აგვისტო 2021 - Page 4

LONELY BOYS PARADISE – ბუთუ ბილიხოძის ქვიარ ფოტოების სერია

/

თანამედროვე ქართული ხელოვნება აღარ უშინდება ჰომოფობიურ გარემოს, ბოლო წლებში უამრავი ქვიარ არტისტი გააქტიურდა, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით LGBT+ ადამიანების წარმოჩენას და გაძლიერებას ცდილობენ. ხელოვნებამ ჰომოფობიის დამარცხებაში ძალიან დიდი როლი შეიძლება ითამაშოს და ხელი შეუწყოს ქვიარ ადამიანების იმ კუთხიდან წარმოჩენას, რომელიც ძირითად შემთხვევაში დაფარულია ან არასწორადაა მიწოდებული სახელმწიფოს, ეკლესიის თუ რადიკალური ჯგუფების მიერ.

გთავაზობთ ინტერვიუს დამწყებ ფოტოგრაფ ბუთუ ბილიხოძესთან (@kaonashi_i), რომლის პირველი ჰომოეროტიკული ფოტოპროექტი LONELY BOYS PARADISE ქვიარ თემის გაძლიერებისთვის შეიქმნა და მამაკაცების სხეულის სინაზეს წარმოაჩენს.

როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში?

პირველად კამერა ვიყიდე 2009 წელს, ეს იყო ძველი, ძალიან დაბალი დონის საბჭოთა ფირის კამერა. ამ დღიდან იწყება ჩემი და ფოტოგრაფიის მეგობრობა. სულ მომწონდა ადამიანების გადაღება. პირველი ნაბიჯები უფრო გართობას უკავშირდებოდა, მომწონდა ის ქიმია და ხასიათი, რაც ფირის კამერას აქვს. ცხადია ვცადე ციფრული ფორმატიც, თუმცა დიდად არ მიმიზიდა და მალევე გავყიდე კამერა. გარკვეული პერიოდი აღარ ვიღებდი, ფირის მსოფლიო დეფიციტის გამო. ბოლო 2-3 წელი უფრო აქტიურად მივუბრუნდი კამერას. მაქვს რამდენიმე, სხვადასხვა ფორმატის კამერა.

ყველაზე მეტად რამ შეგიწყო ხელი ხედვის ჩამოყალიბებაში?

ბოლო რამდენიმე წელია დაინტერესებული ვარ ჰომოეროტიკით. ვიღებ მამაკაცის სხეულს. ზუსტად არ ვიცი რამ განაპირობა ეს. ძალიან ბევრი კარგი ფოტოგრაფი მეგობარი მყავს როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთაც, ალბათ გარკვეული როლი მათაც ითამაშეს. წლების წინ თავად ვიყავი მოდელი, მიღებდნენ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ქართველი და არაქართველი ფოტოგრაფები. იმ წამიდან მინდოდა კამერის მეორე მხარეს მეც ვყოფილიყავი, მეც დამედგა გადაღებები. აქტიურად ვათვალიერებდი ჰომოეროტიკულ ფოტოებს. პირველად მეგობარს გადავუღე, ძალიან სპონტანურად და როცა ფოტოები ვნახე მივხვდი რომ ეს უნდა მეკეთებინა. შიშველი ბიჭები უნდა გადამეღო.

ყველაზე მეტად რის ნაკლებობას გრძნობ ქართულ ქვიარ ფოტოგრაფიაში?

ვისურვებდი რომ უფრო მეტი სითამამე და უფრო მეტი ღიაობა ყოფილიყო ქვიარ ფოტოგრაფიაში, ქართული საზოგადოება ძალიან პატარაა და ეს თემაც ახლია, თუმცა ველოდები, რომ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯები იქნება თემის შიგნით. ხშირად მიჭირს მოდელების დათანხმება გადასაღებად, არ უნდათ სახე ჩანდეს. მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ეს არ აღელვებთ, რაც მახარებს და მაფიქრებინებს რომ უფრო დამოკიდებულებები იცვლება და რამდენიმე წელში უფრო ღია საზოგადოებაში ვიცხოვრებთ.

როგორ გაჩნდა Lonely Boys Paradise-ის იდეა და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შენს ობიექტივში მოხვდნენ?

როგორ გაჩნდა Lonely Boys Paradise-ის იდეა და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შენს ობიექტივში მოხვდნენ? ჩემი პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთ პროექტის იდეა მომივიდა მაშინ როდესაც მეგობარს გადავუღე სრულიად დაუგეგმავად რამდენიმე ძალიან ლამაზი კადრი, ფონად ერთი ლამაზი სიმღერა იყო ჩართული და ეს სახელი სიმღერის ტექსტში გავიგონე.

მოდელები ხშირ შემთხვევაში არიან ჩემი მეგობრები, ნაცნობები, უბრალო ადამიანები ინსტაგრამიდან. პროექტს თავისი ხასიათი აქვს, ლამაზი, უბრალო და მოწყენლი ბიჭები, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ.. ისინი ცხოვრობენ, დადიან, სწავლობენ ყავთ მეგობრები მაგრამ მაინც მიტოვებულად გრძნობენ თავს. მინდა ეს სევდიანი სამყარო მსუბუქი და ჰაეროვანი კადრებით ვაჩვენო ადამიანებს.

რა არის შენი ფოტოების მთავარი სათქმელი და რა მესიჯებს უგზავნი ქართულ ქვიარ საზოგადოებას ფოტოების ამ სერიით?

ჩემი მთავარი სათქმელი და მიზანი არის, რომ ვაჩვენო ფოტოხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს მამაკაცების სხეულის სილამაზე, სინაზე რომელიც მამაკაცის სხეულს გააჩნია და რომლის დამალვასაც ყველა ცდილობს. მინდა რომ საზოგადოებას მეტი მიმღებლობა ჰქონდეს სხეულების მიმართ და შეგვეძლოს ჩვენი თუ სხვა ადამიანის შიშველი სხეულით ესთეტიკური სიამოვნების მიღება, ეს ხომ ძალიან ლამაზია. მეტი სითამამე და სილაღე უკეთესი იქნებოდა.

საქართველო ჰომოფობიურ ქვეყნად ითლება, ამიტომ ძალიან რთულია გადაიღო ჰომოეროტიკა, ნახო მოდელი და ეს აუხსნა. თუმცა, როგორც ჩანს, მე გამიმართლა და ვიღებ ბიჭებს, ხშირად სახის გარეშე, მაგრამ მაინც. ამ ფოტოებით და ადამიანების დახმარებით ვეძებ საკუთარ თავს და ვცდილობ სხვებსაც დავეხმარო საკუთარი თავის პოვნაში. სწორედ ამიტომ, ეს სტატია მინდა მივუღვნა ყველა ბიჭს, რომლებიც საკუთარი სხეულების აღმოჩენის გზაზე დგანან, ეძებენ საკუთარ გზას, საკუთარ ხმას და საკუთარ შესაძლებლობებს საქართველოში თუ მის გარეთ. შენ მარტო არ ხარ!

რას უნდა ველოდოთ შენგან მომავალში?

ამ ეტაპზე ვმუშაობ რამდენიმე თემაზე რომელსაც უახლოეს მომავალში დავიწყებ. თემა კვლავ ჰომოეროტიკას და male nudity არის. დაინტერესებული ვარ 70-80იანი გეი ესთეტიკით. ძალიან მომწონს და მინდა ამ ქიმიაში ვიტრიალო.

მწერენ უცხოური ქვიარ ბლოგები, სათანამშრომლოდ. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ არის გარკვეული საკითხები რომლის მეტად საფუძვლიანად შესწავლა მინდა, როგორც ტექნიკური მხარე ასევე შენაარსობრივიც.

ინტერვიუ მოამზადა ზურა აბაშიძემ

ვარსკლავები, რომლებიც თავს LGBT+ თემს მიაკუთვნებენ

რამდენიმე ათწლეულის წინ ჰოლივუდში მრავალ ადამიანს უწევდა საკუთარი იდენტობის დამალვა იმისთვის, რომ მათი რეპუტაცია არ შელახულიყო და საქმიანობა მშვიდად გაეგრძელებინათ. ამის ნათელი მაგალითია როკ ჰადსონი, ოქროს ხანის ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც კარიერის მწვერვალზე ყოფნის დროსაც კი მკაცრად გასაიდუმლოებული ჰქონდა თავისი სექსუალური ორიენტაცია.

ვითარება მალე შეიცვალა, აქტივისტებისა და მხარდაჭერების აქტიური ბრძოლის შედეგად, დღეს კინო, მუსიკალური თუ სხვა სახელოვნებო და გასართობი ინდუსტრიები LGBT+ საკითხების მიმართ უფრო მეტ ღიაობას ავლენენ. ცნობილი ადამიანები კი უფრო მარტივად ახერხებენ საჯარო ქამინგაუთს.

გთავაზობთ ვარსკლავების ჩამონათვალს, რომლებიც თავს LGBT+ ოჯახს მიაკუთვნებენ, ამაყობენ და თავიანთი შემოქმედებით ცდილობენ, გააძლიერონ თემის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

მაილი საირუსი

Hannah Montana-ს ვარსკლავი და ბილბორდების ჩარტების უპირობო ლიდერი მაილი საირუსი, 14 წლის ასაკში დედას გამოუტყდა, რომ პანსექსუალია და მას არ სჭირდება სიყვარულისთვის კონკრეტული სქესის ამორჩევა. 2015 წელს Times-თან მსახიობმა ეს საბოლოოდ დაადასტურა. ახალგაზრდა ვარსკლავი არ ერიდება საკუთარი სექსუალობის წარმოჩენას, 2014 წელს მან ასევე დაარსა Happy Hippie Foundation, რომელიც ახალგაზრდა LGBT+ ადამიანებს ეხმარება.

ელიოტ პეიჯი 

ელიოტ პეიჯი კიდევ ერთი ტრანსგენდერი მსახიობია, რომელსაც კინოს მოყვარულები Juno-დან, Inception-დან და The Umbrella Academy-დან იცნობენ. მსახიობმა 2020 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერია.

ბენ პლატი 

Brodway-ის სცენის ვარსკვლავი, მომღერალი და Tony Award-ის მფლობელი მსახიობი, განსხვავებით სხვა LGBT+ ჰოლივუდის ვარსკლავებისგან, არასდროს დამალულა და კარიერის დასაწყისიდანვე ცნობილი იყო მისი ორიენტაცია. მსახიობი ამბობს, რომ ქამინგაუთი ჰოლივუდშიც კი არ არის ბოლომდე უსაფრთხო, თუმცა მას პროდიუსერების, კასტინგის მენეჯერების და რეჟისორების პოტენციური უარი არ აშინებს.

სემ სმიტი 

გრემისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელმა სემ სმიტმა, 2019 წელს ინსტაგრამის პოსტიდან თავის გულშემატკივრებს და მედიას მიმართა, რომ მისი ნაცვალსახელი ყოფილიყო They/them. მომღერალი თავს არაბინარულად აიდენტიფიცირებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს LGBT+ თემის ადვოკატირებაში.

დემი ლოვატო 

Disney-ს ყოფილი ვარსკლავი და მუსიკოსი დემი ლოვატო თავის თავს ქვიარს უწოდებს და ამბობს, რომ სიყვარულს არ გააჩნია გენდერი და ის ბედნიერია თავისი იდენტობით.

Lil Nas X 

კონსერვატიულ გარემოში გაზრდილი ახალგაზრდა ვარსკლავი, ატლანტაში ცხოვრების დროს ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის ოდესმე საჯარო ქამინგაუთს გააკეთებდა და აღარ მოუწევდა კარადაში ცხოვრება. ყველაფერი 19 წლის ასაკში შეიცვალა, როცა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა  Old Town Road გამოუშვა და მალევე შეიძინა ფანების არმია.

არიანა გრანდე

თანამედროვე პოპის პრინცესად წოდებული არიანა გრანდეს იდენტობაზე საუბარი 2019 წელს დაიწყეს, როცა პოპვარსკვლავმა გამოუშვა სიმღერა „monopoly“, მომღერალს ადანაშაულებდნენ, რომ LGBT+ ფანების მოსაზიდად ის თავს LGBT+ საზოგადოებას მიაკუთვნებს. მომღერალმა ეს თეორია უარყო და თვითერის პოსტში აღნიშნა, რომ არ გრძნობს საჭიროებას რომელიმე ჯგუფს მიაკუთვნოს თავი.

ჯიმ პარსონსი 

The Big Bang Theory-ის ვარსკლავმა და 4 ემის მფლობელმა ჯიმ პარსონმა საჯარო ქამინგაუთი 2012 წელს The New York Times-თან ინტერვიუში გააკეთა და როგორც დღეს იხსენებს, ეს მისთვის დიდი შვება იყო. შელდონ კუპერის როლის შემსრულებელი დღემდე აგრძელებს LGBT+ საზოგადოების ადვოკატირებას.

ენდრიუ სკოტი 

ყველას ახსოვს the hot priest ფიბი უოლერ-ბრიჯის სერიალიდან Fleabag, ენდრიუ სკოტი კიდევ ერთი მსახიობია, რომელიც არ მალავს თავის სექსუალობას და არც საჯარო ქამინგაუთს მოერიდა.

აზალია ბენქსი 

გეი სლენგის გამოყენების გამო 30 წლის ვარსკლავი 2015 წელს ჰომოფობიაში დაადანაშულეს, რასაც მალევე მოჰყვა მსახიობის განცხადება, რომ ის ბისექსუალია და მას უამრავი ქვიარ მეგობარი ჰყავს.

სარა პაულსონი 

ემის, ოქროს გლობუსისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი სარა პაულსონი წლებია, რაც დაქამინგაუთებულია და აქტიურად ცდილობს LGBT უფლებების დაცვას და დასამახსოვრებელი ქვიარ პერსონაჟების შექმნას სატელევიზიო და კინოეკრანებისთვის.

ფრენკ ოუშენი

Hip-hop სცენის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ახალგაზრდა ვარსკლავმა 2012 წელს Tumblr-ის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის მოჰყვა თავის სიყვარულზე მამაკაცის მიმართ. მომღერალი დღემდე აქტიურად ეხმაურება LGBT+ თემის გამოწვევებს და თავისი შემოქმედებით ცდილობს, გაზარდოს ქვიარ საზოგადოების ხილვადობა.

ლეიდი გაგა 

ლეიდი გაგა კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელმაც 2008 წელს საჯარო ქამინგაუთი გააკეთა, როგორც ბისექსუალმა. მომღერალს ხშირად აკრიტიკებენ და თვლიან, რომ ეს ნაბიჯი ქალმა ფანების მოსაზიდად გააკეთა, თუმცა გაგა ამას უარყოფს და მრავალი წელია აქტიურად განაგრძობს LGBT ადამიანების მხარდაჭერას.

ჯილიან ანდერსონი 

Sex Education-ის, The Crown-ის და X-files-ის მსახიობი ჯილიან ანდერსონმა 2015 წელს Telegraph-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომ ის რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა ურთიერთობაში ქალთან. მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში ამგვარი ურთიერთობის შემთხვევაში ის არ დამალავდა ამ ფაქტს.

კრისტენ სტიუარტი 

“ბინდის” ვარსკვლავი კრისტენ სტიუარტი არ უარყოფს, რომ ის ბისექსუალია, მისი თქმით, იდენტობა ძალიან ცვალებადია და ბედნიერია, რომ ამაზე საუბარი თანამედროვე ჰოლივუდში აღარ არის რთული. მსახიობი რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ფრანგ მუსიკოსს Soko-სთან.

ფერჯი

მიუხედავად იმისა, რომ Black-Eyed Peas-ის 2000-იანი წლების ამომავალი ვარსკლავი ფერჯი 10 წელი ქორწინებაში იმყოფებოდა Josh Duhamel-თან, ის არასდროს უარყოფდა, რომ ბისექსუალია და ამაყობს ამით.

დრიუ ბერიმორი 

2003 წელს დრიუ ბერიმორმა საჯარო ქამინგაუთი გააკეთა და თქვა, რომ ის ბისექსუალია, ამასთან ერთად მსახიობი არასდროს ერიდება მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტიგმებსა და ადიქციაზე საუბარს თავის საჯარო გამოსვლებში.

ჰანტერ შაფერი 

Euphoria-ს 22 წლის ტრანსგენდერი ვარსკვლავი, Dior-ის, Miu Miu-ს, Prada-ს, ვერა ვანგის და სხვა ცნობილი მოდის სახლების მოდელი საჯაროდ ამბობს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ცისგენდერ ქალად და უფრო სწორი იქნება, თუ ფანები მას აღიქვამენ, როგორც ტრანსგენდერ ლესბოსელ ქალს.

ლავერნა კოქსი

ლავერნ კოქსი პოპულარული Orange Is The New Black-ში შესრულებული ტრანსგენდერი პატიმრის როლით გახდა, მსახიობი პირველი ტრანსგენდერია, რომელმაც პრესტიჟული ემის ნომინაცია მოიპოვა.

ბილი პორტერი  

Pose-ის ვარსკლავი ბილი პორტერი კიდევ ერთი მსახიობია, რომელიც არ ერიდება ღიად საუბარს სექსუალობასა და საკუთარ იდენტობაზე. გეი ვარსკლავი ამბობს, რომ მას ბევრი დამცირების გამოვლა მოუწია სკოლაში, თუმცა იგი მაინც აგრძელებდა თავისი ოცნებების ახდენას.

Sia

Chandelier-ის და Elastic Heart-ის ცნობილი შემსრულებელი Sia 2013 წელს დაქამინგაუთდა და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს LGBT+ მხარდაჭერას და მათი უფლებების დაცვას.

ეზრა მილერი

The Daily Beast-თან ინტერვიუში ეზრა მილერმა აღნიშნა, რომ ის არ აიდენტიფიცირებს თავს გეი იდენტობასთან, მისი იდენტობა უფრო ფლუიდურია და ღიაა ნებისმიერი სქესისა და იდენტობის ადამიანისთვის. ქვიარ მსახიობი პოლიამორიის მომხრეა და ფანებს ხშირად ახარებს თავისი თამამი ფოტოსესიებითა და საუცხოო კოსტიუმებით წითელი ხალიჩიდან.

კარა დელევინი

კარა დელევინი კიდევ ერთი ბისექსუალი მსახიობია, რომლის იდენტობასაც ჟურნალ Vogue-ის ჟურნალისტმა მორიგი ფაზა უწოდა. მსახიობი ჟურნალისტის რეპლიკას New York Times-ის ფურცლებიდან გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი იდენტობა.

ბენ უიშოუ

„პარფიუმერის“ და „ღრუბლის ატლასის“  40 წლის ბრიტანელი მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში გაურბოდა თავის იდენტობაზე საჯაროდ საუბარს, სხვადასხვა გამოცემასთან საუბარში ის ამბობდა, რომ მსახიობის მოვალეობა არ არის, საჯაროდ ისაუბროს თავის პირად ცხოვრებაზე. 2013 წელს მსახიობი დაქამინგაუთდა და დღემდე რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფება ავსტრალიელ მსახიობ მარკ ბრედშოუსთან.

რუბი როუზი 

ავსტრალიელმა მსახიობმა და მოდელმა, რუბი როუზმა 12 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი, რასაც კლასელების მხრიდან დიდი ზეწოლა და აგრესია მოჰყვა. მსახიობი ასევე ფიქრობდა სქესის შეცვლაზე, თუმცა, მოგვიანებით, მოდელის კარიერის დაწყებისას მიხვდა, რომ სქესის შეცვლა მისთვის აუცილებელი არ იყო და საკუთარი იდენტობის გამოხატვა სხვადასხვანაირი ხერხებით შეიძლებოდა.

„მე ვიბრძვი ჩემი თემისთვის“ – მის სამხრეთ აფრიკის კონკურსის მონაწილე ტრანსგენდერი ქალი

24 წლის ლეჰოლონოლო მაჩაბა იმედოვნებს, რომ მის სამხრეთ აფრიკის კონკურსში ტრანსგენდერი ქალის მონაწილეობა მეტ მიმღებლობას გააჩენს ქვიარ თემის მიმართ და კიდევ ერთხელ მიაპყრობს საზოგადოების ყურადღებას ლგბტქი ადამიანებზე. მაჩაბა პირველ ტრანსგენდერი ქალია, რომელიც სილამაზის კონკურსში იღებს მონაწილეობას.

„იყო პირველი, ძალიან ამაღელვებელია. ასევე, ცოტა ვნერვიულობ, რადგან უკვე ყველამ იცის, რომ მე ტრანსგენდერი ქალი ვარ“ – ამბობს მაჩაბა.

სამხრეთ აფრიკა ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალურია, თუმცა ხშირია ჰომოფობიური თავდასხმები და დისკრიმინაციის ფაქტები.

ტრანსგენდერი კონკურსანტი თავდაპირველად შიშობდა, რომ მის მიმართ გაძლიერდებოდა სტიგმა და სიძულვილის ენას, თუმცა არ შეშინდა და კონკურსში მონაწილეობა მაინც მიიღო. ამისკენ მას ახლო მეგობრის სიკვდილმა უბიძგა, რომელიც სიძუილვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

„მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვიბრძოლო ჩემი თემისთვის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ჩემი სიტყვითაც“

სტატიის წყარო: https://www.reuters.com/world/africa/im-fighting-my-community-says-miss-south-africas-first-transgender-contestant-2021-08-02/

შესაძლოა, კალიფორნიაში მენსტრუაციის ჰიგიენური საშუალებები კოლეჯის სტუდენტებისთვის უფასო გახდეს

Ახალი Კანონპროექტის მიხედვით, კალიფორნიაში ჰიგიენურ საფენებს უფასოდ დაურიგებენ ყველა სტუდენტს, განურჩევლად გენდერისა. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატივა  სტუდენტების ხელმძღვანელობით აქტივისტების ჯგუფს ეკუთვნის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პერიოდში მეცადინეობაზე იყო კონცენტრირებული, არ გიწევდეს ფიქრი ჰიგიენური საფენებისა და სხვა საშუალებების ყიდვაზე და ამისთვის ფულადი თუ სხვა რესურსის მობილიზებაზე“, – ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

„Period Equality”-ის დამფუძნებელი ჯენიფერ ვაის-ვულფი ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტებში „ფარული კრიზისის“ მოგვარებას. როგორც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, 10 სტუდენტიდან ერთზე მეტს არ აქვს წვდომა მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებზე. ეს რიცხვები კიდევ უფრო მაღალია შავკანიანი და ლათინოამერიკელი სტუდენტების შემთხვევაში.

პანდემიამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.

,,მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასევე ტრანს კაცებს და არაბინარულ ადამიანებსაც აქვთ მენსტრუაცია და მათ დამატებითი ბარიერები ექმნებათ. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ჰიგიენურ  საშუალებებზე მიუხედავად იმისა, ვინ არის და რამდენს გამოიმუშავებს” – ამბობს ჯენიფერ ვაის-ვულფი.

კანონპროექტის დამტკიცებას დიდი გავლენა ექნება სტუდენტებზე, განსაკუთრებით, ქვიარ ადამიანებზე. აქტივისტები აპირებენ ამ ინიციატივის სკოლის მოსწავლეებსა და უსახლკარო ადამიანებზე გავრცელებას, რათა მათთვისაც უფასო გახდეს  ჰიგიენური საშუალებები.

წყარო: them.us

ამსტერდამის პრაიდს ქართველი ქვიარ აქტივისტები დაესწრნენ

ქვიარ აქტივისტები, გიორგი თაბაგარი და თამაზ სოზაშვილი, ”ამსტერდამ პრაიდის” კვირეულს დაესწრნენ, რომელმაც წელს დაარსებიდან 25 წლისთავი აღნიშნა და კვირეულის ფარგლებში სტუმრებს 300-ზე მეტი ღონისძიება შესთავაზა.

თუმცა, მანამდე, 7 ივლისს ამსტერდამის ქუჩებში სიამაყის მარში მოეწყო, რომელსაც 15 000-მდე ადამიანი შეუერთდა. ქართველ ქვიარ აქტივისტებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ ადგილობრივ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მხარდამჭერებს. მათ სხვადასხვა ფორმატებში ისაუბრეს თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, სახელმწიფოს უმოქმედობასა და წახალისებულ ძალადობაზე.

31 ივლისი ”ნული დროშების პროექტის” პრეზენტაციით დაიწყო, კვირეული 8 აგვისტოს საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.

პეტიცია – სამართლიანობა ლექსო ლაშქარავასა და თბილისი პრაიდისთვის

All Out გლობალური მოძრაობაა, რომელიც მობილიზებას უწევს ადამიანებს მთელ მსოფლიოში , რათა დაიცვან ლგბტ+ უფლებები. მოძრაობის დევიზია, რომ არავისი ოჯახი, თავისუფლება, უსაფრთხოება და ღირსება არ უნდა შეეწიროს იმას, თუ რა ორიენტაციის არიან და ვინ უყვართ.

ამ ქვეყნებში, სადაც LGBTQI+ ადამიანები აწყდებიან კრიზისსა და საფრთხეს, All Out მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან საყოველთაო პეტიციების შესაქმნელად.

All Out აწარმოებს სამი სახის კამპანიას: ე.წ. ‘’ზეწოლის კამპანიებს’’, რომელიც იწყება ონლაინ პეტიციებით და მიმართულია გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე.

ფინანსების მოძიების კამპანიების საშუალებით, All Out აგროვებს შემოწირულობებს ინტერნეტით, რათა კოლექტიურად დააფინანსოს ადგილობრივი ჯგუფების მუშაობა მთელს მსოფლიოში, რომლებიც იბრძვიან ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის აღმოსაფხვრელად. All Out-ს აქვს ე.წ. წევრების კამპანიები, რომლითაც  All Out-ის ყველა წევრს შეუძლია, დაიწყოს საკუთარი კამპანია All out პლატფორმაზე LGBT+  თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

სწორედ ამ პლატფორმის გამოყენებით გავრცელდა პეტიცია ‘’თბილისი პრაიდის’’ თანადამფუძნებლის, თამაზ სოზაშვილის ინიციატივით, რომელიც ეხება 5-6 ივლისს თბილისში მომხდარ ამბებს. პეტიციის სახელწოდებაა ‘’სამართლიანობა ლექსო ლაშქარავასა  და თბილისი პრაიდისთვის’’.

პეტიციაში წერია:

‘’5 ივლისს ჩვენ იძულებული გავხდით, გაგვეუქმებინა ‘’ღირსების მარში’’ მას შემდეგ, რაც ჰომოფობიური ბრბო შეიჭრა ‘’თბილისი პრაიდისა’’ და მოძრაობა ‘’სირცხვილიას’’ ოფისებში. ნეოფაშიტურმა ჯგუფებმა საშინელი ძალადობრივი თავდასხმები განახორციელეს მთელ ქალაქში. იმ პერიოდში დაჭრეს პოლონელი ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. 5 ივლისს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ მოვლენებს, ძალადობრივი ბრბო თავს დაესხა. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის იყო ლექსო ლაშქარავა, ტელეკომპანია ‘’პირველის’’ ოპერატორი, რომელიც სასტიკი თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ დაიღუპა.

ეს იყო მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა. უფრო უარესი, ეს იყო ლგბტ+ საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული დევნა საქართველოში, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ შეუშალა. ამ მოვლენების დაწყებამდე, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ძალადობის ესკალაციაც კი გააჩინეს მაშინ, როდესაც აქტივისტებმა მიიღეს სიკვდილის მოსპობის მუქარა.

ხელი მოაწერეთ პეტიციას და მოითხოვეთ სამართლიანობა ლექსო ლაშქარავასა და ‘’თბილისი პრაიდისათვის.’’

შეგიძლიათ, თქვენც შეურთდეთ პეტიციას აქ.

გაეროს ანგარიშის თანახმად, გლობალური დათბობის მასშტაბმა უპრეცენდენტო ნიშნულს მიაღწია

მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა გამოქვეყნეს ანგარიში, რომელიც საკმაოდ მძიმე პროგნოზებს გვამცნობს. ანგარიშის თანახმად, მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში დათბობა გარდაუვალია თუ პლანეტაზე გამონაბოლქვის ოდენობას არ შევამცირებთ.

ნასა ასევე აღნიშნავს, რომ გლობალური დათბობა ყველა ქვეყანას ერთნაირად არ შეეხება. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ის რეგიონები აღმოჩნდებიან, სადაც დიდი მშენებლობებია, რადგან ზოგიერთი საშენი მასალა დიდი რაოდენობით შთანთქავს და ინარჩუნებს სითბოს.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან დაბალგანვითარებული ქალაქები და მოწყვლადი/ჩაგრული მოსახლეობა. ამიტომ, ხშირად, ლგბტქი თემის ბრძოლა უფლებებისთვის და კლიმატური ცვილებებისთვის ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. განსაკუთრებით აქტუალურია კლიმატის თემა სამხრეთით მცხოვრები შავკანიანი ქვიარ და ტრანს ადამიანებისთვის.

მიიღებენ თუ არა ქვეყნების ლიდერები გარკვეულ ზომებს კლიმატის შეცვლის შესამცირებლად და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ზიანის შესამცირებლად, ჯერ უცნობია. აქტივისტები მათ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით გაწერილი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ, რომელსაც ხელი 2015 წელს მოეწერა.

წყარო: them.us

ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს. ფორმულასთან საუბარში, მადონა მომხდარ ფაქტზე საუბრობს:

“ბევრნი იყვნენ, მაგრამ მათგან ორი განსაკუთრებით აგრესიული იყო. მაგინებდნენ. თქვენნაირების საბლატაო არ არისო. ხო დაგარბიეს და დედა მ***სო. შემეშინდა, არ ვეცემე და გამოვერიდე. პოლიციაც გამოვიძახე. მათ პოლიციელებს უთხრეს, ზედმეტი არაფერი გვითქვამსო, ჩვენ ქართულ სამართალს ვასრულებდითო. ქართული სამართალი რას ნიშნავს, თალიბანია თუ რა არის?”

მისი თქმით, 5 ივლისის შემდეგ, ტრანსგენდერებისთვის ცხოვრება კიდევ უფრო საშიში გახდა.

“შეიძლება ადრე ჩაეჩურჩულებინათ რაღაც, მაგრამ ახლა პირდაპირ მოდიან და გვიყვირიან. ყველაფერს 5 ივლისს ვუკავშირებ. ეგ დღე რომ არა, ესენი ამდენს ვერ გაბედავდნენ. დიდი გული მიეცათ”. – ამბობს ის.

წყარო: ფორმულა

ქვიარ ქალები ოლიმპიურ თამაშებში

2021 წელს 100 წელი შესრულდა იმ დროიდან, როდესაც ქალთა მონაწილეობით ათლეტურ სპორტში შეჯიბრი პირველად ჩატარდა. ეს არ იყო ოლიმპიური თამაშები, ეს იყო ქალთა პროტესტი და მცდელობა, შეერთებოდნენ ოფიციალურ თამაშებს. ღონისძიებას “ქალთა ოლიმპიადა” დაერქვა – კაცებისთვის სქესის ნიშნით გარიყვის ხაზგასასმელად.

აქვე, შეგვიძლია, გავიხსენოთ ოლიმპიური თამაშების მამად წოდებული საზოგადო მოღვაწის, პიერ კუბერტენის ფრაზა – ”ქალთა სპორტი არაპრაქტიკული, უინტერესო და არაესთეტიკურია, და არ შემეშინდება დავამატო – არასწორი.” 1900- იან წლებში ოლიმპიურ თამაშებში ძალიან ცოტა ქალი იღებდა მონაწილეობას, ასევე, ძალიან შეზღუდული იყო სპორტის ის სახეობებიც, სადაც ქალები იყვნენ დაშვებული.

ქალებს მრავალი წელი დასჭირდათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ სპორტში აქტიური მონაწილეობა შეეძლოთ. ფრანგ სპორტსმენ ქალს, ალისა მილიატსა და მის მხარდამჭერებს თითქმის 10 წელი დასჭირდათ, რომ ქალთა მეტოქეობა საერთაშორისო დონეზე გასულიყო.

Getty Images, პოლონეთის წარმომადგენელი სტელა უოლში ოლიმპიურ თამაშებზე

ცხადია, რომ სპორტულ შეჯიბრებებზე ასობით ადამიანს შორის ქვიარ თემის წარმომადგენლებიც იყვნენ – ფრანგი ლესბოსელი ვიოლეტა მორისი, ჩეხი ტრანსი კაცი ზდენაკ კუებეკი, ბრიტანელი ინტერსექსი მარკ ვესტონი, ასევე, სტანისლავა ვალაშევიჩი (იგივე სტელა უოლში).

1928 წელს, ამსტერდამის თამაშების დროს, ქალებმა საბოლოოდ მოიპოვეს უფლება, მძლეოსნობაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მკაცრად იყო განსაზღვრული მათი შორტების სიგრძე და 1960 წლამდე აკრძალული ჰქონდათ 200 მეტრზე მეტ დისტანციაზე სირბილი. ქალებს, ერთის მხრივ, სთხოვდნენ, რომ ყოფილიყვნენ ათლეტურები, მაგრამ, მეორე მხრივ, აკრიტიკებდნენ მასკულინობის გამო. მაგალითად, ქვიარ სპორტის ლეგენდას, პირველ ოქროს მედალოსან ლესბოსელ ბაბე დიდრიქსონს, 1932 წლის სპორტული ღონისძიებების ფარგლებში მუდმივად დასცინოდნენ მისი “მამაკაცური” იერის გამო.

Getty Images, დიდრიქსონი, მიჩი ნაკანიში, სიმონ შალერი და ბ. ტეილორი დაბრკოლების გადალახვის დროს

ბევრმა წარმატებულმა სპორტსმენმა ე.წ. “გენდერული პანიკა” გამოიწვია. 1936 წელს, ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ლესბოსელი სპრინტერი სტელა სტეფენსი და პოლონელი ვერცხლის მედალოსანი სტელა უოლში იმაში დაადანაშაულეს, რომ ისინი მამრობითი სქესის მატყუარები იყვნენ, რადგან ქალებისთვის “ზედმეტად სწრაფად” დარბოდნენ.

სტეფენსს ფიზიკური სქესის შემოწმებაც კი ჩაუტარდა. სისგენდერმა სტეფენსმა “გაიარა” ეს შემოწმება, მაგრამ უოლში ამ შემოწმებას რომ დაექვემდებარებინათ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა, რადგან ის, როგორც ეს მისი გარდაცვალების შემდგომ გახდა ცნობილი, ბიოლოგიურად ინტერსექსი იყო. გამოდის, რომ მიუხედავად იმისა რომ ის ცხოვრობდა როგორც ქალი, მისი ეს იდენტობა ეჭვქვეშ დადგებოდა.

“სქესის გადამოწმების” პრაქტიკა ფართოდ გავრცელდა 1950-იან წლებში, შემდეგ, 1968 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ქრომოსომულ ტესტირებად გადაიქცა და სავალდებულო პროცედურად დარჩა ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეთათვის 1996 წლამდე. ამან ათობით სპორტსმენის კარიერა და ცხოვრება დაანგრია და ვინ იცის, რამდენი მნიშვნელოვანი ოლიმპიური წარმოდგენა გამოვტოვეთ ყველამ ერთად ამის გამო.

გასაკვირი არ არის, რომ მე-20 საუკუნეში ქვიარ სპორტსმენების უმეტესობა კულისებში ყოფნას ამჯობინებდა. თუმცა ბევრი მათგანი ქამინგაუთის შემდეგ კარიერასთან ერთად ქვიარ აქტივიზმშიც ერთვებოდა. მაგალითად, მოცურავე მარიან ლეი, რომლმაც 15 წლის ასაკში 1964 წლის ტოკიოს თამაშებზე კანადა წარმოადგინა და ოთხი წლის შემდეგ მექსიკაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, დაუღალავად აწარმოებდა კამპანიას სპორტში ქალთა თანასწორობისთვის და აღიარებული სპორტული ლიდერი გახდა კანადაში. ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, 2010 წლისთვის, ის მონაწილეობას იღებდა ”პრაიდის სახლის” ორგანიზებაში ამ თამაშებისთვის.

ფოტო: კარლ ჰეინც ფრიდრიხი, ullstein bild via Getty Images

სამწუხაროდ, გენდერული პანიკა თანამედროვე ეპოქაში ტრანსფობიის სახით დაბრუნდა ლონდონისა და რიოს თამაშებზე – ამჯერად, ქალთა ღონისძიებებში შეჯიბრის თვითნებური წესების შემოღებით მოგვევლინა და ქრომოსომებიდან ტესტოსტერონის დონის განსაზღვრაზე გადავიდა.

რიო 2016 ოლიმპიური თამაშები, MacNicol/Getty Images

ეს 21-ე საუკუნის ძალიან ყალბი ”პრობლემაა”, მეცნიერებაზე ფოკუსირების პრეტენზიითა და სამართლიანობის გამრუდებული გრძნობით გამართლებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გაძლიერებულ შემოწმებას ძირითადად შავკანიანი მონაწილეები დაექვემდებარნენ.

ქვიარ ქალების სპორტული შეჯიბრის 100- წლიანი ისტორია სავსეა დიდი მიღწევებით, თუმცა მიმდინარე დაბრკოლებები გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

წყარო: https://www.autostraddle.com/

ფორმულა 1-ის ჩემპიონმა უნგრეთის დისკრიმინაციული კანონმდებლობა გააპროტესტა

ფორმულა 1-ის გერმანელ ჩემპიონს, სებასტიან ვეტელს, უნგრეთის გრან პრიზე ეროვნული ჰიმნის დროს, პრაიდის მაისური ეცვა, რომლის არგახდის გამოც, უსაყვედურეს.

საავტომობილო რბოლა 1 აგვისტოს ბუდაპეშტში, უნგრეთში გაიმართა, სადაც ახალი კანონი ლგბტ+ სიმბოლოების მედიაში, სასკოლო მასალებსა და რეკლამებში ჩვენებას კრძალავს.

ვეტელს, რომელიც ასტონ მარტინს წარმოადგენდა, ცისარტყელას მაისური ეცვა წარწერით SAME LOVE. სამ სხვა მძღოლს – მერსედესის ვალტერი ბოტასს, ფერარის კარლოს საინზსა და ვეტელის თანაგუნდელ ლენს სტროლს – ეცვათ მაისურები, რომლებსაც ეწერა WE RACE AS ONE (“ჩვენ ვრბოლობთ, როგორც ერთნი”).

Getty/ Pool/ FLORION GOGA

რბოლის ხელმძღვანელის, მაიკლ მასის თქმით, მძღოლები ვალდებული არიან, უნგრეთის გრან პრიზე ეროვნული ჰიმნის დროს, სარბოლო მაისურები ატარონ, ამიტომ თითოეულ მძღოლს გამოუცხადეს საყვედური, რადგან ”არ შეასრულეს ოფიციალური მითითებები ღონისძიების უსაფრთხო და წესისამებრ ჩატარებისთვის”.

”გავიგე, ეს იმიტომ მოხდა, რომ ეროვნული ჰიმნის დროს მაისური არ გავიხადე, ბედნიერი ვარ, თუ ისინი დისკვალიფიკაციას მომცემენ. შეუძლიათ, ის გააკეთონ, რაც უნდათ, არ მაინტერესებს. მე მაინც იგივეს გავაკეთებდი.” – თქვა ვეტელმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყარო: pinknews.co.uk