აგვისტო 2023 - Page 4

PHR: აბიტურიენტის არდაშვების გამო გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ შსს-ს მივმართეთ

//

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ხელძღვანელის, ანა არგანაშვილის ინფორმაციით, აბიტურიენტის გამოცდაზე არდაშავების გამო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.

გარდა ამისა, მისი თქმით, აღსრულების მოთხოვნით უახლოეს საათებში მიმართავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

“სასამართლოს მივმართეთ განმარტების გაკეთების თაობაზე; სსიპ შეფასების და გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ მივმართეთ შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით; უახლოეს საათებში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მივმართავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლო სისტემას და კონატიტუციურ უფლებებს, ვერ გავაუქმებინებთ. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს “რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს”. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები.

ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას, მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა”, – წერს არგანაშვილი.

გუშინ, 2 აგვისტოს PHR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ ყველა დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა და აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება შეუძლებელია.

ყველაფერი, რაც ჰოლივუდის გაფიცვების შესახებ უნდა იცოდეთ

////

2023 წლის მაისში ამერიკის მწერალთა გილდია (Writers Guild of America), რომელიც 11 500 სცენარისტისგან შედგება გაიფიცა კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსთან (Alliance of Motion Picture and Television Producers) შრომითი დავის გამო. ივლისში გაფიცვებს SAG-AFTRA-ს მსახიობებიც შეურთდნენ, მათი გაფიცვის საფუძველიც შრომითი დავა და ფინანსური უკმაყოფილებაა. 1960 წლის შემდეგ ეს მწერლებისა და მსახიობების პირველი ერთდროული პიკეტირების შემთხვევაა.

გაფიცვებს უკვე აქვს გავლენა მთელ მსოფლიოში: ემის დაჯილდოების ცერემონიის თარიღები გაურკვეველია, ბიზნესები, მათ შორის რესტორნები, სასტუმროები და ქიმწმენდებიც კი ემზადებიან დიდი ფინანსური ვარდნისთვის.

ვინ არის ჩართული გაფიცვებში და რა არის პროტესტების მონაწილეების მთავარი მოთხოვნები? სტატიაში შეიტყობთ ყველაფერს, რაც ჰოლივუდის გაფიცვების შესახებ უნდა იცოდეთ.

ვინ არიან პროტესტის მონაწილეები?

ამერიკის მწერალთა გილდიამ (WGA) გაფიცვების პირველი ტალღა მაისში დაიწყო. გაფიცვების მთავარი მიზეზი სტრიმინგის ქსელებისგან არასამართლიანი ფინანსური კომპენსაციების მიღება იყო. WGA-ი ამტკიცებს, რომ კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსმა (AMPTP) ფინანსური კომპენსაციები საგრძნობლად შეამცირა ბოლო ათწლეულის განმავლობაში 

ჰოლივუდში არსებობს შეთანხმებები, რომლებშიც მწერლების მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, თუმცა ეს შეთანხმებები მხოლოდ იმ მწერლებისთვისაა, რომლებიც სცენარებს სამაუწყებლო არხებისთვის წერენ და არა სტრიმინგ სერვისებისთვის — მეორის შემთხვევებში, მწერლებს ინდივიდუალურად უწევთ ანაზღაურებაზე მოლაპარაკება სტრიმინგ კომპანიებთან. ერთი რამ აშკარაა: სტრიმინგ სერვისები იმავე რაოდენობის შრომის გაწევისთვის შესამჩნევად ნაკლებს უხდიან თავიანთ მწერლებს. არსებული შეთანხმებები ივნისში დასრულდა, ხელახალი მოლაპარაკებები კი ვეღარ შედგა, რამაც გამოიწვია მასობრივი გაფიცვების დაწყება. 

WGA-ს სტატისტიკის მიხედვით, სერიალების მწერალთა ნახევარი ახლა მინიმალური ხელფასით მუშაობს, მათი ახლანდელი ანაზღაურება 2013-14 წლების შემოსავლის მესამედს შეადგენს. კიდევ ერთი პრობლემა ხელოვნური ინტელექტის საკითხია: მწერლებს სურთ, რომ ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, მხოლოდ კვლევის დასახმარებლად ან სცენარის იდეების გენერაციის გასამარტივებლად გამოიყენონ და არა მწერლების საერთოდ ჩანაცვლებისთვის.

AMPTP-მ მაისში თქვა, რომ მან მწერლებს „კომპენსაციის გულუხვი ზრდა“ შესთავაზა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას  ვერ მიაღწიეს.

როდის შეურთდნენ მსახიობები გაფიცვებს?

ივლისში, მსახიობთა გაერთიანება — ამერიკის ტელევიზიისა და რადიოს არტისტების ფედერაცია (SAG-AFTRA) გაიფიცა AMPTP-თან მათივე მიმდინარე უთანხმოების შედეგად. მსახიობებისთვის, მწერლების მსგავსად, ფინანსური ანაზღაურება გაფიცვების მთავარი საკითხია: ისინი არ იღებენ საკმარის კომპენსაციას სტრიმინგ სერვისებზე უკვე დასრულებული შოუებს ხელახლა გაშვების დროს (Re-runs). მომლაპარაკებლები ითხოვენ, რომ ანაზღაურება მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვროს, მაგრამ ისეთ სტუდიებს, როგორებიცაა ნეტფლიქსი და ამაზონი არ სურთ მაყურებლის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მსგავს მოლაპარაკებებზე წასვლა.

ვინ არიან ის დიდი სახელები, რომლებიც გაფიცვების მონაწილეებს მხარს უჭერენ?

 

SAG-AFTRA-ს გაფიცვის სურვილის გამომხატველ წერილს ხელს აწერდა უამრავი A-List-ერი, მათ შორის: მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლოურენსი, შარლიზ ტერონი, ხოაკინ ფენიქსი, ჯეიმი ლი კურტისი და ევან მაკგრეგორი. ჯორჯ კლუნიმ გაფიცვებს უწოდა „ჩვენს ინდუსტრიაში გარდამტეხი წერტილი“ და თქვა, რომ ცვლილებაა საჭირო იმისათვის, რომ „ინდუსტრია გადარჩეს“

სხვა ცნობილი სახელები არიან ჯონ კიუზაკი და მარკ რუფალო, ხოლო ბევრი ვარსკვლავი  პლაკატებით ხელში პიკეტის ხაზზე იდგა: ჯეისონ სუდეიკისი, სიუზან სარანდონი, ამერიკა ფერერა, ოლივია უაილდი, ბრენდან ფრეიზერი.

რა ხდება პროდაქშენში?

გვიან ღამის და სკეჩ-შოუებმა არსებობა გაფიცვების დაწყებისთანავე შეწყვიტეს. ჯიმი ფელონი, ჯიმი კიმელი, სტივენ კოლბერი — ყველა მათგანის შოუს განუყოფელი ნაწილია მწერალი, ამიტომ გაფიცვებმა, პირველ რიგში, მათ მოახვედრა მსახვრალი ხელი. შეწყდა SNL-ის პროდაქშენიც, ახლა NBC-ზე ყოველ შაბათს განმეორებითი ჩვენებები გადის.

გაფიცვებმა უკვე გამოიწვია ემის დაჯილდოების უვადოდ გადაწევა და შეიძლება უფრო მეტი დაჯილდოების შოუს გადადებაც გამოიწვიოს. სამივე შემოდგომის კინოფესტივალი – ვენეცია, ტელურიდი და ტორონტო, როგორც ჩანს, გადაიდება, თუ ვარსკვლავები არ მოხვდებიან დამსწრეთა შორის.

გაფიცვები: ინდი ფილმების რენესანსი?

18 ივლისს SAG-AFTRA-მ მწვანე შუქი აუნთო 39 დამოუკიდებელ პროექტს, და კონკრეტულ ინდი სტუდიებს მისცა ნებართვა გააგრძელონ პროდაქშენი გაფიცვის დროს მას შემდეგ, რაც ინდი სტუდიებმა დაამტკიცეს, რომ ისინი არ იყვნენ AMPTP-თან ასოცირებულები. პროექტებს შორისაა სამი ფილმი ყველასათვის საყვარელი კომპანია A24-სგან, რომელიც დათანხმდა SAG-ის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.  A24-მა უკვე დაიწყო პრე-პროდაქშენი ფილმისა „Mother Mary“, რომელშიც მთავარ როლს ენ ჰეთუეი შეასრულებს, ხოლო ფილმ „Death of a Unicorn“-ის გადაღებები, რომელშიც ჯენა ორტეგა და პოლ რადი თამაშობენ, უნგრეთში უკვე დაიწყო.

ქვიარ მოდის საკულტო პერსონაჟები

//////

 

მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე ტანსაცმელი კულტურული იდენტობის კომუნიკაციის განუყოფელი საშუალება იყო. ტანსაცმელი ადამიანებს საშუალებას აძლევს იყვნენ თავიანთი უნიკალური ნარატივების კურატორები და გათავისუფლდნენ კონფორმულობის ბორკილებისგან. 

მოდის სამყაროს ნორმებსა და კონვენციებში მოქცევისგან გათავისუფლებას დიდი ხანია ემსახურება ქვიარ საზოგადოება. სწორედ ლგბტქი თემის გავლენა ეხმარება მოდას იყოს მუდმივად „ვერტიკალური და თან ბრუნვადი“.  ინოვაციურობით, კრეატიულობის ახალი ტალღით, ინკლუზიურობისა და რეპრეზენტაციის ხელშეწყობით ქვიარ მოდის „აიქონები“ არღვევენ სტატუს-კვოს და ახერხებენ მოდის ინდუსტრიის მუდმივ ტრანსფორმაციას.

გავლენიანი არტისტებიდან მოდის პიონერებამდე, ამ ქვიარ ვარსკვლავებმა შთააგონეს თაობები, გვაჩუქეს ყველაზე საკულტო მოდის მომენტები და წლების განმავლობაში გახდნენ ტრენდსტერები

Marlene Dietrich

 

მოდის ისტორიის ჩანაწერებში მხოლოდ რამდენიმე პიროვნებამ დატოვა ისეთი ღრმა გავლენა ქვიარ ესთეტიკაზე, როგორც საკულტო მარლენ დიტრიხმა. ცნობილი თავისი ანდროგენული სტილით, უშიშარი დამოკიდებულებითა და ინოვაციური პერფორმანსებით, დიტრიხი დაუპირისპირდა ტრადიციულ გენდერულ ნორმებს და ქვიარ ინდივიდების მრავალი თაობის მთავარ შთაგონებად იქცა. ჰოლივუდის ოქროს ხანიდან თანამედროვე პოდიუმებამდე, მისი გავლენა აგრძელებს ბობოქრობას და ამტკიცებს, რომ მოდა შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი თვითგამოხატვისა და საზოგადოების ცვლილებისთვის.

დიტრიხის საკულტო მოდის მომენტებს შორის ყველაზე დასამახსოვრებელია მისი ლუქები მამაკაცის კოსტიუმებში, რაც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ფაქტობრივად, რევოლუციური იყო. დიტრიხის ანდროგენული ჩაცმულობა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სტილისტური გადაწყვეტილება. ეს იყო მისი სექსუალური ორიენტაციის გაბედული დეკლარაცია და საზოგადოების მოლოდინების წინააღმდეგ აჯანყება.

RuPaul

რუპოლ ანდრე ჩარლზმა, ან, უბრალოდ, რუპოლმა კარიერა ნიუ-იორკის კლუბის სცენაზე დაიწყო და გლობალურ ფენომენად გადაიქცა. მისმა უნარმა, გარდაიქმნას სხვადასხვა პერსონაჟებად მოხიბლა აუდიტორია მთელ მსოფლიოში და დრეგ მოდა ახალ სიმაღლეებაზე აიყვანა. რუპოლის მესიჯი საკუთარი თავის მიღებისა და ავთენტურობის შესახებ ღრმად ეხმიანება ლგბტქი საზოგადოებას. მისი შოუს მეშვეობით “RuPaul’s Drag Race”, რუპოლმა შექმნა კრეატიულობის გამოხატვის პლატფორმა დრეგ ქვინებისთვის და დრაგი მეინსტრიმ განზომილებაში გადმოიყვანა.

მისი საფირმო ლუქი, უზარმაზარი პარიკებითა და გლამურული კოსტიუმებით, კემპისა და ექსტრავაგანტულობის სულის განსახიერებაა. საზოგადოებაში მიღებული სილამაზის სტანდარტებთან დაპირისპირებითა და საკუთარი ზღაპრული ბრენდის შემუშავებით, რუპოლმა შთააგონა ქვიარ თემის მრავალი თაობა იყვნენ გაბედულები თავიანთ არჩევანში.

David Bowie

დევიდ ბოუი, ლეგენდარული მუსიკოსი და შემსრულებელი, საკულტო პერსონა და თრეილბლეიზერია არა მხოლოდ მუსიკის სამყაროში, არამედ მოდის სფეროშიც. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ბოუის მუდმივად განვითარებადი სტილი გახდა გენდერული ფლუიდურობის მძლავრი გამოხატულება. ბოუის გავლენა ქვიარ მოდაზე 1970-იანი წლებიდან, მისი ალტერ ეგოს, ზიგი სტარდასტის დაბადებიდან იწყება.

მუსიკოსის საკულტო ლუქები შედგებოდა მაკიაჟისა და კოსტიუმების ისეთი ელემენტებისგან, რომლებიც სცილდებოდა ტრადიციულ გენდერულ ნორმებს. ბრჭყვიალა თვალის ჩრდილი, ფრჩხილების ლაქი, ფერადი ტანსაცმელი ერთდროულად ფემინური და მასკულინარული ელემენტებით ქმნიდა გარეგნობას, რომელიც წაახალისებდა ფანებს თვიტგამოხატვისკენ.

ბოუის ჰქონდა მცდელობა, მუსიკისა და მოდის გავლით შეესწავლა იმ დროს ისეთი ტაბუდადებული თემები, როგორებიც გენდერი და სექსუალური ორიენტაცია იყო. ბოუის ანდროგენულმა გარეგნობამ ხელი შეუწყო ბარიერების ჩამოშლასა და არაბინარული და გენდერქვიარი იდენტობების მიღებას. მისი გავლენა ქვიარ მოდაზე 1970-იანი წლების გლემ-როკ ერას დიდი ხანია გასცდა. მუსიკოსის ნაკვალევს ათწლეულების განმავლობაში მრავალ სუბკულტურასა და მოდის მოძრაობაში შევხვდებით. 1980-იანი წლების ახალი რომანტიკული მოძრაობიდან დაწყებული 21-ე საუკუნის გენდერქვიარ და გენდერფლუიდურ მოდამდე, ბოუის მემკვიდრეობა კვლავ შთააგონებს დიზაინერებს, არტისტებსა და მოდის ენთუზიასტებს მთელ მსოფლიოში.

Madonna

პოპის დედოფლად წოდებული მადონა მრავალი წელია დომინირებს როგორც მუსიკალურ, ისე ქვიარ მოდის სამყაროში. თავისი პროვოკაციული სტილითა და მეამბოხე დამოკიდებულებით, მუსიკოსი უპირისპირდებოდა ქალურობის კონსერვატიულ ცნებებს. მადონა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში აპროტესტებდა ტაბუებს და მხარს უჭერდა სექსუალურ თავისუფლებას. 

მისი გავლენა ქვიარ მოდაზე 1980-იან წლებში და მის შემდგომ უდაო იყო. მუსიკოსის საკულტო ჟან პოლ გოტიეს კონუსური ბიუსტჰალტერი აგზავნიდა მძლავრ გზავნილს, რომ მოდა არ უნდა შემოიფარგლოს ტრადიციული გენდერული ნორმებით. მის ვიდეოში სიმღერისთვის „Like a Prayer“ ვხვდებით რელიგიურ იკონოგრაფიას და მრავალფეროვან ქასთს, როგორც ინკლუზიურობისა და მიმღებლობის აშკარა განცხადებას. საზღვრების გადალახვით და მოდაში მრავალფეროვნების ზეიმით, მადონა გახდა ლგბტქი თემის საკულტო პერსონაჟი. 

გარდა ამისა, მადონას თანამშრომლობამ ქვიარ დიზაინერებთან და არტისტებთან გააძლიერა მისი, როგორც ლგბტქი საზოგადოების ელაის სტატუსი. თავის შოუებში ლგბტქი დიზაინერების ნამუშევრების გამოყენებით, ქვიარ მოცეკვავეებთან და პერფორმერებთან კოლაბორაციით მან გამოიყენა თავისი პლატფორმა ინდუსტრიაში ქვიარ ხმების ასამაღლებლად. მადონას გზავნილებმა სექსუალური თავისუფლების, თვითგამოხატვისა და მიმღებლობის შესახებ არა მხოლოდ წარუშლელი კვალი დატოვა ქვიარ თემში, არამედ დაამკვირდა მუსიკოსი, როგორც ნამდვილი ქვიარ აიქონი.

 

საკულტო პერსონაჟები ქვიარ მოდის სამყაროში აღნიშნავენ იდენტობას, გამძლეობასა და გამბედაობას, დაუპირისპირდე საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებს. მარლენ დიტრიხის ანდროგენული ელეგანტურობიდან რუპოლის კაშკაშა გლამურამდე, ამ თრეილბლეიზერებმა წარუშლელი კვალი დატოვეს მოდის ლანდშაფტზე და ლგბტქი საზოგადოების გულებში. მათი უშიშარი ხასიათი, კრეატიულობა და ავთენტურობა მიმღებლობისა და რეპრეზენტაციის საქმეში უდიდეს როლს თამაშობს. ცხადია, რომ მათი გავლენა გაგრძელდება და შთააგონებს დიზაინერების, არტისტებისა და მოდის ენთუზიასტების ახალ თაობას გააგრძელონ საზღვრების გადალახვა და ინდივიდუალობის სილამაზის აღნიშვნა.

ჯეიმი ლი კერტისი ტრანსგენდერ ქალიშვილს რუბის მხარს უჭერს

/

ჯეიმი ლი კერტისმა MSNBC-ზე ბოლო ინტერვიუს დროს მხარდაჭერა გამოუცხადა ტრანსგენდერ ქალიშვილს რუბის.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯეიმი აქტიურად უჭერს მხარს თავის ქალიშვილს, რომელსაც ქამინგ აუთი 2020 წელს ჰქონდა.

რუბის ქორწილიდან დაწყებული ანტი-ტრანს კანონმდებლობის დამცველი პოლიტიკოსებით დამთავრებული, კერტისმა თავისი პლატფორმა გამოიყენა ქალიშვილისა და ზოგადად ლგბტქი საზოგადოების მხარდასაჭერად.

„ეს ცხოვრება სიყვარულზეა. მშობლობა სიყვარულზეა და მე მიყვარს რუბი, მიყვარს იგი“, – თქვა ჯეიმიმ ინტერვიუში.

„ხალხი მეუბნება: „შენ ძალიან მაგარი ხარ რომ რუბის სიყვარული მიიღე“ რაზე მელაპარაკებით? ეს ჩემი ქალიშვილია, ეს ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „ესაა ვინც ვარ“ და ჩემი საქმეა ვთქვა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში“.

„მე ვიბრძოლებ და დავიცავ მისი არსებობის უფლებას ყველასთან, ვინც ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის“.

კერტისმა ისიც აღიარა, რომ გენდერულ თემებზე ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

„ვცდილობ ვისწავლო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველაფერი არ ვიცი. ყოველდღე ფხიზელი ვიღვიძებ და ვამბობ –  ყველაფერი არ ვიცი“, – განმარტა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯეიმი ტრანსგენდერების უფლებებზე სასუბრობს.

2022 წლის ინტერვიუში ესპანურ საინფორმაციო გამოცემა Cadena SER Radio-სთან, ჯეიმიმ განმარტა თუ რა მნიშვნელობა აქვს შენი ხმის გამოყენებას ანტიტრანს კანონმდებლობასა და პოლიტიკოსებთან საბრძოლველად.

„მე მყავს ტრანსგენდერი ქალიშვილი. მას ემუქრებიან მხოლოდ იმიტომ რომ არსებობს. არიან ადამიანები ვისაც მისი და მისნაირი ადამიანების განადგურება სურთ“.

„ასე რომ, ჯეიმი ლი კერტისს ეშინია და შენც უნდა გეშინოდეს.  ჯეიმი ლი კერტისს აქვს ხმა და ის ცდილობს მის გამოყენებას. და შენც ასე უნდა ქნა“.

© Jordan Robledo/Gay Times

PHR: სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს

//

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვა.

მათი ინფორმაციით, აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.

“28 ივლისს, მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით. 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა. თუმცა, 25 ივლისს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გეგმიური დამატებითი გამოცდა, ხოლო სასამართლო განჩინებით დავალების შემთხვევაში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას.

ორგანიზაცია მიმართავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყოს აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცეს აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ ყველა დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა და აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება შეუძლებელია.

ნუტრიენტების დეფიციტი ნიკოტინური დამოკიდებულებისას

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ხშირად იწვევს ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და სხვა ნუტრიენტებისგან. მაგალითად, ნიკოტინის რეგულარული მოხმარება ადამიანის ორგანიზმში იწვევს ისეთი მნიშვნელოვანი ნუტრიენტების ნაკლებობას, როგორიცაა: 

ბეტა – კაროტინი

B – ჯგუფის ვიტამინები

C და D ვიტამინები 

ვიტამინები E

სალენი Selen  და თუთია Zink

აღნიშნული ვიტამინების მარაგის მიღება სავსებით შესაძლებელია დაბალანსებული კვების რაციონიდან. გთავაზობთ აღნიშნული ნუტრიენტების მოქმედების აღწერას და ასევე, ინფორმაციას თუ რომელი კვების პროდუქტები შიცავენ მათ. 

გაფრთხილება: არ მიმართოთ თვითმკურნალობას და არ გამოიყენოთ სინთეტიური ვიტამინები ექიმის დანიშნულების გარეშე. ეს შეიძლება სახიფათო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ბეტა-კაროტინი 

მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი – იცავს უჯრედებს, მათ შორის, კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, სიმშრალისგან, ულტრაიისფერი სხივებისგან, იცავს ფილტვებს და ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის განახლებასაც. ამცირებს სიმსივნის რისკებს. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ახდენს კატარაქტის, მხედველობის დაქვეითების პრევენციას. დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციიონირებას, ყურადღების კონცენტრაციას და მეხსიერებას. 

ბეტა კაროტინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული ნარინჯის და წითელი ფერისაა – სტაფილო, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, გრეიფრუტი, ატამი, ნესვი, გარგარი, ხურმა. 

B ვიტამინების ჯგუფი რვა აუცილებელ მიკროელემენტს მოიცავს. მათი ძირითადი დანიშნულება საკვებიდან ენერგიის მიღება და ორგანიზმში მისი წარმოქმნის უზრუნველყოფაა. ამ ჯგუფის ვიტამინები დიდ როლს ასრულებენ ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაში, ფსიქოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში, იმუნიტეტის გაძლიერებაში.

ვიტამინი B1 – თიამინი

ვიტამინ B1-ის უპირველესი ამოცანა ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ენერგიად გარდაქმნაა – რის გარეშეც ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების წარმართვა შეუძლებელია. რაც უფრო მეტ ნახშირწყალს ვიღებთ, მით უფრო მეტი თიამინი სჭირდება ორგანიზმს მის გადასამუშავებლად. 

თიამინი ნერვული უჯრედების მემბრანის შემადგენელი ნაწილია და პასუხისმგებელია ნერვებსა და თავის ტვინს შორის ინფორმაციის გადაცემა-გაცვლაზე, რითაც უზრუნველყოფს  კარგ კონცენტრაციას, სრულფასოვან გონებრივ მუშაობას და გაწონასწორებულ ფსიქიკას. მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების წარმოქმნაში. თიამინი მონაწილეობს ცილა კოლაგენის სინთეზშიც, რომელიც აუცილებელია კანის, თმის, ძვლებისა და ხრტილების სიჯანსაღისთვის. დეფიციტი უმეტესად ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს ემუქრებათ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებსაც. 

თიამინის ნაკლებობა, უპირველეს ყოვლისა, თავის ტვინზე აისახება, რაც დაბნეულობით, მეხსიერების დაქვეითებით, კონცენტრაციის დარღვევით გამოიხატება. ამას შესაძლოა თან ახლდეს თავის ტკივილი, თვალების უკონტროლო მოძრაობა, გაღიზიანება, დეპრესია, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, იმუნიტეტის დაქვეითება. ყველაზე რთულ შემთხვევებში მოსალოდნელია პერიფერიული ნეიროპათიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის განვითარება.

ვიტამინი B2 – რიბოფლავინი

ვიტამინი B2 მეტად მნიშვნელოვანია  ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ენერგიად გარდაქმნაში. ამასთანავე, საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების სინთეზისთვის, ხელს უწყობს ღვიძლიდან ტოქსინების გამოდევნას, აუცილებელია თმის, კანის, ლორწოვანისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის.

ვიტამინ B2-ის ნორმის შესავსებად ყოველდღე უნდა მიირთვათ რძის ნაწარმი, ხორცი, კვერცხი, თევზი, მთლიანი ანუ გაუფცქვნელი, გარსგაუცლელი მარცვლეული, ზოგიერთი ბოსტნეული, მაგალითად, ბროკოლი, მწვანე კომბოსტო, კარტოფილი, ასევე – სოკო,  ნუში,  სეზამის მარცვლები, საფუარი.

ვიტამინი B3 – ნიაცინი

ვიტამინ B3-ის ორი ფორმაა ცნობილი – ნიკოტინმჟავა და ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP). მონაწილეობს მიელინის – ნერვული ბოჭკოს შემომგარსველი ნივთიერების სინთეზში, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას, მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში, ახალი უჯრედების წარმოქმნასა და რეგენერაციაში, იცავს კანის უჯრედებს ულტრაიისფერი დასხივების მავნე ეფექტისგან, არეგულირებს სისხლში ცხიმის კონცენტრაციას, აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას.

ვიტამინი B5 – პანტოთენის მჟავა

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლესტეროლის სინთეზში, რაც, თავის მხრივ, საჭიროა სტეროიდული ჰორმონების ფორმირებისთვის (ასეთებია, მაგალითად, სასქესო ჰორმონები, სტრესის საწინააღმდეგო ჰორმონები, D ვიტამინი), აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, მნიშვნელოვანია უჯრედების რეგენერაციისა და გამრავლებისთვის.

ვიტამინი B6 – პირიდოქსინი

სახელწოდება “ვიტამინი B6” რამდენიმე ნივთიერებას აერთიანებს. 

პირიდოქსინი მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, რომლებიც უჯრედის საშენი მასალაა; ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსის შენარჩუნებას, რაც წარმართველია ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის;  მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში; არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს; აუმჯობესებს თმის ზრდას; მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების, კერძოდ, სეროტონინის, დოფამინის, ნორადრენალინის წარმოქმნაში; აუცილებელია სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის, ამიტომ ფოლიუმის მჟავასა და B12-თან ერთად აუცილებლად უნდა მიიღონ ორსულებმა.

ვიტამინი B7  – ბიოტინი

ბიოტინს, იმავე ვიტამინ B7-ს,  H ვიტამინსაც უწოდებენ. ის ორგანიზმს საკვები ნივთიერებების ენერგიად გადაქმნაში ეხმარება, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას, ააქტიურებს მთელ რიგს ფერმენტებისა, რომლებიც აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების სინთეზისთვის, ამინმჟავების დასაშლელად, ქოლესტეროლის დონის დასარეგულირებლად. ბიოტინი გავლენას ახდენს ემბრიონის განვითარებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის.

ვიტამინი B9 – ფოლიუმის მჟავა

ვიტამინ B9-ს უმრავლესობა ფოლიუმის მჟავას სახელით იცნობს. სინამდვილეში ფოლიუმის მჟავა მისი სინთეზური ფორმაა, ბუნებრივ ფორმას კი, რომელიც საკვებში გვხვდება, ფოლატი ეწოდება. ფოლიუმის მჟავა, უფრო ზუსტად, ფოლატი, მონაწილეობს უჯრედის დაყოფაში, ფორმირებასა და რეგენერაციაში. ამასთან, ის ხელს უწყობს სისხლის წითელი (ერითროციტები) და თეთრი (ლეიკოციტები) უჯრედების ფორმირებას, თავის ტვინის, ნერვების, კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციობას, მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების წარმოქმნაში. B6 და B12 ვიტამინებთან ერთად ხელს უწყობს ამინმჟავა ჰომოცისტეინის დაშლას, რომლის მაღალი დონე გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკფაქტორი და იშვიათი თანდაყოლილი დაავადების ნიშანია.

ფოლიუმის მჟავას უხვად შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ღვიძლი, კვერცხის გული, პარკოსნები (ოსპი, სოია), სატაცური, კიტრი, პომიდორი, ხორბლის ღივი, საფუარი, ჭარხალი, ასკილი, სეზამის მარცვლები. ის გვხვდება რძესა და რძის ნაწარმშიც. ამ ვიტამინს ორგანიზმი ცხოველური წყაროდან უკეთ ითვისებს.

ვიტამინი B12 – კობალამინი

ვიტამინი B12 ერთმანეთის მსგავს ნივთიერებათა ჯგუფია, რომლებსაც კობალამინებს უწოდებენ (ერთი მათგანია ციანკობალამინი). განსაკუთრებით დიდია მათი როლი ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში. B12-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში, აუცილებელია უჯრედების დაყოფისა და  ზრდისთვის, ცილისა და ცხიმების ცვლისთვის, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობისთვის, რადგან ხელს უწყობს ნერვული ბოჭკოების გარსის ფორმირებასა და რეგენერაციას. ვარაუდობენ, რომ მის ხანგრძლივ დეფიციტს შეუძლია ჭკუასუსტობა გამოიწვიოს. B6-სა და B9-სთან ერთად ხელს უწყობს ამინმჟავა ჰომოცისტეინის დაშლას, მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების სინთეზში. ამასთანავე, ფოლიუმის მჟავას აქტივაცია მხოლოდ B12-ის მონაწილეობით არის შესაძლებელი.

B12-ის მდიდარი წყაროა ხორცი და ღვიძლი. მას ასევე შეიცავს სკუმბრია, კალმახი, ორაგული, რძის ნაწარმი და კვერცხი, ფერმენტირებული პროდუქტები, მაგალითად, მჟავე კომბოსტო.

 

ვიტამინი C 

ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მცირე რაოდენობით მას შეიცავს ბოსტნეული, დიდი ოდენობით კი კენკრა, ციტრუსები და სხვა ხილი. იგი იღებს მონაწილეობას ორგანიზმის მრავალ ფუნქციაში: ნახშირწყლების ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში. ჭრილობების შეხორცებაში, სისხლძარღვების კედლის გამაგრებაში. ადამიანის ორგანიზმში იგი არ სინთეზირდება და ამ ვიტამინით უზრუნველყოფა წარმოებს ეგზოგენური გზით საკვების მეშვეობით. ასკორბინის მჟავა მონაწილეობას იღებს მრავალ ბიოქიმიურ პროცესებში, ძირითადად კი ჟანგვის პროცესში. იგი აუცილებელია ქსოვილოვანი სუნთქვისათვის. ქსოვილოვან დონეზე მას გააჩნია განსაკუთრებული როლი კოლაგენის სინთეზთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ძვლების და კბილების მატრიცასთან, კაპილარების შიდაუჯრედულ შრესთან. იგი მონაწილეობას იღებს სისხლის შედედებაში და ძირითადი ცვლის პროცესებში.

ვიტამინი C ასტიმულირებს სპეციფიკურ ანტიმიკრობულ ანტიტოქსინებს, ზრდის ზოგიერთი ფაქტორის დონეს, რომლებიც მონაწილეობენ იმუნოპროცესებში. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ეს ვიტამინი აუცილებელია ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, დესენსიბილიზაცისათვის და სისხლის შედედებისათვის. იგი აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს.

D ვიტამინი 

ვიტამინებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელია D ვიტამინი. იგი მოქმედებს ყველა ორგანოთა სისტემაზე და არეგულირებს ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებას. D ვიტამინი მოქმედებს:

  • იმუნურ სისტემაზე (ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმები)
  • ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე
  • ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე

D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს

  • ძვლებისა და კუნთების დაავადებებს (ოსტეოპოროზი, მიალგია)
  • ნერვულის სისტემის ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებას (გაფანტული სკლეროზი)
  • წონის დარღვევას
  • სასუნქი სისტემის ხშირ ინფექციურ დაავადებებს
  • გუნება-განწყობის გაუარესებას, დეპრესიის განვითარებას და სხვ.

ვიტამინი E                       

E  ვიტამინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და იცავს ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან. აღნიშნული ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, საუკეთესოა ალცჰაიმერის დაავადებისა და ზოგიერთი კიბოს პრევენციისთვის, აფერხებს სისხლის თრომბების გაჩენას, ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს. E ვიტამინს შეიცავს მცენარეული ზეთი, ხორბალი,  ავოკადო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ისპანახი, პომიდორი, შოკოლადი, კვერცხი, რძე.

 

სელენის L -მეთიონინი

ორგანული სელენია –  ყველაზე მარტივად ათვისებადი ფორმა ორგანიზმისთვის. სელენი შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. სელენის მეშვეობით  ხდება გლუტათიონპეროქსიდაზას (ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი) სინთეზი. სელენი იცავს დნმ – ის სტრუქტურას, ახორციელებს უჯრედების ნორმალური დაყოფის კონტროლს, ასევე ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. სელენი ძალიან მნიშნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის. თევზი, ხორცი და კვერცხია სელენის საუკეთესო წყაროა. სელენს შიცავს სოკო, თხილი, კიტრი, მარცვლეული, ჩაი.

თუთია – Zinc

თუთია ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური სტრესის და ანთების საწინააღმდეგო ფუნქციები. მის დეფიციტსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას შორის კავშირი დადასტურებულია მრავალი გამოკვლევით. თუთიის დამატებამ შეიძლება შეამციროს ათეროსკლეროზის რისკი და დაიცვას მიოკარდიუმის ინფარქტისა და იშემიური დაზიანებისგან. თუთიას შეიცავენ შემდეგი საკვები პროდუქტები: ხორცი, მარცვლეული, კვერცხი, ისპანახი, ზღვის პროდუქტები.

ევროკომისიის 12 პირობიდან სრულად შესრულებულია მხოლოდ 1 – სტატუსმეტრის მორიგი შეფასება

//

სტატუსმეტრი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აქვეყნებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).

მათი თქმით, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.

“ფაქტობრივად, ორი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეფასება სრულად

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.

NGO-ებმა მთავრობას ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაზე ერთობლივი მოსაზრებები გაუგზავნეს

//

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზანშეწონილია ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის, წერილობითი ერთობლივი მოსაზრებები გაუგზავნეს.

მათი თქმით, აღნიშნული მოსაზრებები დარჩება მხოლოდ ფაკულტატური ბუნების მქონე დოკუმენტად, თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წლებისთვის) აღსრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯეროვანი ჩართულობისთვის.

ამასთან, გარდა დოკუმენტში ადამიანის უფლებათა საკითხებზე წარმოდგენილი მოსაზრებებისა, ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეასრულოს ევროკომისიის 12-ვე პირობა, მათ შორის, ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე და უზრუნველყოს ინკლუზიური პროცესი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

ერთობლივი მოსაზრებები

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; კანონის უზენაესობის ცენტრი; უფლებები საქართველო; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო; ღია სივრცე კავკასია (COS);  დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი; თანასწორობის მოძრაობა; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);  თანასწორობა 17; თბილისი პრაიდი;  ქვიარ ასოციაცია – თემიდა; ასოციაცია ანიკა; ასოციაცია ,,დეა”; საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია; თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის;  ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი;  საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია; კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;  სოლიდარობის თემი;  ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD); ა/ო „ვიმეგობროთ“; მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება საქართველო.

საგამოძიებო სამსახურმა 2 თვეში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 8 პირი ამხილა

//

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალდება წარუდგინეს.

საგამოძიებო სამსახურის განცხადება:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვან დაზარალებულს, საქმროსთან სქესობრივი აქტისას, მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავა. მას ბრალდება გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია ბოლნისის რაიონში მცხოვრები 1985 წ-ს დაბადებული ი. ა., რომელმაც 2022 წლის 28 მაისს, შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რა დროსაც, კუთვნილი მობილური ტელეფონით მოახდინა აღნიშნული პროცესის უკანონოდ გადაღება. ბრალდებულმა, უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით, გადაუგზავნა დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს.
გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ი.ა-ს მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის მას ბრალდება წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ 6 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სოციალური ქსელის „facebook”-ის და „watsapp”-ის საშუალებით სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების მხილება და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება”.

მათი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.