”ჯენტლმენი ჯეკი” – ქვიარ ურთიერთობის რეალური ამბავი

ავტორი: ანამარია

ბოლო წლებში ქვიარ პოპკულტურა მაღალი ხარისხის სერიალების დანაკლისს ნამდვილად არ განიცდის. ამ არც ისე მოკლე სიაში BBC ONE-ისა და HBO-ს ერთობლივი შოუ ,,ჯენტლმენი ჯეკი’’ უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეულია. სერიალის პრემიერა 2019 წლის აპრილში შედგა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სეზონით (8 ეპიზოდით) შემოიფარგლება.

მოქმედება 1832 წელს, ჩრდილოეთ ინგლისში, იორკშირის საგრაფოში ვითარდება (კონტექსტისთვის, იმ წელს, როდესაც ქართველებმა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა სცადეს). მთავარ პერსონაჟს, ენ ლისტერს, ერთგვარი კავშირი აქვს საქართველოსთან, სადაც მან 1940 წელს იმოგზაურა. სერიალი ინგლისელი მიწათმფლობელისა და მოგზაურის, ენ ლისტერის დღიურებზეა დაფუძნებული და ხუთ მილიონზე მეტ სიტყვას მოიცავს. 1832 წელს, ევროპული მოგზაურობიდან დასავლეთ იორკშირში დაბრუნებული ენი, ოჯახის ბიზნესსა და პირად ცხოვრებაზე ზრუნვას ერთდროულად იწყებს. მაყურებლისთვისაც ,,ჯენტლმენი ჯეკი’’ საინტერესო ისტორიულ დრამასთან ერთად, ქვიარ ურთიერთობის ულამაზესი ამბავია.

 

,,ჯენტლმენი ჯეკი’’ – სეზონი1, ეპიზოდი 3

 

,,ჯენტლმენი ჯეკი’’ ენ ლისტერის ცხოვრების ერთადერთი ეკრანიზაცია არ არის, 2010 წელს BBC-მ გამოუშვა სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები’’, რომელიც ენის შედარებით ადრეულ სასიყვარულო ურთიერთობებზეა კონცენტრირებული. ფილმიც და სერიალიც გადაღებულია იორკშირში, ენ ლისტერის მამულში, შიბდენ-ჰოლში, რომელიც დღესდღეობით სახლ-მუზეუმია და დამთვალიერებლებს 1934 წლიდან მასპინძლობს.

 

შიბდენ-ჰოლი, მუზეუმი

ენ ლისტერი 1791 წელს იორკშირის საგრაფოში დაიბადა, განათლება ჯერ სახლში, შემდეგ კი ქალთა სკოლაში, იორკში მიიღო. იღბლისა და თავად ენის ფართო ინტერესებიდან გამომდინარე, ენის განათლების დონე ბევრად აღემატებოდა ვიქტორიანულ ეპოქაში მცხოვრები ქალების განათლებას. 1826 წლიდან ბიძისაგან განსაკარგავად მიღებული მამული, შიბდენ-ჰოლი, ენისთვის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარანტი აღმოჩნდა.

ენის მასკულინური გარეგნობა, რაც შავ კაბასა და არაორდინალურ ცილინდრში გამოიხატებოდა, იმ პერიოდში ნამდვილი სენსაცია იყო. ცნობილია, რომ ენის ერთ-ერთი პარტნიორი, მარიანა ბელკომბი, საზოგადოებაში ენთან ერთად გამოჩენას სწორედ მისი ,,უცნაური’’ გარეგნობის გამო ერიდებოდა. შიბდენ-ჰოლის მმართველობის გადაბარების შემდეგ, ენი ფლობდა და განაგებდა ნახშირის მომპოვებელ მაღაროს, რაც მის ,,უცნაურობას’’ კიდევ უფრო თვალშისაცემს ხდიდა საზოგადოებისთვის. ენის ზედმეტსახელი (და სერიალის სათაური) ,,ჯენტლმენი ჯეკიც’’ სწორედ მისი გარეგნობისა (,,ჯენტლმენი) და სექსუალური იდენტობის გაშარჟებაა, ვინაიდან ,,ჯეკი’’ ერთგვარი სლენგს წარმოადგენდა და ქვიარ ქალებს მიემართებოდა. სხვათა შორის, მეცხრამეტე საუკუნეში ქვიარ ქალებთან მიმართებაში ასევე ცნობილი სლენგი იყო ,,რომში გამოზამთრება’’, რომლის წარმოშობის მიზეზებსაც, სამწუხაროდ, ვერ მივაკვლიე.

 

ენ ლისტერის პორტრეტი, 1830

 

ენ ლისტერის ცხოვრების კვლევის საშუალებას მის მიერ ნაწარმოები დღიურები იძლევა, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, ხუთ მილიონზე მეტ სიტყვას მოიცავს. ქეროლაინ ვოლქერი, ელიზაბეთ ვადსფორტი, ენ ვოლქერი (ენ ლისტერის ერთ-ერთი პარტნიორი) – ეს იმ ქალთა სიაა, რომელთა დღიურებიც ასევე ძალიან საინტერესო დოკუმენტაცია აღმოჩნდა ეპოქის განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვისთვის. თავის დღიურში კი, ენი დეტალურად აღწერს მიმდინარე სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ მოვლენებსა და თავის მოსაზრებებს, რაც საინტერესო მასალას იძლევა სხვადასხვა კვლევისთვის. ამას გარდა, დღიურის ნაწილი ენის სექსუალურ ცხოვრებას ეხება, რომელიც ქალთა სკოლაში სწავლის პერიოდიდან, ანუ ენის პირველი სასიყვარულო ურთიერთობიდან იწყება. დღიურების ნაწილი, რომელიც ენის სექსუალურ ცხოვრებას აღწერს, დაშიფრულია. შიფრისათვის ენი ძველ ბერძნულ დამწერლობას, მათემატიკურ და ზოდიაქოს სიმბოლოებს, პუნქტუაციის ნიშნებს იყენებდა.

 

წყარო

 

დღიურის ამ ნაწილის დეკოდირებას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: ენის გარდაცვალების შემდეგ, 1940 წელს, დღიურები შიბდენ-ჰოლში ინახებოდა 1887 წლამდე, სანამ ენის შთამომავალმა ჯონ ლისტერმა და მისმა მეგობარმა, არტურ ბურელმა, კოდირებული ნაწილი დაშიფრეს. გაერთიანებულ სამეფოში 1967 წლამდე ჰომოსექსუალობა არაკანონიერად ითვლებოდა, შესაბამისად, ბურელმა ჯონ ლისტერს (რომელიც თავადაც ქვიარი იყო) დღიურის განადგურება ურჩია, თუმცა, საბედნიეროდ, ლისტერმა დღიურები განადგურების ნაცვლად, გადამალა. 1933 წელს, ჯონ ლისტერის გარდაცვალების შემდეგ, შიბდენ-ჰოლი მუზეუმად გადაკეთდა. არტურ ბურელმა, დაშიფრული ნაწილის კოდი მუზეუმს გადასცა, რომელიც შემდეგ ათწლეულების განმავლობაში შიბდენ-ჰოლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. 1980-იან წლებამდე ენ ლისტერის ცხოვრების ვერც ერთმა მკვლევარმა დაშიფრული ნაწილის გამოქვეყნება ვერ გაბედა. 1988 წელს მკვლევარმა და მწერალმა, ჰელენა უიტბერდმა, გამოაქვეყნა პირველი წიგნი ენ ლისტერის შესახებ, რომელშიც ავტორი ენის სექსუალობაზე ღიად წერდა. 2011 წლიდან დღიურები იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი.

 

დღიურში გამოყენებული ზოგიერთი სიმბოლოს შიფრი

 

ენის სასიყვარულო ურთიერთობები ქალებთან 15 წლის ასაკში ქალთა პანსიონში იწყება. ენი ოთახს იზიარებდა ინდოელ-ინგლისელ ელაიზა რეინთან, რომელიც მისი პირველი სიყვარული აღმოჩნდა. ურთიერთობის აღსანიშნავად ენი და ელაიზა თავიანთ დღიურებში სიტყვა ,,Felix’’-ს იყენებდნენ, რაც ლათინურად ბედნიერს, იღბლიანს ნიშნავს. სხვა დეტალების დაწერის მიზნით, სწორედ ამ პერიოდში, ენმა შიფრის განვითარება დაიწყო – ზედაპირული აღწერის გარდა, ენი წერდა მის გრძნობებზე, ფიქრებსა და განცდებზე. დროთა განმავლობაში ენი მის სექსუალობასთან (რომელსაც თავად ,,უცნაურობას’’/,,oddity’’ უწოდებდა) ბევრად კომფორტული გახდა და სხვა ქალებთან ურთიერთობა დაიწყო. ამან ელაიზას მენტალურ ჯანმრთელობაზე საგრძნობლად იმოქმედა, ამ ტრავმიდან თავის დაღწევა ვერასდროს მოახერხა და დარჩენილი ცხოვრება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა, სადაც პერიოდულად ენი სტუმრობდა ხოლმე.

 

დღიურებში ენი ხშირად აღნიშნავდა, რომ უნდოდა, პარტნიორი, ცოლი ეპოვნა, რომელთაც ერთადაც შიბდენ-ჰოლში იცხოვრებდა და გაუძღვებოდა ბიზნესს. 1810 წელს ენი შეხვდა იზაბელა ნორკლიფს (ზედმეტსახელად ,,ტიბი’’), რომელიც მზად იყო, მთელი ცხოვრება ენთან გაეტარებინა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ტიბის სასმელთან დამოკიდებულების გამო, ენმა იზაბელასთან ურთიერთობაც გაწყვიტა.

 

ენ ლისტერი და მარიანა ბელკომბი ფილმიდან, ,,მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები’’, 2010

 

ენის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება პარტნიორების ხშირ ცვლასა და მათთან არც ისე ღრმა ემოციურ კავშირსაც გულისხმობდა, თუმცა მარიანა ბელკომბი გამონაკლისი აღმოჩნდა. მარიანა და ენი ერთმანეთს იზაბელამ გააცნო და მათი თავბრუდამხვევი ურთიერთობა მარიანას დაოჯახების შემდეგაც გაგრძელდა. 2010 წელს გადაღებული ფილმი ,,მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები’’ ენის ცხოვრების ამ ეტაპს ეხება. მარიანასა და ენის სიახლოვე საეჭვოდ არ აღიქმებოდა, ვინაიდან მეცხრამეტე საუკუნეში ახალგაზრდა ქალებს შორის ახლო ურთიერთობა საკმაოდ ნორმალური იყო. 1815 წელს მარიანა ქვრივ მემამულეს, ბევრად უფროს ჩარლზ ლოუტონს გაჰყვა ცოლად, სასოწარკვეთილი ენი დღიურში მარიანას ამ გადაწყვეტილებას ,,კანონიერ პროსტიტუციას’’ უწოდებს, ქორწილის შემდეგ კი, გლოვის ნიშნად, სიცოცხლის ბოლომდე შავი კაბის ტარებას იწყებს. მიუხედავად ყველაფრისა, ენისა და მარიანას ურთიერთობა გაგრძელდა – მათ გაცვალეს ბეჭდები, პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ღამეებს ერთ ოთახში ატარებდნენ და გეგმავდნენ, რომ ჩარლზის სიკვდილის შემდეგ, მარიანა, როგორც ქვრივი, საცხოვრებლად სამუდამოდ ენთან გადავიდოდა. უცნობია, იცოდა თუ არა მარიანას ქმარმა მათი ურთიერთობის შესახებ. ფაქტია, რომ ქალების ურთიერთობა ძალიან საეჭვოდ არასდროს აღიქმებოდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, მარიანას არ უნდოდა ,,უცნაური’’ გარეგნობის ენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, რითაც ენს გულს სასტიკად სტკენდა. 1923 წლის აგვისტოში, ენი დღიურში წერს, რომ მარიანა შიბდენ-ჰოლში აპირებდა სტუმრობას. ამით გახარებულმა ენმა გადაწყვიტა, შეყვარებულს გზაში შეხვედროდა, მარიანას ეტლს შუა გზაზე დახვდა და აღელვებულმა დაიწყო მოყოლა, თუ როგორ გამოიარა თხუთმეტი კილომეტრი ფეხით, საშინელი წვიმის მიუხედავად. მარიანა ეტლში რამდენიმე ადამიანთან ერთად იჯდა და ჭორებისა და ეჭვების შიშმა, რაც შესაძლოა ენის იმპულსურ საქციელს გამოეწვია, გააცოფა. ამ ინციდენტის შემდეგ ენისა და მარიანას ურთიერთობა საბოლოოდ შეიცვალა.

 

მარიანა ბალკომბი სერიალიდან ,,ჯენტლმენი ჯეკი’’, 2019

 

ენის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება ხშირად მონოგამიას სულაც არ გულისხმობდა. 1924-26 წლებში, პარიზში მოგზაურობისას, ენი შეხვდა ფრანგ ქვრივს, მარია ბარლოუს, რომელიც ასევე მზად იყო ენის ცხოვრების პარტნიორი გამხდარიყო. ენს ამ დროისთვის კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა, ეპოვა ქალი, რომელიც ფინანსურადაც დაეხმარებოდა და ხელს შეუწყობდა, უფრო მაღალ სოციალურ ფენაში გადაენაცვლა. მარიას არც ისე ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა, სოციალურად კი, დაახლოებით იმავე ფენას მიეკუთვნებოდა, რომელსაც ენი, ამიტომ მათი ურთიერთობა 1926 წლისთვის დასრულდა. ენისა და მარიას ურთიერთობას ეძღვნება ჰელენა უიტბერდის 2020 წელს გამოცემული წიგნი ,,No Priest But Love’’.

 

ენ ლისტერი და ენ ვოლქერი სერიალიდან ,,ჯენტლმენი ჯეკი’’, 2019

 

1826-32 წლებში დასავლეთ ევროპაში მოგზაურობით გართულმა ენმა, შიბდენ-ჰოლში სულ რამდენიმე კვირა გაატარა, თუმცა 1932 წელს გადაწყვიტა, საბოლოოდ დაბრუნებულიყო სახლში. სერიალი ,,ჯენლტმენი ჯეკი’’ ენის ცხოვრების სწორედ ამ პერიოდს ეხება. მალევე ის აღმოაჩენს, რომ მის მამულთან ახლოს ჩრდილოეთ ინგლისიდან ჩამოსული ენ ვოლქერი დასახლდა. ფინანსურად საკმაოდ ძლიერი ენ ვოლქერი მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა და როგორც ცნობილია, პერიოდულად მენტალური პრობლემები აწუხებდა. მათი დინამიური ურთიერთობა სერიალში ძალიან კარგადაა გადმოცემული. წყვილმა 1834 წელს იორკში ერთ-ერთ ტაძარში დაიწერა ჯვარი, რა თქმა უნდა, ყველასგან მალულად. 2018 წლიდან ამ ტაძარში მათი ქორწინების აღსანიშნავი დაფა არსებობს.

 

ენ ლისტერისა და ენ ვოლქერის მემორიალური დაფა იორკშირში

 

ენ ლისტერისა და ვოლქერის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ღია, თუმცა არც ბოლომდე დაფარული იყო. ქორწინების შემდეგ წყვილმა ადგილი ეკლესიაში, წინა სკამებზე იქირავა, სადაც სხვადასხვა ეკლესიურ ცერემონიას ესწრებოდა ხოლმე. თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე, ადგილობრივ გაზეთში დაიწერა ერთგვარი ხუმრობა, თითქოს ვინმე ტომ ლისტერმა ცოლად ენ ვოლქერი მოიყვანა. თუ დავაკვირდებით ინგლისური სიტყვის, Tomboy-ის მნიშვნელობას, რომელიც მასკულინური გენდერული გამოხატვის მქონე ახალგაზრდა გოგოს მიემართება და ხშირად ქვიარ სექსუალურ იდენტობასაც გულისხმობს, შევამჩნევთ, რომ ამ ხუმრობის მიღმა კონკრეტული მესიჯი იმალება. დღიურში ენი აღწერს არაერთ შემთხვევას, როცა მისი გარეგნობა თავდასხმის და ერთხელ, გაუპატიურების მცდელობის მიზეზიც გამხდარა. ყველაფრის მიუხედავად, ენ ლისტერისა და ენ ვოლქერის თანაცხოვრება საინტერესოდ გაგრძელდა ჯერ დასავლეთ ევროპაში, მოგვიანებით კი, რუსეთსა და კავკასიაში მოგზაურობით.

 

რუსეთის იმპერიაში მოგზაურობა ენ ლისტერის დიდი ხნის სურვილი იყო, რომელსაც 1939 წელს საბოლოოდ მოაბა თავი და დანიისა და შვედეთის გავლით, სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. მოგვიანებით, მოსკოვში გადაინაცვლა, სადაც 1940 წლის ზამთარი გაატარა და თებერვალში გაყინული ვოლგის გავლით სტეფანწმინდაში ჩამოვიდა. მოსკოვიდან საქართველომდე გზა განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა გაუსაძლისი სიცივისა და რთული პირობების გამო, ამიტომ თბილისში ჩამოსულმა წყვილმა დედაქალაქში რამდენიმე კვირა დაჰყო. 1940 წლისთვის თბილისი სულაც არ წარმოადგენდა ტურისტულ ადგილს – აქ არ იყო სასტუმროები, არც რესტორნები ან სხვა ტურისტული ადგილები. რუსეთში გაცნობილი ხალხის რჩევით, ენი ესტუმრა თბილისის მაშინდელ მთავრობას, რომელთა დახმარებითაც, ენ ვოლქერთან ერთად სპეციალურ, უცხოელებისთვის განკუთვნილ სასტუმროში დაბინავდა. თბილისში ენი შეხვდა დებ ჭავჭავაძეებს, მათ შორის ეკატერინე ჭავჭავაძეს, რომელმაც წყვილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში დაპატიჟა. რამდენიმე კვირაში წყვილი აზერბაიჯანისკენ გაემზავრა და როგორც ენი დღიურში წერს, ბაქოში ენ ვოლქერთან ერთად ჰარამხანას არაერთხელ ესტუმრა. ბაქოდან თბილისში დაბრუნებულმა ენ ლისტერმა ქუთაისში, მოგვიანებით კი რაჭა-ლეჩხუმში, საკმაოდ რთულ მოგზაურობაში წასვლა გადაწყვიტა.

 

ქუთაისი, 1870

 

რაჭიდან ქუთაისში დაბრუნებული წყვილი ზუგდიდში გაემგზავრა, სადაც დადიანების სასახლეში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, რომლის მსგავსიც, როგორც ენი აღნიშნავს, მოსკოვიდან წამოსვლის შემდეგ არ ღირსებია. მეორე დღეს, მასპინძლებთან შეხვედრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სასახლეში მყოფი ადამიანების უმეტესობა თავს შეუძლოდ გრძნობდა. ეკატერინე და მისი ახალდაბადებული შვილიც ავად იყვნენ და სამკურნალოდ ქუთაისიდან გერმანელი ექიმი ჩამოიყვანეს. რამდენიმე დღეში ენ ლისტერი და ვოლქერი მიხვდნენ, რომ დადიანების სასახლე იმ დროისთვის არ წარმოადგენდა უსაფრთხო ადგილს, ამიტომ ზუგდიდი სწრაფად დატოვეს და ქუთაისში დაბრუნდნენ.

 

ეკატერინე ჭავჭავაძე, 1816-1882

 

ქუთაისში დაბრუნებიდან მალევე, ენ ლისტერი გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ენს დაავადება დადიანების სასახლეში, ზუგდიდში გადაედო და ბევრი მოგზაურობისა და დასუსტებული ჯანმრთელობის გამო, ვერ გადაიტანა. ენ ლისტერის სხეული ენ ვოლქერმა დასავლეთ იორკშირში დააბრუნა და 1941 წლის აპრილში იქვე დაკრძალეს.

 

ამ ურთულესი მოგზაურობიდან დაბრუნებული ენ ვოლქერის მენტალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შედარებით დამძიმდა. ამით მისმა ნათესავებმა ისარგებლეს და ორი წლის შემდეგ სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა.

 

ფოტოსურათი ,,ჯენტლმენი ჯეკის’’ მეორე სეზონის გადაღებებიდან

 

რაც შეეხება სერიალს, მომდევნო სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია, პრემიერის თარიღად კი 2022 წელი არის ნავარაუდები. მეორე სეზონი ენ ლისტერისა და ენ ვოლქერის თანაცხოვრებაზე იქნება კონცენტრირებული და ვინ იცის, იქნებ წყვილის საქართველოში მოგზაურობაც ვიხილოთ. ბოლოს კი, ,,ჯენტლმენი ჯეკის’’ საუნდტრეკი, იმავე სახელწოდების სიმღერა, რომელიც 2012 წელს ინგლისელმა ქვიარ წყვილმა ,,ო’ჰული & თიდოუმ’’ გამოაქვეყნა:

წყაროები:

,,რომში გამოზამთრება”

ენ ლისტერი – ბიოგრაფიული ფაქტები

ენ ლისტერის დღიური

ენის სასიყვარულო ურთიერთობები

ენ ლისტერის მოგზაურობა საქართველოში

წინა

პირველი ტრანსგენდერი პასტორი ბრაზილიაში: ტრანსგენდერობა ნაკლი და სისუსტე არ არის

შემდეგი

ტორი კუპერი – პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველთა გუნდშია

ბოლო სიახლეები

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook0Tweet0Shares0 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,

They/Them – გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებენ

Facebook0Tweet0Shares0 ონლაინ სტრიმინგ სერვისი Peacock გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებს. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კევინ

ესპანეთი ქალებისთვის სამდღიანი მენსტრუალური შვებულების შემოღებას აპირებს

Facebook0Tweet0Shares0 ესპანეთში ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, სამდღიანი მენსტრუალური შვებულების დაწესება იგეგმება. მთავრობა ახალი