აგვისტო 2021 - Page 2

ტორი კუპერი – პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველთა გუნდშია

ტორი კუპერი ამბობს, რომ მან, როგორც ადვოკატმა, პირველად თქვა თავისი სიტყვა, როდესაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტზე მუშაობდა. ტორიმ და მისმა კოლეგამ – ასევე ტრანსგენდერმა ადვოკატმა, ტრანსგენდერი ქალებისთვის აივ ინფექციების შემცირების პროგრამას გაუკეთეს ადაპტირება. ასე დაიწყო ტორის წინსვლა.

კუპერი ახლახანს დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად აივ ინფექციების მიმართულებით და მას არა მხოლოდ 30-წლიანი გამოცდილება აქვს სფეროში, რომელსაც ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენებს, არამედ აქვს ხმაც პრეზიდენტის მრჩეველთა გუნდში, როგორც შავკანიან ტრანსგენდერ ქალს.

შავკანიანებისთვის, მათ შორის შავკანიანი ტრანსგენდერებისთვის, აივ ინფექციის მართვისთვის ყველაზე დიდი ბარიერი რასიზმია. ბევრი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად თემისთვის ინვესტიციების გამოყოფაა საჭირო. ასევე ფიქრობენ, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად და უკეთესი მართვისთვის საგრანტო პროგრამების დიდი ნაწილი უნდა გადავიდეს იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც სათავეში შავკანიანები უდგანან.

იმ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებსაც პირადობის მოწმობაში შესაბამისი გენდერის აღმნიშვნელი სიტყვა უწერიათ (და არა ბიოლოგიური სქესის მიხედვით), უფრო უადვილდებათ საჭირო სამედიცინო სერვისების მიღება და ხარჯებს დაზღვევაც ფარავს. ტრანს ადამიანებს იგივე საჭიროებები აქვთ, რაც ყველას, თუმცა, მაგალითად, ტრანსგენდერ ქალებს სჭირდებათ პროსტატის კვლევა ჰეტეროსექსუალი ქალებისგან განსხვავებით. ასევე, ტრანს კაცებს სჭირდებათ გინეკოლოგიური კვლევები ჰეტეროსექსუალი კაცებისგან განხვავებით. აქედან გამომდინარე, საჭიროა, გათვალისწინებული და აღიარებული იყოს სპეციფიკური საჭიროებები, რათა სამედიცინო ხელმისაწვდომობა ყველას თანაბრად ჰქონდეს.

ტორი კუპერი მიიჩნევს, რომ ხელს შეუწყობს საკანონმდებლო სისტემას, იყოს მეტად ინკლუზიური და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ მეტი მრავალფეროვნება იქნება როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ორგანოებში.

წყარო: nbcnews.com

”ჯენტლმენი ჯეკი” – ქვიარ ურთიერთობის რეალური ამბავი

/

ავტორი: ანამარია

ბოლო წლებში ქვიარ პოპკულტურა მაღალი ხარისხის სერიალების დანაკლისს ნამდვილად არ განიცდის. ამ არც ისე მოკლე სიაში BBC ONE-ისა და HBO-ს ერთობლივი შოუ ,,ჯენტლმენი ჯეკი’’ უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეულია. სერიალის პრემიერა 2019 წლის აპრილში შედგა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სეზონით (8 ეპიზოდით) შემოიფარგლება.

მოქმედება 1832 წელს, ჩრდილოეთ ინგლისში, იორკშირის საგრაფოში ვითარდება (კონტექსტისთვის, იმ წელს, როდესაც ქართველებმა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა სცადეს). მთავარ პერსონაჟს, ენ ლისტერს, ერთგვარი კავშირი აქვს საქართველოსთან, სადაც მან 1940 წელს იმოგზაურა. სერიალი ინგლისელი მიწათმფლობელისა და მოგზაურის, ენ ლისტერის დღიურებზეა დაფუძნებული და ხუთ მილიონზე მეტ სიტყვას მოიცავს. 1832 წელს, ევროპული მოგზაურობიდან დასავლეთ იორკშირში დაბრუნებული ენი, ოჯახის ბიზნესსა და პირად ცხოვრებაზე ზრუნვას ერთდროულად იწყებს. მაყურებლისთვისაც ,,ჯენტლმენი ჯეკი’’ საინტერესო ისტორიულ დრამასთან ერთად, ქვიარ ურთიერთობის ულამაზესი ამბავია.

 

,,ჯენტლმენი ჯეკი’’ – სეზონი1, ეპიზოდი 3

 

,,ჯენტლმენი ჯეკი’’ ენ ლისტერის ცხოვრების ერთადერთი ეკრანიზაცია არ არის, 2010 წელს BBC-მ გამოუშვა სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები’’, რომელიც ენის შედარებით ადრეულ სასიყვარულო ურთიერთობებზეა კონცენტრირებული. ფილმიც და სერიალიც გადაღებულია იორკშირში, ენ ლისტერის მამულში, შიბდენ-ჰოლში, რომელიც დღესდღეობით სახლ-მუზეუმია და დამთვალიერებლებს 1934 წლიდან მასპინძლობს.

 

შიბდენ-ჰოლი, მუზეუმი

ენ ლისტერი 1791 წელს იორკშირის საგრაფოში დაიბადა, განათლება ჯერ სახლში, შემდეგ კი ქალთა სკოლაში, იორკში მიიღო. იღბლისა და თავად ენის ფართო ინტერესებიდან გამომდინარე, ენის განათლების დონე ბევრად აღემატებოდა ვიქტორიანულ ეპოქაში მცხოვრები ქალების განათლებას. 1826 წლიდან ბიძისაგან განსაკარგავად მიღებული მამული, შიბდენ-ჰოლი, ენისთვის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარანტი აღმოჩნდა.

ენის მასკულინური გარეგნობა, რაც შავ კაბასა და არაორდინალურ ცილინდრში გამოიხატებოდა, იმ პერიოდში ნამდვილი სენსაცია იყო. ცნობილია, რომ ენის ერთ-ერთი პარტნიორი, მარიანა ბელკომბი, საზოგადოებაში ენთან ერთად გამოჩენას სწორედ მისი ,,უცნაური’’ გარეგნობის გამო ერიდებოდა. შიბდენ-ჰოლის მმართველობის გადაბარების შემდეგ, ენი ფლობდა და განაგებდა ნახშირის მომპოვებელ მაღაროს, რაც მის ,,უცნაურობას’’ კიდევ უფრო თვალშისაცემს ხდიდა საზოგადოებისთვის. ენის ზედმეტსახელი (და სერიალის სათაური) ,,ჯენტლმენი ჯეკიც’’ სწორედ მისი გარეგნობისა (,,ჯენტლმენი) და სექსუალური იდენტობის გაშარჟებაა, ვინაიდან ,,ჯეკი’’ ერთგვარი სლენგს წარმოადგენდა და ქვიარ ქალებს მიემართებოდა. სხვათა შორის, მეცხრამეტე საუკუნეში ქვიარ ქალებთან მიმართებაში ასევე ცნობილი სლენგი იყო ,,რომში გამოზამთრება’’, რომლის წარმოშობის მიზეზებსაც, სამწუხაროდ, ვერ მივაკვლიე.

 

ენ ლისტერის პორტრეტი, 1830

 

ენ ლისტერის ცხოვრების კვლევის საშუალებას მის მიერ ნაწარმოები დღიურები იძლევა, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, ხუთ მილიონზე მეტ სიტყვას მოიცავს. ქეროლაინ ვოლქერი, ელიზაბეთ ვადსფორტი, ენ ვოლქერი (ენ ლისტერის ერთ-ერთი პარტნიორი) – ეს იმ ქალთა სიაა, რომელთა დღიურებიც ასევე ძალიან საინტერესო დოკუმენტაცია აღმოჩნდა ეპოქის განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვისთვის. თავის დღიურში კი, ენი დეტალურად აღწერს მიმდინარე სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ მოვლენებსა და თავის მოსაზრებებს, რაც საინტერესო მასალას იძლევა სხვადასხვა კვლევისთვის. ამას გარდა, დღიურის ნაწილი ენის სექსუალურ ცხოვრებას ეხება, რომელიც ქალთა სკოლაში სწავლის პერიოდიდან, ანუ ენის პირველი სასიყვარულო ურთიერთობიდან იწყება. დღიურების ნაწილი, რომელიც ენის სექსუალურ ცხოვრებას აღწერს, დაშიფრულია. შიფრისათვის ენი ძველ ბერძნულ დამწერლობას, მათემატიკურ და ზოდიაქოს სიმბოლოებს, პუნქტუაციის ნიშნებს იყენებდა.

 

წყარო

 

დღიურის ამ ნაწილის დეკოდირებას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: ენის გარდაცვალების შემდეგ, 1940 წელს, დღიურები შიბდენ-ჰოლში ინახებოდა 1887 წლამდე, სანამ ენის შთამომავალმა ჯონ ლისტერმა და მისმა მეგობარმა, არტურ ბურელმა, კოდირებული ნაწილი დაშიფრეს. გაერთიანებულ სამეფოში 1967 წლამდე ჰომოსექსუალობა არაკანონიერად ითვლებოდა, შესაბამისად, ბურელმა ჯონ ლისტერს (რომელიც თავადაც ქვიარი იყო) დღიურის განადგურება ურჩია, თუმცა, საბედნიეროდ, ლისტერმა დღიურები განადგურების ნაცვლად, გადამალა. 1933 წელს, ჯონ ლისტერის გარდაცვალების შემდეგ, შიბდენ-ჰოლი მუზეუმად გადაკეთდა. არტურ ბურელმა, დაშიფრული ნაწილის კოდი მუზეუმს გადასცა, რომელიც შემდეგ ათწლეულების განმავლობაში შიბდენ-ჰოლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. 1980-იან წლებამდე ენ ლისტერის ცხოვრების ვერც ერთმა მკვლევარმა დაშიფრული ნაწილის გამოქვეყნება ვერ გაბედა. 1988 წელს მკვლევარმა და მწერალმა, ჰელენა უიტბერდმა, გამოაქვეყნა პირველი წიგნი ენ ლისტერის შესახებ, რომელშიც ავტორი ენის სექსუალობაზე ღიად წერდა. 2011 წლიდან დღიურები იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი.

 

დღიურში გამოყენებული ზოგიერთი სიმბოლოს შიფრი

 

ენის სასიყვარულო ურთიერთობები ქალებთან 15 წლის ასაკში ქალთა პანსიონში იწყება. ენი ოთახს იზიარებდა ინდოელ-ინგლისელ ელაიზა რეინთან, რომელიც მისი პირველი სიყვარული აღმოჩნდა. ურთიერთობის აღსანიშნავად ენი და ელაიზა თავიანთ დღიურებში სიტყვა ,,Felix’’-ს იყენებდნენ, რაც ლათინურად ბედნიერს, იღბლიანს ნიშნავს. სხვა დეტალების დაწერის მიზნით, სწორედ ამ პერიოდში, ენმა შიფრის განვითარება დაიწყო – ზედაპირული აღწერის გარდა, ენი წერდა მის გრძნობებზე, ფიქრებსა და განცდებზე. დროთა განმავლობაში ენი მის სექსუალობასთან (რომელსაც თავად ,,უცნაურობას’’/,,oddity’’ უწოდებდა) ბევრად კომფორტული გახდა და სხვა ქალებთან ურთიერთობა დაიწყო. ამან ელაიზას მენტალურ ჯანმრთელობაზე საგრძნობლად იმოქმედა, ამ ტრავმიდან თავის დაღწევა ვერასდროს მოახერხა და დარჩენილი ცხოვრება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა, სადაც პერიოდულად ენი სტუმრობდა ხოლმე.

 

დღიურებში ენი ხშირად აღნიშნავდა, რომ უნდოდა, პარტნიორი, ცოლი ეპოვნა, რომელთაც ერთადაც შიბდენ-ჰოლში იცხოვრებდა და გაუძღვებოდა ბიზნესს. 1810 წელს ენი შეხვდა იზაბელა ნორკლიფს (ზედმეტსახელად ,,ტიბი’’), რომელიც მზად იყო, მთელი ცხოვრება ენთან გაეტარებინა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ტიბის სასმელთან დამოკიდებულების გამო, ენმა იზაბელასთან ურთიერთობაც გაწყვიტა.

 

ენ ლისტერი და მარიანა ბელკომბი ფილმიდან, ,,მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები’’, 2010

 

ენის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება პარტნიორების ხშირ ცვლასა და მათთან არც ისე ღრმა ემოციურ კავშირსაც გულისხმობდა, თუმცა მარიანა ბელკომბი გამონაკლისი აღმოჩნდა. მარიანა და ენი ერთმანეთს იზაბელამ გააცნო და მათი თავბრუდამხვევი ურთიერთობა მარიანას დაოჯახების შემდეგაც გაგრძელდა. 2010 წელს გადაღებული ფილმი ,,მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები’’ ენის ცხოვრების ამ ეტაპს ეხება. მარიანასა და ენის სიახლოვე საეჭვოდ არ აღიქმებოდა, ვინაიდან მეცხრამეტე საუკუნეში ახალგაზრდა ქალებს შორის ახლო ურთიერთობა საკმაოდ ნორმალური იყო. 1815 წელს მარიანა ქვრივ მემამულეს, ბევრად უფროს ჩარლზ ლოუტონს გაჰყვა ცოლად, სასოწარკვეთილი ენი დღიურში მარიანას ამ გადაწყვეტილებას ,,კანონიერ პროსტიტუციას’’ უწოდებს, ქორწილის შემდეგ კი, გლოვის ნიშნად, სიცოცხლის ბოლომდე შავი კაბის ტარებას იწყებს. მიუხედავად ყველაფრისა, ენისა და მარიანას ურთიერთობა გაგრძელდა – მათ გაცვალეს ბეჭდები, პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ღამეებს ერთ ოთახში ატარებდნენ და გეგმავდნენ, რომ ჩარლზის სიკვდილის შემდეგ, მარიანა, როგორც ქვრივი, საცხოვრებლად სამუდამოდ ენთან გადავიდოდა. უცნობია, იცოდა თუ არა მარიანას ქმარმა მათი ურთიერთობის შესახებ. ფაქტია, რომ ქალების ურთიერთობა ძალიან საეჭვოდ არასდროს აღიქმებოდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, მარიანას არ უნდოდა ,,უცნაური’’ გარეგნობის ენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, რითაც ენს გულს სასტიკად სტკენდა. 1923 წლის აგვისტოში, ენი დღიურში წერს, რომ მარიანა შიბდენ-ჰოლში აპირებდა სტუმრობას. ამით გახარებულმა ენმა გადაწყვიტა, შეყვარებულს გზაში შეხვედროდა, მარიანას ეტლს შუა გზაზე დახვდა და აღელვებულმა დაიწყო მოყოლა, თუ როგორ გამოიარა თხუთმეტი კილომეტრი ფეხით, საშინელი წვიმის მიუხედავად. მარიანა ეტლში რამდენიმე ადამიანთან ერთად იჯდა და ჭორებისა და ეჭვების შიშმა, რაც შესაძლოა ენის იმპულსურ საქციელს გამოეწვია, გააცოფა. ამ ინციდენტის შემდეგ ენისა და მარიანას ურთიერთობა საბოლოოდ შეიცვალა.

 

მარიანა ბალკომბი სერიალიდან ,,ჯენტლმენი ჯეკი’’, 2019

 

ენის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება ხშირად მონოგამიას სულაც არ გულისხმობდა. 1924-26 წლებში, პარიზში მოგზაურობისას, ენი შეხვდა ფრანგ ქვრივს, მარია ბარლოუს, რომელიც ასევე მზად იყო ენის ცხოვრების პარტნიორი გამხდარიყო. ენს ამ დროისთვის კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა, ეპოვა ქალი, რომელიც ფინანსურადაც დაეხმარებოდა და ხელს შეუწყობდა, უფრო მაღალ სოციალურ ფენაში გადაენაცვლა. მარიას არც ისე ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა, სოციალურად კი, დაახლოებით იმავე ფენას მიეკუთვნებოდა, რომელსაც ენი, ამიტომ მათი ურთიერთობა 1926 წლისთვის დასრულდა. ენისა და მარიას ურთიერთობას ეძღვნება ჰელენა უიტბერდის 2020 წელს გამოცემული წიგნი ,,No Priest But Love’’.

 

ენ ლისტერი და ენ ვოლქერი სერიალიდან ,,ჯენტლმენი ჯეკი’’, 2019

 

1826-32 წლებში დასავლეთ ევროპაში მოგზაურობით გართულმა ენმა, შიბდენ-ჰოლში სულ რამდენიმე კვირა გაატარა, თუმცა 1932 წელს გადაწყვიტა, საბოლოოდ დაბრუნებულიყო სახლში. სერიალი ,,ჯენლტმენი ჯეკი’’ ენის ცხოვრების სწორედ ამ პერიოდს ეხება. მალევე ის აღმოაჩენს, რომ მის მამულთან ახლოს ჩრდილოეთ ინგლისიდან ჩამოსული ენ ვოლქერი დასახლდა. ფინანსურად საკმაოდ ძლიერი ენ ვოლქერი მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა და როგორც ცნობილია, პერიოდულად მენტალური პრობლემები აწუხებდა. მათი დინამიური ურთიერთობა სერიალში ძალიან კარგადაა გადმოცემული. წყვილმა 1834 წელს იორკში ერთ-ერთ ტაძარში დაიწერა ჯვარი, რა თქმა უნდა, ყველასგან მალულად. 2018 წლიდან ამ ტაძარში მათი ქორწინების აღსანიშნავი დაფა არსებობს.

 

ენ ლისტერისა და ენ ვოლქერის მემორიალური დაფა იორკშირში

 

ენ ლისტერისა და ვოლქერის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ღია, თუმცა არც ბოლომდე დაფარული იყო. ქორწინების შემდეგ წყვილმა ადგილი ეკლესიაში, წინა სკამებზე იქირავა, სადაც სხვადასხვა ეკლესიურ ცერემონიას ესწრებოდა ხოლმე. თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე, ადგილობრივ გაზეთში დაიწერა ერთგვარი ხუმრობა, თითქოს ვინმე ტომ ლისტერმა ცოლად ენ ვოლქერი მოიყვანა. თუ დავაკვირდებით ინგლისური სიტყვის, Tomboy-ის მნიშვნელობას, რომელიც მასკულინური გენდერული გამოხატვის მქონე ახალგაზრდა გოგოს მიემართება და ხშირად ქვიარ სექსუალურ იდენტობასაც გულისხმობს, შევამჩნევთ, რომ ამ ხუმრობის მიღმა კონკრეტული მესიჯი იმალება. დღიურში ენი აღწერს არაერთ შემთხვევას, როცა მისი გარეგნობა თავდასხმის და ერთხელ, გაუპატიურების მცდელობის მიზეზიც გამხდარა. ყველაფრის მიუხედავად, ენ ლისტერისა და ენ ვოლქერის თანაცხოვრება საინტერესოდ გაგრძელდა ჯერ დასავლეთ ევროპაში, მოგვიანებით კი, რუსეთსა და კავკასიაში მოგზაურობით.

 

რუსეთის იმპერიაში მოგზაურობა ენ ლისტერის დიდი ხნის სურვილი იყო, რომელსაც 1939 წელს საბოლოოდ მოაბა თავი და დანიისა და შვედეთის გავლით, სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. მოგვიანებით, მოსკოვში გადაინაცვლა, სადაც 1940 წლის ზამთარი გაატარა და თებერვალში გაყინული ვოლგის გავლით სტეფანწმინდაში ჩამოვიდა. მოსკოვიდან საქართველომდე გზა განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა გაუსაძლისი სიცივისა და რთული პირობების გამო, ამიტომ თბილისში ჩამოსულმა წყვილმა დედაქალაქში რამდენიმე კვირა დაჰყო. 1940 წლისთვის თბილისი სულაც არ წარმოადგენდა ტურისტულ ადგილს – აქ არ იყო სასტუმროები, არც რესტორნები ან სხვა ტურისტული ადგილები. რუსეთში გაცნობილი ხალხის რჩევით, ენი ესტუმრა თბილისის მაშინდელ მთავრობას, რომელთა დახმარებითაც, ენ ვოლქერთან ერთად სპეციალურ, უცხოელებისთვის განკუთვნილ სასტუმროში დაბინავდა. თბილისში ენი შეხვდა დებ ჭავჭავაძეებს, მათ შორის ეკატერინე ჭავჭავაძეს, რომელმაც წყვილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში დაპატიჟა. რამდენიმე კვირაში წყვილი აზერბაიჯანისკენ გაემზავრა და როგორც ენი დღიურში წერს, ბაქოში ენ ვოლქერთან ერთად ჰარამხანას არაერთხელ ესტუმრა. ბაქოდან თბილისში დაბრუნებულმა ენ ლისტერმა ქუთაისში, მოგვიანებით კი რაჭა-ლეჩხუმში, საკმაოდ რთულ მოგზაურობაში წასვლა გადაწყვიტა.

 

ქუთაისი, 1870

 

რაჭიდან ქუთაისში დაბრუნებული წყვილი ზუგდიდში გაემგზავრა, სადაც დადიანების სასახლეში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, რომლის მსგავსიც, როგორც ენი აღნიშნავს, მოსკოვიდან წამოსვლის შემდეგ არ ღირსებია. მეორე დღეს, მასპინძლებთან შეხვედრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სასახლეში მყოფი ადამიანების უმეტესობა თავს შეუძლოდ გრძნობდა. ეკატერინე და მისი ახალდაბადებული შვილიც ავად იყვნენ და სამკურნალოდ ქუთაისიდან გერმანელი ექიმი ჩამოიყვანეს. რამდენიმე დღეში ენ ლისტერი და ვოლქერი მიხვდნენ, რომ დადიანების სასახლე იმ დროისთვის არ წარმოადგენდა უსაფრთხო ადგილს, ამიტომ ზუგდიდი სწრაფად დატოვეს და ქუთაისში დაბრუნდნენ.

 

ეკატერინე ჭავჭავაძე, 1816-1882

 

ქუთაისში დაბრუნებიდან მალევე, ენ ლისტერი გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ენს დაავადება დადიანების სასახლეში, ზუგდიდში გადაედო და ბევრი მოგზაურობისა და დასუსტებული ჯანმრთელობის გამო, ვერ გადაიტანა. ენ ლისტერის სხეული ენ ვოლქერმა დასავლეთ იორკშირში დააბრუნა და 1941 წლის აპრილში იქვე დაკრძალეს.

 

ამ ურთულესი მოგზაურობიდან დაბრუნებული ენ ვოლქერის მენტალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შედარებით დამძიმდა. ამით მისმა ნათესავებმა ისარგებლეს და ორი წლის შემდეგ სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა.

 

ფოტოსურათი ,,ჯენტლმენი ჯეკის’’ მეორე სეზონის გადაღებებიდან

 

რაც შეეხება სერიალს, მომდევნო სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია, პრემიერის თარიღად კი 2022 წელი არის ნავარაუდები. მეორე სეზონი ენ ლისტერისა და ენ ვოლქერის თანაცხოვრებაზე იქნება კონცენტრირებული და ვინ იცის, იქნებ წყვილის საქართველოში მოგზაურობაც ვიხილოთ. ბოლოს კი, ,,ჯენტლმენი ჯეკის’’ საუნდტრეკი, იმავე სახელწოდების სიმღერა, რომელიც 2012 წელს ინგლისელმა ქვიარ წყვილმა ,,ო’ჰული & თიდოუმ’’ გამოაქვეყნა:

წყაროები:

,,რომში გამოზამთრება”

ენ ლისტერი – ბიოგრაფიული ფაქტები

ენ ლისტერის დღიური

ენის სასიყვარულო ურთიერთობები

ენ ლისტერის მოგზაურობა საქართველოში

პირველი ტრანსგენდერი პასტორი ბრაზილიაში: ტრანსგენდერობა ნაკლი და სისუსტე არ არის

ქვიარ ადამიანების მიმართ ზიზღით სავსე ქვეყანაში, ალექსია სალვადორი რწმენას იყენებს, სხვა ქვიარებს რომ დაეხმაროს. „მე ვგრძნობ მათ ტკივილს, რადგან მეც და ჩემმა ოჯახმაც იგივე განვიცადეთ“ – ამბობს პირველი ტრანსგენდერი პასტორი ბრაზილიაში და იმედი აქვს, რომ საკუთარი რწმენით ბევრ ადამიანს დაეხმარება. მისი სურვილია, შეცვალოს ურთიერთობა ეკლესიასა და ლგბტ თემს შორის, გახადოს ის უფრო შემწყნარებლური და მიმღებელი.

ბრაზილიის ტრანსგენდერთა ასოციაციის (Antra) მონაცემებით, გასულ წელს ბრაზილიაში 175 ტრანსგენდერი დაიღუპა. მათი უმეტესობა ტრანსგენდერი ქალები იყვნენ, შავკანიანები და ღარიბები. სამწუხაროდ, ეს ძალადობრივი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს ორმა მამაკაცმა სცემა, ქალი ხელ-ფეხ შეკრული საბარგულში ჰყავდათ, იქვე მყოფ პოლიციას კი რეაგირება არ მოუხდენია.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსია სალვადორის მსახურების ნაწილი ქადაგებაა, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტრანსგენდერების ეკლესიაში მიღებაა, მათი მოსმენა და იმის გარკვევა, თუ რა სჭირდებათ, იქნება ეს საკვები, საცხოვრებელი თუ სულიერი საზრდო. მისი ეკლესიის კარი ყოველთვის ღიაა ქვიარებისთვის და უსაფრთხო ადგილია ჩაგრულებისთვის.

სალვადორი ყოველთვის რელიგიური იყო. 7 წლის ასაკში მან მშობლებს სთხოვა, ეკლესიაში წაეყვანათ. სკოლაში ბულინგი მაშინაც ხშირი იყო, სალვადორი კი ეკლესიისგან შვებასა და მიმღებლობას ელოდა. „თავიდან, როცა ეკლესიაში დამელაპარაკნენ და არ დამცინეს, გაოგნებული ვიყავი. იქ პირველად ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანი და საჭირო ვიყავი“ – იხსენებს ის. შემდეგ ალექსიამ სემინარიაში სწავლა და კათოლიკური ეკლესიის წევრობა გადაწყვიტა, თუმცა იქ დიდი წინააღმდეგობა და მიუღებლობა დახვდა. ტოქსიკური გარემოს გამო, სალვადორი კათოლიკური სემინარიიდან წამოვიდა, თუმცა რწმენა და ეკლესიასთან სიახლოვე არ შეუწყვეტია.

ერთი წლის შემდეგ, მან სან-პაულოში აღმოაჩინა ეკლესია, სადაც მღვდელი – ტროი პერი გაიცნო. ალექსია მიიღეს ლათინოამერიკელმა მიტროპოლიტმა და მისმა მრევლმა. სწორედ ამ ეკლესიაში იქორწინა ტრანსგენდერმა პასტორმა თავის კაც პარტნიორთან. „პანიკა, რომელიც თან მსდევდა, მას შემდეგ გაქრა, რაც აქ აღმოვჩნდი. როცა თეოლოგიას ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ სისუსტე და ნაკლი ყველას გვაქვს, თუმცა ტრანსგენდერობა არც სისუსტეა და არც ნაკლი“ – ამბობს ალექსია.

სანამ პასტორი გახდებოდა, ალექსია სალვადორს გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზის გავლა მოუწია. ამჟამად, კოვიდ პანდემიის გამო ეკლესია ონლაინ მუშაობს, თუმცა ხალხის დახმარებას აგრძელებენ. „რელიგია, რომელიც იესომ ჩვენამდე მოიტანა, ყველასთვისაა. ვიყო ტრანსგენდერი პასტორი ქალი, კიდევ ერთხელ იმის შეხსენება და გაცნობიერებაა, რომ საეკლესიო სივრცე ყველასია.“

წყარო: theguardian.com

ქვიარ მონაწილეების რეკორდულ რაოდენობა ტოკიოს პარაოლიმპიადაზე

პარაოლიმპიურ თამაშებში წელს რვა ქვეყნიდან 27 ღიად ქვიარ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რაც ორჯერ აღემატება წინა პარაოლიმპიადის მაჩვენებელს. „იმედი გვაქვს, მომავალში კიდევ მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რადგან ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მისაბაძი და პოზიტიური როლური მოდელის არსებობა“ – ამბობს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მიმდინარე პარაოლიმპიურ ჩემპიონატზე ღიად ქვიარ ადამიანების უმეტესობა ქალია. მათ შორის, კალათბურთელი წყვილი – რობინ ლავი და ლორი ვილიამსი. ისინი პანდემიის დაწყებამდე დაქორწინდნენ.

პარაოლიმპიადაში ასევე მონაწილეობს ორი არაბინარული ადამიანი: რობინ ლამბარდი და მარია „მაზ“ სტრონგი. ,,როგორც იქნა, ოცნებები ახდა, პარაოლიმპიადის მონაწილე ვარ“ – ამბობს რობინი.

„მომწონს იმის ხაზგასმა, რომ ქვიარ პარაოლიმპიელები ვართ, რადგან ვთვლი, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. თუმცა საზოგადოება მეტად მიმღებელი გახდა“ – ამბობს ამერიკელი ფრენბურთელი მონიკ მეთიუსი.

წყარო: nbcnews.com

ქვიარად ყოფნა უნგრეთში ორბანის რეპრესიების შემდეგ

მიმდინარე წლის 7 ივლისს უნგრეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის თანახმად, დანაშაული გახდა გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის „პოპულარიზაცია“ საგანმანათლებლო სფეროში, ბავშვებში, ფილმებსა და რეკლამებში. კანონი საკმაოდ ბუნდოვანია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, იგი გამოყენებული იქნას სხვადასხვა კონტექსტში. ასევე, ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებს აეკრძალათ სქესის შეცვლა. ამ ყველაფერს წინ უძღვოდა 12 თვით ადრე მიღებული ანტი-ლგბტ კანონი უნგრეთის მემარჯვენე პრემიერ მინისტრის – ვიქტორ ორბანის მიერ.

2012 წელს ILGA Europe-მა უნგრეთი მე-9 ადგილზე დაასახელა ევროპის 49 ქვეყანას შორის ლგბტ ადამიანების უფლებების მდგომარეობის მხრივ. დღეს ის 28-ე ადგილზეა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ყოფნა ასეთი საშიში იქნებოდა“ – ამბობს მარია კრისტოფი.

მარია 71 წლის არის, ყოფილი კლასიკური მუსიკის მომღერალია. დაქორწინებული იყო კაცზე, ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილი. 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ის დაქამინგაუთდა, როგორც ლესბოსელი. „გულის სიღრმეში ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ლესბოსელი ვიყავი, თინეიჯერობის ასაკში ბიჭი შემიყვარდა, თუმცა გოგოებზე სულ ვფიქრობდი. ჩემთვის ეს პრობლემა არასდროს ყოფილა, მაგრამ 1970 წელს ჰომოსექსუალობა პრობლემა იყო საზოგადოებისთვის, როცა არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა ამის შესახებ“ – ამბობს მარია და იქვე ამატებს, რომ გუნდში, რომელშიც ის მღეროდა, არაერთი ქვიარ ადამიანი იყო, რომლებიც საკუთარ ორიენტაციას მალავდნენ. დროთა განმავლობაში ბევრმა გააკეთა ქამინგაუთი, თუმცა უნგრეთის ულტრამემარჯვენე ძალები გაძლიერდნენ. მარია მათ ანტი-ქრისტიანებს უწოდებს.

„ახლა კრიტიკული დროა“ – ამბობს უნგრელი ქვიარ აქტივისტი აკოს მოდოლო და იხსენებს ბავშვობის პერიოდს, როდესაც ჰომოსექსუალები უცხოპანეტელებთან იყვნენ გაიგივებული უნგრეთში. მან საკუთარი სექსუალობა ადრეულ ასაკში მიიღო. მას შემდეგ, რაც ბებიამ და ბაბუამ ის ტელევიზიით იხილეს უნგრეთის პრაიდზე, აკოსი მათთანაც დაქამინგაუთდა. თავიდან ქამინგაუთი რთული იყო, თუმცა ბებია-ბაბუამ შვილიშვილი მიიღო და აქტივისტი თავს იღბლიანად თვლის, რადგან ის უყვართ. „ბევრი ქვიარ თინეიჯერი თავს მარტოსულად თვლის და თითქოს ვერ პოულობენ ადგილს ამ სამყაროში. ჩვენს ორგანიზაციაში ვეხმარებით საკუთარი თავის მიღებაში, ნორმალური ცხოვრება რომ ჰქონდეთ. ასევე, ვმუშაობთ ჰეტეროსექსუალ ადამიანებთან, რომ გავაგებინოთ, რა არის ბულინგი, რა არ უნდა უთხრან ქვიარ ადამიანებს და როგორ დაუჭირონ მათ მხარი.“ – ამბობს აკოსი და იმედოვნებს, რომ უნგრეთის პრაიდი სასიკეთოდ შეცვლის ამჟამინდელ გაუარესებულ მდგომარეობას ლგბტ უფლებების მხრივ.

„ეს კანონპროექტი წარმოდგენილი იყო, როგორც ბავშვების უფლებების დასაცავად მიღებული. ჩვენი აზრით კი, პირიქით, აღნიშნული კანონი უხეშად არღვევს ბავშვების უფლებებს. დაუსაბუთებელი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ასევე, იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცოდნა, ბავშვების საბაზისო უფლებების ნაწილია. გარდა ამისა, ქვიარ ბავშვვებმა უნდა იცოდნენ მათი იდენტობისა და მდგომარეობის შესახებ“ -ამბობს ILGA Europe-ის წარმომადგენელი.

ბუდაპეშტის ამჟამინდელი მთავრობა შეუვალია და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ის ამბობს, რომ ბავშვების უფლებების დაცვა და მათი აღზრდა იმ კანონების შესაბამისად მოხდება, რომელსაც უნგრეთის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

წყარო: euronews.com

GoFundMe ფულს ლგბტქ+ ავღანელების დასახმარებლად აგროვებს

GoFundMe კამპანიური ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებს თანხებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის. GoFundMe-ის მთავარი მისია უკეთესი სამყაროს შექმნის ხელშეწყობა და იმ ადამიანებისა თუ ჯგუფის განვითარებაა, რომლებსაც თავიანთი ისტორიის ფართოდ გავრცელება სჭირდებათ.  GoFundMe-ის უკვე 5 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს შეგროვებული.

ამჯერად, დახმარების მიზნით, GoFundMe-მ დაიწყო ლგბტქ+ ავღანელების მხარდასაჭერი კამპანია. თალიბების მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდების შემდეგ, მათ უკვე დევნის ავღანეთის ახლადშემქმნილი მთავრობა.

კამპანიის ფარგლებში უკვე შეგროვდა 50,000 აშშ დოლარი, რომელიც პირდაპირ გაეგზავნება ლგბტქ+ ავღანელებს. GoFundMe -ის დაფინანსება დაეხმარება მათ, გააკეთონ საჭირო საბუთები, გადაიხადონ მოგზაურობის თანხა და მიიღონ დროებითი საცხოვრებელი ქვეყნიდან გაქცევის შემთხვევაში.

კამპანია შეიქმნა ავსტრალიაში დაბადებული ქვიარ მწერლის, ბობუკ საიდის მიერ, რომელიც ავღანური წარმოშობისაა და მას ასევე ავღანური წარმოშობის მეგობრები ეხმარებიან კამპანიის განხორციელებაში.

ავღანეთში ლგბტქ+ ადამიანების მიმართ მტრული განწყობების გამო, მათ უკვე ემუქრებათ სხვადასხვა საფრთხე:  შეიძლება დაკარგონ სამსახური, ან უარესი – ემუქრებათ სიცოცხლის მოსპობის საშიშროება.

ივლისში, თალიბანის მოსამართლემ გერმანულ გაზეთ Bild- ს განუცხადა, რომ ლგბტქ+ ადამიანებს ქვებით ჩაქოლავდნენ ან 10-მეტრიანი კედლიდან გადმოყრიდნენ. ამ კონკრეტულ სასჯელს შარიათის კანონი ითვალისწინებს. ბევრს ეშინია, რომ ავღანეთში ის პერიოდი დაბრუნდება, როდესაც ქალებს არ ჰქონდათ უფლება, ესწავლათ სკოლებში, აკრძალული იყო მუსიკა და ცეკვა, ხოლო ჰაზარასების – სპარსულად მოსაუბრე ავღანელი ირანელების, ლგბტ ადამიანებისა და “ამორალური ქცევისთვის” მოკვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ადვოკატირების ჯგუფები მთელს მსოფლიოში მოუწოდებენ თავიანთ მთავრობებს, მხარი დაუჭირონ ლგბტქ+ ლტოლვილებს, როდესაც ისინი ცდილობენ, დატოვონ ქვეყანა. ILGA World-მა, Human Dignity Trust-მა და OutRight Action Internationa-მა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო ვალდებულია, დაიცვას „დაუცველი პირები ზიანისა და ძალადობისგან“, მათ შორის, ლგბტქ+ ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები.

წყარო: gofundme.com

ალასტერ ბრიუსი – ბრიტანეთის უმაღლესი რანგის ოფიცრის ქვიარ ისტორია

1979 წელს, როდესაც ალასტერ ბრიუსი ჯარს შეუერთდა, შეუძლებელი იყო, ყოფილიყავი ქვეყნის სამსახურში და თან, ჰომოსექსუალი. გასულ თვეს გენერალი ბრიუსი ბრიტანეთის არმიის უმაღლესი რანგის ოფიცერი გახდა და თავის პარტნიორ კაცზე იქორწინა, რომელთანაც 20-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ბრიუსი წლების განმავლობაში მალავდა სტივენ კნოტთან ურთიერთობას, წელს კი სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა იქორწინა.

გენერალი სექსუალურ ორიენტაციას თითქმის მთელი კარიერის მანძილზე იმის შიშით მალავდა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, რომელშიც მან დიდი შრომა ჩადო და არაერთხელ გაიღო მსხვერპლი.

ბრიტანეთის არმიამ 2000 წლიდან შეცვალა თავისი დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ. მანამდე კი, ქვიარ ადამიანებისთვის არმიაში ყოფნა აკრძალული იყო.

გენერალი ბრიუსი თავის პარტნიორს მაშინ შეხვდა, როდესაც საკრუიზო გემზე ლექციებს კითხულობდა. „ძალიან გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ის დაინტერესებული იყი იმავე ისტორიული საკითხებით, რითიც – მე. ჩვენი ურთიერთობა ლექციების შემდეგაც გაგრძელდა. სტივენმა რამდენიმე თვეში დატოვა საცხოვრებელი ადგილი და ბრიტანეთში გადმოვიდა, ჩემთან ერთად რომ ყოფილიყო. ეს ძალიან მამაცური ნაბიჯი იყო მისი მხრიდან და მაშინ მივხვდი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში” – ამბობს ბრიუსი.

წყარო: bbc.com

დავითისა და იონათანის სიყვარულის ბიბლიური ისტორია

ბიბლია, ეს არის წიგნი, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ხშირად იყენებენ ქვიარ ადამიანების ჩაგვრისა და განკითხვისათვის, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ეს აგრესიულ ფუნდამენტალისტებს წარმოუდგენიათ.

წმინდა წერილში რამდენიმე ადგილია, სადაც მკაფიოდ იკითხება პერსონაჟებს შორის არსებული ჰომორომანტიკული ურთიერთობი. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული, კონფესიური და მიკერძოებული პერსპექტივისაგან დაცლილი თეოლოგები და ბიბლეისტები ცდილობენ, ახსნან ის ურთიერთმიმართებები, ამ პიროვნებებს შორის რომ იყო, რომელსაც ისინი უბრალოდ „წრფელ მეგობრობას“ არ უკავშირებენ და თვლიან, რომ მათ შორის იყო განსაკუთრებული რომანტიკული ჰომოსექსუალური სიყვარული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წონადი მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით, შევეცდები, რაც შეიძლება მარტივად, მოკლედ და გასაგებად ჩავუღრმავდე იმ მეტად ძვირფას და საინტერესო ურთიერთობას, რომელიც იონათანსა და დავითს შორის სუფევდა.

ქრისტიანული წმინდა წერილის პირველ ნაწილში – ძველ აღთქმაში – არის წიგნები, რომელსაც I და II მეფეთა ეწოდება (ზოგან I და II სამუელი), რომელიც სამეფო კარის ირგვლივ მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. წიგნი გვიყვება გაერთიანებული ისრაელ-იუდეის მეფე დავითსა (მეფობდა ქრისტეს შობამდე 1010-970 წლებში) და იონათანს (მეფე სამუელის უფროსი ძე და ისრაელის გაერთიანებული სამეფოს პრინცი) შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ორ კაცს შორის არსებული რომანტიკული სიყვარული, თუმცა ეკლესიები საუკუნეებია ასწავლიან, რომ მათი ურთიერთობა უბრალოდ ძმური სიყვარულია. ბიბლიის ტექსტი სხვა რამეს მოგვითხრობს:

I მეფეთა 19:1-ში ვკითხულობთ: “და ეუბნებოდა საული იონათანს, თავის ძეს, და ყველა თავის მსახურს, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი“ (მეფე საულს დავითი თავისი ტახტის მოცილედ ეგულებოდა, ამიტომაც მის განადგურებას ცდილობდა). წმინდა წერილში მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე რამდენიმე მკაფიო მინიშნებაა, რომელსაც თანდათან შემოგთავაზებთ, მანამ კი გეტყვით, რომ მათი სიყვარულის რომანტიკული ხასიათის კვლევა პირველმა ტომ ჰორნერმა (Tom Horner – ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის მღვდელი, სამეცნიერო ხარისხები მიღებული აქვს დიუკის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების სკოლასა და კოლუმბიის უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს მოუნთ სეინთ ვინსენტის კოლეჯში, ნიუ-იორკი) დაიწყო, რომელმაც დაწერა წიგნი – იონათანს უყვარდა დავითი: ჰომოსექსუალობა ბიბლიურ დროში(Jonathan Loved David: Homosexuality in Biblical Times), სადაც ის დეტალურად განიხილავს მათი სიყვარულის ჰომორომანტიულ ხასიათს ფილოლოგიური და კონტექსტუალური არგუმენტებით. ტომ ჰორნერის მოსაზრება გაიზიარა და შემდგომ განამტკიცა ცნობილმა ამერიკელმა ისტორიკოსმა და იელის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ჯონ ბოსუელმა (John Boswell, PHD), რომლის კვლევის ძირითადი საგანიც ჰომოსექსუალობისა და ქრისტიანობის ურთიერთმიმართება იყო.

2 მეფეთა 1:25-ში დავითი ეუბნება იონათანს: „ძმაო, იონათან! დიდად ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენი სიყვარული ჩემდამი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ქალის სიყვარული.ვფიქრობ, ნებისმიერი დაკვირვებული მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს, თუ რა ტიპის სასიყვარულო ურთიერთობაზე მიგვანიშნებს ტექსტის დამწერი (თანაც მაშინ, როცა ჰომოსექსუალური კავშირები ჩაქოლვით ისჯებოდა, შეძლებისდაგვარად, დეტალურად გვიხსნის ამბავს). ამ პასაჟში, ორი მამაკაცის ურთიერთობა იგივე სიტყვებითა და აქცენტებით აღიწერება, როგორც ძველი აღთქმის სხვა ჰეტეროსექსუალური რომანტიკული სასიყვარულო ურთიერთობები.

სუსან აქერმანი (Susan Ackerman), ამერიკელი ბიბლიის მკვლევარი და რელიგიის პროფესორი, აღნიშნავს, რომ ბიბლიის ტექსტში, მინიმუმ, 5 ადგილია, სადაც დიდია ალბათობა იმისა, რომ მინიშნება იყოს მათ შორის არსებულ ჰომოსექსუალურ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ეს პასაჟებია:

1. I მეფეთა 18:1-4 – „და როცა დავითმა დაამთავრა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული მის სულს, და შეიყვარა იგი იონათანმა, როგორც თავისი საკუთარი სული. და წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ დაანება მამის სახლში დაბრუნება. და შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი, როგორც თავისი საკუთარი სული. და განიძარცვა იონათანმა თავისი მოსასხამი და მისცა დავითს; მისცა აგრეთვე თავისი ჯაჭვ-ჭური, თავისი მახვილი და თავისი მშვილდ-კაპარჭი, და მთელი თავისი საჭურველი თავისი სარტყლიანად.“

2. I მეფეთა 19:1-2 – „და ეუბნებოდა საული იონათანს, თავის ძეს, და ყველა თავის მსახურს, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი და შეატყობინა იონათანმა დავითს და უთხრა: „შენი მოკვლა უნდა მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, სადმე დაიმალე.“

3. I მეფეთა 20:30-34 – „და განურისხდა საული იონათანს და უთხრა: „უკუღმართო და ურჩო ძეო, განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ძეს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად, რადგან, ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გააგზავნე მასთან და აქ მომიყვანე, რადგან უნდა მოკვდეს!“ და მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: „რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?“ და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. და მიხვდა იონათანი, რომ მამამისს მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი დავითის მოკვლა. და ადგა იონათანი სუფრიდან განრისხებული და ლუკმა არ უჭამია ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ შეურაცხყო მამამისმა.“

4. I მეფეთა 23:15-17 – „და ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით, და უთხრა: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ პირველი კაცი ვიქნები; მამაჩემმა, საულმა კარგად იცის ეს.“ და შეკრეს კავშირი ორივემ უფლის წინაშე.დარჩა დავითი ტყეში და იონათანი შინ დაბრუნდა.“

5. II მეფეთა 1:25-26 – „ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენი სიყვარული ჩემდამი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ქალის სიყვარული. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ გაცვდა საჭურველი!“

აქერმანი აღნიშნავს რომ ამ ხუთთაგან უმნიშვნელოვანეს არგუმენტად ბოლო გამოდგება, სადაც გარკვევით და ხასგასმითაა ნათქვამი ის, რაც ცხადყოფს მათი სიყვარულის რომანტიკულ ხასიათს : „შენი სიყვარული ჩემდამი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ქალის სიყვარული“.

რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია მტკიცებითი ფორმით იმის დაჟინება, რა სახის სასიყვარულო ურთიერთობა სუფევდა დავითსა და იონათანს შორის, თუმცა ცხადზე ცხადია, რომ იმ ადამიანებს, ვისაც მათი რომანტიკული ურთიერთობისა გვჯერა, საკმაოდ ბევრი არგუმენტით თავად ბიბლიის ტექსტი გვეხმიანება.

ამ მცირე მიმოხილვით, ჩემი მიზანი იყო, ქვიარ თემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის შემეთავაზებინა ბიბლია, როგორც ამ კუთხით საინტერესო საკვლევი წიგნი, ის ხომ რახანია ფუნდამენტალისტთა დიდი მოწადინების შედეგად, სიძულვილის მაპროვოცირებელ წიგნად აღიქმება მრავალთა მიერ.

თომა ლიპარტიანი – ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი.

მადონა 63 წლისაა: პოპის დედოფლის 13 გეი ჰიმნი

16 აგვისტოს პოპის ლეგენდა 63 წლის გახდა! მადონამ თავისი კარიერა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, ნიუ იორკში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა მეოცნებე გოგონას სურდა, თავისი ბედი ქორეოგრაფიაში ეცადა –  რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მუსიკასთან მივიდა, პირველი ალბომი Madonna ჩაწერა და პოპის სამყაროში თავბრუდამხვევი ისტორია დაიწყო.

თავისი შემოქმედების განმავლობაში ამერიკელი მომღერალი აქტიურად მონაწილეობდა LGBT+ თემის გაძლიერებაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჰოლივუდი და პოპი ღიად არ საუბრობდა ქვიარ საკითხებზე, მადონა ყველა პლატფორმას იყენებდა იმისთვის, რომ ქვიარ თემის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა, სწორედ ამიტომ, ის მალე ლგბტ თემისთვის ნამდვილ აიქონად იქცა.

გთავაზობთ პოპის დედოფლის 13 გეი ჰიმნს:

Material Girl (Like A Virgin, 1984) 

 

 

Material Girl ერთ-ერთი პირველი სიმღერაა მადონას შემოქმედებაში, რომელმაც მომღერალს დიდების კარი გაუღო. მუსიკალური კლიპის გამოსვლის შემდეგ, კრიტიკოსები და მსმენელები შეთანხმდნენ, რომ 26 წლის მომღერლის ვარსკლავი კიდევ მრავალი წელი იკაშკაშებდა. სიმღერა მერლინ მონროს ცხოვრებით არის შთაგონებული და ძლიერ ფემინისტურ მესიჯებს ატარებს.

True Blue (True Blue, 1986) 

 

სანამ მადონა პოპის ლეგენდა გახდებოდა, მანამდე მან დიდი გზა გაიარა, დიდება და აღიარება მასთან მარტივად არ მოსულა, ეს სიმღერაც ზუსტად ასახავს მომღერლის გრძელ და დამოურჩილებელ გზას, ახალგაზრდა ვარსკლავი არ ერიდება ექსპერიმენტებს და მისი ყველა ნაბიჯი გამოუცნობი და მოულოდნელია.

Open Your Heart (True Blue, 1986)

კიდევ ერთი სიმღერა 1986 წლის ალბომიდან True Blue, მომღერალი მუსიკალურ კლიპში პატივს მიაგებს გეი აიქონებს –  ლაიზა მინელის და მარლენ დიტრიხს. ამასთან ერთად, უპირისპირდება male gaze-ს და მსმენელს კიდევ ერთი გეი ჰიმნს ჩუქნის. აღნიშნული სიმღერა პოპის დედოფალმა 2014 წელს ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების უფლებების დასაცავად გრემის სცენაზეც შეასრულა.

 

Express Yourself (Like A Prayer) 

 

80-იანი წლების მიწურულს, დიდების მწვერვალზე მყოფმა მადონამ ახალი, მეოთხე ალბომი ჩაწერა და მსმენელებს კიდევ ერთი კომპოზიცია, Express Yourself შესთავაზა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის და ლგბტ თემისთვის. მომღერალი ანგრევს გენდერის საზღვრებს და მუსიკალურ კლიპში მამაკაცის ალტერ ეგოთი გვევლინება. სწორედ ეს ლეგენდარული სიმღერა გახდა ლეიდი გაგას და მადონას ცნობილი დაპირისპირების მიზეზი, პოპის დედოფლის გულშემატკივრები გაგას Born This Way-ს ამ სიმღერის კოპირებად მიიჩნევენ.

Vogue (I’m Breathless, 1990)

 

სამყარომ ახალ ათწლეულში გადააბიჯა, დამთავრდა კაშკაშა და ფერადი 80-იანები, მადონა კი არ ჩერდება და ამჯერად ყველაზე ბინძურ და დამალულ ადგილებში, ნიუ იორკის Ballroom-ების იატაკქვეშეთში ჩადის, ჭუჭყიანი სარდაფებიდან მეინსტრიმში ამოაქვს ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალების და ქვიარების საოცარი კულტურა, საცეკვაო მოძრაობები, პრობლემები და სულისკვეთება. Vogue-ის გამოსვლიდან სულ მალე პოპის შემსრულებელი პოპის დედოფლად გადაიქცა.

Justify My Love (The Immaculate Collection, 1990)

Justify My Love ახალი მადონას დაბადებად არის აღიარებული, მომღერალი ტოვებს თავისთვის დამახასიათებელ ჟღერადობასა და ნაივურობას და მისი ხმა, ტექსტები, მელოდია – კიდევ უფრო თამამი, სექსუალური, ქალური და პროვოკაციული ხდება. მუსიკალური კლიპი MTV-იმ სექსუალური კადრების, BDSM-ის და ბისექსუალობის ტირაჟირების გამო დაბლოკა, რაზეც მომღერლმა მალევე უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უჩვენებენ უპრობლემოდ მკვლელობის სცენებს ეკრანებზე და კრძალავენ კადრებს, სადაც ქალები ერთმანეთს კოცნიან.

Fever (Erotica, 1992) 

1992 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა მადონასთვის, დახლებზე ჩნდება მისი კიდევ ერთი ალბომი Erotica, რომელსაც მალევე თან მოჰყვა სექს წიგნი, ალბომი მალე აკრძალეს ჩინეთში და სინგაპურში. Fever-ის მუსიკალური კლიპი კარგად ასახავს მადონას ტრანსფორმაციას და 90-იანი წლების სულისკვეთებას. სიმღერა მადონას არ ეკუთვნის, თუმცა მადონასეული ვერსია ერთ-ერთი გამორჩეულია.

 

Human Nature (Bedtime Stories, 1994)

90-იან წლებში კრიტიკოსები, ჟურნალისტები და კონსერვატიული საზოგადოება მადონას მწვავედ აკრიტიკებს სითამამისა და სექსუალობის გამო, მადონას პასუხი კი კიდევ ერთი ჰიტი, Human Nature არის, სადაც, ფაქტობრივად, დასცინის იმ საზოგადოებას, რომელიც გამუდმებით ზღუდავს ქალებსა და მოწყვლად ჯგუფებს. მადონას ეს ცნობილი კომპოზიცია დროს უსწრებს და მომავალში ინსპირაცია აღმოჩნდება ქრისტინა აგილერასა და რიანასთვის.

Nothing Really Matters (Ray of Light, 1998)

 

თითქოს მსმენელი ვეღარაფერმა უნდა გააკვირვოს, მაგრამ პოპ-ლეგენდა კიდევ ერთხელ ახერხებს ტრანსფორმაციას და სრულიად ახლებური ჟღერადობით ბრუნდება. მუსიკალური ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია მომღერლის კარიერაში, ხოლო წითელი კიმონო – პოპულარული რუპოლის რეალითი შოუს მერვე სეზონში.

 

Hung Up (Confessions on a Dance Floor, 2005)

ABBA-ს Gimme Gimme Gimme-ის ჟღერადობით შექმნილი ეს ცნობილი ჰიტი 2000-იანების მადონას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, პოპის ლეგენდა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი გული კვლავ LGBT+ თემს ეკუთვნის და ის არ აპირებს გაჩერებას.

Sorry (Confessions on a Dance Floor, 2005)

მადონას არსებობამ ხელი შეუწყო 2000-იან წლებში ახალ-ახალი ქალი არტისტების გამოჩენას. მუსიკალური სამყარო აღარ უჩივის ქალების ნაკლებობას, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მადონა წარსული დიდებით დატკბება, ის კვლავ აგრძელებს საოცარი კომპოზიციებით მსმენელის განებივრებას და ამჯერად ბოდიშს ხუთ სხვადასხვა ენაზე იხდის.

Girl Gone Wild (MDNA, 2012)

50 წელს გადაცილებული ვარსკვლავი კიდევ ერთხელ ახერხებს მსმენელების გაოცებას, მადონა უბრუნდება Erotica-ს ესთეთიკას, შავ-თეთრი მუსიკალური კლიპი, მამაკაცები ტყავის თეთრეულებში და მაღალ ქუსლებზე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მადონაა!

Bitch I’m Madonna (Rebel Heart, 2015)

გეი აიქონობა მარტივი არ არის, მადონასთვის ეს ტიტული საპატიოა და პასუხისმგებლობასაც გრძნობს. Bitch I’m Madonna შემსრულებლის ერთ-ერთი ბოლო სინგლია, რომელშიც მსახიობი არ ერიდება ეგოს დემონსტრაციას, თუმცა, ამასთან, თავის ვიდეოში ადგილს ისეთ ახალგაზრდა ვარსკლავებს უთმობს, როგორებიც არიან, მაილი საირუსი, ქეითი პერი და ნიკი მინაჟი.

წყარო: gaytimes.co.uk

სტატია მოამზადა ზურა აბაშიძემ

ფოტოქრონიკა: აივ/შიდსის ეპიდემია (1981-2021)

აივ/შიდსის ვირუსი დღემდე უდიდეს ეკონომიკურ, სამედიცინო და სოციალურ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებისთვის. 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 37 მილიონზე მეტი ადამიანია ვირუსით ინფიცირებული.

ვირუსი გასული საუკუნის 80-იან წლებში გავრცელდა და 36 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. აივ/შიდსმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ლგბტქ საზოგადოებას და ხელი შეუწყო მათ მარგინალიზებას.

დღესდღეობით, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პირობებში, ინფიცირებული ადამიანისა და არაინფიცირებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი ერთმანეთს უტოლდება, აივი აღარ არის სასიკვდილო განაჩენი.

გთავაზობთ აივ/შიდსის ეპიდემიის ფოტოქრონიკას და ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს ეპიდემიის გარშემო:

დაახლოებით 1884-1924

1884-1924 წლების შუალედში, დასავლეთ აფრიკაში მონადირემ შიმპანზე მოკლა, ცხოველის სისხლმა იარაღის გავლით მონადირის სხეულში შეაღწია. სისხლი უსაფრთხოა მაიმუნისთვის, თუმცა – სასიკვდილო ადამიანის ორგანიზმისთვის. ვირუსი სწრაფად ვრცელდება აფრიკის სხვა კოლონიურ ქალაქებში.

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის დასაწყისად 80-იანი წლებია მიჩნეული, მრავალი მკლევარის აზრით, ვირუსი გაცილებით ადრე არსებობდა აფრიკის ქვეყნებში და ამერიკაში ვირუსის გავრცელებას იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა შეუწყო ხელი.

1981

1981 წლის ივნისში, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი CDC აქვეყნებს ინფორმაციას ლოს ანჯელესში მცხოვრები 4 ჰომოსექსუალი კაცის შესახებ, რომლებიც პნევმოცისტის პნევმონიით არიან დაავადებულები.

4 ივლისს კიდევ ერთი განცხადება ვრცელდება ნიუ- იორკელ კაცებზე, რომლებიც კაპოშის სარკომათი გარდაიცვალნენ.  წლის ბოლომდე ამგვარი შემთხვევები 337მდე იზრდება, 130 გარდაცვლილით.

1982

ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ვირუსს სახელს არქმევს – AIDS (acquired immune deficiency syndrome) და ნათელი ხდება, რომ ვირუსი ორგანიზმში სისხლის გადაცემით ხდება.

1983

 

დაავადებით ის ქალებიც ინფიცირდებიან, ვისაც დაავადებულ კაცებთან აქვთ სექსუალური აქტი, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაავადება ჰეტეროსექსუალ წყვილებშიც ვრცელდება და შესაძლოა, ვირუსი გადაეცეს ახალშობილს ორსულობის დროს ან მშობიარობიდან ძალიან მოკლე დროში. მოსახლეობა პანიკაშია, ვრცელდება ძალიან ბევრი ჭორი იმის შესახებ, რომ ვირუსი ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობებშიც შეიძლება გავრცელდეს. ბინების მეპატრონეები ნიუ-იორკში სახლებიდან აძევებენ HIV-ით დაავადებულ პირებს.

1984

პასტერის ინსტიტუტის მკვლევარები, ლუკ მონტანიერი და ფრანსუაზ ბარე-სინუსი, აქტიური ცდების შედეგად, ახერხებენ ვირუსის იზოლაციას HIV დაავადებული ადამიანის ლიმფური ჯირკვალიდან, რაც მნიშვნელოვან ბიძგს აძლევეს მეცნიერებს ვირუსის ხასიათის დადგენასა და შემდგომი პროცესების წარმართვაში.

1985

ფოტოზე ლაიზა მინელი, როკ ჰადსონი და ელიზაბეტ ტეილორი, შიდსის ერთ-ერთი პირველი ქველმოქმედები.

მსახიობი როკ ჰადსონი პირველი ამერიკელი საჯარო ფიგურაა, რომელმაც 1985 წლის ივლისში განაცხადა, რომ ის დაავადებულია HIV ვირუსით, მსახიობი განცხადებიდან 3 თვეში გარდაიცვლა, რამაც უფრო მეტად გაზარდა ისტერია მოსახლეობაში, მსახიობმა ანდერძად დატოვა 250 000 ამერიკული დოლარი იმისთვის, რომ შექმნილიყო შიდსის კვლევის ამერიკული ფონდი. ფონდის პირველი თავჯდომარე მსახიობი ელიზაბეტ ტეილორია.

წლის ბოლომდე ქვეყნდება Los Angeles Times-ის კვლევა, სადაც ამერიკელი ადამიანების უმეტესობა მხარს უჭერს HIV დიაგნოზის ადამიანების კარანტინში გადაყვანას.

1985

1985 წლის მარტში, ამერიკული FDA (საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) ადასტურებს პირველ კომერციულ სისხლის ტესტს ვირუსისთვის, ამ მოვლენიდან ერთ თვეში ატლანტაში იმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია AIDS-თან დაკავშირებით.

დეკემბერში 20 თვის დუაით ბარკი შიდსით გარდაიცვალა, დუაითი პირველი ბავშვია, რომელიც HIV დიაგნოზით გარდაიცვალა.

1987

1987 წლის აპრილში, ლონდონში აივი/შიდსის ჰოსპიტალის გახსნის ცერემონიაზე პრინცესა დიანა ხელთათმანის გარეშე ართმევს ხელს დაავადებულ პაციენტს, ცერემონია გადაიცემოდა ნაციონალური და საერთაშორისო სატელევიზიო არხებით. სამეფო ოჯახის წევრის ეს აქტი ხელს უწყობს სტიგმების დამარცხებას, უამრავ ადამიანს მსოფლიოში ჯერ კიდევ სჯერა, რომ ვირუსი შესაძლოა გადაეცეს ინფიცირებულ ადამიანთან უბრალო შეხებით.

1988

ამერიკელი აქტივისტი, დრამატურგი და პროდიუსერი ლარი კრამერი აფუძნებს საერთაშორისო ორგანიზაცია ACT UP-ს, რომლის დაარსების მიზანიც იყო ძალების მობილიზება ვირუსის დასამარცხებლად.

ორგანიზაცია პირველ მასშტაბურ საპროტესტო აქციას აწყობს FDA-ის სათაო ოფისთან ამერიკაში, მათი მოთხოვნაა, საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ უფრო დააჩქაროს HIV/AIDS პრეპარატების სამეცნიერო კვლევები. პროტესტს 1 000-ზე მეტი აქტივისტი ესწრება და მათი სლოგანია SILENCE=DEATH(სიჩუმე=სიკვდილს). საპროტესტო აქციაზე 178-მდე აქტივისტისს პოლიცია აპატიმრებს, თუმცა აქტივისტები მაინც აღწევენ შედეგს და 10 დღეში FDA აანონსებს, რომ პროცესი დაჩქარდება.

1988

THE WHO (მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია) 1 დეკემბერს აცხადებს შიდსის დღედ, ინიციატივის მიზანია, გაზარდოს ცნობიერება ვირუსის გარშემო. 1 დეკემბერს დღემდე მრავალი აქტივისტი და მხარდამჭერი პატივს მიაგებს ინფიცირებულ და ვირუსით გარდაცვლილ  ადამიანებს.

1989

HIV/AIDS ვირუსი საბჭოთა საქართველოშიც აღწევს. შემთხვევა ქალაქ სოხუმში ფიქსირდება. პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე რამდენიმე წლით ადრე, 1984 წელს ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა შიდსთან ბრძოლის სამსახური.

1991

მსოფლიო კარგავს პოპ სამყაროს გავლენიან სახეს, ფრედი მერკურის და მეიჯიქ ჯონსი ამბობს რომ აივ დადებითია..

ეს ორი ფაქტი ზრდის ცნობადობას HIV/AIDS-ის გარშემო.

1993

ბრძოლა შიდსის ეპიდემიასთან ახალ ფაზაში გადადის

  • პრეზიდენტი კლინტონი ქმნის ახალ პოლიტიკას HIV/AIDS-თან ბრძოლაში
  • საერთაშორისო ორგანიზაცია ACT UP და ტანსაცმლის ხაზი Benetton-ი პარიზში, კონკორდის მოედანზე, გიგანტური კონდომის ინსტალაციას დგამს, რათა მსოფლიო მოსახლეობას შეახსენონ უსაფრთხო სექსის მნიშვნელობა ვირუსთან ბრძოლაში.
  • HIV/AIDS-ის თემატიკაზე შექმნილი პიესა „ანგელოზები ამერიკაში“ იგებს ამერიკის პრესტიჟულ პულიცერის პრემიას
  • კინოეკრანებზე გამოდის „ფილადელფია“, რომელიც გვიამბობს AIDS-ით ინფიცირებულ ადვოკატზე. ფილმში მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს, რომელიც მალევე ოსკარით დაჯილდოვდა.

1996

ჩნდება რევოლუციური, ანტირეტროვირუსული HAART მედიკამენტები, რომელსაც ადამიანის ორგანიზმში ვირუსის შემცირება შეუძლია. შიდსის მკვლევარი დეივიდ ჰო ამტკიცებს, რომ ამ მკურნალობამ, შესაძლოა, სრულიად განდევნოს ვირუსები ორგანიზმიდან. თუმცა მალევე დგინდება, რომ ვირუსი არსად  მიდის, ის მიძინებულ უჯრედებში იმალება. თუმცა ახალი თერაპია 40%-მდე ამცირებს სიკვდილიანობას.

1998-2000

ჯანდაცვის ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ანტირეტროვირუსულ თერაპიას გააჩნია საშიში გვერდითი ეფექტები, ჩნდება ახალი, უფრო ძლიერი მედიკამენტების შექმნის აუცილებლობა. FDA მალევე ამტკიცებს ახალ პრეპარატებს, რომელიც უფრო უსაფრთხოა, თუმცა არ კურნავს სრულად ვირუსს.

2001-2002

შიდსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება, პრობლემა უფრო მასშტაბურ და გლობალურ სახეს იძენს.

გაეროს რიგით მეშვიდე გენერალური მდივანი და ნობელის პრემიის ლაურეატი კოფი ანანი 2001 წელს გამოვიდა ინიციატივით, შექმნილიყო შიდსისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ფონდი, რომლის მთავარი მიზანიც ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლა იქნებოდა. იმავე წელს, სპეციალურ სესიაზე გაერომ კოფი ანანის ინიციატივას მხარი დაუჭირა და შეიქმნა მსოფლიო ფონდი.

2002

ამერიკის 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აანონსებს საპრეზიდენტო გეგმას შიდსთან ბრძოლისთვის. პროგრამა 15 მილიარდი ამერიკული დოლარით ფინანსება და 15 ქვეყანას მიეწოდება ანტირეტროვირუსული პრეპარატები.

2012

FDA-მ, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ აკრედიტაცია მისცა ყოველდღიურ პრეპარატ PrEP-ს, რომელიც 99%-ით იცავს ადამიანებს შიდსის გადაცემისგან სექსუალური აქტის დროს. პრეპარატმა 74%-იანი ეფექტურობა აჩვენა სხვადასხვა ინექციის დროსაც.

2020

2020 წლის მარტში ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილია, როგორ განიკურნა პაციენტი სრულად HIV ვირუსისგან, ადამ კასტელო მეორე ადამიანია მსოფლიოში, რომელიც სრულიად განიკურნა ვირუსისგან, სტატიაში ნახსენებია, რომ პაციენტს 30 თვის განმავლობაში არ მიუღია ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომელსაც ვირუსით ინფიცირებული მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად იღებს და მის ორგანიზმში და უჯრედებში აღარ არსებობს ვირუსები.

პაციენტის განკურნება ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგად მოხდა, გადანერგვის მიზანი არ ყოფილა HIV განკურნება, პაციენტს სიმსივნის დიაგონი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ჩაუტარეს ძვირადღირებული ქირურგიული ჩარევა და როგორც აღმოჩნდა, დონორს აღმოაჩნდა აივის მიმართ რეზისტენტული გენი.

ეს პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია და ვერ გამოდგება მილიონობით ადამიანის სამკურნალოდ, თუმცა ფაქტი თავისთავად დადებით შედეგს გამოიღებს HIV/AIDS-ით ინფიცირებულ ადამიანებზე და მეცნიერებს გზას მისცემს, გამოიკვლიონ ამგვარი ქირურგიული ჩარევები და გააგრძელონ ეფექტური სამეცნიერო საქმიანობა.

2021

ამერიკულმა ფარმაცეპტულმა კომპანია Moderna-მ სულ რამდენიმე დღის წინ დაანონსა ახალი აივ ინფექციის საწინააღდეგო ვაქცინა. ვაქცინა უახლესი, mRNA სისტემით არის დამზადებული და ხელს უწყობს ორგანიზმში აივ ინფექციის საწინააღდეგო ანტისხეულების გამომუშავებას.

ვაქცინის გამოცდის პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში დაიწყება, ცდაში 56 HIV-სგან თავისუფალი ადამიანი მიიღებს, იმისთვის რომ ახალმა ვაქცინამ საბოლოო ავტორიზაცია მიიღოს და ფართო მასებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, საჭირო გახდება ცდების მეორე და მესამე ფაზები.