს, დაივიწყეთო, გვითხრა რაღაც თემა, ზუსტად უკვე აღარც მახსოვს რა და გვითხრა, ამაზე თქვენ რაც გინდათ ის დაწერეთ, არ აქვს მნიშვნელობა ცუდად დაწერთ თუ კარგადო. მაშინ პირველად მივხვდი რომ რაღაცას ჩემით შემიძლია გავუკეთო ინტერპრეტაცია. დავწერე და ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღე. შედეგად ამას მოჰყვა ძალიან დიდი გარდატეხა, რეალურად მივხვდი რამხელა მნიშვნელობა და წონა აქვს ჩემს აზრსა და შემოქმედებითობას. ამ ქალმა ფაქტობრივად მასწავლა როგორ უნდა მეაზროვნა, რათა რაიმე შემექმნა. მართლა ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი იმ ერთი დაწერილი თემით. აი, ეს იყო მგონი ერთადერთი მასწავლებელი, რომლისგანაც რაიმე ვისწავლე. ის ადამიანი იყო, რომელმაც უდიდესი ნაბიჯი გადამადგმევინა ჩემს შემოქმედებით მომავალში, ამით მივხვდი რომ საზოგადოებაში, რომელშიც აქამდე ვერ ვეწერებოდი, თურმე არც უნდა ჩავწერილიყავი და მე თვითონ უნდა გამეკაფა გზა. 

რა სიტუაცია იყო მაშინ აკადემიაში? რამდენად კმაყოფილი იყავი იქ სწავლით?

აკადემიაში 90-იან წლებში ვსწავლობდი, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი მისწავლია. ჯერ მარტო, ფიზიკურად ძალიან ცოტანი ვიყავით, პირველ კურსზე ვიარე და მერე იმ ადგილას მართლა ფიზიკური ომი დაიწყო – სროლები, მხედრიონი დადიოდა, ამიტომ, რომ არ მოგატყუოთ, იმ პერიოდში არაფერი მისწავლია. ეს სრულიად ჩავარდნილი პერიოდი იყო. მერე რაღაც დრო თეატრალურში ვსწავლობდი. ძალიან მაინტერესებდა ფირზე მუშაობა, ამას ვსწავლობდი და იმ პერიოდიდან უფრო მახსენდება რაღაცები. ლექციებს გოგი გვახარია გვიკითხავდა და ძალიან საინტერესო ფილმებსაც გვაჩვენებდა. ეს ყველაფერი ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო. სამხატვროში მარტო ტექნიკურ ხატვას გვასწავლიდნენ, რომელსაც დიდად არაფერი მოუცია. მაგრამ იმ პერიოდში, ფაქტობრივად, ვერავინ ვერაფერი ისწავლა, და ამასთანავე, ყველა იმას ფიქრობდა, თუ როგორ გაქცეულიყო აქედან.

ოჯახმა როგორ მიიღო შენი პროფესიული გადაწყვეტილება ამ ომიანობის ჟამს?

როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ძალიან მიჭერდა მხარს. ერთხელ დავიჩემე, რომ კბილის ექიმობა მინდოდა, იმიტომ რომ ჩემი კბილის ექიმი მომწონდა. დედაჩემს კი, სულ უნდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, თავადაც ძალიან არტისტული ქალი იყო და უნდოდა თავისი ეს მხარე სადღაც გამოხატულიყო და ძალიან მოსწონდა მე რომ მხატვარი ვიყავი. შესაბამისად, ხელსაც ძალიან მიწყობდა. ერთი წელი ქიმია-ბიოლოგიაზე ტყუილად ვიარე, კი შემიწყვეს ხელი, მაგრამ მერე როცა ვთქვი რომ აღარ მინდოდა, დედაჩემი ყველაზე ბედნიერი იყო. ოჯახი ყოველთვის გვიწყობდა ხელს მეც და ჩემს დებსაც. არასდროს უთქვამთ რომ რაიმე არ გამოგვივიდოდა. ჩემი მშობლები მართლაც არ ჰგვანან სხვებს და ახლაღა, სხვა ადამიანებს რომ ვუყურებ, ვხვდები როგორ ძალიან გამიმართლა.  

რა გეგმები გქონდა, თუ გქონდა, სწავლისას და სტუდენტობის პერიოდში? იცოდი რა ჟანრში აპირებდი ხატვას, თუ გქონდა რაიმე ხედვა?

მეგობრები სულ მყავდა, მაგრამ რაღაც მომენტში სხვა ინტერესები გაუჩნდათ, შეიცვალნენ და გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ გარიყული აღმოვჩნდი. ერთი მეგობარი გოგო მყავდა, რომელსაც მაშინდელი სტანდარტებით ჰიპის ეძახდნენ და უცნაური, არასტანდარტული ადამიანი იყო, უყვარდა მუსიკა, თავადაც არაჩვეულებრივად მღეროდა და ძალიან დავმეგობრდით. შემდეგ ამ გოგოსგან ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, რომელიც, ჩემ მსგავსად, საერთო სტანდარტებში არ ჯდებოდა. ისე მოხდა უცებ, თავი უზარმაზარ, მრავალფეროვან ოჯახში ამოვყავი, რომელიც მანამდე არ მყოლია. აღმოვაჩინე საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ახალი ჯგუფი, სადაც მიღებული ვიყავი ჩემი ყველანაირი განსხვავებულობით. შეიძლება ითქვას, ნამდვილ ხელოვნებას სწორედ ამ ჯგუფის მეშვეობით ვეზიარე. 90-იანებში ბევრი რამ ხდებოდა, სულ დავდიოდით სხვადასხვა მხატვრებთან, არსებობდა „33-ე სართული“, ადგილი, სადაც შეკრებები იმართებოდა. იმ დროს უკვე ყველა ლაპარაკობდა თანამედროვე ხელოვნებაზე, მაშინ გავიგეთ საერთოდ რა იყო ვიდეო არტი, თანამედროვე ხელოვნებაში მოღვაწე მხატვრები ვინ რას აკეთებდნენ, ამ ყველაფერს ჩემზე ძლიერი გავლენა ჰქონდა. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ შემიძლია ამ ჩემს ხელოვნებას უტილიზაცია გავუკეთო, რათა ჩემი აზროვნების მნიშვნელოვნება გარკვეულ ფორმაში მოვაქციო. უკვე მაგ პერიოდში მომწონდა მოდაც. მოდა ჩემთვის ქვიარობის ყველაზე გამოხატული ფორმა იყო. 90-იან წლებშივე ვუყურებდი ხოლმე რაღაც ფრანგულ არხს, რომელზეც სულ აჩვენებდნენ მოდის ჩვენებებს და იქ იყო ჟან-პოლ გოტიესა და გალიანოს ჩვენებები, რომლებიც ისეთი ქვიარ ჩვენებები იყო, ახლაც რომ ვუყურებ, მიკვირს, სასწაული სანახავია. მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ ძალიან მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი და ჩემი შინაგანი იუნიქორნის ვარდისფერი იდენტობა გარეთ გამოსულიყო. პირველივე, რაც ვიფიქრე, იყო რომ უნდა ვყოფილიყავი ტანსაცმლის დიზაინერი და როდესაც რაღაც მსგავსი პირველად გავაკეთე, ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი ავანგარდულ ასამბლეაზე. ჩემი ჭკუით, ჩვენება გავაკეთე, რომელიც სინამდვილეში იყო პერფორმანსი, რომელიც იმდროინდელ რეივს ეძღვნებოდა, ეს ყველაფერი ახალი შემოსული იყო და სცენაზე ძალიან ფერადი კოსტიუმებითა და უზარმაზარი პლატფორმებით დადიოდნენ. მოკლედ, ყველაფერს, რაც დღეს უკვე მოდაშია, მაშინ დიდი რეზონანსი ჰქონდა და ამანაც ძალიან იმოქმედა ჩემზე, რადგან მივხვდი რომ ექსპერიმენტულ გზას თუ გავყვებოდი, ამას შეიძლება რაღაც საინტერესო გამოეღო. მაგ დროს მივხვდი რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი მქონდა სამუშაო რომ თვითგამოხატვა მესწავლა.

როგორც ვხვდები, შენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაშინ საკუთარი თავის გამოხატვის ფორმების პოვნა იყო. მაშინდელ საქართველოში რა ქაოტური სიტუაცია იყო, ყველამ ვიცით. მაინტერესებს, რამდენად ითარგმნებოდა ეს სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია ამ ჯგუფების საუბრებში თუ ხელოვნებაში?

მაშინ ხელოვნება ამ ადამიანებისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, ძალიან ბევრი რამ იქმნებოდა, რისი დოკუმენტაციაც დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს. სინამდვილეში მაშინ არსებული ჯგუფები ძალიან პროდუქტიულები იყვნენ, არც მობილური იყო და არც არაფერი, შესაბამისად, ყველა იცლებოდა და იხარჯებოდა ხელოვნებაში. თუმცა, ყველას გაცნობიერებული არ ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება პოლიტიკური აქტი ყოფილიყო. ეს უფრო ჰგავდა, პიტერ პენის მსგავსად, დაკარგული ბავშვობის ძიებას. ყველა ეს ადამიანი გეგონება დაკარგული ბავშვობის ქალაქში ცხოვრობდა და ამასთანავე, ყველა საზღვარგარეთ წასვლას ცდილობდა, ჩემი ჩათვლით. 

ემიგრაცია და პირველი ნაბიჯები ამერიკაში

საქართველოდან 1998 წელს წავედი. წასვლამდე საკმაოდ დატვირთული ცხოვრება მქონდა, ძალიან ბევრ რამეს მოვედე, დიდი სამეგობრო წრე შევიძინე, სულ ვაკეთებდი რაღაც ადგილებში პერფორმანსებს. მაგ დროისთვის უკვე შექმნილი მქონდა სამი კოლექცია, რომელიც სინამდვილეში კოსტიუმირებულ პერფორმანსებს წარმოადგენდა და სამივე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

თავდაპირველად, St Martins-ის კოლეჯში ჩავაბარე ლონდონში, რომელიც მოდის ძალიან კარგი კოლეჯია და მაშინ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. ფული, რა თქმა უნდა, არ მქონდა. ამ დროს, ჩემი ერთი მეგობარი შტატებში ცხოვრობდა და ჩასვლა და ფულის შეგროვება შემომთავაზა. წავედი ნიუ იორკში და იქ ჩავრჩი, გავიჭედე, ვეღარ წამოვედი. იქ ყოფნისას სულ ვმუშაობდი, არა მხოლოდ ჩემი მიმართულებით, დასაწყისში, მაგალითად, ვიმუშავე ავეჯის გადატანაზე, მიმტანად, სტიკერების გამკვრელად, მაღაზიაში გამყიდველად და ა.შ. ძალიან ბევრ სხვადასხვა რაღაცაზე ვიმუშავე. მაშინ დაახლოებით 22 წლის ვიყავი. რაღაც დროის შემდეგ, ჩემმა მეზობელმა შემომთავაზა თეატრისთვის სეტ დიზაინი გამეკეთბინა, შემდეგ ვიღაც სხვასაც მოეწონა და ასე დავიწყე ძალიან ინტენსიური მუშაობა თეატრში, 10 წელი ვიმუშავე სხვადასხვა თეატრებში. ბევრი სპექტაკლის სცენისა და კოსტიუმების დიზაინი მაქვს გაკეთებული პატარა თეატრებში. თუმცა ამდენი წლის შემდეგ მივხვდი, რომ თეატრი ჩემი არ იყო, რადგან ბოლომდე თვითგამოხატვის საშუალებას არ მეძლეოდა. ამიტომ გადავწყვიტე ისეთი ნამუშევრები შემექმნა, რომელზეც თავიდან ბოლომდე თავად ვიქნებოდი პასუხისმგებელი და დავანებე თავი თეატრებში მუშაობას. 

ჩემი ხელოვნებით ყოვლთვის ვცდილობ შევქმნა სხვადასხვა სამყაროები, რომლებში შემობიჯებისასაც ადამიანები გარეთ არსებულ რეალობას დაივიწყებენ და მისი ნაწილი გახდებიან, ეს რაღაც რიტუალურსაც წააგავს და ხშირად ცოტა ეშინიათ კიდეც ამის, ვინაიდან ჩემი გამოხატულება ზოგჯერ ძალიან ბნელიც არის ხოლმე. 

ამერიკაში ჩასვლიდან 10 წელი საქართველოსთან კავშირი სრულიად გაწყვეტილი მქონდა, მარტო ოჯახის წევრებსა და რამდენიმე მეგობარს  ვესაუბრებოდი. რაღაც დროს ძალიან დავისტრესე აქ ცხოვრებით და ვცდილობდი ყველა მოგონება გამექრო. 10 წლის შემდეგ, ძალიან დრამატულად ჩამოვედი, 2008 წელის 8 აგვისტოს, 10 წლის შემდეგ პირველად ჩამოსვლისას მაშინვე ომი დაიწყო. იმდენი ემოცია წამოვიდა ერთიანად, მივხვდი, რომ აქ ძალიან ბევრი რამ არ მქონდა დასრულებული, გადახარშული და გადატანილი. მივხვდი იმასაც, რომ ძალიან მიყვარს აქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ამას ვერ ვგრძნობდი. ადრე უარვყოფდი კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა რომ მიწასთან ძალიან ძლიერი ბმა და კავშირი მაქვს. 

საქართველოში ცხოვრების გადაწყვეტილება გაცნობიერებულად მიიღე? 

არა, ყოველი ჩამოსვლისას ნელ-ნელა ვუმატებდი დარჩენის პერიოდებს, ჯერ ერთი თვით დავრჩი, ერთი წლის შემდეგ ორი თვით, მერე სამით და ა.შ. რაღაც დროის შემდეგ კი, ისე გამოვიდა, რომ აქ საცხოვრებლად გადმოვედი, იმიტომ რომ ჩემს ოჯახთან, ჩემს პარტნიორთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა  მინდოდა. საბოლოოდ, 2018 წელს გადმოვბარგდი და რომ ჩამოვედი, მივხვდი რომ ფორმირების ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის ის, რასაც მე ჩემს სფეროში ვაკეთებდი, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე ამერიკაში. აქ რაღაც ისეთის გაკეთება შემიძლია, რაც არ იქნება მხოლოდ ჩემთვის, არამედ – საზოგადოებისთვისაც. 

ისე გამოვიდა, რომ გამოცდილება დააგროვე და ახლა ამ გამოცდილებას შენს ქვეყანას ახმარ, ხომ ასეა?

ასე გამოდის. ვფიქრობ, ყველა ადამიანი რაღაც მომენტში უნდა წავიდეს სამოგზაუროდ და დაბრუნდეს, ეს შეგრძნება რომ გამოსცადოს. 

პოლიტიკური კონტექსტი

90-იანების შემდეგ, საქართველოში  პირველად რომ დაბრუნდი, 2008 წელს, რა მნიშვნელოვანი განსხვავება იგრძენი?

მიშას მმართველობის პერიოდი მთლიანად ჩაგდებული მაქვს, მითუმეტეს დასაწყისი, მხოლოდ შორიდან ვაკვირდებოდი მოვლენებს. როცა ჩამოვედი, ყველაფერი რადიკალურად შეცვლილი მეჩვენა, მაგალითად, კორუფცია რომ აღარ იარსებებდა, მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი და ეს ყველაფერი ძალიან იმედისმომცემად მეჩვენა. ახლა კი, კიდევ უფრო შეცვლილი მეჩვენება, ეს ქვეყანა ბევრად უფრო კაპიტალისტური გახდა, ვიდრე ადრე და ყველა გადარჩენაზეა ორიენტირებული. უფრო მეტად გადის ყველაფერი ადამიანების პიროვნულ გამარჯვებებზე, ვიდრე რაღაც საერთო საქმისთვის ბრძოლაზე.

თუმცა, ეს ქვეყანა ხომ სულ მოძრაობაშია, სულ იცვლება, რაღაც პერიოდებით საზღვარგარეთ რომ მიწევს ხოლმე ცხოვრება, ჩამოსვლისას, ყოველ ჯერზე სხვა ქვეყანა მხვდება. ხშირად ვავლებ ხოლმე პარალელს თბილისსა და ნიუ იორკს შორისაც. ორივე ქალაქი ძალიან ქაოტურია და ძალიან მკვეთრად ჩანს ადამიანების დაყოფა, სოციალური სტატუსით თუ პოლიტიკური მიკუთვნებულობით. 

დღევანდელ სიტუაციაზე რას გვეტყვი? 

ყველაზე თვალშისაცემი ჩემთვის დღეს ნიჰილიზმია, რომელიც ძალიან ჰგავს 90-იანი წლების სიტუაციას. ყველაფერს ბიზნესი მართავს და განაგებს და გეგონება იდეები და მისწრაფებებიც ამ დამაკნინებელ გარემოში იყლაპება. 

თუმცა, ამასთანავე, იზრდება უფრო თავისუფალი თაობა, რომელსაც არ აქვს ის დაღი დასმული, რომელიც ჰქონდა მინიმუმ 3 თაობას მანამდე, დაწყებული კომუნისტებიდან, 90-იანების მხედრიონითა და შემდეგ 2000-იანების არეულობებით. ახლანდელი თაობა უფრო ღიაა, სულ ხელოვანი ახალგაზრდები მყავს გარშემო, რაღაც ფორმით ყველანი ხელოვნებაში არიან ჩართულები. ძალიან ინტერესიანები არიან და არ არსებობს საკითხი, რომელიც არ აინტერესებთ, თუმცა თვითგამოხატვა ისევ მთავარ საკითხად რჩება, რადგან გარშემო ძირითადად ქვიარ ახალგაზრდები მყავს. ყველა ერთად ვცდილობთ შევქმნათ სივრცეები და პლატფორმები, სადაც მათ თვითგამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. 

შენი შეფასებით რა არის დღევანდელ დღეს ქვიარ ადამიანთა მთავარი გამოწვევები?

ვფიქრობ, დღესდღეობით ქვიარებს იმაზე მეტი გამოწვევა აქვთ, ვიდრე ოდესმე. ხილვადობის გაზრდის პროპორციულად, გაიზარდა აგრესიაც. ვფიქრობ, ახლა ყველასთვის გარდამტეხი პერიოდია. ზიზღი, საჯარო სივრცეში გამოჩენის საშიშროება, დასაქმება, პატარა სივრცეში ჩაკეტილობა, მიუღებლობა – ალბათ ისევ ამ თემების გარშემო ვტრიალებთ. ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას და ვერც მოვთხოვთ აქ დარჩნენ და ამ ყველაფერს გაუძლონ, ყველას უნდა ჰქონდეს მშვიდად ცხოვრების საშუალება. თუმცა, ამასთანავე, ბევრი ქვეყანაში დარჩენას ამჯობინებს.

შესაძლოა, ჩვენს ჟურნალს კითხულობდნენ ახალგაზრდა ქვიარები, მათ შორის, რეგიონებიდანაც, რას ეტყოდი მათ?

ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს – This shall pass too. ყველაფერი, ყველაფერი ნეგატიური, ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაივლის. ვუსურვებდი მედგრად იდგნენ საკუთარ მიწაზე და იპოვონ ის ოჯახი და წრე, რომელიც დაეხმარებათ რომ მარტო არ იყვნენ. შეძენილი ოჯახი, ადამიანების ჯგუფი, რომელიც მიგიღებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი გადაივლის, არაფერი რჩება სამუდამოდ. 

ორი სიტყვით გვითხარი შენს მიმდინარე პროექტებზეც. 

ერთ-ერთი პროექტაგანი “უტა და ლევანია”, ლევან მიდიაშვილთან ერთად. მე და ლევანი წლებია ერთად ვმუშაობთ. ის ბუენოს აირესში ცხოვრობდა, მერე ჩემთან ნიუ იორკში ჩამოვიდა და ახლაც იქ ცხოვრობს. ახლა უფრო იშვიათად ვაკეთებთ რაღაცებს ერთად, მაგრამ ადრე უფრო აქტიურები ვიყავით. 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი FUNGUS, რომელსაც 4 ადამიანი ვაკეთებთ. ეს არის სივრცე ქვიარ-ფემინისტი არტისტებისთვის, სადაც ეწყობოდა ხოლმე გამოფენები. პანდემიის დროს დავიწყეთ და ეს იყო სივრცე ინსტაგრამზე. შემდგომ უკვე ვებსაიტიც გაკეთდა და მერე ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, გალერეა ახლა აღარ გვაქვს, მაგრამ სულ მალე კარგი ახალი ამბებით დავბრუნდებით. FUNGUS ჩვენთვის იყო მცდელობა, ქვიარ ხელოვნება ანდერგრაუნდიდან ამოსულიყო და რაღაც ფორმა მისცემოდა, უფრო ხილვადი გამხდარიყო, ამასთანავე, ეს იქცა პლატფორმად დოკუმენტირებისთვისაც. 

 

ინტერვიუს ავტორი: ნინო ბოლქვაძე

რედაქტორი: მარიამ პაიჭაძე

“ხელისუფლების დამხობის” საქმეზე სუსში დაბარებულებს შორის არიან ვახო ქარელი და ნატალია ვაწაძე

/

არტისტი, ჯგუფ “ბულიონის” წევრი ნატალია ვაწაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს ე.წ. რევოლუციური სცენარით “ხელისუფლების დამხობის” საქმეზე.

ნატალია ვაწაძე 29 სექტემბერს ესწრებოდა თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც “კანვას საქართველომ” USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა და რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროს მეტი დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზების განხილვა იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არტისტი სწორედ ამ ტრენინგზე დასწრების გამოა დაბარებული.

ამავე საქმეზე გამოსაკითხად დაიბარეს ტელეკომპანია  ფორმულას ფოტოგრაფი ვახო ქარელი. მისი გამოკითხვა სასამართლოში დღეს, 12 ოქტომბერს, არის დაგეგმილი.

13 ოქტომბერს ბათუმში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ბათუმში სამოქალაქო აქტივისტების მიერ პარასკევს, 13 ოქტომბერს, 12:30 საათზე მეორე საჯარო სკოლის ეზოში მოეწყობა მიუსაფარ ცხოველთა (კნუტების და ლეკვების) გამოფენა-გაჩუქება. 

ინიციატივის მიზანია ბავშვებში და ზრდასრულებშიც ამაღლდეს ცნობიერება იმასთან დაკავშირებით რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველებზე ზრუნვა, რაც მათ მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას და აქედან გმაომდინარე გასტერილების საჭიროებას მოიცავს. ასევე ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ ფუმანური დამოკიდებულების გაღვივება და ცხოველების მიმართ შიშის დაძლევა, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ერთ-ერთი აქტივისტი, თეონა ყურშუბიძე აქვეყნებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

გამოფენა-გაჩუქების აქციაზე დასწრება თავისუფალია.  მისამართი: ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა #19. განცხადების სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია აქ. 

 

 

 

კეთილგანწყობის შენარჩუნების მნიშვნელობა სტრესის დროს

დღეს თითქმის ყოველი ჩვენგანი განიცდის სტრესს, რაც შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობამ და არასტაბილურმა გარემომ. ზოგადად, სტრეს-ფაქტორები სხვადასხვა შეიძლება იყოს და თავად სტრესიც სხვადასხვა ინტენსივობისაა. როდესაც ხდება ისეთი ფართომასშტაბიანი მოვლენა, როგორიც არის ომი, ამან შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, შიში, უსუსურობის განცდა მათშიც, ვინც ამ მოვლენების უშუალო მონაწილე არაა და ეს ნორმალურია. 

არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავიარეთ პანდემიის პერიოდი, თვალს ვადევნებთ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის კატასტროფულ შედეგებს, მიმდინარე საომარ მოქმედებებს ისრაელის და სექტორ ღაზას ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცნობიერებაში შესაძლოა ჭარბობდეს ნეგატიური ფიქრები და ემოციები. 

ომით დაზარალებულ ადამიანებს სიბრაზის ემოცია ერთის მხრივ, ეხმარება გააგრძელონ ცხოვრება, ხოლო მეორეს მხრივ, თუ უკონტროლო ხასიათი მიიღო, ანადგურებს მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ამიტომაც, ლტოლვილებთან სამუშაო სახელმძღვანელობი ითვალისწინებენ ბრაზთან მუშაობის კომპონენტს. 

უკიდურესად დასტრესილ ადამიანებში ბრაზი შეიძლება მიემართებოდეს გარშემომყოფთა მიმართ, მაგალითად საკუთარი ოჯახის წევრების ან თემის წევრების მიმართ. შეიძლება თავი იჩინოს არაკეთილგანწყობამ სხვების მიმართ, რაც ადამიანს კონფლიქტურს ხდის და კიდევ უფრო ამძიმებს მის ემოციურ მდგომარეობას. ცხადია, ომით დაზარალებულ მოსახლეობას კომპლექსური დახმარება ესაჭიროება და პირველ რიგში, საომარი მოქმედებების დასრულება. 

მოცემული სტატიით, მიზნად ვისახავ იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვინც არც პირადად არის დაზიანებული ომით, და არც ახლო ნათესავები ან მეგობრები ჰყავს შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში. 

სტრესთან და ინტენსიურ, ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებისა და დაძლევის არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა ამჯერად გამოვყოფ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. აღმოჩნდა, რომ კეთილგანწყობის გაღვივება საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, თვითშებასებასა და სტრესის მიმართ მედეგობას, ზოგადად ზრდის ცხოვრების ხარისხსაც. 

რას ნიშნავს კეთილგანწყობის გაღვივება?

როდესაც ვფიქრობთ კეთილგანწობაზე, რა სიტყვები მოგვდის თავში? რა ემოციას ან ფიქრებს იწვევს? რას ნიშნავს იყო კეთილგანწყობილი, ქცევის დონეზე?

მე, როდესაც კეთილგანწყობილ ადამიანზე ვფიქრობ, პირველი სიტვები, რაც მომდის თავში, არის: მზრუნველი, ღია, გულუხვი, შემწყნარებელი, თბილი, მხარდამჭერი. თქვენ შესაძლოა, სხვა სიტყვებითაც ახასიათებდეთ ამ თვისებას. თუმცა, როდესაც ვიხსენებთ კეთილ ადამიანებს და კეთილგანწყობას, რომელიც გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, სასიამოვნო ემოცია გვიჩნდება, სიმშვიდისა და სიხარულის განცდა გვეუფლება. 

საკუთარი თავისა და სხვების მიმართ კეთილგანწყობილი ყოფნა მოითხოვს დროსა და გარკვეული რესურსი გაღებას, მოთმინებას, არაგანსჯად დამოკიდებულებას, შრომას, სწავლასა და  თავდადებას. თუმცა, რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი და დამხმარე, როდესაც კეთილად ექცევი საკუთარ თავსა და სხვებს. 

თუმცა არის მდომარეობები, როდესაც ნაკლებად გვაქვს რესურსი ვიმოქმედოთ და გამოვიჩინოთ ზრუნვის ან სხვა სიკეთის აღმნიშნელი ქცევა საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ. პირველ ეტაპზე იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს მრავალი ემოცია, ტრავმა, სხვადასხვა დაძლევის სტრატეგიები, ზოგადად, გვაქვს სხვადასხვა გამოცდილება და შესაბამისად ვიქცევით, ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი, და ეს ძალიან ადამიანური ამბავია. 

როგორ შევინარჩუნოთ კეთილგანწყობა საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ მაშინ, როდესაც ძალიან ცუდად ვართ?

იყავი კეთილი. იყავი კეთილი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ადვილია? არა. დასწავლადია? კი. 

საკუთარი თავის და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების მხარდაჭერაში გვეხმარება ქვემოთ ჩამოთვლილი სავარჯიშოები:

სავარჯიშო — პოზიტიური აფირმაციები 

პოზიტიური აფირმაციები შეგიძლიათ თავად შეადგინოთ (თუმცა აუდიო-ვიდეოს სახითაც ბევრია). ამისთვის დაგჭირდებათ კალამი და ფურცელი. პოზიტიური აფირმაციების მაგალითს კი ქვემოთ გთავაზობთ. გაითვალისწინეთ, რომ აფირმაციები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და ეხებოდეს ჩვენთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს. 

გთავაზობთ ჩემს ზოგიერთ აფირმაციას მაგალითისთვის: 

– მე ვარ უსაფრთხოდ; 

– ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები არიან კარგად და უსაფრთხოდ; 

– ჩემი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა დღითი დღე უმჯობესდება; 

– თავს ვგრძნობ მშვიდად, კარგად, ბედნიერად; 

– ჩემი ღირებულებები ჩემი სიმყარეა; 

– მიყვარს საკუთარი თავი და ადამიანები ჩემ გარშემო; 

– შემიძლია უბრალოდ ვიყო, საკუთარი თავის განსჯის გარეშე; 

– ადამიანები ჩემ ირგვლივ მეხმარებიან;

 – მაქვს/მექნება ყველა რესურსი, რაც მჭირდება;

სავარჯიშო – სიყვარულის ენა

სავარჯიშო “სიყვარულის ენა” გვეხმარება გავიუმჯობესოთ კომუნიკაცია საყვარელ ადამიანებთან, პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან. ჩვენს კულტურაში ნორმალიზებულია საკმაოდ უხეში საკომუნიკაციო ენა, თუმცა შეგვიძლია ახლობლებს ვთხოვოთ, ურთიერთობაში ჩვენ მიმართ გამოიყენონ “სიყვარულის ენა” და მაგალითიც თავად ვაჩვენოთ. 

“სიყვარულის ენა” თავაზიანი, გულწრფელი, მზრუნველი, მომთმენი, მხარდამჭერი და სიყვარულის გამომხატველი ფრაზებით სავსეა. ყველას, ასაკის მიუხედავად, გვჭირდება ადამიანური სითბო, პირველ რიგში ახლობელი ადამიანების მხრიდან. შესაძლოა, თავიდან “სიყვარულის ენის” გამოყენებაზე საკუთარი თავის და სხვების შეხსენებაც დაგჭირდეთ (მთავარია, შეხსენებაც სიყვარულის ენაზე იყოს), მაგრამ სულ მალე ის თქვენი და თქვენი ახლობლების მთავარი სასაუბრო ენა გახდება. 

პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩვენ შეგვიძლია გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი მიუხედავად გარემო ფაქტორებისა, რომლებიც დისტრესს იწვევს. ჩვენ შესაძლოა ზუსტად არ ვიცოდეთ რამდენად დიდია ის პოზიტიური გავლენა, რასაც ჩვენი კეთილგანწყობა ახდენს გარშემო მყოფებზე, თუმცა ზუსტად გვეცოდინება მისი სასიკეთო შედეგები საკუთარ თავზე. 

 

ავტორი: ნინო ბექაია, ფსიქოლოგი

გამოყენებული მასალა:

ბოლქვაძე ნ. (2022). სტრესის მართვის ეფექტური  სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ. პრაქტიკული სახელმძღვანელო.

Alfonso J. et al. (2021). The effects of gratitude and kindness on life satisfaction, positive emotions, negative emotions, and COVID-19 anxiety: An online pilot experimental study

Stallman M.H. et al. (2017). The Role of Social Support, Being Present, and Self-kindness in University Student Psychological Distress

World Health Organization (2020). Doing What Matters in Times of Stress: An Illustrated Guide 

Amnesty International: ორივე მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის ფასს

/

მშვიდობიანი მოსახლეობა, ორივე მხრიდან, იხდის ფასს ისრაელსა და ღაზას სექტეორს შორის დაპირისპირების უპრეცენდენტო ესკალაციისთვის – დაღუპულთა რიცხვი იზრდება – ამ სათაურით სტატია განთვსებულია საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ოფიციალურ გვერდზე.

“ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა და პალესტინის შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა გამოიყენონ მაქსუმალური ძალისხმევა, რათა მიმდინარე საბრძოლო ვითარებაში დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც ისრაელში, ასევე პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.” –  ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებაში. Amnesty International-ის გენერალურმა მდივნმა ანიერ კალამარმა განაცხადა:

„ჩვენ ძალიან შეშფოთები ვართ მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობით, როგორც ღაზაში, ასევე ისრაელში და ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე და სასწრაფოდ მოვუწოდებთ კონფლიქტის ყველა მხარეს აიცილონ სამოქალაქო მოსახლეობაში სისხლისღვრა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, კონფლიქტის ყველა მხარეს აქვს ვალდებულება დაიცვას, საბრძოლო ქმედებების არეალში მოხვედრილი, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე.“

„სამოქალაქო მოსახლეობაზე განზრახი იერიში, არაპროპორციული, არაშერჩევითი თავდასხმები, რომელთა შედეგად იღუპებიან ან ზიანდებიან სამოქალაქო პირები, წარმოადგენენ ომის დანაშაულს. ისრაელს აქვს დოკუმენტირებული, დაუსჯელი ომის დანაშაულებების საშინელი სია, რაც ჩადენილი იყო ღაზას სექტეორში წინა ომების განმავლობაში. პალესტინელი შეიარაღებული დაჯგუფებები, ღაზას სექტორიდან, თავს უნდა იკავებდნენ სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმისგან და არაშერჩევითი მოქმედების იარაღის გამოყენებისგან, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ და უფრო ინტენსიურად აკეთებენ მოცემულ შემთხვევაში, ქმედებებს გათანაბრებულს ომის დანაშაულთან.“

 

გამოყენებული წყარო: https://www.amnesty.org/en/latest/news/2023/10/israel-opt-civilians-on-both-sides-paying-the-price-of-unprecedented-escalation-in-hostilities-between-israel-and-gaza-as-death-toll-mounts/

პოსტდრამატული სამყარო და მისი მტრები

/
კვირას, 15 ოქტომბერს, 19:00 საათზე იმართება ღონისძიება “რკინის თეატრში”.
ღონისძიების აღწერაში მითითებულია შემდეგი:
“პოსტდრამატული სამყარო იწყება მტრის განსაზღვრით. მტერი ის კი არაა, ვინც პოსტდრამატულ სამყაროს ემტერება, არამედ ვისი ამოცნობაც თავად ამ სამყაროს აჩენს. ამოცნობილი მტერი არც კლასობრივია და არც რასობრივი, არც ექსპლუატატორია და არც დამპყრობელი, არამედ თავად რეალობაა, თავისი ყველა წესითა და წახნაგით, რომელშიც ყველა ანტაგონისტი მისთვის განსაზღვრულ როლს თამაშობს. ჰაინერ მიულერი ხელოვნების ამოცანად „რეალობის შეუძლებლად ქცევას“ სახავდა. პოსტდრამატულ სამყაროში რეალობის კანონები შეჩერებულია და სცენას ქთონური ძალები იკავებენ, რომლებისთვისაც ნორმა და კანონი უცნობია. სამყარო ანომიის კანონებს მიჰყვება, რომლებიც რეალობას ისეთად აჩვენებენ, როგორიც ის საკუთარ კანონებს მიღმაა.
პოსტდრამატული სამყარო მოიცავს არა მხოლოდ თეატრს, რომელთან მიმართებაშიც ტერმინი „პოსტდრამატული“ გაჩნდა, არამედ ხელოვნების და სააზროვნო რეფლექსიის ყველა იმ სფეროს, რომელიც ხედვისა და გამოსახვის ტრადიციულ და ტრადიციით დადგენილ საზღვრებს არღვევს, აუქმებს ჩვეულ დაყოფას თეორიასა და პრაქტიკას, პროცესსა და პრეზენტაციას, შემოქმედებასა და პროტესტს შორის, თვითონვე ქმნის საკუთარ წესებს და შემდეგ თვითონვე ანგრევს.
ისაუბრებენ:
▪️ გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი, მწერალი
▪️ გიორგი ჯამბურია, თეატრის რეჟისორი, დრამატურგი
▪️ დიმიტრი მამულია, კინოს რეჟისორი
ეს ღონისძიება ვერ შედგებოდა ხალხის უდიდესი მხარდაჭერის გარეშე, რომელთა დახმარებითაც, „რკინის თეატრი“ მოწესრიგდა. დიდი მადლობა ყველას და გელით სასაუბროდ, აზრთა გასაცვლელად და სასიამოვნო დროის გასატარებლად.
დასწრება თავისუფალია.”  – ნათქვამია განცხადების ტექსტში.