აგვისტო 2021

მოსწავლეები ქვიარ მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლას აპროტესტებენ

დენვერში სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის მწვრთნელის მხარდასაჭერი საპროტესო აქცია მოაწყვეს. მწვრთნელის თქმით, იძულებული გახდა, თანამდებობა თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო დაეტოვებინა.

საპროტესო მსვლელობაში 50 მოსწავლე მონაწილეობდა. „ფანატიზმის ქრისტიანობად გასაღება და მის უკან ამოფარება არა მხოლოდ გულისამრევია, არამედ ძალიან არაქრისტიანული საქციელიცაა. ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ და არც გავჩუმდებით“ – ამბობს 16 წლის დენვერ პოსტი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

აღნიშნულ სკოლაში არა მხოლოდ მასწავლებელი, ქვიარ და ტრანსგენდერი მოსწავლეებიც განიცდიდნენ დისკრიმინაციას ზოგიერთი მასწავლებლის მხრიდან.

წყარო: advocate.com

ჩრდილოეთ ირლანდიაში ახლა უკვე გეი/ბისექსუალ კაცებსაც შეუძლიათ, სისხლის დონორები იყვნენ

ენტონი ფლინს ყოველთვის სურდა, სისხლის დონორი ყოფილიყო, ახლა მას სისხლის გაღება შეუძლია.

16 აგვისტოდან ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალაში ახალი კანონი შევიდა, რომლის თანახმადაც, კაცებს, რომლებიც სამ თვეზე დიდხანს იმყოფებიან ურთიერთობაში იმავე სქესის ადამიანთან, შეუძლიათ, სისხლის დონორი გახდნენ. ამ დრომდე კანონი ქვიარ კაცებს ავალდებულებდა, მოეცადათ ერთი წელი ბოლო სექსუალური კავშირიდან და შემდეგ გაეღოთ სისხლი. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ჩრდილოეთ ირლანდია შეუერთდა გაერთიანებულ სამეფოს, სადაც იგივე კანონი უკვე მოქმედებს.

როგორც სისხლის გადასხმის სამსახური აცხადებს, დონორობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რაც კანონის ცვლილების შემდეგ დაფიქსირდა, აქამდე არასდროს ყოფილა.

წყარო: bbc.com

როგორ არ ვიყოთ ცუდად ისეთ დღეებში, როცა კარგად არაფერია

ტერიმ დილით გაიღვიძა შეგრძნებით, რომ რაღაც ხდება, ყველაფერი კარგად არ არის. არადა წამლებს სვამს, თავს კარგად გრძნობს, ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად მიდის, თითქოს ისეთი არაფერი ხდება. თუმცა აქვს შეგრძნება, რომ რაღაც ხდება…

ტერის მსგავსი დღეები ადრეც ჰქონია და ასეთ დროს უენერგიობა ახასიათებს, გუნება-განწყობილება დაქვეითებული აქვს და ყველაფერი რთულად ეჩვენება. „ასეთ დროს ავად ყოფნის შეგრძნება არ გაქვს, თითქოს ფუნქციური ხარ და აკეთებ რუტინულ საქმეებს, მაგრამ ვერ ხვდები, რა გჭირს. საკუთარ თავს ეკითხები – რამე მჭირს? იქნებ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს? ან ფიზიკურად ვარ ავად?“ – ამბობს ტერი.

თუ თქვენც გაქვთ მსგავსი გამოცდილება და იგივე ემოციები ან ფიქრები გქონიათ, რთული დღეების დასაძლევად, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

  • საკუთარ თავთან დიალოგი

ყველაზე ნაკლებად რაც გჭირდებათ რთულ დღეებში – თვითკრიტიკაა. მეტად კეთილგანწყობილი იყავით საკუთარი თავის მიმართ. შეახსენეთ, რომ ადრეც გქონიათ რთული დღეები, მაგრამ აკეთებდით მაქსიმუმს, ზრუნავდით საკუთარ თავზე, რომ უკეთ ყოფილიყავით. თქვენ გყავთ მხარდამჭერები და მეგობრები, რომლებიც დაგეხმარებიან. მსგავსი დიალოგი ნეგატიური აზრების გაჩენას აგარიდებთ.

  • თავი აარიდეთ კატასტროფიზაციას

რთული დღე არის რთული დღე და ნუ განაზოგადებთ მას მთელ დარჩენილ ცხოვრებაზე. ყველაფერი კატასტროფულადაა და რა ცუდია ყველა და ყველაფერი – არის მაგალითი იმისა, რომ თქვენი ფიქრები რაციონალურობას სცდება. ეცადეთ, შეინარჩუნოთ საღი აზრი.

  • ”ნორმალურობა” და ნორმალურად ყოფნა ცვალებადია

თქვენ შეიძლება თავს გრძნობდეთ კარგად იმ ნორმალურობის მიღმა, რაც დადგენილი ან მიღებულია, ამიტომ ნუ დაიძაბებით ამის გამო. არის ცუდი და კარგი დღეები, ცუდი დღე არ ნიშნავს ცუდ ცხოვრებას.

  • ისაუბრე ხმამაღლა შენი ემოციების შესახებ

რთული დღეების გადასაგორებლად, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საკუთარი შეგრძნებების იმისთვის განდობაა, ვინც შენთვის მნიშვნელოვანია, ვისაც ენდობი და შეუძლია, მხარში დგომა და დახმარება. ზოგჯერ მხოლოდ ახლობელთან საუბარი არ არის საკმარისი და სპეციალისტთან მისვლა აუცილებელია, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მარტო არ დარჩე საკუთარ პრობლემებთან, ისაუბრე.

  • გადართვა

ზოგჯერ საჭიროა რუტინიდან ამოვარდნა და სხვა აქტივობებში ჩართვა. დაკავდი იმით, რაც მოგწონს, გეხალისება და კომფორტულია.

  • ენდე საკუთარ ინსტინქტებს

სინამდვილეში ჩვენ კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს და თუ მოვუსმენთ, სხეული და გონება აუცილებლად მიგვანიშნებს, რა გვჭირდება მოცემულ მომენტში. თუ გრძნობ, რომ რაღაც რიგზე არ არის, დაურეკე ექიმს. დღეს რაღაც კარგად ვერ ხარ? ე.ი. შეიძლება, ცუდი დღეა და ეს არ გაგრძელდება დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. იზრუნე საკუთარ თავზე ყველგან და ყოველთვის.

წყარო: hivplusmag.com

მე ვარ ამანდა, ტრანსგენდერი ქალი

მე ვარ ამანდა, ტრანსგენდერი ქალი. იძულებითი სექსმუშაკი და მხატვარი.

ბავშვობა, ბებია და ოჯახი

ბავშვობაში ძალიან მშიშარა და ნაზი ვიყავი. ფრენბურთი მიყვარდა და წრეზეც დავდიოდი, ოღონდ ჯგუფში სულ გოგოები იყვნენ და ბიჭი მარტო მე ვიყავი.

ყველაფრის მეშინოდა. სულ მეშინოდა, რომ ვიღაც დამარტყამდა. მაშინაც მეშინოდა, როცა მამაჩემი სახლში მთვრალი მოდიოდა და დედაჩემზე ხელს სწევდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, დანა მივიტანე და მამაჩემს ვუთხარი, მე დამარტყი, ოღონდ დედას არ დაარტყა-მეთქი. ამის მერე მისთვის ხელი აღარ დაუკარებია.

ჩემი ბავშვობის ყველაზე პოზიტიური მოგონებები და ბედნიერი წლები ბებიაჩემს უკავშირდება. იდეალური ცხოვრება მქონდა, სანამ ბებია ცოცხალი მყავდა. ის იყო ჩემთვის ყველაფერი – ბებია, დედაც, მამაც… ბებია იყო ჩემთვის ღმერთი და მისი სიტყვა – კანონი. თავიდანვე შეამჩნია, რომ განსხვავებული ვიყავი, ყოველთვის იბრძოდა და მიცავდა. როცა გარდაიცვალა, თავზე ცა ჩამომექცა და ცხოვრების ეს ეტაპი ამით დასრულდა. ბებიისგან რამდენიმე თვისება გამომყვა – არასდროს იყო უსამართლო, იყო ცოტა მკაცრი და თავს არასდროს ჩაღუნავდა. არც მე ჩავღუნავ – ათი კაცი რომ მირტყამდეს და მაგრადაც რომ მცემონ, არ დავთმობ და ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც, უკან გავყვე ჩემს მეგობრებს, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან.

დღეს ოჯახთან არ ვცხოვრობ, თუმცა კონტაქტი მაქვს დედასთან, დასთან, მამასთანაც. ფული რომ დამჭირდეს და დედაჩემს დავურეკო, მკითხავს – რამდენი მინდა და თუ მას არ აქვს, აუცილებლად იშოვის. დედაა მაინც. სადაც არ უნდა წახვიდე, ვინც არ უნდა გაიცნო და შეგიყვარდეს, მშობლის ფასი მაინც არავინაა. ოჯახს სულ სხვა ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში და ეს სამუდამოა.

გარდატეხა და სექს-სამუშაო

12 წლის ვიყავი, როცა გავიაზრე, ვინ ვიყავი. პირველი სიგარეტიც მაშინ მოვწიე. მანამდე სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი, ამ ასაკში კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – მასწავლებელი მეუბნებოდა, შენ ის ბავშვი აღარ ხარ, შეგცვალესო. მაშინ მქონდა პირველი სქესობრივი კავშირი კაცთან, მისი ინიციატივით. ძალა არ დაუტანებია, მაგრამ ჩემზე უფროსი იყო – 19 წლის, რაც ამ გადმოსახედიდან პედოფილიაა. დედაჩემის დაქალის შვილი იყო და დედაჩემი დღესაც საკუთარ თავს აბრალებს ყველაფერს, მაშინ რომ გადამერჩინე, დღეს ასეთი არ იქნებოდიო.

12 წლის ჩავერთე სექს-სამუშაოშიც. პედოფილია დღეს ხომ ყვავის და მაშინაც არანაკლებ ყვაოდა – როცა იგებდნენ, ბავშვი ვიყავი, სამმაგს და ოთხმაგს მიხდიდნენ, ოღონდ გავყოლოდი. პატარა ვიყავი, დავინახე, რომ იოლი ფული იშოვებოდა და მაშინ ეს ყველაფერი მომწონდა. დროთა განმავლობაში ეს მოწონება თვითგადარჩენა და ერთგვარი სამსახური გახდა და მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ცუდ რაღაცაში შევტოპე.

საკუთარი თავის დაცვა და ციხე

ზოგადად, სადაც აგრესიაა, იმ გარემოს ვეცლები, მაგრამ მე ან ჩემს მეგობრებს თუ ფიზიკურად გვეხებიან, ამ დროს სხვა, რადიკალურად განსხვავებული ამანდა იღვიძებს იმისთვის, რომ იბრძოლოს. ხანდახან გზის მეორე მხარეს დგანან და მიყურებენ, რამე თუ გინდა, მოდი-მეთქი, დავუძახებ, მაგრამ ეშინიათ.

პირველად ჩემი უფლების დაცვა პატრულთან, 2004 წელს მომიწია. მე და ზიზი, რომელიც ცოცხალი აღარ არის, ცირკთან ვიდექით. პატრული მოვიდა და მითხრა, აქ ვერ იდგებიო. შენი ხელფასის ნახევარი მომეცი და აღარ დავდგები-მეთქი, ვუპასუხე. რატომ უნდა მოგცეო და აბა, მე რატომ უნდა დავტოვო ეს ტერიტორია-მეთქი. ავტეხე განგაში, მაშინ ისეთი დრო იყო, ცირკთან ხალხს კლავდნენ და არავის ადარდებდა ეს ამბები. მაგ პერიოდში საქართველოში ყველაზე ძველ ტრანსგენდერ ქალს, მაკა მამუკას, ყელი გამოჭრეს. ასევე, ძალიან გახმაურებული საქმე იყო, როცა ოთხმა ბიჭმა მცემა და აღმოჩნდა, რომ ოთხივე პოლიციელი იყო. იმის მერე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ჯარისკაცები დამესხნენ თავს ორთაჭალის სადგურში. ამ დღეს სასწრაფოს ექიმებიც კი ისეთი ჰომოფობები შემხვდნენ, პირველადი დახმარება არ გამიწიეს. შემდეგ ჟურნალისტები მოვიდნენ და რომ ნახეს დასისხლიანებული ვიყავი, ამათ დანახვაზე დაფაცურდნენ.

საკუთარი თავისა და უფლებების დაცვის გამო, ცხოვრების გარკვეული პერიოდი ციხეშიც გავატარე – სამუშაოდ ვიყავი გამოსული, როცა უცხო ადამიანი მოვიდა და მომსახურება მომთხოვა, ფასზე შევთანხმდით. ფული რომ უნდა მოეცა, შემაგინა. ამაზე ამასხა, ვცემე, ჩემი კუთვნილი თანხა წავართვი, 10-20 ლარი ჰქონდა ზედმეტად და ისიც არ დავუტოვე. წავიდა და ძარცვაზე მიჩივლა. ყველაფერი გაჩალიჩებული იყო. მაშინ რამდენიმე ტრანსი ვბუნტაობდით, არ აწყობდათ და მომქესტეს. ციხეში შვიდი წელი ვიჯექი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვიყავი. ერთგვარი სკოლა იყო და ბევრი რამეც ვისწავლე – მოთმინება, ადამიანების ამოცნობა, თავის დაცვა… მარტო ვიყავი ოთხ კედელში გამოკეტილი. მოვითხოვე ბიბლიოთეკა, წიგნები მოჰქონდათ, ვიჯექი და ვკითხულობდი. ჩემი სამყარო შევქმენი და იმ სამყაროში ვიყავი, მაკიაჟიც მქონდა და ყველაფერიც. ციხეში ყოფნის დროს ყველაზე რთული პირველი და ბოლო წელი იყო. პირველი წელი, შეჩვევის და ბოლო – მოლოდინის. ის ხუთი წელი ისე გაფრინდა, საერთოდ ვერ მივხვდი.

თანასწორობა, ქალები და ქვიარ ქალები

ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება სხვა ქალების ცხოვრებისგან განსხვავდება, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ქალებისა და ტრანსების ცხოვრებას თითქმის ერთი ფასი აქვს. ქალებს არ აფასებენ. ესაა ქვეყანა, სადაც 112-ში შესული ყოველი მეათე ზარი ქალზე ძალადობას ეხება.

გვეუბნებიან, რომ თანაბარი უფლებები გვაქვს. როგორ მაქვს თანაბარი უფლება, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ ავიდე, ვიღაცა ჩამქოლავს. თანასწორი იმაში ვარ, რომ მეც ისევე ვიხდი გადასახადებს, როგორც სხვები. პატრული ჩემი გადასახადებით ნაყიდ მანქანაში რომ ზის, ხომ უნდა დამეხმაროს?!

თავისუფლება ჩემთვის მშვიდ გარემოში ცხოვრებაა, სადაც არ გამკიცხავენ იმის გამო, რომ განსხვავებული ვარ. იდეალურ ცხოვრებას არ ვეძებ. სირცხვილია, როცა მთელი მსოფლიო მყარად დგას ფეხზე, ჩვენ კი ჯერ კიდევ არ ავმდგარვართ. სირცხვილია, როცა ადამიანს იმის გამო არ აძლევენ სამსახურს, რომ დაქამინგაუთებული გეი ან ლესბოსელია. ტრანსი ადამიანები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია იმიტომ, რომ თავისი იდენტობის დამალვას არ აპირებენ. გეი შეიძლება შეინიღბოს, ლესბოსელმა მოითმინოს, მაგრამ ტრანსგენდერი ქალი ვერ მოითმენს. ტრანსგენდერის შემთხვევა სულ სხვაა. ბიჭივით რომ მეცხოვრა, არაფერი დამაკლდებოდა – მექნებოდა კარგი სამსახური და სახლ-კარიც ჩემი იქნებოდა, მაგრამ ასეთი ვარ და მინდა, ასეთი მიმიღონ.

მტრულ გარემოში მცხოვრებ ქვიარ ქალებს ვეტყვი, რომ ძლიერები იყვნენ, არ დანებდნენ, ყოველთვის აკეთონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ. ნუ შეეშინდებათ, ძალიან მართლა ძალიან ბევრნი ვართ. ვურჩევ, რომ ყოველთვის ხმამაღლა ამბობდნენ თავიანთ სათქმელს, ისე, რომ ყველას ესმოდეს.

ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა

თუ ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ფინანსური დახმარება მჭირდება, იმ ორგანიზაციებს მივმართავ, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ და ისინი გვამისამართებენ. მათ იციან ექიმები, რომლებსაც შეუძლიათ, გაგვიწიონ მომსახურება და კონსულტაცია. ასევე, ჰყავთ ფსიქოლოგებიც და თუ დაგვჭირდა, ორგანიზაცია იქაც თავისი ხარჯებით გვიშვებს.

ტრანსგენდერი ქალების პრობლემა ჰორმონალური თერაპიის დაფინანსებაა, ძალიან ძვირი ჯდება და ჯერჯერობით, არ ფინანსდება. საჭიროა, ყველამ გაიაროს ტრანზიცია, ვისაც ამისი სურვილი აქვს.

მოტივაცია, თანადგომა და იმედი

საქართველოში ტრანსგენდერი ქალი ასე ესმით – რადგან ტრანსი ხარ, სექს-სამუშაოში უნდა იყო ჩართული. თუმცა მოდის ტრანსგენდერი ქალების ახალი თაობა, რომლებიც სექსსამუშაოში არ ჩართულან, არც აპირებენ და ძალიან მიხარია. მათ ოჯახის თანადგომა აქვთ, როცა შენი შვილი ასეთია, რომ დაუშალო, აზრი არ აქვს, პირიქით, ხელი უნდა შეუწყო. ადრე ასეთი შვილების გამო რცხვენოდათ. ბრძოლის მოტივაციასაც ეს ჭკვიანი და ძლიერი მომავალი თაობა მაძლევს და იმედი მაქვს, უფრო თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ, ვიდრე ახლა ჩვენ ვცხოვრობთ.

მიუხედავად ყველაფრისა, რაც გამოვიარე, ამ პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ბევრი ადამიანის თანადგომაც ვიგრძენი. განსაკუთრებით, 6 ივლისს გამოვყოფ, რომლის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის. იმ დღეს ბევრი ისეთი სახე ვნახე, რომლებიც სულ არ არიან ტრანსები, გეები, ლესბოსელები, მაგრამ დავინახე, რომ იქ იდგნენ, ჩვენ გვერდით. ჩვენთან ერთად საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ დროშის ქვეშ და უცებ ეს ემოცია და სიყვარული ერთ მუშტად შეიკრა, გულში შევიდა, გამოვიდა, შევიდა, გამოვიდა…. ძალიან ამაღელვებელი იყო.

რა გავაკეთოთ? როგორ გადავრჩეთ?

ეს გარემო რომ შევცვალოთ, ხალხმა უფრო მეტი განათლება და ინფორმაცია უნდა მიიღოს ამ საკითხზე. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუნათლებელი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ეს თვითონ საზოგადოების კი არ არა, სახელმწიფოს ბრალია – თავისი ამომრჩევლები მარტო არჩევნების დღეს ახსენდებათ, სხვა დროს კი არც აინტერესებთ, რა სჭირდებათ.

მგონია, რომ სანამ ეს მთავრობაა, არაფერი გვეშველება, სიძულვილს თესავენ. იქ, სადაც ეკლესია გამოდის და ამბობს, ქრისტეს სახელით მოკალითო, რაზე უნდა ილაპარაკო?! სანამ ასე იქნება, ადამიანები განსხვავებულობის გამო ისევ დაიჩაგრებიან.

მგონია, რომ ყველა ტრანსგენდერმა საზოგადოებას თავი სხვა კუთხით უნდა გააცნოს, როგორც მხატვარმა, მომღერალმა, მოცეკვავემ, სპორტსმენმა და ა.შ. მახსოვს, ჩემთვის ყველაზე დიდი wow იყო, როცა გავიგე, რომ ტრანსგენდერი ქალი ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დაასაქმა. ყველა ადამიანი თანასწორია და უნდათ თუ არა, ოდესმე მოუწევთ ამისი აღიარება.

მომავალი

მალე საქართველოდან წასვლას ვაპირებ. წასვლა რატომ მინდა? იმიტომ, რომ აქ ვარსებობ და იქ ვიცხოვრებ. მე სხვა ოცნებები და გეგმები მაქვს – მინდა, სექს-სამუშაოს თავი დავაღწიო, სამხატვრო აკადემია დავამთავრო და ცნობილი მხატვარი გავხდე. ცნობილი ტრანსგენდერი ქალი მხატვარი.

ახლა ერთ ადგილას, დისტრიბუციაში ვმუშაობ, სადაც უფროსმა იცის, რომ ტრანსი ვარ, მაგრამ პირობაა, რომ ამას სამსახურში არ გავამჟღავნებ. ვუთხარი, რომ საქართველოდან წასვლას ვაპირებდი და ფულის შეგროვება მინდოდა. თანამშრომლებმა ჩემზე არაფერი იციან, არ ვაძლევ საშუალებას, რომ ამ თემაზე მელაპარაკონ. ერთი ქალია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ”ჩემო გოგოო” მეძახის. ხვდება, ვინც ვარ და ასე რომ მეძახის, ძალიან მიხარია.

ხატვა

ძალიან ღრმა ბავშვობიდან ვხატავდი, განათლება არ მაქვს, თვითნასწავლი ვარ. ხატვის ტექნოლოგიებს ინტერნეტის საშუალებით დავეუფლე, ვუყურებდი ვიდეო-ინსტრუქციებს, როგორ იხატება ადამიანი, ცხოველები, სხვადასხვა ფიგურები თუ ნივთები, მიღებულ განათლებას მივუმატე ჩემი ხედვა და სტილი. ხატვას სერიოზულად 2012 წელს მივუდექი, როცა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვეთით მომიწია დახატვა, ამის შემდეგ იყო სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, სადაც ხატებს ვწერდი და თავს ამით ვირჩენდი, სხვა პატიმრები ჩემს ხატებს ყიდულობდნენ და მცირე შემოსავალი მქონდა, შემოსავალთან ერთად, ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა.

ჩემი დახატული ქალები ჩემი ცხოვრების კონკრეტულ მომენტებს ასახავენ, ამ ქალების ხატვით საკუთარ შინაგან მდგომარეობასა და იმ ეტაპებს გამოვხატავ, რაც გამომივლია. ამ პერსონაჟი ქალების ხატვით, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ, ქალები, არ ვაპირებთ გაჩერებას, რომ მართალია, ჩვენთვის ბრძოლა არავის უსწავლებია, მაგრამ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის ისე, როგორც ამას კაცები აკეთებენ. მორჩა ის დრო, როცა ქალები ჩაგრულ ჯგუფთან ასოცირდებოდნენ, ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში, ეს დიდი ხნის წინ მორჩა, ქალების მონობას წერტილი დაუსვა ჩვენი ქალი მეფის, თამარის მმართველობის წლებმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ადამიანებს არ ახსოვთ და მინდა, რომ ჩემი ნახატებით საზოგადოებას ეს შევახსენო.

ჩემს ნახატებში ბევრი სათქმელისა და იდეის ჩატევა მსურს, მაგრამ რასაც ყველაზე მეტად გამოვარჩევდი, ალბათ, არის ის, რომ არა სიძულვილს, არა ძალადობას, არა ტრანსფობიას და არა ადამიანების ჩაგვრას განსხვავებული სქესის, რელიგიის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. ჩვენს თემშიც ხშირია, როცა სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ერთმანეთის მიმართ მიუღებლობას იჩენენ, არ აძლევენ საშუალებას ერთმანეთს, განვითარდნენ, გაძლიერდნენ, ჩემი ნახატებით სწორედ ამ ადამიანებს მინდა მოვუწოდო, გამოიჩინონ მეტი მიმღებლობა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, მინდა ვაჩვენო, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ხარ თუ კაცი, ტრანსგენდერი თუ გეი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ჩემი ნახატების საშუალებით, ვცდილობ, წავშალო ის საზღვრები, რაც ადამიანებს შორის არის დაწესებული და ჩემს გმირებს არ გააჩნდეთ ის მახასიათებლები, რის გამოც ასე ხშირია სიძულვილი და დაპირისპირება.

ბებიაჩემი ბავშვობაში მეუბნებოდა, რომ ცხოვრება უზარმაზარი ტორტია, ამ უზარმაზარი ტორტიდან ყველას თითო ნაჭერი ეკუთვნის, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი წილი არ გააჩნია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ტორტის ნაჭრების მითვისებას ცდილობენ. ჩემი შემოქმედებაც ბებიაჩემის ამ სიტყვებზე დგას, მინდა, ჩემი ნახატებით ყველას ვუთხრა, რომ იკმარონ თავისი წილი, არავის წაართვან და თან, არავის მისცენ იმის საშუალება, რომ სხვა მოსტაცოს.

ჩემი ერთადერთი ოცნება ისაა, რომ დავამთავრო სამხატვრო აკადემია, მყავს მეგობრები ბელგიაში, გერმანიაში და ჰოლანდიაში, მპირდებიან, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებაში დამეხმარებიან. მინდა, ვიცხოვრო უფრო მშვიდად, მეტი დრო დავუთმო ხატვას და შევქმნა ისეთი ნახატები, რომლითაც სიამოვნებას მივანიჭებ საკუთარ თავს და ადამიანებს ჩვენ გარშემო. გაჩერებას არ ვაპირებ, ხოლო რაც შეეხება ქვიარ არტისტებს, მე ყოველთვის ვამბობ და მოვუწოდებ ადამიანებს – გაიღვიძეთ, რაც მოგწონთ, ის აკეთეთ! მღერი? – იმღერე, ხატავ? – დახატე! თუ გაქვს რამე სათქმელი, აუცილებლად თქვი, იპოვე შენი მედიუმი, ერთად შევცვალოთ ადამიანების დამოკიდებულებები ლგბტ საზოგადოების მიმართ!

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

ავტორი: ნინო ურუშაძე

ფოტოები: ვახო ქარელი

კარა დელევინი – ქვიარ მოდა და წითელი ხალიჩა

/

კარას, რასაკვირველია, ბევრი გასაოცარი თვისება აქვს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმ ტანსაცმელთან, რომელსაც ის იცვამს. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ იგი ქვიარ თემის ქომაგი და მხარდამჭერია.

უბრალო სამოსიდან დაწყებული, ვერცხლისფერი გადაპარსული თავით დამთავრებული, კარა წითელი ხალიჩის მოდას დამატებით ხიბლს სძენს.

კარას ცისარტყელას კოსტუმი  Met Gala 2019-ზე:

,,დიდი გეთსბის’’ პრემიერაზე დელევინმა ვინტაჟისა და გლამურის საოცარი სინთეზის დემონსტრირება მოახდინა. კანის კინოფესტივალი, 2013 წელი:

ფსიქოდელიური კომბინიზონი, რომელიც კარას აცვია, ჯადოსნურად გამოიყურება:

„ყვავური შიკი“, 2015 წელი:

კომბინიზონი, რომელიც კარას ეცვა Girl Up #GirlHero-ის დაჯილდოებაზე, 2019 წელი:

კარას სისადავე და გლამური ერთ ფოტოზე:

კარას ეს ლუქი აბაზანის ინტერიერს მოგვაგონებს, თუმცა ის მაინც შეუდარებლად გამოიყურება:

რიანა და კარა <3 British Fashion Awards, 2014:

ის კოსმოსურ კაბაშიც განუმეორებელია,  Thousand Planets Premiere, 2017:

კარა საოცრად გამოიყურებოდა ვერცხლისფერ მბზინავ კოსტიუმში American Music Award-ზე:

ველვეტის ულამაზესი კომბინიზონი, MTV Movie Awards, 2016:

კარა დელევინი კარიერის დასაწყისში, 2012 წელი:

MTV Movie Award, 2017:

კარა ულამაზეს ელეგენტურ კაბაში, Women of The Year, 2016:

წყარო: buzzfeed.com

10 რეჟისორი ქალი და მათი ფილმები ძლიერი ფემინისტური მესიჯებით

/

უკანასკნელ ათწლეულში კინოსამყარომ გენდერულ უთანასწორობაზე აქტიურად დაიწყო საუბარი. ქალი რეჟისორების რაოდენობა დიდწილად ჩამორჩება კაცი რეჟისორებისას, ხშირ შემთხვევაში, ქალი მსახიობების ანაზღაურებაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე მამაკაცი მსახიობების. ქალები იბრძვიან იმისთვის, რომ მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ და დაასრულონ ის უთანასწორობა, რაც კინოინდუსტრიაშია გაბატონებული.

გთავაზობთ ათი რეჟისორი ქალის 10 ფილმს ძლიერი ფემინისტური მესიჯებით. ფილმები სხვადასხვა ეროვნების, რასის, სექსუალური ორიენტაციისა მქონე ქალების მიერაა გადაღებული, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ – ფილმების მიზანი ქალების გაძლიერება და ფემინისტური საკითხების წინ წამოწევაა.

  •  დამშვიდობება (The Farewell, ლულუ ვანგი, 2019) 

ყველა ადამიანი, ვისაც დიდ და მრავალთაობიან ოჯახში უცხოვრია, ალბათ, ძალიან კარგად გაიგებს ჩინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის, ლულუ ვანგის 2019 წლის ფილმს  – „დამშვიდობება“. ფილმი ახალგაზრდა მწერლის გარშემო ვითარდება, რომელიც გაიგებს, რომ თავის საყვარელ ბებიას სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა და იძულებული ხდება, დაბრუნდეს მშობლიურ ჩინეთში.

ფილმში მთავარ როლს ცნობილი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი და მსახიობი, ნორა ლუმი, იგივე Awkwafina ასრულებს. ერთი შეხედვით, კომედიისა და დრამის ეს საოცარი ნაზავი ქართული რეალობისგან შორს დგას, თუმცა დაკვირვებული თვალი ძალიან ბევრ მსგავსებას აღმოაჩენს ჩინურ და ქართულ ოჯახებს შორის.

  • არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის (Never Rarely Sometimes Always, ელიზა ჰიტმანი, 2020) 

ელიზა ჰიტმანი თანამედროვეობის კიდევ ერთი გამორჩეული კინორეჟისორია, რომელიც მტკივნეულ თემებს არ ერიდება და მისი ფილმები უნიკალური ხელწერით გამოირჩევა. „არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის“ რეჟისორის სხვა ფილმების მსგავსად, ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებაზე გვიამბობს, ფილმის მთავარი გმირები 16 წლის სკაილერი და ოთემი არიან. ფილმის დასაწყისში ოთემი აღმოაჩენს, რომ ის 10 თვის ორსულია და მას თავის შტატში აბორტის გაკეთება ეკრძალება, სწორედ ამიტომ, გოგონას ბიძაშვილთან ერთად უწევს ნიუ-იორკისკენ წასვლა, სამედიცინო მომსახურების მიღება რომ შეძლოს.

ელზა ჰიტმანი უარს ამბობს კაშკაშა ვარსკლავების გადაღებაზე,  ყოველთვის ახალ სახეებს ეძებს და მათ გზის გაკაფვაში ეხმარება, 2020 წლის ეს ფილმი კი იდეალურად ასახავს ახალგაზრდების რთულ და წინააღმდეგობრივ გზას მოზარდობიდან ზრდასრულობამდე.

  • ალმოდებული ქალის პორტრეტი (Portrait of a Lady on Fire, სელინ სიამა, 2019)

უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში სელინ სიამამ მოახერხა თანამედროვე ფრანგული კინოსთვის განსაკუთრებული თემებისა და ხმების დამატება. მისი გმირები ახალგაზრდა ქალები არიან და მათი ისტორიები განსხვავდება იმ ისტორიებისგან,  აქამდე რომ გვინახავს.

სიამას 2019 წლის ფილმი „ალმოდებული ქალის პორტრეტი“ 18 საუკუნის საფრანგეთში გვამოგზაურებს და გვიამბობს ორი ქალის, მხატვარი მარიანასა და მდიდარი ელოიზის რთულ და ჩახლართულ რომანტიკულ ისტორიას. პოეტური კინოს ეს შესანიშნავი ნიმუში კანის კინოფესტივალზე Queer Palm-ით დაჯილდოვდა.

  • პატარა ქალები (Little Women, გრეტა გერვიგი, 2019)

ლუიზა მეი ოლკოტის 1869 წელს გამოცემული „პატარა ქალები“ კლასიკად არის აღიარებული და მასზე უამრავი თაობა გაიზარდა. ამერიკელი ავტორის ეს ნახევრად ბიოგრაფიული წიგნი მარჩების ოჯახზე გვიამბობს ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. ოთხი და, მეგი, ჯო, ბეტი და ემი – უკიდურესი გაჭირვების დროს ცდილობენ, არ დაკარგონ მხნეობა, შეინარჩუნონ სამყაროს მიმართ ნდობა და სიყვარული ადამიანების მიმართ.

ფემინისტურ ბიბლიად მონათლული წიგნი იდეალურად აღწერს ქალების ცხოვრებას გასულ საუკუნეებში და გვაჩვენებს, როგორ აისახება ომები იმ ქალებზე, რომლებიც, მართალია, არ იბრძვიან ბრძოლის ველზე, თუმცა მათი ყოველდღიურობა არაფრით განსხვავდება ქვემეხების გრუხუნისგან გამოწვეული საზარელი ხმებისგან. და, რაც მთავარია, გრეტა გერვიგი თავისი ოსტატობის საშუალებით ახერხებს, ახალი სიცოცხლე შემატოს ადაპტაციას და თან, არ დაკარგოს ის, რაც გამოარჩევს რომანს სხვა უამრავი საყმაწვილო წიგნისგან.

  • სიუზენის უიმედო ძებნა (Desperately Seeking Susan, სიუზენ საიდელმანი, 1985)

გასული საუკუნის 80-იანმა წლებმა სამყარო ბევრი რამით დააჯილდოვა, ერთ-ერთ ასეთ ჯილდოდ, თამამად შეგვიძლია, სიუზელ საიდელმანის საკულტო ფილმი „სიუზენის უიმედო ძებნა“ მივიჩნიოთ. კომედიური ჟანრის ფილმი ორი ქალის, ნიუ ჯერსელი დიასახლისის, რობერტასა და ამერიკელი ბოჰემური საზოგადოების წევრის, სიუზენის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს. ფილმში სატიტულო როლს ლეგენდარული მადონა ასრულებს.

1985 წელს გადაღებული ფილმი კარგად ასახავს ორი განსხვავებული ქალის ცხოვრებას, ერთი ნიუ-ჯერსელი დიასახლისია, რომელსაც აღარ შეუძლია ყოველდღიური, მომაბეზრებელი რუტინის ატანა და მთლიანად მიენდობა ნიუ-იორკში მცხოვრებ წვეულებების დედოფალ სიუზენს (მადონა).

  • ცამეტი (Thirteen, Catherine Hardwick, 2003)

„ცამეტი“ კიდევ ერთი რეჟისორი ქალის, კეტრინ ჰარდვიკის ფილმია, რომელიც 13 წლის მელანის ისტორიას გვიამბობს, გოგონა საშუალო კლასის მოსწავლეა, რომელიც კარგი მანერებითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, როცა მელანი სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგონას, ტრეისის დაუმეგობრდება და თავით გადაეშვება ნარკოტიკებსა და წვეულებებში.

კეტრინ ჰარდვიკმა ფილმის სცენარი სულ რაღაც 6 დღეში დაწერა, ფილმი ლოს ანჯელესში, ხელის კამერითაა გადაღებული. ახალგაზრდა რეჟისორმა ქალმა Sundance-ის კინო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო დაიმსახურა

  • შენ აქ არასდროს ყოფილხარ (You Were Never Really Here, Lynne Ramsay, 2018)

„შენ აქ არასდროს ყოფილხარ“ შოტლანდიელი კინორეჟისორის, ლინ რემსის უკანასკნელი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და ეკატერინა სამსონოვა ასრულებენ. ფილმი ომის ვეტერანი და ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტის, ჯოსა და პროსტიტუციაში იძულებით ჩართული არასრულწოვანი ნინას ისტორიას გვიამბობს.

„კევინზე უნდა დაგელაპარაკოს“ რეჟისორის, ლინ რემსის 2018 წლის ფილმმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის (ხოაკინ ფენიქსი) პრიზი აიღო. მრავალი კრიტიკოსის შეფასებით, ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივია, რაც ბოლო ათწლეულში გადაღებულა.

  • ასე თუ ისე (De Cierta Manera, Sara Gomez, 1974)

სარა გომეზი პირველი კუბელი რეჟისორი ქალია, რომელმაც კუბური რევოლუციის შემდეგ გადაიღო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი – „ასე თუ ისე“. ფილმი ფემინისტი ქალის, იოლანდასა და მაჩო მამაკაცის, მარიოს სიყვარულის ისტორიას გვაჩვენებს. ფილმში მოქმედება ჰავანაში ვითარდება და გარდა რომანტიკული ისტორიისა, კუბური მარგინალიზებული ჯგუფების ცხოვრებასა და იმ სოციალურ პრობლემებს აღწერს, რის წინაშეც მოსახლეობა რევოლუციის შემდეგ აღმოჩნდა.

სარა გომეზი ფილმის გადაღების შემდეგ მალევე გარდაიცვალა და დღემდე რჩება აფრო-კუბელი ქალი რეჟისორების იმ მცირერიცხოვან ჩამონათვალში, რომლებმაც სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება შეძლეს. რეჟისორი არ ერიდებოდა ფემინისტური თემების წარმოჩენას და ამ ფილმშიც იოლანდას სახით ცდილობს, კუბელ ქალებს ემანსიპაციისკენ გზა აჩვენოს.

  • სულელი (Clueless, ეიმი ჰეკრელინგი, 1995)

„სულელი“ კიდევ ერთი საკულტო ფილმია, რომელიც 1995 წელს გამოვიდა ეკრანებზე და იდეალურად ასახავს 90-იანი წლების ესთეტიკასა და სულისკვეთებას. ფილმი ჯეინ ოსტინის ცნობილ რომანს, „ემას“ ეფუძნება, რეჟისორის ჩანაფიქრი იყო, გაეცოცხლებინა კლასიკოსი ბრიტანელი ავტორის პერსონაჟი და ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება 90-იანი წლების ბევერლი ჰილსში.

ფილმი coming-of-age ჟანრისაა და ფემინისტურ სატირას განეკუთვნება, ფილმის გავლენა იმდენად დიდია, რომ მის მიხედვით გადაიღეს სატელევიზიო ადაპტაცია, დაიდგა ბროდვეის სცენაზე და გამოვიდა უამრავი კომიქსი, ხოლო სულ რამდენიმე წლის წინ Paramount Pictures-მა დაანონსა, რომ ეკრანებზე სულ მალე ვიხილავთ ფილმის რიმეიქს.

  • გვირილები (Daisies, ვერა ჰიტილოვა, 1966)

ვერა ჰიტილოვას 1966 წელს გამოსული გროტესკული და ინოვაციური ფილმი მრავალი წლის განმავლობაში ახერხებს მაყურებლის გონებაში სხვადასხვა ემოციის აღძვრას. ფილმი ორი გოგონას გარშემო ვითარდება. გოგონები გადაწყვეტენ, რომ ზუსტად იმ მეთოდებით იმოქმედონ, რა მეთოდებითაც სამყარო მუშაობს. ფილმში სიუჟეტი დანაწევრებული და ფრაგმენტულია, ჩეხი რეჟისორი ამბის თხრობის ტრადიციულ მეთოდებზე უარს ამბობს, გამუდმებით იცვლება გამოსახულების ფერი,  ხარისხი და ამ გზით გადმოგვცემს გოგონების მცდელობას, დატკბნენ ცხოვრებით, პატივი მიაგონ ახალგაზრდობის, სიყვარულისა და სიხარულის ძალას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფილმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია კინემატოგრაფიისთვის, მრავალი წლის განმავლობაში ის აკრძალული იყო ჩეხეთში.

ქვიარ ოჯახი რუსეთიდან ესპანეთში გაიქცა

ქვიარ ოჯახი სიძულვილის კამპანიის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც სასურსათო ქსელის, VkusVill-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მათი ფოტო იყო გამოსახული. მოგვიანებით, კომპანიამ ბოდიში მოიხადა და ქვიარ ოჯახის ფოტო ჰეტეროსექსუალი ოჯახის ფოტოთი ჩაანაცვლა.

დედა, სახელად იუმა და მისი შვილი ალინა ლესბოსელები არიან და ოჯახად ცხოვრობენ ქალ პარტნიორებთან ერთად. „ჩვენ ძალიან გადაღლილები და დათრგუნულები ვართ. ბარსელონაში გადმოვედით და იმედია, აქ უსაფრთხოდ ვიქნებით“ – ამბობს მილა.

ოჯახს მშობლიური ქვეყნის დატოვება მოუწია, რადგან მათ მიმართ აგორებულ სიძულვილის კამპანიას თავდასხმები მოჰყვა, ასევე, მკვლელობისა და გაუპატიურების მუქარები. „რუსეთში ჩვენ ვერ ვსარგებლობთ ისეთი საბაზისო უფლებებით, როგორიც ოჯახის ყოლაა“, – ამბობს იუმა, რომელიც თავის დროზე მშობლებმა ორიენტაციის გამო უარყვეს.

ჰომოფობიური განწყობები  რუსეთში ყველასათვის ცნობილია. 2013 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალობის ყველანაირ გამოხატულებას კრძალავს.

ლესბოსელი ოჯახი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრებას უსაფრთხოდ შეძლებს.

სტატიის წყარო:  https://www.bbc.com/news/world-europe-58103833

თბილისში ტრანსგენდერ ქალს პნევმატური იარაღიდან ესროლეს

გუშინ თბილისში, ცირკის ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს პნევმატური იარაღიდან ესროლეს. ”ქვიართან” საუბარში ტრანსგენდერი ქალი, სესილია ამბობს, რომ ამ ადამიანებთან მანამდე არასდროს ჰქონია კონტაქტი:

‘’გუშინ, დაახლოებით პირველ საათზე, ალექსიძის ასახვევიდან ჩამოვდიოდი ქვევით. როდესაც ავტომობილიდან გადმოვედი და ფეხით გადავაადგილდებოდი გმირთა მოედნისკენ, სამმა უცხო პიროვნებამ ჩამიარა გვერდით და გაიქცნენ. ამის შემდეგ, ჩასხდნენ მანქანაში, როგორც კი ჩამოვედი ალექსიძის ჩამოსახვევში, უნდა გადამეკვეთა გზა ცირკის მიმართულებით, რა დროსაც, ავტომობილიდან პნევმატური იარაღიდან განახორციელეს გასროლა, ერთი რეზინის ტყვია ნიკაპის არეში, მეორე კი ზურგის არეში მომხვდა. ასევე, ორი გასროლა იყო ე.წ. ,,გაზავოი“ იარაღიდან. არ ყოფილა გინება, შეურაცხყოფა, მანამდე არანაირი კონტაქტი არ მქონია მათთან, ცხოვრებაში  პირველად ვნახე.

ახლა დაკავებულები არიან. როგორც თვითონ ამბობენ, არც ვიცოდით, რომ ტრანსი იყოო, უბრალოდ, შეშინება და ‘’გაღადავება’’ გვინდოდა, არ გვეგონა, რომ მოხვდებოდა და რაიმე სახის დაზიანებას მიიღებდაო. მაგრამ ეს ადვოკატის მიერ დარიგებულია,  რომ ანტიდისკრიმინაციული კანონით არ დაიწყოს გამოძიება და ტრანსფობიის ნიადაგზე არ მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.’’

138 ორგანიზაციამ ავღანელი ლგბტქ+ ადამიანების დაცვისთვის ღია წერილს ხელი მოაწერა

/

Ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ILGA Asia-ს გვერდზეა გამოქვეყნებული, სხვადასხვა ლგბტქ+ ადვოკატირების ჯგუფმა ავღანეთში ქალების, ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაცვა მოითხოვა.

15 აგვისტოს თალიბანის მებრძოლებმა ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეზე  აიღეს კონტროლი, ხოლო პრეზიდენტის გაქცევის შემდეგ – მთელ ქვეყანაზე. თალიბანის ძალაუფლების სწრაფმა გავრცელებამ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოულოდნელი დაშლა გამოიწვია.

პოლიტიკურ და სხვადასხვა საკითხებზე მომუშავე ადვოკატირების ორგანიზაციები ქვეყანაში მოწყვლადი ჯგუფების  მდგომარეობით დაინტერესდნენ, მათ შორის, ლგბტქ+ ადამიანებით, ქალებითა და რელიგიური უმცირესობებით.

ILGA Asia აზიის რეგიონში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექსი ადამიანების ასოციაციაა, რომელიც 170-ზე მეტი ლგბტ ორგანიზაციის გაერთიანებას წარმოადგენს აღმოსავლეთ, სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ აზიაში. ადმინისტრაციული ოფისი ტაილანდში, ბანგკოკში მდებარეობს.

“ჩვენ შეშფოთებული ვართ თალიბების მიერ დაწესებული შარიათის კანონით. Უკვე ცნობილია, რომ ბევრ ქალსა და გოგოს ეშინია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და მათ სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლის  აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ.  ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ  ათწლეულების განმავლობაში ქალთა ჯგუფების წინსვლა   მოულოდნელად და კატასტროფულად შეიცვალა.

ასევე, ჩვენ გვეშინია, რომ დაიწყება ლგბტქი ადამიანების კრიმინალიზება და დევნა, თალიბანის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ გეი მამაკაცებისთვის სიკვდილით დასჯა აღდგება. ავღანელი ლგბტ პირები უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობენ ძალადობისა და მკვლელობების შიშით და ჩვენ გვეშინია, რომ ეს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.” – ნათქვამია საჯარო განცხადებაში.

ILGA Asia-ს წერილში გაჟღერებულია შემდეგი მოთხოვნები:

  • მოვუწოდებთ თალიბანს, პატივი სცეს ყველა ადამიანის უფლებებს, რომელიც ავღანეთის კონსტიტუციით აქვთ  მინიჭებული, ასევე, ავღანეთის მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო შეთანხმებებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს.
  • ვითხოვთ, რომ ნებისმიერი ძალისხმევა ამ პოლიტიკური კრიზისის ჩასახშობად, დროულად განხორციელდეს.
  • მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უზრუნველყოს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება და ყველა ავღანელის დაცვა.
  • მოვუწოდებთ ქვეყნებს, გახსნან საზღვრები და მიიღონ ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები ავღანეთიდან. ჩვენ ვაფასებთ კანადის ვალდებულებას, მიიღოს 20,000 დაუცველი ავღანელი და პრიორიტეტი მიანიჭოს ლგბტ პირებს, ქალ ლიდერებსა და სხვა ჯგუფებს. ველოდებით სხვა ქვეყნებს, რომ მიბაძონ მას.
  • მოვუწოდებთ ყველას, ერთად იმუშაონ, რათა უზრუნველყონ მხარდაჭერა საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ინდივიდებსა და ჯგუფებს, გააკეთონ შემოწირულობები, დონაციები, რათა უზრუნველყონ ავღანეთში ლგბტქ+ ორგანიზაციების გადაუდებელი დაფინანსება.

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ იმ LGBTQ+ ადვოკატირების ჯგუფების სია, რომლებიც ამ განცხადებას ხელს აწერენ:

  1. 6Rang (Iranian Lesbian and Transgender Network)
  2. Access Planet Organization
  3. African Trans Network
  4. Aleph Melbourne
  5. All Out
  6. All Women’s Action Society (AWAM)
  7. Alouen
  8. Amnesty International Taiwan Section
  9. Antalya Feminist Kolektif
  10. ASEAN Feminist LBQ Network
  11. ASEAN SOGIE Caucus
  12. Asia Pacific Transgender Network
  13. Asia-Pacific Rainbow Catholics Network
  14. Bangladesh Queer Partnership Platform- EQUAL
  15. Beyond Borders Malaysia
  16. Bisdak Pride, Inc.
  17. Bisexual Alliance Victoria
  18. Boys of Bangladesh (Formerly)
  19. Campaign for Change
  20. CAN-Myanmar
  21. CEDAW Committee of Trinidad & Tobago
  22. Centre for Civil and Political Rights
  23. Centre for Independent Journalism (CIJ) Malaysia
  24. COC Netherlands
  25. Community Welfare and Development Fund
  26. Covenants Watch
  27. CPCD Studio
  28. Dawei Probono Lawyer Network
  29. Deaf Rainbow
  30. Diversity and Solidarity Trust – Sri Lanka
  31. Diversity Lounge Toyama
  32. Doshisha University
  33. Edge Effect
  34. ELLY Fukui
  35. Equal Asia Foundation
  36. EQUAL GROUND, Sri Lanka
  37. GAYa NUSANTARA Foundation
  38. Gays Without Borders
  39. Helem
  40. Human Dignity Trust
  41. Human Rights Defenders World Summit
  42. ICS Center
  43. ILGA Asia
  44. ILGA World
  45. Iloilo Pride Team
  46. Inclusive Bangladesh
  47. International Service for Human Rights
  48. International Women’s Rights Action Watch Asia Pacific
  49. Intersex Asia
  50. Intersex Philippines
  51. isha lisha – Haifa feminist center
  52. Ishikawa Conference for LGBT
  53. Iwate Rainbow Network
  54. J-ALL (Japan Alliance for LGBT Legislation)
  55. JEJAKA
  56. Justice for sisters
  57. Kampania Przeciw Homofobii | Campaign Against Homophobia (Poland)
  58. Kanazawa Rainbow Pride
  59. Kaos GL
  60. Korean Sexual-minority Culture & Rights Center
  61. LakanBini Advocates Pilipinas
  62. Legal Dignity
  63. Let’s Breakthrough, Inc.
  64. Lezpa
  65. LGBT Centre
  66. LOUD (Lesbians of Undeniable Drive)
  67. LOVE4ONE
  68. M-coalition
  69. MANODIVERSA
  70. Manushya Foundation
  71. Marsa Sexual Health Center
  72. Matimba
  73. Metro Manila Pride
  74. Midneunfemi
  75. Monsoon Malaysia (MM)
  76. MOSAIC Mena
  77. Movimiento de Integración y Liberación Homosexual (MOVILH)
  78. Mujer-LGBT Organization, Inc
  79. Namibia Diverse Women Association
  80. Nijiiro Diversity
  81. Noboprobhaat
  82. Nőkért Egyesület (Association for Women), Hungary
  83. NPO Tokyo Rainbow Pride
  84. Oogachaga
  85. Organization Intersex International-Chinese (Oii-Chinese)
  86. Outrage Magazine
  87. Pacific Human Rights Initiative
  88. Palestinian Working Woman for Development “PWWSD”
  89. Pan Africa ILGA
  90. PELANGI Campaign
  91. Persatuan Sahabat Wanita, Selangor (Friends of Women Organisation, Selangor)
  92. Pioneer Filipino Transgender men Movement
  93. PLACE TOKYO
  94. Planet Ally
  95. PLUHO (People Like Us Hang Out!)
  96. Pride House Tokyo
  97. PROHAM
  98. Proud Futures
  99. PT Foundation
  100. Queer Voices of Bhutan
  101. Queers4Climate
  102. Rainbow Action Against Sexual-Minority Discrimination
  103. Rainbow Egypt
  104. RainbowJesus (무지개예수)
  105. RFSL (The Swedish Federation for Lesbian, Gay, Bisexual, Transgender, Queer and Intersex Rights)
  106. Sans Tabous
  107. Sayoni
  108. SEED Malaysia
  109. Seoul Human Rights Film Festival in South Korea
  110. SGRainbow
  111. SHARE, center for Sexual rights And Reproductive justicE
  112. Sisters in Islam, Malaysia
  113. SOGILAW
  114. SORANIJI HIMEJI
  115. Success Capital Organisation
  116. Swasti
  117. Taiwan Association for Human Rights
  118. Taiwan Equality Campaign
  119. Taiwan Gender Equity Education Association
  120. Taiwan LGBTQ Family Rights Advocacy
  121. Taiwan Tongzhi (LGBTQ+) Hotline Association
  122. The Gay and Lesbian Coalition of Kenya (GALCK)
  123. The Global Center for LGBTI+ Freedom and Education
  124. The Institute for Studies on Society, Economy & Environment – iSEE
  125. Thorne Harbour Health
  126. Together4Change: DAWOOM
  127. Transgender Equality Hong Kong
  128. Transgender Victoria
  129. Transpiration Power
  130. Trikone Australasia Inc
  131. Tufts University
  132. UP Babaylan
  133. Visayas LBTQ Network
  134. Women Against Rape
  135. Women for Women’s Human Rights (WWHR)
  136. Youth Voices Count
  137. にじ♡はぐ 石川
  138. ひだまりの会

Წყაროები:

https://www.ilgaasia.org/news/2021/8/18/joint-statement-on-afghanistan

https://www.gaytimes.co.uk/life/136-organisations-sign-open-letter-calling-for-protection-of-lgbtq-people-in-afghanistan/

იესო და გეი ცენტურიონი

ახალ აღთქმაში, მათესა და ლუკას სახარებებში, ერთ საინტერესო ამბავს ვხვდებით, რომელიც იესო ქრისტესა და რომაელ ცენტურიონს (რომის იმპერიის არმიის უმცროსი ოფიცერი) შორის ხდება. ყურადღებით წაკითხვისა და კონტექსტუალური გარჩევის შემდეგ, შეუძლებელია მკითხველს არ დაებადოს კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ბევრი ბიბლეისტი ცდილობს. მათი კვლევა-ძიებისა და გააზრების კვალდაკვალ, შევეცდები, რაც შეიძლება შემცირებული სახით მოგითხროთ ამ მეტად საინტერესო პასაჟზე. პირველ რიგში, მოდით, გავეცნოთ სახარებების ტექსტს:

მათეს სახარება 8:5-13„კაპერნაუმში შესვლისას, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა და უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს, დამბლადაცემული, და სასტიკად იტანჯება.“ იესო ეუბნება: „მოვალ და განვკურნავ მას.“ და მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, ჩემს ჭერქვეშ რომ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. რადგან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები, წადი! და მიდის. სხვას, მოდი! და მოდის. და ვეუბნები ჩემს მონას, ეს გააკეთე! და აკეთებს.“ ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა. გეუბნებით თქვენ, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფევლის შვილები გაიყრებიან გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“ და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც გწამს, ისე მოგეგოს.“ და განიკურნა მისი მსახური იმავე საათს.“

ლუკას სახარება 7:1-10„მას შემდეგ, რაც მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხისათვის, რომელიც უსმენდა, კაპერნაუმში შევიდა. ერთ ასისთავს უკვდებოდა ავადმყოფი მონა, რომელსაც დიდად აფასებდა. იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა და სთხოვდა, მოსულიყო და განეკურნა მისი მონა. ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს დაჟინებით და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო, რადგან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა აგვიშენა.“ იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორიახლოს იყვნენ, როდესაც ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, რადგან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. რადგან მეც, ხელმწიფების ქვეშ მყოფს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: ‘წადი!’ და მიდის. და სხვას: ‘მოდი!’ და მოდის. ჩემს მონას: ‘გააკეთე ეს!’ და აკეთებს.“ ეს რომ გაიგონა იესომ, გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.“ წარგზავნილებს, სახლში რომ დაბრუნდნენ, გამოჯანმრთელებული დაუხვდათ მონა.“

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახარების ტექსტი ერთ ამბავს გვიყვება, მათ შორის ის განსხვავებაა, რომ მათეს სახარება მოგვითხრობს: „ასისთავი მივიდა მასთან“(ანუ იესოსთან), ხოლო ლუკასთან ვკითხულობთ: „იუდეველი უხუცესები გაუგზავნა“ (ასისთავმა იესოს). ბიბლიის ტექსტს არაერთგან ახასიათებს მსგავსი შეუსაბამობა, მაგრამ აქ მთავარი არა ეს დეტალები, არამედ ცენტურიონის მოწიწება, რწმენა და იესოს დასკვნაა, რომ ისრაელშიც ვერ ნახა ასეთი რწმენა. შესაბამისად, სახარების ავტორებმა მნიშვნელოვანი საერთო აქცენტები დასვეს.

მათეს სახარების პასაჟში ცენტურიონის პასუხი იმდენად მნიშვნელოვანი და არსებითია, რომ ის რომის კათოლიკე ეკლესიამ თავისი ლიტურგიული ტრადიციის რომაულ წესში დანერგა, რომელშიც მღვდლის მიერ მორწმუნეთა საზიარებლად მოხმობას მრევლი ცენტურიონის სიტყვებით პასუხობს – „უფალო, არა ვართ ღირსნი მიგიღოთ შენ, არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება სული ჩემი“.

ყურადღებიანი მკითხველი აუცილებლად აღმოაჩენდა ერთ შეუსაბამობას – რომაელი ცენტურიონი მიდის იუდეველ რაბინთან და უცნაურობებით აღსავსე მქადაგებელთან, რათა თავისი მონა/მსახურის განკურნება შეავედროს. განა რომელი ცენტურიონი ინერვიულებდა ასე მონის დასნეულებას?- ეს ნამდვილად იმსახურებს ამ საკითხზე შეჩერებასა და მის უკეთ გაანალიზებას.

დენიელ ჰელმინიაკი (Daniel A. Helminiak), ამერიკელი რომის კათოლიკე მღვდელი, თეოლოგი და ავტორი წიგნისა – What the Bible Really Says about Homosexuality, ვარაუდობს, რომ ძველბერძნულ ტექსტში ნახსენებ სიტყვას – „παῖς“ (პაის) – არა მხოლოდ მსახურის მნიშვნელობა აქვს, არამედ ის ხშირად აღნიშნავდა მამაკაცის ჰომოსექსუალ საყვარელს/შეყვარებულს. დენიელ ჰელმინიაკი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს დასავლეთ ჯორჯიის უნივერსიტეტის ჰუმანისტური და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის განყოფილებაში, მისი ძირითადი ინტერესის საგანი კი ადამიანის სექსუალობა და თეოლოგია იყო, შესაბამისად, მან ხსენებული სახარებისეული ტექსტები მრავალმხრივი ასპექტით შეისწავლა და დაამუშავა.

თეოდორ ჯენინგსი და ჩინური წარმოშობის ამერიკელი ახალი აღთქმის მკვლევარი – ტეტ-სიონგ ბენი ლიუ (ორივენი სხვადასხვა ქრისტიანული თემატიკის წიგნების ავტორები არიან) განამტკიცებენ აზრს, რომ რომის იმპერიის არმიაში ჰომოსექსუალური კავშირები ხშირი და შეუზღუდავი იყო, ამიტომაც არის დიდი ალბათობა, რომ სწორედ ასეთ მდგომარეობასთან გვქონდეს შეხება ხსენებულ ამბავში. ასევე ისინი ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ უწმიდურებას გულისხმობს რომაელი ცენტურიონი, როცა იესოს მის სახლში შესვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს. იუდეველების გარემოცვაში მცხოვრებ რომაელს აუცილებლად ეცოდინებოდა იუდაიზმის დამოკიდებულება ორი მამაკაცის ჰომოსექსუალური რომანტიკული და სექსუალური კავშირების შესახებ (რაც მოსეს რჯულის მიხედვით, ჩაქოლვას იმსახურებდა).

იესოს არ უთქვამს გეი ცენტურიონისთვის – მომშორდი უწმიდურო, არ განვკურნავ შენს შეყვარებულს, ან – განვკურნავ, მაგრამ შეწყვიტეთ უწმიდური ვნება. იესომ განკურნა მისი შეყვარებული და მეტიც, ცენტურიონის რწმენა სანიმუშოდ გამოაცხადა ხალხის წინაშე. ახლა, თქვენთვის მომინდია იმის განსჯა, ეს ქვიარ მეგობრული იესო ვის გვერდით დადგებოდა 5 ივლისს – ლგბტქ აქტივისტებთან თუ მოძალადე ჯგუფებთან?

 თომა ლიპარტიანი – ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი