აგვისტო 2023

18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც რძალი მოკლა

//

ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც რძალი (შვილის ცოლი) მოკლა.

შემთხვევა 2022 წლის 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 65 წლამდე კაცმა 34 წლის ქალი სანადირო თოფით მოკლა.

“თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ექსპერტიზამ მას მართლაც დაუდგინა გარკვეული ტიპის ფსიქიკური ნაკლი, თუმცა, ამავე დასკვნის მიხედვით, კაცის ფსიქიკური მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდას არ შეუშლიდა ხელს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

“მას, იმ [დანაშაულის ჩადენის] მომენტში, შეეძლო სრულყოფილად გაეცნობიერებინა თავისი ჩვენების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა”, წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმეზე საფარის იურისტი, ეკატერინე მუზაშვილი მუშაობდა.

მთავრობა: შოვში დაზარალებულები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ

//

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის თანახმად, შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.

მთავრობის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.

მთავრობის განმარტებით, აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.

ბავშვებთან ურთიერთობის თერაპიული მნიშვნელობა

ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტები, სხვა ნარკოტიკული საშუალებები) მოხმარების აშლილობის თერაპია და შემდგომი რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია. ეს პერიოდი შესაძლოა მეტად რთული აღმოჩნდეს მშობლისთვის, რომელიც მართავს როგორც აღკვეთის სინდრომის სიმპტომებსა თუ თრიგერებს, ასევე ცდილობს ადაპტირდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დამატებით კი უწევს მასზე დამოკიდებული ბავშვის აღზრდა და მასზე ზრუნვა.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების აშლილობა კომპლექსური მოვლენაა, რომლის შედეგები ფიზიკურ და ამავდროულად, ფსიქო-სოციალურ დონეებზე ვლინდება. შეასაბამისად, მკურნალობაც კომპლექსურია და ხშირ შემთხვევაში საჭიროებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, ასევე ფსიქოთერაპიას. სახლში დაბრუნების შემდეგ ჯანმრთელობის ხელშეწყობის და დამოკიდებულებისგან თავისუფალი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, მათ შორის კვების, ძლისი რეჟიმის შენარჩუნება-მოწესრიგება, გაცნობიერებული მედიტაცია, ფიზიკური აქტივობა და ა.შ. ასევე ცნობილია, რომ დამოკიდებულების დაძლევის პროცესში მყოფ დედებზე პოზიტიური გავლენა აქვს მხარდამჭერ ოჯახს და მათთან სრულფასოვან ურთიერთობას.

ბავშვები ასევე დიდ მოტივატორს წარმოადგენენ დამოკიდებულების მქონე დედებისთვის.  ბევრი ქალი ასახელებს მათ შვილს/შვილებს, როგორც მთავარ მოტივატორს დამოკიდებულების დაძლევის გადაწყვეტილების მიღებისა და გამოჯანმრთელების პროცესშიც. ბევრი ქალი მიიჩნევს, რომ შვილების აქტიური ჩართულობა მკურნალობის პროცესში დადებითად აისახება მათ რეაბილიტაციაზე. ბავშვებს შეუძლიათ დააკვირდნენ და დაინახონ/შეაფასონ დედის ცვლილება უკეთესობისკენ – ეს კი ნამდვილად პოზიტიურად აისახება როგორც მშობლის, ისე ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. 

დროის გარკვეულ მონაკვეთში შვილთან ერთად ყოფნა, თამაში, კითხვა, სეირნობა და ზოგადად, ინტერაქცია ეხმარება დედას იყოს ფოკუსირებული კონკრეტულ ქმედებზე და ნაკლებად იფიქროს ტრიგერებზე თუ სხვა სტრესულ მოვლენებზე, რაც თან ახლავს რეაბილიტაციის პროცესს. 

სტაბილურობის განცდა და რუტინა მნიშვნელოვანია როგორც ბავშვისთვის, ასევე ადიქციის დაძლევის პროცესში მყოფი დედისთვის. დედები აღზრდის პროცესში ბავშვთან აქტიური ინტერაქციისას და ზოგადად, აღზრდის პროცესში გამოიმუშავებენ გარკვეულ უნარებს, მაგალითად ემოციების რეგულაციის, მოსმენის, კომუნიკაციის უნარებს, რაც თავისთავად ეხმარება ქალებს ფსიქოაქტიური ნივთიერებისგან გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის პროცესში. შვილთან აქტიური ურთიერთობა ამცირებს რელაფსის (ჩავარდნის) რისკებსაც. 

წყარო: Villegas A.N. et al. (2016). Mothers in Substance Abuse Recovery: Perspectives on Motivators, Challenges and Family Involvement. National Library of Medicine.

“მადლობა” – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წერილი კელი დეგნანს

//

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კელი დეგნანის წერილით მიმართავს და გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

“ქალბატონო ელჩო, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე მუშაობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დიდი გამოწვევების პირობებშიც ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებისგან და პირადად თქვენგან.

თქვენი ელჩობა საქართველოში ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს დაემთხვა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენს მადლიერებას იმსახურებს და საქართველოსთან მეგობრობისა და ნამდვილი სტრატეგიულ პარტნიორობის მაგალითს წარმოადგენს. თქვენი მტკიცე პოზიცია ევროპული სახელმწიფოების ოჯახში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობის თაობაზე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის დასრულების აუცილებლობაზე, რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სიფხიზლის საჭიროებასა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის სიმტკიცეზე საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მისწრაფებისადმი თქვენს ურყევ ერთგულებაზე მიანიშნებს. თქვენი გზავნილი ჩვენი თანამემამულეებისადმი, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, პირდაპირ ეხმიანება ჩვენს დემოკრატიულ მისწრაფებებს, რასაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ იცავს.

პოლიტიკურად მოტივირებული შეურაცხყოფისა და კრიტიკის მიუხედავად, თქვენი მოთმინებით სავსე პასუხები ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას და წარმოაჩენს დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეს.

ქალბატონო ელჩო, საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის მისწრაფებებისადმი ღრმა პატივისცემა, ისევე, როგორც თქვენი გულმოდგინე სამსახური, მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის, მისი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ერთგულება, ფასდაუდებელი იყო. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ელჩობის პერიოდში შექმნილი კავშირები გაგრძელდება და გაღრმავდება.

ღრმა პატივისცემით და მადლიერებით,

– Europe-Georgia Institute (EGI)

– Human Rights Center (HRC)

– Democracy Index – Georgia (DIG)

– Georgian Court Watch

– International Society for Fair Elections and Democracy (ISFED)

– Georgian Young Lawyers’ Association (GYLA)

– Civic IDEA

– Media Development Foundation (MDF)

– Open Society Georgia Foundation (OSGF)

– Women Engage for a Common Future (WECF) – Georgia

– Democracy Defenders Georgia

– Kvemo Kartli Media (QvemoQartli.ge)

– Guria Civic Center

– ProActive Group Georgia

– Civic Movement for Freedom

– Femina

– Franklin Club

– Georgia’s Future Academy

– Reforms and Research Group (RRG)

– New Agora (NA)

– World of Tolerance (WT)

– CDD – Center for Development and Democracy

– EuroClub Kvareli

– Movement “The future of Chiatura”

– Civic Initiatives and Innovations Center (CIIC)

– Active Civic Initiative (ACI)

– Public Movement “YouCreator”

– Endowment “ProDemos”

– SECTOR 3 – Hub for Development

– Civic Initiatives and Innovations Center (CIIC)

– Movement “The future of Chiatura”

– EuroClub Kvareli

– Public Movement “Chiatura of the Future”

– Eco Club Chiatura

– Democracy Research Institute (DRI)”

კელი დეგნანმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.

თერაპიული მებაღეობა

თერაპიული მებაღეობა აუმჯობესებს ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, სიცოცხლით კმაყოფილების განცდას, ეხმარება სტრესის და შფოთვის სიმპტომების შემცირებაში.

კვლევების შედეგების მიხედვით, მებაღეობა არამხოლოდ ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას, არამედ:

  • მზის სხივების ზეგავლენით ზრდის ორგანიზმში D ვიტამინის დონეს,
  • აუმჯობესებს კუნთების ტონუსს და გამძლეობას,
  • ხელს უწყობს გულის და სრულიად სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას, 
  • ამცირებს პოსტტრავმატული სტრესის სიმპტომებს, 
  • ამაღლებს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას.

მებაღეობა შესაძლოა იქცეს სასარგებლო გამოწვავად, რომლის მეშვეობით ადიქციის მქონე ადამიანი დაიბრუნებს საკუთარი თავის რწმენას, შეიძენს ცხოვრების ახალ საზრისს და ინტერესს, დასახავს ახალ მიზნებს, უკეთ გაუმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს.  ყოველივე ზემოაღნიშნული კი დაეხმარება მას დაძლიოს ან უკეთ მართოს ნივთიერებების მოხმარების აშლილობა, თუ ქცევითი აშლილობა. 

გამოყენებული მასალები:

Gardening in Addiction Recovery, Hickory Recovery Network, 2023

შოვში, სტიქიის ზონაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

//

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილია თემურ ხარჩილავა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს”, – წერია განცხადებაში.

“თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული” – კელი დეგნანის გამოსამშვიდობებელი წერილი

//

კელი დეგნანმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. ის გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისთვის საქართველოში

“ჩემს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, საქართველოში სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი.

საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა. ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით განთქმული. ეს არის ძლევამოსილი მდინარეების, თვალუწვდენელი ზურმუხტისფერი ველების, ჭალების, ტყეებისა და დამატყვევებელი მთის მწვერვალების ქვეყანა.

აქ ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა.

შთაგონებული ვარ შეუპოვრობით იმ მრავალი ქართველისა, რომლის გაცნობის პატივიც მხვდა წილად. ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ გაცოცხლებულიყო პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ძალა ერთობაშია” – მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის!

როდესაც საქართველოში გატარებულ ჩემს ხანმოკლე პერიოდზე ვფიქრობ, ჩემი მოგონებები აწყობს იმ შთამაგონებელი ხალხის სახეების მოზაიკას, რომლებმაც გამიზიარეს ჩვენი პარტნიორობისა და პროგრესის პირადი ისტორიები: იქნებოდა ეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომელიც თავისი თემის გაუმჯობესების იდეებს წარადგენდა, მეცნიერი, რომელიც COVID-თან ბრძოლის საერთო ძალისხმევაზე გვიყვებოდა, მშობელი, რომელიც ადვოკატირებას უწევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებს, მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკულ მიდგომას ასწავლიდა ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა დეზინფორმაცია და პოლარიზაცია. ასეთი ძალიან ბევრია კიდევ.

რყევებისგან დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებით, იმედისა და ოპტიმიზმის სხივით, საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერისკენ ურყევი სვლით – აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო და თქვენი შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ.

ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში.

როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს „აჩრდილში”:

„გარდმომევლინა ყოვლად შემძლები
ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,
აღმიფრთოვანა მან ოცნებები
და განმიწმინდა ხედვა და სმენა.”

უსაზღვრო მადლიერებით,
კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში”.

ლუის რუბიალესს თანხმობის გარეშე კოცნის გამო უფლებამოსილება შეუჩერეს

ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს –  რუბიალესს ფეხბურთთან დაკავშირებული ყველა აქტივობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე 90 დღით შეუჩერა.

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ქალთა გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთი პირველად გახდა, სადაც ფინალში 1-0 გაიმარჯვა ინგლისის გუნდთან. დაჯილდოების ცერემონიაზე კი, ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა. 

რუბიალესის ქმედება მალევე გააკრიტიკეს როგორც ფეხბურთელებმა, ასევე ფემინისტებმა და გულშემატკივრებმა. “მათ, ვინც ფიქრობს რომ ყველაფერი შეუძლია და ამისთვის პასუხი არ მოეთხოვება, ძალიან ცდება. ნებისმიერ შევიწროვებას უნდა ჰქონდეს რეაგირება” – ამბობენ ფეხბურთელები.

ფედერაციის პრეზიდენტი რუბიალესი ამბობს, რომ არანაირ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია და მსგავსად შეიძლება ეკოცნა მისი შვილებისთვისაც. 

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) ჯენი ერმოსო ცილისწამებაში დაადანაშაულა და მის მიმართ სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა. რუბიალესის განმარტებით კოცნა არ იყო თანხმობის გარეშე, რადგან ფეხბურთელმა ქალმა მას კოცნითვე უპასუხა. ფედერაციამ ასევე გამოთქვა წუხილი, რომ ქალთა გუნდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება გადაფარა სრულიად “არასპორტულმა ამბავმა”.

ჯენი ერმოსო აცხადებს, რომ თავი იგრძნო დაუცველად, რადგან გახდა იმპულსური, სექსისტური და უადგილო ქმედების მსხვერპლი. “არავინ არ უნდა იგრძნოს თავი უპატივცემულოდ, ხოლო  თანხმობის გარეშე ნებისმიერი განხორციელებული ქმედება არის შევიწროვება” – ამბობს ფეხბურთელი.  

მიუხედავად იმისა, რომ რუბიალესს 90 დღით შეუჩერდა ფეხბურთთან დაკავშირებული ყველა აქტივობა, ესპანეთის ქალთა საფეხბურთო გუნდი უარს აცხადებს ჩაატაროს შემდეგი თამაშები მანამ, სანამ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა არ დატოვებს თანამდებობას. 

 

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/08/26/luis-rubiales-jenni-hermoso-world-cup-final-kiss-spain/?fbclid=IwAR0BXCH5vdzDWybZHtFf4ukHHsfNiEUDF-X1G2x_qtespQiDACm2IVm_gg4

ახალი ჰობი ფხიზელი ცხოვრებისთვისა და რეაბილიტაციისთვის

ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტები, სხვა ნარკოტიკული საშუალებები) მოხმარების აშლილობისგან გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პროცესია. ამ გზაზე, ნივთიერებების მოხმარებისგან თავშეკავება, სიფხიზლის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე რთულ ამოცანას წარმოადგენს. 

ერთ-ერთი მეთოდი, რომლის მეშვეობით ადამიანები ახერხებენ საკუთარი თავის მხარდაჭერას რეაბილიტაციის პროცესში, ესაა სასარგებლო ჰობის ათვისება. ამის შესაძლებლობა არის სტაციონარული მკურნალობის პერიოდშიც და შემდგომ, როდესაც პაციენტები უბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რითმს, სამსახურს და ყოველდღიურ მოვალეობებს. შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს ახალი ჰობის შესახებ ინფორმაციის მიღება, რადგან ახალი საინტერესო საქმიანობა ეხმარება ადამიანებს აირიდონ ნივთიერებების მოხმარების რეციდივი. 

ადიქციის დაძლევა პროცესია

რეაბილიტაცია, აღდგენა, ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მკურნალობით იწყება. ცხადია, ადიქციის მქონე ადამიანების საჭიროებები, ასევე მკურნალობის მიზნები ძალიან განსხვავდება. თერაპიაც შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. აღკვეთის სინდრომის, ძლიერი ლტოლვის და უკონტროლო იმპულსების მქონე ადამიანები საჭიროებენ სტაციონარულ თერაპიას, ნაკლებად მძიმე სიმპტომების შემთხვევაში შესაძლებელია ამბულატორიული მკურნალობა. 

ჰობის როლი რეაბილიტაციის პროცესში

მიუხედავად იმისა, თუ მკურნალობის რა ეტაპზეა ადიქციის მქონე ადამიანი, ახალი ჰობის ათვისება ყოველთვის კარგი იდეაა. რეაბილიტაციის გზაზე, ჰობი უმნიშვნელოვანეს რესურსს წარმოადგენს შემდეგი მიზეზების გამო:

  • ჰობი ეხმარება ადიქციის მქონე ადამიანს შეავსოს გამოთავისუფლებული დრო, რომელსაც ადრე მოხმარებაზე ხარჯავდა. 
  • ჰობი ხელს უწყობს თავის ტვინის დაჯილდოვების სისტემის გადახალისებას და დაბალანსებული მდგომარეობის აღდგენას. ნორმალიზდება დოპამინისა და სერატონინის გამომუშავება, ბრუნდება მარტივი საქმიანობით განპირობებული სიხარულის და ბედნიერების შეგრძნებები. 
  • ჰობი შეიძლება იქცეს სტრესისა და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევის კარგ საშუალებად ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების სანაცვლოდ. 
  • ჰობის საშუალებით შესაძლებელია ინტერესების მიხედვით სოციალიზაცია, ახალი ნაცნობების, მეგობრების შეძენა. შედეგად კი იზოლაციის, მარტოობის განცდის შემცირება. 

ზოგი ადამიანი იბნევა, როდესაც ჰობის არჩევაზე იწყებს ფიქრს. სინამდვილეში, თუ კარგად დავფიქრდებით, მათი რიცხვი ამოუწურავია და აქ მხოლოდ ნაწილს შემოგთავაზებთ:

ფიზიკური აქტივობები:

  • მარტივი ვარჯიში
  • ფეხით სიარული 
  • სპორტულ კლუბში მონაწილეობა
  • იოგას კლასი
  • ცეკვა

სოციალური აქტივობები:

  • მოხალისეობრივი ჩართულობა ადგილობრივ ორგანიზაციებში
  • სიფხიზლის ჯგუფებში მონაწილეობა
  • ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობა
  • თვითდაცვის ტრენინგის გავლა
  • მუსიკალურ, სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება
  • კულინარიული შეჯიბრის მოწყობა

სოლო აქტივობები

  • მადლიერების დღიურის წარმოება
  • შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენა (ხატვა, ძერწვა, ქსოვა, კერვა და ა. შ.)
  • ონლაინ ტრენინგის გავლა
  • მებაღეობა (თუნდაც მეგობრის აგარაკზე საკუთარი ძალებიც ცდა)
  • გაცნობიერების მედიტაცია
  • ბუნების შემეცნება
  • მოგზაურობის დაგეგმვა
  • ახალი წიგნის წაკითხვა
  • ახალ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა
  • ოთახის რეორგანიზაცია

ძალიან მნიშვნელოვანია, ჰობის ძიების პროცესში გავითვალისწინოთ საკუთარი ტრიგერები და ზედმეტად არ გამოვიწვიოთ თავი. ამასთან, ჰობი უნდა იყოს გამოჯანმრთელების სახალისო ნაწილი. ჰობი არა მხოლოდ რეციდივის არიდებაში დაგვეხმარება, არამედ გამოჯანმრთელებას ახალ საზრისს შესძენს.

 

გამოყენებული მასალა: NEW HOBBIES FOR SOBER LIVING IN ADDICTION RECOVERY, Authentic Recovery Center

პაკო – პირველ რიგში, რასაც აქ გრძნობ ესაა თავისუფლება

მე ვარ პაკო, 36 წლის. ვარ გეი, ქვიარი. ვცხოვრობ ბრიუსელში, უკვე ორი წელიწადია. თავიდან ცოტა გამიჭირდა, შემდეგ კი ამ ქალაქის რითმს ალღო ავუღე – მეც ცოტა ზანტი გავხდი.  ქართული სულსწრაფობა ბელგიამ, შეიძლება ითქვას, მომაშორა. მშვიდად ვარ, მაღაზიაში, მაგალითად, ჩემ რიგს  შფოთვის გარეშე ველოდები. 

პრაიდს ვესწრები ხოლმე როგორც ბრიუსელში, ასევე ანტვერპენში. წელს ბიუსელის პრაიდით დიდად ვერ მოვიხიბლე. გეი-ბარებს გაცილებით უკეთესი ღონისძიებები ჰქონდათ, ვიდრე პრაიდი იყო. სხვადასხვა დროს დავესწარი კელნის, ამსტერდამის პრაიდსაც. ჩემ საყვარელ დას, კონჩიტას ვუყურე ლაივში. ბერლინშიც ვიყავი პრაიდზე და არც ის მომეწონა დიდად. 

ანტვერპენის პრაიდზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო საოცრება. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ვიყავი ის ვინც ვარ. წარმოიდგინე, რომ შენთვის უცნობი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები მოდიან, გიღიმიან, გილოცავენ, ბედნიერ პრაიდს გისურვებს, გეუბნებიან “ჩვენ თქვენს გვერდით ვართ”.

სასწაული ემოცია მოაქვს ამ ყველაფერს. თვითონ ქალაქი, ანტვერპენი იმდენად მეგობრულია, რომ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ. ემოციის გამოხატვაც კი მიჭირს. ძალიან კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, სრული დაცულობის განცდა მქონდა. პოლიციელების მუშაობა ცალკე აღსანიშნავია. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში არავინ აპროტესტებს პრაიდის ღონისძიებებს, არიან ემიგრანტების ჯგუფები, ვინც ქართული ალტ-ინფოს მსგავსია და შეიძლება საშიშებიც იყვნენ. ამიტომ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოტენციური რისკები აარიდოს მონაწილეებს.

ასევე აღსანიშნავია საჯარო პირების მხრიდან პრაიდის მოლოცვა. ვიცე პრემიერ მინისტრი ტრანსგენდერი ქალია და ცხადია, მისგან იყო მოლოცვა. პრემიერ მინისტრისგანაც იყო მოლოცვა, თვით მეფისგან და დედოფლისგან იყო ასევე მოლოცვა. ბელგიაში პირველი ტრანსგენდერი მომღერალი ქალი გამოვიდა ძალიან ემოციური სიტყვით. ყველა აღტაცებას და ბედნიერებას ასხივებდა. 

ვიზუალური გაფორმებაც ხომ სასწაული იყო, რიოს კარნავალზე გეგონებოდა თავი. გეი წყვილი შენვნიშე, რომელმაც ქორწინება პრაიდს დაამთხვია. ადგილობრივი ყვავილების მაღაზიის მეპატრონემ ყველაზე დიდი თაიგული, რაც ჰქონდა, გამოუტანა და აჩუქა. ძალაინ ამაღელვებელი იყო ეს ამბავი. აღარაფერს ვამბობ, იმაზე, რომ პრაიდამდე ერთი კვირით ადრე ყველა მაღაზიაში იწყება ცისარტყელის ფერებში დროშების გამოფენა. პოლიციელებს უკეთიათ პრაიდის ნიშანი, მანქანებზეც ამაგრებენ. ღამე ქალაქში ყველაფერი ცისარტყელის ფერებშია განათებული. ონლაინ ბანკინგშიც რომ შევდიოდი, იმ დღეებში, ბანკიც კი გვილოცავდა პრაიდს – ცისარტყელის ფერებში იყო ბანკის საიტი. 

ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა რომ ბელგიაში პრაიდი არ არის მხოლოდ ქვიარეიბის ზეიმი. ჩვენთან ერთად და მე თუ მკითხავ, ჩვენზე მეტად ჰეტეროსექსუალი ხალხი ერთობოდა. ასაკოვანი ადამიანი იყო ბევრი, ისინიც გადასარევად ერთობოდნენ.  96 წლის საოცარი ქალი გავიცანი, რომელიც ცეკვავდა. “არც ერთ წელს არ ვტოვებო, თქვენ ხართ ჩემი მეგორებიო” – მითხრა. 

საქართველოსგან განსხვავებით ქვიარებში პრაიდთან მიმართებით განსხვევებული ხედვები არ შემიმჩნევია. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ აქ პრაიდი დაცულია. ადგილობრივი პოლიცია იცავს, ფედერალური პოლიციაც. ყველანაირად დაცული ხარ, გამორიცხულია პრაიდის ტერიტორიაზე რამე შეიტანო, პოლიცია ჩანთებსაც კი ჩხრეკს.  

ბელგიაში ქვიარების უფლებები დაცულია ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალების უფლებები. ამიტომ პირველ რიგში, რასაც აქ გრძნობ ესაა თავისუფლება. საფრთხისგან, წნეხისგან, შეურაცხმყოფელი მოპყრობისგან თავისუფლდები. გრძნობ თავს ადამიანად. საერთოდ არ გრძნობ თავს რაიმე თემის წევრად, იმდენად ჩვეულებრივად გიღებენ. რაც მთავარია გრძნობ დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას.