აგვისტო 2021 - Page 7

ჯენესის ბრაიერ პი-ორიჯი – ხელოვნება, როგორც ცხოვრება

/

“Life is a vacuum pump, always sucking me dry

Anyway, I love you anyway you say”

2020 წლის 14 მარტს გარდაიცვალა ინდუსტრიული სუბკულტურის დამაარსებელი, პოეტი, ვიზუალური არტისტი, ოკულტისტი და ბრიტანელი საკულტო ხელოვანი – ჯენესის ბრაიერ პი-ორიჯი. მან თავისი შემოქმედება აქცია ბრძოლად, რომელიც იყო ერთგვარი რეაქცია, პროტესტი დასავლური მეინსტრიმული ხელოვნებისა და სოციუმის წინააღმდეგ.

პირველი ინფორმაცია, რომელსაც ჯენესის პი-ორიჯის შესახებ გუგლში ნახავთ, არის ის, რომ იგი არ იზიარებდა ტრადიციულ გენდერულ დაყოფას ქალად და კაცად. მისი მიდგომა საკუთარი იდენტობის, გარეგნობისა და სქესის მიმართ, იყო ცალსახა და ზოგისთვის რადიკალურიც კი. ჯენესისს და მის პარტნიორს – ჟაკლინ ბრაიერს (ლედი ჯეის), ყოველთვის მოიხსენიებენ ნაცვალსახელებით S/he H/er. მათ შეიმუშავეს პროექტი – The Pandrogeny Project, რომლის მიზანი იყო ”დაარღვია ბილოგიური სქესის შეზღუდვები და გამოეხატა ერთმანეთის მიმართ უპირობო სიყვარული”. ისინი ფიზიკურ სხეულს გამოყოფდნენ ”მე”-სგან და მიიჩნევდნენ, რომ ”მე” არის გონება, განცალკევებული სხეულისგან. ”ჩვენ (ჯენესისი და ჟაკლინი) არასდროს მივიჩნევდით თავს მომხიბვლელად, ჯეის რამდენიმე წელი დასჭირდა დავერწმუნებინე, რომ მე მშვენიერი ვიყავი და ეს არ იყო დაკავშირებული ფიზიკურ სხეულთან.”

 

ჯენესისის შემოქმედება ყოველთვის ხდებოდა მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის წყარო. მან შექმნა ჯგუფი C.O.U.M. Transmissions, რომელმაც პრინციპული შეხედულებების გამო, უარი უთხრა ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდიას და დაარსა მიწისქვეშა (ანდერგრაუნდ) ლეიბლი Industrial Records. მაღალი ხარისხის გაწმენდილი ხმის ნაცვლად, ჯენესისს და მის ჯგუფს შემოჰქონდათ ახალი ჟღერადობა, ხმაური. ეს იყო როკ მუსიკის ერთგვარი გარდაქმნა სიურეალისტური ხედვებითა და პროვოკაციებით. ისინი მრავალი ახალგაზრდის ინსპირაციის წყაროდ იქცნენ. ”ჩვენ ძალიან გვანრისხებდა პრივილეგირებული კულტურული და კლასობრივი სისტემა, განსაკუთრებით, ბრიტანეთში, რომელიც წამლავდა ყველას და ყველაფერს.”

ჯგუფის სიმღერები აღწერდა ტოქსიკურ გარემოს და მის ზეგავლენას ფიზიკურ სხეულზე, ადამიანის ყოფასა და მის რეაქციაზე გარემოს მიმართ. კაპიტალიზმი ფიზიკურად ანადგურებდა დასაქმებული ადამიანების სხეულს, ინდუსტრიალური მუსიკა კი მიმართული იყო სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ, სადაც ისმოდა ადამიანების, მათი პროტესტის ხმა.

Psychic TV-ის დაფუძნებისა და სახელოვნებო ოკულტისტური კოლექტივის შექმნის შემდეგ, ბრიტანული კონსერვატიული საზოგადოება მათ სატანისტებად მოიხსენიებდა. არაერთხელ გაჩხრიკეს პი-ორიჯის სახლის სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე. იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი ოჯახთან ერთად, რადგან პოლიციამ გამოუცხადა, რომ ვერ აძლევდა მათ უსაფრთხოების დაცვის გარანტიას. ”ამის საპასუხოდ, საუკეთესო გზად მიმაჩნდა ამერიკაში წასვლა და იმის დამტკიცება თითოეული ადამიანისთვის, რომ ჩვენც მათნაირი ვართ. ჩვენც მოაზროვნე და მოსიყვარულე ადამიანები ვართ.” – ამბობდა ჯენესისი. მოგვიანებით კი აღნიშნავდა, რომ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ახლა იგი უყვართ და ამერიკაც ძალიან კეთილი იყო მის მიმართ.

პი-ორიჯი ასევე უპირისპირდებოდა რელიგიის მიერ დაწესებულ დოგმებს, რომელიც ჩარჩოში აქცევდა ადამიანებს. მუსიკის გარდა, პი-ორიჯი ქმნიდა ინსტალაციებსა და ნახატებს, რომელიც სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში იკავებდა ადგილს.

 

 

 

ნიუ-იორკში ერთ-ერთი ვიზიტისას, როდესაც ჯენესისს ჯერ კიდევ Neil Andrew Magson ერქვა, იგი ხვდება ჟაკლინ ბრაიერს (ლედი ჯეის), რომელთან ერთადაც მოგვიანებით განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის. The Pandrogeny Project-ს. ”როდესაც ეს მშვენიერი არსება დავინახე, მაშინვე გავიფიქრე: სამყარო თუ მომცემს ნებას ამ ქალთან ერთად ყოფნის, ვიცი, ცხოვრების ბოლომდე მასთან ვიქნები” – ამბობს ჯენენსისი. მათი სიყვარულის ისტორია სრულიად უნიკალური იყო, ასევე ძალიან რომანტიკული და სევდიანიც. შვილის ყოლის ნაცვლად, მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ ერთი მთლიანი პანდროგენული ადამიანი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მათ გაიკეთეს პლასტიკური ოპერაციები (სახის, მკერდის და ა.შ.) რომლის მეშვეობით, ისინი თანდათანობით დაემსგავსნენ ერთმანეთს და ბოლოს იდენტიფიცირდნენ როგორც ერთი არსება – Breyer P-orridge.

ლედი ჯეი 2007 წელს გარდაიცვალა მუცლის ღრუს სიმსივნით. ”ჯერ კიდევ მგონია, რომ კარებში შემოვა და რაღაცას მეტყვის. ხანდახან ხმამაღლა ველაპარაკები ხოლმე” – ამბობდა ჯენესისი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჯენესის პი-ორიჯის დაპირისპირება სოციუმთან და უმრავლესობასთან დაცლილი იყო ყოველგვარი ზედაპირულობისა და თვალთმაქცობისგან. არ ეშინოდა, იყო უკომპრომისო და ბოლომდე სჯეროდა იდეების. მან შეძლო საკუთარი თავის (”მე”-ს) რეალიზება მრავალმხრივ და შეცვალა დამოკიდებულება სქესთან/გენდერთან მიმართებაში.

ავტორი: ნინო ბექაია

Netflix-ის ახალი დოკუმენტური ფილმი კონვერსიული თერაპიის სასტიკ ისტორიას მოგვითხრობს

/

Netflix– ის ახალი დოკუმენტური ფილმი Pray Away ანტი-ლგბტქ+ ორაგანიზაცია Exodus International-ის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონვერსიული თერაპიის ცენტრი იყო მსოფლიოში, სანამ ამავე ორგანიზაციის თანამშრომლის, რენდი ტომასის ძალისხმევით, 2013 წელს ეს ორგანიზაცია არ დაიხურა. დახურვიდან 2 წლის შემდეგ, ტომასმა საჯარო ქამინგაუთი გააკეთა და განაცხადა რომ გეია.

 

Pray Away-ის რეჟისორი ქრისტინ სტოლაკისია, აღმასრულებელი პროდიუსერები კი – ჯეისონ ბლუმი და რაიან მერფი. მერფი ასევე არის რეჟისორი ისეთი გახმაურებული სერიალებისა, როგორიცაა ‘’Ratched’’, ‘’American Horror Stories’’ და ქვიარ თემატიკის შემცველი სხვა ფილმები.

 

Pray Away მოგვითხრობს, თუ რა არის რეალურად კონვერსიული თერაპია და გვიჩვენებს, რომ ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ქვიარ და ტრანს პირებზე მიმართული დისკრიმინაციული პრაქტიკა, არამედ ზედმიწევნით კარგად შემუშავებული ათწლეულების წინანდელი პოლიტიკური მოძრაობაა, რომელიც ღრმად არის დაფარული ამერიკულ ფუნდამენტალიზმში. Pray Away-ში ნათლადაა გაცხადებული, რომ ადამიანებმა, რომლებმაც კონვერსიული თერაპიის პოპულარიზაცია მოახდინეს, ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. მათ ახლა თავიანთი ქმედებების სიმძიმე უნდა შეაფასონ.

 

კადრი ფილმიდან

 

ფილმში დეტალურადაა ასახული, როგორ დაფუძნდა Exodus International-ი. ორგანიზაციის დაფუძნების იდეა ხუთ გეი კაცს მოუვიდა. 1970-იანი წლების დასაწყისში ამ ადამიანებს არ შეეძლოთ თავიანთი შინაგანი გრძნობების შეჯერება რელიგიურ განწყობებთან. მათ რელიგია ეუბნებოდა, რომ მათი გრძნობები მათთვისვე იყო საზიანო, ამიტომ შექმნეს ქრისტიანული ჯგუფი, სადაც შეეძლოთ, ღიად ესაუბრათ გრძნობებზე, რათა გათავისუფლებულიყვნენ მისგან. ხუთკაციანმა ჯგუფმა, მათდა გასაკვირად, აღმოაჩინა, მთელს ქვეყანაში ქვიარ ქრისტიანების სხვა ჯგუფები გამოჩნდნენ. მათ მოაწყვეს კონფერენცია ყველა მცირე ჯგუფისთვის და ამ კონფერენციიდან დაიბადა Exodus International და თანამედროვე კონვერსიული თერაპიის მოძრაობა. ორგანიზაციამ წამოაყენა იდეა, რომ კონვერსიული თერაპია ეფექტური და აუცილებელი იყო ლგბტქ+ ადამიანებისთვის. ისინი სამოთხეში მოხვდებოდნენ, თუ Exodus-ის მსგავს ჯგუფებს მისცემდნენ საშუალებას, გაეკონტროლებინათ მათი სექსუალური მიზიდულობა და გენდერული იდენტობა. 1980-იან წლებსა და 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვიარ ადამიანები შიდსის კრიზისის შედეგად იხოცებოდნენ, მოძრაობის განვითარების ტემპები საგრძნობლად დაჩქარდა. მათ შიდსი გამოიყენეს იმის მტკიცებულებად, რომ ქვიარობა იყო არაბუნებრივი და არაწმინდა მდგომარეობა.

 

ამ ფონზე გამოჩნდა ქალი, სახელად ივეტ შნაიდერი, რომელმაც “უარყო” ქვიარობა და შეუერთდა კონვერსიული თერაპიით ქვიარ ადამიანების განკურნების იდეას და საჯარო გამოსვლებით მოიარა მთელი ქვეყანა. ფილმში ივეტ შნაიდერის პერსონაჟი აღიარებს, რომ მიუხედავად მისი კამპანიებისა, მისივე სქესის მიმართ მიზუდულობა არ გაქრობია.

კადრი ფილმიდან

Pray Away ძირითადად მოიცავს სიღრმისეულ ინტერვიუებს კონვერსიული თერაპიის აქტივისტებთან, რომლებსაც ახლა “ყოფილ გეებს” ეძახიან. ფილმში ასახულია, როგორ შეიწოვა ისინი მოძრაობამ, დაღეჭა და ამოაფურთხა. “ყოფილი გეი” გამომსვლელების კადრები გაერთიანებულია დღევანდელ ინტერვიუებთან. ძველ ვიდეოებში ისინი გაბრაზებულები და სასტიკები არიან.

ამერიკის 22 შტატში ჯერ კიდევ ლეგალურია კონვერსიული თერაპია. Pray Away–მ, შეიძლება ვერ წარმოადგინოს კონვერსიული თერაპიის პრობლემის ზუსტი გადაწყვეტა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მიღწევა შეიძლება იყოს ის, რომ შექმნას პლატფორმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაურჩნენ ამ სასტიკ პრაქტიკას.

წყარო: them.us

”დედა, მე გეი ვარ” – სუზან კოტრელის ბრძოლა შვილისთვის

‘მე დიდი და ტრავმირებული ოჯახიდან ვარ. 24 წლის ვიყავი, როცა მშობლები და სამი ძმა დამეღუპა. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ორი და მყავდა,თავს მაინც მიტოვებულად და მარტოსულად ვგრძნობდი. დიდ და ერთიან ოჯახზე ვოცნებობდი, რომელიც არასდროს მყოლია. მოუთმენლად ველოდი, როდის გავხდებოდი დედა – მეგონა, რომ ცხოვრება სრულყოფილი გახდებოდა. 26 წლის ასაკში რობს შევხვდი. მან სასიყვარულო სიმღერა მომიძღვნა. და სამი თვის შემდეგ დავქორწინდით. მართლა კარგი სასიყვარულო სიმღერა იყო!!! ერთი წლის შემდეგ, პირველი შვილი შეგვეძინა, შემდეგ კიდევ ოთხი. ერთ დღესაც, ადგილობრივ ბაზარში ერთი ხანდაზმული ქალი შემხვდა, მაშინ კრისი მხოლოდ ორი კვირის იყო, პაწაწინა, შეკრული მის  ცისფერ საბანში… ‘’ღმერთმა დალოცოს’’- მზრუნველი, თბილი მზერით შემოხედა კრისს… მე ცრემლები წამომცვივდა. ერთ დღეს ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და უცებ, მეორე დღეს დედა ხდები.

საოცარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული დედებს: დავიცვათ შვილები, აღვზარდოთ, ვიზრუნოთ და გვიყვარდეს უპირობოდ. მე, როგორც 5 შვილის დედამ, მალევე გავიაზრე, რომ შვილების აღზრდაში დიდ როლს ჩვენივე საზოგადოება და სოციუმი განაპირობებდა. ჩვენთვის ასეთი მოწესრიგებული და შესაფერისი ადგილი ეკლესია აღმოჩნდა. ხშირად ვიყავით ეკლესიაში,  ვასწავლიდით ბიბლიას მცირე ჯგუფებში, რობი მრევლის წინამძღოლი იყო და მე ვგალობდი. ბავშვებს ზოგად განათლებას სახლში ვაძლევდით, მერე რა, რომ არასდროს გვქონდა საკმარისი ადგილი შვილებისთვის – მჭიდროდ ვცხოვრობდით, თუმცა მაქსიმუმს ვაკეთებდით ჩვენი შვილებისთვის.

აი ენი, რომელიც ბიბლიას ასწავლის თავის თოჯინებს

ჩვენი საოცარი ბავშვები საოცარ ადამიანებად გაიზარდნენ. საზოგადოებას, ეკლესიასაც ვუყვარდით. ცხოვრება მშვენიერი იყო!

ერთ დღეს ტელეფონის ზარი გაისმა და ყველაფერი შეიცვალა. ეს იყო ენი, რომელიც კოლეჯიდან რეკავდა, ის 20 წლის იყო. მე აბაზანაში თეთრი კაფელის თაროს ვამშრალებდი: ‘’დედა, რაღაც მაქვს სათქმელი. მე გოგოები მომწონს. მგონი,  ბისექსუალი ვარ. დედა, ვლოცულობდი, ბევრჯერ შევეწინააღმდეგე საკუთარ თავს, მაგრამ არაფერი შეიცვალა, არსად ქრება!!!’’ ალბათ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამოვაფრიალე ცისარტყელას დროშა და სიხარულისგან შვილს ვუთხარი: ‘’ენი, რა შესანიშნავია, ჩვენ გვიყვარხარ და მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხარ”… მაგრამ ეს ასე არ მოხდა. იცით, მე არაფერი მქონდა ლგბტქ ადამიანების საწინააღმდეგო, მაგრამ ევანგელურ ეკლესიაში 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი,  რომ იყო გეი – არასწორია. მე ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ქალიშვილი და ვფიქრობდი, რომ უნდა დამეცვა. ამიტომაც ვუპასუხე: “ენი არ დანებდე, ჩვენ დაგეხმარებით, როგორც შევძლებთ.’’ ტელეფონი რომ გავთიშე, გული ჩამწყდა – ვიცოდი, რომ ჩვენ აღარასდროს ვიქნებოდით იგივე ჩვენს ეკლესიაში. მოგვიანებით, ბიბლიის გაკვეთილზე ეს ამბავი ჩემს უახლოეს მეგობრებს გავუზიარე იმ იმედით, რომ მანუგეშებდნენ. მაგრამ აშკარად შევცდი. პირდაპირ წესებისა და მორალის კითხვა დამიწყეს: “იყო გეი ცოდვაა და შენ მას ვერ მიიღებ”.

სუზანის შვილები

ვერ მივიღებ ჩემს ქალიშვილს? რას ნიშნავს ეს საერთოდ? განადგურებული ვიყავი. მივხვდი, რომ არჩევანის გაკეთებას მთხოვდნენ ჩემი ცხოვრების ორ უმნიშვნელოვანეს ნაწილს შორის: ჩემი შვილი და ჩემი ეკლესია. მე ავირჩიე ჩემი შვილი. ან სხვა არჩევანი მქონდა რამე? სანაცვლოდ დავტოვეთ ეკლესია, დავკარგეთ საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობდით. 8 წელი სიჩუმეში, ჩემი ეკლესიის გარეშე გავატარე, ნელ-ნელა რწმენაც კი ჩამომეშალა. ასე ვერ გაგრძელდებოდა, დავიწყე ყველაფრის კითხვა ბიბლიის შესახებ. სემინარიაშიც კი დავდიოდი. აღმოვაჩინე, რომ ქრისტიანების უმეტესობას აქვს მიმღებლობა ლგბტქ ადამიანების მიმართ. ამასობაში, ენიმ ნიუ -იორკიდან დარეკა: “დედა, მე ახლა ქალებს ვხვდები და ასეთი მშვიდი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ”. დიახ, ეს იყო, რისი გაგონებაც მე მინდოდა. სამი წლის შემდეგ, ენი სახლში ჩამოვიდა სტუმრად. ჩვენ სამზარეულოში ვიყავით, სალათს ვაკეთებდით საუზმისთვის და მან უცებ მკითხა: “დედა დარწმუნებული ხარ, რომ არ შეიცვლი აზრს და არ უარმყოფთ შენ და მამა?” გავოგნდი. არასდროს მიმიცია მიზეზი, რომ ასე ეფიქრა ენის. შემდეგ მან მიამბო მისი მეგობრის, ელისონის შესახებ. როდესაც ელისონი დაქამინგაუთდა, დედამ კიბიდან დააგორა და ჭურჭელი ესროლა. ეს იყო ნამდვილად განგაშის ზარი!!! ეს მხოლოდ ჩვენი პატარა ოჯახის კი არა, უთვალავი სხვა ოჯახების პრობლემა იყო. მოქმედების დრო იყო.  ქრისტიანი ქალების შეკრებაზე მომხსენებელი ამბობდა: ‘’შენ უნდა გააკეთო ის, რასაც ღმერთი გიხმობს, რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ღვთის სიტყვა კანონია”.  შესვენებაზე მივედი მასთან და ვუთხარი: “როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ყველამ უნდა ვაკეთოთ ის, რაც ღმერთს სურს, მე კი ღმერთი მეუბნება, რომ ვემსახურო გეი საზოგადოებას.”- ცხადია, მისთვის მოულოდნელი იყო ჩემი გამოსვლა: ‘’გსურთ, რომ დაეხმაროთ და სწორ გზაზე დააყენოთ ისინი, ხომ?“

LBGTQ ადამიანებს სცემენ, შეურაცხყოფენ, უარყოფენ, არცხვენენ. მშობლებს სთხოვენ, გააკეთონ არჩევანი მომთხოვნ ღმერთსა და საკუთარ შვილს შორის. ამ ყველაფერს საერთოდ არ აქვს კავშირი იესოსთან, ღმერთან და ღვთის სიყვარულთან. კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების მხარდაჭრის გარეშე დარჩენილი ტრანსგენდერი ახალგაზრდების 57% სუიციდს მიმართავს. როცა მშობლების მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს რიცხვი 4%-მდე მცირდება. 57-დან 4-მდე – აი, ეს არის მშობლების სიყვარული.

ვიცოდი, რომ როგორმე მშობლებთან უნდა მივსულიყავი. ამიტომ შევქმენი ბლოგი.

რაც მეტს ვწერდი, მით უფრო მეტ ადამიანს ვწვდებოდი. “როდესაც ჩემი ვაჟი დაქამინგაუთდა, საკუთარ თავს ვკითხე, სად დავუშვი შეცდომა?“; “ჩემი ქალიშვილი ლესბოსელია, ახლა მეშინია იმის, რასაც ხალხი იტყვის ჩვენზე.” ერთ დედას, კარენს, შეეშინდა, რომ მისი შვილი ჯოჯოხეთში წავიდოდა და თავადაც იგივე ბედი ელოდა, რადგან მხარს უჭერდა საკუთარ შვილს – მის მოძღვარს უთქვამს ასე. სახლში მოვიპატიჟე და ავუხსენი: არავინ წავა ჯოჯოხეთში. შენი ვალია, გიყვარდეს შვილი უპირობოდ!“ ახლა მისი შვილი საოცარი მოცეკვავეა, მან იპოვა საკუთარი თავი დედის მხარდაჭერით.

ჩემი პატარა ბლოგი გადაიზარდა ონლაინ დახმარების ჯგუფად, სადაც 3000-ზე მეტი დედა და მამა და 50-ზე მეტი ადგილობრივი რეგიონალური ჯგუფია, სადაც მშობლები პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს. ძალიან ბევრს დავეხმარეთ, გავაძლიერეთ. იყო ძალიან მძიმე შემთხვევებიც: ერთს ქამინგაუთის შემდეგ მშობლებმა დაუწვეს დემონსტრაციულად ყველა ნივთი, მეორე ლესბოსელ გოგოს მშობლებმა შავი ვარდები გაუგზავნეს იმის ნიშნად, რომ ის მათთვის მკვდარი იყო და ამას სიყვარულის სახელით აკეთებენ, იმისთვის რომ სწორ გზაზე დაეყენებინათ.

მე მშობლების გარეშე გავიზარდე, 9 წლის ასაკში მამა გარდაიცვალა, დედა კი დაიღუპა, როცა 23 წლის ვიყავი. ზუსტად ვიცი, რა გრძნობაა, როცა ოჯახის სითბო გჭირდება. სამწუხაროდ, ვერავინ ჩაანაცვლებს მათ. ზოგიერთი ლგბტქ ადამიანიც ასევე მარტოსულია ცოცხალი მშობლებით, მაინც მათ გარეშე უწევთ ყოფნა ისეთ მომენტებში, როცა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მშობლის თანადგომას: სკოლის ბოლო ზარი, ქორწილი, შეყვარებულთან ჩხუბის თუ უბრალოდ, დილით ყავასთან ჭორაობის დროს. მე ყველაზე კარგად მესმის მათი, ამიტომაც ვიტვირთე მათი დედობა. ისინი ჩემი შვილები არიან.

მშობლები FREEDHEARTS ორგანიზაციაში ლგბტქ ადამიანებისთვის მუდმივად მზადყოფნაში არიან.

ლინდა და ჟანეტი, ორგანიზაციის წევრი მშობლები, არიან ქესი და ქენდრას (ტრანსგენდერი ქალის) ქორწილში, ბიოლოგიური მშობლების ნაცვლად.

მე და რობიმ დავიწყეთ წყვილების დაქორწინება. დავდივართ პრაიდზეც, ხშირად გავცემთ ონლაინ კონსულტაციებს. ჩვენ, როგორც მოძღვრები, წარმოვადგენთ ღმერთის ხმას, სიყვარულის ხმას.

ეს სტეფანისა და სინდის ქორწილია

ერიკა და რაიანი

FREEDHEARTS ქომიუნითი დაარსდა 2013 წელს, ჩვენი მისიაა, ადამიანებს ვასწავლოთ სიყვარულის არსი, მივწვდეთ ყველას, ვინც აზიანებს თემს და სიყვარულისა და შემეცნების გზით ავუმაღლოთ ცნობიერება. ვიყოთ იმედი – მშობლებისთვის, ლგბტქ+, პედაგოგებისთვის, ეკლესიისთვის. საკუთარი თავისა და რწმენის გააზრება არის გზა ჭეშმარიტი სიყვარულისკენ: გიყვარდეს უპირობოდ და უყვარდე სხვებს.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო სივრცეებსაც. აქ იხილავთ პოდკასტებს, ბეჭდურ მედიასა თუ  youtube არხებს, სხვადასხვა რუბრიკებს LGBTQ+ თემისთვის, მათი მშობლებისთვის, ოჯახებისთვის, მოკავშირეებისთვის და საზოგადოებისთვის – თავისუფალი გულისთვის, რომელიც ცვლის სამყაროს.”

ანიტა ბრაიანტი მთელი ცხოვრება ლგბტქ+ ადამიანების წინააღმდეგ იბრძოდა, ახლა კი ბისექსუალი შვილიშვილი ჰყავს

ანიტა ბრაიანტის სახელი ჰომოფობიასთან ასოცირდება. 1970-იან წლებში, როგორც სამარცხვინო ანტი ლგბტქ+ ჯვაროსანმა, სასტიკი ომი აწარმოა ლგბტქ+ ადამინების უფლებების წინააღმდეგ, მისი კამპანიის სახელი იყო ‘’გადავარჩინოთ ჩვენი შვილები.’’ახლა კი, მისი გოგო შვილიშვილი ცოლად ქალს მიჰყვება.

სარა გრინი 21 წლის ასაკში დაქამინგაუთდა ბებიასთან. სატელეფონო საუბრისას, ბებია შვილიშვლის დაბადების დღეს ულოცავდა და უსურვებდა, რომ შესაფერისი ქმარი ეპოვა, რა დროსაც, სარამ ბებიას საიდუმლო გაუმხილა. ‘’ის არ წყვეტდა საუბარს შესაფერისი მამაკაცის შესახებ და მე უბრალოდ ავფეთქდი’’, – იხსენებს გრინი.

შვილიშვილის აღიარებამ ბრაიანტის დამოკიდებულებები ვერ შეარბილა. ‘’იმის ნაცვლად, რომ სარა მიეღო ისეთი, როგორიც არის, დედაჩემმა აირჩია ლოცვა’’, – დაამატა სარას მამამ. სარა მას შემდეგ ბებიასთან ურთიერთობას გაურბის – ‘’ძალიან ძნელია კამათი ვინმესთან, ვინც თვლის, რომ შენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი მხოლოდ ბოროტი ბოდვაა,’’ – თქვა გრინმა.

 

სანამ  ბრაიანტი თავის ცნობილ კამპანიას წამოიწყებდა, პოპ მომღერალი იყო. მისმა კამპანიამ დიდი ზიანი მიაყენა სხვადასხვა შტატში ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს. მომღერალმა კამპანია ფლორიდაში წამოიწყო, რათა ის კანონები გაეუქმებინათ, რომელიც ჰომოსექსუალთა უფლებებს იცავდა. ფლორიდა ერთ-ერთი პირველი შტატი იყო, სადაც აიკრძალა დასაქმებისა და ბინადრობის უფლების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.

ბრაიანტის კამპანიის მთავარი დევიზი იყო, რომ ‘’ჰომოსექსუალებს არ შეუძლიათ გამრავლება, ამიტომ ისინი უნდა შევცვალოთ’’. კამპანია ქადაგებდა რელიგიურ სიწმინდეს და მიზნად ისახავდა ბავშვების დაცვას ანტიქრისტიანული ღირებულებებისგან. ბრაიანტის მძვინვარე რიტორიკამ, მათ შორის, პრესკონფერენციებსა და რეკლამებში, სწრაფად მოიპოვა მიმდევრები.

ბრაიანტის ანტი-ლგბტქ+ კამპანიამ განაპირობა მაიამიში, დეიდის ოლქში, ანტიდისკრიმინაციული კანონის კენჭისყრაზე გაეტანა. მოსახლეობის  70% – მა მხარი დაუჭირა კანონის გაუქმებას, რის გამოც ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაცია კვლავ კანონიერი გახდა ამ მხარეში. ოლქმა ანტიდისკრიმაციული კანონის აღადგენა 21 წლის შემდეგ, 1998 წელს შეძლო.

მთელი რიგი ნეგატიური მოვლენების მიუხედავად, მისმა კამპანიამ დიდი როლი ითამაშა ქვიარ მოძრაობის გააქტიურებაში. 1977 წელს მოხდა ცნობილი შემთხვევა, როცა ანიტა ბრაიანტს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ქვიარ აქტივისტმა, ტომ ჰიგინსმა, სახეში ტორტი ესროლა.

ათწლეულების შემდეგ, ბრაიანტის შვილიშვილი ცდილობს გადაწყვიტოს, მიიწვიოს თუ არა ჰომოფობი ბებია თავის გეი ქორწილში.

წყარო: them.us

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განხილვა სექტემბრისთვის გადაიდო

საქართველოს პარლამენტს გუშინ უნდა ემსჯელა 5-6 ივლისს პრაიდის წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე, ასევე, ჟურნალისტებზე ორგანიზებული თავდასხმისა და დევნის ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღება სექტემბრამდე გადაიდო.

პარლამენტის ოპოზიციური დეპუტატი, ხათუნა სამნიძე, ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან გული მწყდება და ვბრაზობ კიდეც, ბოდიშს ვუხდით მე და ჩემი კოლეგები ყველა ჟურნალისტს, ვინც ამ კომისიას ელოდება.

მაგრამ გადადება ჯობდა, ვიდრე არასაკმარისი ხმების გამო ამ ინიციატივის დასრულება სრულიად (თუ ჩავარდება, შემდეგი 6 თვე ვეღარ დავაინიცირებთ) ან ჩავარდნის გამო დამნაშავისკენ თითის გაშვერა.

მაინც შევქმნით და გამოვიძიებთ, სექტემბერში იქნება შემდეგი სხდომა. იმედი მაქვს, უკვე საკმარისი ხმებიც მოგროვდება. დღეს ბოიკოტის გამო ბევრი არ ესწრებოდა სხდომას და რისკი იყო კენჭისყრაზე გატანა. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, მაგრამ 5-6 ივლისის გამოძიება იმდენად მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, დღეს თუ არა, ხვალ მაინც ვამხილოთ ეს მოძალადე ხელისუფლება!”

ლგბტქი აქტივისტმა, ნინო ბოლქვაძემ, საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადებასთან დაკავშირებით ”ქვიართან” კომენტარი გააკეთა:

“სამწუხაროა, როდესაც 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ვიწრო ჭრილში, ძირითადად, როგორც ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, ისე განიხილება და ამავდროულად, არ არის ნახსენები, რომ ამ დღეებში ლგბტქი თემის წარმომადგენლების მიმართაც იყო განხორციელებული დანაშაულები და სწორედ ამ ჯგუფის უფლებების ინსტრუმენტალიზება მოხდა ხელისუფლების მხრიდან ყველაზე საშიში გზით, რამაც მასობრივ არეულობებამდე, 50-ზე მეტი ჟურნალისტის დაზიანებამდე და ლექსო ლაშქარავას მკვლელობამდე მიგვიყვანა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დროულად შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და მე პირადად, ძალიან მიკვირს, რომ არ მოიძებნა 50 ოპოზიციური პარლამენტარი, რომლებიც კომისიის შექმნისთვის მივიდოდნენ დღეს პარლამენტში და ღილაკს ხელს დააჭერდნენ. ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო დღეს?! გამოძიებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის მომხდარი მოვლენებიდან მალევე იწყება. სექტემბერში ჩატარებული გამოძიება ეფექტური ვეღარ იქნება. ძალიან ფრუსტრირებული ვარ იმით, რაც მოხდა. ოპოზიციურ პარლამენტარებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.”

შესაძლოა, ახალი ზელანდია იყოს შემდეგი ქვეყანა, სადაც კონვერსიული თერაპია აიკრძალება

ახალი კანონპროექტი კრძალავს კონვერსიულ თერაპიას უმეტეს შემთხვევებში და მიმართულია LGBTQ+ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. კანონპროექტი ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის, ჯასინდა ანდერნის კამპანიის ნაწილი იყო.

‘’კონვერსიული თერაპიის ადგილი არ არის თანამედროვე ახალ ზელანდიაში,’’ – თქვა იუსტიციის მინისტრმა კრის ფააფოიმ როიტერთან საუბრის დროს. ‘’აღნიშნული პრაქტიკა დამყარებულია ცრურწმენაზე, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან გენდერული გამოხატვა შეიძლება იყოს დაზიანებული და საჭიროებს მკურნალობით ჩარევას.’’

კონვერსიული თერაპია არის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალდატანებით სექსუალური ორიენტაციის შეცვლას. თერაპიაში შესაძლებელია ჩართული იყოს ჰიპნოზი და ელექტროშოკების გამოყენებაც.

‘’ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რელიგიური ლიდერები და ადამიანის უფლებების დამცველები, როგორც ახალ ზელანდიაში, ასევე, მთელს მსოფლიოში, აფასებენ კონვერსიულ თერაპიას, როგორც მავნე პრაქტიკას, რომელსაც შეუძლია, გააძლიეროს ცრურწმენები, დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა ლგბტქ+ ადამიანების მიმართ,’’ – ამბობს ახალი ზელანდიის იუსტიციის მინისტრი.

კანონპროექტი კრძალავს თერაპიის ნებისმიერ მეთოდს, რომელიც ცდილობს, შეცვალოს 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან გენდერული გამოხატულება. აღნიშნული ქმედება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

კონვერსიული თერაპიის აკრძალვის პროცესები მიმდინაროებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: კანადა, ალბანეთი და გაერთიანებული სამეფო. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, ბრაზილიამ, ეკვადორმა, გერმანიამ, მალტამ და ტაივანმა – წარმატებით აკრძალეს კონვერსიული თერაპიის პრაქტიკა.

სოციალური მედიის პლატფორმებმა, ფეისბუქმა, ინსტაგრამმა და TikTok– მა, ახლახან დაიწყეს ისეთი შინაარსის პოსტების აკრძალვა, რომელიც ხელს უწყობს კონვერსიული თერაპიის პრაქტიკას.

ფოტო: Phil Walter/Getty Images

წყარო: them.us

7 ახალი სერიალი ქვიარ თემატიკაზე

გლობალური პანდემია, როგორც ბევრი სხვა სფეროსთვის, სატელევიზიო ინდუსტრიისთვისაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა – 2020 წელს შეჩერდა ბევრი სერიალის გადაღება, ზოგი საერთოდ გაუქმდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ინტერნეტ და საკაბელო ტელევიზიები ნელ-ნელა უბრუნდებიან ძველ რიტმს და უამრავ ახალ სატელივიზო შოუს გვთავაზობენ.

გთავაზობთ 7 ახალ ქვიარ სერიალს, რომლის სატელევიზიო პრემიერა 2021 წელს შედგა ან ახალი სეზონით დაგვიბრუნდა ეკრანებზე.

It’s a Sin

80-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოში შიდსის ეპიდემიამ იფეთქა, ვირუსი სწრაფად ვრცელდებოდა და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სხვადასხვა ქვეყნის მმართველი ძალები არაფერს აკეთებდნენ და ძალიან მალევე უმრავლესობამ დაიჯერა, რომ ეს ახალი ტიპის ვირუსი LGBT+ ადამიანების სასჯელი იყო ღმერთისგან.

2021 წლის ბრიტანული სერიალი სწორედ 80-იან წლებსა და ბრიტანეთის LGBT+ საზოგადოებაზე გვიყვება. ახალგაზრდებზე, რომლებიც ახალ ცხოვრებას იწყებენ ლონდონში და ჯერ კიდევ არ იციან, რომ ჰომოფობიაზე და პატრიარქატზე უფრო დიდი მონსტრი უახლოვდება სამყაროს ვირუსის სახით.

მინი-სერიალი სულ 5 ეპიზოდისგან შედგება და იდეალურად აცოცხლებს 80-იანი წლების დიდ ბრიტანეთს, ბრიტანეთის საზოგადოების სხვადასხვა ფენას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, სიყვარულისთვის და სიცოცხლისთვის.

Special

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ცხოვრება არა მარტო ჩვენს რეალობაში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც კი ბუნდოვანია, საზოგადოებამდე არ მიდის იმ ადამიანების ხმა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება.

სწორედ ამ სიცარიელის ამოვსების მცდელობაა სულ ახალი სერიალი Special, სადაც ცენტრალურ გმირად გვევლინება რაიანი, ახალგაზრდა გეი მამაკაცი, რომელიც მიუხედავად თავისი დიაგნოზისა (ცერებრალური დამბლა), ცდილობს, დაიწყოს დამოუკიდებელი ცხოვრება, იპოვოს საყვარელი საქმე და მამაკაცი.

კომედიური სერიალი ორი სეზონისგან შედგება და სულ სხვა კუთხიდან გვაჩვენებს სპეციალური საჭიროების მქონე პირების ცხოვრებას, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და დედისა და შვილის განსაკუთრებულ ურთიერთობას.

Halston

ალბათ, არ არსებობს ქვიარ ადამიანი, რომელსაც რაიან მერფის ერთი სერიალი მაინც არ უნახავს. American Horror Story-ის და American Crime Story-ის შემქნელებმა არც ამჯერად გაუცრუეს მაყურებელს იმედები და ცნობილი მოდის სახლის, ვერსაჩის დამფუძნებლის მკვლელობის ისტორიის შემდეგ, კიდევ ერთ ცნობილ დიზაინერზე, როი ჰალსტონზე შემოგვთავაზეს მინი-სერიალი.

ჰალსტონი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გახმაურებული დიზაინერი იყო, რომელმაც თავისი კარიერა ქუდების დამზადებით დაიწყო და მას შემდეგ, რაც მისი ქუდი ჯონ კენედის ცოლმა, ჯეკი კენედიმ ინაუგურაციაზე მოირგო, დიზაინერის წარმატება ერთი-ორად გაიზარდა.

მინი-სერიალი იდეალურად აღწერს ქვიარ დიზაინერის ცხოვრების უკანასკნელ წლებს, 70-იანი წლების ნიუ-იორკის გლამურულ საზოგადოებას, დაუსრულებელ წვეულებებს ცნობილ Studio 54-ში და მოდის სამყაროს, რომელიც ასე იტაცებს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში.

სერიალში მთავარ როლს ევან მაკგრეგორი ასრულებს.

Genera+ion

გიფიქრია, როგორი იქნებოდა შენი თინეიჯერობა, სკოლაში უფრო მშვიდი, ჰომოფობიისგან დაცლილი გარემო რომ გქონოდათ? როგორ განვითარდებოდა შენი ცხოვრება, თუ უფრო ნაკლებად შეიზღუდებოდა შენი სურვილები, გამოხატვის თავისუფლება, არავინ გეტყოდა – ეს არ ჩაიცვა, ასე არ მოიქცე, იმასთან არ იმეგობრო და ა.შ.

HBO Max-ის ახალი სერიალი Generation სწორედ ასეთ სკოლასა და იმ ამერიკელ მოზარდებზე გვიყვება, რომლებიც თანამედროვე სამყაროში თავიანთი გზის პოვნას ცდილობენ.

კომედიისა და დრამის ეს ნაზავი თავისი ფორმითა და შინაარსით იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს სერიალები სკოლის თემატიკაზე, ახალგაზრდებსა და მათ პრობლემებზე.

 

Why Are You Like This?

 

შესაძლოა, ცხოვრება 20-დან 30 წლამდე ქაოსს დამესგავსოს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ხარ, სულ ახლახანს დაიწყე ცხოვრება და ენერგიების ნაკლებობასაც არ უჩივი, ზრდასრულობაში თავით გადაშვება და სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა არც ისე მარტივია.

სწორედ ამ პრობლემებზე გვიამბობს 2021 წლის ავსტრალიური სერიალი, რომელიც ანთოლოგიის ნაწილია. კომედიური ჟანრის სატელევიზიო შოუში მოქმედება ქალაქ მელბურნში, 3 მეგობრის, პენის, მიას და ოსტინის გარშემო ვითარდება, მეგობრები ერთ სახლში ცხოვრობენ, დამოკიდებულები არიან ინტერნეტზე და ცდილობენ თავიანთი უნიკალური ხმის დაფიქსირებას.

BONDiNG

Bonding კიდევ ერთი ქვიარ სერიალია, რომლის მეორე სეზონიც წელს გამოვიდა და გვიამბობს ნიუ-იორკში მცხოვრებ სტუდენტ გოგონასა და მის გეი მეგობარ კომედიანტზე, რომლებიც ფულის შოვნის მიზნით სექს სამუშაოში ჩაერთვებიან და BDSM-ის მოყვარულ მამაკაცებს დომინანტების როლში ევლინებიან.

კომედიური ჟანრის სერიალი სექსის გარშემო არსებულ ძალიან ბევრ ტაბუს და სტიგმას ხდის ფარდას და იუმორისტულად აღწერს ახალგაზრდების მეგობრობას ნიუ-იორკში.

Young Royals

Young Royals შვედური თინეიჯერული სერიალია, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა ეკრანებზე. სერიალში მოთხრობილია შვედური სამეფო დინასტიის ყველაზე ახალგაზრდა წევრის, ვილჰელმის ისტორია, რომელიც მეფობის მეორე კანდიდატია.

ყველაფერი სამეფო სკანდალით იწყება, 16 წლის პრინცი ვილჰელმი თავისი სტატუსის შეუსაბამოდ იქცევა, სწორედ ამიტომ მონარქთა ოჯახი გადაწყვეტს, პრინცი ელიტურ, დახურულ სკოლაში გაგზავნონ. სკოლაში პრინცის გამოჩენას ყველა მოუთმენლად ელის, ყველას თავისი გეგმები აქვს მონარქთან დაკავშირებით, თუმცა ვილჰელმი მხოლოდ თავისი თანაკლასელი ბიჭით, სიმონით დაინტერესდება.

წინააღმდეგობებით სავსე თინეიჯერული დრამა ორი ბიჭის სიყვარულის ისტორიაზე იდეალური თავშესაქცევია მათთვის, ვისაც უყვარს სამეფო ოჯახების ცხოვრება და ქვიარ სიყვარულის ისტორიები.

#ტრანსფორმაციისისტორია: 100 ლარით დაწყებული ახალი ცხოვრება

Queer.ge წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას, სადაც ტრანსგენდერი ქალები და მამაკაცები მოყვებიან თავიანთ ტრანსფორმაციის ისტორიას. გაგვიზიარებენ ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობასთან და თავის მოვლასთან დაკავშირებულ გამოცდილებასა და დაკვირვებებს.

რუბრიკის პირველი სტუმარია 25 წლის ტრანსგენდერი ქალი, მარია კასენკო.

საპნის ოპერები და ოცნება ქალობაზე

ბავშვობაში ერთი სერიალი გადიოდა ტელევიზორში, სერიალის გმირი ჩაგრული, მოუწესრიგებელი დიასახლისი იყო, რომელიც სოფელში ცხოვრობდა და დაკარგული ჰქონდა ქალურობა, ერთ დღესაც ადგა, სოფლიდან გაქრა, რამდენიმე თვის შემდეგ სრულიად შეცვლილი დაბრუნდა და ყველა გააოცა. ბავშვობიდან მინდოდა, ასეთი რამე მეც გამეკეთებინა, გავმქრალიყავი იმ ქალაქიდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ერთ დღესაც დავბრუნებულიყავი შეცვლილი, დამერეკა ყველა ჩემი ნაცნობისთვის, ოჯახის წევრისთვის და მეგობრისთვის, გამეშალა წითელი ხალიჩა, ჩამეცვა ყველაზე ლამაზი კაბა და ყველა რომ შეგროვდებოდა, ჩამევლო ამაყსა და ლამაზს, გამეოცებინა ყველა და მეჩვენებინა ჩემი ნამდვილი სახე.

10-11 წლის ვიყავი, როცა ჰომოფობიური გარემო ვერ ავიტანე და სახლიდან წამოვედი, სახელმწიფომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მომანიჭა და გამოვიცვალე რამდენიმე თავშესაფარი, მერე ჩამოვედი თბილისში და გავიცანი ბიანკა, რომელიც პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო ჩემს ცხოვრებაში, თავიდან შემეშინდა, ვერ გავიგე, ქალი იყო თუ მამაკაცი, მერე დავუმეგობრდი და მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე.

ბიანკას გაცნობას მალევე მოჰყვა ემიგრაცია თურქეთში, მაშინ 14-15 წლის ვიყავი, გავიცანი უამრავი ტრანსგენდერი ქალი და მივხვდი, რომ ეს შეიძლება ჩემი ცხოვრებაც ყოფილიყო.

100 ლარით დაწყებული ტრანსფორმაცია და პირველი საჩუქარი ბიჭისგან

სტამბოლში ყველაზე ცუდ უბანში ვცხოვრობდი, სადაც არ იყო ელექტროენერგია, არ იყო ადამიანური პირობები, ქუჩაში ღამე ნარკოტიკებით მოვაჭრეები ანთებდნენ ცეცხლს და ამ პირობებში დაიწყო ჩემი ტრანსფორმაციის ეტაპები, მე ვიყავი ტრანსგენდერი ქალების გვერდით და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით, გვერდში ვედექით და ვიცოდით, რომ ერთად ყველაფერს შევძლებდით, სწორედ ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა იქ არ გამჭირვებია.

არ დამავიწყდება ის დღე თურქეთში ყოფნისას, როცა გადავწყვიტე მეგობარ ტრანსგენდერ ქალთან ერთად მაღაზიებში წავსულიყავი და მეყიდა ქალის ტანსაცმელი და სხვა თავის მოვლის საშუალებები, 180-200 ლირა დამჭირდა, რაც ქართულ ფულზე იმ დროს დაახლოებით 100 ლარი იყო. პირველი შენაძენი ყავისფერი პარიკი და თეთრი გეტრები იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მომწონდა როგორც გამოვიყურებოდი და მეგონა, იდეალური ვიყავი.

არც ის დღე მავიწყდება, როცა პირველად მივიღე საჩუქარი ბიჭისგან, 14 თებერვალი იყო, სიყვარულის დღე, მანამდე სულ ჩვენ, ბიჭები ვჩუქნიდით სკოლაში გოგოებს ყვავილებს სიყვარულის დღეს, იმ დღეს კი, სტამბოლში ერთმა ბიჭმა ვარდები მაჩუქა და პირველად ვიგრძენი თავი ქალად.

სტამბოლში ყოფნისას მქონდა ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, არაფრის მეშინოდა და მეგონა, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლიდა. შიში და კითხვები გაჩნდა მაშინ, როცა საქართველოში დავბრუნდი და შევეჯახე სასტიკ რეალობას, სადაც ადამიანი შენ წინ დგას და გეუბნება, რომ ახლა შენ ის მოგკლავს და გაგანადგურებს.

ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობა, ჰორმონოთერაპია და გზა, რომელსაც ყველა ტრანსგენდერი ქალი გადის

იმისთვის, რომ შეიცვალო სქესი, ჯერ აუცილებლად გჭირდება ფსიქიატრის დასკვნა, რომ შენ ნამდვილად ხარ ქალი, ამ პროცესის გავლას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დრო სჭირდება, ჩვენთან ამ მოწმობას ერთ დღეში გასცემენ, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ამ მოწმობის მიღებას 3, 5 ან 10 წელიც კი შეიძლება დასჭირდეს. მოწმობის აღების შემდეგ, უნდა შეიცვალო სახელი და სქესი პიროვნების დამადასტურებელ მოწმობაში, აქამდე ჩვენს ქვეყანაში სქესის შეცვლა პირადობაში შეუძლებელი იყო, თუმცა დღეს ეს უკვე შესაძლებელია.

ბიუროკრატიული პროცესების შემდეგ იწყება ჰორმონების თერაპია. ჰორმონების თერაპია ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, განვითარებულ ქვეყნებში გიტარდება სამედიცინო კვლევები და შენი ორგანიზმიდან და სურვილებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჰორმონები გენიშნება. ჰორმონების მიღების ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია. ჰორმონოთერაპიის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, არ შეიძლება ორგაზმი, თორემ ჰორმონები გარეთ გამოიდევნება. ჰორმონების მიღებისას, პირველად გრძნობ ძუძუს თავთან სიმაგრეს, მერე ეს გამაგრებული ადგილი სკდება და იწყება მკერდის გაზრდა.

სამწუხაროდ, საქართველოში ეს სფერო არ არის განვითარებული, არ გვყავს სპეციალისტები და ტრანსგენდერი ქალები მიმართავენ შავ ბაზარს, რათა შეიძინონ ჰორმონები და მერე სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე იღებენ ამ ჰორმონებს, რაც სავალალო შედეგით მთავრდება. ჰორმონებს აქვს უამრავი გვერდითი მოვლენა, ძილიანობა, სისუსტე და აზიანებს ღვიძლს, თუმცა ეს გვერდითი მოვლენები მაშინ ავლენს თავს, თუ ჰორმონების მიღება ხდება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. ექიმთან მჭიდრო კომუნიკაციით გვერდითი მოვლენების საშიშროება მინიმუმამდე მცირდება.

მიცხოვრია ბელგიაში და იქ აქტიურად ვიღებდი ჰორმონებს და მქონდა ძალიან კარგი შედეგი, 2-3 თვის სამყოფი ჰორმონები დაახლოებით 800 ევრომდე ღირდა და სახელმწიფო სრულად მიფარავდა ყველა ხარჯს. საუკეთესო შემთხვევაში, ჰორმონოთერაპიის დაწყება კარგია 13-14 წლის ასაკიდან. თუ ადამიანს გაუმართლებს და შეხვდება კარგი ოჯახი და დაიწყებს ჰორმონების მიღებას ადრეული ასაკიდან, მას აღარ დასჭირდება არანაირი პლასტიკური ჩარევა.

ჩემი ტრანსფორმაციის პროცესი დღემდე გრძელდება, ტრანსგენდერი ქალის ყოველი დღე ახალი ცხოვრებაა და ის ყოველი გაღვიძებისას ცდილობს, თავისი მამაკაცური სხეული მოარგოს თავის ქალურ სულს. ჩემი მიზანია, ჩემს გარეგნობაში იგრძნობოდეს ორივე სქესის შერწყმა, არ დავკარგო მამაკაცური სიმკაცრე და ქალური სინაზე, რომელიც ბუნებრივად დამყვება.

როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა

მე რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა და ტრანსფორმაციის ამ რთულ გზას არ დავდგომოდი, დღეს, ალბათ, იმ ადამიანების რიგში ვიქნებოდი, 5 ივლისს ჟურნალისტები მოსაკლავად რომ გაიმეტეს, ვიქნებოდი საკუთარ თავზე გაბრაზებული ადამიანი, რომელმაც ვერ გადადგა ნაბიჯი, ვერ გაბედა და ვერ შეცვალა თავისი ცხოვრება და ახლა ჩაგრავს სხვებს.

შევქმნიდი იძულებით ოჯახს, გავიუბედურებდი თავს და გავაუბედურებდი იმ გოგოსაც, ვისაც ცოლად მოვიყვანდი, ვიქნებოდი არასასურველ, უბედურ ქორწინებაში, აღარ ვიცხოვრებდი საკუთარი ცხოვრებით და ვიცხოვრებდი ჩემი მეზობლებისთვის, ნათესავებისთვის, ოჯახისთვის, რომლებსაც ეს მოლოდინები ჰქონდათ ჩემგან.

რჩევები იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ რთული გზის გავლას

თუ გრძნობ, რომ ხარ ტრანსგენდერი და აპირებ ამ გრძელი გზის გავლას, გამოიყენე ოჯახის რესურსები მაქსიმალურად, მიიღე განათლება, შეარჩიე შენთვის სასურველი პროფესია, შეიძინე უნარები, რომელიც სამომავლოდ გამოგადგება პროფესიულ საქმიანობაში. მესმის, რომ ყველაფერი ახლა გინდა, მაგრამ დაიცადე, სანამ არ იქნები უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი, არ გექნება შემოსავლის წყარო, სხვა შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი შეიძლება სექსსამუშაოში ჩართვა იყოს.

არ შეგეშინდეს საზოგადოების და მოემზადე, შენ ხშირად იგრძნობ თავს დამცირებულად, გარიყულად, დაჩაგრულად, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ჩვენგან განსხვავებით კანონი იცავს ტრანსგენდერ ადამიანებს, ისინი მაინც აწყდებიან პრობლემებს, მაინც არის დიდი მანძილი საზოგადოებას და ტრანსგენდერ ადამიანებს შორის და უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი ორჯერ და ოცჯერ უფრო მეტია აქ, ჩვენს ქვეყანაში.

ნუ ჩაერთვები სექსსამუშაოში, მე მჯერა, რომ მოდის ტრანსგენდერი ქალების ახალი თაობა, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ რეალობა და არ ჩაერთონ სექსსამუშაოში, მე ასეთი ცხოვრების წესმა ძალიან დამღალა და გამანადგურა, 25 წლის ვარ და ხანდახან მგონია, რომ 45 წლის ვარ,

ბებიაჩემი ამბობდა, ღმერთი არ გამოუგზავნის ადამიანს იმ განსაცდელს, რასაც ვერ გადალახავსო, მე ამის მჯერა და დაიჯერე შენც, ამაზე უფრო დიდი ტკივილებიც არსებობს და ნუ შეუშინდები საკუთარ ქალურობას ან მამაკაცურობას, რომლიც მიჩქმალვას და განადგურებას ცდილობს ყველა.

და ბოლო, ყველაზე მთავარი – არ დაივიწყო იმ ტრანსგენდერი ქალების შრომა, რომლებიც შენამდე გადიოდნენ ამ რთულ გზას. ნუ გგონია, დღეს რომ ცოტათი უფრო უკეთესი გარემოა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა, სანამ სალონში წახვალ და უპრობლემოდ გაივლი სხვადასხვა პროცედურას, გაიხსენე ის დრო, ჩვენ რომ სალონებში დავდიოდით, წინასწარ ვრეკავდით, ვკეტავდით სალონებს და მერე ერთად მივდიოდით, პირველად დღე რო მივედით სალონში, ეგეც მახსოვს, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, ბევრი სალონი ეპილაციაზე არ გვიღებდა, ეს ყველაფერი ვიღაცამ გააკეთა ჩვენამდე და ჩვენ ამის დაფასება უნდა ვისწავლოთ, შენ თუ არ გცემენ დღეს, ეს ყველაფერი იმ ვიღაცის დამსახურებაა, შენამდე რო სცემეს გუშინ, ადრე იყო მამუკა მაკა ტრანსგენდერი, რომლის ისტორიაც ყველამ მიივიწყა, მაგრამ მე მახსოვს კარგად მისი ისტორია. იმისთვის, რომ დღეს შენ უსაფრთხოდ იყო, ჩვენ ღამეები ვათენეთ საავადმყოფოში, მე ხელი გადამიჩეხეს, ზოგს კისერი გამოჭრეს, ვიღაცას იარაღი ჩატენეს პირში, ვიღაცა ქუჩაში მოკლეს, ამ ყველაფრის დავიწყება დანაშაულია.

მითები და სტიმგები ტრანსფორმაციის გარშემო

პირველი მითი ტრანსფორმაციის გარშემო არის ის, რომ აუცილებლად უნდა გაიკეთო ვაგინოპლასტიკა, ვაგინოპლასტიკის ოპერაცია ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია, განვითარებულ ქვეყნებში ვაგინოპლასტიკამდე მისასვლელად გჭირდება მრავალი წელი და უამრავი სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური პროცესის გავლა, ყველა ვერ უძლებს ამ ოპერაციას და რისკებს, რომელიც ვაგინოპლასტიკას მოჰყვება. ნუ მოუსმენ საზოგადოებას, რომელიც გაიძულებს, გაიკეთო ვაგინოპლასტიკა, თითქოს სხვანაირად სრულფასოვანი ქალი ვერ იქნები. მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს, თუ არ გინდათ ამ ნაბიჯის გადადგმა, არ გადადგათ.

ხშირად მეკითხებიან, ამ ტრანსგენდერ ქალს რატო არ ჰგავხარ, იმ ტრანსგენდერ ქალს რატო არ გავხარ – ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და ეს ინდივიდუალურობა ქმნის ჩვენს გარეგნობას და სილამაზეს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთნაირად ლამაზები ვიყოთ. მეორე ყველაზე გავრცელებული მითი ტრანსფორმაციის ისტორიის გარშემო ალბათ არის ის, რომ აუცილებლად უნდა გაიკეთო ბევრი პლასტიკური ოპერაცია და იყო თოჯინასავით ლამაზი, რატომ მავალდებულებ? თითქოს ლამაზი და იდეალური თუ არ ხარ, ვერ იქნები ქალი.

ტრანსგენდერი ადამიანების ხანდაზმულობა

ძალიან მაინტერესებს ვნახო, როგორია ქართველი ტრანსგენდერი ადამიანების ხანდაზმულობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არცერთ ტრანსგენდერ ქალს არ დასცალდა სიბერემდე მისვლა, მათი ცხოვრება ნაადრევად დაასრულა ტრანსფობიამ და ჩვენმა სახელმწიფომ, რომელიც ასე ახალისებს ძალადობას.

თუ ჩემი სიცოცხლე ხანდაზმულობის ასაკს მიაღწევს, მინდა, რო მშვიდი სიბერე მქონდეს, ვცხოვრობდე ქალაქისგან მოშორებით, პატარა კერძო სახლში, ვუვლიდე შინაურ ცხოველებს, მქონდეს ბაღი ყვავილებით და ჩემი განვლილი გზა კარგი მაგალითი იყოს ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის.

ფოტო: ვახო ქარელი