საქართველოში არსებული ქრისტიანული ეკლესიების დამოკიდებულება ლგბტქ ადამიანების მიმართ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია – დომინანტი რელიგიური ორგანიზაცია, რომლის წევრადაც ქვეყნის მოსახლეობის 83% აცხადებს თავს. ჰომოსექსუალობას (რასაც ხშირად „მამათმავლობად“ მოიხსენიებენ) განიხილავენ ცოდვად. ამ ეკლესიის შიგნით არსებული დაჯგუფებები, როგორიცაა, მაგალითად, „მმკ“ – მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, საზოგადოებას საჯაროდ, მანიფესტაციურად, ჰომოფობიური მიმართებებით მოუწოდებენ, დაგმონ როგორც ეს ადამიანები, ასევე მათი უფლებადამცველი ორგანიზაციები. მათ უკავშირდებათ სხვადასხვა კონტრაქცია, რომელიც 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გაიმართა. მათ მიერ ორგანიზდებოდა მანიფესტაციები რამდენიმე ორგანიზაციასთან, რომლებიც ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მუშაობენ. 2013 წლის 17 მაისს, ამ ეკლესიის ეპისკოპოსის, იაკობის (იაკობიშვილი) ორგანიზებითა და მოწოდებით, მრავალმა ათასმა ჰომოფობიურად განწყობილმა ადამიანმა არ მისცა საშუალება რამდენიმე უფლებადამცველსა და ლგბტქ თემის წარმომადგენელს, მშვიდობიანი შეკრება მოეწყოთ. ამ საზარელი აქტის შემდეგ, 2019 წელს, ეპისკოპოსი იაკობი არქიეპისკოპოსის რანგში იქნა აყვანილი. ბოლო წლების განმავლობაში, თავად ეკლესიის საჭეთმპყრობელი, წმინდა სინოდისა და სამღვდელოების არაერთი წარმომადგენელი ბრალდებულია „მამათმავლობაში“ (როგორც თავად მოიხსენიებენ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს) და არ შეინიშნება პოზიტიური პროგრესირების ტენდენციები.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია – ეპარქია სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ნაწილია, რომლის რწმენითაც, ქალისა და კაცის ქორწინებაში განხორციელებული სქესობრივი აქტის გარდა, ყველა სხვა სქესობრივი კავშირი ცოდვაა – განსაკუთრებით კი, ჰომოსექსუალური ურთიერთობები. ერევანში ჩატარებული მრავალფეროვნების მარშის მოწინააღმდეგეთა შორის, სომეხთა ეკლესიის სამღვდელოებაც იყო, რომლებმაც ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ „სომეხთა ეკლესია ჰომოსექსუალობის წინააღმდეგია“. საქართველოში ჩატარებული ანტი-ლგბტქ/ჰომოფობიური მანიფესტაციების დროს, არასდროს დაფიქსირებულა სომხური ეკლესიის ჩართულობა ან აქტიურობა.

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია – რომის კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ლათინი კათოლიკეებისათვის. რომის კათოლიკე ეკლესიის სწავლებით – ღმერთისათვის წმინდაა ქორწინებაში აღსრულებული ცოლ-ქმრული კავშირი. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს თანახმად, ჰომოსექსუალები მოწოდებულნი არიან სექსუალურად თავშეკავებული ცხოვრებისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესია მის წიაღში მყოფ მორწმუნე ჰომოსექსუალებს ცელიბატად (დაუქორწინებლობა კათოლიკურ სამღვდელოებაში) ცხოვრებისაკენ მოუწოდებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეკლესიის იერარქები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ლგბტქ ადამიანები მათი სამწყსოს შვილები არიან, რომლებიც ეკლესიისგან ზრუნვას საჭიროებენ. რომის კათოლიკე ეკლესიის ზოგიერთ ეპარქიაში (განსაკუთრებით: გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში) ფიქსირდება ერთნაირსქესიან წყვილთა საჯარო კურთხევები, თუმცა ეს ნაბიჯი თავად ეკლესიის შიგნითაც რევოლუციურ შინაარსს ატარებს. აშკარაა ლიბერალური ტენდენციების პროგრესირება. კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციამ დაგმო 2013 წელს მმართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების მიერ ორგანიზებული ჰომოფობიური მსვლელობა.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია – ორმოცდაათიანელთა ეკლესია საქართველოში, რომელიც ქვეყანაში არსებულ პროტესტანტულ ეკლესიათა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია. ჰომოსექსუალობას განიხილავს ცოდვად, ასეთი ადამიანები კი, მათი რწმენით, საჭიროებენ მონანიებას. არ მონაწილეობენ ჰომოფობიური ხასიათის მანიფესტაციებში და გმობენ ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია – ერთ-ერთი პირველი იყო იმ ეკლესიათა შორის, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ჰომოფობიურ გამოვლინებებს. ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი და ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ხშირად აკეთებენ ლგბტქ თემისადმი მხარდამჭერ განცხადებებს. ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი პირველი რელიგიური ლიდერი იყო, რომელმაც 2013 წელს ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც უპირისპირდებოდა სიძულვილის შემცველ ქმედებებს და ჩაგრულ ადამიანებს თანადგომას უცხადებდა. მანვე მოუწოდა სხვა რელიგიურ ლიდერებს, წინააღმდეგობა გაეწიათ ჰომოფობიისადმი. ეკლესია არ აღასრულებს ერთნაირსქესიან წყვილთა ჯვრისწერებსა და კურთხევებს, რადგან ღვთისმსახურთა და მორწმუნეთა ნაწილი ჰომოფობიური განწყობილებისაა, მიუხედავად ამისა, 17 მაისის ჰომოფობიის საწინააღმდეგო სულისკვეთებას ღვთისმსახურებით უერთდება ეკლესიის კათედრალი.

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში – გერმანელ კოლონისტთა შთამომავლების ბაზაზე დაარსებული ეკლესია, წარმოდგენილია 7 სამრევლოს სახით, ცენტრით თბილისში.ეკლესიამ დაგმო 2013 წელს თბილისში ჩატარებული ჰომოფობიური მსვლელობა. არ აქვს ოფიციალური და გამოკვეთილი პოზიცია ლგბტქ ადამიანთა შესახებ. უფრო მეტად შეინიშნება ტოლერანტული მიდგომები.

ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში – ანგლიკანური ეკლესია, რომელიც ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის ნაწილია. წარმოდგენილია თბილისის წმინდა ნინოს მისიის სახით, ასევე ლოცვითი ჯგუფებია ქუთაისში, რუსთავსა და ხობის რაიონში. ეს ქვეყანაში არსებული ერთადერთი ქრისტიანული ეკლესიაა, რომელსაც ლგბტქ ადამიანების სრული მიმღებლობა აქვს.

აღასრულებს ჯვრისწერის საიდუმლოებას ერთნაირსქესიან წყვილებზე. ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი – თომა ლიპარტიანი, ღიად უჭერს მხარს ლგბტქ ადამიანთა თანასწორობას. ეკლესიამ მხარი დაუჭრა 2021 წლის თბილისის ღირსების მარშს.

ავტორი: თომა ლიპარტიანი

წინა

სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

შემდეგი

საქალაქო სასამართლოში დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების