ივლისი 2021 - Page 5

10 ფოტო, რომელიც LGBTQ+ თემის ხილვადობის 50-წლიან ისტორიას ასახავს

წარმოგიდგენთ 10 ფოტოს The New York Times- ის არქივიდან, რომელიც ასახავს LGBTQ+ თემის ხილვადობის 50-წლიან ისტორიას და ადამიანებს, რომელთა ბრძოლის შედეგად, დღეს ვართ იქ, სადაც ვართ.

პირველი პრაიდ მარში, 28 ივნისი, 1970 წელი. ფოტო – Michael Evans

დრეგ ქუინები ”The East Village’s 82 Club”-დან, ნიუ იორკი, 24 ივნისი, 1973 წელი. ფოტო – Librado Romero

მშობლები 1973 წლის 24 ივნისის მარშზე, ნიუ ორკი. ფოტო – Librado Romero

ნიუ იორკი, 27 ივნისი, 1976 წელი. ფოტო – Paul Hosefros

მარში მე-5 ავენიუზე, 1977 წლის 26 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო – Paul Hosefros

ანტი-გეი პროტესტი 1983 წლის 26 ივნისის მარშის დროს, ნიუ იორკი. ფოტო – Dith Pran

1987 წლის 30 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო – Sara Krulwich

მოცეკვავეები 1991 წლის 30 ივნისის მარშზე, ნიუ იორკი. ფოტო -Sara Krulwich

2004 წლის 27 ივნისი, წყვილი დებს საქორწინო ფიცს მე-4 მასობრივი საქორწინო ცერემონიალის დროს. ფოტო – James Estrin

თანასწორობის მარში ვაშინგტონში, 2009 წლის 12 ოქტომბერი. ფოტო – Luke Sharrett

მხოლოდ ხეობის გადასარჩენად?

/

მათეს 24:10 – მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს

განცხადება, რომელიც ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა, სწორედ იმ ადამიანების შეურაცხყოფა და მარგინალიზებაა, რომლებმაც მათი ბრძოლა ერთი ხეობის პრიზმიდან გამოიყვანეს და საერთო გახადეს.

მიმართვა ხეობის მცველებს – ამდენი ადამიანი მხარს სწორედ იმიტომ გიჭერთ, რომ სჯერათ, თქვენ ხართ ის ნაპერწკალი, რომელმაც ჯერ რიონში, შემდეგ კი სრულიად საქართველოში სამართლიანობისა და თანასწორობის ცეცხლი უნდა დაანთოს. ეს ცეცხლი თქვენ გვერდით მდგომ ახალგაზრდებს გულით დააქვთ და ცდილობენ, თავიანთ გარშემო პატარ-პატარა კოცონებად გაარცელონ, რადგანაც სწორედ ამ კოცონს მოჰყვება დიდი ხანძარი, მე ამის მჯერა. ნუ ეცდებით ამ ცეცხლის ჩაქრობას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ დააზიანებთ, არამედ ყველას თქვენ გარშემო. ეს პასუხისმგებლობა თქვენ უნდა აიღოთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ განსხვავებულობა გვხდის უნიკალურს და განსაკუთრებულს. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით ყოველთვის ჰგავდა აღმოსავლურ ფერად ხალიჩას და ამიტომ იყო საინტერესო თუ მიმზიდველი დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ეს ბრძოლა და ეს ხეობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, მეგობრებო, ხეობა ყველა ქართველისაა. არავის უნდა, სახლში მისასვლელი გზები გადაუკეტონ, ან ქუჩაში გამოსვლის ეშინოდეს, საკუთარი იდენტობის გამო თავს ესხმოდნენ, მდინარეს უშრობდნენ.

როცა ხეობას უჭირდა და დახმარებას ითხოვდით, ქვიარები გვერდში დაგიდგნენ, თქვენი განცხადებით კი, სამწუხაროდ, ყველანი დავსუსტდით.

მათეს 5:39 – ვინც ერთ ლოყაში გაგარტყას მეორეც მიუშვირე

რიონის ხეობის მცველები დახმარებას ითხოვდნენ და მიიღეს კიდეც. არა მხოლოდ 250 დღე, უკვე წლებია, საქართველოში LGBTQ+ თემი იგივე მდგომარეობაშია. სისტემა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ეფარება, ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას არაფრად თვლის, აღარაფერს ვამბობ ქართულ მიწასა და ბუნებაზე. ორივე შემთხვევაში, ბრძოლა ერთ იდეას ემსახურება და ერთიანობის გარეშე მარცხი გარდაუვალია.

მხარდაჭერის ნაცვლად, LGBTQ+ თემს დაუპირისპირდნენ. მხარდამჭერების დაკარგვის შეეშინდათ. ეს უკვე პოლიტიკის ლაბირინთია ადამიანურ შიშებთან ერთად, თავი დაიზღვიეს და ადამიანების იმ ჯგუფზე მიიტანეს იერიში, რომლებსაც იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მათი მხარდაჭერა. დაუცველს დაარტყეს, რაც აბსოლუტურად საპირისპირო ქმედებაა იმისა, რასაც ისინი აქტივისტებისგან ითხოვენ ხოლმე, ან რაც ადამიანურ თუ ქრისტიანულ მორალში ჯდება. იგივე გაიმეორეს, რასაც უმრავლესობა აკეთებს ყოველდღიურად საქართველოშ ი. ეს მათი სისუსტეა, ქვიარების – არა. ქვიარ საზოგადოებამ იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას.

ნამახვანელების განცხადებამ თემის წევრებს იმედები გაუცრუა და ეს იმედგაცრუება სოციალურ ქსელში გამოხატეს (”სჯობდა ჰესი აეშენებინათ” და ა.შ.). აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების. მათთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო ხეობის მცველების განცხადება, რომლის გაკეთების საჭიროება სრულებით არ არსებობდა და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ნამახვანელების დუმილი ოქრო იქნებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, მგონია, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს და მათი განცხადების გამო, განსხვავებული აზრი ამაზე არცერთ ქვიარს არ უნდა გაუჩნდეს, რადგან პროექტი საფრთხის შემცველი და დამანგრეველია, როგორც ბუნებისთვის, ასევე ადამიანებისთვის.

ეფესელთა 4:32 – იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ

მინდა, ხეობის მცველებმა გაიაზრონ ერთი რამ – ქვიარი ადამიანი პირველ რიგში თანასწორობის დროშით მიიწევს წინ და ამ გზაზე მილიონჯერ მარცხდება. იმარჯვებს, მარცხდება და გზას მაინც აგრძელებს, რადგან თავისუფლება და თანასწორობა არასდროსაა სტატიკური, პირიქით, ის მუდმივ ბრძოლაში იბადება, იზრდება და იწრთობა.

ნამახვანელებო, მჯერა, რომ ის ქვიარი ადამიანები, რომლებიც ახლა კარვებში თქვენთან ერთად ტეხენ პურს და ღამეებს ათენებენ, ისევ დარჩებიან ამ ბრძოლაში – მათ არ აინტერესებთ თქვენი აღმსარებლობა თუ სექსუალური ორიენტაცია, იმ შეურაცხყოფაზეც კი შეუძლიათ თვალი დახუჭონ, რომელიც მიაყენეთ და მინდა, სწორედ მათგან ისწავლოთ მიტევება და შენგან განსხვავებულის პატივისცემა.

როცა ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება (მე ამის მჯერა), როცა ახალი საომარი ველი გადაგვეშლება წინ, იმედია, მაშინ მაინც გამოფხიზლდებით, ბოდიშს მოუხდით ამ ადამიანებს და ეტყვით, თუ რამდენად დიდი შეცდომა დაუშვით და როგორ ნანობთ ამას.

ირაკლი კირკიტაძე

შვედურმა ორგანიზაციამ რეაბილიტაციისთვის თბილისი პრაიდს 130 000 კრონა შეუგროვა

/

შვედურმა ორგანიზაცია Regnbågsfonden-მა, ”ცისარტყელას ფონდმა”, განცხადება გაავრცელა:

”პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც 5 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თბილისი პრაიდის შენობაში შეიჭრნენ და ყველაფერი გაანადგურეს. ათასობით ანტი-ლგბტქი ხულიგანმა, რომლებსაც მართლმადიდებლური ეკლესია და პრო-რუსული ჯგუფები უჭერენ მხარს, თბილისი პრაიდს მარშის ჩატარების საშუალება არ მისცა. ქალაქის ქუჩებში ჟურნალისტები და ლგბტქი აქტივისტები თავდასხმის და ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. საქართველოში თემის წევრები მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდიან და როგორც პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა – ”მოსახლეობის უმრავლესობა პრაიდის დემონსტრაციის წინააღმდეგია.”

ფონდმა თბილისი პრაიდს 130 000 კრონა შეუგროვა, რომელიც დაგრეული ოფისის რეაბილიტაციას მოხმარდება, რათა ორგანიზაციამ გააგრძელოს მუშაობა ლგბტქი პირების უფლებებსა და უსაფრთხოებაზე.

უიმედობის დრო არ არის – ზურა აბაშიძე

2013 წლის 17 მაისს 17 წლის ვიყავი, ვცხოვრობდი ბათუმში და ტელევიზორში ნანახი კადრები საბოლოო იყო იმისთვის, რომ წერტილი დამესვა, ორჭოფობისთვის, სწორი მხარე ამერჩია და ბრძოლა დამეწყო. ის შემზარავი დღეები საბოლოო წერტილი იყო ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ნაცნობებისთვის, მასწავლებლებისთვის. იმ საშინელმა დღემ და ყვითელ ავტობუსებში გამოკეტილმა გოგოებმა და ბიჭებმა, ყველას გვაჩვენეს, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა და ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი უფლებები.

2013 წლის 17 მაისიდან დაიწყო ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ბრძოლა, იმისთვის რომ სახლში, კომფორტული სავარძლიდან არ მეყურებინა, როგორ თელავდნენ ფეხქვეშ ჩვენს უფლებებს, ჩვენს სიყვარულს და ჩვენს სწრაფვას უკეთესს სამყაროში ვიცხოვროთ. სწორედ იმ დღიდან დაიწყო დიდი და გრძელი პროცესი, თვითგამორკვევის, საჯარო ქამინგაუთის, განვითარების და ამ პროცესში არაფერი ისე არ მიმაგრებდა ზურგს, როგორც იმ ნაცნობი, თუ უცნობი ადამიანების სიყვარულისა, რომლებიც გუშინაც იდგნენ მდუმარე აქციაზე პარლამენტის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე დღემ საშინელ რეალობას კიდევ ერთხელ შეგვაჯახა, მე მაინც მწამს, რომ ეს საშინელი კადრები დადებითად იმოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც საბოლოოდ ვერ გადაუწყვეტიათ, რომელ მხარეს იდგნენ, იმ ადამიანებზე, რომელთა გონებაშიც აქამდე არსებობდა „მაგრამ“ და ჩვენი რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.

სახელმწიფოსგან წახალისებული მოძალადე ადამიანები გვარწმუნებენ, რომ მათი რიცხვი დიდია და ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ, მე მაინც მჯერა, რომ ეს ასე არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი რიცხვი დიდია და იმისთვის, რომ ეს რიცხვი უფრო მზარდი იყოს, უიმედობას არ უნდა მივეცეთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი, ბოლო ადამიანამდეც უნდა მივიდეთ და თუ ვინმეში ოდნავ მაინც დავინახავთ, საღი გონების და სიკეთის მარცვალს, უნდა ავუხსნათ, რომ ძალადობა დასაგმობია, რომ ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ ქვიარ ადამიანების დასაცავად, რომ ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ერთ დილას შემზარავ რეალობაში არ გავიღვიძოთ, რომ ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა თავისუფლად სუნთქვა შეძლონ, რომ ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ არ მოგვაკლდეს ის უთვალავი ფერი, რომელიც ასე ალამაზებს ჩვენს სამყაროს.

და ყველაზე მთავარი, ეს არის ბრძოლა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მზად არის დაანაწევროს და დახლიჩოს ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფოს, რომელიც ყველა გზას გამონახავს, იმისთვის რომ მთავარიდან აქცენტი ყოველთვის უმნიშვნელოზე და არაარსებითზე გადავიდეს. ეს არის ბრძოლა მათთვის, ვინც დღეს მტრად აღგვიქვამს და ხვალ ჩვენს მხარეს იდგება, ეს არის ბრძოლა იმ ადამიანებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, რომლებსაც ამდენწლიანი ტერორის, შიშის და ძალადობის შემდეგ უკეთესს ქვეყანაში ცხოვრება უტოპიურ ოცნებად ექცათ, მათთვის, ორ სხვადასხვა რეალობაში რომ მოუწიათ ერთდროულად ცხოვრება, დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობის შემდეგ, ეს არის ბრძოლა იმ 16 და 17 წლის ადამიანებისთვის, საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ხმაწართმეული რომ სხედან ტელევიზორის წინ და ოცნებობენ ბედნიერებაზე, სიყვარულზე და ცხოვრებაზე, რომელიც მალვის გარეშე ჩაივლის. ეს არის ბრძოლა მათთვის, ვის გულშიც ცოტათი მაინც არის შემორჩენილი იმედი.

სწორედ ამიტომ, უიმედობის დრო არ არის, გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკური მრწამსი, იდეოლოგიები, წარსული გამოცდილებები, წყენები, მთავარი იარაღი დღეს სიყვარული და თანადგომაა, სწორედ ასე დავამრცხებთ, იმ სახელმწიფოს, რომელიც არ გვიცავს და სწორედ ასე შევალთ იმ ადამიანების გულში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ იმედი უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების.

უიმედობის დრო არ არის.

ყოველი ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა!

/

ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში მხარს უჭერს თბილისი პრაიდს და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს:

”ჩვენი ეკლესია მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას და შესაბამისად მხარს უჭერს თბილისი პრაიდს.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან პრაიდის მონაწილეები ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისგან.

ყოველი ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა!”

ეპისკოპალური ეკლესიის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ასევე წერია, რომ ღმერთს ყველა უყვარს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა.

უკრაინული პრაიდი ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე

უკრაინაში პრაიდი პირველად 2013 წელს ჩატარდა. პრაიდის ფარგლებში გამართულ საჯარო შეკრებაში სულ 80 ადამიანი მონაწილეობდა. შეკრების მშვიდობიან მონაწილეებს თავს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრები დაესხნენ და ზოგ მათგანზე ფიზიკურად იძალადეს.

2014 წლის საჯარო შეკრება გაუქმდა, რადგან ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორებს უარი უთხრა მარშის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაზე.

2015 წლის 6 ივნისს, მაშინ როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტის ფონზე, კიევში პირველი პრაიდ მარში გაიმართა, რომელშიც 250 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არც ამ მარშის მონაწილეების უსაფრთხოება იყო სათანადოდ დაცული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მათ მარშის მონაწილეებთან ძალიან ახლოს მიუშვეს ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, დროულად არ აღკვეთეს მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, როდესაც ისინი სხვადასხვა ნივთს ესროდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და პოლიციელების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. 10-მა ადამაინმა მიიღო სხეულის დაზიანებები, მათ შორის, პოლიციელებმა. ყველაზე მძიმედ ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა, რომელსაც ნეოფაშისტური დაჯგუფების წარმომადგენელმა ყელის არეში დანით ღრმა ჭრილობა მიაყენა. საბედნიეროდ, პოლიციელი გადარჩა.

2016 წელს კი, კიევ პრაიდის მარშს 6000-მდე ადამიანი დაესწრო და ღონისძიებამ მშვიდობიანად ჩაიარა.

შემდეგ წლებშიც – 2017, 2018, 2019-ში, ქვიარ თემის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად უზრუნველყოფილი იყო, ხოლო მარშის მონაწილეთა რაოდენობამ 8000-ს გადააჭარბა.

”ქვიარი” დაუკავშირდა უკრაინელ აქტივისტ ქალებს. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორია უკრაინაში მცხოვრები ლგბტქი თემის წევრების უფლებრივი მდგომარეობა და რა სტრატეგიებს იყენებენ უკრაინელი ქვიარ აქტივისტები საკუთარი უფლებების ადვოკატირების პროცესში.

ცნობისთვის: ანა შარიგინა და ვერა ჩერნიგინა ღიად ლესბოსელი წყვილია. 10 წელზე მეტია, ქალები ლგბტქი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერები არიან.

ქვიარი: ანა, ვერა, მოგესალმებით, გთხოვთ, ქვიარის მკითხველებს მოუყევით თქვენ შესახებ, რომელი წლიდან ხართ ქვიარ აქტივიზმში და ახლა რას საქმიანობთ.

ანნა: ჩვენ ორივე წარმოვადგენთ ლესბოსურ ფემინისტურ ორგანიზაცია “სფერა”-ს და ასევე ვართ ”კიევ პრაიდისა” და ”ხარკოვ პრაიდის” თანადამფუძნებლები.

ვერა: სამოქალაქო აქტივიზმში 2007 წლიდან ვართ. ამ დროიდან ვიბრძვით გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

ქვიარი: გამოდის, რომ უკრაინის ლგბტქი აქტივიზმში თავიდანვე იყავით ჩართული. ამ დროის განმავლობაში, რა შეიცვალა უკრაინაში მცხოვრები თემის წევრების სასარგებლოდ და რა რჩება ისევ პრობლემად ან გამოწვევად?

ანნა: გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის. პირველ რიგში, სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაა მისაღები. ჩვენს კანონმდებლობაში ხარვეზებია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტურ აღკვეთასთან დაკავშირებით. მიღწევებიდან, გადალახულია აგრესია მოქალაქეების მხრიდან. შესაძლოა, ისინი ჩვენ მხარს არ გვიჭერდნენ, მაგრამ ლგბტქი თემის წარმომადგენლებზე თავდასხმებს უკვე აღარ ემხრობიან . მოქალაქეები უარყოფითად აფასებენ ადამიანზე ფიზიკურ თავდასხმას ნებისმიერი დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე. შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს უკრაინაში მიმდინარე ომთან, რადგან ხალხი დაიღალა ძალადობისგან, რაც ამ ომს მოაქვს. 2016 წელს ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა მარშზე.

ვერა: პირველ რიგში, იმას აღვნიშნავდი, რომ პოლიცია რეალურად ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე საჯარო შეკრებების დროს. ვთქვათ, თუ კიევში ქალაქის მერიაც და პოლიციაც უჭერს კიევ პრაიდს მხარს, ხარკოვში ჯერ ასე არ არის – ქალაქი მხარს არ გვიჭერს, თუმცა პოლიციელები საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ. კიდევ აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საპასპორტო სქესის შეცვლა აღარ არის დამოკიდებული ოპერაციების ჩატარებაზე.

ქვიარი: ქვიარ თემის წევრების მიმართ ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებს თუ იძიებენ ეფექტურად?

ანნა: ახლა ეს არის აქტუალური საკითხი, არა მხოლოდ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და დამნაშავეების სათანადო დასჯა, არამედ – ნებისმიერი ნიშნით. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე მინიმალური რეგულაციები არსებობს, არ გვაქვს გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება სიძულვილის მოტივის ან დისკრიმინაციული ნიშნის გამოსაკვეთად. გამომძიებლები გულწრფელად შემოგვჩივლებენ ხოლმე, რომ მათ უჭირთ სასამართლომდე საქმის ისე მიყვანა, რომ შესაძლებელი იყოს სპეციალური მუხლით სასჯელის დამძიმება.

ვერა: აქ გავაგრძელებდი თემას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვალა – პოლიციელების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულების გამჟღავნება აღარ არის მოსალოდნელი. თუ მე მივმართავ პოლიციას, მე არ მეშინია, რომ იქაც წავაწყდები ჰომოფობიურ მოპყრობას. და ისიც ვიცი, თუ წავაწყდი და საჯარო მოხელის მხრიდან ჰომოფობიური აქტი გავასაჯაროვე ან საჩივარი დავწერე, აუცილებლად იქნება რეაგირება.

ქვიარი: თქვენთვის თუა ცნობილია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც რომელიმე პოლიციელს დაეკისრა თუნდაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ უმოქმედოდ იყო და არ დაიცვა ლგბტქი თემის წევრის უფლებები?

ვერა: ზუსტად ვიცით, რომ შიგნით სამართალდამცავ უწყებაში საქმისწარმოებას ახორციელებენ პოლიციელების მიმართ, თუ მათ რაიმე გადაცდომა მოუვიდათ. მაგალითად, 2019 წლის პრაიდზე იყო ინციდენტი, როდესაც სამართალდამცავებმა არ იმოქმედეს დროულად და ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა, ფიზიკურად მიახლოვებოდა მარშის მონაწილეს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ძალადობამდე საქმე არ მისულა, თავად ფაქტი, რომ პოლიციელების მხრიდან უმოქმედობას ჰქონდა ადგილი, შეფასდა ძალიან უარყოფითად. ქალაქის მთავარმა პოლიციელმა ამაზე ბოდიში მოგვიხადა და დაგვპირდა, რომ უწყებაში გაგრძელდებოდა მუშაობა სამომავლოდ მსგავსი ინციდენტების გამოსარიცხად.

ანნა: სიძულვილით მოტივირებული ინციდენტები ლგბტქი აქტივისტების მიმართ ჯერ კიდევ ხშირია. მაგალითად, ხარკოვში, ჩვენს ოფისს პერიოდულად კვერცხებს ესვრიან, კედლებზე ტოვებენ წარწერებს, თუმცა ამას ღამით აკეთებენ და არა როგორც ადრე, დღისით, ყველას დასანახად.

ვერა: სულ ცოტა ხნის წინ, ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წარმომადგენლები პოლიციელს დაესხნენ თავს – დაზიანება მიიღო თავის არეში, ტვინის ძლიერი შერყევა ჰქონდა და მხოლოდ 2 თვით შინაპატიმრობა მიუსაჯეს თავდამსხმელს. ამ მხრივ, ჩვენ და პოლიციელები ერთ მხარეს ვართ. მათაც სჭირდებათ, კანონდამრღვევები უფრო მკაცრად ისჯებოდნენ.

ანნა: ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები ლგბტქი აქტივისტებს თავს აღარ ესხმიან. მათ საჯაროდ პრაიდის ოპონირებაზე უარი თქვეს. ისეთი სტრატეგია შეიმუშავეს, რომ ღია სივრცეში საჯაროდ საერთოდ აღარაფერს ამბობენ პრაიდსა თუ ლგბტქი აქტივისტებზე. ის ხალხი, რომელიც ფიზიკურ თავდასხმებს ახორციელებს, ოფიციალურად არ წარმოადგენენ ამ ორგანიზაციებს, თუმცა წახალისებული არიან მათი მხრიდან. ეს ორგანიზაციები დაინტერესებული არიან პოლიტიკური განვითარებით, ხოლო უკრაინაში პოლიტიკური მომავალი ვერ ექნება ჯგუფს, რომელიც ადამიანებს ფიზიკურად უსწორდება. პერიოდულად ტრანს ქალებს ესხმიან თავს, სამწუხაროდ, ეს საქმეები ხშირად არ მიდის პოლიციამდე და გამოძიებამდე.

ქვიარი: საქართველოშიც გვაქვს მსგავსი პრობლემა, რადგან ყველაზე დაუცველი თემი ეს არის ტრანსგენდერი ქალების თემი, ვინც ჩართულია სექსსამუშაოში. დამკვიდრებული მოსაზრებების მიხედვით, იმ პერიოდში, როდესაც იგეგმება ან/და იმართება საჯარო ლგბტ ღონისძიებები, სექსმუშაკ ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმების სიხშირე იზრდება. ასევე, ზოგი სათემო ორგანიზაცია აპროტესტებს პრაიდის ჩატარებას, რადგან მიაჩნია, რომ ლგბტქი თემი ჯერ არ არის მზად პრაიდის ჩატარებისთვის და თავად ღონისძიება მეტად აზიანებს თემის წევრებს, ვიდრე რამე ბენეფიტი მოაქვს. უკრაინაში თუ ყოფილა მსგავსი მსჯელობა, ან თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხებზე?

ანნა: იყო საუბარი თემის შიგნით იმაზე, რომ ფიზიკური თავდასხმები თემის წევრებზე ხორციელდება პრაიდების გამო. ასეთ ბრალდებებს ისევ თემის წევრები პასუხობენ და ამბობენ, რომ ფიზიკური თავდასხმები ჰომოფობიის, ტრანსფობიის გამოა, რომლის შემცირების ეფექტური ინსტრუმენტი არის პრაიდი. აგრესიის გამოხატვაში ყოველთვის აგრესორია დამნაშავე. აქვე დავამატებ, რომ ლგბტქი თემის მობილიზების საკითხი უმნიშვნელოვანესია. პრაიდი, როგორც წესი, არის შემდეგი ნაბიჯი. თუ შევადარებთ უკრაინაში ჩატარებულ პრაიდებს – ის პრაიდები იყო მეტად წარმატებული, რომლის ორგანიზებისთვის თემი კარგად იყო მობილიზებული და პირიქით – ნაკლებად წარმატებული იყო ის პრაიდები, სადაც თემი ნაკლებად იყო მობილიზებული. მრავალრიცხოვანი პრაიდები ჩატარდა იმ ქალაქებში, სადაც ლგბტქი ორგანიზაციებმა იმუშავეს მეტი თემის წევრის ჩართულობაზე. ანუ თემის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის აუცილებელი, სულ მთლად დასაწყისში გქონდეთ ასეთი მხარდაჭერა. ვიცით შემთხვევები, როდესაც პრაიდზე თავიდან მხოლოდ აქტივისტები გავიდნენ. მაგალითად, 2015 წელს დაახლოებით 300 ადამიანი გავიდა და უკვე მომდევნო წელს ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა პრაიდმა – 6000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

ქვიარი: როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია გარდატეხა, როდესაც 2016 წელს უკვე ათასობით ადამიანი გამოვიდა მარშზე და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა?

ვერა: ჩემი აზრით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დაინახეს დიდი საფრთხე იმაში, რომ მათ ხელიდან ეცლებოდათ კანონით მინიჭებული ძალაუფლება და ის გადადიოდა არაფორმალური დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელში. რა თქმა უნდა, ევროპელი კოლეგებიც დაგვეხმარნენ საკუთარი გამოცდილების გაზიარებით. მათ დაანახეს პოლიციას, რაში იყო მათი შეცდომა – 2016-ში მათ ძალიან ახლოს მოუშვეს ძალადობრივი აქცია ჩვენთან, სულ რაღაც 500 მეტრი იყო ჩვენ შორის დისტანცია და ამის გამო შემდეგ რთულად სამართავი სიტუაცია შეიქმნა, ხალხი დაზიანდა. ასევე, ღონისძიების დასრულების შემდეგ, არ მიიღეს პრევენციული ზომები, მათ უბრალოდ გაგვიშვეს და შემდეგ ასევე გაუჭირდათ იმის კონტროლი, ვის და სად დაედევნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოხალისე ჰყავდა პრაიდს, პოლიციელების დახმარების გარეშე, მაინც შეუძლებელი იყო ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების იმ რაოდენობასთან გამკლავება.

ანნა: მე კიდევ გამოვყოფდი უკრაინული პოლიციის რეფორმის პროცესს, რომელიც ძალიან კარგი აღმოჩნდა ჩვენთვისაც. დასავლეთის ქვეყნებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენი პოლიციელების გადამზადებისთვის და ამანაც გამოიღო სასიკეთო შედეგი. დიდი სამუშაო ჩატარდა პოლიციაში მშვიდობიანი დემონსტრაციების დაცვის სწავლების კუთხით. ევროპის საბჭოს სპეციალური მისია მონიტორინგს უწევს იმ უწყებების მუშაობას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვაზე.

ქვიარი: რამდენად ცნობილია, რა მიზნებს ემსახურებიან ის დაჯგუფებები, რომლებიც აორგანიზებენ ლგბტქი თემის წევრებზე თავდასხმებს? ვინ აფინანსებს მათ და რა მიზნით?

ვერა: აქ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ეს არის პრორუსული ფულით დაფინანსებული ჯგუფები, რომელთა მთავარი მიზანი უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნა და დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ხელშეშლაა.

ანნა: ჩვენ გვაქვს შემდეგი სტრატეგია – ჩვენ არ ვხარჯავთ რესურსებს ამ დაჯგუფებების საქმიანობის შესწავლაზე. რესურსების ასე გამოყენება არაეფექტური იქნებოდა. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და მივდივართ წინ იმისთვის, რომ შევამციროთ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, რათა ამ დაჯგუფებებს გამოვაცალოთ საყრდენი მხარდამჭერების სახით.

ქვიარი: საინტერესოა, რამდენად განსხვავდება სიტუაცია უკრაინის რეგიონების მიხედვით.

ანნა: დიახ, სიტუაცია განსხვავდება, მაგალითად, ქალაქ ლვოვში არასოდეს ჩატარებულა არც ერთი პრაიდი და იქ ლგბტქი თემის წევრებზე თავდასხმების სიხშირე და ამ თავდასხმების საშიში ხასიათი გაცილებით მაღალია. ლვოვის მაგალითი ჩემთვის კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ იქ სადაც პრაიდი ტარდება, დროთა განმავლობაში თემის წევრებისთვის ცხოვრება ხდება გაცილებით მეტად უსაფრთხო. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც. ლვოვში ყოველგვარი საჯარო შეკრების გარეშეც ხდება არსაიდან და არაფრით პროვოცირებული თავდასხმები. ახლახანს გოგოებს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ქვიარი: უკრაინის სულ რამდენ ქალაქში ტარდება ახლა პრაიდი?

ვერა: კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ზაპოროჟიეში…

ანნა: ყველა ლგბტქი საჯარო შეკრებას არ არქმევენ პრაიდს. მაგალითად, ხერსონში ”თანასწორობის მარში” ჰქვია.

ქვიარი: რას უსურვებდით თუ ურჩევდით თბილისი პრაიდის აქტივისტებს, რომლებიც აი, უკვე სულ მალე, 5 ივლისს გავლენ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ღირსების მარშის ჩასატარებლად.

ვერა: რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ორგანიზაცია თუ ქვეყანა ჩართეთ ამ პროცესში. ჩვენც დაგეხმარებით ინფორმაციის გაზიარებაში და თქვენთან გვიგულეთ. ყველაფერი კარგად იქნება.

ანნა: მოთმინებას, ჯანმრთელობას გისურვებთ. რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ჩემთვის ცხადია, რომ თქვენ აკეთებთ ძალიან რთულ სამუშაოს თქვენთვის და ქვეყნისთვის ურთულეს დროს. გეხუტებით ყველას, გისურვებთ სიმტკიცეს. პირადად მე, ყურადღებით და ღელვით დავაკვირდები 5 ივლისის მოვლენებს. როგორც ამბობენ, ღამის სიბნელე განთიადის წინ მატულობს და სულ ცოტა დარჩა გათენებამდე.

ვწუხვარ, რომ ნამახვანის გმირებისათვის სხვისი ხმის ამოღება პოლიტიკური პროვოკაციაა – რუსუდან გოცირიძე

/

საზოგადოებრივი მოძრაობა ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” განცხადებასთან დაკავშირებით, ”ქვიართან” კომენტარი გააკეთა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპომა, რუსუდან გოცირიძემ.

”სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომელთაც ერთიანი, გულწრფელი პროტესტის იდეის გარშემო გააერთიანა ხალხი, ვერ ხვდებიან სხვა ადამიანების პროტესტის არსს. ნამახვანის ირგვლივ გაერთიანდა ხალხი, რომელთაც არასოდეს პირადად არ შეეხება ამ ჰესის აშენების შემთხვევაში განვითარებული მოვლენები. სოლიდარობის მთელი ძალა იმაში მდგომარეობს, როცა გესმის სხვისი პრობლემა, სხვისი გასაჭირი და იცი, რომ თუკი მხოლოდ ის ადამიანები ამოიღებენ ხმას, რომელნიც უშუალოდ დგანან უმრავლესობის გულცივობის პირისპირ, ვერასოდეს მოერევიან პრობლემას. ამ შემთხვევაში ჩვენ მოწმენი გავხდით ჩვეულებრივი, უმრავლესობის დაცვის მცდელობის მოწმეები. ვწუხვარ, რომ ნამახვანის გმირებისათვის სხვისი ხმის ამოღება პოლიტიკური პროვოკაციაა. ძალიან დასანანია, ძალიან….დასანანია, რომ აქტივისტები, რომლებმაც იციან რას ნიშნავს, როცა ხმის ამოღების გამო პროვოკატორს და პოლიტიკურად მოსყიდულს გეძახიან, დღეს სხვას ეძახის იგივეს…”- ამბობს რუსუდან გოცირიძე.

საზოგადოებრივი მოძრაობა ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” საინიციატივო ჯგუფმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეულის იდეა ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

ფოტო: ქალები საქართველოდან – ნინა ბაიდაური

ყველაზე რთულ დროს ქვიარები გვაჩვენებენ სოლიდარობისა და თანადგომის საოცარ მაგალითებს – ბაია პატარაია

/

იურისტი და უფლებადამცველი ბაია პატარა ფეისბუქზე წერს:

”მეგობრებო, ხსნა თუ სიყვარულში და ერთიანობაშია, ნუ ჩავწიხლავთ ნურავის, ნუ გავრიყავთ ნურავის, ნუ დავამცირებთ ნურავის – მითუმეტეს ქვიარ თემს, მაგათზე ერთგული და თავდადებული აქტივისთა ჯგუფი მართლა არ მინახავს.

ამდენი წელია, ყველა სამოქალაქო აქტივისტს ან პირადად ვეცნობი, ან შორიდან ვაკვირდები, რადგან მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების მჯერა ამ ქვეყანაში. და ყველაზე რთულ დროს და ყველაზე მწვავე თემებზე ქვიარები გვაჩვენებენ სოლიდარობის და თანადგომის საოცარ მაგალითებს საკუთარი თავგანწირვის ფასად.

როდესმე ხომ უნდა დავინახოთ ეს? როდესმე ხომ უნდა დავაფასოთ ეს?

მე უკეთესი მომავლის მჯერა, სადაც ერთმანეთს დავინდობთ და გავუფრთხილდებით.”

საზოგადოებრივი მოძრაობა ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” საინიციატივო ჯგუფმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეულის იდეა ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

ფოტო: ვახო ქარელი

თიკო რაფავა – მეც აქ ვარ!

“პრაიდის შესახებ ბევრი მსმენია, ვიცი, როგორ აღნიშნავენ ამ კვირეულს საზღვარგარეთ. ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი და ძალიან მომწონდა.

ზოგადად, პრაიდის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია. ლგბტქ(ი) ადამიანები ძალიან ბევრ დაბრკოლებასთან თანავარსებობთ. მეტ-ნაკლებად პრობლემების “მრავალფეროვნება” ყველას ეხება, მაგრამ, მათ შორის, გარდაუვალი და ერთმნიშვნელოვნად ნაცნობი, უარყოფაა. უარყოფა უცხო და მით უფრო, ახლობელი ადამიანებისგან. წარმოიდგინეთ, შეიძლება საზოგადოებაში მისაღები პერსონა იყო, მეტიც – ძალიან უყვარდე, მაგრამ როგორც კი საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე იწყებ ლაპარაკს, მაშინვე აგრესიის სამიზნე ხდები და ნაგროვები სიყვარული, პატივისცემა, ზრუნვა უკვალოდ ქრება. მერე შენ გიწევს ისაუბრო კონსტიტუციური თანასწორობის შესახებ, მეტიც, თავი იმართლო ამით და როგორმე დაარწმუნო მეორე მხარე საკუთარ მორალურობაში.

ეს ერთია, ამის მიღმა – უამრავი.

ძალიან რთულია შაბლონურად მუდმივად იმის გამეორება, რომ ადამიანებს არ უნდა ყოფდნენ კონკრეტულ ჯგუფებად. ცხადია, ყველა უამრავი ნიშნით ვართ განსხვავებულები, მაგრამ ეს ხელს არ უნდა გვიშლიდეს ადამიანურ კომუნიკაციაში.

წლევანდელ პრაიდს აუცილებლად შევუერთდები.

არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი პრაიდი იმ ფერადი ზეიმის ანალოგი იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, ნელ-ნელა გაიაზრებენ, რომ მათ გარდა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლა და რომლებიც ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც თავად, როგორებიც ყველა. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის წინაპირობა.”

თამარ ჯაყელი – მეც აქ ვარ!

‘სულ რამდენიმე დღის წინ, პრაიდის კვირეულში დაგეგმილი სოლიდარობის მარშზე დასწრებას არ ვაპირებდი, რადგან მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე, განსაკუთრებით, 2013 წლის 17 მაისის გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენს საზოგადოებასთან სალაპარაკოდ უკეთესი გზების მოფიქრებაა საჭირო, ვიდრე ეს საჯარო აქციებია. თუმცა, ბოლო დღეებში მეფიქრება იმაზე, რომ რადგან თემის წევრების ნაწილი თვლის, რომ საჯარო გამოსვლაა საჭირო, მეც მათ გვერდით უნდა დავდგე, სოლიდარობისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა პრაიდის მონაწილეებს ულტრამემარჯვენე ჯგუფები ძალადობით ემუქრებიან და უკვე ესვრიან კიდეც კვერცხებს და ქვებს.

ზოგადად, გლობალურად პრაიდ მარშების მიმართ მაქვს ჩემი კრიტიკა, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა, თბილისში პრაიდის მარშის მშვიდობიანი ჩატარება იყოს თავისთავად დიდი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქვიარებისთვის, რომლებიც გულისფანცქალით ელოდებიან 5 ივლისს, რომ ნახონ, მიიღებს თუ არა მათ თავიანთი ქვეყანა. 2013 წელს 17 წლის ვიყავი და დაუსწრებლად მივიღე ტრავმა. როგორმე, აქტივისტების შემდეგი თაობა უნდა გამოვიდეს ამ მარშიდან ტრავმის გარეშე – ესაა ჩემი მთავარი სურვილი.

პრაიდი, ანუ სიამაყე, ჩემთვის პასუხია იმაზე, რომ ბევრ ქვიარ ადამიანს პატარობიდანვე გვიწევს ჩვენი განსხვავებულობის მალვა და ამ პროცესში ნელ-ნელა საკუთარი თავი გვზიზღდება. წლობით მეგონა, რომ მუდამ მალვაში მომიწევდა ცხოვრება, რომ არავინ მიმიღებდა, რომ არავინ შემიყვარებდა ისეთს, როგორიც ვარ. ახლა კი, რაც საკუთარი თავი მივიღე და მეტიც, რაც ბევრმა გარშემომყოფმა ადამიანმა მიმიღო, უფრო კომფორტულად ვცხოვრობ საკუთარ სხეულში, უფრო კომფორტულად ვარ ჩემი თავი – როგორც ინდივიდი, ისე კოლექტივის წევრი.

ჩვენ, ქვიარ ადამიანებს, მუდამ გვაიძულებენ, დავთმოთ საკუთარი იდენტობა ”საერთო პრობლემებზე” მუშაობის სახელით. არადა, არაფრით არ მოვიდა ამ ქვეყანაში ჩვენი დრო. ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ყველა ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თანასწორობა და თავისუფლება, სოლიდარული უნდა იყოს თბილისი პრაიდის მიმართ, თუნდაც კრიტიკულად იყოს პრაიდის მარშის, როგორც სტრატეგიისადმი, განწყობილი. სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და თან მშვიდობიანად! ეს უმნიშვნელოვანესია.

დანარჩენი პრობლემები კი, რომელთა წინაშეც ვდგავართ ქვიარ ადამიანები და თან ორმაგად – სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, მძიმე სამუშაო პირობები, განადგურებული გარემო, კაპიტალის პარპაში და ინვესტორის სიხარბე – წელიწადის დარჩენილი 364 დღე შეგვიძლია ჩვენი საქმიანობის ფოკუსად ვაქციოთ.”