ივლისი 2021 - Page 6

ვერ ააშენებ სახელმწიფოს და ვერ დაიცავ ხეობას, თუ არ დაიცავ ადამიანს – თამარ გურჩიანი

/

”რიონის მცველების” განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისი პრაიდს ემიჯნებიან, იურისტი თამარ გურჩიანი ფეისბუქზე გამოეხმაურა.

”ვერ ააშენებ სახელმწიფოს და ვერ დაიცავ ხეობას, თუ არ დაიცავ ადამიანს. არ არსებობს ისეთი საერთო სიკეთე, რომლის მისაღწევადაც ადამიანის დაჩაგვრა და უგულებელყოფა დასაშვებია, მით უმეტეს, იმ ადამიანის, ვინც უკვე გასრესილია უმრავლესობის მიერ.

ყველამ ვიცით, რომ 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1852 წლის 5 ივლისს ფრედერიკ დუგლასმა, თქვა ცნობილი სიტყვა: “რას ნიშნავს 4 ივლისი მონისთვის?” (What to the Slave Is the Fourth of July?) ამ დროისთვის მეცამეტე შესწორება (1865) ჯერ არ მიეღოთ და შავკანიანები ჯერ კიდევ მონობაში ცხოვრობდენ.

“რა არის ამერიკელი მონისთვის თქვენი 4 ივლისი? მე გპასუხობთ: დღე, რომელიც მას წელიწადის სხვა დღეებზე მეტად ანახებს იმ მძიმე უსამართლობას და სისასტიკეს, რომლიც მუდმივი მსხვერლიც თავად არის”.

“What, to the American slave, is your 4th of July? I answer; a day that reveals to him, more than all other days in the year, the gross injustice and cruelty to which he is the constant victim.”

რიონის ხეობის გადარჩენისთვის გამარჯვებას გისურვებთ, მაგრამ, გთხოვთ, დაფიქრდეთ, რას ნიშნავს თქვენი გამარჯვება სხვებისთვის.”

”რიონის ხეობის მცველებმა” დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეულის იდეა ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობრივი ჰომოფობია – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

/

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე პრაიდის კვირეულსა და დაგეგმილ ღირსების მარშს ეხმიანება. ის ამბობს, რომ ”საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობრივი ჰომოფობია და აზრის და სიტყვის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება მიეცეს ყველას, თუ ეს კანონით აკრძალული არაა და სისხლის სამართლის დანაშაული არაა.”

დეკანოზი ასევე საუბრობს პრაიდის მოწინააღმდეგეთა გამოხატვის თავისუფლებაზეც, რომ ყველა ჯგუფს აქვს უფლება გამოხატოს თვისი პოზიცია, მაგრამ ხაზს უსვამს მის ფორმებსა და კანონთან შესაბამისობას – ”ყველა მორწმუნეს და ტრადიციონალისტს აქვს უფლება, მშვიდობიანი და ლოცვითი აქციით გააპროტესტოს პრაიდი და პრაიდის იდეები, მაგრამ რაც გუშინ ვიხილეთ, პროტესტანტების მხრიდან, ეს არაა ქრისტიანობა და სულიერება, ესაა სიველურე და სამართლის დარღვევა.”

ილია ჭიღლაძე ყურადღებას ამახვილებს ულტრამემარჯვეენებისა და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ხშირად გამოყენებულ გზავნილზე, რომ თითქოს, პრაიდის გავლენით შესაძლებელია ადამიანს ორიენტაცია შეეცვალოს და ბავშვებზე გავლენა მოახდინოს – ”იყო დრო, როდესაც მეც ისევე ვფიქრობდი, როგორც ეს ქსენოფობიური ჯგუფები და მიმაჩნდა, რომ პრაიდის მოწყობა ქვეყნის და ერის დაქცევას უდრის, მაგრამ დღეს ვაანალიზებ, რომ ასეთი მიდგომა არის უკიდურესად პრიმიტიული და უაზრო რამ: გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ტრადიციული ფასეულობებისათვის და ქრისტიანობისათვის, ყველა მიმდინარეობას აქვს ქადაგების და პროპაგანდის სამართლებრივი უფლება, თუ კონკრეტული რამ კანონით აკრძალული არაა. ქრისტე თავის ფასეულობებს ქადაგებით ავრცელებდა და არა ძალადობით, ან ვინმეს რეპრესირებით. შეუძლებელია, პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს. მოწოდებები, რომ “ლგბტეები პრაიდით შვილებს გვიპიდარასტებენ” არის უკიდურესად პრიმიტიული გონებაჩლუნგობა, რაც მხოლოდ საკუთარ მორალურ სიმხდალეს და არამდგრადობას ავლენს და შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ და სხვის შვილებს. ვერავინ ვერ “გააპიდარასტებს” ჩვენს შვილებს, თუ ეს მათი პირადი სურვილი და არჩევანი არაა, ეს უნდა შეუშვას ტვინში ყველამ და გაანალიზოს. ვერც ძალით აიძულებს ვერავინ შვილს ჰეტეროსექსუალობას, ესეც უნდა გაიაზროთ და გამოხვედით პუტინისტური იდეოლოგიზირებული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების ტვინების რეცხვის გავლენებიდან.”

დეკანოზი, აგრესიული ჯგუფების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს მათი დაფინასების წარმომავლობაზე და მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ დაფინანსების წყაროების შეჩერებას.

ეკლესიის გზა კონსერვატიზმიდან სრულ მიმღებლობამდე

როცა ჩვენს სამრევლოზე რამდენიმე ტელევიზიამ სიუჟეტი გააკეთა, შეგნებულად მოვერიდე იმის აღნიშვნას, რომ ჩვენთან დაშვებულია ერთნაირსქესიანი წყვილების ჯვრისწერები. ამით შევეცადე, კიდევ უფრო დიდი აგრესიისაგან დამეცვა ჩვენი ეკლესიის მცირე, მაგრამ მორწმუნე თემი. დღეს კი, როცა პრაიდის კვირეულის გამო ლგბტქ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ესოდენ დიდ აგრესიასა და დაბრკოლებას გადააწყდნენ, მხარდაჭერის ფორმად ვთვლი მოვყვე ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიქმნა კონსერვატორული ეკლესია მიმღებლურ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტოლერანტულ ქრისტიანულ ეკლესიად.

2018 წელს საქართველოში დაარსდა ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესია, რომელიც კულტითა და დოქტრინით ტრადიციულია, ხოლო სოციალური მოძღვრებით (დამოკიდებულება ქალების მიმართ, დამოკიდებულება ლგბტქ ადამიანებისადმი და მათი როლი ეკლესიაში…) პროგრესული და ლიბერალური. წმინდა ნინოს სახელობის ეპისკოპალური სამრევლო ნაწილია ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიისა, რომელშიც დაშვებულია ქორწინების თანასწორობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ეკლესიაში ერთნაირსქესიან წყვილებზე ჯვრისწერის საიდუმლო აღესრულება და ისინი სრულად არიან ჩართულნი საეკლესიო ცხოვრებაში. შესაბამისად, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ანგლიკანური/ეპისკოპალური სამრევლო ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში, რომელშიც ლგბტქ ადამიანებს შეუძლიათ, არა მარტო დაცულად და სრულად თანასწორად იგრძნონ თავი, არამედ მათ აქ ჯვრისწერის შესაძლებლობაც ეძლევათ, რაც ამ ეკლესიას საქართველოს მრავალფეროვან რელიგიურ გარემოში განსაკუთრებულს ხდის.

ეპისკოპალური ეკლესია არის ”ანგლიკანური თანაზიარების” ნაწილი, რომელიც ქრისტიანულ თანაზიარებათა შორის, სიდიდით მესამეა (რომის კათოლიკურისა და მართლმადიდებელ ეკლესიათა შემდეგ) და 80 მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. დიდ რელიგიურ ინსტიტუციაში ყველაზე მეტად რთულდება რეფორმის განხორციელება, ამიტომაც ჩვენს ეკლესიაში ბოლო 50 წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები არ იყო მარტივი. ნაბიჯ-ნაბიჯ, სრული ინკლუზიისაკენ მიმავალ გზაზე, ჯერ ეკლესიამ საერთო ბარძიმით ზიარების პრაქტიკა დაუშვა როგორც თეთრკანიანი, ისე ფერადკანიანი მოქალაქეებისთვის – მოგეხსენებათ, აშშ-ში სეგრეგაციული პოლიტიკა ეკლესიებსაც ეხებოდა, ამიტომაც ეკლესიებში მიღებული იყო რასობრივი ნიშნით სხვადასხვა ბარძიმით ზიარების დისკრიმინაციული წესი, რაც ჩვენმა ეკლესიამ ერთ-ერთმა პირველმა დაამსხვრია და ამ ჟესტით თქვა, რომ ღმერთის თვალში ყველა თანასწორია. 1977 წელს, ჩვენი ეკლესია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქალთა დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად ხელდასხმა დაიწყო. 1989 წელს კი ამავე ეკლესიაში აღესრულა პირველი ქალის – ბარბარა ჰარისის ეპისკოპოსად ხელდასმა (მაღალღირსი ბარბარა ჰარისი აფრო-ამერიკელი იყო, რაც ამ მომენტს პოლიტიკურ ფაქტადაც აქცევს, იმდროინდელი რასისტული მდგომარეობის ფარგლებში).

1976 წლის ეპისკოპალური ეკლესიის ”გენერალურმა შეთანხმებამ” გამოაქვეყნა დადგენილება, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ ჰომოსექსუალები არიან ღმერთის შვილები და ისინი იმსახურებენ მიმღებლობასა და პასტორალურ მზრუნველობას. 2003 წელს ეპისკოპალურმა ეკლესიამ ნიუ ჰემპშირის ეპისკოპოსად აკურთხა ჯინ რობინსონი – ღიად გეი არაცელიბატი მღვდელი, რომელიც მთელს ანგლიკანურ თანაზიარებაში პირველი ღიად გეი ეპისკოპოსი იყო. ამ ფაქტს დიდი ხმაური და კრიტიკა მოყვა, ეკლესიის შიგნით კი განხეთქილება გამოიწვია და 100,000-მა ადამიანმა დატოვა ეკლესიის ერთობა. თუმცა ამას არ დაუთრგუნავს ეკლესიის სურვილი, გამხდარიყო კიდევ უფრო მეტად ინკლუზიური და გამოეხატა ღმერთის სიყვარული ყველა მისი შვილისათვის. 2012 წლიდან ეპისკოპალური ეკლესია ჯვრისწერის  წესს აღასრულებს ერთნაირსქესიან წყვილებზეც.

საქართველოში ჩვენი მოღვაწეობისა და მსახურების უმთავრესი მიზანია, პასტორალური მზრუნველობა გავუწიოთ ისეთ მორწმუნე ქრისტიანებს, რომლებიც  გრძნობენ ეკლესიის წევრობის სურვილს, თუმცა თავიანთი ეკლესიებიდან ისინი გამოდევნილნი და დისკრიმინირებულნი არიან. განსაკუთრებით კი ასეთები არიან ლგბტქ ადამიანები, ფემინისტი ქალები და მათი გულშემატკივრები.

როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერმა პირველად ვიმოგზაურე გერმანიაში, ეკლესიის ფასადზე დიდი ასოებით წარწერა დავინახე – „ეკლესია წმინდანებისა და ცოდვილებისათვის“. მახსოვს, გაოცება გამოიწვია ამან ჩემში და ამაზე ფიქრი არ შემიწყვეტია. ახლა კი ვიაზრებ, რომ ჭეშმარიტი ეკლესია სწორედ წმინდანებისა და ცოდვილებისაა, რადგან არ არსებობს წმინდანი ცოდვის გარეშე და ცოდვილი სიწმინდის ნატამალის გარეშე.

თომა ლიპარტიანი

ანგლიკანურ ეპოსკოპალური ეკლესიის წინამღღვარი საქართველოში

ქრისტინე ერგემლიძის ღია წერილი პატრიარქს

ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაი, სასოებაი და სიყუარული,
მესამე ესე ხოლო უფროის ამათსა სიყუარული არს“
პავლე მოციქულის ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

“მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს, ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს, შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს ჩემო გულო. ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები, როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას გავჩერდით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით. მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს, შენს ერთგულ ქართველებსა და რუსებსაც. კარგად იყავ ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისგან. გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი”…

ჩემო პატრიარქო,

მეც ის დედა ვარ, რომელიც საკუთარი შვილის ბედნიერებით ცოცხლობს; რომლისთვისაც ოქროსა და ბრილიანტზე ძვირფასია საკუთარი შვილი – მთელს სამყაროს რომ ურჩევნია. ჩვენც ის დედები ვართ, ვისთვისაც სამყაროს ათვლის წერტილი ჩვენი შვილებია, მათი გულისცემა ჩვენსას რომ მიჰყვება რიტმში და სწორედ იქ ჩერდება ჩვენი ამოსუნთქვა, სადაც საკუთარი შვილების ტკივილებს ვგრძნობთ. ჩვენც ვიღვწით შვილების უკეთესი მომავლისთვის. ჩვენც ის დედები ვართ, რომლებიც შვილების ”გზის მაყურებლად” ვართ დღედაღამ. და ეს გზა არ უნდა გადიოდეს ჩაგვრაზე, ძალმომრეობაზე, უსამართლობაზე, არ უნდა ვკარგავდეთ შვილებს ძალადობის, მტრობის, ბოროტებისა და კაცთმოძულეობის გამო.

ღმერთმა დედებს ერთნაირად გვაჩუქა საკუთარი შვილების სიყვარული, უპირობო სიყვარული და ამ უპირობო სიყვარულს ვასწავლით ჩვენს შვილებსაც. ვასწავლით, როგორ დადგნენ ჩაგრულის მხარეს, როგორ უყვარდეთ მოყვასი, ვასწავლით ღმერთის, ადამიანების სიყვარულს, ვასწავლით სოლიდარობას, ღირსეულ ადამიანად ყოფნას, არა ჩაგვრასა და ძალადობას.

ჩემო პატრიარქო, ჩვენც დედები ვართ, ჩვენც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს შვილები, ჩვენს შვილებსაც აუცილებლად ეყვარებათ მათი შვილები განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, რელიგიური მრწამსისა, ეროვნებისა, ოდენტობისა, ორიენტაციისა, ასაკისა, შესაძლებლობებისა. იმიტომ, რომ ღმერთი ყველასთან და ყველგანაა, რადგან თავად ღმერთია სიყვარული.

ქრისტინე ერგემლიძე

ფოტო: ვახო ქარელი

აღმოსავლეთ აფრიკაში პირველი პრაიდი ჩატარდა

მალავიში ანტი-გეი კანონების წინააღმდეგ პირველი ლგბტქ+ მარში ჩატარდა. ქუჩაში დაახლოებით 50-მდე ადამიანი გამოვიდა და მთავრობას ლგბტქ+ ადამიანების დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

შაბათს, დედაქალაქ ლილნოგვეში აქტივისტები ქუჩაში გამოვიდნენ. მათ ხელში ინგლისურ და ჩიჩევას ენაზე (ადგილობრივი ენა) დაწერილი პოსტერები ეჭირათ შემდეგი ფრაზებით: ”პრაიდი სამყაროს აერთიანებს”, ”მალავი ყველას ეკუთვნის”.

ანრეა, 29 წლის ბიჭი, რომელიც პრაიდს დაესწრო, ამბობს, რომ უბედნიერესი იყო, რადგან თავისი ქვეყნის გარდამტეხი ეტაპის ნაწილად იგრძნო თავი. ”რთულია, იყო გეი მალავიში. ძალიან მამაცი უნდა იყო იმისთვის, რომ ჩემსავით ღია იყო.” – თქვა მან The Guardian-თან ინტერვიუს დროს – ”მე ბევრი რამ გამოვიარე, მათ შორის, შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია. გამიმართლა, რომ მოსიყვარულე ოჯახი მყავს, რომელიც ისეთს მიღებს, როგორიც ვარ.”

დღესდღეობით, ჰომოსექსუალური აქტივობები მალავიში 8-14 წლამდე პატიმრობით ისჯება. ეს კანონი მე-19 საუკუნეში, ბრიტანეთის კოლონიზაციის დროს მიიღეს. ადვოკატთა საერთაშორისო ჯგუფმა – ”ადამიანის უფლებათა მეთვალყურეები” (HRW), ჩატარებული კვლევის შემდეგ განაცხადა, რომ მალაველი ლგბტქ+ თემის წევრები ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში განიცდიან ძალადობასა და დისკრიმინაციას. ”ხშირად, პოლიცია ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, თვითნებურად აკავებს და აპატიმრებს მათ სათანადო პროცედურისა და იურიდიული საფუძვლის გარეშე. ხანდახან ეს მაშინ ხდება, როცა ეს ადამიანები საბაზისო უფლებებით სარგებლობენ, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ მისვლისას.” – წერს HRW.

მალავი ყოფილი კოლონიზებული აფრიკის პირველი ქვეყანაა აღმოჩნდა, რომელიც ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციისაკენ დგამდა ნაბიჯებს 2012 წელს, როდესაც მთავრობამ მორატორიუმი დააწესა ე.წ. ”სოდომის მსჯავრდებულებზე.” ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International-მა ეს ქმედება ისტორიულად შეაფასა. მაგრამ, 2016 წელს ეს იმედები გაქარწყლდა, როდესაც მალავის უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება ჰომოსექსუალობისთვის ჯარიმების აღდგენის შესახებ.

იურიდიული კონტექსტის გათვალისწინებით, მალავის პრაიდის ღონისძიების მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დიდ რისკზე წავიდნენ საზოგადოების წინაშე თავიანთი სახეების გამოჩენით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, სახე ნაწილობრივ პირბადით ჰქონდათ დაფარული. 30 წლის კრისპინი ამბობს, რომ ის 18 წლის ასაკში სახლიდან გამოაგდეს, როდესაც ოჯახმა მისი ორიენტაციის შესახებ შეიტყო: ”გამიჭირდა, რადგან არავის უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. დეპრესიაში ჩავვარდი. პოლიტიკურ სივრცეშიც კი არ ვარ წარმოდგენილი და არ მაქვს უფლება, ჩემი აზრი გამოვხატო.” თუმცა კრისპინი იმედს ინარჩუნებს, რომ ცვლილებები ჰორიზონტზე გამოჩნდა – ”მე ვიცი, რომ ადრე ამას ვერ შევძლებდით.” – ამბობს ის.

პროგრესის მიღწევის მიზნით, აქტივისტებმა პრაიდის ღონისძიება გამოიყენეს და მალავის პრეზიდენტს, ლაზარუს ჩაკვერას მოუწოდეს, შეეწყვიტა ლგბტქ+ პირების დევნა. თავდაპირველად, მთავრობას პეტიციით მიმართეს, მომხდარიყო ერთნაირსქესიანთა კავშირის დეკრიმინალიზაცია. თუმცა, ორგანიზატორები ამჟამად ქორწინების ლეგალიზაციის მოთხოვნით გამოდიან, რაც აფრიკის კონტინენტის უმეტეს ნაწილში აკრძალულია.

”საზოგადოება მზად არის, გამართოს დიალოგი მთავრობასთან და განიხილოს ამასთან დაკავშირებული საკითხები. მთავრობა ამბობს, რომ ის ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ადამიანების სურვილებს ასახავს, ჩვენ რატომ უნდა დაგვაიგნორონ?” – ამბობს ერიკ სამბისა, ადვოკატირების ადგილობრივი ჯგუფის, ”ნიასას ცისარტყელის ალიანსის” დირექტორი.

მალავიში ლგბტქ+ აქტივისტები ისტორიაში შევიდნენ, აღმოსავლეთ აფრიკაში პირველი პრაიდის ჩატარებით.

წყარო: them.us

გული მტკივა, რომ თქვენი არასწორი განცხადების გამო, მე და ჩემს მეგობრებს უფრო გაგვიმეტებენ – ქვიარ აქტივისტების გამოხმაურება

საზოგადოებრივი მოძრაობა”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” საინიციატივო ჯგუფმა, დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეულის იდეა ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

ამ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. ქვიარ აქტივისტი ნათია გვიანიშვილი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ეს განცხადება, პირველ რიგში, იმ ადამიანებს უქმნის საფრთხეს, რომლებიც ამ მოძრაობის მიერ გამართულ აქციებში იღებენ მონაწილეობას და ამავდროულად, ქვიარ თემის წევრები არიან. ის საინიციატივო ჯგუფს მიმართავს:

”ზოგადად, არ არის საჭირო ადამიანმა (და ადამიანების ჯგუფმა) ყველაფერზე აზრი გამოთქვას, სამწუხაროა, რომ ამ ტენდენციას აყევით. სამწუხაროა, რომ ისეთი განცხადება გაავრცელეთ, რომელიც გულს ტკენს (რბილად რომ ვთქვა) ბევრ იმ ადამიანს, ვინც მხარს გიჭერდათ და ჯერ კიდევ გიჭერთ. ასევე ალბათ ვერ აცნობიერებთ, რომ ამ განცხადებით პირდაპირ საფრთხეს უქმნით ადამიანებს, ვინც პროტესტზე მოდის ხოლმე. ძალიან ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპეკულაციების საჭიროებამ ადამიანობა გადაწონა.

თუმცა, ჩემთვის, როგორც ქვიარი ადამიანისთვის ეს განცხადება დიდად არაფერს ცვლის (მხოლოდ ჩემზე მაქვს აქ საუბარი). ჰესი არ უნდა აშენდეს. სახელმწიფო უნდა გამოვიდეს თვითკოლონიზირებული მდგომარეობიდან, სადაც ინვესტორი (და მთავრობის გასქელებული ჯიბეები) დგას წინ, ხალხის ბედი კი არავის აინტერესებს. ამასობაში კი ვიღაცეები ბაზრის თავისუფლებაზე კითხულობენ ლექციებს. არ მუშაობს, მეგობრებო ეს. უნდა დასრულდეს. ეს ყველას ეხება, ვინც ჰაერის ნაცვლად შხამს სუნთქავს და ჭამს იმ ეკოლოგიურ გარემოში, რომელსაც ეს ”ინვესტიციები ” გვიქმნის. შესაბამისად, ჩემი მხარდაჭერა რიონის ხეობის მცველებს და იმ საქმეს რომელსაც ისინი აკეთებენ.

ასევე არ არის ახალი, და ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ლგბტქი ადამიანები ვართ პოლიტიკური სპეკულაციების და შანტაჟის მასალა (სწორად წერია ისე განცხადებაში, ოღონდ მთლად სწორი კუთხე არ არის დაჭერილი) აბსოლუტურად ყველა სხვა ჯგუფისათვის საზოგადოებაში – ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, საზოგადოებაში გამყოფი ხაზები ყველას ჩვენზე გაჰყავს. იქნება ეს იაგო ხვიჩიას მსგავსი ცირკაჩი და შარლატანი პოლიტიკოსი რომელიც ერთ დღეს ერთს ამბობს და მეორე დღეს მეორეს (აქტივისტები არ ევასება თურმე )) გინდა კუთხეში მიყენებული მოძრაობები, როგორიც რიონის ხეობის მცველებია, გინდა მთავრობა რომელიც ქულების დაწერას ცდილობს და გინდა ეკლესია, რომელიც საზოგადოებაში მოკლებულ მხარდაჭერას ისევ ჩვენ ხარჯზე იმაღლებს. არ ვიცი რა იდგა კონკრეტულად ამ განცხადების უკან, რა ისტორია აქვს მის დაწერას, მაგრმ ისიც არ არის დაკარგული, რომ ბევრი კარგი ადამიანია ამ მოძრაობაში ჩართული და მე პირადად მაქვს მოსმენილი მათი მხრიდან ქვიარ თანამებრძოლების მხარდაჭერის ისტორიები. შავი და თეთრი არაფერი არსებობს. ადამიანები 5 წუთში ვერ შეიძენენ დადებით ცნობიერებას და აზრს იმაზე, რასაც ათწლეულების მანძილზე ატენიდნენ, როგორც ქვეყნის დაქცევის წინაპირობას. უბრალოდ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მაგრამ ეს განცხადება ტეხავს. ძალიან.”

”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” კიდევ ერთი მხდარდამჭერი, ქვიარ და მწვანე აქტივისტი თამარ ჯაყელი, თავის გამოხმაურებაში წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ შინაარსის განცხადების გამო, მომავალში ქვიარ თემის წევრები კიდევ უფრო მეტი პრობლემისა და აგრესიის წინაშე აღმოჩნდებიან.

”გული მტკივა თქვენი განცხადების მერე და გაოგნებული ვარ. ბოლო წელი, ჩვენ წინაშე არსებული პრობლემებიდან, ყველაზე მეტად მტკიოდა ნამახვანჰესის თემა. საკუთარ ჩაგვრაზე, საკუთარ იდენტობაზე მეტადაც. ყველაფერი გვერდზე გადავდე თქვენს დასახმარებლად. თქვენთან ხუთი დღე-ღამეც ვიყავი საკუთარი კარვით და კიდევ ვაპირებდი სტუმრობას. არასდროს დამავიწყდება გუმათის დღე-ღამეები. ყველა მეგობრულად იყო ჩემ მიმართ განწყობილი, უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი. მიყვარხართ, მართლა მიყვარხართ. ამიტომ ასჯერ მეტად მტკივა. რა თქმა უნდა, არც კი ველოდი, რომ პრაიდს მხარს დაუჭერდით. არც იყო საჭირო რამე განცხადების გაკეთება. “ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”. იცით, რას უჭერთ თქვენი განცხადებით მხარს? რომ 5 ივლისს ლგბტქ ადამიანებს კიდევ უფრო გადაგვიარონ, კიდევ მეტი დაჟინებით გვესროლონ ქვები, კიდევ მეტად გამეტებით გვირტყან. არადა, ვიცი, რომ გულით სუფთა და მშვიდობიანი ადამიანები ხართ. ქალბატონმა მაკამ თავიდან დამაჯერა, რომ შეიძლება ქრისტიანულ რწმენაში ჩემი ადგილიც იყოს, როცა ყველაზე შემწყნარებელი, ყველაზე საოცარი სიტყვები წარმოთქვა. შეგეშალათ, ძალიან შეგეშალათ. რატომ, არ ვიცი. გაოგნებული ვარ მართლა. სულ სოლიდარული ვიქნები თქვენი პროტესტის მიმართ – ეს ჩვენი, საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო ბრძოლაა და ნამდვილად მხარდამჭერს არ კარგავთ ჩემი სახით. თუმცა, გული მტკივა, რომ თქვენი არასწორი განცხადების გამო, მე და ჩემს მეგობრებს ხვალ-ზეგ კიდევ უფრო გაგვიმეტებენ.” – წერს თამარ ჯაყელი.

ვცდილობთ, მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა – Tbilisi Pride

”თბილისი პრაიდი” განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ დღეს დაგეგმილმა ”ღირების მარშმა” ძალადობრივი ინციდენტების გარეშე რომ ჩაიაროს, შეეცდებიან, მაქსიმალურად შეამცირონ ფიზიკური შეხების შესაძლებლობა კონტრაქციის წარმომადგენლებთან:

”მეგობრებო, პრაიდ-კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მივუახლოვდით. ხვალ ღირსების მარშია!

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.

ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ.”

1 ივლისიდან საქართველოში პრაიდის კვირეული მიმდინარეობს, რომელიც დღეს ”ღირსების მარშით” დასრულდება.

კატალინა – მეც აქ ვარ!

‘სოლიდარობის მარში დღეს არ დაწყებულა და არც ამ კვირეულით დასრულდება. ეს უბრალოდ კვირეული არაა, საზოგადებას მეტი ინფორმაცია სჭირდება ჰუმანური პრიორიტეტების აღიარებისთვის. ეს კვირეული არაა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული – სიტყვის თავისუფლების და გამარჯვებისაა.

საჯაროდ გამოსვლის უფლება ყველას აქვს და არ შეიძლება, ძალმომრეობა ტრადიციის ნაწილად იქცეს! სამწუხაროდ, ულტრამემარჯვენე ძალები გასაქანს არ გვიტოვებენ, მათ ჰუმანური საზოგადოება არ აწყობთ. პრორუსულმა მენტალობამ წარმოუდგენელი ზიანი მოგვაყენა.

თუკი პრაიდი სოციალურ ადაპტაციას გაივლის, იქ ყველა მხარის აზრი იქნება გათვალისწინებული და მრავალფეროვნება შენარჩუნდება, ადამიანებს ექნებათ განცდა, რომ ჯანსაღი გარემო არც ისე შორსაა ამ ქვეყანაში. მგონია, რომ ამით გენდერული იდენტობა თუ ორიენტაცია დანაშაულის იარლიყს მოიშორებს.

მნიშვნელოვანია, რომ პრაიდში ქვიარ წრეების გარდა, ყველა სფეროს წარმომადგენელი იყოს ჩართული. განსაკუთრებით, მწერლები და ხელოვანები.

მთავარია, გავიზროთ, რომ უფრო ჰუმანურ გარემოში უნდა ვიცხოვროთ, სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს. თითოეული ადამიანი გაუმჯობესების მომხრე უნდა იყოს და არა ძალმომრეობისა და უკანონობის.”

სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მარშზე კომენტარი გააკეთა

/

სალომე ზურაბიშვილი: ძალადობის ყველა ფორმა მიუღებელია, ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვისა და გამოსვლის თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ “ღირსების მარშზე” კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისთვის, მიუღებელია ძალადობის ყველა ფორმა და სიძულვილის ენის გამოყენება.

“ჩემთვის მიუღებელია ყველა ფორმა ძალადობის, მუქარის, ზეწოლის, სიძულვილის ენის გამოყენება. მიუღებელია იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ადამიანების კონსტიტუციური უფლებების და მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისთვის. მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ვთვლი, რომ ყველას აქვს გამოსვლის უფლება. ასევე, “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს აქვთ უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც არის ყველას კონსტიტუციური უფლება, კონსტიტუცის და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვლმა.

თბილისი პრაიდის კვირეული 1-5 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 5 ივლისს დაგეგმილია მსვლელეობა რუსთაველიდან დედაენის ბაღის მიმართულებით.

ჩვენ უნდა შევიცვალოთ!

/

მაია ცირამუა: ჩვენ უნდა შევიცვალოთ. უფრო ადამიანურები უნდა გავხდეთ.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ფეისბუქზე “თბილისი პრაიდის” კვირეულის დაწყებას ეხმიანება და იმ პრობლემის და გამოწვევების შესახებ წერს, რომლის წინაშეც ლგბტქ+ ადამიანები ყოველდღიურად დგანან.

“პრაიდის კვირეული დაიწყო. რა შემიძლია გავაკეთო მე, ერთმა ადამიანმა იმისათვის, რომ მათ ასე არ სტკიოდეთ?! როგორ შეაჩერებ ამოდენა ზიზღს, აგრესიას, ვერატანას, შერცხვენას, გარიყვას?!

როცა ამ ჯგუფის წარმომადგენლებთან მიმუშავია, ბევრჯერ გამჩენია სირცხვილის განცდა ყველა იმ სისასტიკის გამო, რაც მათ მიმართ სხვებს ჩაუდენიათ. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ. უფრო ადამიანურები უნდა გავხდეთ.

ყველაზე სასტიკი მითი, რომელზეც ლგბტქი ადამიანებზე ავრცელებენ არის, ის, რომ მათ აირჩიეს ასეთად ყოფნა. იდენტობა არ არის ცხოვრების წესი. ეს შენ ხარ. ასეთი ხარ და ამის შეცვლას თუ შეეცდები – შენ უბრალოდ აღარ იქნები. მახსოვს ერთმა ზრდასრულმა ადამიანმა პირველად ჩემთან გააკეთა ქამინგაუთი და მითხრა, რომ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს დაატარებს, როგორც გვამს და რომ არასოდეს ჰქონია განცდა რომ სუნთქავს და ცოცხალია.

მეორე სასტიკი მითი – ეს ისაა, რომ ეს ავადმყოფობაა. მეცნიერება დიდი ხანია უკვე იმაზე შეთანხმდა, რომ ეს არაა დაავადება! და თუ ამ ადამიანებს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, რაიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ესეც გარემოსთან ურთიერთობას, ბავშვობიდან განცდილ გაუცხოებას და ჩაგვრას უკავშირდება – სოციალური შფოთვა, დეპრესია, დისფორია … ყველაზე გავრცელებული პრობლემებია ამ ჯგუფში. (მოგეხსენებათ სტატისტიკურად ყოველი მეოთხე ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები).

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მათ მიმართ პოლიტიკური ბრძოლაა. ისე მოხდა, რომ დემოკრატიის, ევროინტეგრაციის წყალგამყოფად ჩვენს ქვეყანაში ეს ჯგუფი იქცა. ეს ტვირთიც მათი სატარებელი აღმოჩნდა.

სისულელეა – ქართველობას გვართმევენ! ტრადიციებს გვართმევენ! – ეს არის იმ მითები, რაც მოძალადეებმა ძალადობის გასამართლებლად გამოიგონეს. ადამიანი ნარცისული არსებაა და ის ვერ იტანს, როცა ცუდად იქცევა, გულისგულში ყველას უნდა კარგი ადამიანი იყოს და ეს მითებიც ამიტომ ჩნდება. ამით ადამიანი საკუთარ თავს ეუბნება – მე კი არა ვარ ცუდი, რომ მათ ვებრძვი, ისინი არიან ცუდები (ქართველობას მართმევენ, ტრადიციებს მართმევენ … ) და ამიტომ ვებრძვი!

ამას გარდა, ყველას არ შეუძლია გაუძლოს რაღაც ილუზორულ განცდას, რომ სხვაზე უპირატესია, უკეთესია, ძლიერია და ა. შ. ესაა ალბათ ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტე და ყველაზე დიდი ბარიერი თანასწორობისთვის. სინამდვილეში სუსტი ადამიანები ჩაგრავენ.

ჩვენ უნდა შევიცვალოთ!

არადა, რა კარგია ცხოვრება როცა შენს გარშემო სამყარო გიყვარს!”

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის კვირეული 1-5 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 5 ივლისს დაგეგმილია მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დედაენის ბაღის მიმართულებით.