ივლისი 2021

საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა – ISSP-ის კვლევა

”საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის”, ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყნაა. ”საქართველოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ჰომოფობიის მასშტაბი ქვეყანაში.” – ნათქვამია oc-media.org-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ორგანიზაციამ კვლევა 33 ქვეყანაში ჩაატარა. საქართველოში გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ ”ორ ზრდასრულ, ერთსა და იმავე სქესის ადამიანს შორის სექსუალური ურთიერთობა ყოველთვის არასწორია.

გამოკითხვის შედეგებით საქართველოს თურქეთი მოსდევს, სადაც საზოგადოების 80% ამბობს, რომ ერთნაირსქესიანთა სექსუალური ურთიერთობები მიუღებელია. რუსების 69% ამბობს იმავეს. უნგრეთში, რომელსაც ევროკავშირი ამჟამად ჰომოფობიური კანონმდებლობის მიღებისთვის უჩივის, გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი, 45% ამბობს, რომ მსგავსი ურთიერთობები ყოველთვის არასწორია. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია სომხეთსა და აზერბაიჯანს.

მონაცემები ასევე განსხვავდება ასაკისა და სქესის მიხედვით – ახალგაზრდები ნაკლებად ჰომოფობები არიან, ვიდრე ხანდაზმულები და ამასთან, ქალებს უფრო აქვთ ჰომოფობიური განწყობები, ვიდრე მამაკაცებს, 35-54 წლამდე ასაკის მამაკაცებისა და ქალების გარდა, რომლებიც თანაბრად ჰომოფობები არიან.

ფოტო: ვახო ქარელი

უკრაინელი ლგბტქ+ აქტივისტების რეივით გამოხატული პროტესტი

/

ხვალ, 30 ივლისს, კიევში, უკრაინელი ლგბტქ+ აქტივისტები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წინ შეიკრიბებიან, სადაც გაიმართება რეივი პროტესტის ფონზე. ”ახლადდაფუძნებული UkrainePride თავის Rave Pride– ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ჩაატარებს” – იუწყება უკრაინული საინფორმაციო გამოცემა Kyiv Post. ღონისძიებას ელექტრონული მუსიკის არტისტები გააფორმებენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს თანასწორობის უფლებისთვის მებრძოლები სიხარულით შეხვდნენ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას, ის კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა იმის გამო, რომ მკაფიოდ ვერ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით. მან ასევე უარი თქვა, მისი პარტიის მიერ შემუშავებული LGBTQ+ კანონმდებლობის დაგმობაზე, რომელიც მეზობელი რუსეთის ანტი-გეი “პროპაგანდის” კანონს ეხმიანება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მსგავსი ფორმით პროტესტს გამოხატავენ – როცა ლგბტქ+ აქტივისტები ”დენსფლორიდან” პოლიტიკური ლიდერების საცხოვრებელ თუ სამუშაო ადგილას ინაცვლებენ. 2017 წლის იანვარში, აქტივისტებმა რეივი მოაწყვეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლთან, რომელმაც ხელი მოაწერა ანტი- LGBTQ+ ”რელიგიური თავისუფლების” საწინააღმდეგო კანონპროექტს, როგორც ინდიანას გუბერნატორმა.

ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ სიძულვილის მოტივით ლგბტქ+ თემზე თავდასხმების გამოძიებას, მათ შორის, 2019 წელს პოლიციის მიერ გეი ღამის კლუბის დარბევას ცენტრალური უკრაინის ქალაქ დნიპროში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ აიძულა კლუბის მფლობელები საათობით წოლილიყვნენ გაყინულ იატაკზე ჰომოფობიური შეძახილების ფონზე.

”უკრაინის ლგბტქ+ თემს კვლავ თავს ესხმიან ულტრამემარჯვენე რადიკალები, მათი თავდასხმები დაუსჯელი რჩება, რაც ქვეყანას საშიშს ხდის საკუთარი მოქალაქეებისთვის და ნაკლებად მიმზიდველს უცხოელი სტუმრებისთვის”, – ნათქვამია UkrainePride-ს მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”მთავრობის უმოქმედობა გვაერთიანებს, გამოვიყენოთ დემოკრატიის ჩვენთვის დარჩენილი ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტი – პროტესტი.”

ფოტო: Barcroft Media/Getty Images

კომუნიკაციების კომისიამ ”ალტ-ინფო” უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო

/

ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური პლატფორმა „ალტ-ინფო“, კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო. კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

”კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო. საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“. აღნიშნულ გადაცემებში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ ხშირად იყო გამოყენებული უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება.

კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება შეისწავლა და მიიჩნია, რომ „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული გადაცემები შეიცავდა განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული. „ალტ ინფოს“ გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს, რითაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა. გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ აუდიტორიის უფლებები,ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა.

ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს.

უხამსობის საკითხის განხილვისას, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების მიმართ აყალიბებს ერთგვაროვან მიდგომას, პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში, კომისიის მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება. კომუნიკაციების კომისია ცდილობს სტანდარტის დამკვიდრებამდე არ დააკისროს მაუწყებლებს ჯარიმა, მაგრამ დააფიქსიროს დარღვევა თუ ასეთი არსებობს. დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება. არსებული პრაქტიკისა და ერთგვაროვანი მიდგომის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფო“ კანონდარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.”

ტომ დეილი – ძალიან ვამაყობ, რომ ვარ გეი ოლიმპიური ჩემპიონი

ბრიტანელი წყალში მხტომელი, ღიად გეი ტომი დეილი ”ტოკიო 2020”-ის ოლიმპიური ოქროს მედალოსანი გახდა.

”მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ვარ გეი და ამავდროულად – ოლიმპიური ჩემპიონი. ახალგაზრდობაში ვფიქრობდი, რომ ვერაფერს მივაღწევდი იმის გამო, ვინც ვიყავი. ოლიმპიური ჩემპიონობა ნამდვილად ამტკიცებს იმას, რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.”

მისი პირველი ოლიმპიური თამაშებიდან 13 წლის შემდეგ, აუზიდან ახლადამოსულმა, გაოგნებულმა და სველმა სპორსტმენმა მაინც შეძლო ოვაციის დამსახურება. დეილიმ და მისმა პარტნიორმა მეტი ლიმ საოცარი პერფომანსი დადგეს წყალში ხტომის სინქრონულ ათმეტრიან პლატფორმაზე, რის შედეგადაც ერთი ქულით სხავობით აჯობეს ჩინელ წყვილს – ჩაო იუანისა და შენ აისენს.

ლონდონსა და რიოში ბრინჯაოს მედლების აღების შემდეგ, დეილისთვის ოქროს მედალი მორიგი წარმატება იყო. ეს პერიოდი ზუსტად დაემთხვა მის ქორწინებას ფილმის პროდიუსერ დასტინ ლენს ბლექთან და მათი შვილის, რობის დაბადებას.

გამარჯვების შემდეგ, დეილიმ იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელიც მან საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოხვედრის შემდეგ განიცადა. ”რაც შეეხება ქვიარ სპორტსმენებს, ახლანდელ ოლიმპიურ თამაშებში გაცილებით მეტი ღიად გეი სპორტსმენია, ვიდრე აქამდე. მე 2013 წელს დავქამინგაუთდი, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ განსხვავებული ვიყავი – თითქოს ვერასდროს ვიქნებოდი საკმარისად კარგი, ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდოდა, რომ ვყოფილიყავი. იმედი მაქვს, ნებისმიერი ლგბტ ადამიანი დაინახავს, რომ რამდენად მარტოსულადაც არ უნდა გრძნობდე თავს ახლა, მარტო არ ხარ. შენ შეგიძლია, ყველაფერს მიაღწიო.”

ჩინელი და რუსი სპორტსმენების წინაშე მისი გამოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე ქვეყნის მედია აშუქებდა მის სიტყვებს. ამ ქვეყნებში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის ლეგალური. ჩინელმა ჟურნალისტმა დეილის კითხვა შვილის შესახებ დაუსვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო – ”ეს იყო ყველაზე საოცარი მოგზაურობა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ერთი სული მაქვს, დავბრუნდე ჩემს ქმარსა და შვილთან, ჩავეხუტო მათ და ერთად აღვნიშნოთ ეს გასაოცარი ამბავი.”

დეილის კითხვები მამამისის შესახებაც დაუსვეს, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც დეილი 17 წლის იყო. მამა დეილის მთავარი მხარდამჭერი იყო. ”2011 წელს, როდესაც მამა გარდაიცვალა, ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. ის ვერ მოესწრო ჩემს ოლიმპიურ ოქროს, ქორწინებას, შვილს, მან ვერ მასწავლა მანქანის მართვა, არასდროს დაგვილევია ერთად ლუდი ბარში – ეს ყველაფერი არასდროს მომხდარა. საბოლოოდ, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, განსაკუთრებით, რიო 2016-ის შემდეგ, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ჩემი ინდივიდუალური გამოსვლით. ამის შემდეგ, ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ისტორია აქ არ მთავრდება და რომ ჩემი შვილი ნახავს იმას, თუ როგორ გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი.”

ფოტო: Clive Rose/Getty Images

ქვიარ ფლამენკო

/

ავტორი: ნინო ბექაია

”ჩაბნელებული სცენა, მაყურებლისკენ სახით გრძელ, წითელ ტრადიციულ კაბაში გამოწყობილი მოცეკვავე დგას. ისმის გიტარის ხმა, Eres una rosa – ”შენ ხარ ვარდი”- გაისმის სიმღერა და მოცეკვავე ოდნავ ირხევა, თითქოს ენერგიას იკრებს. სიმღერა გრძელდება, ცეკვა დაიწყო. მაყურებელი კი ხედავს ერთდროულად ძალიან ნაცნობ და ამავე დროს მოულოდნელ სცენას – ფლამენკოს მოცეკვავე წითელ კაბაში, მკაცრი მზერითა და ჰაეროვანი მოძრაობით, ქალი არ არის. ეს მოცეკვავე მანუელ ლინიანია, შოუ ”Viva!”-ს შემქმნელი და ვარსკვლავი.” – წერს ნიუ-იორკ თაიმსი.

აღნიშნულ შოუს არა მხოლოდ ესპანეთმა, სხვა ქვეყნების სცენებმაც უმასპინძლა. ცნობილი ესპანური ჟურნალის, ”El Pais”- ის კრიტიკოსი, როჯერ სალასი, შოუს აღწერს, როგორც ”ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც დღეს ხდება ფლამენკოს ისტორიაში.”

ფლამენკო უნიკალურია თავისი არსითა და გამოხატვის ფორმით. მას აქვს დიდი ისტორია მრავალსაუკუნოვანი მუსიკითა და ცეკვით, სადაც კაცებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული მოძრაობები, ტანისა და ტორსის დაჭერის წესი კონკრეტულ პოზიციაში, ხელების ნაკლები მოძრაობის შესაძლებლობა. ქალებს კი პირიქით, შეუძლიათ, მეტად გამოიყენონ ხელის მტევანი და თეძო, სხვაგვარად დაიჭირონ ტორსი.

მანუელ ლინიანი აღნიშნავს, რომ მისთვის ბავშვობიდან არაბუნებრივი იყო კაცისთვის განსაზღვრული მკაცრი წესების დაცვა ცეკვაში. პატარაობიდან ასწავლიდნენ, რომ ეცეკვა ”como un hombre” – როგორც კაცს. ფლამენკო კი მხოლოდ მოძრაობა არ არის, ეს არის მდგომარეობა, ემოცია და საკუთარი თავის ექსპრესია. მოგვიანებით, მანუელს შემოაქვს ცეკვის დროს ქალის მოძრაობებიც, რაც მის ცეკვას მეტად ემოციურსა და თავისუფალს ხდის. შოუში კი, მის გარდა რამდენიმე კაცია გამოწყობილი ტრადიციულ ფლამენკოს კაბებში, თმაზე უკეთიათ პიენეტა – ქალის თმის აქსესუარი და ყვავილები.

როსიო მოლინა – ლესბოსელი მოცეკვავეა, რომელიც ასევე გასცდა არსებულ წესებს. მოლინამ სტუდენტობის ასაკიდან შემოიტანა საკუთარ ცეკვაში ცვლილებები. კერძოდ, თეძოს განსაზღვრული მოძრაობა, რაც მისთვის ხელოვნური აღმოჩნდა, ჩაანაცვლა კაცის თეძოს მოძრაობით და ტორსის შეცვლილი მანერით, რაც, ასევე, კაცებისთვის იყო დამახასიათებელი. ”მე შემიძლია, ვიცეკვო იგივე ან უფრო მეტი ძალით, ვიდრე ნებისმიერ კაცს” – ამბობს მოლინა. მისი ყოველი ცეკვა იმდენად ემოციურია, იმდენად ძლიერი და ექსტრემალური, როდესაც უყურებ, გგონია, მისგან წამოსული ენერგია წაგლეკავს და გრძნობ მის ყველა ემოციას. უყურებ ამ მოცეკვავე ქალს და იგი თითქოს ტრანსშია, ჩადის საკუთარ ქვეცნობიერში და გიყვება ამბავს.

თავის სოლო შოუში – ”Caída del cielo”, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა, მოლინა ცეკვის დროს იყენებს ერთგვარ ჭურჭელს, რომელიც წითელი სითხით არის სავსე, რომელსაც შემდეგ ღვრის სცენაზე. აღნიშნული პერფორმანსი გამოხატავს მისი სამყაროსა და სხეულის გამოცდილებას. ”მენსტრუაციიდან დაწყებული, ორსულობის ჩათვლითა და პოსტმშობიარობის პერიოდში, ქალები ერთგვარ ბინძურ მონსტრებად განიხილებიან დღესაც კი. მე მსურდა ამ მდგომარეობებისმშვენიერება მეჩვენებინა” – ამბობს მოლინა.

თანამედროვე ფლამენკოს არტისტი და თეორიტიკოსი – ფერნანდო ლოპეს როდრიგესი მიიჩნევს, რომ ფლამენკოს ყოველთვის ჰქონდა ქვიარ ელემენტები. მე- 20 საუკუნის დასაწყისში ქროს-დრესერი (საპირისპირო სქესის ტანსაცმლში ჩაცმული) მოცეკვავეები ხშირად მართავდნენ შოუს სხვადასხვა სცენაზე. ფრანკოს მმართველობის პერიოდში ქვიარ ფლამენკო ანდგერგრაუნდ სცენებზე გადავიდა 1960 წლამდე. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული კი, ჯერ ქვიარ წვეულებებზე ჩნდებოდნენ ქროს-დრესერი მოცეკვავეები, შემდეგ კი ფართო აუდიტორიის წინაშეც. კაცების გამოჩენა ტრადიციულ ქალის კაბაში თავიდან საშიშიც კი იყო, რადგან კანონი დევნიდა ჰომოსექსუალებს ”არაზნეობრივი საქციელის გამო.” ქალებისთვის ნაკლებად სახიფათო გამოდგა ქვიარ ფლამენკო, რადგან შარვალში ჩაცმული ქალი ნაკლებად საშიში იყო ჰეტერონორმატიული გარემოში იმ პერიოდის ესპანეთისთვის. მეტიც, შარვალში კარგად ჩანდა მოცეკვავის ფეხები, რაც საამური საცქერი იყო კაცებისთვის და ქალებს აქცევდა სექსუალურობის ობიექტად.

გავიდა დრო და ესპანეთი შეიცვალა. 16 წელია, რაც გეი ქორწინება ლეგალიზებულია მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობისა. დღესაც ქვიარ ფლამენკოს მოცეკვავეები დროდადრო ხვდებიან ჰომოფობიური შინაარსის კომენტარებს და როგორც მანუელ ლინიანი ამბობს ”ეს არის მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ.” მიუხედავად ყველაფრისა, ფლამენკოს სამყარო მზად არის ქვიარ მოცეკვავეებისთვის. მათი შოუ სრული ანშლაგით მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ხელოვნება იცვლება სოციუმთან ერთად და თუ არ იცვლება, ხდება არარელევანტური. ხელოვნებას კი ცვლიან ისეთი არტისტები, როგორებიც მანუელ ლინიანი და როსიო მოლინა არიან.

გამოყენებული მასალა:

A Dancer’s Disruption of Conservative Flamenco Culture”, Fergus Mclfosh, The New-Yorker Documentary, 2021

”Flamenco Dancers who ‘Move Between Genders”, Camila falquez, New-York Times, 2020

პირველი ლესბოსელი წყვილი მექსიკაში, ხალისტოს შტატში, რომელმაც ბავშვი იშვილა

პალმირა მარტინეს გალარდო ვალდესმა და გაბრიელა ფლორეს კასტრომ 5 წლის რიკარდოს შვილად აყვანა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყეს,  6-თვიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლემ შვილად აყვანა 13 ივლისს დაამტკიცა, როდესაც რიკარდომ მიიღო დაბადების მოწმობა, რომელზეც ორივე დედის სახელი იყო ჩაწერილი.

რიკარდო 2015 წლის ნოემბერში დაბადებისთანავე მიატოვეს ბიოლოგიურმა მშობლებმა და მას შემდეგ სახელწიფო ზრუნვის პროგრამაში იყო. შემდეგ ის გადაიყვანეს პროგრამაში, სადაც მისი მომავალი დედები მოხალისეებად მუშაობდნენ. ‘’ჩვენ ვიგრძენით კავშირი’’ – ამბობს ერთ-ერთი დედა კასტრო

ამ ფაქტამდე მექსიკაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა:

Human Rights Watch-ის მიხედვით, შვილად აყვანის უფლება მექსიკაში ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის მას შემდეგ დამტკიცდა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დაამტკიცა, რომ მთავრობას არ შეეძლო ჩამოერთვა ლგბტქ+ თემისთვის მათ იდენტობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური უფლებები.

2009 წელს მექსიკაში გამოიცა ვერდიქტი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლებას აძლევდა, თუმცა მექსიკის გენერალური პროკურორის ოფისი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ვერ იცავდა ბავშვის საუკეთესო ინტერესს და ვერ აკმაყოფილებდა ოჯახის კონცეფციას, როცა ეს ვერდიქტი ერთსქესიან წყვილებს აყვანის უფლებას აძლევდა.

უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა გენერალური პროკურორის ოფისს და მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2008 წლის გადაწყვეტილება მოიყვანა, რომლის თანახმად, ერთი და იმავე სქესის წყვილებს ისევე აქვთ შვილად აყვანის უფლება, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებს და მარტოხელა ადამიანებს. ECHR– ის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებში ასევე შედის მოსიყვარულე ოჯახი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.

2015 წელს კი, მექსიკის უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, როცა იუკატანის ნახევარკუნძულის კამპეჩეს შტატში გააუქმა კანონი, რომელის მიხედვით, ერთი და იმავე სქესის წყვილებს ეკრძალებოდათ შვილად აყვანა.

ერთნაირსქესიანი წყვილების დაქორწინება ნებადართულია მექსიკის 32 შტატიდან 20-ში.

‘’მიუხედავად მექსიკაში თანასწორობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, ქვიარ ადამინები იურიდიულ და სოციალურ წინააღმდეგობებს მაინც აწყდებიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ლგბტ+ ოჯახების არსებობის დადასტურება. ამის კარგი მაგალითია პალმირასა და გაბრიელას ამბავი და ეს ამბავი ორმაგად მნიშვნელოვანია მექსიკის ისეთი კონსერვატიული შტატისთვის, როგორიც არის ხალისტო” – განაცხადა მექსიკელმა ლგბტქ+ აქტივისტმა, ენრიკე ტორე მოლინამ.

წყარო: them.us

დემოკრატიის პირობებში მშვიდობიანი პროტესტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უფლებაა – ჯონ ჰერბსტი

/

უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა ”ნეტგაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ”თბილისი პრაიდზე” თავდასხმა დანაშაული იყო, ხოლო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა.

ჰერბსტი ასევე აღნიშნავს, რომ – ”დემოკრატიის პირობებში მშვიდობიანი პროტესტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უფლებაა. დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ, პრემიერმინისტრმა ეს უნდა გაიაზროს და შესაბამისად იმოქმედოს. თავდამსხმელებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, პრემიერმა კი ამაზე უნდა იზრუნოს.”

როგორც ჯონ ჰერბსტი ამბობს, საქართველოს ყველაზე დიდი სიძლიერე ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის გზაზე დემოკრატიული და ღია საზოგადოება იყო. მოვლენების ისეთი განვითარება კი, რომელიც ამის წინააღმდეგ მიდის, საქართველოს კანდიდატურას არ ეხმარება.

ჩილე ასე ახლოს არასდროს ყოფილა გეი ქორწინების აღიარებასთან

ჩილეს სენატმა ოთხშაბათს კანონპროექტი მიიღო, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის დაკანონებას გულისხმობს. ქვეყანა ასე ახლოს არასდროს ყოფილა გეი ქორწინების აღიარებასთან.

Buenos Aires Times-ის ცნობით, კანონპროექტის მიხედვით, ჰომოსექსუალ წყვილებსაც ექნებათ შვილის აყვანის შესაძლებლობა, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებს.

კანონპროექტი დასამტკიცებლად გადაეგზავნება ჩილეს ეროვნული კონგრესის ქვედა პალატას, საბოლოოდ კი, პრეზიდენტის ვალიდაციით შევა ძალაში.

Movilh – ორგანიზაცია, რომელიც წლებია ლგბტქ+ უფლებებზე მუშაობს და ადვოკატირებას უწევს თემის წევრებს ქორწინების უფლებისთვის, ამ კანონპროექტს “სამართლიანობისა და თანასწორობის ტრიუმფს” უწოდებს. “გეი წყვილების დისკრიმინაციის დასასრული უკვე ძალიან ახლოსაა” – ვკითხულობთ მათ შეფასებას Twitter-ზე.

“გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იმუშავა, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ამ კანონპროექტში და დააჩქარა ეს მოვლენები”- აღნიშნა Movilh- ის სპიკერმა დენიელა ანდრადემ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. “დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ახალი მომავლისკენ მსვლელობა, რომელშიც შენ, მე და ყველას შეგვიძლია შევქმნათ ოჯახი, რომელსაც სახელმწიფო იცავს ადამიანის უფლებებით, იმ უფლებებით, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ – როგორც ადამიანები, როგორც ღირსეული ქვეყნის მოქალაქეები”.

ანდრადე აქვე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვა ძალიან გაჭიანურდა სენატის მიერ – “სენატში ოთხი წლის განმავლობაში იყო თაროზე შემოდებული ეს კანონპროექტი, რომელსაც წლების განმავლობაში ჩილეს მოსახლეობის უმეტესობა უჭერდა მხარს. ვიმედოვნებთ, რომ დეპუტატთა პალატა სხვა გზას აირჩევს და უმოკლეს დროში დააკანონებს ქორწინების თანასწორობას.”

ჩილეში 2015 წელს ერთი და იმავე სქესის სამოქალაქო კავშირების ლეგალიზაცია მოხდა, მაგრამ ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონპროექტი 2017 წლიდან მუშავდება, როდესაც ის პირველად გაიგზავნა საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ ბაჩელეტის მიერ.

კანონპროექტის შემოღება “მოვილჰსა” და ჩილეს მთავრობას შორის 2016 წლის ივნისის შეთანხმებას მოჰყვა, რადგან ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების თანასწორობას. 2012 წელს Movilh- მა შეიტანა სარჩელი ადამიანის უფლებათა ამერიკულ კომისიაში Inter-American Commission on Human Rights (IACHR), რამდენიმე ქვიარ წყვილის სახელით, რომელთაც დაქორწინება სურდათ.

შემდეგ კანონპროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერდა ბაჩელეტის მემკვიდრის, სებასტიან პინერას კონსერვატორული შეხედულებებისა და ადმინისტრაციის წყალობით, რომლის კოალიციამ მას მხარი არ დაუჭირა.

როგორც LGBTQ + გაზეთი, Washington Blade იტყობინება, შარშან Movilh-მა გააკრიტიკა პინერა კანონპროექტის უგულებელყოფის გამო, IACHR- ის 2018 წლის განჩინებით, ჩილე, როგორც ყველა სხვა ქვეყანა, რომლებმაც მიიღეს ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ვალდებულია, უზრუნველყოს თანასწორი უფლებები წყვილებისთვის განურჩევლად მათი ორიენტაციისა.

ამ თვის დასაწყისში ლგბტქ+ თემის ადვოკატები თუ კონსერვატორები გაოცებული დარჩნენ პინერას გადაწყვეტილებით -კანონპროექტი სასწრაფო წესით უნდა განხილულიყო: “ვფიქრობ, თანაბარი ქორწინების დრო დადგა”, – თქვა მან. “ჩვენ უნდა გავაღრმავოთ თავისუფლების მნიშვნელობა, მათ შორის, სიყვარულისა და საყვარელ ადამიანთან ოჯახის შექმნის თავისუფლება.”

ქორწინების თანასწორობა ამჟამად დაკანონებულია ლათინური ამერიკის შემდეგ ქვეყნებში: არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი და ურუგვაი.

წყარო: them.us

მადრიდში პრაიდის კვირეული მიმდინარეობს

დღეს მადრიდში პრაიდის კვირეული გაიხსნა

მადრიდში პრაიდის კვირეული, ”მადო” გაიხსნა. ღონისძიების მთვარი მიზანი, საზოგადოებაში ლგბტქ თემის მიმართ მიმღებლობის გაზრდაა. აღლუმი ქალაქის მთავარი მოედნიდან დაიწყება. კვირეულის ფარგლებში სპორტული და კულტურული ღონისძიებებიც იგეგმება.

კონცერტებისა და სპექტაკლების ორგანიზატორები მადრიდის ლგბტქი უფლებებზე მომუშავე ასოციაციები და კომპანიები არიან. გართობასთან ერთად, მოეწყობა საღამოები, რომელზეც ლგბტქი ადამიანის უფლებებზე ისაუბრებენ.

სტუმრებს ქუსლებით სირბილში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. ქალაქის ყველაზე დიდი ლგბტქი რაიონი ჩუეკა კი თავის გეი ბარებსა და კლუბებში უმასპინძლებს მათ.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მადრიდში დაახლოებით 500,000 ლგბტქი თემის წევრი ცხოვრობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქალაქში ქვიარ თემის წარმომადგენლები თავისუფლად და ლაღად გრძნობენ თავს.

მადრიდში პრაიდის ფესტივალი პირველად 1977 წელს ჩატარდა.

ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი პლაკატები თბილისის ქუჩებში ისევ გაკრულია

/

ჰომოფობიური და ძალადობის შემცველი პლაკატები თბილისის ქუჩებში ისევ გაკრულია. პლაკატების გაკვრიდან პირველ დღეს მერიამ მხოლოდ  2 კანონდამრღვევი გამოავლინა და დააჯარიმა.

„არა ნაცებს, არ ძალადობას“- მსგავსი პლაკატები ჯერ კიდევ მრავლად შეგხვდებათ თბილისის ქუჩებში. მერიამ დაიწყო პლაკატების ჩამოხსნა, თუმცა, როგორც ჩანს, სრულად ვერ „შეძლო“, არადა რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა ერთ ღამეში ააჭრელა მთელი ქალაქი სიძულვილის შემცველი და ჰომოფობიური მოწოდებით. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაჯარიმებულია მხოლოდ ორი ადამიანი, რომელთა ამოცნობა და იდენტიფიცირება ზედამხედველობის სამსახურმა შეძლო. ჯარიმა კი მაქსიმალური, 1000 ლარის ოდენობით დაეკისრათ.

ოპოზიციის შეფასებით, ამ იდეის უკან ქართული ოცნება დგას, რადგან დახარჯულია როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსები, რომელიც უბრალო მოქალაქეებს ნაკლებად აქვთ. ისინი ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში სიძულვილის დათესვა ქართული ოცნების ნაცადი ხერხია.

ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობა: ‘’ზუსტად ერთ ღამეშია გაკრული უამრავი ბანერი თბილისის ყველა გაჩერებაზე, რომლის გამართვითაც ამაყობს თბილისის მერი, კალაძე და რა თქმა უნდა, მან ზუსტად იცოდა, რომ ეს ბანერები უნდა გაკრულიყო იმ ღამეს. გადაწყვიტეს, ამ ზიზღით კვებონ ახლა ადამიანები, მაგრამ ეს აღარ გაუვათ.’’

სერგო ჩიხლაძე, სტრატეგია აღმაშენებელი: ‘’ეს არის ტაქტიკა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ: ძალადობის ენა, სიძულვილის დათესვა, ძალადობრივი ტაქტიკა, რომელიც მას ჰქონდა 2018 და 2020 წლების არჩევნების დროს. ვინმეს წარმოუდგენია, რომ 10 000 პოსტერი გაიკრა ქალაქის მასშტაბით და ვერავინ შენიშნა? ვერც პოლიციამ და ვერც ზედამხედველობის სამსახურმა? ეს არის პირდაპირი დაკვეთა ქართული ოცნების.’’

ლაშა დამენია, ევროპული საქართველო: ‘’ქართული ოცნება არ ღალატობს თავის ჩვევას და ზიზღის ენით განაგრძობს კამპანიის ჩატარებას ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებშიც. მან ნათლად გაავლო ის ზღვარი, სადაც არსებობს სიბნელე, პროპუტინული ძალები.’’

ბადრი ჯაფარიძე, ლელო საქართველოსთვის: ‘’როდესაც ვხედავთ ასეთი ტიპის პოსტერებს, რომელიც სიძულვილს ქადაგებს, პირდაპირ აჩვენებს ადამიანებს, რომელიც თურმე უნდა გძულდეს მათი შეხედულებების გამო, განსხვავებული შეხედულებების, მაგრამ თავისი შეხედულბების გამო, ადამიანები შეიძულო და მათ წინააღმდეგ სიძულვილი იქადაგო, ეს არის ყოვლად მიუღებელი და დასაგმობი.’’

ჰომოფობიური პლაკატები პარასკევს ღამით გაიკრა, სადაც გამოსახული არიან სამოქალაქო აქტივისტები, კრიტიკული მედიის მედია მენეჯერები და მფლობელები. მერია დღემდე ვერ ახერხებს ქალაქის დასუფთავებას ჰომოფობიისა და სიძულვილისგან