ივლისი 2021 - Page 4

ჩვენ ვიმყოფებით არა მხოლოდ პოლიტიკურ ბრძოლაში, არამედ კულტურულ ბრძოლაში – ლევან სუთიძე

”ფორმულას” ეთერში ჟურნალისტმა ლევან სუთიძემ კომენტარი გააკეთა:

”სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს (ლექსო ლაშქარავას), თითოეულ ჩემს კოლეგას და პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას, რომელიც არის საფრთხის წინაშე.

განსხვავებით 7 ნოემბრისგან, აქ იყო კიდევ ერთი ელემენტი – ეკლესიის, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა საქართველოში ყველა გამოკითხვით, მას წინასაარჩევნოდ და ახლაც აწყობს ეს სიმბიოზი. იქ რაც მოხდა, დედაქალაქის მთავარ მოედანზე, მოხდა ეკლესიის შესრულებით, ეკლესიის წახალისებითა და დაგეგმვით – ამას ისინი აკეთებდნენ კვირების განმავლობაში, ამისთვის იყენებდნენ ღიად პუტინისტურ ორგანიზაციებს, რომლებიც თავად შექმნეს.

არ უნდა აგვერიოს ეს ჯგუფები ქართული საზოგადოების ჰომოფობიურ განწყობებში. ჰომოფობიური განწყობები ქართულია, არსებობს, ნამდვილია და ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, მაგრამ ამას აკაპიტალიზებს რუსეთი და ამას აკეთებს ღიად – დუგინი აშეარებს ამ მკვლელებს, ფულს უგროვებს…

აბა, ვინ აფინანსებს ამ ხალხს? არცერთი მათგანი ეკლესიისგან შორს არ არის. წლების განმავლობაში ეკლესია ამ ხალხის წრეში ტრიალებდა. ვერ ნახავთ ვერც ერთ პრორუსულ გამოცემას, რომელზეც შეხვალ და არ აწერია, რომ გამოდის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ვერ ნახავთ ამ პრორუსული პუტინისტური ჯგუფების წარმომადგენლების ფეისბუქ გვერდს, რომელსაც არ ამშვენებს ერთი-ორი ფოტო პატრიარქის და ა.შ. ეს თავისთავად ცხადია, მათ ამწიფეს ეს სიძულვილი და მე ვიცი, რომ ამას ხელისუფლება იყენებს.

მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ დავაბალანსო ძალაუფლების ნებისმიერი ცენტრი, მათ შორის, ყველაზე ავტორიტეტული და საკრალური – კათოლიკოს- პატრიარქი ილია, ის არის პასუხისმგებელი. საპატრიარქო რაღაც ორგანიზაცია კი არ არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხომ არ ვაკრიტიკებთ ხოლმე, პრეზიდენტს ვაკრიტიკებთ. ის არის ამ ყველაფრის შემოქმედი, მან დანიშნა მოსაყდრე და ახალი ადმინისტრაცია, რომელიც უკვე ამ სისხლიანი საპატრიარქოს არჩევნების მარათონში შევიდა, მის ერთ-ერთ ლაქიასთან, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად, რომელიც ძალიან სარგებლობს ხოლმე წინასაარჩევოდ ამით, თუნდაც, გარეჯის თემას თუ დააკვირდებით.

ამ ნარატივს თუ დააკვირდებით, რომ ჩვენ ვართ ანტიქრისტიანები და ისინი არიან კონსერვატორები. უნდათ, რომ ეს კლასიკური დასავლური იდეოლოგიების დაპირისპირებად გაასაღონ. ესენი არიან რუსული ფაშისტები და აქეთ ვართ ქართული საზოგადოება ჩვენ-ჩვენი განსხვავებებით. ესენი არ არიან კონსერვატორები. გაგიკვირდებათ და კონსერვატორი ვარ მე – დასავლური კონსერვატიზმი დღეს არის აქცენტი გამოხატვის თავისუფლებაზე. ესენი არ არიან კონსერვატორები, ესენი არიან პუტინისტური ნაგავი.

პასუხი უნდა მოეთხოვოს პრემიერი ღარიბაშვილს, ამ ინტელექტუალურ ღრმულს და უკვე მკვლელს. და იმ ბირთვულ დებილს, თეა წულუკიანს, რომელიც იჯდა გუშინ და მედიის შეზღუდვაზე საუბრობდა.

ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც ქართული საზოგადოება მართლა ვართ არა მხოლოდ პოლიტიკურ ბრძოლაში, არამედ კულტურულ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში ან გადავრჩებით, როგორც საზოგადოება – ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, კირიონის საზოგადოება, ნამდვილი ქართველი ქრისტიანების საზოგადოება.

ვთქვათ, არ ეთანხმები ლგბტ ჯგუფს, მაგრამ რომ გეუბნებიან, მაგათ არავინ არ სცემსო, ეს ხომ დებილობაა?! ხომ ცხადია, რომ სცემს. ხომ ცხადია, რომ ცოტას შენც წაარტყამდი. პარაკლისს 5 საათზე აორგანიზებდნენ, რადგან არ იცოდნენ, როდის იქნებოდა პრაიდი და მერე პირველზე გადაიტანეს. ანუ მთელი დღე მღვდლებს უნდა ექნიათ საცეცხლურები იქ, რომ ვინმე ორი ფერადთმიანი გოგო არ გაპარულიყო რუსთაველზე და იმისთვის, რომ მერე ეს მომხდარიყო.

და მერე ამბობენ, რომ არ იცოდნენ და ძალადობას ემიჯნებიან. რას ემიჯნები?!

ეს რომ ყოფილიყო 2013 წელი, როცა არ იცი, რომ ვერ დააკავებ შენივე შექმნილ მონსტრებს, რომელბსაც ჯანი ერჩით, ჯიმში გამოწრთობილებს რაღაცნაირი ფაშისტური ელემენტებით მაისურებზე, სიგიჟით და რუსული ელემენტებით, კლასიკური პუტინისტური, შოვინისტური, ნაცისტური ესთეტიკით და შენ უყურებ ამ ადამიანებს. ეს გამოცდილება როცა გაქვს და მიგყავს ხალხი იქ, აბა, რას იზამენ?! მედიის სიძულვილი ვინ თესა? მათ არ თესეს ეს სიძულვილი?

ამ ყველაფერს უხილავი მსხვერპლიც ჰყავს – ქუჩებსა და გარეუბნებში განსხვავებული გარეგნობის გამო ნაცემი ადამიანები, რომლებსაც პოლიციასთან მისვლისაც კი ეშინიათ. ამისი პირველი მსხვერპლი კვლავ ლგბტქ ადამიანები არიან, რომლებსაც ჯოჯოხეთში აცხოვრებს საქართველოს საპატრიარქო და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სახელმწიფო. ადამიანებს ქუჩაში სცემენ და მათ ეშინიათ პოლიციაში დარეკვის.

ეს არის ბრძოლა მედიასთან, განსხვავებულობასთან და ქართულ ტრადიციასთან – მშვიდობის ქართულ ტრადიციასთან.”

ასეთი ნაცრისფერი არასდროს ყოფილა ხალხი

5 503 და 382 734 – ეს არის სტატისტიკა, ადამიანები გამოსახული რიცხვებში.

5503 ადამიანი დაიღუპა ბოლო 18 თვის მანძილზე და გვერდით რომ კოლოსალური რიცხვია – 382 734, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს რომელიმე მათგანისთვის სიცოცხლე დასრულდეს, აი, ახლა, ამ წამს. ეს არის კორონა ვირუსის შედეგებით დამდგარი კატასტროფა.

პირველ დღეებში, როცა საქართველოში ვირუსი ჯერ კიდევ არ იყო ფეხმოკიდებული, მახსოვს, როგორი შეშინებული ვიყავით ყველა, სრულიად საქართველო იყო პანიკაში და რაღაცნაირად ვგულშემატკივრობდით მსოფლიოს. ცოტა ხანში, საქართველოსაც დაერია ვირუსი და ყველა ერთიანად დავფაცურდით – ვდარდობდით ერთმანეთს, გვტკიოდა ახლობლების ტკივილი, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, იმ ადამიანების სიკვდილი, ყოველ დილით, 11 საათისთვის რომ აცხადებდნენ ბრიფინგზე. გვტკიოდა ერთმანეთი საერთოდ უცხო ადამიანებს.

დღეს დილით 11 ადამიანი შეიწირა კორონამ. ბოლო რამდენიმე დღეა, საშუალოდ, 20 ადამიანი იღუპება.

მერე? მერე სად გაქრა ეს თანადგომა, თანაგანცდა, არ ვიცი. გაუგებარ არსებებად ვიქეცით. ცივსისხლიან მკვლელებად როდის გარდავიქმენით?! იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ისედაც ბეწვის ხიდზე მყოფები, ერთმანეთს ჩვენივე ხელით ვხოცავთ, თითქოს არ გვყოფნიდეს ამდენი გარდაცვლილი, ჩვენვე ვუმატებთ. თითქოს არ გვყოფნიდეს ისედაც თავს დამტყდარი უბედურება, ჩვენვე ვკლავთ, ვაღვივებთ ბოროტებასა და სიძულვილს.

დიახ, ჩვენ ვართ ეს – საპატრიარქო, მთავრობა, სახელმწიფო, ერიც და ბერიც, თემში თუ თემის იქით. ისედაც ჩამოშლილს, ჩვენივე ხელით ვაცლით აგურებს, იქნებ, ბოლომდე დაიმხოს, წაგვლეკოს სიძულვილმა და მტრობამ.

დღეს ძალიან სევდიანი ვარ. როგორი ნაცრისფერი გახდა ეს ქალაქი, მივაბიჯებდი ქალაქში და მეტირებოდა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს გარიყულობა, ეს აგრესია, ადამინების მზერა, უნდობლობას რომ გიცხადებს მარტო იმიტომ, რომ მათი ხატის მსგავსი არ ვარ, რატომ ვატარებ ჩემთვის უძვირფასეს დროს ამ ქვეყანაში? იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სიკეთე და სიყვარული არის აპრიორი. ვისთვისაც ადამიანია ყველაზე დიდი ფასეულობა, ვერ გაჩერდება იქ, სადაც კლავენ განსხვავებული ფერის, ხედვის, მრწამსისა თუ ორიენტაციის გამო.

მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება, თავში საცემი გაგიხდებათ ხელი, რომლითაც მოკალით ლექსო, რომლითაც სცემეთ ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი, რომლითაც დაჩაგრეთ ჩემი ქვიარ მეგობრები, რომლითაც დღესაც ჩაგრავთ სუსტებს. ერთ დღესაც, გაიხედავთ და მხოლოდ თქვენ იქნებით და მერე? მერე იმ მოძალადეების მსგავსად, აი, იმ უბედური დავით კუტალაძის მსგავსად, თქვენითაც გაერთობიან: ჯერ მიგაქსევენ, თავისივე ბინძურ საქმეს თქვენი ხელით გააკეთებენ და მერე ციხეში გიკრავენ თავს.”

ქრისტინე ერგემლიძე

ფოტო: ვახო ქარელი

ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს! – მეღვინეები

/

საქართველოს პრო-დასავლელი მეღვინეები მიმართვას ავრცელებენ:

”საქართველოს მეღვინეები, ვინც ამ წერილს ვუერთდებით, მოგმართავთ ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი ღვინის მსმელებს, დამფასებლებსა და ჩვენი ცხოვრების წესის მცოდნე ხალხს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენი საქმიანობის ნიუანსების მცოდნე და თანამონაწილე ადამიანებს, პარტნიორებს, პროფესიონალებს, მოყვარულებს, ძველსა თუ ახალ თაობას. მოგმართავთ ადამიანები, რომლებიც ვაგრძელებთ, ვქმნით და წარმოვადგენთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრადიციას, მეღვინეობას, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და ქვეყნის სავიზიტო ბარათს.

ამ წერილის ხელმომწერთა უდიდესი ნაწილი ვართ მცირე მარნების მფლობელი მეღვინეები, ვისთვისაც, როცა ამ საქმეს ხელს ვკიდებდით, ძირითადი მიზანი არასოდეს ყოფილა ფულის კეთება. ამ საქმეს მივყვებით ჩვენი ქვეყნის, ტრადიციების სიყვარულით, სისხლში გამჯდარი ინტერესით მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ და იმის შეგნებით, რომ მნიშვნელოვან და დასაფასებელ როლს ვასრულებთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის განვითარების საქმეში, სადაც ჩვენს წილ აგურს პირნათლად ვდებთ.

საქართველოს აწმყოსა და მომავალს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვქმნით, ჩვენ ჩვენი სფეროების განვითარებითა და საუკეთესოდ წარმოჩინებით. ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლოდ ჭირდება მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა და განვითარება, რომ შევქმნათ თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისთვის აუცილებელი გრძელვადიანი პირობები. ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, შიდა დაძაბულობა ერთიანად გვაზარალებს როგორც მეღვინეებს, ისე ჩვენი ეკონომიკის თითოეულ სფეროს. პრობლემა იმდენად ჩვენს ჯიბეებზე ასახული ზარალი არ არის, რამდენადაც – თითოეული დარგის განვითარების შეფერხება, წლობით ნაშენები იმიჯის ჩამოშლა, ბაზრების დაკარგვა და ტურიზმის კვდომა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და კეთილდღეობაზე აისახება.

დასავლეთის ბაზრებზე გასვლა გადამწყვეტი იყო მეღვინეობის განვითარებისთვის. რუსული ბაზრებიდან იძულებითმა რეორიენტაციამ შესანიშნავი სამსახური გაუწია ჩვენი დარგის განვითარებას. დღეს ჩვენ არა მხოლოდ უფრო ძვირად ვყიდით ღვინოს, არამედ – ვაწარმოებთ გაცილებით უკეთეს პროდუქტს და მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს მსოფლიო ღვინის ოჯახში, საიდანაც ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ უსამართლოდ გაგვაქრეს. დღეს ჩვენ საქართველოს ეკონომიკის გაცილებით დიდ სეგმენტს ვკვებავთ, ვიდრე ეს შეგვეძლო 10-15-20 წლის წინ. ჩვენი დარგის განვითარება სისხლხორცეულად არის დამოკიდებული ჩვენს ღირებულებით და ბიზნეს კავშირებზე დასავლეთთან, რომელიც არის ცოდნის წყარო და იდეებითა და ახალი შემოქმედებითი იმპულსებით კვებავს საქართველოს მეღვინეობას.

როგორც ეკონომიკის, ისე ზოგადად საზოგადოების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში. თავისუფლება გადამწყვეტია ყველა ასპექტში – როგორც მორალური და ფილოსოფიური პრინციპი და როგორც განსაკუთრებული დინამიზმის მიმცემი საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროსადმი. მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა, მშვიდობა, სოციალური კაპიტალი… არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რაც მოაქვს თავისუფლებას საზოგადოებისათვის. ქვეყნისთვის საშიში და პრინციპულად სრულიად მიუღებელია, როცა საქართველოს იმიჯი, დინამიურად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დასავლური ქვეყნიდან გადაიქცევა შინააშლილობის, შეუწყნარებლობის, ქაოსის, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ჩვენი ეკონომიკის ყველა დარგს, მძიმედ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ამ წერილს ხელს ვაწერთ იმ იმედით, რომ საზოგადოება ნახავს სხვა ანალოგიურ გამოხმაურებებს სხვადასხვა პროფესიული წრეების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ვალია, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების საქმიანი და შემოქმედებითი ნაწილი მკვეთრად ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტანგაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ – უბრალო მოქალაქე.

ამ წერილზე ხელმოწერით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია საქართველოს განვითარება და თვითმყოფადობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლება, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფა, სამოქალაქო მშვიდობის დაცვა და განუხრელი ინტეგრაცია დასავლეთთან, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი ცივილიზაციური ადგილი. ჩვენ, საქართველოს მეღვინეები, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოველთვის ამ პრინციპების მიხედვით მივიღებთ პირად გადაწყვეტილებებს!”

ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების წერილი საქართველოს მთავრობას

/

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს მთავრობას პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილი გაუგზავნეს: 

”ბატონო მინისტრო,

მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით.

მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.

კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. 

მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.

ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. და ბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ.

ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები. ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

დაბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის.

ხელმომწერები:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო

ბელგიის სამეფოს საელჩო

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

დანიის სამეფოს საელჩო

ესპანეთის სამეფოს საელჩო

ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო

ირლანდიის საელჩოს

იტალიის რესპუბლიკის საელჩო

ლატვიის რესპუბლიკის საელჩო

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო

პორტუგალიის საელჩო

რუმინეთის საელჩო

საბერძნეთის საელჩო

საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო

სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო

უნგრეთის საელჩო

ფინეთის საელჩო

შვედეთის სამეფოს საელჩო

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო”

ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის სიმდიდრე – ლევან ტონაგანიანი

”მე ახლა მინდა, ვიდეო მიმართვა გავაკეთო ღარიბაშვილისა და ”ქართული ოცნების” მისამართით, მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია იმიტომ, რომ საუბარი არ შემიძლია, მაგრამ მე შემიძლია ვწერო, წერა არის ჩემი ძალა. ჰოდა, ამ პოსტით მივმართავ ღარიბაშვილს:

კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეს ქვეყანა არ არის თქვენი საკუთრება, ეს ქვეყანა არის, სომხების, აზერბაიჯანელების, ეს ქვეყანა არის უბრალო ხალხის, ეს ქვეყანა არის ლგბტ თემის, ეს ქვეყანა არის რელიგიური თუ არარელიგიური ადამიანების, მშიერი ბავშვების, გაჭირვებულების, ნარკოდამოკიდებულების, სექს-მუშაკების, მეშახტების, შშმ ადამიანების, ეს ქვეყანა არის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების, ეს ქვეყანა არის ყველა ადამიანის სამშობლო.

თქვენ ამასთან შეგუება მოგიწევთ. თქვენ უფლება არ გაქვთ, ეს ადამიანები მეორეხარისხოვან ადამიანებად შერაცხოთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ჩვენც გვაქვს უფლება, მოვითხოვთ ჩვენი უფლებები, ჩვენც ყველაფრის უფლება გვაქვს. ეს ნამდვილად არ ლახავს უმრავლესობის უფლებებს, თუკი მე ჩემი უფლებების დაცვა მოვითხოვე.

თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩუმებთ.

ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის სიმდიდრე.”

მიტროპოლიტის სამძიმარი ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სამძიმარს უცხადებს არა მარტო ლექსო ლაშქარავას ოჯახს, არამედ ყველა მის კოლეგასა და მეგობარს, რომლებმაც დაკარგეს შვილი, მეგობარი, ერთგული ადამიანი და პროფესიონალი:

“თქვე უღმერთოებო!!! როგორ მოკალით ახალგაზრდა კაცი ცემაში? – ეს არის ის, რაც ბუნებრივად მოდის ჩემი გულიდან. მაგრამ, მესმის, რომ ასეთი ტონი ოფიციალურ განცხადებას არ მიესადაგება.”

მიტროპოლიტის თქმით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილში ხელი ყველას აქვს გასვრილი: სახელმწიფოს, რომელმაც არ დაიცვა ის, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩუმად თუ ხმამაღლა ამართლებდნენ და ”გაგებით ეკიდებოდნენ” აგრესიულ თავდასხმებს.

”ლექსო ლაშქარავას სახით, მთელმა საზოგადოებამ დაკარგა საუკეთესო ადამიანი, რომელიც თავისუფლებისა და სამართლიანობის მხარეს იდგა. ის დღეს დგას იმ მსხვერპლთა გვერდით, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.“- ამბობს მიტროპოლიტი და 9 აპრილს დაღუპულ გმირებს იხსენებს, რომლებიც ასევე ქვეყნის მომავალს შეეწირნენ.

„დაე, ეს იყოს უკანასკნელი სისხლისღვრა, უკანასკნელი ძალადობა ჩვენს სამშობლოში, რომელიც არ იმსახურებს იმას, რომ მის მოქალაქეებზე რელიგიის, ღმერთის, ეკლესიის სახელით ძალადობდნენ.”- წერს მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

არავის აქვს უფლება, თავისი სისხლიანი ხელები ჩვენ შეგვაწმინდოს – ქრისტი ჭელიძე

აქტივისტი ქრისტი ჭელიძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფეისბუქზე წერს:

”სახელმწიფო აშკარად ცდილობს, ეს არნახული რბევა და სისასტიკე ”პრაიდსა” და სხვა არასამთავრობოებს გადმოაბრალოს, რომელთა ოფისებიც დალეწეს და ქუჩა-ქუჩა სდიეს მოსაკლავად ადამიანებს.

ისევ გვეუბნება, რომ არ გვაქვს უფლება, გარეთ გამოვიდეთ საკუთარ ქვეყანაში. აღვივებს და ახალისებს აგრესიასა და ძალადობას ქვიარებზე, პირველ რიგში. ამით ცდილობს, ქულები დაიწეროს მოძალადე, აგრესიულ, ულტრამემარჯვენე, ფუნდამენტალისტ ჯგუფებთან და როგორმე მათ პასუხისმგებლობა არ დააკისროს. აღარაფერს ვამბობ საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე – საერთოდ ამოღებულია ნარატივიდან.

ანუ გვცემეს, დაგვარბიეს, მოგვკლეს საპატრიარქოსა და ულტრამემარჯვენე მედიების წაქეზებულმა ადამიანებმა და დამაშავეები ისევ ჩვენ ვართ.

დამნაშავეა მსხვერპლი ამ ქვეყანაში! როგორც ყოველთვის!

ვთხოვ ყველას, ამოიღეთ ხმა და დაგვიდექით გვერდით. ჩვენ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი, ამაყი მოქალაქეები ვართ და არავის აქვს უფლება, თავისი სისხლიანი ხელები ჩვენ შეგვაწმინდოს, როგორც უმცირესობაზე! ვერ გააკეთებთ ამას! ვერა!”

დროებით, სიამაყევ. სალამი, სევდავ!

”ბოლო დღეების განმავლობაში, არაფერია ჩემთვის იმაზე რთული, ვიდრე აზრებისთვის ფორმის მიცემა. ყველაფერს ერთად ვფიქრობ, ყველაფერს ერთად ვგრძნობ – ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგოსაც. ალბათ კვირები, თვეები და წლები უნდა გავიდეს, რომ უკეთ შევაფასო თუ რა მოვიგეთ, რა დავკარგეთ, სად ვიყავით, სად ვართ და საით მივდივართ. იმედი მაქვს, როცა დრო მოვა, ამას ერთობლივად შევძლებთ ქვიარ თემი – ერთმანეთისთვის გამოცდილებების გაზიარებით და ერთმანეთის გამოცდილებების აღიარებით.

ჯერჯერობით, ქვიარ თემის ყველა მცდელობა, ჩაატაროს საჯარო აქცია, იქნება ეს 17 მაისი თუ მით უმეტეს პრაიდ მარში, ისეთ პროცესებამდე მიდის, რომელთაც ვეღარ ვაკონტროლებთ. მახსოვს, 5 ივლისამდე საკმაოდ მეშინოდა, თუმცა ყველაზე უარეს სცენარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმ ორგანიზებულ ტერორს, რაც ხელისუფლებამ და საპატრიარქომ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს. მეგონა, მაქსიმუმ, კვერცხებსა და პომიდორებს გვესროდნენ მასები უშვერი სიტყვების ფონზე. წარმოვიდგენდი, რომ დროშებს გამოგვტაცებდნენ ხელიდან და ამაზე იქნებოდა გაწევა-გამოწევა. რაც რეალურად მოხდა, ბევრად აღემატებოდა ჩემს წარმოდგენილ სცენარს. ალბათ, თქვენსასაც.

ვერშემდგარი, ძალადობრივად ჩაშლილი პრაიდ მარშის ზუსტად ერთი კვირის თავზე, პარლამენტთან მორიგი აქცია იმართება მკვლელი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. შეკრებილი ადამიანები ძირითადად საუბრობენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, განსაკუთრებით კი, ლექსო ლაშქარავაზე – გარდაცვლილ ოპერატორზე, რომელიც ამ პროტესტის სახედ არის ქცეული. ქვიარებს თითქმის არავინ გვახსენებს. ლაპარაკობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციურ მედიას ომი გამოუცხადა, რომ პუტინისტური დაჯგუფებები პირდაპირ ”ქართული ოცნების” მიერ არიან დაგეშილი, რომ შესაძლოა, მალე ირანში გავიღვიძოთ. მაქსიმუმ, ის თქვან, რომ ბოლო დღეებში გოგო-ბიჭებს ფერადი სამოსის ან განსხვავებული ვარცხნილობის გამო ესხმიან თავს. თუმცა არა! ქვიარებს მაინც არავინ გვახსენებს. თავად ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, რომლებიც წარბშეუხრელად გვაკავშირებენ ნაციონალურ მოძრაობასთან და ამასთანავე აცხადებენ, რომ ისინი უმრავლესობის ინტერესების გამტარი არიან. ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ სანამ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, არც პრაიდი იქნება დაცული და არც არავინ საერთოდ, ვინც რამით მაინც განსხვავდება უმრავლესობისგან. ისე კი, არც უმრავლესობაა რეალურად დაცული იმ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან, ქალაქში რომ ჯერ კიდევ დათარეშობენ.

ჩემი ბევრი არაქვიარი მეგობარიც კი ღიად ლაპარაკობს საქართველოდან წასვლაზე. იმაზეც, რომ ამ ქვეყანაში ვერ წარმოუდგენიათ ბედნიერი, მშვიდი ცხოვრება. ნეტავ ახლა უკეთ ესმით ქვიარების? ჩვენ ხომ ის გვინდოდა, ამ ქვეყანას მივეღეთ თავისი შვილები? ჩვენ ხომ მუდამ მხარს ვუჭერდით ყველა სხვა ჩაგრულს, უსამართლობასთან მებრძოლ ყველა სხვა ჯგუფს თუ ადამიანს? ჩვენ ხომ არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის გვინდოდა უკეთესი მომავალი? ახლა კი რა შეგვრჩა ხელში: უფრო მეტად გაბოროტებული ხელისუფლება, უფრო მკაფიოდ მოძალადე საპატრიარქო, უფრო უკეთ ორგანიზებული ფაშიზმი, მეტი ტრავმა, მეტი სევდა, მეტი ბრაზი და მეტი სასოწარკვეთა.

მსუბუქად რომ ვთქვათ, მძიმე სიტუაციაში ვართ. ვერც იმედისკენ მოგიწოდებთ და ვერც უიმედობისკენ. ისეთი დრო დაგვიდგა, მე თვითონ დღეში რამდენჯერმე შეიძლება შემეცვალოს განწყობა. ისიც არ მინდა, ვინმე ჩემი სევდით უიმედობაში ჩავაგდო. არც ის მინდა, ვინმეს ზედმეტი იმედი მივცე. მაინც ალბათ იმედი თავად უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის. რაც არ უნდა ბნელი ღამე დაგვიდგეს და რაც არ უნდა ჩამოვიღვენთოთ, მაინც უნდა ვეცადოთ, ჩვენი წილი გავანათოთ. იმედი ხშირად ქმედებაში იბადება.

კარგიც გავიხსენოთ: მე მაგალითად ბედნიერი ვარ, როცა მახსენდება, თუ როგორ ვაფრიალებდით პრაიდის დროშას პარლამენტის წინ 6 ივლისს, მეორე დღეს, სოლიდარობის აქციაზე. ვმღეროდით საქართველოს ჰიმნს და იმ მომენტში გვჯეროდა, რომ ჩვენი ადგილიც მოიძევებოდა ამ მიწაზე. რამდენიმე ათასი ადამიანი იყო გამოსული სოლიდარობისთვის. შესაძლოა, მათი ნაწილი პარლამენტთან იმისთვის მოვიდა, რომ ზოგადად დაეგმო ძალადობა და სინამდვილეში სულაც არ იყო უშუალოდ ქვიარ თემის მხარდამჭერი, თუმცა მაინც იქ მდგომმა საზოგადოებამ გამიჩინა მომავლის რწმენა. პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანი მომენტი იყო იმიტომაც, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გავბედავდი ამხელა საჯაროობას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მქონდა სიამაყის მომენტები. დღეს, მაგალითად, ყველაზე ამაყი ვარ მრევლის წევრი ქალით, რომელმაც მეუფეს სიტყვა შეაწყვეტინა და პასუხი მოსთხოვა საპატრიარქოს მხრიდან ძალადობაზე. ამაყი ვარ ასევე, რომ არსებობს რამდენიმე სასულიერო პირი, რომელიც გმობს ძალადობას და სოლიდარულიც კი არის ჩვენ მიმართ. ამაყი ვარ, რომ ვიცნობ ადამიანებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ვინც ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას უკეთესი მომავალი ჰქონდეს.

მაინც, სევდა ისეა ჩემში შემოჭრილი, დროებით ვემშვიდობები სიამაყეს.

მოვა დრო, მივესალმები ისევ.

ერთად მოვიყვანთ.”

თამარ ჯაყელი

ფოტო: ვახო ქარელი

ერთი მთლიანობა

”რატომ ჰგონია ვინმეს, რომ მისგან განვსხვავდები? დიდი ხანი არაა, რაც ადამიანებზე დაკვირვება დავიწყე, მაგრამ ამ მცირე პერიოდმა მიმახვედრა, რომ ერთი რაღაც – ჩვენში არსებული ცენტრი საერთო გვაქვს. 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამო, ერთი სული მქონდა გავცლოდი სივრცეს, სადაც ვიყავი, სოციალურ ქსელებს და იმ აგრესისას, რაც ჩვენდა უნებურად დატრიალდა თემის თავზე. თბილისი პრაიდზე გასვლას არ ვგეგმავდი, მეგობრებსაც ვთხოვე, თავი შეეკავებინათ, რადგან უკვე გვქონდა იმის გამოცდილება, როგორ ზარალდება მთლიანი თემი და განსაკუთრებით, ის წევრები, ვისაც ფუფუნება და ფინანსური ბერკეტები არ გვაქვს.

წავედით სოფელში მეგობრები, მოვწყდით საერთო აგრესიას, თუმცა მუდმივად მეშინოდა, რომ ვინმე ნაცნობს – თემის წევრს ან არაწევრს თავს დაესხმებოდნენ. არც შევმცდარვარ, გავიგე კიდეც ასეთი ამბები: ნაცნობის 56 წლის დედას ფერადი ტანსაცმელი გამო შეურაცხყოფა მიაყენეს; სექსმუშაკები მშვიდად ვეღარ გადიან სამუშაოდ, კლიენტები ახლა მათზე ძალადობენ; ნაცნობ წყვილს, ქუჩაში რომ სეირნობდა, თავს დაესხნენ.

6 გოგო წავედით სოფელში. ავტოსტოპით ვერ გავბედეთ ამ ამბების ფონზე. მანამდე ყოველთვის ავტოსტოპს ვიყენებდით, რისკი მაშინაც იყო. დაცულები არ ვართ, როგორც ქალები და მითუმეტეს, როგორც თემის წევრები. ყველას გვეტყობოდა გადაღლა, აღარ გვსურდა ამ თემაზე საუბარი, როცა ქარელში ჩავედით, თავს ვიმხნევებდით და ერთმანეთს კომფორტს ვუქმნიდით – ბუნებამაც გვიმკურნალა.

ქალაქში კი ამ დროს, ჩვეულებრივი ნადირობა მიდიოდა. აი, ახლაც როცა ამას ვწერ, ავსქროლე ფეისბუქი და ამომიგდო, როგორ დაესხნენ თავს ადამიანს ( შესაძლოა, თემის წევრს), ინციდენტი ღამით მოხდა, მას ჩაცმულობის გამო დაუპირისპირდნენ. მანამდე კი გოგონაზე იძალადეს ფერადი ჩანთის გამო.

სახელმწიფოს არ აწყობს ჩვენი დაცვა, პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. ნეიტრალურად განწყობილი საზოგადოება, სამწუხაროდ, ამ ამბებმა ჰომოფობიისკენ გადახარა. მე მჯერა, რომ გვაქვს შანსი ადამიანებს ნელ-ნელა მივაწოდოთ ინფორმაცია, პარალელურად, გავაძლიეროთ თემის წევრები და ვიმუშაოთ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც არაფრით არიან ჩვენგან განსხვავებულები, უბრალოდ, გაიზარდნენ ისეთ გარემოში, სადაც სიძულვილი და ძალადობა წახალისებულია.

ორივე მხარე ვალდებული ვართ, ერთმანეთის მანკიერებები დავინახოთ, დიალოგში შევიდეთ ჯანსაღი კომუნიკიით. თუმცა უფრო ვალდებული სახელმწიფოა, რომ მსგავსი ღონისძიებები გაატაროს, ვიდრე – ჩვენ. ეს მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომელსაც თავს ნამდვილად ვერ ართმევს. დიალოგი არა პრორუსულ ძალებთან ან ქრისტეს სახელით მოძალადე მრევლთან, რომლებიც ცდილობენ, სიტუაცია კიდევ უფრო არიონ და ისარგებლონ ამ მდგომარეობით, არამედ იმათთან, ვისთვისაც სიყვარული უცხო არაა, უბრალოდ, სტერეოტიპებისა და ხალხში გავრცელებული ცრუ ხმების გამო, ჩვენი ეშინიათ ან ვეზიზღებით, ან საკუთარ თავში ვერ მიუღიათ ის, რაც ჩვენშია. ამის შეცვლა ყოველთვის შეიძლება სწორი მიდგომით. მე მჯერა, რომ ნელა და მშვიდი ნაბიჯებით საზოგადოების შეცვლა შეგვიძლია.

იყო დრო, როცა კომუნიკაციაში არ შევდიოდი ადამიანებთან, ვბრაზობდი. ახლა მაქვს იმდენი ემოციური რესურსი, თითოეულ მათგანს მოვუსმინო და ჩემი აზრი გავუზიარო. სწორი მიმართულება მივცე, მეც მოვისმინო მისგან კრიტიკა და არგუმენტებით შესაძლებლობა მივცე, გადააფასონ. ბუნებრივია, ეს მარშით ვერ მოხდება. ამისთვის სხვა გრძელვადიანი სამუშაოებია საჭირო, დროში გაიწელება, მაგრამ უფრო უმტკივნეულო და ეფექტური იქნება შედეგები. მე ახლა ყველასთვის ვწერ, მხოლოდ ჰომოფობებისთვის ან ნეიტრალურად განწყობილი ხალხისთვის არა, თემის წევრებისთვისაც. თუმცა ისიც მესმის, რომ თემის წევრებს იმდენი რესურსი არ აქვთ, მშვიდად მოისმინონ ნეგატური და აგრესიული კომენტარები მათზე.

ეკლესიასთან შეხება ძალიან მტკივნეულია. მჯერა, თითოეულ ადამიანში არის სიყვარული, რომელსაც გამოთავისუფლება და გასხივოსნება სჭირდება. საპატრიარქოს ბანდა კი ნამდვილად ისეთ ჯგუფს აერთიანებს, სადაც არავის ხმა არ ისმის – მხოლოდ დემენტორების ენერგია მოდის, რომელიც საოცრად წამლეკავია იმ ადამიანებისთვის, ვისაც რაიმე ნიშნით განასხვავებს საზოგადოება.

აი, ახლაც, მათი წახალისებით უდანაშაულო ოპერატორი გარდაიცვალა. ტრაგედია დატრიალდა და ეს სახელმწიფოს და საპატრიარქოს კისერზეა. ისინი ერთმანეთს ხელ- პირს ბანენ და საბოლოოდ, მათი მიზანი ბუნდოვანია – სიყვარულის ნამდვილად არ უსხამენ წყალს. ჭაობში იძირებიან, მრევლს კარგავენ და მაინც არ ცვლიან მავნებლურ და ბრუტალურ ძალის დემონსტრირებას. საპატრიარქოში მყოფი მღვდლები, რომლებიც საერთო სისტემას მხარს არ უჭერენ, ჩუმად არიან, მაინც თანამონაწილეები არიან, ისინიც ძალადობის წისქვილზე ასხამენ წყალს.

ბრუტალური ძალა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არაა საზოგადოება. ჩვენი საზოგადოება ბევრად ბრძენი, მიმღები და ტოლერანტულია. ამას ვხედავ ადამიანებში, რომლებთანაც პირად დიალოგში შევდივარ. დიალოგის დროს, ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ არავის აქვს უფლება, ვინმეს უკონტროლოს პირადი ცხოვრება, მეტიც, ისიც კი უთქვამთ ადამიანებს ჩემთვის, რომ აქამდე ამაზე არ უფიქრიათ. არ უფიქრიათ, როგორ სტრესულ სიტუაციაში ვართ ოჯახში, როცა პარტნიორს მეგობრებს ვაცნობთ, როგორ ვღელავთ და განვიცდით და ბოლოს, არ უფიქრიათ იმაზე, რომ საერთო ეკონომიკური, სოციალური პრობლემები გვაწუხებს ყველას და მნიშვნელოვანია ამას დავუპირისპირდეთ. არ გამოვაყენებინოთ თავი ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ არ მოხდეს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაფარვა. ამავდროულად, სახელმწიფოს მოვთხოვოთ თემის წევრების დაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა ყველასთვის და ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედება.

ადამიანზე ფასეული არაფერი არსებობს, არც ერთი იდეოლოგია და არც ერთი ჭეშმარიტება. ყველაფერი, რასაც მოვიპოვებთ ისევ ადამიანისთვის უნდა გვემეტებოდეს. ესაა ყველა რელიგიის საერთო ღირებულება, თუ სხვა რამეს გეტყვიან, დაფიქრდით, თქვენში არსებულ ცენტრს მოუსმინეთ, სხვის ადგილას დააყენეთ თავი: განა ბედნიერს გხდით სხვისი ზიზღი? განა ძალადობა ჰარმონიაში გაგდებთ? არა, რა თქმა უნდა.

უნიკალური არსებები ვართ ადამიანები, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილები, და ჩვენი მხარეებად დაყოფა კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება კაცობრიობის წინაშე. ეს არავისთვის არ იქნება სასარგებლო.

მთავარია, ძალადობის წამხალისებელ ინსტიტუციებსა და უწყებებს მოეთხოვოთ პასუხი.

ქვიარ თემში, რა თქმა უნდა, აზრები იყოფა, არ ვართ ჩვენ ერთი მთლიანობა, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ინდივიდებისგან შევდგებით, ნაწილი მხარს უჭერდა პრაიდს, ნაწილი – განდგომილი იყო, ნაწილს კიდევ არ აქვს საკუთარი ორიენტაცია გაცხადებული. დროა, თემის წევრები დავსხდეთ და შევჯერდეთ, როგორ აღმოვფხვრათ ჩვენი პრობლემები. ვაიძულოთ სახელმწიფო, არა მხოლოდ როგორც თემის წევრი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე, ისე დაგვიცვას.

ალბათ, ახლა ყველამ დავინახეთ, რომ სხვა სტრატეგია გვჭირდება, ისეთი რომელიც თითოეულს აუხელს თვალს და უკეთესი მომავლის დაგეგმვაში დაგვეხმარება.”

სალომე ჩიმჩიური

მინდა მჯეროდეს, რომ მალე ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის ადგილი აღარ იქნება – თამარ აგათა კაპანაძე

თამარ აგათა კაპანაძე – იურისტი, ადამიანის უფლებთა აქტივისტი, Tbilisi Shelter City კომუნიკაციების მენეჯერი:

”პრაიდ კვირეულმა და თანმდევმა მოვლენებმა ბევრი რამ დამანახა, პირველ რიგში ის, რომ ქვიარ თემის მხარდაჭერა და ხილვადობა გასულ წლებთან შედარებით, საგრძნობლადაა გაზრდილი.

ძალიან ამაღელვებელი იყო იმის დანახვა, თუ რამდენი ადამიანი უცხადებდა მხარდაჭერას “თბილისი პრაიდს” და ღირსების მარშს. თუმცა დავინახე მოუთოკავი სიძულვილიც და ის, რომ არ არსებობს ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვის პოლიტიკური ნება. ჩემთვის, როგორც ქვიარ თემის მხარდამჭერისთვის, ადამიანის უფლებათა აქტივისტისთვის და უბრალო მოქალაქისთვის, შემაძრწუნებელი და ურთულესი იყო 5 ივლისის ძალადობისთვის თვალის გასწორება. სასტიკი თავდასხმა ჟურნალისტებზე, TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ქუჩაში ხალხის დევნა პირსინგის გამო – ასე მგონია, დისტოპიაში გავიღვიძე და გამოფხიზლებას ჯიუტად ვცდილობ. საპატრიარქოსა და ხელისუფლების მიერ წახალისებული სიძულვილის ჯგუფების აღუკვეთავი თარეში რომ არა, ეს რეალობა არ გვექნებოდა.

ეს დღეები საოცრად წინააღმდეგობრივი ემოციებითა და ამბებით იყო სავსე – დიდი სიყვარულით, თავისუფლებით, სოლიდარობით, სიძულვილითა და სისასტიკით. შეგრძნებებით, რომელიც დიდხანს გამყვება. მინდა მჯეროდეს, რომ მალე ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის ადგილი აღარ იქნება. დავაფასებთ ჩვენს მრავალფეროვნებას და ყველა შემდეგი მარში ღირსებისთვის მშვიდ და ტოლერანტულ გარემოში ჩაივლის.”