აგვისტო 2023 - Page 2

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი კვლავ პატიმრობაში დატოვა

//

25 აგვისტოს სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე გრიგორიადისისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ ისევ არ დააკმაყოფილა.

შემდეგი პროცესი 22 სექტემბერს გაიმართება.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, 31-ში კი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მას პოლიციელების მიმართ ძალადობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მანქანაზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მას 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ძილის მნიშვნელობა ადიქციის დაძლევის პროცესში

ნივთიერებების მოხმარების აშლილობის (Substance Use Disorders) მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ძილის დარღვევამ შეიძლება თავი იჩინოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პერიოდში (ნიკოტინი, ალკოჰოლი, კანაფი, კოკაინი და სხვა), აღკვეთის მდგომარეობისას (მოხმარების შეწყვეტის შემდეგ), ასევე რეაბილიტაციის პერიოდშიც და შეიძლება მოხმარებისგან თავშეკავების რელაფსის საფუძველიც გახდეს. ძილის დარღვევა მოიცავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ინსომნია, ჩაძინების პრობლემა, ძილის ციკლების დარღვევა, ძილიანობა, აპნოე, შფოთვით ძილი. ძილის ქრონიკულ დარღვევას შეიძლება მოყვეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება. 

გამომდინარე იქიდან, რომ ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერების მოხმარების რეციდივი, რეაბილიტაციის პროცესში ძალაინ მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადაჭრაც. ამ გზაზე გასათვალისწინებელია უძილობის გამომწვევი სხვა მიზეზებიც, როგორიცაა სოციალური, სამედიცინო პრობლემები, ფსიქიკური აშლილობები, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, სხვა გარემოებები. 

ძილის დარღვევების არაფარმაკოლოგიური მკურნალობა ნივთიერებების მოხმარების აშლილობის მქონე პაციენტებში მეტად სასურველია, რადგან ფარკამოლოგიური მკურნალობის შემთხვევაში არსებობს როგორც ახალი ადიქციის შეძენის, ასევე ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად მოხმარებისას, ავადმოხმარების რისკიც. მაგალითად ალკოჰოლთან ერთად ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტების მიღება იწვევს სუნთქვის დათრგუნვის რისკს. 

ძილის დარღვევის თერაპიის არაფარმაკოლოგიური მეთოდები შეიძლება იყოს: 

გაცნობიერების მედიტაცია (Mindfulness meditation) – პაციენტი გადადის მოსვენებით მდგომარეობაში, ახდენს ყურადღების ფოკუსირებას მიმდინარე მომენტზე, რაც ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს თვითკონტროლს. 

კუნთების პროგრესული რელაქსაცია – პაციენტი კონცენტრირდება კუნთების სხვადასხვა ჯგუფების დაძაბვასა და შემდგომ რელაქსაციაზე. 

სტრესის კონტროლი – პაციენტი აცნობიერებს სტრესზე საკუთარ ფიზიოლოგიურ რეაქციებს და სწავლობს მათ მართვას.

კოგნიტურ-ბიჰეივიორული ფსიქოკონსულტირება – იცვლება პაციენტის არაადაპტური რწმენები, რაც ცვლის მის ქცევებს, აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას.

სტიმულების კონტროლი – პაციენტი თავიდან აკავშირებს საკუთარ საძინებელს სწრაფ ჩაძინებასთან.

ფიზიკური ვარჯიში – რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს სტრესს და იწვევს ფიზიკურ დაღლას. 

ძილის შემცირების თერაპია – პაციენტი ზღუდავს ძილის ხანგრძლივობას დღეში რამდენიმე საათამდე, შემდეგ კი თანდათანობით ზრდის ძილის ხანგრძლივობას საათების სასურველ ოდენობამდე. 

თერაპია სინათლით – მძაფრი, ბუნებრივი სინათლე დღის განმავლობაში ხელს უწყობს ძილის რეჟიმის ნორმალიზებას, ხარისხიანი ძილისთვის მნინელოვანი, ჰორმონ მელატონინის გამომუშავების სტიმულირებით.

სტომატოლოგიური მოწყობილობები – ეხმარებიან ობსტრუქციული აპნოეს მქონე პაციენტებს ძილის დროს ნორმალურ სუნთქვაში. 

 

გამოყენებული წყარო: Treating Sleep Problems of People in Recovery From Substance Use Disorders, Substance Abuse and Mental Health Services Administration (SAMHSA), U.S. Department of Health and Human Services (HHS)

 

ქრისტი: აქ თავს გრძნობ ადამიანად

//

მე ვარ ქრისტი, 26 წლის. ვცხოვრობ ბელგიაში, ამჟამად ვსწავლობ ენის კურსებზე, გავიარე ბარმენობის კურსები. ჩემი ქვიარ აქტივიზმი მეტად საქართველოში მიმდინარე ამბებს უკავშირდება. ბელგიაში პრაიდში ვიღებ მონაწილეობას. პირველად შარშან მივიღე ანტვერპენ პრაიდში მონაწილეობა. ანტვერპენის პრაიდი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრაიდი, იმართება ხოლმე აგვისტოს მეორე კვირას, გრძელდება ხუთი დღე. ამ დღეების განმავლობაში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მუსიკალური ფესტივალები, საბოლოოდ კი სრულდება დიდი მარშით, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს. შარშან, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პრაიდი იყო – ღონისძიებებში დაახლოებით 180 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

მარშის თვითოეულ კოლონას აქვს თავისი მესიჯები. ამ კოლონებს, ტრაილერების სახით, მიყვებიან ადამიანები და მათ ასევე აქვთ გამოტანილი საკუთარი მესიჯები. ბევრი მათგანი არაბინარული და ტრანს ადამიანების უფლებების დაცვის მოწოდებით და ა. შ. მესიჯები მრავალფეროვანია. სამომავლოდ სურვილი გვაქვს აქ მცხოვრებ ქართველ ქვიარ აქტივისტებს, კოლონების დონეზე, მეტად ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი სათქმელი. ამას წინასწარ სჭირდება ორგანიზება და ვაპირებთ ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. ჩვენ ბელგიაში ვინც ვართ, ვცდილობთ ქართული ქვიარ აქტივიზმისთვის რაღაცა სასარგებლო გავაკეთოთ, მაგალითად ბრიუსელის პრაიდზე ვიყავით ორგანიზებულად და საქართველოს დროშები ვაფრიალეთ. 

წელს ანტვერპენის პრაიდში 75-მა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. დელეგაცია არის პრაიდის მსვლელობაში ორგანიზებულად მონაწილე ჯგუფი, რომელსაც წინ მიუღძვის დიდი მანქანა. ჯგუფები წარმოადგენენ სხვადასხვა ინტერესების ირგვლის გაერთიანებულ ადამიანებს, ასევე სხვადასხვა ბიზნესებს. პრაიდში მონაწილეობა ასეთი ჯგუფებისთვის, მათი საქმიანობის რეკლამაცაა, ამავდროულად ისინი, საკუთარი მონაწილეობით პრაიდის იდეებს აძლიერებენ, ხელს უწყობენ მეტ თანასწორობას და თავისუფლებას. ბელგიაში ძალიან სერიოზულად ემზადებიან ამ ღონისძიებისთვის. ოჯახებით, ბავშვებით მიდიან. 

მარში სრულდება დიდი მუსიკალური ფესტივალით, დიჯეების და დრეგ ქვინების მონაწილეობით. დაღამების შემდეგ კი პრაიდი გრძელდება ქვიარ ბარებში და კლუბებში გართობის ფორმატში.  ამ ღონისძიებებს ანტვერპენ პრაიდი აორგანიზებს და მას სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეხმარებიან. მაგალითად წელს ვნახე, რომ სხვებთან ერთად ჩართული იყო სმენადაქვეითებული და მეტყველების პრობლემების მქონე ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია. 

 

ამ ყველაფერს რომ უყურებ, ამ დროს გახსენდება თუ რა ხდება საქართველოში. ადრე ფესტივალის ჩატარებას მაინც ვახერხებდით, ახლა უკვე აქაც გვივარდებიან. შენთვისაც კი არ გაცლიან რომ იყო.  უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა წაართვა ადამიანს ასეთი ბედნიერების უფლება. მე მგონია, რომ არ აწყობთ ჩვენი თავისუფლება, თავისფლად მოაზროვნე ადამიანები არ აწყობთ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავისი ბოტ-ტროლების მანქანით საერთო აზრზე ამყოფოს ყველა, მათ შორის ახალგაზრდებიც, რათა მათ იაზროვნონ ისე, როგორც მთავრობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის აწყობს. ჩემი აზრით, ეს მაინც არ გამოუვათ. საქართველოში ძალიან ბევრი მებრძოლი ადამიანია და ამიტომ მგონია, რომ არ გამოუვათ. ქვიარ თემშიც ბევრი მებრძოლი ადამიანია. 

ზოგადად ქვიარ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურობა ყოველთვის საჭიროა, სადაც არ უნდა იყო. ერთი ჩემი მეგობარი დაინტერესდა და მეკითხებოდა, რა საჭირო იყო ბელგიაში პრაიდი, თუ  ქვიარების უფლებები ისედაც დაცულია. რეალურად აქაც არიან ჰომოფობები, უბრალოდ ისინი ძირითადად ემიგრანტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ არავინ მისცემს აქ უფლებას რომ ვინმეზე იძალადონ, სწორედ ამიტომაც არის საჭირო პრაიდი, რომ ყველას მიაწოდონ ამ საკითხებზე ინფორმაცია. ანტვერპენ პრაიდი მხოლოდ ერთკვირიანი ღონისძიება არ არის. მთელი წლის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა აქტივობები მოსახელობაში ცოდნის ასამაღლებლად. სკოლებში გარდა იმისა, რომ საგანმანათლებლო სისტემა მოიცავს სქესობრივ განათლებას და ქვიარ საკითხებს, ქვიარები თავად დადიან და ესაუბრებიან მოსწავლეებს. წელიწადში შეიძლება იყოს ასეთი რამდენიმე დღე, როდესაც ქვიარ თემის წევრები შედიან სკოლებში. ამ გზით ხდება ქვიარ მოსწავლეების გაცნობა, რაც სამომავლოდ აარიდებს მათ უცხოს შიშსა და ზიზღს. 

გარდა ამისა, პრაიდი გაძლევს დიდ ბედნიერებას. აი, ხომ თითქოს არაფერია, წელიწადში ერთი თუ რამდენიმე დღეა, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებულია. საქართველოში ძირითადი პრობლემები მქონდა ასაკოვან ადამიანებთან, არ მოსწონდათ ჩემი არასტანდარტული გარეგნობა, ჩემი პირსინგები არ მოსწონდათ, არ მიღებდნენ. პრაიდის დროს, მარშის მონაწილეების მხარდასაჭერად მოდის უამრავი ადამიანი და მათ შორის ძალიან ბევრია ასაკოვანი. ასე დგანან, გველოდებიან თუ როდის გავივლით. გვიღიმიან, ტაშს გვიკრავენ, თავად ძალიან ბედნიერები არიან. ზოგი საკუთარი ოჯახის წევრის, მეგობრის მხარდასაჭერად მოდის. ფანჯრებიდანაც დროშები აქვთ გადმოფენილი, ხელს გვიქნევენ. ამ დროს თავს გრძნობ ადამიანად. ორიენტაციის თუ გარეგნობის გამო არ ხარ გარიყული. ხარ ბედნიერი, ხარ ის ვინც ხარ. 

 

ბელგიელებისთვის პრაიდზე ერთად დგომას მოაქვს ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება, მაგრამ საქართველოდან ადამიანებისთვის კიდევ სხვა ემოციაა პრაიდზე ყოფნა. საქართველოში მიაჩნიათ, რომ პრაიდზე ლგბტქი თემის წევრი უნდა გავიდეს. აქ კი ხედავ რომ ჰეტეროსექსუალები უფრო მეტნი არიან. აქ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან პრაიდის ღონისძიებებს, ყოველ შემთხვევაში გახსნას. ბელგიის ვიცე პრემიერ მინისტრი ტრანსგენდერი ქალია.  პოლიციაც ძალიან მხარდამჭერია. ჰომოფობიას თუ უხსენებ გაასმაგებული ყურადღებით მოგეპყრობიან და აუცილებლად დაგეხმარებიან. სქესის შეცვლის პროცედურებიც არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა მარტივი და სწრაფი პროცესი არ არის, გამზადებენ ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შენი უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის არის. დაზღვევა ნაწილობრივ აფინანსებს კიდეც სქესის შეცვლის პროცედურებს, ვაგინოპლასტიკის ჩათვლით. მამოქტომიის ოპერაციას დაზღვევა სრულად ფარავს. 

გული მწყდება იმის გამო, რაც საქართველოში ზოგადად ხდება, ჰეტეროსექსუალი ადამიანებისგან რა მოპყრობაც არის ქვიარების მიმართ. კიდევ, ზოგი ქვიარის არ მესმის რა მიზანი აქვს, როდესაც ეწინააღმდეგება პრაიდს. მითუმეტეს, როდესაც ხედავ, რომ ახალგაზრდებში ქვიარების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება, მიმღებლობის გაზრდა დიდწილად საჯარო ღონისძიებების დამსახურებაა. ჩემ ირგლივაც უამრავი ადამიანია, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ არაფრის გაგება არ უნდოდა და ახლა ჩვეულებრივად არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილება ასეთი პატარა ბრძოლების დამსახურებაა. ასევე პირადი ბრძოლებისაც, როდესაც ჩვენ ფეისბუკ გვერდებზე ვაზიარებთ ინფორმაციას, ვუხსნით ჩვენ ნაცნობებს, ნათესავებს, სწორად ვაწვდით ცოდნას. 

საქართველოში მცხოვრებ ქვიარებს პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას ვეტყოდი იმისთვის, რასაც უძლებენ. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ორგანიზებული აგრესია წამოვიდა მათ მიმართ. ერთმანეთის გაძლიერებით, პატარ-პატარა მიღწევებით გამოგვივა, ჩემი აზრით, ყველაფერი.  

 

გარდაიცვალა ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

//

გარდაიცვალა ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. ცნობას UNDP Georgia ავრცელებს.

“მძიმე გულით ვიუწყებით საქართველოში ჩვენი მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების შესახებ.

ნიკ ბერესფორდთან დამშვიდობების მსურველთათვის სამძიმრის წიგნი გაიხსნება 24 და 25 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი).

ამ წარმოუდგენლად რთულ დროს, ღრმად ვუთანაგრძნობთ ნიკის ოჯახს, მათ გვერდით ვდგავართ და თანადგომას ვუცხადებთ.

მისმა ურყევმა ერთგულებამ გაეროს ღირებულებების მიმართ უდიდესი გავლენა მოახდინა გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობაზე. მას სჯეროდა სიღარიბის დაძლევის და ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც იმ ოჯახებსა და თემებს სტუმრობდა, რომელთა ცხოვრება გაეროს განვითარების პროგრამის წყალობით შეიცვალა.

საქართველოში გატარებული ორი წლის განმავლობაში ნიკ ბერესფორდმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. მისმა თავმდაბლობამ და კეთილშობილებამ წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის წევრთა გულებში.

ნიკ ბერესფორდის უდროოდ წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის სხვა წარმომადგენლობებისთვის მთელ მსოფლიოში, სადაც ის 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა: კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალში, აღმოსავლეთ ტიმორსა თუ ნიუ იორკში. სიცოცხლეში, ნიკი ბევრისთვის მეგობარი და მისაბაძი მაგალითი იყო; სიკვდილის შემდეგ, მისი ხსოვნა შთაგონების წყარო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის გვიყვარდეს ერთმანეთი და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი სამყარო შევქმნათ ყველასთვის”.

ჯგუფური თერაპია ადიქციების მკურნალობისას

ჯგუფური თერაპია – თერაპიის მეთოდია, რომლის მეშვეობით ადიქციის მქონე ადამიანები დაისწავლიან აღდგენისა და სარეაბილიტაციო სტრატეგიებს, აუმჯობესებენ ინტერპერსონალური ურთიერთობების უნარებს, ანვითარებენ მხარდამჭერ სოციალურ კავშირებს. თერაპიული ჯგუფი, როგორც წესი, 6-12 ადამიანისგან შედგება და 1-2 თერაპევტს ხვდება. 

ამერიკის შეერთებული შტატების ნივთიერებათა ავადმოხმარების და მენტალური ჯანმრთელობის სერვისების ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ნივთიერებების მოხმარების აშლილობის  Substance Use Disorder (SUD) სამკურნალო პროგრამების 93% მოიცავენ ჯგუფურ თერაპიას (Substance Abuse and Mental Health Services Administration [SAMHSA], 2020). აღნიშნული უწყების მიერ შემუშავებულია პროტოკოლი SAMHSA’s Treatment Improvement Protocol (TIP), რომელიც მოიცავს ჯგუფური თერაპიის მიზნებს, მიდგომებს, პროცესებს და სასურველ შედეგებს. 

ჯგუფური თერაპია უზრუნველყოფს ძლიერ სოციალურ მხარდაჭერას, ამცირებს იზოლაციასა და სტიგმას, ხელს უწყობს მონაწილეებში სირთულეების დაძლევის სტრატეგიების დასწავლას (Wendt & Gone, 2017; Wenzel et al., 2012). 

ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ ჯგუფური თერაპია ხარჯთეფექტურია, აღწევს დასახულ მიზნებს, ამცირებს მონაწილეებში ფსიქოსომატურ სიმპტომებს და დისტრესს, ხელს უწყობს ნივთიერებების მოხმარებისგან თავშეკავებას, ამცირებს ნივთიერებების მოხმარების სიხშირეს და სარისკო მოხმარების პრაქტიკას (Burlingame et al., 2016; LoCoco et al., 2019; Olmstead et al., 2019; Sobell & Sobell, 2011; Sobell et al., 2009). 

გამოყენებული ლიტერატურა: GROUP THERAPY IN SUBSTANCE
USE TREATMENT (SAMSA Advisory)

თეა გოდოლაძე: არ გავჩუმდები!

//

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე მის წინააღმდეგ აგორებულ შავ კამპანიას ეხმაურება და ბრალდებას “შეთითხნილს” უწოდებს. რუსთავი 2-მა დღეს, 22 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.

გოდოლაძე წერს, რომ რეალურად, მასზე ყოფილმა პარტნიორმა იძალადა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები შეთითხნა.

გოდოლაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ ინფორმაციის არასწორად გავრცელებით მის გაჩუმებას ცდილობს, რაც არ გამოუვა.

“ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფლმა პარტიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით.

მისი გასაჯაროვებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფრი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!

არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!”, – დაწერა გოდოლაძემ.

მის ინტერესებს ორგანიზაცია საფარი იცავს:

“ვეხმაურებით თეა გოდოლაძის წინააღმდეგ აგორებულ შავ კამპანიას, რომლის მიზანი პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობაა.

თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია “საფარი” უკვე ერთ წელზე მეტია იცავს. ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.

შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედიასა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან”, – ნათქვამია საფარის განცხადებაში.

კასპში კაცმა ცოლი მოკლა

/

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანდაკაში კაცმა ცოლი მოკლა. ბრალდებული დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს. ეს ბოლო 3 დღეში ფემიციდის მეორე დადასტურებული შემთხვევაა. ქმარმა ცოლი მარნეულში კვირას, 20 აგვისტოს მოკლა. კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

 Brevolution – ანტვერპენ პრაიდის მე-16 გამოცემა 

/

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში პრაიდი (Antwerp Pride) 9 აგვისტოდან 13 აგვისტომდე მიმდინარეობდა სხვადასხვა ღონისძიებების სახით და 14 აგვისტოს გრანდიოზული მარშით დასრულდა. წელს ანტვერპენ პრაიდის წამყვანი მესიჯი ორგანიზატორებმა გამბედაობას და ცვლილებებს დაუკავშირეს, რაც Braveolution-ის კონცეფციით იყო წარმოდგენილი. ანტვერპენ პრაიდის სპიკერის,  ვილფრედ ეტეზონის განცხადებით : “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრს მივაღწიეთ, სინამდვილეში ჯერ კიდევ ბევრი მარტივი ნაბიჯის გადასადგმელად, არც თუ ისე ცოტა გამბედაობა გვჭირდება”. 

ქვიარი დაუკავშირდა ანტვერპენში მცხოვრებ ქვიარებს, ვინც მიიღო მონაწილეობა ანტვერპენ პრაიდის მარშში. გთავაზობთ მათგან მიღებულ კომენტარებს, ფოტო-ვიდეო მასალას, ასევე ინფორმაციას ბელგიაში ცხოვრების თუ საქმიანობის შესახებ. 

ეგო 

ვარ არტისტ-კრეატორი, პროფესიით ფერმწერი მხატვარი. უკვე ოთხი წელია, რაც ბრიუსელში ვცხოვრობ. ამ ქვეყნის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მომცა შესაძლებლობა მივყვე ჩემ საყვარელ საქმიანობას, მოვაწყო გამოფენები, მათ შორის ჩემი პერსონალური გამოფენა, მქონდეს სახელოსნო, ვიცხოვრო სავსე და საინტერესო ცხოვრებით.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ცხოვრების შემდეგ, აქ პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად, ვიგრძენი, რომ უფლებები მაქვს და შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ. ძალიან გაძლიერებს შეგრძნება, რომ შენ ამ ქალაქის ნაწილი ხარ, შეგიძლია განვითარდე, აკეთო ის, რაც გიყვარს. 

ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ არ არის პრობლემები. აქაც ხდება ისე, რომ ქვიარები კარგავენ ოჯახის მხარდაჭერას, აქაც შეიძლება სიტყვიერი, თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდე, როგორც წესი, ემიგრანტების მხრიდან, მაგრამ განსხვავება მაინც ძალიან დიდია. აქ იცი, რომ პოლიცია დაგიცავს და ვიდრე პოლიცია მოვა ირგვლივ მყოფი ადამიანების დაგეხმარებიან. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი ხარ, შეიძლება გარშემომყოფი საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა ვერ მიიღო. ასეთი რამ ნანახი მაქვს, სამწუხაროდ. სექსმუშაკების მიმართაც ქვიარების მხრიდან დამოკიდებულება ხშირად მიუღებელია. წელს პრაიდ მარშის დროს სექსმუშაკების მხარდამჭერი პოსტერი მეჭირა წარწერით – “პლეშკა არ არის კრიმინალი”. პლეშკა ქვიარ საზოგადოების ცხოვრების ნაწილია. მეც და ჩემი ბევრი მეგობარიც გადის პლეშკაზე,  არ შეიძლება ადამიანები დავყოთ კატეგორიებად – ისინი ვინც გადიან პლეშკაზე არავისზე ნაკლებები არ არიან. მე მხარს ვუჭერ ლეგალურ სექს-სამუშაოსაც. 

პრაიდის თემას რომ დავუბრუნდეთ, ბრიუსელის პრაიდიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ანტვერპენის პრაიდს მეტად განსხვავებული მუხტი აქვს. აქ ნახავთ უზარმაზარ, მორთულ ტრაილერებს, სადაც არიან დრეგ ქვინები, ქვიარები, არის დიჯეი, განსაკუთრებული მესიჯები, სხვადასხვა რეკლემებსაც ნახავთ. 

პრაიდია ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი. სიყვარულს, პოზიტიურ ემოციებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ჩემი აზრით, პრაიდის ჩატარება ძალიან ბევრს გვაძლევს ქვიარებს. პირველ რიგში პრაიდი ზრდის ქვიარ თემის ხილვადობას და რაც მთვარია პოზიტიურ ხილვადობას, რომელიც ამცირებს სტიგმას, ხელს უწყობს სხვა ადამიანების მხრიდან ქვიარ თემის მიღებას. 

პრაიდი გვაძლევს შესაძლებლობას ქვიარებმა დავინახოთ ჩვენნაირი ადამიანები. ყველა საკუთარ გზას გადის. ზოგს ამ გზაზე უკვე მიღებული ჰყავს საკუთარი თავი და ამაყობს საკუთარი თავით. ასეთი ადამიანის დანახვა აძლიერებს მას, ვინც ჯერ გზის დასაწყისშია, ძალიან ეხმარება ადვილად გადალახოს სირთულეები, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, იყოს თავდაჯერებული და ბედნიერი. პრაიდს აქვს დიდი შემეცნებითი რესურსიც, ისე არ არის რომ უბრალოდ მიდიხარ, ერთობი და ამით ყველაფერი სრულდება.

ეს არის გაძლიერების შესაძლებლობა ქვიარებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვისაც, საზოგადოებისთვის განვითარების, ზრდის შესაძლებლობა. იმის დანახვის შესაძლებლობა, რომ აქ არაფერი ცუდი არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ პრაიდი ყველა ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს, თუნდაც იმისთვის რომ მთავრობამ, საზოგადოებამ დაინახოს რამდენი ვართ, რამდენს სჭირდება უფლებები და რომ პოლიტიკურ დონეზე გასათვალისწინებელი ჯგუფი ვართ. 

პირადად მე პრაიდი დიდ ინსპირაციას მაძლევს როგორც არტისტს, სასიცოცხლო ძალებს როგორც ქვიარ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ბევრი სიძულვილი უგრძვნია სხვადასხვა სიტუაციაში. პრაიდის მარშის დროს კოლონა გადის ცენტრალური ქუჩით, გასწვრივ კი უამრავი, ათასობით მოქალაქე დგას. ისინი გვიღიმიან, კეთილგანწყობის, სიყვერულის, მხარდაჭერის საჩვენებლად არიან მოსულები. ამდენი განსაცდელის, ზიზღის, სიძულვილის, არმიღების შემდეგ ამას საოცარი ეფექტი აქვს. უზომოდ ბედნიერი ხარ, აი ვერც კი აღვწერ სიტყვებით. საოცარი ემოციები მოაქვს ამ ყველაფერს. 

მართალია, არიან ქვიარები, ვისაც ეს არ აინტერესებს, არ სჭირდება, არ უნდა და არც მიდის პრაიდზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც მიდის ისინი ლანძღონ. აქ ასეთი რამე არ ხდება. ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია. ჩემი შეყვარეული ბიჭიც, მაგალითად, პრაიდზე არ მომყვება. არაა აუცილებელი ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდეს პრაიდის მიმართ, მაგრამ ისევ, აქ მე არ შემხვედრია ქვიარ თემის წევრი, რომელიც ამბობს, რომ პრაიდი ცუდია და არ უნდა ჩატარდეს.

ბელგიას და საქართველოს შორის განსხვავება, ცხადია, იმაში მდგომარეობს, რომ აქ არავინ ცდილობს პრაიდის ჩაშლას და მიუხედავად ამისა, პრაიდი ძალიან დაცული ღონისძიებაა. უამრავი პოლიციელი იცავს მსვლელობას და არც ფსევდო რელიგიური ჯგუფები აპროტესტებენ და არც ულტრა მემარჯვენე ჯგუფები არიან. ყველაზე მაგარი ისაა, რომ გეი პოლიციელების კომუნაც მონაწილეობს მსვლელობაში.   

ამ ყველაფრის შემხედვარე კიდევ უფრო მეტად ვწუხვარ იმაზე, რაც საქართველოში ხდება.

საქართველოში მყოფ ქვიარებს რას ვეტყოდი და ძლიერები იყავით დებო. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, რთულია მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრება. მეც გადამიტანია, დამცირება, ჩხუბი, ცემა, მაგრამ მნიშვნელოვანია საკუთარი თავი არ დავკარგოთ, ვიყოთ ძლიერები. არავინ დაგვაჯეროს რომ იმდენად კარგები არ ვართ, როგორც უნდა ვიყოთ, არავინ დაგვაკომპლექსოს ისე, რომ არ გავაკეთოთ ჩვენი პრეზენტაცია ამ სამყაროში. საკუთარი თავის პრეზენტაციაც უნდა გავაკეთოთ და რეალიზებაც, რადგან ყველა ჩვენთაგანი არის უნიკალური, ერთი და განუმეორებელი პიროვნება, რომლის მსგავსი არ არის და არც იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ სიყვარულს და ყველაფერ კარგს.

 

კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ

//

230-ზე მეტი კინემატოგრაფისტი კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილებას აღარ მიიღებენ.

ისინი სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას ითხოვენ.

“ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!
პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.

პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველჰყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!

დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!” – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერთა სია

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოსტები გააუქმა და რეორგანიზაცია გამოაცხადა.

იქამდე განცხადება გაავრცელეს ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც წერდნენ, რომ ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, ეს განცხადება მალევე წაიშალა.

ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მან ფორმულასთან თქვა, რომ კინოცენტრში “რეორგანიზაციაში ჩაერთვება”.

კაცმა ქალის ფარულად გადაღებული შიშველი ფოტოები მის ახლობლებს გაუგზავნა, ის დააკავეს

//

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

მათი ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ “სქრინებს” კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ჩატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.