სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ავტორი: თამარ ავალიანი

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული დისკრიმინაციულ და შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც თანასწორობის პრინციპს ხელყოფს და მოწყვლადი ჯგუფების გარიყვასა და სტიგმატიზებას ახდენს. არ არსებობს საერთო კონსენსუსი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საერთო განმარტებაზე, რაც მისი შინაარსის სპეციფიკურობით არის განპირობებული. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დეფინირებისას, დიდ როლს თამაშობს კულტურათა მრავალფეროვნება, ადგილობრივი სოციალური კონტექსტი და პოლიტიკური ინტერესები.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განმარტებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული არის „ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი, მათ შორის, ადამიანისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაული, სადაც მსხვერპლი, ობიექტი ან სამიზნე შერჩეულია მისი რეალური ან ნავარაუდევი კავშირით, მიკუთვნებით, მხარდაჭერით, აფილირებით ან წევრობით კონკრეტული ჯგუფის მიმართ“.

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) განმარტებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩადენილია შეუწყნარებლობის მოტივით, რაც რასის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიმართ არატოლერანტულ გამოხატვაში ვლინდება.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩადენილია იმის გამო, რომ მსხვერპლი სინამდვილეში ან სავარაუდოდ კონკრეტულ იდენტობას მიეკუთვნება. ,,სხვა დანაშაულებისგან განსახვავებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლები შეირჩევიან არა იმ ნიშნით, თუ ვინ არიან ისინი, არამედ იმ საფუძვლით, თუ რას წარმოადგენენ ისინი“. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული მსხვერპლის დამცირებასა და ვიქტიმიზაციას ახდენს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული გათვალისწინებულ უნდა იქნას სისხლის სამართლის კოდექსით და ჩადენილ უნდა იყოს მიკერძოებული და დისკრიმინაციული, წინასწარგანწყობითი საფუძვლით. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულით ყველაზე მეტად ზარალდება ადამიანების იდენტობის მყარი, ფუნდამენტური ასპექტი და თემის ფრაგმენტაცია ხდება. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული წარმოადგენს არა ცაკლეულ შემთხვევებს, არამედ საზოგადოების პოლიტიკური კულტურის და სოციალური განვითარების შედეგს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიზანს ფიზიკური ძალადობით და მუქარით, მტრული მოტივით, საზოგადოებაში გარკვეულწილად უკვე არსებული იერარქიების შენარჩუნება წარმოადგენს.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული საზოგადოებაში კონკრეტული გარიყული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობისა და მტრული მოტივით ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მაკვალიფიცირებელ ნიშანს მიკერძოებული და წინასწარი განწყობით დანაშაულის ჩადენა განეკუთვნება. მიკერძოებული წინასწარგანწყობა ყოველთვის მიემართება სტიგმატიზებული თემის წევრებს და გამოხატავს მიუღებლობას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ამა თუ იმ იდენტობას ეკუთვნიან. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩადენილია იმ თემის წევრების მიმართ, რომელთაც საზოგადოებაში ამცირებენ და არ აფასებს საზოგადოების დომინანტური ნაწილი. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სამიზნეა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც საერთო დაცული მახასიათებლები (რასა, რელიგია, ეთნიკურობა, ენა, სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა და შეზღუდული შესაძლებლობა) გააჩნიათ. მსხვერპლთა მიმართ სიძულვილის შემცველი გამოხატვა არადომინანტური ჯგუფების მიმართ ყოველთვის გარკვეული მესიჯის მატარებელია.

,,მტრობისა“ და ,,დისკრიმინაციული სელექციის“ მოდელები

,,მტრობის“ მოდელის მიხედვით, სავარაუდო დამნაშავის ქმედება ნაწილობრივ მაინც დაფუძნებულია მის ნეგატიურ წინასწარგანწყობაზე, შეუწყნარებლობასა თუ სიძულვილზე მსხვერპლის იდენტობის მიმართ. ,,მტრობის“ მოდელში, სამართალდამრღვევი ჩადის ქმედებას მტრობისა და სიძულვილის გამო, რომელიც ერთ-ერთ დაცულ მახასიათებელს ეფუძნება (რელიგია, რასა, ეთნიკურობა, სექსუალური ორიენტაცია და სხვა). როგორც წესი, კანონმდებლობა ,,მტრობას” არ განმარტავს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის რეგულირების ,,მტრობის“ მოდელი ოპერირებს ბელგიაში, კანადასა და უკრაინაში.

,,დისკრიმინაციული სელექციის“ მოდელის მიხედვით, მოძალადე მიზანმიმართულად ირჩევს მსხვერპლს კონკრეტულ თემთან მიკუთვნებადობის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის იდენტიფიცირებისთვის, არ არის აუცილებელი, ფაქტობრივად არსებობდეს მტრობის ან სიძულვილის ელემენტი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, დადგინდეს ქმედებასა და მსხვერპლის შერჩევის მიზეზს შორის კავშირი, დამნაშავის სიბუექტურ განწყობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

,,დისკრიმინაციული სელექციის“ მოდელის მიმდევარი ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ არ ახსენებს სიძულვილს ან მტრობას თავიანთ ეროვნულ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.

საქართველოს კანონმდებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლი ხაზგასმას შეუწყნარებლობის მოტივზე აკეთებს და ამ კუთხით ,,მტრობის“ მოდელის მნიშვნელოვან მახასიათებლებს მოიაზრებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ახდენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დეფინიციას, თუმცა, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ქმედებას სასჯელის და კონკრეტული დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. სსკ-ის 109-ე (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლების ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს განზრახ მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო ან/და გენდერის ნიშნით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დისკრიმინაციას განიხილავს, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და მის კრიმინალიზებას ახდენს.

სსკ-ის 142-ე მუხლი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს. ნორმაში ასევე მითითებულია პირის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, როგორც თანასწორუფლებიანობის დარღვევის საფუძველი.

სიძულვილის ენა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, “სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.”

სიძულვილის ენა განსხვავდება შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური გამონათქვამებისგან. სიძულვილის ენა უნდა იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ და ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა ყველა შეურაცხმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს სიძულვილის ენა.

სიძულვილის ენის სამართლებრივ რეგლმენტაციასთან დაკავშირებით, არ არსებობს უნიფიცირებული მიდგომა. ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობაში სიძულვილის ენა სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო აშშ-ში, სადაც გამოხატვის თავისუფლება გაცილებით მაღალი სტანდარტით, შინაარსობრივად ნეიტრალური მოდელით არის წარმოდგენილი, სიძულვილის ენა არ არის კრიმინალიზებული.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ იცავს სიძულვილის ენას და შესაძლებელია, მისი კრიმინალიზება კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მოახდინონ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Vona v. Hungary, არ მიიჩნია ნორვეგიის მიერ შეკრების თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვად გადაწყვეტილება, რომ ნორვეგიის მთავრობას არ დაეშვა ისეთი პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა, რომელთა მიზანსაც რასისტული მესიჯების გამოხატვა წარმოადგენდა.

ამერიკის შეერთებული შტატები სიძულვილის ენასთან და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაფასებლად იყენებს ,,ბრანდენბურგის სამწვეროვან ტესტს“, რომელიც ,,ნათელი და მყისიერი საფრთხის ტესტის“ სახელით არის ცნობილი. აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მიზნად ისახავს უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ასეთი ქმედება დადგება. შესაბამისად, თუ გამოხატვაში არ ვლინდება ბრანდენბურგის ტესტის შემადგენლობა, სიძულვილის ქადაგებაც დაცულია აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტით – „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გაივლის იქ, სადაც გამოხატვა კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს, კონსტიტუციით გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს შეუქმნის საფრთხეს. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონსტიტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად შეიძლება განხორციელდეს.“

წყაროები:

Hall, N., 2013. Hate Crime, second edition, p. 2-3.

OSCE/ODIHR annual report for 2006

https://www.fbi.gov/investigate/civil-rights/hate-crime

OSCE-ს ანგარიში: კანონმდებლობა სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის შესახებ. პრაქტიკული სახელმძღვანელო, 2009.

Petrosino, C., 2003. “Connecting the Past to the Future, Hate crime in America”, Perry B. “A Reader: Hate and Bias Crime”, Routledge, New York-London, გვ. 9-26

ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და პრევენციის შესახებ, 2017. EMC, გვ.34.

Understanding Hate Crimes, a Handbook for Ukraine, 2015. OSCE, ODIHR, p. 7

Allport, G., The Nature of Prejudice“, 1954.

Hall, N., Hate Crime, second edition., 2013. P. 2-3

Kellina. Craig, M., „Examining Hate-Motivated Aggression“, Perry, B. „A reader: Hate and Bias Crime“

Hate Crime Laws, A Practical Guide, 2009. OSCE, ODIHR, p. 47.

Article 377bis of the Penal Code of Belgium, https://www.legislationline.org/documents/section/criminal-codes/country/41/Belgium/show

Section 718.2(a) of Canada’s Criminal Code, http://www.criminal-code.ca/criminal-code-of-canada-section-718-2-other-sentencing-principles/index.html

Article 67(3) of Ukraine’s Criminal Code, https://www.legislationline.org/documents/section/criminal-codes/country/52/Ukraine/show

Hate Crime Laws, A Practical Guide, OSCE, ODIHR, 2009. P. 47.

ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და პრევენციის შესახებ, 2017. EMC, გვ. 45.

Article 162(2) of Bulgaria’s Criminal Code; Section 81(vi) of Denmark’s Criminal Code; Art. 132-76(1) of France’s Penal Code.

ევროპის საბჭო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის ენაზე No. R(97) 20., 1997

https://www.qartia.ge/ka/sakhelmdzghvanelo-tsesebi1/article/75684.

დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ილუსტრაციები:

https://211la.org/la-vs-hate

https://images.theconversation.com/files/344037/original/file-20200625-33519-qkuujm.jpg?ixlib=rb-1.1.0&q=45&auto=format&w=1200&h=1200.0&fit=crop

https://ec.europa.eu/migrant-integration/librarydoc/bulgaria-bias-motivated-crimes-report?lang=fr

https://xtown.la/wp-content/uploads/2021/06/Crosstown-BlackHateCrimes-Signed-1024×768.jpg

https://www.istockphoto.com/search/2/image?mediatype=illustration&phrase=hate+speech

https://www.behance.net/gallery/62604927/Hate-Speech

წინა

როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ქვიარ საკითხებზე

შემდეგი

საქართველოში არსებული ქრისტიანული ეკლესიების დამოკიდებულება ლგბტქ ადამიანების მიმართ

ბოლო სიახლეები

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook8Tweet0Shares8 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,

They/Them – გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებენ

Facebook7Tweet0Shares7 ონლაინ სტრიმინგ სერვისი Peacock გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებს. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კევინ

ესპანეთი ქალებისთვის სამდღიანი მენსტრუალური შვებულების შემოღებას აპირებს

Facebook36Tweet0Shares36 ესპანეთში ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, სამდღიანი მენსტრუალური შვებულების დაწესება იგეგმება. მთავრობა ახალი